პარასკევი, ივლისი 17, 2026
17 ივლისი, პარასკევი, 2026

სინათლის ტალღის სიგრძისა და დიფრაქციული მესრის მუდმივას განსაზღვრა

0

თანამედროვე ფიზიკის თანახმად, სინათლე წარმოადგენს ელექტრომაგნიტურ ტალღას, რომელიც ვრცელდება სივრცეში და გადააქვს ენერგია. მას ახასიათებს ორმაგი ბუნება, ანუ კორპუსკულურ-ტალღური დუალიზმი. ერთი მხრივ, სინათლე არის ფოტონების ნაკადი. ფოტონი ელექტრომაგნიტური გამოსხივების კვანტია, გააჩნია გარკვეული (დისკრეტული) ენერგია და შეიძლება აღვწეროთ, როგორც ნაწილაკი. ფოტონის მიერ გადატანილი ენერგიის რაოდენობა განსაზღვრავს სინათლის ფერს. დაბალი ენერგიის მქონე ფოტონები აღიქმება წითლად. მაღალი ენერგიის მქონე ფოტონები კი იისფერად. მეორე მხრივ, სინათლეს ახასიათებს ისეთი თვისებები, რომელთა აღწერა შეუძლებელია მხოლოდ ნაწილაკური მოდელით, ასეთია სინათლის ტალღური გამოვლინება. ამ ორმაგი ბუნების ერთიანად აღქმა აძლევს მეცნიერებს საშუალებას, ახსნან სინათლის რთული თვისებები.

სინათლე გავრცელებისას ავლენს ტალღურ ბუნებას. ამის დამადასტურებელია სინათლის არეკვლა, გარდატეხა, დისპერსია, დიფრაქცია, ინტერფერენცია. გამოსხივებისა და შთანთქმის დროს კი იგი ხასიათდება კორპუსკულური თვისებებით. მისი ნაწილაკური ბუნების გამოვლენაა ფოტოელექტრული ეფექტი, კომპტონის გაფანტვა, შავი სხეულის გამოსხივება, სინათლის წნევა (ფოტონების იმპულსი).

სინათლის სიჩქარე ვაკუუმში C = 3.108 მ/წმ-ის ტოლია. მას ახასიათებენ ტალღის სიგრძით (λ) და სიხშირით (Ƴ). ამ სიდიდეებს შორის დამოკიდებულება ჩაიწერება შემდეგი ფორმულით:

C = λƳ

ხილული სინათლე შედგება სხვადასხვა ტალღის სიგრძის მონოქრომატული ტალღებისაგან. გახურებული სხეულების გამოსხივებაში (მაგალითად, ვარვარების ნათურის ძაფში) სხვადასხვა სიხშირის ტალღები უწყვეტად ავსებენ სინათლის მთელ დიაპაზონს. ასეთ გამოსხივებას უწოდებენ თეთრ სინათლეს.

მონოქრომატული ტალღების ერთობლიობა ქმნის სპექტრს. თეთრ სინათლეს აქვს უწყვეტი სპექტრი, ხოლო ისეთი წყაროს გამოსხივება, რომელშიც სინათლეს ატომები ასხივებენ, დისკრეტული სპექტრის ხასიათს ატარებს. სინათლის ასეთ თვისებებს სწავლობენ სპექტრული ხელსაწყოების საშუალებით.

სინათლის ფერებად დასაშლელად, უმარტივეს სპექტრულ ხელსაწყოებში გამოიყენება პრიზმა. პრიზმის მოქმედება დამყარებულია დისპერსიის მოვლენაზე.

ვიწრო ხვრელიდან გამოსული სინათლის კონა ეცემა შემკრებ ლინზას. ლინზიდან გამოსული სინათლის პარალელური სხივები კი პრიზმას. დისპერსიის შედეგად განსხვავებული ტალღის სინათლის სხივები პრიზმიდან სხვადასხვა მიმართულებით გამოდიან. სხივებს წინ ხვდება მეორე შემკრები ლინზა. ამ ლინზის ფოკალურ სიბრტყეში მოთავსებულია ეკრანი ან ფოტოფირფიტა, რომელზეც მიიღება გამოსახულება. პრიზმა საწყისი მიმართულებიდან ყველაზე მეტად იისფერ სხივებს გადახრის, ყველაზე ნაკლებად კი – წითელს. თეთრი სინათლის სპექტრად დაშლის პირველი ცდა 1672 წელს ისააკ ნიუტონს ეკუთვნის.

დაბრკოლებების გარშემო ტალღების გავრცელების მოვლენას უწოდებენ დიფრაქციას. დიფრაქცია ახასიათებს ბგერებს, ელექტრომაგნიტურ ტალღებს – ხილულ სინათლეს, რენტგენისა და გამა სხივებს, უმცირესი ზომის ნაწილაკებს, როგორიცაა – ატომები, ნეიტრონები, ელექტრონები. დიფრაქცია არის დაბრკოლების გამო, ენერგიის ცვლილების გარეშე, ტალღების წრფივი გავრცელებიდან გადახრა.

დიფრაქციული მესერი წარმოადგენს გავრცელებული ტალღის მეორად წყაროს. დიფრაქციის ერთ-ერთი მთავარი თვისებაა ის, რომ ამ მოვლენის დროს მკვეთრი ჩრდილები არ წარმოიქმნება. როცა სინათლე დიფრაქციას განიცდის, ტალღები ერთმანეთს ებმის. თუ ისინი ერთმანეთს ემატება, ჩნდება ნათელი ზოლი; თუ თრგუნავს – ბნელი ზოლი. ამ მოვლენას კი ეწოდება ინტერფერენცია. სწორედ ინტერფერენციის შედეგად ვხედავთ ეკრანზე ნათელი და ბნელი ზოლების ერთობლიობას, რომლებიც ერთმანეთისგან თანაბრადაა დაშორებული. ამ ზოლების დაშორებით შეგვიძლია გამოვთვალოთ სინათლის ტალღის სიგრძე.

დიფრაქციისა და ინტერფერენციის ეფექტები შეგვიძლია დავინახოთ ბუნებაში. ამის მაგალითებია ობობას ქსელის ფერადი ნათება, დნმ-ის სპირალური ნიმუშები და ბუმბულის მიკროსქემებში გამოხატული ტალღური სტრუქტურები. მწერების სხეულსა და ფრინველების ბუმბულს მიკროსკოპულ დონეზე აქვს წესრიგი, სადაც ფორმები მეორდება, რაც სინათლის დაცემისას ქმნის დიფრაქციულ სურათს. წარმოქმნილი დიფრაქციული ზოლების დაშორების გაზომვით შეგვიძლია, გამოვთვალოთ სინათლის ტალღის სიგრძე და უკეთ გავიგოთ მისი ტალღური ბუნება. სურათზე ჩანს გადიდებული ფარშევანგის ბუმბული.

ობობას ქსელი მზის სხივზე ფერადად ელვარებს. ზოგიერთი ანალიზის თანახმად, ობობას ქსელში დანახული ფერები, დიფრაქციით არის განპირობებული. მისი ძალიან თხელი ძაფები სინათლისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს, რაც იწვევს ტალღების გაფანტვას და ქმნის დიფრაქციულ სურათს. სხვადასხვა სიგრძის ტალღები სხვადასხვა მიმართულებით ვრცელდება და ჩნდება ფერადი ელვარება.

თეთრი სინათლის წყაროს შემთხვევაში, დიფრაქციული მესერი წარმოქმნის სპექტრების სერიას, რომელშიც თითოეული მონოქრომატული სხივი გარდატეხის კუთხეების მიხედვით გადანაწილდება. უმოკლესი (იისფერი) ტალღის სიგრძის სინათლე გარდატყდება ყველაზე დიდი კუთხით, ხოლო ყველაზე გრძელი (წითელი) ტალღები – უმცირესი კუთხით. ეს თვისება საშუალებას გვაძლევს სპექტროსკოპიული ანალიზით ზუსტად გამოვთვალოთ სხვადასხვა ფერის სინათლის ტალღის სიგრძე და შევისწავლოთ თეთრი სინათლის სტრუქტურა.

დიფრაქციული მესერს თუ დაეცემა ერთი ტალღის სიგრძის (მონოქრომატული) სინათლე, მაგალითად ლაზერიდან, მაშინ წარმოიქმნება მკვეთრი ხაზების სერია, სპექტრის თითოეულ რიგზე თითო ხაზი.

ლაზერის სხივი მონოქრომატულია. ის შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის – წითელი, მწვანე, ლურჯი ან იისფერი. იისფერი ლაზერი ნაკლებადაა გავრცელებული, ზოგადად, სპეციალურ ლაბორატორიებში ან მაღალტექნოლოგიურ აპლიკაციებში გამოიყენება. როდესაც ლაზერის მონოქრომატული სხივი ეცემა დიფრაქციულ მესერ, ეკრანზე წარმოიქმნება მკვეთრი, ცალცალკე განლაგებული ხაზების სერია. თითოეული ხაზის პოზიცია პირდაპირ არის დამოკიდებული სინათლის ტალღის სიგრძეზე. ეს მოვლენა საშუალებას გვაძლევს ზუსტად აღვწეროთ და შევისწავლოთ მონოქრომატული სხივების დიფრაქციულ მესერზე განაწილება.

      

მაღალი კლასის სპექტრულ ხელსაწყოებში პრიზმის ნაცვლად იყენებენ დიფრაქციულ მესერს. დიფრაქციული მესერი არის ფიზიკური ხელსაწყო, რომელიც წარმოადგენს გამჭვირვალე ან ამრეკლ ზედაპირზე დატანილ, ერთმანეთისგან ერთნაირი მანძილით დაშორებულ, დიდი რაოდენობის ტოლი სიგანის პარალელური შტრიხების ერთობლიობას. დიფრაქციული მესერი მზადდება სპეციალური დამყოფი მანქანით, რომელიც მინის ფირფიტაზე პარალელურ შტრიხებს (განაკაწრებს) ხაზავს. განაკაწრების რიცხვი 1მმ-ზე ხშირად რამდენიმე ათასს აღწევს. სინათლის დიფრაქციის შედეგად, მესერზე წარმოიქმნება სპექტრი – სინათლის ინტენსივობების მაქსიმუმებისა და მინიმუმების ერთობლიობა.

 

დიფრაქციულ მესრად კომპაქტდისკის ან ძველი გრამოფონის ფირფიტის ნაწილიც შეიძლება გამოვიყენოთ. თუმცა, მინის პრიზმისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში გარდატეხა არ ხდება. ეფექტი წარმოიქმნება დიფრაქციულ ბადეზე ამოტვიფრული ვიწრო ხაზებით გადაცემული ან არეკლილი სინათლის დიფრაქციიდან.

CD ან DVD დისკის ტრეკები ამრეკლავი დიფრაქციული მესრის როლს ასრულებს. ამრეკლავ დიფრაქციულ ბადეს იმავე ეფექტის წარმოქმნა შეუძლია. დიფრაქციული ტალღების ამ დაჯგუფებით წარმოქმნილი სხივი, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ნაპრალიდან მოდის, ერთიანდება და ქმნის ტალღის ფრონტს, რომელიც იმავე მიმართულებით მოძრაობს, როგორც საწყისი შემომავალი სინათლის სხივი. ამ სხივს ჩვეულებრივ ცენტრალურ მაქსიმუმს უწოდებენ.

განვიხილოთ დიფრაქციული მესრის მოქმედების პრინციპი. ვთქვათ, მესრის ხვრელებს შორის მანძილი არის d. ამ მანძილს მესრის პერიოდი ეწოდება (ან მესრის მუდმივა). თუ დიფრაქციულ მესერს ეცემა სინათლის პარალელური კონა, ანუ ბრტყელი ტალღა, მაშინ მესრის თითოეული ხვრელი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც დამოუკიდებელი წყარო, რომელიც სინათლეს ასხივებს ყველა მიმართულებით. ეს წყაროები იქნებიან კოჰერენტული, რადგან წარმოშობილი არიან ერთი ტალღისაგან.

თითოეული ხვრელი ქმნის საკუთარ დიფრაქციულ სურათს. ეს სურათები არიან ერთმანეთის იდენტური. მათი ზედდების შედეგად მიიღება გაცილებით რთული სურათი, რომელიც შეიცავს მთავარ მაქსიმუმებსა და მინიმუმებს; აგრეთვე დამატებით მაქსიმუმებსა და მინიმუმებს.

https://rebrand.ly/qf2i1ya

https://rebrand.ly/2ru7buv

https://rebrand.ly/102d9jl

დიფრაქციული მესრის საშუალებით შესაძლებელია ტალღის სიგრძის დიდი სიზუსტით გაზომვა. თუ მესრის d პერიოდი ცნობილია, მაშინ ტალღის სიგრძის განსაზღვრა m-ური რიგის სპექტრში არჩეული ხაზის მიმართულების შესაბამისი ɸm კუთხის გაზომვამდე დაიყვანება. პრაქტიკაში ჩვეულებრივ გამოიყენება პირველი და მეორე რიგის სპექტრები.

თუ საკვლევი გამოსხივების სპექტრში ორი სპექტრული ხაზია λ1 და λ2 ტალღის სიგრძეებით, მაშინ მესერს ყოველ სპექტრულ რიგში (გარდა m = 0) შეუძლია ერთი ტალღის მეორისაგან განცალკევება.

  • –  ორი ტალღის ინტერფერენცია
  • – N ტალღის ინტერფერენცია ( N= 8)

დიფრაქციული მესრის საშუალებით ეკრანზე მიღებული გამოსახულება მეორადი ტალღების ინტერფერენციის შედეგს წარმოადგენს.

ეკრანზე ინტერფერენციული მაქსიმუმის დასაკვირვებლად, მეზობელი ხვრელებიდან გამოსულ ტალღებს შორის სვლათა სხვაობა Δ ტალღის სიგრძის მთელი რიცხვის ტოლი უნდა იყოს:

Δ = d sin ɸm = mλ ( m = 0, ±1, ±2, … )

აქ d – მესრის პერიოდია, m – მთელი რიცხვი, რომელსაც დიფრაქციული რიგის მაქსიმუმს უწოდებენ. ეკრანის იმ წერტილებში, რომლებშიც ეს პირობა სრულდება, განთავსებულია ე.წ. დიფრაქციული სურათის მთავარი მაქსიმუმები.

მთავარი მაქსიმუმები მიიღება იქ, სადაც ხვრელები აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას. დავადგინოთ მთავარი მაქსიმუმების მიღების პირობა. ვთქვათ, დიფრაქციის შედეგად სხივები განიცდიან ɸ კუთხით გადახრას.

ნახაზიდან ჩანს, რომ მეზობელი ხვრელებიდან გამოსულ ტალღებს შორის წარმოიშობა სვლათა სხვაობა ∆:

∆= d sin ɸ (1)

სადაც d დიფრაქციული მესრის პერიოდია.

ტალღები გააძლიერებენ ერთმანეთს, თუ მათ შორის შორის სვლათა სხვაობა ლუწი ნახევარტალღის ჯერადია, ე.ი.

მთავარ მაქსიმუმებს შორის მოთავსებულია დამატებითი მაქსიმუმები და მინიმუმები. მათი რიცხვი განისაზღვრება დიფრაქციულ მესერში ხვრელთა რაოდენობით. კერძოდ, თუ მესერი შეიცავს N ხვრელს, მაშინ მიიღება (N-2) დამატებითი მაქსიმუმი და (N-1) დამატებითი მინიმუმი.

მოცემულ ნახაზზე ნაჩვენებია შემთხვევა, როდესაც N=4.

(3) ფორმულის გამოყენებით შეგვიძლია განვსაზღვროთ სინათლის ტალღის სიგრძე, თუ ცნობილია მესრის პერიოდი და მიმართულება (ɸ), ერთ-ერთ მთავარ მაქსიმუმზე. უმჯობესი იქნება, დავადგინოთ ისეთი ფორმულა, რომელში შემავალი სიდიდეები პრაქტიკულად უფრო ადვილად გამოსათვლელი იქნება.

განვიხილოთ შედარებით მარტივი ნახაზი:

 l არის მანძილი მესრიდან ეკრანამდე. X არის მანძილი ორ წითელ ზოლს შორის m – ური რიგის სპექტრში (შესაძლებელია წითლის ნაცვლად სხვა ფერის შერჩევა). როგორც ნახაზიდან ჩანს,

მიღებული ფორმულა საფუძვლად უდევს სინათლის ტალღის სიგრძის განსაზღვრას დიფრაქციული მესრის საშუალებით. სადაც

  • არის სინათლის ტალღის სიგრძე;
  •  მანძილი ეკრანზე მიღებულ ორ იდენტურ ფერს შორის;
  • არის დიფრაქციული მესრის მუდმივა ( ეს მონაცემი აწერია მესერს);
  • სპექტრის ნომერი (1,2,3…);
  • მანძილი დიფრაქციულ მესერსა და ეკრანს შორის.

ექსპერიმენტისთვის საჭირო ხელსაწყოები

  1. საპროექციო აპარატი (ან ლაზერი);
  2. სპეციალური ეკრანი სახაზავით;
  3. დიფრაქციული მესერი;
  4. დიაფრაგმა.

ექსპერიმენტის მსვლელობა

 

შენიშვნა: ლაზერის გამოყენების შემთხვევაში ეკრანზე მიიღება მხოლოდ ერთი ფერის სპექტრი, რადგან ლაზერით მიღებული მონოქრომატული სინათლე ფერებად არ იშლება.

სამუშაო ფორმულა:

 დაკვირვებათა ცხრილი:

თუ ექსპერიმენტის ჩასატარებლად, დიფრაქციული მესრის ნაცვლად ვიყენებთ კომპაქტდისკის ან ძველი გრამოფონის ფირფიტის ნაწილს, საჭირო გახდება სინათლის ტალღის სიგრძე ჩავთვალოთ ცნობილ სიდიდედ (გამოვიყენოთ ცხრილის მონაცემები) და გამოვთვალოთ დიფრაქციული მესრის მუდმივა. ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ სხვა სამუშაო ფორმულა და შესაბამისი ცხრილი.

 

სამუშაო ფორმულა:

დაკვირვებათა ცხრილი:

 

დიფრაქციის მოვლენაზე ჩატარებული ექსპერიმენტები საშუალებას გვაძლევს, დავაკვირდეთ სინათლის ტალღურ ბუნებას და გამოვთვალოთ სინათლის ტალღის სიგრძე და დიფრაქციული მესრის მუდმივა. ასეთი პრაქტიკული სამუშაოები ეხმარება თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ტრანსფერს და აღრმავებს წარმოდგენას სინათლის ფიზიკურ თვისებებზე.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი –

„ლაბორატორიული პრაქტიკუმი ფიზიკაში – ოპტიკა“

რ. აკობიძე, თ. ბარდაველიძე, ნ. ჩხეიძე

https://rebrand.ly/oxp1sgs

https://rebrand.ly/9ysq7zd

https://rebrand.ly/3w9uxrh

https://rebrand.ly/aguc1ae

https://rb.gy/uq3jlv

 

ალგორითმული დიალექტები

0

“Whoever has the most personal data will dominate society”

Shoshana Zuboff , “The Age of Surveillance Capitalism”[1]

 რას ნიშნავს „ალგორითმული დიალექტები“?

იცოდით, რომ ალგორითმებს თავისი დიალექტები აქვს? რა თქმა უნდა, ტერმინი „ალგორითმული დიალექტები არის მეტაფორა, რომელიც აღწერს, თუ როგორ „გვესაუბრებიან“ სხვადასხვა ციფრული პლატფორმები განსხვავებულად, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი ალგორითმებს იყენებს. ისევე, როგორც ერთ ენას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა დიალექტი უნიკალური ლექსიკით, სტილითა და გრამატიკული სტრუქტურით, ასევე სხვადასხვა პლატფორმის ალგორითმებს აქვთ საკუთარი, განსხვავებული „კომუნიკაციის სტილი“, რომელიც მათი ბიზნესმოდელისა და მიზნების შესაბამისად არის ფორმირებული. ამ „დიალექტების“ ცოდნა დაგვეხმარება, გავხდეთ ციფრული პოლიგლოტები და ადვილად შევძლოთ ერთი იდეის, კონტენტის გადატანა სხვადასხვა ფორმაში. ასეთ შემთხვევაში ძირითადი იდეა/კონტენტი კი არ იცვლება, არამედ იცვლება მიწოდების ხერხები, მიწოდების ენა, რომელსაც მეტაფორულად ალგორითმული დიალექტები ვუწოდეთ. წარმოიდგინეთ, რომ ღვინოს ასხამთ სხვადასხვა ჭურჭელში, ერთ ჭურჭელს ჰქვია ფეისბუქი, მეორეს – ტიკტოკი, მესამეს – ინსტაგრამი და ასე შემდეგ. სწორ დიალექტზე მიწოდების უპირატესობა ის არის, რომ თქვენი იდეა უფრო სწრაფად გავრცელდება და მოიცავს ბევრ მომხმარებელს. ალბათ შეგინიშნავთ, რომ როდესაც ერთსა და იმავე ფორმატში აწვდით კონტენტს ფეისბუქის და ტიკტოკის მომხმარებელს, უმეტესად სრულიად განსხვავებულ შედეგს იღებთ.

ამიტომ უნდა გახდეთ ციფრული პოლიგლოტი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გარკვეულწილად სემიოტიკოსი ხართ და გესმით, რომ თითოეული პლატფორმა უნიკალურ ნიშანთა სისტემაა: გესმით ვიზუალური სიმბოლოების, ფერების ფსიქოლოგიის, მუსიკის ემოციური ზემოქმედებისა და ტექსტის ტონის მნიშვნელობა. თქვენ „კითხულობთ“ აუდიტორიის რეაქციებს (კომენტარებს, გაზიარებებს) არა როგორც უბრალოდ სტატისტიკას, არამედ როგორც უკუკავშირს, როგორც დიალოგის ნაწილს და შესაბამისად ცვლით თქვენს საკომუნიკაციო სტრატეგიას. თქვენ არ ხართ უბრალოდ კონტენტის შემქმნელი, არამედ იდეების მთარგმნელი, ციფრული კულტურის ანთროპოლოგი.

ალგორითმული დიალექტების პროტო-ენა და მისი მახასიათებლები

სანამ დიალექტებზე გადავალთ, განვიხილოთ ერთგვარი „პროტო-ენაც“, ანუ ის საერთო სტრუქტურა, რომელიც ყველა ალგორითმულ „მეტყველებას“ აერთიანებს. ეს არის ამ ენის უნივერსალური გრამატიკა, რომელიც სემიოტიკის პრინციპებს ეფუძნება.

ფორმალური ალგორითმული ენა არის სისტემა, რომელიც შექმნილია ალგორითმების გამოსახატავად კომპიუტერებისთვის და განისაზღვრება მკაცრი ანბანით, იერარქიული გრამატიკული ელემენტებითა და ცალსახა შესრულების პროცედურებით. მისი მიზანი გამოთვლითი ეფექტიანობაა. ტერმინი – ალგორითმული კულტურა – შემუშავებულია ისეთი მეცნიერის მიერ, როგორიცაა (Ted Striphas) ტედ სტრიფასი და გულისხმობს კულტურული სამუშაოს – „ადამიანების, ადგილების, ობიექტებისა და იდეების დახარისხების, კლასიფიკაციისა და იერარქიულობის“ – დელეგირებას ამ გამოთვლით პროცესებზე. ეს არის მანქანური ლოგიკის გამოყენება ადამიანური საზოგადოების რთულ, ღირებულებებით დატვირთულ სფეროში[2].

ლექსიკა (სიტყვები): ალგორითმული ენის „სიტყვები“ არის ინტერაქციის ელემენტები, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ: „ლაიქი“, „გაზიარება“, „კომენტარი“, „რეკომენდაცია“. ესენი არ არიან უბრალოდ ღილაკები; ისინი არიან სემიოტიკური ნიშნები, რომლებიც დატვირთულია სოციალური და კულტურული მნიშვნელობით. „ლაიქი“ ერთდროულად აღნიშნავს მოწონებას, სოციალურ ვალიდაციას და ალგორითმისთვის მიწოდებულ მონაცემს, რომელიც მომავალში ჩვენს „ლენტას“ განსაზღვრავს, ანუ რას ვხედავთ ჩვენს ფიდზე.

სინტაქსი (წინადადების აგებულება): ამ „სიტყვების“ წინადადებებად დალაგება მომხმარებლის ინტერფეისის დიზაინის მეშვეობით ხდება. უსასრულო სქროლვა, ავტომატურად ჩართვადი ვიდეოები და შეტყობინებები – ეს ყველაფერი სინტაქსური ხრიკებია, რომლებიც ერთიან ალგორითმულ ნარატივს ქმნიან და მიზნად ისახავენ ჩვენი ყურადღება მაქსიმალურად დიდხანს შეინარჩუნონ.

პრაგმატიკა (კომუნიკაციის მიზანი): ამ ენის საბოლოო მიზანი, ანუ პრაგმატიკა, თითქმის ყოველთვის კომერციულია. ის ეფუძნება ყურადღების ეკონომიკის პრინციპებს, სადაც ჩვენი დრო და ჩართულობა არის რესურსი, რომელიც მონეტიზდება. პლატფორმები ყიდიან არა პროდუქტს, არამედ ჩვენზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას რეკლამის დამკვეთებისთვის. „ინფორმაციით მდიდარ სამყაროში, ინფორმაციის სიმრავლე ნიშნავს სხვა რამის უკმარისობას: იმის დეფიციტს, რასაც ინფორმაცია მოიხმარს. თუ რას მოიხმარს ინფორმაცია, ეს საკმაოდ აშკარაა: ის მოიხმარს თავისი მიმღებების ყურადღებას”[3].

ეს სისტემა ეფექტურად გარდაქმნის ადამიანურ კოგნიტიურ რესურსებს (დრო, ყურადღება, ემოცია) კორპორაციულ აქტივებად (რომელიც მონეტიზდება) მონაცემების შეგროვებისა და მიზნობრივი რეკლამის მეშვეობით. აქ შეგვიძლია გამოვიყენოთ პანოპტიკონის მეტაფორაც. მიუხედავად იმისა, რომ პანოპტიკონის მეტაფორა გულისხმობს ზემოდან ქვემოთ კონტროლს, ალგორითმული ვერსია უფრო მზაკვრულია, რადგან მომხმარებლები აქტიურად მონაწილეობენ საკუთარ ზედამხედველობასა და კატეგორიზაციაში. სისტემა ფუნქციონირებს მომხმარებლის მონაცემების შეგროვებით, რომელსაც მომხმარებლები ნებით აწვდიან კლიკების, „ლაიქების“ და პოსტების მეშვეობით, ხოლო სანაცვლოდ იღებენ სოციალურ ვალიდაციასა და გართობას. შემდეგ სისტემა ამ მომხმარებლის მიერ გენერირებულ მონაცემებს იყენებს თავისი კონტროლის მექანიზმების (პერსონალიზებული ლენტები, მიზნობრივი რეკლამა) დასახვეწად. ამრიგად, მომხმარებელი არ არის მხოლოდ პატიმარი პანოპტიკონის საკანში, ის ასევე აქტიურად აწვდის აგურებსა და დუღაბს კედლების ასაშენებლად და შუქს ცენტრალური კოშკისთვის. კონტროლის ეს თანაწარმოება ნაკლებად ჰგავს ჩაგვრას და უფრო მეტად – სერვისს, რაც ნიღბავს ფუძემდებლურ ძალაუფლებრივ ასიმეტრიას. აქვე შეიძლება გაგვახსენდეს ზურაბის სურამის ციხეში ჩაყოლების მეტაფორაც, როცა იმდენად ღრმად შევდივართ ციფრულ მორევში, რომ უკან დაბრუნების ძალა აღარ შეგვწევს. იქნებ დროულია სწორედ ახლა ჩვენს თავს ვკითხოთ: – „შვილო, ზურაბ, სადამდი?“.

ახლა კი განვიხილოთ ზოგიერთი ალგორითმული დიალექტი.

Google-ის “ლოგოცენტრული დიალექტი” (სიტყვაზე ორიენტირებული)

ეს დიალექტი შეიძლება შევადაროთ ორაკულთან საუბარს. ის ეფუძნება კითხვა-პასუხის მოდელს და მისი მთავარი მიზანი სარგებლიანობაა. მომხმარებელი სვამს კონკრეტულ კითხვას (საძიებო მოთხოვნა), ალგორითმი კი ცდილობს, გასცეს ყველაზე ზუსტი და ავტორიტეტული პასუხი. ფორმატი უპირატესად ტექსტზე დაფუძნებული, სტრუქტურირებული და იერარქიულია. შედეგები დალაგებულია რეიტინგის მიხედვით, რაც მიანიშნებს მნიშვნელობაზე. Google-ის ალგორითმი აფასებს ექსპერტიზას, ავტორიტეტულობასა და სანდოობას (E-A-T). ის ცდილობს, იყოს ფაქტებზე დაფუძნებული და სანდო ინფორმაციის წყარო.

 TikTok-ის „აფექტური დიალექტი“ (ემოციაზე ორიენტირებული)

ეს დიალექტი ჰგავს უსასრულო, ემოციურად დამუხტულ ნაკადში მოხვედრას. მისი მთავარი მიზანი მომხმარებლის მაქსიმალური ჩართულობა და მისი ყურადღების შენარჩუნებაა. კომუნიკაციის სტილი იმერსიული და ემოციურია. ის არ პასუხობს პირდაპირ კითხვებს, არამედ წინასწარ „გამოიცნობს“ მომხმარებლის სურვილებს მისი ქცევის (ნახვები, მოწონებები, გაზიარებები) ანალიზის საფუძველზე. ფორმატი უპირატესად ვიზუალური და აუდიალურია. მოკლე, დინამიკური ვიდეოები ქმნის უწყვეტ, „უსასრულო ფილმის“ გამოცდილებას, სადაც ლინგვისტური ელემენტები მინიმუმამდეა დაყვანილი. 2-საათიანი სქროლვის შემდეგ შესაძლოა ვერცერთი ვიდეოს შინაარსი ვერ გაიხსენოთ. TikTok-ის ალგორითმი აფასებს პოპულარობას, ემოციურ რეზონანსს და მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტის ავთენტურობას. ის ეფუძნება არა იმდენად სოციალურ კავშირებს, რამდენადაც კონტენტის ანალიზს (“content graph”), რაც პლატფორმას საშუალებას აძლევს, მომხმარებელს შესთავაზოს მისთვის უცნობი, მაგრამ რელევანტური ვიდეოები.

მოკლედ, „ალგორითმების დიალექტები“ ხაზს უსვამს იმას, რომ Google-ის ალგორითმი მომხმარებელთან ურთიერთობს როგორც ინფორმაციის მომწოდებელი, ხოლო TikTok-ის ალგორითმი – როგორც ემოციური გამოცდილების კურატორი. ეს ფუნდამენტური განსხვავება მათ მიზნებში განაპირობებს სრულიად განსხვავებულ ინტერფეისს, კონტენტის ფორმატსა და, საბოლოო ჯამში, მომხმარებლის ქცევასა და მსოფლაღქმას.

 Facebook-ის ალგორითმული დიალექტი

Facebook-ის ალგორითმი „საუბრობს“ ისეთი ენით, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ „სოციალურ-კომერციული დიალექტი. ეს დიალექტი წარმოადგენს ჰიბრიდს, რომელიც აერთიანებს პიროვნულ ურთიერთობებსა და კორპორაციულ მონეტიზაციას. ის განსხვავდება როგორც Google-ის უტილიტარული, ასევე TikTok-ის იმერსიული დიალექტებისგან. მისი ძირითადი მახასიათებელია: „სოციალური გრაფი. Google-ისგან (რომელიც ეფუძნება ინფორმაციის ძიებას) და TikTok-ისგან (რომელიც ეფუძნება კონტენტის ანალიზს, ანუ “content graph”-ს) განსხვავებით, Facebook-ის დიალექტის საფუძველია „სოციალური გრაფი“ (social graph). ეს ნიშნავს, რომ ალგორითმის მთავარი პრიორიტეტია კონტენტის ჩვენება იმ ადამიანებისგან, ჯგუფებისა და გვერდებისგან, რომლებთანაც მომხმარებელი უკვე დაკავშირებულია. კონტენტის შემქმნელი („ვინ“) ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად კონტენტი („რა“), რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება TikTok-ის მოდელს.

ფეისბუკის მთავარი მიზანი სოციალური ურთიერთობების მონეტიზაციაა.

Facebook-ის მთავარი მიზანია, შეინარჩუნოს მომხმარებლის ჩართულობა საკუთარ სოციალურ ქსელში, რათა შეაგროვოს მაქსიმალური რაოდენობის პერსონალური და ქცევითი მონაცემები. ეს მონაცემები, თავის მხრივ, გამოიყენება იმისთვის, რომ რეკლამის განმთავსებლებს მიჰყიდოს არა უბრალოდ ყურადღება, არამედ გარანტია იმისა, რომ რეკლამა მიაღწევს ზუსტად იმ აუდიტორიას, რომელზეც ყველაზე ეფექტურად იმოქმედებს.

კომუნიკაციის სტილი და „ლექსიკა

სოციალური ვალიდაცია, როგორც ვალუტა: Facebook-ის „სიტყვებია“ „ლაიქი“, კომენტარი და გაზიარება. ესენი არიან სემიოტიკური ნიშნები, რომლებიც ერთდროულად გამოხატავენ სოციალურ კავშირსა და მოწონებას, და ამავდროულად, წარმოადგენენ კრიტიკულ მონაცემებს ალგორითმისთვის. რაც უფრო მეტია ასეთი ინტერაქცია, მით უფრო „მნიშვნელოვნად“ მიიჩნევს ალგორითმი პოსტს და უფრო ფართოდ ავრცელებს მას. Facebook-ის „ლენტა“ (News Feed) არის სივრცე, სადაც მეგობრის ფოტო, პოლიტიკური დებატები და მიზნობრივი რეკლამა ერთმანეთშია არეული. ეს სტრუქტურა მიზანმიმართულად შლის ზღვარს პირად ურთიერთობებსა და კომერციულ გზავნილებს შორის. პლატფორმა მომხმარებლებს უბიძგებს, შექმნან და გააზიარონ კონტენტი, რომელიც მათ სოციალურ წრეში ყურადღებას მიიპყრობს. ეს ქმნის გარემოს, სადაც მომხმარებლები ერთმანეთს ეჯიბრებიან ყურადღებისთვის, ხშირად უფრო ჰიპერბოლური ენისა და ვიზუალურად დამუშავებული (გაფილტრული) ფოტოების გამოყენებით.

საბოლოო ჯამში, თუ Google-ის დიალექტი არის კითხვა-პასუხზე აგებული სერვისი, ხოლო TikTok-ის – ემოციური გასართობი ნაკადი, Facebook-ის დიალექტი არის სოციალური ურთიერთობების ბაზარი, სადაც ყოველი ინტერაქცია (ლაიქი, კომენტარი, მეგობრობის დადასტურება) არის ტრანზაქცია, რომელიც აძლიერებს როგორც სოციალურ კავშირებს, ასევე კორპორაციის კომერციულ ინტერესებს.

Instagram-ის დიალექტი ესთეტიკის, მისწრაფებისა და სრულყოფილი ილუზიის ენაა. მისი ფოკუსია: ვიზუალური ჰარმონია; „ინფლუენსერის“ ფენომენი; Story-ების ეფემერულობა, როგორც ავთენტურობის იმიტაცია.

X (Twitter)-ის დიალექტი: ლაკონიურობის, მყისიერებისა და პოლიტიკური დისკურსის ენაა. ფოკუსი: ინფორმაციის გავრცელების სისწრაფე; ჰეშთეგი, როგორც სემიოტიკური კოდი.

LinkedIn-ის დიალექტი: პროფესიული იდენტობის, სტატუსისა და კორპორაციული ნარატივის ენაა. მისი ფოკუსია: ფორმალური ტონი; წარმატების კულტივირება; „ღირებულების“ მიწოდება და სხვა.

 

როგორ გვმართავენ ალგორითმული ენები და დიალექტები

როცა სოციალურ ქსელებს სქროლავთ, ალბათ მიგიქცევიათ ყურადღება დროის ფაქტორისთვის: როცა გგონიათ, რომ 20 წუთი გავიდა, მაგრამ სინამდვილეში გავიდა 4 საათი.

უსასრულო სქროლვა და მუდმივი შეტყობინებები ქმნის უწყვეტი ნაწილობრივი ყურადღების მდგომარეობას, რაც ჩვენს ტვინს მუდმივი მრავალფუნქციური მუშაობის რეჟიმში ამყოფებს. ეს აფერხებს ჩვენს უნარს, შევინარჩუნოთ ფოკუსი, ამოკლებს ჩვენი ყურადღების დიაპაზონს და შესაძლოა, ამცირებს ტვინის იმ ნაწილებს, რომლებიც კონცენტრაციის შენარჩუნებასთანაა დაკავშირებული.

ალგორითმული ლენტა/ფირი ანგრევს კონტექსტსა და ქრონოლოგიას. „აწმყო“ არის ერთმანეთთან დაუკავშირებელი, ემოციურად დამუხტული მომენტების უსასრულო ნაკადი, რაც არღვევს დროის ხაზოვან აღქმას და ასუსტებს ჩვენი ისტორიული უწყვეტობის შეგრძნებას.

ეს სისტემები შექმნილია იმისთვის, რომ იყოს ნარკოტიკული და ქმნის დოფამინზე დაფუძნებულ ჯილდოებს, რომლებიც დაკავშირებულია სოციალურ ვალიდაციასთან („ლაიქები“, გაზიარებები). ამან შეიძლება გამოიწვიოს შფოთვის გაზრდა, დეპრესია და არასრულფასოვნების განცდა, როდესაც ამ ჯილდოებს ვერ იღებ.

აღწერილი კოგნიტიური ცვლილებები არ არის შემთხვევითი გვერდითი ეფექტები. ისინი არის ნევროლოგიური ადაპტაციები, რომლებიც აუცილებელია ყურადღების ეკონომიკაში ეფექტურად არსებობისთვის. სისტემა აჯილდოებს სწრაფ დავალებებს შორის გადართვას, ემოციურ რეაქტიულობასა და ზედაპირული ინფორმაციის დამუშავებას. შესაბამისად, ჩვენი ტვინი ადაპტირდება, რათა გახდეს იდეალური მომხმარებელი ამ კონკრეტული ეკონომიკური სისტემისთვის. ყურადღების ეკონომიკა მოგებას იღებს ყურადღების გაფანტვისა და ჩართულობისგან. ამ ეკონომიკისთვის შექმნილი პლატფორმების გამოყენების კოგნიტიური ეფექტებია ყურადღების დიაპაზონის შემცირება და მრავალფუნქციური მუშაობის უპირატესობა. ეს არ არის ხარვეზები. ეს არის მახასიათებლები. ტვინი, რომელიც ადვილად იფანტება და მუდმივად ახალ სტიმულს ეძებს, იდეალური სუბიექტია სისტემისთვის, რომელიც ყურადღების გაფანტვასა და სიახლეს ყიდის. ამრიგად, ჩვენი კოგნიციის „დაზიანება“, სისტემის პერსპექტივიდან, არის ადამიანის ტვინის წარმატებული „გადამზადება“, რათა მისი ფუნქციები კორპორაციული მოგების მოტივებს შეესაბამებოდეს.

ალგორითმული კომუნიკაცია არის მძლავრი სემიოტიკური სისტემა, რომელიც აგებს რეალობას კორპორაციული ლოგიკის შესაბამისად, რასაც ღრმა გავლენა აქვს ჩვენს გონებასა და საზოგადოებაზე. ამ სისტემასთან პასიური, გაუცნობიერებელი და არაკრიტიკული ურთიერთობა იწვევს კოგნიტიური სუვერენიტეტის დაკარგვას. თუმცა, მომავალი არ არის დეტერმინისტული. ალგორითმული წიგნიერების განვითარებით, ცნობიერების ჰიგიენის პრაქტიკითა და შემოქმედებითი თანამშრომლობის მოდელის მიღებით, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ურთიერთობა ხელოვნურ ინტელექტთან დაქვემდებარებიდან თანამშრომლობამდე გარდავქმნათ. საბოლოო მიზანი არ არის ტექნოლოგიის უარყოფა, არამედ მისი ევოლუციის წარმართვა ადამიანის თავისუფლებისა და კეთილდღეობის გაძლიერებისკენ.

[1] Zuboff, S. (2019). The Age of Surveillance Capitalism: The Fight for a Human Future at the New Frontier of Power. PublicAffairs.

[2] Striphas, T. (2015). Algorithmic culture. European Journal of Cultural Studies, 18(4-5), 395-412., https://www.dawsoncollege.qc.ca/ai/wp-content/uploads/sites/180/10-Ted-Striphas_Algorithmic-Culture.pdf

[3] Simon, H. A. (1971). Designing Organizations for an Information-Rich World. In M. Greenberger (Ed.), Computers, Communications, and the Public Interest (pp. 40-41). Baltimore, MD: The Johns Hopkins Press.

არეული ჩანაწერები ვარძიიდან (მეორე ნაწილი)

0

ვარძიის ოთხთავი

წიგნებსაც თავისი ბედი და ისტორია აქვთ. განსაკუთრებით, ძველმა ხელნაწერებმა იციან ასე: წიგნი ხომ არის და მისი ამბავი კიდევ ცალკე წიგნია. არც ვარძიის ოთხთავია გამონაკლისი – ერთადერთი წიგნია, რომელიც 1551 წელს შაჰ თამაზის მიერ წიგნთსაცავის გადაწვას გადაურჩა. ვარძიელ ბერებს როგორღაც მოუსწრიათ და ხელნაწერი ცეცხლისთვის გამოუტაცებიათ, შემოქმედში გახიზნულან და ისიც იქ წაუღიათ.

რაღა მაინცდამაინც გურიაო, – იკითხავთ.

საქმე ისაა, რომ მესხეთში დღესაც შემორჩენილია ძველი რწმენა – თითქოსდა გურულები წარმოშობით ამ მხარიდან არიან. ბერებსაც გურულებისთვის ასე უთქვამთ, ძმები ხართ და უკეთ შეინახავთო.

თუმცა, როგორც გავარკვიე, ეს მომხდარის ერთი ვერსიაა. მეორე ვერსიით, წიგნთსაცავი კი არ გადაწვეს, არამედ გაძარცვეს. ვარძიის ოთხთავიც სპარსეთში აღმოჩნდა, საიდანაც ლევან კახთა მეფეს გამოუსყიდია და ისევ ვარძიისთვის დაუბრუნებია.

ამ ორი მონათხრობიდან რომელიც არ უნდა იყოს მართალი, ორივე მაინც ერთ წერტილში იკვეთება: შემოქმედისა თუ ვარძიის მერე ხელნაწერი გელათში მოხვდა (ან ბერებმა გადაიტანეს) და საუკუნეების განმავლობაში იქ ინახებოდა.

ამ საუკუნეების განმავლობაში კი დამპყრობელი დამპყრობელს ცვლიდა, სანამ ჩვენი მთავარი მტარვალები, რუსები, არ მოგვადგნენ. მათ ქუთაისის გუბერნატორად ვინმე გრაფი ლევაშოვი გაგვიმწესეს. ლევაშოვს ხელნაწერი უნახავს და ახალი უბედურებაც სწორედ აქედან დაწყებულა – ხელნაწერმა, უფრო სწორად, მისმა ძვირფასმა ყდამ მოსტაცა თვალი.

თქვენი აზრით, რა ქნა ლევაშოვმა?

ის, რაც თავად შაჰ თამაზსაც კი არ უქნია – ხელნაწერს ყდა შემოაგლიჯა და რუსეთში გაყიდა, რუსეთიდან კი ჩამოიტანა სხვა ყდა და წიგნს შემოაკრა. ამ ამბავს გელათის მონასტრის საარქივო ჩანაწერები ინახავს.

1910-იან წლებში რუს კოლექციონერს სახარების ძვირფასი მოჭედილობა გამოფენაზე გაუტანია, მაგრამ ყდის ბედი მხოლოდ 50-იანი წლების ბოლოს გაირკვა: დღეს უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ ყდა სამ ნაწილად დაშალეს: ყდის ერთი ხატი გერმანიაში, ბერლინის სასახლის მუზეუმში ინახება, ხოლო მეორე – ბელგიაში, კერძო კოლექციაში. თვითონ ყდა დღესაც ერმიტაჟის მუზეუმშია დაცული.

ერთი სასიხარულო მთელ ამ ამბავში ისაა, რომ თავად ოთხთავი, უნიკალური მინიატიურებით შემკობილი და ლამაზი ნუსხურით ნაწერი, საქართველოშია – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ინსტიტუტში ინახება.

ტექსტი, როგორც თვითმიზანი

0

სკოლაში მხატვრული ლიტერატურის შესწავლასა და დამუშავებას დიდი დრო ეთმობა; კითხვასა და წიგნიერების ხელშეწყობას – ნაკლები.

რა არსებითი განსხვავებაა შესწავლა-დამუშავებასა და წიგნიერების ხელშეწყობას შორის?

არსებითი.

სავალდებულო საპროგრამო თხზულებების შესწავლა თვითმიზნადაა ქცეული და ამის გამო სწავლა-სწავლება უფრო მეტად ემსგავსება ფილოლოგიის ფაკულტეტის მოსამზადებელი ეტაპის სამუშაოს, და ნაკლებად – წიგნიერების ხელშეწყობას.

ვამბობ წიგნიერებას და ვგულისხმობ:

  • აზროვნებისა და მისი განვითარების კვალდაკვალ სამყაროსთან დიალოგის უნარს;
  • ფიქრის სტიმულირებას, ნაფიქრის მოწესრიგების უნარს ზეპირად და წერილობით;
  • ცოცხალ ურთიერთობას ტექსტთან და საკუთარ თავთან;
  • ანალიზის, მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების უნარს;
  • წიგნებიდან მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში, სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში გამოყენების უნარს;
  • პრობლემების გადაჭრის, დასახული მიზნების შესაბამისად ქმედების უნარს;
  • უნარს, განსჯითი შეფასებების მიღმა, კატეგორიზაციის მიღმა მსჯელობისა, პროაქტიულად ფიქრის, დაგეგმვისა და ქცევის;
  • საკუთარ სხეულთან, გონთან, საკუთარ თავთან მოლაპარაკების უნარსა და თვითდისციპლინას;
  • ემპათიის უნარის გაღვივებას. ხედვის სხვადასხვა კუთხის შემჩნევის უნარს. როცა შეგიძლია „აღიარებულ ჭეშმარიტებას“ შეხედო განსხვავებულად, განახლებული მზერით, „დამწყების თვალით“, „განულებული“ (სტერეოტიპებისგან დაცლილი) მეხსიერებით.

 

 

წიგნიერების თანმდევი ყველა ჩამოთვლილი სიკეთე მუშავდება წიგნების კითხვით და საუკეთესო ასპარეზად ამისთვის საოცნებო საკლასო ოთახები შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. მოსწავლეები ამ კლასებში ინტერესითა და ცნობისმოყვარეობით აღვსილნი სხედან, რადგან მათ „დასასწავლი“ და „დასამუშავებელი“ კი არ აქვთ „პროგრამა“, არამედ კითხვის, ფიქრისა და მსჯელობის შესანიშნავი წუთები ელით.

მათ იციან – მხატვრული ტექსტი მოაზროვნე ადამიანისთვის (ჩვენი სახეობის მთავარი მახასიათებელი კი სწორედ ესაა) სხვა სამყაროებში ტელეპორტაციის საშუალებაა. იქ ისეთ კითხვებზე შეიძლება პასუხების მოძიება, რომლებიც ჩვენც გვაქვს, გვაწუხებს ან გვაინტერესებს. სხვების თავგადასავლებში მონაწილეობის, სხვათა განცდების გათავისების შესაძლებლობა გვაქვს, საკუთარი „მეს“ საზღვრებს შეგვიძლია გავცდეთ და თან ისე, რომ არ გავითქვიფოთ, უკან დავბრუნდეთ „იმაზე უკეთესები, ვიდრე წაკითხვამდე ვიყავით“.

 

 

 

 

ვამბობ „დასწავლა-დამუშავებას“ და ვგულისხმობ იმას, რომ სასკოლო პროგრამა, სახელმძღვანელოების „საბაზისო პაკეტი“, მხატვრულ ტექსტთან ურთიერთობის მთავარ მიზნად ამ ტექსტის შესწავლას ისახავს. ეს მიზანი ამ სიტყვათშეთანხმებით შეგვიძლია გადმოვცეთ: „ტექსტი-თვითმიზანი“.

რას ნიშნავს ეს?

წაკითხვის შემდეგ მოსწავლე გაგება-გააზრების დონის კითხვებს უპასუხებს (კითხვები შინაარსის გაგებასა და გააზრებაზეა ორიენტირებული).

ჩვენი პროგრამული ტექსტების უმრავლესობა ენობრივად საკმაოდ რთული და ლექსიკურად გადატვირთულია, ამიტომ ეს მნიშვნელოვანი ნაწილია და დიდ დროსაც საჭიროებს. ამის შემდეგ სამუშაო წარიმართება ამ მიმართულებებით:

  • რა არის ტექსტის მთავარი სათქმელი;
  • რის თქმა სურდა ავტორს.

 

ამ ეტაპზე ხშირად მნიშვნელოვანია ისტორიული, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული, სხვადასხვა დარგის თეორიული მასალის/ცნობების მიწოდება, რათა „მთავარი სათქმელი“ სწორ კონტექსტში იქნეს გააზრებული. ეს ყველაფერი ისწავლება და მუშავდება ტექსტის გაგება-გააზრებისთვის, ტექსტისვე კონტექსტში, ტექსტის შესასწავლად.

 

ამ მიდგომაში არაფერია მიუღებელი.

ეს კლასიკური ტექსტოლოგიური და ანალიტიკური მეთოდია, ფილოლოგიური პრაქტიკა სწორედ ამ სამუშაოებს მოიცავს და წაკითხულის „სწორად“ გაგებისა და გააზრებისთვის ეს უმნიშვნელოვანესია. პრობლემად ის მაშინ იქცევა, როდესაც ენისა და ლიტერატურის სასკოლო კურსის წარმმართველ პრინციპად რჩება. რატომ? იმიტომ, რომ მკითხველის როლი ამ სამუშაოში „რეპროდუქციულია“, ინტერპრეტაცია იზღუდება ავტორის სათქმელის ამოცნობით, მისაღებია მხოლოდ „სწორი“ წაკითხვა.

ახლა დავსვათ მნიშვნელოვანი კითხვა:

არის თუ არა სკოლის ამოცანა (ოდენ) ფილოლოგიური დისციპლინისთვის მნიშვნელოვანი უნარების ჩამოყალიბება?

პასუხია, რასაკვირველია – არა.

გადახედეთ სასკოლო სახელმძღვანელოებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში საშუალო (დამამთავრებელ) საფეხურზე.

დასასწავლი მასალის მიწოდების ერთადერთი და უალტერნატივო მეთოდი ეფუძნება ისტორიზმის პრინციპს. ეს გულისხმობს იმას, რომ, ლიტერატურის ისტორიის (ფილოლოგიის ფაკულტეტზე ამ საგანში ცალკე კურსი იკითხება) კვალდაკვალ, ტექსტები ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა დალაგებული.

 

წიგნიერების, კრიტიკული აზროვნებისა და ინტერპრეტაციების უნარების ჯეროვნად ჩამოსაყალიბებლად საკმარისი რაოდენობის სავარჯიშოები და აქტივობები სახელმძღვანელოებში არ არის.

პროგრამული მასალა მოცულობითია და გამოყოფილი საათების რაოდენობა არ არის საკმარისი ამ რაოდენობის ტექსტებისთვის.

 

ჩვენს ინტერნეტგაზეთში გამოქვეყნებულ ამ წერილში დეტალურადაა ყურადღება გამახვილებული იმ ძირითად პრობლემებზე, რომლებიც აქტუალურია ლიტერატურის სასკოლო კურსის კონტექსტში. აქ ამაზე ვრცლად აღარ შევჩერდებით.

 

როლან ბარტი ნაშრომში „ტექსტისგან მოგვრილი სიამოვნება“ აღნიშნავს, რომ ტექსტის „სტანდარტიზება“ და „ნორმატიული ინტერპრეტირება“ დაუშვებელია. კითხვა ინტიმური, სუბიექტური აქტია და „სწორი წაკითხვა“ არ არსებობს. მკითხველებს ის ორ დიდ ჯგუფად ყოფს – ტექსტის მეგობრები და ტექსტის მტრები. „ტექსტის მეგობართა საზოგადოებას არაფერი ექნება საერთო, მტრების გარდა. ესენი არიან აბეზარი მუდოები, რომლებიც ტექსტებს ხელშეუხებლობის ბეჭედს ასვამენ და მისგან სიამოვნების მიღებას კრძალავენ. ამას ტექსტის მტრები სხვადასხვა მიზეზით ამართლებენ – კულტურული კონფორმიზმი, შეზღუდული თვალსაწიერის რაციონალიზმი, პოლიტიკური მორალისტობა, ბლაგვი პრაგმატიზმი, სხვადასხვა ჯურის „კეთილგონივრულობა“.

ხისტი და უხეში მახვილგონივრულობაა, არა?

მაგრამ შემაფხიზლებელი, საინტერესო და საჭიროც – უდავოდ.

გვაიძულებს გავიმეოროთ „მარტივი ჭეშმარიტებები და დავფიქრდეთ, რომ:

 

მხატვრული ლიტერატურის მნიშვნელობის „დავიწროება“ ტექსტის დასწავლა-დამუშავების თვითმიზნამდე საცოდაობაა.

ფილოლოგიური სამეცნიერო მეთოდოლოგია ენისა და ლიტერატურის სასკოლო კურსს არ უნდა განსაზღვრავდეს.

წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების გამომუშავებას იმაზე მეტი დრო სჭირდება თანამედროვე სამყაროში, ვიდრე ჩვენ ვუთმობთ.

დიად მიზნებსა და ესგ-ში გაწერილ შესანიშნავ, ბრწყინვალე ამოცანებს რამდენად ვასრულებთ იმ პროგრამით, იმ საათობრივი ბადითა და მეთოდოლოგიით, რაც დღეს გვაქვს – საკითხავია.

როდის ვიკვლიეთ ბოლოს თანამედროვე მოზარდების ინტერესები, საჭიროებები, ასაკობრივი განვითარების თანმდევი ფაქტორები, რომელთა მიხედვითაც საჭიროა სტანდარტის რევიზია?

 

ამ საკითხებზე დაფიქრებისა და სამოქმედო ნაბიჯების შესაბამისად დაგეგმვის გარეშე კი ლიტერატურის სასკოლო კურსი სწორედ ტექსტების დასწავლა-დამუშავების ასპარეზად გვაქვს ქცეული.

 

„ისმინე, სწავლის მძებნელო“,  ანუ როგორ გავზარდოთ სწავლის მოტივაცია ბავშვებში

0

რატომ ვსწავლობთ? ამ კითხვას სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოაზროვნე განსხვავებულად სცემდა პასუხს. ძველი ბერძნები ამბობდნენ: „შეიცან თავი შენი“ – ეს ითვლებოდა ყველაზე მნიშვნელოვნად სწავლის პროცესში. ცოდნის შეძენა გეხმარება საკუთარი თავის აღმოჩენაში. „მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა“ – რუსთაველის მიერ გამოთქმული ეს მოსაზრება, იმიტომ ვსწავლობთ, რომ ვცხონდეთო, ძალიან დიდხანს იყო ალბათ ერთადერთი პასუხი ამ კითხვაზე. მსგავს თვალსაზრისს ბევრგან და ხშირად შევხვდებით. მოგვიანებით დაბრუნდა ანტიკური პოსტულატი, ოღონდ ქრისტიანობასთან შერწყმული. გავიხსენოთ დავით გურამიშვილის ცნობილი სიტყვები:

„ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო:

ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო?

ვინცა ქმნა თიხა ჭურჭელად, რას უძღვნის ხელფასადაო?

ვით რემა ხნარცვს არ ჩავარდეს ულაგმო და უსადაო?“

ადამიანი საკუთარი თავის შესაცნობად სწავლობს, თუმცა თავის შეცნობა მის ღვთიურ წიაღთან კავშირს გულისხმობს უცილობლად.

ასეა თუ ისე, სწავლა ნამდვილად გვეხმარება საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობაში. ის გვაძლევს პიროვნული განვითარების საშუალებას, გვივითარებს კრიტიკულ აზროვნებას, გვასწავლის ანალიზს, გადაწყვეტილებების მიღებას, ინფორმაციის შეფასებასა და დამოუკიდებლად ფიქრს. ახალი ცოდნა აძლიერებს ფანტაზიას, პრობლემების თავისებურად გადაჭრის უნარს, ცოდნა გვაძლევს თავისუფლებას, გამოვთქვათ აზრი, ავიღოთ პასუხისმგებლობა და ვგრძნობდეთ თავს კომფორტულად სხვადასხვა სიტუაციაში. ყოველი სასწავლო გამოცდილება გვასწავლის სირთულეების დაძლევას სისტემატურად და ლოგიკურად. ცოდნა გვეხმარება, სწრაფად ავუღოთ ალღო ცვლილებებს. განათლება კარს გვიღებს მომავლისკენ, აფართოებს სოციალურ წრეს, აუმჯობესებს ადამიანებთან ურთიერთობის უნარს. სწავლა აყალიბებს ეთიკურ პრინციპებს, ეხმარება ადამიანს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში. გვაძლევს საშუალებას, უკეთ გავიგოთ სხვადასხვა კულტურა და თვალსაზრისი. გვეხმარება, ვიცნოთ საკუთარი ინტერესები, ნიჭი და მიზნები. ახალი რამის სწავლა ბუნებრივად იწვევს შინაგან კმაყოფილებას… კიდევ უამრავი მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება, რატომ არის მნიშვნელოვანი ცოდნის შეძენა, რატომ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი სწავლა, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, ჩვენი გაჯეტებზე დამოკიდებული ან სხვა ინტერესებით დაკავებული მოსწავლეები ამაში დავარწმუნოთ. ალბათ დამეთანხმებით, ამისთვის მხოლოდ ლაპარაკი არ კმარა, საჭიროა, ჩვენს ბავშვებს სწავლის მოტივაცია გავუღვივოთ, ცოდნა მოვაწყუროთ.

სწავლის მოტივაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატებული განათლებისთვის. როდესაც მოსწავლეებს რეალურად ესმით, რატომ არის სწავლა მნიშვნელოვანი, ისინი უფრო აქტიურად, ინტერესით და პასუხისმგებლობით არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში.

რატომ არის სწავლის მოტივაცია მნიშვნელოვანი? სწავლის მოტივაცია უზრუნველყოფს გრძელვადიან ინტერესს ცოდნის მიღების პროცესისადმი, თვითონ სწავლის პროცესის ღირებულების გაცნობიერებას, აკადემიური წარმატებების გაუმჯობესებას, კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას, მომავალი კარიერის გზის წარმატებით დაგეგმვას…

რა შეიძლება გავაკეთოთ მოტივაციის ასამაღლებლად? ვფიქრობ, ბევრი საინტერესო აქტივობის მოფიქრება შეიძლება. პირველი, რასაც ჩვენი ბავშვები ყურადღებას აქცევენ, ნებისმიერი რამის პრაქტიკასთან, ყოველდღიურობასთან ბმაა: „სად ან რაში გამოვიყენებ?” – ალბათ ხშირად გვესმის მათგან. ჩვენც ნებისმიერი საგნისთვის უნდა შევქმნათ კონკრეტული მაგალითები: მათემატიკაში შესაძლოა ბიუჯეტის დაგეგმვა, არქიტექტურა, მუსიკის თეორია… ფიზიკაში ჩავრთოთ: ტექნოლოგიები, სპორტი, ყოველდღიური მოვლენები… ისტორია თანამედროვე მოვლენების გასაგებად გამოვიყენოთ, ხოლო ლიტერატურა კომუნიკაციის უნარების, ემპათიისა თუ კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად.

შესაძლოა, მოსწავლეებს შევაქმნევინოთ „მომავლის რუკა“ – დავეხმაროთ კარიერული მიმართულებების კვლევაში. ყოველ მოსწავლეს დავავალოთ აირჩიოს სამი მისთვის საინტერესო სფერო; დააკვირდეს, რა საგნები და უნარები დასჭირდება; ეცადოს, შეხვდეს ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალს; შექმნას „სწავლის რუკა” – რომელი საგნები როგორ დაეხმარება მის ოცნებებს. შესაძლოა, გრძელვადიანი პროექტები დავგეგმოთ, რომლებიც რეალურ პრობლემებსა და რამდენიმე საგნის ინტეგრაციას მოითხოვს (სკოლის ეკოპროექტი (ბიოლოგია + მათემატიკა + საზოგადოებრივი მეცნიერებები; ადგილობრივი ისტორიის კვლევა და დოკუმენტური ფილმის შექმნა; ბიზნეს-გეგმის შემუშავება…). აუცილებლად ვამუშაოთ მოსწავლეები თვითრეფლექსიაზე – შესაძლოა, გააკეთონ ჩანაწერები – რა ისწავლეს ახალი, სად ან როგორ გამოიყენებენ ამ ცოდნას, რომელი უნარები განუვითარდათ, რა გამოწვევები შეხვდათ და როგორ გაუმკლავდნენ… ჩვენ კი, ტრადიციული ქულების ნაცვლად, შეგვიძლია, სხვადასხვა განმავითარებელი რუბრიკა, თვითშეფასება და რეფლექსია, თანატოლთა შეფასება გამოვიყენოთ.

ყველას კარგად გვახსოვს, როგორ გვიზიდავდა დიდობანა. ჩვენს ბავშვებსაც შევთავაზოთ, გახდნენ უმცროსების მენტორები, ან, პირიქით, მოვიწვიოთ პროფესიონალები მათთან შესახვედრად, გავაცნოთ ყოფილი კურსდამთავრებულების ისტორიები და, რაც მთავარია, მშობლებსაც ვთხოვოთ, გაუზიარონ მათ გამოცდილება.

მოტივაციის გასაზრდელად კონკურსებში მონაწილეობაც არანაკლებ ეფექტურია. შეიძლება მოვაწყოთ გუნდური კონკურსები ცოდნაზე, „ჰაკათონები” სხვადასხვა საგნის მიხედვით, მოსწავლეთა კონფერენციები, ინოვაციური იდეების კონკურსები…

ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ მასწავლებელს მოსწავლის მაჯაზე უდევს ხელი, რომ მისი პულსაცია ესმის გამუდმებით. ჰოდა, მთავარია, არ გამოგვრჩეს მოსწავლეების ინტერესების კვლევა – რეგულარულად ჩავატაროთ გამოკითხვები, შევთავაზოთ მრავალფეროვანი სწავლის სტილები – ვიზუალური, აუდიო, კინესთეტური მეთოდების კომბინირება, მივცეთ დიფერენცირებული დავალებები – სხვადასხვა სირთულის დონეების გათვალისწინებით, არჩევანის თავისუფლება – მოსწავლეებს მიეცეთ ალტერნატიული დავალებები, მივაჩვიოთ, რომ – შეცდომები არის სწავლის ნაწილი, წავახალისოთ თანამშრომლობითი ატმოსფერო და გუნდური მუშაობა, მივაჩვიოთ კითხვების დასმას, დავაფასოთ მათი მცირე წარმატებაც, გამოვიყენოთ ის ონლაინპლატფორმები, მათ რომ ასე ძალიან უყვართ, მოვაწყოთ ფიზიკური და ვირტუალური ექსკურსიები…

ვფიქრობ, მსგავსი მუშაობა მოგვცემს როგორც მოკლევადიან (გაიზრდება ჩართულობა, საკლასო ატმოსფერო გაუმჯობესდება, დავალების შესრულების ხარისხი მოიმატებს), ისე – გრძელვადიან შედეგს (აკადემიური შედეგების მდგრადი გაუმჯობესება, თვითმოტივაციის გაზრდა, კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება, მომავალი განათლებისა და კარიერის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება…).

რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ მცირე ნაწილი შემოგთავაზეთ იმ აქტივობებისა, რომელთა გამოყენებაც მასწავლებელს საგაკვეთილო პროცესში შეუძლია მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად. ყველა მასწავლებელმა კარგად იცის საკუთარი მოსწავლეების ინტერესები და შესაძლებლობები. გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილებაც.

მთავარია, არ დაგვავიწყდეს ის, რასაც საუკუნეების განმავლობაში არ აქვს ალტერნატივა – სწავლის მოტივაცია აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ჩვენს მოსწავლეებში, რადგან განათლება საკუთარი თავის შეცნობაში გვეხმარება, „განათლება თავისუფლებაა“.

როცა ფილმმა დაგამშვიდა

0

იყო იდეალური მასწავლებელი – ეს ერთგვარი მახე და ჩიხია. ამ დროს ვცდილობთ, ყველაფრისთვის მზად ვიყოთ, ვუპასუხოთ ყველა კითხვას, ვიყოთ მომთხოვნები და, ამასთანავე მეგობრულები. მაგრამ სად გადის ზღვარი?

ფილმი „The Kindergarten Teacher“ არ არის ტიპური სასწავლო დრამა. მასწავლებელი, რომელიც შთაგონებულია მოსწავლის პოეზიით, იმდენად ეძლევა მის იდეალს, რომ გასცდება ზღვარს. მან გააზრებული გადაწყვეტილება მიიღო? – არა. მაგრამ რა უდევს საფუძვლად ამ გადაცდომას – პედაგოგის სიგიჟე თუ მისი უმწეობა სამყაროს წინაშე, სადაც პოეზია დაკარგულია?

ამ ფილმმა რაღაც უცნაური სიმშვიდე მომიტანა. არა იმიტომ, რომ პერსონაჟი გავამართლე, არამედ იმიტომ, რომ ვიგრძენი: მასწავლებელიც ცდება. და ეს შეცდომა სულაც არ შლის მის განცდას, რომ სილამაზეს ეძებდა. ის უბრალოდ დაიღალა. და ეს სევდიანი ადამიანური დაღლა ძალიან მეცნო.

მასწავლებლობა ემოციური გზაა: ზოგჯერ ვერ ვხედავთ მოსწავლის ნიჭს, ზოგჯერ ვაფერხებთ. ზოგი შეცდომა ჩვენს პროფესიულ ბიოგრაფიაში არ იწერება, მაგრამ გულში გვრჩება. ფილმი გვეუბნება: ესეც ნაწილია. და სანამ პასუხს ვეძებთ, მთავარია, საკუთარ თავში საკმარისი ადგილი დავიტოვოთ შეცდომისთვისაც.

ეს გვხდის ადამიანებად. და სწორედ ამიტომ ვართ მასწავლებლები – ადამიანები, რომლებსაც უფლება აქვთ, გზას ასცდნენ, რათა ეს გზა სანდოდ გააგრძელონ ბავშვებმა.

ამ ფილმის ყველაზე მნიშვნელოვანი სათქმელი ისაა, რომ მასწავლებელიც ცდება.

რას გვასწავლის შეცდომა?

  1. შეცდომა ფოკუსის შეცვლის სიგნალია. როცა გაკვეთილზე მიდიხარ ერთი მოლოდინით, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად ვითარდება, ეს არ არის პროფესიული მარცხი. ეს არის მიწვევა ცვლილებაზე.
  2. შეცდომა ინდივიდუალური მიდგომის საწყისია. ზოგჯერ მასწავლებელი სტანდარტს ებღაუჭება და ავიწყდება, რომ ბავშვებს განსხვავებული საჭიროებები აქვთ. შეცდომა გვაჩვენებს, რომ ერთი ჩარჩო ყველას ვერ მოერგება.
  3. შეცდომის აღიარებით ურთიერთობა მყარდება. როცა მოსწავლესთან გულწრფელად ვაღიარებთ: შეიძლება, ამჯერად არასწორად მოვიქეცი, – ის იწყებს ნდობას.
  4. შეცდომა ზრდის მოდელია. თუ გვინდა, რომ მოსწავლეებს არ შეეშინდეთ მარცხის, პირველ რიგში მასწავლებელს უნდა ჰქონდეს საკუთარ შეცდომასთან მშვიდად ყოფნის გამბედაობა.

როგორ გამოვიყენოთ ეს?

* ჩვევა გაკვეთილის შემდეგ: დღის ბოლოს საკუთარ თავს დაუსვით სამი კითხვა:

. რა გამომივიდა კარგად?

.  რა ვისწავლე მოსწავლეებისგან?

 

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას !

0

ძვირფასო მასწავლებლებო, მოსწავლეებო,  ჩვენო მკითხველებო, ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge” და ჟურნალი “მასწავლებელი” გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!  ნაყოფიერი სასწავლო წელი გვქონდეს! ვისურვოთ, კიდევ უფრო მეტად დაეფასებინოთ მასწავლებლის  შრომა, რომელიც ძალიან რთული, მაგრამ საინტერესო და მნიშვნელოვანია. ვისურვოთ, რომ ჩვენს მოსწავლეებს უფრო უხაროდეთ სკოლაში მოსვლა და ჰქონდეთ ახლი ცოდნის მიღების სურვილი მშვიდობიანი, ღირსეული, ევროპული მომავლისთვის!

რაზე ფიქრობენ ზვიგენებთან მოცურავე მოზარდები…

0

და სიყმაწვილე, თუ სხვა არ მტრობს, თავის თავს ებრძვის“…

„ჰამლეტი“, ივანე მაჩაბლის თარგმანი

 „რატომ სჩადიან მოზარდები ამდენ სულელურ, სიცოცხლისთვის სახიფათო და გონიერი არსებისთვის აშკარად შეუსაბამო საქციელს? უყურებენ სალ კლდეს და ხედავენ შესანიშნავ კადრებს ვიდეოს გადასაღებად. ჩვენც ვუყურებთ იმავე კლდეს, ოღონდ შფოთვა და სიფრთხილის განცდა გვეუფლება.

და ეს ყველაფერი არაა… ისინი ხშირად არიან საძაგელ ხასიათზე, არიან აუტანლები და სრულიად შეურაცხადები. ფეთქდებიან სულ ციცქნა საყვედურებზე და იმისთანა ემოციურ ქარაშოტს ატრიალებენ, მოგვრილი ბიძგები რიხტერის სკალით შეგვიძლია შევაფასოთ. განუზომელი რაოდენობით ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებს ეტანებიან, ისეთ მუსიკას უსმენენ და ისე იმოსებიან, მშობლებს საღი აზროვნების უნარს აკარგვინებენ…“.

ამ კითხვებსა და დასკვნებს გვიზიარებს ნაიჯელ ლატა წიგნში „სანამ თქვენი მოზარდები ჭკუიდან გადაგიყვანენ“.

მოზარდობა განსაკუთრებული ხანაა ადამიანის ცხოვრებაში. გარდატეხის ასაკის თანმდევი ფიზიოლოგიური, ანატომიური, ბიოლოგიური ცვლილებები, ძვრები განსაზღვრავს ქცევას, სოციალურ ურთიერთობებს, ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას და… უფროსების დამოკიდებულებებსაც მათ მიმართ (ან წინააღმდეგ).

მნიშვნელოვანი კი არა, აუცილებელია იმის ცოდნა, რა ემართებათ მოზარდებს გარდატეხის ასაკში, რა განაპირობებს მათ ქცევას, განწყობებს, მიმართებებს.

რით განსხვავდება მოზარდების ტვინი ამავე „მოწყობილობის ზრდასრული ვერსიისგან“ – ანუ რა თავისებურებებით ხასიათდება მოზარდის „მართვის სისტემა“.

რამდენიმე ფაქტი:

ადამიანის თავის ტვინის განვითარება 20 წლის ასაკამდე გრძელდება. თავის ტვინის პრეფრონტალური ქერქი 19-20 წლის ასაკშია მხოლოდ საბოლოოდ ჩამოყალიბებული. პრეფრონტალური ქერქი „პასუხისმგებელია“ შეგნებული გადაწყვეტილების მიღებაზე, გააზრებული, რაციონალური მოტივების შემუშავებასა და ქცევაში ასახვაზე, დაგეგმვასა და დაგეგმილი ქმედებების შედეგების გააზრებაზე, პრობლემების გადაჭრასა და იმპულსების გაკონტროლებაზე. „მოდი, შევყოვნდეთ და დავუფიქრდეთ, გვინდა თუ არა ამის გაკეთება. სანამ აქედან ისკუპებ, აბა, დაუკვირდი, რა შეიძლება მოჰყვეს ამას!“ – ჩვენს გონებაში მაფრთხილებელი ხმა რომ ისმოდეს და ყოველი სარისკო ქმედების ჩადენის წინ იმაღლებდეს ტონალობას, ეს ხმა სწორედ პრეფრონტალურ ქერქში იქნებოდა ჩასახლებული, სწორედ ისაა გონიერი გადაწყვეტილებების სამყოფელი. მისი წყალობით დავისწავლით სწორ ქცევას, წესებს, შეგვიძლია ვარიანტების გათვლა, მომავლის პროგნოზირება.

ნაიჯელ ლატა წერს:

„სქესობრივი მომწიფების ხანაში თავის ტვინი აყვავებულ ბაღნარს ემსგავსება. უეცრად ყველაფერი იწყებს გაფურჩქნას, აყვავებას, ზრდას. როგორც ყველა ბაღში, სხვლისა და ზედმეტის ჩამოჭრა-ამოძირკვის დროც დგება. იგივე ხდება მოზარდის ტვინშიც – არასაჭირო ნეირონული კავშირები უქმდება, საჭირო და მნიშვნელოვანი კავშირები იკვრება და მტკიცდება. ახლა, როცა ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად იცით (თავის ტვინზე ოპერაციის ჩატარებას ამ ცოდნით ვერ შეძლებთ, მაგრამ მთავარი აზრი ხომ ჩაიჭირეთ…), ისიც უნდა იცოდეთ, რომ ამ საყოველთაო „ქსელში“ ყველაზე ბოლოს პრეფრონტალური ქერქი ერთვება და მეტიც, სქესობრივი მომწიფების საწყის ხანაში ის საერთოდაც, ზომაში იკლებს. ეს ნიშნავს, რომ „გონიერი, გააზრებული გადაწყვეტილებების მიმღები პუნქტი“ სქესობრივი მომწიფებისას ნახევარი სიმძლავრით მუშაობს და მიერთებულიც კი არაა „სხვა მნიშვნელოვან უბნებთან“. ჯანდაბა! შესძახებთ თქვენ და მართლაც! მაგრამ აქ მთავარია, გახსოვდეთ, რომ მოზარდებს ხშირად უბრალოდ არ აქვთ სათანადო მოწყობილობა ამუშავებული სრული დატვირთვით. კერძოდ, ის მოწყობილობა, რომელიც სწორი გადაწყვეტილებების მისაღებადაა აუცილებელი. მაგრამ ეს ყველაფერი არაა. მოზარდებთან სხვა რამეებიც ვერაა რიგზე…“.

მოზარდებს არ აქვთ მუხრუჭები

ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტი – მოზარდებსა და უფროსებს კომპიუტერულ სიმულატორზე მანქანის მართვა დაავალეს. ისინი იღებდნენ ქულებს, თუ ყვითელ შუქნიშანზე ასწრებდნენ გზის გადაკვეთას და კედელთან დროულად დამუხრუჭებას. რასაკვირველია, მოზარდები რისკავდნენ უფრო ხშირად, ვიდრე უფროსები, მაგრამ ამაზე უფრო საინტერესო არის ის, რომ მოზარდები რისკავდნენ აუცილებლად, თუ ექსპერიმენტს ესწრებოდნენ მათი თანატოლები.

ერთი-ერთზე, მშვიდ სიტუაციაში, ნებისმიერი მოზარდი კეთილგონივრულად გიპასუხებთ – რა თქმა უნდა, არ ჩავუჯდები მანქანაში მეგობარს, თუ ის ნასვამი იქნება. რეალურ სიტუაციაში ნასვამი მეგობრებისთვის უარის თქმას გაბედავენ ერთეულები.

ნახსენებ წიგნში აღწერილია ასეთი ექსპერიმენტებიც: უფროსებსა და მოზარდებს აჩვენებდნენ ადამიანების გამოსახულებებს. ფოტოებზე შეშინებული სახეები იყო გამოსახული. მოზარდების ტვინის უბნების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ პრეფრონტალურ ქერქში აქტივობა ნაკლები იყო, სამაგიეროდ აქტიურდებოდა ამიგდალა, იგივე ნუშისებრი სხეული, ლიმბური სისტემის ქერქქვეშა სტრუქტურა, რომელიც თავის ტვინში ღრმადაა მოთავსებული. ამიგდალა პასუხისმგებელია ემოციების ფორმირებაზე, ემოციური მეხსიერების კონტროლზე, ემოციების ამოცნობაზე. ამასთან, მოზარდები ხშირად სცდებოდნენ და შიშის ნაცვლად ბრაზთან, დაბნეულობასთან, მოწყენილობასთან აიგივებდნენ გამოსახულებებს. ეს ნიშნავს, რომ სხვა ადამიანების ემოციების ამოცნობა გარკვეულ ასაკამდე მოზარდებისთვის რთულია, ამოცნობისას ისინი ემოციური ცენტრით ხელმძღვანელობენ და არა რაციონალურით და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იმპულსური, „დაუფიქრებელი“, ხისტი ქმედებები მათგან გასაკვირი აღარ უნდა იყოს.

კიდევ ექსპერიმენტი: მოზარდებსა და უფროსებს აწვდიდნენ სხვადასხვა შინაარსის შემცველ წინადადებებს. „ზვიგენებთან ერთად ცურვა“ – ერთ-ერთი ასეთი წინადადებათაგანი იყო. საცდელ პირებს უნდა გადაეწყვიტათ, წინადადება „კარგი იდეაა“ თუ „ცუდი“ და შესაბამის ღილაკზე უნდა დაეჭირათ. „კარგ წინადადებებზე“ უფროსები და მოზარდები ერთნაირად რეაგირებდნენ, „ცუდი იდეების“ ამოსაცნობად და რეაგირებისთვის კი მოზადებს მეტი დრო სჭირდებოდათ. რასაკვირველია, ზვიგენებთან ერთად ცურვა არც მოზარდებს მოსჩვენებიათ მომხიბვლელ იდეად, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მისაღებად მათ მეტი დრო დასჭირდათ! ამასთან, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის მეშვეობით მკვლევრები აკვირდებოდნენ პროცესებს, რომლებიც ტვინში მიმდინარეობდა გადაწყვეტილებების მიღებისას. უფროსებში აქტიურდებოდა უბნები, რომლებიც ქმედების თანმდევ შედეგებზეა პასუხისმგებელი და ისინი მიზეზშედეგობრივ კავშირებს სწრაფად ამყარებდნენ, მოზარდები კი იყენებდნენ იმ უბნებს, რომლებიც მსჯელობისა და აწონ-დაწონისას გვიაქტიურდება. გამოდის, უფროსები მყისიერად „ხედავენ“, რა შეიძლება მოჰყვეს ზვიგენებთან ერთად ჭყუმპალაობას, მოზარდებს კი სჭირდებოდათ ამ „ღონისძიების“ მარტივ მამრავლებად დაშლა, აწონ-დაწონა, მსჯელობა და გადაწყვეტილების ამის შედეგად მიღება. ანუ, უფროსები მომენტალურად ხედავდნენ დაახლოებით ისეთივე კადრებს, რომლებიც ყბადაღებულ ფილმ „ყბებშია“, მოზარდების ტვინი კი აუჩქარებლად მიუყვებოდა საფიქრალს“ ჰმ, ზვიგენებთან ერთად ცურვა. დაიცა, მოვიფიქრო…იქნებ…“.

ლაბორატორიულ პირობებშიც კი მოზარდები ასე იქცევიან. ახლა დააყენეთ ნებისმიერი მოზარდი მისივე თანატოლების გარემოცვაში და წარმოიდგინეთ მისი ქცევა, ქმედება, ფიქრები ამ ვითარებაში.

რა უნდა ვუყოთ ამ ცნობებს, ამ გარდაუვალ მოცემულობას, ამ ფაქტებს?

რა ავკრძალოთ, რა გავამკაცროთ, სად მოვუჭიროთ თავისუფლების სადავეებს?

როგორ მივუდგეთ ამ ცოდნას?

ერთადერთი სწორი და უტყუარი დასკვნა, რომელიც უნდა გავაკეთოთ, ესაა – მოზარდის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები სტიქიასავითაა – ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ვერ გადავასხვაფერებთ იმას, რაც მოცემულია. აკრძალვას, მარწუხებს, მოკლე საბელსა ან კალთაზე გამობმას ვერ შევძლებთ. ჩვენი ერთადერთი სამარჯვი შეიძლება იყოს მოთმინება და მხარდაჭერა. უპირობო მხარდაჭერა როგორც სისულელეების ჩადენამდე, ისე (და განსაკუთრებით!) მათი ჩადენის შემდეგ.

სამყაროს შესწავლის, შეცნობის, კვლევის ეს ეტაპი ყველაზე წარმტაცი და მრავლისმომცემი ეტაპი შეიძლება გახდეს. უფროსის მეგზურობა ამ გზაზე ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მოზარდს აქვს ჩვენი ნდობა, რომ მას ჩვენთან მოესვლება ნებისმიერ სიტუაციაში, რომელშიც არ უნდა ჩავარდეს.

დანარჩენს – მოევლება.

ყველაფერს მოევლება, მთავარია, ვიქცეთ ისეთ უფროსებად, რომლებსაც ენდობიან, ვისთანაც მიდიან, ვისგანაც განსჯას, სასჯელს, განჩინებას, ვერდიქტს კი არა, უპირობო დახმარებასა და მხარდაჭერას მიიღებენ.

 

 

როგორ დავგეგმოთ ავტორთან შეხვედრა

0

მასწავლებლები ყოველთვის ვცდილობთ მოსწავლის წიგნთან მიყვანის სხვადასხვა გზების პოვნას. ერთ-ერთი ნაცადი და ეფექტური მეთოდია მოსწავლის დაინტერესება წიგნის წაკითხვით, რომელსაც შემდეგ მოსდევს ამ წიგნის ავტორთან შეხვედრა. ხშირად, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის, გაოცებას იწვევს ეს ფაქტი, ინტერესს აღძრავს და ბავშვები დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით იწყებენ წიგნის კითხვას. რა ეტაპები უნდა გავითვალისწინოთ მასწავლებლებმა, როდესაც გადავწყვეტთ, რომ წიგნის ავტორი უნდა მოვიწვიოთ?

პირველ რიგში, მასწავლებელი უნდა გაეცნოს წიგნის ავტორის ბიოგრაფიას. მოიძიოს მის შესახებ ინფორმაცია – აქვს თუ არა სურვილი აუდიტორიასთან შეხვედრის, აქვს თუ არა ამის მზაობა. მას შემდეგ, რაც მასწავლებელი თავად გადაამუშავებს ავტორზე ინფორმაციას, უნდა წარუდგინოს მოსწავლეებს, რათა შეუქმნას მათ ერთგვარი წარმოდგენა ავტორზე. პრეზენტაციის დროს სთხოვოს მოსწავლეებს, ჩამოწერონ რამდენიმე შეკითხვა ავტორთან ან ავტორის შესახებ და შეინახონ.

წიგნის არჩევა და გაცნობა

თუ ავტორს რამდენიმე წიგნი აქვს, მასწავლებელს შეუძლია, გააცნოს მოსწავლეებს და ერთობლივად გადაწყვიტონ, რომელ წიგნს წაიკითხავენ, ან თავად აარჩიოს მოსწავლეების მზაობის მიხედვით. წიგნის არჩევის შემდეგ მასწავლებელმა აუცილებლად კლასს უნდა გააცნოს ის. მისი ყდა, დიზაინი, ავტორი, გამომცემლობა. ზოგადად წიგნის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია – რისგან შედგება ის, რა გზას გადის შექმნამდე.

ვიზიტი სტამბაში

სასურველია მასწავლებელმა დაგეგმოს ვიზიტი სტამბაში, სადაც მოსწავლეები რეალურად აღიქვამენ, როგორ ხდება დაწერილი ტექსტიდან ხელშესახებ წიგნამდე გარდაქმნა. სტამბაში ვიზიტი მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი და საინტერესო იქნება, ვინაიდან ნახავენ, როგორ იბეჭდება გვერდები და იქმნება წიგნი.

კითხვის პროცესი

წიგნის კითხვის პროცესს აუცილებლად დაუსახეთ მიზნად ვადა. მოსწავლეებს დაუწესეთ, რა დროში უნდა დაასრულონ წიგნი. აიღეთ რამდენიმე დღე, რომლის გარკვეულ დროსაც წიგნის განხილვას მოაწყობთ. სთხოვეთ მოსწავლეებს ამოიწერონ პარალელურად ახალი სიტყვები, საინტერესო ფრაზები, ან უბრალოდ მარკირების მეთოდით ამუშავეთ. განხილვის პროცესი მასწავლებელს დაეხმარება, მოსწავლეებს უკეთ გააანალიზებინოს წაკითხული, დაეხმაროს მათ კითხვის პროცესში და მონიტორინგი გაუწიოს, როგორ მიმდინარეობს კითხვის პროცესი.

ნამუშევრების შექმნა

წიგნის კითხვა არ უნდა დარჩეს მხოლოდ წაკითხულ ეტაპად. სასურველი იქნება, თუ პროდუქტს მოსწავლეები თავად შექმნიან. ამისთვის მასწავლებელს შეუძლია დაგეგმოს რამდენიმე აქტივობა:

  • სთხოვეთ მოსწავლეებს, შექმნან გმირის თოჯინები (თოჯინების თეატრისთვის), რომლებსაც შემდეგ როლებში გაითამაშებენ;
  • მოსწავლეებს ეპიზოდების მიხედვით დაავალეთ დიორამების შექმნა;
  • მისწერეთ წერილი გმირებს;
  • შექმენით კითხვების კოლექტიური ყუთი, სადაც წიგნის წაკითხვამდე და მისი დასრულების შეკითხვებს ერთად მოაგროვებთ – ამას გამოიყენებთ ავტორთან შეხვედრის დროს;
  • დადგით მინი-სპექტაკლი – მოსწავლეებმა გაითამაშონ როლებში რომელიმე ეპიზოდი;
  • შექმენით მოსწავლეებთან ერთად ხელნაკეთი წიგნები, ელექტრონული ხმოვანი წიგნები;
  • გადაიღეთ მცირე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სადაც მოსწავლეებს ექნებათ საშუალება, გამოიყენონ უკვე გათამაშებული როლები;
  • მოსწავლეებთან ერთად შექმენით ეპიზოდების კომიქსი.

აქტივობები შეგიძლიათ გადაანაწილოთ უშუალოდ წიგნის კითხვის პროცესის დროს, რათა იყოს უფრო საინტერესო და ინტერაქციული.

როდესაც წიგნის კითხვა დასასრულს მიუახლოვდება, დაგეგმეთ ავტორთან შეხვედრა, რომლისგანაც მზაობა შეხვედრისთვის უკვე გაქვთ. რა მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გაითვალისწინოთ ავტორთან შეხვედრის დაგეგმვის დროს?

  • შეუთანხმდით ავტორს მისთვის სასურველ თარიღზე და შეხვედრის ხანგრძლივობაზე;
  • შეათანხმეთ, ხომ არ სჭირდება ტრანსპორტირება, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყავით ის;
  • გააცანით ავტორს დღის წესრიგი, რას გეგმავთ, რა ფორმატში უნდა წარიმართოს შეხვედრა (დისკუსია, კითხვა-პასუხი, მონაკვეთის კითხვა და განხილვა თუ სხვა);
  • აიღეთ ნებართვა ფოტო-ვიდეო გადაღების შესახებ;

ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ ავტორის მიმართ გამოვხატავთ რაიმე ფორმით მადლიერებას გაწეული შრომისთვის და არ შემოვიფარგლებით მხოლოდ მადლობის გადახდით.

ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების გათვალისწინებით ორგანიზებული და ნაყოფიერი შეხვედრა წარიმართება. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ წიგნის ავტორები არიან ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენსავით მრავალი საზრუნავი აქვთ, დრო ძალიან ძვირფასია და შეხვედრისთვის ისინი ყოველთვის ხარჯავენ როგორც ადამიანურ რესურსს, ისე მატერიალურს. შესაბამისად, მაქსიმალურად შეეცადეთ კომფორტული გარემო და პირობები შესთავაზოთ, რადგან ისინი თავის მხრივ იხარჯებიან თქვენი მოსწავლეების განვითარებისთვის.

ვინ გამოიგონა ველოსიპედი?

0

მაისში ერთ ჩემს მეგობარს მანქანაზე მუხრუჭებმა და კიდევ რაღაცებმა უმტყუნეს. ეს ყველაფერი გაშლილ ტრასაზე მოხდა, მაგრამ გაუმართლა და მანქანა მაინც დაიმორჩილა. მერე ევაკუატორებით აქეთ-იქეთ ატარა და აღმოაჩინა, რომ თბილისში ბევრი თვითმარქვია ოსტატი ყოფილა. მერე ერთ ცენტრში მიყვანა ურჩიეს. ამ ცენტრში მხოლოდ ასეთ მანქანებს აკეთებდნენ და უცხოეთის მთავარი ოფისის წარმომადგენლობა იყო. ჯერ ხომ ერთი კვირა იმათ მენეჯერს ურეკა და ათასჯერ მოუყვა პრობლემის შესახებ, მერე როგორც იქნა შეხვედრა და დიაგნოსტიკა ჩაინიშნა, მიიყვანა ეს საბრალო მანქანა „ობობათი“, ცენტრმა კი ჰოპ… და არ მიიღო. მენეჯერი გადამალეს, ლობიოს საჭმელად გავიდაო… მერე ძალიან ფერხორციანი (სავარაუდოდ, უკვე წლების ლობიონაჭამი) დირექტორი გამობრძანებულა და ცინიკურად უთქვამს, აქ რას მოდიოდით ბაზრობაზე ნაყიდი მეორადი მანქანითო… მესმის, ჩვენი შოურუმინდან გეყიდათო. ეს ჩემი მეგობარიც აკადემიური წრის წარმომადგენელია და უთქვამს, არ გვაქვს, ბატონო, პროფესორებს შოურუმიდან მანქანის საყიდელი ფულიო და… ჰოდა, ფეხით იარეთ ან ველოსიპედითო, უთქვამს დიდ დირექტორს.

 

ჰმ… რას ერჩი, კაცმა ლობიო ჭამა და ცხოვრება აიწყო და შენ თუ მოკრძალებულხელფასიანი პროფესორი ხარ, რა მანქანები და შეკეთებები აგიტყდა, ვაჰ!

 

და ის ღლაპი მენეჯერი რაღას ეპატიჟებოდა? ბავშვია, შეცდა, რა მოხდა მერე!

 

რომელი ცენტრი იყო?

 

9;8;44;66;53 – ეს ელემენტების რიგობრივი ნომრებისგან შედგენილი შიფრია, ლათინური სიმბოლიკით წარმოიდგინეთ და თვალის ჩაპაჭუნების კაცუნაც არ დაივიწყოთ.

 

რა თქვა, იმ კარგმა კაცმა? ჯერ ველოსიპედით იარეთო?

 

 

1974 წელს იტალიელმა ისტორიკოსმა აუგუსტო მარინიონიმ ლეონარდო და ვინჩის ხელნაწერის „ატლანტიკუსის კოდექსის“ რესტავრაციაში მიიღო მონაწილეობა და განაცხადა, რომ ორ ერთმანეთზე მიწებებულ ფურცელს შორის აღმოაჩინა ნახატი, რომელზეც ველოსიპედი იყო გამოსახული. ჰო, უნდა ითქვას, ძალიან ჰგავდა.

სურათი აღებულია გვერდიდან https://portolanero.neocities.org/bicycle

ამ განცხადებამ სენსაცია გამოიწვია. გამოდის, რომ და ვინჩიმ დროს 300 წლით გაუსწრო და ველოსიპედი გამოიგონა? 1997 წელს ექსპერტებმა თქვეს, არაო, სურათი ნამდვილი არ არისო… ისე, ჩემი აზრით, ლეონარდო უფრო კარგადაც ხატავდა და უფრო ზუსტადაც, ვიდრე ამ სურათზეა. მთელი ოცი წელი კი კამათი და კვლევა მიდიოდა. განსაკუთრებით, იტალიელ მეცნიერებს სურდათ, რომ სურათი ნამდვილი ყოფილიყო.

 

როდესაც ამ სტატიის თემას ჩავუჯექი, აღმოჩნდა, რომ საკითხზე, თუ ვინ გამოიგონა ველოსიპედი, სერიოზული კვლევა-კამათი ყოფილა. ნამდვილი ველოსიპედის გამოგონებამდე, ჯერ კიდევ 100 წლით ადრე ადამიანები ცდილობდნენ, შეექმნათ ტრანსპორტი, რომელსაც ადამიანი ცხენის გარეშე აამოძრავებდა და სწრაფიც იქნებოდა.

 

როდესაც საბოლოო მოდელი შეიქმნა, იმდენად სრულყოფილი გამოდგა, რომ გაჩნდა განცდა, ამის შექმნას რა უნდოდაო. აქედან იღებს სათავეს გამოთქმა: „ველოსიპედის გამოგონება“.

 

თუმცა, სანამ საბოლოო სრულყოფილი მოდელი შეიქმნებოდა, 1696 წელს ფრანგმა მათემატიკოსმა ჟაკ ოზანამ თავის წიგნში „მათემატიკისა და ფიზიკის თავსატეხები“ დაწერა, რომ ვინმე მუსიე რიშარის ცნობის თანახმად, პარიზში უკვე რამდენიმე წელია არსებობს სავარძელი, რომელიც ბორბლებზე მოძრაობს და აქვს პედალის მსგავსი მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც მსახურს შეუძლია მგზავრი გადააადგილოს. არავინ იცის, ეს მუსიე რიშარი არსებობდა თუ არა, თუმცა, ოზანამ ეს ე.წ. სავარძელი ისე აღწერა, რომ ბოლოს მართლაც შექმნეს მსგავსი რამ. თუმცა, მათ მოძრაობაში მოსაყვანად ღონიერი მსახურები იყო საჭირო. თან ისე ნელა დადიოდა, რომ ყოჩაღი კაცი ფეხით იოლად გაასწრებდა. რიქშები ამ გამოგონებაზე უფრო ადრეც იყვნენ და უფრო ყოჩაღადაც გარბოდნენო, წერენ.

 

1817 წელს გერმანელმა გამომგონებელმა კარლ დრეზმა ტრანსპორტის სფეროში რევოლუცია მოახდინა და „მორბენალი“ მანქანა შექმნა. ეს იყო ორბორბლიანი ტრანსპორტი, რომელიც ფეხის მიწაზე გაკვრით მიქროდა. მოუხერხებელი კი გახლდათ, მაგრამ იმ დროს ფერმერებს ქერის მოსავალი ვერ მოეწიათ და ცხენის შენახვა ძვირი ჯდებოდა. ასე რომ, ხალხმა არჩია, სჯობს ველოსიპედით ვირბინოთ, ვიდრე ცხენითო..

სურათი აღებულია ვიკიპედიიდან

ამ სატრანსპორტო საშუალებას „დრეზინები“ შეარქვეს. სწორედ ამ პერიოდში დამკვიდრდა ტერმინი Velocipede – ლათინურად ჩქარი ფეხები. „დრეზინზე“ ფულის გამომუშავებას ვინმე ინგლისელი ბიზნესმენი დენის ჯონსონი ცდილობდა. დრეზმა თავისი სატრანსპორტო საშუალების დაპატენტება ინგლისში ვერ მოახერხა. ამით ისარგებლა ჯონსონმა და 1818 წელს ველოსიპედის თავისი ვერსია შესთავაზა ხალხს. ანუ, ისარგებლა „დრეზინის“ დიზაინით და რაღაცები დაამატა. ხალხმა მის გამოგონებას “Hobby Horse” – სათამაშო ცხენი შეარქვა. ჯონსონმა თავისი გამოგონების ტარების კურსებიც გახსნა და საფასურად 1 შილინგი დააწესა. “Hobby Horse” რკინისგან და ხისგან იყო დამზადებული და 25 კგ-ს იწონიდა. ცნობისთვის, თანამედროვე ველოსიპედი ორჯერ ნაკლებს, ხოლო ულტრა მსუბუქი სპორტული კი, ოთხჯერ ნაკლებს იწონის. ჰოდა, მძიმე იყო, მუხრუჭიც არ ჰქონდა და მტრისას, თუ დაღმართზე ჩახვიდოდი და ფეხებით სიჩქარეს აკრეფდი, სერიოზული ტრავმის მიღება წუთების საქმე იყო. ამიტომ, ექიმებმა ველოსიპედი სახიფათო ტრანსპორტად გამოაცხადეს, ხოლო ჟურნალისტებმა გაზეთებში მისი და მომხმარებლების (ვინც მაინც აგრძელებდა ჯირით-სირბილს) კარიკატურების ბეჭდვით შეიქციეს თავი. ის კი არა, გასართობ შეჯიბრებებსაც აწყობდნენ. მაგ. ნიუ-იორკში მოეწყო შეჯიბრება ვირსა და “Hobby Horse”-ს შორის, სადაც ვირმა გაიმარჯვა, რადგან ველოსიპედი შუა გზაზე გატყდა.

 

ამერიკის დიდ ქალაქებში, ქუჩებში ველოსიპედები აკრძალეს, რადგან ყველას ფეხებში ედებოდა და ეჯახებოდა. დაახლოებით ისე, როგორც ჩვენს ქუჩებში მოტოციკლები.

 

1821 ლუის ჰომპერცმა საზოგადოებას ხელის მუხრუჭის დამატება შესთავაზა.

 

1867 წელს კი ფრანგმა მჭედელმა პიერ მიშომ დაახლოებით თანამედროვე ველოსიპედის მსგავსი მოდელი შექმნა. ესეც არ იყო მარტივი მოდელი. ჯერ უნდა გარბენით გაჰყოლოდი, მერე შეხტომოდი, უკვე ამოძრავებული პედალი ფეხებით დაგეჭირა და ტრიალი დაგეწყო. სამაგიეროდ, ჩქარი იყო. პრესაში იმასაც წერდნენ, ორმა ველოსიპედისტმა ელისეს მინდვრებზე, როგორ დაიჭირა ქურდი, რომელსაც პოლიცია ვერ ეწეოდა.

სურათი აღებულია შემდეგი გვერდიდან https://encycloduvelo.fr/2518-2/

აქ უკვე აღარ ჩავუღრმავდები, იმ კამათსა და დავიდარაბას, რითაც ველოსიპედის ამბები გაგრძელდა. ვინ აღარ დაიბრალა, ეს ერთი შეხედვით უბრალო მოდელი პირველად მე მოვიფიქრე, პრაქტიკული განხორციელება დამასწრესო. მათ რიგებში იყო პიერ ლალმანი, ძმები ოლივიები და ა.შ. აქედან, ლალმანმა ამერიკაში გაითქვა სახელი. დღეისთვის საქმე ასეა – ფიქრობენ, რომ ლალმანმა გამოიგონა, მაგრამ ამერიკაში წასვლამდე საფრანგეთში შექმნა ვერ განახორციელა. მაშინ როცა, ძმებმა ოლივიებმა ისარგებლეს და ლალმანიდან მოპარულ იდეას მიშოს ხელით შეასხეს ფრთები.

 

1870 წელს ქუჩებში ე.წ. „პენი ფარტინგები“ გამოჩნდნენ. ცოტა მოუხერხებელი იყო, მაგრამ პირველი სერიოზული მუხრუჭები ჰქონდათ. უფრო მეტიც – იყო სამუხრუჭე სითხის შექმნის მცდელობაც.

სურათი აღებულია ვიკიპედიიდან: https://en.wikipedia.org/wiki/Penny-farthing

დაბოლოს, 1880 წელს უკვე ის ველოსიპედი გამოჩნდა, რომელსაც დღემდე ვიცნობთ და ვიყენებთ.

 

დღეს უმუხრუჭო არაფერი ვარგა. იმ ჩემს მეგობარსაც ჯერ სამუხრუჭე სითხემ და მერე სხვა დეტალებმა უმტყუნა.

 

სამუხრუჭე სითხის (brake fluid) მთავარი კომპონენტი პოლიგლიკოლები მაღალი სიბლანტით ხასიათდებიან, ამიტომ განზავებისთვის ურევენ შედარებით დაბალი სიბლანტის პოლიეთილენგლიკოლის ეთერებ და ესტერებს. ეს არის ორგანული ნაერთები, რომლებიც გახსნიან პოლიგლიკოლებს და სხვა არსებულ კომპონენტებს, რათა მიღებულ იქნას ერთფაზიანი სითხე, რომელიც გამძლე და კარგი საპოხი მასალაა, როგორც მაღალ, ისე დაბალ ტემპერატურაზე. მისი სიბლანტე კი შენარჩუნებული იქნება.

 

დამატებით კომპონენტებად გვხვდება:

 

სტაბილიზატორები, რომლებიც მაღალი ტემპერატურის პირობებში სითხის სტაბილურობას განაპირობებენ;

 

ანტიკოროზიული დანამატები, რომლებიც ჟანგვისგან იცავენ მილისა და ცილინდრის მეტალურ ნაწილებს;

 

საპოხი ნივთიერებები, ამცირებენ ხახუნს და რეზინის დეტალების გამოშრობას უშლიან ხელს;

 

ასევე გვხვდება, ე.წ. წყლის მშთანმთქმელი ნივთიერებები, რომელთა მეშვეობით ტენის გაკონტროლებაა შესაძლებელი.

 

სითხის შეცვლა სტანდარტულად რეკომენდებულია ორ წელიწადში ერთხელ. თუმცა, ალბათ მოხმარების, გზის ხარისხსა და ტარების სიხშირეს გააჩნია და შესაძლოა ყოველ წელსაც დასჭირდეს.

 

ველოსიპედებს რაც შეეხება, ბოლო თაობის მოდელები ჰიდრავლიკური მუხრუჭებით არის აღჭურვილი და შესაბამისად, სამუხრუჭე სითხეც აუცილებელია. ზოგიერთი მწარმოებელი უპირატესობას მინერალური ზეთის გამოყენებას ანიჭებს. ეს უკანასკნელი ნაკლებად შთანთქავს წყალს და უფრო სტაბილურია. უნდა აღინიშნოს, რომ ზეთი და სითხე ერთმანეთის შემცვლელი არ არის, უბრალოდ, ტრანსპორტის სისტემას უთავსდება ან ერთი ან მეორე.

 

მახასიათებელი მინერალური ზეთი (Shimano, Meguro და სხვ.) DOT სითხე (SRAM, Hope, Avid და სხვ.)
ქიმიური საფუძველი გადამუშავებული მინერალური ზეთი + დანამატები პოლიგლიკოლები და ესტერები (სინთეზური ნაერთები)
ჰიგროსკოპურობა (ტენიანობის შთანთქმა) არ შთანთქავს წყალს შთანთქავს წყალს
 ხანგრძლივობა უფრო გრძელვადიანია, შედარებით იშვიათად სჭირდება გამოცვლა საჭიროებს გამოცვლას საშუალოდ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ.
თერმული გამძლეობა დუღილის წერტილი შედარებით დაბალია, მაგრამ სტაბილურია დუღილის მაღალი წერტილი (DOT 4, DOT 5.1) → უკეთესია ინტენსიური დამუხრუჭებისთვის
ზემოქმედება რეზინზე რბილი მოქმედება აქვს და ნაკლებად აზიანებს უფრო აგრესიულია, შეიძლება დროთა განმავლობაში დააზიანოს რეზინის ნაწილები
შერევა/თავსებადობა მხოლოდ იმავე ბრენდის/ტიპის მინერალური ზეთი DOT სითხეები (3, 4, 5.1) ზოგადად ერთმანეთთან თავსებადია, მაგრამ არასოდეს უნდა შეერიოს მინერალურ ზეთს.
მოვლა  მარტივად ინახება ტენს იწოვს, ამიტომ გახსნილი ჭურჭლით დიდხანს ვერ ინახება
გამოყენება სამოყვარულო ველოსიპედები სპორტული და მაღალი დატვირთვის სისტემები

 

 

აქვე უნდა დაიწეროს, ე.წ. DOT სითხეზე. DOT (Department of Transportation) ამერიკული სტანდარტია, რომელიც სამუხრუჭე სითხის თვისებებს ადგენს და შესაბამისად, რამდენიმე სახის არსებობს.

 

ტიპი ქიმიური კომპონენტი დუღილის წერტილი (მშრალ პირობებში) დუღილის წერტილი (ტენის დროს) ტენიანობის შთანთქმა გამოყენება
DOT 3 გლიკოლი ~205°C ~140°C მაღალი ძველი მანქანები, მსუბუქი დატვირთვა
DOT 4 გლიკოლი + ესტერები ~230°C ~155°C მაღალი თანამედროვე ავტომობილები, ველოსიპედები.
DOT 5 სილიკონი ~260°C არ იწოვს წყალს პრაქტიკულად 0% სამხედრო/სპეცტექნიკა, იშვიათად სამოქალაქო ტრანსპორტში
DOT 5.1 გლიკოლი ~260°C ~180°C მაღალი სპორტული მანქანები, downhill MTB და სხვა მაღალი დატვირთვის მუხრუჭები

 

სანამ ველოსიპედებს ქმნიდნენ, სამყაროში ერთი სიმბოლური დამთხვევა მოხდა.

 

დრეზი 1851 წელს სრულ სიღარიბეში გარდაიცვალა. კარლ დრეზის გარდაცვალებისას, მისი სახლიდან ერთი დამუხრუჭების მანძილზე საცხოვრებლად ახალი ოჯახი გადმოვიდა, სადაც 7 წლის ბიჭუნა იზრდებოდა და ის…

 

კარლ ბენცი გახლდათ – ბენზინის ძრავის მქონე მანქანის გამომგონებელი!

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...