პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

შეფასების რუბრიკების მნიშვნელობა სწავლა-სწავლების პროცესში და მათი ტიპები

რა არის შეფასების რუბრიკა და რა მიზნით ვიყენებთ მას სწავლასწავლების პროცესში?

რუბრიკა შეფასების ეფექტური ინსტრუმენტია, რომელიც გამოიყენება როგორც მოსწავლეების ნამუშევრის, ასევე მუშაობის პროცესის შეფასების მიზნით. სწორედ რუბრიკის გამოყენება იძლევა ისეთი სამუშაოს შეფასების საშუალებას, როგორიცაა მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები, წერითი ნამუშევრები, პროექტები. ამ სამუშაოს შეფასება სწორხაზოვან სქემას არ ექვემდებარება და რომ არა რუბრიკა, მას არაობიექტურად და არათანმიმდევრულად შევაფასებდით.

შეფასების რუბრიკა სამი მთავარი ელემენტისგან შედგება:

  1. სამუშაოს შეფასების კრიტერიუმები (კომპონენტები);
  2. შეფასების სკალა (მიღწევის ხარისხობრივი დონეები);
  3. შეფასების სკალაზე გადანაწილებული მიღწევის დონეების აღწერილობები.

რუბრიკის ეფექტურობას სწორედ წარმოდგენილი კრიტერიუმების მიზნობრიობა, მათთან მისადაგებული მიღწევის დონეების  ზუსტი აღწერილობა და შეფასების სკალაზე ამ აღწერილობის  სწორად (ხარისხობრივ დონეებად) გადანაწილება განსაზღვრავს.

მთავარი მახასიათებელი, რაც  რუბრიკას შეფასების სხვა ინსტრუმენტებისგან გამოარჩევს, მისი „აღწერითი“ და არა „შეფასებითი“ ხასიათია. რუბრიკა აღწერს, თუ როგორი უნდა იყოს თითოეულ ხარისხობრივ დონეზე, თითოეული კრიტერიუმისთვის მოსწავლეების მიერ შესრულებული სამუშაო/ნამუშევარი, რაც შემდგომ შეფასების საფუძველი ხდება.

შეფასების რუბრიკა, მასწავლებლების მიერ მოსწავლეების შეფასებასთან ერთად,  მოსწავლეების თვითშეფასების, ურთიერთშეფასებისა და რეფლექსიის უნარის განვითარებას უწყობს ხელს. რუბრიკა ასევე გვეხმარება მოსწავლეების აკადემიური პროგრესისა და საჭიროებების შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვებაში, რომელიც  მათი  აკადემიური პრობლემებისა და სირთულეების იდენტიფიცირებას აადვილებს. შესაბამისად, ის განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტის ფუნქციას იძენს.

რუბრიკის ტიპებიმათი დადებითი და უარყოფითი მხარეები

რა სახის შეფასების რუბრიკები არსებობს და რა არის თითოეული მათგანის დადებითი და უარყოფითი მხარეები? რუბრიკის კატეგორიზაცია ორი განსხვავებული მახასიათებლის მიხედვით ხდება:

 ა. კრიტერიუმების წარმოდგენის ფორმა

 ბ. რუბრიკის შინაარსი

. ანალიტიკური და ჰოლისტური  შეფასების რუბრიკები

კრიტერიუმების წარმოდგენის ფორმის მიხედვით შეიძლება გამოვყოთ რუბრიკის ანალიტიკური და ჰოლისტური ტიპები.

ანალიტიკურ რუბრიკაში რამდენიმე კრიტერიუმი და თითოეული კრიტერიუმის შესაბამისი მიღწევის დონეების აღწერილობაა წარმოდგენილი; ჰოლისტურ რუბრიკაში კი შეფასების კრიტერიუმები ერთიანადაა წარმოდგენილი და, შესაბამისად, ყველა კრიტერიუმის შეფასება  შეფასების დონეების მიხედვით, ერთიანად ხორციელდება. შეფასების დონეები, ორივე ტიპის რუბრიკის შემთხვევაში, ციფრებით (მაგ., 1-4); ასოებით (მაგ., A- F) ან სიტყვებით (ძალიან კარგი – არადამაკმაყოფილებელი) აღიწერება.

ანალიტიკური რუბრიკა მოსწავლეების სამუშაოს/ნამუშევრის შეფასების უაღრესად ეფექტური ინსტრუმენტია. ის დეტალურ ინფორმაციას იძლევა შესასრულებელი დავალების შესახებ, რაც მოსწავლეებს განმავითარებელ ინფორმაციას აწვდის და უადვილებს იმის აღქმას, თუ რა და როგორ უნდა შეასრულონ. შესაბამისად, ანალიტიკური რუბრიკა განმავითარებელი შეფასების მძლავრი იარაღი ფუნქციას იძენს, თუმცა ის განმსაზღვრელი შეფასებისთვისაც შეიძლება იქნას გამოყენებული. ასევე, ანალიტიკური რუბრიკა მასწავლებლებს დიაგნოსტიკური ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობასაც აძლევს; რამდენიმე შემფასებლის შემთხვევაში კი მკვეთრად განსხვავებული შეფასებების ალბათობას ამცირებს.

ანალიტიკურ რუბრიკას უარყოფითი მხარეებიც აქვს; კერძოდ, მის შექმნას დიდი დრო და გამოცდილება სჭირდება – ბევრ პედაგოგს უძნელდება სხვადასხვა კრიტერიუმის განსაზღვრა და ყველა დონისთვის დეტალური აღწერილობის დაწერა, მოსწავლეები კი ვრცლად გაწერილმა რუბრიკამ შეიძლება დააფრთხოს. შესაძლოა, მათ თავი აარიდონ მის გულდასმით წაკითხვას.  ქვემოთ წარმოდგენილია ანალიტიკური რუბრიკის ნიმუში, რომელიც  მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს არა კონკრეტული დავალების შესამოწმებლად, არამედ მოსწავლეების საკლასო პროცესში ჩართულობისა და თანამშრომლობის უნარის  შეფასების მიზნით (ცხრილი 1). მსგავსი რუბრიკა მასწავლებელს როგორც განმავითარებელი,  ასევე განმსაზღვრელი შეფასებისას დაეხმარება.

 

ცხრილი 1: მოსწავლეების საკლასო შეფასება (ანალიტიკური რუბრიკა)

კრიტერიუმი არადამაკმაყოფილებელი

(1 ქულა)

დამაკმაყოფილებელი

(2 ქულა)

კარგი

(3 ქულა)

ძალიან კარგი

(4 ქულა)

ჩართულობა არ მონაწილეობს აქტივობებში, ან მონაწილეობს ძალიან იშვიათად. იშვიათად მონაწილეობს და შეაქვს წვლილი მხოლოდ ზოგიერთ აქტივობაში. აქტიურად მონაწილეობს და შეაქვს წვლილი აქტივობების უმრავლესობაში. აქტიურად მონაწილეობს და შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი ყველა აქტივობაში.
თანამშრომლობა არ თანამშრომლობს ან ძალიან იშვიათად თანატოლებთან წყვილებში/ჯგუფებში მუშაობის დროს. იშვიათად თანამშრომლობს თანატოლებთან წყვილებში/ჯგუფებში მუშაობის დროს.

 

ხშირად თანამშრომლობს კოლეგებთან წყვილებში/ჯგუფებში მუშაობის დროს.

 

ყოველთვის

თანამშრომლობს წყვილებში/ჯგუფებში მუშაობის დროს.

 

ჰოლისტური რუბრიკის დიდი უპირატესობა ისაა, რომ მისი შედგენა ადვილია და ცოტა დროს მოითხოვს. თუმცა, ანალიტიკური რუბრიკისგან განსხვავებით, ჰოლისტური რუბრიკა ნაკლებ ინფორმაციულია – მოსწავლეს არ აწვდის დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სამუშაოს კონკრეტულად  რომელ კომპონენტში დაიმსახურა მაღალი ან დაბალი შეფასება. შესაბამისად,  ის არა განმავითარებელი, არამედ განმსაზღვრელი შეფასების დროს უფროა სასარგებლო – მაშინ, როცა შეფასება მხოლოდ ნიშნის დაწერას ემსახურება და მისი შედეგები მოსწავლეებმა შეიძლება სულაც ვერ ნახონ (მაგ., გამოსაშვები გამოცდა; მისაღები გამოცდა). ქვემოთ წარმოდგენილია ჰოლისტური რუბრიკის ნიმუში, რომელიც საშინაო დავალების შესრულების ხარისხის შეფასებას ისახავს მიზნად (ცხილი 2).

ცხრილი 1: საშინაო დავალების შეფასების რუბრიკა (ჰოლისტური)

არადამაკმაყოფილებელი (1 ქულა) დამაკმაყოფილებელი

(2 ქულა)

კარგი

(3 ქულა)

ძალიან კარგი

(4 ქულა)

 

მონაწილე ვერ ავლენს წაკითხული მასალის ცოდნას.

მონაწილე ნაკლებად ავლენს წაკითხული მასალის ცოდნას; მოჰყავს, სულ მცირე, ერთი მაგალითი საკუთარი პრაქტიკიდან; უჭირს თავისი მოსაზრებების არგუმენტირებულად დასაბუთება. მონაწილე მეტწილად ავლენს წაკითხული მასალის ცოდნას; მოჰყავს, სულ მცირე, ერთი მაგალითი საკუთარი პრაქტიკიდან; ძირითადად ასაბუთებს თავის მოსაზრებებს არგუმენტირებულად. მონაწილე სრულად ავლენს წაკითხული მასალის ცოდნას; მოჰყავს, სულ მცირე, ორი მაგალითი საკუთარი პრაქტიკიდან, ასაბუთებს თავის მოსაზრებებს არგუმენტირებულად.

. ზოგადი და კონკრეტულ დავალებაზე მორგებული შეფასების რუბრიკები

შინაარსის მიხედვით შეიძლება გამოვყოთ რუბრიკის ზოგადი და კონკრეტულ დავალებაზე მორგებული  კატეგორიები.

ზოგადი რუბრიკა,  როგორც დასახელებიდან ჩანს, ზოგადი ხასიათისაა და მისი გამოყენება სხვადასხვა სახის დავალების შესაფასებლად  შეიძლება. შეგვიძლია მოსწავლეებს ის წინასწარ გავუზიაროთ, რაც მათ მუშაობის მიმართულებისა და სამუშაოს პრიორიტეტული კომპონენტების დანახვაში დაეხმარება.

ზოგად რუბრიკაში წარმოდგენილი შეფასების კრიტერიუმები არა კონკრეტული დავალების, არამედ სტანდარტით განსაზღვრული სასწავლო მიზნის კომპონენტებს წარმოადგენს (მაგ., მოცემული კრიტერიუმები წარმოადგენს პრობლემის გადაჭრის უნარის ზოგად მახასიათებლებს და არა რომელიმე კონკრეტული პრობლემის გადაჭრის გზებს).

ზოგად რუბრიკაში მიღწევის დონეების აღწერილობებიც განზოგადებული სახითაა წარმოდგენილი, რაც დადებით გავლენას ახსენს სწავლა-სწავლების პროცესზე. შეუძლებელია მოსწავლეები ყველა სახის დავალების შესრულებაში ვავარჯიშოთ: დავაწერინოთ ესე,  ჩავატარებინოთ პრეზენტაცია ნებისმიერ თემაზე,  გადავაწყვეტინოთ  ყველა სახის პრობლემური სიტუაცია, ჩავატარებინოთ ცდები ყველა ქიმიური ელემენტის გამოყენებით. მოსწავლეებისთვის სწორედ ზოგადი უნარებისა და კონცეპტუალური ცოდნის შეძენაა უმთავრესი და არა კონკრეტული დავალებისთვის წარმატებულად თავის გართმევა. ამგვარი მიდგომა ცოდნისა და უნარების სხვადასხვა სიტუაციაში გადატანას (“ტრანსფერს”) უწყობს ხელს,  მასწავლებლებს კი უბიძგებს, მოსწავლეებს არა კონკრეტული დავალების შესრულებაში, არამედი  ზოგადი ცოდნის მიღებასა და უნარების განვითარებაში დაეხმარონ.ზოგადი რუბრიკის მრავალჯერადი გამოყენება და მოსწავლეებისთვის მისი წინასწარ გაზიარებაა შესაძლებელი, რაც მათ შეფასებასა და  სწავლას შორის მჭიდრო კავშირის დანახვაში დაეხმარება.

ზოგადი რუბრიკის კიდევ ერთ დადებით მხარეს წარმოადგენს ის, რომ მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, განსაზღვრული მიზნის მისაღწევი გზები და მეთოდები თავად შეარჩიონ; მეტიც, მონაწილეებს თავადაც შეუძლიათ ზოგადი რუბრიკის შექმნის პროცესში მონაწილეობა, ვინაიდან ის ზოგადი/ლოგიკური კომპონენტების განსაზღვრასა და აღწერას მოითხოვს.

დავალებაზე მორგებული რუბრიკა კი ისეთი რუბრიკაა, რომელიც კონკრეტულ  დავალებასაა მორგებული და სხვა დავალების შესაფასებლად არ გამოდგება (მაგ.,  წარმოადგენს მოცემული პრობლემის გადაჭრის კონკრეტულ გზებს;  აღწერს პრობლემის გადაჭრის ერთ კონკრეტულ მეთოდს; წარმოადგენს იმ ფაქტებისა თუ ცნებების ჩამონათვალს, რომელიც მოსწავლემ უნდა გაითვალისწინოს და ნამუშევარში წარმოაჩინოს.

დავალებაზე მორგებული რუბრიკა მასწავლებელს მოცემული დავალების შეფასებას გარკვეულწილად უადვილებს, რადგან იძლევა დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა პასუხები/ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი მოსწავლის ნაშრომში, რომ ის დადებითად შეფასდეს. მასწავლებელი სწორედ ამ კონკრეტულ ინფორმაციას ეძებს და ნაკლებად სჭირდება დასკვნების გამოტანა და ვარაუდები. შესაბამისად, შეფასების პროცესიც უფრო სწრაფად მიმდინარეობს და სხვადასხვა პირის მიერ განხორციელებული შეფასებებიც უფრო თანმიმდევრული და თანხვდენილია.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ჩამოთვლილ უპირატესობებს არსებითი ნაკლიც ახასიათებს – რუბრიკა იმდენად კონკრეტული შეიძლება იყოს, რომ მოსწავლეებისთვის მისი გაზიარება არ იყოს მიზანშეწონილი. მსგავს რუბრიკას თუ  გავუზიარებთ, მათ წინასწარ მივაწვდით “სწორ პასუხებს”. ეს  მოსწავლეებს დავალების მექანიკურად/გაუაზრებლად შესრულებისკენ უბიძგებს. ასეთ შემთხვევაში რუბრიკა შეფასების “ჩექლისტს” ემსგავსება და  განმავითარებელი შეფასების დანიშნულებას კარგავს. კონკრეტულ დავალებაზე მორგებული რუბრიკა უხერხულობას ქმნის იმ მხრივაც, რომ ყოველი დავალებისთვის ხელახლა უნდა დაიწეროს, რაც მასწავლებლისგან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ასევე, დიდია ალბათობა, რომ ასეთ რუბრიკაში შეუმჩნეველი და/ან დაუფასებელი დარჩება დავალების ის ძლიერი მხარეები, რომლებიც რუბრიკის კომპონენტად არაა წარმოდგენილი.

არსებობს ანალიტიკური და ჰოლისტური რუბრიკების მრავალი ნაირსახეობა. პედაგოგები წარმატებით იყენებენ ერთდონიან რუბრიკას (ჯერენ ფლაკინგერი 2010). ის ანალიტიკურ რუბრიკას ჰგავს იმ მხრივ, რომ მასში კრიტერიუმები ცალ-ცალკეა წარმოდგენილი, განსხვავება კი ისაა, რომ ერთდონიან რუბრიკაში მხოლოდ ერთი – სამიზნე დონეა წარმოდგენილი  და არ არის მოცემული სტანდარტის არც ქვედა და არც ზედა დონის მიღწევის აღწერილობა.  ნიმუში, თუ როგორ შეიძლება სტანდარტული ანალიტიკური რუბრიკა (იხ. ცხრილი 1) ერთდონიან რუბრიკად გადაკეთდეს, იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

ცხრილი 3: ერთდონიანი რუბრიკის ნიმუში

სირთულეები

რა უნდა გავაუმჯობესო

სტანდარტით გათვალისწინებული დონე კრიტერიუმები ძლიერი მხარეები

რას ვაკეთებ განსაკუთრებით კარგად

კრიტერიუმი 1

აქტიურად მონაწილეობს და შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი ყველა აქტივობაში.

კრიტერიუმი 2

 

ყოველთვის

თანამშრომლობს წყვილებში/ჯგუფებში მუშაობის დროს.

 

შეამჩნევდით, რომ ერთდონიან რუბრიკაში  წარმოდგენილი სტანდარტის დონის აღწერილობა ანალიტიკური რუბრიკის (იხ. ცხრილი 1)  უმაღლეს დონეს შეესაბამება. ანალიტიკურ რუბრიკასთან შედარებით, ერთდონიანი რუბრიკის შევსება მეტ დროს მოითხოვს (მასწავლებელმა შეფასების შემოხაზვის ნაცვლად,  მოსწავლეების  სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ წერილობით კომენტარი უნდა გააკეთს), მაგრამ ასეთ რუბრიკას მნიშვნელოვანი უპირატესობები ახასიათებს.

ერთდონიანი რუბრიკა, ანალიტიკურთან შედარებით, გაცილებით ადვილად და სწრაფად შესადგენია. ის ნაკლებად გადატვირთულია და, შესაბამისად, მეტია ალბათობა, რომ მოსწავლეები მას დავალების შესრულებამდე გაეცნობიან. ამგვარი რუბრიკის უმთავრესი უპირატესობა ისაა, რომ ნაკლებად გაქცევთ ჩარჩოებში შეფასების პროცესში – გაძლევთ საშუალებას, მოსწავლეებს დაეხმაროთ იმის დანახვაში, თუ რა არის მათი სასწავლო მიზანი და ამასთანავე გიტოვებთ შესაძლებლობას, ის ძლიერი მხარეებიც დაუფასოთ, რაც სტანდარტით არ მოეთხოვებათ (მაგ., 1.  ცდილობს დაეხმაროს თანაკლასელებს;  2. ეხმარება მასწავლებელს ჯგუფების ორგანიზებასა და მართვაში);  სუსტი მხარეების შესახებ კი  მიზნობრივი კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა გეძლევათ.

ამგვარი ინდივიდუალური მიდგომისას აღარ გჭირდებათ იმარჩიელოთ, რას ვერ გაართმევენ  მოსწავლეები თავს დავალების შესრულებისას;  არც მათ შესაძლებლობს უსვამთ ზღვარს – თუ მოსწავლეებს წინასწარ ვუკონკრეტებთ  მიღწევის უმაღლეს დონეს, ამით შემოქმედებითობის განვითარებას ვაფერხებთ. მოსწავლეებს ხომ უსაზღვრო შესაძლებლობებით შეუძლიათ მართლაც გაგვაოცონ!

განხილულთა გარდა, მრავალი რუბრიკა არსებობს, რომლებსაც მასწავლებლები სხვადასხვა კონტექსტში, სხვადასხვა მიზნისთვის წარმატებით იყენებენ. ის, თუ რომელი რუბრიკაა თქვენთვის ყველაზე ეფექტური, თქვენი საჭიროებისა და მიზნების მიხედვით უნდა განსაზღვროთ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი