პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მუსიკალური სმენა: სახეობები

სიმღერა ყველას შეუძლია. ის სასიამოვნოა და სასარგებლო ჯანმრთელობისთვის.

თუ სიმღერა სიამოვნებაა, ყველას რატომ არ უყვარს მუსიკის გაკვეთილები? რატომ უჭირთ ბავშვებს „ნოტში მოხვედრა“, ტემპისა და რიტმის შენარჩუნება, თუნდაც უბრალო ბგერის გამოცემა? პასუხის გასაცემად, ალბათ, ჯერ მუსიკალური სმენის რაობა უნდა გავარკვიოთ და მის ნაირსახეობებს გადავავლოთ თვალი.

სმენა ხმოვანი სამყაროს აღქმის უნარია. ის სხვადასხვაგვარია. ფიზიკური სმენა საშუალებას გვაძლევს, აღვიქვათ ჩვენ გარშემო არსებული ხმები: ტალღების ხმაური, ფოთლების შრიალი, ფუტკრების ბზუილი… აქ ადამიანს ბევრი მოცილე ჰყავს – ცხოველთა თითქმის მთელი სამყარო. ცხოველებს გაცილებით მახვილი სმენა აქვთ, ვიდრე ჩვენ და ამაში, ალბათ, არაერთხელ დავრწმუნებულვართ. მაგალითად, ძაღლი მანამდე ცქვეტს ყურებს და იწყებს ყეფას, სანამ ჩვენ უცხო ნაბიჯების ხმას გავიგონებდეთ, კატა კი ფრთხილად მიიპარება კედლისკენ, რომლის უკან თაგვი ეგულება, თუმცა ჩვენ მისი უხმო ფხაკუნი არც კი გვესმის.

 

გგგ

მაგრამ არსებობს სხვა სმენაც – მუსიკალური, რომელიც ადამიანის უნიკალური თვისებაა. მუსიკალური სმენა მუსიკალური აზროვნების საფუძველია.

მაინც რა არის მუსიკალური სმენა?

მუსიკალური სმენა ბგერის სიმაღლის აღქმის ანუ ბგერებს შორის კავშირის ამოცნობის, წარმოდგენის, დამახსოვრებისა და გამეორების უნარია, მათი შეხამების არსში წვდომა და მხატვრული მნიშვნელობის გააზრება. მუსიკალური სმენა იმ აუცილებელი უნარების ერთობლიობაა, რომელთა საშუალებითაც სრულფასოვნად აღვიქვამთ და ადეკვატურად ვაფასებთ მუსიკის ღირსებებსა და ნაკლოვანებებს. სწორედ ასეთი სმენაა აუცილებელი ყოველი მუსიკოსისთვის, კომპოზიტორისთვის, ხმის რეჟისორისთვის, მუსიკისმცოდნისთვის.

ბგერათა სიმაღლის აღქმის ხასიათის მიხედვით მუსიკალური სმენა ორი სახისაა: შეფარდებითი (სავალდებულო) და აბსოლუტური (არასავალდებულო).

შეფარდებითი (სავალდებულო) სმენა შემდეგი კომპონენტებისგან შედგება: მელოდიური, რიტმული, ანალიტიკური, შინაგანი, ჰარმონიული, კილოური, ინტონაციური, ტემბრული, პოლიფონიური. ყოველი ეს კომპონენტი მუსიკოსს ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობაში ეხმარება. მათგან სმენის განსავითარებლად უმნიშვნელოვანესია მელოდიური, ჰარმონიული და პოლიფონიური კომპონენტები.

არასავალდებულოს კი მიეკუთვნება აბსოლუტური და ფერადი (სინესთეზიური) სმენა. სმენის ეს „მხედველობითი“ ნაირსახეობა ფერადი ასოციაციებითაა განპირობებული ანუ კონკრეტულ ფერთან დაკავშირებული ბგერითი აღქმის უნარია. ეს ასოციაციები სუბიექტური ხასიათისაა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა მუსიკოსისთვის ერთი და იგივე ტონალობა სხვადასხვა ფერთან ასოცირდება. მაგრამ, როგორც ჩანს, საერთო კანონზომიერებები მაინც არსებობს. მაგალითად, შემთხვევითი არ არის, რომ სევდიანი ნაწარმოებები უმეტესად სი მინორში იწერება, ხოლო ხალისიანი, მხიარული – რე მაჟორში.

აბსოლუტური სმენა ადამიანის ბგერითი მეხსიერების განსაკუთრებული ფენომენია. აბსოლუტური სმენა ბგერის აბსოლუტური სიმაღლის განსაზღვრის უნარია ეტალონურ (საწყის) ბგერასთან შედარების გარეშე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის ნებისმიერი საკრავის ან ადამიანის ხმის ჟღერადობის ზუსტი სიმაღლის განსაზღვრის ნიჭი, როცა დაუფიქრებლად, ყოველგვარი ინტერვალური გადათვლის გარეშე, ზუსტად შეგვიძლია აჟღერებული ნოტის დასახელება.

აბსოლუტური სმენა თანდაყოლილი ნიჭია. მისი ხელოვნური განვითარება შესაძლებელია, მაგრამ ეს იქნება აბსოლუტური სმენა შეფარდებით. სტატისტიკის მიხედვით, აბსოლუტური სმენა 10.000-დან ერთ ადამიანს აქვს. უდიდეს მუსიკოსთა შორისაც კი ცოტაა ასეთი სმენის მქონე. თუმცა მუსიკოსისთვის შეფარდებითი სმენა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე აბსოლუტური.

აბსოლუტური სმენის დახასიათების შემდეგ შეფარდებითი სმენა მასზე ნაკლებმნიშვნელოვნად ნუ მოგვეჩვენება. შეფარდებითი (ინტერვალური) სმენა არის უნარი, განვსაზღვროთ ბგერათა სიმაღლეების თანაფარდობა ინტერვალებში, მელოდიასა და აკორდებში საწყის (ეტალონურ) ბგერასთან შედარებით. შეფარდებით სმენაში მთავარი ბგერებს შორის თანაფარდობაა. ბგერების მოსმენას ვსწავლობთ რაიმე ორიენტირთან შეფარდებით, სადაც მთავარი ბგერებს შორის მანძილის სწორად განსაზღვრაა. სწორედ ეს გახლავთ მუსიკალური სმენის საფუძველი. კარგად ორგანიზებული მეცადინეობის შედეგად შეფარდებითი სმენა ისე კარგად ვითარდება, რომ თითქმის უთანაბრდება აბსოლუტურს.

ახლა შეფარდებითი ანუ სავალდებულო სმენის უმთავრეს კომპონენტებს შევეხოთ.

მელოდიური სმენა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუსიკალური უნარია. ეს არის მელოდიის აღქმის (ბგერის სიმაღლე, მოძრაობის მიმართულება, რიტმული ორგანიზაცია) დამახსოვრებისა და გამეორების უნარი, ანუ ის მელოდიის გამომსახველობითი შინაარსის ათვისების, განცდის, გამოცნობისა და გამეორების უნარით მჟღავნდება.

მელოდიური სმენის საფუძველი კილოს შეგრძნება და მუსიკალური სმენითი წარმოდგენაა. სწავლების პროცესში მელოდიური სმენა განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე ადის, სადაც ის უკვე ნოტების ჩაწერის უნარით გამოიხატება.

ჰარმონიული სმენა მჟღავნდება, უპირველეს ყოვლისა, მრავალხმიანობის აღქმის უნარით. ჰარმონიული სმენა ჰარმონიული თანახმიანობის (ბგერების აკორდული შეხამებისა და მათი თანმიმდევრობების) მოსმენისა და არპეჯირებული (დაშლილი) სახით გამეორების უნარია ხმით ან მუსიკალურ საკრავზე. პრაქტიკაში ეს გამოიხატება მოცემული მელოდიისთვის აკომპანემენტის სმენით შერჩევით ან მრავალხმიან გუნდში სიმღერით.

ჰარმონიული სმენის საფუძველი, მელოდიური სმენის მსგავსად, კილოს შეგრძნება და მუსიკალური სმენითი წარმოდგენაა. ჰარმონიული სმენის განვითარება დაკავშირებულია უშუალოდ ბგერის სიმაღლის სმენითი ამოცანების ანალიზთან და წარმოადგენს მუსიკალური სმენის განვითარების მაღალ საფეხურს.

პოლიფონიური სმენა მუსიკალური ნაწარმოების საერთო ბგერით ქსოვილში ორი ან მეტი ცალკეული ხმის ერთდროული მოძრაობის მოსმენის უნარია. უფრო გასაგებად რომ ითქვას, ეს არის ერთმანეთთან შეხამებული რამდენიმე ერთდროულად განვითარებული მელოდიური ხაზის დანაწევრებულად აღქმისა და გამეორების ნიჭი. პოლიფონიური სმენა მუსიკალური აღზრდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და რთული მიმართულებაა.

 

სოლფეჯიოში მეცადინეობა, უპირველეს ყოვლისა, მიზნად უნდა ისახავდეს მელოდიური, ჰარმონიული და პოლიფონიური სმენის განვითარებას.

სმენისა და სმენითი მეხსიერების განვითარება ორი გზით უნდა მიმდინარეობდეს:

  1. მოსწავლის მაქსიმალური დატვირთვა მელოდიური სმენითი შთაბეჭდილებებით (დამახსოვრება, გარჩევა, ფურცლიდან კითხვა, ტრანსპონირება და სხვა);
  2. დაგროვილი შთაბეჭდილებების ელემენტარული გააზრება (მელოდიის სტრუქტურისა და მიმართულების ანალიზი, ტონიკის მოძებნა და სხვა).

ეს ორი გზა ერთმანეთს უნდა ავსებდეს.

ჰარმონიული და პოლიფონიური სმენა მელოდიურ სმენაზე გაცილებით მაღალი საფეხურია და მისი განვითარება მოსწავლეთა მუსიკალურ–სმენითი ევოლუციის მომდევნო ეტაპს წარმოადგენს.

უნდა გვახსოვდეს, რომ სმენა, სხვა უნარების მსგავსად, სისტემატური მუშაობის პროცესში ვითარდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი