ტახის ქელეხი

 

უცნაურად ვიწყებ. ალბათ, ბევრი გავაკვირვე არაორდინარული სათაურით. დღეს მინდა, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის მიზნებსა და ამოცანებზე მოგიყვეთ. სისტემას კავკასიის ტერიტორიაზე მოქმედი რამდენიმე კერძო უნივერსიტეტის მაგალითზე განვიხილავ. დასაწყისშივე დავესესხები გენიალურ ინგლისელ მწერალს, ვირჯინია ვულფს, რომელიც თავის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაშრომს, „საკუთარ ოთახს“, ამ სიტყვებით იწყებს: „უზუსტობებს უხვად გადმოვაფრქვევ, მაგრამ ცოტ-ცოტა სიმართლესაც გავურევ; თქვენ უნდა მოიძიოთ აქა-იქ გაბნეული სიმართლე და განსაჯოთ, ღირს თუ არა, დაიმახსოვროთ. თუ ვერაფერი აღმოაჩინეთ, რასაკვირველია, მოისვრით სანაგვეში და დაივიწყებთ“.

როგორ იქმნება კავკასიის რეგიონში კერძო უმაღლესი სასწავლებლები?

ჩვენს სივრცეში უნივერსიტეტის დაარსების უამრავი გზა არსებობს. ცოდნის კერის დასაფუძნებლად ყველაზე ხელსაყრელია ყოფილი სახელმწიფო დაწესებულების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ან სკოლის იაფი პრივატიზაცია. ხშირად თავად ბანკებიც, ჩვენი ეპოქის ყველაზე ძლევამოსილი სტრუქტურები, ქმნიან თავიანთ აკადემიებს თითქმის მუქთად ხელში ჩაგდებულ მიწის ნაკვეთებზე. არამხოლოდ მდიდრებს – უფულო ადამიანებსაც შეუძლიათ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართვა. მათი მეთოდი, ერთი შეხედვით, მარტივია – ისინი ქმნიან არააკრედიტებულ კოლეჯებს, დიპლომზე მონადირე მშობლებს ატყუებენ და შვილებისთვის უგამოცდოდ სახელმწიფოს მიერ აღიარებული ფურცლის მოპოვებას პირდებიან. ისინი ხელმოკლე მოქალაქეებს ფარატინა ქაღალდში მილიონებს ახდევინებენ. სანამ მშობლები სიმართლეს გაარკვევენ, უნივერსიტეტთა დამფუძნებელი მამები მიწას ყიდულობენ და მასზე სასწავლო კოშკებს აგებენ. იმ დორისთვის კი, როცა გაბრაზებული მშობლები მოცვივდებიან, ნაგებობა უკვე დაგირავებულია. ბანკის ვალის გადახდა სწავლას მოწყურებულთა ახალი ნაკადის ხარჯზე მოხერხდება. შესაბამისად, მოტყუებულთათვის თანხის უკან დაბრუნება პრობლემა არ არის. ხშირად დამფუძნებლებს უფრო მეტადაც უმართლებთ – კოლეჯის სტუდენტები ეროვნულ გამოცდებს აბარებენ და ახალ უნივერსიტეტში აგრძელებენ სწავლას. ამ შემთხვევაში მშობლებს ფულს აღარ უბრუნებენ, პირიქით, შესაძლოა, უფრო მეტი თანხაც გადაახდევინონ, რადგან იგივე პედაგოგები და სტუდენტები უკვე გარემონტებულ შენობაში აგრძელებენ საქმიანობას. კოლეჯიდან უნივერსიტეტად დაწინაურებისთვის რემონტი შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს.

მრავალსართულიანი საუნივერსიტეტო შენობების ინტერიერის დიზაინში უმაღლესი განათლების სისტემის კონცეფციაა ჩადებული.

უნივერსიტეტის ქვედა სართულების კედლებს ამერიკული ასდოლარიანის გამოსახულებები ამშვენებს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სისტემის არქიტექტორისთვის უმაღლესი განათლების მთავარი მიზანი ადამიანის თვითშემეცნება, სამყაროში საკუთარი ადგილის, როლისა და ფუნქციის პოვნა კი არა, ბაზარზე მტკიცე პოზიციის მოპოვება და ფულის მოხვეჭაა. სტუდენტმა იმისთვის უნდა ისწავლოს, რომ მდიდარი გახდეს.

რაში უნდა გამოიყენოს კურსდამთავრებულმა თავისი ცოდნით მოხვეჭილი ასდოლარიანები?

ამ კითხვაზე პასუხი მომდევნო სართულების მორთულობაში შეგვიძლია ვეძებოთ. აუდიტორიები ქალის სხეულისა და ტუჩების კონტურებით არის დამშვენებული. ამ სართულების კონცეფციას მეცნიერები ალბათ უტილიტარიზმს უწოდებდნენ. რთული ფილოსოფიური წიაღსვლა რომ არ გამომივიდეს, ტერმინის მნიშვნელობის გასაგებად ლექსიკონში ჩავიხედოთ: „სოციალურ მეცნიერებებში სარგებლიანობის თეორიის ერთ–ერთი ვარიანტი. მისი პრინციპია სოციალური ცხოვრებისა და პროცესების განხილვა სარგებლიანობასთან მიმართებით, შესაბამისად, ყველა არსებული ურთიერთობის სარგებლიანობისთვის დაქვემდებარება. უტილიტარიზმს დასაბამი მისცა ბენტამის თეორიამ, რომელშიც ყოველგვარი მიმართების ერთადერთი შინაარსი სარგებლიანობაა. ბენტამი სარგებლიანობას აიგივებდა სიამოვნებასთან, ტკბობასთან და მიაჩნდა, რომ ზნეობრიობის საფუძველი უნდა იყოს „რაც შეიძლება მეტი ადამიანის სწრაფვა რაც შეიძლება მეტი სიამოვნებისკენ“. უფრო მოკლედ და მარტივად რომ ვთქვათ, დაგროვილი ასდოლარიანები სიამოვნებისთვის, მაშასადამე, ცოდვისთვის უნდა დაიხარჯოს.

სიამოვნება რომ ცოდვად განიხილება, ამას შენობის უკანასკნელ სართულზე განთავსებული დიდი სამლოცველოც ადასტურებს. განათლების შედეგად მოპოვებული ფულით მიღწეულ ტკბობას მონანიება სჭირდება.

გაგიკვირდებათ და შენობაში სამოთხის იდეაც არის ჩადებული. სამოთხესთან ცათამბჯენის ვერანდა უნდა ასოცირდებოდეს. ვერანდაზე წელიწადში რამდენჯერმე „ტახის ქელეხი“ ეწყობა. ყველაზე მდიდარი და გავლენიანი პირი ტახს მოინადირებს ან სხვას მოანადირებინებს ჩალის ფასად. დაკლული მხეცი ამწეთი ააქვთ სახურავზე და ოქროს კავზე კიდებენ. წვეულებას მხოლოდ ყველაზე მორჩილი და ყველაზე ცნობილი ადამიანები ესწრებიან. იქ მხოლოდ რჩეულები ხვდებიან. სტუმრები და მასპინძლები საკუთარი ხელით ამზადებენ „ბარბექიუს“ და შეექცევიან უნივერსიტეტის ეზოში გაშენებული ვენახისგან დაწურულ ღვინოს. განათლების სისტემაში ჩაბმული ყველა პირი ოცნებობს იქ მოხვედრაზე, რადგან „ტახის ქელეხი“ სასუფევლის ანალოგიაა.

მაშასადამე, განათლების მიზანი ფულის მოპოვებაა. ამ ფულით ჯერ ყველაფერი უნდა გამოსცადო, მერე ცოდვების გამოსასყიდად ინდულგენცია შეიძინო. სამოთხეში კი ულევად გექნება შემწვარი ტახის ხორცი.

ზემოთ მოთხრობილი ამბები თბილისსა და ერევანში შევიტყვე. ეს არ არის ერთი კონკრეტული დაწესებულების ტრაგედია – დაახლოებით ასეთივეა მთელი განათლების სისტემა საქართველოშიც და სომხეთშიც. უბრალოდ, რამდენიმე სკოლის მაგალითზე პრობლემები განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება ხოლმე. მე არავის ვაკრიტიკებ, არავის განვსჯი, მხოლოდ ჩემი ძველი თანამებრძოლის, სოფო შუბითიძის სიტყვების გამეორება მინდოდა: „განათლება არის ღირებულება, ღირებულება თავისთავადი და უქვემდებარო არსია, ამდენად, შეუძლებელია, ღირებულება იყოს საშუალება. განათლება თავად არის მიზანი“.

კომენტარები

comments