შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მუსიკალური სმენა: ინტონაციის განვითარება (წერილი მეორე)  

 

დიაპაზონი

არასწორი ინტონირების კიდევ ერთი მიზეზი ხმის შეზღუდული დიაპაზონია. ბავშვები, როგორც წესი, ორი-სამი ნოტის ფარგლებში მღერიან. გამოსავალია მელოდიის ტრანსპონირება, რათა ბავშვმა ის მისთვის მოხერხებულ ტესიტურაში გაიმეოროს. პატარები თავს არაჩვეულებრივად გრძნობენ, როდესაც დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ მათი ხმა საკრავის ბგერას თანხვდება.

ჩვეულებრივ, ბავშვების მეტყველებას მონოტონურობა (ინტონაციური განუვითარებლობა) და პრიმარული ტონების საზღვრებში ხმის შეზღუდული დიაპაზონი ახასიათებს (პრიმარულია ბუნებრივი ხმა. ყველაზე მოხერხებული ბგერა, რომლის გამოცემა არავითარ ძალდატანებას არ მოითხოვს). სიმღერაში მონაწილე ორგანოების მართვის არცოდნის გამო ბავშვებს პრიმარული ტონების საზღვრებიდან გამოსვლა უჭირთ.

ცუდი ინტონაციის მქონე ბავშვებს მუსიკალური ბგერები შეიძლება სწორად გავამეორებინოთ მარტივი ვოკალური ვარჯიშით: მათ ხმა უნდა შეუწყონ მოცემული ბგერის სიმაღლეს ანუ ზუსტად გაიმეორონ ის. მაღალი ბგერების სისტემატური გამოყენება ხელს უწყობს ხმის დიაპაზონის განვითარებას. ინდივიდუალური მიდგომით და რეგულარული მეცადინეობით ბავშვს დიაპაზონი ფრთხილად, თანდათან უნდა განვუვითაროთ. შესანიშნავი შედეგის მიღება მოკლე ხანში სავსებით შესაძლებელია.

ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის დროს უმთავრესია, მასწავლებელმა საქმის ღრმა ცოდნით განსაზღვროს მათი ხმების შესაძლებლობები დიაპაზონთან მიმართებით. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მოსწავლის ხმაში პრიმარული ტონის პოვნა, რომელიც მისი მშვიდი მეტყველების ტონს დაემთხვევა. მოსწავლემ ამ პრიმარულ სიმაღლეზე რაც შეიძლება მეტხანს უნდა შეძლოს რომელიმე ხმოვნის გამღერება ანუ რაც შეიძლება მეტხანს დაიჭიროს ბგერა (ყველაზე რთული ვარჯიშია ერთ ნოტზე ხანგრძლივი ინტონირება, განსაკუთრებით – აკორდების ცვლის დროს). შემდეგ მარცვალზე „ლა“ ნახევარ-ნახევარი ტონით იწყოს სვლა ზევით და ქვევით, ვიდრე ბგერის შესრულება არ გაუჭირდება. ბავშვი სწორ ინტონირებას დიაპაზონის თანდათანობითი გაშლის ხარჯზე დაიწყებს მისთვის უჩვეულო მაღალ ან დაბალ ტონალობაში. ვიდრე ბავშვს ჯერ კიდევ არ გააჩნია სიმღერის მყარი ჩვევები, აუცილებელია, მიღწეული წარმატება მომდევნო გაკვეთილებზე განმტკიცდეს.

არსებობს კიდევ ერთი მეთოდი, როდესაც ხდება პრიმარული ტონიდან გადახტომა ოქტავით ზევით ანუ მასწავლებელი ბავშვს სთხოვს, „დაიწრიპინოს“. ეს გვეხმარება ბავშვის მაღალ, ფალცეტურ რეგისტრზე ერთბაშად გადართვაში. საინტერესოა, რომ ბავშვს პრიმარულ ზონაზე ერთი საფეხურით მაღლა ბგერის გაჟღერება უჭირს, მაგრამ 6-7 საფეხურით მაღლა ხმის სხვა მანერის გამოყენებით უცებ იწყებს მოცემული ტონის სწორად ინტონირებას.

ვოკალურ-ინტონაციური კოორდინაციის განმტკიცებისთვის პირველ ეტაპზე ბავშვმა თუ საკუთარი ხმის დაძლევა მოახერხა და ახლა საკმაოდ სუფთად იმეორებს მარტივ მელოდიებს, მეორე ეტაპზე ხმის ფლობის ეს უნარი უფრო დამაჯერებელი და ზუსტი უნდა გახდეს. ამისთვის წინა სავარჯიშოებზე მუშაობის გაგრძელებაა საჭირო. ბავშვი უნდა მივაჩვიოთ, უსმინოს და აკონტროლოს საკუთარი ნამღერი.

ხმაში წარმოქმნილი ზედმეტი დაძაბულობა ბგერის დიაპაზონის ზღვარზე მიანიშნებს, ბგერის სიმაღლის მიმართ „მგრძნობელობის ზრდა“ კი მუსიკალური სმენის განვითარებაზე. ხმა, როგორც მუსიკალური ბგერების აღქმის ორგანო, მთავარი ხელსაწყოა სმენის განვითარებისთვის.

გამღერება

ვოკალურ უნარ-ჩვევათა ათვისების ერთ-ერთი ფორმაა გამღერება. ის გულისხმობს სპეციალურ ვოკალურ ვარჯიშს, რომელიც მომღერალს მიზანმიმართულად უვითარებს სასიმღერო ხმის განსაზღვრულ თვისებებს. როგორც წესი, გამღერება გაკვეთილის დასაწყისში მიმდინარეობს. რეპერტუარზე მუშაობისას ის სახმო აპარატის მომზადებისა და აწყობის ფუნქციას ასრულებს. მუშაობა გაცილებით ეფექტურია, როდესაც ბავშვები თავიანთი შეცდომების სწორად შეფასებას ახერხებენ.

ბავშვთა სმენითი განვითარებისთვის დამაბრკოლებელია კვირაში სიმღერის მხოლოდ ერთი გაკვეთილის ჩატარება, ასევე – კოლექტიური მუშაობა. ბავშვებს, რომლებსაც მუსიკალურ სმენასა თუ ხმაში რაიმე ნაკლი აქვთ, ინდივიდუალური მიდგომა სჭირდებათ. ინტენსიური ინდივიდუალური მეცადინეობა ძალზე მნიშვნელოვანია: ბავშვები მობილიზებულნი ხდებიან და ამ დროს მუსიკის აღქმის ხარისხიც უმჯობესდება, რაც შემდგომი წარმატების საწინდარია.

მარტივი სავარჯიშო სმენის განვითარებისთვის

გამების სიმღერა. ფორტეპიანოზე ვუკრავთ: დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დო – დო, სი, ლა, სოლ, ფა, მი, რე, დო, – და ვმღერით. შემდეგ იმავეს ვაკეთებთ ფორტეპიანოს გარეშე. გზადაგზა აუცილებლად ვამოწმებთ ბგერის სიზუსტეს ანუ განუწყვეტლივ ვაკონტროლებთ სმენას. თუ ზუსტად ვმღერით – ძალიან კარგი. თუ არა, ვარჯიშს ვაგრძელებთ.

ინტერვალების სიმღერა. ვუკრავთ და ვმღერით: დო-რე, დო-მი, დო-ფა და ა.შ. და პირიქით, რე-დო, მი-დო, ფა-დო და ა.შ. შემდეგ ვიმეორებთ იმავეს საკრავის გარეშე.

 

რეკომენდაციები

  1. თუ ბავშვს აჟღერებული ბგერის (ნოტის) გამეორება ანუ კოპირება უჭირს, შეგვიძლია, სახალისო ვარჯიში შევაშველოთ. მაგ., მივბაძოთ ძროხის ბღავილს, მგლის ყმუილს ან საყვირის ხმას. ამით ბავშვისთვის უფრო საინტერესო გახდება ბგერის სწორი ინტონაციის პოვნის პროცესი. გარდა ამისა, ამგვარი გადართვით ბავშვებს მეცადინეობით გამოწვეულ დაძაბულობასა და გადაღლას მოვუხსნით.
  2. მეცადინეობის დაწყებამდე და მეცადინეობებს შორის რამდენიმე წუთის განმავლობაში მოკუმული პირით მთქნარება რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა.
  3. გასათვალისწინებელია ერთი დეტალი: სმენის განვითარებას ხელს უშლის თუნდაც სულ ოდნავ აშლილ საკრავზე დაკვრა ან ერთ ოთახში ორი ადამიანის ერთდროული მეცადინეობა.
  4. „თამაშის“ მეთოდმა მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიკავოს ბავშვებთან ვოკალური მეცადინეობის დროს. ამასთან ერთად სიმღერების თეატრალიზება ბავშვის შემოქმედებისა და სიხარულის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

რეზიუმე

მუსიკის მასწავლებელს მეცადინეობებზე დიდი მოთმინება, პრინციპულობა და გამომგონებლობა მოეთხოვება. ამასთან, იუმორიც დადებითი ემოციების გამოსაწვევად. მასწავლებლის მთავარი ამოცანაა, დროულად შეამჩნიოს წინსვლა და მოსწავლე შეაქოს. ასეთი სტიმული სწავლის სურვილს აორმაგებს.

რაც უფრო ადრე დავიწყებთ ვარჯიშს ინტონირების გამოსასწორებლად, მით უკეთესი იქნება შედეგი. თუ მასწავლებელი განსაკუთრებით ჩამორჩენილი ბავშვების მუსიკალურ განვითარებას გულისყურით მოეკიდება და საერთოდ, ყოველი მოსწავლის მუსიკალურ აღზრდაზე იზრუნებს, მათ ესთეტიკურ გემოვნებასა და კულტურის დონეს საგრძნობლად აამაღლებს.

მუსიკალური სმენისა და ინტონაციის განვითარებისთვის გამოცდილი მეთოდების დახმარებით საუკეთესო შედეგების მიღწევაა შესაძლებელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი