ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ციფრული წიგნიერების მნიშვნელობა თანამედროვე ეპოქაში

1980 წლის შემდეგ დაბადებულ ბავშვებს ლიტერატურაში ციფრული ეპოქის აბორიგენებად მოიხსენიებენ. ბავშვები ადრეული ასაკიდანვე იწყებენ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას, ამიტომ აღარ გვიკვირს, რომ ჩვენი მოსწავლეები და სტუდენტები ჩვენზე მოხერხებულად პოულობენ Power point-ის პრეზენტაციისთვის მახვილგონივრულ ილუსტრაციას ან ფოტოებს Photoshop–ით ამუშავებენ და მათგან კალენდარს აწყობენ. თანამედროვე ეპოქის გამოწვევები ასახულია ეროვნულ სასწავლო გეგმაში, რომელიც 9 გამჭოლ კომპეტენციას შორის ციფრულ (კომპიუტერულ) წიგნიერებასაც მოიაზრებს, რაც ქსელური ძიების, ტექსტების ელექტრონული დამუშავებისა და ტექსტური შეტყობინების პროგრამების გამოყენების უნარს გულისხმობს.

ამის კვალობაზე, დიდ მნიშვნელობას იძენს მოზარდებისთვის ციფრული კომპეტენციებისა და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება, მაგრამ, ამასთანავე, არც თავად ინტერნეტში განთავსებული ინფორმაციის ხარისხის საკითხი კარგავს აქტუალობას.

ინფორმაციის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემის საილუსტრაციოდ მოვიყვან ერთ მაგალითს. 2005 წლის 26 მაისს ამერიკელი მწერლისა და ჟურნალისტის ჯონ საიგენტალერის ვიკიპედიაში გამოქვეყნებულ ბიოგრაფიას დაემატა შემდეგი ინფორმაცია: „მეოცე საუკუნის 60–იან წლებში ჯონ საიგენტალერი-უმცროსი გენერალური პროკურორის რობერტ კენედის თანაშემწედ მსახურობდა. ერთხანს იგი ეჭვმიტანილი იყო როგორც ჯონ კენედის, ისე მისი ძმის, ბობის მკვლელობაში, თუმცა მისი ბრალეულობის დამტკიცება ვერ მოხერხდა. 1972 წელს ჯონ საიგენტალერი საბჭოთა კავშირში გადასახლდა, 1984 წელს კი აშშ-ში დაბრუნდა და დააარსა საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს სააგენტოდ იქცა“.

გამოქვეყნებიდან ოთხი თვის შემდეგ ეს ჩანაწერი მწერლის მეგობარმა აღმოაჩინა. კენედების მკვლელობაში ეჭვმიტანილად შერაცხული ჯონ საიგენტალერი იძულებული გახდა, აეგორებინა ფართომასშტაბიანი კამპანია საკუთარი რეპუტაციის აღსადგენად. მხოლოდ ამის შემდეგ წაშალეს დეზინფორმაცია საიტიდან. გაირკვა, რომ ეს ნევილში არსებული საექსპედიციო კამპანიის მენეჯერის ხუმრობა ყოფილა, რის გამოც მას მოგვიანებით საზოგადოების წინაშე ბოდიშის მოხდა მოუწია.

ონლაინენციკლოპედიაში ინფორმაციის განთავსება განსაზღვრული წესების დაცვით ნებისიერ მსურველს შეუძლია, ამიტომ მისი ნამდვილობის გარანტია არ არსებობს. საგულისხმოა ისიც, რომ Google-ში ძიებისას ამ ენციკლოპედიის შედეგი პირველივე ვარდება (Палфи, Гассер. 2011, с 189).

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მცდარი ინფორმაციის ნამდვილისგან გარჩევის საკითხი სამყაროსავით ძველია. უბრალოდ, ინტერნეტის ეპოქაში გაჩნდა უფრო მეტი წყარო და სერვისები, რომლებიც ავტორობის ან რედაქტორობის შესაძლებლობას გვაძლევს. ქსელში განსათავსებელი ინფორმაციის მომზადებისა და გავრცელების წესები სხვა ტრადიციული მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წესებისგან განსხვავდება და ამის საუკეთესო მაგალითია ღია პლატფორმები.

სანდო ინფორმაცია კი ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ მის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებებს. მეტიც – ჩვენს დროში ინტერნეტში განთავსებული ინფორმაცია ცოდნის მნიშვნელოვან წყაროდ იქცა. მაგრამ უსამართლობა იქნება იმის თქმა, თითქოს ინტერნეტში განთავსებული ინფორმაცია ნაკლებად სარწმუნოა, ვიდრე ქაღალდზე დაბეჭდილი. უბრალოდ, ახალგაზრდებს (მოსწავლეებს, სტუდენტებს) მისი შეფასება უნდა შეეძლოთ.

ათწლეულების განმავლობაში ზრუნავდნენ, რათა ადამიანისთვის დიდი რაოდენობის ინფორმაცია ყოფილიყო ხელმისაწვდომი, შექმნილიყო „იდეათა ბაზარი“, რაც ძალზე მნიშვნელოვანია საზოგადოების განვითარებისათვის. თანდათან კი პრობლემად იქცა არა ინფორმაციის ნაკლები ხელმისაწვდომობა, არამედ ის, რომ ახალგაზრდებს ყოველგვარ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი. ამიტომ უნდა ვიფიქროთ იმაზე, ყოველთვის განაპირობებს თუ არა რაოდენობა ხარისხს და რა უნარების განვითარება სჭირდებათ დღეს მოზარდებს.

ინფორმაციის ხარისხის პრობლემა უშუალო გავლენას ახდენს თავისუფალ საზოგადოებაზე. მასალის ძიებისას ახალგაზრდები ასე მსჯელობენ: „Google-ი ყველაზე მოხერხებულია, ყველა ამ საძიებო სისტემით სარგებლობს და მეც ასე ვიქცევი. ამის შემდეგ ვირჩევ ნებისმიერ ბმულს, თუ არ მომეწონა, მომდევნოზე გადავდივარ და ა.შ.“, – მაგრამ რის მიხედვით ირჩევენ ან იწუნებენ ბმულს, ამ კითხვაზე ისინი არაერთგვაროვან პასუხს იძლევიან. ერთ-ერთი სტუდენტი, მისივე თქმით, სანდოდ მიიჩნევს მასალას, თუ ის ბევრად არ განსხვავდება ლექციებზე მოსმენილი ან სახელმძღვანელოში ამოკითხული ინფორმაციისგან, მითითებულია ავტორის ვინაობა, არ შეიცავს თვალში საცემ ფაქტობრივ ან სტილისტიკურ შეცდომებს.

წიგნ „ციფრული ეპოქის ბავშვების“ ავტორებს, ჯ. პალფრის და უ. გასერს, მიაჩნიათ, რომ მოზარდები მხოლოდ მაშინ იწყებენ ინფორმაციის ხარისხის შემოწმებას, თუ, მაგალითად, დაბალი ქულა მიიღეს ინფორმაციის კოპირების ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის წარდგენის გამო.

განსაკუთრებით ყურადსაღები ის არის, რომ ახალგაზრები ინტერნეტში ეძებენ ინფორმაციას არა მხოლოდ სასწავლო დავალებების შესასრულებლად, არამედ ჯანმრთელობის თაობაზე გაჩენილ კითხვებზე პასუხის მისაღებადაც. აშშ-ში ჩატარებული კვლევის თანახმად, ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციას უშუალოდ ექიმებისგან იღებს 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდების 31% და 18–დან  29 წლამდე ასაკის ახალგაზრდების 79%. ახალგაზრდების 20%–ზე მეტი სოციალურ ქსელებსა და ფორუმებში ეძებს პასუხს იმგვარ კითხვებზე, რომელთა ნაცნობებისთვის დასმაც ეთაკილებათ (მაგ., ნარკოტიკების გამოყენება, დეპრესია, სექსუალობა) და ხშირად აწყდებიან სტატიებს, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო არც მედიცინასთან და არც მეცნიერებასთან.

ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ინფორმაციის ანალიზის ხარისხი წინარე ცოდნასა და კონტექსტზეა დამოკიდებული. მაგალითად, ინფორმაციას იმპრესიონისტი მხატვრების შესახებ სხვადასხვანაირად მიიღებენ და გააანალიზებენ ხელოვნებათმცოდნე და ის ადამიანი, რომელიც ამ ტიპის მასალას პირველად ეცნობა. ინფორმაციის აღქმაზე დიდ გავლენას ახდენს ისიც, რა კონტექსტში ხდება მისი მოძიება და შეფასება. მაგალითად, მას სხვადასხვანაირად აღიქვამენ მკვლევარი, რომელსაც განსაზღვრული დრო აქვს გამოყოფილი ინფორმაციის გასაცნობად და დასამუშავებლად და ცაიტნოტში მყოფი მოსწავლე/სტუდენტი, რომელმაც მასალის მოსაძიებლად უკანასკნელი წუთები მოიტოვა. ამ სიტუაციაში იზრდება ალბათობა, მაძიებელი დასჯერდეს პირველსავე ბმულს.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბავშვის მათი თავის ტვინის პრეფრონტალური ქერქი ჯერ კიდევ მომწიფების პროცესშია (ეს უკანასკნელი კოგნიტურ პროცესებს განაგებს და სათანადო დროსა და ადგილას სათანადო ქცევის შერჩევას უზრუნველყოფს, რათა ადამიანი მთლიანად სიტუაციაზე არ იყოს დამოკიდებული), ამიტომ შესაძლოა, ბავშვებს უფრო მეტად გაუჭირდეთ ინფორმაციის ამორჩევა, მოწესრიგება, ინტერპრეტაცია, შეფასება, საკუთარი მოქმედებების დაგეგმვა და შედეგების პროგნოზირება და საამისოდ მეტი დახმარება დასჭირდეთ.

ყოველივე ამასთან ერთად, ინფორმაციის ანალიზში დიდ როლს ასრულებს მანამდე არსებული გამოცდილება და ცოდნა, ვინაიდან ადამიანი, რომელსაც უკვე აქვს ინფორმაციის დამუშავების გამოცდილება, ახალბედასგან განსხვავებით, ყოველგვარ ინფორმაციას სარწმუნოდ არ მიიჩნევს.

„ციფრული ეპოქის ბავშვების“ ავტორთა აზრით, წყაროს შერჩევისას მოზარდები ყურადღებას აქცევენ საიტის დიზაინს, მის პოპულარობას, იმას, რამდენად ვრცლადაა წარმოდგენილი ინფორმაცია. ზოგი აღნიშნავს, რომ სანდოდ მიაჩნია საიტები, სადაც ინფორმაციას ხშირად აახლებენ და სადაც შესაძლებელია განახლების თარიღის ნახვა.

ბუნებრივია, ინფორმაციის ხარისხის შეფასება თანდაყოლილი უნარი არ არის. ადამიანები, რომლებიც მეტ დროს უთმობენ სხვადასხვა საიტზე ინფორმაციის ძიებას, ბუნებრივია, მეტად იწაფებიან. მაგალითად, ერთი სტუდენტი ამბობს, რომ ყოველგვარ ინფორმაციას ამოწმებს, ეცნობა სხვადასხვა წყაროს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოაქვს დასკვნა ან იქმნის წარმოდგენას ამა თუ იმ მოვლენის შესახებ. ის ვიკიპედიის გამოყენების საკუთარ წესსაც გვაცნობს: „სტატია, სადაც ბევრი ციტატაა მოყვანილი და ავტორებიც მითითებულია, ჩემ ნდობას იმსახურებს. სტატიის გაცნობისას შევდივარ მისი განახლების ისტორიაში, ვნახულობ, ვის მიერაა რედაქტირებული… თუ რედაქტორებიც დასახელებულია, მაშ, ეს სანდო სტატია ყოფილა“.

აქედან გამომდინარეობს, რომ ციფრული თაობის აბორიგენები გამოცდილებასთან ერთად მასალის შეფასების უნარებსაც იძენენ, მაგრამ ეს პრობლემას მთლიანად ვერ აგვარებს.

არსებობს ინფორმაციული ნაკადის რეგულირების სხვადასხვა გზა.

პირველი თავად ბაზარია, სადაც განსაკუთრებით ღირებული „პროდუქტის“ შერჩევა ხდება. მაგრამ თუ ის საფუძვლიანად არ შევისწავლეთ, არჩევანს ვერ გავაკეთებთ. იმავდროულად, ბევრ საიტს აქვს ციფრული შინაარსის შეფასების რეიტინგები. მაგალითად, youtube-ზე ვიდეოს 5–ქულიანი სკალით შეფასებაც შესაძლებელია და კომენტარის განთავსებაც. საბოლოოდ სისტემა კრებს ინფორმაციას იმ მომხმარებლებისგან, რომლებიც გაეცნენ აღნიშნულ რესურსს.

პრობლემას მეტ–ნაკლებად ამცირებს ხარისხის ნიშნები და მარკებიც. ონლაინსივრცეში ისინი ინფორმაციის სანდოობის მაუწყებელია. არსებობს ნიშნები, რომელიც არასრულწლოვანებს მათთვის საზიანო ინფორმაციისგან იცავს. ამგვარ სამარკო ნიშნებს სერტიფიკაციისა და აკრედიტაციის პროგრამის ფარგლებში ანიჭებენ. მაგალითად,, აშშ-ში მოქმედებს იმ საიტების აკრედიტაციის პროგრამა, რომლებიც სამედიცინო შინაარსის ინფორმაციას ათავსებენ. დამოუკიდებელი ორგანიზაციის (American Acreditation HealthCare Commission – URAC) მიზანი სოციალურ ქსელში განთავსებული სამედიცინო შინაარსის ინფორმაციის ხარისხის გაუმჯობესებაა. მაგალითად, თუ მოზარდი გოგონა ანტიჰისტამინური პრეპარატების შესახებ ინფორმაციას მოიძიებს საიტზე www. Kidshealth.com, რომელსაც აქვს URAC–ის აკრედიტაცია, მეტი შანსი აქვს, მიიღოს სანდო და გადამოწმებული ინფორმაცია. ეს ორგანიზაცია თავად აწესებს ხარისხის მკაცრ სტანდარტებს და პასუხისმგებლობის კრიტერიუმებს სამედიცინო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით.

სერტიფიკაციის პროგრამებსა და რეიტინგებს დიდი მნიშვნელობა აქვს – ისინი ამაღლებენ განთავსებული ინფორმაციის ხარისხს, თუმცა ამ ორ მეთოდს ურთიერთსაპირისპირო ხასიათი აქვს: პირველი მიდგომით, მასალას პროფესიონალები აფასებენ, მეორით კი თავად მომხმარებელი ირჩევს, რა არის კარგი და რა – ცუდი. პირველ შემთხვევაში ხარისხის კონტროლი განსაზღვრულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თანაც საინტერესოა, რომ ეს რეიტინგები მომხმარებელთა მიერ მინიჭებულზე ნაკლებპოპულარულია, მაგრამ საგულისხმოა ისიც, რომ რეიტინგულ სისტემას არ იყენებენ ნაკლები გამოცდილების მქონე მომხმარებლები, ხოლო გამოცდილები თავად აქცევენ ყურადღებას სანდო ორგანიზაციების შეფასებებს, რაც, თავის მხრივ, აერთიანებს ამ ორ პერსპექტიულ მიდგომას.

როგორც ონლაინ, ისე რეალურ სამყაროში სოციალური ნორმები დიდ როლს ასრულებს ინფორმაციის ხარისხის უზრუნველყოფაში. ნორმები ის ფაქტორებია, რომლებზეც დამოკიდებულია ონლაინ კომუნიკაციის ხასიათი, ელექტრონული ფოსტით დაწყებული, სოციალური ქსელებითა და ბლოგებით დამთავრებული. ხშირად სწორედ სოციალური ნორმები განაპირობებს კომუნიკაციისა და ინფორმაციის ხარისხს.

საიტების ავტორები ხშირად ბავშვების (როგორც მომხმარებლების) ფაქტორსაც ითვალისწინებენ და ბავშვებისთვის განკუთვნილ საძიებო სისტემებს ქმნიან.

მშობლები ხშირად იყენებენ ფილტრებს, რათა ბავშვები და მოზარდები მათთვის შეუსაბამო შინაარსებისგან დაიცვან. ჩატარებული კვლევების თანახმად, ასე იქცევიან მშობლები, რომლებიც თვითონვე არიან ინტერნეტის ინტენსიური მომხმარებლები. ფილტრი შეიძლება დავაყენოთ უშუალოდ იმ კომპიუტერზე, რომელზეც მუშაობს ბავშვი „ბავშვებისადმი კეთილგანწყობილი“ ბრაუზერის ან პროგრამის სახით. ეს პროგრამები, NetNanny და Cyber Patrol, სტანდარტული ბრაუზერებით – Firefox–ით და internet explorer–ით მუშაობს. სერვერის ფილტრების დაყენება კი ხდება არა მომხმარებელთა პერსონალურ კომპიუტერებზე, არამედ სერვერებზე, რომლებიც ემსახურება ლოკალურ ქსელს. ფილტრაცია გულისხმობს მოზარდებისთვის განსაზღვრულ შინაარსებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას. კომპანია, რომელიც ამ სერვისს უზრუნველყოფს, ქმნის იმ საიტების შავ სიას, რომლებზეც წვდომა დაბლოკილია. წესისამებრ, ამ სიაში შეჰყავთ საიტების URL. შეიძლება აკრძალული სიტყვების შეყვანაც. მესამე გზაა ინტერნეტშინაარსების რეიტინგის შექმნა, რაც შესაძლებლობას იძლევა, ფილტრმა იმუშაოს შინარსის რეიტინგებზე დაყრდნობით, რომლებსაც მომხმარებლების მიერ შევსებული ანკეტების მიხედვით ადგენენ. მაგალითად, კომპანია Microsoft-ის მიერ შექმნილი ბრაუზერი Internet Explorer–ი ითვალისწინებს წვდომის შეზღუდვას ასოციაცია ICRA–ს (Internet Content Rating Association) სამარკო ნიშნების აღქმის გზით. ეს ინტერნეტშინაარსების შეფასების ყველაზე ცნობილი სისტემაა. მაგრამ ფილტრაციას თან ახლავს პრობლემა: შეზღუდვა შესაძლოა ზედმეტი ან არასაკმარისი აღმოჩნდეს. ასე რომ, ზემოთ აღწერილი გზა ინფორმაციის ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი, მაგრამ არა იდეალური საშუალებაა.

შინაარსის შერჩევაში განსაკუთრებით გვეხმარება საძიებო სისტემები. ზოგი მათგანი მხოლოდ ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. მაგალითად, Yahooligans საგანგებოდ 7–დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შეიმუშავეს. ამ სისტემას იმთავითვე დაბლოკილი აქვს ბავშვებისთვის შეუსაბამო ინფორმაცია. თუმცა თანამედროვე საძიებო სისტემები (google, yahoo!, Ask) საკმაოდ დახვეწილია. ისინი ეყრდნობიან ჩვენი და ჩვენი მსგავსი ინტერესების მქონე ინდივიდთა საძიებო ქცევებს.

მართალია, აღწერილი ინფორმაციული სიახლეები 100%–ით ვერ უზრუნველყოფს ინფორმაციის ხარისხს, მაგრამ საძიებო სისტემები, ფილტრაცია, რეიტინგებისა და რეკომენდაციების გაცნობა გვეხმარება, შევარჩიოთ ჩვენთვის საჭირო, ღირებული ინფორმაცია.

მართლაც, ციფრული ეპოქის ზოგიერთი აბორიგენი მასალას ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების დაცვით არჩევს. მაგრამ მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს მაინც უჭირს ინტერნეტსივრცეში „ქატოსა და ფქვილის ერთმანეთისგან გარჩევა“ – ზემოთ აღწერილი ტექნოლოგების გამოყენება განსაზღვრულ ტექნიკურ უნარებს მოითხოვს და ახალბედა მომხმარებლისთვის შესაძლოა რთული აღმოჩნდეს.

ამრიგად, ჩვენი დროის გამოწვევად რჩება მოზარდებისთვის ჯანსაღი სკეპტიციზმის ჩასახვა ინფორმაციული ნაკადის მიმართ, რომელზეც მათ ხელი მიუწვდებათ ინტერნეტით, ტელევიზიით თუ სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით. მოზარდი აღჭურვილი უნდა იყოს იმ უნარებით, რომლებიც დაეხმარება მას ინფორმაციის სხვადასხვა წყაროს გადამოწმებაში, ვიდრე მას სრულ ნდობას გამოუცხადებდეს.

ამ სირთულეების დაძლევა ისევ ინტერპერსონალური კომუნიკაციის გზით არის შესაძლებელი. მაგალითად, მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომელ საიტებს სტუმრობს მისი შვილი, რა მოსწონს და რა – არა. ეს უფროსებს მისცემს განსაზღვრულ წესებზე შეთანხმებისა და დამატებითი ინფორმაციის/ინსტრუქციების მიცემის შესაძლებლობას.

უდავოა, რომ დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ პედაგოგებსაც. უნდა ვიზრუნოთ ციფრული და მულტიმედიური კომპეტენციების განვითარებაზე, მივაწოდოთ მოსწავლეებს ინფორმაციის სანდოობის შემოწმების ინსტრუქციები (ან სანამ ვებგვერდს მივუთითებდეთ, დავფიქრდეთ იმაზე, ვისი შექმნილია იგი, სანდოა თუ არა ავტორთა ჯგუფი, დაშვებულია თუ არა მასალაში გრამატიკული და ორთოგრაფიული შეცდომები, შესაძლებელია თუ არა ავტორებთან დაკავშირება, ხომ არ გვხდება შინაარსის თვალსაზრისით საეჭვო ინფორმაცია, რომლის გადამოწმებაც სხვა წყაროებში ვერ ხერხდება, გასაგებია თუ არა გამოყენებული ლექსიკა, შეუძლია თუ არა მოსწავლეს მისი გაგება/დამუშავება, კარგად ჩანს თუ არა სურათები და ხელს უწყობს თუ არა ისინი ინფორმაციის აღქმას. ამასთანავე, უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის კოგნიტიური შესაძლებლობები, ინტერესები, ცოდნა. დღეს განსაკუთრებით აქტუალურია კრიტიკული აზროვნება, რომელიც აუცილებელია როგორც ციფრულ, ისე რეალურ სამყაროში გზის გასაკვლევად. თუმცა ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ძალზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ ვებგვერდების შემქმნელებსაც – მათ უნდა უზრუნველყონ მომხმარებელი სანდო და ღირებული ინფორმაციით და ღია, ინტერნეტსივრცეში არც ბავშვების ფაქტორი დაივიწყონ.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016წწ.
  2. https://ncp.ge/ge/curriculum/competencies/digital-literacy (ნახვა 21.07.2015)
  3. Палфри, Д., Гассер. У, (2011). Дети цифровой эры. ЭКСМО

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი