ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

   ანტარქტიდა                                                      

ანტარქტიდა ყველაზე ბოლოს აღმოჩენილი კონტინენტია და დედამიწის სამხრეთ გეოგრაფიული პოლუსის გარშემო მდებარეობს. ანტარქტიდის ცენტრი თითქმის ემთხვევა სამხრეთ გეოგრაფიულ პოლუსს. კონტინენტის ყველაზე ჩრდილოეთი წერტილი კი სიფრეს კონცხია.

ანტარქტიდის ტერიტორია გეოგრაფიულ რეგიონებად და რაიონებად იყოფა, რომლებიც წლების წინ სხვადასხვა მოგზაურის მიერ იქნა აღმოჩენილი. მათ სახელი აღმომჩენის, მისი გამომკვლევის ან სხვა რომელიმე პირის  პატივსაცემად დაერქვა და მას „მიწას“უწოდებენ. ანტარქტიდის მიწებია: ადელის, ალექსანდრე I-ის, ვიქტორიას, ვილჰელმ II-ის, გეორგ V-ის, გრეიამის, კემპის, დედოფალ ელისაბედის, დედოფალ მოდის, დედოფალ მერის, კოტსის, მაკ-რობერტსონის, მერი ბერდის, პალმერის, პრინცესა ელისაბედის, უილკსის, ელსუორტის, ენდერბის მიწები და ედუარდ VII-ის ნახევარკუნძული. მათ გარდა, ანტარქტიდას ასევე კუთვნის ბერკნერის, სამხრეთი ორკნეის, სამხრეთი შეტლანდისა და ბალენის კუნძულები.

ჯერ კიდევ ძველი ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე გამოთქვამდა ვარაუდს, რომ სამხრეთში აუცილებლად უნდა ყოფილიყო კონტინენტი, რომელიც აწონასწორებდა ჩრდილოეთის ნახევარსფეროში არსებულ უკვე ცნობილი კონტინენტების ტერიტორიებს. წიგნში „ანტარქტიდა — დიდებული მოთხრობები გაყინული კონტინენტიდან “ ნათქვამია, რომ, „ვინაიდან ჩრდილოეთის ნახევარსფერო „არქტოსის“,  ანუ დათვის თანავარსკვლავედის ქვეშ მდებარეობს, არისტოტელეს  (384—322 წწ. ძვ. წ.) აზრით, სამხრეთში არსებული უცნობი მიწა უნდა ყოფილიყო „ანტარქტიკოსი“, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სრულიად საპირისპირო”, ანუ ანტიპოდი.  ამგვარად, ანტარქტიდას, ფაქტობრივად, სახელი მის აღმოჩენამდე დაახლოებით 2 000 წლით ადრე დაერქვა!

1772 წელს ინგლისელმა მკვლევარმა და კაპიტანმა ჯეიმზ კუკმა ამ ნავარაუდევი სამხრეთი კონტინენტის მოსაძებნად სამხრეთის მიმართულებით გაცურა. მან მიაღწია ქარისგან დაუცველ კუნძულებსა და უზარმაზარ აისბერგებს, ანუ, როგორც თავად უწოდა მათ, „ყინულის კუნძულებს“. „ზოგი მათგანი, — წერდა ის, — გარშემოწერილობით თითქმის სამი კილომეტრი იყო, სიმაღლით კი 20 მეტრი, მაგრამ ზღვის ტალღების ძალა მაინც იმხელა იყო, რომ ტალღები მათ ზემოდან ეცემოდა“. კუკმა სამხრეთის მიმართულებით მოგზაურობა განაგრძო და 1773 წლის 17 იანვარს მისი გემი „რეზოლუშენი“ და მისი თანმხლები „ადვენჩერი“ იმ ხომალდებიდან პირველები იყვნენ, რომლებმაც სამხრეთის პოლარული წრე გადაკვეთეს. კუკი შეუპოვრად მიუყვებოდა თავის გზას პაკის ყინულებში, სანამ, საბოლოოდ, მათში არ ჩაიკეტა. „სამხრეთის მიმართულებით, ყინულის გარდა, ვერაფერს ვხედავდი“, — დაწერა მან თავის სავახტო ჟურნალში. ფაქტობრივად, ანტარქტიდასთან მას მხოლოდ 120 კილომეტრი აშორებდა, როდესაც ის უკან მობრუნდა.

ყინულოვანი კონტინენტის აღმოჩენის ოფიციალურ თარიღად 1820 წლის 28 იანვარი ითვლება. ამ დღეს რუსულმა ექსპედიციამ თადეოზ ბელინჰაუზენისა და მიხეილ ლაზარევის მეთაურობით ანტარქტიდის ნაპირებს მიაღწია. ადამიანებმა კი ფეხი ჩვენი პლანეტის ყველაზე  ცივ კონტინენტზე  პირველად 1895 წლის 24 იანვარს დადგეს. ადერის კონცხს ნორვეგიული ხომალდი „ანტაკტიკი“ მიადგა და ოთხი ადამიანი – კაპიტანი ლ. კრისტენსენი, ექსპედიციის ხელმძღვანელი ჰ. ბული, პოლარული მკვლევარი კ. ბერჰგრევინკი და მეზღვაური ა. ფონ ტუნცელმანი ნაპირზე გადავიდნენ. მათ სანაპიროზე მღიერების, ხავსებისა  და ქანების  ნიმუშები შეაგროვეს. 1909 წელს ნორვეგიელმა მოგზაურმა რუალ ამუნდსენმა სამხრეთ პოლუსის დასაპყრობად მზადება დაიწყო. 1911 წლის 14 დეკემბერს ნორვეგიელები ანტარქტიდაზე გადავიდნენ და სამხრეთ პოლუსს მიაღწიეს. მათ 99 დღე-ღამის განმავლობაში  ორივე მიმართულებით 2800 კმ. გაიარეს. სამხრეთ პოლუსის დაპყრობას პარალელურად ცდილობდა ინგლისელთა ექსპედიციაც რობერტ სკოტის მეთაურობით, მაგრამ  მათ პოლუსს  დაგვიანებით მიაღწიეს და უკანა გზაზე  სურსათის უკმარისობისა და ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის გამო დაიღუპნენ.

ანტარქტიდა დედამიწის ყველაზე მაღალი კონტინენტია, რომლის ზედაპირის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან   2000 მეტრზე მეტს შეადგენს, ხოლო კონტინენტის ცენტრში  4000 მეტრს აღწევს. ამ სიმაღლის დიდ ნაწილს შეადგენს კონტინენტის მუდმივი ყინულის საფარი, რომლის ქვეშაც დაფარულია კონტინენტალური რელიეფი. კონტინენტის ყველაზე მაღალი წერტილია ზ.დ-დან  4892 მეტრი სიმაღლის ვინსონის მასივი ელსუორტის მთებში. ხოლო ყველაზე დაბალი ადგილი დასავლეთ ანტარქტიდაზეა, სავარაუდოდ, რიფტული წარმოშობის ბენტლის ღრმული. მისი სიღრმე, რომელიც ყინულითაა სავსე,  2555 მეტრია ზღვის დონიდან დაბლა. თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ამ ყველზე სამხრეთით მდებარე კონტინენტის დაახლოებით მესამედი მსოფლიო ოკეანის დონის დაბლაა.

ანტარქტიდა გამოირჩევა უკიდურესად მკაცრი, ცივი კლიმატით. 1983 წლის 21 ივლისს აღმოსავლეთ ანტარქტიდაში საბჭოთა ანტარქტიდულ სადგურ ”ვოსტოკში” დაფიქსირდა ჰაერის ყველაზე დაბალი ტემპერატურა დედამიწაზე მეტეოროლოგიური  დაკვირვებებისა და გაზომვების მთელი ისტორიის მანძილზე — – 89,2 °C. ეს რაიონი ითვლება დედამიწის სიცივის პოლუსად. საინტერესოა ის ფაქტი, რომ  2013 წლის 9 დეკემბერს ამერიკის გეოფიზიკური კავშირის კონფერენციაზე ამერიკელი მკვლევრების ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ 2010 წლის 10 აგვისტოს ანტარქტიდის ერთ-ერთ წერტილში ჰაერის ტემპერატურა −93,2 °С-მდე (-135,8 F) დაეცა. ეს ინფორმაცია გამოაშკარავდა ნასას თანამგზავრული მონაცემების ანალიზის შედეგად, მაგრამ ამ ინფორმაციის ერთ-ერთი ავტორის, ტ. სკამბოსის (ინგლ. Ted Scambos) აზრით, მიღებული მონაცემი არ იქნება დარეგისტრირებული,  როგორც რეკორდული, რადგანაც ის გამოვლინდა თანამგზავრული აღრიცხვის შედეგად და არა თერმომეტრის მეშვეობით.  ანტარქტიდა არა მხოლოდ ყველაზე ცივი, არამედ ყველაზე ქარიანი კონტინენტიცაა დედამიწაზე. აქ ქარის სიჩქარე არცთუ ისე იშვიათად საათში 300 კმ აღწევს.  გეოლოგებმა დაადგინეს, რომ ანტარქტიდის წიაღი  მნიშვნელოვანი რაოდენობით სასარგებლო წიაღისეულს შეიცავს – რკინის მადანს, ქვანახშირს. ასევე  ნაპოვნია სპილენძის, ნიკელის, ტყვიის, თუთიის, მოლიბდენის, მთის ბროლის, გრაფიტის მადნის კვალი. გარდა ამისა, ანტარქტიდაზე მდებარეობს მტკნარი წყლის მსოფლიო მარაგის დაახლოებით 80%, რომლის უკმარისობაც უკვე  ბევრ ქვეყნაში შეინიშნება. ანტარქტიდის ყინულოვანი საფარი მსოფლიოს მყინვარების 90%-ს შეადგენს. თუ მთელი ანატრქტიდის ყინული დადნება, მაშინ მსოფლიო ოკეანის დონე 61 მეტრით აიწევს. თუმცა საშუალო ტემპერატურა აქ -37 გრადუსია, ამიტომ მსოფლიოს დატბორვა არ ემუქრება.

მუდმივი მოსახლეობა ანტარქტიდაზე არაა. აქ 40-ზე მეტი მუდვივმოქმედი პოლარული სადგური ფუნქციონირებს, სადაც სეზონის მიხედვით  ზაფხულში 4000 ადამიანი, ხოლო  ზამთარში 1000 ადამიანამდე ცხოვრობს. არგენტინელი ემილიო მარკოს პალმა პირველი ადამიანია დედამიწაზე, რომელიც ანტარქტიდაზე დაიბადა და ამიტომაც გინესების წიგნშია შეყვანილი. იგი 1987 წლის 7 იანვარს პოლარულ სადგურ ”ესპერანსაში” დაიბადა. თუმცა ზოგიერთი ისტორიკოსი ამ ფაქტს  არ ეთანხმება და ამტკიცებს, რომ ჯერ კიდევ 1913 წელს ანტარქტიდაში ნორვეგიელი სოლვეიგ გუნბერგ იაკობსენი დაიბადა, მაგრამ ეს  კუნძულ სამხრეთ გეორგიაზე  მოხდა, რომელსაც ანტარქტიდას ვერ ვუწოდებთ.

საერთაშორისო შეთანხმებით ანტარქტიდა ერთადერთი რეგიონია ჩვენს პლანეტაზე, რომელიც არცერთ სახელმწიფოს არ ეკუთვნის. სამხედრო ობიექტების განლაგება, ასევე სამხედრო და შეიარაღებული გემების შესვლა სამხრეთი განედის 60-ე გრადუსის სამხრეთით აკრძალულია. 1980-იან წლებში ანტარქტიდა გამოაცხადეს უბირთვო ზონად, რამაც გამორიცხა მის ტერიტორიულ წყლებში გემ-ატომმავლების გამოჩენა, ხოლო მატერიკზე — ატომური ენერგობლოკების განლაგება. დღეისათვის ხელშეკრულების მონაწილეა 50  სახელმწიფო (ხმის უფლებით) და ათობით ქვეყანას კი დამკვირვებლის სტატუსი აქვს.

ანტარქტიდაზე ყველა სასაათო სარტყელი გადის. კონტინენტს  მინიჭებული აქვს ინტერნეტის პირველადი დომენი .aq და სატელეფონო პრეფიქსი +672.

ანტარქტიდა ადამიანებისთვის ბოლო სარეზერვო რესურსია დედამიწაზე. სხვა კონტინენტებზე ნედლეულის ამოწურვის შემდეგ ადამიანები სავარაუდოდ მის რესურსებს აითვისებენ. რადგანაც ანტარქტიდა მსოფლიოს ქვეყნებისათვის რესურსების ერთადერთ წყაროდ დარჩება. შეიძლება ითქვას, რომ მისი რესურსებისთვის ბრძოლა უკვე დაწყებულია, რაც ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გაცხარებულ სამხედრო კონფლიქტშიც კი გადაიზარდოს.

დღეისათვის კონტინენტზე მიმდინარეობს კლიმატურ და მეტეოროლოგიურ პროცესებზე დაკვირვება, რომელიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გოლფსტრიმის თბილის დინების მსგავსად, კლიმატწარმომქმნელი ფაქტორია მთელი დედამიწისთვის. ანტარქტიდაში ასევე შეისწავლება კოსმოსური სივრცის ზეგავლენა და პროცესები, რომლებიც დედამიწის ქერქში მიმდინარეობს.

გლობალური დათბობის გამო ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე აქტიური ფორმირება დაიწყო ტუნდრამ. მეცნიერთა პროგნოზით, 100 წლის შემდეგ ანტარქტიდაზე შეიძლება გაჩნდეს პირველი ხეები. ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე ოაზისს  400 კმ² ფართობი უკავია, ოაზისების საერთო ფართობი კი ჯამში  10 ათასი კმ²-ია, ხოლო იმ რაიონების ფართობი (თოვლს გარეშე კლდეების ჩათვლით), რომელზეც ყინული არ არსებობს  30—40 ათას კმ²-ს შეადგენს.

მიუხედავად ანტარქტიდის მკაცრი ბუნებრივი პირობებისა, მას ყოველწლიურად  დაახლოებით 6 ათასი ტურისტი სტუმრობს. მათი უმრავლესობა  ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე გადადის, სადაც ტურისტული ბაზა და აეროდრომია განლაგებული.  1990-იანი  წლებიდან ტურისტებმა როსის ზღვისკენაც აიღეს გეზი.  ტურისტების უმრავლესობა ანტარქტიდულ კრუიზებს  გემებით აწყობს.

ამრიგად, ფაქტობრივად, ანტარქტიდა  შეიძლება უზარმაზარ ბუნებრივ ლაბორატორიად ჩავთვალოთ, რომელიც დედამიწისა და მისი ატმოსფეროს, ისევე როგორც გარემოში გლობალური ცვლილებების, მათ შორის, ადამიანთა საქმიანობასთან დაკავშირებული  ცვლილებების შესასწავლად არის განკუთვნილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი