პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

2016 წლის მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტები

ვებგვერდმა მისამართით – www.topuniversities.com, რომელიც პერმანენტულად აქვეყნებს სტატიებს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების შესახებ, ორიოდე კვირის წინ მსოფლიოს 2015 წლის საუკეთესო რეიტინგის მქონე უნივერსიტეტები გააცნო.

პრესტიჟულობის მაჩვენებელი ამ უნივერსიტეტებს შორის რამდენიმე კრიტერიუმით განისაზღვრება:

  • სწავლების მეთოდებით;
  • გარემოთი და ინფრასტრუქტურით;
  • დასაქმების ბაზარზე კონკრეტული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მოთხოვნით.

ამ კრიტერიუმების სათავეში წელს, სხვა წლების მსგავსად, საუკეთესო შედეგი აჩვენა დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებმა. საუკეთესო ათეულის ტიტული მხოლოდ და მხოლოდ ამ ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს ერგოთ.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანული ჟურნალმა – Times Higher Education – მსოფლიოს საუკეთესო 100 უნივერსიტეტის სიის შესაქმნელად, ინტერვიუ ჩამოართვა გამოცდილ და კომპეტენტურ შემფასებლებს. შემფასებლების აზრი ზუსტად დაემთხვა რეალურ სტატიკას – მათი ათეული ზუსტად ის გახლდათ, რაზეც ქვემოთ გიამბობთ.

ასე გამოიყურება 2016 წლის ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტების სია:

მე-10 ადგილი კოლუმბიის უნივერსიტეტმა დაიკავა. ის აშშ-ში, ნიუ-იორკში მდებარეობს და ძველად მეფეთა სასწავლებლის სახელით იყო ცნობილი. კოლუმბიის უნივერსიტეტი 1754 წელს დაარსდა. 2015 წლის მონაცემებით, იქ დაახლოებით 28,000 სტუდენტი სწავლობს.

მე-9 ადგილი კალიფორნიის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაიკავა, რომელიც 1891 წელს დაარსდა და ყოველწლიურად 3,000 სტუდენტს იღებს.

აშშ-ში, კონეკტიკუტში მდებარე იელის უნივერსიტეტი მე-8 ადგილზე გავიდა. ის 1701 წლიდან არსებობს და ამჟამად დაახლოებით 13,000 სტუდენტს ითვლის.

პრინსტონის უნივერსიტეტს ძველად ნიუ-ჯერსის კოლეჯი ერქვა. ის აშშ-ში, ნიუ-ჯერსიში მდებარეობს და 10,000-მდე სტუდენტს ითვლის. 1746 წელს დაარსებული პრინსტონის უნივერსიტეტი და სიის მეშვიდე ადგილზეა.

კალიფორნიის უნივერსიტეტმა, რომელიც აშშ-ში, კალიფორნიაში მდებარეობს, საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის მეექვსე ადგილი დაიკავა. ეს უნივერსიტეტი ცნობილია სწავლების ძალიან მაღალი დონითა და ფაკულტეტების სიმრავლით. შესაბამისად, ამჟამად კალიფორნიის უნივერსიტეტში 40,000-მდე სტუდენტი ირიცხება. ის1868 წელს დაარსდა.

„თავისუფლების ქარი ქრის“ – ესაა სტენფორდის უნივერსიტეტის დევიზი, რომელიც სიის მეხუთე ადგილს იკავებს და სტენფორდში, კალიფორნიაში მდებარეობს. ის 1891 წელს დაარსდა. იქ ამჟამად დაახლოებით 16,000 სტუდენტი სწავლობს.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი სიის მეოთხე ადგილზეა. 1861 წელს დაარსებული ინსტიტუტი კემბრიჯში, აშშ-ში მდებარეობს. დღეს იქ დაახლოებით 12,000 სტუდენტი სწავლობს.

მესამე ადგილი უჭირავს ოქსფორდის უნივერსიტეტს, რომელიც დღემდე კონსერვატიული მეთოდებითაა სახელგანთქმული. აქ სტუდენტებს ყოველთვის უნიფორმით ნახავთ. მათ გამოცდაზეც კი სპეციალური სამოსის ჩაცმა უწევთ. მკაცრი დრესკოდის მიუხედავად, ოქსფორდის უნივერსიტეტი სახელგანთქმულია განსაკუთრებული სწავლის დონით. ის 1096 წელს დაარსდა. დღეს აქ დაახლოებით 23,000 სტუდენტი სწავლობს.

1209 წელს დაარსებული კემბრიჯის უნივერსიტეტი საუკეთესო უნივერსიტეტების სიის მეორე ადგილზეა. დიდ ბრიტანეთში მდებარე კემბრიჯის უნივერსიტეტში დღეს დაახლოებით 20,000 სტუდენტი სწავლობს.

პირველ ადგილს კი ჰარვარდის უნივერსიტეტი იკავებს. ის 1636 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს. გასაკვირი არაა, რომ ჰარვარდში მოსახვედრად საუკეთესო ქულები, შრომა და მეცადინეობაა საჭირო.

რა ბედი ელით სტუდენტებს, რომლებიც ამ უნივერსიტეტებში ჩააბარებენ და წარმატებით მოიპოვებენ დიპლომს? რასაკვირველია, დიდი შრომა, ჯაფა და მეცადინეობა. შემდეგ კი საუკეთესო შემოთავაზებები სხვადასხვა წარმატებული კომპანიიდან დასაქმების თაობაზე. სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები, ძალიან მალე ხდებიან საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ან თავადვე აარსებენ საკუთარ კომპანიებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი