ორშაბათი, ოქტომბერი 27, 2025
27 ოქტომბერი, ორშაბათი, 2025

„ქალი ყარყუმით“

0

სექტემბერში, გამთენიისას დედა მესიზმრა. ასე ნათლად კარგა ხანია არ მინახავს. ჩემს საწოლთან იჯდა და თანაგრძნობით მიმზერდა.

 

  • დედააა, იცი ხომ, რომ დავიღალეეე? – თავადვე ვიგრძენი, როგორც ბავშვობაში, ისე შევტირე.

კიო, თავი დამიქნია და ჩასახუტებლად ხელები გამომიწოდა. წამოვჯექი და ჩავეკარი. სხეულში ისეთმა სითბომ დამიარა, ისეთი სიმშვიდე ვიგრძენი, რომ ჩემდაუნებურად გამეღვიძა. აზრზე მოსასვლელად დრო დამჭირდა, თვალები გავახილე და ჭერზე საზიზღარი არსებები დავინახე. ვიღაცის მახინჯი სახე დამყურებდა…

დამავიწყდა მეთქვა, რომ ზაფხულის არდადეგებზე წასულს, მეზობლისგან წყალი ჩამოვიდა. კი მომწერა, მილი გამისკდაო, მაგრამ აბა, თურქეთის სიდედან რას ვიზამდი, განგებას მივანდე ეს ამბავი. ჩამოვედი და საძინებლის ჭერი ისეთი საძაგელი არსებებით „მოხატული“ დამხვდა, კინაღამ გული გამისკდა. ზოგადად, ასეთი წყლის ჩამოსვლები ჩემი ბავშვობიდან მუდმივია. თუმცა, საძინებლამდე პირველად მოაღწია. მუდმივობის მიზეზი რა არის? რა გამოლევს, ხან ისა და ხან ესა… ძირითადად, ნაკლები პასუხისმგებლობა…

 

ჰოდა, ისე გავნერვიულდი, ისე ამოვიგდე გული, რომ ეტყობა იქ, სხვა განზომილებაში დედაჩემმაც გაიგო, ადამიანურად შევებრალე… მოვიდა და ისე მანუგეშა, როგორც შეძლო.

ჰოდა, იმას ვამბობდი, ჭერიდან მზერა კედელზე გადავიტანე. იქ „ქალი ყარყუმით“ კიდია, ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ნახატის რეპროდუქცია.

სურათი აღებულია ვიკიპედიიდან

https://en.wikipedia.org/wiki/Lady_with_an_Ermine

„თქვენო უბრწყინვალესობავ, მე ავაგებ უმსუბუქეს და უმყარეს ხიდებს, რომელთა გადატანა ერთი ადგილიდან მეორეზე უპრობლემოდ შეგეძლებათ. მათი დახმარებით მტერს დაედევნებით ან პირიქით დაემალებით და ჩაუსაფრდებით. შემიძლია ათასნაირი კიბის და სხვა მოწყობილობის კონსტრუირება, რათა ბრძოლა უფრო ეფექტური გახდეს. მე შემიძლია, დავანგრიო ნებისმიერი ციხე-სიმაგრე, თუნდაც კლდეზე აგებული. მე შემიძლია შევქმნა ცეცხლის და მომწამლავი ნივთიერებების გასატყორცნი იარაღი, რომელიც მტერში დაბნეულობასა და შიშს დათესავს. შემიძლია გავთხარო უხილავი გვირაბები, თუნდაც წყლის ქვეშ, რათა ჯარმა იქ გაიაროს. მშვიდობიან დროში კი ნებისმიერი ტიპის არქიტექტურას შევქმნიდი. შემიძლია გამოვძერწო ნებისმიერი ნივთი თიხასა და ფაიფურის მასალისგან და კიდევ ხატვა შემიძლია, სხვებზე არცთუ ნაკლებად…“.

ეს ნაწყვეტი მე სამოტივაციო წერილს მაგონებს. არ მოგესმებათ, ის ლეონარდო და ვინჩის ეკუთვნის. დაწერა 1482 წელს ფლორენციაში.

ვის წერდა?

მილანში ჰერცოგ ლუდოვიკო სფორცას.

სინამდვილეში, ჰერცოგი მაშინ 13 წლის ბავშვი იყო და მისი სახელით მილანს მისივე მეურვე მართავდა. ლეონარდო კი სამხედრო საქმეში დახმარებას აღუთქვამდა და ისე, სხვათა შორის, ახსენებდა, რომ ხატვაც შეეძლო…

ლეონარდო ვინც ბრძანდებოდა, ისტორიამ დაგვანახა. თან იმ დროისთვის საუკეთესო სამხატვრო განათლება ჰქონდა მიღებული. ანდრეა ვეროკიოს ფლორენციის სახელგანთქმულ სახელოსნოში ჰქონდა სამხატვრო საქმე შესწავლილი. ამ აკადემიაში მან მხოლოდ ხატვისა და ძერწვის ტექნიკა კი არ შეითვისა, არამედ ქიმია და მეტალურგიაც სავალდებულო წესით შეისწავლა.

აბა? როგორ გგონიათ? ტყუილად კი არ ფლობდა საღებავების ტექნიკას და სხვადასხვა პიგმენტით რეაქციებს ატარებდა.

1480 წელს ლეონარდოს ფლორენციაში ბევრი კონკურენტი გამოუჩნდა და ის ერთადერთ არა, ერთ-ერთ კარგ მხატვრად ითვლებოდა. ჰო, აი წარმოიდგინეთ, რომ თქვენს დროში ცხოვრობს სანდრო ბოტიჩელი, დომენიკო გირლანდაიო, პიეტრო პერუჯინო, რაფაელი, მიქელანჯელო.

ჰოდა, ლეონარდომ ფლორენციიდან მილანში გადასვლა გადაწყვიტა და იქაურ მმართველობას თავი, ისე შესთავაზა, როგორც ინჟინერმა. თან აღუთქვა, რომ დაუსრულებელ ომებში მიეხმარებოდა.

ისტორიკოსები იმასაც ამბობენ, ფლორენციის პატრონმა მედიჩებმა აითვალწუნეს ლეონარდოო. მოაბეზრა ყველას თავი ამბიციებითა და ჭირვეულობითო…

ვაჰ, როცა ლეონარდო ხარ, აღარც უნდა იჭირვეულო???… თუმცა, გავაგრძელოთ…

კიდევ ერთი მიზეზი იყო, რომ ერთ ნაწარმოებს ათწლეულობით წერდა. თან სამხატვრო მასალით თითქმის, სულ ქიმიურ ექსპერიმენტებს ატარებდა. ამიტომაც არის, რომ მისმა მრავალმა ტილომ დროს ვერ გაუძლო. სხვებს კი, მრავალჯერადი რესტავრაცია დასჭირდა. ასე მაგ. „საიდუმლო სერობიდან“ საღებავს ჩამოშლა დასრულებიდან ერთ წელიწადში დაუწყია.

გამოდის, რომ შინაგანი ბუნებით მხატვარზე მეტად გამომგონებელი გახლდათ და იმ ქალაქს მიაშურა, სადაც გამოგონებები ფასდებოდა.

სამოტივაციო წერილმა იმუშავა და 1482 წლის ბოლოს ლეონარდო მილანს გაემგზავრა. იქ მთელი 17 წელი დარჩა. მცირე შესვენების შემდეგ კი, კიდევ 7 წლით დაბრუნდა. ამ დროის მანძილზე სამხედრო დანაპირებიდან არაფერი შეუსრულებია. სამაგიეროდ, ბევრი გამოგონება დატოვა სასცენო საქმეში. თეატრალური წარმოდგენების დროს, ჭერში მობილიზებულ ზეცაში ღრუბლები, პლანეტები და მსახიობები ერთად დაფრინავდნენ. ეს პერიოდი გახდა, მისი, როგორც მხატვრის გაფურჩქნის დრო. ზემოთ ხსენებული „საიდუმლო სერობა“ სანტა მარია დელე გრაციეს მონასტრის კედელზე შესრულდა. მილანის პერიოდსვე ეკუთვნის „ქალი ყარყუმით“. ორიგინალი ნახატი კაკლის ხის ფიცარზეა შესრულებული. ფიცარს საფუძვლად თეთრი გრუნტი ჰქონდა დადებული.

დღეს ასეთი გრუნტის შეძენა სამხატვრო მასალების მაღაზიებშია შესაძლებელი და ის აკრილის ცვილის წყლის ემულსიაზეა დამზადებული. აქვს თეთრი პიგმენტი ტიტანის დიოქსიდის სახით. ზოგჯერ შემთხვევაში კი, როგორც ძველ დროში, შეიცავს თაბაშირსაც. ლეონარდო წებოსთან შერეულ ცარცის ფხვნილსაც ურევდა მასში. ნახატის ორიგინალის რესტავრაცია 1830-1870 წლებში მოხდა, ზედა მარცხენა კუთხე აეცალაო და უკან მიაწებესო. რესტავრაცია ჟან დელაკრუას ჩაუტარებია და უკანა ფონიც ამ დროს გადაუღებავთ მუქად. სპეციალისტები ამბობენ, მუქ ფონზე უდავოდ ლამაზი ქალბატონი უკეთ გამოჩნდაო.

ეს შედევრი ლეონარდოს ქიმიური ექსპერიმენტიც არის, რადგან სწორედ მისი შექმნისას პირველად გამოიყენა ზეთის საღებავები. თან, ხელთ არსებული ქიმიური პიგმენტები ერთმანეთთან შეურია და დაფარვის სრულიად ახალი ტექნიკა მიიღო. მანამდე, ყველა ცნობილი მხატვარი ე.წ. „ტემპერას“ საღებავს იყენებდა და თავადვე ამზადებდა მათ. ანუ, პიგმენტის შემცველ ფერად ფხვნილებს ურევდა ქათმის კვერცხის გულში და შემდეგ ტილოზე გადაჰქონდა. გახსოვთ, მე ლაპის ლაზურიზე ვწერდი – იგივე, ლაზურიტი ან ლაზვარადი. https://mastsavlebeli.ge/?p=3808

მისგან ძვირად ღირებული მელანი და საღებავი მზადდებოდა, მომზადების ტექნიკა კი „ტემპერა“ გახლდათ. ამ ტიპის საღებავები კვერცხის გულში შეყოლილი ცილის გამო მალევე პოლიმერიზდებოდა, შრებოდა და გამოუსადეგარი ხდებოდა. განსაკუთრებით, ცხელ სეზონზე, სიცხის დროს ხდებოდა ასე. გარდა ამისა, პიგმენტების შერევაც რთულდებოდა სწრაფად გამოშრობის გამო. ზეთის საღებავებმა კი ახალი შესაძლებლობები მისცა მხატვრებს. შეიძლება ვინმემ შემისწოროს ბოტიჩელი „ტემპერათი“ შედევრებს ქმნიდაო.

კი, როგორ არა, თუ შვიდი წლისას სახელოსნოში მიგაბარებენ, იქ ათი წელი გასწავლიან და შეცდომის შემთხვევაში, კარგადაც შემოგცხებენ, მერე შეიძლება ბოტიჩელივით „ტემპერათი“ შედევრი შექმნა. ოღონდ, გალაც არ დავივიწყოთ:

 

  • ნიჭი, ძამა, კიდევ ნიჭი იქნება საჭირო.

ახალი საღებავებისთვის ძირითადად, სელის ზეთს იყენებდნენ. ოღონდ, მანამდე ზეთი ქიმიური გასუფთავების ოთხ ეტაპს გადიოდა და მხოლოდ შემდეგ ხვდებოდა პალიტრაზე. ზეთის გასუფთავებაზე ზოგჯერ თავად მაესტრო, ან მისი შეგირდები ზრუნავდნენ, თუმცა მხატვრის ზედამხედველობით. წარმოგიდგენიათ ხომ, როგორი ლაბორატორიისა და ცოდნის ფლობა იყო აუცილებელი.

და სურათზე დახატული ქალი ვინ არის? ჩეჩილია გალერანია. აქ მხოლოდ 18 წლისაა და ჰერცოგის ფავორიტი გახლავთ. ისტორია ლამაზ, აღზრდილ და განათლებულ ქალად აღწერს. მოგვიანებით, როცა ჰერცოგი დაოჯახდება, ჩეჩილიას ვინმე გრაფს მიათხოვებენ, ოთხი შვილის დედა გახდება და წყნარ, თუმცა მდიდრულ ცხოვრებას გაივლის ჰერცოგის მიერვე ნაჩუქარ მდიდრულ სასახლესა და მამულებში.

ჩეჩილია ჩემს კედელზეც არის, ლამაზ ჩარჩოში ზის და სადღაც იქით იყურება.

ცოტა ხანი უაზროდ შევცქერი, მხოლოდ იმიტომ, რომ ზემოთ, ჭერში არ ავიხედო.

მერე? მერე სასწრაფო წესით ვდგები და მზადებას ვიწყებ, რადგან ახალი დღე იწყება.

CRISPR-ის ეთიკური დილემა: გენეტიკური მაკრატელი და გაკვეთილები სამეცნიერო ფანტასტიკიდან

0

მეცნიერება, ძალა და პასუხისმგებლობა – CRISPR-Cas9 ტექნოლოგია, რომელსაც ხშირად „გენეტიკურ მაკრატელს“ ვუწოდებთ, რევოლუციური ცვლილებაა ბიოლოგიაში. მან მეცნიერებს მისცა უპრეცედენტო შესაძლებლობა, მაღალი სიზუსტით დაარედაქტირონ ცოცხალი ორგანიზმის დნმ. ინსტრუმენტი გვპირდება მკურნალობის სწორ გზას გენეტიკური დაავადებების წინააღმდეგ, მაგრამ ამავე დროს აჩენს ღრმა ეთიკურ კითხვებს ადამიანის მომავალთან დაკავშირებით.

რა არის ამ ძალის ზღვარი? როდის ვწყვეტთ მკურნალობას და ვიწყებთ ადამიანისგაუმჯობესებას“?

ეს კითხვები სასწრაფოდ საჭიროებს განხილვას, განსაკუთრებით სასკოლო გარემოში, რათა მოსწავლეები ინფორმირებულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ. სტატიაში წარმოდგენილია მზა მასალა დისკუსიისთვის, რომელიც გვაჩვენებს, რომ მეცნიერებასა და ეთიკას შორის დიალოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე განათლებისთვის. ჩვენ განვიხილავთ, როგორ გამოვიყენოთ კულტურული ანალოგიები (ფილმები: „გატაკა“, „ადამიანი-ობობა“) და ისტორიული გაკვეთილები (ჰიტლერის ევგენიკა), რათა მოსწავლეებს მარტივად დავანახოთ CRISPR-ის არასწორად გამოყენების პოტენციური საფრთხეები. ტექნოლოგია მეცნიერების ტრიუმფია, თუმცა, როგორც ნებისმიერ მძლავრ იარაღს, მასაც სჭირდება ეთიკის ფარი.

CRISPR/Cas9 – გენეტიკური რედაქტირების რევოლუცია

რა არის CRISPR/Cas9?

CRISPR/Cas9 არის ბაქტერიული თავდაცვის მექანიზმი, რომელიც მეცნიერებმა გენის რედაქტირების უნივერსალურ იარაღად გადააკეთეს.

  • აღმოჩენა: ჯგუფებად განლაგებული რეგულარულად დაშორებული მოკლე პალინდრომული გამეორებები (CRISPR) აღმოაჩინეს იაპონიაში, ოსაკას უნივერსიტეტში (1987 წ.).
  • მუშაობის მექანიზმი:
  • Cas9 ცილა მოლეკულური მაკრატელია;
  • გიდი რნმ (guide RNA): მეცნიერის მიერ შექმნილი რნმ, რომელიც უკავშირდება Cas9-ს და ზუსტად მიუძღვება მას დნმ-ის სამიზნე უბნისკენ;
  • Cas9 პოულობს დაზიანებულ უბანს და ჭრის დნმ-ის ორივე ძაფს;
  • შემდგომში უჯრედი დნმ-ის აღდგენას ორი გზით ახდენს.
      1. არაზუსტი აღდგენა: გენის გამორთვა.
      2. ზუსტი აღდგენა: ახალი, სასურველი გენის თანმიმდევრობის ჩასმა.
  • უპირატესობები: სიმარტივე, სიზუსტე, ეფექტურობა და სიიაფე. (2020 წელს ამ ტექნოლოგიისთვის ემანუელ შარპანტიესა და ჯენიფერ დუდნას ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიენიჭათ).

გამოყენების სფეროები

  1. მედიცინა (გენური თერაპია): ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, ბეტა-თალასემია, ონკოლოგია (CAR-T უჯრედების შექმნა).
  2. სოფლის მეურნეობა: მოსავლიანობის გაზრდა, დაავადების მიმართ გამძლე მცენარეების შექმნა (გენების რედაქტირებით და არა მოდიფიცირებით).
  3. ფუნდამენტური კვლევები: გენის ფუნქციის შესწავლა, გენების გამორთვა და შედეგებზე დაკვირვება.

ეთიკური დილემები: წითელი ხაზები და რისკები – სომატური vs. ჩანასახოვანი ხაზის რედაქტირება

ეს არის ფუნდამენტური ეთიკური საკითხი, რომელიც მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა გაიაზრონ.

რედაქტირების ტიპი აღწერა მემკვიდრეობითობა ეთიკური სტატუსი (უმეტეს ქვეყანაში)
სომატური რედაქტირდება სომატური უჯრედები (მაგ., სისხლის უჯრედები). არ გადაეცემა მემკვიდრეობით. მიღებულია (მხოლოდ სამკურნალოდ).
ჩანასახოვანი რედაქტირდება ემბრიონის ან სასქესო უჯრედები. გადაეცემა მემკვიდრეობით. უმეტესად აკრძალულია.

 

საქმე ნანა და ლულუ: ჩინელი მეცნიერის, ჰე ძიანკუის მიერ ემბრიონში გენომის რედაქტირება (აივ-ისგან დაცვის მიზნით) – ეს არის ჩანასახოვანი ხაზის რედაქტირების პირველი ცნობილი შემთხვევა, რამაც მეცნიერება საზღვრებს გადააცილა და გამოიწვია გენეტიკური უთანასწორობის რისკის ზრდა.

საკვანძო კითხვა: თუ დღეს ვიცავთ აივ-ისგან, ხვალ რატომ არ შევცვალოთ სიმაღლე, ინტელექტი? სად გადის ზღვარი მკურნალობასა და თვისებების გაუმჯობესებას შორის?

კულტურული და ისტორიული ანალოგიები – გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს ქვემოთ მოცემული ანალოგიები, რათა მოსწავლეებმა საფრთხეები უკეთ დაინახონ.

ისტორიის გაკვეთილი – ევგენიკა და ჰიტლერი

       ძირითადი იდეა: როცა მეცნიერული იდეები ერწყმის ძალაუფლების სურვილს და დისკრიმინაციულ იდეოლოგიას, ის შეიძლება იქცეს უდიდესი ტრაგედიის საფუძვლად.

ანალოგია: ნაცისტური გერმანიის იდეოლოგიის ცენტრში იდგა ევგენიკა – იდეა, რომლის მიხედვითაც ადამიანის გენომი უნდა გაუმჯობესებულიყო (არასასურველი გენების აღმოფხვრით და სასურველის სიხშირის გაზრდით). ეს გახდა ჰოლოკოსტისა და იძულებითი სტერილიზაციის საფუძველი.

დასკვნა: CRISPR-ის ტექნოლოგია აჩენს რისკს, რომ თანამედროვე ევგენიკის ცნება, რომელიც დნმ-ის სახელმწიფო კონტროლის გარეშე, გენეტიკური უთანასწორობის სახით განვითარდება.

სოციალური ეთიკა: ფილმი „გატაკა“ (Gattaca, 1997)

თემატიკა: სოციალური სამართლიანობა და დისკრიმინაცია.

ანალოგია: ფილმში არსებობს ორი კლასი: დადასტურებულები (გენეტიკურად გაუმჯობესებულები) და არასწორები (ბუნებრივად ჩასახულები, დაბალი სოციალური სტატუსით). მშობლები ფილტრავენ ემბრიონის დნმ-ს ინტელექტის, ჯანმრთელობისა და სიმაღლის მიხედვით.

გაკვეთილი: ფილმი გვიჩვენებს, რა მოხდება, თუ ადამიანების კლასიფიკაცია მათ დნმ-ზე დაფუძნდება. ეს ზღუდავს თავისუფალ ნებას და განაპირობებს სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობას.

დამატებითი დისკუსიის კითხვა: „CRISPR-ის ტექნოლოგია შედარებით იაფია, მაგრამ თუ მკურნალობაზე პატენტები დაწესდება, როგორ დავრწმუნდებით, რომ ის ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის და არა მხოლოდ მდიდრებისთვის? როგორ ავიცილოთ თავიდან, რომ გენეტიკური „გაუმჯობესება“ არ გახდეს მხოლოდ მდიდრების პრივილეგია (რაც კიდევ უფრო გააღრმავებს „გატაკას“ სცენარს)?“

უსაფრთხოება და კონტროლი: ადამიანიობობა“ (კარტ კონორსი)

თემატიკა: უკონტროლო ექსპერიმენტების რისკი.

ანალოგია: დოქტორ კონორსს (ხვლიკი) სურდა რეგენერაციის გენეტიკური კოდი გამოეყენებინა დაკარგული ხელის აღსადგენად. შედეგი იყო უკონტროლო რეგენერაცია და მუტაცია.

CRISPR-ის ტექნოლოგია მსგავს რისკებს შეიცავს:

  • გვერდითი ეფექტი: არასასურველი ჭრა (Off-target effects), როცა დნმ-ის სხვა, არასამიზნე ადგილებიც იჭრება.
  • უკონტროლობის შედეგი: კონორსის მსგავსად, CRISPR-მაც შეიძლება გამოიწვიოს მუტაცია, რომელიც არასასურველი და შეუქცევადი იქნება (განსაკუთრებით, თუ მემკვიდრეობით გადაეცემა).
  • ეთიკური რეგულაციების დარღვევა: კონორსიც და ჰე ძიანკუიც საიდუმლოდ მუშაობდნენ.

ეკოლოგიური ეთიკა: მამონტის აღდგენა

თემატიკა: ბუნებასა და ეკოსისტემაში ჩარევის უფლება.

ანალოგია: მეცნიერებს შეუძლიათ ინდურ სპილოში ჩასვან მამონტის გენები (სიცივის გამძლეობა).

კითხვა: გვაქვს თუ არა უფლება ხელახლა შევქმნათ გადაშენებული სახეობა? რა გავლენას მოახდენს ეს მოქმედება მთლიან ეკოსისტემაზე?

 

დისკუსია – დებატები 20 წთ.

შესავალი ნაწილი – 5 წთ.

  1. იდეალური ადამიანი (გაკვეთილის დაწყება): როგორია იდეალური ადამიანი? თუ შეგეძლოთ გენეტიკური კოდის შეცვლა, რას შეცვლიდით ან  დაამატებდით ადამიანში?
  2. CRISPR/Cas9 შეხსენება: მოკლე მიმოხილვა.
  3. ნანა და ლულუს ისტორია: მოუყევით ჰე ძიანკუის ექსპერიმენტის შესახებ.

მინი დებატები – 15 წთ.

დაყავით მოსწავლეები ოთხ ჯგუფად. 1 – მეცნიერის დამცველები. 2- ეთიკის კომიტეტი,  3 – მშობელი,  4- რელიგიური წარმომადგენელი.

ჯგუფი პოზიცია არგუმენტი
მეცნიერის დამცველი ტექნოლოგიური პროგრესი შეუჩერებელია. გვაქვს მორალური ვალდებულება, ცოდნა გამოვიყენოთ ადამიანების დასაცავად (მაგ. აივ-ის დამარცხება). გენეტიკური რედაქტირების არგამოყენება გენეტიკური დაავადებების სამკურნალოდ თავისთავად ეთიკური მარცხია. თუ ტექნოლოგია არსებობს სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად ან გადასარჩენად, მისი შეკავებაც მორალური დილემაა.
ეთიკის კომისია უსაფრთხოება უპირატესია. ემბრიონის რედაქტირება გადადის მემკვიდრეობით, რისკი უცნობია და იზრდება გენეტიკური უთანასწორობის რისკი. სანამ CRISPR არ გახდება 100% ზუსტი, ჩანასახოვანი ხაზის რედაქტირება (მემკვიდრეობითი ცვლილება) არის სამეცნიერო დანაშაული, რადგან მომავალ თაობებს გადაეცემათ გაუთვალისწინებელი მუტაციები.
მშობელი მაქვს სრული უფლება, გადავწყვიტო ჩემი შვილის ჯანმრთელობა. მინდოდა ჩემი შვილი აივ-ისგან ყოფილიყო დაცული, ეს ჩემი ოჯახური გადაწყვეტილებაა. თუ მშობლებმა იციან, რომ მათ შვილს გარანტირებული აქვს ლეტალური გენეტიკური დაავადება, არის თუ არა ეთიკურად გამართლებული, არ გამოიყენონ CRISPR ჩასახვამდე ემბრიონის რედაქტირებისთვის?
რელიგიური წარმომადგენელი ბუნებაში ჩარევა დაუშვებელია. სად გადის ზღვარი გენეტიკურ რედაქტირებასა და სხვა სამედიცინო ჩარევებს შორის (მაგალითად ვაქცინაცია, ხელოვნური განაყოფიერება); ეს არის წითელი ხაზი. ირღვევა ადამიანის ხელშეუხებლობა.

შეჯამება – 10 წთ

გამოიყენეთ შემდეგი კითხვები დისკუსიის შესაჯამებლად:

  • რა განსხვავებაა სომატურ და ჩანასახოვანი ხაზის რედაქტირებას შორის?
  • თუ დღეს დავიცავთ აივ-ისგან, ხვალ რატომ არ შევცვალოთ სიმაღლე, ინტელექტი? სად გადის ზღვარი?
  • 1-2 წინადადებით როგორ შეაფასებდი ჰე ძიანკუის საქციელს, როგორც გმირულს, თუ როგორც დანაშაულებრივს?
  • როგორ უკავშირდება სპაიდერმენის ფრაზა („დიდ ძალას დიდი პასუხისმგებლობა მოჰყვება“) CRISPR-ის ძალას?

დასკვნა: პასუხისმგებლიანი მეცნიერების მართვა

დისკუსია არ არის მიმართული მეცნიერული პროგრესის შეჩერებისკენ, არამედ – მისი უსაფრთხო, სამართლიანი და ჰუმანური გამოყენების უზრუნველყოფისკენ.

CRISPR არის სამეცნიერო მიღწევა, რომელსაც შეუძლია სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს, თუმცა, როგორც ხვლიკის ისტორია გვაფრთხილებს, თუ მეცნიერება გადაკვეთს ეთიკის საზღვრებს და გენეტიკური მანიპულაციები განხორციელდება ადამიანის გაუმჯობესების მიზნით, რეგულაციების დაცვის გარეშე, შედეგები შეიძლება დამღუპველი იყოს. მასწავლებლის უმნიშვნელოვანესი როლია, მოამზადოს მოსწავლეები ამ რთული რეალობისთვის, სადაც მეცნიერება და ეთიკა მუდმივ დიალოგშია.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ნანა და ლულუ – ჰი ძინკუის ექსპერიმენტი;
  2. 2020 წლის ნობელის პრემია ქიმიის დარგში;
  3. როგორ მუშაობს CRISPR
  4. https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC8388126/

 

 

სასწავლო პროექტი – ოთხი ფუნდამენტური ძალა

0

რატომ ბრუნავს დედამიწა მზის გარშემო ორბიტაზე? როგორ მოძრაობს სინათლე? რა აკავშირებს ატომებსა და ბირთვებს? საუკუნეების განმავლობაში მეცნიერები ცდილობდნენ იმ ძალების აღწერას, რომლებიც განსაზღვრავენ ურთიერთქმედებებს უდიდეს და უმცირეს მასშტაბებზე, პლანეტებიდან ნაწილაკებამდე. თანამედროვე ფიზიკა განმარტავს ბუნებაში არსებულ ოთხ ფუნდამენტურ ძალას. ესენია – გრავიტაციული, ელექტრომაგნიტური, ძლიერი და სუსტი. ტერმინი „ფუნდამენტური“ გულისხმობს, რომ ამ ოთხიდან თითოეული ძალა სხვა სახის ურთიერთქმედებით არ აღიწერება. გრავიტაციულ ურთიერთქმედებას განმარტავს ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონი, კიდევ უფრო ზუსტად კი აინშტაინის ფარდობითობის თეორია. გრავიტაციის კანონზომიერება შესამჩნევია მაკრო და ციური სხეულების სამყაროში. ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება ვლინდება როგორც მიკრო-, ასევე მაკროსამყაროში. ძლიერი და სუსტი ურთიერთქმედება აღწერს ბირთვში მიმდინარე პროცესებს.

გრავიტაციული ურთიერთქმედება უნივერსალურია, რადგან იგი მოქმედებს ყველა ნაწილაკზე. გრავიტაცია ოთხ ფუნდამენტურ ძალას შორის უსუსტესია. მისი მნიშვნელოვანი თვისებაა ის, რომ მოქმედებს დიდ მანძილზე (მილიარდობით კილომეტრზე) და ყოველთვის მიზიდულობის ხასიათისაა. ძლიერი ურთიერთქმედება მჟღავნდება 10 -14 მ-ზე, ხოლო სუსტი ურთიერთქმედება თავს იჩენს კიდევ უფრო მცირე მანძილზე, არაუმეტეს 10 -19 მ-სა. ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება ვლინდება იმ ნაწილაკებსა და სხეულებს შორის, რომელთაც გააჩნიათ ჭარბი ან ნაკლები ელექტრული მუხტი. თანასახელა მუხტის მქონე ნაწილაკები და სხეულები მიიზიდებიან, ხოლო საპირისპირო მუხტის კი განიზიდებიან. ლოგიკურად იბადება კითხვა, რა ძალები განაპირობებს ბირთვში დადებითად დამუხტული პროტონების ასე მჭიდროდ „ჩაჭეჭყვას“? სწორედ აქ იჩენს თავს ბირთვული ძალები (ძლიერი და სუსტი ურთიერთქმედება). ბირთვული ძალების მნიშვნელოვანი თვისებაა ახლოქმედება. ამ ძალების რაოდენობრივი თეორია ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ეს ძალები 100-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება.

მე-20 საუკუნის ბოლოს ფიზიკოსები სამყაროს აგებულების ერთიანი საწყისის მოძიებას ცდილობდნენ – ამუშავებდნენ თეორიას, რომელიც ბუნებაში მოქმედ ყველა ძალას გააერთიანებდა. ამ ხედვის მიხედვით, ყველა ტიპის ურთიერთქმედება ერთ საერთო ძალას უკავშირდება და ოთხივე ფუნდამენტური ურთიერთქმედება საერთო პირველწყაროდან მომდინარეობს. ეს მოსაზრება გაჩნდა მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა დაასაბუთეს, რომ ყველა ტიპის ურთიერთქმედების განხორციელების მექანიზმი ერთსა და იმავე პრინციპზე იყო დაფუძნებული. დამტკიცდა ელექტრომაგნიტური და სუსტი ურთიერთქმედების ერთიანი ბუნება. 2012 წელს კი, როდესაც აღმოაჩინეს ახალი ნაწილაკი, ე.წ. ჰიგსის ბოზონი, მათ ძლიერი ურთიერთქმედებაც შეუერთდა.

რატომაა სამყაროში არსებული ოთხი ფუნდამენტური ურთიერთქმედებიდან ერთ-ერთის ბუნება გამონაკლისი? იქნებ არც არის გამონაკლისი და გრავიტაციული ურთიერთქმედების ნიუტონისეული თეორიაა გადასასინჯი? მეცნიერებაში კერპები არ არსებობენ. ბუნება ამოუწურავია და ყოველი დიდი მეცნიერული აღმოჩენა, მხოლოდ სამყაროს ახალი, შეუცნობი მხარეების კვლევის დასაწყისია.

საინტერესო იქნება ამ თემაზე სასწავლო პროექტის განხორციელება. პროექტი საშუალებას მისცემს მოსწავლეს, „აღმოაჩინოს“ სამყაროს ერთიანობის იდეა; გააცნობიეროს, რომ ყველა პროცესი, ატომის ბირთვიდან გალაქტიკებამდე, იმართება ერთი და იმავე კანონებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ძლიერი და სუსტი ძალების გააზრება, რომლებიც მოზარდისთვის ხშირ შემთხვევაში ბუნდოვანი რჩება. ამ საკითხის ფიზიკური არსის გარკვევა მოსწავლეებში გააღრმავებს ზუსტი მეცნიერებებისადმი ინტერესს.

წარმოგიდგენთ სასწავლო პროექტს ოთხი ფუნდამენტური ძალა“.

 

პროექტის სახელწოდება ოთხი ფუნდამენტური ძალა
პროექტის ტიპი საგნობრივი
საგანი (საგნები) ფიზიკა /შესავალი თანამედროვე ფიზიკაში/
კლასი XI-XII
მონაწილეთა ასაკი 16-18 წელი
პრობლემის ანალიზი ·         მოსწავლეები სამყაროში მოქმედ ძალებზე ფლობენ ფრაგმენტულ ცოდნას და ვერ ხედავენ მათ შორის კავშირს;

·         ძლიერ და სუსტ ურთიერთქმედებებზე მსჯელობა მთლიანად დამყარებულია წარმოსახვაზე, რადგან მათი მოქმედება უშუალოდ არ ჩანს;

·         საჭიროა ისეთი მიდგომები, რომლებიც დაეფუძნება დაკვირვებას, მოდელირებას, ანალოგიებსა და შემოქმედებით აზროვნებას, რათა მოსწავლეებმა ფუნდამენტური ძალები აღიქვან, როგორც სამყაროს ერთიანობის საფუძველი.

 თემა /საკითხები /ქვესაკითხები ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაბუნებაში არსებული ოთხი ტიპის ურთიერთქმედება
სამიზნე ცნება/ სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები მატერია

·         არსებობს მატერიის ორი ფორმა – ნივთიერება და ველი;

·         ველი წარმოადგენს მატერიის უხილავ ფორმას, რომელიც განაპირობებს ნაწილაკებს /სხეულებს/ შორის ურთიერთქმედებას;

·         ნივთიერება და ველი ქმნიან ერთიან სისტემას, რაც განაპირობებს ოთხი ფუნდამენტური ძალის არსებობას;

·         მატერიის სტრუქტურა განისაზღვრება ფუნდამენტური ძალების ბალანსით;

·         მატერიის თვისებების ცოდნა მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური და ენერგეტიკული სისტემების განვითარებისთვის.

ძალა

·         ძალა წარმოადგენს სხეულთა ურთიერთქმედების რაოდენობრივ და ვექტორულ მახასიათებელს;

·         ბუნებაში არსებული ყველა ურთიერთქმედება შეიძლება აიხსნას ოთხი ფუნდამენტური ძალით;

·         ფუნდამენტურ ძალებს შორის არსებობს კავშირი, რაც სამყაროს სტრუქტურის ერთიანობას განაპირობებს;

·         გრავიტაციული და ელექტრომაგნიტური ძალები ადვილად შესამჩნევია მაკროსკოპულ სამყაროში;

·         სუსტი და ძლიერი ურთიერთქმედება არსებობს მიკროსამყაროში;

·         სამყაროს სტაბილურობა დამოკიდებულია ამ ძალების ბალანსზე.

პროცესი

·         პროცესი არის სამყაროში ფუნდამენტური ძალებით გამოწვეული ყველა ცვლილება;

·         ფიზიკურ პროცესებში ძალა მოქმედებს სხეულზე, იცვლება მისი ენერგია და ეს ცვლილება დროში მიმდინარეობს;

·         ნებისმიერი ბუნებრივი მოვლენა შეიძლება აიხსნას განსაზღვრული პროცესის საშუალებით, რომელიც ემორჩილება ფიზიკის კანონებს;

·         პროცესებზე დაკვირვება საშუალებას იძლევა წინასწარ განისაზღვროს მოვლენათა მიმდინარეობა.

ენერგია

·         ენერგია წარმოადგენს უნარს, გამოიწვიოს ცვლილება ან შეინარჩუნოს მდგომარეობა;

·         ენერგიის გადაცემასა და გარდაქმნას სხვადასხვა ძალა ახორციელებს სხვადასხვა ფორმით;

·         ენერგია გამოხატავს ფუნდამენტური ძალების მოქმედების შედეგს და წარმოადგენს ყველა ურთიერთქმედების საერთო საზომს;

·         ენერგიის გადაცემა და გარდაქმნა ფუნდამენტური ძალების მოქმედების შედეგია და ქმნის ბუნებრივი პროცესების საფუძველს;

·         ენერგიის შენახვის პრინციპი აერთიანებს ყველა ფუნდამენტურ ურთიერთქმედებას და ასახავს სამყაროს სტაბილურობას;

·         ენერგიის გადაცემისა და გარდაქმნის გააზრება აუცილებელია მატერიის სტრუქტურის, მოძრაობისა და ველის თვისებების გასაგებად.

სტანდარტთან კავშირი ფიზ.საშ.1. მეცნიერული მიღწევებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენებით ნივთიერებების შემადგენელი სტრუქტურის დახასიათება და ველების მახასიათებელი პარამეტრების შესახებ მსჯელობა მატერიის სახეების ფიზიკური თვისებებისა და მათი ცვლილების მიზეზების გასააზრებლად;

ფიზ.საშ.2. მეცნიერული მიღწევებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენებით ენერგიის სახეებზე და მათი ურთიერთგარდაქმნის მიზეზებზე/შედეგებზე მსჯელობა ბუნებაში მიმდინარე ფიზიკური მოვლენების დასახასიათებლად;

ფიზ.საშ.3.    მეცნიერული მიღწევებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენებით სხეულთა ურთიერთქმედებებსა და მათ შედეგებზე მსჯელობა ბუნებაში მიმდინარე პროცესების აღსაწერად;

ფიზ.საშ.4. მეცნიერული მიღწევებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენებით ბუნებაში არსებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დასაბუთება ფიზიკური პროცესების/მოვლენების აღსაწერად და დასახასიათებლად.

კვლევა რა ტიპის კვლევას მოიცავს პროექტი ·         პროექტი მოიცავს საგნობრივ კვლევას, რომელიც ეფუძნება ინფორმაციის მოძიებას, ფიზიკური მოვლენების ანალიზსა და მოდელირებას;

·         მოსწავლეები შეისწავლიან, როგორ განსაზღვრავს ოთხი ფუნდამენტური ძალა (გრავიტაციული, ელექტრომაგნიტური, ძლიერი და სუსტი) მატერიის სტრუქტურას, ენერგიის განაწილებას და სამყაროს სტაბილურობას.

გრძელვადიანი მიზნები ·         ფუნდამენტური ფიზიკური კონცეფციების ღრმა გააზრება;

·         კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარება;

·         მეცნიერული პრობლემების მიმართ შემოქმედებით მიდგომა;

·         დაკვირვებისა და მოდელირების უნარების ამაღლება;

·         მეცნიერული ცნებების ინტეგრირებულად გააზრება;

·         თანამშრომლობისა და ეფექტური კომუნიკაციის კულტურის ჩამოყალიბება;

·         კვლევითი მუშაობის და ახალი ცოდნის ინტერესის სტიმულირება.

მდგრადი განვითარების მიზნები მიზანი 4 – ხარისხიანი განათლება
პროექტის მიზნები და ამოცანები ·         ფუნდამენტური ძალების არსის გააზრება და მათ შორის კავშირის დანახვა;

·         ატომურ და კოსმოსურ მასშტაბებზე მოქმედი ძალების შედარება;

·         ძლიერი და სუსტი ურთიერთქმედების ახსნა მარტივი მაგალითებითა და მოდელირებით;

·         შემოქმედებითი დავალებებისა და პრეზენტაციის მეშვეობით ცოდნის ინტეგრირება.

პროექტის ვადები 3 – 4 კვირა
მოსალოდნელი შედეგები და რისკები მოსალოდნელი შედეგები:

·         მოსწავლეები შეძლებენ ფუნდამენტური ძალების კლასიფიკაციასა და ერთმანეთთან დაკავშირებას;

·         გააზრებული ექნებათ ძლიერი და სუსტი ურთიერთქმედების როლი ბირთვულ პროცესებში;

·         განუვითარდებათ მეცნიერული აზროვნება და კვლევითი უნარები;

·         შეძლებენ მიღებული ცოდნის ვიზუალურ და სიტყვიერ გადმოცემას პრეზენტაციის საშუალებით.

რისკები:

·         თემის აბსტრაქტულობამ შეიძლება აღქმაში შექმნას სირთულე;

·         ინფორმაციის გადაჭარბებულმა რაოდენობამ შეიძლება მოსწავლეებს დაუკარგოს მოტივაცია;

·         საჭიროა მასწავლებლის მხარდაჭერა და სწორი ეტაპობრივი მონიტორინგი და სამუშაოს მიმართულების განსაზღვრა.

პროექტის მიზნების და ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები პროექტის მიმდინარეობის სავარაუდო აქტივობები:

აქტივობა 1. პროექტის იდეის გაცნობა:

მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს პროექტის იდეას – ოთხ ფუნდამენტურ ძალას: გრავიტაციულს, ელექტრომაგნიტურს, სუსტსა და ძლიერ ბირთვულ ძალებს. განმარტავს, რატომ არის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი.

აქტივობა 2. პროექტის სამუშაოს განაწილება:

მოსწავლეებთან ერთად სამუშაო გეგმის შედგენა, თემების და პასუხისმგებლობის გადანაწილება. თითოეული ჯგუფი ამზადებს პრეზენტაციას შემდეგ თემებზე:

Ø  გრავიტაციული ძალა სხეულთა მიზიდულობის უნივერსალური კანონი“;

Ø  ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება“;

Ø  ძლიერი ბირთვული ძალა ატომის ბირთვის შემაკავებელი ურთიერთქმედება“;

Ø  სუსტი ძალა ბირთვული გარდაქმნების მიზეზი“.

აქტივობა 3. მოდელირება და შემოქმედებითი დავალება

მოსწავლეები ქმნიან მოდელს ან ვიზუალურ სქემას, რომელიც აჩვენებს ოთხი ფუნდამენტური ძალის მოქმედების არეალს, ინტენსივობასა და გამოვლინების ფორმებს.

Ø  პლასტილინის, ბურთულების, მავთულის ან/და ციფრული მოდელების გამოყენებით ძალების ურთიერთქმედების ვიზუალიზაცია;

Ø  კომიქსის ან მოკლე ანიმაციის შექმნა, სადაც პერსონაჟებად წარმოდგენილია ფუნდამენტური ძალები და მათი „ურთიერთქმედება“;

Ø  პოსტერი ან ინფოგრაფიკა თემაზე: „რა მოხდებოდა, რომ ერთ-ერთი ფუნდამენტური ძალა არ არსებობდეს?“

აქტივობა 4. კვლევა და შუალედური შეხვედრები

მოსწავლეები იკვლევენ მაგალითებს ბუნებიდან და ტექნოლოგიებიდან, სადაც შეინიშნება თითოეული ძალის გავლენა (მაგალითად, გრავიტაცია პლანეტების მოძრაობაში, ძლიერი ურთიერთქმედება ბირთვში, ელექტრომაგნიტური ძალა ელექტროტექნიკაში და სხვ.).

ტარდება შუალედური შეხვედრები პროგრესის გასაზიარებლად და უკუკავშირის მისაღებად.

აქტივობა 5. პრეზენტაცია

ჯგუფები წარმოადგენენ თავიანთ კვლევას, მოდელებსა და შემოქმედებით ნამუშევრებს.

 აქტივობა 6. დისკუსია:

„რა აერთიანებს ოთხ ფუნდამენტურ ძალას და როგორ ქმნიან ისინი სამყაროს ერთიან სურათს?“

აქტივობა 6. შეფასება

პროექტის შეფასება ხორციელდება შეფასების რუბრიკის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს:

Ø  მეცნიერულ სიზუსტესა და ცნებების სიღრმისეულ გაგებას;

Ø  შემოქმედებითობასა და მოდელირების ხარისხს;

Ø  თანამშრომლობასა და ჯგუფურ პასუხისმგებლობას,

Ø  პრეზენტაციის სტრუქტურას, არგუმენტაციასა და ვიზუალურ ფორმატს.

სასარგებლო ბმულები https://science.nasa.gov/universe/overview/forces/

https://www.space.com/four-fundamental-forces.html

https://www.britannica.com/science/fundamental-interaction

https://www.britannica.com/science/subatomic-particle/Four-basic-forces

https://www.youtube.com/shorts/QhohoAw0Q48

https://www.youtube.com/watch?v=669QUJrF4u0

https://www.youtube.com/watch?v=xTvp8fbL3hI

https://www.youtube.com/shorts/GqxAmIUzwbU

 

გამოყენებული რესურსები ·         სახელმძღვანელო, ვიდეომასალა, ინტერნეტი, კომპიუტერი, პროექტორი. წვრილი მავთული, ბურთულები, მაგნიტები, სხვადასხვა ფერი პლასტილინი, მავთული, ფერადი ფანქრები.

შეფასების რუბრიკა

 

კომპონენტი დაბალი საშუალო დონე მაღალი
ფიზიკური ცნებების გააზრება ფუნდამენტური ძალების შესახებ ცოდნა ფრაგმენტულია; ტერმინების გამოყენება არაზუსტია. იცნობს ძირითად ცნებებს, მაგრამ ზოგჯერ უჭირს ძალებს შორის კავშირის დანახვა. აღწერს ფუნდამენტურ ძალებსა და მათ ურთიერთკავშირს; იყენებს სწორ ფიზიკურ ტერმინებს; ახდენს ცნებების ინტეგრაციას.
კვლევითი და ანალიტიკური უნარები კვლევა ზედაპირულია; წყაროები შეზღუდულია; დასკვნები უმეტესად აღწერითია. იყენებს შესაბამის წყაროებს; ზოგჯერ ცდილობს და ახერხებს მიზეზ-შედეგობრივ ახსნებს. ავითარებს დამოუკიდებელ მსჯელობას; საკითხს იკვლევს მიზანმიმართულად, მაგალითებზე დაყრდნობით აკეთებს ლოგიკურ დასკვნებს.
შემოქმედებითი და ინტერდისციპლინური ხედვა იშვიათად ავლენს შემოქმედებით მიდგომას; იდეები ერთფეროვანია. ზოგიერთ ელემენტში იჩენს ინოვაციურ ხედვას (მაგ. ვიზუალური ელემენტები). იყენებს შემოქმედებით გზებს ფიზიკური იდეების გადმოსაცემად (მოდელი, ანალოგია, ვიზუალური მასალა); ავითარებს ორიგინალურ ინტერპრეტაციებს;
თანამშრომლობა და კომუნიკაცია ჯგუფში ჩართულობა სუსტია; იდეების გაზიარება იშვიათია. მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში, აქვს პრობლემები თანამშრომლობაში. აქტიურად თანამშრომლობს, უსმენს სხვებს, აზიარებს იდეებს; ავლენს ლიდერის თვისებებს, ახერხებს იდეებზე ეფექტიანად და ნაყოფიერად მუშაობას.
თვითშეფასება და რეფლექსია არ შეუძლია საკუთარ სწავლის პროცესის შეფასება. აღწერს ნაწილობრივ, რა ისწავლა, თუმცა ზოგადი ფორმით. აანალიზებს მიღწევებსა და სირთულეებს, განსაზღვრავს განვითარების გზებს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. გ.გედენიძე – შესავალი თანამედროვე ფიზიკაში, XI-XII კლასი, მოსწავლის წიგნი, მე-2 მოდული
  2. ქ. ტატიშვილი – ფიზიკა, IX კლასი, მოსწავლის წიგნი

,,ის მაინც ბრუნავს“ – სად არის სამყაროს ცენტრი?

0

„ ის მაინც ბრუნავს! მაინც ბრუნავს! ბრუნავს, ტიალი!

არ მოგვეშალოს ჩვენც ეს ბრუნვა და ხეტიალი…“.

მიხეილ ქვლივიძე

ფრაზა – „ის მაინც ბრუნავს“, საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც თავისუფალი აზრისა და მეცნიერული პროგრესის სიმბოლო. სამყაროს შეცნობა ხომ მუდმივ ძიებასთან და გაბედულ მოსაზრებებთან არის დაკავშირებული. კაცობრიობა დასაბამიდან ეძიებს სწორ პასუხს კითხვაზე – სად არის სამყაროს ცენტრი?

წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებ, როგორ იცვლებოდა ადამიანის ცნობიერება და შესაბამისი შეხედულებები სამყაროს მოწყობაზე. გეოცენტრული წარმოდგენებიდან – არისტაქეს, კოპერნიკისა და გალილეის მოსაზრებებამდე, ჯორდანო ბრუნოს გამბედავ იდეებამდე და კოსმოსის სტრუქტურის თანამედროვე ხედვამდე; როგორ ჩამოყალიბდა ადამიანის თვალსაზრისი და რას ფიქრობს დღეს მეცნიერება ყველაზე მთავარ კითხვაზე – როგორია სამყაროს სტრუქტურა?

დღეს, როდესაც ინფორმაციის ზღვაში ვართ ჩაძირულნი, მედიაწიგნიერება უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ის გვეხმარება, კრიტიკულად შევაფასოთ ინფორმაციის სხვადასხვა წყარო, განვასხვაოთ ფაქტი და მოსაზრება, ამოვიცნოთ მიზანმიმართული დეზინფორმაცია, არადამაჯერებელი თეორიები; მაგალითად, დედამიწა თითქოს ბრტყელია – კვლავაც პოულობს მომხრეებს გარკვეულ ჯგუფებში, რაც ნათლად აჩვენებს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფაქტების გადამოწმება და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება. საჭიროა საგანმანათლებლო დატვირთვის მქონე მრავალი სტატია, რომელიც წაახალისებს მკითხველს, იაზროვნოს დამოუკიდებლად და არ მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია უპირობო ჭეშმარიტებად.

სად არის სამყაროს ცენტრი? – ადამიანი ყოველთვის ცდილობდა გაეგო, სად არის მისი ადგილი სამყაროში. სამყაროს ცენტრის ძიება ყოველთვის უკავშირდებოდა ადამიანის მსოფლმხედველობას, კულტურასა და რწმენას. ძველ ბაბილონში, საბერძნეთში თუ შუა საუკუნეების ევროპაში, ცაზე დაკვირვება არა მხოლოდ ბუნების საიდუმლოების ახსნას ემსახურებოდა, არამედ, ადამიანს თავისი არსებობის აზრზეც აფიქრებდა. სამყაროს ცენტრის პოვნა გულისხმობდა საკუთარი ადგილის გამორკვევასაც.

ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ქმნიდნენ საკუთარი ხედვის შესაბამის მოდელებს. პირველი იყო გეოცენტრული წარმოდგენა – დედამიწა, როგორც კოსმოსის შეუვალი და მტკიცე ცენტრი. შემდეგ გაჩნდა ჰელიოცენტრიზმის იდეა, რომელმაც სრულად შეცვალა მოსაზრება სამყაროს მოწყობაზე – მზე, როგორც სინათლისა და სიცოცხლის წყარო, აღმოჩნდა შუაგულში.

https://rebrand.ly/wfgyfkg

კაცობრიობის ისტორიაში სამყაროს ცენტრის კვლევა ცოდნისა და სიმართლის ძიების სიმბოლოდ გადაიქცა. ის მხოლოდ ასტრონომიის საკითხი არ ყოფილა – იყო ადამიანის სწრაფვა, ეპოვა საკუთარი ადგილი უსასრულობაში.

გეოცენტრული წარმოდგენა

ადამიანი საუკუნეების განმავლობაში ფიქრობდა, რომ დედამიწა წარმოადგენს სამყაროს ცენტრს. როცა ცას ვუყურებთ, თითქოს ბუნებრივად გვიჩნდება განცდა, რომ ყველაფერი ჩვენ გარშემო ტრიალებს – მზე ამოდის და ჩადის, მთვარე პერიოდულად იცვლის ადგილსა და ფორმას, ღამის ცაზე ვხედავთ ვარსკვლავთა მოძრაობას. ლოგიკური იყო პირველი მოსაზრება, რომ დედამიწა არის სამყაროს შუაგულში, ხოლო ყველაფერი დანარჩენი მის გარშემო ბრუნავს. ეს წარმოდგენა საუკუნეების განმავლობაში იყო ყველაზე ლოგიკური ახსნა, რომელიც შეესაბამებოდა ყოველდღიურ გამოცდილებას.

მე-16 საუკუნემდე ადამიანები ცნობდნენ გეოცენტრულ მოდელს, რომლის თანახმადაც დედამიწაა ცენტრი, რომლის გარშემოც უნდა ყოფილიყო განხილული კოსმოსში მიმდინარე პროცესები. ამ მოდელის ფუძემდებელი გახლდათ მეორე საუკუნეში მოღვაწე ბერძნული წარმოშობის ეგვიპტელი ასტრონომი, მათემატიკოსი და გეოგრაფი პტოლემე ალექსანდრიელი.

პტოლემემ შექმნა დეტალურად ჩამოყალიბებული ასტრონომიული სისტემა, რომელიც აღწერდა არა მხოლოდ მზისა და მთვარის მოძრაობას, არამედ პლანეტების რთულ ტრაექტორიებს. მისი თეორია ეფუძნებოდა იდეას, რომ დედამიწა იყო უძრავი, ხოლო ციური სხეულები მის გარშემო წრიულ ორბიტებზე მოძრაობდნენ. წრე ძველ ბერძნებში სრულყოფილების სიმბოლოდ ითვლებოდა და ბუნებრივად მიიჩნეოდა მოსაზრება, რომ ,,ზებუნებრივმა ძალებმა“ პლანეტებს სწორედ წრიული მარშრუტით სიარული განუსაზღვრეს

დედამიწიდან დაკვირვებისას პლანეტები ზოგჯერ თითქოს ჩერდებიან და უკან მოძრაობენ. ამ ხილულ ეფექტს „უკუსვლას“ ვუწოდებთ. სწორედ ეს მოვლენა იყო გეოცენტრული სისტემის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომლის ახსნასაც პტოლემე ეპიციკლების თეორიით ცდილობდა.

https://rebrand.ly/aiitess

მეხუთე საუკუნეში ბერძენმა ფილოსოფოსებმა ფილოლაუსმა და ჰიცეტასმა ივარაუდეს, რომ დედამიწა იყო სფერო, რომელიც ყოველდღიურად ტრიალებს მისტიკური „ცენტრალური ცეცხლის“ გარშემო. ორი საუკუნის შემდეგ, არისტარქე სამოსელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ დედამიწა და სხვა პლანეტები მოძრაობდნენ ცენტრალური ობიექტის, მზის გარშემო. იმ ეპოქაში ამ იდეამ ვერ მოიპოვა მხარდაჭერა. დაახლოებით 1400 წლის შემდეგ გამოჩნდნენ მეცნიერები, რომლებიც ამტკიცებდნენ დედამიწისა და სხვა ციური სხეულების ბრუნვას მზის გარშემო.

მიუხედავად სირთულეებისა, გეოცენტრული მოდელი საუკუნეების განმავლობაში მტკიცედ იყო დამკვიდრებული. იგი არა მხოლოდ ასტრონომიული, არამედ სამყაროს ხედვის ფილოსოფიური შეხედულების ნაწილიც იყო – დედამიწა, როგორც განსაკუთრებული ადგილი, განიხილებოდა სამყაროს ცენტრად. ამ შეხედულებას ეჭვქვეშ თითქმის არავინ აყენებდა.

ჰელიოცენტრული სისტემა

XV საუკუნეში გაჩნდა იდეა, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა წარმოდგენა სამყაროზე. ნიკოლაუს კოპერნიკმა თქვა, რომ დედამიწა და სხვა პლანეტები ბრუნავენ მზის და საკუთარი ღერძის გარშემო. ამ წარმოდგენას ჩვეულებრივ უწოდებენ ჰელიოცენტრულ ან „მზეზე ორიენტირებულ“ სისტემას. ეს სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან „ჰელიოს“, რაც „მზეს“ ნიშნავს. კოპერნიკმა გაბედა ის, რაც საუკუნეების განმავლობაში წარმოუდგენლად მიიჩნეოდა. მან დედამიწა „სამყაროს ცენტრიდან“ „აქცია“ რიგით პლანეტად, რომელიც თავადაც მოძრაობდა, ხოლო სამყაროს შუაგულში მოიაზრა მზე.

კოპერნიკის თეორიასთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემა მაინც არსებობდა. მან ივარაუდა, რომ პლანეტები იდეალურ წრეზე ბრუნავდნენ. ამან გამოთვლები ცოტათი გააფუჭა, რადგან ისინი სინამდვილეში ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობენ.

 

 

კოპერნიკის ჰელიოცენტრიზმს იცავდა იტალიელი ჯორდანო ბრუნო – კოპერნიკის თეორიის პირველი აღიარებული დამცველი და გამავრცელებელი, პოეტი და ფილოსოფოსი. იგი კოპერნიკის სასარგებლოდ პროპაგანდას ეწეოდა არა მარტო იტალიაში, არამედ ყველა ქვეყანაში, სადაც კი მოგზაურობდა – საფრანგეთში, ინგლისსა და გერმანიაში. კოპერნიკის მოძღვრებას ბრუნო ასე გადმოსცემს: ,,…კოპერნიკს უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ მან გაგვათავისუფლა მცდარი რელიგიური დებულებებისაგან, რომლებიც ყველგან გაბატონებულ ვულგარულ დამაბრმავებელ ფილოსოფიაში სუფევდა. უნდა ვაღიაროთ, რომ უფრო დასაშვებია დედამიწის ფარდობითი მოძრაობა სამყაროში, ვიდრე ის, რომ უამრავი სხეული, რომელთაგან ბევრი დედამიწაზე უფრო დიდი და ლამაზია, მოძრაობს ჩვენი სფეროს, როგორც ცენტრის ირგვლივ. ეს ხომ ბუნებას და გონებას ეწინააღმდეგება“.

ჯორდანო ბრუნომ კიდევ მეტად განავითარა კოპერნიკის თეორია და უფრო შორს წავიდა – ეპიკურეს, ჰერაკლიტეს და ლუკრეციუსის მიბაძვით, რომლებიც სამყაროს დაუსრულებლობას და მარადიულ მოძრაობას აღიარებდნენ – დაუშვა, რომ მზე ერთ-ერთი ვარსკვლავთაგანია. ასეთი ვარსკვლავი სამყაროში უამრავია. სამყაროში არა მარტო დედამიწა, არამედ მზეც მტვრის ნაწილაკად უნდა მივიჩნიოთ. ამით ბრუნო შესანიშნავ დასკვნამდე მივიდა, რომ სამყარო უსასრულოა, იგი არ შექმნილა რომელიმე გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იგი არსებობდა და მარადიულად იარსებებს. ბრუნო იტალიაში 1600 წლის 17 თებერვალს საჯაროდ დაწვეს. ბრუნოს დაწვამ მსოფლიოს ნაწილი შეაშფოთა, მაგრამ ვერ შეაშინა. 1604 წელს, ისევ იტალიაში, გალილეო გალილეიმ დაიწყო ოფიციალური პროპაგანდა ჰელიოცენტრული სისტემის სასარგებლოდ.

https://rebrand.ly/vb85uf3

https://rebrand.ly/9a2u5vg

ჯორდანო ბრუნო იყო არა მხოლოდ ასტრონომი, არამედ ფილოსოფოსი და თეოლოგი. მისი იდეები ბევრად უფრო რადიკალური იყო, ვიდრე უბრალოდ კოპერნიკის ჰელიოცენტრიზმის დაცვა. ახალი იდეების გამოთქმა მარტივი არასოდეს ყოფილა. ფილოსოფოსი ჯორდანო ბრუნო (1548–1600) ქადაგებდა, რომ სამყარო უსასრულოა, ვარსკვლავები სხვა მზეებია და შესაძლოა, მათ გარშემო პლანეტებზეც არსებობდეს სიცოცხლე. დღემდე ჯორდანო ბრუნო მიიჩნევა თავისუფალი აზრისა და მეცნიერული გამბედაობის სიმბოლოდ.

სამყაროს შესახებ ახალ შეხედულებებს ყველგან გამოუჩნდა მომხრეები: პოლონეთში იან ჰეველიუსი, ინგლისში – რობერტ ჰუკი, ჯონ ფლემსტიდი, ისააკ ნიუტონი და ჯეიმზ ბრადლეი, საფრანგეთში – ბერნარ ლე ბოვიე დე ფონტენელი, ნიდერლანდში – ქრისტენ ჰიუგენსი, რუსეთში – მიხეილ ლომონოსოვი, საქართველოში – დავით და იოანე ბაგრატიონები და სხვა.

ჰელიოცენტრული მოდელი ერთ შეხედვით უფრო მარტივი ჩანდა, მაგრამ ამ სიმარტივეს უდიდესი სიღრმე ჰქონდა. კოპერნიკის მოდელით, პლანეტების „უკუსვლაც“ ლოგიკურად გასაგები გახდა. კოპერნიკის ხედვით, პლანეტების აშკარა უკუქცევა ჩაითვალა ოპტიკურ ილუზიად, რომელიც გამოწვეულია დედამიწის ორბიტალური სიჩქარით, როდესაც ჩვენი პლანეტა უსწრებს მზის სისტემის გარე პლანეტებს, ისინი ცოტა ხნით თითქოს უკან მოძრაობენ, რადგან დედამიწაც მოძრაობს მზის გარშემო, ზოგჯერ პლანეტების ხილული მოძრაობა ცაზე მოჩვენებით „ბრუნავს უკან“. ამ მოსაზრებამ მნიშვნელოვნად გაამარტივა ციური სხეულების სურათი და უფრო თანმიმდევრული გახადა.

დიდი ხნის განმავლობაში კოპერნიკის თეორიას მხოლოდ თეორიული ახსნა ჰქონდა. ამ იდეის პრაქტიკული დასაბუთება შეძლო გალილეო გალილეიმ. მან ტელესკოპის დახმარებით, სამყაროს მოწყობის ახალი სურათი წარმოადგინა – იუპიტერის თანამგზავრები, რომლებიც აშკარად მოძრაობდნენ არა დედამიწის, არამედ სხვა პლანეტის გარშემო; ვენერას ფაზები, რომელიც მისი მზის გარშემო ბრუნვით აიხსნებოდა. ეს აღმოჩენები გეოცენტრული სისტემისთვის პირდაპირი დარტყმა იყო.

1633 წელს ინკვიზიციამ გალილეო გალილეი აიძულა და მან საჯაროდ უარყო ჰელიოცენტრული სწავლება. გადმოცემით, როდესაც იძულებულმა უარი თქვა კოპერნიკის თეორიაზე, ჩუმად, თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა: „And yet it moves!“ – „ის მაინც ბრუნავს!“. ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს ფრაზა წყაროებში პირველად მხოლოდ გალილეის სიკვდილის შემდეგ, 1640-იან წლებში გაჩნდა. დიდი ალბათობით, ეს მითოსური სიტყვებია, მაგრამ კარგად გამოხატავს გალილეის სულიერ დაუმორჩილებლობას და მეცნიერის შეხედულებებს.

ჰელიოცენტრული მოდელი მხოლოდ ასტრონომიული შეხედულებების ცვლილება არ ყოფილა. მისი გახმოვანება იყო ნამდვილი ინტელექტუალური რევოლუცია – ადამიანი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საკუთარ თავს სამყაროს ცენტრად მიიჩნევდა, აღმოჩნდა, რომ უბრალო პლანეტაზე ცხოვრობდა, რომელიც მზის გარშემო ბრუნავს. ეს ცვლილება არა მხოლოდ მეცნიერებას, არამედ ფილოსოფიასა და კულტურასაც შეეხო – სრულად შეიცვალა სამყაროს აღქმა.

გალილეის დაკვირვებებს დაემატა იოჰანეს კეპლერის სერიოზული მათემატიკური ანალიზი. მან დაამტკიცა, რომ პლანეტები არ მოძრაობენ სრულყოფილ წრეზე, არამედ ელიფსურ ორბიტებზე. ეს აღმოჩენა კიდევ უფრო ადვილად ხსნიდა დაკვირვებებს და საბოლოოდ ჰელიოცენტრულ სისტემას მყარ სამეცნიერო საფუძველს აძლევდა.

კეპლერმა 1596 წელს გამოაქვეყნა წიგნი – „სამყაროს საიდუმლოება“. ამ ნაშრომში ავტორმა სრულიად აშკარად დაიცვა ჰელიოცენტრული სისტემა. იოჰანეს კეპლერმა შეიმუშავა მზის სისტემის ჰელიოცენტრული მოდელი, რომლის თანახმადაც ყველა პლანეტა მოძრაობს საკუთარ ელიფსურ ორბიტაზე.

კეპლერისა და ნიუტონის კანონებმა დაადასტურა, რომ ჰელიოცენტრიზმი მზის სისტემის სწორი მოდელია. ორი საუკუნის შემდეგ, იოზეფ ფონ ფრაუნჰოფერმა მზის სპექტრი შეადარა სხვა ვარსკვლავების სპექტრს და დაამტკიცა, რომ მზეც არ არის განსაკუთრებულ ადგილას.

კეპლერის კანონები

 

კეპლერის პირველი კანონი:

მზის გარშემო თითოეული პლანეტის მოძრაობის ორბიტა ელიფსია. მზის ცენტრი ყოველთვის ორბიტალური ელიფსის ერთ ფოკუსშია. პლანეტის საკუთარ ორბიტაზე ბრუნვა ნიშნავს, რომ პლანეტასა და მზეს შორის მანძილი მუდმივად იცვლება.

კეპლერის მეორე კანონი:

მზიდან პლანეტისკენ გავლებული რადიუს-ვექტორი დროის ტოლ შუალედებში ტოლ ფართობებს ,,მოჭიმავს“. პლანეტები თავიანთ ორბიტებზე მუდმივი სიჩქარით არ მოძრაობენ. მათი სიჩქარე იცვლება ისე, რომ მზისა და პლანეტის ცენტრების დამაკავშირებელი ხაზი, თანაბარი დროის განმავლობაში, ფართობის თანაბარ ნაწილებს მოიცავს. პლანეტ და მზეს შორის უახლოეს წერტილს პერიჰელიონი ეწოდება. უდიდესი დაშორების წერტილს აფელიონი, ამიტომ კეპლერის მეორე კანონის თანახმად, პლანეტა ყველაზე სწრაფად მოძრაობს პერიჰელიონში ყოფნისას და ყველაზე ნელა აფელიონში.

კეპლერის მესამე კანონი:

პლანეტების მზის ირგვლივ ბრუნვის პერიოდების კვადრატები ისე შეეფარდება ერთმანეთს, როგორც მათი ელიფსური ორბიტების დიდი ნახევარღერძების კუბები. კეპლერის მესამე კანონი გულისხმობს, რომ პლანეტის მზის გარშემო ბრუნვის პერიოდი სწრაფად იზრდება მისი ორბიტის რადიუსთან ერთად. ამრიგად, ჩვენ ვხვდებით, რომ მერკური, ყველაზე შიდა პლანეტა, მზის გარშემო ბრუნვას მხოლოდ 88 დღეს ანდომებს. დედამიწას 365 დღე, ხოლო სატურნს იმავეს გასაკეთებლად 10 759 ( 29 წელი 5 თვე 15 დღე) დღე სჭირდება.

კეპლერმა, როდესაც ეს სამი კანონი შექმნა, არ იცოდა გრავიტაციის შესახებ. მისმა კანონებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ისააკ ნიუტონის გრავიტაციის უნივერსალური თეორიის ჩამოყალიბებაში, რომელიც ხსნის კეპლერის მესამე კანონის უკან მდგომ უცნობ ძალას. კეპლერი და მისი თეორიები, როგორც ახალი შეხედულების საფუძვლები, გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო ჩვენი მზის სისტემის დინამიკის უკეთ გასაგებად და გასააზრებლად.

იოჰანეს კეპლერმა თავისი კანონებით ზუსტად აღწერა, როგორ მოძრაობენ პლანეტები ელიფსურ ორბიტებზე. ეს კანონები წმინდად ემპირიული იყო, ანუ დაკვირვებებზე დაფუძნებული. მათ საფუძვლად დაედო ასტრონომ ტიხო ბრაჰეს მიერ მრავალი წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემები. მიუხედავად ამისა, კეპლერს არ შეეძლო აეხსნა, რატომ იცვლებოდა პლანეტების სიჩქარე და რა ფიზიკური ძალა აკავებდა მათ მზის გარშემო.

დაახლოებით 70 წლის შემდეგ, ისააკ ნიუტონმა, მსოფლიო მიზიდულობის კანონის ჩამოყალიბებისას, მათემატიკურ საფუძვლად სწორედ კეპლერის კანონები გამოიყენა. ნიუტონმა პირველმა დაამტკიცა, რომ გრავიტაცია უნივერსალური ძალაა და ის მოქმედებს სამყაროში არსებულ ყველა სხეულზე. ნიუტონის კანონის მიხედვით, ორი სხეული იზიდავს ერთმანეთს ძალით, რომელიც პირდაპირპროპორციულია მათი მასების ნამრავლისა და უკუპროპორციულია მათ შორის მანძილის კვადრატის.

ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონი სამართლიანია როგორც დედამიწაზე, ისე კოსმოსში. სწორედ ამ კანონის აღმოჩენის შემდეგ გახდა გასაგები, თუ რატომ ბრუნავენ პლანეტები მზის გარშემო და როგორ მოქმედებს გრავიტაცია მთელს სამყაროში.

კეპლერის კანონებმა და ნიუტონის უნიკალურმა აღმოჩენებმა შექმნეს ახალი მეცნიერული ხედვა, რომელმაც საბოლოოდ გაამყარა ჰელიოცენტრული სისტემის სისწორე და საფუძველი ჩაუყარა კლასიკურ ფიზიკას.

კეპლერის კანონებზე დაკვირვება შესაძლებელია ქვემოთ მოცემულ სიმულაციებში:

https://rb.gy/p32m9y

https://rb.gy/a9b8iy

https://rb.gy/vnvq9n

1851 წელს ჟან ბერნარ ლეონ ფუკომ პარიზის პანთეონში ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელიც დედამიწის ბრუნვის დასამტკიცებლად, ისტორიაში შევიდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ექსპერიმენტი.

https://rebrand.ly/3s2518r

ფუკოს ქანქარა წარმოადგენს 28კგ. რკინის ბურთს, რომელიც 67 მეტრის სიგრძის ფოლადის მავთულზეა ჩამოკიდებული. ფუკოს ქანქარის რხევის ტრაექტორია, პირველი დემონსტრირება იყო – მტკიცებულება დედამიწის საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვის შესახებ, რაც ამყარებს შეხედულებას ჩვენი გალაქტიკის ჰელიოცენტრულ მოწყობაზე.

გეოცენტრულობის იდეა მხოლოდ ასტრონომიული თეორია არ ყოფილა – იგი ადამიანის მსოფლმხედველობის ფუნდამენტურ საფუძვლებს ეხებოდა. ეს მოდელი თითქოს ადასტურებდა, რომ კაცობრიობას განსაკუთრებული ადგილი ეკავა სამყაროში. სწორედ ამიტომ აღიქმებოდა კოპერნიკის იდეა ბევრისთვის საფრთხედ – „როგორ შეიძლება დედამიწა იყოს ჩვეულებრივი პლანეტა?“ – ეს კითხვა კულტურულ და სულიერ შოკად გადაიქცა. ადამიანი, რომელიც თავს სამყაროს ცენტრად მიიჩნევდა, აღმოჩნდა უსასრულო სივრცეში მცურავ პატარა პლანეტაზე. დაიწყო დისკომფორტისა და ინტელექტუალური გამბედაობის ეპოქა, რაც დაკვირვებასა და ლოგიკაზე დაფუძნებით მეცნიერების ჭეშმარიტი მიმართულებით განვითარებას გულისხმობდა. ჰელიოცენტრული მოდელი იქცა სამეცნიერო რევოლუციის ერთ-ერთ ბიძგად და აჩვენა, რომ რეალობა ყოველთვის არ ემთხვევა ჩვენს უშუალო აღქმებს.

დღევანდელი ასტრონომია გვთავაზობს მზის სისტემის ზუსტ სურათს – დედამიწა არის ერთ-ერთი პლანეტა, რომელიც მზის გარშემო ბრუნავს ელიფსურ ორბიტაზე, ხოლო მზე, ჩვენი გალაქტიკის გრავიტაციულ ცენტრს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მეცნიერებამ თვალსაჩინოდ ჩამოაყალიბა კოსმოსის მოწყობის მოდელი, ისტორიულმა შეხედულებებმა მაინც შეინარჩუნეს ფასეულობა. გეოცენტრულმა სისტემამ კაცობრიობას ასწავლა დაკვირვების, მოდელირებისა და პროგნოზირების მნიშვნელობა, ხოლო ჰელიოცენტრულმა დაგვანახა, რომ მეცნიერული სწავლება უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებას და შესაძლოა, რადიკალურად შეცვალოს ადამიანის წარმოდგენები სამყაროზე.

კაცობრიობის ხედვა კოსმოსზე საუკუნეების განმავლობაში თანმიმდევრულად იცვლებოდა – დედამიწიდან, როგორც თითქოსდა სამყაროს ცენტრიდან, ჩვენმა ცნობიერებამ გადაინაცვლა მზის გარშემო მოძრავი პლანეტის პერსპექტივაზე; შემდგომში გაირკვა, რომ მზე მხოლოდ ერთ-ერთი ვარსკვლავია გალაქტიკაში, ხოლო თავად გალაქტიკა, ერთ-ერთი – მილიარდობით სხვა გალაქტიკებს შორის.

https://rb.gy/5lbb9q

თანამედროვე მეცნიერება სამყაროს განიხილავს, როგორც უამრავი გალაქტიკის ერთობლიობას, რომელიც მუდმივად მოძრაობს და ფართოვდება უსასრულო სივრცეში. მიუხედავად დაგროვილი ცოდნის ამ უზარმაზარი პროგრესისა, მთავარი შეკითხვა კვლავ ღიაა – როგორია სამყაროს საბოლოო სტრუქტურა და რა კანონებით იმართება მისი ევოლუცია.

სწავლა-სწავლების პროცესში, სამყაროს მოწყობის შესახებ ისტორიული შეხედულებები მრავალმხრივ დატვირთვას იძენს. იგი აჩვენებს, რომ შეცდომები და წინააღმდეგობები შემეცნების განვითარების ნაწილია, ხოლო მეცნიერული სიმართლე მიიღწევა კითხვებით, ეჭვებითა და დაკვირვებით. პტოლემეს, კოპერნიკის, გალილეოს, კეპლერის და ნიუტონის ნაშრომები გვახსენებს, რომ მეცნიერება ცოცხალი პროცესია, სადაც ყოველი თაობა ხელახლა სვამს ერთსა და იმავე შეკითხვას: „სად არის სამყაროს ცენტრი?“

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://rebrand.ly/f46720

https://rebrand.ly/yx1ag5p

https://rebrand.ly/tx2pxxl

https://rebrand.ly/lx46wvt

https://rebrand.ly/ek2r41p

 

არეული ჩანაწერები ხერთვისიდან (მეორე ნაწილი)

0

საოცარია, დროთა განმავლობაში ყველაფერი როგორ იქცევა ისტორიის ნაწილად და იმდროინდელი აწმყოს აღდგენის საშუალებად. მაგალითად, ვიცით, რომ ციხე რამდენჯერმეა რესტავრირებული. დანამდვილებით კი ის ვიცით, რომ ქვედა, დღეისათვის მოშავო ფერის ნაწილი, ციხეს XX ს-ის შუა ხანებში მიამატეს.

საიდან ვიცით ეს?

შემონახულია 1945 წელს გადაღებული ფოტოსურათი, რომელზეც ამ ადგილას მხოლოდ ღიობია. ესე იგი, ამ დროისათვის ციხე ჯერ რესტავრირებული არ იყო და ქვედა ნაწილიც მოგვიანებით აღუდგენიათ.

მაგრამ საბოლოოდ ციხის გაწმენდა მხოლოდ ამ რამდენიმე წლის წინ მოახერხეს. ალბათ, გაგიკვირდებათ, რა გაწმენდა უნდოდა, არქეოლოგიური სამუშაოები აკი ისედაც არ ჩაუტარებიათო.

საქმე ისაა, რომ, როგორ გასაოცრადაც უნდა ჟღერდეს, აქ ხალხი ცხოვრობდა. დიახ, ციხის გალავნის შიგნით მოსახლეობას ქოხები ჰქონდა ჩადგმული და საქონელი ჰყავდა გაშვებული. ადვილი წარმოსადგენია, ციხე რას დაემსგავსებოდა ასეთ პირობებში.

ექსკურსიამძღოლმა, ბატონმა მუხრანმა, რომელიც, ამავდროულად, ვარძიის ფონდების მცველია და ადრე ვარძიაშიც გიდად მუშაობდა, გვიამბო – კოშკის მეორე სართულზე ერთი გლეხი ცხოვრობდა და ძლივს დავიყოლიეთ, რომ გამოგვესახლებინაო.

ეს ამბავიც, ალბათ, ოდესმე ისტორიის ნაწილად იქცევა.

ხერთვისის აწმყო კი ასეთია:

ასვლისას მოხუცი ქალი შემოგვხვდა, წელში მოხრილი, ჭრელაჭრულა კაბაში. ალუმინის ბიდონი მოჰქონდა ქოშინ-ქოშინით, აი ისეთი, სოფელში წყლისთვის რომ ვიყენებთ.

მერე მოხუცი ცოლ-ქმარი შემოგვეყარა, ასევე – ალუმინის ბიდონებით.

გამიკვირდა, საიდან მოაქვთ-მეთქი.

როცა ჩვენი ექსკურსია დასასრულს მიუახლოვდა, შუადღის თორმეტი საათი იქნებოდა, მაგრამ მზე ისე აჭერდა, როგორც მხოლოდ მთაში იცის.

ბატონმა მუხრანმა, ჩვენი წყაროს წყალი დალიეთ, ისეთი კარგი წყარო გვაქვს, ცოტა სული მოითქვითო, – და იქვე ერთი რეზინის მილს, მეორე, დასაგრძელებლად მიმაგრებული მილი მოხსნა.

წყალი მართლაც ცივი და გემრიელი იყო. ყველას მაშინვე ის სამი მოხუცი გაგვახსენდა.

რანაირად შეიძლება, რომ ციხის ეზოში წყარო მოთქრიალებდეს და თვითონ სოფელს კი სასმელი წყალი არ ჰქონდეს?

რანაირად შეიძლება, ეს ოცდამეერთე საუკუნეში მოხდეს, როცა შორეულ და, როგორც ამბობენ, ბნელ შუა საუკუნეებშიც კი წყალმომარაგების ამბავი ჩვენს წინაპრებს ნაფიქრი და გათვლილ-გაწერილი ჰქონდათ?

ეგ არის საქართველო – ნახავ და იამაყებ, მაგრამ შეუძლებელია თან გულიც არ ჩაგწყდეს…

„შუშანიკის წამება“ და გენდერული დამოკიდებულებები

0

ქართული ლიტერატურის პირველი და ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ტექსტი „შუშანიკის წამება“ ასე იწყება: „და აწ დამტკიცებულად გითხრა თქუენ აღსასრული წმიდისა და სანატრელისა შუშანიკისი“ – შუშანიკის აღსასრულის შესახებ გიამბობო, გვპირდება ავტორი. ის დაპირებას ნამდვილად ასრულებს, თუმცა მანამდე ვარსქენის ამბავს გვიმხელს – შუშანიკის ვინაობამდე ვარსქენის შესახებ გვესაუბრება, და მხოლოდ ამის შემდეგ გვეუბნება, „და ცოლად მისა იყო ასული ვარდანისი, სომეხთა სპასპეტისაი, რომლისათვის ესე მივწერე თქუენდაო“. არადა, ტექსტისთვის მნიშვნელოვანი სწორედ დედოფლის შესახებ თხრობაა, ეს მისი ამბავია, სხვა დანარჩენი ფონი და სამოსელია ამ ამბის.

ისმის კითხვა: რატომ იწყებს საუბარს ავტორი ვარსქენის ისტორიით? ალბათ იმიტომ, რომ თუმცა ვარსქენი ქვეყნისა და ეკლესიის მოღალატეა, მოძალადეა, ის მამაკაცია, ოჯახის თავი, და ამით ერთგვარად ყველაფერი ნათქვამია.

ჩემს ვარაუდს ქართული ლიტერატურისთვის დამახასიათებელი მსგავსი პასაჟის სხვა ტექსტებში არსებობით განვამტკიცებდი. თუნდაც უკვდავი „ვეფხისტყაოსნის“ ცნობილი სიტყვები გავიხსენოთ:

„ვის ჰშვენის, – ლომსა, – ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,

– მეფისა მზის თამარისა, ღაწვ-ბადახშ, თმა-გიშერისა, –

მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შე, რისა?

მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ მიშერისა“.

 

თამარი მეფეა, მზეა, ბრწყინვალებაა, მაგრამ ქალია, ამიტომ, თუნდაც ძალიან დელიკატურად, მოკრძალებით, სახელის უთქმელად, მაგრამ ჯერ მაინც მამაკაცი უნდა დასახელდეს – ლომი (დავით სოსლანი ან ლაშა-გიორგი), რომელსაც თამარ მეფის იარაღის ტარება შვენის.

სამეცნიერო ლიტერატურაში ბევრჯერ გამოკვეთილა სხვადასხვა ეპიზოდი, რომლებიც სწორედ გენდერულ უთანასწორობაზე მიანიშნებს „შუშანიკის წამებაში“: „ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური“, „დედათა ბუნებაი იწრო არს“, „სადა არა არს რჩევაი მამაკაცისა და დედაკაცისაი“ და ა.შ.

ლიტერატურულ ტექსტებს ხშირად განვიხილავთ ხოლმე დღევანდელი გადმოსახედიდან, ვაკავშირებთ თანამედროვეობასთან, თუმცა, აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ისტორიული კონტექსტი – რად, რის ფასად უჯდება შუშანიკს ის წინააღმდეგობა, ის ბრძოლა, რომელში შესვლაც მოუწია.
ტექსტში ამ თვალსაზრისით რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი იკითხება: ადრეფეოდალური საქართველოს საზოგადოებრივი წყობა: პატრიარქალური სისტემა, ქალი ოჯახისა და საზოგადოების ქვესაფუძველში, ქალის როლი რელიგიაში და ეკლესიური თვალსაზრისით. ქმრისა და ცოლის ურთიერთობის მოდელი იმდროინდელ კულტურაში…

და ნაწარმოებიც ამ მინიშნებებს გვაწვდის: შუშანიკის არჩევანი – ქმრის წინააღმდეგ წასვლა (არჩევს რწმენას). მისი უარი გამოხატავს პიროვნულ თავისუფლებას, ზნეობრივ სიმტკიცესა და სულიერ ავტონომიას. ხოლო, ქმარი – ვარსქენი, ისახება, როგორც ქალის უფლებების უგულებელმყოფელი ფიგურა. მეტიც, ის სწორედ იმაზე ამახვილებს ყურადღებას, ჩემმა ცოლმა შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა, სახლიდან წავიდა და ჩემს საგებელს ნაცარი გადააყარაო, მაშინ, როცა სწორედ თავადაა მთავარი მიზეზი ოჯახის დანგრევისა.

შუშანიკის, როგორც ქალის, როგორც ცოლის პიროვნული არჩევანის მიმართ მეუღლის დამოკიდებულება, უფრო სწორად, ამ არჩევანის უგულებელყოფა დასაწყისიდანვე თვალში საცემია: ვარსქენი სპარსეთის შაჰს ჰპირდება, „რომელი-იგი ბუნებითი ცოლი არს და შვილნი, იგინიცა მოვაქცინე შენსა სჯულსა, ვითარცა ესე მე“. თუმცა ამის პირობა შუშანიკისგან მას არ ჰქონია. პიტიახშს წარმოდგენაც არ აქვს, რომ ასეთი წინააღმდეგობა შეხვდება მისგან. სხვა საქმეა, რომ საკუთარი ამბიციებით (და ალბათ ვახტანგ გორგასლის წინსვლის შიშისგან) დაბრმავებული არც იცნობს წესიერად ოჯახის წევრებს. ჰგონია, რომ მის გარშემო ტრიალებს სამყარო. ფაქტობრივად, ვარსქენის ამგვარი დამოკიდებულება განაპირობებს კიდევაც მომავალი ამბების განვითარებას. მას რომ ოდნავი წარმოდგენა მაინც ჰქონოდა დედოფლის რეაქციაზე, შეიძლება მსგავსი ნაბიჯი არც გადაედგა ასე დაუფიქრებლად.

შუშანიკსაც აწუხებს ეს უთანასწორობა, ღვთიურ სამსჯავროს ელოდება, რადგან იქ არ იქნება „რჩევა მამაკაცისა და დედაკაცისა“.

მსგავსი პასაჟების მოხმობა ტექსტიდან კიდევ შეიძლება და ამ საკითხზე არაერთხელ გამახვილებულა ყურადღება შესაბამის ლიტერატურაში თუ საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას. ჩვენი მიზანი არც ის ყოფილა, გვეჩვენებინა, როგორ ჩანს ტექსტში სქესთა შორის მიმართება, ეს ისედაც აშკარაა წინა აბზაცებში ნახსენები ეპიზოდებიდან. ამ ერთი პატარა დეტალით იმის ხაზგასმა მსურდა, რამდენადაა მსგავსი დამოკიდებულება გამჯდარი მთლიანად საზოგადოებაში, და რამდენად იგრძნობა ის თუნდაც ამ მცირე მონაკვეთით: დიდი და ნეტარი მოწამის ამბის თხრობას ავტორი „სამგზის საწყალობელი“ ანტიგმირის ისტორიის გადმოცემით რომ იწყებს.

მეცა, სიტყუაო…

0

დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“-ს შესახებ

 

თუკი საქართველოს ცნების ერთ კონკრეტულ პიროვნებაში განსხეულებას დავაპირებთ, უსათუოდ და უპირველესად, ალბათ დავით აღმაშენებელი მოგვაგონდება – დიდი ხელმწიფე, რომელმაც საქართველოს იდეა სრულყოფილად განახორციელა. 16 წლისამ ჩაიბარა თურქ-სელჩუკთაგან იავარქმნილი, დაშლილი და ღონეგამოცლილი ქვეყანა და ტიტანური ენერგიით, დაუღალავი შრომით, გონით, ხმლითა და ოფლით მიჰყვა მისი ბედისწერის გამოჩარხვას. ჯერ გარე მტერს შეუტია, მერე შიდა მტერზეც გაიმარჯვა, ქვეყანა ეკონომიკურად და კულტურულად ააღორძინა, მის შიგნით და გარეთ განათლების კერები დაანთო, სულიერების ტაძარი მანკიერთაგან გაწმინდა, დიდგორი გააბრწყინა – ქართველთა ძლევაი საკვირველი და, ქვეყნის საზღვრები ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმა. ცხოვრების უკანასკნელ წლებში კი სინანულის საგალობელი შექმნა – ეს ყველაზე აღმატებული აკორდი მის სულიერ ცხოვრებაში, ამქვეყნიური მეუფების გვირგვინი მარადისობის მეუფების წინაშე…

მსოფლიო ისტორია, რა თქმა უნდა, იცნობს დიდ მონარქებს, ძლევამოსილ და ღვაწლმოსილ მეფეებს, რომლებმაც უზარმაზარი როლი ითამაშეს თავიანთი ქვეყნების განვითარებაში, თუმცა იშვიათად მომხდარა, რომ სიცოცხლის ბოლოს იმ რანგისა და სიმაღლის სინანულის ჰიმნი ემღეროთ, როგორიც დავით აღმაშენებელმა დატოვა.

ვისაც ეს მშვენიერი, ღრმა და სულის შემძვრელი საგალობელი ახსოვს, ალბათ თავისი ცხოვრების რომელიმე წუთს უნებლიეთ წამოსცდენია კიდეც:

„რომლისაცა წინაშე

ქედდადრეკილ არს ყოველი,

მუჴლი ყოველი მოდრკების და ენაჲ ყოველი

შენსა

ჴმობს აღსარებასა,

მეცა, სიტყუაო,

აღმსარებელსა მომხედენ!..“.

„გალობანი სინანულისანი“ მეფის სინანულის ჰიმნი კია, თუმცა თავისი არსით ის ყოველი კაცის, ცოდვით დაცემული სულის ამოძახილსაც იტევს, ამიტომ ის ერთდროულად კონკრეტულიცაა და საზოგადოც, ერთი კაცის აღსარებაცაა და მთელი კაცობრიობის შენდობის ლოცვაც… თანაც, ეს არაა მხოლოდ ჰიმნოგრაფიული ნაწარმოები. ის, უპირველესად, მხატვრული ქმნილებაა და სწორედ ამიტომაც მიიჩნევენ დავით აღმაშენებელს მეფე-პოეტადაც, სხვა სახელოვან რეგალიებთან და სიქველეებთან ერთად.

„გალობანი სინანულისანი“-ს მეცნიერულ შესწავლას საფუძველი კორნელი კეკელიძემ დაუდო. მეცნიერი „ქართული ლიტერატურის ისტორიაში“ დავით აღმაშენებელს მოიხსენებს, როგორც მწერალსა და მოაზროვნეს.

„გალობანი სინანულისანი“ იმ დიდი მხატვრულ-ჰიმნოგრაფიული ტრადიციის გამგრძელებელი ტექსტია, რომელსაც ეფრემ ასური, ანდრია კრიტელი, იოანე დამასკელი, გრიგოლ ნარეკაცი და სხვანი ქმნიდნენ. მათ შემოქმედებას სინანულის პოეზიაც შეიძლება ვუწოდოთ და ეს დიდებული, მგზნებარე, დასაბამიერი ცოდვის განცდით შეძრული ჰიმნები დღესაც მძლავრად ზემოქმედებს სულიერებისკენ მიდრეკილ მკითხველზე და დღესაც შთააგონებს მარადისობის წინაშე გაყურსულ შემოქმედთ.

შთააგონებს მათ, ვინც თანამედროვე ტექნოკრატიულ, ფასეულობებაღრეულ ეპოქაში, სადაც ზოგჯერ სინანულიც კი ნიველირებულია (ან მისი აღქმა სრულიად გამქრალია), მაინც უდრტვინველად, უკანასკნელი მცველებივით ერთგულებენ უპირველეს ზნეობრივ იდეებს, ადამიანის სულს ჭეშმარიტების შუქზე ჭვრეტენ და საკუთარ გამოცდილებას მადლის შხეფებად გარდაქმნიან, ცოდვის მორევში ჩაძირული კაცობრიობისათვის…

„გალობანი სინანულისანი“-ს კითხვისას ანა კალანდაძის უჭკნობი ლექსიც გვახსენდება, რომელიც მან დიდ მეფეს მიუძღვნა. „ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო, მიუტევები…“ – გულწრფელია პოეტის გაოცება, როცა აღმაშენებლის სამეფო დიდების მასშტაბს მისივე სინანულის სიღრმეს ადარებს… მართლაც,  მემატიანეს სიტყვით რომ ვთქვათ, დავითი ხომ ის მეფეა, ვინც „თჳთ მამამან ზეცათამან… უზეშთაეს ყო უფროჲს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა “. რა იყო ის ცოდვა (ცოდვები), რამაც მეფის სული ასე დაამწუხრა, რამაც მთელ ამქვეყნიურ დიდებულებაზე უფრო მწველი და დაუძლეველი სინანული გაუჩინა?! ამ კუთხით ტექსტის განჩხრეკა ერთობ უმადური საქმეა. ეს იმ ზედაპირულ, უგერგილო და უნაყოფო განსჯა-ბაასს ჰგავს, რომლითაც დღეს ადამიანის („დიდისაც“ და „პატარასიც“) საქციელს ვაქიაქებთ ხოლმე, თავის ტყუილ-მართლით, აღქმებით და ილუზიებით, ბოღმითაც და სიყვარულითაც, თუმცა ამ მკვდრადშობილ პროცესში სულ უფრო მეტად ვშორდებით ჭეშმარიტების მარცვალს და სიცოცხლისა თუ სიკვდილის საზრისებიც სადღაც შორს, თვალსმიფარებულად გვრჩება, ხელში კი მხოლოდ არსისა თუ მოვლენის ჩენჩო გვიჭირავს და თავს ვინუგეშებთ, რომ ესაა სინამდვილე.

დავით აღმაშენებლის შეცოდებანიც, თუკი მათი სიტყვასიტყვით ამოკითხვის ჟინი მაინც მოგვერევა, იმ ბიბლიურ-იგავურ ხატ-სახეთა მიღმა უნდა ვეძიოთ, რომლებითაც ეს სინანულის ჰიმნი თავად დაშიფრა.

„კაენის მკვლელებრი ცნობაჲ,

სეითის ძეთა ლირწებაჲ,

გმირთა სიღოდით მავალობაჲ

ხუთ ქალაქელთა შეგინებისა მწჳრე –

უფროჲს ვამრავალწილე,

ვითარცა რაჲ აღმართ-მსრბოლმან

მდინარემან უკეთურებისამან…“.

ცოდვათა ეს შემაძრწუნებელი ჩამონათვალი ტერენციუსის ფრაზასაც გაგვახსენებს – არაფერი ადამიანური რომ მისთვის უცხო არ იყო. პირველცოდვის სიმძიმით, ვნებებისა და მანკიერებების კალოზე ილეწებოდა მისი ადამიანური ბუნება. ერთ მუხლში ამბობს:

„ელლინთა მიერ ვერ ცნობაჲ

სიბრძნითა ღმრთისაჲთა ღმრთისაჲ

და შემოქმედისაგან

შექმნილთა მიმართ

ცვალებაჲ თაყუანისცემისაჲ სრულ-ვყავ, რაჟამს

თითოეულსა ვნებისა კერპსა ვჰმსახურე“.

 

ამ სტრიქონებს იმ აზრით განმარტავენ, რომ დავითი თავდაპირველად ბოლომდე ვერ ჩასწვდა ქრისტიანული მრწამსის უმთავრეს არსს და მიემხრო ბერძენთა მცდარ გზას, რომელთათვისაც კერპთა თაყვანისცემა უცხო არ იყო. სინანულის მიზეზია უმადურობაც – ღვთაებრივი წყალობის, სიცოცხლის ძღვენის, ყოველგვარი სიკეთის მიმართ გულმცირობა („ხოლო მე უმადლო გექმენ“)…

სინანულის ამ ოკეანეში კი, უპირველესი მეოხი დავითისთვის ღვთისმშობელია. საერთოდ, მთელი „გალობანი სინანულისანი“ ღვთისმშობლისადმი აღვლენილი ჰიმნია.

„ამისთჳს იყო ქალწული

და ჴორც-ქმნაჲ სიტყჳსაჲ, რაჲთა

დედობრივთა ოხათა მიერ

ცხოვნდნენ ცოდვილნი,

რომელთა პირველი,

საშუალი და დასასრული,

მე ვარ, ვითარცა უფსკრული,

შესაკრებელი ბილწებისა ღუართაჲ…“.

 

„გალობანი სინანულისანი“ რომ პოეზიაა, ამაზე უკვე ვთქვით. სმენას იპყრობს მუსიკა, რომელიც ამ მდუღარე სტრიქონებშია. ამ მუსიკის ღერძი ალიტერაციული ტალღებია – სტრიქონების რიტმული გრადაცია, როგორც კოსმოსისკენ დაძრული სულის მწყობრი სვლა, მონანიების ინტეგრალებზე.

„მეგვიპტური გულმძიმობაჲ,

ქანანელთა ჩუეულებანი,

მსხუერპლვაჲ ნაგებთაჲ, ზმნაჲ და სახრვაჲ,

კოწოლი თმათაჲ

და სხუანი, რომელთაჲ

შენ ჰბრძანე არა-მსგავსებაჲ…“.

 

„გალობანი სინანულისანი“ მე-12 საუკუნეში დაიწერა. მას შემდეგ კაცობრიობამაც და ჩვენმა ქვეყანამაც დიდი გზა გამოიარა. ცივილიზაციური პროგრესის, ჰუმანისტური ტენდენციების, ომების, ტირანიის, ადამიანის უფლებებისა თუ თავისუფლების განცდა-გააზრების სისხლიანი, მარცხ-გამარჯვებიანი გზა. დღეს წარმოუდგენლად მეტი შესაძლებლობა აქვს ადამიანს, ციფრულ-ტექნოლოგიურმა დრომ თითქოს გაათავისუფლა მრავალი ტანჯვისგან და ახალი პერსპექტივები გაუჩინა. თუმცა დღესაც ურთულესი დრო დგას კაცობრიობისთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც. რთული დროა ადამიანის ფიქრისთვის, სულიერებისთვის, არჩევანისთვის. ძალაუფლება/ხელისუფლების პასუხისმგებლობისთვის. რა გვეშველება? ხშირად გაისმის ზოგჯერ უღონო, სასოწარკვეთით სავსე, ზოგჯერ კი ნუგეშით მოკანკალე შეკითხვა. ეს საშველი ჩვენს დიდ ისტორიულ და სულიერ გამოცდილებაშიცაა, დიდ სულიერ საძირკველში, რომელსაც „გალობანი სინანულისანი“-ს დარი ტექსტები ამაგრებს. ყველაზე დიდი მეფე, რომელმაც პირველდაცემული კაცის ტრაგიზმით გაიაზრა თავისი ცხოვრება, მხოლოდ მონანიების მაგალითი კი არაა ჩვენთვის, არამედ, უპირველესად – განახლების, აღდგომის შესაძლებლობა; საკუთარ მანკიერებებზე და სისუსტეებზე, ცოდვებსა და უგუნურობაზე ამაღლების პერსპექტივა.

დავით აღმაშენებელი, ამ ჰიმნთან ერთად, დიდ ენერგიად დაიშვა ჩვენს მიწაზე, ჩვენს ისტორიაში. ის მხოლოდ წარსული როდია. ის მარადიული გამოსხივებაა და ჩვენგან ყოველწამიერ თანაგანცდას ელოდება.

არჩევანია, თვალი გავუსწოროთ ყველაზე ნამდვილს და … „აწ, მომდრეკელი მუჴლთა გულისათაჲ, ვხმობ…“.

სინათლეს ვუხმოთ.

საბედისწერო უფსკრულებთან: გერონტი ქიქოძის ჩანაწერები

0

ვეძებ. სულ ვეძებ ასეთ საკითხავს, ახლიდან, ახლებურად რომ დამანახებს იმას, რაც იყო. წარსულს, რომლის შესახებ ნათქვამ სიტყვას, თვითმხილველისას, ფართოდ თვალგახელილი მოწმისას დიდი ფასი აქვს. მეორეა, როგორ წერს გერონტი ქიქოძე, როგორი ენით. მისი ჩანაწერების პატარა წიგნს, ახლად გამოცემულს, სხვა წიგნის ძებნისას გადავაწყდი, ვიყიდე და კითხვა დაუყოვნებლივ დავიწყე.

გასული საუკუნის პირველი ნახევრის მთავარი ამბების მოყოლისას ავტორი მათაც საყურადღებოდ აღწერს, ვინც მკაფიოდ გასარჩევი კვალი დატოვეს, ვისმა გადაწყვეტილებებმაც – გაუმართლებელმაც, გამართლებულმაც – ისტორია მეტ-ნაკლებად შეცვალეს. არც „დემაგოგიური აქცენტის ტლანქ მატერიალიზმთან“ ერთად „ზნეობრივი ოპტიმიზმის“ მქადაგებელი ნოე ჟორდანიაა დავიწყებული და არც ლავრენტი ბერია, რომლის ყურებსაც „ყველაფერი ესმოდათ, თვით ქალ-ვაჟის ჩურჩული სიყვარულის სარეცელზე, თვით მრგვალი მაგიდის გარშემო მსხდომარე მეგობრების ნელი საუბარი; რაც შეეხება სულთმობრძავთა ხრიალს, მას თბილისის დიქტატორი ისე იყო შეჩვეული, რომ ალბათ მისი შეწყვეტისთანავე ეღვიძებოდა, როგორც ეღვიძება მეწისქვილეს, როცა დოლაბის ხრიალი ჩერდება“.

მომნუსხველი შედარებები მრავლადაა ამ წიგნში, რომელშიც მწერლებსაც შევხვდებით, ყველაზე სახელიან შემოქმედებს. მიხეილ ჯავახიშვილის გარეგნობის აღწერას ავტორი შემდეგ სიტყვებს მოაყოლებს: მახვილ ჭკუასთან ერთად რაღაც ბავშვურ გულუბრყვილობასაც ავლენდაო. იქვე კი მის „მტკივნეულ პატრიოტიზმსაც“ ახსენებს. დაუფარავად დასცინის გრიგოლ რობაქიძეს – დიდად პატივმოყვარე იყო და ფიქრობდა, რომ სამშობლოში მის ნიჭს სათანადოდ არ აფასებდნენო: „გადაწყვიტა, ხმალი გადაეტეხა ბაზალეთის ტბასთან დამარცხებულ გიორგი სააკაძესავით და უცხოეთში გადახვეწილიყო, რათა იქიდან უმადური თანამემამულეების დაპყრობა ეცადნა“.

მძიმეა 1921 წლის 24 თებერვლის მოგონება. ცოტა ხნით ადრე თბილისში დარწმუნებულები იყვნენ, რომ „ქართული დემოკრატიის კიდობანი მტკიცედ იყო შეკრული და ყოველ წარღვნას გაუძლებდა“. მაგრამ დადგა დღე, რომელმაც თავის მოტყუება შეუძლებელი გახადა. „24 თებერვალს ერთს ჩემ მეგობართან ერთად უძილო ღამე გავატარე, – წერს გერონტი ქიქოძე. – ქალაქის ქუჩებში საოცარი სიჩუმე იდგა. თოვლის ფანტელები უხმოდ ეცემოდნენ ქვაფენილებს. უკან ჩამორჩენილი ჯარისკაცები ჩრდილებივით მოძრაობდნენ, ზოგი მათგანი კედელზე აყუდებდა ან მიწაზე აგდებდა თავის თოფსა და სავაზნეს. ქალაქი ჩაბნელებული იყო“. მარტში რევოლუციური კომიტეტი მას დასავლეთ საქართველოში დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან მოსალაპარაკებლად აგზავნის. გასავლელი გზის სირთულეს საშინელი სიცივეც ემატება: „კაცს ეგონებოდა, დარიალის კარი ფართოდ გაიღო და ჩრდილოეთის უსაზღვრო სივრცეებიდან საქართველოში სუსხიანი ქარები შემოიჭრნენო“.

30-იანი წლების ქრონიკა კიდევ უფრო გულის მომკვლელია. შიში და უიმედობის, უმომავლობის განცდა. სიკვდილის დაუჯერებელი სიახლოვე. ყოველ ნაბიჯზე დაგებული ხაფანგები. „დატყვევებულთა ერთ ნაწილს კონვეიერის სისტემით ხოცავდნენ, როგორც ხარებს ხოცავენ ჩიკაგოს სასაფლაოზე, ხოლო მეორე ნაწილს შრომის ბანაკებში გზავნიდნენ, სადაც მათ ნელ-ნელა ჩაფერფვლა ელოდათ, აუტანელი შრომისა და საკვების ნაკლებობის გამო“, – ვკითხულობთ წიგნში, რომლის ავტორი იმასაც ამბობს, შიშის მიზეზი ისიც იყო, რომ ხალხი ხედავდა – კომუნიზმი მეტისმეტად სწრაფად მიჰქროდა საბედისწერო უფსკრულების ნაპირასო.

ბევრი დასამახსოვრებელი ამბავია გერონტი ქიქოძის ჩანაწერების ამ წიგნში, ბევრი ისეთი დაკვირვება თუ შეფასებაა, წარმოსახვასაც რომ აღიზიანებს და შემაწუხებელ შეკითხვებსაც აჩენს. მაინც რა ჩანს წარსულის უფსკრულებში? მაინც სადამდე მივაწვდინეთ თვალი?

ბედის გაღიმება – უძველესი წარსულიდან შემორჩენილი გამონათქვამი

0

ამ ბოლო პერიოდში თითქოს სამყარო შეიშალა, ირგვლივ სულ ცუდი ამბები გვესმის, უარყოფითმა ენერგიამ წაგვლეკა და წალეკა მსოფლიო, ადამიანები დათრგუნულები, შეშინებულები არიან, ბავშვები – მოწყენილები და სევდიანები. ამ დროს შესანიშნავი იქნება თუ მასწავლებელი მითოლოგიას მიმართავს, ცოტა იმედსა და რწმენას შემოიტანს კლასში, ცოტა ქართულ მყარ გამონათქვამებზე წაიმუშავებს – და აი, ასეთ შესანიშნავ გაკვეთილს მიიღებს, რომელიც აგებულია იდიომზე „ბედის გაღიმება“.

მასწავლებელი გაკვეთილს ალბათ ასე დაიწყებს: ბავშვებო, იცით თუ არა რომ ბედს გაღიმება შეუძლია? მოსწავლეები დაინტერესდებიან, გაუჩნდებათ სურვილი, მალე გაიგონ, ბედი როგორ იღიმის.

ჰოდა, მასწავლებელი მათ ცნობისმოყვარეობას მალე დააკმაყოფილებს და დაიწყებს:

სასიკეთო, კარგი ამბავი თუ შეგემთხვა, ისეთი ძალიან რომ გაგახარებს და გაგაბედნიერებს, ხმამაღლა, თამამად შეგიძლია განაცხადო, რომ ბედმა გაგიღიმა.

ბედს ადამიანის წინასწარ განსაზღვრულ ცხოვრებას უწოდებენ, აი, ვიღაცამ ან რაიმე ძალამ შენს დაბადებამდე ან დაბადებისას რომ იფიქროს, როგორი ცხოვრებით იცხოვრებ, რა გაგიხარდება ან გეწყინება, რა გადაგხდება თავს, რა თავგადასავლებში გაეხვევი.

ძველი ქართული წარმოდგენით, როდესაც ადამიანი იბადება, მაშინვე ცაზე მისი „ბედის ვარსკვლავი“ ჩნდება და იწყებს კაშკაშს. მის ბედს კი „ბედის მწერლები“ მართავენ. ბედის მწერლები ქართულ მითოლოგიაში, რამდენიმე ღვთაებაა, ისინი ადამიანის ან სხვა სულიერების – ცხოველების, ფრინველების დაბადებას პირადად ადევნებენ თვალს და ბედს შუბლზე „აწერენ“. სიტყვა ბედისწერაც აქედან უნდა მოდიოდეს, ბედის დაწერა – შუბლზე, ადამიანის პირადი ბედის, პირადი ცხოვრების. ბედის გაღიმებაც ალბათ ბედის მწერლის, ამ იდუმალი ღვთაების ღიმილსა და კეთილგანწყობას ნიშნავს.

ეს ფრაზა ქართველ მწერლებსაც გამოუყენებიათ საკუთარ ნაწარმოებებში: ერთი მაგალითია: „ძმებო, ჩვენ, გლეხებს, აქამდე ერთი დიდებული კაციც არ გვყოლია, ახლა კი ბედმა გაგვიღიმა და გვარგუნა“ (მ.ჯავახიშვილი).

ბედის წევა, ბედს ეწია – იმავე მნიშვნელობით გამოიყენება. ქართულ ხალხურ ზღაპრებში, მთავარი პერსონაჟი ბედს ეწევა და მეფის ასულს შეირთავს ცოლად, ბედს ეწევა და გამდიდრდება, ბედს ეწევა და ნადირობაში გაუმართლებს და სხვა. ზღაპრებშივე პატარა ძმა სახლიდან ბედის საძებნელად მიდის და ეხვევა ათასნაირ თავგადასავალში, გადაივლის ცხრა მთასა და ცხრა ზღვას, ჰოდა ბოლოს აუცილებლად იპოვის თავის ბედს, როგორც ზღაპრებს შეეფერება ეს ბედი მას გაუღიმებს კიდეც და ლხინსაც მისცემს.

ბედთან დაკავშირებით სხვა გამონათქვამიც არსებობს: ბედის კარზე მოდგომა, როცა ადამიანს ბედნიერი რამ შეემთხვევა, შესაძლოა ბედის გაღიმების სინონიმადაც ჩაითვალოს.

ხოლო ბედის ვარსკვლავი – საყვარელი არსება, საქმრო ან საცოლეა, რომელიც ვარსკვლავივით იწყებს ციმციმს ადამიანის ცხოვრებაში. ჰოდა, ამ ბედის ვარსკვლავს ბედსაც უკავშირებენ ხოლმე, გადაებმება ეს ორი ბედი ერთმანეთს, ბედის მწერლები კი წერენ და წერენ საკუთარ „ბედის წიგნში“, ჩვენ კი ხატოვან მეტყველებაში თუ მწერლობაში ათასწლეულების წინანდელი ამბებისგან შემორჩენილი გამონათქვამებით ვიწონებთ თავს.

ლექსიკონი

ხატოვანი მეტყველება – მეტყველებისას მხატვრული გამონათქვამების, ეპითეტების, მეტაფორების, იდიომებისა და ფრაზების გამოყენება.

 აქტივობა 1:

მოიფიქრე და დაწერე ზღაპარი. გამოიყენე გამონათქვამები: „ბედს ეწია“, „ბედმა გაუღიმა“, „ბედი კარს მიადგა“. შენს ზღაპარი დაიწყე ზღაპრისთვის დამახასიათებელი დასაწყისით: „იყო და არა იყო რა…“, კეთილი დასასრული და საინტერესო სათაური, დაასურათე შესაბამისი ილუსტრაციით.

 აქტივობა 2:

წარმოიდგინე და დახატე როგორ გამოიყურებოდა „ბედის მწერალი“.

 აქტივობა 3:

კიდევ ერთხელ დაკვირვებით წაიკითხე ტექსტი და უპასუხე შეკითხვებს:

  1. რას უწოდებენ ბედს?
  2. ვინ იყვნენ „ბედის მწერლები“?
  3. ჩამოწერე სხვა გამონათქვამები, რომლებიც შინაარსით „ბედის გაღიმების“ მსგავსია.
  4. ვინ არის „ბედის ვარსკვლავი“?
  5. სად წერენ „ბედის მწერლები“ ადამიანების ბედს, თქმულების მიხედვით?

აქტივობა 4:

დაფიქრდი და ჩამოწერე შენი ცხოვრებიდან ის შემთხვევები, რომლებზეც შეგიძლია თქვა, რომ აი, მე ბედმა გამიღიმა, რადგან…

 აქტივობა 5:

ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ბედი, ბედისწერა არ არსებობს და ადამიანი თავად ქმნის საკუთარ ბედს, ზოგისთვის კი ბედისწერა არსებობს და ის ყველა ადამიანს დაბადებისას ეძლევა, რომლის შეცვლაც მას არ შეუძლია. შენ რას ფიქრობ? ჩამოაყალიბე შენი მოსაზრება, იმსჯელე და მოიხმე არგუმენტები: შენი ან შენი ნაცნობის ცხოვრებიდან, წაკითხული წიგნებიდან, ფილმებიდან და სხვა.

 

ლიფტების პროექტი – ერთი მოსწავლის კვლევა და ექსპერიმენტი

0

დაჰკვირვებიხართ ბავშვების უცნაურ იდეებსა და ინტერესებს? ზოგჯერ რომ სრულიად უმიზნო და უშედეგო გგონიათ, დროის კარგვად თვლით და გირჩევნიათ, ამ დროს ჩვენი შვილები თუ მოსწავლეები გაკვეთილების მეცადინეობას უთმობდნენ?

არადა, თუ კარგად დაფიქრდებით და დაგეგმავთ, ყველა, ერთი შეხედვით უცნაური გატაცება შეიძლება სასარგებლო პროექტად იქცეს, ასე გამოვიდა გიოსა და ლიფტების შემთხვევაში.

გიო ჩემი შვილია, პროექტის დაწყებისას 13 წლისა იყო და მერე თოთხმეტისა გახდა. მას ძალიან მრავალფეროვანი ინტერესები აქვს და სანამ ყველა კითხვას პასუხს არ გასცემს, საკითხს არ ამოწურავს, ვერ მშვიდდება.

ერთ დღეს მის ასეთ გატაცებად ლიფტები და ლიფტების მექანიზმი იქცა.

გადაწყვიტა ჩვენი ქალაქის ლიფტები შეესწავლა.

13 წელი ისედაც ისეთი ასაკია, როცა მოზარდს ქალაქში დამოუკიდებლად გადაადგილება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საგზაო და უსაფრთხოების წესები უნდა ვასწავლოთ. ამიტომ მე, როგორც მისი ყველა გატაცების ხელის შემწყობი მშობელი, ჯერ მასთან ერთად დავდიოდი ლიფტების შესასწავლად, მერე კი მარტოც გავუშვი.

ა) ამ გატაცების დადებითი მხარეები:

  1. ისწავლა დამოუკიდებლად გადაადგილება მუნიციპალური ტრანსპორტით, სქულქარდის გამოყენება, ბიუჯეტის დაგეგმვა;
  2. გუგლმეპისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენება თავისი მიზნებისთვის;
  3. ქუჩაში მოძრაობა დამოუკიდებლად – ქვეითთა გადასასვლელი, მიწისქვეშა, უსაფრთხოების წესები;
  4. დამოუკიდებელი სოციალური ჩვევები – ცუდი და კარგი უცხოების განსხვავება – ცუდია ის, ვინც უაზროდ აეტორღიალება, კარგია ის, ვინც, ვთქვათ, სხვა ავტობუსში ასულს სწორ ავტობუსს ასწავლის.

ამ გატაცებამ მოგვცა ქუჩაში დამოუკიდებელი გადაადგილების გამოცდილება, რომელსაც ყოფით ცხოვრებასა და ყოველდღიურად ვიყენებთ.

ბ) სოციოლოგიური დასკვნები:

  1. ქალაქში საბჭოთა პერიოდში აშენებული სახლების ლიფტები არც ისე კარგ მდგომარეობაშია;
  2. ყველა ლიფტი ერთგვარი კომუნიკაციური, სოციალური ცენტრია – კედლის წარწერები, განცხადებები, მათი დანიშნულება უნივერსალურია, ქალაქის ალტერნატიული სოციალური ქსელია ლიფტი.
  3. ლიფტების ეპიგრაფიკა ერთგვარად უნივერსალურია.

და კიდევ ბევრი რამ შეიძლება დაასკვნა ლიფტებით, მაგალითად, ის, რომ ძალიან გაბედული ხალხი ვართ. დიღმის მასივში ვნახეთ ლიფტი, რომელსაც ჩვეულებრივი კარადის კარი აქვს შებმული.

ცხადია, უსაფრთხო არაა, მაგრამ მე, როგორც დედას, ამ გატაცებამ მასწავლა ბალანსი, რომ შიშის გამო დამოუკიდებლობა არ უნდა წავართვა ბავშვს და შინ არ უნდა ჩავკეტო. გაბედვა ძალიან მნიშვნელოვანი რამეა.

გ) კვლევითი ნაწილი:

ლიფტების კვლევისთვის გიომ რამდენიმე მეთოდი გამოიყენა:

  1. პირველ რიგში, შეადგინა ლიფტების რუკები:

2. ლიფტების აღწერის დღიური, სადაც თითოეულ ლიფტს მიანიჭა თავისი უნიკალური კოდი, მოახდინა სისტემატიზაცია სხვადასხვა ნიშნების მიხედვით, როგორებიცაა, დამონტაჟების დრო, ტიპი, მწარმოებელი ქვეყანა, კორპუსის პროექტის ტიპი და სხვა;

  1. გუგლდრაივზე გააკეთა დიდი არქივი, სადაც ატვირთა ყველა ლიფტის აღწერა და ვიზუალური მასალა.
  2. გააკეთა სტატისტიკური კვლევა, სადაც დათვალა, რა ტიპისა და წარმოების ლიფტებია თბილისში, როგორია, ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების სტატისტიკა.

ბოლოს, სკოლაში, მოქალაქეობის საგნისთვის მოამზადა პრეზენტაცია თბილისის ლიფტების შესახებ, რომელსაც აქვე წარმოგიდგენთ.

მგონი, ძალიან საინტერესო კვლევა გამოვიდა, არა?

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...