შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

  სულხან-საბა ობელიანის ოთხი იგავის გააზრებისთვის

კლასიკური მწერლობა, რომელიც საუკუნეების წინ შეიქმნა, უამრავ მასალას გვაწვდის თანემედროვეობის უკეთ გასაანალიზებლად.  მწერალი, როგორი დიდიც არ უნდა იყოს, თუ  ახალგაზრდას  არ დააფიქრებს, საკუთარ თავს არ დაანახვებს და  მისი თანამედროვე არ გახდება, უფრო მეტიც, საკუთარი პრობლემების მოგვარებაში არ დაეხმარება, მხოლოდ თაროზე შემოდებული დარჩება და მის  სიდიადესა და მნიშვნელობაზე მხოლოდ ლიტერატურის კრიტიკოსები ისაუბრებენ.

რა თქმა უნდა,   ლიტერატურის კითხვას აქვს ტკბობის მომენტი, რომელიც  არავითარ ხელისშემწყობსა და ფასილიტატორს არ საჭიროებს, მაგრამ, როცა ეს ეხება სავალდებულოდ წასაკითხ ლიტერატურას, რომელიც გარკვეულ დროში  და  გარკვეული ქრონოლოგიური თანმიმდევრობით უნდა წაიკითხო, დამეთანხმებით, მოსწავლეთა უმეტესობას  სიამოვნებით კითხვის მომენტი უქრება და ხელში რჩება საკმაოდ რთული და დიდი მოცულობის ტექსტები, რომლებსაც მისი სამუშაო დროის უდიდესი ნაწილი ეწირება.

გამოცდილმა პედაგოგებმა იციან, როგორ შეუწყონ ხელი კითხვის პროცესის გაადვილებას, აარიდონ თავი მსგავს პრობლემებს და  გახადონ  ლიტერატურის კითხვა  სახალისო  და ინტერესის აღმძვრელი მოსწავლისთვის, იყენებენ კითხვის სხვადასხვა სტრატეგიასა და მეთოდს,   ცდილობენ  საკითხავი მასალა დაალაგონ თემატურად და არა ქრონოლოგიურად, რაც  ნამდვილად აძლევს მოსწავლეს ამოსუნთქვის საშუალებას. თუმცა, მე ვთვლი, რომ ეს ნაკლებად მოსახერხებელია ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლის დროს, როდესაც საფუძველი ეყრება იმ მნიშვნელოვანი  თემების წინ წამოწევას, რომელმაც არსებითად განსაზღვრა ჩვენი ლიტერატურის შემდგომი ბედი და განვითარება.

რა ქნას მასწავლებელმა? როგორ გაუადვილოს მოსწავლეს ძველი ქართული მწერლობის შესწავლა ისე , რომ არ დაკარგოს მთავარი ?!

მოსწავლემ უნდა იგრძნოს ნაწარმოების მნიშვნელობა  და  დაინახოს მწერლის სახე.

მოსწავლე  ჩვენ კი არ უნდა გვეთანხმებოდეს ნაწარმოების  შეფასებისას, რაც თავისთავად ძალიან მოსაწყენია,  არამედ მოსწავლემ თავად აღმოაჩინოს, კრიტიკულად გაიაზროს და თანამედროვე პოზიციიდან შეაფასოს  10-15 საუკუნის წინ შექმნილი  ლიტერატურა.

ჯემალ ქარჩხაძე ამბობდა: „ნამდვილი კლასიკა მუდმივად იძლევა დიალოგის საშუალებას, რადგან ყოველი თაობა მასში რაღაც ახალს და თავისთვის მნიშვნელოვანს პოულობს. ჩვენ კი ჩვენი კლასიკა მუზეუმში მოვათავსეთ, მინის კედელი ჩამოვაფარეთ და მხოლოდ შორიდან  ცქერის უფლება დავიტოვეთ“.

თანამედროვე, კრეატიულ ახალგაზრდას ნაკლებად იზიდავს   მინის კედლის უკან მოთავსებული, თუნდაც მსოფლიო მნიშვნელობის, შედევრი, მას უნდა ხელით შეეხოს, თავის თანამედროვედ და მრჩევლად მიიღოს მწერალი. აი, აქ არის საჭირო მასწავლებლის ოსტატობა. თანამედროვე მასწავლებელმა უნდა შეძლოს „გაათანამედროვოს“ მწერალი, თვითონაც შეძლოს ნა- წარმოების ახლებურად წაკითხვა და მოსწავლესაც წააკითხოს. მწერალი გახადოს  თანამედროვე, ახლობელი, მოსწავლის ინტერესებისა და მისწრაფებების მაპროვოცირებელი.

მინდა ეს პროცესი სულხან-საბა ორბელიანის ოთხი იგავის მაგალითზე განვიხილოთ, რომლებიც სულ რამდენიმე წელია შეტანილია სასწავლო პროგრამაში და საყოველთაო ინტერესს იწვევს.

სულხან-საბა ორბელიანის იგავი „მეფე ხორასანისა“ მრავალფეროვან მასალას აწვდის თანამედროვე ადამიანს საკუთარი თავის უკეთ გასაცნობად. ჩამოვთვლი იმ თემებს, რომლებზედაც  მასწავლებელმა მასალის ანალიზისას აქცენტები უნდა გააკეთოს:

– ამპარტავნობა, როცა თავი სხვაზე მეტი გგონია, მიუტევებელი ცოდვაა, აუცილებლად დამარცხდები ,, აფუცა ვაზირთა მისთა, თუცა რომელთა ასმოდეს, ანუ იცოდეს მისი მსგავსი მდიდარი და უუხვესი მეფე..“

– სიკეთის კეთება ყველას შეუძლია, ამისთვის არ არის საჭირო იყო მეფე (დიდი სიმდიდრის პატრონი), ჩვეულებრივ კაცსაც შესწევს ძალა თვით მეფეს აღემატებოდეს სიუხვით: „წესი იყო კაცისა მის : სადაცა  ვის უცხოსა ნახევდის, თვისსა მიიყვანის, აბანის, შემოსის …“

ურია მალქოზის მოყმემ მეფესაც კი გადააჭარბა სიუხვით.

-სიკეთე არ იკარგება ,, წავიდა კაცი იგი, მოვლო მრავალი ქვეყანა  და უცნაურად მოვიდა ქალაქსა მის მეფისასა…“ ის , რაც უცხო თვალისთვის უცნაურია, გონიერი მწერლისთვის ამბის ლოგიკური დასასრულია. დიახ, ადამიანები თვითონ განსაზღვრავენ საკუთარ ბედსა თუ უბედობას.  ურია მალქოზის მოყმის თავგადასავალი  ამ აზრის დადასტურებაა.

-როცა ქვეყანაში ღირებულებები აღრეულია, როცა სიკეთის კეთებისთვის კაცს მოსაკლავად იმეტებენ,  ქვეყანაში ქაოსი და ქურდობა იკიდებს ფეხს (მას ჟამსა მპარავნი აღდგეს, რომე აღარ  დაუტევეს სახლი, გინა საფლავი დაუთხრელი,..“) .

– იგავის საინტერესო დეტალია, თუ როგორ შეძლებს  მოყმე უსამართლობისგან თავის დახსნას  ,, სამხრესა შინა ჰქონდა თვალი ძვირფასი, მით იყიდა სისხლი თვისი“.  ფულისა და ქონების გონივრული გამოყენება ხსნის ფულის დაგროვების მიზანს, რაც თავისთავად აზარტულია. დიდი მორალისტი ზედმიწევნით ეხმაურება შოთა რუსთაველს: ,, უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.  უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.“

ამ იგავის მეშვეობით  მასწავლებელი  შეძლებს  მოსწავლეს აღნიშნულ თემებზე საკუთარი პოზიციის  გამოხატვისკენ უბიძგოს  და  მორალურ-ეთიკური პრობლემები  თანამედროვე კონტექსტში განიხილოს. ადამიანები ხომ ერთმანეთს გვანან  ხასიათის თვისებებით -სათნოებებითა თუ მანკიერებებით-  და არ აქვს მნიშვნელობა , როდის, რომელ ეპოქაში ცხოვრობენ ისინი.

შეჯამებისთვის  სასურველია მოსწავლეებს მივცეთ იგავის  ანალიზი სამი მითითების მიხედვით:

დავახასიათოთ  ხორასანის მეფე. აქცენტები გავაკეთოთ იმაზე, თუ რას გვეუბნება ავტორი                                                                ამ პერსონაჟით?             

 -დავახასიათოთ ურია მალქოზის მოყმე, რისი თქმა უნდა  ავტორს ამ პერსონაჟით?

 – რა არის ამ იგავის მთავარი სათქმელი?

გამოხატეთ თქვენი პოზიცია იგავ-არაკში       წამოჭრილი ეთიკურ- მორალური პრობლემების მიმართ.

ასევე  თანამედროვე ახალგაზრდისთვის არანაკლებ საყურადღებო იგავია ,, სამნი ბრმანი“, რომელშიც მოთხრობილია ,, საბრალო კაცის“ თავგადასავალი. მან სამართალი ვერ პოვა და გადაწყვიტა თვითონ უშველოს თავს. ,,მიწიერი სამართალი’’ მის მხარეზე არ არის, მან ბრმებს ფული მოპარა, მაგრამ,  მკითხველის გასაკვირად,  იგი ,, ღვთიური სამართლით’’ გამართლდება და საკუთარ ,,მონაღვაწებსაც“ დაიბრუნებს.

მოსწავლე თვითონ ამოხსნის ავტორის მიზანდასახულობას, თუკი ჩვენ აქცენტებს  გავაკეთებინებთ ეპითეტზე  ,,საბრალო“, რომელიც ტექსტში შვიდჯერ მეორდება მთავარ პერსონაჟთან მიმართებაში, ცხადია არაშემთხვევით. ასევე საჭიროა სათანადო განმარტება მიეცეს სიტყვას ,, მოიღვაწა“ , რომლითაც ავტორი ხაზს უსვამს ,,ცხრა ფლურის“ წარმომავლობას. პერსონაჟმა ბევრი იშრომა, რომ ეს თანხა მოეგროვებინა და არ აქვს მნიშვნელობა, ბევრია თუ ცოტა. რეზო ყარალაშვილი, ლიტერატურის მკვლევარი, აღნიშნავდა: ,, ნაწარმოები  თვითონ იძლევა მითითებებს, როგორ უნდა იყოს ის წაკითხული.  ნებისმიერი ლიტერატურული  ნაწარმოები მოდელს წარმოადგენს  და მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ადეკვატურად  აღვიქვით  და გავიგეთ , როდესაც ჩავწვდით ამ მოდელის  ხასიათს“.  გამოსახვის საშუალებათა კოდი უპირველესია,  რომელიც ლიტერატურული ნაწარმოების ენობრივ მხარეს მოიცავს და მკითხველისგან ენის ცოდნას, სტილისტურ თავისებურებათა შეგრძნებას   და ტროპულ საშუალებებზე სათანადო რეაგირებას მოითხოვს. ამ გზით მისვლა ნაწარმოების მთავარ სათქმელამდე, მე ვფიქრობ, ყველაზე მარტივი და  გამართლებული გზაა ნაწარმოების ანალიზისას.

უნდა გამოიყოს  საკითხები, რომლებიც თავისუფლად შეიძლება იქცეს სადისკუსიო თემებად:

  • ფარისევლობა– საკუთარი ნაკლის ხარჯზე, შეცოდებით (თავი შეაცოდო ვინმეს) მიაღწიო რამეს. ცხადია, იმავე შეიძლება საკუთარი უპირატესობით  არაკეთილსინდისიერად მოიპოვო. ავტორის აზრით, ასეთი საქციელი  ,, ღვთიური სამართლით“ აუცილებლად დაისჯება (,,მეფემ ესრე უბრძანა..’’)
  • რუქას სამართალი ,, კარგისთვის კარგი არავის უქმნია…“ მიწიერი სამართალია, რომელიც წინ ვერ დაუდგება ,,ღვთიურ სამართალს“. გავიხსენოთ  რუქას მოყოლილი იგავი.
  • შრომით მიღწეული ( საბრალო კაცმა ,, მოიღვაწა’’ თავისი ქონება- ცხრა ფლური) არ დაგეკარგება.
  • საყურადღებოა,  რატომ ბრმები?    ავტორი სულიერ სიბრმავეზე ხომ არ აკეთებს აქცენტს?  ეს დეტალიც საკმაო მასალას იძლევა მსჯელობის გასაშლელად.

ეს ის საკითხებია, რომლებიც მოსწავლეს აზროვნებისკენ უბიძგებს, იგი სხვადასხვა მხრიდან უყურებს პერსონაჟებს, აფასებს მათ, თანამედროვეობაში ეძებს და პოულობს მათ პროტოტიპებს…  არა მარტო  ამ იგავს გაიაზრებს ღრმად, არამედ   სამყაროს შეხედავს სხვა თვალით. ცოდნას გაამყარებს საკუთარი გამოცდილებითაც , რადგან თანამედროვეობაში  გადმოიტანს იგავის  პრობლემატიკას და არც შეცდება, ამით ახალ სიცოცხლეს შესძენს კლასიკურ ნაწარმოებს, თანამედროვეობასა  და საკუთარ თავს მოარგებს მას.

მესამე იგავია ,,დიდვაჭარი და მეფუნდუკე“.   და კავშირი სათაურშივე ორივე მთავარ პერსონაჟს თანაბარ მდგომარეობაში აყენებს. ერთმა გასცა სიკეთე უანგაროდ, მეორემ მიიღო. ილიას გახსენება არ გვაწყენდა : ,,მადლი მარტო ორ შუა ჰსაქმობს. ორნი მაინც უნდა იყვნენ, რომ მადლი მოხდეს, იმიტომ  რომ მადლი ერთისაგან გაწირვაა  და  მეორისაგამ შეწირვა. ერთსა და იმავე დროს,  თუ ან გამწირველი არ არის, ან შემწირველი,  მადლიც არ არის…“  ოღონდ ამ შემთხვევაში დიდვაჭარმა მიიღო, შეაფასა და დააფასა გაწეული სიკეთე

( ,,ეს დიდვაჭარი წავიდა, დია მადლიერი იყო და ნაცვალ პასუხსაც სცდილობდა…’’ ).

 

სათანადოდ უნდა  გაშუქდეს თემები:

  • სტუმარმასპინძლობა-საუფლო წესია, (მეფუნდუკის დახასიათება),   რომლის ,,ნაცვალი პასუხი’’  იოლად გასაცემი არ არის.  დიდვაჭარმა ეს შეძლო, იგი შეგნებულად დიდი მსხვერპლის ფასად  მიაგებს საზღაურს  მეფუნდუკეს, რადგან იცის, რომ მხოლოდ ასე შეიძლება მიუახლოვდეს  მის მიერ გაწეულ  სიკეთეს ,, ცოლი სხვაგან  გაიტყუა, დაკლა შვილი. სისხლით კეთროვანი შებღალა და  მაშინვე მას კაცს ქერქი ხესავით  გასძვრა და მორჩა.“  ორივე უდიდესი მსხვერპლია უფლის თვალში, (ერთმანეთის თანასწორი) საინტერესო იქნება ვაჟას ,,სტუმარ-მასპინძლისა“ და აკაკის ,,გამზრდელის“ სათანადო კუთხით ინტერპრეტაცია.
  • სიკეთე არ იკარგება ,, ნახე!  რა გამოიმეტა წამლად და ღმერთმაც რა წყალობა უყო!“ (დიდვაჭრის ქმედება და შედეგი) იგავს ლეონი ჰყვება და რუქას სიკეთის მარადიულობას შეახსენებს;
  • მოაწავლეები მსჯელობენ ორივე პერსონაჟის ქცევაზე შვილებთან დაკავშირებით.  აქ,  ცხადია,  სათანადოდ განიხილება     ბიბლიური ალუზია  აბრაამთან ღმერთის სტუმრობის და ღმერთის მიერ აბრაამის გამოცდის შესახებ,  რომელიც  ლიტერატურულ კრიტიკაში კარგად დამუშავებული  და აპრობირებული  საკითხია აღნიშნული იგავის ანალიზისთვის.

იგავი ,,ძუნწი ვაჭარი“ ქონების გონივრულ მოხმარებაზე   დააფიქრებს მკითხველს. ამ საკითხზე არაერთგზის მსჯელობს სულხან-საბა სხვადასხვა იგავში,  საუბრობენ მთავარი პერსონაჟები ,,არქონება არ ვარგა, მაგრამ ცუდად ქონება უარესია..’’, საუბრობენ სხვადასხვა იგავის პერსონაჟები. ერთი სიტყვით, აქტუალური საკითხია.  ქონება  გონივრულად უნდა გამოიყენო,  წინააღმდეგ შემთხვევაში  ოქროს ზიანის მოტანაც შეუძლია.   სულხან- საბა ორბელიანი ,,ვეფხისტყაოსანში’’ მრავალჯერ გამოთქმულ აზრს აგრძელებს ,, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა…  კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის  აღმაფრენასა.“

ანალიზისას გამოიყოფა თემები, რომლებიც სათანადო რეაგირებას საჭიროებს:

– სიკეთის კეთებას უნდა დაეშურო, რადგან ,,ხვალ’’, შესაძლოა , არც იყოს.

– ქონება  უნდა გამოიყენო, თორემ დაკარგავ, სიძუნწის გამართლება არ შეიძლება,   ,, სიბერემდე არა სვა, არა ჭამა, არცა  რა  შეიმოსა.  მერე თქვა: ეგოდენი შემიკრებიან, აწ დავჯდები, ვილხენ, ვიხარებ, ხარჯვას დავუწყებო.“

– ,, რაცა ღმერთსა არა სწადდეს,   არა საქმე არ იქმნების…“

უფლის ნების გარეშე ადამიანი უძლურია, ცდება ის, ვისაც ყველაფერი თავისი დამსახურება ჰგონია, კაცმა უნდა სთხოვოს უფალს,  ღირსი უნდა გახდეს  უფლის თვალში  (ხურო ნაზარის ისტორია). რაკი, მოსწავლეებს უკვე შესწავლილი აქვთ ,,ვეფხისტყაოსანი“ აქტიური ქმედების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე აქ არ შევჩერდებით  , თუმცა მასწავლებელს მოუწევს ყურადღების გამახვილება ამ საკითხზე (,, უგუნური მცურავი“). ამ იგავის ანალიზისას  მასწავლებელმა  აგრეთვე  სათანადოდ უნდა განმარტოს ხურო ნაზარის სახელთან დაკავშირებული ალუზია და ამით გაუადვილოს მოსწავლეებს ნაწარმოების აღქმა.

-სიბრაზე  ყოველთვის არასწორ გადაწყვეტილებას  მიგაღებინებს (დიდვაჭრის პოზიცია – ,,იწყინა მან კაცმან და ეგრე თქვა:  ,, ესეთსა საქმესა ვიქმ, ჩემთვისა  და მისთვის სწორად დავკარგოო“ ).  შურისძიების სურვილი  მრავალი ბოროტების სათავეა, საბედნიეროდ, ჩვენი გმირი დროზე მოეგო გონს და მიხვდა, რომ რაც დაკარგა, იმას უკან ვერ დაიბრუნებდა.

ვფიქრობ, წარმოდგენილი იგავები  ახალგაზრდისთვის   ბევრისმომცემი იქნება, თუ მას  თანამედროვეობას დავუკავშირებთ და ცხოვრებისეული მაგალითებით გავამყარებთ.

,, სიცრუის სამოსში გახვეული სიმართლე’’ – ყველა დროში აქტუალურია, მით უფრო, როცა ამას ისეთი მრავალმხრივი  მოაზროვნე სულხან-საბა ორბელიანი,  გაწვდის.  მასწავლებელმა  უნდა შეძლოს – რაც შეიძლება მეტი თავისუფალი აზრის გამოწვევა და  ყოველგვარი შაბლონის უკუგდება.  მან მოსწავლე ეპოქათა შორის გაბედულად უნდა ამოგზაუროს, თანამედროვე ჭრილში განიხილოს ყველაფერი და თვით ყველაზე ,, მიუღებელი“ აზრის გამოთქმის საშუალება მისცეს მას. შედეგად კი მივიღებთ ცოცხალ, საინტერესო გაკვეთილებს,  მოსწავლე ინტერესით წაიკითხავს  კლასიკოსებს და , რაც ყველაზე მთავარია, ისწავლის არა გამოცდისთვის, არამედ საკუთარი გამოცდილებისთვის.

სტატიის ბოლოს  კი ისევ რეზო ყარალაშვილის სიტყვებს დავიმოწმებ:  ,,ლიტერატურული ნაწარმოების აღქმა ისტორიული პროცესია, რადგან ხშირად ყოველი ეპოქა ხელახლა ახდენს ნაწარმოების ინტერპრეტაციას და საკუთარ მიზნებს , მოთხოვნებსა და წარმოდგენებს უქვემდებარებს მათ. ნაწარმოების ახალი გაგება შეიძლება განსხვავდებოდეს ტრადიციული გაგებისაგან, ახალ ინტერპრეტაციას შეიძლება არაფერი ჰქონდეს საერთო წინამავალ ინტერპრეტაციასთან, და მიუხედავად ამისა, მხატვრული ნაწარმოების გაგება ორჯერვე იყოს მიღწეული“ .

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი