პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ლეგენდარული გემი

გემი-ლეგენდა არამხოლოდ მგრძნობიარე კინომაყურებლებს აღელვებს. „ტიტანიკი“ მაგნიტივით იზიდავს მთელი მსოფლიოს ავანტურისტებსა და განძის მაძიებლებს.

 

მილიონები ფსკერზე

 

მეკობრეთა განძები, ჩაძირული ოქროს ზოდები და მსგავსი რომანტიკული სისულელეები, ყმაწვილების გონებას აბრუებს. ასაკის მატებასთან ერთად კი მათი უმრავლესობა სერიოზულ ადამიანად ყალიბდება, რომელშიც საგანძურებზე მოთხრობები მხოლოდ ღიმილს იწვევს და მხოლოდ ერთეულებს სჯერა ბავშვური ზღაპრების. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სწორედ ეს უკანასკნელნი პოულობენ საგანძურებს.

 

უახლეს ლეგენდად, რომელმაც განძის მაძიებელთა გონება დაბინდა, 1912 წელს ჩაძირული “ტიტანიკი” იქცა. გულის ამაჩუყებელი ჰოლივუდური შედევრის წყალობით მის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის. მაგრამ თუ საქმეს არა მელოდრამისტული, არამედ განძის მაძიებლური თვალსაზრისით შევხედავთ, თავად ის ფაქტი, რომ ლაინერის ბორტზე 57 მილიონერი იმყოფებოდა, მრავლისმეტყველია. საბედისწერო რეისში გაემგზავრნენ: ბანკირი რობერტ დანიელი, მსხვილი სარკინიგზო კომპანიის პრეზიდენტი ჩარლზ ჰეისი, ნახშირის მეფე ბენჟამინ გუგენჰეიმი და ამერიკელი მულტიმილიონერი ჯონ ასტორი ახალგაზრდა მეუღლესთან, რომელიც ცოცხალი გადარჩა, მაგრამ კაიუტაში 140 ათასად დაზღვეული მარგალიტის სამი ფარღული დარჩა. ატლანტიკის წყლებში აღმოჩენილი მისი მეუღლის გვამი კი უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭდით ამოიცნეს.

 

ეთიკურ ასპექტს თავი რომ დავანებოთ და რეზიუმე გამოვიტანოთ: ოკეანის ფსკერზე ოქროებით, ბრილიანტებითა და ხელოვნების შედევრებით გატენილი უზარმაზარი სარკოფაგი დევს. გამგზავრებამდე გაფორმებული საბუთების თანახმად “ტიტანიკს” 300 მილიონი დოლარის ძვირფასეულობის კოლექცია გადაჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ამ თანხაში არ შედის მგზავრთა პირადი ქონება. რა თქმა უნდა, პირადი ძვირფასეულობიდან საეჭვოა, გადარჩენილიყო ისეთი ისტორიული რელიქვიები, როგორიც არის ომარ ხაიამის მანუსკრიპტი მინანქრის ყდით ან ლონდონის აუქციონზე ნაყიდი უძველესი ხელნაწერების კოლექცია, ისევე როგორც ძველი ეგვიპტელი პრინცესას მუმია, რომელიც არქეოლოგ ლორდ კანტერვილს ამერიკაში გადაჰქონდა.

 

აი ოქრო და ბრილიანტები კი სავსებით შესაძლებელია, რომ დღემდე სრულიად ხელუხლებელი პირველი კლასის კაიუტების დაჟანგულ სეიფებში ინახებოდეს.

 

ბალარდის კვალდაკვალ

 

სხვა ლეგენდარული საგანძურებისგან განსხვავებით “ტიტანიკის” ადგილმდებარეობა ახლა ყველასთვის არის ცნობილი: დაახლოებით 700 კილომეტრი კანადური კუნძულის ნიუფაუნდლენდისგან სამხრეთ-აღმოსავლეთით. კატასტროფის ადგილზე ოკეანის სიღრმე დაახლოებით 4 კილომეტრია, ამიტომაც ყველა ძვირფასეულობა დიდი ხნის განმავლობაში ხელუხლებელი რჩებოდა. სამართლებრივი თვალსაზრისით განძის მაძიებელთათვის დიდი ხნის განმავლობაში გზა ხსნილი იყო. ლაინერი ხომ საერთაშორისო წყლებში ჩაიძირა, მისმა ყოფილმა მფლობელებმა კი განაცხადეს, რომ „ტიტანიკს” საკუთარ ქონებად არ მიიჩნევდნენ.

 

„ტიტანიკის“ ძებნაში პირველმა ფული ნავთობის ამერიკელმა მაგნატმა ჯეკ გრიმმა ჩადო. 1980 წელს მის მიერ ორგანიზებულმა ექსპედიციამ კატასტროფის ადგილისკენ აიღო გეზი, მაგრამ ლაინერი ვერ აღმოაჩინა. უფრო მეტად გაუმართლა მასაჩუსეტსის შტატის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის წყალქვეშა კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელ რობერტ ბალარდს. 1985 წლის პირველი სექტემბრის ღამის პირველ საათზე ექიმ ბალარდის ექსპედიციამ 3 750 მეტრის სიღრმეზე „ტიტანიკის“ კონსტრუქციის ერთ-ერთი ელემენტი აღმოაჩინა. ზღვის ფსკერიდან „ტიტანიკის” გამოსახულება წყალქვეშა აპარატის ვიდეო-კამერამ გადმოსცა.

 

მკვლევრებმა ლაინერის 29 ორთქლის ქვაბიდან ერთ-ერთი დაინახეს. ექსპედიციამ დაადგინა, რომ გემი ორ ნაწილად არის გახლეჩილი, რომლებიც ერთმანეთისგან 600 მეტრით არის დაშორებული.

 

ერთი წლის შემდეგ ბალარდის ექსპედიცია „ტიტანიკს“ პატარა წყალქვეშა ნავით მიუახლოვდა. ეს აპარატი მხოლოდ ლეგენდარული მონსტრის კორპუსის დათვალიერებისთვის იყო განკუთვნილი. წინდახედულმა ბალარდმა ექსპედიციის ანგარიშში „ტიტანიკის” ზუსტი ადგილმდებარეობა არ დაასახელა, რათა საყოველთაო ოქროს ციებ-ცხელება არ გამოეწვია. თუმცა იგი მაინც დაიწყო.

 

1987 წელს ჩრდილოეთ ატლანტიკაში მარსელიდან ფრანგულ-ამერიკული ექსპედიცია გავიდა. ამავე წელს კატასტროფის ადგილზე სხვა ფრანგულ-ამერიკული ექსპედიციის კუთვნილი აპარატი „ნაუტილუსი“ მივიდა, რომელმაც „ტიტანიკთან“ წყალქვეშა რობოტი ჩაუშვა. შედეგად აუქციონების მენიუში უნიკალური ლოტები გაჩნდა: „ტიტანიკიდან“ ამოტანილი ჭურჭელი, ასაქაფებელი ფუნჯები, სამკაულები… საერთო ჯამში – 800 განძი.

 

ამის შემდეგ ამერიკულმა ფედერალურმა სასამართლომ ტიტანიკის სრულუფლებიან მფლობელად არა საერთაშორისო საზოგადოება, არა მისი აღმომჩენი ბალარდი, არამედ ამერიკული ფირმა დაასახელა. ძნელი სათქმელია, რამდენი საგანი ამოიღეს მას შემდეგ ზღვის ფსკერიდან და რამდენი გაყიდეს აუქციონზე. თანხა უზარმაზარი უნდა იყოს, რადგან ჩაის კოვზზე რომ არაფერი ვთქვათ, „ტიტანიკის“ ნებისმიერი რკინის ნატეხი უზარმაზარი მოთხოვნით სარგებლობს.

 

ბრენდი, რომელიც ოქროზე ძვირი ღირს

 

ალბათ დაინტერესდით რა ჯდება „ტიტანიკის” საგანძურებთან ექსპედიციების აღჭურვა. დაახლოებით 20 მილიონი დოლარი. თუმცა კრედიტის აღებას ნუ იჩქარებთ – ადგილი დაკავებულია! ამერიკელმა მილიარდელმა ჯორჯ ტულოკმა „ტიტანიკი” „ჩაიჯიბა”. ამ ადამიანმა ფული ავტომობილებით ვაჭრობაში იშოვა, 20 მილიონი დოლარი ძალზე სარისკო საქმეში ჩადო და გაუმართლა.

 

შედეგად მან ზღვის ფსკერიდან 5 000 საგანი და მასთან ერთად ჩადებული თანხაც ამოიღო. ტულოკი, სუვენირის სახით „ტიტანიკის” ნახშირის ნატეხებსაც კი ყიდდა – ცალი 25 დოლარად! თუმცა, ძვირფასი საგანძურის მაძიებლებო, გაითვალისწინეთ, რომ ოქრო და ბრილიანტები, ყოველ შემთხვევაში მათი ნაწილი, ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის.

 

ზემოთნახსენებ ფირმა R.M.S. Titanic Inc.-ს სწორდ ტულოკი ხელმძღვანელობს. სხვათა შორის, თუ რომელიმე თქვენთაგანი ჩაძირულ „ტიტანიკზე” ფილმის გადაღებას დააპირებს, ნებართვის აღება სწორედ ტულოკისგან მოუწევს. ასე რომ, მთავარი ძვირფასეულობა, რომელიც მან მოიპოვა, არა ბრილიანტები, არამედ კიდევ უფრო ფასეული – მზა ბრენდია. სპეციალისტების გათვლით წელიწადში ბრენდ „ტიტანიკს” დაახლოებით 8,5 მილიონი დოლარი მოაქვს. ტულოკი კი წუწუნებს, რომ ექსპედიციის ხარჯებს ძლივს ფარავს და სხვადასხვა აუქციონებზე ყველაფრის გაყიდვას აგრძელებს: კორპუსის ნატეხებიდან დაწყებული, წყალქვეშ გადაღებული ფირებით დამთავრებული. ყოველივე ამას დაღუპულ მგზავრთა ნათესავები არ ეგუებიან.

 

ერთი საქმეა, როდესაც იცი, რომ ბებიის ქონება წყალქვეშ არის მოქცეული და სულ სხვაა, როცა იცი, რომ ამ ქონებით ვიღაცა ხეირობს. ამიტომაც ტულოკის წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნის სასამართლოში უამრავი სარჩელი შევიდა. თუმცა „ტიტანიკის” ძარცვაში წვლილი, მის გარდა, რუსებმა და ფრანგებმაც შეიტანეს.

 

საქორწინო მოგზაურობა ტიტანიკთან

 

2008 წლის ივნისში, ბალარდმა ლაინერის ნარჩენებზე მორიგი ექსპედიცია მოაწყო. როდესაც მან წყალქვეშა აპარატის ციფრული სურათები დაათვალიერა შოკში ჩავარდა: ზღვის ფსკერიდან გაქრა ზარი და გემბანის შუქურა. ვის შეეძლო ამის გაკეთება? ვერსია არც ისე ბევრია.

 

ამ ოპერაციის განხორციელებისთვის გამოსადეგი აპარატი მსოფლიოში მხოლოდ ოთხი არსებობს: ერთი ფრანგებს აქვს, ერთი იაპონელებს და ორიც – რუსებს. დღეს, როდესაც მოდაშია ზღვის ფსკერზე „ტიტანიკთან” ექსკურსიების მოწყობა, ამ საქმით ფრანგები და რუსები არიან დაკავებულნი. მსგავსი ორკვირიანი მოგზაურობა 35 000 დოლარი ჯდება. ტურისტი ზღვის ფსკერზე (აპარატში) 5 საათს ატარებს. აპარატის კაბინაში ორი ტურისტი და ერთი კაპიტანია.

 

2006 წელს ერთმა ამერიკელმა წყვილმა ქორწილი ასეთ ბატისკაფში მოაწყო. რა თქმა უნდა, სამახსოვრო საჩუქრების გარეშე საქმე არ ჩაივლიდა. სპეციალური ელექტრონული „ხელის” მარწუხი-მანიპულატორის მეშვეობით შესაძლებელია არა მხოლოდ გაცემა, მაგალითად, წყალქვეშა „სასაფლაოს” გვირგვინით შემკობა, არამედ აღებაც.

 

რაც შეეხება თავად „ტიტანიკს”, რამდენიც არ უნდა იკამათონ მეცნიერებმა მისი მომავალი ბედის შესახებ, გემი დასაშლელად განწირულია. მას შემდეგ, რაც ბალარდმა ტიტანიკი აღმოაჩინა ადამიანებმა ვერა და ვერ გადაწყვიტეს, რა მოუხერხონ ამ ლაინერს. ზოგი ცდილობს, გამოიკვლიოს იგი უკანასკნელ ჭანჭიკამდე და ამით სარგებლობა მოუტანოს მეცნიერებას.

 

ცოტა ვინმე თუ იხსენებს იმას, რომ ამ ადგილას 1 500 ადამიანი დაიღუპა და ურიგო არ იქნებოდა პარაკლისის გადახდა. თავად ბალარდი ოცნებობს, „ტიტანიკზე” წყალქვეშა მუზეუმი მოაწყოს, ვირტუალური ექსკურსიები ჩაატაროს, რისთვისაც ციფრული კამერების დამონტაჟებასა და ინტერნეტის მეშვეობით მთელ მსოფლიოზე ტრანსლაციის გადაცემას აპირებს. მან უკვე მიმართა ამერიკის კონგრესს „ტიტანიკისთვის” მუზეუმის სტატუსის მინიჭების, დაშლისა და ძარცვისაგან მისი დაცვის შესახებ.

 

დრო კი გადის. „ტიტანიკი” ბოლოს და ბოლოს ბუნებრივი გზით დაიშლება, თუ არა ხვალ, რამდენიმე წელიწადში მაინც. წყლის ზედაპირზე მისი ამოყვანა სრულიად არარეალური ამოცანაა. ამაზე დღეს ყველა მეცნიერი თანხმდება. ამოყვანის პირველივე მცდელობის დროს გემი-ლეგენდა გაცამტვერდება.

 

დოსიე

 

„ტიტანიკი” თავისი დროის უმსხვილესი ლაინერი იყო. მისი სიმაღლე 11-სართულიან სახლს უდრიდა, სიგრძე კი ქალაქის 4 კვარტალს. გემთმშენებელმა ფირმამ „ჰარლანდ ენდ ვულფმა” წყალში იგი 1911 წლის 31 მაისს ჩაუშვა.

„ტიტანიკის” წყალწყვა 66 000 ტონა იყო. გემი 3 500 მგზავრზე იყო გათვლილი. მისი სიგრძე 268, სიგანე კი 28, 2 მეტრი იყო. ლაინერი მოძრაობაში მექანიკურ დანადგარს მოჰყავდა, რომელიც ორი ოთხცილინდრიანი ორთქლის მანქანისგან (30 000 ცძ.) და ორთქლის ტურბინისგან (16 000 ცძ) შედგებოდა. გემის ეკიპაჟი – 900 კაცი, მაქსიმალური სიჩქარე კი 42 კმ/სთ იყო.

 

მე-20 საუკუნის დასაწყისში დოლარს სულ სხვა ფასი ჰქონდა, ვიდრე დღეს. გთავაზობთ „ტიტანიკის” ბილეთის ფასებს, რომლებიც თანამდეროვე დოლარებში გადავიყვანეთ:

 

პირველი კლასის აპარტამენტები – 50 000 დოლარი; პირველი კლასის კაიუტაში ერთი ადგილი – 1724 დოლარი; მეორე კლასი – 690 დოლარი; მესამე კლასი – 460 დოლარი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი