ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

გლობალურ პრობლემათა ურთიერთკავშირი და მდგრადი განვითარების მიზნები

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გზამკვლევის სპეციალური გამოშვება. ვფიქრობ, გეოგრაფიის მასწავლებლებისთვის საინტერესო რესურსია. „ღია მმართველობის პარტნიორობა“ გულისხმობს როგორც სახელმწიფოს, ისე მოქალაქეთა ჩართულობასაც.

გთავაზობთ რესურსებს, რომლებიც გეოგრაფიის გაკვეთილზე გამოგვადგება.

გაკვეთილის მიზანია, განუვითაროს მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო უნარები: კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება. კარგი იქნება, თუ გაკვეთილის დასაწყისში თანასწორუფლებიანობაზე გავამახვილებთ ყურადღებას. დავურიგოთ ჯგუფებს ფერადი ფურცლები და სტიკერები. ვეცადოთ, განაწილება იყოს არათანაბარი: ზოგს მეტი მივცეთ, ზოგს – ნაკლები. ვაცადოთ და დავაკვირდეთ, როგორ მოიქცევიან. მერე ვკითხოთ:

  1. რას გრძნობენ?
  2. მოახდენს თუ არა მათი განწყობა გავლენას მუშაობის პროცესზე?
  3. როგორ გადაჭრიან პრობლემას?

მათი პასუხები დაფაზე ჩამოვწეროთ.

მერე დავავალოთ, განიხილონ მოცემული მაგალითები და უპასუხონ შემდეგ კითხვებს:

  1. რა ურთიერთკავშირია მდგრადი განვითარების მიზნებს შორის?
  2. კონკრეტული მაგალითებიდან გამომდინარე, რომელი ფაქტორები განაპირობებს ცხოვრების დონის განსხვავებას?
  3. რატომ არის დამახასიათებელი გარემოს დაბინძურების პრობლემა როგორც ღარიბი, ისე მდიდარი ქვეყნებისთვის?
  4. როგორ წარმოგიდგენიათ სამოქალაქო საზოგადოების როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში?
  5. დასახეთ პრობლემის გადაჭრის გზები.

მაგალითი N1: გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) განხორციელება აქტიურ მოქმედებას მოითხოვს. ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) არის უნიკალური შესაძლებლობა გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობისთვის. ხელისუფლების ღიაობისა და ეფექტიანობისთვის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები მსოფლიოს 66 სახელმწიფოში თანამშრომლობენ.

2015 წლის დეკემბერში ნიუ იორკში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მმართველი კომიტეტის წევრებმა გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს ღია მმართველობის ერთობლივი დეკლარაცია 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ.

OGP როგორც საერთაშორისო თანამშრომლობა მოიცავს ეროვნული პოლიტიკის პლატფორმას (ეროვნული სამოქმედო გეგმების სახით) და ანგარიშვალდებულების მექანიზმებს (ღია მმართველობის პარტნიორობის დამოუკიდებელი შეფასების მექანიზმის სახით) და წარმოადგენს გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ეფექტიან საშუალებას.

OGP-ის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი ქვეყნების მიერ SDG-სთან დაკავშირებული კონკრეტული ვალდებულებების აღებისა და განხორციელების თვალსაზრისით. სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულებას OGP-ის დამოუკიდებელი შეფასების მექანიზმი უზრუნველყოფს.

ღია მმართველობის პარტნიორობის წევრ ქვეყნებს ეროვნულ სამოქმედო გეგმებში გათვალისწინებული აქვთ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების გამოწვევები და, აღნიშნული გამოწვევებიდან გამომდინარე, ცდილობენ ხელი შეუწყონ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების, მოქალაქეების ჩართულობის, კორუფციასთან ბრძოლის, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. ასევე, ღია მმართველობის გზამკვლევის სპეციალური გამოშვება ხაზს უსვამს OGP-ის სამოქმედო გეგმებში შესატან სარეკომენდაციო ვალდებულებებს.

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ მოუწოდებს მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოებებს, წარმოადგინონ რეკომენდაციები SDG-ის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით. აუცილებელია, მთავრობებმა და სამოქალაქო საზოგადოებებმა ითანამშრომლონ სახელმწიფო ორგანიზაციებში გამჭვირვალობისა და სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

ღია მმართველობის პარტნიორობისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დაკავშირებისა და სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის აქტიური დიალოგის წარმართვისთვის მნიშვნელოვანია OGP-ის გლობალური სამიტი მექსიკაში.

მაგალითი N2: სიღარიბეა იქ, სადაც ადამიანი ვერ იკმაყოფილებს ძირითად – საკვების, წყლის, თავშესაფრის, ჯანმრთელობისა და განათლების – მოთხოვნილებებს. სიღარიბე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. მსოფლიოს მოსახლეობის ის ნახევარი, რომელიც ცდილობს იცხოვროს დღეში ორ დოლარზე ნაკლები თანხით, საკვების, წყლისა და საკვების მოსამზადებლად და გასათბობად აუცილებელი საწვავის მოსაპოვებლად იბრძვის. თავის გადასარჩენად ამ ადამიანების ნაწილი გადაჭარბებულად მოიხმარს ტყეს, საძოვრებს, თევზის რესურსებს და ველურ ცხოველებს, რაც გარემოს დეგრადირებას იწვევს. მათ არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ იფიქრონ გარემოს ხარისხზე გრძელვადიან პერსპექტივაში ან მდგრადობაზე. სიღარიბე გავლენას ახდენს მოსახლეობის ზრდაზე. ღარიბების დიდი ნაწილისთვის გადარჩენის საშუალება ბევრი შვილის ყოლაა. შვილები მათ ეხმარებიან გათბობის საშუალებების (შეშის, ცხოველის ნაკელის) შეგროვებაში, ასევე სასმელი წყლის მოპოვებაში, მარცვლეული კულტურების მოყვანაში, შინაური საქონლის მოვლაში. შვილები ზრუნავენ მათზე, როდესაც ისინი ხანდაზმულ ასაკს (ღარიბ ქვეყნებში – საშუალოდ 40-50 წელს) აღწევენ, რადგან ისინი არ არიან სოციალურად დაცულნი, არ არიან უზრუნველყოფილნი ჯანმრთელობის დაცვითა და პენსიით. როგორც სიღარიბე იწვევს გარემოს დეგრადაციას, ისე გარემოს დეგრადაციაც ზრდის სიღარიბეს. ამის გამო მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ღარიბი ადამიანები ადრეულ ასაკში იხოცებიან ისეთი დაავადებების გამო, რომელთა პრევენცია შესაძლებელია.

მაგალითი N3: სიღარიბე დიდ გავლენას ახდენს გარემოზე, თუმცა არაერთ განვითარებულ და სწრაფად განვითარებად ქვეყანაში, მაგალითად, ისეთში, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი, მდიდრები დიდი რაოდენობით იყენებენ რესურსებს და წარმოქმნიან დიდი რაოდენობის ნარჩენს. ასეთი სიმდიდრე დამყარებულია მასობრივი საშუალებებით რეკლამირებულ მოსაზრებაზე, თითქოს ადამიანის ბედნიერებისთვის საჭირო იყოს უფრო და უფრო მეტი ნივთის ყიდვა. ასეთ სიმდიდრეს გარემოზე მეტად უარყოფითი გავლენა აქვს. გამოთვლილია, რომ ერთი წლის განმავლობაში ერთი ამერიკელი მოქალაქის გამოსაკვებად და ცხოვრების პირობების დასაკმაყოფილებლად საჭიროა 27 ტრაილერი ტვირთის ოდენობის რესურსი, მთლიანად აშშ–ის მოსახლეობისათვის კი – 7,9 მილიარდი წელიწადში. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მოსახლეობა ინდოეთისაზე ნაკლებია, ის მოიხმარს 30-ჯერ მეტ რესურსს, ვიდრე ინდოეთის მოსახლეობა და 100-ჯერ მეტს, ვიდრე ღარიბი ქვეყნებისა. შედეგად აშშ-ს ერთი მოქალაქის გარემოზე ზეგავლენა და მის მიერ დატოვებული ეკოლოგიური კვალი გაცილებით დიდია, ვიდრე განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეებისა. სიმდიდრესა და გარემოს ხარისხს შორის არსებობს სხვაგვარი კავშირიც: სიმდიდრე იძლევა საშუალებას, ადამიანები უფრო მეტად დაინტერესდნენ გარემოს ხარისხით; იძლევა ახალი ტექნოლოგიების განვითარების შესაძლებლობას გარემოში დამაბინძურებლების გაფრქვევის, გარემოს დეგრადაციისა და რესურსების უყაირათო გამოყენების შესამცირებლად. აშშ-სა და ბევრ სხვა მდიდარ ქვეყნაში ჰაერი, წყალი, მდინარეებისა და ტბების უმრავლესობა დღეს უფრო სუფთაა, ვიდრე 1970-იან წლებში იყო. გარდა ამისა, ამ ქვეყნებში საკვების ნაკლებობა, ისევე როგორც საკვების უსაფრთხოება, ნაკლებად პრობლემურია. საგრძნობლადაა შემცირებული სიცოცხლისთვის სახიფათო ინფექციური დაავადებების შემთხვევათა რაოდენობა, გაზრდილია სიცოცხლის ხანგრძლივობა და გადარჩენილია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველისა და ფრინველის არაერთი სახეობა. ამრიგად, სიმდიდრე იძლევა შესაძლებლობას, დაფინანსდეს გარემოს ხარისხის გასაუმჯობესებელი ღონისძიებები, რომლებსაც საფუძველს უმყარებს მეცნიერული კვლევები და ტექნოლოგიური მიღწევები. განათლების სფეროში მიღწეულმა პროგრესმა განაპირობა ის, რომ მოქალაქეები ბიზნესისა და არჩეული თანამდებობის პირებისგან მოითხოვენ ღონისძიებების გატარებას გარემოს ხარისხის გასაუმჯობესებლად.

მაგალითი N4: მალავიში, ისევე როგორც სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნების უმეტესობაში (ზამბიისა და ზიმბაბვეს ჩათვლით), განსაკუთრებით მწვავედ დგას შიმშილობისა და ავადობის პრობლემა. შიმშილობის ფართო გავრცელების გამო 2002 წელს იქ გამოცხადებულ იქნა ეროვნული კატასტროფის მდგომარეობა. ითქვა, რომ მოსახლეობის 70 პროცენტი შიმშილობის ზღვარზე იმყოფებოდა. ბევრი მალაველი ღარიბი კიდევ უფრო ღარიბდება, რადგან იძულებულია, გაყიდოს თავისი ისედაც უმნიშვნელო ქონება, ზოგი კი შვილებსაც ყიდის, რათა მათი გამოკვების პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს. 2002 წელს ეწოდა ჩინკუკუზი (chinkukuzi), რაც ადგილობრივ ჩიჩევას (chichewa) ენაზე ნიშნავს „წელს, როდესაც ვერავინ გადარჩება“. ერთი წლის შემდეგ ნათელი გახდა, რომ 2002 წლის სურსათის კრიზისმა ათასობით ადამიანი იმსხვერპლა. შიმშილობას არაერთი მიზეზი აქვს, მათ შორის – კონფლიქტები, გვალვა და კორუმპირებული ხელისუფლება. მალავიში შიმშილობის ხელშემწყობი ფაქტორები მოიცავს ძლიერ წყალდიდობებს, რომლებმაც დაანგრია ხიდები და რკინიგზა, ხელისუფლების არასწორ მენეჯმენტს და დასავლეთიდან დახმარების შემცირებას ქვეყანაში კორუფციისა და დაუსაბუთებლად მაღალი ხარჯების გამო. მდგომარეობას ის უფრო მეტად ართულებს, რომ, პრინციპში, ეს ყოველწლიური მოვლენაა. სურსათის ნაკლებობა ჩვეული რამაა „მშიერი თვეების“ – დეკემბერ–მარტის – განმავლობაში. ეს თვეები საკვები კულტურების ზრდის პერიოდია, წინა წლის მოსავალი კი მთელი 12 თვის განმავლობაში, მომდევნო მოსავლის მიღებამდე, იშვიათად ჰყოფნით. შიმშილობა მალავიში ვერ დაბრალდება მხოლოდ სასტიკ დიქტატორს, დამანგრეველ სამოქალაქო ომს ან საშინელ ამინდს. ის აქ ენდემური მოვლენაა. სამწუხაროდ, საკვების ქრონიკული ნაკლებობა არ არის მალავის ერთადერთი პრობლემა. აქ აივ/შიდსის მაჩვენებელი ერთ-ერთი უმაღლესია მსოფლიოში, მალავის კი ჯერაც არ გააჩნია მისი პრევენციის (თავიდან აცილების) ეფექტური პოლიტიკა და ჯანდაცვის მინიმალური საშუალებები, სქესობრივი ცხოვრების საკითხები კი მნიშვნელოვანწილად ტაბუდადებულია.

მაგალითი N5: ვინაიდან ღია მმართველობის პარტნიორობის წევრები ვერთგულობთ: ღია მმართველობის დეკლარაციაში გაცხადებულ პრინციპებს, ადამიანის უფლებათა დეკლარაციას, გაეროს ანტიკორუფციულ კონვენციას და ინკლუზიური ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო ინსტრუმენტებს, ჩვენ:

◦ ვაცნობიერებთ, რომ გამჭვირვალობისა და ღია მმართველობის პრინციპების დაცვა გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის განხორციელების გადამწყვეტ მექანიზმს წარმოადგენს.

◦ ვაღიარებთ, რომ ეს არის ამბიციური გლობალური სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანიცაა დაბალანსებული და ინტეგრირებული მიდგომის გამოყენებით ინკლუზიური მდგრადი განვითარების მიღწევა ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი მიმართულებებით, რათა მთელ მსოფლიოში აღმოიფხვრას სიღარიბე და უთანასწორობა.

◦ მივესალმებით გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, კეთილსინდისიერებისა და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფას გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნებში. ეს ღირებულებები მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისთვის, კორუფციასთან ბრძოლისთვის, საჯარო ინფორმაციაზე წვდომისთვის, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების განვითარებისთვის.

◦ მივესალმებით გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების მიერ იმის აღიარებას, რომ მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოებები მდგრადი განვითარების არსებითი კომპონენტია.

◦ ვაფასებთ და მივესალმებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობას 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის განხორციელებაში.

◦ მხარს ვუჭერთ ღია მმართველობის პარტნიორობას როგორც ნებაყოფლობითი თანამშრომლობისა და ცოდნისა და ინფორმაციის გაცვლის პლატფორმას. მონაწილე მთავრობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილება ხელს შეუწყობს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების გამჭვირვალე, ანგარიშვალდებულ, მონაწილეობით და ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ განხორციელებას.

 

 

გამოყენებული რესურსები:

  1. გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ (ღია მმართველობის პარტნიორობის გზამკვლევის სპეციალური გამოშვება).
  2. https://worldslargestlesson.globalgoals.org/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი