ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ვის აწითლებენ გოგოები?

პატარა ოთახში ათიოდე მსმენელი ვიყავით. საბავშვო წიგნები, ალბომები, ხელნაკეთი თოჯინები, არაერთი მოულოდნელი ფერთაშეხამება, არათანაბარი სიმაღლის კედლებში მოქცეული სივრცე. ის, რაც, ყავისა და დარიჩინის სუნთან ერთად, შვედეთია. ჩემთვის – ამ ქვეყნით და მისი თავისებურებებით სამუდამოდ მოხიბლულისთვის. Unga Klara-ს – 2010 წლიდან სტოკჰოლმის დამოუკიდებელი თეატრის ორი რეჟისორი მოზარდებისთვის განკუთვნილ ექსპერიმენტულ წარმოდგენებზე საუბრობდა. მათი რწმენით, თეატრში მოსული ნებისმიერი ასაკის მაყურებელი სიმართლეს იმსახურებდა – პირველ რიგში, სიმართლეს საკუთარი თავის შესახებ. ვუყურებდით ეკრანზე ამ ექსპერიმენტული წარმოდგენების ჩანაწერების ფრაგმენტებს და მომდევნო დღეს ერთი ასეთის ნახვას ვაპირებდით.

რა არის სიმართლე 13-14 წლის მოზარდებისთვის, რომლებიც მოუმზადებლები არიან ახალი სხეულებისთვის, ახალი წესებით ცხოვრებისთვის, დიდების გაუგებრად ორგანიზებულ, დამთრგუნველ სამყაროში გზის გაგრძელებისთვის? ზემოთ ნახსენებ რეჟისორებს მიაჩნდათ, რომ სიმართლე სიჩუმის მიღმა უნდა ეძებო – ეს ისაა, რაზეც იშვიათად საუბრობენ ან საერთოდ გაურბიან საუბარს. სიჩუმეს დამანგრეველი ძალა აქვს. გაჩუმდები და განადგურდები. უნდა თქვა. უნდა გამოხატო. ყველას უნდა დაანახო, რომ არსებობ და შენს არსებობას მნიშვნელობა აქვს ამ სამყაროში.

„GIRLS WILL MAKE YOU BLUSH!“ – ასე ერქვა წარმოდგენას, რომელიც საფესტივალო პროგრამის ნაწილი იყო და რომლისთვისაც ფესტივალის სტუმრები ერთგვარად შეგვამზადეს.  ველოდებოდით. თავისუფალ ექსპერიმენტებზე, ენების გამუდმებულ არევაზე, სხეულის ენაზე, ქორეოგრაფიის მნიშვნელოვნებაზე ორსაათიანმა საუბარმა თავისი ქნა. ვიცოდით, როგორ იმუშავეს მსახიობებმა, რისკენ ისწრაფოდნენ, რა გამოხმაურება მოჰყვა წარმოდგენებს, როგორ მიიღეს მოზარდებმა, მასწავლებლებმა, მშობლებმა, კრიტიკოსებმა.  გოგოების ამბები იყო. მენსტრუაცია. სისხლით დასვრილი საფენები – ხელიდან ხელში. მასტურბაციის იმიტაცია. სხვაც – ასეთივე სითამამით.

ინგლისური სახელწოდებაც გამომწვევად მოჩანდა. ეს მხოლოდ ჩვენი ამბავი არ არის, ყველა ქვეყანაში ყველა გოგოს ამბავიაო – ამას ამბობდნენ.

კიდევ იმას ამბობდნენ, რომ არ უნდა გრცხვენოდეს ფიზიკური სახეცვლილების – იმის, რაც თავზარდამცემი სიახლეა შენს ცხოვრებაში. სხეული, რომელიც ასეთი უცხო და სხვანაირია – ეს შენ ხარ. ნუ გეშინია, ერთ დღეს აუცილებლად გახდება სასურველი ეს შენი სხეული და მის მშვენიერებას და გამორჩეულობას, ბევრ სხვასთან ერთად, თვითონაც შენიშნავ. არ უნდა გრცხვენოდეს ლტოლვის, რომელსაც საპირისპირო ან სულაც შენივე სქესის თანატოლების მიმართ გრძნობ. იყვირე, ყირაზე გადადი, შეიცანი შენი სხეული, იმოძრავე, გამოხატე გრძნობები, შიში, ტკივილი, შეიყვარე, ილაპარაკე სიყვარულზე, იცეკვე, ისევ იყვირე მთელი ძალით,  და ასე შემდეგ.

წარმოდგენის დამთავრების მერე რაიმეს თქმის სურვილი არ გამჩენია. არც იმ გოგოებს გავუწითლებივარ, სცენაზე თავს რომ არ ზოგავდნენ. თანავუგრძნობდი. მინდოდა, რომ ყველაფერი კარგად გამოსვლოდათ – მათთვის ეს მეტისმეტად მნიშვნელოვანი იყო. რეჟისორებს და ალბათ მაყურებლების ნაწილსაც მიაჩნდათ, რომ ეს ყველასთვის მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო.

დარბაზიდან გასვლისას უზარმაზარი პოსტერები დაგვირიგეს, ღია მწვანე ფონზე ალისფერი წარწერებით და სახალისო ნახატებით. ბიჭებიც გახსენებოდათ – ერთ-ორ ადგილას რაღაც ისეთი მიეხატათ, რაც უდავოდ მათი საკუთრება უნდა ყოფილიყო.

რა მოხდებოდა, ეს ექსპერიმენტული წარმოდგენა 13-14 წლისას რომ მენახა? მახსოვს, როგორი მტკივნეული იყო ყველაფერი, რაც ჩემი სხეულის თუნდაც უმნიშვნელო ცვლილებას უკავშირდებოდა. მხოლოდ ის მინდოდა, რომ არაფერი ეკითხათ, საერთოდ ვერ შეემჩნიათ, რომ ვიზრდებოდი და ვიცვლებოდი. შესაძლო პასუხების სისწორეში დარწმუნებული არ ვიყავი – მეჩვენებოდა, რომ „კიც“, „არაც“ და ყველა სხვა სიტყვაც ერთნაირად ამაზრზენად გაისმებოდა. სასოწარკვეთამდე მივყავდი იმ შეკითხვების გააზრებას, რომლებსაც აუცილებლად დამისვამდნენ – მესმოდა, სხვებს როგორ უსვამდნენ კლასში და როგორ იწყებდნენ ფიზიკურ ტრანსფორმაციაში შემჩნეულები თავის მართლებას. ალბათ არ მომეწონებოდა „მტკივნეულ თემებზე“ სცენიდან საუბარი – ჩემი „საიდუმლოებების“ გამხელა, თითოეული წვრილმანის სახალხოდ  განხილვა. ალბათ, ამგვარი წარმოდგენის ნახვას არც ე. წ. თერაპიული ეფექტი ექნებოდა, რაც არის კიდეც მსგავსი სოციალურ-თეატრალური ექსპერიმენტების ამოცანა.  შიშისგან გათავისუფლება. სიჩუმის – ამ ყველაზე დიდი და საშიში მტრის დამარცხება.

ჩემი მოსწავლეობის მერე დიდი დრო გავიდა, მაგრამ დღესაც არის კითხვები, რომლებიც მაშინებს და რომლებსაც მუდმივად თავს ვარიდებ. გაწითლებითაც სულ იოლად ვწითლდები ხოლმე. შემოქმედებითი სითამამისა და თეატრალური ექსპერიმენტების საწინააღმდეგო არც არაფერი მაქვს, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ საკუთარ თავთან მრავალჯერ განხილული, იდუმალებისა და მრავალმნიშვნელოვნების საბურველით მოცული რომელიმე ძველი კითხვა უფრო მომხიბვლელად არ გამოიყურება.

ძველი და ახალი კითხვები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი