შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

გამოცდილებით სწავლა

წიგნში, რომელიც პირველ მსოფლიო ომს ეძღვნება, ავტორი ა.დ.პ. ტეილორი, სისხლიან ბრძოლას აღწერს. მოკავშირეებს გააფთრებული იერიში მიჰქონდათ გერმანელების კარგად გამაგრებულ პოზიციებზე. ტეილორი ასკვნის, რომ „შეცდომებიდან ერთადერთი დასკვნა გამოჰქონდათ: მიეტანათ განმეორებითი, ფართომასშტაბიანი იერიში“.

გამოცდილების მიღება თავისთავად არ იძლევა სწავლების გარანტიას. იმისათვის, რომ საკუთარ გამოცდილებაზე ვისწავლოთ, უნდა შევეცადოთ გამოცდილების თეორიასთან დაკავშირება და გავიაზროთ, სამომავლოდ რის გაუმჯობესებაა საჭირო. ამ ამოცანის გადაჭრის შემდგომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ „საფრენი სივრცის გარჩევა“. „გამოცდილებით სწავლა“ ციკლური პროცესი ერთნაირია როგორც სამხედრო სტრატეგიის შესასწავლად, ასევე კორონალური ავადმყოფების მკურნალობისთვისაც და თხზულების დასაწერადაც. მივყვებით რა ამ ციკლს, ჩვენ ვსწავლობთ სწავლების მეთოდებს.

„გამოცდილებით სწავლის“ ციკლი პირველად დიუის მიერ იქნა შემოთავაზებული, შემდეგ ეს იდეა დევიდ კოლბმა განავითარა. მოსწავლეებს ამ ციკლის დაწყება, ნებისმიერ ეტაპზე შეუძლიათ, მაგრამ ეს ეტაპები, გარკვეული თანმიმდევრობით უნდა განხორციელდეს.

in1

 მოვახდინოთ ამ ციკლის ილუსტრირება მაგალითებზე. წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ გსურთ, გამოზარდოთ სტაფილო. თქვენ ამ პროცესის დაწყება შეგიძლიათ მეორე სტადიიდან, მოახდენთ რა, სტაფილოს გაზრდის თქვენეული გამოცდილების, კრიტიკულ მიმოხილვას. ეს მიგიყვანთ კონცეპტუალიზაციასთან (3 სტადია), როცა თქვენ განიხილავთ საკუთარ გამოცდილებას, თეორიის ჭრილში, მაგალითად, ნიადაგის ტიპისა და მისი მჟავიანობის გაღვივება, სტაფილოს ჯიშის გავლენები და სხვა. შედეგად მიხვალთ გეგმის ფორმირებამდე – როგორ გამოზარდოთ ხარისხიანი სტაფილო შემდეგ წელს (სტადია 4). შემდეგ შეგიძლიათ საკუთარი გეგმის კრიტიკული განხილვა (2 სტადია) და ა.შ.

სწავლის პროცესი ციკლურია და უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. პრაქტიკულად, ყველა წარმატებული სწავლება გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ამ ციკლს ექვემდებარება. მოდით, განვიხილოთ მასწავლებლის მაგალითზე, რომელიც სასწავლო დავალებებს ისე არჩევს და გეგმავს, რომ სწავლის ციკლს მიჰყვეს. ეს მოახდენს ჩვენი სწავლების მაქსიმალიზაციას.

მაგალითის ანალიზი

 

მასწავლებელი სტუდენტებს ასწავლის რესტორანის სამზარეულოს ორგანიზებას. ყოველ კვირა ერთი ოთხსაათიანი გაკვეთილის განმავლობაში ისინი სასწავლო რესტორანში მუშაობენ, სადაც სტუდენტები ამზადებენ საჭმელს კლიენტებისთვის. ისინი რეალურ სამუშაო გამოცდილებას იღებენ!

რესტორანში მეცადინეობის შემდეგ (1) პედაგოგი სტუდენტებთან აწყობს მიმოხილვით შეკრებას, სადაც განიხილავენ მიღებულ სამუშაო გამოცდილებას. დასაწყისისთვის პედაგოგი ყველას სთხოვს, იმსჯელონ, თუ როგორ ჩაიარა სამუშაომ (2). ჯერ ხდება ფაქტების შეგროვება, შემდეგ სტუდენტებს სთავაზობს, იმსჯელონ ისეთ საკითხებზე როგორიცაა: „რაში გამოიხატება ჯგუფის წარმატება და წარუმატებლობა?“, „თავს როგორ გრძნობდნენ, პრაქტიკული სამუშაოს პროცესში?“, „რა მოხდებოდა თუ კი…?“, „რას გრძნობდნენ, როცა სამუშაო არც თუ სწორად მიდიოდა?“, „შეეძლოთ თუ არა კარგად მუშაობა, როცა აჩქარებდნენ?“, “ხომ არავინ განიცდიდა დისკომფორტს საკუთარი საქმის შესრულებისას?“, და ა.შ. სამუშაოს განხილვისას მთავარია, გულახდილი, კეთილგანწყობილი კრიტიკა, ამასთან შეცდომები განიხილება, როგორც გარდაუვალი და სასარგებლოც კი. წარუმატებლობა არ არის საგანგაშო, თუ აქედან დასკვნების გაკეთება შეგიძლია.

in2

მიმოხილვის შემდეგ პედაგოგი გადადის კონცეპტუალიზაციაზე (3) – რა საერთო დასკვნების გამოტანა შეუძლია ჯგუფს მიღებული გამოცდილებიდან? პედაგოგს ალბათ მოუწევს “მეანის“ როლში ყოფნა, რადგან ეხმარება, ერთი შეხედვით ერთმანეთთან კავშირის არმქონე მოვლენების განზოგადებაში – „თუ არის  სამუშაო, მაშინ უნდა იყოს მასზე პასუხისმგებელიც“ ან „ყველაფერი მზად უნდა იყოს, ნებისმიერი კერძის დასამზადებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, კლიენტს მოუწევს მოცდა“ და ა.შ. აუცილებელია, რომ ამ სასწავლო დასკვნებს პრაქტიკაში დიდი ყურადღება დაეთმოს. სამუშაოს ძირითადი პრინციპები, რომლებიც ამ ეტაპზე იქნა გამოტანილი, ასახული უნდა იყოს სტუდენტთა კონსპექტებში და, რაც უმთავრესია, გათვალისწინებულ უნდა იქნას შემდეგისათვის. პედაგოგის მხრიდან მსგავსი დახმარების გარეშე ბევრი სტუდენტი ვერ შეძლებს გამოცდილებიდან გაკვეთილის მიღებას.

შემდეგი სტადია მიღებული ახალი გამოცდილების დაგეგმვაა (4): სტუდენტებს სთხოვენ, დაფიქრდნენ, შემდეგი პრაქტიკული მეცადინეობისათვის როგორ  შეძლებენ საკუთარი სამუშაოს უკეთ ორგანიზებას. ყოველივე ეს დეტალურად უნდა იყოს გაწერილი და  თითოეულმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს გარკვეული ფუნქცია. სტუდენტებს სთავაზობენ, შეადგინონ მოქმედების ინდივიდუალური გეგმა: მაგალითად, ჯონი თანახმაა წინასწარ წაიკითხოს საჭირო რეცეპტები, პაოლა ვალდებულებას იღებს, მორიდების გარეშე ითხოვოს დახმარება, თუკი ჩამორჩა და ა.შ.

      მსგავსი დისკუსიები, დროს მოითხოვს; ამიტომ დისკუსია უნდა შემოიფარგლოს ერთი-ორი თემით.

       შემდეგ დაწვრილებით განვიხილავთ, გამოცდილებით სწავლის ოთხ სტადიას.

  1. კონკრეტული გამოცდილების მიღება

 

მიღებული გამოცდილება შეიძლება იყოს რეალისტური – მაგალითად, ჩარხთან მუშაობა.

ნაკლებად ეფექტურია „რეალური პირობების“ იმიტაციაზე მიღებული გამოცდილება. აი, ამ უკანასკნელის რამდენიმე მაგალითი:

გამოცდილი სპეციალისტის სამუშაოზე დაკვირვება (უშუალოდ ან ვიდეო ჩანაწერით); მაგალითად, სავაჭრო კოლეჟის სტუდენტი აკვირდება გამყიდველის მუშაობას.

კონკრეტული სიტუაციის ანალიზი. მაგალითად, ექიმები არჩევენ ავადმყოფობის ისტორიებს ან მენეჯმენტის კურსის მსმენელები განიხილავენ წარმოებაზე გაფიცვის შემთხვევებს.

მოსწავლეები განიხილავენ ერთმანეთის გამოცდილებას. მაგალითად, რჩევას იღებენ, თუ როგორ დაწერონ უკეთ თხზულება. განიხილავენ სტაჟირებაზე მიღებულ გამოცდილებას და ა.შ. (მსგავსი დავალებებისთვის მეტად გამოსადეგია დღიურები და ჟურნალები).

იმიტაციური და როლური თამაშები. მაგალითად, სტუდენტები, რომლებიც შეისწავლიან საწარმოო ურთიერთობებს, სამუშაო დავას ათამაშებენ.  ჯგუფის ნაწილი, ხელმძღვანელთა როლშია, ნაწილი კი – თანამშრომლების.

სიმულაცია. მაგალითად, მედდები მუშაობენ, რეანიმაციის კომპიუტერულ  სიმულაციაზე.

დემონსტრაცია. მაგალითად, მოსწავლეები თვალს ადევნებენ, მასწავლებლის  გამოცდილებას.

„კონკრეტული გამოცდილების მიღება“ მოსწავლეთა მხრიდან გამოყენებულ უნდა იქნას საკუთარი იდეების, მეთოდებისა და გეგმების აპრობაციისათვის, და არა კარგად ცნობილი პროცედურის, გაუაზრებელი გამოყენებისთვის. მაგალითად, როდესაც მოსწავლეები ლექსს თხზავენ თუ თვალს ადევნებენ გამოცდილი სოციალური მუშაკის ქმედებებს ისინი უნდა გაეცნონ მუშაობის ახალ, მათთვის უცნობ  ხერხებს. იდეალში “კონკრეტული გამოცდილების მიღებას“ წინ უსწრებს „ახალი გამოცდილების მიღების დაგეგმარება“ (4ეტაპი).

სამუშაო გამოცდილებით სწავლა

გრეხამ გიბბსი, თავის არაჩვეულებრივ წიგნში „სწავლა მოღვაწეობის მეშვეობით“ სამუშაო სიტუაციების მოდელირების უპირატესობების შემდეგ ჩამონათვალს გვთავაზობს:

·                     ჩვევების ფორმირება ხდება უსაფრთხო გარემოში;

·                     თეორიის ილუსტრირება ხდება პრაქტიკით;

·                     ყალიბდება პიროვნებათაშორისი ჩვევები;

·                     იზრდება სამუშაოში ჩართულობის ხარისხი;

·                     თეორია ან განზოგადებები კონკრეტული მაგალითებიდან გამომდინარეობს;

·                     ხდება პროფესიული მომზადება;

·                     ხდება გამოცდილების ფორმირება, რომელიც რთულია ან შეუძლებელია მისი სხვა გზებით მიღება.

  1. მიღებული გამოცდილების მიმოხილვა

მიმოხილვა გულისხმობს, „კონკრეტული გამოცდილების“ სისტემურ და ობიექტურ ანალიზს, შესაძლოა გამოცდილების მიღების პროცესში განცდილი შეგრძნებების მოშველიებითაც. მიმოხილვა შესაძლოა პედაგოგმა განახორციელოს, მაგრამ ძირითად მიზანს ამ სამუშაოს დამოუკიდებლად განხორციელების უნარის ჩამოყალიბება წარმოადგენს.

თვითშეფასებითი მიმოხილვა

 

პედაგოგის მუდმივად მიმართვა შედეგების შეფასებისკენ საფრთხის შემცველია. თუ კი მოსწავლეს არ ეძლევა საშუალება, შეაფასოს საკუთარი გამოცდილება, ისინი ვერ ავითარებენ საკუთარი შედეგების ანალიზის უნარს და შესაბამისად, ვერ ხდება მათი სრულყოფა.

მოსწავლეთა ამ დონეზე მიყვანა პედაგოგის სამუშაო მიზანი უნდა იყოს, რათა მათ დამოუკიდებლად შესძლონ მიმოხილვის ჩატარება და საკუთარი სამუშაოს შეფასება. მიმოხილვისას, შეკითხვის გზით  თვითშეფასების სტიმულირება შეგიძლიათ: “რა სირთულეებს წააწყდით?“ ეს გაცილებით ეფექტურია, ვიდრე მაშინვე დასკვნის გამოტანა: „თქვენი პრობლემა არასაკმარის მომზადებაშია!“

თვითშეფასების სტიმულირებისათვის თქვენ ასევე შეგიძლიათ, მოსწავლეებს სამუშაოს დაწყებამდე შესთავაზოთ თვითშეფასების ანკეტის შედგენა. ეს ემსახურება ორ მიზანს – ანალიზის წახალისებას და მოსწავლის ძალისხმევის საჭირო მიმართულებით წარმართვას.

სამუშაოს დაწყებამდე დაავალეთ მოსწავლეებს, დაწერონ „სამახსოვრო“ კრიტერიუმებით, რომლებიც განსაზღვრავს სამუშაოს ხარისხს. ხშირ შემთხვევაში, მოსწავლეები პედაგოგზე უფრო მომთხოვნი არიან საკუთარი სამუშაოს შეფასებისას.

კრიტერიუმების ჩამონათვალი იმ მოსწავლის თვითშეფასებისათვის, რომელიც კრების თავმჯდომარეობას სწავლობს.

1.                   დღის წესრიგის დაცვა;

2.                   მონაწილეთა ინტერესის შენარჩუნება;

3.                   თემიდან გადახვევების თავიდან არიდება;

4.                   ყველა მონაწილისთვის საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალების მიცემა;

5.                  მიღებული გადაწყვეტილებების რეზიუმირება.

 

თვითშეფასება ანალიზისა და დასახული მიზნის მისაღწევად მიზანმიმართული მუშაობის სტიმულირებას ახდენს, ასევე ეხმარება მოსწავლეს, პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ სწავლებაზე.

 ურთიერთშეფასება

 

ურთიერთშეფასება – ანალიზის სტიმულირების კიდევ ერთი საშუალებაა. როგორც თვითშეფასებისას, აქაც შეიძლება გამოვიყენოთ სამახსოვროები და კრიტერიუმთა ჩამონათვალები; ურთიერთშეფასებასაც იგივე უპირატესობები აქვს, რაც თვითშეფასებას.

დღიურები და ჟურნალები

საკუთარი გამოცდილების ანალიზის სტიმულირების კიდევ ერთი საშუალება: მოსწავლეები, საკუთარ შთაბეჭდილებებს ყოველდღიურად იწერენ. დღიურები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ძლიერია მიღებული გამოცდილების ემოციური მხარე, მაგალითად, როგორც სოციალურ სამსახურში, პედაგოგიკაში ან მედიცინაში.

პედიატრიულ განყოფილებაში გატარებული დღის შემდეგ პრაქტიკანტ მედდას, შეუძლია დღიურში ჯერ ფაქტები შეიტანოს, ხოლო შემდეგ საკუთარი ემოციები; აღწეროს სიძნელეები, რომელთაც წააწყდა; და დადებითი მომენტები თუ სიტუაციები, როცა თავი არაკომფორტულად იგრძნო,  რაში გამოიხატა მისი სუსტი და ძლიერი მხარეები.

როცა დღიურში პრობლემებია აღწერილი, მაშინ მოსწავლეს სთხოვენ მათი გადაჭრის ან აღკვეთის შესაძლო გზების აღწერას.

„კონკრეტული გამოცდილების“ მიღებას სანამ შეუდგებით, სასარგებლო იქნება თუ მოსწავლეებს შეუთანხმებთ „მაზონდირებელ კითხვებს“, რომლებსაც საკუთარ დღიურებში გასცემენ პასუხს. ეს ჩანაწერები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მიმოხილვის სტადიაზე და სხვა პრაქტიკანტებთან გამოცდილების განხილვისას. გაკვირვებას იწვევს, როგორ ახერხებენ პრაქტიკანტები, სტაჟირების ან პრაქტიკის ბოლოს იქ ნასწავლიდან ბევრი რამ დაივიწყონ. დღიურები საუკეთესო საშუალებაა მიღებული გამოცდილების გადასარჩენად, რაც შემდგომში მოსწავლეს ან მთელ ჯგუფს გამოადგება. სავსებით შესაძლებელია თქვენც დაგჭირდეთ დღიური ან ჟურნალი. ეს განხილულია 46 თავში – ყველაფერი, რაც იქაა მოცემული თანაბარწილად ეხება როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებსაც!

ნდობის მნიშვნელოვნება

 

მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის ნდობის ატმოსფერო უნდა სუფევდეს, რათა მოსწავლემ შესძლოს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების სამართლიანად განსჯა. ამ მიზეზით უმჯობესია, მიმოხილვისა და შეფასების განცალკევება. მიმოხილვის მიზანია –  არა შეფასების მიღება, არამედ სწავლა. ძალიან ბევრი სასწავლო დავალებები ამ სტადიაზე ჩერდება და აღარ გრძელდება. მაგალითად, მოსწავლე წერს თხზულებას, იღებს შეფასებას და პროცესი სრულდება (შემდეგ, დაწვრილებით განიხილება სწავლების ციკლები, რომლებიც სასწავლო დავალებების შემდგომი გამოყენების საშუალებას წარმოადგენს).

 

გამოცდილების კავშირი თეორიასთან

 

ამ ეტაპის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს, საკუთარი “კონკრეტული გამოცდილების“  თეორიასთან დაკავშირებაში.

 შეეკითხეთ მათ:

რატომ იყო ეს წარმატება წარმატება? რატომ იყო ეს წარუმატებლობა წარუმატებლობა? როგორ  სჯობს შემდეგისთვის სამუშაოს შესრულება? რა მოხდებოდა, სამუშაო სხვაგვარად რომ შემესრულებინა?

უმჯობესია შეკითხვა იყოს განზოგადებული.

შესაძლოა მოსწავლეებს დასჭირდეთ იმ საგნის სხვაგვარად ხედვა, რომელსაც სწავლობენ. ზოგჯერ კონკრეტული გამოცდილება შესაძლოა თეორიის დადასტურებას ემსახურებოდეს. ამ შემთხვევაში მესამე სტადია დიდ დროს არ წაიღებს.

წყარო:

1.Geoff Petty.Teaching Today a Practical Guide. 4-th Edition Publisher: Oxford University Press. 2009, p. 384-389.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი