პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ძლიერი მხარეები

გასული წლის დეკემბერში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა ვორკშოპი, რომელმაც უმასპინძლა მსოფლიო ბანკის მისიას. შეხვედრას, რომლის  განხილვის საგანი მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა იყო, ესწრებოდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მესვეურები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები. მსოფლიო ბანკის მისიას, სხვა კოლეგებთან ერთად, წარმოადგენდა ჰეიზლი როჯერსი, მსოფლიო ბანკის განათლების ეკონომიკის დარგობრივი ექსპერტი, მსოფლიო ბანკის 2020 წლის განათლების სტრატეგიის ავტორი და გუნდის ლიდერი.

HALSEY-ROGERS

შეხვედრის შემდგომ, მსოფლიო ბანკის გუნდმა შთაბეჭდილებები და უკუკავშირი წარუდგინა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

წარმოგიდგენთ მსოფლიო ბანკის ექსპერტების მიერ წარმოდგენილ ანგარიშს, რომელშიც აისახა  მასწავლებელთა ახალი სქემის ძლიერ მხარეები და რისკები:

  1. სქემის ძლიერი მხარეები

როგორც უცხოელმა ექსპერტმა აღნიშნა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ  ახლად დანერგილ სქემას ბევრი დადებითი მხარე აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ იდენტიფიცირებულია ძირითადი პრობლემური მიმართულებები და ერთდროულად ხორციელდება მრავალმხრივ ინტერვენცია, რადგანაც ცალკეულმა რეფორმამ თანამდევი კომპონენტების გარეშე, შესაძლებელია კრახი განიცადოს.

სქემის მრავალმხრივი ხასიათის შესაფასებლად მნიშვნელოვანია ელემენტების დახარისხება  მსოფლიო ბანკის პოლიტიკის დოკუმენტის SABER (System Approach for Better Education Results – ინგლ. სისტემური მიდგომა განათლების უკეთესი შედეგებისათვის) სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე, რომელიც  მოცემულია ქვემოთ მოყვანილ სქემაში:

Picture4

ახალი სქემის დადებითი მხარეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პოლიტიკისათვის:

  • სქემის მიზანი – საუკეთესო კადრების მოზიდვა პროფესიაში: რეფორმის მიზანია ხელფასის ზრდისა და კარიერულ წინსვლის გამჭვირვალებაზე დაყრდნობით კვალიფიციური კადრებისათვის მიმზიდველი გახადოს მასწავლებლობა. გაზრდილი ხელფასის სარგებელი თვალნათელია. რაც შეეხება კარიერული წინსვლის პროგრესიისათვის თვალის მიდევნების შესაძლებლობას, ის ასევე დადებით მხარეს წარმოადგენს, რადგანაც შესაძლებლობას აძლევს პროფესიაში მყოფ მაღალკვალიფიციურ კადრებს, დაადასტურონ რომ კომპეტენცია, თავდაუზოგავი შრომა და პროფესიონალიზმი დაფასებულია.
  • სქემის მიზანი – სწავლების მონიტორინგი და შეფასება: როგორც ვიდეო-, ისე პირისპირ შეფასება, რომელიც ეფუძნება დაკვირვების კარგად გააზრებულ ინსტრუმენტს, ასახავს თუ რის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ მასწავლებლებს და არა მათ თეორიულ ცოდნას. გარდა შეფასებისა, ზემოხსენებული ინსტრუმენტი საშუალებას აძლევ სისტემას არამარტო შეაფასოს, არამედ მიზნობრივად დაეხმაროს სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში ცალკეულ მასწავლებლებს საჭიროების მიხედვით. მისაღებია ის ფაქტიც, რომ მთავრობა (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) გეგმავს ცალკეული საგნებისა და სკოლების მოსწავლეების შეფასების პილოტირებასაც; მას შემდეგ, რაც პილოტირება დასრულდება და მისი განვრცობა შესაძლებელი გახდება, ის მეტ ნათელს მოჰფენს რეფორმის გავლენას  სწავლების პროცესზე, ანუ მოსწავლეებზე.
  • სქემის მიზანი –  მასწავლებლების ინსტრუქტაჟი უკეთესი შედეგების მისაღწევად:  გარე დაკვირვების გზით ჩატარებული განმავითარებელი შეფასება მორგებულია პროფესიული განვითარების საჭიროებებზე, რაც საშუალებას მისცემს მოტივირებულ პედაგოგებს, გააძლიერონ სუსტი მხარეები სწავლა-სწავლების პროცესში.
  • სქემის მიზანი – მასწავლებლების მომღებლობის ზრდა რეფორმების მიმართ: სქემა საშუალებას აძლევს მასწავლებლებს გაიუმჯობესონ უნარები კარიერული წინსვლისათვის. მათ კი, ვინც სერტიფიცირების აქამდე არსებული გზა გაიარა, უღიარებს პროფესიულ ზრდასთან დაკავშირებულ ძალისხმევას. ორივე ზემოხსენებული გზა ეხმარება მასწავლებლების მოტივაციის ზრდას, რაც ისეთივე გადამწყვეტია, როგორიც სწავლა-სწავლების პროცესის ცოდნა.
  1. გამოწვევები და რისკები

ძირითადი გამოწვევებისა და რისკების აღწერილობა:

  • რეფორმებმა შესაძლებელია ვერ იქონიოს გავლენა სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე სქემის მოკლე ვადიდან გამომდინარე.
  • იმპლემენტაციის დროს განხორციელებულმა ზეწოლამ შესაძლებელია უგულებელყოს სწავლების ხარისხის ასპექტი და ხაზი მხოლოდ მასწავლებლებისათვის განსაზღვრულ სარგებელზე გააკეთოს.
  • რეფორმის კომპლექსურობიდან გამომდინარე, არსებობს პროცესებს შორის კოორდინაციის რღვევის საშიშროება.
  • წინა რეფორმის მონაწილეებმა შესაძლებელია დაკარგონ ვალდებულებისა და პროცესებში მონაწილეობის შეგრძნება, რადგანაც მათ დიდ ნაწილს, მიუხედავად პოლიტიკის ცვლილებისა, უღიარდათ ძველი სქემით გათვალსიწინებული აქტივობები.
  • მაღალი ხარისხის პოტენციური აპლიკანტების მოზიდვა პროფესიაში შესაძლებელია დაბრკოლდეს საზოგადოებაში არსებული გარკვეული ნეგატიური დამოკიდებულებების გამო.
  • საკლასო დაკვირვებამ შესაძლებელია არ ასახოს მასწავლებელთა რეალური პროფესიონალიზმი.

მიუხედავად გარკვეული რისკებისა და გამოწვევებისა, უცხოელი ექსპერტი პოზიტურად აფასებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მასწავლებლის პროფესიის ირგვლივ ძირეული დადებითი რეფორმებისაკენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი