პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

საბჭოთა კავშირის ექო­

Agostino Valiero-ს 12–ში სადარბაზოს კიბეზე ვზივარ და იტალიაში გატარებულ 5 დღეზე ვფიქრობ. როცა იტალიაში 5 დღით (1 დღე მილანი, 1,5 – ვერონა, 0,5 – ვენეცია და 2 დღე რომი) – ხარ ჩამოსული, თანაც პროექტის ფარგლებში, ალბათ, ძალიან ძნელია საღი აზრი შეინარჩუნო. კიდევ უფრო ძნელია სიტყვებით გადმოსცე შთაბეჭდილებები… იმდენად ბევრია, დიდია ყველაფერი, რომ დროში იკარგები, რეალობის აღქმას ვეღარ ახერხებ. მგონია, რომ ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმი გერთვება და ცდილობ, ბევრი რამე უბრალოდ შენს მიღმა „გაატარო“…  ისე მოიქცე, თითქოს იქ ხარ და არც ხარ, თითქოს ზემოდან/გვერდიდან უყურებ საკუთარ თავს…

ჰო, კიბეზე იმიტომ ვზივარ, რომ სახლის პატრონს ველოდები, რომელიც, სავარაუდოდ, 2 საათში უნდა მოვიდეს და ბინის კარი გამიღოს.

მხოლოდ ყოფით შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ვინატრე.

ყველგან, სუუულ ყველგან ყველაზე მნიშვნელოვანი საფიქრალი ადამიანსა და მის ღირსებაზე ზრუნვაა, რომლის გამოხატვის მხოლოდ რამდენიმე ფორმას გამოვყოფ.

მთელი ქვეყანა ლიანდაგით არის დაქსელილი. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე შეგიძლია მიხვიდე. წარწერებით, ნიშნებით სხვების დაუხმარებლად თავისუფლად შეძლებ ორიენტირებას. თუ მაინც გაგიჭირდა და ადგილობრივს ან არაადგილობრივს ჰკითხე, თან გადაგყვება. ისეთი მონდომებით ცდილობენ დახმარებას, რომ იტალიურადაც რომ გიხსნიდეს და იტალიური არ იცოდე, მაინც გაიგებ. ზოგადად ტრანსპორტის სისტემა იმდენად კარგად არის აწყობილი, რომ მსუბუქი მანქანების უმრავლესობა გაჩერებულია. ადამიანები საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას არჩევენ. რომის ქუჩებში მსუბუქ მანქანაზე მეტი მოტოციკლია, მხოლოდ ეს სხვა უხმო და მშვიდი „ჯიშია“, არც დამახრჩობელი გამონაბოლქვი აქვს. ხშირად მშობელი და მცირეწლოვანი შვილი ერთად ზის ჩაფხუტებით. ზოგადად, თითქმის 3 მილიონიანი რომის ქუჩები თბილისისაზე ნაკლებხმაურიანია და სუნთქვისას გამონაბოლქვით ყელი არ გეწვის.

მატარებლის ლოდინისას, რომ არ ინერვიულო, დაინახავ მორბენალ წარწერას მატარებლის კარებზე: „მატარებელი სუფთავდება. გთხოვთ დაელოდოთ ჩასხდომას“.  და იმის გახსენება, როგორ „მომიგდო“ სიტყვა ექიმთან ვიზიტისთვის კონკრეტულ დროს ჩაწერილს ასისტენტმა „დაელოდე და მოვა!“ (რა „თ“, რის თავაზიანობა…), კიდევ ერთხელ მასევდიანებს.

სანამ დანიშნულების ადგილამდე მიხვალ, გზაში რამდენჯერმე სასიამოვნო მელოდიის შემდეგ (ჩაძინებული ან ჩაფიქრებული ფრთხილად რომ გაგაღვიძონ) ოპერატორი ირთვება და გახსენებს რომელ სადგურებზე გაჩერდება მატარებელი, როდის მივა ბოლო სადგურში; გთხოვს არ მოსწიო სიგარეტი, მათ შორის ელექტრონული, არ დაანაგვიანო და ბოლოს მადლობას გიხდის თანამშრომლობისთვის. გაჩერებამდე გაფრთხილებს, კუთვნილი ნივთები არ დაგრჩეს მატარებლიდან ჩასვლისასო.  ასეთი ჩართვები იმას ემსახურება, რომ კიდევ ერთხელ გაგახსენოს, რა მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ, როგორ გიფრთხილდებიან, გენდობიან და სჯერათ შენი კეთილგონიერების.

ასეთი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო წარწერები ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავი, დაცულად, სტაბილურად, ღირსეულად იგრძნოს. ასეთი წარწერები ბუნდოვანების სტრესს ამცირებს.

ვერონადან რომამდე დაახლოებით 500 კილომეტრია. ამ გზაზე თვალუწვდენელი მოვლილობით გამორჩეული სივრცეებია: ვენახები, ხეხილის ბაღები, მარცვლეულის მინდვრები, სათბურები. ალაგ-ალაგ თეთრი წეროები დგანან თვალუწვდენელ შავ ხნულებში. ეს თვალუწვდენელი მიწები არხებით არის დაქსელილი, ქარსაცავი ზოლებით სხვადასხვა ფორმის მართკუთხედებად მოსაზღვრული. ყველაფერი შესაშურად „დავარცხნილია“.  სოფელი არ არის გაჭირვების, ჭუჭყის, დისკომფორტის სიმბოლო. სოფელი პატარა ზომის კუწკუწა სახლების და მშრომელი ადამიანების მიწაა.

შაბათ-კვირას (და სამუშაო დღეებში შესვენების დროს) აუცილებლად ისვენებენ. შაბათ-კვირა ოჯახისაა. აუცილებლად ერთად უნდა იყვნენ, სკვერში, რესტორანში. თვალშისაცემია უფროსებთან ერთად დინჯად მოსიარულე მშვიდი, არაპრეტენზიული, არამოზუზუნე  პატარები. ყველამ თავისი ადგილი იცის, უყვართ და უფრთხილდებიან ერთმანეთს.

ბუდიდან აშლილი ჭიანჭველებივით მიმოდიან ვატიკანის წინ სხვადასხვაგვარი ადამიანები. ისე უვლიან ერთმანეთს გვერდს, რომ არ ეჯახებიან და თუ ეჯახებიან აუცილებლად ბოდიშს იხდიან. ასევე დაუზარლად გამოხატავენ მადლიერებას. მამა ერთი თვის გარდაცვლილი იყო, მიცვალებულთა დღეს ეკლესიაში საკურთხი წავიღე. ერთი ხელი 3 წლის შვილისთვის მქონდა ჩაკიდებული, მეორეში ჩანთა მეჭირა. მღვდელმა ეკლესიაში მიტანილი საჭმლის კურთხევა დაიწყო და ისეთი ამბავი დატრიალდა, რომ ჩანთა იქ დავტოვე, სადაც მომხვდა. ირაკლი ხელში ავიყვანე და ადამიანთა დაუნდობელ და ბრმა ტალღას გამოვეცალეთ.

…დაუზარლად იღიმებიან. იტყვით საამისოდ კიდეც აქვთ საქმეო. ჰო, ნაწილობრივ ასეც არის, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ…. ინგლისურს ერთი არაჩვეულებრივი ქალი მასწავლიდა და ერთხელ კითხვაზე, როგორ ხარო, რა ვიცი, კარგად-მეთქი ვუპასუხე. იციო, შეერთებულ შტატებში კითხვაზე „როგორ ხარ“ ყოველთვის ღიმილით და დადებითად პასუხობენ: უცხო ზრდილობისთვის სვამს ამ კითხვას და, შესაძლოა, პასუხი არც აინტერესებდეს, ახლობელმა კი ისედაც კარგად იცის შენი ამბავი და წუწუნით რატომ უნდა შეაწუხოო.

ვნახე ასეთი წარწერები: პასტაზე – „2 ბოთლი=1პასტას“, ანუ 2 პლასტმასის ბოთლით ეს ერთი პასტაა დამზადებულიო. წარწერა ონკანთან: წყალი ძვირფასი რესურსია და გთხოვთ, გაუფრთხილდეთო. გამახსენდა ჭოპორტში წლების განმავლობაში მოშვებული ონკანები, მიტოვებული მიწებისკენ („სხვებისაა“) მიმართული ნარეცხი წყალი. გაუმართავი ან სულაც არარსებული კომუნიკაციები.

ისეთი თვალშისაცემია ზოგადად ადამიანის პატივისცემა, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, კანის ფერისა, განათლებისა… შრომის პატივისცემა… ურთიერთპატივისცემა, გულისყურიანობა, ურთიერთდანდობა, ურთიერთდახმარება, ანგარიშის გაწევა…

არასოდეს დამავიწყდება:

 ლვოველი იგორი 15 წლის წინ ვენეციაში სამუშაოდ ჩასული. აღმოჩნდა, სანამ სპაგეტის დავუკვეთდით, მოყურადებული იყო, რომ როგორმე „საბჭოთა კავშირის ექო“ დაეჭირა – იქნებ, რომელიმეს რუსული სიტყვა წამოგვცდენოდა… გავიხარეთ, რომ რუსეთთან აღარაფერი გვაკავშირებდა, გარდა ტკივილიანი სევდისა… ჰო, ტერიტორიები დაკარგეთ, ადამიანები დაიხოცნენ, მაგრამ თქვენთან ეს ყველაფერი დასრულდა, ჩვენთან ყოველდღე 2–3 ადამიანი კვდებაო… მისი გულზე ხელის დაკვრა უკრაინის ხსენებისას…

„დაიცადე, აი ეს ნახირი (ანუ ჩვენ, ადამიანები) გაივლის და გადამიღე“, – ახალი რუსის ნათქვამი წმინდა იოანეს ტაძარში…

… სამი კარგი ქართველი დედა – რომში მოხუცების მოსასვლელად წასული. მათი:  „მოვაგროვებ ბინის ფულს, რომ სიბერეში გავაქირავო, შვილების ხელის შემყურე არ ვიყო და დავბრუნდები…“

მგონია, მეოცნებე არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ზოგადად „საბჭოთა კავშირის ექო“ სუუულ გაქრება, ყველაფერი ადვილად „დაივარცხნება“, თუკი ფიქრს დავიწყებთ. ფიქრი ისეთი ძალისაა…

ჰო, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი – „ინტერკულტურული განათლება: პრობლემები, ანალიზი და განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი დავით მალაზონია) გაისად გაზაფხულში სრულდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი