პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა პირველად საქართველოში

23 ივლისს საქართველოს 76 ქვეყნის 300-ზე მეტი მოსწავლე ეწვევა. მათთან ერთად იქნებიან  მათი  მენტორები, ორგანიზატორები და საპატიო სტუმრები.

23 ივლისიდან 1 აგვისტომდე საქართველო პირველად მასპინძლობს საერთაშორისო ოლიმპიადას ქიმიაში (IChO-48). ეს ოლიმპიადა ქიმიის ოლიმპიადებს შორის ყველაზე ფართომასშტაბიანი, მსოფლიოში ცნობილი და დიდი რეპუტაციის მატარებელი ღონისძიებაა, რომელიც არაჩვეულებრივ გამოცდილებას სძენს საუკეთესო მოსწავლეებს.

logo

ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ტარდება და მას საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი უმასპინძლებს.

ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივია ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის მასპინძლობა. ნება მომეცით დაგიდასტუროთ, რომ საორგანიზაციო კომიტეტი ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რომ ოლიმპიადა წარმატებულად ჩატარდეს და მონაწილეებს საქართველოზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დარჩეთ. პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაღრმავების გარდა, ოლიმპიადის მეშვეობით ერთმანეთს გაიცნობს უამრავი მოსწავლე მსოფლიოს ქვეყნებიდან, რაც მომავალი მეგობრობის, საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების საუკეთესო გზაა – განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

Ajejelava

საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ოლიმპიადისთვის უკვე ყველაფერი მზადაა. მოწესრიგებულია აუდიტორები, სადაც პრაქტიკული გამოცდისთვის საჭირო ყველა მატერიალი, სპეციალურად დანომრილ მაგიდებზეა განთავსებული. ასევე, მომზადებულია დეტალური დღის წესრიგი მოსწავლეებისათვის, მენტორებისა და სტუმრებისათვის. უნივერსიტეტის დერეფანში, უნიფორმებში გამოწყობილი ათობით მოხალისე სტუდენტი უკვე მზადაა მონაწილეების დასახმარებლად და სხვადასხვა საორგანიზაციო დეტალის მოსაგვარებლად.

საქართველოს აგრარული უნივესიტეტის პროფესორი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი გია ხატისაშვილი ამბობს, რომ ოლიმპიადის მოსამზადებელ პროცესში ადგილობრივი ლაბორატორიების თითქმის ყველა ასისტენტია ჩართული:

unspecified (1)13710629_1018482468272168_3527280966177492173_ounspecified (3)

ასისტენტებთან ერთად, მოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებენ ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტები, მოხალისეები, რომლთაც მონაწილეობა საკუთარი სურვილით მოინდომეს. ყველა მათგანი მოუთმენლად ელის ოლიმპიადის დაწყებას და პროცესში, თქვენ ნახავთ, თუ როგორ აღფრთოვანებით აკეთებენ ისინი დაკისრებულ მოვალეობებს – აღნიშნავს პროფესორი ხატისაშვილი.

13735085_1018482364938845_4578601498170759443_ounspecified (5)13220508_10205757343566155_7966014528186865842_o

ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა ორ ტურად ტარდება და მოიცავს 5-5-საათიან პრაქტიკულ და თეორიულ ტურებს. ამოცანების სავარაუდო თემატიკა და სირთულე რამდენიმე თვით ადრე ცხადდება.

აღნიშნული ამოცანები ქიმიის კონკრეტული მიმართულებების და მისი სპეციფიკური საკითხების მეტად ღრმა ცოდნას მოითხოვს. ამასთანავე, მოსწავლეებს დასჭირდებათ დროის სწორად განაწილების უნარ-ჩვევები, რადგან მხოლოდ 5 საათი აქვთ პრაქტიკული და თეორიული დავალებების შესასრულებლად. ხშირად ეს პროცესი ხანგრძლივ გაანგარიშებებთან ასოცირდება და საკმაოდ გრძელი რეაქციის მექანიზმებია დასაწერი.

ოლიმპიადის საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტის თანათავმჯდომარე   ალექსანდრე გლადილინი უკვე რამდენიმე დღეა საქართველოშია. ალექსანდრე მოსკოვისსახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია და ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაში 1996 წლიდანაა ჩართული. ის რუსეთის ეროვნული გუნდის არაერთგზის მენტორი იყო, ხოლო ამჯერად უკვე მეხუთედაა ოლიმპიადის საორგანიზააციო კომიტეტის წევრი.

“ოლიმპიადის წინა მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია და ველოდებით შაბათს, როცა მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები ჩამოვლენ და ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნება. ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ წელს მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნებოდა. უპირველს ყოვლისა იმიტომ, რომ აქამდე არასოდეს ვყოფილვარ ამ ქვეყანაში და საშუალება მაქვს ახლოს გავიცნო კულტურა და ადამიანები. უკვე დავათვალიერე ძველი თბილისი და მცხეთა, დავაგემოვნე ქართული სამზარეულო.”

უკვე თბილისში იმყოფება “ოლიმპიადის პატრიარქად” წოდებული დუკვან ლი, პროფესორი კორეიდან. პროფესორი დუკვანი აღფრთოვანებულია წინა მოსამზადებელი სამუშაოების შესრულების დონით და დარწმუნებით აღნიშნავს, რომ ოლიმპიადა წარმატებით ჩაივლის.

“ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა ძალიან ბევრ ქვეყანაში ჩაგვიტარებია. ეს ქვეყნები შემიძლია წლების მიხედვით ზედმიწევნით ჩამოგითვალოთ. თუ მკითხავთ, რითია საქართველო გამორჩეული ამ ჩამონათვალიდან, გიპასუხებთ, რომ თქვენმა ქვეყანამ მხოლოდ სამ თვეში გაართვა თავი იმ უსაზღვრო სამუშაოების ჩატარებას, რასაც ნებისმიერი სხვა ქვეყანა მთელი წლის მანძილზე აკეთებს. ჩვენ, საორგანიზაციო კომიტეტმა მხოლოდ სამი თვის წინ შევიტყვეთ, რომ წელს ოლიმპიადა საქართველოში ჩატარდებოდა. თავდაპირველად, შიშითა და უამრავი კითხვით შეპყრობილი ვუყურებდი ამ სიახლეს, შედეგმა ყოველგვარ მოლოდის გადააჭარაბა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელმაც ბიუროკრატიის გარეშე, საოცრად სწრაფად გადაჭრა ყველა საჭირო საკითხი და კეთილი ნებით დაგვიდასტურა მასპინძლობა” – განაცხადა პროფესორმა.

13227236_10205757342366125_5288837084516900421_o

ამჟამად დუკვან ლი ამბობს, რომ მოსწავლეებს რთული ამოცანების ამოხსნა მოუწევთ. თუ რომელი ქვეყნის გუნდი მოიპოვებს გამარჯვებას,  პროფესორი ვარაუდსაც ვერ გამოთქვამს, რადგან ამბობს, რომ წელს განსაკუთრებით ძლიერი მოსწავლეები მონაწილეობენ.

ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხების მთავარი ორგანიზატორი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდია. ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ჟღენტი აღნიშნავს, რომ ქართულმა მხარემ ძალიან მცირე დროში, დაახლოებით ორ თვეში შეძლო ის, რისთვისაც სხვა ქვეყნები სამი წლის მანძილზე ემზადებიან.

giorgi-zhgenti

“ეს პროცესი შესაძლოა შეფასდეს ერთადერთი სიტყვით – ჯადოქრობა. ფაქტობრივად, ჩვენ დროისა და ადამიანური რესურსების უმცირესი რაოდენობით გავაკეთეთ იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე სხვა, სახელოვანი და წარმატებული ქვეყნის წარმომადგენლები აკეთებენ და ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიდის საქართველოში ჩატარება რეალობად ვაქციეთ. მთავარი ნაწილი ჯერ კიდევ წინაა. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ოლიმპიადა წარმატებით ჩაივლის. ჩვენ ამისთვის აბსოლუტურად მზად ვართ.”

თეორიული და პრაქტიკული შეჯიბრების, ოლიმპიადის ოფიციალური ნაწილის გარდა, მოსწავლეებს, მენტორებსა და სტუმრები საქართველოს კულტურისა და ღირსშესანიშნაობებსაც გაიცნობენ. მთელი კვირის მანძილზე ისინი ეწვევიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და დააგემოვნებენ ტრადიციულ საკვებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მარსაგიშვილი აღნიშნავს, რომ ოლიმპიადა ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე.

“ქიმიის განვითარება მსოფლიოში საუკეთესო გზაა მშვიდობისა და კეთილდღეობის განვითარებისთვის. ჩვენ ძალიან გვჭირდება პროფესიონალი ქიმიკოსები. ყველაზე ნიჭიერი და გამორჩეული მოსწავლეები მთელი მსოფლიოდან, ოლიმპიადაზე კიდევ ერთხელ მოსინჯავენ საკუთარ ძალებს ქიმიაში, ასევე, დაათვალიერებენ საქართველოს სხვადასხვა მხარეს და მომავალი თანამშრომლობისა და მეგობრობისთვის მოემზადებიან. თავისმხრივ, საქართველო მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში იქნება, რაც სასარგებლოა ქვეყნის ცნობადობის გაზრდის მხრივ “- აღნიშნავს თამაზ მარსაგიშვილი.

DSC_6687

ოლიმპიადის მთავარი კოორდინატორი, ქიმიის პროფესორი ელიზბარ ელიზბარაშვილი ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაში საქართველოს პირველ ნაბიჯებს იხსენებს:

“2014 წელს საქართველო ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის წევრი გახდა. ოლიმპიადა ამ წელს ვიეტნამში ტარდებოდა. მანამდე მე ვაშინგტონში გახლდით, სადაც ოლიმპიადის დამკვირვებლად ვმუშაობდი. ბოლო დღეს ორგანიზატორებმა სპეციალური კითხვარი დაგვირიგეს, თუ როგორ შევაფასებდით მთელ ღონისძიებას, რა შენიშვნები და მითითებები გვექნებოდა მომავალი წლისთვის. ყველა კითხვას დაუფიქრებლად ვუპასუხე, გარდა ერთისა, რომელიც მეკთხებოდა – მიგაჩნიათ, თუ არა რეალურად თქვენი ქვეყანა და მისი შესაძლებლობები, რომ მომდევნო წლებში ის ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყანა გახდეს? რამდენიმე წუთი  ვფიქრობდი. ის-ის იყო უარყოფითი პასუხის მონიშვნას ვაპირებდი, რომ გავიფიქრე – შეუძლებელი არაფერია, თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, თანაც მომავალში. კითხვა დადებითი პასუხით შევაფასე და დღეს იმაზე მეფიქრება, რეალობაა თუ სიზმარი რაც ამჟამად საქართველოში მიდინარეობს?!”

 ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალი კვირას, 24 ივლისს, 11:00 საათზე რუსთაველის თეატრში გაიმართება.

ინტერნეტგაზეთი “maswavlebeli.ge”,  ოლიმპიადის საინფორმაციო მხარდმაჭერია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი