პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სულების ქვეყანა

ინგლისი მოჩვენებათა ქვეყანაა. ეს რომ ასეა, ეჭვი არავის ეპარება. სხვაგან ვერსად მოისმენთ იმდენ ლეგენდას თავშეუკავებელი ეჭვიანობის მსხვერპლთა – ახალგაზრდა ქალების – ფერმკრთალ ლანდებზე და მუხანათურად განგმირული მეფეების აჩრდილებზე, რამდენსაც ამ ქვეყანაში. ინგლისის თითქმის ყველა სასახლის ბნელ დერეფნებში მოჩვენებები დაეხეტებიან.

შესაძლოა, ყველა ინგლისელი არაცნობიერად მზად იყოს მოჩვენებასთან შესახვედრად, მაგრამ ხმამაღლა არასოდეს აღიარებს ამას. ვიკ ტენდიც, ქოვენთრის უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა სპეციალისტი, ყველა ლეგენდას მონაჩმახს უწოდებდა და მიაჩნდა, რომ მათთვის ყურადღების მიქცევა არ ღირდა.

იმ საღამოს, როგორც ყოველთვის, ის თავის ლაბორატორიაში მუშაობდა. მოულოდნელად ცივმა ოფლმა დაასხა. აშკარად იგრძნო, რომ ვიღაც უთვალთვალებდა და ეს მზერა შემაძრწუნებელი იყო. მერე ეს „საშინელება“ უფორმო, ნაცრისფერი გახდა, ოთახი გადაიარა და მეცნიერის პირისპირ აღმოჩნდა. მის მოხაზულობაში განირჩეოდა ხელები და ფეხები, თავის ადგილას ბურუსი ჰქონდა, მის შუაგულში კი – შავი ლაქა, თითქოს პირი. რამდენიმე წამის შემდეგ მოჩვენება ჰაერში გაიფანტა და გაქრა.

ვიკ ტენდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ, როდესაც პირველმა შიშმა გაუარა, მან მეცნიერივით დაიწყო  – სცადა, ამ უცნაური ხილვის მიზეზი ეპოვა. ყველაზე იოლი გამოსავალი იყო, ის ჰალუცინაციად მოენათლა, მაგრამ საიდან უნდა გაჩენილიყო ჰალუცინაცია, როდესაც ტენდი არათუ ნარკოტიკს ან სპირტიან სასმელს, ყავასაც იშვიათად სვამდა? არაამქვეყნიური ძალების არსებობას კი მეცნიერი კატეგორიულად უარყოფდა, ამიტომ ჩვეულებრივი ფიზიკური ფაქტორების ძებნა გადაწყვიტა.

ძებნა დიდხანს არ გაგრძელებულა – ტენდიმ მიაგნო მიზეზს, თანაც სრულიად შემთხვევით. ამაში კი თავისი ჰობი – ფარიკაობა დაეხმარა. „მოჩვენებასთან“ შეხვედრიდან გარკვეული ხნის შემდეგ მეცნიერმა ლაბორატორიაში მიიტანა თავისი დაშნა, რათა მომავალი ტურნირისთვის წესრიგში მოეყვანა. მოულოდნელად გირაგში მოქცეულმა ხმლის პირმა ვიბრირება დაიწყო, თითქოს ვიღაცის უხილავი ხელი ეხებოდა. სხვას ტენდის ადგილას ეს მართლა უხილავი ხელი ეგონებოდა, მაგრამ მეცნიერი ამ შემთხვევამ რეზონანსული რხევის იდეამდე მიიყვანა, რომელსაც ხმოვანი ტალღები იწვევს. მაგალითად, როდესაც მუსიკა მთელ ხმაზეა ჩართული, კარადაში ჭურჭელი ზანზარს იწყებს. უცნაური ის იყო, რომ ოთახში აბსოლუტური სიჩუმე სუფევდა.

სუფევდა კი? ამ კითხვას მეცნიერმა საქმით გასცა პასუხი: მან ბგერითი ტალღები სპეციალური აპარატურით გაზომა და აღმოჩნდა, რომ ოთახში აუტანელი ხმაური იდგა, ოღონდ ბგერითი ტალღები ძალიან დაბალი სიხშირისა იყო, რომლის აღქმა ადამიანის ყურს არ შეუძლია. ეს გახლდათ ინფრაბგერა.

ხანმოკლე ძიების შემდეგ მეცნიერმა მის წყაროსაც მიაგნო – ცოტა ხნის წინ კონდიციონერში დამონტაჟებულ ახალ ვენტილატორს. მისი გამორთვა საკმარისი აღმოჩნდა, რომ „მოჩვენებებიც“ გამქრალიყვნენ და დაშნის პირსაც შეეწყვიტა ვიბრირება.

მეზღვაურებს წლების განმავლობაში აფორიაქებდა „მფრინავი ჰოლანდიელის“ საიდუმლო – ხომალდი, რომელიც ეკიპაჟის გარეშე დაცურავდა. ოკეანეში რამდენიმეჯერ წააწყდნენ ასეთ გემს. გემები მწყობრში იყო; სად გაქრნენ ადამიანები, ვერავინ  გაიგო.

ამ სერიის უკანასკნელი შემთხვევა გახლდათ „მარია სელესტა“ – არაჩვეულებრივი შხუნა, რომელიც ოკეანეში სხვა ხომალდმა აღმოაჩინა. შხუნაზე გადასულმა მეზღვაურებმა კამბუზში ჯერ კიდევ ცხელი სადილი აღმოაჩინეს, გემის ჟურნალში – მელანშეუშრობელი ჩანაწერი, ხალხი კი არსად ჩანდა. ისინი სულ ახლახან წასულიყვნენ, მაგრამ სად?

ამ კითხვას პასუხი მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ გაეცა.

დამნაშავე აღმოჩნდა 7 ჰერცი სიხშირის ინფრაბგერა, რომელსაც ოკეანის ტალღები განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოსცემს. ამ სიხშირის ბგერები ადამიანებს ძრწოლას ჰგვრის, ისინი ჭკუიდან იშლებიან და „საშინელებისგან“ თავის გადასარჩენად გემიდან ხტებიან.

„ჩემი მოჩვენებაც ინფრაბგერის ბრალი ხომ არ იყო?“ – ასეთი აზრი დაებადა მეცნიერს. საგულდაგულოდ შეამოწმა ლაბორატორია და აღმოაჩინა, რომ ტალღების სიხშირე იქ 18.98 ჰერცს შეადგენდა, ეს კი სწორედ ის სიხშირეა, რომლის დროსაც ადამიანის თვალი რეზონირებას იწყებს. გამოდის, რომ სწორედ დაბალი სიხშირის ბგერითმა ტალღებმა გამოიწვია ვიკ ტენდის მხედველობის ცდომილება და მან დაინახა ის, რაც სინამდვილეში არ არსებობდა.

შემდგომმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბუნებრივ პირობებში ასეთი დაბალი სიხშირის ტალღები საკმაოდ ხშირად წარმოიქმნება. მაგალითად, მაშინ, როდესაც ძლიერი ქარი საკვამლე მილებს ან კოშკურებს ეჯახება. ეს ბგერები საკმაოდ სქელ კედლებშიც აღწევს და შემაძრწუნებელ შეგრძნებებს იწვევს. განსაკუთრებით ხშირად ისმის ამგვარი ხმები გვირაბისებრ დერეფნებში, რომლებითაც სავსეა ინგლისის უძველესი ციხესიმაგრეები. არც ძლიერი ქარებია ბრიტანეთისთვის უცხო ხილი, ამიტომაც სწორედ აქ „ხვდებიან“ ყველაზე ხშირად ადამიანებს მოჩვენებები.

თავისი გამოკვლევის შედეგები ვიკ ტენდიმ ფიზიკურ კვლევათა საზოგადოების ჟურნალში გამოაქვეყნა, რომელიც 1822 წლიდან გამოიცემა და რომელთანაც ბრიტანელი პარაფსიქოლოგები და ბუნებისმეტყველები თანამშრომლობენ. ეს საზოგადოება პარანორმალური მოვლენების გონივრულ ახსნას ცდილობს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პროფესიონალმა „მოჩვენებებზე მონადირეებმა“ ერთხმად აიტაცეს ტენდის იდეა. ერთ-ერთი წამყვანი ბრიტანელი პარაფსიქოლოგი ტონი კორნელი მიიჩნევს, რომ ეს აღმოჩენა კაცობრიობას მრავალი საიდუმლოს ამოცნობის საშუალებას მისცემს. თუმცა არსებობენ ისეთი მეცნიერებიც, რომლებიც ტენდის თეორიას ეჭვით უყურებენ.

ფიზიკოსები, რომლებმაც გამოიკვლიეს ადამიანის ორგანიზმზე ინფრაბგერის ზემოქმედება, აღნიშნავენ, რომ ექსპერიმენტში მონაწილე მოხალისეები დაღლილობას და თვალებსა და ყურებში ძლიერ წნევას უჩიოდნენ, მაგრამ ჰალუცინაციებს და, მით უმეტეს, მოჩვევენებს არავინ შეუწუხებია. მხედველობის ცდომილება არც ავტომობილების მძღოლებს ჰქონიათ, თუმცა ცნობილია, რომ მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის სალონში მაღალი ინფრასიხშირის ბგერითი ტალღები წარმოიქმნება.

ერთი მხრივ, მოჩვენების გაჩენის მიზეზი თითქოს დადგენილია, მეორე მხრივ, რჩება კითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მოჩვენებები კი დღემდე დაძრწიან ბრიტანეთის კუნძულებზე. ამაში არაამქვეყნიურ ძალებს მიუძღვით ბრალი თუ, უბრალოდ, მხედველობის ცდომილებას, დანამდვილებით ჯერ არავინ იცის.

ალბათ სწორედ ესაა მკვლევართა საქმიანობის ხიბლი. ბუნებამ, რომელმაც ადამიანი თავისი კიდევ ერთი საიდუმლოს ზღურბლთან მიიყვანა, მოულოდნელად მას ცხვირწინ მიუხურა კარი, ამიტომ მეცნიერებს საიდუმლოს ამოსაცნობად ახალი გზების ძიება მოუწევთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი