მისი უდიდებულესობა ფეხბურთის გეოგრაფია

მგონი საკამათო არაა, რომ სპორტის სახეობებსა და სპორტულ ღონისძიებებს შორის ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო შეჯიბრი – ფიფას მსოფლიო ჩემპიონატია. ახლა, როცა ლამის მთელი პლანეტის მოსახლეობა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს ადევნებს თვალს, ალბათ უპრიანია გავიხსენოთ ამ თამაშის ისტორია და გეოგრაფია. თანამედროვე ფეხბურთის სამშობლოდ ინგლისი მიიჩნევა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბურთები ეგვიპტელი ფარაონების მეორე-მესამე ათასწლეულებით დათარიღებულ სამარხებშია ნაპოვნი. ფეხბურთის მსგავს თამაშს საბერძნეთში ეპისკიროსი ერქვა, რომში – გარპას ტუპი, ხოლო იაპონიაში – კემარი. და ეს სულაც არ არის სრული ჩამონათვალი იმ ქვეყნებისა და თუ ქალაქებისა, სადაც ფეხბურთს თამაშობდნენ. ოფიციალური ვერსიით ფეხბურთი დღევანდელი სახით ინგლისში მე–19 საუკუნეში დაიბადა. თუმცა, მაშინ ეს თამაში ქაოტური და მოუწესრიგებელი იყო. ყოველი შეხვედრა ჩხუბითა და აყალ-მაყალით მთავრდებოდა. ეს კი იმიტომ ხდებოდა, არ არსებობდა თამაშის წესები. მალე საზოგადოება მიხვდა, რომ საჭირო იყო ამ გასართობი საშუალების რაღაც ჩარჩოებში მოთავსება და 1863 წელს ფეხბურთის თამაშის წესებიც შეიქმნა.

ინგლისში ფეხბურთის „დაბადებას” ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის შექმნა მოჰყვა. ინგლისის ნაკრები კი მსოფლიოში ყველაზე ძველი ნაკრებია, რომელიც შოტლანდიის ნაკრების პარალელურად ჩამოყალიბდა. ფეხბურთის ისტორიაში პირველი საერთაშორისო შეხვედრა ინგლისსა და შოტლანდიას შორის 1870 წლის 5 მარტს ქ. გლაზგოში გაიმართა. ეს მატჩი, რომელიც ანგარიშით 0–0 დასრულდა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული. მომდევნო 40 წლის განმავლობაში ინგლისელი ფეხბურთელები ექსკლუზიურად მხოლოდ მშობლიურ გუნდებთან: შოტლანდიასთან, ირლანდიასთან და უელსთან თამაშობდნენ. პირველი საერთაშორისო ტურნირი 1884 წელს ჩატარდა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის საშინაო ჩემპიონატი ეწოდა.

ფეხბურთი პოპულარული განსაკუთრებით XIX საუკუნის მიწურულს გახდა. 1904 წლის 21 მაისს ფრანგების ინიციატივით, პარიზში საფეხბურთო ასოციაციის საერთაშორისო ფედერაცია, დღეს უკვე ფიფა (ფრანგ. F�d�ration Internationale de Football Association; აკრონიმი – FIFA) დაარსდა. ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრები იყვნენ ბელგია, დანია, საფრანგეთი, ნიდერლანდი, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.. იმავე დღეს, ტელეგრაფის საშუალებით, წევრობის სურვილი გერმანიამაც გამოთქვა. დღეს ფიფა ფეხბურთის საერთაშორისო მმართველი ორგანიზაციაა, რომლის შტაბბინა შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მდებარეობს. ფიფას პირველი პრეზიდენტი ფრანგი რობერ გერენი გახდა, რომელიც 1906 წელს ინგლისელმა დანიელ ბარლი ვულფოლმა შეცვალა. ორგანიზაციის ამჟამინდელი პრეზიდენტია ზეპ ბლატერი.

პირველი შეჯიბრი, რომელიც ფიფა-ს ორგანიზებით ჩატარდა, იყო ფეხბურთის ჩემპიონატი 1908 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. ოლიმპიური ფეხბურთი წარმატებით სარგებლობდა, ამიტომ ორგანიზაციამ საკუთარი საერთაშორისო ჩემპიონატის ჩატარება გადაწყვიტა. 1928 წლის 28 მაისს ამსტერდამში ფიფა-ს კონგრესმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო.

ფიფა-ს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი – ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის წევრი ქვეყნების მამაკაცთა ეროვნული საფეხბურთო გუნდების საერთაშორისო შეჯიბრია. პირველი ჩემპიონატი 1930 წელს ურუგვაიში ჩატარდა და ამ დროიდან მოყოლებული ეს ღონისძიება 4-წლიანი შუალედით ტარდება. გამონაკლისი მხოლოდ 1942 და 1946 წლები იყო, როცა ჩემპიონატი მეორე მსოფლიო ომის გამო არ ჩატარებულა.
მსოფლიოს პირველი ჩემპიონები – ურუგვაის 1930 წლის ნაკრები

მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა 1982 წელს 24-მდე, 1998 წელს კი — 32 გუნდამდე გაიზარდა, რითაც მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტიდან – აფრიკიდან, აზიიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან – მეტი გუნდის გამოყვანა გახდა შესაძლებელი. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 200, 2006 წელს — 198, ხოლო 2010 წელს — 204 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას და უეფას წევრი 1992 წელს გახდა და საქართველოს ნაკრებმა შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება მიიღო.

ჩემპიონატში საკვალიფიკაციო რაუნდები სამ წელზე მეტ ხანს მიმდინარეობს. ტურნირის ფინალურ ფაზაში მასპინძელი ქვეყნის სტადიონებზე, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში 32 ეროვნული გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს. დღემდე ჩატარებულ 19 ჩემპიონატში მხოლოდ 7–მა ქვეყანამ შეძლო გამარჯვება. მსოფლიოს პირველი ჩემპიონი ურუგვაია. ამჟამინდელი ლიდერი ბრაზილიაა, რომელმაც ხუთ ჩემპიონატში გაიმარჯვა. მას მოჰყვება იტალია ოთხი გამარჯვებით, შემდეგ გერმანია სამი გამარჯვებით. ორჯერ გაიმარჯვეს ურუგვაიმ და არგენტინამ, ხოლო თითო გამარჯვება აქვთ ინგლისის, საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებებს.
მსოფლიო ჩემპიონატების გამარჯვებულები და მასპინძელი ქვეყნები
1930–1970 წლებში ჩემპიონატის გამარჯვებულები ჟიულ რიმეს (ფიფა-ს პრეზიდენტი) სახელობის თასით ჯილდოვდებოდნენ. 1970 წელს ბრაზილია მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი და თასი სამუდამოდ დაისაკუთრა, თუმცა 1983 წელს თასი მოიპარეს.

1970 წლის შემდეგ შეიქმნა ახალი თასი. ფიფა-ს ექსპერტებმა შვიდი სხვადასხვა ქვეყნიდან 53 წარმოდგენილი მოდელი განიხილეს. საბოლოოდ არჩევანი იტალიელი სილვიო გაზანიგას მიერ წარმოდგენილ ვერსიაზე შეჩერდა. 1974 წლიდან მსოფლიო თასი გამარჯვებულებს დროებით, მომდევნო გათამაშების ჩატარებამდე ენიჭებათ, თუმცა სამუდამოდ რჩებათ თასის ოქროთი მოჭედილი რეპროდუქცია.

თასი 18–კარატიანი ოქროსგანაა დამზადებული, მისი სიმაღლეა 36 სმ–და 6სმ-მდე, იწონის 175 კგ–ს. თასზე გამოსახულია ადამიანის ორი ფიგურა, რომელთაც ხელებში გლობუსი უჭირავთ. თასის ქვედა ნაწილზე ამოტვიფრულია გამართული ჩემპიონატების წლები და გამარჯვებულები.

დღეს ფიფაში 208 ეროვნული ასოციაციაა გაწევრიანებული, რაც უფრო მეტია, ვიდრე გაეროში გაწევრიანებული ქვეყნების რიცხვი. ასევე მთელ მსოფლიოში ფიფას 6 რეგიონალური ორგანიზაცია – კონფედერაცია აქვს შექმნილი, რომელთა მოვალეობაა თვალყური ადევნონ საფეხბურთო ტურნირებსა და მატჩებს სხვადასხვა კონტინეტსა და რეგიონში.
ფეხბურთით ქალბატონებიც დაინტერესდნენ და ქალთა გუნდების შექმნა დაიწყეს. თუმცა იყო გართულებული სიტუაციებიც. მაგ; 1921 წელს ინგლისში ქალთა ფეხბურთი აიკრძალა, მაგრამ ამან ვერ შეაჩერა ქალბატონები და დედოფლის მხარდაჭერით ეს აკრძალვა მალევე მოხსნეს. 1991 წელს ჩინეთში ქალთა პირველი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარდა, რომლის საგზურისათვის 49 გუნდი იბრძოდა. 2007 წლისათვის მათი რიცხვი 120-მდე გაიზარდა. დღეს ქალთა ფეხბურთი უკვე ოლიმპიურ თამაშებშიც არის შეტანილი და მათი დებიუტი ოლიმპიურ თამაშებზე 1996 წელს შედგა.

დღეს ფეხბურთი ყველზე პოპულარული თამაშია და მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს მსოფლიოში.
ფეხბურთის პოპულარობის სქემატური რუკა ქვეყნების მიხედვით: მწვანე ფერით აღნიშნულია ქვეყნები, სადაც ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა; წითლად – ქვეყნები, სადაც ფეხბურთი არაა პოპულარული. ფერების სხვადასხვა ტონალობა ყოველ 1000 კაცზე იმ ადამიანების რიცხვს ასახავს, რომლებიც ფეხბურთს თამაშობენ.

კომენტარები

comments