ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

 სტაინბეკის რომანი, რომლის დავიწყება არ შეიძლება

ყველაზე მეტად მიყვარს დავიწყებულ, გვერდით გადადებულ და მტვერდადებულ წიგნებზე წერა. თანამედროვე ეპოქაში რთულია ყველა გენიალური ნაწარმოების აღმოჩენა და წაკითხვა. აღმოჩენის პროცესს ართულებს, აფერხებს და ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის ლიტერატურის საბჭოთა კომპლექსებით შებოჭილი კრიტიკოსების საქმიანობაც. მათთვის სოციალური კონფლიქტის საფუძველზე შექმნილი ნაწარმოებები ნებისმიერ შემთხვევაში ბოლშევიკურ რეალიზმთან ასოცირდება.

 საქართველოსა და მთელ მსოფლიოში ჯონ სტაინბეკი დავიწყებული ავტორი ნამდვილად არ გახლავთ. ამერიკელი ნობელიანტის ნაშრომებს დედამიწის ყველა კუთხეში დღემდე აქტიურად კითხულობენ. არაერთი ინგლისურენოვანი ქვეყნის საშუალო სკოლებში კალიფორნიელის მოთხრობები სავალდებულო სასწავლო ლიტერატურად მიიჩნევა. ქართველი მთარგმნელებიც და გამომცემლობებიც ხშირად მუშაობენ სტაინბეკის ნაწარმოებებზე. მიუხედავად მწერლის პოპულარობისა, მაინც შეიძლება ვისაუბროთ მის ერთ  ნაწარმოებზე.

გსმენიათ „მრისხანების მტევნების“ შესახებ? ეს ის მრისხანების მტევნებია, რომლებიც ყველა ჩაგრულის, უსამართლობის მსხვერპლისა და სიღარიბის გამო გარიყული ადამიანის გულში მწიფდება. სტაინბეკის ამ რომანმა გასული საუკუნის მეორე ნახევარში პულიცერის პრემია დაიმსახურა. თუმცა, საყოველთაო აღიარების გარდა წიგნის გამოქვეყნებას სერიოზული წინააღმდეგობაც შეხვდა. საზოგადოების ელიტური ფენები განსაკუთრებული მონდომებით ებრძოდნენ ნაშრომს. გამოცემა ბევრგან დაწვეს, კონსერვატიული შტატების ბევრი ბიბლიოთეკიდან კი წიგნი უბრალოდ გაქრა. საზოგადოებრივი ვნებათაღელვისა და რიგი გაერთიანებების აღშფოთების დაცხრობის მიზნით, სენატში შექმნილმა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა- კომისიამ  მწერლისგან ნაწარმოებში აღწერილი ფაქტების სინამდვილის დასაბუთება ითხოვა. ცხადია, სიმართლის დასაბუთება სტაინბეკს საერთოდ არ გასჭირვებია.

რატომ გამოიწვია „მრისხანების მტევნებმა“ გავლენიან პირთა აღშფოთება?

წიგნში ჯოუდების ოჯახის ტრაგედიაა აღწერილი. ჯოუდები ოკლაჰომელი ფერმერები არიან. „დიდი დეპრესიის“ შედეგებმა ოჯახისა და მთელი შტატის ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა მოახდინეს. ოჯახი ბანკის ვალის გამო გაკოტრდა და იძულებული გახდა „აღთქმული მიწისკენ“, კალიფორნიისკენ გამგზავრებულიყო. გაჭირვებულ ადამიანებს იმედი ჰქონდათ, რომ ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე სამუშაოსა და ელემენტარულ შემოსავალს  მოიპოვებდნენ. სამწუხაროდ, მათ და კიდევ მილიონობით მომთაბარე ოკლაჰომელის ნატვრას ასრულება არ ეწერა. ზოგჯერ ყველაზე უბრალო ოცნებების ახდენაც კი უტოპიად იქცევა ხოლმე.

ნაწარმოებში რიგითი ადამიანების უმძიმესი ყოფა არის აღწერილი. მკითხველი შესანიშნავად აღიქვამს იმას, თუ რას განიცდის მშობლიური კერიდან გაძევებული ადამიანი. ნაწარმოებში თვალსაჩინოდ წარმოჩნდება რიგითი მოქალაქის ცხოვრებასა და უპატრონო ცხოველის ყოველდღიურობას შორის არსებული დამთრგუნველი მსგავსება. ჩვენ ვხედავთ, როგორი მორალი უყალიბდებათ იმ პირებს, რომლებიც გამდიდრების ან შიმშილისგან გადარჩენის ვნებით არიან შეპყრობილნი. რომანში შესანიშნავად არის დასურათებული ე.წ. „ჰუვერვილებში“, თუნუქის სახლებისგან შეკოწიწებულ დროებით სოფლებში მოქმედი წესები.

ნაწარმოებში სტაინბეკი ამერიკის ძირითადი სოციალური ინსტიტუტების კრიტიკასაც გვთავაზობს. მაგალითად, ის ამხელს პოლიციას, რომელიც მიწათმოქმედებისა და მიწათმფლობელების მიმართ ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს. მწერალი თავს ესხმის საჯარო მოხელეებს, რომლებიც მოქალაქეთა მხოლოდ პრივილეგირებულ ჯგუფებს უმართავენ ხელს. კალიფორნიელის რომანის უამრავი პასაჟი დაფუძნებულია ბიბლიურ სიბრძნეზე. ავტორი სახარების შესანიშნავ და ორიგინალურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. მიუხედავად ამისა, პულიცერის პრემიის ლაურეატი საეკლესიო პირების უსარგებლო მოქმედებაზე თვალს არ ხუჭავს და მათ რეგრესულ საქმიანობასაც თამამად ამხელს. სტაინბეკი უზუსტესად გადმოგვცემს სიღარიბის გამო ფანატიზმის მსხვერპლად ქცეული მორწმუნის ქცევას. ლიზბეტ სედერი ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზად შიმშილს, უსახლკარობასა და სიცივეს, ანტისანიტარიის შედეგად გავრცელებულ ეპიდემიებს კი არ მიიჩნევს, არამედ ყველა უბედურების სათავედ საღამოს ცეკვებში მონაწილეობის მიღებას განიხილავს.

წიგნი გამორჩეულია პერსონაჟების მრავალფეროვნებითაც. პერსონაჟების უმრავლესობა უნიკალურ, სრულიად გამორჩეულ სახეხატებს ქმნის. უამრავ რომანში ვხვდებით დედის ფიგურას, მაგრამ დედა ჯოუდის მსგავსი როლი მე არსად შემხვედრია. დედა ჯოუდი ოჯახის გამაერთიანებელი, შესანიშნავი ორგანიზატორი და სასოწარკვეთილი ადამიანების უკანასკნელი იმედია. ამავდროულად იგი ინარჩუნებს ქალისთვის მიწერილ ყველა ტრადიციულ მახასიათებელს – იგი უკანასკნელ ლუკმას უყოფს ჯოუდების გვერდით აღმოჩენილ მათზე გაჭირვებულ წყვილებსა და ბავშვებს, ასრულებს საშინაო საქმეებს, იჩენს დედობრივ მზრუნველობას. დედა ჯოუდი არის ადამიანი, რომელიც დაშლისთვის განწირულ ოჯახს, ავად თუ კარგად, მაინც ინარჩუნებს, მის გარეშე უბედურება  უფრო მძიმე იქნებოდა.

სტაინბეკის  რომანის მთავარი ღირსება მაინც ფინალური სცენაა. სიცივის, შიმშილისა და გაუმართავი  მანქანით რამდენიმეთვიანი მტანჯველი მგზავრობის გამო ორსული ქალი ვერ ხდება დედა, ვერ აჩენს ახალ სიცოცხლეს. მიუხედავად ამისა, გაწამებული ქალი სიკეთის კეთებისა და  სხვისი თანადგომის სურვილს არ კარგავს და  საკუთარი რძით რამდენიმე კვირის განმავლობაში საკვების გარეშე დარჩენილ ახალგაზრდას გადაარჩენს.

ჩვენს მოსწავლეებს ნამდვილად გამოადგებათ ამგვარი დრამის წაკითხვა და წიგნიდან შესაბამისი დასკვნების გამოტანა. იმედია, ბუკინისტურ დახლებზე რამდენიმე თქვენგანი მაინც მიაგნებს გენიალური რომანის ძველ გამოცემას. მტკიცედ მწამს, რომ ნამდვილი ამერიკის აღმოჩენა უპირატესად სტაინბეკისა და ო’ჰენრის წიგნებშია შესაძლებელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი