ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის სწავლების პროცესში გამოკვეთილი პრობლემების შესახებ

სწავლების კონცეფცია

თანამედროვე სამყარო წარმოუდგენელია განათლების კარგად გააზრებული და თანამედროვე გამოწვევებს მორგებული საგანმანათლებლო კონცეფციის  გარეშე. სახელმწიფოს კეთილდღეობა, მისი მომავალი, მონაწილეობა გლობალურ პროცესებში , განვითარება და აღმშენებლობა დამოკიდებულია ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების, მაღალი პასუხისმგებლობის, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების მქონე განათლებული მოქალაქეების არსებობაზე, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ ქვეყნისათვის საკუთარი პროფესიული საქმიანობის მნიშვნელობა.

სიცოცხლის ადრეული წლებიდანვე ხდება ადამიანში გარკვეული ღირებულებების ჩამოყალიბება, მოგვიანებით კი სოციალიზაციის პროცესის მეშვეობით, მათი გამყარება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სოციალიზაციის პროცესის განუყოფელი, მეტიც, ერთ-ერთი წარმმართველი ფაქტორია და სწორედ ის უნდა უზრუნველყოფდეს თანამედროვე მოზარდების მომზადებას ზრდასრული ცხოვრებისათვის და თანამედროვე სამყაროს გამოწვევებისთვის.

ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი საგნობრივი კომპეტენციების და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების მიღმა პიროვნების ჰარმონიულ განვითარებას უნდა უწყობდეს ხელს. პიროვნების საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევები, საერთო კულტურა, მისი ღირებულებები, განვითარების პროცესი სწორედ მშობლიური ენის საფუძველზე ყალიბდება და საგნის სწავლების ძირითადი მიზნებიც ამ მოცემულობის გათვალისწინებით განისაზღვრება.

გარდა ამისა, ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში შესასწავლ საგნებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. საგნობრივი პროგრამის თანახმად, „ქართული ენა მხოლოდ ერთ-ერთი სასწავლო საგანი კი არ არის, არამედ სხვა საგანთაგან განსხვავებით, სწავლების ენაა, ყველა დანარჩენი საგნის შესწავლის საშუალებაა“.

უმნიშნელოვანესია საგანმანათლებლო სტრატეგიების და კონცეფციების მორგება თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებისა და მოთხოვნებისთვის, რადგან გლობალური ცვლილებები, აზროვნების ახალი ტენდენციები, მეცნიერების  პერსპექტივები, ტექნოლოგიური მიღწევები ახალ რეალობას გვთავაზობს.

ჩვენს ქვეყანაში ენისა და ლიტერატურის სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება, მეთოდები, მიდგომები, საპროგრამო თხზულებები, აპრობირებული სასწავლო-მეთოდური პრატიკა – საგნის სწავლების არსებული კონცეფციის შემადგენელი ნაწილებია. საგანმანათლებლო საჭიროებების ცვლილებების, ტექნიკური პროგრესის და სხვა არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით ჩნდება ახალი გამოწვევები და სირთულეები, რაც საჭიროებს კვლევას, რევიზიას და სისტემურ ცვლილებებს.

განათლების ეროვნულ მიზნებში, ზოგადი განათლების შესახებ კანონში და სხვა დოკუმენტებში დეკლარირებული მიზნებისა და გეგმების განხორციელება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ხდება ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული საგნებისთვის გამოყოფილი საათების განმავლობაში. გაკვეთილი სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზების ძირითადი ფორმაა და გაწერილი მიზნების რეალიზებას სწორედ ის უნდა უწყობდეს ხელს.

პრობლემები, რომლებსაც პირადი პრაქტიკული გამოცდილების განმავლობაში ვაკვირდებოდი, რამდენიმე თემატურ ჯგუფად გავაერთიანე:

წიგნიერების „იმიტაცია“

კითხვისა და წიგნისადმი ინტერესის შემცირება განსაკუთრებით აისახება ენისა და ლიტერატურის საგნის შესწავლის მოტივაციაზე. წიგნიერების ე.წ.“იმიტაციური“ გამოცდილება დღესდღეობით საკმაოდ პოპულარული და აპრობირებული მეთოდია. მოსწავლეები ეცნობიან ტექსტების მოკლე შინაარსებს, პერიფრაზებს, ეკრანიზაციებსაც კი.

შინაარსზე ორიენტირება

საგაკვეთილო პროცესში უმეტეს შემთხვევაში სასწავლო აქტივობები შემოფარგლება ნაწარმოების ე.წ.გარჩევით,  შინაარსის დამუშავებით, ისტორიულ-კულტურული მოცემულობის მწირი მიმოხილვით, ავტორის ბიოგრაფიის ზერელე გაცნობით ( დაბადება-გარდაცვალების და ცხოვრების მნიშვნელოვანი თარიღების მიმოხილვით). ნაკლები დრო ეთმობა ანალიტიკური, მაღალი სააზროვნო უნარების გასააქტიურებელ სავარჯიშოებს, ინტერპეტაციას, მსჯელობას საკვანძო საკითხებზე, ვერ ხერხდება ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და თანამედროვე აქტუალურ პრობლემებთან წაკითხულის დაკავშირება, თანამედროვე კონტექსტის თანახმად გააზრება. მიზეზი – დროის უკმარისობა და პროგრამული მასალის მოცულობაა. ტექსტის შინაარსის დამახსოვრება, მოკლე შინაარსის გადმოცემა ლიტერატურის, როგორც ფუნდამენტური ღირებულების მქონე ხელოვნების დარგის მნიშვნელობას აკნინებს. პროცესი ორიენტირებულია პრაგმატული მიზნის მიღწევაზე ( შინაარსის კარგად დამახსოვრება გამოცდის ჩაბარების წინაპირობაა).

საპროგრამო ტექსტების რაოდენობა და მოცულობა.

საათობრივი ბადით საგნისთვის გამოყოფილი საგაკვეთილო საათები არ არის საკმარისი ამ რაოდენობისა და მოცულობის ტექსტების სტანდარტთან შესაბამისად დასამუშავებლად. საპროგრამო მხატვრული ნაწარმოებების მხატვრული, კულტურული, ეროვნული, ისტორიული ღირებულებების გათვალისწინებით რომელიმე მათგანის დათმობა პრობლემურია. შესაბამისად, მოსწავლისთვის შეთავაზებული სავალდებულო ჩამონათვალი გაცილებით აღემატება მათი შესწავლისთვის გამოყოფილ დროს.

შინაგანი მოტივაციის ნაკლებობა – მიზეზები:

პროგრამულ ტექსტებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ნაკლებადაა გათვალისწინებული მოსწავლეების ასაკი, ასაკობრივი თავისებურებები, ფსიქოემოციური განვითარება, ინტერესები. ფსიქოლოგიური ბარიერები ტექსტის გაგების თვალსაზრისით საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნის, მოსწავლეებს უჭირთ განსხვავებულ ეპოქაში, სოციო-კულტურულ გარემოსა და პირობებში შექმნილი ტექსტების ამ რაოდენობით შესწავლისას მოტივაციის  შენარჩუნება. მოსწავლეთა ლექსიკური, სამეტყველო, ენობრივი, მხატვრული, ინტერტექსტუალური ( პარალელები სხვა ნაწარმოებებთან, ალუზიები…)და ექსტრატექსტუალური  კომპეტენციები საკმარისი არ არის მიწოდებული ტექსტების გასაგებად და გასააზრებლად.

ცხოვრებისული გამოცდილება და ტექსტების აქტუალობა

პროგრამულ ჩამონათვალშიც და სახელმძღვანელოებშიც მცირე ადგილი აქვს დათმობილი თანამედროვე ავტორების ტექსტებს, მოსწავლეებს არ ეძლევათ საშუალება გაეცნონ მათთვის საინტერესო, მნიშვნელოვან თემებსა და მოტივებზე დაწერილ თხზულებებს, არადა ეს გამოცდილება საკმაოდ მნიშვნელოვანია ლიტერატურისადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად. ლიტერატურული კანონის ფარგლებში შერჩეული ტექსტები,  მიუხედავად უპირობო მაღალმხატვრული და კულტურული ღირებულებისა, ამგვარ გამოცილებას ვერ სძენენ ახალბედა მკითხველს.

მონოკულტურული ჭრილი

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელოთა გრიფირების წესზე თანდართულ ინსტრუქციაში სახელმძღვანელოების შეფასების კრიტერიუმების თაობაზე მითითებულია: „დ) სახელმძღვანელოს შინაარსი ითვალისწინებს საქართველოს მოსწავლეთა მრავალფეროვნებას რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ე) სახელმძღვანელო უწყობს ხელს არასტერეოტიპული, მრავალმხრივი აზროვნებისა და შეხედულებების განვითარებას მოსწავლეებში. მიუხედავად ამისა, ლიტერატურის სწავლება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში გულისხმობს ლიტერატურის ნაციონალურ ჭრილში გააზრებას, ტრადიციულად დამკვიდრებული ლიტერატურის ისტორიის შესწავლას, ლიტერატურული ტექსტების გააზრებაც უმეტესად ჩაკეტილ, მონოკულტურულ ჭრილში ხდება.

 

ენობრივ-გრამატიკული ასპექტი

არასაკმარისი დრო ეთმობა ენობრივ-გრამატიკული კომპეტენციების დაუფლებას. გრამატიკული, სტილისტიკური,მხატვრული საშუალებების შესწავლა არასათანადო ხარისხით ხდება.  შედეგად მოსწავლეები ორთოგრაფიულ, სინტაქსურ, სტილისტიკურ, პუნქტუაციურ ნორმებს  სასურველზე ( მოსალოდნელზე) დაბალი ხარისხით ეუფლებიან. უჭირთ სხვადასხვა ტიპის და სტილის ტექსტების გამართულად წერა, გრამატიკის, ორთოგრაფიის, პუნქტუაციის წესების მართებულად გამოყენება ტექსტის ასაგებად და დასახვეწად.

ჩემთვის, როგორც პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის, დასმული საკითხების სამომავლო კვლევა და ამ მოსაზრებების დადასტურება ან უარყოფა უმნიშვნელოვანესი საკითხია. საინტერესო იქნებოდა კოლეგების მოსაზრებების და დამოკიდებულებების გაცნობა.

ინტერესით დაველოდები გამოხმაურებას, კრიტიკულ შენიშვნებს და განსხვავებული მოსაზრებებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი