პარასკევი, ივლისი 17, 2026
17 ივლისი, პარასკევი, 2026

ერთ დროს სიცოცხლე იყო დიოსკურიაშიც

0

კაცობრიობის ისტორია შეიძლება სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის ისტორიადაც ჩავთვალოთ. ესაა რელიგიის, ფილოსოფიის, ხელოვნების პრობლემა. მაგალითად, ქრისტიანობა მიიჩნევს, რომ მარჯვენა ლოყაზე გარტყმას, მარცხენის მიშვერით უნდა უპასუხო. ფილოსოფიაში ზნეობრიობად მიიჩნევა ისეთი ქმედება, როცა მეორე ადამიანი შენთვის მიზანია და არა საშუალება, ანუ მას იმავეს უსურვებ, რასაც საკუთარ თავს. პრაქტიკულად ეს ასე გამოიყურება: მე თუ მოვუწოდებ ახალგაზრდას, რომ მან გაიღოს სამშობლოსთვის ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე; ის მაშინ დამიჯერებს, ზნეობრივად მაშინ ჩათვლის ჩემს ამაღლებულ რჩევასა თუ სულიერ გამოცდილებას, როცა შესაბამის სიტუაციაში მე ამავეს ვეტყოდი საკუთარ შვილსაც.

საინტერესოა, ყოველ ჩვენგანში არის ზნეობრივი ქცევის საფუძველი?

  • რატომ ვიქცევით ამგვარად და არა იმგვარად?
  • რატომ ხდება ოქსიმორონი, რომ ერთსა და იმავე საზოგადოებაში, გარემოში, სოციუმში, შეიძლება ჩამოყალიბდეს და თანაარსებობდეს როგორც კეთილი, ისე ბოროტი ადამიანიც?

ეს კანტსაც უკვირდა. თუმცა „ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ზნეობრივი კანონი ჩემში“ ის სულიერი ქვაკუთხედია, ბალავარი, ძალა, საყრდენი, რომელსაც ეფუძნება ადამიანი, საკუთარი ორიენტაციით სამყაროს ხედვისა თუ ადამიანური ურთიერთობებისა, ასევე საკუთარ თავთან მიმართებითაც… მოდი, შემდეგისთვის გადავდოთ, გარკვევა იმისა თუ:

  • როგორ ყალიბდება ცოდნა და ცხოვრებისეული გამოცდილება?
  • თანდაყოლილია ზემოთქმული თუ გარემოს ზემოქმედებით შეძენილი?
  • რა განსხვავებაა ცოდნასა და „ცოდნას“ შორის?

მოკლედ, საფიქრალი გვაქვს და გავშალოთ ლიტერატურულ-მხატვრულად, რეალურ თუ გამოგონილ/შეთხზულ სინამდვილეზე ორიენტირებით, ჯემალ თოფურიძის მოთხრობის „დიოსკურია ჩაძირული ქალაქია“ მაგალითზე… ნაწარმოების მთავარი გმირის ტრაგიზმს, უიღბლო ბედისწერას, სწორედაც რომ საზოგადოების მორალის ავადმყოფური მდგომარეობა განსაზღვრავს. პიროვნებისთვის, რომელიც ზნეობრივად მგრძნობიარეა, ფატალური ხდება უზნეობა გარშემო, რომელსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდება. თუმცა, ბედის, გარემოს, დარტყმების მიუხედავად, ის კანტისეული, მისი სულიერი არსი – სიყვარულისა და თანაგრძნობის ნიჭი – შეულახავი რჩება, მიუხედავად მისი ფიზიკური განადგურებისა…

თხრობა ნაწარმოებში ხან პირველ პირშია, ხანაც – მესამეში. თითქოს მთხრობელი „გარედანაც უყურებს“ საკუთარ თავს. მოგონებები, წარსული და აწმყო ერთმანეთს ცვლის და ქმნის დამაბნეველ მოზაიკურობას, რომლისგანაც ნელ-ნელა იკვრება სიუჟეტი. „ახლა მთლიანად ლოგინი და მისი ის ნაწილიც, რომელიც ჩემი სხეულითაა დაკავებული, შუაზე გაჭრილი ადამიანი მგონია. თავიდან ფეხებამდე შუაზე გაჭრილი“ (613); – კარგადაა ნაჩვენები, როგორ ებრძვის ადამიანი ჩახავსებულ სააზროვნო სტერეოტიპებს, ზედ ობივით რომ მოსდებია ყალბი საზოგადოებრივი მორალი, როგორ იმსხვრევა ეს მორალი თუ სტერეოტიპები პიროვნების წარმოსახვაში… ყველაფერი კი დაიწყოო „იმ კაციდან, მეფისტოფელს რომ მიუგავდა სახე და ბაბუაჩემს რომ ეძახდნენ. რატოა ამ ხალხში ისეთი აზრი, თითქოს ბაბუები და ბებიები გადასარევები იყვნენ“ (613). ასე ზიანდება ჩვენი ნათელი წარმოდგენები რეალობით, ხოლო ტვინი, დაღლილი და მოქანცული მძიმე სინამდვილით, პარალელურ, ჰალუცინაციურ სინამდვილეს გთავაზობს, თუმცა კაცს უხარია მაინც: „რადგან ვიცი, მეჩვენება, ესე იგი, გიჟი არა ვარ“. სულიერი კრიზისი დგება ხოლმე, მაგრამ როცა გამოსავლად სიკვდილს მიიჩნევ, უკვე ფინალისკენაა გეზი: „სულ მგონია, გადავხტები. თავის მოკვლა არ მინდა და ღია ფანჯრებს ვერ ვეკარები. რაღაც ძალა გადამაგდებს. შეიძლება სულაც იმ ბებერმა გადამაგდოს, მეფისტოფელის სახე რომ ჰქონდა. მკვდარია, მაგრამ მაინც… მკვდრები სულ თან მდევენ“ (64).

მამა, რომელსაც მთხრობელივით თემური ერქვა და რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს, ორი კვირა ხმას არ იღებს (ოტია პაჭკორიას ერთი პერსონაჟივით, ცხოვრების პროტესტად უმეტყველობას რომ ირჩევს) და ექიმს მოუყვანენ, მდუმარე რომ დადის მათთან, პანაშვიდზე მისულივით. ისინი სოხუმელები არიან, ოჯახი… ბიჭმა უკვე იცის, რომ სიკეთეს ყველაზე მეტ ხანს სჭირდება გამოცდა და ზოგჯერ ის ამ გამოცდას ვერ უძლებს… მამა თავს ჩამოიხრჩობს თეთრ პერანგში გამოწყობილი („ვის გიფრენიათ მამასთან ერთად ასეთ ლამაზ საქანელაზე?!“), ბავშვი დაიგვიანებს და ვეღარ უშველის.

რატომაა, რომ ვიღაცა წუთისოფლის მასპინძელია, ვიღაც კი მარადი სტუმარი, მარადი ტვირთმძიმე, მარადი საპყარი, მარად მოწყალებაზე?! როგორც გახუნებულპალტოიანი ქალი, რომელსაც შეიძლება მდიდარი ნათესავები ჰყავს („ო, რა კეთილი ხართ ეს ნათესავები“), რომლებიც სტუმრების წასვლის შემდეგ სუფრის ალაგებასა და ჭურჭლის დარეცხვაში ჩანთას ნარჩენი საჭმელებით აუვსებენ ხოლმე. გაწვალებული, დაღლილი, ჩანთიანი ქალი, ნაწყალობევი სანოვაგით („დედაჩემივით მეცოდებიან ისინი“)… ვინღაა ამ სოფლის მასპინძელი? ნუ, თუ არ გავიხსენებთ ცნობილ იდიომს სატანაზე, მივყვეთ მწერლის ირონიას, რომელიც არავის დაგრჩებათ შეუმჩნეველი: „არიან ადამიანები, რომელთაც სხვებზე მეტად აქვთ შეგნებული, რომ ერთხელ მოსულან ამ ქვეყანაზე. ისინი არავითარ სიამოვნებას არ იკლებენ. შოულობენ ბევრ ფულს, ყოველ შემთხვევაში, ყველაფერს აკეთებენ ამისთვის და რაც მთავარია, არ ეზარებათ. ცხოვრობენ ლამაზ გოგოებთან, ქეიფობენ და მოგზაურობენ. იცავენ იმას, რაც ყველაზე ძვირი ღირს. ისინი ცდილობენ, არაფერზე იდარდონ და აღწევენ კიდეც ამას. სხვა ძალიან ბევრი რამე აკლიათ, მაგრამ მაინც ალბათ დიდი ბედნიერებაა იმის მიღწევა, რომ აღარაფერზე არ იდარდო“ (624).

ამ სოფლის კიდევ ერთი „მწარე“ ჭეშმარიტება – „ძალიან კარგად არის ადამიანის ტვინი მოწყობილი. ბოლომდე არ სჯერა, რომ კვდება“ (626). იქნებ ეს ჩვენი ფსიქიკის თავდაცვის მექანიზმია?

– „ცოცხლებს არ ტირიან…

  • ცოცხლებს ტირიან სწორედ, მკვდარი რაღა სატირალია“.

ჩვენი ცხოვრება დაუსრულებელი ქორწილებისა და პანაშვიდებისაგანაც შედგება. „როგორ შეიძლება გიყვარდეს ქორწილები და პანაშვიდები?“ არადა, არის ხალხი, იქ სიარული რომ მიაჩნიათ საკუთარ უმაღლეს დანიშნულებად. დადიან კიდეც, როგორც ცხოვრების მასკარადზე, სპეციალურად თმა-სახედაყენებულნიც და ფრანც კაფკასავით არ გრძნობენ, რომ ზედმეტნი არიან, კონტექსტიდან ამოვარდნილნი ამ „სპექტაკლში“. თუმცა არც ამ „ზედმეტთა“ ნაკლებობაა. ასეთია მოთხრობის მთავარი პერსონაჟიც, მთელი ცხოვრება რომ გაჰყვება თვითმკვლელი მამის ტრაგიზმი და გლოვა („ყველაზე მეტად მამა მაშინ მეცოდებოდა, როდესაც წვიმდა“).

მწერალი მოთხრობის მძიმე განწყობებს იუმორით, ამ შემთხვევაში, „შავით“, ანეიტრალებს. აი, როგორ ახასიათებს იგი ამ „კოსტიუმირებული კარნავალის“ მონაწილეებს, ასე რომ აქცენტირდებიან მატერიალურზე, – ეკლესიასტეს ყველასა და ყოველივეს განმაიარაღებელი ფილოსოფიურობით: „ძალიან ჰგავს ეს ხალხი მიცვალებულებს თავიანთი ახალი ფეხსაცმელებით, ახალი კოსტიუმებით, ქათქათა, თეთრი პერანგებითა და შავი ჰალსტუხებით, პიჯაკის გულის ჯიბეში სათვალეებით“ (630). მართლაც, ვერ უარყოფ, საპირისპიროსაც: როგორ ცდილობენ ადამიანები, მიცვალებულები ცოცხლებს დაამსგავსონ, არადა, „მანამდე კი არავინ გამოჩნდება, სანამ არ მოკვდება… სანამ არ მოკვდება“ (630). თუმცა უკვე გარდაცვლილებს ისე მაგრად აუკრავენ ხოლმე პირს, „…თითქოს ეშინიათ, სიკვდილის შემდეგ ის არ თქვან, რაც სიცოცხლეში დაუმალავთ, არავისთვის გაუმხელიათ, გულში დაუმარხავთ, რითაც დაღუპულან და რაც იმქვეყნად გაჰყოლიათ დარდად; სიკვდილის შემდეგ არა თქვანო, – ეშინიათ, შევრცხვებითო, თავი მოგვეჭრება…“ (630-631).

მამის სიკვდილის შემდეგ ბიჭს ერთადერთ საყრდენად მისი ბიჭობისა, ბიძა მოევლინება, გურამი, ქრისტესავით ცისფერთვალება („ახლა ქრისტე იყო ის მისთვის“). თუმცა ეს ჰარმონია დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან „ტყუილად არც არაფრის ეშინიათ, მით უმეტეს ბედნიერების“, რომელიც შემოდგომის მზიან დღესავითააო, მწერალმა, როცა გეშინია, რადგან ყოველ წუთს შეიძლება მოიღრუბლოს და განაცრისფერდეს ყველაფერი გარშემო, ჩამობნელდეს, რადგან შემოდგომაზე „მზე მალე კვდება“. პატარა თემურისთვისაც ერთხელ კიდევ მოკვდება მზე, გურამი რომ გარდაიცვლება… აქ ტანჯვის არსზეცაა საუბარი, ადამიანთათვის ბოლომდე მაინც აუხსნელ-შეუცნობელზე: „ბედნიერი დღეები უფრო ადვილად ავიწყდება კაცს, უბედურება სულ ახსოვს, ტვინსა და გულს უღრღნის, სულ თანა სდევს, იმიტომ, რომ უფრო ნაღდია, ყველაფერზე ნაღდია, რაც კი რამ გაჩენილა ამ ქვეყანაზე“ (640-641).

კვდება კოტიკა, მთხრობლის მეგობარი და ის ისე უნდა მოკვდეს, რომ არ ეტკინოს. ამაზე ზრუნავს თემური. თხოვდება მისი ყოფილი ცოლიც, მარინა, მისი ბოლო იმედი. ეკარგება შვილიც, ანუ ყველაფერი გათავებულია, რადგან მისი ცხოვრების ეს ერთადერთი მიზანიც ისპობა. ისიც გაუყვება გზას, კარგა ხნის დაწყებულს, სულეთისკენ: „გზაზე მოკვდა ვიღაც უცნობის მხარზე თავმიდებული. – როგორ მცივა, – თქვა სიკვდილის წინ“ (644). მოთხრობა მთავრდება ისე, რომ არაა მინიშნება, მოთხრობას „რეფრენივით“ გაყოლილი ძახილი-ჰალუცინაცია „თემურ!“ ვისგანაა:

  • ბედისწერისგან?
  • მფარველი ანგელოზისგან?
  • თუ საკუთარი იდეალური „მესგან“?

ასეთი რაღაცები ხომ ყოველთვის გაუგებარია დედამიწაზე, რომელსაც „ათადან და ბაბადან“ „…თეთრი და სისხლიანი პერანგი ეცვა“…

 

ციტატები წიგნიდან – „მე-20 საუკუნის ქართული მოთხრობის ანთოლოგია“, გია ქარჩხაძის გამომცემლობა, 2007 წელი

ახალი მოსწავლე მერხთან

0

ყველას შეგვიძლია გავიხსენოთ ჩვენი ცხოვრების ის მომენტი, როცა რაღაც ახალი ეტაპი უნდა დავიწყოთ. ამ დროს ძალიან ვღელავთ, ემოცია და შფოთვა, რასაკვირველია, ბუნებრივია, მაგრამ მარტივი გადასატანი ნამდვილად არ არის. სხვათა შორის, მარტივი არც ძველთან მიბრუნებაა ხანგრძლივი გაშორების შემდეგ (გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის ცნობილი სიტყვები „როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე?“)…

და რა ხდება მაშინ, როცა მოსწავლეს, განსაკუთრებით, გარდატეხის ასაკში, სკოლის შეცვლა უწევს? ახლა თავი იმ მოსწავლის ადგილას წარმოვიდგინოთ, რომელსაც ისედაც სტრესულ გარემოში ყოველდღიურად უწევს სირთულეებთან შეჯახება და ამ სირთულეებს ახლა გარემოს შეცვლაც ემატება. თავში უამრავი კითხვა უტრიალებს: როგორ მიიღებენ ახალ სკოლაში? შეძლებს კი ახალი მეგობრების პოვნას? რამდენად მარტივად გაართმევს თავს ყოველდღიურ გამოწვევებს?

როგორც ზემოთ ვახსენე და როგორც ალბათ თითოეულმა ჩვენგანმა არამხოლოდ ინტუიციის დონეზე იცის, რომ ცვლილებები ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ბავშვების ცხოვრებაში ხდება. ახალი მოსწავლისთვის ადაპტაციის პროცესი სწორედ ასეთ რთულ და გადამწყვეტ ეტაპს წარმოადგენს. ცვლილებები, რომლებიც მოსწავლის ცხოვრებაში ხდება — ახალი სკოლა, ახალი მეგობრები, ახალი ნორმები — არა მხოლოდ სირთულეებს, არამედ ახალ შესაძლებლობებსაც მოიტანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილებები აუცილებელია, ბავშვებს ხშირად უჭირთ მათთან შეგუება. მით უმეტეს, როცა ეს გარდატეხის ასაკში ხდება.

გარდატეხის ასაკში მოსწავლეები არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურადაც განიცდიან ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს. ეს პერიოდი ხშირად ეხმიანება თვითშეფასებისა და სოციალური თვითგაგების ახლებურ გააზრებას, რაც ბევრ დაბრკოლებას უკავშირდება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, ბავშვებმა იგრძნონ, რომ მათ გარშემო ადამიანები მზად არიან, დაეხმარონ და გაუგონ მათ, რადგან ცვლილებების წინაშე სიჩუმე და მარტოობა კიდევ უფრო ამძიმებს პროცესს.

როგორ დავეხმაროთ ახალგადმოსულ მოსწავლეს ამ პროცესში? სასწავლო წლის დასაწყისში ალბათ ყველა მასწავლებელს გვაწუხებს ეს კითხვა და ბედნიერები ვართ, თუ ამ შეკითხვის პასუხი წარმატებამდე მიგვიყვანს.

პირველი ალბათ მაინც ყურადღება და ემპათიაა. პირველ რიგში, ჩვენს ძველ მოსწავლეებს უნდა დავეხმაროთ, გააცნობიერონ, რომ ახალი მოსწავლე განიცდის დაძაბულობას და შეიძლება მარტოსული იყოს. ახალმა მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ მისი აზრები, ინტერესი და პერსონალური სივრცე პატივისცემას იმსახურებს. თუ სხვა ბავშვები ამოიცნობენ მის ინტერესებს ან ჰობის, მათ უფრო გაუმარტივდებათ ადაპტაციის პროცესი.

არანაკლებ მნიშვნელოვანია გულწრფელობა: ახალგადმოსულ მოსწავლესთან მასწავლებელს აქტიური კონტაქტი. მან არამარტო უნდა ამოიცნოს ბავშვის ემოციები, არამედ შეძლოს მისი დახმარება საჭიროების შემთხვევაში.

ძალიან დაგვეხმარება, ასევე, ჯგუფური თუ გუნდური სამუშაოები, სადაც ახალი მოსწავლე შეიძენს კლასელებთან ურთიერთობის გამოცდილებას.

კომუნიკაცია და საზოგადოებაში ინტეგრაციაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ახალ მოსწავლეს ძალიან გაუჭირდება, თუ იგრძნობს, რომ მისი აზრები არავის აინტერესებს. აქ, ვფიქრობ, სხვა ბავშვების მიერ გამოჩენილ ინიციატივას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. შეიძლება გამოძებნონ საერთო ინტერესები, საერთო თემები და მათზე საუბრით დაამყარონ გახსნილი ურთიერთობა.

რა თქმა უნდა, დიდ როლს თამაშობს ნდობის ფაქტორიც: თუ მოსწავლე რაიმე პრობლემას აწყდება, მისთვის აუცილებელია, ნებისმიერ მომენტში შეეძლოს, მიმართოს დამრიგებელს ან რომელიმე მასწავლებელს. მასწავლებელმა შეიძლება შექმნას „ინკლუზიური“ ჯგუფები, სადაც ახალი მოსწავლის ურთიერთობა სხვა მოსწავლეებთან დაეფუძნება საერთო ინტერესებს. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს როგორც საკლასო, ისე კლასგარეშე თემატიკას.

რაც შეეხება ემოციური მხარდაჭერას, მოსწავლეებს შეუძლიათ, ურთიერთობა დაამყარონ ისეთ გარემოში, სადაც ერთმანეთს დაეხმარებიან როგორც მეგობრები და არა როგორც კონკურენტები. ახალი მოსწავლე შეიძლება დაუბრკოლებლად მოერგოს ახალ გარემოს, თუ დაეხმარებიან და მის მიმართ გულისხმიერ დამოკიდებულებას გამოიჩენენ.

მასწავლებელმა უნდა შექმნას უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე თავს მნიშვნელოვნად იგრძნობს.

მოსწავლეები უნდა დაუახლოვდნენ და დაეხმარონ ახალ მეგობარს, როცა მას ეს სჭირდება.

მასწავლებელმა უნდა ასწავლოს მოსწავლეებს, როგორ დაეხმარონ ახალ მოსწავლეს, არ იგრძნოს თავი გარიყულად.

არანაკლებ შედეგის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს სხვადასხვა აქტივობასა თუ კლუბების მუშაობაში ჩართვა. მეგობრების გაჩენა ბავშვს თავდაჯერებას შესძენს და თვითშეფასებასაც აუმაღლებს.

მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეს საკუთარი ინტერესების აღმოჩენაში.

ახალი მოსწავლის ადაპტაცია სკოლასა და კლასში შეიძლება გამოწვევას წარმოადგენდეს, მაგრამ სწორი მიდგომით, გულშემატკივრობითა და მხარდაჭერით, ყველაფერს შევძლებთ, დავეხმარებით ახალგადმოსულ მოსწავლეს გარემოსთან შეგუებაში. მნიშვნელოვანია, რომ ადაპტაციის პროცესში აქტიურად იყოს ჩართული როგორც მასწავლებელი, ისე თითოეული მოსწავლე, რადგან მნიშვნელოვანია თითოეული მტკიცე ნაბიჯი ახალი მოსწავლის ინკლუზიისა და კომფორტისთვის.

როგორც ზემოთ ვახსენე, ცვლილებები არასდროს არის მარტივი — მით უმეტეს, როცა ბავშვი გარდატეხის ასაკშია და ამ დროს ერთდროულად ეჯახება ახალ სკოლას, ახალ კლასელებსა და საკუთარ შინაგან ცვლილებებს. გარდატეხის ასაკში ახალგადმოსული მოსწავლისთვის ეს პროცესი შეიძლება ერთდროულად იყოს მტკივნეული, დამაბნეველი და გამოწვევებით სავსე. სწორედ ამიტომ, ამ გზაზე მხარდაჭერა ყველაზე ფასეული რამაა, რის გაწევაც მასწავლებელსა და კლასელებს შეუძლიათ…

გავიხსენოთ ონჯალი რაუფის ბესტსელერი „ბიჭი ჩემი კლასის ბოლო მერხზე“ – როგორ მოახერხეს პატარა ლტოლვილი მეგობრის ტკივილის გაზიარება და ამით მისი დახმარებაც. უცნაური ბიჭი, რომელიც არავის ელაპარაკებოდა, არც იღიმოდა, დაიმეგობრეს და ანუგეშეს. მათმა ძლიერმა სურვილმა, ბიჭს ოჯახის პოვნაში დახმარებოდნენ, დიდი გეგმის განხორციელებაც შეაძლებინა… მეგობრები ხომ სწორედ იმისთვის არსებობენ, რომ ერთმანეთის დასახმარებლად ყველაფერი იღონონ. ერთი მხრივ, ეს აჰმედისთვისაა შედეგის მომტანი, მაგრამ, მეორე მხრივ, თვითონ ბავშვებისთვის, რომლებიც სიკეთის გაკეთებით თავადაც დიდ ბედნიერებას განიცდიან.

ბავშვები, რომლებიც გრძნობენ თანადგომას, უფრო თავდაჯერებულად უყურებენ საკუთარ თავსა და გარემოს. ისინი სწავლობენ, რომ ცვლილება — მიუხედავად სირთულეებისა — განვითარების, ზრდისა და ახალი შესაძლებლობებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
და თუ ჩვენ, უფროსები და თანატოლები, ცოტათი მეტად გავუგებთ, ცოტა მეტ სითბოს, მოთმინებასა და გულწრფელ თანაგრძნობას გამოვიჩენთ, შევძლებთ, რომ ამ ცვლილებების მორევში ერთ ბავშვსაც მაინც დავეხმაროთ თავისი ადგილის პოვნაში — და ეს უკვე დიდ შედეგს ნიშნავს.

შეიძლება ჩვენთვის ეს უბრალო ჟესტი იყოს — მეგობრული მისალმება, საუბრის წამოწყება ან მერხის გაზიარება — მაგრამ მათთვის ეს, შესაძლოა, მთელი სასკოლო ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი აღმოჩნდეს.

და მაინც, რა შეუძლია მასწავლებელს?

მასწავლებელს, თავის მოსწავლეებთან ერთად, შეუძლია შექმნას გარემო, სადაც ეს გარდატეხის პროცესი უფრო შესამჩნევად და მარტივად გადაილახება.

თამამად შეგვიძლია, ამ კითხვას ასე ვუპასუხოთ: მასწავლებელს,

მოსწავლეებთან ერთად, ყველაფერი შეუძლია.

 

კითხვარი რესურსებთან დაკავშირებით

0

გთხოვთ, შეავსოთ  https://mastsavlebeli.ge/  კითხვარი, რათა გავიგოთ, რა ტიპის სასწავლო რესურსებია  თქვენთვის ყველაზე  საჭირო,  მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის უზრუნველყოფისთვის. კითხვარი ანონიმურია.

კითხვარი

 

 

დამატებითი დავალება

0

როდესაც მცირე ასაკის მოსწავლეებთან ვმუშაობთ, ქულებით წამახალისებელი ან დამსჯელი  სისტემის მოფიქრება შედარებით ადვილია. პატარები დიდი სიამოვნებით აგროვებენ სტიკერებს, რომლებიც დაიმსახურეს, უხარიათ ყველა მიღებული ქულა თუ ვარსკვლავი, რომელიც ან ინდივიდუალურად მათთვის, ან მათი გუნდისთვის, ან სულაც მთელი კლასისთვის არის განკუთვნილი. ქულებით ან ვარსკვლავებით შეფასება და წახალისება მოსწავლის მოტივაციაზე დიდ გავლენას ახდენს და მათი ხათრით მოსწავლეების ქცევის კონტროლიც შედარებით მარტივდება.

ამ მეთოდის დასანერგად უამრავი პლატფორმა არსებობს, თუმცა მასწავლებელს გაკვეთილზე უბრალო დაფის გამოყენებაც შეუძლია. პროცესი უფრო სახალისო რომ იყოს, შეგიძლიათ, დაფაზე დახატოთ ადამიანის სასაცილო სახე, რომელსაც, დავუშვათ, 8 კბილი ექნება. ყოველი ქულის დაკლება ერთი კბილის დაკარგვას (წაშლას) გამოიწვევს, რომლის აღდგენაც მხოლოდ ხუთი ქულის მოგროვების შედეგად მოხერხდება.

აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ყველა მოსწავლე სხვადასხვანაირად რეაგირებს ქულების დაკლებაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, ინდივიდუალურად ქულების დაკლებას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მივმართოთ.

რა ხდება, როდესაც მოსწავლეები იზრდებიან და აღარც სტიკერები ადარდებთ, აღარც ქულები, აღარც ვარსკვლავები და აღარც დაფაზე დახატული კაცი რვა უსწორმასწორო კბილით? – ახალი წამახალისებელ-დამსჯელი მეთოდების მოფიქრება გვიწევს. ეს იმიტომ, რომ განსაზღვრულ ასაკში მოზარდებს სიმბოლოებზე მეტად ავტორიტეტები, თანაკლასელებისა და მასწავლებლის რეაქციები აინტერესებთ. მათი გონება ყველა მოვლენას იმის მიხედვით აფასებს, რამდენად ლოგიკური შედეგი და განვითარება აქვს მას, ვარსკვლავები კი დროისა და ენერგიის ფუჭ ფლანგვად მიაჩნია.

ამის საპირისპიროდ, თინეიჯერების (და არამხოლოდ) ყველაზე დიდი სურვილი ალბათ ნაკლები დავალების ქონაა. ჰოდა, წარმოიდგინეთ, როგორ აიწევს გაკვეთილზე მუშაობის მოტივაცია, თუ ეტყვით, რომ მოგროვილი ქულების/ვარსკვლავების რაოდენობაზე პირდაპირ იქნება დამოკიდებული მათი დავალების რაოდენობა ან სულაც არსებობა. გარდა ამისა, დავალებისა და დამატებითი დავალების არსებობა-არარსებობა მათთვის რეალური შედეგია: ეს მათ შესაძლოა დამატებით დროდ და ძალისხმევად დაუჯდეთ. ასეთი მიდგომა საზღვრის შეგრძნებასაც წარმოშობს: მოსწავლეები იწყებენ მიხვედრას, რომ არსებობს საზღვარი და თუ გასცდები, რაღაც რეალურ შედეგამდე მიხვალ, რომელიც შეიძლება არც ისე სასიამოვნო იყოს. შედეგად მოზარდი გრძნობს პასუხისმგებლობას, აკონტროლოს თავისი ქცევა, რომელიც მათ კონკრეტულ შედეგებამდე მიიყვანს.

თუმცა მასწავლებელს ამ შემთხვევაშიც მართებს ზომიერება და რისკების კონტროლი. მაგალითად, თუ დავალების მიცემა გახდება მუდმივი “სანქცია”, ის ან ეფექტს დაკარგავს, ან უკურეაქციას გამოიწვევს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსწავლეები ამას ხედავდნენ როგორც, შესაძლოა, არასასურველ, მაგრამ მაინც სასარგებლო შედეგს, რათა შევინარჩუნოთ მათი მოტივაცია და სწავლა შიშზე დაფუძნებულ იძულებით პროცესად არ გადაიქცეს.

ამის თავიდან ასარიდებლად შეგიძლიათ, გაკვეთილის დასაწყისში კლასს მიანიჭოთ, პირობითად, 30 ქულა. აუხსენით, რომ ყოველი წესის დარღვევისას ქულები დააკლდებათ (მაგალითად, თანაკლასელთან საუბარი და მასწავლებლისადმი უყურადღებობა შეიძლება იყოს მინუს სამი ქულა), 10 ქულამდე ჩამოსვლა კი დამატებით დავალებას უდრის.

ეცადეთ, ქულები პირდაპირ არ მოაკლოთ. პირველ ჯერზე მიეცით გაფრთხილება. ამგვარად მოსწავლეები უკეთ გააკონტროლებენ თავს და შესაძლოა, მეორედ იგივე წესი აღარც დაარღვიონ. გარდა ამისა, უფრო დიდი შანსია, 10 ქულაზე მეტი შეინარჩუნოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეებს დამატებით დავალებას არ მისცემთ. აუცილებლად აღნიშნეთ ეს გაკვეთილის ბოლოს და შეურთდით მოსწავლეების სიხარულს. შეახსენეთ, რომ ყველაფერი გამოუვიდათ და დამატებითი დავალება თავიდან აიცილეს მხოლოდ იმიტომ, რომ სამუშაოს პასუხისმგებლობით მოეკიდნენ, ხოლო თუ ოდესმე დამატებითი დავალების გაცემა მოგიწევთ, აუცილებლად ჰკითხეთ მოზარდებს, რა ტიპის დავალების შესრულება ურჩევნიათ. როდესაც ისინი არჩევანს თავად აკეთებენ, თავს უფრო დაფასებულად გრძნობენ და დავალება ისეთი უსიამოვნო აღარ ეჩვენებათ, როგორიც მანამდე.

ბოლოს კი ყველაზე მთავარი: თუ დამატებითი დავალების მიცემას დააპირებთ, არავითარ შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ ან არ გადადოთ ამის გაკეთება, თორემ მომდევნო ჯერზე თქვენს სიტყვას ფასი აღარ ექნება. მოსწავლეები აღარ დაიჯერებენ, რომ 30-დან 10 ქულის შენარჩუნებას თუ ვერშენარჩუნებას აზრი აქვს. შესაბამისად, ეს მეთოდიც სამუდამოდ დაკარგავს ძალას.

აქტივობები ენა-მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის

0

ენა-მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვებთან სამუშაოდ არაერთგვაროვანი აქტივობები და მეთოდოლოგიაა საჭირო.  ცნობილი ფაქტია, რომ ამგვარი დარღვევის მქონე ბავშვებს ქცევის სირთულეც ახასიათებთ და ადვილი არ არის საგაკვეთილო პროცესში მათ თავისებურებებთან გამკლავება. ერთი მომენტიცაა: ჩვენში ამ დარგში ძველი და ახალი მეთოდოლოგიების ჭიდილი იგრძნობა, ლიტერატურა კი მწირია.

მეტი მრავალფეროვნებისთვის აქტივობების შესახებ Chart GPT-ს ვკითხე. აღმოჩნდა, რომ ის საკმაოდ კომპეტენტური სპეციალისტი ყოფილა. მისი აზრით, ენა-მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობა, უპირველეს ყოვლისა, მოითხოვს მოთმინებას, სტრუქტურირებულობას და შემოქმედებით მიდგომას. გაგაცნობთ აქტივობებს, რომლებსაც Chart GPT გვთავაზობს მეტყველების, კომუნიკაციის, არტიკულაციის, აუდიტორული გაგების და ლექსიკური მარაგის გასავითარებლად:

 

  1. არტიკულაციური თამაშები (ბგერების გამოთქმის გაუმჯობესება)
  • მიზანი: კონკრეტული ბგერების გამოთქმაში ვარჯიში
  • სარკესთან ვარჯიში: ბავშვი ხედავს საკუთარი პირის მოძრაობას და იმეორებს ენის სპეციალისტთან ერთად.
  • დაიჭირე ბგერა – ბავშვი უსმენს სიტყვას და პოულობს ბგერას (მაგ: „ს“ – „სანთელი, სარკე“).
  • საუბარი პაწაწინა მეგობრებთან – სათამაშოებთან საუბარი ბგერებით, რომლებიც ბავშვისთვის რთულია.

 

  1. სიტყვათა მარაგის განვითარება
  • მიზანი: ლექსიკის გამდიდრება, ასოციაციური აზროვნება
  • ვინ რას აკეთებს?“ – სურათები მოქმედებით; ბავშვი პასუხობს კითხვებზე ან ადგენს წინადადებას (მაგ.: „დედა ამზადებს საჭმელს“).
  • ასოციაციების ჯაჭვი: ვეუბნებით სიტყვას, ბავშვი კი ეძებს მასთან დაკავშირებულ სიტყვებს (მაგ.: „წვიმა“ – „ქოლგა“, „ღრუბელი“).
  • მოთხრობა სურათების მიხედვით – ბავშვი თხზავს პატარა ისტორიას სურათების მიხედვით.

 

  1. მეტყველების დინამიკის განვითარება (შეერთება, შეკვეცა, წინადადებები)
  • მიზანი: აზროვნების გრამატიკული ორგანიზება
  • დაასრულე წინადადება – ლოგიკური და მარტივი წინადადებები, რომლებიც ბავშვმა უნდა დაასრულოს.
  • 3 სიტყვაერთი ამბავი– ვაძლევთ სამ სიტყვას (მაგ.: კატა, ბურთი, ფანჯარა), რომელთაგანაც ბავშვმა უნდა შექმნას ამბავი.
  • სურათების თანმიმდევრობა – ბავშვი აწყობს სიუჟეტურ სურათებს თანმიმდევრობით და ჰყვება ისტორიას.

 

  1. აუდიტორული გაგება და ზეპირი მეხსიერება
  • მიზანი: მოსმენის უნარის გაძლიერება და ზეპირი ინფორმაციის დამახსოვრება
  • ვის ვუსმენთ?“ – ბავშვი უსმენს ხმას ან აღწერას და გამოიცნობს.
  • მარტივი ინსტრუქციების მიყოლა: „დადე წიგნი მაგიდაზე, მერე აიღე ფანქარი“.
  • მეხსიერების ჯაჭვი: ბავშვი იმეორებს მზარდი სიგრძის სიტყვათა სერიებს.

 

  1. მოტორიკა + მეტყველება (სხეულის მოძრაობის გამოყენებით)
  • მიზანი: ენის და მოძრაობის კოორდინაცია
  • რითმული ლექსები ხელის ტყაპუნით
  • ლოგორიტმიკა – მარტივი მოძრაობები/ქცევები ლექსებთან ერთად (მაგ., „ხელით დავხატოთ მზე“).
  • მეტყველებითი იოგა – მარტივი იოგას პოზები სუნთქვის ვარჯიშებთან ერთად

 

  • რესურსები და ინსტრუმენტები:
  • სურათების ბარათები (ლექსიკა, მოქმედება, გრძნობები)
  • ქუჩის ან ცხოველების პატარა ფიგურები – როლური თამაში
  • სარკე, ასო-ბგერების ბარათები, ფანქრები, საღებავები და სტიკერები.

 

პრაგმატული ენის დარღვევა ანუ ენობრივი კომუნიკაციის სოციალური მხარის დარღვევა ბავშვებში ხშირად გამოიხატება შემდეგნაირად:

  • საუბრისას დათმობის უუნარობით;
  • თემასთან დაუკავშირებელი პასუხებით;
  • ჟესტების, გამომეტყველების ან ტონალობის უგულებელყოფით;
  • იუმორის, ირონიის ან გადატანითი მნიშვნელობის ვერგაგებით;
  • მეტისმეტი დომინანტობით ან პირიქით, გაუბედაობით კომუნიკაციისას.

 

პრაგმატული ენისთვის სპეციალურად შერჩეული აქტივობები

  1. როლური თამაშებირა მოხდებოდა, რომ…

მიზანი: სოციალური სცენარების მოდელირება.
მაგალითი:

  • სიტუაცია: „შენ ხარ მაღაზიაში, გამყიდველს არ აქვს ხურდა“.

ბავშვი ეძებს შესაბამის სიტყვებს, ტონს, ჟესტს – როგორ მოიქცეს.

წინასწარ გააგებინე, რას ნიშნავს თავაზიანობა, ალტერნატივა, უკმაყოფილება ისე, რომ აგრესია არ ჩანდეს.

  1. სოციალური კომუნიკაციის ბარათები

მიზანი: სიტუაციური რეაგირების ვარჯიში.

ბარათებზე გამოსახულია სცენები:

  • „ვიღაცამ შენზე ცუდი თქვა“.
  • „მეგობარმა დაკარგა რვეული და შენ იპოვე“.

ბავშვი ირჩევს პასუხს/ტონს/ჟესტს და ასაბუთებს, რატომ აირჩია ის.

  • შეავსე მოფიქრებით: „კიდევ როგორ შეიძლებოდა პასუხის გაცემა?“

 

  1. მცირე ვიდეოკლიპების ან ანიმაციების ანალიზი

მიზანი: მიმიკებისა და ქვეტექსტების გარჩევა

აჩვენე 1-2-წუთიანი ვიდეო და ჰკითხე:

  • რას გრძნობს პერსონაჟი?
  • რა არ თქვა ხმამაღლა, მაგრამ იგრძნობოდა?
  • როდის იცრუა?

ეს ავითარებს ემპათიას, ინტუიციასა და სოციალურ ინტერპრეტაციას.

 

  1. გაგრძელე საუბარი

მიზანი: დიალოგის შენარჩუნება და წინ წამოწევა

დაიწყე ფრაზით: „მე დღეს სკოლაში საინტერესო რამ გავიგე…“

ბავშვმა უნდა დააკავშიროს: „რა იყო ის? / მეც ასევე ვიყავი“.

თუ პასუხი კონტექსტს არ შეესაბამება, შეგიძლიათ ერთად გადააკეთოთ დიალოგი: „რა უნდა ეთქვა, რომ მეტი თანხვედრა ყოფილიყო?“

 

  1. იუმორის თამაში

მიზანი: ირონიის, ორმაგი მნიშვნელობის, ცნობისმოყვარეობის გაგება

უთხარი მეტაფორული ფრაზები:

  • „მის ტვინში დინოზავრებმა ფეხბურთი ითამაშეს“.

ბავშვი უნდა მიხვდეს, რომ ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ არის ნათქვამი. ივარჯიშეთ სახალისო ახსნებით.

 

  1. ემოციური ბარათები და ურთიერთობა

მიზანი: სხვისი ემოციის ამოცნობა და საპასუხო რეაქცია.

აჩვენე ბავშვს სახის გამომეტყველება ან სიტუაცია.

ჰკითხე: რა უნდა უთხრას მას მეგობარმა? როგორ დაეხმაროს?

 

დამატებითი რჩევები

  • იყავი მარტივი და პროგრესული: თავდაპირველად ეცადე, სცენარები იყოს ნაცნობი და მარტივი (სკოლა, მაღაზია, თამაშის მოედანი), შემდეგ გადადი კომპლექსურ ურთიერთობებზე.
  • ხშირად გამოიყენე სარკე, ხმის ჩაწერა, ვიდეოგადაღება – ბავშვები უკეთ ხედავენ, როგორ ჟღერს/“გამოიყურება“ მათი მეტყველება.
  • შექებისას იყავი სპეციფიკური: „ძალიან კარგად უთხარი, რომ გწყინდა, მაგრამ არ დაჩაგრე. ეს მნიშვნელოვანია!”

 

კიდევ უამრავი აქტივობის მოფიქრებაა შესაძლებელი. პირადად მე გამომიყენებია „სიტყვების ბანკი“, „განძის ყუთი“, „მოძრავი ლექსიკონი“ და ბავშვებისთვის სახალისო და საინტერესო სხვა აქტივობები. თითოეული მათგანი ენის ფონოლოგიურ, მორფოსინტაქსურ, სემანტიკურ, პორაგმატულ დონეებს ავსებს და შესაბამის მიზანზე გადის. პირადად კი ძალიან მაინტერესებს, ძვირფას მკითხველს აქტივობათა სახელწოდებები რა ასოციაციებს გაუჩენს.

მონაცემების დაცვა და კიბერუსაფრთხოება

0

თანამედროვე სამყაროში, სადაც მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც ყოველდღიურად იყენებენ გაჯეტებს, ელექტრონულ მოწყობილობებს, ინტერნეტს, სოციალურ ქსელებს, აპლიკაციებს, ხელოვნური ინტელექტის და ონლაინთამაშების პლატფორმებს, უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება მონაცემების დაცვა და კიბერუსაფრთხოება. ინფორმირებულობა და წესების დაცვა მნიშვნელოვანია კიბერთაღლითებისა და ონლაინკრიმინალებისგან მომდინარე, პირადი მონაცემების გაჟონვისა და გავრცელების საფრთხის შესამცირებლად.

ინტერნეტი და ციფრული სასწავლო პროგრამები განვითარებისა და კომუნიკაციის უდიდეს შესაძლებლობას ქმნის მხოლოდ მაშინ, როცა მას უსაფრთხოდ ვიყენებთ. მასწავლებლებისა და მშობლების როლი ბავშვების განვითარებაში მათთვის არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ ციფრული პასუხისმგებლობის პირადი მაგალითების ჩვენებაც არის. ეს საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ მომავალი თაობა იყოს ინფორმირებული, დაცული და პასუხისმგებლობიანი როგორც ფიზიკურ, ისე ციფრულ სივრცეში. გახსოვდეთ ისიც, რომ ბავშვები, რომლებიც ინტერნეტის მასობრივი გავრცელების ხანაში ელექტრონული მოწყობილობებით ჭარბად გაჯერებულ სივრცეებში იზრდებიან, არცთუ იშვიათად ზრდასრულებზე სწრაფად ითვისებენ ელექტრონულ პლატფორმებს და მშობლები და მასწავლებლები მათთან შედარებით შესაძლოა მეტად დაბნეულები ან არაინფორმირებულები ჩანდნენ, მაგრამ ეს მათზე ზრუნვის პასუხისმგებლობას არ გვიხსნის.

კონკრეტულ წესებზე გადასვლამდე მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, რას გულისხმობს კიბერსაფრთხეები და მონაცემების დაცვა.

მონაცემი არის ყველა ტიპის პირადი ინფორმაცია, რაც კი შეიძლება თქვენ წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული – თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების დაბადების თარიღი, საბანკო მონაცემები, ცნობები საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის შესახებ, ინტერნეტსერფინგის ამსახველი დეტალური ჩანაწერები. ყველა ის ინფორმაცია, რასაც თქვენ შესახებ გასცემთ სხვადასხვა პლატფორმაზე, ინახება და სხვადასხვა მიზნით გამოიყენება. მათი ნაწილი საფრთხის მატარებელი არ არის – თქვენს ინტერესებს მორგებული სარეკლამო წინადადებები, ინფორმაცია თქვენი საცხოვრებელი ადგილის მახლობლად არსებულ სერვისებზე, ნაწილი კი, თუ თაღლითების ხელში აღმოჩნდა, შესაძლოა, თქვენთვის სახიფათო აღმოჩნდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, არ დარეგისტრირდეთ საეჭვო პლატფორმებზე, არ გადასცეთ თქვენი პაროლი სხვას და მეტი დაცულობისთვის გამოიყენოთ ორმაგი ავტორიზაციის სისტემები.

კიბერსაფრთხეებად მოიხსენიება ციფრულ სამყაროში არსებული რისკები, რომელთა ჩამონათვალი თითქმის უკვე ისეთივე ვრცელია, როგორიც რეალურ ცხოვრებაში არსებული დანაშაულებისა. ყველაზე გავრცელებული კიბერსაფრთხეებია:

 

  • ფიშინგი – ყალბი ბმულების, შეტყობინებების, წერილების საშუალებით პაროლების, ანგარიშების ან სხვა პირადი ინფორმაციის მოპარვა, რაც შემდგომში შესაძლოა თაღლითობისთვის ან სხვა დანაშაულებისთვის იქნეს გამოყენებული;
  • მავნე პროგრამები, რომლებიც ხილულად ან უხილავად შემოდის თქვენს მოწყობილობებში და შეუძლია თქვენს ფაილებზე წვდომა ან თქვენი მოწყობილობების დავირუსება და დაბლოკვა;
  • პირადი მონაცემების გაჟონვა – თქვენი ფოტოების, საკონტაქტო ინფორმაციის არალეგალურად გავრცელება, რაც მოწყვლადს გვხდის პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროების, ბულინგის, თაღლითების თავდასხმების მიმართ;
  • კიბერბულინგი, შანტაჟი და ციფრული შევიწროება – ბულინგისა და სექსუალური დანაშაულების გადატანა ონლაინსივრცეში, სადაც მოძალადეს შეუძლია, სხვა იდენტობით, ყალბი ანგარიშით და ანონიმურად მოგაყენოთ ზიანი, გამოგძალოთ სექსუალური ხასიათის ფოტოები და ვიდეოჩანაწერები, დაგაშანტაჟოთ მათი გამოყენებით, თქვენი გრაფიკული გამოსახულებით შექმნას ყალბი კონტენტი თქვენი დისკრედიტაციისთვის, გამოგძალოთ ფული თქვენს შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის გაუვრცელებლობის პირობით ან თქვენი ნების საწინააღმდეგოდ, იმის შიშით, რომ თქვენი პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს გაავრცელებს, გაიძულოთ მისი მოთხოვნების შესრულება;
  • ყალბი აპლიკაციები და ვებსაიტები – არსებულთა ანალოგიით შექმნილი პლატფორმები ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად, მონაცემების შესაგროვებლად ან ფულის გამოსაძალად.

კიბერსაფრთხეებისგან თავის დაცვაში ეს მარტივი წესები დაგეხმარებათ:

  • არასოდეს გაუზიაროთ პაროლსხვას. თქვენი პაროლი მხოლოდ თქვენ გეკუთვნით. ძლიერი პაროლი ძლიერ დაცვას ნიშნავს.
  • არ გახსნათ უცნობი ბმულები და უცხოებისგან გამოგზავნილი ფაილები.
  • კარგად დაფიქრდით ინტერნეტში იმ პირადი მონაცემების გაზიარებამდე, რომლებიც შეიძლება საჯაროდ გამოჩნდეს – მობილურის ნომერი, სახლის მისამართი, სამუშაო ადგილი ჯობია დახურული იყოს და მხოლოდ უკიდურესი საჭიროებისას გაამჟღავნოთ სანდო პლატფორმებზე.
  • კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს საჯაროდ გააზიარებთ. ყველაფერი, რასაც ინტერნეტში ერთხელ დაპოსტავთ, იქნება ეს თქვენი მოსაზრება სხვადასხვა საკითხზე, პირადი ფოტოები თუ სხვა ინფორმაცია, სამუდამოდ ტოვებს ციფრულ კვალს, განურჩევლად იმისა, წაშლით თუ არა მას გარკვეული ხნის შემდეგ.
  • ინფორმაციის გავრცელებისას ყოველთვის დაფიქრდით, ნამდვილად გინდათ თუ არა ამის გაზიარება უსაზღვრო ონლაინსამყაროსთვის. არაერთ ადამიანს კვლავ აქვს განცდა, რომ მათი პირადი პროფაილი მართლაც პირადი სივრცეა. მათ ავიწყდებათ, რომ ეს არის უსაზღვრო საერთო სივრცეში მათთვის მონიშნული ადგილი, სადაც მათგან დამოუკიდებლად დადგენილი წესები მოქმედებს და არც ყველა რისკისგან თავის დაზღვევაა მათ ხელთ.
  • არ გააბათ მეგობრობა უცნობებთან ინტერნეტში. არ უთხრათ უცხოებს, სად ცხოვრობთ, სად სწავლობთ, არ გაუგზავნოთ ფოტოები და არ მოუყვეთ პირად ამბებს. შეიძლება, ადამიანი ბავშვებს თანატოლად ეცნობოდეს, სინამდვილეში კი ზრდასრული კიბერკრიმინალი იყოს. მის პირად სივრცეში საეჭვო პირების გამოჩენისას მოზარდს უნდა ჰქონდეს ზრდასრულების მხარდაჭერისა და დახმარების იმედი. ისინი არ უნდა განსაჯოთ მათ სიახლოვეს გამოჩენილი საეჭვო უცნობების გამო. ერთადერთი, რაც მათ ამ დროს სჭირდებათ, დაცვაა.
  • ყურადღებით მოეკიდეთ აპლიკაციებს, რომლებსაც იყენებთ. ზოგი მათგანი შესაძლოა ითხოვდეს წვდომას თქვენს ფოტოებზე, მარშრუტებსა თუ სხვა მონაცემებზე. თუ აპლიკაციას ამ მონაცემებზე წვდომას აძლევთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ის მათ თქვენი ინტერესების საზიანოდ არ გამოიყენებს და რომ ღირს ამ ინფორმაციის გაზიარება იმ სიკეთეებისთვის, რასაც აპლიკაციის გამოყენება მოგიტანთ.
  • მოუფრთხილდით თქვენს მოწყობილობებსა და ანგარიშებს. ნუ დატოვებთ ტელეფონს და სხვა პირად გაჯეტებს უყურადღებოდ ისეთ ადგილას, სადაც მათზე ხელი მიუწვდებათ სხვებს. ნუ დატოვებთ თქვენს ანგარიშს გახსნილს საერთო მოხმარების კომპიუტერში. ფრთხილად იყავით ღია უფასო ქსელის გამოყენების დროსაც – ამ ქსელების გავლით თქვენს მონაცემებზე წვდომის რისკი იზრდება.
  • ფრთხილად კიბერბულინგთან! არ გახდეთ მოძალადე ციფრულ სამყაროში და არ გადგეთ განზე, როცა სხვებზე ძალადობენ – ერთმანეთის დაცვა, ინფორმირება და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ციფრული სამყარო იძლევა ანონიმურად მოქმედების შესაძლებლობას, საბოლოოდ ყველა ანონიმური დანაშაულის უკან მდგარი ადამიანის პოვნა შესაძლებელია, რადგან ინტერნეტში ვერაფერს გააკეთებთ ისე, რომ ციფრული კვალი არ დატოვოთ. შესაბამისად, ჯობია, როგორც რეალურ ცხოვრებაში, ისე ონლაინ სივრცეშიც წესიერი მოქალაქე იყოთ.
  • დაიცავით ასაკობრივი შეზღუდვა და გამოიყენეთ მშობლების ფილტრები. არ მისცეთ 13 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალურ ქსელებში პირადი ანგარიშების გახსნის უფლება, დაუყენეთ ასაკის შესაბამისად კონტენტის შემზღუდავი ფილტრები და გაეცანით იმ პლატფორმებს, სადაც განსაკუთრებით ბევრ დროს ატარებენ, ონლაინ თამაშები იქნება ეს, სოციალური ქსელები თუ ვებსაიტები.

სიცოცხლეზე ძვირფასი გრძნობები

0

(„პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ…“ და ონორე დე ბალზაკის „წითელი სასტუმრო“)

 ყველამ ვიცით არისტოტელური ამბავი „პლატონისა და ჭეშმარიტებისა“; ჭეშმარიტებას კი შეიძლება კაცობრიობის მარადიული პრობლემა ეწოდოს. მასზე საუბრისას უნდა გვახსოვდეს მცდარობის გაგებაც. ორივე მათგანი ახასიათებს აზრსა თუ ცოდნას. მაგალითად, პლატონი და ავგუსტინე ჭეშმარიტებად მიიჩნევდნენ ერთხელ და სამუდამოდ მოცემულ არსს, ანუ მარადიულს როგორც ყველა იდეალური ობიექტის მახასიათებელს, არისტოტელე კი ფიქრობდა, რომ ჭეშმარიტება აზრის შესაბამისობაა საგანთან, მოვლენასთან.

ჭეშმარიტებას აქვსო საფეხურები: ფაქტობრივი და ლოგიკური ჭეშმარიტება; ასევე უნდა ჰქონდეს საზომიც და კრიტერიუმებიცო, მსჯელობენ…

მითიური გმირის, აკადემოსის, ბაღში პლატონმა დააარსა ფილოსოფიური სკოლა, რომელსაც „აკადემია“ ეწოდა. გადმოგვცემენ, რომ ამ შენობის შესასვლელთან იყო წარწერა: „ვინც მათემატიკა არ იცის, ჩემს ლექციებს ნუ დაესწრება“, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფილოსოფიური სიბრძნის დაუფლებისთვის მათემატიკა აპრიორი უნდა გცოდნოდა.

384 წელს ქალაქ სტაგირაში, მეფის კარის ექიმ ნიკომაქეს ოჯახში დაბადებული არისტოტელე 17 წლის ასაკში პლატონის აკადემიის მსმენელი გახდა და 20 წლის განმავლობაში, პლატონის გარდაცვალებამდე (ძვ.წ. 347 წ.), იყო ამ აკადემიაში როგორც გენიოსის გენიოსი მოწაფე, ბოლომდე თაყვანისმცემელი თავისი მასწავლებლისა, ამიტომ ალბათ გასაკვირია აღნიშნულის შემდეგ არისტოტელეს ცნობილი სიტყვები პლატონის მიმართ („თუმცა ჩემთვის ძვირფასია პლატონიც და ჭეშმარიტებაც, მაგრამ წმინდა მოვალეობა მკარნახობს, უპირატესობა ჭეშმარიტებას მივანიჭო“). უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ცალმხრივი შთაბეჭდილებაა! ჭეშმარიტება ხომ ყველასა და ყველაფერზე მაღლაა ყოფიერებაში და თუ ეს გწამს, შენი უკომპრომისობა მაღალ სამართალს შეგაგრძნობინებს თუ შეგამეცნებინებს. თუმცა აქ ყველას მერაბ მამარდაშვილი გაგვახსენდება, რომელსაც ვერ დავეთანხმები  იმაში, რომ ქართველთა უნიკალური ქარისტიანული აღქმა სამყაროსი, ღვთისა და სამშობლოს ერთ სიბრტყეზე მოაზრებით, შოვინიზმს, ფაშიზმს ან რასიზმს ნიშნავს; ამ უკანასკნელთაგან თავისუფლება გენში გვაქვს როგორც ჰუმანიზმი და ეს კოდი არ იცვლება.

რაც შეხება არისტოტელეს გამონათქვამს, მან საუკუნეებს გაუძლო როგორც მაგალითმა ადამიანური მიუკერძოებლობისა, ობიექტურობისა და უმაღლესი ღირებულებებისადმი ღრმა პატივისცემისა.

იმაზე საუბარი, რაში, რომელ  ძირითად პრინციპებში არ ეთანხმებოდა არისტოტელე პლატონს, თავის უძვირფასეს მასწავლებელს, რომლის ფილოსოფიურ იდეებზეც აღიზარდა, შორს წაგვიყვანდა. შეგვიძლია მოკლედ ვთქვათ, რომ ეს იყო პლატონის ცნობილი თეორია იდეებზე: რომ არსებობს ორი სინამდვილე,  საგნებზე იდეებისა და ამ იდეების ანარეკლი, მიმსგავსებული საგნებისა. არისტოტელემ აღმოაჩინა, რომ ყველა საგანს როდი აქვს იდეა (მაგალითად, ფრჩხილს, ჭუჭყს). არისტოტელეს მიერ პლატონის იდეათა თეორიის წინაღმდეგ მოხმობილი არგუმენტებიდან ზოგი მართებულია, ზოგიც – მცდარი, თუმცა ამით არც პლატონის სიდიდეს აკლდება რამე, არც არისტოტელესი, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელად ითვლება, დიდი წვლილის შემტანად მის განათლებაში. ალექსანდრე მაკედონელიც მიიჩნევდა, რომ ორი ადამიანისგან იყო დავალებული ცხოვრებაში: მამის, მაკედონიის მეფე ფილიპეს, და გენიალური მასწავლებლის არისტოტელესგან.

მოდი, ახლა უკვე ლიტერატურის მაგალითზე განვიხილოთ, რა ხდება, როცა არისტოტელეს ცნობილი გამონათქვამი პლატონზე არ სრულდება ვინმეს, თუნდაც ონორე დე ბალზაკის ცნობილი მოთხრობის, „წითელი სასტუმროს“, პერსონაჟის, მიერ.

იწყება თხრობა და ვეხვევით დიდი ფრანგი მწერლის არისტოკრატული იუმორის ხიბლში, რომელიც შლეიფივით შემოხვევია მთელ სიუჟეტს. პარიზელი ბანკირის ნიურნბერგელი სტუმარი, უმწიკვლო და კეთილშობილი ბევრი გერმანელივით, „რომლის მშვიდობისმოყვარე ზნე-ჩვეულებები შვიდმა ლაშქორობამაც კი ვერ შეცვალა“, ტიპური გერმანული სახელით – ჰერმანი, წვეულებაზე ჰყვება უცნაურ და შემაძრწუნებელ ამბავს.

შეიძლება ითქვას, რომ მოთხრობა სინდისის ქენჯნაზეა – სხვადასხვა ზნეობრივი მრწამსის მქონე სხვადასხვა პერსონაჟის სინდისის ქენჯნაზე; იმ დემონურ სევდაზეც დაკარგული სიკეთის გამო, რომელსაც ასე გულში ჩამწვდომად აღწერს ნეოპლატონიზმი, არეოპაგეტიკა: „ადამიანს ყოველთვის არ ძალუძს ბოროტების ჩადენა. თვით მეკობრეთა ბრბოშიც კი გამეფდება ხოლმე ისეთი მყუდრო წუთი, როცა მათი პირქუში ხომალდი საქანელასავით განანავებს“ (4).

დიდებულია ბალზაკის ირონიული სარკაზმი, ადამიანური არსებობის სრული, ნათელი და ბნელი, რონატიკული და პრაგმატულ-ნატურალისტური პლანების ხედვით რომაა გამოწვეული: „გემრიელი სადილის მონელებისას სევდიანი არც არავინ გვინახავს. ადამიანი ამ დროს გაირინდება ხოლმე – ეს ერთგვარი შუალედია მოაზროვნის ოცნებასა და მცოხნავი ცხოველის კმაყოფილებას შორის. კარგი იქნებოდა, ამგვარი განწყობილებისთვის მატერიალური, გასტრონომიული მელანქოლია გვეწოდებინა“ (6). აქაც და სხვა მომენტშიც გაგვახსენდება ჰერმან ჰესეს კაცი-მგლობის ცხოვრებისეული კონცეფცია. ასეა, ადამიანმა არ იცის, ვინაა, რომელი გაიღვიძებს მასში – კაცი თუ მგელი; თუნდაც ექსტრემი რომელს გამოავლენს მავანში: გმირს თუ ავაზაკს, იმ მძაფრი ალღოთი და მტკიცე ნებისყოფით, რომლებსაც გეგმის შედგენისა თუ განხორციელებისას ავლენენ პატიმრები და ბოროტმოქმედები.

ჰერმანის მონათხრობში ორი მეგობარია, ორივე – უმცროსი სამხედრო ექიმი მე-18 საუკუნისა. ალბათ ორივეშია „ინდაიანური“ ბუნება, რომელსაც ერთი ამარცხებს, მეორე – ვერა და მკვლელად იქცევა, სიმდიდრის გამო თავს სჭრის ადამიანს. ეს შინაგანი მეტამორფოზები ონორე დე ბალზაკს შესაშური სიმარტივითა და ძალდაუტანებელი ოსტატობით აქვს აღწერილი, მოკლედ, ნარატივი მდინარესავით მოედინება; ეს დინება ხან მშვიდია, დაწმენდილი, ხანაც – მღვრიე და ავის მომასწავებელი და მქმნელი.

ერთ-ერთ მეგობარში, როგორც ვთქვით, საბედისწერო გუმანს, ლტოლვას დანაშაულისკენ, პატიოსნება ჯაბნის: „აღზრდით მიღებულმა ჩვევებმა, რელიგიურმა რჩევა-დარიგებებმა, განსაკუთრებით კი […] მამისეული სახლის ჭერქვეშ გატარებული უმწიკვლო ცხოვრების მოგონებებმა დაამარცხეს ბოროტი ზრახვანი“ (30). მეორეს სძლევს ეშმაკი, თუმცა იგივე ეშმაკი მას უვნებელს ტოვებს, ხოლო ის, ვინც დანაშაული არ ჩაიდინა, მკვლელობის ბრალდებით გასამართლდება ისე, რომ მეგობარში ეჭვიც არ ეპარება („თანაც მეგობრის საკუთარ თავზე მეტად მწამდა და ბრალს ხომ ვერ დავდებდი“). მას სიკვდილი ურჩევნია იმის აღიარებას, რომ მათი ძმობა, რომელიც ხუთი წლის ასაკიდან დაიწყო, საეჭვოა… ანუ ის, ვისაც მოღალატე მეგობრის ნაცვლად სიკვდილით სჯიან, ვერ ხედავს ჭეშმარიტებას, რომელიც მეგობრობაზე მაღლა დგას. თუმცა მოგვიანებით ღმერთი, ურომლისოდაც სისულელე იქნებოდა ყველაფერი, „ალაგებს“ სიცოცხლესა თუ მეგობრობაზე ძლიერი გრძნობებით არეულ-სიტუაციას, რომელიც მკითხველს, კითხვის გარკვეულ მომენტამდე, კამიუსი არ იყოს, აბსურდულ/ალოგიკური ჰგონია და აი, რატომ: მეგობრის, ფრედერიკის მაგივრად სიკვდილით დასჯილი პროსპერ მანიანის უკანასკნელი მზერა დედისკენ არის მიპყრობილი, თუმცა ეს მზერა დანაბარებით ვერ მიდის ადრესატამდე, რადგან დედა უკვე გარდაცვლილია: „…მე უდიდესი მწუხარებით მოცულ დრამად მივიჩნევ იმ სამარადისო საიდუმლოებას, რომლის წიაღშიც ჩაიმარხა ერთი სამარიდან მეორეში გადაგზავნილი გამომშვიდობება და რომელიც ვერასოდეს სულიერ ქმნილებათა სმენას ვერ მისწვდება, ისევე როგორც უდაბნოში გზააბნეული მგზავრის ყვირილი, რომელსაც უცბად ლომი დასეხა თავს“ (46).

ყველას ცხოვრებაშია იდუმალების, ამოუხსნელი საიდუმლოს განცდა; ასევე – განსაცვიფრებელი სიღრმის მორალური მოვლენები, როგორც ბალზაკი უწოდებს, რომლებიც უბრალოებისა და შეუმჩნევლობის ბურუსით იბურება.

ჰერმანს უსმენს ტაიფერი, მკვლელი მეგობარი, მოპარული ქონებით გამდირებული, უკვე ასაკოვანი, რომელიც გვერდიდან არ იშორებს თავის ასულს, გამოუცდელ და უმანკო ვიქტორინს. აი, რა ლაკონურად და როგორი ოსტატობით ხსნის ამ ფსიქოლოგიზმს ბალზაკი: „ალბათ მასაც, როგორც ყველა ბოროტმოქმედს, სურდა, სულის სიმშვიდე უმანკო ქმნილების გვერდით ეპოვა“ (49).

როგორია დიდი ფრანგი მწერლის ცხოვრებისეული მძიმე „ფილოსოფია“? აი, თუნდაც ეს, მოკლედ: „მაშ, ასე, მშვიდობა არამზადებს, ომი – უბედურთ და გავაღმერთოთ ოქრო…“; „სათნოების ჯილდოს გაიძვერებს მისცემენ“ – ცხოვრება სასტიკიცაა და დამცინავიც: მთხრობელს მკვლელის, ჟან ფრედერიკ ტაიფერის, ასული შეუყვარდება, რაც, ცხადია, ხელს უშლის დამნაშავის მხილებაში.

მოდი, ფინალს ნუ გავუმხელთ მათ, ვისაც ეს მოთხრობა არ წაუკითხავს. ჩვენს კლასიკაზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა. კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებები ბერძნულ ტრაგედიებს ჰგავს. იცი, რომ ბევრი რამ მწერლის ფატაზიის ნაყოფია, მაგრამ ისე გადაეშვები ამ დიდოსტატური კალმით „მობერილ“ გრძნობათა ქარიშხალსა თუ მორევში, რომ თავად აღმოჩნდები თითქოს „ბერძნული თეატრის სცენაზე“, ტრაგედიასა თუ კომედიაში, და საკუთარ თავსაც აკვირდები პერსონაჟებთან ერთად, მათ გარემოცვაში. ამას ჰქვია დიდი შემოქმედება!

ბალზაკი რეალისტიც არის და რომანტიკოსიც, ოღონდ ორივე – ზომიერად, ორივე – გონივრული ბალანსით, ამიტომ როცა მთავარი გმირი უარს ამბობს კეთილშობილ ტყუილსა თუ სამწუხარო ექსპერიმენტზე, თანაც მწერლის დასკვნა არ გვაქვს, – პრობლემატიკაც (პლატონურ-არისტოტელური) მკითხველის გულსა და გონებაში გადმოინაცვლებს.

ცხოვრების დიდი, ბანალურ-მისტიკური „შარადა“ თუ „ცდა ბედის მონახევრეა“ გ რ ძ ე ლ დ ე ბ ა!

 

 

ციტატები წიგნიდან: ონორე დე ბალზაკი, „წითელი სატუმრო“, გამომცემლობა „პალიტრა“, 2021

დამანგრეველი თუ გამაძლიერებელი? – როგორ გარემოს ვქმნით ბავშვებისთვის

0

ჩემს წლინახევრის შვილს აქტიურად ვასეირნებ ეზოში, პარკებსა თუ სკვერებში, რადგან გარემო მისთვის განტვირთვის, ენერგიის დახარჯვისა და აქტიური შემეცნების სივრცეა. ირგვლივ მყოფებთანაც მეგობრულ კავშირში ვართ, ვურთიერთობთ ადამიანებთან, ვესაუბრებით ბავშვებს, გვესაუბრებიან თავადაც. ვეთამაშებით და ვცდილობთ, დრო საინტერესოდ გავატაროთ. მოქმედება საქანელასთან ხდება: პატარა ბიჭი საქანელაზე ქანაობს, მაშოსაც იქ უნდა, მივდივართ და ველოდებით, როდის დადგება ჩვენი რიგი.

 

დიალოგი ძალიან ბუნებრივად იწყება:

მე: რა კარგად ქანაობ, ყოჩაღ!

ის: ფეხებს მაგრად ვამოძრავებ.

მე: შენ ალბათ უკვე ბაღშიც დადიხარ.

ის: ბაღში დავდივარ და საჭმელს ცუდად ვჭამ.

მე: რა კარგად ლაპარაკობ, ალბათ მალე სკოლაშიც წახვალ.

ის: არა, ვერ ვლაპარაკობ კარგად, ბებიამ თქვა, ჩლიფინებო…

უცებ ყველა ის სიტყვა მახსენდება, რომლის მოსმენა ბავშვობაში ძალიან მტკივნეული იყო და უდიდეს დისკომფორტს მიქმნიდა. ეს სიტყვები მაეჭვებდა საკუთარ თავში და მაიძულებდა არ ვყოფილიყავი ძლიერი და გაბედული.

პატარა, ძალიან საყვარელი ბიჭი შეცდომაში იყო შეყვანილი… სიმართლე ის გახლდათ, რომ გადასარევად ლაპარაკობდა, ძალიან მეგობრული იყო, ხოლო ბაღის საჭმელი მეც დღემდე საშინლად მახსენდება და მთელი ბავშვობა მეც „ცუდი მჭამელი“ ვიყავი.

„ნორმალურად არაფრის გაკეთება არ შეგიძლია”, „ნახე, სხვა ბავშვები, რა ჭკვიანად იქცევიან, შენ კი როგორ იქცევი?!”, „რატომ არ შეგიძლია ნორმალური იყო?!”, „ყოველთვის შეცდომებს უშვებ, ყოველთვის საშინლად აკეთებ ყველაფერს”, „ნახე, როგორ კარგად სწავლობს სალომე, შენ კიდე ზარმაცი ხარ და სწავლა გეზარება”, „რამდენს კითხულობს ლუკა, რა კარგი ბიჭია, ლუკა ყველაფერს მიაღწევს, შენ კი დარჩები მაჩანჩალა,”, „ზარმაცი ხარ, უდისციპლინო, თუ ასე გააგრძელებ, ვერაფერს მიაღწევ ცხოვრებაში”, და ა.შ. და ა.შ.

დამანგრეველი ფრაზები კედლებზე გაკრული პოსტერებივით არის, თვალსაჩინოდ წარმოდგენილი, სულ თვალში გხვდება, თვალში გეჩხირება, აღარ გავიწყდება. მათ უდიდესი ზემოქმედების ძალა აქვთ. დარწმუნებული ვარ, ამ მავნე, ეკლიან და ჩხვლეტია სიტყვებს არცერთი მშობელი განგებ, ბოროტად და მიზანმიმართულად არ ეუბნება საკუთარ შვილს. ეუბნება მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ იქნებ გამოაფხიზლოს, იქნებ უკეთესი შედეგი და გავლენა მოახდინოს, იქნებ ჯადოსნური ეფექტი აქვს ამ მავნე სიტყვებს და როდესაც სიტყვები ბავშვების მისამართით გაფრინდებიან, ბავშვები მომენტალურად ისეთები გახდებიან, როგორიც მათ სურთ იყონ – ჭკვიანები, მოწესრიგებულები, დინჯები, ყოჩაღები, კარგი მოსწავლეები, დისციპლინირებული და უბრალოდ „საუკეთესოები”.

მაგრამ, ასე ნამდვილად არ ხდება, ეს ყველას გამოგვიცდია. პირიქით ხდება, სიტყვები ხორცს ისხამენ, ცოცხლდებიან, (შეძახილმა ხე გაახმოო, ხომ გახსოვთ?!) ჩვენზე უფრო ძლიერები ხდებიან და მთელი ცხოვრება აჩრდილივით კუდში დაგვდევენ და გვაეჭვებენ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს. ზოგჯერ ისეც ხდება, ამ მავნე აჩრდილებთან თანაცხოვრებასაც ვსწავლობთ, ზოგჯერ კი, მის სიძლიერეში ეჭვი შეგვაქვს, ბრძოლას ვუცხადებთ, ვამარცხებთ და მაინც ყოველთვის გვახსოვს, როგორც ძალიან ცუდი მოგონება.

გარემოში, სადაც ბავშვისთვის ნაფიქრი, სიყვარულით სავსე, თბილი და მზრუნველი დამოკიდებულებაა, ბავშვი გაბედულად მიიკვლევს გზას, თავდაჯერებულია. მან იცის, რომ რასაც აკეთებს, ეს ყველაფერი კარგია, მოუწონებენ, დაუფასებენ, შეაქებენ; მეორე გარემოში, სადაც ბავშვს ხშირად კიცხავენ, სუსტ მხარეებზე მიუთითებენ გაძლიერების და მასზე მუშაობის ნაცვლად, აქ ბავშვი კარგად არ გრძნობს თავს, მას არასრულფასოვნების განცდა აქვს. სჯერა, რომ არაა საკმარისი იმდენად, რომ თავი მოაწონოს მის საყვარელ ადამიანებს. ასეთ გარემოში გაზრდილი ბავშვი, მომავალში ან აგრესიულად ეცდება, იყოს მოსაწონი სხვებისთვის, ან ვერ გარისკავს, ვერ გადადგამს გაბედულ ნაბიჯებს, ვერ გამოიჩენს სითამამეს, ვერ აიღებს პასუხისმგებლობებს და ვერ იცხოვრებს სრულფასოვანი ცხოვრებით.

უფროსების მიერ ნათქვამ სიტყვებს შეიძლება ჰქონდეს დამანგრეველი და გამაძლიერებელი ეფექტიც ბავშვზე. არსებობს ორი მხარე, სადაც ბავშვის პიროვნება იფურჩქნება და მეორე მხარე, სადაც ბავშვის პიროვნება სუსტდება. გააჩნია, ჩვენ რომელ მხარეს ავირჩევთ, სად დავდგებით მისი პიროვნებად აღზრდის პროცესში.

მალე ახალი სასწავლო წელი დაიწყება, ბევრი პატარა პირველად შეაღებს საკლასო ოთახის კარს, ზოგი გაბედული იქნება, ზოგიც მორიდებული, პატარა მშფოთვარე გულებით და დიდი მოლოდინებით სავსეები შემოაბიჯებენ სკოლის კედლებში. მასწავლებელს ყველაზე მეტად შეუძლია, დაარწმუნოს ისინი საკუთარ ძალებში, ნიჭებსა თუ შესაძლებლობებში, გაუღვივოს სწავლის და შემეცნების სურვილი და ინტერესი და მართლაც, უფრო მეტი წარმატებებისკენ გაუკვალოს გზა.

დაუმთავრებელი ტექსტების სევდა

0

ჩემი ცხოვრების მთავარი ეტაპისთვის ვემზადები. მაგიდა გადმოვალაგე და აიოვაში დაწყებული და ვერაფრით დამთავრებული რომანის პირველი 100 გვერდი ვიპოვე ამობეჭდილი, კიდევ – აიოვაშივე ნაყიდი დიდი რვეული ჩანაწერებისთვის (ეს რომანიც წინასწარ კვლევას მოითხოვდა) და ამობეჭდილი მასალები. რვეული კი მახსოვდა, დამჭირდა და მაგიდაც მის მოსაძებნად გავჩხრიკე, მაგრამ ის იყო, უნდა ამეღო, რომ გულში უსიამოვნოდ გამკრა რაღაცამ. აი, მტკივნეული მოგონება რომ გაგმსჭვალავს უცებ, ისე – დაუმთავრებელ ტექსტთან მიბრუნება არ მინდოდა.

მაინც ავიღე, გადავათვალიერე. ამობეჭდილ მასალებსაც ჩავხედე. გული მომეწურა – რატომ არ დავასრულე?

იმიტომ, რომ იქაურმა (ამერიკულმა) გამოცდილებამ სრულიად სხვა ფიქრები გამიჩინა და რომანის თემა ჩემთვის ნაკლებად აქტუალური გახდა. კიდევ იმიტომ, რომ მაშინ ერთი არასწორი ადამიანი შემოვუშვი ჩემს ცხოვრებაში, რომელიც სასიცოცხლო ძალას მაცლიდა. მაგრამ ამ ორი მიზეზიდან არც მამართლებს რომელიმე და არც ნუგეშს მგვრის.

ტექსტები შუა გზაზე ადრეც მიმიტოვებია: მოთხრობებიც, რომანის ჩანასახიც. ეგაა, რომ ასე შუამდე მისული და თან ამხელა არცერთი არ ყოფილა. არცერთი არ დაწერილა რეზიდენციაში, არცერთის გამოქვეყნება-გამოცემის ამბიცია თუ მიზანი არ მქონია. როცა შესაძლებლობები, მკითხველი და გამომცემელი ჩნდება, პასუხისმგებლობაც იმატებს. ეს ამძაფრებს გამოუსვლელი საქმის ტკივილსაც. ალბათ, ეგაა ჩემი გულის წყვეტის მიზეზიც. ამ შუა გზაზე მიტოვებული ტექსტის დანახვა მართლა ისეთივე უსიამოვნო იყო, როგორც რაიმე ტრავმული მოგონების გაცოცხლება, წარსულიდან ხელახლა გამოხმობა.

ისიც კი გამეფიქრა, ხომ არ მივუბრუნდე-მეთქი. მით უმეტეს, რომ ტექსტის ცალკეული მონაკვეთები თურმე გამისწორებია. მაგრამ ეს აზრი მაშინვე უარვყავი – ჯერ ერთი, ახლა სხვა სამუშაო მაქვს და მეორეც, ტექსტს ყურადღებით რომ გავადევნე თვალი, მივხვდი, ოდნავადაც ვერ გადმოსცემდა იმას, რის გადმოცემაც მინდოდა (მახსოვს, რაც მქონდა განზრახული, კი).

ამის მიუხედავად, სადღაც, გულის კუნჭულში, ვინახავ მის თემას – ეგებ ოდესმე კიდეც დავწერო, ჯიუტად, მაინც დავწერო ტექსტი, ამ ქვეყანაზე მოვლინება რომ არ ინება.

როგორ ვასწავლოთ სიტყვები “ვეფხისტყაოსნიდან“

0

ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლა რთული პროცესია, თუმცა, ჩემი დაკვირვებით, ყოველი ტექსტის მოშინაურებაა შესაძლებელი. რამდენიმე ასეული წლის წინანდელი ლექსიკა დღეს გაუგებარია. ძველი, დავიწყებული სიტყვები მხოლოდ კონკრეტულ ტექსტში ცოცხლობენ და მათი შესწავლისთვის მიზანმიმართული აქტივობების მოფიქრება პირველი ნაბიჯია გაგება-გააზრების ეტაპზე გადასასვლელად.

სტატიაში წარმოგიდგენთ სიტყვის ბარათებს, რომლებიც „ვეფხისტყაოსნის“ ლექსიკის შესასწავლად დავამზადე.

 

ბარათების აღწერა

ერთ მართკუთხა ბარათზე დავწერე ერთი სიტყვა და სტრიქონი, საიდანაც ეს სიტყვა შევარჩიე, სტროფის ნომერიც იქვე მივუთითე, ხოლო მეორეზე – პირველ ბარათზე გამოტანილი სიტყვის თანამედროვე სალიტერატურო ენით განმარტებული მნიშვნელობა.

 

როგორ ვიყენებთ

ბარათების დამზადების პროცესში ბევრს ვფიქრობდი იმის შესახებ, როგორ გამომეყენებინა ბარათები ისე, რომ მეათე კლასის თითოელი მოსწავლე დაინტერესებულიყო და ხალისით ჩაბმულიყო პროცესში. ასეთი რამ მოვიფიქრე:

* სიტყვები ოთხ ჯგუფს გავუნაწილე. თითოეულს შეხვდა 22 ბარათი (11 – სიტყვა და სტრიქონი, 11 – სიტყვის განმარტება).

* გაკვეთილი დავიწყე საშინაო დავალების ინსტრუქციის გაცნობით და ბავშვებისთვის მოფიქრებული ინსტრუქციის მიხედვით დაწერილი თემის წაკითხვით.

* მოსწავლეებს ვუთხარი, რომ გაკვეთილის ბოლოს უნდა შეერჩიათ თითო სიტყვა, რომლის მიხედვითაც თავისუფალ თემას დაწერდნენ.

* შემდეგ დავურიგე ბარათები სიტყვითა და სტრიქონით. თითოეულ მოასწავლეს უნდა ამოეწერა რვეულში სიტყვა და განმარტება მოეფიქრებინა. თუ სიტყვის მნიშვნელობა არ იცოდა, სტრიქონის წაკითხვა კონტექსტის გააზრებაში დაეხმარებოდა.

* მას შემდეგ, რაც ჯგუფებმა კუთვნილ სიტყვებს განმარტებები მიუწერეს, დავურიგე ბარათები განმარტებებით და ამჯერად ბარათების დაწყვილება დავავალე.

* ბოლოს ბარათებზე დატანილი სიტყვების მიხედვით პროგრამა kahoot-ში აკინძული ვიქტორინა შევთავაზე. კლასი წინასწარ გავაფრთხილე, რომ პროგრამა გადმოეწერათ. ამჯერად თითოეული მოსწავლე გაამთლიანებდა გაკვეთილზე ნაბიჯ-ნაბიჯ მიღებულ ცოდნას.

* დავამზადე პოსტერი, რომელზეც დავწერე ბარათებზე გამოტანილი სიტყვები და მოსწავლეებს ასეთი თამაში შევთავაზე: წყვილი გამოდიოდა დაფასთან, ბუშტის გადაგდებისას ერთი ამბობდა სიტყვას პოსტერიდან, მაგალითად, „კანჯარი“, მეორეს კი განმარტების ამოკითხვა და ხმამაღლა წარმოთქმა უნდა მოესწრო.

40-ზე მეტი სიტყვის ბარათის შესწავლას ორი გაკვეთილი დასჭირდა, მესამე გაკვეთილზე ჯგუფებს კლასის წინაშე  პრეზენტაცია ჩაეტარებინათ და ერთმანეთისთვის გაეცნოთ შესწავლილი სიტყვები, ბოლოს კი მოსწავლეებს რომელიმე სიტყვის მნიშვნელობა მოძრაობით გაეცოცხლებინათ, კლასს კი სიტყვა გამოეცნო.

 

გასასვლელ ბილეთებს, როგორც წესი, წერილობითი ფორმა აქვს. ბოლო დროს ამგვარი რამ მოვიფიქრე: ზარის დარეკვის დროს კართან ვდგები და მოსწავლემ კუთვნილი შესვენების გამოყენების უფლების „მოსაპოვებლად“ უნდა მითხრას სამი რამ, რაც გაკვეთილზე დაამახსოვრდა. სიტყვის ბარათებზე მუშაობის შემდეგ ბავშვები საკლასო ოთახიდან გასვლისას მიტოვებდნენ სიტყვებს: გენუკვი, ჩაღანა, ყაბაჩა, ბალახში, მანგი, ჯადვარი… ეს ჩემი შრომისა და ფიქრის ულამაზესი, დაუვიწყარი უკუკავშირი იყო. სიხარულს ვერ ვიტევდი იმის ყურებისას, მეათეკლასელები, რომლებიც უმეტესად უხალისოდ სხედან ხოლმე გაკვეთილზე, სიტყვის ბარათებზე მუშაობაში როგორი ინტერესით იყვნენ ჩაბმულნი. რაც მთავარია, საგაკვეთილო პროცესში ყველა მოსწავლის ჩართვა შევძელი.

 

გიზიარებთ თემას, რომელიც სტატიის დასაწყისში ვახსენე. პირადი მაგალითი წერის სწავლებისას უმთავრესია. მეორე დღეს მოსწავლემ კლასის წინაშე წაიკითხა თემა სახელად „წინწალი“ და ესეც პირად საჩუქრად მივიღე.

მე შევარჩიე სიტყვა გენუკვი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სიტყვების განმარტებისთვის გამოვიყენე თამაზ ვასაძისეული კომენტარებით გამოცემული „ვეფხისტყაოსანი“ (გამომცემლობა „დიოგენე“).

 

თავისუფალი თემა ჩემი დღიურიდან

„მე შევარჩიე სიტყვა გენუკვი, რომელსაც პოემის ერთ-ერთ ეპიზოდში ამბობს თინათინი. ავთანდილთან პირისპირ დარჩენილი, უმხელს მას, რომ ავთანდილის მიჯნურობა შეუტყვია და თავადაც უყვარს იგი. ნადირობისა და უცხო მოყმის ნახვას ახსენებს და აღწერს, თუ როგორ დაითრგუნა ამ უცნაური შეხვედრის შემდეგ:

„მას უკანით გონებამან მისან ასრე დამამხოცა,

შენ გენუკვი მონახვასა, კიდით კიდე მოჰლახო ცა“.

შენ გთხოვ მონახვას, თუნდაც ამისთვის მთელი სამყაროს შემოვლა დაგჭირდესო.

სიტყვა გენუკვი თამაზ ვასაძისეულ კომენტარებში ამგვარად არის განმარტებული: გევედრები.

ვედრება – ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს მთელი არსებით მიენდობა და მის იქით გზა აღარ აქვს.

გენუკვი – ნეტავ რას ფიქრობს ავთანდილი, როცა ეს სიტყვა ესმის საყვარელი ადამიანისგან?

სანუკვარი მახსენდება გენუკვის გაგონებისას.

საინტერესოა ეტიმოლოგია სიტყვისა გენუკვი. სანუკვარი ნიშნავს საოცნებოს, ერთადერთს, უცხოს.

ფაქტია, თინათინმა იცის სწორი სიტყვების საჭირო დროს გამოყენება. ჭკვიანი ქალია. პოემის მამოძრავებელი ძალა. რომ არა თინათინის თხოვნა, პოემაში მოვლენები გაიყინებოდა.

რაც შეეხება ჩემს ცხოვრებაში სიტყვას „გევედრები“, მისი გაგონებისას რატომღაც ჩემი შვილები და მათთან ურთიერთობა მახსენდება. ძლიერი სურვილის დროს ვიყენებთ, როგორც წესი, და წინააღმდეგობას ვერ ვუწევთ ერთმანეთის ძლიერ სურვილებს.

თხოვნა (გთხოვ, გევედრები, გეაჯები, გემუდარები, გენუკვი) ადამიანებს შორის ურთიერთობას ათბობს. თანაგანცდას მოითხოვს მეორე ადამიანის მოსმენა, მის ტყავში შეძვრომა და მოვლენების მისი თვალით დანახვა.

მეც მაქვს თხოვნა თქვენთან, ბავშვებო: გიყვარდეთ ერთმანეთი, საკუთარი თავი, მადლიერებით სავსე გული გქონდეთ, წვრილმანებით გახარება შეგეძლოთ, ინტერესების მრავალფეროვნებაზე იზრუნოთ, გაჯეტებთან გატარებული დრო შეამციროთ და წიგნები იკითხოთ.

შემისრულებთ?“

 

ჩემ მიერ აღწერილი სასწავლო რესურსის უკეთ აღსაქმელად გთავაზობთ ვიდეოჩანაწერს:

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...