ხუთშაბათი, ნოემბერი 6, 2025
6 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2025

როგორ გამოვიყენოთ ინტეგრირებული გაკვეთილის თავისებურებები „ჩვენი საქართველოს“ სწავლებაში

0

თანამედროვე პედაგოგიკის ამოცანაა, ბავშვის აღქმაში გააერთიანოს, დააკავშიროს ცალკეულ საგნებში მიღებული ცოდნა, დაეხმაროს მას, შეიქმნას ერთიანი, მთლიანი, ფართო წარმოდგენა სამყაროზე, ბუნებაზე, საზოგადოებაზე და საკუთარ ადგილზე ამ სამყაროში. სწორედ ამიტომ საგანთაშორისი კავშირები სწავლების უმნიშვნელოვანესი პრინციპია თანამედროვე სკოლაში. ის სწავლების უმაღლესი დონეა.

ამავე დროს ინტეგრაცია და მისი შესაძლებლობები: ინტეგრირებული სწავლება, ინტეგრირებული გაკვეთილები და ინტეგრირებული  – ხელს უწყობს არა მარტო საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, არამედ მთლიანი სასწავლო პროცესის ოპტიმიზაციასაც სწავლების ყველა დონეზე.

მათგან ძირეული მნიშვნელობა აქვს ინტეგრირებულ გაკვეთილს. ის ცოდნის სინთეზის შესაძლებლობაა, ანალიტიკური აზროვნებისა და განზოგადების უნარის განვითარების სივრცეა. ინტეგრირებული გაკვეთილები აძლევს ბიძგს მოსწავლეს, სხვადასხვა საგნიდან მიღებული ინფორმაცია გამოიყენოს და მოვლენები სრულიად ახლებურად გაიაზროს.

 

საზოგადოდ, ინტეგრირებული გაკვეთილი გულისხმობს სხვადასხვა საგნობრივი სფეროს შერწყმას ერთ მთლიან საგანმანათლებლო პროცესში, რაც ხელს უწყობს:

  • ცოდნის მრავალმხრივ გააზრებას;
  • კავშირების დანახვას ისტორიულ, გეოგრაფიულ და სოციალურ კონტექსტებს შორის;
  • მოსწავლეთა კვლევითი, კრეატიული და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას.

 

მაგრამ ინტეგრირებულ გაკვეთილზე აღნიშნული მიზნები თავისთავად არ მიიღწევა. მის მომზადებას და ეფექტიანად ჩატარებას სჭირდება განსაზღვრული პირობების დაცვა:

  • ინტეგრირებულ გაკვეთილს, როგორც წესი, ატარებს სხვადასხვა საგნის ორი ან ორზე მეტი მასწავლებელი, თუმცა ასეთი გაკვეთილი შეიძლება ჩაატაროს ერთმა პედაგოგმაც, რომელსაც აქვს საბაზისო ცოდნა და მომზადება შესაბამის საგნებში;
  • იმ პედაგოგებს შორის, რომლებიც ერთად ამზადებენ და შემდეგ ატარებენ ინტეგრირებულ გაკვეთილს, აუცილებლად უნდა არსებობდეს ფსიქოლოგიური თავსებადობა. ურთიერთგაგებისა და მხარდაჭერის გარეშე ასეთი გაკვეთილი ეფექტიანი ვერ იქნება;
  • ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება უფრო მიზანშეწონილია მაშინ, როცა განსაზღვრული მოცულობის სასწავლო მასალა უკვე ათვისებულია იმ საგნებში, რომელთა ინტეგრირებასაც ვაპირებთ. უმჯობესია, ასეთი გაკვეთილის ჩატარება სასწავლო წლის ბოლო პერიოდისთვის დაიგეგმოს;
  • ინტეგრირებული გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების პროცესში თითოეული მასწავლებლის მონაწილეობის წილი დამოკიდებულია სასწავლო მასალის შინაარსზე, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, ყოველი მათგანი ამ პროცესში თანაბრად იყოს ჩართული. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთ მასწავლებელს აუცილებლად მოუწევს წამყვანის როლის შესრულება;
  • ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეები სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეები არიან, ცდილობენ, თავად გააანალიზონ ინფორმაცია გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების დროს, გამოყოფენ პრობლემას, შეიმუშავებენ დასახული ამოცანების გადაწყვეტის შესაძლო გზებს. იქიდან გამომდინარე, რომ ინტეგრაცია აფართოებს შესასწავლი მასალის თემატიკას, იწვევს მოვლენების უფრო ღრმა ანალიზისა და განზოგადების აუცილებლობას, მოსწავლის დამოუკიდებლად მუშაობის როლის ამაღლება ინტეგრირებული გაკვეთილის მიმართ ერთ-ერთი აუცილებელი და ძირითადი მოთხოვნაა;
  • ინტეგრირებული გაკვეთილი არ გულისხმობს ორი ან მეტი საგნის სასწავლო მასალის მექანიკურ გაერთიანებას. აქ უბრალოდ ახალ ცოდნას კი არ უნდა იღებდეს ბავშვი, არამედ უკვე არსებული ცოდნის ახალ სიტუაციებში გამოყენების შესაძლებლობა უნდა ეძლეოდეს. ინტეგრირებულ გაკვეთილზე მან უნდა შეძლოს სამყაროს წარმოდგენა ერთ მთლიანობად, რომელშიც ყველა ელემენტი ურთიერთდაკავშირებულია;
  • ინტეგრირებული გაკვეთილის ეფექტიანად ჩასატარებლად აუცილებელია განსახილველი და შესასწავლი ობიექტის სწორად განსაზღვრა და გაკვეთილის შინაარსის გულდასმით შერჩევა;
  • პედაგოგის მაღალი დონის პროფესიული თვისებები და უნარ-ჩვევები, რომლებიც უზრუნველყოფს მასწავლებელთა და მოსწავლეთა შემოქმედებით თანამშრომლობას გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების პროცესში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინტეგრირებული გაკვეთილის ეფექტიანობისთვის;
  • მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინების გარეშე ნებისმიერი გაკვეთილის, მით უმეტეს – ინტეგრირებულის, ეფექტიანად ჩატარების ალბათობა საკმაოდ მცირეა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, განსაზღვრული პრინციპების დაცვით მომზადებული და ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი დიდი სარგებლობის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს როგორც მოსწავლეებისა და მაწავლებლებისთვის, ისე მთელი სასწავლო პროცესისთვისაც.

„ჩვენი საქართველო“ არის ინტეგრირებული საგანი, რომელიც აერთიანებს ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლებისა და ეთნოკულტურული მემკვიდრეობის კომპონენტებს. „ჩვენი საქართველოს“ სწავლების ფორმატში ინტეგრაციის უპირატესობებია:

  • თემატური სწავლება – მაგალითად, მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლებს თემას „მეგობრული თანაცხოვრება“, რომელიც შეიძლება მოიცავდეს როგორც საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნების შესწავლას (ისტორია), ისე ეთნოსების განაწილებას რუკაზე (გეოგრაფია) და ტოლერანტობის შესახებ დისკუსიასაც (სამოქალაქო განათლება);
  • პროექტებზე დაფუძნებული სწავლება – მოსწავლეები ქმნიან მაკეტებს, პრეზენტაციებს, მოკლემეტრაჟიან ფილმებს და ეს პროცესი აერთიანებს სხვადასხვა დისციპლინის კომპეტენციებს;
  • სამოქმედო და სიტუაციური სწავლება – რეალური ცხოვრების მაგალითებით გაძლიერებული გაკვეთილები აყალიბებს ღირებულებებს და გააზრებულ დამოკიდებულებას;
  • კულტურულ მემკვიდრეობაზე ორიენტირებული სწავლება – ისტორიული ძეგლების, ტრადიციებისა და ფოლკლორის კვლევა მოიცავს როგორც ტექსტურ, ისე ვიზუალურ, ციფრულ და პრაქტიკულ კომპონენტებს.

„ჩვენი საქართველოს“ ფარგლებში ტიპურ ინტეგრირებულ გაკვეთილად ითვლება ნებისმიერი ის გაკვეთილი, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს ცოდნის სისტემურ გააზრებასა და სამოქალაქო ღირებულებების განვითარებაში.

 

განვიხილოთ ინტეგრირებული გაკვეთილის მაგალითი თემაზე „საქართველოს ისტორიული რეგიონები და მრავალფეროვანი კულტურა“ (ინტეგრირებულია ისტორია, გეოგრაფია და სამოქალაქო განათლება).

 

კლასი: VI

საგანი: „ჩვენი საქართველო“

გაკვეთილის ტიპი: ინტეგრირებული (კვლევითი ხასიათის)

ინტეგრირებული კომპონენტები:

. ისტორია – საქართველოს ისტორიული რეგიონების წარმოშობის საფუძველი (მესხეთი, კახეთი, იმერეთი, ლეჩხუმი და სხვ.);

. გეოგრაფია – რეგიონების მდებარეობა რუკაზე, ბუნებრივი პირობები;

. სამოქალაქო განათლება – კულტურული მრავალფეროვნება, ტოლერანტობა და თანაცხოვრება.

 

გაკვეთილის სტრუქტურა:

  1. გაკვეთილის სტარტერი /შესავალი/ მოტივაცია

მასწავლებელი აჩვენებს ფოტოებს სხვადასხვა რეგიონის ტრადიციული სამოსითა და ბუნებრივი პეიზაჟებით, სვამს შეკითხვას: „რა გვაქვს საერთო და რა გამოგვარჩევს ჩვენ, სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ქართველებს?“

  • მუშაობა ჯგუფებში: მოსწავლეები თემატურად დაყოფილ ჯგუფებში იკვლევენ კონკრეტულ რეგიონს –
  • მის ისტორიასა და ისტორიულ მნიშვნელობას;
  • გეოგრაფიულ მახასიათებლებს;
  • ადგილობრივ ტრადიციებს, ლეგენდებს, რელიგიურ მემკვიდრეობას.
  1. წარდგენა

თითოეული ჯგუფი აკეთებს მოკლე პრეზენტაციას ან პლაკატს. იყენებენ რუკას, ფოტოებს, შეიძლება, სიმბოლურად, ჩაიცვან რეგიონის ტრადიციული ელემენტები;

  1. დასკვნა და ღირებულებითი დიალოგი

აქ მიმდინარეობს დისკუსია თემაზე „როგორ ვაძლიერებთ ეროვნულ ერთობას კულტურული განსხვავებების პირობებში?“

  1. დასასრულ, მოსწავლეებს მიეცემათ პროექტული დავალება, შექმნან ელექტრონული რუკა ან პრეზენტაცია თემაზე „ჩემი რეგიონის მემკვიდრეობა“, რომელიც მოიცავს ისტორიულ, გეოგრაფიულ და ეთნოკულტურულ კომპონენტებს.

 

ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარების რა კონკრეტული თავისებურებები გამოიკვეთა „ჩვენი საქართველოს“ სწავლებისას მოცემული გაკვეთილის მაგალითზე?

  • ინტგერირებული გაკვეთილის მიზანი და მოტივი;
  • ინტეგრაციის ფორმა;
  • მასალას შორის კავშირები;
  • მასალის განლაგების სტრუქტურა (თანმიმდევრულობა);
  • მიღებული მასალის პრეზენტაციის მეთოდები და ტექნიკა;
  • მეთოდები და ტექნოლოგიები მოსწავლეებისთვის ახალი მასალის დასამუშავებლად;
  • საგანმანათლებლო მასალის ფართო ვიზუალიზაცია;
  • ინტეგრირებული საგნის მასწავლებლებს შორის როლების განაწილება;
  • გაკვეთილის ჩაწერისა და ჩატარების ფორმა;
  • ასეთ გაკვეთილზე მოსწავლეთა სწავლის მონიტორინგის ფორმები და ტიპები.

ინტეგრირებული გაკვეთილი „ჩვენი საქართველოს“ სწავლების არა მხოლოდ ძირითადი ფორმაა, არამედ, საგნის შინაარსიდან გამომდინარე, აუცილებელი ფორმატიც. ის ემსახურება მოსწავლის როგორც ცოდნის, ასევე ღირებულებითი, მოქალაქეობრივი და კულტურული კომპეტენციების განვითარებას, ამიტომ ის ფართოდ უნდა ჩავრთოთ სწავლებაში.

ახალი გამოღვიძება. ციფრული სამყარო და ჩვენ (მეორე ნაწილი)

0

„ამ ამბის თქმა გარჩევითა გულმან ამად არ მინება,

ბევრი ავი გამოჩნდების ჩვენი, მაზე მერცხვინება.

მტერს შაესმის, იამების, მოყვარეს კი ეწყინება.

რასაც ახლა ვამბობ, ვგონებ, ამაზედაც მხვდეს გინება“.

დავით გურამიშვილი, „დავითიანი“ (166. საწყაულის მოწყვა ღვთისაგან)

„სულიერი და გონებრივი აღორძინების ასეთი პერიოდები (XX ს. დასასრული და XXI ს. დასაწყისი) ხშირად დიდი მასშტაბის საზოგადოებრივი და სულიერი გამოღვიძებით იწყება ხოლმე და, როგორც ჩანს, დღეს ჩვენ შესაძლოა ერთი ასეთი „გამოღვიძების“ (ინგლ. Awakening – გამოფხიზლება, გამოღვიძება) მოწმენი გავხდეთ“[1]. სემ პრესლერისა და პიტ დეივისის წერილს თუ მოვიშველიებთ, ჩვენ, ოცდამეერთე საუკუნის პირველ მეოთხედში მცხოვრები თაობები, როგორც ჩანს, ნელ-ნელა შევდივართ რაღაც ახალში – დროსა თუ სამყაროში, რომელიც ჯერ არ გვინახავს და არც დაგვსიზმრებია, მაგრამ რომელიც უკვე მეორე ათწლეულია, საყოველთაო „გაციფრულების“ ან „დიგიტალიზაციის“ ფონზე და მისი მეშვეობით მიმდინარეობს და რომელმაც უკვე მოახდინა არასახარბიელო გავლენა ადამიანთა საზოგადოებაზე. ამ გავლენის მაგალითებია საყოველთაო და გლობალური მასშტაბის მრავალენოვანი, ჭრელა-ჭრულა სოციალური ქსელებისა და პლატფორმების გავლენა ადამიანზე, საზოგადოებრივი კავშირების ცვლილება და ზოგჯერ მოშლა, არაპიროვნული ურთიერთობების გაბატონება, ვირტუალური „კავშირები“ და არაპიროვნული ურთიერთობების ფორმატის გავრცელება, სკანდალური ტიპის, ხელოვნურად შექმნილი ცრუ-ინფორმაციისა და ფეიკ-შინაარსის უწყვეტი ნაკადი ვირტუალურ სივრცეში, ციფრული და ონლაინ თაღლითობა და სხვა.

ამ ციფრული შემოტევისა და აგრესიული ზემოქმედების ფონზე ბევრი უკვე განიცდის გაუცხოებას არსებული ტექნოლოგიების გამო და მით უფრო მეტი ყურადღება ეთმობა მოწოდებებს თუ საზოგადოებრივ დებატებს თემაზე „რა არის კარგი ცხოვრება“ და „როგორ უნდა იყოს მოწყობილი ჩვენი საზოგადოება“.

ეს გახლავთ დასტური იმისა, რომ გაბატონებულ აზრს, იდეოლოგიებსა და წარმოდგენებს ყოველთვის,  ნებისმიერ ეპოქაში სჭირდება გადახედვა და თავიდან გააზრება ახალი გარემოებებისა და მდგომარეობების ან ახალი რეალობის გათვალისწინებით.

მაგალითი აშშ-ს უახლესი ისტორიიდან: 1817- 1825 წლებში ერის ტბის (ინგლ. Lake Erie) არხის მშენებლობამ[2] ნიუ-იორკის შტატში აფეთქების დარი ეკონომიკური ზრდა მოიტანა და ხელი შეუწყო აშშ-ში მილიონობით ახალი მიგრანტის (იაფი მუშახელის) მოზიდვას, რამაც მე-19 საუკუნის 50-იან წლებში ნიუ-იორკის შტატი ეკონომიკურ ბუმთან მიიყვანა.

ამ ცვლილებას მალევე მოჰყვა ახალი იდეალისტურ-რელიგიური თუ უტოპისტური საზოგადოებების გაჩენა, რასაც შემდგომ „მეორე დიდი გამოღვიძება“[3] დაერქვა – ამან შვა ახალი მოძრაობები, რომლებმაც შეცვალა ქვეყანა. ეს მოძრაობები გახლდათ აბოლიციონიზმი (მოძრაობა მონობის გაუქმებისთვის), ტემპერანსი (ინგლ. Temperance – მოძრაობა ალკოჰოლური სასმელებისგან თავშეკავებისთვის), საარჩევნო უფლებებისთვის ბრძოლა და მორმონიზმი[4]. „მეორე დიდმა გამოღვიძებამ“ დიდი გავლენა მოახდინა ამერიკულ საზოგადოებასა და კულტურაზე. მან გააძლიერა მორალური პასუხისმგებლობისა და აქტივიზმის განცდა და ხელი შეუწყო აშშ-ს მოსახლეობის უდიდეს ნაწილში პროტესტანტული იდენტობის ჩამოყალიბებას.

როგორც ისტორია გვიჩვენებს, ყოველ „გამოღვიძებას“ აშშ-ში აუცილებლად მოჰყვებოდა სამოქალაქო შემოქმედების, ექსპერიმენტებისა და რეფორმების ხანგრძლივი პერიოდი (სულ აშშ-ს ისტორიაში სამი „გამოღვიძება“ იყო. იხ. წყარო: Thomas S. Kidd – The Great Awakening: The Roots of Evangelical Christianity in Colonial America, 2007; ან https://www.britannica.com/event/Great-Awakening). ამერიკის კოლონიზაციის ისტორია გვიჩვენებს, რომ 1880-1920 წლებში აშშ-ში გაჩნდა ათეულობით საზოგადოებრივი მოძრაობა, წევრობაზე დამყარებული ორგანიზაცია და ასოციაცია (მაგ. ქალი-სკაუტები, როტარი-კლუბები, 4-H ტიპის ორგანიზაციები[5]).

ამ ეპოქაში ჩნდება აშშ-ს პროფესიული კავშირების გაერთიანებები, რომლებიც ორგანიზებას უწევენ სამუშაო ძალას, ეწევიან ემიგრანტების მხარდამჭერ და საინტეგრაციო საქმიანობას, ყალიბდება საქალაქო პარკებისა და საბავშვო მოედნების განვითარების ორგანიზაცია, ხდება სახელოსნო და სახელოვნო მოძრაობის ხელშეწყობა.

საზოგადოდ, მე-19 და მე-20 საუკუნეებში აშშ-ში პროფესიული კავშირების (Trade Unions / Labor Unions) გაძლიერებამ მრავალი მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა – როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური და პოლიტიკური. მათ შორის გამოვყოფთ რამდენიმე მოვლენას, რომელბიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო კაცობრიობის ისტორიისათვიის: ა) შრომის პირობების გაუმჯობესება (სტანდარტული რვასაათიანი სამუშაო დღე); ბ) შრომის ანაზღაურების ზრდა (გაჩნდა მინიმალური ხელფასის ცნება); გ) დასვენების დროისა და შვებულების სისტემის შემოღება (ანაზღაურებადი შვებულება, შაბათ-კვირის დასვენება და დღესასწაულების ანაზღაურება).

ყველა ეს პროფკავშირული, უფლებათა დაცვის, საზოგადოებრივი ინიციატივებისა თუ იდეოლოგიური მოძრაობა, როგორც ჩანს, ერთი ქსოვილის სხვადასხვა ძაფი იყო – მათ საფუძველს წარმოადგენდა ტექნოლოგიური და ეკონომიკური ცვლილებები, მშრომელთა კოლექტიური „გამოღვიძება“, უფლებებისთვის ბრძოლა და განახლებისკენ სწრაფვა.

შესაძლოა, დღეს, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში, ჩვენ ახალი „გამოღვიძების“ მოძრაობის ზღვართან ვიდგეთ და ამ მომენტის გააზრება და გაგება ისტორიულ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე საჭიროა, ვისწავლოთ წარსულის გამოცდილებიდან, გავითვალისწინოთ წარსულის შეცდომები, გავიზიაროთ მიღწევები და გავაგრძელოთ სვლა წინ.

„გამოღვიძების“ ახალი ტალღის აზვირთების კატალიზატორად შესაძლოა იქცა ის უცნაური მოვლენა, რომლის შედეგადაც ადამიანის ყურადღება და მისი ურთიერთობა-კავშირები რეალურიდან (ე.წ. ანალოგურიდან) ციფრულ სამყაროში გადავიდა.

ეკრანების მიმართ ჩვენი რთული დამოკიდებულება მეოცე საუკუნის შუა წლებიდან, ტელევიზიის გაჩენასთან ერთად იღებს სათავეს. ეს დამოკიდებულება გამძაფრდა და გაძლიერდა პერსონალური კომპიუტერების, ინტერნეტის, სმარტფონების, სოციალური ქსელების, სტრიმინგ-სერვისებისა და ვიდეოკავშირების აქტიურად დანერგვის შემდეგ. ამ დარგების განვითარებამ მოახერხა ჩვენი ყურადღების მიზიდვა სხვადასხვა სახის სერვისისა და გართობისკენ, რამაც შვა როგორც მანქანასთან ურთიერთობის, ისე ამ ურთიერთობების აწყობის მეთოდები. შედეგად ჩვენ ნაკლები მეგობარი გვყავს, უფრო მეტ დროს ვატარებთ მარტოობაში 1990-2000-იან წლებთან შედარებით და გაცილებით მეტს, ვიდრე მე-20 საუკუნის შუა წლებში, ხოლო შეხვედრისას ჩვენი ურთიერთობებიც საკმაოდ არის შეცვლილი.

ავტორთა მოსაზრებით, ციფრულ სუპში ჩვენი ასეთი „ხარშვა“ შესაძლოა კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ მოულოდნელმა გლობალურმა მოვლენამ, COVID-19-მა, მძლავრი ბიძგი მოგვცა როგორც საზოგადოებას – სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა ახალი ტექნოლოგიური ეკოსისტემები, რომლებიც საშუალებას გვაძევდა, შინიდან გაუსვლელად გვემუშავა, გვესწავლა, შეგვეძინა პროდუქცია, გვეთამაშა და სხვა.

ცხოვრების სულ უფრო მეტი ასპექტის ონლაინ რეჟიმში გადასვლამ (განსაკუთრებით – ნოუთბუქების კლასისათვის) გამოიწვია ის, რომ ადამიანებმა თვალნათლივ დაინახეს ის პირქუში აბსურდულობა, რომელიც თან ახლავს ამდენი დროის გატარებას უსახო, კონტექსტიდან ამოვარდნილ ციფრულ რეალობაში. ყველამ გააცნობიერა, რომ კარგი ცხოვრება, უმჯობესია, რეალურ სამყაროში მიმდინარეობდეს და არა ვიღაცის მიერ შექმნილ ვირტუალურ რეალობაში. ამის გაცნობიერებამ მრავალ ამერიკელს აუხილა თვალი და მათ დაიწყეს საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და თავისუფალი ასოციაციების აღორძინებისთვის ზრუნვა თავიანთ ქალაქებში, სოფლებსა და თემებში.

დღეს ეს ახალამოწვერილი ყლორტები უკვე ჩანს მიწის ზედაპირზე. ახალმა სამოქალაქო ორგანიზაციებმა (მაგ. Warm Cookies of the Revolution[6] და CivicLex[7]) კვლავ დაიწყეს დასახლებების მცხოვრებთა, მეზობლებისა და ადგილობრივ თვითმმართველობაში მომუშავე ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება შესამჩნევი ხალისითა და სიხარულის შეგრძნებით.

ამერიკის სამოქალაქო საზოგადოებრივი ისტორია მდიდარია ასეთი თავისუფალი გაერთიანებებით და ციფრული ეპოქაში მათი აღმოცენება ბუნებრივიც არის – ახალი ორგანიზაციების მისია ადამიანების ერთმანეთთან რეალური, ფიზიკური (და არა ვირტუალური) კავშირების აღორძინებაა. პანდემიის შემდეგ ბევრგან გაჩნდა (ბრუკლინში, ჩიკაგოში, ტენესიში, ჩრდ. კაროლინაში) ურთიერთდახმარების ფართო ქსელები – ეს წარმონაქმნები სოლიდარული ერთობით უკვე ქმნიან ახალ, ადგილობრივ ეკონომიკურ და სოციალურ გაერთიანებებს.

რამდენიმე სახელმწიფო შემოქმედებითმა ორგანიზაციამ, მათ შორის – ბოსტონის სამოქალაქო ორგანიზაციების სამმართველომ, დაიწყო მიკროგრანტების გაცემა მოსახლეობისთვის ქუჩის საღამოებისა და სამეზობლოს შეხვედრების ხელშეწყობის მიზნით. ისეთი ტექნოლოგიური ტექნოლოგიებიც კი, როგორებიც არიან New-Public, Front Porch Forum და Common Agency, ერთიანდებიან, რათა ააწყონ ლოკალური, ფიზიკური ურთიერთობები იმ სიჩქარით, რომელიც მხოლოდ ურთიერთნდობას ხელეწიფება.

ციფრულ ეპოქაში აშშ-სა და ევროპაში შეიქმნა რამდენიმე ინოვაციური სამოქალაქო ინიციატივა, რომლებიც ცდილობენ, ადამიანები ერთმანეთთან რეალურ, არავირტუალურ ურთიერთობაში დააბრუნონ და ციფრული ხაფანგიდან თავის დაღწევაში დაეხმარონ. ასეთი სამოქალაქო ინიციატივებიდან და ორგანიზაციებიდან აღსანიშნავია რამდენიმე: The Human Library (მონაწილეები „თხოულობენ“ ადამიანს წიგნის ნაცვლად – მაგალითად, უსახლკაროს, მიგრანტს ან ვეტერანს – და ესაუბრებიან); Digital Detox (ბანაკები, ბუნებაში, სადაც აკრძალულია სმარტფონები, სოციალური მედია და ეკრანები); Public Space One – აერთიანებს დიალოგისთვის და კოლექტიური იდეების წამოსაჭრელად ეკრანებისა და ინფორმაციის ციფრული მატარებლების გარეშე; Talk To Me London / Berlin – საზოგადოებრივი კამპანია, რომელიც ქუჩაში ხალხს მოუწოდებს უცნობებთან საუბრისკენ (მაგ. „Talk to me, I’m friendly“ მოწოდებით); Slow Communication Movement (დანია, ნიდერლანდები), სადაც წახალისებულია „ნელი კომუნიკაციის“ მეთოდები – ხელით დაწერილი წერილები ან პირისპირ შეხვედრები ურთიერთობისა თუ საქმიანობისთვის და სხვა.

დასასრულ, შეგვიძლია, ჩვენს ძვირფას მკითხველებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, სასკოლო ადმინისტრაციას, მშობლებსა და, საზოგადოდ, სკოლასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ადამიანს ვუთხრათ, რომ დღეს ახალფეხადგმული ანტიციფრული მოძრაობები და ინივიატივები წარმოადგენს რეაქციას „ციფრული საყოველთაოობის“ ან, უფრო მკვახედ, „ციფრული ტოტალიტარიზმის“ წინააღმდეგ. ეს მოძრაობები და ინიციატივები ემსახურება რამდენიმე კეთილშობილურ მიზანს, რომელიც უკვე აუცილებელია და რომლსი მიღწევაც შესაძლოა მალე ყველასთვის საშური საქმე გახდეს: 1) ნამდვილი ადამიანური კავშირების აღდგენას – ეკრანზე დამოკიდებული კომუნიკაციის ნაცვლად პირისპირ ურთიერთობების წახალისებას; 2) ციფრული დამოკიდებულების დაძლევას – ადამიანების დახმარებას იმაში, რომ გააცნობიერონ ტექნოლოგიების მოხმარების ზეგავლენა და შეამცირონ მათზე დამოკიდებულება; 3) საზოგადოებრივი და სამოქალაქო ჩართულობის ხელახალ გაძლიერებას – საერთო სივრცეების შექმნას, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხედავენ, ფიზიკურად გევრდიგვერდ არიან და იღებენ გამოცდილებას, რომლებიც ავითარებს ნდობას, დიალოგსა და მონაწილეობას რეალურ სამყაროში; 4) გონებრივი ჯანმრთელობის მხარდაჭერას – ონლაინ რეჟიმში დიდხანს ყოფნასთან დაკავშირებულ შფოთვის, მარტოობის განცდისა და ემოციურ გადაღლის შედეგების გააზრებას, ანალიზს და ამ მდგმარეობის შემსუბუქებას ადამიანური ურთიერთობების მეშვეობით; 5) დროისა და ყურადღების დაბრუნებას – ადამიანებს ეძლევათ საშუალება, შეანელონ საქმიანობის ტემპი, სიღრმისეულად და არა ზერელედ ფოკუსირდნენ საკითხზე და ფიზიკურად მთელი არსებით ჩაერთონ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

[1]პუბლიკაცია ეფუძნება ამერიკელი ბლოგერებისა და ჟურნალისტების სემ პრესლერისა და პიტ დეივისის სტატიას, რომელიც 2025 წელს ელექტრონულ ჟურნალ After Babel-ში (https://www.afterbabel.com/) გამოქვეყნდა.

[2]ერის ტბის არხი (Erie Canal) — 540 კმ სიგრძის არხი ნიუ-იორკის შტატში, რომლის მშენებლობამ აშშ-ს დიდი ტბების შტატები სანაოსნო გზით პირდაპირ დააკავშირა ატლანტის ოკეანესთან (მდ. ჰადსონის გავლით) და მნიშვნელოვნად გააადვილა აშშ-ს შიდა შტატების კავშირი მსოფლიოს სავაჭრო საზღვაო გზებთან. ამ მშენებლობამ გამოიწვია საკვების გაიაფება, ნიუ-იორკის მოსახლეობის რაოდენობის გაორმაგება, ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნა და სხვა.

[3]მეორე დიდი გამოღვიძება (Second Great Awakening) გახლდათ მნიშვნელოვანი რელიგიური მოძრაობა აშშ-ში, რომელიც განვითარდა 1790-იანი წლებიდან დაახლოებით 1840-იან წლებამდე. ეს იყო ფართომასშტაბიანი რელიგიური გამოღვიძება, რომელიც ხაზს უსვამდა პირად ხსნას, რელიგიურ მორალურ განცდებს და ინდივიდუალურ რწმენას ფორმალური დოგმატიკის ნაცვლად.

[4]მეორე დიდი გამოღვიძების ერთ-ერთი მთავარი ნიშანი იყო რესტავრაციონიზმი — რწმენა იმისა, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანობა (იგულისხმება პროტესტანტული სექტები) დასუსტებული და კორუმპირებულია და საჭიროებს აღდგენას. ამ პერიოდში ჩამოყალიბდა მრავალი ახალი სექტა და თითოეული მათგანი აცხადებდა, რომ მხოლოდ მას შეეძლო “საწყისი” ქრისტიანული ეკლესიის აღდგენა. მორმონიზმი იყო ამ სწრაფვის ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური გამოხატულება – იგი აცხადებდა სრულ აღდგენას ახალი წმინდა წერილის (მორმონის წიგნი) და წინასწარმეტყველური ლიდერობის მეშვეობით.

[5] 4-H კლუბები აერთიანებs სამოხალისეო ასოციაციებს/ორგანიზაციებს შემდეგი მიმართულებებით: სოფლის მეურნეობა და ფერმერობა, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა (STEM), ჯანმრთელობადა კვება, საზოგადოებრივი აქტივობები და მოხალისეობა, ხელოვნება, ხელსაქმე და საჯარო გამოსვლების ხელოვნება.

[6]Warm Cookies of the Revolution გახლავთ ქ. დენვერში (კოლორადო, აშშ) დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 2012 წელს შეიქმნა. მისი მიზანი იყო მოქალაქეების უფრო აქტიურად ჩაერთვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მისი წევრები საკუთარ თავს უწოდებენ „სამოქალაქო ჯანმრთელობის კლუბს“ (Civic Health Club) და მიზნად ისახავენ მოქალაქეობრივი ჩართულობის ხელშეწყობას ხელოვნებისა და კულტურის მეშვეობით.

[7] ლექსინგტონში (კენტუკის შტატი, აშშ) დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეობრივი ჩართულობის გაძლიერებას და ადგილობრივი მმართველობის პროცესების გამჭვირვალობას. CivicLex ასევე სთავაზობს კონსულტაციას და საზოგადოებრივი ჩართულობის ამაღლებას. მისი საქმიანობა მოიცავს საზოგადოებრივი გამოკითხვების ჩატარებასა და ანალიზს, საგანმანათლებლო კამპანიების ორგანიზებას, საზოგადოებრივ შეხვედრებსა და სემინარებს, მმართველობასთან ეფექტური თანამშრომლობის სტრატეგიების შემუშავებას.

 

 

 

ერთი ძველი განჩინება და ხალხში გავრცელებული საგანმანათლებლო ტრადიცია

0

აღიარებული ფაქტია, რომ ენა და ტექსტი ყოფიერების უფრო ღრმა და საინტერესო შრეებს ინახავს, ვიდრე  არქეოლოგია, ისტორიოგრაფია ან ნებისმიერი სხვა დარგი.

ქართული სამართლის ენის კვლევის საჭიროებამ მოიტანა და ამას წინათ ძველი განჩინებების კრებულებს ჩავუჯექი. ერთ-ერთი კრებულის გადათვალიერებისთანავე თვალში მომხვდა პატარა ამბავი, რომელიც, ენობრივის გარდა, ბევრი რამითაა საინტერესო.

განჩინება, რომლის თქვენთვის გაზიარებაც მინდა, საქართველოში სამართალწარმოების რუსულ ენაზე გადასვლამდეა დაწერილი და დაცულია ქუთაისის ეროვნულ მუზეუმში. გამოქვეყნებულია 1977 წელს, აკადემიკოს ისიდორე დოლიძის საერთო რედაქციით, მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცემულ „XVII-XIX საუკუნეების ქართული სამართლის ძეგლების“ მე-6 ტომში.

წინამდებარე სტატიაში წარმოვადგენთ განჩინების მთელ, არცთუ ისე ვრცელ ტექსტს:

 

განჩინება გაბრიელ და მახარობელ[1] ჩხაიძეების[2] საქონლის საქმეზე

ჩყი-სა, აგვისტოს ი-სა

[1818 წლის 18 აგვისტო]

გ ა ბ რ ი ე ლ   ჩ ხ ა ი ძ ე[3] და   მ ა ხ ა რ ო ბ ე ლ ი   ჩ ხ ა ი ძ ე   გავაბჭვეთ[4]

 

გ ა ბ რ ი ე ლ    უ ჩ ი ვ ლ ა:  ერთი ხარი მყავდა ჩემი მარჩენალი და წამართვა ამ კაცმა და რას მემართლებოდა, არ ვიცი.

მ ა ხ ა რ ო ბ ე ლ მ ა   უპასუხა: ჩემს ყანაში მოეჩვია ამისი ხარი და დავითხოვე ერთჯელ, ორჯელ და მრავალჯელ[5], მაგრამ არ დამეთხუა[6]. მერმეთ, მარიობას[7], შინ მივედი, რუსის სამსახურზედ ვიყავი[8] და საღამოს ჩემი ყანის გვერდში ვნახე ამისი ხარი და უთხარი: ამეღამ კიდევ წავა და დამაფსებს[9] და ნუ მიზამ მეთქინ და არ გამიგონა; და იმ ღამეს ჩასულიყო ჩემს ყანაშიდ და სუნთლად წაეხთინა და შეეჭამა; და ქალს დაეჭირა ყანაში და მე წავიყვანე, საცაუში[10] რომ მოვა[11], მივსცემ მეთქინ: აღარ მოვიდა, მიმიხთა[12] შინ, ცოლი და შვილი გამილახა და შვილიც წამართვა[13], მომთხარა და რას მემართლებოდა, არ ვიცი.

გ ა ბ რ ი ე ლ  ა შ ო რ ო[14] უ თ ხ რ ა.

ჩვენ ასე გავაჩინეთ[15]: წარმოდგეს თვითან გაბრიელ და თერთმეტი კაცი თან დაიტანოს[16] და ასე დაუფიცოს: „არც დამეთხოვნო[17] და არც ჩემი ხარი შენს ყანაში და კანაფში[18] ჩასულიყოს და არც რამე წაეხთინოს და არც შენ მოგხთომოდე და არც უკადრისი მეკადრებიოს და არც შვილი წამერთმიოს“.

თუმც ასე უფიცოს[19], ხარზე ხარი დაუდვას[20]. და თუმც ვერ უფიცოს, შინ მიხთენია[21] და შინ მიხთომის სისხლი მისცეს[22] და შვილის წართმევის საუპატიო[23] მისცეს. ან ხარს რაც ეწყინოს[24], მახარობელმა აჯით[25] შეატყობინოს და გაბრიელმა გარდაუხადოს.

მ ა ხ ა რ ო ბ ე ლ მ ა  უ ჩ ი ვ ლ ა:  მოყვარე[26] მყავდა, შვილი მომაბარა გასაზდელათ[27], და ნახევარს ზროხას მაძლევდა გაზდაში, ჩემსას მოვიდა, შენ გარდამბირე[28] , მოყვარეც დამიკარგე და ის ზროხაც დამიკარგე და მათხოვარი ვარ.

გ ა ბ რ ი ე ლ  ა შ ო რ ო  უ თ ხ რ ა.

ჩვენ ასე გავაჩინეთ: წამოაყენოს გაბრიელმა ერთი კაცი და ასე შეაფიცოს: „არც შენის მტერობით და ქიშპობით მე ის ზროხა გამომერთმიოს“.

თუმც ასე უფიცოს, არას ემართლება. და თუმც ვერ უფიცოს, მისი გადაბირებით ზროხა დაკარგვია და გარდაუხადოს გაბრიელმა მახარობელს.

 

*  *  *

საანალიზო ტექსტში საგანმანათლებლო თვალსაზრისით სწორედ ეს ბოლო ფრაზა და ბოლო სამი აბზაცია საინტერესო. აქ იკვეთება საგანმანათლებლო ტრადიციაც – დაახლოებით რა ტიპის „ჩრდილოვანი“ განათლების ფორმა არსებობდა იმდროინდელ საქართველოში ან რა ტიპის საზღაურის გადახდა იყო  მიღებული ამისთვის.

განჩინებაში ატიანთ-მოძღვარი/სამსჯავროს მწერალი, როგორც სასამართლო გუნდის წარმომადგენელი (ტექსტის I აქტორი), ირიბად მოგვითხრობს გაბრიელ და მახარობელ ჩხაიძეების განბჭობის (გასამართლების, მორიგების) ამბავს, რომელიც იწყება გაბრიელ ჩხაიძის (II აქტორის) საჩივრით. იგი უჩივის მახარობელ ჩხაიძეს, რომელმაც ერთადერთი მარჩენალი ხარი წაართვა.

აქვეა მახარობლის (III აქტორის) პასუხი, რომლიდანაც ირკვევა, როგორ შეეჩვია მის ყანას გაბრიელის ხარი და, ბევრი გაფრთხილების მიუხედავად, ვერ მოიშორა, მარიამობის საღამოს კი ყანა სულ გაუნადგურა. ქალის მიერ დაჭერილი ხარი მახარობელმა „საცაუში“ – სამწყვდევში[29] წაიყვანა იმ იმედით, რომ გაბრიელს დაუბრუნებდა, მაგრამ ის გაბრაზებული მიუვარდა[30] შინ, ცოლ-შვილი გაულახა, „შვილიც“ წაართვა, გააუბედურა და უკვირს, აქეთ რომ ემართლება. გაბრიელი უარყოფს ბრალდებას (კვლავ „აშორო-ს“ ეუბნება).

განჩინების მომდევნო აბზაცში იკვეთება საქმესთან დაკავშირებული პირველი სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, თუ გაბრიელი თერთმეტი კაცის წინაშე დაიფიცებს, რომ მისი ხარი  მახარობლის „ყანასა და კანაფში“ არ ჩასულა, არც მივარდნია, უკადრისიც არ უკადრებია და არც შვილი წაურთმევია, მაშინ მახარობელმა „ხარზე ხარი  (უნდა) დაუდვას“, ანუ ორი ხარი უნდა მისცეს[31];  თუ ვერ დაიფიცებს, მაშინ  შინ „მიხთომის“ (მივარდნის) სისხლთან ერთად, შვილის წართმევის საუპატიოც  უნდა მისცეს. ამავდროულად, ხარის მიერ მიყენებული ზარალის შესახებ (ხარს რაც ეწყინოს)[32] მახარობელმა აჯით[33] უნდა შეატყობინოს, გაბრიელმა კი დანაკარგი აუნაზღაუროს.

განჩინების მომდევნო ნაწილში გაბრიელისადმი კვლავ მახარობლის საჩივარია. ამჯერად ის მას მოწაფის (მოყვრის შვილის) წართმევისა და საზღაურის (ნახევარი ძროხის) დაკარგვისთვის უჩივის. გაბრიელი კვლავ „აშოროს“ ამბობს – უარყოფს ბრალს.

განჩინების ბოლო  ორ აბზაცში იკვეთება სასამართლოს მეორე გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, გაბრიელმა ერთი კაცის თანდასწრებით უნდა შეჰფიცოს, რომ  მისი „მტერობით ის ზროხა არ გამოურთმევია“, ხოლო თუ ვერ დაუფიცებს, გაბრიელმა მახარობელს, მოწაფის მშობლის გადაბირების გამო, ძროხაც უნდა გადაუხადოს.

 

*  *  *

საანალიზო ტექსტში გამოყენებული სამართლებრივი ტერმინების შესახებ ვრცელი მსჯელობა დასაბეჭდად სამეცნიერო ჟურნალში უკვე გაგზავნილია, ამ სტატიაში კი  მხოლოდ ერთ ცნება-ტერმინზე შევაჩერებთ ყურადღებას.

როგორ უნდა გავიგოთ „შვილის წართმევის საუპატიო მისცეს“?

ალბათ, ისე, რომ დამნაშავემ დაზარალებულს მოსწავლის წართმევით მიყენებული დანაკარგი უნდა აუნაზღაუროს. ჩვენი მოკვლევით, „საუპატიო“ იყო შეურაცხყოფის განსაკუთრებული საზღაური, პატივის შელახვისთვის დაწესებული ჯარიმა, რომელიც დამნაშავეს დაზარალებულის სასარგებლოდ ეკისრებოდა ძველ საქართველოში. საუპატიო დაკანონებული იყო საკრძალავ ადგილას ჩადენილი დანაშაულისათვის (მაგ., „სადაცა მაცხოვრისა ხატი ესუენოს სამცველოდ ქუეყანისა, საუპატიოდ ოცდაათი გლეხი მართებს“), მოსამართლისადმი „ურიგოს კადრებისთვის“, სხვისი მოახლის „გაწბილებისათვის“ და სხვა. საისტორიო წყაროებში ცოლის „განტევების“, დედის გინების, წვერის დაგლეჯის, „ეზოს გატეხის“ და „კაცის დაჭირვის“ საუპატიოც იხსენიება. საუპატიოს ოდენობა შეურაცხყოფილის „სახდომელი პატივისა“ და დანაშაულის სიმძიმის მიხედვით განისაზღვრებოდა. საჭიროებისას იგი დამნაშავეს ზარალის ანაზღაურებასა და „სისხლთან“ ერთად მიესჯებოდა. ქალს კაცზე მეტი – „ორკეცი საუპატიო“ (სახელდობრ, გინებისათვის დიდგვაროვან „დიაცს“ – 10 000 თეთრი) ეძლეოდა. საუპატიოს ითვალისწინებს ბაგრატ კურაპალატის სამართლის ფრაგმენტი და ვახტანგ VI-ის სამართალი, აგრეთვე მხითარ გოშის სამართლის ქართული ვერსია. ბექას და აღბუღას სამართალში ტერმინი „საუპატიო“ „სასირცხვო სამართლის“ – სანეხვეზე დამნაშავის შიშვლად ჩათრევის, ე. ი. გამაწბილებელი სასჯელის მნიშვნელობით იხმარება (ანალოგიური ვახტანგ VI-ის სამართლის 218 მ.). შეურაცხყოფისთვის ქონებრივ სასჯელად აქ დადგენილია უპატიობის  საზღაური, გიორგი ბრწყინვალის სამართალში კი – უარზანგობა[34].

საანალიზო ტექსტში ყურადღებას იმსახურებს „შვილის წართმევა“. განჩინების ერთიანი გააზრებით იკვეთება, რომ „შვილი“[35] მოწაფეა, რომელიც მახარობელს (ნახევარი ძროხის ფასად) აღსაზრდელად მიუყვანა მოყვარემ, გაბრიელმა კი ეს მოყვარე გადაიბირა, მოწაფე მიისაკუთრა და ძროხაც მიითვისა.

მგონია, ეს განჩინება ერთგვარი მიმანიშნებელია, რომ ჩრდილოვანი განათლება მეტ ყურადღებას იმსახურებს განათლების დარგში მომუშავეთაგან. ჩვენში, ისევე როგორც აზიის ბევრ ქვეყანაში, უკვე დიდი ხანია, ჩრდილოვანი განათლება სასკოლო განათლების თვალსაჩინო ნაწილად იქცა. ბოლო წლებში კერძო რეპეტიტორობის ფორმები და ზეგავლენა სისტემურ ხასიათს იძენს, თუმცა საანალიზო განჩინებით მოთხრობილის მსგავსი უსიამოვნებანი ზედაპირზე აღარ ტივტივებს და ალბათ ამ ბოლო წლებში არც სასამართლოს სჯა-პაექრობის საგანი გახდება ამა თუ იმ მოწაფის განათლების ბედი.

 

[1]აღნიშნული საკუთარი სახელისათვის იხ. პირთა ანოტირებული ლექსიკონი, XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების (III) მიხედვით, მასალები შეკრიბეს და გამოსაცემად მოამზადეს: ანა ბაქრაძემ, ლევან რატიანმა და გიორგი ოთხმეზურმა. ტომი შეადგინეს დარეჯან კლდიაშვილმა და მზია სურგულაძემ, ზაზა ალექსიძის საერთო რედაქციით. შთ. გამომცემლობა „არტანუჯი“, თბილისი, 2004. https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/150983/5/Pirta_Anotirebuli_Leqsikoni_2004_Gateqstebuli.pdf

 

[2] მჩხაიძე,— ი. დოლიძის სქოლიო.

მეჩვიდმეტესაუკუნეშიძიმითშიმოსახლეგვარი, რომლის შესახებსაინტერესოინფორმაციასმოიცავს 1664 წლის„შეწირულობისწიგნიგიორგიგურიელისაბიჭვინტისსაბუთთაგან“. მასში დგინდებაძიმითშიმოსახლეშემდეგიგვარები: კბილიანისშვილი, ქართველაისშვილი, ნანაძე, კალანდარესშვილი, მჩხაიძედამგელაძე. http://guriismoambe.com/archives/127172;მჩხაიძე (ჩხაიძე) – გვ. 68, 71. [დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წიგნი I]  http://www.geogen.ge/ge/treasurege/72/4315/

 

[3] *გაბრიელეგორისძეჩხეიძე, XVII–XVIII საუკუნეების ქართველი მწიგნობარი, მთარგმნელი. მოღვაწეობდა მოსკოვში. კეკელიძე, .ქართულისაბჭოთაენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 174; რუხაძე, ., ქართულ-რუსულილიტერატურულიურთიერთობისისტორიიდან (XV–XVIII) სს.), თბ., 1960.

თუმცა ეს სულ სხვა გაბრიელია .

[4]  *განვსაჯეთ, *მოვარიგეთ

[5] მრავალჯერ.

[6] არ გამშორდა.

[7] მარიამობას, ძვ. სტ.-ით — 14 აგვისტოს.

[8] ფრაზა საინტერესოა ისტორ.-ეთნოგრაფ. თვალსაზრისით.

[9] დამაქცევს, ამომაგდებს, გამაღატაკებს.

[10]საცავში (განმარტება ჩვენია, მ.გ.).

[11] + და — ი. დოლიძის სქოლიო.

[12] მომიხდა, მომივარდა შინ.

[13] „შვილის” წართმევის ეპიზოდი საინტერესოა არაერთი თვალსაზრისით, იხ. ქვემორე მსჯელობა.

[14]  გაბრიელმა უარყო.

[15] *დავადგინეთ.

[16] ახლდეს.

[17] გაგეფრთხილებინე (განმარტება ჩვენია და ითხოვს დაზუსტებას, მ.გ.).

[18] საინტერესოა, რომ სამსჯავროს მწერალი კანაფს სხვაგან არ ახსნებს.

[19]  თუ ასე დაფიცებას შეძლებს (განმარტება ჩვენია, —  მ. გ.).

[20] დაუმატოს

[21] მიხდომია, მივარდნია.

[22] ფრაზა იდიომატურია, შეიცავს სამართლებრივ ტერმინს. როგორც ირკვევა, სისხლისშეფასებადასაზღაურისრაოდენობის დადგენა ჯერ კიდევ ადათობრივი სამართლის დროიდან მოდის.  მკვლელი სისხლის დანაშაულის ჩადენისათვის ისჯებოდა და გარკვეული „სისხლისა საზღაურიც“ ეკისრებოდა.

[23] ტერმ. საუპატიო — შეურაცხყოფის განსაკუთრებულისაზღაური, პატივისშელახვისათვისდაწესებულიჯარიმა, რაცდამნაშავესდაზარალებულისსასარგებლოდეკისრებოდაძველსაქართველოში.

[24] ხარს რაც ეწყინოს — ხარს თუ რამ დაემართოს (ხაზი ჩვენია, — მ.გ.)

[25] ჩიქობ.: აჯა (აჯისა) თხოვნა, მუდარა, ხვეწნა, ვედრება.

 

[26]მოყვარე (მოყვრისა) ჩიქობ.: 1. ცოლის ნათესავი ქმრის ნათესავებისათვის და, პირიქით, ქმრის ნათესავი ცოლის ნათესავებისათვის. 2. ახლობელი, კეთილის მდომი, კეთილმოსურნე, მოკეთე.

[27](დიალექტიზმი) გასაზრდელად.

[28] გადაიბირე.

[29] ჩვენი განმარტებაა, ლექსიკონებში მსგავსი სიტყვა არ იძებნება(მ. გ.).

[30] არ ჩანს, როდის.

[31] განმარტება ჩვენია (მ.გ.).

[32] განმარტება ჩვენია. მ.გ.

 

[33]აჯა  — თხოვნა, ვედრება; საქართველოსმეფისადმიმიმართვისფორმა (. .)

 

[34]უარზანგობისოდენობადამოკიდებულიიყო „სისხლის“ ოდენობაზედამის 1/40 ნაწილსშეადგენდა. მაგ., აზნაურთახევისბერთა უარზანგობა 150 თეთრი იყო.

[35]ამ გაგების შემოშველებისთვის მადლობას მოვახსენებთ იურისტ ხათუნა გოგაშვილს.

სიცოცხლეზე ძვირფასი გრძნობები

0

(„პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ…“ და ონორე დე ბალზაკის „წითელი სასტუმრო“)

 ყველამ ვიცით არისტოტელური ამბავი „პლატონისა და ჭეშმარიტებისა“; ჭეშმარიტებას კი შეიძლება კაცობრიობის მარადიული პრობლემა ეწოდოს. მასზე საუბრისას უნდა გვახსოვდეს მცდარობის გაგებაც. ორივე მათგანი ახასიათებს აზრსა თუ ცოდნას. მაგალითად, პლატონი და ავგუსტინე ჭეშმარიტებად მიიჩნევდნენ ერთხელ და სამუდამოდ მოცემულ არსს, ანუ მარადიულს როგორც ყველა იდეალური ობიექტის მახასიათებელს, არისტოტელე კი ფიქრობდა, რომ ჭეშმარიტება აზრის შესაბამისობაა საგანთან, მოვლენასთან.

ჭეშმარიტებას აქვსო საფეხურები: ფაქტობრივი და ლოგიკური ჭეშმარიტება; ასევე უნდა ჰქონდეს საზომიც და კრიტერიუმებიცო, მსჯელობენ…

მითიური გმირის, აკადემოსის, ბაღში პლატონმა დააარსა ფილოსოფიური სკოლა, რომელსაც „აკადემია“ ეწოდა. გადმოგვცემენ, რომ ამ შენობის შესასვლელთან იყო წარწერა: „ვინც მათემატიკა არ იცის, ჩემს ლექციებს ნუ დაესწრება“, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფილოსოფიური სიბრძნის დაუფლებისთვის მათემატიკა აპრიორი უნდა გცოდნოდა.

384 წელს ქალაქ სტაგირაში, მეფის კარის ექიმ ნიკომაქეს ოჯახში დაბადებული არისტოტელე 17 წლის ასაკში პლატონის აკადემიის მსმენელი გახდა და 20 წლის განმავლობაში, პლატონის გარდაცვალებამდე (ძვ.წ. 347 წ.), იყო ამ აკადემიაში როგორც გენიოსის გენიოსი მოწაფე, ბოლომდე თაყვანისმცემელი თავისი მასწავლებლისა, ამიტომ ალბათ გასაკვირია აღნიშნულის შემდეგ არისტოტელეს ცნობილი სიტყვები პლატონის მიმართ („თუმცა ჩემთვის ძვირფასია პლატონიც და ჭეშმარიტებაც, მაგრამ წმინდა მოვალეობა მკარნახობს, უპირატესობა ჭეშმარიტებას მივანიჭო“). უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ცალმხრივი შთაბეჭდილებაა! ჭეშმარიტება ხომ ყველასა და ყველაფერზე მაღლაა ყოფიერებაში და თუ ეს გწამს, შენი უკომპრომისობა მაღალ სამართალს შეგაგრძნობინებს თუ შეგამეცნებინებს. თუმცა აქ ყველას მერაბ მამარდაშვილი გაგვახსენდება, რომელსაც ვერ დავეთანხმები  იმაში, რომ ქართველთა უნიკალური ქარისტიანული აღქმა სამყაროსი, ღვთისა და სამშობლოს ერთ სიბრტყეზე მოაზრებით, შოვინიზმს, ფაშიზმს ან რასიზმს ნიშნავს; ამ უკანასკნელთაგან თავისუფლება გენში გვაქვს როგორც ჰუმანიზმი და ეს კოდი არ იცვლება.

რაც შეხება არისტოტელეს გამონათქვამს, მან საუკუნეებს გაუძლო როგორც მაგალითმა ადამიანური მიუკერძოებლობისა, ობიექტურობისა და უმაღლესი ღირებულებებისადმი ღრმა პატივისცემისა.

იმაზე საუბარი, რაში, რომელ  ძირითად პრინციპებში არ ეთანხმებოდა არისტოტელე პლატონს, თავის უძვირფასეს მასწავლებელს, რომლის ფილოსოფიურ იდეებზეც აღიზარდა, შორს წაგვიყვანდა. შეგვიძლია მოკლედ ვთქვათ, რომ ეს იყო პლატონის ცნობილი თეორია იდეებზე: რომ არსებობს ორი სინამდვილე,  საგნებზე იდეებისა და ამ იდეების ანარეკლი, მიმსგავსებული საგნებისა. არისტოტელემ აღმოაჩინა, რომ ყველა საგანს როდი აქვს იდეა (მაგალითად, ფრჩხილს, ჭუჭყს). არისტოტელეს მიერ პლატონის იდეათა თეორიის წინაღმდეგ მოხმობილი არგუმენტებიდან ზოგი მართებულია, ზოგიც – მცდარი, თუმცა ამით არც პლატონის სიდიდეს აკლდება რამე, არც არისტოტელესი, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელად ითვლება, დიდი წვლილის შემტანად მის განათლებაში. ალექსანდრე მაკედონელიც მიიჩნევდა, რომ ორი ადამიანისგან იყო დავალებული ცხოვრებაში: მამის, მაკედონიის მეფე ფილიპეს, და გენიალური მასწავლებლის არისტოტელესგან.

მოდი, ახლა უკვე ლიტერატურის მაგალითზე განვიხილოთ, რა ხდება, როცა არისტოტელეს ცნობილი გამონათქვამი პლატონზე არ სრულდება ვინმეს, თუნდაც ონორე დე ბალზაკის ცნობილი მოთხრობის, „წითელი სასტუმროს“, პერსონაჟის, მიერ.

იწყება თხრობა და ვეხვევით დიდი ფრანგი მწერლის არისტოკრატული იუმორის ხიბლში, რომელიც შლეიფივით შემოხვევია მთელ სიუჟეტს. პარიზელი ბანკირის ნიურნბერგელი სტუმარი, უმწიკვლო და კეთილშობილი ბევრი გერმანელივით, „რომლის მშვიდობისმოყვარე ზნე-ჩვეულებები შვიდმა ლაშქორობამაც კი ვერ შეცვალა“, ტიპური გერმანული სახელით – ჰერმანი, წვეულებაზე ჰყვება უცნაურ და შემაძრწუნებელ ამბავს.

შეიძლება ითქვას, რომ მოთხრობა სინდისის ქენჯნაზეა – სხვადასხვა ზნეობრივი მრწამსის მქონე სხვადასხვა პერსონაჟის სინდისის ქენჯნაზე; იმ დემონურ სევდაზეც დაკარგული სიკეთის გამო, რომელსაც ასე გულში ჩამწვდომად აღწერს ნეოპლატონიზმი, არეოპაგეტიკა: „ადამიანს ყოველთვის არ ძალუძს ბოროტების ჩადენა. თვით მეკობრეთა ბრბოშიც კი გამეფდება ხოლმე ისეთი მყუდრო წუთი, როცა მათი პირქუში ხომალდი საქანელასავით განანავებს“ (4).

დიდებულია ბალზაკის ირონიული სარკაზმი, ადამიანური არსებობის სრული, ნათელი და ბნელი, რონატიკული და პრაგმატულ-ნატურალისტური პლანების ხედვით რომაა გამოწვეული: „გემრიელი სადილის მონელებისას სევდიანი არც არავინ გვინახავს. ადამიანი ამ დროს გაირინდება ხოლმე – ეს ერთგვარი შუალედია მოაზროვნის ოცნებასა და მცოხნავი ცხოველის კმაყოფილებას შორის. კარგი იქნებოდა, ამგვარი განწყობილებისთვის მატერიალური, გასტრონომიული მელანქოლია გვეწოდებინა“ (6). აქაც და სხვა მომენტშიც გაგვახსენდება ჰერმან ჰესეს კაცი-მგლობის ცხოვრებისეული კონცეფცია. ასეა, ადამიანმა არ იცის, ვინაა, რომელი გაიღვიძებს მასში – კაცი თუ მგელი; თუნდაც ექსტრემი რომელს გამოავლენს მავანში: გმირს თუ ავაზაკს, იმ მძაფრი ალღოთი და მტკიცე ნებისყოფით, რომლებსაც გეგმის შედგენისა თუ განხორციელებისას ავლენენ პატიმრები და ბოროტმოქმედები.

ჰერმანის მონათხრობში ორი მეგობარია, ორივე – უმცროსი სამხედრო ექიმი მე-18 საუკუნისა. ალბათ ორივეშია „ინდაიანური“ ბუნება, რომელსაც ერთი ამარცხებს, მეორე – ვერა და მკვლელად იქცევა, სიმდიდრის გამო თავს სჭრის ადამიანს. ეს შინაგანი მეტამორფოზები ონორე დე ბალზაკს შესაშური სიმარტივითა და ძალდაუტანებელი ოსტატობით აქვს აღწერილი, მოკლედ, ნარატივი მდინარესავით მოედინება; ეს დინება ხან მშვიდია, დაწმენდილი, ხანაც – მღვრიე და ავის მომასწავებელი და მქმნელი.

ერთ-ერთ მეგობარში, როგორც ვთქვით, საბედისწერო გუმანს, ლტოლვას დანაშაულისკენ, პატიოსნება ჯაბნის: „აღზრდით მიღებულმა ჩვევებმა, რელიგიურმა რჩევა-დარიგებებმა, განსაკუთრებით კი […] მამისეული სახლის ჭერქვეშ გატარებული უმწიკვლო ცხოვრების მოგონებებმა დაამარცხეს ბოროტი ზრახვანი“ (30). მეორეს სძლევს ეშმაკი, თუმცა იგივე ეშმაკი მას უვნებელს ტოვებს, ხოლო ის, ვინც დანაშაული არ ჩაიდინა, მკვლელობის ბრალდებით გასამართლდება ისე, რომ მეგობარში ეჭვიც არ ეპარება („თანაც მეგობრის საკუთარ თავზე მეტად მწამდა და ბრალს ხომ ვერ დავდებდი“). მას სიკვდილი ურჩევნია იმის აღიარებას, რომ მათი ძმობა, რომელიც ხუთი წლის ასაკიდან დაიწყო, საეჭვოა… ანუ ის, ვისაც მოღალატე მეგობრის ნაცვლად სიკვდილით სჯიან, ვერ ხედავს ჭეშმარიტებას, რომელიც მეგობრობაზე მაღლა დგას. თუმცა მოგვიანებით ღმერთი, ურომლისოდაც სისულელე იქნებოდა ყველაფერი, „ალაგებს“ სიცოცხლესა თუ მეგობრობაზე ძლიერი გრძნობებით არეულ-სიტუაციას, რომელიც მკითხველს, კითხვის გარკვეულ მომენტამდე, კამიუსი არ იყოს, აბსურდულ/ალოგიკური ჰგონია და აი, რატომ: მეგობრის, ფრედერიკის მაგივრად სიკვდილით დასჯილი პროსპერ მანიანის უკანასკნელი მზერა დედისკენ არის მიპყრობილი, თუმცა ეს მზერა დანაბარებით ვერ მიდის ადრესატამდე, რადგან დედა უკვე გარდაცვლილია: „…მე უდიდესი მწუხარებით მოცულ დრამად მივიჩნევ იმ სამარადისო საიდუმლოებას, რომლის წიაღშიც ჩაიმარხა ერთი სამარიდან მეორეში გადაგზავნილი გამომშვიდობება და რომელიც ვერასოდეს სულიერ ქმნილებათა სმენას ვერ მისწვდება, ისევე როგორც უდაბნოში გზააბნეული მგზავრის ყვირილი, რომელსაც უცბად ლომი დასეხა თავს“ (46).

ყველას ცხოვრებაშია იდუმალების, ამოუხსნელი საიდუმლოს განცდა; ასევე – განსაცვიფრებელი სიღრმის მორალური მოვლენები, როგორც ბალზაკი უწოდებს, რომლებიც უბრალოებისა და შეუმჩნევლობის ბურუსით იბურება.

ჰერმანს უსმენს ტაიფერი, მკვლელი მეგობარი, მოპარული ქონებით გამდირებული, უკვე ასაკოვანი, რომელიც გვერდიდან არ იშორებს თავის ასულს, გამოუცდელ და უმანკო ვიქტორინს. აი, რა ლაკონურად და როგორი ოსტატობით ხსნის ამ ფსიქოლოგიზმს ბალზაკი: „ალბათ მასაც, როგორც ყველა ბოროტმოქმედს, სურდა, სულის სიმშვიდე უმანკო ქმნილების გვერდით ეპოვა“ (49).

როგორია დიდი ფრანგი მწერლის ცხოვრებისეული მძიმე „ფილოსოფია“? აი, თუნდაც ეს, მოკლედ: „მაშ, ასე, მშვიდობა არამზადებს, ომი – უბედურთ და გავაღმერთოთ ოქრო…“; „სათნოების ჯილდოს გაიძვერებს მისცემენ“ – ცხოვრება სასტიკიცაა და დამცინავიც: მთხრობელს მკვლელის, ჟან ფრედერიკ ტაიფერის, ასული შეუყვარდება, რაც, ცხადია, ხელს უშლის დამნაშავის მხილებაში.

მოდი, ფინალს ნუ გავუმხელთ მათ, ვისაც ეს მოთხრობა არ წაუკითხავს. ჩვენს კლასიკაზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა. კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებები ბერძნულ ტრაგედიებს ჰგავს. იცი, რომ ბევრი რამ მწერლის ფატაზიის ნაყოფია, მაგრამ ისე გადაეშვები ამ დიდოსტატური კალმით „მობერილ“ გრძნობათა ქარიშხალსა თუ მორევში, რომ თავად აღმოჩნდები თითქოს „ბერძნული თეატრის სცენაზე“, ტრაგედიასა თუ კომედიაში, და საკუთარ თავსაც აკვირდები პერსონაჟებთან ერთად, მათ გარემოცვაში. ამას ჰქვია დიდი შემოქმედება!

ბალზაკი რეალისტიც არის და რომანტიკოსიც, ოღონდ ორივე – ზომიერად, ორივე – გონივრული ბალანსით, ამიტომ როცა მთავარი გმირი უარს ამბობს კეთილშობილ ტყუილსა თუ სამწუხარო ექსპერიმენტზე, თანაც მწერლის დასკვნა არ გვაქვს, – პრობლემატიკაც (პლატონურ-არისტოტელური) მკითხველის გულსა და გონებაში გადმოინაცვლებს.

ცხოვრების დიდი, ბანალურ-მისტიკური „შარადა“ თუ „ცდა ბედის მონახევრეა“ გ რ ძ ე ლ დ ე ბ ა!

ციტატები წიგნიდან: ონორე დე ბალზაკი, „წითელი სატუმრო“, გამომცემლობა „პალიტრა“, 2021

მასწ? შეიძლება, გაკვეთილი მერე ჩაგაბაროთ? – საჯარო გამოსვლის შიში

0
Speaker Giving a Talk at Business Meeting. Audience in the conference hall. Business and Entrepreneurship. Copy space on white board.

გლოსოფობია, საჯარო გამოსვლის შიში, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფობიაა როგორც მოზარდებში, ისე ზრდასრულ ადამიანებშიც. კვლევების თანახმად, ადამიანების დაახლოებით 75% დისკომფორტს განიცდის საჯარო გამოსვლისას. მოსწავლეებისთვის ეს შეიძლება განსაკუთრებით პრობლემური იყოს, რადგან სასკოლო გარემო ხშირად მოითხოვს კლასის წინაშე პრეზენტაციის ჩატარებას, მოხსენების წაკითხვას თუ დისკუსიაში მონაწილეობას.

ალბათ, თქვენც გქონიათ შემთხვევა, როცა მოსწავლეს, შიშის, უხერხულობისა თუ თავდაჯერების ნაკლებობის გამო, უარი უთქვამს კლასის წინაშე გამოსვლაზე და უთხოვია, თავისი ნაწერი, ნაფიქრი, საკითხთან დაკავშირებული არგუმენტები თუ სხვა გაკვეთილის შემდეგ პირადად გაგიზიაროთ. გამოგონილ მიზეზსაც დაასახელებენ: „მასწ, არ დააინტერესებთ ამათ“, „არ მინდა კლასის წინაშე ამაზე საუბარი“, „ცუდად ვარ“ ან რამე ამგვარს. ამ მიზეზებზე ქვემოთ უფრო ვრცლად შევჩერდებით.

სინამდვილეში რატომ ეშინიათ მოსწავლეებს საჯარო გამოსვლის?

სანამ იმაზე ვისაუბრებდეთ, როგორ დავძლიოთ პრობლემა, მნიშვნელოვანია, მისი მიზეზი გავარკვიოთ. ეს შეიძლება იყოს:

  • შეფასების შიში – გამოსვლამ არ გამოიწვიოს თანაკლასელებისა და მასწავლებლების კრიტიკა ან უარყოფითი შეფასება.
  • წარუმატებლობის შიში – რამე რომ დამავიწყდეს? რამე რომ შემეშალოს?
  • ყურადღების ცენტრში ყოფნის დისკომფორტი – რა საშინელებაა, ყველა მე მიყურებს.
  • გამოცდილების ნაკლებობა – სახლში ყველაფერი კარგად გამომდის, კლასის წინაშე, „დაფასთან“, ვერაფერს ვახერხებ, არ არის ეს ჩემი საქმე.
  • პერფექციონიზმი – რა სამარცხვინო იქნება, თუ ყველაფერი კარგად არ გამომივიდა (ყველაფრის იდეალურად გაკეთების სურვილი თავისთავად ზრდის სტრესს).

კიდევ რა მიზეზებს იგონებენ გამოსვლისთვის თავიასარიდებლად? ასეთი რამ თქვენც უამრავჯერ გექნებათ მოსმენილი:

  • ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზები:
    • „მასწ, დღეს თავი მტკივა, ცუდად ვარ“.
    • „ყელი მტკივა და ხმამაღლა ვერ ვილაპარაკებ“.
    • „გუშინ ავად ვიყავი და ვერ მოვემზადე“.
  • ტექნიკური პრობლემები:
    • „კომპიუტერი გაფუჭდა და პრეზენტაცია დაიკარგა“.
    • „დავალება სახლში დამრჩა“.
  • მოულოდნელი გარემოებები:
    • „დედაჩემმა/მამაჩემმა წაშალა შემთხვევით“.
    • „ჩემმა უმცროსმა დამ/ძმამ გამიფუჭა “.
    • „ვეღარ მოვასწარი დასრულება“.
  • შთაბეჭდილების შექმნა:
    • „ხვალ უკეთესად ჩაგაბარებთ, დღეს არ მკითხოთ“.
    • „ჯერ არ ვარ კმაყოფილი ჩემი ნამუშევრით“.
  • ოჯახური სიტუაციები:
    • „გუშინ სტუმრები გვყავდა“.
    • „სახლში პრობლემები გვქონდა“.
    • „ღამით ბებოსთან დავრჩი “.
  • პირდაპირი თხოვნ:
    • „შეიძლება, მარტო თქვენ მოგიყვეთ გაკვეთილის შემდეგ?“
    • „შეიძლება, მხოლოდ თქვენ გაჩვენოთ?“
    • „შეიძლება, დავწერო და არ გამოვიდე?“

კიდევ უამრავი მიზეზის გახსენება შეიძლება – ბავშვების ფანტაზიას ხომ საზღვარი არ აქვს…

თავდაჯერების ნაკლებობა ხშირად ქცევით ვლინდება და არა აღიარებით:  შეიძლება, მოზარდმა საკუთარი ნაშრომი დააკნინოს („კარგი არ გამომივიდა“; „ამაში ახალი და საინტერესო არაფერია“; ბოდიში, მასწ, ისეთი არ არის, როგორსაც ალბათ ელოდით“). შეიძლება, თვალით არ გვეკონტაქტოს, სწრაფად ან ჩურჩულით ილაპარაკოს, ითხოვოს, ჯერ სხვა გამოიძახონ ან მასწავლებელს სთხოვოს მაგალითის ჩვენება.

შეიძლება, პირდაპირ გამოხატოს საწინააღმდეგო დამოკიდებულება („რა აზრი აქვს საერთოდ ამ პრეზენტაციებს?“ „ვერ ვხვდები, ეს რატომ უნდა გავაკეთო“, „ეს საგანი მაინც არ მაინტერესებს“) ან სულაც აგრესიული ან უინტერესო პოზა მიიღოს პრეზენტაციის დროს.

ზოგჯერ ბავშვი ძალიან კარგად არის მომზადებული, მაგრამ თავდაჯერება მაინც აკლია („ყველაფერი ზეპირად ვიცი, მაგრამ ვაითუ დამავიწყდეს“; „ჩემი პრეზენტაცია ძალიან გრძელია, ალბათ ვერ ჩავეტევი დროში“.) პრობლემას ხშირად ისიც ქმნის, რომ მოსწავლეს პრეზენტაციის ტექსტი სიტყვასიტყვით აქვს დაზეპირებული და ერთხელ მაინც თუ შეფერხდა, საშინლად განიცდის და იბნევა, ზოგჯერ კი, პირიქით, ზედმეტად არის დამოკიდებული ფურცელზე.

ხშირად მოსწავლეები ყურადღების გადატანასაც ცდილობენ:

  • „შეიძლება, ჯგუფურად წარვადგინოთ?“ (პასუხისმგებლობის განაწილება)
  • „შეიძლება, ვიდეო გავაკეთო პრეზენტაციის ნაცვლად?“ (პირდაპირი კონფრონტაციის თავიდან აცილება)
  • „შეიძლება, პრეზენტაციის დროს მუსიკა ჩავრთო?“ (ყურადღების აუდიოეფექტებზე გადატანა)
  • პრეზენტაცია ზედმეტად გადატვირთულია საილუსტრაციო მასალით (ყურადღების ვიზუალურ მხარეზე გადატანა).

მოკლედ, მიზეზი და არგუმენტი ყოველთვის მოიძებნება.

პრობლემის დაძლევაზე პასუხისმგებლობა ჩვენზეა, მასწავლებლებზე. ჩვენ დროულად უნდა ამოვიცნოთ ფარული ნიშნები, გავაცნობიეროთ, რომ ეს ხშირად თავდაჯერების ნაკლებობის გამოხატულებაა და არა უბრალოდ სიზარმაცე ან უპასუხისმგებლობა და დავეხმაროთ მოსწავლეს.

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს საჯარო გამოსვლის შიშის დაძლევაში?

პირველესად ალბათ იმით, რომ კლასში დადებითი, მხარდამჭერი ატმოსფერო შევქმნათ, მივაჩვიოთ მოსწავლეები, რომ მოუსმინონ ერთმანეთს და პატივი სცენ ერთმანეთის აზრს. ისიც ვასწავლოთ, რომ შეცდომა წარმატების წინაპირობაა, სწავლის პროცესის ნაწილია და არა მარცხი. ასევე მნიშვნელოვანია, ეტაპობრივად მივაჩვიოთ მოსწავლეები დიდ აუდიტორიას, მცირეთი დავიწყოთ და ნელ-ნელა გავზარდოთ მსმენელთა რაოდენობა.

მოვამზადოთ მოსწავლეები წარმატებისთვის: მივცეთ ადეკვატური დრო დავალების შესასრულებლად (კარგად მომზადებული გამოსვლა ნაკლებ შფოთვას იწვევს), ვასწავლოთ ეფექტური პრეზენტაციის ტექნიკები (როგორ მოამზადონ სტრუქტურა, როგორ მოიძიონ და დაალაგონ ინფორმაცია, როგორ გამოიყენონ ვიზუალური დამხმარე საშუალებები – სლაიდები, პოსტერები და სხვა თვალსაჩინოებები, რომლებიც მათ საკუთარი თავიდან ყურადღების გადატანაში დაეხმარება).

ხშირად გამოვიყენოთ მსგავსი აქტივობები, ვამუშაოთ მოსწავლეები ჯგუფებში, შევთავაზოთ როლური თამაშები, დებატები, იმპროვიზაციული სავარჯიშოები, ვთხოვოთ, ჩაიწერონ საკუთარი გამოსვლა და თავად შეაფასონ და დაინახონ პროგრესი, ხშირად ვთხოვოთ მოკლე ტექსტით გამოსვლა, რათა ამ ყველაფერს რეგულარული ხასიათი მიეცეს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, მივცეთ კონსტრუქციული უკუკავშირი კონკრეტული მაგალითებით.

აუცილებლად გავუზიაროთ სხვათა წარმატების ისტორიები: მოვუყვეთ ამბებს მათზე, ვინც დაძლია საჯარო გამოსვლის შიში და წარმატებას მიაღწია. ესენი შეიძლება იყვნენ როგორც ცნობილი ადამიანები (მსახიობები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები), ისე თქვენი ყოფილი მოსწავლეებიც.

როდის არის საჭირო პროფესიონალური დახმარება?

რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება სპეციალისტის დახმარებაც დაგვჭირდეს, მაგრამ უმეტესად მასწავლებლის კომპეტენცია შესაძლებელს ხდის ამ გამოწვევის დაძლევას.

ერთ ცნობილ ფილმში სენატორი პატარა ბიჭს ასეთ ხერხს ასწავლის: ხელში დაიჭიროს რაიმე ნივთი, მაგალითად, კალამი ან სარჭი, და მთელი დაძაბულობა ამ ნივთზე გადაიტანოს, თვითონ კი თავისუფლად ისაუბროს. ფილმში ეს ხერხი ამართლებს და ბოლოს ბიჭი სამაგალითო სიტყვასაც იტყვის. ეს ხერხი თავადაც მომისინჯავს და, თქვენ წარმოიდგინეთ, შედეგიც მიმიღია.

ეს კინოა, თუმცა ცხოვრებიდანაც უამრავი მაგალითის გახსენება შეგვიძლია, როდესაც ადამიანებმა საკუთარ თავზე მუშაობით თუ სხვების: მასწავლებლების, მენტორების, ოჯახის წევრების, – დახმარებით დაძლიეს ეს პრობლემა. განსაკუთრებით ცნობილ მაგალითებს შეგახსენებთ: უინსტონ ჩერჩილს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ენა ებმოდა და თავდაჯერება აკლდა, მაგრამ ბევრი იმუშავა, ხშირად იწერდა თავის გამოსვლებს, სარკის წინ ვარჯიშობდა ბევრს და შედეგმაც არ დააყოვნა – ჩერჩილი გახდა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი ორატორი. ემა უოტსონი – მსახიობი და აქტივისტი; ჯულია რობერტსი – მსახიობი, ადელი – მომღერალი, დემოსთენე – ძველი ბერძენი ორატორი, რომელმაც ისე მოინდომა და იმდენი იშრომა, საკუთარი გამოსვლებით თვით ფილიპე მაკედონელის დამარცხება შეძლო… კიდევ უამრავი მსგავსი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია. ეს მაგალითები შეიძლება შთაგონების წყაროდაც ექცეთ ჩვენს მოსწავლეებს.

 

საჯარო გამოსვლის უნარი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპეტენცია, რომელიც მოსწავლეებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში დასჭირდებათ. ჩვენი ვალია, მათ ამ შიშის დაძლევაში დავეხმაროთ, თანმიმდევრული მიდგომით, მოთმინებითა და მხარდაჭერით ხელი შევუწყოთ მოსწავლეებს, გახდნენ თავდაჯერებული საჯარო გამომსვლელები. მთავარია, გვახსოვდეს, რომ ეს არის უნარი, რომელიც ვითარდება პრაქტიკითა და გამოცდილებით და სათანადო მხარდაჭერის შემთხვევაში ყველა მოსწავლეს შეუძლია ამ უნარის განვითარება.

საჯარო გამოსვლის შიში არ არის თანდაყოლილი – ის შეძენილია. შესაბამისად, შესაძლებელია მისი დაძლევაც.

ალბათ, ყველას გვახსოვს პირველი შიშის დაძლევის საკუთარი ისტორია. შეგრძნება, როცა პირველად დავსხედით ველოსიპედზე ან დამოუკიდებლად გავცურეთ, ანანან… ალბათ, ცოტა შეგვეშინდა კიდეც, მაგრამ თანდათან ვისწავლეთ და ბოლოს ეს ჩვენს საყვარელ გასართობად იქცა! საჯარო გამოსვლასთან მიმართებითაც ზუსტად ასეა – ეს არის უნარი, რომელიც ყველას შეუძლია შეიძინოს.

ჩვენი მოსწავლეები სავსე არიან პოტენციალით და უნიკალური იდეებით. მათი ხმა მნიშვნელოვანია, დარწმუნებული ვარ, მრავალ მათგანს აქვს საინტერესო აზრები და შეხედულებები, რომლებიც სამყაროს უნდა გაუზიარონ. როცა მათ საჯარო გამოსვლის შიშის დაძლევაში ვეხმარებით, ამით უვითარებთ არა მხოლოდ ტექნიკურ უნარს, არამედ საკუთარი თავის რწმენასაც, რომ მათი აზრები ღირებულია, მათი ხმა მნიშვნელოვანია.

შესაძლოა, ეს პროცესი მოითხოვდეს მოთმინებას – როგორც მოსწავლისგან, ისე ჩვენგანაც. იქნება წარმატებებიც და დაბრკოლებებიც, მაგრამ ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია.

ერთი რამ კი ალბათ ყველას უნდა გვახსოვდეს: ოდესღაც ჩვენც ვიყავით იმ მოსწავლის ადგილას – ვღელავდით და ვიძაბებოდით პირველი გამოსვლის წინ. ცოტა ემპათია, გულწრფელი მხარდაჭერა და სწორი სტრატეგიები ბევრ რამეს ცვლის. არ არსებობს „დაბადებით ორატორი“ – არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ისწავლეს, ივარჯიშეს და დაძლიეს შიში.

როდესაც მოსწავლე პირველად გამოდის კლასის წინაშე და თავდაჯერებულად, წარმატებით ატარებს პრეზენტაციას – ეს ის მომენტი, რომელიც გვახსენებს, რისთვის ღირს ამ ყველაფრის კეთება: უნარები, რომლებსაც ისინი დღეს ივითარებენ, ჩვენს მოსწავლეებს მთელი ცხოვრება გაჰყვებათ.

წიგნებისა და ბალიშების შესახებ

0

რამდენიმე დღის წინ სკოლაში ჩემი ხელით შეკერილი და წიგნების მიხედვით მოხატული 25 ბალიში მივიტანე. ამ დღისთვის 7 თვე ვემზადებოდი. ბალიშები 24 მერვეკლასელისა და მათი დამრიგებლისთვის შევკერე. ჩანაფიქრს საიდუმლოდ ვინახავდი. ამ სტატიაში გიამბობთ იდეის დაბადების, დასახული მიზნისა და პროცესის შესახებ.

მეოთხე შვილის დაბადების გამო ერთი წელი დეკრეტულ შვებულებაში გავატარე. ამ ხნის განმავლობაში ხშირად ვფიქრობდი ჩემს მოსწავლეებზე, სკოლაში არსებულ პრობლემებზე. ქალაქის მრავალრიცხოვან სკოლებში რთულია თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური ურთიერთობა, დრო კი ელვის უსწრაფესად მიქრის, ბავშვები იზრდებიან და მათთვის დაკისრებული პასუხისმგებლობა მასწავლებლებს მყისიერი ქმედებისკენ გვიბიძგებს. ამ ფიქრების კვალდაკვალ იდეა დამებადა, თითოეული მოსწავლისთვის შემეკერა ბალიში და წიგნების მიხედვით მომეხატა. უთვალავჯერ წარმოვიდგინე, როგორ გავახარებდი ბავშვებს, პირველი ბალიშის შეკერვისას კი გადავწყვიტე, წაკითხული წიგნების შესახებ ვიდეო ჩამეწერა და ჩემს Youtube-არხზე ამეტვირთა – ამგვარად შემექმნა საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც კოლეგებს, მშობლებს, ბავშვებს წიგნის წაკითხვის სურვილს აღუძრავდა.

ასე რომ, გადაიკვეთა რამდენიმე მიზანი: 1. თითოეულ მოსწავლეს ეგრძნო, რომ მასზე ვფიქრობ, ვზრუნავ; 2. საგანმანათლებლო, საჭირო და საინტერესო რესურსის შექმნა; 3. წიგნიერების პოპულარიზაცია, რადგან ბალიშს, რომელსაც მოსწავლისთვის შერჩეული წიგნის მიხედვით ვხატავ, საჩუქრად გადავცემ მოსწავლეს და მასთან ერთად შინ ვატან წიგნს, რომელიც გარკვეული ხნის განმავლობაში უნდა წაიკითხოს, მერე კი ლიტერატურულ კაფეში წარადგინოს; 4. შვილებისა და მოსწავლეებისთვის იმის მაგალითის მიცემა, თუ როგორ შეიძლება თავისუფალი დროის ნაყოფიერად გატარება, შემოქმედებითი უნარების გამოყენებით ყოველდღიურობის გახალისება, წიგნის კითხვის გადატანა სხვა სივრცეში; 5. ჩემთვის პროცესი ძალიან სასიამოვნოა, ერთგვარი თვითთერაპიაა, ავი ფიქრების განსადევნი საშუალება.

 

ბალიშები

კერვისას გამახსენდა, რომ ჩემი მასწავლებლობის 11 წლის განმავლობაში ყველა სკოლის მოსწავლეებისთვის მქონდა შეკერილი ბალიშები. ყველაფერი კი 10 წლის წინ დაიწყო, როცა სოციალურ ქსელში პოეტისა და საბავშვო მწერლის ლელა ცუცქირიძის მიერ გამოქვეყნებული ფოტო ვნახე. ლელას თავისი ხელით შეკერილი ბალიში მარო მაყაშვილის დღიურის მიხედვით მოეხატა. ამ ამბავმა შთაგონებით ამავსო. დავიწყე ბავშვებისთვის ბალიშების კერვა და წიგნების მიხედვით მოხატვა.

ბამბის ფერად ნაჭრებსა და სინტეპონს ლილოში ვყიდულობ, ნაჭრის წყალგამძლე საღებავებსა და ფლომასტერებს კი – საკანცელარიო მაღაზიებში.

თავდაპირველად ვჭრი ბალიშის პირებს, ვაუთოებ, ვკერავ, მერე ზედ საგანგებოდ შერჩეულ ილუსტრაციას ვახატავ, ვაწერ წიგნის სათაურს, ავტორის სახელსა და გვარს, ციტატას წიგნიდან, ვავსებ სინტეპონით და ბოლო გვირისტს ვავლებ.

 

საკითხავი ლიტერატურის შერჩევა

ამჟამად ოთხ კლასს ვასწავლი: მეექვსე, მეათე და მერვე კლასებს, სულ – 107 მოსწავლეს. თავდაპირველად მერვეკლასელებისთვის დავიწყე წიგნების კითხვა. საკითხავი ლიტერატურა მათ ასაკობრივ ინტერესებზე, გაწაფული კითხვისთვის მზაობასა და ჩემს პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით შევარჩიე.

ძალიან საინტერესო იყო ლიტერატურის შერჩევის პროცესი. წიგნები ჩემი სახლის ბიბლიოთეკიდან მოვაგროვე. ოცდახუთიდან მხოლოდ სამი არ მქონდა წაკითხული, დანარჩენი კი ხელახლა გულდასმით გადავიკითხე. საკითხავი ლიტერატურა მოიცავდა სხვადასხვა ჟანრის თანამედროვე და კლასიკოს, ქართველ და უცხოელ ავტორებს, ერთ ავტობიოგრაფიულ წიგნს და ერთ საინფორმაციო ხასიათის ტექსტს.

 

წიგნების სათაურები და ავტორები

  1. „მომო“, მიხაელ ენდე
  2. „ჩემი მეგობარი ლარსი“, იბენ აკერლი
  3. „ჩუმად უნდა იჯდე“, თამარ გეგეშიძე
  4. „კუდამელა ბოგის თავგადსავალი“, მარიამ ჯამდელიანი
  5. „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“, ასტრიდ ლინდგრენისა და სარა შვარტის მიმოწერა
  6. „მე, ქეთო და კოტე“, თეა ლომაძე
  7. „ნოემბრის მიწურულს“, ტუვე იანსონი
  8. „ჩემი გზა“, ემინემი
  9. „განძის კუნძული“, რობერტ ლუის სტივენსონი
  10. „ბიჭი, რომელიც ვარსკვლავებთან ცხოვრობდა“, ჯორდი სიერა ფაბრა
  11. „შეუჩერებლები“, იუვალ ნოა ჰარარი
  12. „სიყვარულით, ელლი“, კატო ჯავახიშვილი
  13. „ბალადა გატეხილ ცხვირზე“, არნე სვინგენი
  14. „უფლისწული და მათხოვარი“, მარკ ტვენი
  15. „ჰობიტი“, ჯ. რ. რ. ტოლკინი
  16. „ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკი“, დაიანა უინ ჯონსი
  17. „ნისლებში და ნისლებს მიღმა“, ნატო დავითაშვილი
  18. „გონების მიღმა“, შერონ დრეიპერი
  19. „ჩვენი საოცარი რეკორდი“, ჯენი პირსონი
  20. „ხიდი ტერაბითიაში“, ქეთრინ პატერსონი
  21. „ჯადოქრის ქუდი“, ტუვე იანსონი
  22. „ყაჩაღის ასული რონია“, ასტრიდ ლინდგრენი
  23. „ამბავი ლილე იროელისა“, ნატო დავითაშვილი
  24. „უჩინარი სახლი“, თეა თოფურია
  25. „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“, დიანა ანფიმიადი

 

ვიდეოჩანაწერები

Youtube-არხისთვის თითოეულ წიგნზე ვიდეოს ჩაწერა საინტერესო და შრომატევადი საქმე აღმოჩნდა. პირველი ვიდეო 17 ოქტომბერს ავტვირთე და მსმენელს გერმანელი მწერლის მიხაელ ენდეს რომანი „მომო“ (აზროვნების აკადემიის გამომცემლობა) გავაცანი. გადავწყვიტე, 110 წიგნის შესახებ ჩამეწერა ვიდეო – 107 მოსწავლისა და სამი დამრიგებლისთვის. ამჟამად 26 წიგნის შესახებ გადაღებული ვიდეო მაქვს გამოქვეყნებული.

თითოეული ვიდეოს გადაღებისას საგულდაგულოდ ვემზადები. პროცესი ასეთია: წიგნის წაკითხვა, დღიურში საუბრის თემის შესახებ მოკლე ჩანაწერების გაკეთება, დროის გამოძებნა და ვიდეოს ჩაწერა.

ატვირთული ვიდეოჩანაწერების შესახებ თითოეული მსმენელის გამოხმაურება ძალიან მახარებს. ამასობაში უკუკავშირი მივიღე ნაცნობი და უცნობი კოლეგებისგან, მშობლებისგან, მოსწავლეებისგან.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვიდეოჩანაწერების ადრესატები ზრდასრული ადამიანები აღმოჩნდნენ, მათთვის ვსაუბრობ, მათ მივმართავ. ჩემი აზრით, საბავშვო ლიტერატურა მასწავლებლებისა და მშობლებისთვის მთავარი სამარჯვია და აღზრდის რთულ გზაზე უზარმაზარ დახმარებას გვიწევს, ამიტომ რაც უფრო მეტი მასწავლებელი წაიკითხავს საბავშვო ლიტერატურას, მით უფრო დადებითად აისახება ეს ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო პროცესზე.

 

ბალიშები სკოლაში

და აი, შვიდი თვის შემდეგ, როგორც იქნა დადგა ბალიშების სკოლაში მიტანისა და ბავშვებისთვის საიდუმლოს გამხელის საოცნებო დღე. არცერთმა მერვეკლასელმა არ იცოდა ჩემი ჩანაფიქრის შესახებ. თავდაპირველად მინდოდა, ოთხივე კლასისთვის ერთდროულად მიმეტანა სკოლაში ბალიშები და ყველა ერთად გამეხარებინა, მაგრამ ზაფხულის არდადეგები კარს მოგვადგა, შინ კი ამდენ ბალიშს ვეღარ ვატევდი. წინასწარ სათითაოდ გავრეცხე და მეცხრე სართულის აივნის თოკებზე გამოვფინე მრავალფეროვანი ლიტერატურული გალერეა. ცაში მერცხლები დაფრინავდნენ, ქარი კი მოხატულ ბალიშებს აფრიალებდა.

ყუთში ერთ ბალიშთან ერთად მოვათავსე 25 წიგნი, საკლასო ოთახში შევიტანე და მოსწავლეებს ვთხოვე ვარაუდების გამოთქმა ყუთში დამალული 2 ნივთის შესახებ.

რა აღარ თქვეს: ჩირაღდანი, საშინაო დავალებების ძველი რვეულები, „ვეფხისტყაოსანი“, საკერავი მანქანა, ნაჭრები, „ბაში-აჩუკთან“ დაკავშირებული ნივთები…

დაფაზე დავწერე სიტყვა „სიხარული“ და ვთხოვე, თითოეულს ეთქვა ერთი რამ, რაც ამ სიტყვის გაგონებისას ახსენდებოდათ.

შემდეგ სიხარულის მნიშვნელობა განმარტეს.

საიდუმლოს გამხელის დრო რომ დადგა, კარზე კაკუნი გაისმა. გაღებულ კართან ვეებერთელა ატმისფერი ტომრები იდო. ასე შეიტყვეს ბავშვებმა სიურპრიზის შესახებ.

ბავშვებს სათითაოდ გადავეცი მოხატული ბალიში და წიგნი. შევთანხმდით, რომ ორ კვირაში შევიკრიბებოდით და ლიტერატურულ კაფეში წარადგენდნენ წაკითხულ წიგნს, წარდგენის ფორმად კი მოხატული ბალიში გვექნებოდა.

შინ რომ ვბრუნდებოდი, სკოლის კარში მერვეკლასელი გოგო-ბიჭები გადიოდნენ. ზოგს იღლიაში ამოეჩარა ბალიში, ზოგს თავზე შემოედო, ზოგს გულზე მიეხუტებინა, თითქოს ბალიშები გაცოცხლდნენ და დამოუკიდებლად მიემგზავრებოდნენ ახალი თავგადასავლებისკენ.

ახლა მეექვსე კლასისთვის დავიწყე საკითხავი ლიტერატურის შერჩევა და უკვე ორი ბალიში შევკერე.

სტატიას დავასრულებ ამერიკელი ფსიქოლოგისა და მოაზროვნის ერიხ ფრომის მოსაზრებით, რომელიც რამდენიმე წლის წინ მის ნაშრომში „სიყვარულის ხელოვნება“ ამოვიკითხე და, შეიძლება ითქვას, მასწავლებლობისას ჩემი მამოძრავებელი ძალა გახდა:

„ყველაზე მნიშვნელოვანი არა მატერიალური ნივთების, არამედ ადამიანურ ფასეულობათა გაცემაა. რას აძლევს ერთი ადამიანი მეორეს? აძლევს საკუთარ თავს, ყველაზე ძვირფასს, რაც გააჩნია, საკუთარ სიცოცხლეს. აქ, არ არის აუცილებელი, იგულისხმებოდეს სიცოცხლის მსხვერპლად გაღება – არამედ მხოლოდ გაღება იმისა, რაც ცოცხალია ადამიანში. ის გასცემს საკუთარ ინტერესებს, გაგებას, ცოდნას, იუმორს, დარდს – ყველა გამოვლენასა და გამოხატულებას იმისა, რაც მასში ცოცხალია. ამგვარი ქმედებით სხვა ადამიანს ამდიდრებს, ზრდის მასში სიცოცხლისუნარიანობის შეგრძნებას ამ განცდის საკუთარ თავშივე გაზრდით. გასცემს უანგაროდ; გაღება თავისთავად მძაფრი სიხარულია. გაცემისას ადამიანს არ შეუძლია, გვერდი აუაროს სიახლის შეტანას სხვის ცხოვრებაში და შემდგომ, რასაც იგი წარმოშობს, მასზევე აირეკლება. […] ამრიგად, მეორე ადამიანსაც ეძლევა საშუალება, გასცეს და თავადაც გაიზიაროს ბედნიერება, გამოწვეული იმით, რაც მის ცხოვრებაში შემოვიდა. გაცემის ქმედებაში რაღაც იბადება და ორივე ადამიანი მადლიერია იმ სიახლისა, რომელიც მათთვის იშვა“. (ფრომი 2017, 36)

ეს კი ჩემი Youtube-არხია, სადაც შეგიძლიათ იხილოთ მოხატული ბალიშებით წარდგენილი წიგნების შესახებ ჩაწერილი ვიდეომასალა:

https://www.youtube.com/@%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ერიხ ფრომი, სიყვარულის ხელოვნება. მთარგმნელი – ეკატერინე შაქარაშვილი, რედაქტორი – ელენე სარალიძე. თბილისი, აზრი, 2017

ქელეხის ძაღლი

0

„გულის სიღრმეში ყველა მასწავლებელს ეშინია, მოსწავლეები ისე არ მოექცნენ, როგორც ის თავის მასწავლებელს ექცეოდა“.

პატარა ბიჭი მზისგან გადაყვითლებულ მინდორში, მიტოვებული სახლის წინ იდგა. ამბობდნენ, რომ ეს მღვდლის სახლი იყო. იმ დროში, როცა ხალხს ღმერთი ჯერ კიდევ სჭირდებოდა.

თუ ახლა ამ სახლს გადაწვავდა, ნახშირი დარჩებოდა და ამ ნახშირს მეზობელ დიდ ქალაქში გაყიდიდა. ყველა დროში არიან ადამიანები, თავის გადასარჩენად ცუდის გაკეთება რომ უწევთ. ის სუსტი იყო, თანასოფლელებივით ტყიდან მძიმე მორების თრევა არ შეეძლო.

ამიტომაც აირჩია სოფლისგან მოშორებით მდგარი ძველი სახლი, რომელსაც გორაკიდან თეთრი სალოცავი დასცქეროდა.

ბიჭმა ხმელი ბალახის ბღუჯას ცეცხლი მოუკიდა და სახურავზე შეაგდო. არ გაქცეულა – სახლი შორს იდგა და უპატრონო სალოცავის გარდა ხანძარს მოწმე არ ჰყავდა.

ფიჭვისგან გამოთლილი კოჭები და ფიცრები სწრაფად აბრიალდა. ამოვარდნილმა ალმა სახეში ამოჰკრა ბიჭს. ის შეხტა, ბალახზე ფეხი აუცურდა და ცეცხლში ჩავარდა.

უნაკვერჩხლოდ დაიფერფლა სახლი, ნაკვერჩხალს მხოლოდ ეკლიანი ხეები ტოვებენ.

……………………………………………………………………………………………………………………………………

სკოლა რელიგიური იყო, მოსწავლეები გაკვეთილს ლოცვით იწყებდნენ და მწერლებთან ერთად წმინდანებიც დასცქეროდნენ თავზე. ხალხს ახლა ეპოვა თავისი წილი ღმერთი: უშნო, მანკიერი და სასტიკი.

 

სამასწავლებლოს კედელზე სოფლის მოძღვრის ფოტო ეკიდა, რომლის ნათქვამისა უპირობოდ სჯეროდა ხალხს. მოძღვარი ამბობდა, რომ მეორედ მოსვლისას სწორედ ამ სოფლის კლდოვანი გზით მოვიდოდა მაცხოვარი და სამსჯავროს სწორედ იმ ენაზე ჩაატარებდა, რომელზეც ამ სოფელში ლაპარაკობდნენ.

მოძღვარი ამბობდა, რომ მათი სოფელი ღვთისმშობლის წილხვედრი იყო და მისი მფარველობით გადარჩებოდნენ. ხალხსაც სჯეროდა. მასწავლებლებიც და მშობლებიც ფიქრობდნენ, რომ წმინდა მარიამი, მათ შვილებს კალთას გადააფარებდა. მღვდელი მიხრწნილი იყო, მნათე და დიაკვანი ამბიონზე დიდებული ტახტრევნით გამოაჩოჩებდნენ ხოლმე, როგორც აფრიკელი ტომები მკვდარ, გაფიჩხულ წინაპარს ქოხის წინ თაყვანის საცემად. სად იყო სამართალი, თორემ მოძღვარს კოცონში ჩაწვა ეკუთვნოდა მრევლის დაბრმავებისთვის. იქნებ თვითონაც არ უნდოდა, რომ გაეღმერთებინათ, მაგრამ დაჰყვა, შეიტკბო და შეიფერა.

ცოცხალ წმინდანად მოიხსენიებდნენ, თუმცა ის არც ცირკის არენაზე შეუგდია ვინმეს ლომების პირისპირ, არც სვეტზე მდგარა მშიერ-მწყურვალი. არა, მას ფუფუნება უყვარდა, უნახავის სიყვარულით. მისი შარავანდედით დაბრმავებული მრევლი ვერ ხედავდა მის მანკიერებას, ვერც იმას, რომ მღვდელი დიდი ხანია მკვდარი იყო. უბრალოდ, მნათე და დიაკვანი მალავდნენ ამას, რადგან მღვდელი ამბობდა, რომ მეორედ მოსვლა მის სიცოცხლეში მოხდებოდა.

ყველა მასწავლებელი მარხვის სათნოებაზე საუბრობდა. გახსნილებისას გემრიელად მიირთმევდნენ. ამ დროს ბავშვები მშივრები დალაწლაწებდნენ დერეფანში. იქ, იმ სოფელში, ფურებზე უფრო მეტს ფიქრობდნენ, ვიდრე ბავშვებზე. კოჭლი მასწავლებელი ჯიბით უზიდავდა ბავშვებს მასწავლებლების მონარჩენ საჭმელს.

მასწავლებლებს ქვეყნის შორეული სალოცავების მოლოცვა უყვარდათ და ყველა განსხვავებულის ცეცხლში დაწვაზე ოცნებობდნენ. ერთადერთი, ვინც მათ არ დასდევდა, ხაზვის მასწავლებელი იყო. საერთოდაც, ის ერთადერთი იყო, ვინც ბავშვებს გაკვეთილს ლოცვით არ აწყებინებდა. ის სხვა მასწავლებლებივით არ დადიოდა ღმერთის დასაცავ ხმაურიან დემონსტრაციებზე. „რელიგიისგან გაუბედურებული ბევრი მინახავს, გაბედნიერებული კი ცოტა. თავიანთი წმინდა წიგნებით ისე იწამლებიან, რომ მზად არიან, სხვებს თვალები გამოსთხარონ“, – ამბობდა ის, როცა მოსწავლეებთან ერთად სვამდა ხოლმე. არადა, ყველა მასწავლებელზე მეტად მას სწამდა ღმერთის, უბრალოდ ღმერთის მსახურები სძულდა, რომლებიც ერთი პირით წყევლიდნენ ეშმაკს და მეორე პირით ემადლიერებოდნენ, რადგან ის აჭმევდათ.

მასწავლებელი კოჭლი იყო, ნამლევა, წრიპინახმიანი.

არ უყვარდა, რასაც ასწავლიდა, მაგრამ რა ექნა, კოჭლები იმ სოფელში შიმშილით იხოცებოდნენ.

ის ერთ, ამოჩემებულ წინადადებას იმეორებდა: „ცხოვრებაში სწორი ხაზების გავლება აუცილებელი არ არის“, – და ერთთავად ნახშირით ხატავდა ღუმელზე. როცა გაკვეთილი მშვიდად მიდიოდა, ხატავდა კლდეს და კლდის პირას, ფიჭვების ჩრდილში – ქოხს. როცა ბავშვები ტირილამდე ამწარებდნენ – ალში გახვეულ სახლს. მე მათზე ვფიქრობ, ისინი კი გულს მგლეჯენ, – ამბობდა ის. ჯერ კიდევ ვერ ესწავლა, რომ თუ გინდა, გული არ გაგისკდეს, ყურები უნდა დაიყრუო და თვალები დაიბრმავო.

ბავშვები მის გაკვეთილზე მხოლოდ გასართობად დადიოდნენ. ან რატომ უნდა მოეკლათ თავი იმ საგნის სწავლისთვის, რომლის მასწავლებელიც ამბობდა, რომ არასოდეს ეკეთებინათ საქმე, რომელიც არ მოსწონდათ? არადა მასწავლებლები სწორედ თავისუფლებას ვერ პატიობენ ბავშვებს, რადგან ის არასოდეს ჰქონიათ. თანაც ამ მასწავლებლის არ ეშინოდათ, მას, სხვებისგან განსხვავებით, ცემა არ შეეძლო. განსაკუთრებით ერთი ბიჭი უყვარდა. ეხვეწებოდა, ეხატა, რადგან ნიჭი ჰქონდა. თითქოს ვერ ამჩნევდა, რომ ბიჭი დასცინოდა და საერთოდ არ ფიქრობდა ხატვაზე. ბავშვები დიდებზე სასტიკები არიან, მაგრამ ეს არ იციან.

ბავშვები ამ მასწავლებელს იმის გამოც დასცინოდნენ, რომ მას მათი მშობლებიც იგდებდნენ აბუჩად. ცოლს ვერ იჭერს, ბავშვები როგორ უნდა დაიჭიროსო. მის გასაგონადაც ხშირად ამბობდნენ ამას. იმ სოფელში დიდი გული მხოლოდ უბედურებთან ჰქონდათ, ძლიერებს უჩუმდებოდნენ.

მასწავლებელს უპატრონო ძაღლივით უყვარდა ქელეხები, ამიტომ ხალხს მისი ნამდვილი სახელი დავიწყებოდა – ყველა „ქელეხის ძაღლს“ ეძახდა. შვილმკვდარ მამასავით ანგარიშმიუცემლად ჭამდა, თითქოს ეს მისი ბოლო ჭამა იყო და ამის შემდეგ უდაბნოში მიდიოდა სამარხულოდ.

სუფრაზე მორჩენილ თევზისა და ხორცის ნაჭრებს ფართხუნა პიჯაკის ჯიბეებში ილაგებდა. სახლისკენ მიმავალს, ორღობეში ეწუწებოდა ნაქურდალი საჭმლის წვენი. უბოროტოდ დასცინოდნენ – ის არ იყო ანგარიშგასაწევად წარმოსადეგი, ღვარძლიანად რომ დაეცინათ.

სკოლიდან მხოლოდ იმიტომ არ უშვებდნენ, რომ მოგვწონს, როცა მოწყალებას ვიღებთ.

……………………………………………………………………………………………………………………………………

მის მოსწავლე „თევზს“ ეგონა, მისი მასწავლებელი ისევე ვერ აკავებდა ცოლს, როგორც ცოლი – ჩვილ ხბოს, რომელიც დედისკენ იწევდა ძუძუს საწოვად.

მასწავლებლის ცოლი კაციც იყო სახლში. ის დასდევდა ნოემბრის ნისლში მაჟალოს საჭმელად ტყეში გაპარულ ორ ძროხას. ის ხეთქავდა მძიმე, სქელპირა ცულით კუნძებს. ის აბრუნებდა ურწან მიწას კარტოფილის დასათესად. მიუხედავად ყველაფრისა, მხიარული ქალი იყო, ზარივით ისმოდა მისი სიცილი. დასაფასებელია, გაჭირვებულს სიცილი რომ შეუძლია.

ბიჭმა პირველად ტყისკენ გაქცეული საქონელი მოუბრუნა. ქალმა თბილი თვალებით უთხრა, რომ ძალიან საყვარელი იყო და რომ გალუმპვას გადაარჩინა. ქალს ბოსლისა და ღუმლის სუნი ასდიოდა. მან არ იცოდა, როგორ იწვალებდა უბეს ბიჭი მასზე ფიქრში და მასაც მოსწონდა ეს ცელქი და მისი ქმრისთვის სისხლის გამშრობი.

……………………………………………………………………………………………………………………………………

სიცხეში ბიჭი მარტო თოხნიდა კარტოფილს. გამეტებით სცემდა თოხს გახევებულ მიწას. სიჩქარეში ქორფა კარტოფილსაც ჭრიდა. გამოუცდელი იყო, უჭირდა სარეველას გარჩევა.

მასწავლებლის ცოლი მოვიდა და ყოჩაღო, შესცინა თბილი თვალებით. კვალში ჩადგა და კარტოფილის მარგვლა დაიწყო, რომ ბიჭს თოხნა გაადვილებოდა.

ცხელოდა. ბიჭი მოიკუნტა, ცხელი ოფლი შუბლიდან თვალებში ჩაუვიდა და აუწვა. მასწავლებლის ცოლი მივიდა და თვალები ხელის ზურგით ამოუმშრალა. ქალს მიწის, ბოსლისა და სურვილის სუნი ჰქონდა.

ქალი შეყოვნდა: „მე სულ მარტო ვარ, წლებია, მარტოს მძინავს და ზურგიც საშინლად მტკივა“. ქალი ბიჭს დაგემოვნებით კოცნიდა დამწვარ თვალებზე და ტუჩის კიდეზე. ბიჭმა, სანამ მუხლები მოეკეცებოდა, დაინახა, როგორ დახუჭა ქალმა თვალები, როცა სველ უბეში ხელი ჩაუცურა. მერე, თითქოს იქ გველი დახვდაო, უცებ ამოაცურა ხელი და გაიქცა. სქელი ფეხებით თელავდა თავის გამარგლულ კარტოფილს. ბიჭს სირცხვილნარევი სიამაყით უხაროდა სველი საცვლისა და პირველი გამარჯვების გამო.

……………………………………………………………………………………………………………………………………

მეორე დღეს მოსწავლე უფრო მეტად ცდილობდა, კოჭლი მასწავლებელი წრიპინა ლაპარაკით გამოეჯავრებინა. ბიჭს არ ესმოდა, რომ არ შეიძლება სიცილი, როცა ვიღაც ტირის. წიგნებსაც კი, სადაც ვიღაცის ტირილის დროს იცინიან, გულბოროტი და უნიჭო მწერლები წერენ.

ბიჭს კი იმიტომ არ ესმოდა, რომ მგრძნობიარე და უბედური იყო. მას რცხვენოდა თავისი სიღარიბისა და იმ ნაჩუქარი ტანსაცმლის, რომლითაც ყოველდღე დადიოდა სკოლაში. უნდოდა, ძლიერი ყოფილიყო და ყველა მჩაგვრელს მორეოდა. უნდოდა, კარგად ეთამაშა ფეხბურთი. იმ სკოლაში ყოჩები ფეხბურთის მოთამაშეები იყვნენ. მისი კლასის ყოჩი მისი სეხნია და მოგვარე იყო. ლამაზი და კარგი მოსწავლე, იმ სკოლის მორწმუნე მასწავლებლების თვალში დიდი პატივისცემით სარგებლობდა.

ბიჭს მასთან მეგობრობა უნდოდა, მაგრამ მოგვარე თავს არ უყადრებდა. ფეხბურთის თამაშის დროს მისი არჩევა არავის უნდოდა.

იმ დღეს კი ერთი მოთამაშე აკლდათ, უბედური ბიჭის არჩევა მოუწიათ და მოგვარის გუნდში მოხვდა.

უბედური მოსწავლე დაძაბული თამაშობდა. თან ძალიან უნდოდა თავის გამოჩენა, თან გულის სიღრმეში იმას ნატრობდა, მისთვის ბურთი არავის მიეწოდებინა. ეშინოდა, რომ დაკარგავდა და მოგვარე წაუთაქებდა.

მოულოდნელად მოუვიდა ბიჭს ბურთი, ალალბედზე ამოჰკრა და კარში შეაგდო. ვერ იჯერებდა – ეს მისი უკვე მეორე გამარჯვება იყო ხელის ჩაცურების შემდეგ.

მოგვარემ შეაქო, როგორც გადამწყვეტი ბურთის გამტანი. მაგრამ უბედურ ბიჭს უფრო მეტი უნდოდა.

– მე ქელეხის ძაღლის ცოლმა მაკოცა!

– მატყუარა! – წამოარტყა. ბავშვებმა არ დაიჯერეს, თუმცა ყველას მოუყვნენ ამის შესახებ. მამებსაც, რომლებმაც ჩაიცინეს.

ბიჭმა იმ ღამეს ბევრი ივარჯიშა, რომ მასწავლებელი სიარულშიც გამოეჯავრებინა. გაკვეთილზე შესვლამდე მასწავლებლის დასანახად ჩლახაჩლუხით ავიდა კიბეზე. თვალებს ისრესდა და წრიპინებდა, მეწვისო. სხვა ბავშვებმაც აიფარეს თვალებზე ხელი და აწრიპინდნენ. მასწავლებელს არაფერი შეუმჩნევია. არც მაშინ, როცა პიჯაკის ჯიბიდან მოსწავლის ჩადებული თევზის ფხა ამოიღო.

იმ ღამით უბედურმა ბიჭმა გაიგონა, როგორ ტიროდა მასწავლებლის მსუქანი, უშნო ცოლი და როგორ ყვიროდა ქელეხის ძაღლი:

– ნებისმიერი, მის გარდა! ნებისმიერი, მის გარდა!

მთვარის შუქზე მოსწავლემ დაინახა, როგორ გამოჩლახუნდა მისი მასწავლებელი რკინის აივანზე. „ის მოვა! ის მოვა!“ – ახლა ამას ყვიროდა და ეს არ იყო რისხვის ხმა.

ისინი ხომ იმიტომ დაქორწინდნენ, რომ შვილები უნდოდათ, მაგრამ კაცს შვილის გასაკეთებელი სიმაგრე არასოდეს ჰქონია. „პირუტყვ კაცებს ჰყავთ შვილი და მე არ მყავს“. ის კი არ იცოდა, რომ შვილებს საერთოდაც არ უნდათ, პირუტყვი მშობელი ჰყავდეთ.

დარდობდა: „რისთვის ვრგავდი ხეებს? აკაციებს, არყებს და ვაშლებს, რომელთა ნახევარიც გახმა?“ მან გვიან ისწავლა, რომ ნერგის დარგვა შემოდგომაზე ჯობია და არა გაზაფხულზე. შემოდგომაზე დარგულს მიწა ალბობს, გაზაფხულზე დარგულს კი მზე უსწრებს და წვავს.

ქელეხის ძაღლს მხოლოდ ენით მუშაობა შეეძლო, ისიც მაშინ, როცა ქალი სახეზე დააჯდებოდა. პირქვე თავჩახრილს, მოკლე ფეხი აუტანლად სტკივდებოდა. ის იმ ქალს ელოდა, რომელიც დაჰპირდა, რომ აუცილებლად მოძებნიდა, სულ რომ ათი შვილი ჰყოლოდა კაცს. თანაც არწმუნებდა, აუცილებლად ეხატა, რადგან ეს ძალიან კარგად გამოსდიოდა. ქელეხის ძაღლს სჯეროდა, რომ ქალი მოვიდოდა და რომ იმ ქალთან ყველაფერი გამოუვიდოდა. თუმცა ხატვით მხოლოდ მაშინ ხატავდა, როცა ის ქალი მასთან იყო. ახლა კი კოჭლთან ერთად ლოთი იყო და ქურდი. ქალს ზეჰრა ერქვა და მასაც უყვარდა ეს კაცი და ელოდა იმ დღეს, როცა მისი ხალხი გაიზრდებოდა და ტაბუს დარღვევას აპატიებდა, ქრისტიანი კაცის საყვარლობას. მერე და მერე შეიძლება იმასაც ფიქრობდა, რომ კაცი ბედნიერი იყო ცოლითა და თბილი სამსახურით. კაცს კი ისე უყვარდა, რომ არასოდეს გაუვლია გულში წყენა, აქაოდა, ის ბედნიერია, მე კი ვიტანჯებიო. არც მაშინ, როცა სკოლის კიბეზე ფეხებს ძლივს მიათრევდა, არც მაშინ, როცა ის და მისი ცოლი ერთმანეთს ტანჯავდნენ. არც მაშინ, როცა მისი მოსწავლეები ჯიბეში მოხარშული თევზის თავს უდებდნენ. არ ეძახდა ის ქალი, თორემ ცხრა მთას გადაივლიდა კოჭლი ფეხით.

მისი სოფელი თუ ჯოჯოხეთის ცხელ ქვაბს ჰგავდა, ზეჰრას სოფელში წვიმის ნოტიო სუნი იდგა მუდამ. ის ანგელოზივით ლამაზი იყო, მაგრამ ამბობდა, რომ ერჩივნა, მამაცი ყოფილიყო.

……………………………………………………………………………………………………………………………………

ერთი კვირის შემდეგ გამოჩნდა ქელეხის ძაღლი სკოლაში. ახლა თითქოს უფრო უხეში მონასმით ხატავდა ცეცხლმოდებულ სახლს ღუმელზე. ორჯერ ჩაეფხვნა ხელში ნახშირი. გაკვეთილის დამთავრებისთანავე უბედურ მოსწავლეს უთხრა, კლასში დარჩენილიყო. ბიჭი ყინჩად იდგა, მისი კლასელები წრიპინითა და ტანის გადაქნევით გავიდნენ კლასიდან. ბიჭი მოიბუზა, როცა დაინახა, როგორ აიღო ქელეხის ძაღლმა შეშის გროვიდან ფიჭვის ნაპობი და მისკენ წავიდა. ქელეხის ძაღლმა მოსწავლეს ხელი გამოაწევინა, მაგიდაზე დააწყობინა და ნაპობი დაჰკრა. სატკენად არა, უფრო გამოსაფხიზლებლად. ასე ურტყამენ ძროხებს, როცა უნდათ, ააჩქარონ.

– ზოგჯერ სწორი ხაზების გავლება აუცილებელია, – უთხრა მან თავდახრილ მოსწავლეს.

……………………………………………………………………………………………………………………………………

მხატვარი ორღობეში კოჭლობით მიმავალ გამხდარ ჩია კაცს ხატავდა. თავის მოსწავლეებზეც ფიქრობდა. ხატავდა ლამაზ ქალსაც, რომელიც მისი მასწავლებლის სახლთან მივიდა, მერე კი ღიმილით ხრიოკ გორაზე სასაფლაოს ქვიან გზას აუყვა.

– მე მოვედი…

მე მოვედი…

ჩემო ტკბილო ევლია, – ამბობდა ღიმილით ქალი.

კონცერტი ჩვენს ეზოში – რამდენიმე ტექსტი და აქტივობა სიკეთის გაკვეთილებისათვის

0

ტექსტი 1

როგორ მოვიდა ბიმბო

ერთხელ გიოს ეზოში შავზე შავი, ფუმფულა ლეკვი მოვიდა. ჭუჭყიანი, შეშინებული ლეკვი ბავშვებმა მაშინვე ვერ შეამჩნიეს.

იცით, როგორი ლეკვი იყო? შავი, ფუმფულა, ჩაბუთხუზებული, ლურჯთვალა. როცა გიო მიუახლოვდა, ლეკვმა გაქცევა და დამალვა სცადა. სწორედ მაშინ დაინახა ბიჭმა მისი ნატკენი ფეხი.

– ეი, ცუგო! – დაუძახა ბიჭმა და ხელი გაუწოდა. ძაღლმა დაყნოსა და ალოკა, მერე კი მოფერების უფლებაც მისცა.

ამასობაში სხვა ბავშვებიც შემოეხვივნენ. ზოგმა საჭმელი ჩამოუტანა, ზოგმა – ფუმფულა დასაგები, დაბანეს, გაალამაზეს, ყელზე ოქროსფერი ზანზალაკი შეაბეს და ბიმბო დაარქვეს.

ასე გახდა ლეკვი მათი ეზოს ბინადარი.

ერთი ციდა ლეკვი იყო, მაგრამ იმდენი რამე სჭირდებოდა: სახლი, ვეტერინართან წაყვანა, მკურნალობა…

ბავშვებმა ფულის მოსაგროვებლად ეზოს კონცერტის გამართვა გადაწყვიტეს.

 

კითხვები პირველი ტექსტისთვის:

  • როგორი იყო ლეკვი?
  • ვინ დაინახა ლეკვი პირველად?
  • რას ნიშნავს „ერთი ციდა“?
  • როგორ მოიქცნენ ბავშვები?
  • რა გადაწყვიტეს მათ?
  • ხომ არ იცი, რისი ექიმია ვეტერინარი?
  • შენ გყავს შინაური ცხოველი?
  • წაგიყვანია შინაური ცხოველი ექიმთან?
  • რა მიზეზით გყავდა შენი შინაური ცხოველი ექიმთან?

 

ტექსტი 2

საქველმოქმედო კონცერტი

აი, კონცერტის სამზადისიც დაიწყო.

პროგრამაში შედიოდა ცეკვები, სიმღერები და რამდენიმე ლექსიც.

ერთი რეპეტიცია საკმარისი აღმოჩნდა, ყველამ ძალიან კარგად დაისწავლა თავისი როლი. შენ არ იცი, როგორი ნიჭიერი ბავშვები ცხოვრობდნენ იმ ეზოში! თუმცა ყველა ეზოში ძალიან ნიჭიერი ბავშვები ცხოვრობენ. შენთანაც, ხომ?

კონცერტის აფიშა ანიკამ დახატა.

აი, ასეთი აფიშა ჰქონდათ:

 

მშობლებო

მეზობლებო

და გამვლელებო

 

შაბათს, საღამოს, ჩვენს საქველმოქმედო კონცერტზე გეპატიჟებით,

ვიცეკვებთ, ვიმღერებთ და გაგამხიარულებთ.

ბილეთის ფასი ერთი ლარი

კონცერტი საქველმოქმედოა

 

გელოდებით

ჩვენი ეზოს ბავშვები!

ძალიან კარგი საღამო გამოვიდა.  არც უწვიმია, არც ქარი ამოქროლებულა. მშვიდი და თბილი ამინდი იყო. კონცერტზე ბევრი ხალხი მოვიდა, უფროსები სიხარულით უკრავდნენ ტაშს მომღერალ ბავშვებს.

ბოლოს სცენაზე გიო და ბიმბო გამოვიდნენ. გიოს უნდოდა ეჩვენებინა, როგორ ასწავლა ბიმბოს ჯოხის მოტანა, მაგრამ ბიმბომ ყველაფერი ჩაშალა, ზედმეტად გამხიარულდა და სცენაზე სირბილს და ყეფას მოჰყვა.

საღამოს შეგროვებული ფული დათვალეს. თანხა ბიმბოს ვეტერინარისა და წამლებისთვის ეყოფოდა.

სახლის აშენება კი თავად გადაწყვიტეს.

 კითხვები მეორე ტექსტისთვის

  • როგორი იყო კონცერტის სამზადისი?
  • აფიშაზე რა დაწერეს?
  • როგორ ჩაიარა კონცერტმა?
  • რა შედეგი ჰქონდა კონცერტს?

ტექსტი 3

ბიმბო ჩვენი ძაღლია!

ბიმბო მათი ეზოს ძაღლი გახდა. მისი მოვლა კი არც ისე ადვილი აღმოჩნდა. იმდენი რამე იყო საჭირო!

ჯერ ვეტერინართან წაიყვანეს და აცრეს. აცრა ბიმბოს ძაღლებისთვის საშიში დაავადებისგან დაიცავდა.

მერე ძაღლების სალონში დაბანეს და გაალამაზეს.

მერე საკვებისა და წყლისთვის ჭურჭელი შეურჩიეს.

მერე ბიმბოს გასეირნების ცხრილი შეადგინეს.

ბიმბოსთვის ბუდრუგანას ასაშენებლად ფიცრები, ლურსმნები და ჩაქუჩი მოიმარაგეს, უფროსებიც დაიხმარეს და  კოხტა სახლიც აუშენეს. სახლს ლამაზი, წითელი სახურავი ჰქონდა, ხოლო იატაკზე ფუმფულა საბანი ეფინა.

როდესაც სამზადისი დაასრულეს, დაბანილი და ნაჭამი ბიმბო თავის პაწია სახლში ყეფა-ყეფით შევარდა.

როგორც ჩანს, ძალიან მოეწონა თავისი სახლი, რადგან საბანში გაეხვია და ტკბილად დაიძინა.

კითხვები მესამე ტექსტისთვის:

  • როგორ დაიწყეს ბავშვებმა ბიმბოს მოვლა?
  • როგორი იყო ბიმბოს სახლი?
  • როგორი მოვლა სჭირდება ძაღლს?
  • ჩამოთვალე, რა არის საჭირო ძაღლის ჯანმრთელობისთვის.
  • როგორ მიხვდი, რომ ბიმბოს თავისი ძაღლი მოეწონა?

 

ნახე, რა კარგად დასრულდა ბიმბოს ამბავი? შენც შეგიძლია, უსახლკარო ცხოველებს დაეხმარო. გაუნაწილო საკვები, არაფერი ატკინო!

მოდი, ერთად წავიკითხოთ ამბავი ლეკვსა და კნუტზე, რომლებიც სკოლაში ცხოვრობდნენ.

 

ტექსტი 4

მეგობრები

კლავდია დევდარიანი

 

– რა გატირებს? – პატარა შავმა ფისომ კიბის ქვეშ შეიჭყიტა.

კიბის ქვეშ მიყუჟულმა თეთრმა ლეკვმა ცალი თვალი გამოახილა და უფრო ხმამაღლა აწუწკუნდა.

– რა გატირებს?

– მარტო ვარ, მეშინია

– ტირილი რას გიშველის, მეც მარტო ვარ, მაგრამ არ ვტირი

– აბა რას აკეთებ?

– დავდივარ, საჭმელს ვშოულობ, დედა არა მყავს და რა ვქნა…

– მეც მაგიტომ ვტირი.

– მერე ტირილი გშველის?

– ჩემი ტირილი ერთმა კეთილმა გოგომ გაიგონა და საჭმელი მოაქვს ხოლმე ჩემთვის.

– მოდი, დავმეგობრდეთ და აღარ იტირო. ცოტა მიიწიე, მეც დავეტევი.

შემცივნული ცხოველები ერთმანეთს ჩაეხუტნენ. ლეკვი ძილშიც წკმუტუნებდა, მაგრამ ფისოს ფუმფულა ბეწვით ჩამთბარს მალე ფერადი სიზმრები ეწვია. ფისოც ჩათბა და აკრუტუნდა.

დილით გოგონა მოვიდა, ლეკვს საჭმელი მოუტანა. ლეკვმა ფისოს გაუნაწილა.

მას შემდეგ ერთად ცხოვრობენ სკოლის კიბის ქვეშ თეთრი ლეკვი და შავი ფისო. ბავშვებმა სახლიც დაუდგეს და მორიგეობით აჭმევენ ხოლმე.

ისინიც ყველა ლუკმას ერთმანეთს უზიარებენ, ერთად თამაშობენ და ერთმანეთს უფრთხილდებიან

 

კითხვები მეოთხე ტექსტისთვის:

 

  • რატომ „აწუწკუნდა“ თეთრი ლეკვი?
  • სიცივეში რა გამოსავალი ნახეს ცხოველებმა?
  • ვის მოჰქონდა საჭმელი თეთრი ლეკვისთვის?
  • როგორ დასრულდა ეს ამბავი?
  • შენც ხომ არ გახსენდება მსგავსი ამბავი?
  • შენი აზრით, რა საერთო აქვს ამ ოთხ ტექსტს?

ენა, ექსპერიმენტი, ჩანჩქერი

0

უკვე თხუთმეტი წელია, პოლიტიკის მეცნიერებას ვსწავლობ. პროფესია ძალიან ადრე შევარჩიე, რადგან რამდენიმე შესანიშნავი მასწავლებელი მყავდა. ყველაზე დიდი გატაცებით გეოგრაფიის გაკვეთილებს ვესწრებოდი. კარგ გეოგრაფს შეუძლია, ძალიან ბევრი რამ ასწავლოს მოსწავლეს, რომელიც ახალი სამყაროს აღმოჩენას ესწრაფვის.

არასდროს დამავიწყდება მიწისქვეშა სართულზე მოწყობილი გეოგრაფიის კაბინეტი, სადაც ერთხელ კედელზე აფრიკის რუკა დაგვხვდა დაკიდებული, დაფაზე კი სამი სიტყვა ეწერა:

ენა, ექსპერიმენტი, ჩანჩქერი

მასწავლებელმა გვითხრა, რომ ჩვეულებრივი გაკვეთილი არ ჩაგვიტარდებოდა და უბრალოდ სამ საინტერესო ამბავს მოვისმენდით აფრიკის სამი სხვადასხვა სახელმწიფოს შესახებ. მოსწავლეთა ნაწილი სმენად ვიქეცით, ვიცოდით, რომ მაღალი რანგის პედაგოგი არ გაგვაწბილებდა და გასაოცარი მოვლენების შესახებ მოგვითხრობდა.

ენა

თავდაპირველად მასწავლებლის ჯოხმა სიერა ლეონეს საზღვრები შემოხაზა. ჩვენ მხოლოდ ის ვიცოდით, რომ სიერა ლეონე დასავლეთ აფრიკაში, ოკეანის სანაპიროზე მდებარე სახელმწიფო იყო. გვახსოვდა ისიც, რომ ქვეყნის სახელწოდება ითარგმნებოდა როგორც „ლომების მთა“. ერთმა თანაკლასელმა ისიც გაიხსენა, რომ „ლომების მთა“ დიდხანს იყო ბრიტანეთის კოლონია.

ზოგადგეოგრაფიული მახასიათებლებიც შევამჩნიეთ, რუკაზე დატანილ ეკვატორს მივაქციეთ ყურადღება და ნიშნის მოგებით აღვნიშნეთ, რომ რეგიონში აუცილებლად ეკვატორული ჰავა იქნებოდა გავრცელებული.

აქ შევჩერდით, გზა ვეღარ გავაგრძელეთ, სამ წუთში ყველაფრის თქმა მოვასწარით, რისი გამოწურვაც შესაძლებელი იყო ჩვენი გონებიდან.

– იცით, რა ენაზე საუბრობენ სიერა ლეონეში? – გვკითხა მასწავლებელმა.

ცხადია, კითხვაზე პასუხი არ გვქონდა. ყველაზე ჭკვიანმა გაბედა და ინგლისური ენის საერთო კოლონიურ მნიშვნელობაზე ჩამოაგდო სიტყვა, მაგრამ მალევე მიუთითეს, რომ უქმსიტყვაობაზე დრო არ დაეკარგა.

მასწავლებელმა თავად გადაწყვიტა ჩვენს კითხვაზე პასუხის გაცემა და მოსწავლეთა თვალწინ მრავალი განსაკუთრებული პროცესის გადაჯაჭვის შედეგად წარმოქმნილი სურათი გადაიშალა.

XVIII საუკუნეში სიერა ლეონეს ტერიტორია ინგლისის სხვადასხვა კოლონიიდან ჩამოყვანილი მონების თავმოყრის ადგილი გახლდათ. ქალაქ ფრიტაუნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაასახლეს კარიბის ზღვის აუზიდან და ჩრდილოეთი ამერიკის სხვადასხვა კუთხიდან ემიგრირებული პირები.

ჩამოსახლებული ჯგუფები სხვადასხვა უცნაურ ენაზე საუბრობდნენ. დიდ პლანტაციებში მონებისა და მონათმფლობელების ინტენსიური კონტაქტის საფუძველზე ინგლისურიც, აბორიგენებისა და აფრიკიდან შემოყვანილი მუშახელის ენებიც ფრაგმენტებად იშლებოდა და ამ ფრაგმენტების საფუძველზე ახალი ენობრივი ერთეული იქმნებოდა. წარმოიდგინეთ, რომ მეთვრამეტე საუკუნეში სიერა ლეონეს ტერიტორიაზე ერთად დასახლდა რამდენიმე ამგვარ ენაზე მოსაუბრე სოციალური ჯგუფი, რომელსაც დამატებით ადგილობრივ ტომებთან უწევდა ურთიერთობა.

შესაბამისად, ქვეყანაში ნოყიერი ნიადაგი გაჩნდა მორიგი ენობრივი გარდაქმნისთვის. ახლა კარიბის ზღვის აუზსა და ჩრდილოეთ ამერიკაში დაბადებულმა ენებმა დაიწყეს ფრაგმენტებად დაშლა და აფრიკულ დიალექტებთან შერწყმა ინგლისურის საფუძველზე. მრავალწლიანი თუხთუხის შემდეგ ჩამოყალიბდა სიერა ლეონეს მოსახლეობისთვის საერთო ენა – კრიო, რომელიც დღეს ამ გაუბედურებულ სახელმწიფოში ერთ-ერთი მთავარი საკომუნიკაციო საშუალებაა.

მოგვიანებით უნივერსიტეტში პროფესორი მარინა ბურძენიძე მასწავლიდა ენის სოციოლოგიას. მან აგვიხსნა კრეოლური ენების წარმოქმნის პროცესი, მათთან დაკავშირებული ფაქტორები. ლექციაზე გაოგნებული ვიჯექი და მიკვირდა, რომ პროფესორ ბურძენიძის მონათხრობი ჩემთვის ნაცნობ, ბავშვობაში მოსმენილ ამბავს პირდაპირ უკავშირდებოდა.

 

ექსპერიმენტი

ენების დაშლის, შერწყმისა და ახალი ერთეულების წარმოქმნის ფენომენი ჯერ გააზრებულიც არ გვქონდა, რომ რუკის საჩვენებელ ჯოხად ქცეული ფარდის წვრილი წკირი სიერა ლეონეს მეზობელ ქვეყანას მიუახლოვდა.

– რა იცით ლიბერიის შესახებ? – გვკითხა ჟაკ პაგანელის კოლეგამ. ჩვენ მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ლიბერიის დროშა რაღაცით აშშ-ის ეროვნულ სიმბოლოს ჰგავდა. თურმე ეს მსგვავსება შემთხვევითი არ ყოფილა. თურმე ექსპერიმენტებს მხოლოდ ბუნებისმეტყველნი კი არ ატარებენ, შეიძლება, სახელმწიფოსაც კი ექსპერიმენტის სახე ჰქონდეს.

მოგეხსენებათ, აშშ-ში თავშესაფარი პოვა დიდი ბრიტანეთიდან გაქცეულმა არაერთმა რელიგიურმა დისიდენტურმა ჯგუფმა. იქ ახალი სიცოცხლე დაიწყო მრავალმა რელიგიურმა დენომინაციამ. მაგალითად, ახალ კონტინენტზე ფრთები გაშალეს კვაკერებმა და პრესბიტერიანელებმა – ბრიტანელმა და უელსელმა პროტესტანტებმა, რომლებიც აშშ-ის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საკმაოდ გავლენიან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ერთეულად იქცნენ. ისინი როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ მონობას. ცხადია, მონობის ერთბაშად დამარცხება შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომ კვაკერებმა და პრესბიტერიანელებმა მონობიდან დახსნილ აფროამერიკელებზე ზრუნვა გადაწყვიტეს. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში მათი თაოსნობით დაფუძნდა კოლონიზაციის საზოგადოება. საზოგადოების მიზანი გახლდათ აფრიკაში ტერიტორიის პოვნა, ამ ტერიტორიაზე მონობიდან დახსნილი შავკანიანების გადასახლება და მათთვის ახალი სახელმწიფოს შექმნა.

ამბავმა ძალიან გაახარა ზოგიერთი მონათმფლობელიც. მათ ეშინოდათ, რომ გამოსყიდული, გაქცეული და გათავისუფლებული ყოფილი მონები მონობაში დარჩენილთა ბორკილების დასამსხვრევად აჯანყებას დაიწყებდნენ. ხელსაყრელი გარემოს შექმნისთვის ისინიც აქტიურად უჭერდნენ მხარს საზოგადოების საქმიანობას.

საზოგადოების საქმიანობა წარმატებული აღმოჩნდა. კვაკერებმა და პრესბიტერიანელებმა მრავალი აფრიკელი დააბრუნეს გვინეის ყურის სანაპიროზე, მოგვიანებით კი დაეხმარნენ მათ, ეკვატორთან ახლოს ამერიკის კონსტიტუციის კოპირების შედეგად შექმნილი სახელმწიფო დაეფუძნებინათ. ექსპერიმენტმა ნაწილობრივ გაამართლა, რადგან ლიბერია დღემდე არსებობს.

 

ჩანჩქერი

ჩვენ ქართულ-გერმანული საჯარო სკოლის მოსწავლეები ვიყავით. გერმანიის შესახებ ბევრს გვიყვებოდნენ, მაგრამ ზოგიერთი მოვლენის გახსენება ავიწყდებოდათ. გერმანიამ ვერ მოასწრო ბრიტანეთისა და საფრანგეთის, ესპანეთისა და პორტუგალიის, ბელგიისა და ჰოლანდიის მსგავსად სამხრეთი ნახევარსფეროს გატყავება, მაგრამ ისიც კოლონიზატორი იყო.

ბერლინის მიერ კონტროლირებადი მთავარი სამხრეთული ტერიტორიები გახლდათ გერმანული სამხრეთ-დასავლეთი აფრიკა და გერმანული აღმოსავლეთი აფრიკა – თანამედროვე ნამიბია და ტანზანია. ისინი ერთმანეთს მხოლოდ ოკეანეებით უკავშირდებოდნენ. გერმანელი ვაჭრები და მეზღვაურები, ადმინისტრატორები და ჯარისკაცები გატანჯულნი იყვნენ უზარმაზარ საზღვაო მარშუტზე ტვირთების გადაზიდვით, ამიტომ მუდმივად ეძებდნენ გზის შემოკლების საშუალებებს.

დიდი ფიქრის შემდეგ გერმანელებმა გადაწყვიტეს, ინგლისელებისგან ეყიდათ ტერიტორია, რომლითაც გერმანული სამხრეთ-დასავლეთი აფრიკა მდინარე ზამბეზს დაუკავშირდებოდა. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ზამბეზის გავლით უფრო ადვილად დაუკავშირდებოდნენ ტანზანიას. დიდი დავიდარაბის შემდეგ ლონდონთან მოლაპარაკება შედგა და თანამედროვე ნამიბიას კანცლერ ლეო ფონ კაპრივის სახელობის სექტორი შეუერთდა. გერმანელები ზამბეზზე გავიდნენ, უხაროდათ, ერთი სული ჰქონდათ პირველ ტვირთს როდის გაგზავნიდნენ სამხრეთ-დასავლეთიდან აღმოსავლეთში, მაგრამ…

ასე აღმოაჩინეს გერმანელებმა ჩანჩქერი ვიქტორია და დაკარგეს ნამიბიიდან ტანზანიისკენ მიმავალი გზის შემოკლების იმედი.

ამბის დასრულებისთანავე ჩვენმა ყველაზე ჭკვიანმა თანაკლასელმა წამოიძახა: ალჟირი რატომ იყო ოთხკუთხედი, კი ვიცოდი, მაგრამ ნამიბიის კუდი ამოუხსნელ ამოცანად რჩებოდაო.

***

დღის ბოლოს საშინაო დავალებაც მივიღეთ. ესეში ენა, ექსპერიმენტი და ჩანჩქერი ერთმანეთთან უნდა დაგვეკავშირებინა და ამ სამ მოვლენას შორის კავშირზე გვემსჯელა.

ამგვარად გავეცანით კოლონიალიზმის აბსურდულ მხარეს მეთორმეტეკლასელები.

საინტერესოა, დღეს ასწავლიან თუ არა რამეს ჩვენს მოსწავლეებს კოლინიალიზმის აბსურდული და ბნელი მხარეების შესახებ.

Class Dojo

0

კლასდოჯო 2019 წელს, ჩემს პირველ სკოლაში მუშაობისას გავიცანი. ეს არის ვებსაიტი, რომელზეც შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ როგორც მასწავლებელი ან როგორც მშობელი, რათა თქვენს შვილს და მის კლასს თვალი ადევნოთ. კლასდოჯოზე შეიძლება დარეგისტრირდეს სკოლაც. ამ შემთხვევაში კლასები, რომლებსაც მასწავლებლები გახსნიან, სკოლას ავტომატურად და ოფიციალურად ებმის. თუმცა პლატფორმის გამოყენება მასწავლებლებისთვის ინდივიდუალურად, ყოველგვარი ოფიციალურობის გარეშეც შესაძლებელია. დასარეგისტრირებლად მხოლოდ თქვენი ელექტრონული ფოსტა და ახალი პაროლის მოფიქრება დაგჭირდებათ.

კლასდოჯოზე შეგიძლიათ გახსნათ კლასი, დაარქვათ სახელი, შეიყვანოთ მოსწავლეების სახელები და ქულების მინიჭების სისტემა. თითოეული მოსწავლე თავდაპირველად იღებს პატარა კვერცხს, რომლიდანაც მოგვიანებით მონსტრი უნდა გამოიჩეკოს. მონსტრის გამოჩეკვას 30 დღემდე სჭირდება, თუმცა შესაძლებელია ამ დღეების შემცირება. მოსწავლეები, როგორც წესი, სიხარულით ელოდებიან დღეს, როცა მონსტრებს ნახავენ.

კლასდოჯოზე შეგიძლიათ დაამატოთ უნარები ან ქცევები, რომელთა მიხედვითაც მოსწავლეებს ქულებით (1-დან 5 ქულამდე) წაახალისებთ. თითოეული მოსწავლისთვის მინიჭებული ქულა აისახება კლასის საერთო ქულაზე და პირიქით. ეს ხელს უწყობს გუნდური სულის ჩამოყალიბებას. ბავშვები იწყებენ ზრუნვას იმაზე, რომ ერთმანეთისთვის უკეთესები გახდნენ.

ცხადია, როცა მოსწავლე ინდივიდუალურად იმსახურებს ქულებს, მოცემულ მომენტში მისი მონსტრის თავზე შესაძლოა უფრო მაღალი ქულები ეწეროს, ვიდრე სხვებისაზე. მნიშვნელოვანია ავუხსნათ, რომ თითოეული მოსწავლის ქულა სწორედ იმითაა ღირებული, რომ კლასის საერთო ქულას ემატება. დამატებითი მოტივაციისთვის შეგიძლიათ შესთავაზოთ შეჯიბრება სხვა კლასებთან, რომლებსაც თქვენ ასწავლით, რათა თქვენი კლასების რეიტინგის სათავეში მოექცენ.

კლასდოჯოზე მხოლოდ საკლასო წესების შესრულება არ ფასდება – აქ მოცემულია ისეთი კრიტერიუმებიც, როგორებიცაა „თანამშრომლობა“, „სხვების დახმარება“, „ემპათია“, „დროის მართვა“, „ბეჯითად შრომა“, „მუდამ ჩართულობა“ და ა.შ. გარდა ამისა, თავადაც შეგიძლიათ დაამატოთ ის, რისთვისაც გინდათ, მოსწავლეებს დამატებითი ქულები მიანიჭოთ.

კლასდოჯო ხელს უწყობს მოსწავლეების ემოციური ინტელექტის განვითარებას, ამაღლებს მათ ჩართულობას და სოციალურ მოტივაციას, რადგან ქულების მინიჭება ხდება არა მხოლოდ წესების დაცვისთვის, არამედ ქცევის ღირებულებაზე დაყრდნობით. თუ მოსწავლეებს დაუსახავთ რეალისტურ მიზნებს, მაგალითად, 10-15 ქულის მოგროვებას გაკვეთილის ბოლომდე, ისინი ამას დიდი სიამოვნებით გააკეთებენ. სანაცვლოდ შეგიძლიათ შესთავაზოთ თამაში ან ვიდეოს ყურება. ეს მოსყიდვა კი არ არის, არამედ თანამშრომლობა და მისი დაფასება.

კლასდოჯოს აქტიურად გამოყენების შემდეგ შევამჩნიე, რომ მოსწავლეები ერთმანეთის მოტივირებასაც იწყებენ. ისინი თანხმდებიან, როგორ ითანამშრომლონ, რათა კლასს ქულები არ დააკლდეს, პირიქით, მოემატოს. სწორედ ასე იქმნება ჯანსაღი, სიყვარულზე დაფუძნებული სასწავლო გარემო.

კლასდოჯოზე შეგიძლიათ დამატებითი ფუნქციებითაც ისარგებლოთ, მაგალითად დააწყვილოთ ან ჯგუფებში გაანაწილოთ მოსწავლეები, შემთხვევითობის პრინციპით აირჩიოთ, ვინ წაიკითხავს, დააყენოთ დრო და ა.შ.

საიტი ინახავს და აჯამებს თითოეული მოსწავლის მონაცემებს: რაშია ესა თუ ის მოსწავლე ძლიერი, რაზე სჭირდება უფრო მეტი მუშაობა და ა.შ. ეს მონაცემები მოგვიანებით, მშობელთან კომუნიკაციისას, საილუსტრაციოდ გამოგადგებათ.

ვიდეობლოგი

მეცა, სიტყუაო…

დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“-ს შესახებ თუკი საქართველოს ცნების ერთ კონკრეტულ პიროვნებაში განსხეულებას დავაპირებთ, უსათუოდ და უპირველესად, ალბათ დავით აღმაშენებელი მოგვაგონდება - დიდი ხელმწიფე, რომელმაც საქართველოს...