პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მომავლის თამაშები

დიდი ხანია, გვეზარება ბნელ 90-იანებზე წერა. 2000- იანებზეც. დუბლიონკების, ტეტრისების, ნავთის ლამპებისა თუ სანთლების, გაყინული სახლებისა და შუაცეცხლის რომანტიკაც მოძველდა. ბევრი დაიწერა და იმიტომ. დაიწერა რომანები, ესეები, მოთხრობები და ლექსები. მე მეშინია იმ შავი წლების. ხან თბილისში ვიყავით, ხანაც – სოფელში. სოფელს მაშინ მეტის მოცემა შეეძლო, თუნდაც სითბოსი, და ჩვენც წინ და უკან დავდიოდით.

ეცდებიან, დაგარწმუნონ, მაგრამ არ დაიჯერო: სიცივესა და უშუქობაში არაფერია რომანტიკული, არც ღუმელზე მოხალულ მზესუმზირაში ყრია რამე, არ გვაპურებდა.

ადგებოდა  ჩემი თხუთმეტი წლის ძმა, თბილად ჩაიცვამდა, ალბათ, მამაჩემის ნაქონ სვიტერსა და ქურთუკს, ალბათ, სამი ზომით დიდსა და გაცრეცილს. გაუყვებოდა უშორეს გზას სხვა სოფლისკენ. იმ სხვა სოფელში ბებია ცხოვრობდა, ბებიებს კი ყოველთვის ყველაფერი აქვთ, ეს არ იცვლება. გამოაცხობდა ბებო პურებს, ჩაალაგებდა ტილოს ტომარაში. წამოიკიდებდა ჩემი ძმა თავის თხელ, ნაზ, ბავშვურ ზურგზე და გამოუყვებოდა უშორეს გზას ფეხით სახლამდე.

ასე რომ, არ დაიჯერო, გატყუებენ. იმ წლებში არაფერი ყრია, არც იმ ზამთრებში, გარდა ჩვენი ძმების გამრუდებული ხერხემლისა.

იმასაც გეტყვიან, რომ ჩვენ, იმ ბნელი წლების შვილები, შენზე მეტს ვკითხულობდით, შენ კი ტაბით ერთობი. ამით იმის თქმა უნდათ, რომ ჩვენ შენზე ჭკვიანები გამოვედით, შენ კი ჯერ კიდევ არავინ გამოსულხარ. ამას დამუნათება ჰქვია და ერთი სული აქვთ, წიგნი შემოგატყუონ. კარგი იქნება, კონტრაგუმენტად „ჰარი პოტერის“ ელექტრონულ ვერსიას თუ მოიყვან. ჩაუყარე წყალში ეს ყოყლოჩინობა, აჩვენე, რომ შენც კითხულობ. კარგი სეირი კი გამოვა.

ინტერნეტის ეპოქის სრულყოფილი შვილი იქნები, კომპიუტერული თამაშებიც გეყვარება. მშვენიერია. მე ამ სფეროში უნიჭო გამოვდექი და ისევ წერას მივყავი ხელი. წერა-კითხვის მეტი არაფერი მიკეთებია და, სიმართლე რომ გითხრა, უინტერესო საქმე სულაც არ არის. შენხელა რომ ვიყავი, გარეთ ვთამაშობდი. საერთოდ, მაშინ ყველა გარეთ ვთამაშობდით, ესეც გეცოდინება. წარსულივით კი არა, მომავალივით მახსოვს. შემედავები, მომავალი როგორ უნდა გახსოვდესო, მართალიც იქნები. როგორ გითხრა, სამეცნიერო ფანტასტიკის ფერებში მახსოვს, სამეცნიერო ფანტასტიკა კი ცოტათი ხორბლისფერია. პოსტაპოკალიფსური სამყარო ლოგიკურად მომავალია, მაგრამ სულ მგონია, რომ ჩემს წარსულში მოხდა. იმიტო რო ეგრე მახსოვს. შენელებულ კადრებად და ხმაურად. სუნი არა აქვს. და თან ზაფხულია. მე არ ვიცი, რატომ არის ამ თამაშებში სულ ზაფხული. ალბათ ზამთარშიც ვითამაშებდით რამეს, თოვლი მაინც მოვიდოდა, თოვლი კი თავისთავად თამაშია. მოძრაობაა, სხეულიც კი აქვს და ათას იდეას მოგაწვდის, გაგართობს. ასე რომ, ვერაფრით აგიხსნი, რატომ უკავშირდება თამაში ზაფხულსა და მომავალს.

დარწმუნებული ვარ, „პოსტაპოკალიფსურ სამყაროს“ დაგუგლავ და დასევდიანდები, საერთოდ არ უხდება სიტყვა „თამაშს“.

უბრალოდ მინდოდა მეკითხა, არდადეგებზე მასწავლებლები დავალებებს ისევ გაძლევენ თუ არა?

ჩვენ ხომ ასე შევიცვალეთ. წარმოიდგინე, ჩემიდან შენამდე როგორ შევიცვალეთ. მასწავლებლები თუ შეიცვალნენ?

ისევ ცარცის დაფებზე წერთ?

ისტორიის წიგნები ისევ ისეთი გრძელი და მოუხერხებელია?

ისევ არც ერთ ჩანთაში არ ეტევა?

ფიზკულტურაზე ისევ არაფერს აკეთებთ?

ისევ არის კლასში ერთი ბიჭი, რომელიც ყველა გოგოს უყვარს და ერთი გოგო, რომელიც ყველა ბიჭს უყვარს?

იმათ კიდე მგონი ცოტათი მოსწონთ ერთმანეთი და არ ამხელენ.

რითი საუზმობ? არ მითხრა, რომ შენც კარაქიანი პურით და ჩაით, ზუსტად ისე, როგორც მე მრავალი წლის წინათ.

ვერ ვიტან. ვერც კარაქიან პურს და ჩაის – მით უმეტეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი