პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

შიშები, რომლებშიც ვცხოვრობთ

თბილისიდან შებინდებულზე გავდივართ.

ბნელა, წვიმს და ნელ-ნელა ყურში ჩამესმის ყველა ის ისტორია, რაც კი ოდესმე გამიგონია ახალგაზრდა წყვილებზე, რომლებმაც შვილები ბებია-ბაბუებს ან სხვა ახლობლებს დაუტოვეს, სამსახურის კარი გამოიხურეს და ცოტა ხნით სადღაც გაემგზავრნენ. ასეთი ამბები მაშინ აღწევს შენამდე, როცა ფატალური დასასრული აქვს, ორიდან ერთი ან ორივე ავტოკატასტროფაში იღუპება, ბავშვები უიმედოდ ელოდებიან მშობლების დაბრუნებას, გარშემო მყოფებს შორის გამოჩნდება ვინმე, ვინც პასუხისმგებლობას იკისრებს და ასე, ცხოვრება ვიღაცების გარეშე გრძელდება.

ვიცი, რომ ამეებზე არ უნდა ვფიქრობდე, მშვენიერ ადგილას მივდივართ, წინ ორი კარგი დღე გველოდება, თვის ბოლოს გამოფენას გავაკეთებ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფესტივალზე… ვცდილობ, ამაზე ვიფიქრო, მაგრამ როგორ? აგერ, ახლახან ჩავუარეთ იმ ადგილს, სადაც რამდენიმე წლის წინ ჩემი ახლო ნათესავი მამა-შვილი დაიღუპა ავარიაში. შემხვედრი მანქანების უმეტესობა შორი ნათების ფარებსაც კი არ აქრობს, როცა სხვა მანქანას ხედავს და ხილვადობას აფუჭებს. ელემენტარული რამეები არ გვესმის, ელემენტარულ წესებს არ ვიცავთ. უსაფრთხო ადგილას ჩვენ თვითონ ვქმნით საფრთხეს.

როცა უსაფუძვლო შიშებზე ვფიქრობ, მახსენდება დედა, რომელსაც ყოველთვის, როცა მამა იგვიანებდა, ეგონა, რომ რამე უბედურება დაგვატყდა თავს. პატარა ვიყავი და ვფიქრობდი: ღმერთო ჩემო, რა სისულელეა, მოვა მამა, სად წავა, რატომ ნერვიულობს ასე, რა შეიძლება მომხდარიყო – ან ბევრი საქმე აქვს, ან ვინმე შეხვდა, შესაძლოა, ტრანსპორტმა დაიგვიანა, რა საჭიროა ეს დრამა? მეგონა, არასოდეს დამემართებოდა იგივე, არ დავიწყებდი ნერვიულობას მშვიდ გარემოში. სულ ტყუილად.

და საერთოდ, იცის კი ვინმემ, როდის არის ნერვიულობა გამართლებული და როდის – არა? ვიცით, სად გველის საფრთხე და როდის ვართ დაცულნი? არის კი უსაფრთხო ჩვენი მანქანები, გზები, ქვეყანა? რა მოსდით ბავშვებს, რომლებიც მშობლების გარეშე რჩებიან? რა გავლენას ახდენს ჩვენზე გარემო, რომელშიც ძნელია თავი მშვიდად იგრძნო და როგორ დავიცვათ, მაგალითად, ბავშვები ჩვენი შიშებისგან, რეალური და სავარაუდო საფრთხეებისგან? როგორ მოვახდინოთ მათი კლასიფიკაცია და მივაწოდოთ ბავშვებს ისე, რომ არც გული გავუხეთქოთ და თან სიფრთხილეც ვასწავლოთ?

როცა ჩემს ბავშვობას ვიხსენებ, ვხვდები, რომ უფროსების შიშების უმეტესობა სულაც არ ყოფილა ახირება. მართლაც ბევრი რამ იყო ისეთი, რასაც შეეძლო გაენადგურებინე: ომი, შიმშილი, კრიმინალი, უკონტროლო გარემო, მოშლილი სახელმწიფო ინსტიტუტები… ალბათ, გაგვანადგურა კიდევ, თუ შევთანხმდებით იმაზე, რომ განადგურება მხოლოდ ფიზიკური არ არის.

სხვა რისი ბრალი უნდა იყოს ფრუსტრირებული, უმოქმედო, ხელებჩამოყრილი და იმედდაკრგული ადამიანების ასეთი სიმრავლე ჩვენ გარშემო?

შიშები

როცა ჩემს შიშებზე ვფიქრობ, ვხვდები, რომ მათი ნაწილი მემკვიდრეობით მიღებული მძიმე გამოცდილებისა და სევდიანი მოგონებების დამსახურებაა, ნაწილი კი ისევ არ არის ახირება, რეალური საფუძველი აქვს. მართალია, ომი აღარ არის და აღარც ავტომატიანი ხალხი დარბის ქუჩებში, მაგრამ ქვეყნის ლამის მესამედი ოკუპირებულია, თბილისიდან 40 კილომეტრზე მტერია გამაგრებული – ძნელია, მშვიდად იყო. თანაც ეს ჩემთვისაა 40 კილომეტრი, სხვისთვის ღობის იქით დგანან. ხალხიც ისევ შიმშილობს, სასამართლოც ისევ იღებს საეჭვო გადაწყვეტილებებს, პროტექციონიზმიც ძალაშია და სახელმწიფო ინსტიტუტებიც, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით განვითარებულია, მაინც არადამაკმაყოფილებლად მუშაობს. მარტო ის რად ღირს, რომ თუ ბავშვი ერთ კონკრეტულ დღეს ვერ დაარეგისტრირე სკოლაში, სრულიად ბუნდოვანი ხდება მისი მომავალი. ან ის, რომ ვერა და ვერ მოხერხდა თბილისში საკმარისი რაოდენობის საბავშვო ბაღის გახსნა, ყველა სოფელში თუნდაც მცირე, მაგრამ ნორმალური ბიბლიოთეკის, დასასვენებელი სკვერის, საბავშვო ბაღის მოწყობა.

როცა შიშებზე ვფიქრობ, მნიშვნელობა არ აქვს, ჩემია თუ სხვისი, ორგანული თუ თავს მოხვეული – ვიცი, რომ გამოსავალი არა ნერვიულობა, არამედ იმაზე ფიქრია, როგორ გავხადოთ გარემო ისეთი, სადაც ნაკლები „რუხი მგელი“ გადაგვეყრება. უფრო ძნელია, მაგრამ ეგრეა.

სირთულეებს აქტიური, გამბედავი და წესიერი ადამიანების ნაკლებობა ქმნის. თუნდაც გზაზე, შებინდებულში, სადაც შორი ხედვის ფარებს არავინ აქრობს. ამისთვის წესიერებაც საკმარისია, მეტი არაფერი მოგვეთხოვება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი