პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ფაზლომანია

პირველი ფაზლი ინგლისში კარტოგრაფმა ჯონ სპილსბერმა 1760 წელს გამოიგონა. ის არა გართობას, არამედ განათლებას ემსახურებოდა. პირველი ფაზლი, მსოფლიოს გეოგრაფიული რუქა, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფოებისგან უნდა აგეწყო. განათლების ამგვარი მეთოდი შესანიშნავ თვალსაჩინოებას წარმოადგენდა და ძალიან მოსწონდა მოსწავლეებს.

ჯონ სპილსბერი არა მარტო ფაზლის, არამედ თავსატეხების გამომგონებელიც იყო. ჯონი 1739 წელს დაიბადა და ტომას ჯეფრისთან, მეფე გეორგ მესამის პირად გეოგრაფთან სწავლობდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველი ფაზლი გეოგრაფიის თვალსაჩინოება გახლდათ. სპილსბერმა გეოგრაფიული რუქა ლივანური კედრის თხელ პანელს მიამაგრა და შემდეგ იმ ადგილებში გადახერხა, სადაც ქვეყნების საზღვრები გადიოდა. უჩვეულოდ დანაწევრებულ რუქას ბავშვები დიდი ხალისით აწყობდნენ.

„დანაწევრებული მსოფლიოს“ ტირაჟირებით ჯონმა ფული იშოვა და სხვა ფაზლები შექმნა – ევროპის, აზიის, აფრიკის, ამერიკის, ინგლისისა და უელსის, ირლანდიისა და შოტლანდიის. 1761 წელს გამომგონებელმა სარა მეიეზე იქორწინა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში გარდაიცვალა. მისი საქმე ჯერ ცოლმა გააგრძელა, შემდეგ კი სარას მეორე ქმარმა, რომელიც, სხვათა შორის, ჯონის მოწაფე იყო. იმ პერიოდში, მაღალი ღირებულების მიუხედავად, გეოგრაფიული ფაზლი კარგად იყიდებოდა.

ათწლეულების განმავლობაში ფაზლს მხოლოდ გეოგრაფიული რუქების შესასწავლად იყენებდნენ, შემდეგ კი სხვა საგნებშიც გამოიყენეს, მაგალითად, ინგლისელი მეფე-დედოფლების ქრონოლოგიური თარიღების ცხრილებისათვის.

ნელ-ნელა ფაზლებად პორტრეტები, ისტორიული ბრძოლებისა და ბიბლიური სიუჟეტების ამსახველი სურათებიც დაშალეს. მეცხრამეტე საუკუნეში ფაზლმა ამერიკაში გადაინაცვლა და უკვე მუყაოზე დაისტამბა, გახდა იაფი და ყველასათვის ხელმისაწვდომი. შავ-თეთრ ფაზლს ფერადი გამოსახულება ჩაენაცვლა.

1909 წელს კომპანია Parker Brothers-მა პირველად მიჰყო ხელი ფაზლის წარმოებას. ყველაზე დიდი პოპულარობით ფაზლი მეოცე საუკუნეში სარგებლობდა, როდესაც ის ზრდასრულთა თავშესაქცევი გახდა. გავრცელებული იყო ევროპაში სალონური ტიპის ადგილებში.

ამერიკაში „მშრალი კანონის“ პერიოდში ფაზლი ზეპოპულარული იყო. მსხვილ ქალაქებში მის აწყობაში შეჯიბრებები ეწყობოდა. ტარდებოდა ჯგუფური შეხვედრები, სადაც სხვადასხვა გუნდები ათასობით დეტალისგან შემდგარ რეპროდუქციას ერთდროულად აწყობდნენ. ზოგჯერ რეპროდუქციის ნაცვლად, იწყობოდა საკმაოდ გულწრფელი ნახატები ილუსტრირებული ჟურნალებიდან, ავტომობილების ფოტოები, ქალთა ნახატები, კარიკატურები და სხვ. საბჭოთა კავშირში ფაზლს არ აწარმოებდნენ, რადგან ის „ბურჟუაზიულ გადმონაშთად“ მიიჩნეოდა.

დღეს მსოფლიოში სხვადასხვა ფაზლი იწარმოება – დიდი და მინიატურული, უბრალო და ძალიან რთული. ფაზლის იდეა უცვლელია: ცალკეული ნაწილებისგან ერთი საერთო სურათი უნდა აიწყოს. ფაზლომანთა შორის დაწესებულია სპეციალური პრიზი – სპილსბერის სახელობის პრემია, რომელიც ენიჭება ადამიანებს თავსატეხების პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ფაზლის სამყაროში პატარა ნახატისთვის 54 დეტალი კლასიკურ რაოდენობად ითვლება, თუმცა არსებობს გიგანტური ფაზლიც, რომლის აწყობა საკმაოდ დიდ ძალისხმევას და მოხერხებას საჭიროებს. მსოფლიოში ყველაზე გიგანტური ნახატი ათასობით დეტალისგან შედგება და გინესის წიგნში საპატიო ადგილს იკავებს.

ასე, მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფაზლი 50 წლის ამანდა უორინგტონმა ააწყო. მას 17 თვე დაუთმო. თავსატეხი სათამაშოების მოყვარული ამანდა აღიარებდა, რომ ყველაზე მეტად დეტალების კედელზე მიმაგრება ეძნელებოდა. კედელი მისი სახლის მისაღებ ოთახში იყო, რადგან სხვა შესაფერისი ადგილი ამანდამ ვერ იპოვა.  ყუთში შენახული ფაზლის დეტალები მთლიანობაში 13 კილოგრამს იწონიდა.

ამანდა შრომისა და პენსიების დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. გიგანტურ ფაზლს საღამოობით, სამსახურის მერე ეჭიდებოდა და სულაც არ დარდობდა იმას, რომ ამისათვის რამდენიმე თვე დაეხარჯებოდა. ამანდას მეგობრები აღფრთოვანებულები იყვნენ ქალის  მოთმინებით.  ამანდა ისე გაიტაცა ფაზლმა, რომ ხშირად იმ საპნის ყიდვაც ავიწყდებოდა, რომელიც აწყობის მერე სჭირდებოდა. მეგობრები დროდადრო ყუთებით ყიდულობდნენ სააბაზანო ნაკრებს, მათ შორის ხელის სამკურნალო ნატურალურ საპონსაც.

ამანდას გარჯას ტყუილად არ ჩაუვლია. ახლა მის მისაღებ ოთახს შესანიშნავი ნახატი ამშვენებს, რომელიც მიწაზე, კოსმოსსა და წყალში ცხოვრებას ასახავს. თამაში თავსატეხი სახელწოდებით „Life: The Great Challenge“ გინესის რეკორდების წიგნში 2007 წელს შევიდა. ამანდას კი ის დამ უსაჩუქრა. ინტერვიუში ამანდა ხუმრობით ამბობს, რომ საშინლად უყვარს ეს გიგანტური ნახატი და თუ სხვა სახლში მოუწევს გადასვლა, „ფაზლიან კედელს მოხსნის და თან გაიყოლებს“.

მსოფლიოში ყველაზე დიდი მუყაოს ფაზლი გაყიდვაში 2011 წელსაც მოხვდა (კომპანია Ravenburger). კომიქსების კოლაჟის ავტორი ამერიკელი მხატვარი კეით ჰარინგი იყო. ფაზლი  32 256 დეტალისაგან და 32 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ფრაგმენტისაგან შედგებოდა,  26 კილოგრამს იწონიდა, მისი მოცულობა 5,94х1,92 მეტრი იყო. გიგანტის სახელწოდება „Double Retrospect“-ია. მისი თავდაპირველი ღირებულება 300 ევროს შეადგენდა. დაჭრილი ელემენტები რვა კოლოფში იყო დაფასოებული, რასაც, ერთი შეხედვით, უნდა გაემარტივებინა ამწყობის საქმე, მაგრამ ეს არცთუ იოლი აღმოჩნდა მრავალფეროვანი პალიტრის გამო. ასეთი ფაზლის ასაწყობად საკმაოდ დიდი ტერიტორიაა საჭირო. ოთახი უნდა გამოთავისუფლდეს ავეჯისა და ხალიჩებისგან, ასევე, უნდა იყოს დაცული ბავშვებისგან და შინაური ცხოველებისგან, რათა მათ აწყობილი ფაზლი შემთხვევით არ იმსხვერპლონ.

მონსტრი ფაზლი საკმაოდ პრეტენზიული ასაწყობია და სპეციფიკურ ამწყობს მოითხოვს, საქმე ისაა, რომ ფაზლს უმეტესად კონსერვატორი ინტელექტუალები აწყობენ. ისინი საშუალო ზომისა და სირთულის ნახატებზე ნადირობენ. „Double Retrospect“ კი ძალიან დიდია. ამიტომ მისი ამწყობიც ცოტაა.

2010 წელს ესპანეთის ქალაქ დაიმიელში ჩატარდა აქცია, რომლის ფარგლებში ენთუზიასტთა ჯგუფმა ეს ნახატი ააწყო. ჯგუფი ცამეტი წევრისგან შედგებოდა და ფაზლის ასაწყობად მას 82 საათი, 30 წუთი და 40 წამი დასჭირდა. ფაზლომანების აღტკინებას მთელი მსოფლიო რეალურ დროში, ინტერნეტით ადევნებდა თვალს.

რაც შეეხება გიგანტური ფაზლის ნახატის ავტორ კეით ჰეირინგს, ის პენსილვანიაში, 1958 წელს დაიბადა, სწავლობდა გრაფიკულ დიზაინს, 19 წლის ასაკში საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც გრაფიტის ზემოქმედების ქვეშ მოექცა. მისი პერსონალური გამოფენა ნიუ-იორკში 1982 წელს მოეწყო. კეიტი გეი იყო და მხოლოდ თავისი შემოქმედებით შოულობდა ლუკმა-პურს. 1990 წელს 31 წლის ასაკში შიდსისგან გარდაიცვალა, მაგრამ სამუდამოდ დარჩა 80-იანი წლების ქუჩის ვიზუალური კულტურის ჭეშმარიტ სიმბოლოდ.

„At the Waterhole“ – კიდევ ერთი ფაზლი გიგანტი, რომელიც 18 ათასი ფრაგმენტისგან შედგება და მისი შეძენა ევროპაში ან ვებსაიტებზეა შესაძლებელი. ნახატზე გამოსახულია სხვადასხვა ცხოველი: ჩანჩქერზე წყლის დასალევად მოსული ჟირაფები და სპილოები… ფაზლის ფერთა პალიტრა გასაოცრად მდიდარია და ფაზლომანებისთვის ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენს.

რასაკვირველია, ფაზლი ბავშვთა გასართობიცაა. დამტკიცებულია, რომ ფაზლი აჩქარებს ყველა ასაკის ბავშვის განვითარების პროცესს. მთავარია, მისი სწორად, ასაკის მიხედვით შერჩევა. ფაზლის სირთულის დონე დამოკიდებულია: ელემენტების რაოდენობაზე, მათ ზომაზე, ნახატის კონტურებზე და ფერების დიფერენციაზე, ბავშვის გამოცდილებაზე ფაზლის წყობაში, ფაზლის ხარისხზე და სხვ.

ფაზლი დადებითად მოქმედებს მცირეწლოვანთა ხელის მოტორიკაზე, მოძრაობის კოორდინაციის უნარზე (ასეთი ბავშვები იოლად სწავლობენ წერას), სივრცობრივი, ლოგიკური აზროვნებისა და ორიენტაციის ჩამოყალიბებაზე, მეხსიერების ვარჯიშზე. ფაზლის აწყობის დროს პატარა სწავლობს დამოუკიდებლობას, რადგან სურს, რომ ეს თვითონ გააკეთოს. ასევე, ფაზლის აწყობა შეიძლება მშობლებთან და მეგობრებთან ერთად, რაც მეტად გაამყარებს მათ შორის არსებულ კავშირს.

მცირეწლოვანი ბავშვი უმარტივესი ფაზლის დახმარებით ეცნობა სხვადასხვა ნივთების და ცხოველების გამოსახულებას. მაგალითად, სამი წლის ასაკისთვის სასურველია მსხვილელემენტებიანი ფაზლი, რომლითაც უფრო იოლია მანიპულირება. აუცილებელია ფაზლის შერჩევის დროს ბავშვის ინტერესთა სფეროს გათვალისწინება. ამ ასაკის ბავშვებისათვის სასურველია 8,12, 16 და 20 ელემენტისგან შემდგარი ფაზლის შეთავაზება.

ხუთი წლის ასაკში ელემენტების რაოდენობა შეიძლება 60-მდე გავზარდოთ, ილუსტრაცია კი უფრო რთული გავხადოთ. ექვსი წლის ბავშვები ფაზლის აწყობის დროს კი უკვე საკუთარ სტრატეგიებს ამუშავებენ – ფერის ან სურათზე გამოსახული ობიექტის მიხედვით, მოსწონთ რთული ნახატების აწყობა. რვა წლის ასაკში ზოგიერთი ბავშვი 500-ელემენტიან ფაზლსაც აწყობს. ფაზლის დახმარებით ბავშვები იმ ახალი შემოქმედებითი ამოცანების ამოხსნას სწავლობენ, რომელთა ალგორითმი ხშირად წინასწარ უცნობია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი