ბავშვობის დასაცავად

 

ჩვენი შვილი 2 წლისა და 6 თვისა იყო, ბაღში რომ მივიყვანეთ (ალბათ, ვერასოდეს ვაპატიებ საკუთარ თავს). ორი კერძო ბაღი გამოიცვალა… ერთიდან იმიტომ წამოვიყვანეთ, რომ ოთხი წლისას სამი კბილი ჰქონდა გაფუჭებული კანფეტების უზომო ჭამის გამო. სკოლამდელი აღზრდის პროფესიონალი ამტკიცებდა, ბავშვებს გონებრივი განვითარებისთვის გლუკოზა სჭირდებათ, კანფეტი კი გლუკოზააო. მეორეში, როცა არ უნდა მივსულიყავი, ტელევიზორთან ისხდნენ. აღმზრდელებს ვუთხარი, ექიმმა გვირჩია, 5 წლამდე არ ვაყურებინოთ–მეთქი. დაახლოებით სამი დღე ეყოთ, მერე ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა… მალე სკოლაში უნდა მისულიყო და კიდევ ერთი ახალი ბაღისთვის ვეღარ გავიმეტეთ.

გამორჩეულად მიუღებელი მიზეზები გაგიზიარეთ, „წვრილმანებით“ (სხვადასხვა ასაკის ბავშვების ერთად ყოფნა, უმოძრაობა, უხალისობა, ბავშვებისა და მასწავლებლების ლამის სიცოცხლის ფასად დადგმული წელიწადში, სულ მცირე, ორი წარმოდგენა–ზეიმი) თავს აღარ შეგაწყენთ.

სკოლის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი კეთილგანწყობილი გარემო და დღის მეორე ნახევრის აზრიანად გატარება იყო – ვიფიქრეთ, რა გადასარევი ძიძაც არ უნდა გვყავდეს, მხოლოდ მასთან ურთიერთობას, ალბათ, თანატოლებთან ერთად ყოფნა სჯობიაო. არ ვიცი, ვცდებით თუ არა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ წერა–კითხვას და ანგარიშს სკოლის გარეშეც ისწავლის კაცი, მოწამლულ ფსიქიკას კი ძნელად ეშველება.

გაგვიმართლა – არც ბავშვები ერჩიან ერთმანეთს და არც მასწავლებლები – ბავშვებს, მაგრამ… პირველი კლასიდანვე დაიწყეს ინგლისურისა და გერმანულის სწავლა, მეორისა – უფრო ინტენსიურად; მეორე კლასში ორივე ენის ანბანი ისწავლეს; მესამეში უკვე დავალებების წერაც მოუხდათ, წლის ბოლოს კი კრებაზე გვითხრეს, მეოთხე კლასიდან რუსული ენის შესწავლას ვიწყებთო…

იმაზე, რომ ბავშვები დილის ცხრიდან საღამოს ხუთამდე (ცეკვისა და სპორტის გაკვეთილებს თუ არ ჩავთვლით) ძირითადად სხედან, რადგან სკოლას დღის მეორე ნახევარში საშინაო დავალებების შესრულების ვალდებულება აქვს ნაკისრი, იმაზე, რომ დერეფანში სარბენი ადგილი არ არის, პაწაწინა ეზოში კი უბრალოდ არ ჩაჰყავთ, სხვა დროს დავწერ. ჩემი შვილის თანაკლასელები სკოლის შემდეგ სხვადასხვა წრეზეც დადიან და გამოდის, რომ ზრდასრულებივით სრული სამუშაო დღე აქვთ.

თავადაც იცით, რომ ენების ადრეული შესწავლის შესახებ მოსაზრებები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან – „ძალიან კარგიადან“ „სრულიად მიუღებელიამდე“. პირველი მოსაზრების გამზიარებელთა არგუმენტი ადრეული ასაკის უსაზღვრო გონებრივი შესაძლებლობებია, მეორის მიმდევრებისა – მშობლიური ენის ჯერ კიდევ არასათანადო ცოდნა და ენობრივი ელემენტების შედარების შეუძლებლობა. ჩვენს სინამდვილეში ადრეულ ასაკში ენების სწავლების კონტრარგუმენტად ენის შესასწავლად სრულიად შეუფერებელი გარემო, მასწავლებელთა არაპროფესიონალიზმი და ბევრი სხვა რამ შეგვიძლია მოვიხმოთ.

საქმე მხოლოდ შესასწავლი ენების სიმრავლე როდია – საქმე არაბავშვური ბავშვობაა. ამიტომაც გადავწყვიტე ტრეისი ჯილეტის (Tracy Gillett) ბლოგის „ბავშვობის გამარტივებამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემებისგან დაგვიცვას“ თარგმნა და გაზიარება.

„მამაჩემს ბავშვობაში ყოველ ზამთარს თითო ჯემპრი ჰქონდა. მხოლოდ ერთი.

იხსენებს ხოლმე, როგორი თავდადებით ზრუნავდა და ძვირფასი ნივთივით უვლიდა. თუ ჯემპრს იდაყვები გაუცვდებოდა, ბებია უკემსავდა.

ჰქონდა ყველაფერი, რაც სჭირდებოდა, არც მეტი, არც ნაკლები. ერთადერთი წესი სადილობის დროს შინ ყოფნა იყო.

შტაბების შენება, მშვილდ–ისრებისა და შურდულების გამოთლა, დაჟეჟილი სხეული, გადატყავებული მუხლები, თავისუფალი დრო მისი ბავშვობის განუყოფელი ნაწილი იყო.

სამყარო შეიცვალა. ადამიანები გავრთულდით. უნიკალური პერიოდი გვიდგას – მშობლები აღარ ვიბრძვით იმისთვის, რომ საკმარისი მივცეთ შვილებს; გვიჭირს, წინააღმდეგობა გავუწიოთ ჰიპერმზრუნველობის ხიბლს. ამის შედეგად გაუცნობიერებლად ვქმნით გარემოს, რომელშიც ფსიქიკური პრობლემები „ყვავის“.

კიმ ჯონ პეინე თავის წიგნში „გამარტივებული აღზრდა“ წერს: „მეტისმეტის“ სტრესთან ნორმალური ადამიანის თავისებურებათა შერწყმამ შესაძლოა ბიძგი მისცეს უწესრიგობას“. ამ დროს ბავშვი აკვიატებულად იქცევა და კონცენტრირება უჭირს.

პეინემ ჩაატარა გამოკვლევა, რომლის დროსაც ყურადღების დეფიციტის სინდრომის მქონე ბავშვებს ცხოვრება გაუმარტივა. ოთხი თვის განმავლობაში ბავშვების 68% კლინიკურად დისფუნქციურიდან კლინიკურად ფუნქციური გახდა. 37%–ით გაიზარდა მათი აკადემიური და შემეცნებითი შესაძლებლობები. ამგვარ შედეგს ვერ იძლეოდა რიტალინის მსგავსი პრეპარატები, რომლებსაც ასეთ დროს უნიშნავენ.

მშობლებისთვის ეს გამოკვლევა იმედის მომცემიც არის და შემაშფოთებელიც. ჩვენ ოფიციალურად გვაკისრია პასუხისმგებლობა, უზრუნველვყოთ შვილების ფიზიკური, ემოციური და გონებრივი განვითარების ხელშემწყობი გარემო. მაშ, რას ვაკეთებთ არასწორად და როგორ შეგვიძლია ამის გამოსწორება?

 

„მეტისმეტის“ ტვირთი

კარიერის დასაწყისში პეინე ჯაკარტაში დევნილთა ბანაკში მოხალისეობდა, სადაც ბავშვებს ტრავმის შემდგომი სტრესისთვის დამახასიათებელი დარღვევები ჰქონდათ. ამ ბავშვების აღწერისას ის ისეთ ზედსართავებს იყენებს, როგორებიცაა: „მოუსვენარი“, „თავშეუკავებელი“, „ნერვული“, „ჰიპერფხიზელი“, „შეშინებული უცხოსა თუ ახლის წინაშე“.

წლების შემდეგ პეინეს კერძო პრაქტიკა ჰქონდა ინგლისში, რომლის დროსაც არაერთ შეძლებული ოჯახის შვილს ქცევის ისეთივე დარღვევები შეამჩნია, როგორიც შორეულ საომარ ზონაში მცხოვრებ ბავშვებს ჰქონდათ. რატომ უნდა ჰქონოდათ მზრუნველ ატმოსფეროში, დაცულ გარემოში მცხოვრებ ბავშვებს ეს სიმპტომები?

პეინე ამბობს, რომ, მიუხედავად ფიზიკური უსაფრთხოებისა, ეს ბავშვები გონებრივად ერთგვარ საომარ ზონაში ცხოვრობდნენ – „მშობლების შიშების, ამბიციების, იმპულსებისა და ცხოვრების ძალზე სწრაფი ტემპის პირობებში ისინი ცდილობდნენ, შეექმნათ საკუთარი საზღვრები, უსაფრთხოების საკუთარი დონე, რაც, საბოლოო ჯამში, ფუჭი მცდელობა იყო“.

„მეტისმეტის“ შედეგად თოვლის გუნდასავით აგორებულ „სტრესზე კუმულაციურ რეაქციასთან“ საბრძოლველად ბავშვები გადარჩენის საკუთარ სტრატეგიებს შეიმუშავებენ, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. მშობლები და საზოგადოება ვაცნობიერებთ ბავშვების ფიზიკური დაცვის აუცილებლობას – სავალდებულოდ მივიჩნევთ მანქანაში დასამაგრებელ სკამებს, ჩაფხუტს ველოსიპედის მართვის დროს, უსაფრთხოებას სათამაშო მოედანზე. ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვაზე კი გაცილებით ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს.

სამწუხაროდ, სადღაც ვცდებით. თანამედროვე ბავშვები ინფორმაციის უწყვეტ ნაკადს აწყდებიან, რომლის გადამუშავება და რაციონალიზაცია არ შეუძლიათ. ისინი უფრო სწრაფად იზრდებიან, როცა ზრდასრულის როლს ვაკისრებთ და მეტს ველით მათგან. ამრიგად, ისინი საკუთარი ცხოვრების იმ ასპექტების ძიებას იწყებენ, რომელთა კონტროლიც შეუძლიათ.

 

სიჭარბის ოთხი საყრდენი

ბუნებრივია, მშობლებს გვსურს, შვილებს საუკეთესო საფუძველი შევუქმნათ. ვფიქრობთ, რომ თუ ცოტა კარგია, ბევრი უკეთესი იქნება.

ვთავაზობთ აქტივობათა უსასრულო სიას: ფეხბურთს, მუსიკას, საბრძოლო ხელოვნებას, ბალეტს; ზედმიწევნით განვუსაზღვრავთ თამაშის გრაფიკს; მათი ოთახის ყოველ კუთხე–კუნჭულს ვავსებთ საგანმანათლებლო წიგნებით, მოწყობილობებითა და სათამაშოებით… დასავლეთში ყოველ ბავშვს საშუალოდ 150–ზე მეტი სათამაშო აქვს და ყოველწლიურად კიდევ 70–ს იღებს. ამდენი საგანი ბავშვს თვალს სჭრის და არჩევანის უნარს ართმევს. ნაცვლად იმისა, რომ თამაშში მთელი არსებით ჩაერთოს და თავის უსასრულო ფანტაზიას გაჰყვეს, ბავშვი ზერელედ იწყებს თავის შექცევას.

„გამარტივებული აღზრდა“ მშობლებს ურჩევს, შვილებს რამდენიმე სათამაშო დაუტოვონ, რათა მათ თამაში ისწავლონ. პეინე სიჭარბის ოთხ საყრდენს ასე აღწერს: მეტისმეტად ბევრი ნივთი, მეტისმეტად ფართო არჩევანი, მეტისმეტი ინფორმაცია და მეტისმეტი სიჩქარე.

ამ მეტისმეტობით ბავშვს ვართმევთ კვლევის, ფიქრისა და დაძაბულობის მოხსნისთვის საჭირო ძვირფას დროს. არჩევანის სიჭარბე კლავს ბედნიერებას, იპარავს მოწყენილობის საჩუქარს – შემოქმედებითობისა და დამოუკიდებელი სწავლის შესაძლებლობას. რაც მთავარია, იპარავს ძვირფას დროს.

 

ბავშვობის დაცვა

ცხელ წყალში ჩაგდებული და ნელ–ნელა მოხარშული ბაყაყის შესახებ ანეკდოტისა არ იყოს, საზოგადოებამ ნაბიჯ–ნაბიჯ მოსპო ბავშვობის უნიკალური სასწაული, ახლებურად განსაზღვრა და ბავშვის უმწიფარ გონებას დააკისრა გადარჩენის პასუხისმგებლობა. ამას „ბავშვობის წინააღმდეგ ომს“ უწოდებენ.

ფსიქოლოგი დევიდ ელკინდი (David Elkind) აცხადებს, რომ უკანასკნელი ორ ათწლეულის განმავლობაში ბავშვებმა დაკარგეს კვირაში 12 საათზე მეტი თავისუფალი დრო, რაც იმას ნიშნავს, რომ შეეზღუდათ თავისუფალი თამაშის შესაძლებლობა. საბავშვო ბაღებიც კი ინტელექტზე ორიენტირებული გახდა. ბევრ სკოლაში უარი თქვეს შესვენებებზე, რომ ბავშვებს სწავლისთვის მეტი დრო ჰქონოდათ.

კვლევა ადასტურებს, რომ ორგანიზებულ სპორტში მონაწილეობა ამცირებს შემოქმედებითობას, მაშინ როდესაც არაფორმალური სპორტული აქტივობები, პირიქით, ზრდის. საქმე ის არის, რომ თვითორგანიზებული სპორტი კი არ სპობს შემოქმედებითობას, არამედ თავისუფალი დროის უქონლობა. კვირაში ორსაათიან არასტრუქტურირებულ თამაშსაც კი შეუძლია, ბავშვის შემოქმედებითობა საშუალოზე მაღალ დონემდე გაზარდოს.

 

მშობლები პასუხისმგებლობას იღებენ

როგორ დავიცვათ შვილები იმისგან, რაც ამ ახალმა „ნორმალურმა“ საზოგადოებამ შექმნა?

ძალიან ადვილად: უნდა ვთქვათ „არა“. თუ უარს ვიტყვით მეტისმეტზე, შვილებს ბავშვობის სივრცეს შევუქმნით და შევუნარჩუნებთ. ქაოსურ სამყაროში გავუთავისუფლებთ დროს, უზრუნველვყოფთ მათ სიმშვიდეს, მოვუხსნით დაძაბულობას. ბავშვებს ნდობა დაუბრუნდებათ და მყარად დადგებიან ფეხზე.

ვფილტრავთ ზედმეტს და ბავშვებს ცხოვრებას ვუმარტივებთ. შვიდი წლის ბავშვის თანდასწრებით არ ვსაუბრობთ გლობალური დათბობის შესახებ, საინფორმაციოს მისი დაძინების შემდეგ ვუყურებთ. მისი ოთახიდან გაგვაქვს ზედმეტი სათამაშოები. ამრიგად, ხელახლა ვქმნით და პატივს მივაგებთ ბავშვობას.

ჩვენს შვილებს მთელი ცხოვრება აქვთ წინ, რათა დიდები იყვნენ და ცხოვრებისეულ სირთულეებს შეეჭიდონ, ხოლო სულელ, გართობის მოყვარულ ბავშვებად ყოფნისთვის – მეტისმეტად მცირე დრო.

ბავშვობას რეალური მიზანი აქვს. ის არ არის რაღაც, რაც ადამიანმა უნდა „გაიაროს“. ის იმისთვისაა, რომ დაიცვას და განავითაროს პატარები და ჯანსაღ და ბედნიერ ზრდასრულებად ქცევაში დაეხმაროს. როცა საზოგადოება მეტისმეტს ითხოვს ბავშვისგან, ბავშვის გონება მძაფრად რეაგირებს. წონასწორობის შენარჩუნებითა და ბავშვობის დაცვით ჩვენს შვილებს ფასდაუდებელ საჩუქარს ვუძღვნით“.

კომენტარები

comments