პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მოსწავლეთა    დამოუკიდებელი   აზროვნების  პრაქტიკული  ასპექტები                                                                                                          

 

პედაგოგები ხშირად ვფიქრობთ, როგორ გადავაქციოთ სწავლა სახალისო პროცესად, რა  რეალური მექანიზმები  შევიმუშაოთ  აუდიტორიაში  სასიამოვნო სასწავლო განწყობილების შექმნისთვის. ასეთი გარემოს ორგანიზების  ერთ-ერთი ეფექტური საშუალება მოსწავლეთა დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებისკენ მიმართული აქტივობებია.

დამოუკიდებელი აზროვნება რეფლექსიური ხასიათისაა და მიმართულია იმ საკითხების გადაწყვეტისკენ, რომელშიც დარწმუნებული ვართ და რისი გაკეთებაც გვინდა. მართალია, ასეთი აზროვნება პიროვნებას შეცდომებისგან არ ათავისუფლებს, მაგრამ  სრულიად შესაძლებელია ეს „შეცდომები“ უეცრად  საოცრად ჭეშმარიტიც აღმოჩნდეს, ამიტომ აზროვნების ასეთი ფორმების ათვისება მოსწავლისთვის აუცილებელია. დამოუკიდებელი აზროვნება პროგრესის განუყოფელი ნაწილიცაა და  ამიტომ, როდესაც მოსწავლეს ახალი ცხოვრებისთვის ვამზადებთ და მიზნების დასახვაში ვეხმარებით, ისიც უნდა ვასწავლოთ, როგორ გადადგას განსაკუთრებული ნაბიჯები, როგორ შეძლოს პრაქტიკულ ცხოვრებაში  ტრადიციული „სიბრძნისგან“ გადახვევა და აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღება.

დამოუკიდებელი აზროვნების ხელშეწყობით მოსწავლე თავისუფლდება სტერეოტიპებისგან,  პროცესებს ხედავს „გარედან“ და გზას უხსნის ახალ იდეებს. რაც მთავრია –  ასეთ დროს წარმოშობილი მოსაზრებები კონკრეტულად მოსწავლის „კუთვნილებაა“ და არა „განმეორება“ რომელიმე საინფორმაციო წყაროდან მიღებული ცოდნისა. ამიტომ მოსწავლეთა დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებაზე ზრუნვა პედაგოგიური საქმიანობის მნიშვნელოვანი დეტალია და მოსწავლეთა დიდ დაინტერესებასა და შემოქმედებით აქტივობასაც იწვევს.

დამოუკიდებელი  აზროვნებისთვის დამახასიათებელია:

  • არაორდინალური კითხვების დასმა, ორიგინალური მოსაზრებების გამოთქმა, კრეატიული იდეების წამოყენება;
  • განსხვავებული არგუმენტების მოტანა;
  • პრობლემების დროულად გადაწყვეტა;
  • ცოდნის აგება – კონსტრუირება;
  • საბოლოო შედეგების განსაზღვრა.

იფიქრო დამოუკიდებლად, ეს ნიშნავს:

  • იყო ცნობისმოყვარე;
  • შეძლო კვლევა-ძიების წარმოება;
  • სწორად მოახდინო საკითხების ინდენტიფიცირება;
  • დაგეგმო პროცესი;
  • შეადგინო გეგმა;
  • იპოვო პასუხები კითხვებზე;
  • დააკავშირო ფაქტები და მოვლენები;
  • შეძლო ჰიოთეზების დამტკიცება;
  • გქონდეს ლოგიკური პროცესების უნარი.

დამოუკიდებელი აზროვნებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პიროვნული ღირსებები, როგორიცაა:  სწრაფი მოქმედების  უნარი;  განსხვავებული აქცენტები;   მიზანმიმართულობა;  მუდმივი  მზადყოფნა იდეების გენერირებისთვის;  გააზრება და კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება.

ასეთი სააზროვნო  უნარების  განვითარებისთვის მასწავლებელს შეუძლია სხვადასხვა მეთოდები და სტრატეგიები გამოიყენოს, რომელთა დახმარებით  მოსწავლე უკეთესად შეძლებს  თვითგანვითარებაზე ზრუნვას, სწავლის  პროცესის ორგანიზებას და ახალი ცოდნის  აგებას.

როგორია გაკვეთილზე დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებისკენ მიმართული  პრაქტიკული ნაბიჯები? უპირველესად  ყურადღება  უნდა გავამახვილოთ გაკვეთილის  ძირითადი   ფაზების  და მეთოდური ნაბიჯების თანმიმდევრობაზე (სქემა 1):

გაკვეთილის ტექნოლოგიური ეტაპები მოსწავლის ქმედება მასწავლებლის ქმედება შესაძლო  ინტერვენციები  და  გადაწყვეტილებები
საწყის ეტაპზე:  გამოწვევა; მოტივაცია; წინარე ცოდნის აქტუალიზაცია; ახლის შეძენის  ინტერესი; მიზნის განსაზღვრა.

 

მოსწავლე „იხსენებს“, რა იცის;  აკონკრეტებს  ინფორმაციას და სვამს შეკითხვებს. მასწავლებელი მოსწავლის

არსებულ ცოდნას „წარმართავს“   შემდგომი მუშაობისკენ.

გაანალიზება; არგუმენტირება; ვიზუალიზაცია (გრაფიკულად); სწორი და მცდარი მტკიცებულებების წამოყენება; ლოგიკური კავშირები; გონებრივი იერიში; პრობლემური შეკითხვები; დისკუსია, დებატები, ინტერვიუ, ასევე ასოციაციური კავშირების, კლასტერების, სინქვეინების,  სხვა კოგნიტური პროცესების გამოყენება.
დამამთავრებელ ეტაპზე:  მიღებული ცოდნის გააზრება და  ახლის  მიღება; შედეგების განსაზღვრა. მოსწავლე ადარებს  „ძველ“ და „ახალ“ ცოდნას; ახდენს  სინთეზს და იღებს ახალ ცოდნას. მასწავლებელი ვალდებულია, მისცეს მოსწავლეებს  დამოუკიდებელი  მოქმედების  საშუალება; პრაქტიკული კვლევის ელემენტების გამოყენება. არგუმენტაცია; კითხვებზე პასუხის გაცემა; წერილობითი და ზეპირი პრეზენტაცია; კლასტერების, კოგნიტური სქემების შევსება; მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოყენება და ა.შ; ასეთი მეთოდებით მიღებული ინფორმაცია გადაიქცევა „მოსწავლის  მიერ მოპოვებულ დამოუკიდებელ ცოდნად“.
რეფლექსიის  ეტაპზე  ხდება  გაანალიზება,  ინფორმაციის  დამოუკიდებლად  გადამუშავება და  შესწავლილი მასალის ინტერპრეტაცია; სამუშაო სრულდება ინდივიდუალურად, ასევე წყვილებში  და ჯგუფურად, თუმცა ძირითადად მიმდინარეობს ინდივიდუალური მუშაობა, რადგან დამოუკიდებელი აზროვნება ძირითადად ინდივიდუალურად მიიღწევა

 

სქემა 1.

მოსწავლეთა დამოუკიდებელი აზროვნების გააქტიურებისკენ მიმართული აქტივობებიდან  გამოვყოთ რამდენიმე, რომელთა გამოყენებისთვის მასწავლებელს და მოსწავლეებს არ დასჭირდებათ განსაკუთრებული ძალისხმევა, შედეგი კი ეფექტური იქნება.  განვიხილოთ პრაქტიკული  მაგალითი ისტორიის სწავლებიდან: კლასი – VII, თემა – „აღორძინება“, ისტ. VII, 10:

I

 გაკვეთილის საწყის სტადიაზე მოსწავლეთა დამოუკიდებელი აზროვნების  გააქტიურებისთვის სასურველია ისეთი სტრატეგიების გამოყენება, რომელიც ცხოვრებისეული პრაქტიკული მაგალითების და ასოციაციების ფართოდ გამოყენების საშუალებას მისცემს მოსწავლეს.

ასეთ შემთხვევაში მასწავლებლის შეკითხვა შეიძლება ასე ფორმულირდეს:  როგორია თქვენი ასოციაცია ამა თუ იმ ცნების შესახებ? რა იცით მათ შესახებ (მაგალითად, ცნება „აღორძინების“ შესახებ)?!

პასუხის მიღების შემდეგი  პრაქტიკული ნაბიჯები იქნება ასეთი:

  • მოსწავლეთა პასუხები ჩამოვწეროთ დაფაზე;
  • თუ მოსწავლეები სწორად ააგებენ ასოციაციურ ჯაჭვს, გარკვეული რაოდენობის შემდეგ გადავიდეთ მომდევნო დავალებაზე;
  • შემდეგ დავალებად შევთავაზოთ  წინადადების (ან პატარა მოთხრობის) შედგენა  თემაზე: „აღორძინების პერიოდის მიმდინარეობები“;
  • წინადადების (მოთხრობის) შედგენისას გამოიყენონ ყველა შემოთავაზებული ტერმინი და ცნება (მაგალითად, ჰუმანიზმი, რენესანსი, სქოლასტიკა, გუტენბერგი, ახალი დრო, რაფაელი,  ვენერას დაბადება ა.შ.),  მიუხედავად იმისა, ზუსტად ესმით თუ არა მათ მათი მნიშვნელობა;
  • ამ ეტაპზე არ დაიშვება კრიტიკა. მიზანი იმის განსაზღვრაა, რა იციან ბავშვებმა;
  • შევადაროთ მოსწავლეთა პასუხები სახელმძღვანელოში ან ლექსიკონში მოცემულ  განსაზღვრებას და თუ აუცილებელია, დავამატოთ ახალი სიტყვა;
  • ავხსნათ ახალი მასალა და გაკვეთილის ბოლოს ისევ დავუბრუნდეთ  მოსწავლეთა ასოციაციას;
  • გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა თვითონ განსაზღვრონ, რა სახის შეცდომები დაუშვეს. საჭიროების შემთხვევაში დავამატოთ ან წავშალოთ ზედმეტი სიტყვები.

II – გაკვეთილის საწყის სტადიაზე გამოიყენება ასევე ტექნიკა -„ჭეშმარიტი და მცდარი მტკიცებულებები“, რომლის მიხედვით შემოთავაზებული  მტკიცებულებებიდან მოსწავლეებმა უნდა გამოყონ მცდარი და ჭეშმარიტი მოსაზრებები.  დავალების შესრულებისას მოსწავლეები მარტივად კი არ  პასუხობენ,  რომელია მცდარი და რომელი ჭეშმარიტი მოსაზრება, არამედ აღწერენ მოცემულ თემას და იცავენ საკუთარ  პოზიციას. ახალი  ინფორმაციის გაცნობის შემდეგ ისინი  ისევ დაუბრუნდებიან გაკვეთილის საწყის ეტაპზე წამოყენებულ მტკიცებულებებს და შეამოწმებენ მიღებულ ცოდნას.

მოცემულ გაკვეთილზე („აღორძინება“, ისტ. VII, 10) მოსწავლეთათვის წინასწარ შეთავაზებული მტკიცებულების მაგალითები:

  • აღორძინებამ დიდი სტიმული მისცა ევროპული კულტურის განვითარებას;
  • რენესანსის ეპოქის ახალმა იდეებმა  ევროპა  განვითარების ტრადიციულ გზას ააცდინა;
  • ჰუმანიზმის ეპოქამ სათავე დაუდო ახალი დროის მიღწევებს;
  • რენესანსში ახალი არაფერია, ევროპამ უბრალოდ გააგრძელა პროგრესული განვითარების გზა.

გამოყენებული ტექნიკა ეხმარება მოსწავლეებს არგუმენტირებასა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარებაში.

    

III – ამავე სტადიაზე აქტუალური პრობლემების შესწავლისთვის გამოიყენება  „წინასწარმეტყველების ხე“, რომელიც მოითხოვს მრავალმხრივ ანალიზს და არგუმენტაციას. მნიშვნელოვანია, რომ არგუმენტირებისას მოსწავლეებმა გამოიყენონ სხვადასხვა ინფორმაცია – საკუთარი მოსაზრებები, მასწავლებლის მონათხრობი, სახელმძღვანელოს ტექსტი, კოგნიტური სქემები და სხვ. მთავარია, რომ ახალი მასალის შესწავლისას  მოსწავლემ გაარკვიოს, მისი რომელი მოსაზრება აღმოჩნდა ჭეშმარიტი და რომელი – არა.

მითითებული გაკვეთილის საფუძველზე მეშვიდეკლასელებისთვის შეთავაზებული „წინასწარმეტყველების ხის“  მაგალითი  (სქემა2):

ფ

 სქემა2.

IV – გაკვეთილის  საწყის და დამამთავრებელ ეტაპზე ეფექტურია სტრატეგია  „სინქვეინის“ გამოყენებაც, რომელიც მიღებული ცოდნისა  და უნარების შემოწმებისა და მასში ცვლილებების შეტანის მნიშვნელოვანი საშუალებაა. „სინქვეინის“  მეშვეობით მოსწავლეს რამდენიმე სიტყვით და წინადადებით შეუძლია თავისი დამოკიდებულების გამოხატვა მიღებული ცოდნის შესახებ, რისთვისაც მან მთელი მიღებული ინფორმაცია უნდა გააანალიზოს და მოვლენებიდან და ფაქტებიდან აიღოს ყველაზე  მნიშვნელოვანი და ძირითადი.

სასურველია, მოსწავლეებს წინასწარ ვასწავლოთ სინქვეინის დაწერა, შემდეგ მივცეთ რამდენიმე მაგალითი და მხოლოდ ამის შემდეგ დავავალოთ  საკუთარი სინქვეინის შესრულება (შესაძლოა დავალება წყვილებში ანდა ჯგუფურადაც შესრულდეს)  [სინქვეინი სალექსო ფორმაა, რომელიც დაახლოებით ხუთი ხაზისგან შედგება. აქედან პირველი ხაზი – სინქვეინის თემაა (ჩვეულებრივ, ის არსებითი სახელია ანდა ზმნიზედა), რომელიც აღნიშნავს  ობიექტს ანდა საგანს, რომელსაც შეეხება საუბარი; მეორე ხაზი – ორი სიტყვაა (მეტწილად ის განსაზღვრებაა), რომელიც აღწერითი ხასიათისაა და გამოყოფს ობიექტის  ძირითად ნიშან-თვისებას; მესამე ხაზი სამი ზმნისგან შედგება და აღწერს ობიექტის ძირითად ქმედებას; მეოთხე ხაზი ფრაზაა, რომელიც გამოხატავს პირად დამოკიდებულებას აღწერითი ობიექტის მიმართ; მეხუთე ხაზი  რეზიუმეა, რომელიც საგნის, ობიექტის არსს გამოხატავს].

ზოგადად სინქვეინი სწრაფი და ძლიერი ინსტრუმენტია რეფლექსიისთვის, სინთეზისთვის,  ცნებებისა და ინფორმაციების განზოგადებისთვის. მოსწავლეები ხალისით და ინტერესით მუშაობენ ასეთ დავალებებზე.

მოსწავლეთა მიერ შედგენილი სინქვეინის მაგალითი ამავე გაკვეთილის თემაზე  („აღორძინება“, ისტ. VII. 10):

ა) გაკვეთილის დასაწყისში მომზადებული სინქვეინი:

 

 


  • რენესანსი

უსაზღვრობაა,

ხელმეორედ დაბადებაა,

ჰუმანისტურია

და  ინდივიდუალური,

აღმაფრთოვანებელია

და ყურასაღები!

  • რენესანს

 მაგიურია, კაბალისტურია,

 ალქიამიურია,

 ასტორლოგიურია,

  გასაოცარია,

  ბუნდოვანი

  და გადასამოწმებელია!

ბ) სინქვეინი, რომელიც გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა შეადგინეს:

 

  • რენესანსი

ცნობილია, რეალისტურია, ფილოსოფიურია,

 მნიშნელოვანი  ცვლილებაა,      აღორძინებაა,

და ის უნდა არსებობდეს!

  • რენესანსი

ნატურფილოსოფიურია,

სტოიცისტურია  და ეპიკურული,

 თავისუფალია და ცვლადი,

მიწიერია და არაიმქვეყნიური

     და მასში ახალი არაფერია!

V – მოსწავლეთა დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებისთვის ასევე ეფექტურად გამოიყენება კლასტერები. იგი მასალის გრაფიკული ორგანიზებაა, რომელიც სააზროვნო პროცესების ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა. კლასტერის შედგენისას დაუშვებელია კრიტიკა, იწერება ყველა იდეა, ინტუიციური აზრი, რაც გარკვეული გეგმის მიხედვით მოქმედებას მოითხოვს. რაც შეეხება დროს, ის დამოკიდებულია საგაკვეთილო მიზანზე და მასწავლებლის მიერ აქტივობისთვის განკუთვნილ დროზე.

გთავაზობთ კლასტერებს, რომელიც მოსწავლეებმა ამავე გაკვეთილის პირველ და დამამთავრებელ  ეტაპზე შეადგინეს:

კლასტერი გაკვეთილის საწყის ეტაპზე (სქემა 3):

ფ1

სქემა 3.

კლასტერი, რომელიც გაკვეთილის ბოლოს  შედგა (სქემა 4):

 ფ2

  სქემა 4.

ზოგადად, მის ერთ-ერთ ვარიანტს წარმოადგენს ისეთი კლასტერიც, რომელიც   წინასწარაა შედგენილი, მასში არ არის მითითებული თემა. ის თავად უნდა გამოიცნონ მოსწავლეებმა და ჩაწერონ სათანადო ადგილზე. მაგალითად, აღნიშნულ თემაზე    მივიღებდით ასეთ კლასტერს (იხ. სქემა 5):

 სქემა 5.

ფ3

მოცემული სააზროვნო ოპერაციების, მეთოდებისა და  სტრატეგიების (არგუმენტირება,  სწორი და მცდარი მტკიცებულებების წამოყენება, პრობლემური შეკითხვები, ასოციაციური კავშირები, კლასტერები, სინქვეინები და სხვადასხვა კოგნიტური  დავალებები) გამოყენებას არ ახლავს განსაკუთრებული სირთულე. ისინი ხელს უწყობენ  პედაგოგიური მიზნების მიღწევას, საინტერესო და სასიამოვნო საგაკვეთილო პროცესის წარმართვას და მოსწავლეთა შორის დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებას, ამიტომ მათი აქტივიზაცია გაკვეთილზე  მისაღებია და  სასურველი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი