პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

თომას მანი ტყიბულში

მიმდინარე წლის გაზაფხული სოციალური მოძრაობების თვალსაზრისით უაღრესად გადატვირთული გახლდათ. უნივერსიტეტში განვითარებულმა მოვლენებმა მთელი საქართველო განათლების რეფორმის აუცილებლობის საკითხზე აალაპარაკა. სტუდენტურ ჯანყს წინ უძღოდა ტყიბულის გაფიცვა. გაფიცვის შესახებ შესანიშნავი ფილმი – „ქალაქი, რომელმაც გაფიცვა გაბედა“ გადაიღეს. დეტალების შესახებ დასახელებული ვიდეოდან შეგიძლიათ შეიტყოთ. მე კი სულ სხვა გარემოებაზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება.

ბუნებრივია, ჩემს მეგობრებთან ერთად გაფიცვის მხარდამჭერ ღონისძიებებში მეც ვმონაწილეობდი. ჩვენ 2010 წლიდან მოყოლებული არცერთი გაფიცვა არ დაგვიტოვებია მოკრძალებული თანადგომის გარეშე. შესაბამისად, ტყიბულშიც გახლდით. გაფიცვის დასრულების წინა დღეს მთელი ქალაქი მსვლელობითა და შეძახილებით მოვიარეთ. ხმაურით მივადექით ყველა ადმინისტრაციული შენობის კარს. რამდენიმე საათის განმავლობაში დავხეტიალობდით ყველასგან მიტოვებულ, ულამაზეს პატარა ქალაქში. მთელი დღის ნაომარი ხალხი შახტის სათავო ოფისის წინ, სახელდახელოდ შეკოწიწებულ კარავთან დავბანაკდით. კეთილმა ხალხმა კარავში დადგმულ თუნუქის ღუმელთან დამითმო ადგილი, რათა დედაქალაქში დაბრუნებამდე ხელები მაინც გამეთბო. ქარიშხლის წინ სიჩუმე ისადგურებს ხოლმე. კარავში, ღუმელთან მოკალათებულს მომეჩვენა, რომ საბოლოო მოლაპარაკებებამდე გაფიცულებმა შესვენება გადაწყვიტეს. ირგვლივ სიჩუმე ჩამოწვა. მე კი მომეცა შესაძლებლობა საყვარელი საქმე გამეკეთებინა.

 შორიახლოს მყოფ ბავშვებს ვუხმე და წიგნებზე დავუწყე საუბარი. ერთმა უფროსკლასელმა გოგომ მოულოდნელად მითხრა, რომ თომას მანზე გიჟდებოდა. გამეცინა, გამიკვირდა, ვერ დავიჯერე. ტყიბულში ვიზიტამდე მეგონა, რომ დალი ფანჯიკიძის და ლევან ბერძენიშვილის შემდეგ ყველაზე მაგარი ვიყავი თომას მანის შემოქმედებაში. ამპარტავნებით წახალისებულმა გამოცდის ჩატარება ვცადე და ტყიბულელ მოსწავლეს ვკითხე იმის შესახებ, თუ გერმანელის რომელი რომანი ჰქონდა წაკითხული. მან მიპასუხა, რომ ჯერჯერობით მხოლოდ მოთხრობების წაკითხვაზე ხარჯავდა დროს. ხელი ჩავიქნიე და შევთავაზე მომავალში გაგვეგრძელებინა დისკუსია. სწორედ, აქ წავიმტვრიე ცხვირი. თომას მანის მოყვარული უფროსკლასელი შეტევაზე გადმოვიდა და მკითხა: „ლევან, თავი რომ მოგაქვთ, იქნებ მითხრათ, რას უწოდებს კლასიკოსი ბედნიერებას? მან ზუსტად ამიხსნა ის, თუ რა არის ბედნიერება“. მოსწავლემ მიწასთან გამასწორა, დიდი ფიქრის შემდეგ დაბნეულმა ვერაფერი გავიხსენე. ტყიბულელმა კი გერმანელის პატარა და ბრწყინვალე ნაწარმოები „ბედნიერება“ შემომთავაზა განსახილველ საკითხად.

თომას მანი წერდა, რომ ნებისმიერი ადამიანის გონებაში, ცნობიერებაში, ფიქრებში ორი სამყარო არსებობს. პირველი მათგანი რეალური ცხოვრება გახლავთ, ხშირად პრობლემებით, წინააღმდეგობებით, გაჭირვებითა და თავსატეხებით სავსე, რომელიც ხანდახან ტანჯვასაც კი უქადის დაჩაგრულ ადამიანს. მეორე სამყარო მიღწეული მიზნების ერთობლიობისგან შედგება, ის იდეალური და განსაკუთრებით სასურველი გახლავთ. როდის არის ადამიანი ბედნიერი? როდესაც ეს ორი სამყარო ერთმანეთს უახლოვდება, ერთმანეთს ემსგავსება, ორ სამყაროს ბევრი რამ აქვთ ერთმანეთთან საერთო. რა აკავშირებს ამ ორ სამყაროს ერთმანეთთან? ორ სამყაროს შორის ადამიანების ოცნებები გადაადგილდებიან, მათი ერთიანობა ოცნებებისთვის ბრძოლის შედეგად არის შესაძლებელი.

პირდაღებული და გაოცებული ვუსმენდი ჩემს გამომცდელს. საკუთარ თავზე ვბრაზობდი, რატომ ვერ დავიმახსოვრე სამუდამოდ ეს უმარტივესი და შესანიშნავი განმარტება, რომელიც „ბედნიერებაშია“ მოცემული. თუმცა გული მაინც სიხარულით მქონდა სავსე. წარმოვიდგინე ის პერიოდი, როდესაც მოზარდს უკვე „ბუდენბროკები“ და „ჯადოსნური მთა“ ექნებოდა წაკითხული. დარცხვენილმა მადლობა გადავუხადე მოსწავლეს. უკვე ვფიქრობდი, რომ ჩემი შერცხვენის პროცედურები დასრულებული იყო, მაგრამ მწარედ შევცდი. ტყიბულელს განუმეორებელი მოთხრობა „მძიმე საათი“ გაახსენდა და შემეკითხა: „თომას მანის საერთაშორისო საზოგადოების ნამდვილო წევრო, გახსოვთ რით  განასხვავებს ავტორი ერთმანეთისგან გმირსა და ღვთაებას?“. ეს უკეთ მახსოვდა, მაგრამ მაინც მას დავუთმე ასპარეზი.

თომას მანის „მძიმე საათი“ ფრიდრიხ შილერს ეძღვნება. ნაწარმოებში ავტორი ერთმანეთს ადარებს შილერსა და გოეთეს. გოეთე ღვთაებაა, მას თვითნაბადი ნიჭი აქვს, ის თავისუფლად, ხელის ერთი მოსმით ქმნის შედევრებს. ის დაბადებიდან შემოქმედი გახლდათ, მას შემეცნებაზე დროის დახარჯვა არ დასჭირვებია. შილერს კი ნაწარმოების დაწერის პროცესში ტკივილის, ტანჯვის, წვალების გადატანა უწევს. მისთვის ნაწარმოების დაწერა შემეცნებისთვის შრომასთან ასოცირდება. შილერი ჯერ შეიმეცნებს და შემდეგ ხდება შემოქმედი. მძიმე საათის განმავლობაში მას შეიძლება ბევრჯერ მოუწიოს უკან დახევა, მაგრამ საბოლოოდ მაინც აღწევს მიზანს და ქმნის მაღალი რანგის ლიტერატურულ ნაწარმოებს. თუ გოეთე ლიტერატურის ღმერთი და ღვთაებაა, შილერი რაინდად და გმირად ცხადდება. რა განსხვავებაა გმირსა და ღვთაებას შორის. ღვთაებას არასდროს მოუპოვებია გამარჯვება შეუპოვარ ბრძოლაში სისხლის ფასად. ღვთაების დამარცხება არასდროს ყოფილა ტრაგიკული სანახაობა. ღვთაება სულ მუდამ გამარჯვებული და დაუმარცხებელია. გმირს კი ბრძოლა უწევს. თავისი გამოსვლა გოგონამ ასე დაასრულა: „რა აზრი აქვს სულ გამარჯვებულად ყოფნას. ბრძოლას აქვს თავისი ხიბლი. მძიმე საათის გადატანის შემდეგ უფრო დიდი ფასი ეძლევა წარმატებას, დამარცხება სძენს გამარჯვებას თავის მნიშვნელობას. ტყიბულელებიც გმირები ვართ, დავმარცხებულვართ, ახლა მძიმე საათის გადატანა გვიწევს, ბოლოს კი შეუპოვარ დაპირისპირებაში მოვიპოვებთ სასურველ შედეგს! ღვთაებად ყოფნა მოსაწყენია“.

ტყიბულში ყოფნისას ჩემს სიცოცხლეში პირველად ჩავიჭერი გამოცდაში და მიუხედავად ამისა, ძალიან გახარებული და ამაყი ვიყავი. იმედია, ამის შემდეგ არცერთი პედაგოგი აღარ იტყვის, რომ მოსწავლეებისათვის თომას მანის წაკითხვა ადრეა. მოთხრობებით დაწყება საშუალო საფეხურის კლასებიდანაც კი შეიძლება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი