შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

„ციფრული დიეტა“ ბავშვებისათვის  

მშობლები ხშირად უჩივიან ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნილ შვილებს – ისინი ან ზედმეტად აქტიურები და ცელქები არიან, ან, დივანზე კოტრიალის გარდა, არაფრის კეთება სურთ, არაფერი აინტერესებთ. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ბავშვთა ფსიქოლოგი, ფსიქიატრი ვიქტორია დანკლეი  წიგნში „Reset Your Child’s Brain“ (New World Library, 2015) ბევრ საინტერესო მოსაზრებას აქვეყნებს. მისი დაკვირვებით ბავშვის ქცევით შეწუხებულ მშობლებს, საბოლოოდ, შვილი ექიმთან მიჰყავთ, რომელიც თავის მხრივ სასწრაფოდ ადგენს დიაგნოზს – დეპრესიას, ბიპოლარულ აშლილობას ან ყურადღების დეფიციტის სინდრომს, ადგენს წამლების გრძელ ჩამონათვალს, მაგრამ დროთა განმავლობაში იკვეთება, რომ თურმე ბავშვს დიდად არც მედიკამენტოზური ჩარევა შველის…

ცნობილი ფსიქიატრის აზრით, მშობლები შვილებს გამუდმებით „ლუპით“ უნდა აკვირდებოდნენ – რით ერთობიან და რა მდგომარეობაში ატარებენ მთელ დღეს? იქნებ ბავშვის  „სასუნთქი გარემო“ მხოლოდ მობილურის ან კომპიუტერის ვირტუალური სივრცეა? და თუ ეს მართლაც ასეა, ვიქტორია დანკლეი ირწმუნება, რომ მსგავს სივრცეში მცხოვრებ ბავშვებზე წამლები არანაირად არ იმოქმედებენ. აუცილებელია სხვა სამკურნალო სტრატეგიის დასახვა. ასეთია „უციფრო დიეტა“. ის გაცილებით კარგ და სწრაფ შედეგს მოგვცემს. ბავშვის ძილის ხარისხი რამდენიმე დღეში გაუმჯობესდება, დღის აპათია სწრაფად გაივლის, ბავშვი შედარებით ყურადღებიანი, დისციპლინირებული გახდება, მეტს იმოძრავებს ფიზიკურად, უნებურად გაამახვილებს ყურადღებას ისეთ წვრილმანებზე, რომლებიც აქამდე არ შეუმჩნევია, შესაბამისად, წარუმატებლობაც ნელ-ნელა ზურგს აქცევს მას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს „რეალობაში დაბრუნებული“ ბავშვის წარმოსახვის განვითარებას. აქამდე ვირტუალური გარემო არ აძლევდა ამის საშუალებას, რადგან გამუდმებით „მზა პროდუქტს“ სთავაზობდა და ამით მის ფანტაზიას ბლოკავდა.

ფსიქიატრი შეგვახსენებს, რომ ბავშვის/მოზარდის ფსიქიკა გაცილებით მყიფეა, ვიდრე უფროსის და როდესაც მშობელს მიაჩნია, რომ ბავშვისათვის კომპიუტერთან გატარებული სამი საათი ტელევიზორთან გატარებულ სამ საათს სჯობს, ის აშკარად ცდება. არსებობს რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ არის აუცილებელი გაჯეტებთან გატარებული დროის მინიმუმამდე შემცირება. პირველი და ყველაზე წონიანი მიზეზი ის გახლავთ, რომ ელექტრონულ მოწყობილობებს ჩვენი ბიოლოგიური საათები მწყობრიდან გამოჰყავს. ჩართული მობილური ტელეფონის ნათება აიძულებს ბავშვის ორგანიზმს „იფიქროს“, რომ ჯერ ისევ დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ არ ხდება ძილზე პასუხისმგებელი მელატონინის ჰორმონის გამომუშავება. ბავშვს უჭირს ჩაძინება, მისი ბიოლოგიური საათები ირევა. ამას კი სხვა, არანაკლებ სერიოზული დაავადებების პროვოცირება მოჰყვება.

არავისთვის საიდუმლოს აღარ წარმოადგენს ის, რომ ელექტრონულ მოწყობილობები დამოკიდებულებას იწვევენ. მობილური თამაშები ბავშვის ტვინში სიამოვნების ჰორმონს – დოფამინს ააქტიურებენ. დოფამინი ნარკოტიკის დოზის მიღების დროსაც გამოიყოფა. რაც უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებთ, მით უფრო მეტი და მეტი გვჭირდება სამომავლოდ – ადამიანის ორგანიზმი ამ სისტემითაა მოწყობილი. გამონაკლისს არც ბავშვები წარმოადგენენ. ისინი ძალიან სწრაფად ხდებიან დამოკიდებული სმარტფონებზე, მათ ორგანიზმში გამომუშავებული დოფამინი სულ უფრო სცილდება ნორმას. ეს ჰორმონი ასევე პასუხისმგებელია მოტივაციასა და ყურადღებაზე. მისი არასწორი გამომუშავება უარყოფითად აისახება ბავშვის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბავშვს სრულ სიბნელეში უნდა ეძინოს, თუმცა ბევრი მშობელი ამ მოთხოვნას სათანადო ყურადღებას არ აქცევს. ნათურის მკრთალი შუქიც კი ამცირებს მელატონინის გამომუშავებას. ნურც იმას დაივიწყებთ, რომ მელატონინი არა მხოლოდ ძილზეა პასუხისმგებელი, არამედ კიბოს უჯრედებს ბლოკავს და დაბერების პროცესს ანელებს. დადასტურდა, რომ შემოსული მესიჯის ნათება მკვეთრად ამცირებს მელატონინის გამომუშავებას.

მობილური ტელეფონები და პლანშეტები ბავშვების აღგზნებადობის წყაროდ იქცევა ხოლმე. ამ მოწყობილობების მფლობელები მუდმივად დაძაბულ, რაღაცის მომლოდინე,  სტრესთან მიახლოებულ მდგომარეობაში არიან. სტრესი სტიმულირებას უწევს კორტიზოლის გამომუშავებას – ჰორმონის, რომელიც სტრესულ სიტუაციებთან გამკლავებაში გვეხმარება. თუმცა კორტიზოლის დიდი რაოდენობა ორგანიზმში დეპრესიას, თავის ტკივილებსა და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს იწვევს.

სოცქსელებიდან მოსული შეტყობინება, ონლაინთამაშების შემოთავაზებები, ახალი პოსტები – ეს ყველაფერი ბავშვს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. ის სულ „ხაზზეა“, ყოველწუთიერად ამოწმებს ტელეფონს, სხვა საქმეებზე ვერ კონცენტრირდება, პრიორიტეტები ეცვლება, უფროსებს გაღიზიანებული ელაპარაკება. ურთიერთობის ასეთი ფორმატი ჩვევაში გადადის. ამ შემთხვევაში ფსიქოთერაპევტები გვირჩევენ, ბავშვები ბუნებაში გავიყვანოთ, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი მშვიდდება და წონასწორობას იბრუნებს.

„ციფრული დიეტის“ დაწყება იმ დღიდანვე სასურველია, როგორც კი შეამჩნევთ, რომ ბავშვი პლანშეტებთან და სმარტფონებთან ზედმეტად დიდ დროს ატარებს. ამერიკული პედიატრიის აკადემიის 2015 წლის მონაცემებით, 2 წლის ასაკის ბავშვების 30% თამაშობს მობილურ მოწყობილობებში, მოზარდების 75%-ს პირადი სმარტფონები აქვს, აქედან 24% აღიარებს, რომ მთელი დღის განმავლობაში იყენებს მას. პედიატრები და ბავშვთა ფსიქოლოგები ხშირად აწყდებიან პრობლემებს, რომელიც ელექტრომოწყობილობების მოხმარებას უკავშირდება. ზუსტად არავინ იცის, როდის, რა ასაკში და რა დროის განმავლობაში შეუძლია ბავშვს მოციმციმე ეკრანთან მეგობრობა, როგორ იმოქმედებს ეს მის ჯანმრთელობასა და  განვითარებაზე. ბევრი ნეგატიური შედეგი რამდენიმე წლის შემდეგ ვლინდება: განუვითარებელი მეტყველება და სოციალური ჩვევები, ყურადღების დეფიციტი, მეხსიერების პრობლემა, ემოციურ სფეროსთან დაკავშირებული პრობლემები. ხშირად კი ამ ყველაფრის უკან მშობელი დგას, რომელიც ბავშვს უფლებას აძლევს, უკონტროლოდ გაერთოს, ოღონდაც მშობელი არ შეაწუხოს.

მშობლების უმეტესობა ფიქრობს, რომ არაფერია ცუდი იმაში, როდესაც ბავშვი საათობით უყურებს მულტფილმებს ან თამაშით ერთობა. მშობლებს დრო არ აქვთ ან ეზარებათ ბავშვებთან ურთიერთობა. ხშირია შემთხვევები, როდესაც უფროსები სმარტფონებს იმიტომ კი სჩუქნიან შვილებს, რომ ეს მათ სჭირდებათ, არამედ სჩუქნიან, როგორც სათამაშოს.

გასული წლის სიმპოზიუმზე „Growing Up Digital“ პედიატრიის ამერიკულმა აკადემიამ მშობლისთვის ახალი რეკომენდაციები წარადგინა, სადაც უფროს თაობას მიეთითა, რომ მობილური მოწყობილობები მხოლოდ მაშინ არის სასარგებლო, როცა ბავშვები მშობლებთან ერთად ითვისებენ მათ და ციფრულ სამყაროს ურთიერთკავშირის გზით ეზიარებიან. პედიატრების დაჟინებული რჩევით, 2 წლის ასაკამდე ბავშვს ხელში ტელეფონი არ უნდა ეჭიროს. უფრო მოზრდილი ბავშვები ტელეფონთან 2 საათზე მეტს არ უნდა ატარებდნენ.

პედიატრები ახსენებენ მშობლებს, რომ ბავშვები მათ დაკანონებულ წესებს უნდა ემორჩილებოდნენ. წესები და შეზღუდვები კი ვირტუალურ სფეროსაც უკავშირდება. ბავშვს ზუსტად უნდა განემარტოს, რას და რატომ ითხოვენ მისგან. მშობელი ბავშვისთვის მისაბაძი მაგალითია. ისინი მათ ქცევას იმეორებენ. ამიტომ გაჯეტებთან გატარებული დრო მშობლებმაც უნდა აკონტროლონ. დაფიქრდით, რამდენად ხშირად გხედავთ ბავშვი ტელეფონით ხელში? ძალიან დიდ დროს ხომ არ უთმობთ პოსტებსა და ახალ ამბებს სოციალურ ქსელებში? მშობლებს შეუძლიათ, თავიანთი „ციფრული დიეტისთვისაც“ გამოყონ კვირაში ერთი დღე. რაც შეეხება ბავშვებს, პედიატრები აღნიშნავენ, რომ მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ კონტენტის ხარისხს, მათთვის პრიორიტეტული უნდა იყოს საგანმანათლებლო თამაშები და პროგრამები, რომლებიც ბავშვს რაიმე სარგებელს მოუტანს. სასურველია, ასეთ გასართობს  ფსიქოლოგებმა და პედაგოგებმაც გაუწიონ რეკომენდაცია.

გამოარჩიეთ  ურთიერთობებთან დაკავშირებული თამაშები. გაჯეტი უნდა იყოს ინსტრუმენტი და ურთიერთობის სუროგატი. მოარიდეთ ბავშვი „ჩამთრევ“ თამაშებს. ვიდეოს შერჩევისას აქცენტი გააკეთეთ ინტერაქტიულ პროგრამებზე. გამოიყენეთ სოციალური ქსელის პოტენციალი მოზარდი შვილის შემთხვევაში. თავადვე ასწავლეთ სწორი გზით ურთიერთობის დამყარება მეგობრებთან, ქსელური ცხოვრების წესები და მიუთითეთ, რა შეცდომებს უშვებენ სხვები.

შექმენით „ციფრული დიეტის“ „თავისუფალი ზონები“ საძინებელსა და სამზარეულოში, სადაც არასოდეს შეიტანთ მობილურებს, გაჯეტებს, პლანშეტებს. საჯაროდ განუცხადეთ ოჯახის ყველა წევრს, რომ ჭამის დროს ტექნიკა სხვა ოთახში უნდა იდოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი