ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
15 მაისი, ხუთშაბათი, 2025

სხეულს შეუძლია ლაპარაკი, მაგრამ შენ თუ შეგიძლია მოსმენა?

0

ჰოლისტური ადამიანი – ნაწილი 1

 „სხეულის სიცოცხლე – ეს არის შეგრძნებებისა და ემოციების სიცოცხლე.

ყველა ემოცია ეკუთვნის სხეულს, გონება მხოლოდ აღიარებს მას“

ლოურენსი 

„გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან:

 რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკე მიდიან;“

შოთა 

სტატიის ანოტაცია

ადამიანი მთლიანი და განუყოფელია, მისი გონება და სხეული (სული და სხეული) გამუდმებულ ურთიერთკავშირშია.  ამავე დროს, ჩვენი სხეული მუდმივ კომუნიკაციაშია გარესამყაროსთან. თავის მხრივ, სხეული გველაპარაკება შეგრძნებებით, ემოციებით, რომლებსაც ხშირად არ ვაქცევთ ყურადღებას, ან არ გვესმის. პრობლემას ქმნის რწმუნებულება, რომ სხეული და გონება/სული სხვადასხვაა. იმისათვის, რომ სხეულის ნიშნებით შევიმეცნოთ საკუთარი თავი და სამყარო, უნდა ვესაუბროთ ჩვენს სხეულს და მის ნაწილებს, ტკივილებს, ემოციებს. ამისთვის კი საჭიროა ავიმაღლოთ ემოციური ინტელექტი. ამ მხრივ, სკოლა საუკეთესო ადგილია, ბავშვები ამაზე დავაფიქროთ. უამრავი აქტივობა შეგვიძლია მოვიფიქროთ: ლიტერატურული ან ისტორიული პერსონაჟების როლის მორგება და მათი გრძნობების და ემოციების გადმოცემა, ამ ემოციების ზეგავლენა მოსწავლეებზე, სხვადასხვა სტრესული სიტუაციებისას განცდილის „ალაპარაკება“, სტრესებთან გამომშვიდობების წერილების დაწერა და სხვა. ზოგიერთი ტექნიკის შესახებ კი ამ წერილში გესაუბრებით.

რისთვისაა ეს ყველაფერი საჭირო? – ცნობიერების გაფართოებისთვის, შემეცნებისთვის, ტრანსფორმაციისთვის, საკუთარ თავში მეტი რესურსული მდგომარეობის აღმოჩენისთვის, ცოდნის მოქმედებად ქცევისთვის, ბედნიერებისთვის და ჰარმონიული საზოგადოების ფორმირებისთვის.

ვფიქრობთ, ეს ცოტაა არ არის, მაგრამ ყველაფერი იწყება „ცოტადან“, პირველი ნაბიჯის გადადგმიდან. საჭიროა, ჩვენს სხეულს ვასწავლოთ ჰარმონიაში ყოფნა. ეს კი კომუნიკაციით მიიღწევა.

სამყაროში, მე-3 ათასწლეულში, ღირებულებათა ფუნდამენტური გადაფასება მიმდინარეობს, რაც ძირეულად ცვლის ჩვენი აღქმის, შემეცნების, აზროვნების პარადიგმას. ახალი პარადიგმის ერთი მთავარი ნიშანია ქსელურობა და სინერგია – ყველაფერი ყველაფერთან კავშირშია და ურთიერთქმედებს.

ხელოვნურად გაყოფილი სული და სხეულიც ერთიანობაში აღიქმება, რადგან ადამიანი ბუნებით ერთიანი არსებაა – ჩვენი იდეები, რწმენები, მსოფლმხედველობა – მხოლოდ სიტყვებით არ განიცდება. სიტყვები მხოლოდ სიგნალებია, რომელთა საშუალებით მოქმედებაში მოდის მთელი ჩვენი სხეული – ყველა ნერვი, ყველა უჯრედი… ეს ხშირად გაუცნობიერებელი პროცესია; ჩვენ თავს ვიმშვიდებთ, რომ მნიშვნელობა არა აქვს,  რას ვლაპარაკობთ, რას განვიცდით, რადგან, შეგვიძლია, მალევე დავივიწყოთ. დიახ, ჩვენ შეიძლება დავივიწყოთ სიტყვები, მაგრამ ისიც გვავიწყდება, რომ ამას ჩვენი სხეული არასდროს ივიწყებს.

ჩვენი სხეულისგან განცალკევებული „ცხოვრება“ პრობლემას უქმნის ჰოლისტურ ადამიანს, რადგან მას ჰგონია: სხეული ცალკეა, გონება – ცალკე, სული – ცალკე…. ეს იგივეა, წარმოიდგინო მოძრავი ავტომობილი მძღოლის გარეშე, ცხენი – მხედრის გარეშე…

კაცობრიობის მენტალური სამყაროს სურათები ყველაზე კარგად აისახება ენაში. ამიტომ არსებობს ლექსიკაში: ხორციელი და სულიერი, ხორციელი სიამოვნება და სულიერი სიამოვნება, ხორციელი საკვები და სულიერი საკვები… მაგალითად: სულიერად ითვლება პოეზია (ხელოვნება, ზოგადად) და „სულიერ საკვებად“ არ ითვლება მებაღე რომ ბაღს უვლის, ან ქალი რომ სარეცხს ფენს…

სიტყვებსა და სხეულს შორის კავშირი მხოლოდ ფსიქოსომატიკა არ არის. ფსიქოლოგია მხოლოდ ერთი კომპონენტია, რადგან ეს კავშირი გაცილებით ღრმაა: აქ არის ჩვენი მსოფლმხედველობა, ღირებულებები, რწმენები, გამოცდილებები და ასე შემდეგ.

ენა/კომუნიკაცია ახალი ცნობიერების ძირითადი საშენი მასალაა. ჩვენ შეგვიძლია, მისი საშუალებით შევცვალოთ ის, რაც მასვე „გავაფუჭებინეთ“, მთავარია, გავაცნობიეროთ ის კანონები, რომლებიც ამ პროცესებს მართავს.

ჩვენი სხეული არის გარესამყაროსთან მუდმივ ურთიერთქმედებაში. ის ძალიან ჰგავს ბიოლოგიურ კომპიუტერს – რომელშიც უამრავი ინფორმაცია ინახება: ზოგი მყარ დისკზეა, ზოგი – დოკუმენტებში. მაგრამ ისეც ხდება, რომ ეს კომპიუტერი გადაიტვირთება და იჭედება – დახმარებას ითხოვს, ვეღარ უმკლავდება ინფორმაციას. ასეთ დროს საჭიროა კომპიუტერის და ადამიანის „გადატვირთვა“. ასეთ დროს აღმოაჩენ, რამდენ „ვირუსულ პროგრამას“ ინახავდი შენს ცნობიერსა და არაცნობიერში. იწყება წაშლა, განახლება, ახალი პროგრამული უზრუნველყოფა, ძლიერი ანტივირუსი და ასე შემდეგ. კომპიუტერი თავისით არ ზიანდება, მისი „მამოძრავებელი სული“ შენ ხარ და შენვე შეგიძლია მისი შველა.  სწორედ ასეთივე მამოძრავებელი ხარ შენი სხეულისთვისაც და როცა მას უჭირს, მხოლოდ შენ ხარ, ვინც დაეხმარება.

სულისა და სხეულის ერთიანობაზე ვკითხულობთ პლატონის „დიალოგებშიც“:  როგორც არ უნდა ვეცადოთ, განვკურნოთ თვალი დამოუკიდებლად თავისაგან და თავი – დამოუკიდებლად სხეულისგან, – არ გამოვა. რადგან შეუძლებელია, სულის განკურნების გარეშე სხეულის განკურნება. ელინელი ექიმები წარუმატებლები არიან დაავადებათა განკურნებისას მაშინ, როცა ისინი არ ზრუნავენ მთლიანზე – თუ მთელი ცუდ მდგომარეობაშია, როგორ შეიძლება ნაწილმა კარგად იგრძნოს თავი? ყველაფერი – კარგიც და ცუდიც – სხეულში მომდინარეობს სულიდან. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა განიკურნოს სული, თუ გინდათ მთელმა სხეულმა და მისმა თითოეულმა ნაწილმა კარგად იგრძნოს თავი. სული კი იკურნება შელოცვებით, რაც სხვა არაფერია, თუ არა სწორი მეტყველება[1]: ამ მეტყველებით სულში ფესვიანდება გონიერება, რაც უზრუნველყოფს სულის და მთელი სხეულის სიჯანსაღეს.[2]

შელოცვებიც და აფირმაციებიც – კომუნიკაციაა, მეტყველება, განსაკუთრებული მეტყველება, რომელიც მხოლოდ ინფორმაცია არ არის; მეტყველება, რომელიც რწმენითაა გაჯერებული, ამაშია მისი ჯადოსნური ძალა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ მეტყველების გარდა კომუნიკაცია სხვა არხებითაც მიმდინარეობს. ჩვენი სხეული გაუჩერებლად საუბრობს შეგრძნებების ენაზე. უბრალოდ, ზოგჯერ მას არ ვუსმენთ, ან მისი ენა არ ვიცით.  ჩვენი სულის/გონების ყველა პრობლემას სხეული ირეკლავს. ფსიქოსომატიკაც ესაა – სხეულის ნაწილების შეგრძნებათა ენა, მთელი ნიშანთა სისტემა, ტკივილით გადმოცემული სულის ძახილი…  არ არის გაყოფილი სული და სხეული… ადამიანიც მთლიანია და მისი გაგებაც და ახსნაც ამ მთლიანობას უნდა ეფუძნებოდეს. სიმპტომების გაქრობით ვერ გვარდება პრობლემა, ყველაფერს უნდა მივყვეთ ბოლომდე და ამას გავაკეთებთ, თუ ვისწავლით ჩვენი სხეულის მოსმენას.

გარდა იმისა, რომ სიტყვებს ჩვენ ვანიჭებთ განსაკუთრებულ ემოციებს, რომლებიც აღბეჭდილია ჩვენს ცნობიერებაში, ამის გარეშეც სიტყვებს დამოუკიდებლად აქვთ საკუთარი ენერგია და ელექტრომაგნიტური იმპულსი.

სიტყვები რეზონირებენ ჩვენს სხეულში სხვადასხვა სივრცესთან; ისინი შეიცავენ აგრეთვე განსხვავებულ სიხშირეს.

თუ, მაგალითად, გონებაში წარმოთქვამთ სიტყვა კონფლიქტს, ეს სიტყვა-სიგნალი თქვენში გააღვიძებს ამ სიტყვით გამოწვეულ შეგრძნებებს, რომლებიც შექმნის ელექტრომაგნიტურ იმპულსს, რომელიც მოეფინება მთელს თქვენს სხეულს  და ზოგიერთ ადგილს – განსაკუთრებით. სულ სხვა შეგრძნება გაგიჩნდებათ სიტყვებზე – სიყვარული, მადლიერება – ამ სიტყვებთან დაკავშირებული ემოცია/შეგრძნებები და ენერგია აამსუბუქებს მთელს თქვენს შინაგან სივრცეს. ახლა წარმოიდგინეთ, ფაქტები და მოვლენები, სტრესები, გადაუჭრელი პრობლემები – როგორ ემოცია/შეგრძნებებს წარმოქმნიან ჩვენი შინაგანი სივრცის ჩაკეტილ კაფსულაში, რომელშიც ენერგია თავისუფლად ვერ მიმოიქცევა სწორედ ამ „ბლოკების“ გამო. ადამიანის სულს და სხეულს კი ბალანსი და ჰარმონია  და მთლიანობა სჭირდება; საკმარისია, თუნდაც ეს პროცესი გავაცნობიეროთ, რომ დავინახოთ სული/სხეულის განუყოფლობა.

ალან გრეგი, რომელმაც მიმოიხილა მედიცინის წარსული და მომავალი შორეულ პერსპექტივაში, წერს: „ისეთი ტოტალური მოვლენა, როგორიც ადამიანია, დაჰყვეს ნაწილებად და სისტემებად. მათ არ შეუძლიათ უარყონ ეს მეთოდი, მაგრამ არც მხოლოდ მისი შედეგებით არიან კმაყოფილნი. რა არის ის, რაც განსაზღვრავს ჰარმონიასა და ურთიერთკავშირს ჩვენს ორგანოებსა და მრავალრიცხოვან ფუნქციებს შორის? რა შეუძლია მედიცინას თქვას „გონებისა“ და „სხეულის“ განცალკევებაზე? რა ხდის ინდივიდს იმად, რაც იგულისხმება სიტყვაში „განუყოფელი“?  – მნიშვნელოვანი კითხვებია, მაგრამ ახლა სტატიის მთავარ სათქმელს დავუბრუნდეთ: როგორ მოვუსმინოთ, მაგალითად, ჩვენს თავის ტკივილს? ჰკითხეთ, აბა, რა აწუხებს თავს? რომელმა სტრესმა შეავიწროვა სისხლძარღვები? რა არ ესიამოვნა? შემდეგ იმ სტრესის ბუნება გამოიკვლიეთ, საიდან და რატომ მოდის და როცა სათავესთან მიხვალთ და გააცნობიერებთ, სიმპტომი თავისთავად გაქრება.

შემდეგ წერილში გესაუბრებით ირანული წარმოშობის გერმანელი ნევროლოგის, ფსიქიატრისა და ფსიქოთერაპევტის – პოზიტიური ფსიქოთერაპიის ფუძემდებლის ნოსრატ პეზეშკიანის ძალიან საინტერესო ტექნიკაზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

[1] შდრ. თანამედროვე აფირმაციები

[2] https://plato.spbu.ru/TEXTS/PLATO/LosevH/0114.htm

 

16 მაისი –   ცელიაკიას მსოფლიო დღე  

0

მე მასწავლებელი ვარ  . . .

ვალდებული ვარ, გავითვალისწინო ჩემი მოსწავლეების საჭიროებები . . .

ვალდებული ვარ, გავითვალისწინო ჩემი მოსწავლეების ინტერესები . . .

ვალდებული ვარ, გავითვალისწინო ჩემი მოსწავლეების იმ დღევანდელი ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა . . .

ვალდებული ვარ . . .

ვალდებული ვარ  . . .

კიდევ ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება, რაც მევალება, როგორც მასწავლებელს, როგორც დამრიგებელს. ,,არ არსებობს ცუდი მოსწავლე“, მის ყველა ქცევას გარკვეული სოციალური, ემოციური, ფსიქოლოგიური ან ზოგჯერ ფიზიკური საფუძველი აქვს, მთავარია, მასწავლებელმა გაიგოს, მაშინაც გაიგოს, როცა მოსწავლე არაფერს ამბობს, ისიც უნდა გაიგოს, რა იმალება ღიმილის ან ისტერიული სიცილის მიღმა. ამდენი რამის გასაგებად ალბათ ჯადოსნური ჯოხია საჭირო, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, კარგად გავიცნო მოსწავლე, აღვიქვა როგორც ინდივიდი, ჩამოყალიბებული პიროვნება, ჩემი თანასწორი და ,,ზემოდან“ არ ვესაუბრო. აქ, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ, რომ როცა მითითებაა საჭირო, არ მივუთითო და მისი არასასურველი ქცევა წავახალისო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვიცოდე თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუ რამე ქრონიკული დაავადება აქვს, იმ დაავადების სიმპტომები, ქცევის თავისებურებები და საჭიროებები. ჩემი წერილიც ერთ-ერთი იშვიათი დაავადების შესახებ ცნობადობის ამაღლებას ეძღვნება.

ქეისი ცელიაკიით დაავადებულ ადამიანს ეხება. მასწავლებელს რესურსი შეუძლია გამოიყენოს: ბიოლოგიის სწავლებისას მერვე კლასში, როცა საჭმლის მომნელებელ სისტემას და იმუნური სისტემის ფუნქციებს და ,,შეცდომებს“ განიხილავენ, მეათე კლასში, როცა უჯრედის ენერგეტიკულ ცვლაზე მუშაობენ, ქიმიის სწავლებისას, როცა ქიმიური რეაქციის სიჩქარეს განიხილავენ, პროფესიული სწავლების დუალურ პროგრამაში კონდიტერიის, პურის ცხობაზე მუშაობისას, ასევე კლასის დამრიგებელს, დაწყებით საფეხურზე ექიმის საათის დროს, საბაზო და საშუალო საფეხურზე სადამრიგებლო საათის ფარგლებში.

ქეისი: ნინა და დიანა კოლეჯის სტუდენტები არიან, მათ ბიოლოგიის გაკვეთილზე გაიცნეს ერთმანეთიგადაწყვიტეს, ერთად მოემზადებინათ საგანი, თუმცა ჯერ ლანჩის დროა. ნინა ამბობს, რომ არსებობს საკვები პუნქტი, სადაც მისი მოთხოვნები (კვებასთან დაკავშირებული შეზღუდვები) შეუძლიათ დააკმაყოფილონ, დიანაც თანხმდება.    

ლანჩის განმავლობაში დიანა დაინტერესდა ნინას კვებითი შეზღუდვებით:

 – ნინა, რა სახის საკვებზეა შეზღუდვა შენთვის  აუცილებელი?

ჩემთვის არ შეიძლება გლუტენის შემცველი პროდუქტების საკვებად გამოყენება

ჩემი ბიძაშვილი გლუტენზე მხოლოდ იმიტომ ამბობდა უარს, რომ გაიგო მისი ჯანმრთელობისთვის მავნებლობის შესახებ. ძალიან კი გაუჭირდა პურისა და მაკარონის, სპაგეტის გარეშე. ბოლოს დანებდა.

ჩემთვის გლუტენის არ მიღება არჩევანი არ არის, მე ცელიაკია მაქვს. გლუტენის ძალიან მცირე რაოდენობით მიღებაც კი შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს ჩემი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის

მე გლუტენის შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ დიეტაზე არ ჭამენ გლუტენის შემცველ პროდუქტს, მაგრამ არაფერი ვიცი ცელიაკიაზე, როგორც დაავადებაზე, მის სიმპტომებზე

გლუტენი ცილაა, რომელიც გვხვდება ხორბალში, ქერში, შვრიასა და ჭვავში. ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა პური, მაკარონი, პასტა, ცომეული. ცელიაკიით დაავადებულ ადამიანებში გლუტენი იწვევს ავტოიმუნურ რეაქციას, ეს უკანასკნელი კი წვრილი ნაწლავების ზედაპირზე წვრილ ჩირქოვან კერებს აჩენს, რომლებიც საბოლოოდ ხაოების გაბრტყელებას იწვევს. ნაწლავების დაზიანების გვერდითი ეფექტი სხვადასხვა სიმპტომის სახით ვლინდება, როგორიცაა დიარეა, ანემია, გამონაყარი კანზე, ძვლების ტკივილი, დეპრესია, შფოთვა და სხვა. დაზიანების ხარისხი დაბლიდან მაღლისკენ იცვლება. დაავადებამ საბოლოოდ შეიძლება ხელი შეუწყოს ოსტეოპოროზის, ნერვული და რეპროდუქციული სისტემების პრობლემების განვითარებას და სიმსივნის ჩამოყალიბებასაც კი.  

 

წვრილი ნაწლავების ხაოები ჯანმრთელ და დაავადებულ ადამიანში

 

საკითხის დამუშავების შემდეგ უპასუხე შეკითხვებს:

  1. რატომ ახასიათებს ამდენი განსხვავებული სიმპტომი ცელიაკიას?
  2. რატომ მოქმედებს ასე უარყოფითად ადამიანის ჯანმრთელობაზე?
  3. ღირს თუ არა იმ ადამიანებმა არ მიიღონ გლუტენი, ვისაც არ აქვთ დიაგნოსტირებული ეს დაავადება;
  4. რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის ინფორმირებულობას იშვიათი დაავადებების შესახებ?
  5. რა არის წვრილი ნაწლავების ძირითადი ფუნქცია? რა ფუნქციას ასრულებენ ხაოები?
  6. კიდევ რომელი ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც საკუთარ საჭმლის მომნელებელ სისტემას ,,უტევს”?

ქეისის პასუხი   )

კიდევ რა უნდა ვიცოდეთ დაავადების შესახებ: დაავადება ცელიაკია მეორე საუკუნეში ბერძენმა ექიმმა არეთა კაპადოკიელმა აღწერა. ადამიანს გადაეცემა მის მიმართ გენეტიკური განწყობა. გლუტენს შეიცავს ხორბალი, ჭვავი და ქერი. შვრიაში მის შემცველობაზე ჩამოყალიბებული პასუხი არ არსებობს. კავკასიური წარმოშობის ადამიანებში ცელიაკიას გავრცელების სიხშირეა 1/133. ბავშვებში თავს იჩენს მაშინ, როცა ის ხორბლის ფაფით კვებაზე გადაჰყავთ, ნიშანია განავალში გადასული ცხიმი, ანუ გარეგნულად მოუნელებელი განავალი. ცელიაკია და გლუტენის აუტანლობა სხვადასხვაა, თუმცა მკვეთრი ზღვრის გავლება რთულია. ცელიაკია გვხვდება მოსახლეობის 1%-ში, გლუტენის აუტანლობა კი 10%-ში. გლუტენი ცომს ანიჭებს ელასტიკურობას, შეწებების უნარს, განსაზღვრავს მის სტრუქტურას და ხდის ღეჭვადს. გლუტენი დიდი ზომის მოლეკულაა. ის გლუტენინისა და გლადინისგან შედგება. ადამიანის ორგანიზმი მონელების პროცესში წარმოქმნილი გლადიანის წინააღმდეგ გამოიმუშავებს ანტისხეულებს, ვითარდება წვრილი ნაწლავების ანთება, იშლება ხაოები და ბრტყელდება. მალაბსორბცია მხოლოდ ცელიაკიას ახასიათებს, ამიტომ ის უფრო მძიმე დაავადებაა, ვიდრე გლუტენის აუტანლობა. გლუტენის აუტანლობის დროს ხაოები არ ზიანდება, ცელიაკიას დროს კი ზიანდება, კარგავს შეწოვის უნარს. ამას ექიმები ბიოფსიის საშუალებით ადგენენ.

რა უნდა იცოდეს ადამიანმა, რომელსაც ცელიაკია აქვს:

·         ყოველთვის იქნება შენ გარშემო ვიღაც, ვინც შენს მდგომარეობას სერიოზულად არ აღიქვამს;

·         იქნება დღეები, როცა თავს არ გრძნობ კარგად, მიზეზი კი არ იცი, ეს იმ დროსაც შეიძლება მოხდეს, როცა ზედმიწევნით იცავ დიეტას;

·         იქნება პერიოდები, როცა საქმეებზე, სწავლაზე კონცენტრირება გინდა, მაგრამ ვერ ახერხებ;

·         დიდი ნებისყოფა გჭირდება, რომ გლუტენის შემცველი ცომეული ან სხვა პროდუქტი არ მიირთვა, მაშინ, როცა ქუჩაში ყოველი ფეხის ნაბიჯზე საცხობი, საკონდიტროა გახსნილი, შენი კლასელებიც ხომ ასეთი პროდუქტებით იკვებებიან;

·         ნებისმიერ სიტუაციაში გიწევს საკუთარი თავის ადვოკატის როლში ყოფნა;

ცელიაკიას  ახასიათებს შემდეგი მენტალური სიმპტომები, რომლის გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის მხრიდან:

 

  • დეპრესია;
  • ქცევის ცვლილება;
  • ხასიათის ცვლილება;
  • შფოთვა;
  • დაღლილობა;
  • მარტოსულობის განცდა;
  • სოციალური ფობია;
  • სტრესი;

დამატებითი ინფორმაცია ცილა გლუტენის და პურის ცხობის პროცესში მიმდინარე ქიმიური რეაქციების შესახებ: ხორბლის ფქვილის მოზელის დროს, წყლის დამატებისას, წინამორბედი ცილებისგან (გლუტენინი და გლადინი) ფერმენტული რეაქციების შედეგად წარმოიქმნება ცილა გლუტენი. ის წებოვანია. ცხიმის (კარაქის, ზეთის ან სხვა) დამატებისას გლუტენის მოლეკულები მტკიცედ ეკვრიან ერთმანეთს და ქმნიან რეზინის მსგავს ფურცლებს. ამ ფენებს შორის შედის ჰაერი და ცომის ხდება ფოროვანი, ჰაეროვანი, მსუბუქი. ცომის გათბობა ცვლის ცილის სტრუქტურას, ამ დროს ხდება დენატურაცია და ცილა მყარ მდგომარეობაში გადადის. წყალი იმიტომ არის აუცილებელი, რომ წარმოიქმნას გლუტენი. ეს უკანასკნელი საფუვრის გამრავლების პროცესს აჩქარებს. საბოლოოდ მიიღება სტრუქტურა, რომელიც ქიმიური კლასიფიკაციის მიხედვით ქაფებს მიეკუთვნება.

პურის ინგრედიენტები: ფქვილი, წყალი, საფუარი, შაქარი ან თაფლი, მარილი და/ან ცხიმი (ზეთი, კარაქი, მარგარინი).

გემოს მიცემის გარდა, მარილს  მნიშვნელოვანი როლი აქვს, ის აუცილებელი კომპონენტია საფუვრის დასაშლელად. თუ საფუარი სწრაფად გამრავლდა, ბევრი ნახშირორჟანგი წარმოიქმნება. თუ გაზი უფრო სწრაფად წარმოიქმნა ვიდრე გლუტენი, მაშინ ის გაიფანტება ჰაერში, ამიტომაა მარილი ძალიან მნიშვნელოვანი. მცირე რაოდენობით აირი მაინც იფანტება ჰაერში, პურის ზოგიერთ რეცეპტში მარილი მითითებული არ არის. თაფლი ან შაქარი საფუვრის საკვებია, თუმცა ერთუჯრედიანი სოკოები ფქვილში მაინც პოულობენ საკმარის საკვებს. მათ მნიშვნელოვანი როლი აქვთ, როცა ცომის სწრაფი გაფუებაა საჭირო. ცხიმის დამატება გლუტენს ფართო, რეზინის მსგავს ფურცლებად აყალიბებს. ცხიმი ცომს პურის ცომის სტრუქტურისგან განსხვავებულ, ნამცხვრის ცომის სტრუქტურას აძლევს. პურის ცომი უფრო მაგარია, რადგან მეტ გლუტენს შეიცავს. ზოგ ცომს, მაგალითად, პასქის ცომს ცხიმიანი ხელებით ზელენ, ეს გლუტენის ფენების გაერთიანებას უზრუნველყოფს, თუ მასას ცხიმს  ზემოდან უსვამენ, მიზეზი გამაგრებისა და დასკდომის თავიდან აცილებაა. გლუტენის გამოყოფის დასაჩქარებლად ცომი უნდა მოთავსდეს ფქვილიან ტაფაზე. ათ წუთში ერთხელ ფქვილს კიდევ აყრიან ზემოდან. მას ზემოდან სველ ნაჭერს აფარებენ, გამოშრობის თავიდან აცილების მიზნით. დაყოვნების დრო მკაცრად განსაზღვრული არ არის, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობით გლუტენის წარმოქმნაა საჭირო. ძირითადად, პური ცხვება 200 გრადუსზე, 40-50 წუთის განმავლობაში.

ქვემოთ მოცემული რესურსები მასწავლებელს გამოადგება პროცესის დაგეგმვისთვის:

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. org – Anatomy;
  2. Culinary reactions – Simon Quellen Field 2019.

ადრეული წიგნიერება

0

ათასი ფერადი სიტყვა, ათასი ფერადი ემოცია – ადრეული წიგნიერების საფუძველია

სულ რამდენიმე თვეა რაც ჩემი მესამე შვილი გაჩნდა. მთელი ოჯახი წინასწარ ვგეგმავდით, ვფიქრობდით და ვემზადებოდით, როგორ ვიზრუნებდით მასზე, როგორ გავართობდით, დაველაპარაკებოდით და დავეხმარებოდით განვითარებაში. უფროს შვილებსაც ყველანაირი ინფორმაცია ჰქონდათ უკვე იმაზე, განვითარების სხვადასხვა ეტაპზე რა იქნებოდა მისთვის მნიშვნელოვანი – ამიტომ, მაშინაც და ახლაც ბევრს ელაპარაკებიან, ეთამაშებიან, უმღერიან და წიგნებს უკითხავენ. მარიამი ახლა თითქმის ოთხის თვის გოგონაა, რომელსაც მოსმენა, სიცილი და სიმღერა ძალიან უყვარს. როდესაც პატარა წიგნს ჩაბღუჯავს ხელით და კმაყოფილი და ამაყი დაჰყურებს, ისეთი საოცარი შესახედია, ჩვენც სიამაყით და ბედნიერებით ვივსებით. ჩვენი რიტუალი ასეთია, დილით ერთ ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებულ  წიგნს ვუკითხავთ, საღამოს მეორეს სხვა შინაარსისას. კითხვის პროცესში სახით ჩვენკენაა მომართული, პირისპირ ვსხედვართ, რადგან ამ დროს პატარა უკეთ ახერხებს ჩვენი ემოციების და იმიტირებული ქმედებების დანახვას. ცნობილია, პატარები ემოციების ყველაზე კარგი „წამკითხველები“ არიან, რის გამოც ინტერესით ადევნებენ თვალს სახეზე ჩვენს მიმიკებს. სხვა დროს კი როდესაც ღვიძავს, ოჯახის ყველა წევრი ვესაუბრებით, ვცდილობთ გავუხმოვანოთ რას ვაკეთებთ, რა ხდება ჩვენს სახლში საინტერესო, რა ლამაზად გალობენ ჩიტები აივნის შორიახლოს, რა სასიამოვნოა მწვანე ხეები და რა კარგია მასთან ერთად დროის გატარება.

სპეციალისტების მოსაზრებით წიგნიერების საფუძვლები ადრეული ასაკიდან ყალიბდება, ამიტომ  ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდშიც კი მოგვიწოდებენ  წავუკითხოთ და ველაპარაკოთ ჩვილს.  შემდეგ კი  წიგნის კითხვა ყოველდღიურ აქტივობად დავნერგოთ, რა დროსაც ჩვილი სიამოვნებთ უსმენს ჩვენს მოსიყვარულე ხმას და ცდილობს, თვითონაც გამოგვეხმაუროს, გამოგველაპარაკოს, რაც ასევე მნიშვნელოვანია სამეტყველო საფუძვლების ჩამოსაყალიბებლად. ჩვილებს ყველაზე მეტად ხშირი კონტაქტი და საუბარი სიამოვნებთ, როდესაც მას ველაპარაკებით იმ ყოველივეზე, რაც მის გარშემო ხდება –  რას ვაკეთებთ, რას ვაცმევთ, როდის მივდივართ სასეირნოდ და ა.შ. ამ დროსაც  პატარას ვუქმნით ამეტყველებისთვის  საჭირო დადებით სივრცეს, სადაც სიტყვები უფუნქციოდ  არ იკარგებიან და მალე ისიც დაიწყებს საჭირო სიტყვების დანიშნულებისამებრ გამოყენებას.

ადრეული წიგნიერება გულისხმობს მცირე ასაკში ბავშვის სხვადასხვა სახის ტექსტთან ურთიერთობას, რაც მის კოგნიტურ, სოციო-ემოციურ განვითარებას უწყობს ხელს და წიგნიერების საფუძველიც ასე იყრება. სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ, რომ ექვს თვემდე ბავშვებს იოლად აღსაქმელი, თეთრი, კაშკაშა, ფერადი, მარტივი ფიგურებით გაფორმებული წიგნები შესთავაზონ, რომლის დახმარებით აქტიურდება თავის ტვინის მხედველობის ცენტრი, რაც ასევე მხედველობის სიმახვილისა და ფოკუსის დაჭერის უნარების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. სხვადასხვა სირთულის, ფორმის და შინაარსის ტექსტებთან ურთიერთობა, გაცნობა ჩვილს ეხმარება ამეტყველებაშიც და მომავალშიც უმარტივებს წერა-კითხვის შესწავლას, უვითარებს ენობრივ და ზოგად სააზროვნო უნარებს.

განსაკუთრებით სახალისოა ძილისწინა რიტუალი, როდესაც ვცდილობთ ისე წავუკითხოთ, რომ დავაინტერესოთ პატარა. რაც უფრო მუსიკალურად და გამომსახველობით ვუკითხავთ  ტექსტს, ჩვილი უფრო ინტერესდება და თვალს არ აშორებს  ჩვენს მიმიკებს, უსმენს ხმის ტონალობებს, თავადაც ეცვლება გამომეტყველება და ბოლომდე თვალ-ყურს ადევნებს ჩვენი სახის ემოციებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პატარაა, ის კარგად იაზრებს რომ უფრო საინტერესოა წაკითხულის მოსმენა, როდესაც მხატვრულად ვუკითხავთ, როდესაც პერსონაჟის ხმით ამეტყველებას ვცდილობთ, ამიტომ ამის გათვალისწინებაც მუდმივად გვიწევს. ნელ-ნელა, ასე  ხდება  პატარა მსმენელი ჩვენი თანამოსაუბრე, რომელსაც ბევრი მნიშვნელოვანი სათქმელი უგროვდება ჩვენთვის. ჩვილობის ეტაპზე ის ჯერ კიდევ ვერ იგებს ყველაფერს, მაგრამ მოსმენა დადებითად მოქმედებს მასზე და მალე დადგება ის დღე, როდესაც ალაპარაკდება და ბევრ ჯადოსნურ და ტკბილ სიტყვას გავიგონებთ მისგან.

თანამედროვე ცხოვრების მნიშვნელოვანი გამოწვევაა ციფრული მოწყობილობები და მასთან გატარებული მზარდი დროა, რა დროსაც თითოეული ადამიანი, ვკარგავთ ჯანსაღი, ნამდვილი ცხოვრებით ტკბობის საშუალებას და ვექცევით იმ ციფრულ ველში, რომელიც გვაშორებს რეალობას. მნიშვნელოვანია რაც შეიძლება გავზარდოთ ნაცნობობის ინტერვალი პატარასა და ციფრულ მოწყობილობას შორის. ამერიკის პედიატრთა ასოციაცია მოგვიწოდებს, რომ  ორ წლამდე  კატეგორიულად უნდა გამოვრიცხოთ ციფრული მოწყობილობა ბავშვის ყოველდღიურობაში და ამ საკითხში მშობლების პრინციპულობა მნიშვნელოვანია.

ადრეული ენობრივი უნარების განმტკიცება ყოველდღიური და ყოველწამიერი პროცესია, როდესაც ბავშვთან აქტიურად ვურთიერთობთ, ჩვენ განვამტკიცებთ და ვაყალიბებთ მისთვის სამეტყველო გარემოს, რომელიც არის სავსე ათასობით ფერადი და ხალისიანი სიტყვით. წიგნის კითხვის რიტუალით კი ვთავაზობთ ისეთ ქცევის მოდელს, რომელიც მომავალში გახდება მისი ყოველდღიურობა და წიგნთან დამეგობრება რთული პროცესი აღარ იქნება მისთვის.

 

„ჩემი ცხოვრების ეს მწარე ღვინო“

0

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ორი წლის წინ, ნანტში, წიგნის მაღაზიის მეპატრონეს, შარლოტ დემუსოს, მატიას ენარის „კომპასის“ ხსენებისას სახეზე ნათელი დაადგა. დარწმუნებული ვიყავი, მისი ნდობა შეიძლებოდა – ისეთ წიგნებს კითხულობდა, ისეთ მწერლებს იწვევდა თავის პატარა სამოთხეში, რომ მაშინვე გადავწყვიტე, ეს რომანი ჩემს მაგიდაზეც გაჩენილიყო. მერე კი, „კომპასის“ კითხვისას, სხვა წიგნის სურვილმა დამრია ხელი – ავტორისთვის ძვირფასმა და არაერთხელ ნახსენებმა, სულაც მთავარი ამბისთვის სარჩულად ჩაფენილმა, ირანელი მწერლის, სადეყ ჰედაიათის „ბრმა ბუმ“ [1] წარმოსახვა ამიფორიაქა.

მოვძებნე. ვიყიდე. სხვანაირი საკითხავი გამოდგა, ძველი ღვინოსავით მძიმედ გამაბრუებელი და ფიქრების ამშლელი. იშვიათი სილამაზის ამ რომანში ყველაფერია, რის გამოც ერთმანეთს მიწყობილი სიტყვებისთვის, ფრაზებისთვის თვალის გაყოლება მიყვარს. გზას ვეება ლოდებს შორის მიიკვლევ სახიფათოდ დავიწროებულ ხეობაში, ჩერდები, გულისცემას უსმენ – თითქოს ცოტა ხნის წინ ნანახ სიზმარში შეგაბრუნეს და გირჩევენ, რომ მოუშუშებელი იარები არად ჩააგდო, იქით გასწიო, საითაც მძვინვარე მხეცების ბრძოლა და სისხლისღვრაა.

სადეყ ჰედაიათის „ბრმა ბუს“ სწრაფად ვერ წაიკითხავ – ხშირ-ხშირად უნდა შეისვენო, ბოლო სიტყვები უხმოდ გაიმეორო და დააკვირდე, რას გადაებმება მტანჯველ სიჩუმეში.

„მე მხოლოდ ჩემი ჩრდილისთვის ვწერ, ლამპის შუქზე კედელს რომ ეცემა – თავი უკეთ უნდა გავაცნო“, – მთხრობელი არად აგდებს მკითხველის მოლოდინს, აწმყოდან წარსულში ხტება და იქიდან – ლანდებით სავსე უჰაერობაში, მომშხამველ უდროობაში. წერა მოთხოვნილებაა, უმთავრესი ვალდებულება, რომელიც ახალ-ახალ ამოცანებს უსახავს – სულ უფრო რთულსა და ბაგირზე საცეკვაო ილეთების შესრულებასავით მეტად სარისკოს. „მსურს, მთელი ჩემი ცხოვრება ხელებში მოვიქციო და ყურძნის მტევანივით დავსრისო, მერე კი მისი წვენი – არა, მისი ღვინო ჩემს ჩრდილს წმინდა წყლის წვეთებად ჩავაწურო გამომშრალ ყელში“, – ვის უხსნის? ვის თანხმობას ელის?

„ჩემი ცხოვრების ეს მწარე ღვინო“ – ჩურჩულით გასამეორებელი ფრაზა. სილამაზე.

წიგნში ადამიანის გამოცდილების ის ნაწილია აღწერილი, რომლის სიტყვებში მოქცევაც, უცხო თვალისთვის გამეტებაც, ალბათ, ყველაზე ძნელია. სიყვარულზე, სიყვარულის საბედისწერო ყულფზე ვის არ დაუწერია, მაგრამ სადეყ ჰედაიათის გულწრფელობაც და თხრობის ხელოვნებაც სხვაა – ევროპული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებსაც გახსენებს და აღმოსავლურ ზმანებებშიც გხვევს, მათრობელა კვამლად აქცევს თვალწინ წამით გამკრთალ სურათებს, სახეებს.

მხოლოდ აწმყო და წარსული კი არ ირევა ერთმანეთში, არამედ დასავლური და აღმოსავლური ლიტერატურული ტრადიციებიც, თხრობის სხვადასხვაგვარად მომნუსხველი ნაკადებიც, რომლებსაც მალევე ნებდები, გაბრუებული მიჰყვები – უფრო და უფრო ნაკლებად გაღელვებს, რით დამთავრდება ეს შეშლილობა, მრავალგვარ შიშსა და განსაცდელთან პირისპირ დარჩენილის საკვირველი ამბავი. „სამყარო ცარიელ, მწუხარე სახლად მეჩვენებოდა. მკერდში შფოთვა დაეხეტებოდა, თითქოს მაიძულებდა, ამ სახლის ყველა ოთახი ფეხშიშველს დამევლო“, – ერთი მხრივ, გაუცხოების ეს კარგად ნაცნობი განცდა და მეორე მხრივ, მოულოდნელი შედარების ძალით ხელდახელ დამძიმებული ხილვა: „ბნელი ჩრდილები ერთმანეთში ირეოდნენ. ვგრძნობდი, ყველაფერი უფასური და არამყარი იყო. ჩაშავებული, კუპრისფერი ცა უთვალავ კაშკაშა ვარსკვლავს ძველი შავი ჩადრივით დაეცხრილა“.

სადეყ ჰედაიათის „ბრმა ბუს“ პოეტურ რომანს უწოდებენ და არც ცდებიან – ის იმ წიგნებს შორისაა, რომლების სილამაზეც დანარჩენ ღირსებებს ერთიანად ჩრდილავს, წლიდან წლამდე კი არაფერი ცვდება, არაფერი ხუნდება. წაიკითხავ და ხელმეორედ წაკითხვის სურვილი უკვე გულის კიდეს გიწიწკნის – სხვაგან სად ნახავ ამდენ  გარდასახვას, ანარეკლების ველურ რბოლას, თავზარდამცემ სიშლეგეს, რომელიც მხოლოდ მთხრობელის არ არის – შენიცაა, აბზაციდან აბზაცამდე, გვერდიდან გვერდამდე მზერაგამახვილებული მკითხველის.

დიდი წიგნია. აღსარება, რომლის მოსასმენადაც იქნებ მზად არც იყავი.

 

[1] სადეყ ჰედაიეთის „ბრმა ბუსა“ და მატიას ენარის „კომპასის“ ქართული თარგმანები აქვეა, ხელის გაწვდენაზე.

მასწავლებლის საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები

0

პოსტპანდემიურმა პერიოდმა სკოლის და მასწავლებელი ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა.  ონლაინსწავლების შემდეგი ეტაპის საჭიროებებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის  მეთოდოლოგიური და ტექნოლოგიური  გამდიდრება გახდა აუცილებელი. ამ სტატიაში მინდა გაგიზიაროთ ის ნაბიჯები რაც კვლევიდან ინტერვენციამდე გავიარე იმ სკოლის მასწავლებლებთან ერთად სადაც ვმუშაობ. კვლევის მიზანი იყო პოსტპანდემიურ პერიოდში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებელთა საჭიროებების გამოკვლევა და მათი გადაჭრის გზების პოვნა.

კვლევის მიზანიგვსურდა დაგვედგინა, რა საჭიროებები აქვთ ჩემი სკოლის მასწავლებლებს ციფრული რესურსების შექმნა-გამოყენების კუთხით პოსტპანდემიურ პერიოდში. ეს საშუალებას მოგვცემდა, დაგვეგეგმა და განგვახორციელებინა შესაბამისი ინტერვენციები და დაგვენრგა  მეთოდოლოგიური სიახლეები.

კვლევის მეთოდოლოგიაკვლევა ჩატარდა სკოლის სამივე საფეხურის მასწავლებლებთან. კვლევა მოიცავდა რამდენიმე ეტაპს:

  1. პრობლემის გამოვლენა: დადგინდა პოსტპანდემიური პერიოდის გამოწვევები და მათი გადაჭრის საჭიროებები.
  2. საკვლევი საკითხის შერჩევა: მასწავლებლებთან ერთად შეირჩა საკვლევი საკითხები, რომლებიც სკოლის და მოსწავლეების საჭიროებებს პასუხობდა.
  3. მასწავლებლებთან კვლევის შესახებ საუბარი და მიზნის გაცნობა: სკოლის მასწავლებლებთან საუბარი და კვლევის მიზნების გაცნობა.
  4. ანკეტირება: მასწავლებლების ანკეტირება, რომლის მეშვეობითაც დადგინდა მათი საჭიროებები ციფრული რესურსების გამოყენების კუთხით.
  5. მონაცემების დამუშავება: ანკეტირების შედეგების დამუშავება და ანალიზი.
  6. ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება: დაგეგმილი ინტერვენციების განხორციელება სკოლებში, მასწავლებლების სასწავლო ჯგუფების შეხვედრების ფარგლებში.
  7. შედეგების ანალიზი: განხორციელებული ინტერვენციების შედეგების ანალიზი და შეჯამება.

კვლევის შედეგებიპირველ ეტაპზე, მასწავლებლებმა გამოავლინეს ციფრული რესურსების შექმნისა და გამოყენების მნიშვნელოვანი საჭიროებები. კვლევის ფარგლებში, მათ დეტალურად იმსჯელეს იმ პროგრამებზე და პლატფორმებზე, რომლებიც სასწავლო პროცესში მაქსიმალურად სასარგებლო იქნებოდა. მასწავლებლები აქტიურად ჩაერთნენ ანკეტირებაში,რომლის შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ   საჭიროა სასწავლო რესურსების მრავალფეროვნება და მათი ადაპტირება სხვადასხვა საგნის სწავლებაში.

 ინტერვენციების განხორციელება

ინტერვენციები დაიგეგმა და განხორციელდა სკოლის მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების შეხვედრების ფარგლებში. მათი მიზანი იყო ციფრული რესურსების შექმნისა და გამოყენების უნარების განვითარება. პროცესი მოიცავდა რამდენიმე ნაბიჯს:

  1. პლატფორმებისა და პროგრამების შერჩევა: მასწავლებლებმა შეარჩიეს ის პლატფორმები და პროგრამები, რომლებიც სასწავლო პროცესში მაქსიმალურად სასარგებლო იქნებოდა. ისინი დეტალურად განიხილავდნენ თითოეული პროგრამის შესაძლებლობებს და გამოყენების სარგებელს. აქ შედის:
    1. Google Classroom – კლასების მართვისა და სასწავლო მასალების გაზიარებისათვის.
    2. Kahoot – ინტერაქტიული ტესტებისა და ვიქტორინების შესაქმნელად.
    3. Edmodo -კომუნიკაციისა და თანამშრომლობის პლატფორმა.
    4. Canva – ვიზუალური მასალების შესაქმნელად.
    5. Nearpod – ინტერაქტიული გაკვეთილებისა და პრეზენტაციების პლატფორმა.
    6. Quizlet –  სასწავლო ბარათებისა და ტესტების შესაქმნელად.
  2. ციფრული რესურსების შექმნა: მასწავლებლებმა აქტიურად დაიწყეს ციფრული სასწავლო რესურსების შექმნის პროცესში. მათ შეიმუშავეს მრავალფეროვანი მასალები სხვადასხვა საგნისთვის, რომლებიც მოსწავლეების საჭიროებებს უპასუხებდა.
  3. რესურსების ტესტირება და გამოყენება: შემუშავებული რესურსები ინტეგრირდა საგაკვეთილო პროცესში. მასწავლებლებმა შეამოწმეს მათი ეფექტურობა და შეაგროვეს მოსწავლეების უკუკავშირი.
  4. რეფლექსიური შეხვედრები: მასწავლებლები რეგულარულად იკრიბებოდნენ, რათა გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება და შედეგები. შეხვედრებზე განიხილავდნენ, რა წარმატებები და სირთულეები შეხვდათ რესურსების გამოყენებისას.
  5. მონაცემების ანალიზი: ინტერვენციების შედეგების ანალიზის საფუძველზე გაკეთდა დასკვნები ციფრული რესურსების ეფექტურობისა და მასწავლებლების საჭიროებების შესახებ.
  6. დაკვირვების დღიურები: ინტერვენციების მანძილზე, მასწავლებლებმა აწარმოეს დაკვირვების დღიურები, სადაც აღწერდნენ პროცესის დეტალებს და მიღებულ შედეგებს.

გამომდინარე იმ ფაქტიდან რომ წლებია, რაც ვთანამშრომლობ გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრთან და ტესტების შედგენის სპეციფიკაცია ჩემთვის ცნობილია, ძალიან გამიიოლდა ჩემი კოლეგებისათვის გამეზიარებინა ის პლატფორმები, რომელთა  დახმარებითაც საჭიროებისას შექმნიდნენ და გამოყენებდნენ   თემატურ ქვიზებს და ტესტებს.

მინდა გაგიზიაროთ ის მინი გზამკვლევები, რაც სპეციალურად მოვამზადე სასკოლო საზოგადოებისათვის.

Quizlet შესანიშნავი ინსტრუმენტია სასწავლო ბარათებისა და ტესტების შესაქმნელად, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მოსწავლეების ცოდნის გაამყარებლად. აი, როგორ შეგიძლიათ მისი გამოყენება:

რეგისტრაცია და შესვლა:

  1. Quizlet-ის საიტზე შესვლა: გადადით Quizlet-ის მთავარ გვერდზე.
  2. რეგისტრაცია: დააჭირეთ “Sign up” ღილაკს, რათა შექმნათ ახალი ანგარიში. შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ელ. ფოსტის ან Google-ის მეშვეობით.
  3. შესვლა: თუ უკვე გაქვთ ანგარიში, დააჭირეთ “Log in” ღილაკს და შეიყვანეთ თქვენი მონაცემები.

სასწავლო ბარათების შექმნა:

  1. ახალი ნაკრების შექმნა: შესვლის შემდეგ, დააჭირეთ “Create” ღილაკს მენიუში და აირჩიეთ “Study set”.
  2. სათაურის და აღწერილობის შეყვანა: შეიყვანეთ ნაკრების სახელი და, სურვილისამებრ, აღწერილობა.
  3. საკითხების და პასუხების დამატება: დაამატეთ კითხვები და პასუხები თითოეული სასწავლო ბარათისთვის. შეგიძლიათ გამოიყენოთ ტექსტი, სურათები და აუდიო ფაილები.
  4. ნაკრების შენახვა: დასრულების შემდეგ, დააჭირეთ “Create” ღილაკს ნაკრების შესანახად.

ტესტების შექმნა:

  1.  არჩევა: თემებიდან აირჩიეთ სასურველი.
  2. ტესტის ფორმატის არჩევა: დააჭირეთ “Test” მენიუში და Quizlet ავტომატურად შექმნის ტესტს თქვენს მიერ შერჩეული საკითხებიდან.
  3. ფორმატის ცვლილება: შეგიძლიათ შეცვალოთ ტესტის ფორმატი – არჩევითპასუხიანი, ღია კითხვები, ჭეშმარიტია მცდარია
  4. ტესტის დამზადება: დააჭირეთ “Create new test” ღილაკს და Quizlet ავტომატურად შექმნის ტესტს თქვენს მიერ შერჩეული საკითხებიდან.

მოსწავლეებთან გაზიარება:

  1. გაზიარების ბმულის მიღება:  გვერდზე, დააჭირეთ “Share” ღილაკს.
  2. ბმულის გაზიარება: მიიღეთ ბმული და გაუზიარეთ მოსწავლეებს ელ. ფოსტის, მესენჯერის ან სხვა კომუნიკაციის საშუალებით.

Nearpod არის ინტერაქტიული გაკვეთილებისა და პრეზენტაციების პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ და გააზიაროთ დინამიური და ინტერაქტიული სასწავლო მასალა მოსწავლეებთან. აი, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ Nearpod:

რეგისტრაცია და შესვლა:

  1. Nearpod-ის საიტზე შესვლა: გადადით Nearpod-ის მთავარ გვერდზე.
  2. რეგისტრაცია: დააჭირეთ “Sign Up for Free” ღილაკს, რათა შექმნათ ახალი ანგარიში. შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ელ. ფოსტის ან Google-ის მეშვეობით.
  3. შესვლა: თუ უკვე გაქვთ ანგარიში, დააჭირეთ “Log In” ღილაკს და შეიყვანეთ თქვენი მონაცემები.

ინტერაქტიული გაკვეთილების შექმნა:

  1. ახალი გაკვეთილის შექმნა: შესვლის შემდეგ, დააჭირეთ “Create” მენიუში და აირჩიეთ “Lesson”.
  2. სათაურის და აღწერილობის შეყვანა: შეიყვანეთ გაკვეთილის სახელი და, სურვილისამებრ, აღწერილობა.
  3. შინაარსის დამატება:
    • სლაიდების დამატება: შეგიძლიათ დაამატოთ სლაიდები, სადაც შეგიძლიათ ჩასვათ ტექსტი, სურათები, ვიდეოები, ვებ გვერდები და სხვა მედია.
    • ინტერაქტიული ელემენტების დამატება: Nearpod გთავაზობთ მრავალფეროვან ინტერაქტიულ ელემენტებს, როგორიცაა:
      • სურვილების გამოკითხვები (Polls)
      • ღია კითხვები (Open-ended questions)
      • ქვიზები (Quizzes)
      • VR ტურები (Virtual Reality Tours)
      • სურათების ხატვა (Draw It)
  4. გაკვეთილის შენახვა: დასრულების შემდეგ, დააჭირეთ “Save” ღილაკს გაკვეთილის შესანახად.

გაკვეთილების გაზიარება:

  1. გაკვეთილის გაშვება: გაკვეთილის გვერდზე, დააჭირეთ “Launch” ღილაკს.
  2. გაზიარების კოდის მიღება: Nearpod მოგცემთ უნიკალურ კოდს, რომელსაც შეგიძლიათ გაუზიაროთ მოსწავლეებს.
  3. მოსწავლეების ჩართვა: მოსწავლეები შედიან join.nearpod.com და შეჰყავთ გაცემული კოდი გაკვეთილში შესასვლელად.

რეალურ დროში მონიტორინგი:

  1. მოსწავლეების პროგრესის ყურება: გაკვეთილის მიმდინარეობისას შეგიძლიათ რეალურ დროში დააკვირდეთ მოსწავლეების პროგრესს და შედეგებს.
  2. შედეგების ანალიზი: გაკვეთილის დასრულების შემდეგ, შეგიძლიათ გადახედოთ და გააანალიზოთ მოსწავლეების პასუხები და შედეგები.

Nearpod-ის გამოყენება დაგეხმარებათ უფრო ინტერაქტიული და დამაინტერესებელი გაკვეთილების და პრეზენტაციების შექმნაში, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეების აქტიურობას და სწავლის პროცესის გამდიდრებას.

Edmodo არის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მშობლებს კომუნიკაცია, რესურსების გაზიარება და კლასის მართვა. აი, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ Edmodo:

რეგისტრაცია და შესვლა:

  1. Edmodo-ს საიტზე შესვლა: გადადით Edmodo-ს მთავარ გვერდზე.
  2. რეგისტრაცია: დააჭირეთ “Sign Up” ღილაკს, რათა შექმნათ ახალი ანგარიში. აირჩიეთ თქვენი როლი (მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი) და შეავსეთ რეგისტრაციის ფორმა.
  3. შესვლა: თუ უკვე გაქვთ ანგარიში, დააჭირეთ “Log In” ღილაკს და შეიყვანეთ თქვენი მონაცემები.

კლასის შექმნა:

  1. ახალი კლასის შექმნა: შესვლის შემდეგ, დააჭირეთ “Create a Class” ღილაკს.
  2. კლასის ინფორმაციის შევსება: შეიყვანეთ კლასის სახელი, საგანი და კლასის დონე. სურვილისამებრ, შეგიძლიათ ატვირთოთ კლასის სურათი.
  3. კლასის შექმნა: დააჭირეთ “Create” ღილაკს კლასის შესაქმნელად.

მოსწავლეების მიწვევა:

  1. კლასის კოდის გაზიარება: კლასის გვერდზე, იპოვეთ უნიკალური კოდი, რომელიც შეგიძლიათ გაუზიაროთ მოსწავლეებს.
  2. მოსწავლეების რეგისტრაცია: მოსწავლეები რეგისტრირდებიან Edmodo-ზე და შეჰყავთ კლასის კოდი, რათა შეუერთდნენ თქვენს კლასს.

მასწავლებლის კომუნიკაცია:

  1. პოსტების შექმნა: კლასის გვერდზე შეგიძლიათ შექმნათ პოსტები, რომლებსაც მოსწავლეები და მშობლები ნახავენ. პოსტები შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციულ შეტყობინებებს, დავალებებს, კითხვებს და ა.შ.
  2. ფაილების და რესურსების გაზიარება: შეგიძლიათ ატვირთოთ და გააზიაროთ ფაილები, ბმულები და სხვა სასწავლო რესურსები.
  3. პოლები და ქვიზები: შეგიძლიათ შექმნათ ინტერაქტიული პოლები და ქვიზები მოსწავლეებისთვის.

დავალებების შექმნა და მართვა:

  1. დავალებების შექმნა: კლასის გვერდზე, დააჭირეთ “Create Assignment” ღილაკს. შეიყვანეთ დავალების სათაური, აღწერა და ვადა.
  2. ფაილების დამატება: სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაამატოთ ფაილები, ბმულები ან სხვა რესურსები დავალების დასამატებლად.
  3. დავალებების მართვა: მოსწავლეებმა შეუძლიათ ატვირთონ თავიანთი ნამუშევრები და თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ, დააფასოთ და გაუგზავნოთ უკუკავშირი.

კომუნიკაცია და თანამშრომლობა:

  1. საუბრების თემა: შეგიძლიათ შექმნათ დისკუსიები და ფორუმები, სადაც მოსწავლეები და მასწავლებლები შეუძლიათ განიხილონ თემები და ითანამშრომლონ.
  2. მშობლების ჩართულობა: მშობლებს შეუძლიათ შეუერთდნენ Edmodo-ს, რათა გააკონტროლონ თავიანთი შვილების პროგრესი და მონაწილეობა სასწავლო პროცესში.

დამატებითი ფუნქციები:

  • მობილური აპლიკაცია: Edmodo-ს აქვს მობილური აპლიკაცია, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს და მასწავლებლებს  იყვნენ  ჩართულები ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას.
  • რეიტინგები და შეფასებები: შეგიძლიათ გამოიყენოთ Edmodo-ს შეფასების სისტემა, რათა მონიტორინგი გაუწიოთ მოსწავლეების პროგრესს და შედეგებს.
  • კალენდარი: გამოიყენეთ კალენდარი, რათა დაგეგმოთ გაკვეთილები, დავალებები და ღონისძიებები.

Edmodo დაგეხმარებათ კლასის მართვაში, კომუნიკაციაში და თანამშრომლობაში მოსწავლეებთან და მშობლებთან.

Google Classroom არის კლასების მართვისა და სასწავლო მასალების გაზიარების პლატფორმა, რომელიც აერთიანებს Google-ის სხვადასხვა სერვისებს და ინსტრუმენტებს. აი, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ Google Classroom:

რეგისტრაცია და შესვლა:

  1. Google Classroom-ის საიტზე შესვლა: გადადით Google Classroom-ის მთავარ გვერდზე.
  2. Google ანგარიშით შესვლა: გამოიყენეთ თქვენი Google ანგარიში, რათა შეხვიდეთ პლატფორმაზე. თუ არ გაქვთ Google ანგარიში, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ.

კლასის შექმნა:

  1. ახალი კლასის შექმნა: შესვლის შემდეგ, დააჭირეთ “+” ღილაკს მარჯვენა ზედა კუთხეში და აირჩიეთ “Create class”.
  2. კლასის ინფორმაციის შევსება: შეიყვანეთ კლასის სახელი, სექცია, საგანი და ოთახი. სურვილისამებრ, შეგიძლიათ ატვირთოთ კლასის სურათი.
  3. კლასის შექმნა: დააჭირეთ “Create” ღილაკს კლასის შესაქმნელად.

მოსწავლეების მიწვევა:

  1. კლასის კოდის გაზიარება: კლასის მთავარი გვერდის მარცხენა ნაწილში იპოვეთ უნიკალური კოდი, რომელიც შეგიძლიათ გაუზიაროთ მოსწავლეებს.
  2. მოსწავლეების რეგისტრაცია: მოსწავლეები შედიან Google Classroom-ზე და შეჰყავთ კლასის კოდი, რათა შეუერთდნენ თქვენს კლასს.

სასწავლო მასალების გაზიარება:

  1. მოცემების შექმნა: კლასის მთავარი გვერდზე დააჭირეთ “Classwork” მენიუს, შემდეგ “Create” ღილაკს და აირჩიეთ “Assignment”. შეიყვანეთ დავალების სათაური, ინსტრუქციები და ვადა.
  2. ფაილების დამატება: შეგიძლიათ ატვირთოთ ფაილები Google Drive-დან, კომპიუტერიდან, ან ბმულები ინტერნეტიდან.
  3. ქვიზების შექმნა: “Create” მენიუში შეგიძლიათ აირჩიოთ “Quiz Assignment” და შექმნათ ქვიზები Google Forms-ის მეშვეობით.

მოსწავლეების კომუნიკაცია:

  1. პოსტების შექმნა: კლასის მთავარი გვერდზე შეგიძლიათ შექმნათ პოსტები და გააზიაროთ ინფორმაცია, დავალებები, ან რესურსები მოსწავლეებთან.
  2. კომენტარების ფუნქცია: მოსწავლეები და მასწავლებლები შეუძლიათ დატოვონ კომენტარები და შეკითხვები პოსტებზე.

შეფასება და უკუკავშირი:

  1. დავალებების შეფასება: “Classwork” მენიუში დააჭირეთ სასურველ დავალებას, შემდეგ მოსწავლეების ნამუშევრებს, რათა შეაფასოთ და დააბრუნოთ უკუკავშირი.
  2. შეფასებების მართვა: შეგიძლიათ გამოიყენოთ Google Classroom-ის შეფასების წიგნი მოსწავლეების შეფასებების და პროგრესის მონიტორინგისთვის.

დამატებითი ფუნქციები:

  • მობილური აპლიკაცია: Google Classroom-ის მობილური აპლიკაცია საშუალებას აძლევს მოსწავლეებს და მასწავლებლებს იყვნენ  ჩართულები ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას.
  • Google Calendar: Google Calendar-ის ინტეგრაცია საშუალებას გაძლევთ დაგეგმოთ გაკვეთილები, დავალებები და ღონისძიებები.
  • Google Meet: შეგიძლიათ შექმნათ და ჩაატაროთ ვირტუალური გაკვეთილები Google Meet-ის მეშვეობით პირდაპირ Google Classroom-დან.

Google Classroom დაგეხმარებათ ეფექტურად მართოთ კლასები, გაუზიაროთ სასწავლო მასალები და ითანამშრომლოთ მოსწავლეებთან.

ინტერვენციების ანალიზმა აჩვენა, რომ მასწავლებლების უნარები ციფრული რესურსების შექმნაში და გამოყენებაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მათი გამოცდილება და უკუკავშირი ადასტურებს, რომ ციფრული რესურსების ადაპტაცია და ინტეგრაცია საგაკვეთილო პროცესში წარმატებით ხორციელდება. ეს ხელს უწყობს მოსწავლეების უკეთეს ჩართულობას და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.

 

ჩვენი ევოლუცია 

0

   ,,ჩემნაირი საშუალო შესაძლებლობების კაცისგან მართლაც გასაკვირია, რომ მოვახერხე და საგრძნობი გავლენა მოვახდინე მეცნიერებზე და მათ შეხედულებებზე ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით“. ჩარლზ დარვინის ავტობიოგრაფია.

,,ადამიანი ე.წ. ,,გონებრივ“ სამუშაოს მიბაძვით ასრულებს . . .  {თუმცა} მიბაძვითაც არ შეუძლია პირველივე ცდაზე, მაგალითად, ქვის, ცულის ან ნავის გაკეთება – ეს უნდა ისწავლოს . . .  მაშინ, როცა ობობა ქსელს პირველივე ცდაზე ისევე სრულყოფილად ქსოვს, როგორც გამოცდილების მიღების შემდეგ“. ადამიანის წარმომავლობა, 1871 წელი.

პირველი ჩანართით მინდა, დარვინი დაინახოს მკითხველმა სხვა მხრიდან, რადგან მისი გვარის გაგებისთანავე ადამიანების გარკვეულ ჯგუფს არასასიამოვნო ემოცია ეხატება სახეზე, რადგან ,,ვერ პატიობენ“ ადამიანის წარმოშობის მაიმუნთან დაკავშირებას.

მეორე ჩანართით კი წერილის მთავარ საკითხზე მინდა დავაფიქრო მკითხველი. ყველა ორგანიზმი უნიკალურია. საოცარია მათი გარემოსთან შეგუებულობების მაგალითები.

წერილში მცირე ზომის პროექტია წარმოდგენილი, მოსწავლეები გაეცნობიან ქეისს, სალომეს შესახებ. საკითხის დამუშავების შემდეგ კი გააკეთებენ დასკვნას.

ქეისი: შეიძლება ევოლუციამ ტკივილი გამოიწვიოს?

ერთ დილით, 30 წლის სალომემ გაიღვიძა წელის ძლიერი ტკივილით. სიარულიც უჭირდა, ჯდომაც, მხოლოდ წოლის დროს იყო შედარებით კომფორტულად. როცა სამსახურში მივიდა, მენეჯერმა ჰკითხა, როგორ ,,დაიზიანა“ საკუთარი თავი, სალომეს იდეაც არ ჰქონდა.  ბოლო დროს ზურგი მტკიოდა, თუმცა როგორი ტკივილიც იმ დილით მქონდა, ასეთი არასდროს განმიცდია. იქნებ მებაღის ცხოვრების წესმა გამოიწვია? ან დიდხანს ჯდომამ? ან ძველ მატრასზე წოლამ?  სალომემ იცოდა, რომ ასეთ ახალგაზრდას უმიზეზოდ ზურგი არ უნდა ასტკივებოდა. რადგან ტკივილი რამდენიმე დღეს გაგრძელდა, ექიმთან წავიდა. ექიმმა უთხრა, რომ ადამიანების 80%-ს წელის ტკივილი აწუხებს ცხოვრების გარკვეულ პერიოდში, პირველად კი ეს ტკივილი 30 -დან 50 წლამდე ასაკში იჩენს თავს.  ხშირად არც არსებობს ამ ტკივილის გამომწვევი რაიმე კონკრეტული მიზეზი და გარეგნული დაზიანება ძალიან უკიდურეს სიტუაციაში ვლინდება. წელის ტკივილის უმთავრესი გამომწვევია მალთაშუა დისკებისა და მალების მექანიკური პრობლემები. ზოგჯერ მათი ბუნებრივი დეგენერაცია ხდება. მაგალითად, მალთაშუა დისკები დროთა განმავლობაში შეიძლება შეიკუმშოს, ან გამოვიდეს მალებს შორის თიაქრის სახით, რაც იწვევს ტკივილს.  წელის ტკივილი უმრავლეს შემთხვევაში რამდენიმე კვირაში გადის, მით უფრო, თუ გამოიყენებ ცივ და ცხელ პაკეტებს, ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებს.

 

მცირე შემთხვევებში ტკივილი ხდება ქრონიკული, ამიტომ სალომეს ურჩია, თუ ტკივილი რამდენიმე კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდებოდა, ისევ კონსულტაციაზე მისულიყო.

საბედნიეროდ, სალომეს წელის ტკივილი გაქრა, თუმცა პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობდა. ამიტომ მოუწია სამსახურის გაცდენა რამდენიმე დღის განმავლობაში, უჭირდა ძირითადი საქმიანობების შესრულება, მაგალითად, ფეხსაცმლის ჩაცმა-გახდა, დაბლა დახრა და ბაღში მუშაობა.  მიუხედავად იმისა, რომ წელის ტკივილი არ არის უმრავლესად ძალიან სერიოზული პრობლემა, საზოგადოებას და ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. მაგალითად, აშშ-ში 2010 წელს ყველაზე პრობლემური დაავადებების სიაში წელის ტკივილი მესამე ადგილზე იყო.  2014 წელს მკვლევრებმა დაადგინეს, რომ წელის ტკივილით გამოწვეული შესაძლებლობების შეზღუდვის შემთხვევები მთელ მსოფლიოში ყველაზე მეტია, სხვა ნებისმიერ დაავადებასთან შედარებით.

რატომ არის წელის ტკივილი ყველაზე გავრცელებული ადამიანებში? ერთი მინიშნება შეიძლება იყოს პრიმატები და შიმპანზეები.  მიუხედავად იმისა, რომ ადამიანისა და შიმპანზის დნმ-ს შორის მსგავსება 98%-ია, ადამიანებს უფრო მეტად ახასიათებთ წელის ტკივილი. რატომ?  კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენი წელის ტკივილი ევოლუციის არასასიამოვნო მხარეა. თუ საკითხი გაინტერესებს, გაეცანი ადამიანის ევოლუციის პროცესს.

 

შეისწავლე ადამიანის ევოლუციაშორეული პრიმატიდან თანამედროვე ადამიანამდე, ასევე გაეცანი ფაქტორებს, რომლებმაც ეს ცვლილებები განაპირობა, კონკრეტულად კი:

  • პრიმატების კლასიფიკაციასა და ევოლუციას;
  • ადამიანის ოჯახის ჰომინიდების კლასიფიკაციას, ევოლუციასა და თვისებებს;
  • რა გავლენას ახდენს ადამიანის საქმიანობა პრიმატების მრავალფეროვნებაზე;
  • ჰომინინების ევოლუციას, რომელიც მოიცავს თანამედროვე ადამიანს და ავსტრალოპითეკებს;
  • ადამიანის გვარის ,,ჰომოს” ცვლილებას(Homo habilis, Homo erectus და  Homo heidelbergensis). ასევე კლიმატის, ფიზიკურსა და ქცევის ცვლილებებს, რომელიც მოხდა ადამიანების აფრიკიდან განსახლების პერიოდში.
  • არქაული ადამიანის ევოლუციას, მათ შორისHomo neanderthalensis, Homo floresiensis, და Homo denisova.  როგორ თანაარსებობდნენ და როგორ შეჯვარდნენ Homo Sapiens-თან;
  • თანამედროვე ადამიანების ევოლუციას, როგორ გავრცელდნენ მთელ მსოფლიოში, როგორ გახდაHomo sapiens ადამიანის ერთადერთი გავრცელებული სახეობა.
  • როგორ იმოქმედა დედამიწის კლიმატის ცვლილებამ ჰომინინების ევოლუციაზე, რამაც გამოიწვია მათი ინტელექტის ზრდა და გარემოსთან შეგუებულობების ჩამოყალიბება;
  • რა გავლენას ახდენს კულტურა ადამიანის ახალ გარემოსთან ადაპტაციაზე, მათ შორის ენის, შრომის იარაღების, ტანსაცმლის, თავშესაფრის, ცეცხლის მოპოვებისა და საკვების თერმული დამუშავების ჩათვლით.

შეეცადე უპასუხო კითხვებს:

  1. რა კავშირია ადამიანსა და შიმპანზესა და ორანგუტანგს შორის?
  2. რა განსხვავებაა ადამიანისა და შიმპანზეს ხერხემლის აგებულებას შორის?
  3. რა არის ჰომინინების განმსაზღვრელი მახასიათებელი? რატომ შეიძლება ამ თვისებამ გამოიწვიოს ზურგის ტკივილი?

 

აქვე გთავაზობთ სარეკომენდაციო ხასიათის აქტივობებს, რომლებიც საკითხის დამუშავებისთვის შეიძლება გამოიყენოთ.

აქტივობა 1: ვიდეოს ყურება პაუზებით, რომელიც შეეხება ადამიანის სახეობის ჩამოყალიბებას. მოსწავლეები ჩაინიშნავენ საკვანძო საკითხებს და უპასუხებენ მასწავლებლის შეკითხვებს.

ვიდეო: ქვის ხანის საქართველო და ადამიანის ევოლუცია.

დოკუმენტური ფილმი დმანისის შესახებ

დმანისის ნაქალაქარი – ვიდეო სამუშაოების შესახებ.

აქტივობა 2: სამეცნიერო სტატიებზე მუშაობა.

ა) სამეცნიერო აღმოჩენები;

ბ) არიან თუ არა ზეზვა და მზია ქართველები;

გ) პირველი ევროპელები;

დ) მზია;

ე) კლიმატის გავლენა ევოლუციაზე

ვ) როგორ ცხოვრობდნენ ნეანდერტალელები          

ზ) დმანისის ჰომინინები

აქტივობა 3: ინფორმაციის გაცნობა ოროზმანის აღმოჩენის მნიშვნელობის შესახებ. ოროზმანის აღმოჩენა საკითხავი,  ვიდეო -ოროზმანი.

აქტივობა 4: პროექტის შეჯამება  – ქეისის დასკვნა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. დარვინი – სახეობების წარმოშობა;
  2. ბიოლოგია – მოსწავლის წიგნი 9 კლასი, მეორე ნაწილი – ზაალიშვილი – ტრიასი, 2021 წელი;
  3. კეინესი, რენდელი – ,,დარვინი, მისი ქალიშვილი და ადამიანის ევოლუცია“ – 2013 წელი;

 

 

 

 

 

 

სახალისო წერითი აქტივობა

0

დიდი წიგნების შექმნაში მოსწავლეთა ჩართულობა კარგი სახალისო წერითი  აქტივობაა   სწავლების დაწყებით საფეხურზე. ის  ხელს უწყობს ბავშვის მრავამხრივი განვითარების ხელშეწყობას.  ამ დროს ხდება:  

შემოქმედებითი აზროვნების სტიმულირება დიდი წიგნების შექმნა  ბავშვებს აძლევს საშუალებას გამოხატონ საკუთარი ფანტაზია და შემოქმედებითი იდეები. ეს ხელს უწყობს მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

ენობრივი უნარების გაუმჯობესება სათაურის და ილუსტრაციის მიხედვით ტექსტების შექმნა თუ  ილუსტრაციების  შემოქმედებითად აღქმა და აღწერა ეხმარება ბავშვებს: სიტყვების შერჩევაში, გრამატიკული ცოდნის გამოყენებაში და წერითი უნარების გაუმჯობესებაში.

ვიზუალური აღქმის განვითარება ილუსტრაციების ნახვა და მათი  შემოქმედებითად გაანალიზება – აღწერა აუმჯობესებს მოსწავლეების ვიზუალური აღქმის და გამოსახულებების ანალიზის უნარებს.

გუნდური მუშაობის წახალისება დიდი წიგნების შექმნა კლასში  ეხმარება ბავშვებს გუნდური მუშაობის უნარების განვითარებაში, ერთმანეთთან თანამშრომლობაში და სოციალურ კომუნიკაციაში.

ემოციური განვითარება საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია და სხვების ნამუშევრების შეფასება აძლიერებს ბავშვების თვითშეფასებას და ემოციურ მხარდაჭერას.

აკადემიური სარგებლობა  – საკითხების ინტეგრაცია დიდი წიგნების შექმნა შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა საგნებს, როგორიცაა ქართული ენა, ხელოვნება, და სოციალური მეცნიერებები, რაც ხელს უწყობს მრავალმხრივი ცოდნის მიღებას. სწავლების მეთოდების გამრავალფეროვნება ასეთი პროექტები უფრო საინტერესო და სახალისოა ბავშვებისთვის, რაც ხელს უწყობს მათ სწავლის მოტივაციის ზრდას.

დიდი წიგნების შექმნა დაწყებით საფეხურზე  მნიშვნელოვანი და მრავალმხრივ სასარგებლო აქტივობაა, რომელიც უზრუნველყოფს შემოქმედებით, ენობრივ, ვიზუალურ, სოციალურ და აკადემიურ უნარების სინქრონულ განვითარებას. ეს პროცესი ხელს უწყობს მოსწავლეების სრულფასოვან პიროვნულ და აკადემიურ განვითარებას.

მინდა გაგიზიაროთ ჩემს მიერ განხორციელებული მცრე სასწავლო -პროექტი –  ” დიდი წიგნი  ანუ  ამბები ილუსტრაციებიდან

პროექტის მიზანი:

მოსწავლეებმა შექმნან დიდი წიგნი, სადაც თითოეული გვერდზე  წინასწარ მოცემული ილუსტრაციის  და სათაურის მიხედვით მომზადდება  ტექსტები და შემდეგ შეიკვრება დიდი წიგნი.

მასალები:

  • ცარიელი, დიდი ფორმატის სქელი ფურცლები, რომლებსაც შემდეგ გავაერთიანებთ;
  • ფერადი ფანქრები, მარკერები, კალმები;
  • წინასწარ შერჩეული  ილუსტრაციები და სათაურები  ფურცლებზე;
  • სტიკერები, დეკორატიული და სხვა საკანცელარიო ნივთები (დამატებითი გაფორმებისთვის).

ეტაპები:

  1. პროექტის მოსწავლეებისთვის წარდგენა:

მასწავლებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეებს პროექტის მიზანი და ის, თუ როგორ განხორციელდება.

  1. ილუსტრაციების განაწილება:

მასწავლებელმა წინასწარ უნდა მოამზადოს ილუსტრაციები ფურცლებზე და გაუნაწილოს მოსწავლეებს. თითოეულ მოსწავლეს მიეცემა ერთი ილუსტრაცია, რომელზეც  იმუშავებს.

  1. ამბის დაწერა:

მოსწავლეებმა უნდა დაწერონ პატარა ამბავი მოცემული ილუსტრაციის  და სათაურის მიხედვით. მოსწავლეებს წერის გასაადვილებლად შეიძლება მივცეთ შემდეგი კითხვები:

  • ვინ არიან პერსონაჟები?
  • სად ხდება მოქმედება?
  • რა ხდება სიუჟეტში?
  • როგორ სრულდება ამბავი?

მოსწავლეები სათაურის, ილუსტრაციის, ფანტაზიის, ლექსიკური მარაგის, გრამატიკული წესების, მათლწერის   და დამხმარე კითხვების  გამოყენებით ქმნიან ტექსტებს – დიდი წიგნის ილუსტრირებული გვერდებისთვის. 

  1. ტექსტის გადატანა ილუსტრირებულ გვერდებზე.

როდესაც ბავშვები დაწერენ  ამბებს, მათ შეუძლიათ შექნილი ტექსტები  გადაიტანონ ილუსტრირებულ გვერდზე.

  1. ფურცლების წიგნში ჩასმა:

როდესაც ყველა ტექსტი და ილუსტრაცია მზად იქნება, მოსწავლეებმა უნდა დააკავშირონ ეს ფურცლები ცარიელ წიგნში;   შექმნან ახალი წიგნი სქელი ფურცლებით და  ყდით .

  1. წიგნის გაფორმება:

მოსწავლეებმა უნდა გააფორმონ თავიანთი დიდი წიგნი. ისინი შეძლებენ გამოიყენონ სტიკერები, დეკორატიული ნივთები და სხვა ნივთები, რომ წიგნი კიდევ უფრო ლამაზი და შემოქმედებითი იყოს.

  1. პრეზენტაცია:

პროექტის ბოლოს, მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი დიდი წიგნი კლასის წინაშე. მათ შეუძლიათ წაიკითხონ თავიანთი ისტორიები და აჩვენონ ილუსტრაციები.

ეს პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაში, წერის უნარების გაუმჯობესებაში და გუნდური მუშაობის პრაქტიკაში. ბავშვები არა მხოლოდ სწავლობენ ახალი ამბების დაწერას და ილუსტრაციების გამოყენებით წერას, არამედ ისწავლიან, როგორ უნდა იმუშაონ ერთობლივად საერთო მიზნის მისაღწევად.

დამატებითი იდეები:

  • შეგიძლიათ მოიწვიოთ მშობლები წიგნის პრეზენტაციაზე, რომ ნახონ ბავშვების ნამუშევრები.
  • შეგიძლიათ გააკეთოთ ფოტო ალბომი ან ვიდეო პრეზენტაცია პროცესის შესახებ, რომელიც შემდეგ გაზიარებთ მშობლებთან და მოსწავლეებთან.

პროექტის შეფასების კრიტერიუმები:

  1. შემოქმედებითობაამბის შექმნა ილუსტრაციის მიხედვით, უნიკალური და ორიგინალური იდეები; ილუსტრაციისა და ტექსტის შემოქმედებითი და ლამაზი გაფორმება.
  2. შინაარსიამბის სიუჟეტი არის ლოგიკური და თანმიმდევრული; ამბის სიუჟეტი შეესაბამება ილუსტრაციას და აღწერს მის ელემენტებს.
  3. ენა და გრამატიკატექსტი სწორადაა დაწერილი, გამოყენებულია შესაბამისი სიტყვები და სტილი; ტექსტში არ არის გრამატიკული და ორთოგრაფიული შეცდომები.
  4. ვიზუალური მხარეტექსტი სწორად არის განთავსებული და კარგად ჩანს; წიგნი ლამაზად არის გაფორმებული და გამოიყენება დეკორატიული ელემენტები.
  5. პრეზენტაცია მოსწავლეები წარმატებით წარმოადგენენ თავიანთი ნამუშევრებს კლასის წინაშე. მოსწავლეები თანაკლასელებს გააცნობენ მათ მიერ შექმნილ ტექსტებს  და იმ ილუსტრაციებს, რაზეც მოსწავლეებმა ააგეს  ნარატიული მასალა.

 

 

ინტერვიუ მწერალთან

0

გავიგე, რომ ბატონი ირაკლი ლომოურის მოთხრობათა კრებული ისევ გამოვა. გამიხარდა, რადგან 2010-ში რომელიც გამოვიდა, ჩემს კადეტს ვაჩუქე, ერთიც სხვას ვათხოვე და აღარ დავიბრუნე. წიგნის გამოცემამდე ავტორის მოთხრობებს მის ფბგვერდზე ვკითხულობდი, მერე მოწაფეებს ვუზიარებდი, ერთად განვიხილავდით, ვმსჯელობდით… მერე რესპუბლიკური კონფერენცია გამოცხადდა და ერთმა კადეტმა (მანაც ირაკლიმ) ბატონ ირაკლისთან ინტერვიუ აირჩია გასატან თემად. თბილისიდან იყო და, რაკი საქმე მოითხოვდა, ქუთაისში შაბათ-კვირასაც რჩებოდა, ყველაფერი წავიკითხეთ, ვიფიქრეთ, ვიმსჯელეთ, ვწერეთ და გავიმარჯვეთ, თუმცა კი კარგად მომეხსენებოდა, რაც მოჰყვებოდა ამ გამარჯვებას! მაგრამ ლიტერატურის სწავლება აბა ისე როგორ იქნება-მეთქი, ვფიქრობდი და აღტაცებით ჩავკირკიტებდით გონებამახვილური სათაურების მიღმა ტექსტებს: „შოკორთველოს ბორჯღალადი”, „მუწ”, „უჟმური გულმარიხიანთა სამეფოში”, „დიმა დრიმა, ანუ სიზმრად ჩაჩეხილი”, „საქართველოს მუმია”, „შემთხვევა”, „ბიბოლი”, „ბუტუნდა”, „სტალინი სარდაფში”, „იბერი სამურაის ხარაკირი” და სხვ. – ბატონი ირაკლი ლომოურის ეს მოთხრობები არასდროს დაკარგავს აქტუალურობას (ყოველი შემთხვევისთვის, ამ 14 წლის თავზე ასეა) და მეც სულ ასე ვიფიქრებ, რომ ლიტერატურის სწავლების უფლება მხოლოდ მას აქვს, ვისაც გაკვეთილებზე, გაფრთხილებების მიუხედავად, სიტყვა „თავისუფლების“ ხსენებისა არ ეშინია.

მოთხრობებზე კი იმავე აზრით ვიტყვი, რომ ისევ საინტერესოა,  როგორც ინდივიდუალური სტილით, ისე  — ინფორმატიულობით, მსოფლიო ისტორიათა და კულტურათა ღრმა ცოდნით, სახასიათო ფსიქოლოგიური ასპექტებით, უნივერსალური გამომსახველობითი ხერხებით, სიტყვათქმნადობის ნიმუშებით, რაც მთავარია, მაღალი იუმორითა და  ლამაზ ზედაპირთან ერთად, ძალიან ლამაზი სიღრმით, რომელიც აუცილებლად ჩაგვაფიქრებს და ბევრ რეალურ, პასუხსაძიებელ კითხვასაც გააჩენს ჩვენში.  წერილის ამ ნაწილში მეორე ირაკლის, კადეტის სიტყვებს დავესესხები: ძალიან საინტერესოა ბატონი ირაკლის წერილებიც. მაგალითად,  გული, ბანაკში განბრძნობილი, ან თვითგადარჩენის თვითმასწავლებელი”. აღნიშნულ წერილში ავტორი მოგვითხრობს ერთი წიგნის შესახებ, რომელიც ყოველგვარი გაზვიადების გარეშე შეიძლება შეფასდეს, როგორც ადამიანის სულიერი სიმტკიცისა და, იმავდროულად, ადამიანთა ანტიადამიანურობისა თუ კაცთმოძულეობის ამსახველი განსაცვიფრებელი დოკუმენტი. ავტორი მიმოიხილავს ბრუნო ბეტელჰეიმის ფსიქოლოგიურ გამოკვლევა-ნაშრომს, რომელიც  ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში შეიქმნა. ბეტელჰეიმისეული განცდა “იდეალური ტუსაღის მდგომარეობისა” ყველა ჩვენგანისათვის დამაფიქრებელი და სულისშემძვრელია:  ბეტელჰეიმი წერს, რომ ბანაკში მყოფ ადამიანს, რაც უფრო უახლოვდება იგი იდეალური ტუსაღის მდგომარეობას, მით უფრო უვითარდება ამნეზია _ მეხსიერების ნაწილობრივი დაკარგვა. სამყარო მავთულხლართს მიღმა მისთვის არარეალური ხდება, ფაქტობრივად, აღარც არსებობს. ადამიანს ავიწყდება ის, რისი დავიწყებაც არ შეიძლება, ავიწყდება მშობლებისა და ოჯახის წევრების სახელები, მშობლიური ქალაქის სახელი, ავიწყდება წარსული ცხოვრება. ადამიანი გრძნობს, რომ რაღაც საშინელება ემართება და ეს გრძნობა კიდევ უფრო აძლიერებს და ამწვავებს იმ დამანგრეველ პროცესს, რაც მის სულში მიმდინარეობს. წიგნმა, რომელსაც ბეტელჰეიმი ბანაკში წერდა, დაიცვა ის ბანაკისგან, მისცა საშუალება ადამიანად დარჩენილიყო.”[1]

ბეტელჰეიმის ისტორია და ამბავი, რომელიც ნებისმიერ საზოგადოებაში ადამიანის პიროვნულობის გადარჩენის სამსახურში დგას, მწერლის მიერ მართლაც საინტერესოდ არის გადმოცემული: „საკონცენტრაციო ბანაკის მიზანს წარმოადგენდა ადამიანის გარდაქმნა არსებად, რომელსაც შეიძლება ეწოდოსიდეალური ტუსაღი”. ის ჰგავს მექანიზმს, რომელსაც რადიოთი მართავენ: მართვის პულტზე ერთი ადამიანი ღილაკს აჭერს თითს და ათასობით თუ ათიათასობით იდეალური ტუსაღი ასრულებს ბრძანებას, თანაც ისე, რომ არ უფიქრდება, თუ რა უბრძანეს. ბრძანების მიღებასა და მის შესრულებას შორის არ არის არავითარი პაუზა, არავითარი წამი, წამის მეასედიც კი, ბრძანება პირდაპირ, დაუყოვნებლივ, მეყსეულად სრულდება, რადგან იდეალური ტუსაღი, ფაქტობრივად, აღარ არის პიროვნება, ადამიანი, ის უკვე ავტომატია, რობოტია. სწორედ ეს იყო ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის უმთავრესი მიზანი ნორმალური ადამიანის გარდაქმნა იდეალურ ტუსაღად. ფაქტობრივად, ანალოგიური მიზანი ჰქონდა კომუნისტურსტალინურ ბანაკსა თუ ციხეს ადამიანის გარდაქმნა კონფორმისტად, რომელიც გამზადებული იქნებოდა დამამცირებელი თანამშრომლობისა და ნებისმიერი ბრძანების შესრულებისათვის (ამის შესახებ იხილეთ, თუნდაც, ამერიკელი ფსიქოლოგის, . ლეფევრის მოსაზრებანი ჩვენს წერილში კომპრომისი _ ბოროტება? კომპრომისი _ სიკეთე? _ ჟურნალი ომეგა, 2000 . #5).

ინტერვიუში  მწერალმა მისი ბიოგრაფიის შესახებ აი, რა გვიამბო:

„ — დავიბადე 1959 წლის 12 აპრილს თბილისში. 1981 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, ირანის ისტორიის სპეციალობით. ვმუშაობდი ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, “საქართველოს სულიერი კულტურის ეთნოგრაფიული შესწავლის განყოფილებაში”. 1992 წელს ჩავაბარე თბილისის სასულიერო აკადემიაში, სადაც სწავლის დასრულების შემდეგ ლექტორად დამტოვეს _ ლექციებს დღემდე ვკითხულობ: ქრისტიანულ ეთიკასა და შედარებით ღვთისმეტყველებაში.

სხვადასხვა დროს თბილისის რამდენიმე სკოლასა და გიმნაზიაში ვასწავლიდი ისტორიასა და საღვთო სჯულს.

პერიოდიკაში ვიბეჭდები 1982 წლიდან. გამოცემული მაქვს მოთხრობების სამი კრებული: „შემთხვევა” (2000), „ექსლიბრისი” (2003), „სიტყვაკაზმული კაქტუსი” (2005) და ორი დეტექტიური რომანი: „მკვლელობა სექსოლოგიურ ცენტრში” (2007) და „ქალაქ ტფილისის მარკა ანუ მკვლელობა ოჯახურ წრეში” (2008). ასევე, საბავშვო წიგნი „33 სახალისო რითმოცანა” (2009).

ვიყავი სცენარისტი თოჯინური სერიალისა „ჩვენი ეზო”(” Save the Children”-ის  და „ტელეიმედის” ერთობლივი პროექტი).

დაწერილი მაქვს სამი პიესა (დაიდგა გორის დრამატულ, მარჯანიშვილის _ ალექსი ჯაყელთან თანაავტორობით _ და „ზღაპრის” თეატრში) და ოთხი რადიოპიესა (დაიდგა საქართველოს რადიოში).

ინგლისურიდან ნათარგმნი და გამოცემული მაქვს ო.ჰენრის მოკლე მოთხრობების კრებული და მარიო პიუზოს რომანი „ნათლია”.

მერაბ კოკოჩაშვილმა ჩემი მოთხრობის მიხედვით გადაიღო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “უსუი”…

პატარაობაში ბევრს ვკითხულობდი _ ერთობ გულჩათხრობილი, უკარება ბავშვი ვიყავი, გარეთ იშვიათად გავდიოდი, ვიჯექი შინ და, აბა, უნდა მეკეთებინა (მაშინ პერსონალური კომპიუტერი ჯერ არ არსებობდა), ვკითხულობდი, — ასე რომ, ლიტერატურა ჩემთვის იყო ყველაფერი, ანუ — ცხოვრება…

…თავის დროზე გურამ დოჩანაშვილმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. ასევე, შემიძლია, დავასახელო: ჯოზეფ კონრადი, რეი ბრედბერი, ჯორჯ ორუელი, ვარლამ შალამოვი, ანდრეი პლატონოვი…

 

წერა, დაახლოებით, 12 წლის ასაკში დავიწყე.  ვწერდი ჩემთვის. უკვე სტუდენტი ვიყავი, როცა ჩემს სიძეს (დის ქმარს) პოეტსა და ექიმს, არაჩვეულებრივ კაცს, ცხონებულ ბიძინა მინდაძეს ვაჩვენე ჩემი მოთხრობები _ ის დამეხმარა ”ცისკარში” მიმეტანა, სადაც დაბეჭდეს კიდეც  ჟურნალის დამატებაში „ნობათი”.

 

(ინტერვიუერი:)რაც შეეხება თქვენს მოთხრობებს, საუბარსბიბოლითდავიწყებ. ძალიან მომეწონა თქვენეული ახალი თამაში — „ძაან ახალი, არც გაგონილი, არც ნანახი, სიზმარშიც რომ არავის მოლანდებია”. ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება ისეთი თამაში”, რაც მსოფლიოში სახელს გაუთქვამს”, რაც გაგვაერთიანებს, გაგვამართლებს, გვიხსნის და გადაგვარჩენს”.  ჩემი და ჩემი მეგობრების სურვილიც ეგ არის, რომ საქართველო  კულტურისა და ცივილიზაციის ახალი კერა გახდეს”.  მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ლიტერატურული ხედვაა. მაინტერესებს თქვენი თვალით გაზომილი ზღვრის სიდიდე მწერლურ ხილვასა და ობიექტურ რეალობას შორის.

 

  • ლიტერატურა ჩემთვის პარალელური რეალობაა. ნამდვილი რეალობა, ანუ ჩვენი ყოფა თუ ცხოვრება, ჩემს ნაწერში პირდაპირ, უშუალოდ არ აისახება (ან _ ნაწილობრივ აისახება). წერისას ახალ სამყაროს ვქმნი (ზოგჯერ უფრო საშინელსაც კი, ვიდრე ეს ჩვენი რეალობაშია).

მინდა მკითხველში გამოვიწვიო ასოციაციური თანაგანცდა. ემოციური გამოძახილი. ზღვრის სიდიდეს კი ვერ გავზომავ — იმ წვეთივითაა, რომელშიც ოკეანე ეტევა.

 

(ინტერვიუერი:)თქვენს მოთხრობებში ბევრი ისტორიული პარალელია. მოთხრობათა ციკლსაც ასე ჰქვია — „პარალელური საქართველოს ქრონიკებიდან”. გარდა ისტორიული პარალელებისა, სხვა პარალელებზეც მინდა, გვესაუბროთ.

ამ კითხვაზე ნაწილობრივ უკვე გიპასუხეთ  — ჩემთვის მთავარია, მკითხველი დავაფიქრო იმაზე, რაც მაწუხებს. თუ მის გულს რაღაც შეეხო, ჩავთვლი, რომ ტყუილად არ მიწვალია. ასე რომ, პარალელები შინაგანია, ასოციაციური — ანუ ფაქტობრივ პარალელებს მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს.

 

(ინტერვიუერი:)ძალიან მოგვწონს თქვენი ზღაპრებიც”. გარდა იმისა, რასაც მათში გვთავაზობთ, რა რეცეპტს გვირჩევდით უჟმური ბოროტებისაგან თავდასახსნელად?

 

— რწმენითა და სიყვარულით უნდა ვიცხოვროთ, პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე ყოველმა ჩვენგანმა. ჩვენი უბედურება ისაა, რომ ყველანი საკუთარ ტყავში ვართ ჩამძვრალი და ქვეყნის საქმე არ გვენაღვლება ან არასაკმარისად გვენაღვლება, ანუ კონფორმისტები ვართ. მხოლოდ თავგანწირული სიყვარული  (სხვისთვის ცხოვრება) გვიხსნის და გადაგვარჩენს. ეს სხვა — ღმერთი და მოყვასია.

(ინტერვიუერი:)ლიტერატურა სინამდვილის მხატვრული ასახვა და სამართლიანობის სამსახურში დგომაა. თქვენი მოთხრობები კი  მშვენიერი ლიტერატურული შედევრებია. მათგან ყველაზე უფრო რომელი მოგწონთ ან გიყვართ?

 

  • ­ლიტერატურა სინამდვილის მხატვრული ასახვა მხოლოდ ნაწილობრივადაა _ ანუ ლიტერატურა არ არის ცხოვრების სარკე. სამართლიანობის სამსახურშიც ყოველთვის არ დგას. ეს შემოქმედის პიროვნულ არჩევანზეა დამოკიდებული. ყველას უნდა გვახსოვდეს ვაჟას სიტყვები: „ბილწს არ შავეკვრი ზავითა”.

რაც შეეხება ჩემს მოთხრობებს, „შედევრები” ძალიან ხმამაღლა ჟღერს. მერე გამოჩნდება, რამედ ღირს თუ არა.

 

(ინტერვიუერი:) — რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თქვენ დაიმსახურეთ „ქართული მწერლობის პრემია”. გილოცავთ ამ ჯილდოს და, თუ შეიძლება, გვითხარით თქვენთვის მის მნიშვნელობაზე.

ჟურნალმა „ქართულმა მწერლობამ” აღნიშნა ჩემი მოთხრობა „შოკორთველოს ბორღალადი”, როგორც ამ ჟურნალში ერთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული პროზაული ნაწარმოებებიდან ყველაზე საინტერესო.

რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა.

 

(ინტერვიუერი:) — მე, როგორც კადეტს, ძალიან მენიშნა თქვენი ერთ-ერთი მოთხრობის ფინალი: „ქვეყანას ჯარისკაცები სჭირდებოდა”.

რას გვირჩევთ, როგორ ვიცხოვროთ, რომ მწერლისეული მსგავსი ტკივილი და რისხვა ჩვენმა თაობამ მაინც აიცილოს?

 

  • მოთხრობაში „ქუდზე ქალი”, საიდანაც მოიყვანეთ ციტატა, აღწერილია ყალბი და ანტიადამიანური რეჟიმი. უნდა ვიცხოვროთ სიმართლით. არ უნდა დავიბრმაოთ თავი. ვეცადოთ, გვქონდეს „გული გონიერი” და ვაჟას სიტყვები გვახსოვდეს.

სხვათა შორის, იმპუსლი ამ მოთხრობის დასაწერად გამიჩნდა მას მერე, რაც 2010 წლის 24 თებერვალს ჩვენმა პრეზიდენტმა კოჯორში, დაღუპული იუნკრების მემორიალზე გამოაცხადა: „თუ საჭირო გახდება, ქუდზე კაციც გამოვა და ქუდზე ქალიცო”.

(ეს ბოლო ფრაზა შეგიძლიათ ამოიღოთ :)“

 

წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო, უთქვამთ. ლიტერატურაც ესაა, ფრაზების ამოღება კი აბა რა საჭირო იყო!

 

 

 

[1] ირაკლი ლომოური –  გული, ბანაკში განბრძნობილი, ანუ თვითგადარჩენის თვითმასწავლებელი

https://www.facebook.com/profile.php?id=1138517904#!/note.php?note_id=477316995664 com, by Irakli Lomouri on Sunday, 21 November 2010 at 18:23

 

საზაფხულო დავალებების ნუსხა

0

გასულ წელს სასწავლო წლის დასრულებისას, 15 ივნისს, ჩემი ოთხი კლასისთვის სკოლის სტადიონზე კარნავალი გავმართე. ერთ-ერთ აქტივობად მოვიფიქრე საზაფხულო დავალებები, რომლებიც თითოეული კლასის ხასიათის გათვალისწინებით ავკინძე, ფურცელზე გადავიტანე და შინ გამომცხვარ მაფინებში მოვათავსე. დავალებები იყო შემეცნებითი და სახალისო ხასიათის. წერა, კითხვა, კვლევა-ძიება, ფიზიკური აქტივობები ერთმანეთს ცვლიდა.  მუსიკა, წიგნები, ანიმეები, მითები, ჰერბარიუმი, პოეზია, მუზეუმში სტუმრობა – დროის ნაყოფიერად გასატარებლად მრავალფეროვანი იდეები არ ილეოდა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მაფინების გამოცხობაში ჩემი სამი მოსწავლე მეხმარებოდა. სწორედ იმ დროს ვწერდი დავალებების ნუსხას და მათაც გაუჩნდათ რამდენიმე აქტივობის  მოფიქრების სურვილი.

100-მდე მოსწავლისთვის გამომცხვარ მაფინში მოვათავსე ერთი დავალება და როდესაც საკუთარ პერსონაჟს აცნობდნენ აუდიტორიას, საუბრის დასრულების შემდეგ დავალებიან მაფინს იღებდნენ.

გიზიარებთ მასწავლებლისა და მოსწავლეების მიერ მოფიქრებულ აქტივობების ნუსხას. შეგიძლიათ, საკუთარი კლასის საჭიროებებისა და ცოდნის გათვალისწინებით, დავალებები შეცვალოთ. ჩემ მიერ შედგენილი აქტივობები მთელი წლის განმავლობაში საგაკვეთილო პროცესში დაგროვებულ ცოდნასა და გამომუშავებულ უნარებზე დაყრდნობით ავაგე.

თავისუფალი არჩევანი, სასურველი აქტივობის შერჩევა მოსწავლეებს ქმედებისკენ განაწყობს. სასწავლო წლის დასაწყისის პირველი შეხვედრაც შეიძლება საზაფხულო დავალების პრეზენტაციას დავუთმოთ.

 

  1. დღიური – ეს სიტყვა გეცნობა? ზაფხული მშვენიერი დროა დღიურის შესაქმნელად. აიღე რვეული, გააფორმე ყდა და დაწერე ყოველდღიური ამბები: როგორ გაატარე დღე? ვინ შეგხვდა? ვის ესაუბრე? ვისთან ითამაშე? რას უყურე? რა მოისმინე? რა დაინახე? როგორი ამინდი იყო? რა წაიკითხე? როგორ ხასიათზე იყავი?
  2. უყურე ჰაიაო მიაძაკის ანიმეებს: „ჩემი მეზობელი ტოტორო“, „ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკი“, „არიეტე“, „პრინცესა მონონოკე“, „გულის ჩურჩული“.

 

ანიმეს ყურების შემდეგ:

  • ერთი აბზაცით დაწერე შენი შთაბეჭდილებები;
  • დახატე ეპიზოდი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონა;
  • მისწერე პირადი წერილი შენს საყვარელ პერსონაჟს.
  1. მოიძიე ქართული ხალხური მითები და გაეცანი მითურ გმირებს: ამირანს, კოპალას, დალის, წყარიშდიდას, პირქუშს, დალის…
  • საყვარელი მითური გმირების მიხედვით შექმენი კომიქსი.
  1. მისწერე პირადი წერილები შენს თითოეულ კლასელს. უამბე შენი ყოველდღიურობის შესახებ. წერილები გააფორმე ნახატებითა და გამხმარი ყვავილებით.
  2. ზაფხულის ფოტოებიდან შეარჩიე 10 მნიშვნელოვანი ფოტო:

 

  • დაწერე პატარა ამბავი თითოეული ფოტოს შესახებ: სად გადაიღე? რატომ გაგიჩნდა გადაღების სურვილი? რას გახსენებს ახლა? როგორ ემოციებს აღძრავს?
  1. იკითხე „ვეფხისტყაოსანი“ ხმამაღლა.
  2. მოაგროვე ჰერბარიუმი – დაკრიფე ყვავილები, გაახმე და ერთ სახატავ რვეულში მოუყარე თავი (ჩააკარი). თითოეულ ყვავილს ქვეშ მიუწერე სად იპოვე, რა ჰქვია (თუ სახელი არ იცი, შენ დაარქვი).
  3. მოინახულე რომელიმე მუზეუმი შენი ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად. ჩაიხატე რამდენიმე ექსპონატი. შინ დაბრუნებულმა შექმენი მუზეუმის დღიური. დაწერე შთაბეჭდილებები.
  4. უყურე ქართულ მულტფილმებს. დაწერე რომელი პერსონაჟი ან ეპიზოდი მოგეწონა ყველაზე მეტად.
  5. შექმენი პოეზიის რვეული და ჩაწერე 10 ლექსი. ლექსების მოსაგროვებლად ჩაატარე პატარა კვლევა – ჰკითხე შენს საყვარელ ადამიანებს, მასწავლებლებს საყვარელი ლექსების შესახებ, მოიძიე მათი შერჩეული ლექსები და ჩაწერე შენს დღიურში.
  6. შენს მობილურ ტელეფონში მოძებნე აპლიკაცია Note და ყოველდღიურად ჩაწერე დღის ჩანაწერი.
  7. რამდენიმე ბებოსთან ან ბაბუასთან ჩაწერე ინტერვიუ. შეადგინე 10 კითხვა, დაითანხმე ინტერვიუზე და მობილური ტელეფონის ხმისჩამწერით ჩაიწერე თქვენი საუბარი, შემდეგ ფურცელზე გადაიტანე თქვენი საუბარი და ინტერვიუსთვის მოიფიქრე შესავალი აბზაცი, რომელშიც გამოთქვამ შენს მოსაზრებას ინტერვიუს შესახებ.
  8. ესტუმრე უბნის ან სოფლის ბიბლიოთეკას. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი მოძებნე და ამოწერე 33 სიტყვა. მიუწერე განმარტებები.
  9. დაწერე ერთი დღის გეგმა და დღის ბოლოს გააკეთე ჩანაწერი, რა შეასრულე და რისი გაკეთება ვერ მოასწარი.
  10. ერთი კვირის განმავლობაში უყურე მზის ამოსვლას და ჩაინიშნე დრო, როდის ამოდის მზე.
  11. გადაუღე ვიდეო შენი ოჯახის წევრებს, შეარჩიე მუსიკა და ააწყე რილსი.
  12. მოძებნე ინტერნეტში ქართული ხალხური ლექსი „საბრალო დედაბრისასა“. წაიკითხე ხმამაღლა.
  13. მოაწყვე პერსონაჟის დღე
  14. ითამაშე სამაგიდო თამაშები, მაგალითად, „დურაკა“ და წაგებული გამურეთ.
  15. „სალამურას თავგადასავლის“ მიხედვით მოიფიქრე სამაგიდო თამაში შენი მეგობრებისთვის.
  16. მოაწყვეთ მკითხველთა თეატრი.
  17. ჩრდილების თეატრში გააცოცხლე შენი საყვარელი წიგნის პერსონაჟები.
  18. წადი წიგნის მაღაზიაში და შეარჩიე ერთი წიგნი შენი საყვარელი მეგობრისთვის. ყდაზე დაწერე დღის ჩანაწერი და აჩუქე მეგობარს.
  19. მოძებნე ბებიის ან დედის რეცეპტების წიგნი ან რვეული და უფროსების დახმარებით გამოაცხვე რომელიმე ნამცხვარი.
  20. იკითხე ქართული ხალხური ლექსები.
  21. ისწავლე ქართული ხალხური ანდაზები.
  22. ცარიელი კვერცხის კოლოფში ჩაასხი წყალი, ჭურჭლის სარეცხი ჟელე, ჩაყავი საწრუპი, ჩაბერე და გაბერე ბუშტები.

VI კლასი

  1. აიღე ერთი რვეული ჩანაწერებისთვის. შენ ამჯერად ნივთები უნდა აალაპარაკო. მე გთავაზობ ჩამონათვალს, შენ სურვილისამებრ შეარჩიე:
  • შენი კედები;
  • შენი სავარცხელი;
  • შენი სახლის სარეცხი მანქანა;
  • შენი სახლის მაცივარი;
  • სახლის რომელიმე დიდი სარკე.
  1. დაგეგმე ტური ძველ თბილისში.

დაიწყე მეტრო რუსთაველიდან, ფეხით დაუყევი ქუჩას, მოძებნე ოპერის შენობა, ცისფერი გალერეა, ქაშვეთის ტაძარი, 9 აპრილის ბაღი, ეროვნული მუზეუმი, პირველი კლასიკური გიმნაზია, მოსწავლეთა სასახლე, გადადი ლესელიძის ქუჩაზე, ინახულე სიონის ტაძარი, იქვე მოიკითხე სომხური ეკლესია, სინაგოგა და შემდეგ მოძებნე ჭრელი აბანოები. იქიდან ერთი ქუჩა ადის ბოტანიკური ბაღისკენ. გზად შეგხვდება მეჩეთი და მოინახულე. მეჩეთში შესვლისას ფეხზე გახდა არ დაგავიწყდეს.

ბოტანიკურ ბაღამდე ნარიყალას ციხეს ესტუმრე. ბოტანიკურ ბაღში დააკვირდი ხეებსა და ბუჩქებზე მიკრულ პაწია განმარტებებს.

შინ დაბრუნებულმა დაწერე 10 რამ, რაც მოგეწონა.

  1. მოუსმინე Nick cave-ის სიმღერას „O’children. სიმღერის მოსმენისას დაწერე თავისუფალი თემა სახელად – ბავშვები.
  2. წადი ეროვნულ გალერეაში, მოძებნე ფიროსმანის ნახატები და აალაპარაკე მითი ნახატების პერსონაჟები.
  3. იკითხე მურმან ლებანიძის ლექსები. ლექსიდან შეარჩიეთ ერთი სტრიქონი და დახატე.
  4. იკითხეთ შოთა ნიშნიანიძის ლექსები.
  5. წაიკითხე მირზა გელოვანის პირადი წერილები
  6. იწუწავეთ შენ და შენმა მეგობრებმა.
  7. აალაპარაკე საპნის ბუშტი/ბუშტები.
  8. აალაპარაკე შენი საყვარელი ნაყინის ქაღალდი.
  9. წაიკითხე „ცნობილი ხუთეულის“ რომელიმე ნაწილი და გააცანი შენს მეგობრებს.
  10. წაიკითხე თეა თოფურიას „უჩინარი სახლი“ და წაკითხვის შემდეგ დაწერე შენი შთაბეჭდილებები.
  11. გამოაცხვე რომელიმე ნამცხვარი შენს მეგობრებთან ერთად, გადაუღე ფოტო და გამოუგზავნე ლელა მასწავლებელს.
  12. აალაპარაკე მაცივრის მაგნიტი.
  13. ჩაიცვი ბებია-ბაბუის ან მშობლების ტანსაცმელი, გადაიღე ფოტო და გამოუგზავნე ლელა მასწავლებელს.
  14. შექმენი განძის რუკაა, დამალე და აპოვნინე შენს მეგობარს.
  15. დაუწერე ლელა მასწავლებელს წერილი (არ დააწერო სახელი), დაუტოვე კართან, დააკაკუნე და გაიქეცი.
  16. კანფეტის ქაღალდში გაახვიე: ანდაზები, წიგნის ციტატები, ფრაზები, ლექსები…. და დაურიგე ბავშვებს.
  17. აალაპარაკე შენი სახლის კედელი.
  18. მოუსმინე Сheers Elephant-ის სიმღერას „people“.
  19. აალაპარაკე შენი სახლის რომელიმე საყვარელი კუთხე.
  20. აალაპარაკე შენი სახლის რომელიმე ჭაღი.
  21. ჩაყარე ბუშტში კანფეტები და საყვარელი წიგნის ციტატები, გაბერე და შენ მეგობარს გაუხეთქე თავზე.
  22. დაწერე შენი საყვარელი წიგნის სათაურები, ჩაყარე ბუშტში, გაბერე და აჩუქე მეგობარს. ამოარჩიოს და წაიკითხოს.
  23. შენ და შენმა მეგობრებმა მოიგონეთ სამაგიდო თამაში და ითამაშეთ.

 

VIII კლასი

  1. მიიღე შხაპი ჩაცმულმა.
  2. ეზოდან მოწყვიტე ყვავილები, ჩაყარე წყალში და დატოვე ცოტა ხნით. ამის შემდეგ კი წაისვი სახეზე, დაელოდე ცოტა ხანი. შენი კანი სურნელოვანი გახდება.
  3. მოკრიფე ყვავილები, გაახმე და შემდეგ ჩააკარი რვეულში, დღიურში. მიუწერე დღის რომელიმე ამბავი.
  4. მოიფიქრე სამაგიდო თამაში და დატესტე მეგობრებთან.
  5. შენ და შენმა მეგობრებმა აავსეთ წყლით ბუშტები, დაახატეთ მარკერით რამე და შემდეგ ძირს გახეთქეთ.
  6. წყლით აავსეთ ბუშტები, დაახტით და გახეთქეთ. თან გაგრილდებით და თან იმხიარულებთ.
  7. გააფორმე შენი ოთახი მრავალფეროვნად.
  8. შექმენი პოსტერი. დაახატე/დააწერე შენთვის სასურველი პერსონაჟები ან ციტატები საყვარელი წიგნიდან.
  9. დაწერე შენი რომელიმე დღიდან სამი მნიშვნელოვანი ამბავი.
  10. დაწერე მოთხრობა(ები) თემებზე:
  • ბულინგი;
  • კიბერბულინგი;
  • გამოცდები…
  1. თიხისგან შექმენი რაიმე ნივთი/სუვენირი და გამოიყენე ან გააჩუქე.
  2. ამოარჩიე რომელიმე შენი საყვარელი ადამიანი ( წიგნიდან, მსახიობი, სპორტსმენი, მუსიკოსი…) და მოამზადე პატარა პრეზენტაცია. გააცანი შენს მეგობრებს.
  3. დაწერე წიგნი შენთვის სასურველ თემაზე. წიგნი შეგიძლია დაწერო რვეულში, დღიურში, კომპიუტერში ან ტელეფონში.
  4. იწუწავე მარტომ ან მეგობრებთან ერთად უცნაური ნივთებით ( კოვზით, სათლით, ჭიქით…).
  5. მოიფიქრე რამდენიმე სახალისო გამოცანა და დაუსვი შენს მეგობრებს.
  6. თუ სოფელში ხარ, დაათვალიერე გარემო, ისეირნე და დაწერე შთაბეჭდილებები, ხოლო თუ თბილისში ხარ, წადი თავისუფლების მოედანზე ან რუსთაველის პროსპექტზე (უსაფრთხოების მიზნით მშობელი ან მეგობარი გაიყოლე), მიირთვით ფერადი ნაყინები. ამ სეირნობისას რაიმე თავგადასავალი გადაგხდებათ თავს და სახლში მოსულმა დაწერე შთაბეჭდილებები.
  7. გააკეთეთ შენ და შენმა მეგობარმა ერთად ნამცხვარი. გადაუღეთ ფოტო და გადმოუგზავნეთ ლელა მასწავლებელს.
  8. მოუსმინე ჯგუფ Gorillaz-ს.
  9. წაიკითხე ლილე იროელის გაგრძელება – „ოთხი მხარე და ოთხი სვეტი“.
  10. წაიკითხე მოირა ფაული-დოილის „უბედური შემთხვევების სეზონი“.
  11. დაუწერე შენს მეგობრებს ან მეგობარს ანონიმური წერილი და დაუტოვე სახლის კართან.
  12. მოძებნე com-ზე, კლასის მიერ წაკითხული რომელიმე წიგნი: „ნისლებში და ნისლებს მიღმა“, „ საშლელები“, „ ჩუმად უნდა იჯდე“, „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“, „ ლილე იროელი“, „ ორდროშობანა“ და დაწერე review. ბმული გამოუგზავნე ლელა მასწავლებელს.
  13. სკოლის ბლოგისთვის დაწერე რომელიმე წიგნზე თავისუფალი ესე, გამოუგზავნე ლელა მასწავლებელს და სთხოვე, რომ ბლოგზე გამოაქვეყნოს.

სკოლის სტადიონზე გამართულმა კარნავალმა ფანტასტიკურად ჩაიარა. ხშირად ვათვალიერებდი იმ დღეს გადაღებულ ფოტო-ვიდეო მასალას და გული სიხარულით მევსებოდა. ბავშვებიც მეკითხებოდნენ, კიდევ როდის გავმართავდით კარნავალს.

მეექვსეკლასელების საზაფხულო დავალებების ნუსხაში ასეთი დავალებაა: „დაუწერე ლელა მასწავლებელს წერილი (არ დააწერო სახელი), დაუტოვე კართან, დააკაკუნე და გაიქეცი.“

კარნავალის გამართვიდან 12 დღის შემდეგ, 27 ივნისს, ჩემს ოთახში ვიყავი წამოწოლილი და ვტიროდი. რთული სასწავლო წლის შემდეგ არდადეგების დასაწყისი ჩემთვის ყოველთვის ემოციურია. ამ დროს იჩენს ხოლმე თავს ავადობები. თითქოს მთელი წელი ცუდად გახდომის უფლებას არ ვაძლევ საკუთარ თავს და როგორც კი საგაკვეთილო რუტინას ვშორდები, დაგროვებული სტრესი, რაც მასწავლებლის ყოველდღიურობას თან ახლავს, თავს იჩენს. სწორედ ასეთ დროს გაისმა კარზე კაკუნი. კარი ჩემმა შვილმა გააღო და ცოტა ხანში ოთახში შემომიტანა ულამაზესი ანონიმური წერილი. ადრესანტის ვინაობა რამდენიმე თვის შემდეგ შევიტყვე. სევგის წერილმა სულზე მომისწრო, მანუგეშა, სევდა და ტკივილი გამიქრო. სამყარომ მეათასეჯერ გამომიგზავნა მინიშნება, რომ ბავშვებისთვის შრომას თუკი უფროსები ვერ იგებენ და გულს გტკენენ, შენ არ უნდა გაჩერდე, რადგან ბავშვების სიყვარული გიცავს. წარწერა „მიყვარხართ მას ძალიან!“ ჩემი ფარია, რომელიც ბავშვების გახარების მიზნით შერჩეულ გზაზე სიარულისას ყველა უარყოფით ენერგიას აისხლეტს.

 

 

 

 

 

როგორ ვიპოვოთ „სულის კოდი“ ბავშვობიდან?

0

რას გვირჩევს ჯეიმს ჰილმანი

ადამიანთა ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი თეორიები მასზე. ადრე თუ გვიან რაღაც მოგვიხმობს უხილავი მოგზაურობისკენ. შეიძლება თქვენ გახსოვთ ეს „რაღაც“, როგორც თქვენი ბავშვობის მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც საიდანღაც მოსული აუცილებლობა, მოვლენათა განსაკუთრებულობა გვევლინება ერთგვარ მოწოდებად: „ეს ის არის, რაც მე უნდა გავაკეთო, ეს ის არის, რაც მე მჭირდება, ეს ის არის,

რაც თავად მე ვარ“.

ჯეიმს ჰილმანი, „სულის კოდი“

სტატიის ანოტაცია:  მასწავლებლებისა და მშობლებისათვის მნიშვნელოვანია ჰილმანის თეორია: მოუსმინეთ ბავშვებს, გამოიკვლიეთ მათი სურვილები და მისწრაფებები და დაეხმარეთ მათთვის საინტერესოს აღმოჩენაში. განათლება არსებობს სწორედ იმისთვის, რომ დაანახოს ბავშვებს საკუთარი გზა და არა იმისთვის, რომ თავს მოახვიოს სხვათა ინტერესები. მნიშვნელოვანია ის, რაც ბავშვობაში გიზიდავდათ, რადგან ის შესაძლოა იყოს თქვენი „სულის კოდი“.

თითოეულ ადამიანს აქვს უნიკალური ხასიათი და მოწოდება, რომელიც მოითხოვს რეალიზაციას. გენეტიკური სტრუქტურა, გარემო ფაქტორები და მშობლების გავლენა ვერ თრგუნავს ჩვენს ღრმა სურვილებს გავხდეთ ის, ვინც უნდა ვიყოთ – ასეთია ჯეიმს ჰილმანის წიგნის „სულის კოდის“ მთავარი გზავნილი მკითხველებისთვის.

შეიძლება გვეჩვენებოდეს, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი შემთხვევით ხდება: შემთხვევით ვირჩევთ პროფესიას, ადამიანებს და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ვაღიარებთ, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია და მას ინდივიდუალური ცხოვრებისა და განვითარების გზა აქვს, „შემთხვევითობების“ საფუძველიც შეიძლება მოვძებნოთ და ეს შეიძლება იყოს: გარკვეული ნიჭი, უნარები და შესაძლებლობები, რომლებიც გარკვეულ არჩევანს განაპირობებენ.

ცხოვრებაში ჩვენი ქცევები და  მოქმედებები ყოველთვის არ არის ცნობიერი, ხანდახან თითქოს რაღაც ძალას მივყავართ კონკრეტული გადაწყვეტილებისკენ და მოგვიანებით ვხვდებით: რატომ მოხდა ის, რაც შემთხვევით მოხდა. ამ მხრივ ძალიან საინტერესოა სტივ ჯობსის სიტყვა სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისადმი. თავის სიტყვაში ის საუბრობს „წერტილების შეერთების“ შესახებ. რაც გულისხმობს შემდეგს: როცა აკეთებ რაღაცას დიდი სურვილით, მაგრამ არ იცი, რაში გჭირდება. სტივ ჯობსი ჰყვება: წარმოდგენა არ მქონდა, რა მინდოდა ცხოვრებაში და უნივერსიტეტიც ვერ მეხმარებოდა ამის დანახვაში. ამიტომ მე მივატოვე უნივერსიტეტი და დავიწყე კალიგრაფიის კურსის შესწავლა. პატარა იმედიც კი არ არსებობდა იმისა, რომ მე ეს როდისმე ცხოვრებაში გამომადგებოდა… მაგრამ 10 წლის შემდეგ შეიქმნა მაკინტოშის კომპიუტერი და მივხვდი, ეს ყველაფერი რატომ მოხდა.

სწორედ ამას ეძახის ჯობსი „წერტილების შეერთებას“ ანუ აწმყოს პერსპექტივიდან წარსულში მომხდარი მოვლენები ცხადი ხდებიან და იძენენ სულ სხვა მნიშვნელობას. შესაძლოა, ამას ინტუიციაც ვუწოდოთ: „უსმინეთ თქვენს გულს, მან საიდანღაც იცის, რა არის თქვენთვის საჭირო“ (სტივ ჯობსი).

ამ შესავლის შემდეგ მინდა გესაუბროთ ამერიკელი ფსიქოლოგის, ჯეიმს ჰილმანის (1926-2011) ერთ-ერთ საუკეთესო და ცნობილ წიგნზე: „სულის კოდი“, რომელიც დაგეხმარებათ, თქვენს მოსწავლეებს და შვილებს დაეხმაროთ საკუთარი გზის პოვნაში.

“The  Soul’s  Code“  გამოვიდა  1996 წელს. ამ წიგნში ავტორი განიხილავს სულისა და ბუნების ურთიერთკავშირის იდეას, რომ ყოველ ადამიანს აქვს უნიკალური “სულის კოდი” ან დანიშნულება, რომელიც ვლინდება გარესამყაროში და ფორმირებულია დაბადებამდე და განსაზღვრავს მის გზას ცხოვრებაში.

ჰილმანი ამტკიცებს, რომ ადამიანის ცხოვრება წარმოადგენს “სულის კოდის” გამოხატვის მცდელობას, ხოლო ცხოვრებისეული მეტაფორები და სიმბოლოები გვეხმარება ამ უნიკალური დანიშნულების გააზრებასა და რეალიზაციაში.

რას ნიშნავს ცხოვრებისეული მეტაფორები  და როგორ გამოხატავენ ისინი ჩვენს უნიკალურ მისიას ამ ცხოვრებაში?

ჯეიმს ჰილმანის თეორიის მიხედვით, “სულის კოდად” შეიძლება ჩაითვალოს ისეთი ცხოვრებისეული მოვლენები და გამოცდილებები, რომლებიც გვეხმარება გავიაზროთ ჩვენი უნიკალური დანიშნულება და შინაგანი მისწრაფებები. კერძოდ:

  1. განსაკუთრებული ინტერესები და მიდრეკილებები – ის, რაც გვიზიდავს ყველაზე მეტად და რისკენაც გვაქვს განსაკუთრებული მიდრეკილება ბავშვობიდანვე;
  2. განმეორებადი სიზმრები და ხილვები – სიზმრები და ფანტაზიები, რომლებიც მუდმივად მეორდება და გვიძლიერებს გარკვეულ გრძნობებს;
  3. მნიშვნელოვანი შეხვედრები – ადამიანები, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს ჩვენს ცხოვრებაზე და ჩვენი გზის არჩევაზე;
  4. სინათლის მომენტები – უნიკალური გამოცდილებები, როდესაც ვგრძნობთ სიცხადეს და ჰარმონიას;
  5. მიზნის გრძნობა – რომელიმე საქმიანობა ან მოვლენა, როდესაც გრძნობთ განსაკუთრებულ მიზანმიმართულებას და ცხოვრების აზრს;
  6. გამოწვევები და გარდატეხები – რთული პერიოდები ცხოვრებაში, რომლებმაც იძულებული გაგვხადეს შეგვეცვალა კურსი;
  7. განმეორებადი სიმბოლოები და მეტაფორები – განსაკუთრებული სიმბოლოები და სურათები, რომლებიც მუდმივად გვხვდება.

ჰილმანის თანახმად, ამგვარი მოვლენები და გამოცდილებები გვაძლევს მინიშნებებს ჩვენი სულიერი დანიშნულების შესახებ და უნდა მივაქციოთ მათ ყურადღება, რათა გავიაზროთ და გამოვხატოთ “სულის კოდი”.

ჯეიმს ჰილმანი თავის წიგნში „სულის კოდი“ წერს იმის შესახებ, თუ როგორ სურდა იეჰუდი მენუჰინს (Yehudi Menuhin- ამერიკელი მევიოლინე), რომელიც ჯერ კიდევ ოთხი წლის არ იყო, ვიოლინო. როდესაც მას სათამაშო ვიოლინო აჩუქეს,  ცრემლები წამოუვიდა… მენუჰინი გაიზარდა და გახდა ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მევიოლინე ამერიკაში. მან გასტროლები 11 წლის ასაკიდან დაიწყო.

ჰილმანს ათეულობით მსგავსი მაგალითი მოჰყავს. თითოეულ მათგანში ბავშვის გონებაში მოქმედებს ერთგვარი მექანიზმი ან გრძნობა, რაც მიუთითებს იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს მან მომავალში.

ეს გრძნობა შეიძლება შევადაროთ ფანარს, რომელიც ბავშვის შთაბეჭდილებების ქაოსს ანათებს და სიბნელიდან ამჟღავნებს ზუსტად იმ მონახაზებს, რომლებიც გახდება ამ ადამიანის მომავალი: ვიოლინო, თეატრის სცენა, ხარები არენაზე და სხვა. ეს „რაღაც“ ყველას შეუძლია ამოიცნოს მანამდე, სანამ ისინი ნამდვილად მნიშვნელოვანი გახდებიან ადამიანისთვის. თითქოს „რაღაცამ“ წინასწარ იცოდა, როგორი ცხოვრებით იცხოვრებს მისი მფლობელი, ან რა კარიერას აირჩევს. ამის ნიმუშია ზემოთ მოყვანილი სტივ ჯობსის ცხოვრების ფრაგმენტები.

ჯეიმს ჰილმანი ადამიანს იაზრებს, როგორც ერთიან სურათ-ხატს. როგორც კედელზე დაკიდებულ სურათს მაყურებელი აღიქვამს ერთიანად და განუყოფლად, რომელშიც ყველაფერი იმთავითვე მოცემულია, ყველა დრო ერთადაა, – სწორედ ასეა ადამიანიც.

რა თქმა უნდა, ადამიანის ცხოვრება ვითარდება დღიდან დღემდე,- დასძენს ჰილმანი, –  ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ და გამოვიკვლიოთ გარკვეული უნარების განვითარება. ამავე დროს, თქვენი ცხოვრების ბუნებრივი ხატი/სახე შეიცავს ყველა ნიშანს, რომელიც მონაწილეობს წარსულში, აწმყოში და მომავალში. თქვენი პიროვნება არ არის პროცესი ან განვითარება. თქვენ ხართ ერთიანი სახე-ხატი, რომელიც ვითარდება, თუ საერთოდ ვითარდება. როგორც პიკასო იტყოდა: „მე არ ვვითარდები, მე ვარსებობ!“ ასეთია ყველა სახე-ხატის ბუნება: მასში ყველაფერი ერთდროულად და ერთადაა მოცემული. ასეთ უნიკალურ არსებად იბადება ადამიანი: თავისი მოცემულობით, რომელიც არსებობს მანამდე, ვიდრე მას „იცხოვრებს“ კონკრეტული ადამიანი. ჰილმანის აზრით, სწორედ ეს უნდა აღმოაჩინოს ადამიანმა და მიჰყვეს მისთვის უნიკალურ გზას. ეს არის მისი მისია.

„Neither Nature nor Nurture – Something Else – არც ბუნება და არც აღზრდა, – არამედ რაღაც სხვა“ – ასე ჰქვია ჰილმანის წიგნის ერთ თავს. ავტორი აჩვენებს, რომ არც ბუნებას და არც აღზრდას არა აქვს კავშირი სულის ლოგოსთან;

ამ გზაზე ადამიანს თან ახლავს მინიშნებები, რომლებსაც ჰილმანი პლატონის დემონებს ადარებს, ისინი არიან ერთგვარი შუამავლები, მხარზე ასხედან ადამიანს და თუ მოსმენას ისწავლით, ყოველთვის „გისმენენ და გემსახურებიან“.

„- ბოლოს და ბოლოს, რა არის იგი, დიოტიმა? – დიდი დემონია იგი, სოკრატე, ხოლო ყოველივე „დემონიურს“ ხომ საშუალო ადგილი უჭირავს ღმერთსა და კაცს შორის. – რას ემსახურება-მეთქი დემონი? – დემონი ღმერთებს ამცნობს და გადასცემს კაცთა ლოცვა-ვედრებას და შესაწირავებს, ხოლო ღმერთთა ნება-სურვილსა და წყალობას – ადამიანებს. საშუალო ადგილი რომ უჭირავს კაცთა და ღმერთთა შუა, ის მთელს სივრცეს ავსებს მათ შორის და, ამრიგად, შინაგანი კავშირით აერთებს ყველას და ყველაფერს.“ (პლატონი, „ნადიმი“).

და ბოლოს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სინერგია და ურთიერთქმედება. „სულის შექმნა კი არა მხოლოდ და არა იმდენად ინდივიდუალური პროცესია, რამდენადაც სხვებში და საკუთარ თავში უხილავის გამოვლენა სხვებთან ურთიერთობით“. ამ პროცესს ჰილმანი „უხილავთან დაბრუნებასაც“ უწოდებს…

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...