შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

თავისუფლებისათვის მომღერალი ჩიტი

როგორი ასოციაცია გიჩნდებათ, როდესაც გესმით ფრაზა ,,გამოჩენილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე”?

ალბათ, თქვენც ის წარმოგიდგებათ თვალწინ: უზომოდ კეთილთვალებიანი, წვერულვაშიანი, მომღიმარი, ,,ბურთივით მრგვალი” კაცი, ერთდროულად ბანკსა და თეატრს რომ ზრუნავდა და უხერხულობამდე სიცოცხლით სავსე რომ ჩანს ფრესკებზე.

ანდა ამ პირველის სულიერი წინაპარი _ ენამახვილი და ცხვირწამახვილებული ფრანგი, პარიკის კულულები რომ სცემდა ზურგზე და საკუთარი ძეგლის გახსნას დაესწრო პარიზში.

ოღონდ არავითარ შემთხვევაში არც ერთი ჩვენგანი ამ სიტყვებზე არ წარმოიდგენს შავკანიან ქალს, სრულიად ახალგაზრდა რომ იქცა მარტოხელა დედად და არც ერთ საეჭვო სამუშაოზე არ ამბობდა უარს, ოღონდაც შვილი გამოეკვება. თუმცა მისი არაჩვეულებრივი არტისტიზმი და მრავალმხრივი ნიჭი _ პოეტის, მწერლის, სცენარისტის, მოცეკვავის, ორატორის, მსახიობის, რეჟისორისა და კომპოზიტორისა _ წინასწარმეტყველებდა იმას, რომ დიდ სცენაზე  უამრავჯერ გამოაცხადებდნენ:

– ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ წინაშეა მაია ენჯელოუ.

და ის, ვინც ამბობდა: ,,ახალგაზრდობაში საზოგადოებისაგან უპატივცემულობას ვგრძნობდი, რადგან შავკანიანი ვიყავი, ღატაკი და ქალი. მამაკაცებისაგან კი იმიტომ, რომ ულამაზო ვიყავი”, უზარმაზარ აუდიტორიას დაიპყრობდა.

მე არ გიამბობთ იმ კონკიას ისტორიას, რომელიც პრინცს კი არ გაჰყვა ცოლად, არამედ თავისი მოღვაწეობით იქცა დედოფლად. მაია ენჯელოუს ბიოგრაფია ისედაც ბევრგან შეგიძლიათ ნახოთ, მათ შორის, ქართულ ენაზეც. მე ჯერ საერთოდაც სულ სხვა ქალის ამბის მოყოლას ვაპირებ:

მას ენი ჯონსონი ერქვა. მაიასავით სრულიად ახალგაზრდა იყო, როდესაც მარტოხელა დედად იქცა. ქმარმა ორ ბავშვთან ერთად მიატოვა და ოკლაჰომაში წავიდა, რათა ,,ღვთის სამსახურს” შესდგომოდა. ენის ისღა დარჩენოდა, მუშაობა დაეწყო. მთელი მისი განათლება ის იყო, რომ დამარცვლით კითხულობდა და მარტივი რიცხვების შეკრება-გამოკლება შეეძლო, სამაგიეროდ, ას ოთხმოცდახუთი სანტიმეტრის სიმაღლისა იყო და ჯან-ღონეს არ უჩიოდა. რადგან პატარა შვილებს მარტო ვერ დატოვებდა, არც ახლომდებარე ბამბის საამქროში შეეძლო მუშაობის დაწყება და არც _ ხე-ტყის სახერხ ქარხანაში, ამიტომაც გადაწყვიტა ორივე ეს საწარმო თავის სასარგებლოდ ემუშავებინა.

ჰოდა, ის ღამე გაათია: ქათმებს ხარშავდა და ლორს წვავდა, ცომს ზელდა და შიგ ხორცის ნაჭრებს ახვევდა. მეორე დილით აიღო თავისი ხორცის ღვეზელები, ღორის ქონი და ნახშირის ქურა და ბამბის საამქროსკენ გასწია. მუშებს სადილი სახლიდან კი წამოეღოთ, მაგრამ სად მათი კრეკერები და სად ცეცხლზე მოთუხთუხე ღვეზელების თავბრუდამხვევი სურნელი… ყველა დანებდა.  დანებდნენ ხე-ტყის ქარხნის მუშებიც.

მეორე დღეს ენი პირველად სახერხს მიადგა. რამდენიმე წლის მერე კი ამ ორ საწარმოს შორის ფარდული გამართა და ამჯერად შესვენებაზე მუშები გარბოდნენ მასთან ღვეზელის საყიდლად. რამდენიმე წელში კი ეს ფარდული მოზრდილ მაღაზიად იქცა.

კიდევ რამდენიმე წლის  შემდეგ ამ ქალის შვილებიც  ზრდასრულ ადამიანებად იქცნენ და ერთ-ერთ მათგანს ქალიშვილი, მარგარეტი, შეეძინა, რომელმაც შემდეგ სასცენო ფსევდონიმად ძმის მიერ სიყვარულით შერჩეული მეტსახელი, მაია, აიღო. მაია სწორედ ამ ბებიის გაზრდილი იყო და ამ შავკანიანი ,,რკინის ლედისაგან” შეიძინა ღმერთის, პატიოსანი შრომისა და ოჯახის რწმენა. მისგანვე ისწავლა, რომ მთელი კვირის შრომისაგან წელგაწყვეტილი ადამიანისათვის საუკეთესო დასვენება სიმღერაა.

ყველაზე დიდი და უცნაური თავისებურება, რომელიც მაია ენჯელოუს პოეზიას ახასიათებს, არის ის, რომ მის ლექსებში ერთმანეთთან განუყოფელია საკუთარი ქალურობის შეგრძნება და მოქალაქეობრივი თვითშეგნება: როდესაც იგი თავის სასიყვარულო განცდებზე წერს, ამას აკეთებს, როგორც ადამიანი, რომელიც დიდი ხანია შეეჩვია, რომ საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად და უფლებებისათვის ბრძოლა უწევს; მეორე მხრივ, ლექსებში, რომლებმაც მას საზოგადო მოღვაწისა და შავკანიანთა უფლებების დამცველის სტატუსი და ჯილდოები მოუპოვა, მისი ქალური საწყისი და მომხიბვლელობის შეგრძნება მკაფიოდ არის წინ წამოწეული:

***

ნუთუ ეს ჩემი ქედმაღლობა ასე გაოგნებს?

მე მომიტევე, თუკი გულში ეკლად გესობა;

როცა ვიცინი ისე, თითქოს ოქროს მაღაროს

გვირაბით ჰქონდეს შესასვლელი ჩემი ეზოდან.

***

ნუთუ ეს ჩემი მაცდურობა ასე გაცბუნებს?

ნუთუ შენს თვალებს ვეოცები და ვენავსები,

როდესაც ვცეკვავ ისე, თითქოს თეძოებს შორის,

მათ შესართავთან საგანძური მაქვს ალმასების?

მაია ენჯელოუსთვის ქალად ყოფნა, პირველ რიგში, ნიშნავდა მებრძოლობას, საკუთარი ღირსების შეგრძნებასა და სიამაყეს. და როდესაც ორი წლის წინ იგი ღრმად მოხუცი გარდაიცვალა, ღატაკი ნამდვილად აღარ ეთქმოდა, ხოლო ყველა დანარჩენი თვისება: შავკანიანობაც, ქალობაცა და ულამაზოობაც საკუთარ ღირსებად გადაექცია.

1963 წელს მაინც მარტინ ლუთერ კინგის საეტაპო სიტყვა ,,მე მაქვს ოცნება” მოისმინა და იმდენად აღფრთოვანდა, რომ 1993 წელს, ბილ კლინტონის ინაუგურაციაზე თავად მოევლინა ამერიკულ საზოგადოებას ამ ოცნების ხორცშესხმად.

ეს ყველაფერი კი ბებია ენისაგან დაიწყო. მან შთააგონა შვილიშვილის ყველაფერი ის, რამაც მარგარეტი მაია ენჯელოუდ აქცია, მათ შორის ეს სიტყვები მისი ავტობიოგრაფიული წიგნიდან ,,მე ვიცი, რატომ გალობს გალიის ჩიტი”:

,,ყველა ჩვენგანს აქვს უფლება და მოვალეობა, შეაფასოს ის გზები, რომლებზე გავლაც არ აგვცდება და რომლებიც უკვე გამოვიარეთ და თუკი მომავლის ბილიკები საფრთხით სავსე ანდა არსაით მიმავალი ჩანს, ხოლო უკან მოტოვებულნი კი მიბრუნების სურვილს არ აღგვიძრავს, მთელი ძალა უნდა მოვიკრიბოთ, მხოლოდ აუცილებელი საგზალი წავიყოლოთ და ახალი მიმართულებით გავწიოთ. და თუ ეს გზაც, რომლით სიარულიც გადავწყვიტეთ, წინასავით მიუღებელი აღმოჩნდება ჩვენთვის, იგიც დაუყოვლებლივ და უყოყმანოდ უნდა შევცვალოთ.”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი