პარასკევი, აგვისტო 15, 2025
15 აგვისტო, პარასკევი, 2025

გრამატიკის სწავლება სახალისო აქტივობებით

0

ქართული ენის გრამატიკის სწავლების მეთოდიკა სიახლეების დანერგვას საჭიროებს. ფაქტია, რომ  მოსწავლეთა  უმრავლესობისთვის თეორიის რუტინული დასწავლა მოსაწყენი  და   დამღლელია.

უფრო ხშირად უნდა გამოვიყენოთ  ნდივიდუალური, შემოქმედებითი მიდგომა, რაც  რთულის  – მარტივად, მოსაწყენის – სახალისოდ, რუტინულის – საინტერესოდ ქცევას ემსახურება და, ხშირ შემთხვევაში, ძალიან შედეგიანი შეიძლება აღმოჩნდეს.

მასწავლებელი  აქტივობების დასაგეგმად იყენებს წინარე ცოდნას, პედაგოგიურ თეორიებს ან საკუთარი დაკვირვებების საფუძველზე ჩამოყალიბებულ შეხედულებებს, ან ამ ყველაფერს ერთად. ეს განაპირობებს კიდეც მის აკადემიურ თავისუფლებას. მაგრამ ერთი რამ  ცხადია –  თამამი, კრეატიული მიდგომებით  პედაგოგი შეიძლება  გახდეს  მოტივატორი მოსწავლისთვის.

ხშირ შემთხვევაში, მასწავლებლები უდროობას უჩივიან და ამის გამო უარს ამბობენ ინოვაციური მეთოდების გამოყენებაზე, თუმცა საკუთარმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ მცირედი ძალისხმევაც მოსწავლეთა დასაინტერესებლად შესაძლოა საკმარისზე მეტიც აღმოჩნდეს.

ჩემ მიერ მე-6 კლასში ჩატარებული გაკვეთილის დაგეგმვისას გავითვალისწინე (თემა:„ზმნის ცვლა პირების მიხედვით“) კონსტრუქტივისტული მიდგომა, როგორც „ჟ. პიაჟეს, ლ. ვიგოტსკის და ჯ. ბრუნერის თეორიების ლოგიკური შედეგი“. ვეცადე, ხაზი გამესვა მოსწავლის მიერ პრობლემის გადაწყვეტის მნიშვნელობისთვის და, უპირველეს ყოვლისა, მეხელმძღვანელა კარლ როჯერსის ჰუმანისტური თეორიით.

ჩემ მიერ ზემოთ ხსენებული გაკვეთილის ეფექტურად ჩასატარებლად გადავწყვიტე, გამეკეთებინა პრეზენტაცია Power point-ის პროგრამის გამოყენებით. ტექსტი თითქმის მთლიანად ეფუძნებოდა სახელმძღვანელოში მოცემულ თეორიას, რომელსაც დავამატე ჩემ მიერ მოფიქრებული აქტივობები (წიგნში დაბეჭდილი სავარჯიშოების ანალოგიით).

პრეზენტაციამ მოსწავლეთა დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. მიზეზი მათთვის მისაღები და საინტერესო ვიზუალური ფორმა და თამაშის ფორმატით მიწოდებული თეორია აღმოჩნდა.

ვრცლად

კლასის მართვა AI რესურსების გამოყენებით

0

კლასის მართვა სწავლების მნიშვნელოვანი ნაწილია როგორ მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის. კლასის მართვა მრავალ ასპექტს მოიცავს: დისციპლინის შენარჩუნებას, პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას, სასწავლო პროცესის ორგანიზებას და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას. თანამედროვე განათლების სისტემა კლასის მართვას მხოლოდ დისციპლინის დამყარების საშუალებად არ განიხილავს, არამედ ის ითვალისწინებს მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს, სხვადასხვა სწავლების სტილს და ემოციურ ინტელექტს. ამასთან ერთად, სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის როლი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და დიდ როლს ასრულებს კლასის მართვის პროცესში, რაც მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, მრავალფეროვანი ონლაინ რესურსების დახმარებით, ეფექტურად გაუმკლავდნენ სხვადასხვა გამოწვევებს.

რატომ არის კლასის მართვა მნიშვნელოვანი მასწავლებლისთვის?

  • მასწავლებლებს ეძლევათ მეტი შესაძლებლობა საგნის სწავლების;
  • პროფესიული გადაწვა მნიშვნელოვნად მცირდება;
  • მასწავლებელი მეტად ენერგიულია და ნაკლებად იღლება. შესაბამისად აქვს მოტივაცია უკეთ დაგეგმოს მრავალფეროვანი აქტივობები და პროექტები;
  • მასწავლებელს ბევრად უმარტივდება კლასის კონტროლის შენარჩუნება, რაც შემდგომ უზრუნველყოფს წლის დასაწყისში შემუშავებული სასწავლო მიზნების წარმატებით განხორციელებას.

რატომ არის კლასის მართვა მნიშვნელოვანი მოსწავლეებისთვის?

  • მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა ისწავლონ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში;
  • მოსწავლეთა ჩართულობა იზრდება და მობილიზებულები არიან;
  • მოსწავლეების ინტერესი და პასუხისმგებლობა საგნის მიმართ იზრდება;
  • წლის ბოლოს ისინი წარმატებულ აკადემიურ შედეგებზე გადიან.

გიზიარებთ კლასის მართვის 5 მნიშვნელოვან სტრატეგიას, რომლებიც სწორედ აღნიშნული მიზნების განხორციელებაში მეხმარება.

#1 საკლასო წესების გაცნობამდე

ახალი სასწავლო წლის დასაწყისში, საკლასო წესების გაცნობამდე, მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას: წარმოიდგინეთ:

  1. გზა საგზაო ნიშნების გარეშე.
  2. ფეხბურთი (სხვა თამაშები) მსაჯის გარეშე.

მოსწავლეებთან ერთად განვიხილავ მათ მიერ მოყვანილ მაგალითებს. შემდეგი კითხვა საკლასო წესებს ეხება:

  • ახლა კი წარმოიდგინეთ საგაკვეთილო პროცესი საკლასო წესების გარეშე.

აღნიშნული მსგავსი სიტუაციების განხილვის შემდეგ მოსწავლეები უკეთ აღიქვამენ საკლასო წესების მნიშვნელობას და ხალისით იწყებენ საკლასო წესების შემუშავებას.

#2 საკლასო წესების გაცნობა

 

ხელოვნური ინტელექტის მიერ მომზადებული ვიდეოების გამოყენება საკლასო წესების გაცნობა/გახსენებაში წარმატებულად მუშაობს. Vindoz AI –  მოცემულ გვერდზე დევს ნიმუშები, რომლებსაც ვირჩევ მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით. მაგალითად: დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის ვირჩევ ანიმაციურ პერსონაჟებს, რომელთა ალაპარაკების საშუალებასაც გვაძლევს ეს პლატფორმა. ყველა ვიდეოს ახლავს თავისი ტექსტი, რომელსაც ვცვლი და ვწერ მოსწავლეების მიერ შემუშავებულ საკლასო წესებს. ამ გზით, საკლასო წესების გაცნობა/გახსენება მათთვის სახალისო და საინტერესო პროცესია. აქვე გიზიარებთ ჩემ მიერ აწყობილი ერთ-ერთი ვიდეოს ბმულს: Link

#3 მასწავლებელი=სარკე

მომდევნო ეფექტური კლასის მართვის ხერხი თავად მასწავლებლის ქცევას ეხება: საუბარს, ნაბიჯებს და განწყობას. მნიშვნელოვანია მასწავლებელმა აკონტროლოს ხმის ტემბრი, ისაუბროს არც ძალიან ხმადაბლა და არც ძალიან ხმამაღლა. ჩვენი ხმის ტონი, ლექსიკა, მოსწავლეებს აძლევს მაგალითს, თუ როგორ გვესაუბრონ ჩვენ და თანაკლასელებს. გაკვეთილზე ჩვენი ნაბიჯებიც მეტყველებენ ჩვენს ემოციურ განწყობაზე. მნიშვნელოვანია საკლასო ოთახში ვიაროთ მშვიდად და არა ქაოსურად. გარდა ამისა, უნდა დავანახოთ მოსწავლეებს რომ სირთულეების მიუხედავად ვცდილობთ განწყობის შენარჩუნებას, რთულ ქცევაზე ვრეაგირებთ მშვიდად და ვცდილობთ მოსწავლეთა დახმარებას. ერთი სიტყვით, მასწავლებელი არის სარკე, რომელშიც შემდგომ მოსწავლეების ქცევა აირეკლება. მაგალითად, მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით (Canva AI) შექმნან მასწავლებლის სასურველი სახე – “როგორი იქნება შენი მასწავლებელი? როგორი გამომეტყველება ექნება (ღიმილიანი თუ სერიოზული?) რა თვისებები ექნება? რთულ სიტუაციებში როგორ დაეხმარება მოსწავლეებს?” და სხვა. (აქვე გიზიარებთ მაგალითს –  Link).  აღნიშნული დავალება ჩემი, როგორც მასწავლებლის, ერთ-ერთი საუკეთესო თვითრეფლექსიაა, რაც მეხმარება გავიგო რა მოლოდინები აქვთ მოსწავლეებს ჩემგან, რა ღირებულებებს ანიჭებენ უპირატესობას და როგორ შეგვიძლია ერთად შევქმნათ უფრო მეგობრული, უსაფრთხო და პოზიტიური საკლასო გარემო.

#4 Classdojo

კლასის მართვაში გვეხმარება კიდევ ერთი ონლაინ პლატფორმა -ClassDojo.com – ClassDojo, რომელსაც ძირითადად დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან ვიყენებ. აღნიშნულ საიტზე წლის დასაწყისში ვქმნი ჯგუფებს კლასების მიხედვით. ყველა მოსწავლეს შერჩეული ყავს თავისი პერსონაჟი, რომლებსაც სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით ქულები ენიჭებათ, მაგალითად: გაკვეთილში ჩართულობა, საშინაო დავალება, ჯგუფური მუშაობა და სხვა. მოსწავლეები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ქულა მოაგროვონ კონკრეტული მიზნისთვის. აღნიშნული მეთოდი მნიშვნელოვნად ამარტივებს კლასის მართვას და სწავლის პროცესს კიდევ უფრო საინტერესო და სახალისო პროცესად აქცევს.

#5 გაკვეთილის ბოლო 5 წუთი

მე-5 სტრატეგია გაკვეთილის ბოლო 5 წუთს ეხება, რომელიც ზოგჯერ მთლიანად ცვლის სასწავლო კვირის განწყობას. ამ ხერხს სასწავლო კვირის დასაწყისში ან ბოლოს ვიყენებ. პერიოდულად ვქმნი ონლაინ თამაშებს (მაგ: wordwall  – ზე) სხვადასხვა სახალისო კითხვებით, რომლებიც გაკვეთილის თემას არ ეხება (აქვე გიზიარებთ ჩემ მიერ შექმნილ რესურსს – Link). ეს თამაში მოსწავლეების წარმოსახვის უნარს ავითარებს და მათ დადებითად განაწყობს საგნის მიმართ. მაგ: “არჩევანის საშუალება რომ გქონდეს, რომელს მიანიჭებდი უპირატესობას? დავალებების არ ქონას თუ ტესტების?,” “რომელი იდეა  უფრო მოგწონს? მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა თუ 10 ენაზე საუბარი?, “ “რომ შეგეძლოს რომელ სუპერძალას აირჩევდი?,” და სხვა.

კლასის მართვის ეფექტური სტრატეგიების გამოყენება წარმოადგენს წარმატებული სწავლა- სწავლების პროცესის აუცილებელ პირობას. შესაბამისად, მათი გამოყენება ამცირებს არა მხოლოდ დისციპლინურ პრობლემებს, არამედ ზრდის სწავლის ხარისხს. თანამედროვე განათლების სისტემაში კი კლასის მართვა დინამიკური პროცესია, რომელიც მასწავლებლის მუდმივ პროფესიულ განვითარებას, მოქნილობასა და მზაობას მოითხოვს, ინოვაციური მიდგომების დასანერგად.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები:

https://www.canva.com/ai-image-generator/

https://aiapp.vidnoz.com/video/index.html

https://www.classdojo.com/en-gb/?redirect=true

https://wordwall.net/

https://newteacherlibraryandtools.square.site/

 

ჰოლისტური შეფასება

0

რა არის ჰოლისტური შეფასება?

ჰოლისტური შეფასების გამოყენებისას სასკოლო განათლება სცილდება სასწავლო გეგმასა და აკადემიურ ცოდნას. მას უწოდებენ შეფასების ყოვლისმომცველ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეთა სოციალურ, ეთიკურ და ინტელექტუალურ საჭიროებებს, ამავდროულად, აფასებს მათ შემეცნებით, ემოციურ და კომუნიკაციის უნარებს.

ჰოლისტიკური შეფასების მიზანია მოსწავლის მრავალგანზომილებიანი შეფასება:

  • ძლიერი და სუსტი მხარეები
  • ინტერესები
  • კრიტიკული აზროვნება
  • კრეატიულობა
  • საერთო განვითარება

 

ჰოლისტიკური შეფასების მახასიათებლები მოიცავს:

  • ინდივიდუალური ნიჭისა და სწავლის სტილის ამოცნობას;
  • ცოდნის ინტეგრირებას საგნობრივ დისციპლინებთან;
  • უნიკალური საჭიროებებისა და ზრდის სფეროების იდენტიფიცირებას.

 

ჰოლისტური შეფასების მაგალითებია:

  • პროექტზე დაფუძნებული შეფასება

პროექტები არის ყოვლისმომცველი შეფასების მნიშვნელოვანი კომპონენტი.

ცოდნაზე დაფუძნებული სწავლისგან განსხვავებით, უნარებზე დაფუძნებული სწავლება ორიენტირებულია პრაქტიკულ გამოცდილებასა და პრაქტიკაზე. ეს საშუალებას აძლევს მასწავლებელს, შეაფასოს მოსწავლის შემოქმედებითობა და ცოდნის პრაქტიკული გამოყენება.

 

  • პორტფოლიო

პორტფოლიო ჰოლისტური შეფასების ეფექტური საშუალებაა. პროექტების, ნამუშევრების, ესეების, დავალებებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე იოლია მოსწავლის პროგრესის, მიღწევების, ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასება.

 

  • თვითშეფასება და ურთიერთშეფასება

ხელს უწყობს მოსწავლეებს, დაფიქრდნენ საკუთარ საქმიანობაზე, გააკეთონ თვითრეფლექსია და ამავდროულად, ობიექტურად შეაფასონ თანატოლები. შესრულებული სამუშაოს თვითშეფასება და ურთიერთშეფასება მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობას ზრდის. ყველა ეს თვისება აუცილებელია პიროვნების განვითარებისთვის.

 

  • 360-გრადუსიანი დაკვირვების შეფასება

მასწავლებლები უნდა დააკვირდნენ თავიანთ მოსწავლეებს ინდივიდუალური, ჯგუფური მუშაობისა და სხვა ინტერაქციის დროს, რათა შეაფასონ მათი შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, სოციალური, თანამშრომლობის, პრობლემების გადაჭრის, ციფრული წიგნიერების, ტექნოლოგიების გამოყენებისა და კვლევითი უნარები, მონაწილეობის ხარისხი და საერთო ქცევა.

 

  • პრეზენტაციები და ჯგუფური დისკუსიები

პრეზენტაციები და დისკუსიები არის შესანიშნავი შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, გამოავლინონ სოციალური და თანამშრომლობის უნარები, თავდაჯერებულობა. მასწავლებლებმა უნდა წაახალისონ დებატები და დისკუსიები, რათა მოსწავლეებს საშუალება მისცენ, გამოავლინონ კომუნიკაციის უნარები, გამოხატონ საკუთარი აზრები და წარმოაჩინონ თავიანთი შეხედულებები.

 

  • ინტერდისციპლინური შეფასებები

მულტიდისციპლინურ პროექტებში შესაძლებელია ისეთი დავალებების შექმნა, რომლებიც აერთიანებს ორი ან მეტი საგნის სამიზნე ცნებებს.

 

  • კულტურული და სოციალური კონტექსტი

მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ მოსწავლეების კულტურული, ლინგვისტური და ეთნიკური წარმომავლობა მათი ცოდნის შეფასებისას. ეს ხელს შეუწყობს ინკლუზიურობისა და სამართლიანი შეფასების უზრუნველყოფას.

 

  • ციფრულ და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული შეფასებები

ჰოლისტური შეფასებები მასწავლებლებს ეხმარება, შეაფასონ ციფრული წიგნიერება, ტექნოლოგიების უნარები და ონლაინკვლევის შესაძლებლობები.

 

 

 

 

განსხვავებები ტრადიციულ და ჰოლისტიკურ შეფასებას შორის

 

ასპექტი ტრადიციული შეფასება ჰოლისტიკური შეფასება
ფოკუსირება აკადემიური მოსწრება და ტესტის ქულები მოსწავლის საერთო, პიროვნული და საგანმანათლებლო განვითარება ემოციურ, სოციალურ და ფიზიკურ განვითარებაზე დაყრდნობით
მეთოდი ტესტები ფასდება ცოდნასა და წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ჰოლისტიკური შეფასების მეთოდი ამოწმებს, როგორ იყენებს მოსწავლე ცოდნას რეალური პრობლემების გადაჭრის დროს
კავშირი გამოხმაურება არის რაოდენობრივი, როგორც წესი, მოიცავს ქულებს გამოხმაურება დეტალური და ხარისხიანია, რომელიც მოიცავს ზრდის სფეროებს, ძლიერ მხარეებსა და გაუმჯობესების შესაძლებლობებს
ფარგლები ტრადიციული შეფასების სფერო შემოიფარგლება კონკრეტული უნარებით, საგნით ან ცოდნის სფეროებით ფართო სპექტრი მოიცავს მოსწავლის პიროვნების განვითარების მრავალ ასპექტს
მოქნილობა მცირე მოქნილობაა, რადგან ყველა მოსწავლე უნდა შეფასდეს ერთსა და იმავე ტესტზე დასმული კითხვებითა და პასუხებით ჰოლისტიკური შეფასება ადაპტირებადია და შეიძლება მორგებული იყოს მოსწავლეზე ტემპის, სწავლის სტილისა და საჭიროებების შესაბამისად
რეალურ სამყაროსთან შესაბამისობა მოსწავლეებს შეიძლება დასჭირდეთ დახმარება მიღებული ცოდნის რეალურ სიტუაციებში გამოსაყენებლად. ყველა დავალება მიემართება რეალური სამყაროს გამოწვევებს. ეს საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, გამოიყენონ თავიანთი ცოდნა.
კულტურული განხილვა შეიძლება არ ითვალისწინებდეს მოსწავლეთა კულტურულ, ენობრივ და ინდივიდუალურ წარმომავლობას. შეფასების ინკლუზიური მეთოდი. ის შეიძლება მოერგოს ყველა მოსწავლის სასწავლო პრეფერენციებსა და საჭიროებებს.
ხანგრძლივობა ტრადიციული შეფასებები ჩვეულებრივ კეთდება წელიწადში რამდენჯერმე. ჰოლისტიკური შეფასება უწყვეტია და პერიოდულ უკუკავშირს სთავაზობს მოსწავლეებს ეფექტური სასწავლო პროგრესის მისაღწევად.
ტექნოლოგიის გამოყენება ზოგჯერ ტესტების ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნას ელექტრონული ტესტები. ყოვლისმომცველი შეფასებისთვის სისტემატურად გამოიყენება ტექნოლოგიები, ციფრული ხელსაწყოები და პლატფორმები.

 

 

თანამედროვე განათლებისა და ჰოლისტიკური შეფასების მთავარი ასპექტია, რომ მოსწავლეები დაფიქრდნენ თავიანთი ქმედების შედეგებზე.

საბოლოო ჯამში, ჰოლისტიკური შეფასებები, როგორც წესი, ზომავს მოსწავლის პროგრესს დროთა განმავლობაში და განსაზღვრავს იმ სფეროებს, სადაც მოსწავლეებს დამატებითი მხარდაჭერა სჭირდებათ.

ეს მეთოდი, მარტივად რომ ვთქვათ, არის მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების გარკვევის საშუალება. ის ეხმარება მასწავლებლებს, შეადგინონ თითოეული მოსწავლის პროგრესის სტრატეგიული რუკა.

 

 

 

გამოყენებული რესურსები:

https://cloudassess.com/blog/holistic-assessment-examples/

https://www.extramarks.com/blogs/schools/holistic-assessment-in-schools/

 

თანამედროვე მოსწავლე და ძველი ტექსტები

0

აკაკი წერეთლის „თორნიკე ერისთავის“ სწავლების ახალი მეთოდები,

ანუ თანამედროვე მოსწავლე და ძველი ტექსტები

აკაკი წერეთლის ისტორიული პოემა „თორნიკე ერისთავი“ ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, რომელიც საქართველოს ოქროს ხანას ასახავს. თუმცა, ტრადიციული სწავლების მეთოდებით ისტორიული პოემების სწავლება შეიძლება მოსაწყენი ან რთული აღმოჩნდეს მოსწავლეებისთვის. ამ სტატიაში განვიხილავთ ინოვაციურ მიდგომებს, რომლებიც დაეხმარება მასწავლებლებს, გახადონ „თორნიკე ერისთავის“ სწავლება უფრო საინტერესო, ინტერაქციული და შედეგიანი.

  1. ციფრული ამბის თხრობა (ე.წ. სტორითელინგი) და ვიზუალიზაცია

ინტერაქიუი ქრონოლოგია

შევქმნათ ციფრული ქრონოლოგია, სადაც მოსწავლეები განათავსებენ პოემაში აღწერილ ისტორიულ მოვლენებს. ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ისეთი პლატფორმები, როგორიცაა TimelineJS ან Sutori, ან, უბრალოდ, powerpoint მარტივი ინტერაქტიული პრეზენტაცია ავაწყოთ. ქრონოლოგიაში ჩავსვათ X საუკუნის საქართველოს ისტორიული კონტექსტი, ათონის მთის მნიშვნელობა და ბიზანტიის იმპერიასთან ურთიერთობა. თუ ტექნიკურად ამის საშუალება არ გვაქვს, ფლიპჩარტის ფურცელი ან დაფაც გამოგვადგება მოვლენების აღსადგენად და აღსაწერად.

 

ციფრული რუკები და სივრცითი ვიზუალიზაცია

Google Earth-ის ან სხვა ინტერაქციული რუკის საშუალებით მოსწავლეებს შეუძლიათ, დაათვალიერონ პოემაში ნახსენები ადგილები: ათონის მთა, კლარჯეთი, ბიზანტია. ეს დაეხმარება მათ, უკეთ გაიაზრონ გეოგრაფიული კონტექსტი და გმირების მოგზაურობის მარშრუტები.

 

ვირტუალური რეალობა

თუ შესაძლებელია, გამოვიყენოთ ციფრული რესურსები, რათა მოსწავლეებმა „იმოგზაურონ“ X საუკუნის საქართველოსა და ათონის მთაზე. მარტივი სურათების გამოყენებით შესაძლებელია ათონის მთის ან შუა საუკუნეების ქართული მონასტრების ვირტუალური დათვალიერება.

 

  1. როლური თამაშები და დრამატიზაცია

პერსონაჟების დღიურები

მოსწავლეებს დავავალოთ, დაწერონ დღიურები პოემის სხვადასხვა პერსონაჟის პერსპექტივიდან (თორნიკე ერისთავი, იოანე-თორნიკე, დავით კურაპალატი, იოანე ათონელი). ეს დაეხმარებათ მათ, ჩასწვდნენ პერსონაჟების მოტივაციას, დილემებსა და გრძნობებს.

 

სასამართლო პროცესის სიმულაცია

მოვაწყოთ „სასამართლო პროცესი“, სადაც განიხილება თორნიკეს გადაწყვეტილება, დატოვოს ბერობა და დაბრუნდეს სამხედრო სამსახურში. მოსწავლეები გაინაწილებენ დამცველის, ბრალმდებლის, მოწმეების როლებს და წარმოადგენენ არგუმენტებს ორივე მხრიდან.

 

ინტერვიუები ისტორიულ პერსონაჟებთან

მოსწავლეებს ვთხოვოთ, მოამზადონ კითხვები და ჩაატარონ სიმულირებული ინტერვიუები პოემის პერსონაჟებთან. ერთი მოსწავლე კითხვებს სვამს, მეორე კი უპასუხებს პერსონაჟის სახელით, მისი ხასიათისა და პოემაში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით.

 

  1. ინტერდისციპლინური მიდგომა

ისტორიული კონტექსტის კვლევა

მოსწავლეებს შეუძლიათ, ჩაატარონ კვლევა X საუკუნის საქართველოს შესახებ, ბიზანტიის იმპერიასთან ურთიერთობაზე, ათონის მთის მნიშვნელობაზე. შევქმნათ პროექტები, რომლებიც აკავშირებს ისტორიასა და ლიტერატურას.

 

არქეოლოგიური სიმულაცია

მოვაწყოთ „არქეოლოგიური აღმოჩენების“ სიმულაცია, სადაც მოსწავლეები „აღმოაჩენენ“ ხელნაწერებს, ნივთებს, წერილებს, რომლებიც პოემაში აღწერილ მოვლენებს უკავშირდება. მათ უნდა „გაშიფრონ“ და ინტერპრეტაცია გაუკეთონ ამ არტეფაქტებს.

 

მუსიკა და ხელოვნება

შევისწავლოთ X საუკუნის ქართული საეკლესიო მუსიკა და ხელოვნება. მოვაწყოთ გალობის ან ხატწერის მასტერკლასები, რათა მოსწავლეებმა უკეთ იგრძნონ ეპოქის სული.

 

  1. შედარებითი ანალიზი და კრიტიკული აზროვნება

ლიტერატურული პარალელები

დავავალოთ მოსწავლეებს, იპოვონ პარალელები „თორნიკე ერისთავსა“ და სხვა ქართულ ან უცხოურ ლიტერატურულ ნაწარმოებებს შორის, რომლებიც მსგავს თემებს შეეხება (გმირობა, თავგანწირვა, ბერული ცხოვრება, პატრიოტიზმი).

 

პოემის თანამედროვე ინტერპრეტაცია

განვიხილოთ, როგორ ვხედავთ თორნიკე ერისთავის დილემებსა და გადაწყვეტილებებს თანამედროვე კონტექსტში. რა მორალურ დილემებს აწყდებიან დღევანდელი ადამიანები, რომლებიც მსგავსია პოემაში აღწერილი სიტუაციებისა?

 

  1. ტექნოლოგიის გამოყენება

პოდკასტების შექმნა

მოსწავლეებს ვთხოვოთ, შექმნან პოდკასტები, სადაც განიხილავენ პოემის სხვადასხვა ასპექტს, გააანალიზებენ პერსონაჟებს, სიუჟეტს, ისტორიულ კონტექსტს.

 

სოციალური მედიის სიმულაცია

მოსწავლეებს ვთხოვოთ, წარმოიდგინონ, რომ პოემის პერსონაჟებს აქვთ სოციალური მედიის პროფილები. რას გამოაქვეყნებდნენ ისინი? როგორი იქნებოდა მათი ინტერაქცია ერთმანეთთან? მოსწავლეებს შეუძლიათ, შექმნან სიმულირებული პოსტები, დიალოგები ან „სტატუსის განახლებები“ პერსონაჟების სახელით.

 

ციფრული კომიქსები და ანიმაციები

მოსწავლეებს ეხალისებათ კომიქსების შექმნა, ეს აქტივობა კი ტექსტის გააზრებასაც უწყობს ხელს. შესაძლოა, ბავშვებმა ხელით შეასრულონ დავალება, და ასევე, გამოიყენონ ისეთი უფასო პლატფორმები, როგორიცაა, მაგალითად, Storyboard That ან Pixton, რათა მოსწავლეებმა შექმნან ციფრული კომიქსები ან მარტივი ანიმაციები პოემის ეპიზოდების მიხედვით.

 

  1. გამოწვევაზე დაფუძნებული სწავლება

პოემის თანამედროვე ადაპტაცია

დავავალოთ მოსწავლეებს, შექმნან „თორნიკე ერისთავის“ თანამედროვე ადაპტაცია – რეპი, მოკლე ფილმი, პიესა ან პროზაული ნაწარმოები.

 

დოკუმენტური ფილმის პროექტი

მოსწავლეებს დაევალებათ, შექმნან მოკლე დოკუმენტური ფილმი თორნიკე ერისთავის შესახებ, რომელიც მოიცავს ისტორიულ ფაქტებს, პოემის ანალიზსა და ინტერპრეტაციას.

 

ბრძოლის გეგმა

მოსწავლეებს ვთხოვოთ, შექმნან ბრძოლის გეგმა, რომელიც თორნიკემ გამოიყენა ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ. შესაძლოა, დახატონ/დახაზონ მარტივი სქემა ან მოგვცენ მთელი რეტროსპექტივა იმისა, თუ რა ხდებოდა იმ კონკრეტულ დღეს და როგორ განვითარდა მოვლენები — დაგეგმვიდან ბრძოლის დასრულებამდე. ყველაფერი მოსწავლეთა წარმოსახვის უნარსა და მარჯვე ხელებზეა დამოკიდებული.

 

გამოფენის ორგანიზება

მოვაწყოთ სკოლის მასშტაბით გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრები – ნახატები, მაკეტები, პლაკატები, ციფრული პროექტები, რომლებიც პოემას უკავშირდება.

 

  1. დიფერენცირებული სწავლება

მრავალმხრივი ინტელექტის გათვალისწინება

შესთავაზეთ მოსწავლეებს სხვადასხვა ტიპის დავალებები, რომლებიც მორგებულია მათ შესაძლებლობებსა და ინტერესებზე:

  • ვერბალურ-ლინგვისტური: პოემის ანალიზი, დღიურები, ესეები
  • ვიზუალურ-სივრცითი: ილუსტრაციები, რუკები, მაკეტები
  • მუსიკალური: საუნდტრეკი პოემისთვის, მუსიკალური ადაპტაცია
  • კინესთეტური: როლური თამაშები, დრამატიზაცია
  • ინტერპერსონალური: ჯგუფური პროექტები, დებატები
  • ინტრაპერსონალური: რეფლექსიები, დღიურები.

 

მოსწავლეების დიფერენციაცია

შევქმნათ სხვადასხვა სირთულის დავალებები, რომლებიც მორგებულია მოსწავლეების უნარებსა და ცოდნის დონეს. ზოგიერთ მოსწავლეს შეუძლია, ჩაატაროს უფრო ღრმა კვლევა ისტორიული კონტექსტის შესახებ, სხვებს კი – იმუშაონ პოემის მარტივ ვიზუალიზაციაზე.

 

  1. შეფასების ინოვაციური მეთოდები

პორტფოლიო შეფასება

მოსწავლეები აგროვებენ მთელი სემესტრის განმავლობაში შექმნილ ნამუშევრებს პორტფოლიოში, რომელიც აჩვენებს მათ პროგრესს და გაგების დონეს.

 

თანატოლების შეფასება

მოსწავლეები აფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, რაც ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას.

 

პროექტზე დაფუძნებული შეფასება

სავსებით შესაძლებელია, ჩვენი მოსწავლეები შევაფასოთ კომპლექსური პროექტების საფუძველზე, რომლებიც მოითხოვს ცოდნის გამოყენებას, კრეატიულობასა და კრიტიკულ აზროვნებას.

 

დაბოლოს:

აკაკი წერეთლის „თორნიკე ერისთავის“ სწავლებისას ინოვაციური მეთოდების გამოყენება საშუალებას იძლევა, მე-19 საუკუნეში დაწერილი ისტორიული პოემის შესწავლა გადაიქცეს საინტერესო, შთამაგონებელ და მნიშვნელოვან გამოცდილებად თანამედროვე მოსწავლეებისთვის. რასაკვირველია, ყველა აქტივობის ჩატარება ერთ კლასთან გაგვიჭირდება, თუმცა მასწავლებელს შეუძლია, ისინი ინსპირაციისთვის გამოიყენოს, რაც მოეწონება, მიიღოს ან სურვილისამებრ შეცვალოს. მთავარი ალბათ ისაა, რომ მრავალფეროვანი მიდგომებით შესაძლებელია არა მხოლოდ ლიტერატურული ნაწარმოების შინაარსის გაცნობა, არამედ კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობის, ტექნოლოგიური უნარებისა და კულტურული თვითშეგნების განვითარება. მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა შეარჩიოს ისეთი მეთოდები, რომლებიც მორგებულია კონკრეტული მოსწავლეების საჭიროებებსა და ინტერესებზე, და გამოიყენოს მრავალფეროვანი მიდგომები სწავლების პროცესში.
ჩვენს სტატიას არ აქვს ერთადერთობის პრეტენზია. უამრავი სხვადასხვა მეთოდის გამოყენება შეგვიძლია, რათა გაკვეთილები უფრო მიმზიდველი და სახალისო გავხადოთ ჩვენი ბავშვებისთვის. ჩვენ შემოგთავაზეთ რამდენიმე ვერსია, კომენტარებში, შეგიძლიათ, გაგვიზიაროთ საკუთარი მეთოდები და აქტივობები.

 

 

საბჭოთა ოკუპაციის ასახვა მეოცე საუკუნის ქართულ პროზაში

0

(კონსტანტინე გამსახურდიას „დიდი იოსებისა“ და  ნუგზარ შატაიძის „ორი მეგობრის“ მიხედვით)

 1921 წლის 25 თებერვალი ისეთი თარიღია, ყოველ ქართველს კარგად ესმის ამ ტრაგიკული დღის მნიშვნელობა. ის ასოცირდება სუსხთან, სისხლთან, ცრემლთან, თავისუფალი საქართველოს ოკუპაცია-ანექსიასთან. ამაზე უარესი თავისუფლებისმოყვარე ერისთვის სხვა რა უნდა იყოს? ქართველმა მწერლებმა მრავალი მხატვრული ტექსტი მიუძღვნეს ამ შავბნელ ისტორიულ მოვლენას. ყველაზე პოპულარული ალბათ კოლაუ ნადირაძის ლექსი „25 თებერვალია”, რომელზეც ბევრი დაწერილა. ამჯერად გვინდა ყურადღება შევაჩეროთ გასული საუკუნის დასაწყისსა და დასასრულს შექმნილ ორ მოთხრობაზე. კონსტანტინე გამსახურდიას „დიდი იოსები” და ნუგზარ შატაიძის „ორი მეგობარი” სწორედ ამ საბედისწერო დღის მიერ ქართველი ხალხისთვის მოტანილ უბედურებაზე საოცარი ექსპრესიით გვიყვება.

მოცემული მოთხრობები საუკეთესო მასალაა მოსწავლეებისთვის საშუალო საფეხურზე არა მხოლოდ ამ ისტორიული მოვლენის არსის შესაცნობად, არამედ ტექსტების სინთეზირების უნარების განსავითარებლად.

„დიდი იოსები” კონსტანტინე გამსახურდიამ 1926 წელს შექმნა და 5 წლის წინ ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედია საოცარი დრამატიზმით გააცოცხლა. 24 თებერვლის ღამეს თბილისელები საათს მისჩერებიან, რადგან კოჯრისა და ტაბახმელის გზიდან „წითელ ცხენზე ამხედრებული ეშმა” შემოდიოდა.

„დიდი იოსები” მოცულობით აღემატება ნუგზარ შატაიძის მოთხრობას. კლასიკური გაგებით, პირველი მოთხრობაა, ხოლო მეორე – ნოველა, თუმცა საბჭოთა ოკუპაციის გარემოს აღწერა, ავტორთა სულისკვეთება და პერსონაჟთა განწყობები თითქმის იდენტურია. ავტორები დიდ დროს არ უთმობენ წითელარმიელთა ქვეყანაში შემოსვლისა და დაპყრობის ამბებს, მაგრამ ყოველ ფრაზაში იგრძნობა ქვეყნის ოკუპაციით განპირობებული შემზარავი განწყობა. ორივე მწერალი ცდილობს, რომ კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლებისა და ქალაქის ოკუპაციის სცენების ნაცვლად ამ მოვლენებით გამოწვეული პერსონაჟთა ბედისწერა გადმოსცენ. „დიდ იოსებში” მთავრობის მაღალჩინოსანი გარბის ქალაქიდან და მეკურტნე იოსებს სთხოვს ტვირთის გადაზიდვაში დახმარებას. ის უეცრად ქუჩაში შეხვედრილ იუნკრებს გამოელაპარაკება:

– „საიდან, ძმებო?

– სოღანლუღიდან.

– გენერალი მ.. მოიხსნა?

– მოიხსნა. იმ მხარეზე გვარდიელებმა მთლად გააშიშვლეს ფრონტი.

– სროლა რომ ისმოდა მოგვიანებით?

– ეს ჩვენ ვიყავით, იუნკრები, სროლით ვიხევდით უკან!

– წითლები?

– ალბათ ლილოს გზით შემოვლენ ქალაქში…

უცნობი დადუმდა, მუნჯური სალამი გააყოლა მიმავალთ. მისწყდა ზარბაზნების ბორბლების რახრახი. სადღაც კარი მიარახუნეს, კუთხეში ბავშვი ტიროდა, შორიდან მილიციელის სტვენა ისმოდა. ისევ დაყრუვდა ქუჩა. ორი მგზავრის ფეხის ხმაღა ისმოდა დაცარიელებულ ფილაქანზე”.

კაცი მცირეოდენ იმედს ებღაუჭებოდა. ოცნებობდა, რომ სროლის ხმა თეთრგვარდიელთა გამარჯვებისა იქნებოდა, მაგრამ…

სიმბოლურია ნუგზარ შატაიძის მოთხრობაში 1921 წლის თებერვლის ამბების აღწერისას დახატული პეიზაჟი: „წამოვიდა სულ მალე ჩრდილოეთიდან შავი ღრუბელი, ცა შეკრა და ქვეყნიერება კვლავინდებურად ჩამოაბნელა”… ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, 1920 წლის 7 მაისს, ულიანოვ-ლენინმა საქართველოზე თავდაუსხმელობის პაქტს ხელი მოაწერა, მაგრამ… დიახ, „მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს, ისევ წამების ჯვარი აგკიდეს”… ჩრდილოურ შავ ღრუბელს ვერ გავუმკლავდით.

კონსტანტინე გამსახურდია მხოლოდ მოთხრობის ექსპოზიციაში აღწერს წითელარმიელთა შემოსვლას ქალაქში, ხოლო მოთხრობის სიუჟეტი გვიყვება, რა ბედი ეწევა ამ მოვლენების ფონზე სრულიად გაუგებარ რყევებში მოყოლილ პატარა ადამიანს – დიდ იოსებს. უადგილო ეპითეტი აქ ირონიაა. იოსები დიდი და ზორბა მხოლოდ ფიზიკურად იყო. სხვა ყველაფრით სრულიად უმწეო და მოწყვლადი არსება გახლდათ. დიდი გამბედაობა იყო საჭირო ავტორის მხრიდან, რომ ბოლშევიზმის ეპოქაში ესოდენ დამაჯერებლად მოეთხრო ამბები იმისა, თუ როგორ გაანადგურა საბჭოთა სინამდვილემ ერთი საწყალი ადამიანი, უკეთილშობილესი, უწესიერესი, უბოროტო კაცი როგორ აქცია კრიმინალად. მოთხრობა გვიყვება იოსებ ქველაძის გულისმომკვლელ ისტორიას. პერსონაჟის დაცემა აქ უთუოდ იმის საილუსტრაციოდ სჭირდება ავტორს, რომ აჩვენოს, რამდენად უცხო და უხეშმა ძალამ დაიპყრო ჩვენი ქვეყანა, როგორ განადგურდნენ ათი ათასები და როგორ გადააგვარეს საზოგადოება ბოლშევიკებმა.

ნუგზარ შატაიძის ნოველის შექმნის თარიღი ვერ დავადგინე, თუმცა, სავარაუდოდ, იგი მეოცე საუკუნის დასასრულს ქმნიდა ამ ნაწარმოებს, როცა საბჭოთა ცენზურის საფრთხე უკვე აღარ არსებობდა, თუმცა ამ ეპოქის ქართველებისთვის 1921 წლის ამბების შეხსენება ნამდვილად ძალიან აქტუალური იყო და იქნება მომავალშიც. ნოველაში თებერვალ-მარტის ამბებია მოთხრობილი. მართალია, ნოველისთვის დამახასიათებელი ფრაგმენტული თხრობის მანერით, მხატვრული შტრიხ-კოდებით, თუმცა ვინც ამ ეპოქას კარგად იცნობს ისტორიიდან, მას არ გაუჭირდება თბილისსა და ბათუმში მიმდინარე მოვლენების მთლიანი სურათის კონსტრუირება. ბათუმური პეიზაჟიც სიმბოლურ-ალეგორიულია: „ბათუმშიც უჟმური ამინდი იდგა. ქალაქი სქელ ბურუსში გახვეულიყო. ირგვლივ აღარაფერი ჩანდა. ჩამუქებული ციდან ნაპირზე გამორიყული მკვდარი მედუზის ნაფლეთებივით ცვიოდა თოვლის სველი, მძიმე ფანტელები და ბულვარსა და მის გასწვრივ ჩარიგებულ მაგნოლიებს ზედ ადნებოდა. ზღვა ავის მოლოდინში გატრუნულიყო”.

მოცემულ ეპიზოდში გადმოცემული განწყობა ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბას” იმ მონაკვეთს გვახსენებს, როცა სოხუმში შემოდიან კრეისერ „შმიდტის” მეზღვაური წითელარმიელები. ქალაქი სრულ გაურკვევლობაშია. ოსმალო ქიაზიმ-ბეის რამდენიმე დღის წინ ართვინი აეღო და ქართველების დახმარების საბაბით ბათუმში დიდძალი ჯარით შემოსულიყო. სრული პოლიტიკური დომხალია. ამ ქაოსში გაძლება და გადარჩენა სათუოა. ქიაზიმ ბეის თავი ბათუმის გუბერნატორად გამოუცხადებია, ხოლო ბოლშევიკები უკვე ფოთში ყოფილან და მალე ბათუმს უნდა სწვეოდნენ. დამარცხებული ქართველების ყოფა შემაძრწუნებელია: „ვისაც ომში დამარცხებული ქართველის ქეიფი არ უნახავს, ამ სურათს ძნელად წარმოიდგენს: სვამდნენ უხმოდ, ხარბად და რაღაცნაირი დაჟინებით”. ასე აღწერს ავტორი სასტუმრო „ორიენტის” რესტორანში თავმოყრილი, უცხოეთში გასაქცევად მომზადებული ქართველი ჯარისკაცების ყოფას.

თუ „დიდ იოსებში” ავტორმა გვაჩვენა პერსონაჟის სრული დემორალიზაცია და მორალური კრახი, ნუგზარ შატაიძე გვიხატავს საოცარ გმირებს, სამხედრო სკოლის კურსანტებს – სანდრო ლომოურსა და ვანიჩკა გოგუაძეს. საოცრად ექსპრესიულია კოჯრის ბრძოლებში ბარძაყში დაჭრილი სანდროს სულიერი მდგომარეობის აღწერა: „სანდრო ლომოური ღვინოს არ სვამდა, ისედაც მაღალი სიცხე ჰქონდა, გაბრუებული იჯდა და ეჩვენებოდა, რომ ყველაფერი წყლის ფსკერზე ხდებოდა, – სუფრასთან მსხდომი მისი ამხანაგები თევზებივით უხმოდ ალამუნებდნენ ტუჩებს, თითქოს თვითონაც რაღაც მღვრიე, ბლანტ სითხეში ჩაძირულიყო და გრძნობდა, როგორ ნელ-ნელა პატარავდებოდა, ილეოდა, ნამცეცდებოდა და ის იყო, უნდა გამქრალიყო, რომ რაღაც სასწაულის ძალით, ისევ იზრდებოდა, თავბრუდამხვევი სისწრაფით დიდდებოდა, ლამის მთელი სამყაროსოდენა ხდებოდა”…

ეს სურათი მთელი მაშინდელი ქართველობის ყოფაა – კოშმარი! სანდროს აგონდება აღა-მაჰმად ხანის შემოსევის დროს ყიზილბაშების მიერ თაბორის მთაზე ალყაშემორტყმული ქართველ მეზარბაზნეთა მცირე რაზმი, რომელსაც მაიორმა გურამიშვილმა ასე მიმართა: „ძმებო, ქართველებო, ცხადად ვხედავთ, აუცილებელი სიკვდილია მოსული ჩვენზედ, მაგრამ ისიც შეგვიძლია, რომ მტერს უნამუსოდ დავნებდეთ. აბა, რომელი გირჩევნიათ, სახელიანი სიკვდილი თუ უნამუსო სიცოცხლე?”.

გმირი დროში მოგზაურობს და იქ გადადის, 1795 წლის თბილისის ცხელ ამბებში: „ამ სიტყვებზე სანდრო ქვემოთ ჩაქანდა, გლიცერინივით ბლანტ სითხეში ჩაიძირა, დაპატარავდა, დაპატარავდა და სანამ საბოლოოდ გაქრებოდა, თვალი მოჰკრა, იმ მეზარბაზნეებთან ერთად თვითონაც როგორ დაიჩოქა, რანაირად აიღო სამი თითით მიწა და ზიარების ნიშნად როგორ შეჭამა”.

კოჯრის შეტაკების დროს სანდროს შაშხანის ტყვიამ მუხლს ზემოთ, რბილში გაუარა, მაგრამ სისხლი ბლომად დაკარგა და ვანიჩკა გოგუაძემ გადაარჩინა, მოხალისე სანიტარ გოგონებს გადასცა მეგობარი მოსავლელად. ბარძაყში დაჭრილი გმირი – ღმერთთან მებრძოლი კოჭლი იაკობის ალუზია მგონია. სანდრო არ ნებდება. მას აგონდება ტაბახმელის სანგრები, მტრის ქვემეხებით გაჩენილი უშველებელი ორმო. „ჰაერში სველი მიწის სურნელი რომ იგრძნო, გაახსენდა გაზაფხულზე სოფელში ნანახი: სოსანებითა და გვირილებით მოჩითულ ბალახიან ფერდობზე ხარებშებმული გუთნეული გაბაწრულიყო და ნიავს იქიდან ტკბილი, ძარღვების დამადუნებელი „ოროველა” და ტოროლების გამაბრუებელი წკრიალი მოჰქონდა… „მალე გაზაფხული მოვა”, – გაიფიქრა მაშინ სანდრომ და უცნაური სიმშვიდე იგრძნო”.

საგულისხმოა, რომ მტრის ქვემეხით ამოთხრილი მიწის სურნელი სანდროს ხვნა-თესვის, სოფლური იდილიის სურნელს აგონებს. ეს ომი, ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მოძრაობა სწორედ ხვნა-თესვის, ბარაქის, მშვიდობიანობის, სოფლური იდილიის მოპოვების გარანტიაა.

ვანიჩკა სანდროს ეუბნება, რომ ბოლშევიკები დასახვრეტი ქართველების სიებს ადგენენ და კოჯრისა და ტაბახმელის ბრძოლებში მონაწილეობა მათ ამ სიაში უეჭველად მოახვედრებს. მეგობრები იტალიურ გემ „კირალზე” ორ ბილეთს შოულობენ. მარტის თვეა. გემი მარსელისკენ მიდის. საქართველოს მთავრობაც ამ გზით წავიდა და გაზიდა ეროვნული განძიც. გემზე მოხვედრა სიცოცხლის გარანტიაა, მაგრამ სანდროს წასვლა არ შეუძლია! მორჩა და გათავდა! მან სრულიად მშვიდად უთხრა მეგობარს, რომ აღარ დაეძებდა საფრთხეებს და წასვლას არ აპირებდა. ვანიჩკა მიხვდა, რომ სანდრო არ გადათქვამდა. თავად ავიდა გემზე, ხოლო სანდრომ თავისი ბილეთი ბავშვიან ქალს დაუთმო. როცა გემი ნაპირს მოშორდა, პირველად ერთმა მგზავრმა ისროლა ქუდი ნაპირისკენ, შემდეგ მეორემ და ასე ყველამ, ნიშნად იმისა, რომ გულსა და გონებას სამშობლოში ტოვებდნენ, ქუდები ზღვაში გადაყარა. გემზე მყოფი ვანიჩკა მეგობარს ეძებდა ნაპირზე, შემდეგ კი “Hellados”-ის გმირივით გემბანიდან გადახტა. იანგულიმ ნაპირამდე ცოცხალმა ვერ გამოაღწია. დიდი იმედია, რომ ვანიჩკა გამოცურავს და ისევ ჩაეხუტება თავის უღალატო მეგობარს, მაგრამ ვინ იცის, რა ჯოჯოხეთი ელის სისხლისმსმელი ბოლშევიკებისგან ორ საოცარ ახალგაზრდას?

სანდროს ოჯახში აკაკი წერეთელი დადიოდა სტუმრად. სიკვდილამდე ორი კვირით ადრე ის გამოსამშვიდობებლად მისულა ლომოურების ოჯახში. უთქვამს, რომ სიკვდილის მოახლოებას გრძნობდა, საჩხერეში აპირებდა დაბრუნებას და ენანებოდა, რომ ვერასდროს ნახავდა მათ. როცა მამამ ჰკითხა, კი მაგრამ რამეს იტკიებო? აკაკის უპასუხია: „არა, ჩემო კარგო, არაფერი მტკივა, მაგრამ ეს ბოლო დღეებია მოვსხლტი როგორღაც”…

აბა, რა ღირებულებებით უნდა ყოფილიყო აღზრდილი სანდრო, რომელიც პატარაობისას აკაკისთან ერთად ტრაპეზობდა ოჯახში? სიმბოლურია ამ ამბის მოგონებაც. აკაკის სიკვდილიდან დიდი დრო არ იყო გასული, სულ რაღაც 6 წელი. აკაკის სიკვდილის წინათგრძნობა სანდროსა და ვანიჩკას ბედზე მინიშნებაც არის. ბევრი ასეთი რჩეული ქართველი შეეწირა წითელ რუსულ იმპერიალიზმს, ზოგიც გადარჩა. ქვეყნის ბედიც შეიცვალა და ამ ქვეყნის შვილებისაც. 70 წელი დასჭირდა საქართველოს, რომ საბჭოეთის წყვდიადისთვის თავი დაეღწია. რამდენი სისხლი დავღვარეთ ამ გზაზე? რამდენი დიდებული ქართველი შეიწირა სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ეკლიანმა გზამ?

კონსტანტინე გამსახურდია და ნუგზარ შატაიძე საოცარი მთხრობელები არიან. მათ შეუძლიათ მკითხველზე დაუვიწყარი ემოციური ზემოქმედება. სააბიტურო საათებში ამ ორ მოთხრობას უსათუოდ ვაძლევ ჩემს მოსწავლეებს ანალიზისა და სინთეზისთვის. ორივე ნაწარმოები ახალგაზრდების აღტაცებას იწვევს თავისი იდეური სიღრმით, ფსიქოლოგიზმის ხერხებით, პერსონაჟთა პორტრეტების ხატვის ოსტატობით, თხრობის არაჩვეულებრივი, დამატყვევებელი მანერით.

 

ჭიათურა – შავი ოქროს ქალაქი

0

ბავშვობის ბევრი ზაფხული ჭიათურაში გავატარე. მამაჩემის დედულეთი ანდამატივით მიზიდავდა – თავისი ულურჯესი საღამოებით, ბზის და ცაცხვის სურნელით, ლაღი იუმორით, შრომისმოყვარე, კეთილშობილი მასპინძლებით, კაკაოსფერი ყვირილათი და მისი მღვრიე ტალღების ფონზე აფრთხიალებული ქათქათა გედებით, ხელოვნური ტბის ზედაპირზე რომ სრიალებდნენ თავდავიწყებით და ამ უცნაურ, მარგანეცით მიმოთხვრილ ქალაქს რაღაც ზღაპრული სისპეტაკის შხეფებს აფრქვევდნენ…

ყველა ოჯახში ერთი წევრი მაინც მუშაობდა მაღაროში. ჩემი ბებია – გაფრინდაშვილის ქალი, კეფაზე აკოსილი ჩალისფერი ნაწნავით და ეშხიანი ხალით, ჭიათურის მაღაროს ერთ-ერთი ბუღალტერი იყო და შესაბამისად, დიდად დაფასებული ქალი მთელ ქალაქში. მიყვარდა მისი ვეებერთელა საანგარიშო, ჩოთქს რო ვეძახდით საყველპუროდ, ორ ბავშვს ერთად გვეჭირა და დაირასავით ვაჩხაკუნებდით; მაშინებდა მაღაროდან ამოსული მუშების ყურება – დამზრალი, მზენაკლული თვალებით, მიწაშემხმარი ნაოჭებით… მაღარო იყო ჩემთვის რაღაც ფანტასტიკური სამყარო, გრძნეული მიწისქვეშეთი, თავისი დრამატული, საშიში და საინტერესო ამბებით. ეს მაშინ, ბავშვობაში, როცა ყველაფერს ჯადოსნური იერი აქვს.

ხოლო მერე კი… მერე სხვა სახელები და ტერმინებია. სხვა ვნებები და ტკივილები.

დღეს ჭიათურას ძალიან უჭირს. ყველას ყურადღება მიიპყრო ძირგამოთხრილი სოფლების, დახურული მაღაროს, პირამოკერილი მაღაროელების ისტორიებმა. ყოველდღე ველოდები, როდის დადგება მათი სამართალი, როდის გახდება მათი საკითხი უმთავრესი სახელმწიფოსთვისაც და საზოგადოებისთვისაც. რას ვიღონებთ თითოეული ჩვენგანი იმისათვის, რომ გაგანია 21-ე საუკუნეში, ტექნოკრატიულ, ციფრულ და ტრანსჰუმანისტურ დროში, ეს საოცარი ქალაქი ხელში არ ჩაგვაკვდეს…

ამ ფიქრებმა ჭიათურის ისტორია კიდევ ერთხელ გადამაფურცვლინა. მისი, როგორც ინდუსტრიული ქალაქის თავგადასავალიც, როგორც ყველაფერი ფუნდამენტურად სახელმწიფოებრივი ამ ქვეყანაში, ისევ იმ დიდ სახელებს უკავშირდება.

სახელებს, ვინც მე-19 საუკუნეში, გიგანტური ნაბიჯებითა და ტიტანური ენერგიით გასწია წინ საქართველოს უღელი.

ჭიათურის შავი ქვა (ასე უწოდებდნენ იმ დროს მანგანუმს) შავ ოქროდ აკაკი წერეთელმა აქცია.

რამდენიმე ლეგენდა არსებობს, თუ როგორ გაჩნდა ჭიათურა, და ყველა მათგანში მთავარი ამბავი მადანია.

ეს შავი ოქროა, რაზედაც ინფრასტრუქტურა შემოაშენეს, რის გამოც ქალაქის სტატუსი მიანიჭეს და ჭიათურა ინდუსტრიულ ქალაქთა შორის ჩაწერეს. თორემ, ამ მხარის ისტორია ისეთივე ძველია, როგორიც ზემო იმერეთის მთებისა და მღვიმეების, ზოგან დინოზავრების ნაკვალევი როა შემორჩენილი და ზოგან – პირველმოსახლეთა ბრინჯაოს ხელცულები, კედლის მხატვრობები თუ სელის ძაფის ბოჭკოები. სხვათა შორის, უკვე დადგენილი კვლევების მიხედვით, ჭიათურის ძუძუანას მღვიმეებში აღმოჩენილი ეს ძაფი მსოფლიოში ყველაზე ძველია.

მე-19 საუკუნეში, ამ უცნაურ-რელიეფიან ადგილას გეოლოგ-აკადემიკოსი ჰერმან აბიხი მოვიდა და ადგილობრივი წიაღისეულის – მანგანუმის საბადოების შესწავლა დაიწყო. მისი სამეცნიერო კვლევა კი საქვეყნო საქმედ აკაკი წერეთელმა აქცია. იქ, სადაც დღეს არც გზაა და არც კვალი, რკინიგზა მოვა. ეს უდაბნო, ჭიათურა, გაშენდება. დაიწყება მარგანეცის მრეწველობა – თქვა მან და 1879 წელს, მანგანუმის მოპოვებას საფუძველი ჩაუყარა. ამან მუშახელის საჭიროება წარმოშვა. მუშახელმა – საცხოვრებელი სახლები მოიყოლა. ჭიათურის კლდოვან ტერასებზე ერთმანეთს მიხურხლული პაწია შენობები გაჩნდა.

ქალაქი ჩაისახა.

აკაკი წერეთლის არქივში ნახავთ წერილებს, იმდროინდელი საქმოსნები რომ წერენ – რადგანაც მარგანეცის საქმე ჩვენში თავდაპირველად შენგანაა აძრული და დამთავრებული, პირველი შემოსავლის „ნათაურს“ შენ გწირავთ, როგორც ძველად „იეჰოვას სწირავდენ ყოველს პირველს ნაშობს, პირველ ნამკალს და პირველ ნაკრეფსო“. თუმცა, ამ აღიარებამდე ბევრი ეჭვი და შფოთვაც იყო. ბოლომდე არავის სჯეროდა, ამ უსახური შავი ქვისგან ასეთი ნაყოფი თუ გამოდნებოდა. იმასაც უბედავდნენ – პოეტი „ვარსკვლავებს უნდა შესჭიკჭიკობდეს და რა მისი საქმე იყო, მადნეულს რომ გამოუდგაო“. აკაკი რის აკაკი იქნებოდა, თავისი ბოლომდე არ გაეტანა, სხვებიც არ აეყოლიებინა და მარგანეცის მოპოვება ერთ ყველაზე პროგრესულ საქმედ არ ექცია იმდროინდელ საქართველოში!..

1895 წელს რკინიგზა გაიყვანეს, ჭიათურის სადგური შორაპანს დაუკავშირდა. სარკინიგზო ძარღვზე ერთმანეთის მიყოლებით, როგორც მძივის თვლები, ისე აისხა საქართველოს ქალაქები – ჭიათურა-ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედია. რკინიგზამ განათლება და კულტურა მოიყოლა, სინათლის ჭავლით შემოგრიალდა ქართულ სინამდვილეში. ჭიათურაში თეატრი აშენდა – ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი საქართველოს თეატრებს შორის. მას მალევე გაუჩნდა მუდმივმოქმედი დასი. თეატრი ქალაქის ცხოვრების ისეთივე მნიშვნელოვან ნაწილად იქცა, როგორც მაღარო.

მე-20 საუკუნეში ჭიათურაში საბაგიროც აშენდა. მსოფლიო ბაზარზე მანგანუმზე მოთხოვნილების ზრდის გამო, მადნის მოპოვებაც სწრაფად გაფართოვდა. მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ფრანგული და ინგლისური კაპიტალი ჭარბობდა, შემდგომ გერმანული გამოჩნდა. რუსული სამრეწველო კაპიტალი კი ჭიათურაში XIX საუკუნის 80-იანი წლების დამდეგს გაძლიერდა.

1921 წელს ჭიათურას ქალაქის სტატუსი მიენიჭა. შავი ოქრო დღემდე უმთავრესი საარსებო წყაროა საუკუნოვანი ქალაქისათვის. სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველოში არსებული მანგანუმის საბადოები მადნის მაღალი ხარისხით, დიდი სამრეწველო მარაგითა და მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობით გამოირჩევა. თუმცა, 1990 წლიდან მანგანუმის მოპოვება მკვეთრად შემცირდა. ეს საქმე კერძო საქმოსანთა და კომპანიათა ხელში გადავიდა. 2006 წლიდან მაღაროში „ჯორჯიან მანგანეზ ჰოლდინგ ლიმითედი“ შევიდა და მისი ცხოვრების ახალი ეტაპიც დაიწყო.

აკაკი წერეთელმა, მარგანეცის მოპოვების საქმე რომ საქვეყნო სიკეთედ აქცია და მადლიერმა საქმოსნებმა პირველი მონაგები თანხა „ჰონორარივით“ გადაუხადეს, იმ ფულით ზემო იმერეთში ზეპირსიტყვიერების შემგროვებელ-შემსწავლელი ჯგუფის საქმიანობა დააფინანსა, ახალგაზრდებსაც სამუშაო გაუჩინა და ქვეყნის კულტურასაც ფოლკლორული განძი შესძინა. აკაკი ერთდროულად ბევრ რამეზე ფიქრობდა, რადგან ყოველივეს სათავეში, მისთვის, საქართველო იყო – მთავარი ხატი დიდ სახატეში. „იმედია, ჩვენში გამოჩნდებიან სხვებიც, რომ თანაუგრძნონ ამ საგანს (მე არ მოგახსენებთ არც მარგანეცის პატრონებზე და არც მის მწარმოებლებზე) და გამოიღონ მცირეოდენი შესაწირი ისე, როგორც სწირავენ ხოლმე სხვა-და-სხვა საზოგადო საქმეს. დიდი შესაწირი აქ საჭირო არ იქნება. თვით გროშებითაც შეიძლება შეგროვდეს ის თანხა, რომელიც საჭიროა ამ საქმისათვის და დამტკიცდეს ანდაზა: „თუ გული გულობს, ქადა ორივე ხელით იჭმებაო“ , – წერს ერთ წერილში აკაკი წერეთელი.

ეს გულისგულობაა სწორედ ჩვენი პირადი მოქალაქეობის ერთ-ერთი ფუნდამენტური მახასიათებელი. სხვისი ჭირის საკუთარ გასაჭირად მიჩნევა და ისევე ზრუნვა მისთვის, როგორც საკუთარი თავისთვის.

მხოლოდ ასე ცოცხლობენ ქალაქები. ადამიანებივით, ჩვენსავით.

აკაკი წერეთელმა პირადულ მოგებასა და ხეირზე აღმატებული საქვეყნო სიკეთის მაგალითი დაგვიტოვა. ასეთ მაგალითებს დღეს დიდი ძალა აქვს.

მათი გახსენება უკვე ერთი ნაბიჯია გადარჩენისკენ.

 

 

 

ცნებასთან დაკავშირებული განმავითარებელი შეფასების რუბრიკა

0

ეროვნული სასწავლო გეგმის მისიაა, მოსწავლის ჰოლისტურიშემეცნებითი, ფიზიკური და ფსიქოსოციალური განვითარება. სკოლამ უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური აკადემიური უნარების, წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა; სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების, პოზიტიური აკადემიური თვითკონცეფციის ჩამოყალიბება; საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება; მოზარდის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა და მხარდაჭერა; დამოუკიდებელი სასწავლო და შრომითი უნარების განვითარება, და სისტემური ცოდნის კონსტრუირება; საფუძვლების შექმნა განათლების მომდევნო, აკადემიურ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან პროფესიული საქმიანობისთვის.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიზანია, მოსწავლემ შეძლოს:

  • საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ინფორმაციის გააზრება. მიზნებისა და აუდიტორიის გათვალისწინებით – აზრის, იდეის ჩამოყალიბება;
  • ახალ სიტუაციასთან მიმართებით, კანონზომიერებების აღმოჩენა და მოდელირება. სასწავლო მასალის მეცნიერულ კონტექსტში გააზრება;
  • მრავალფეროვანი სტრატეგიებისა და მიდგომების საშუალებებით, სასწავლო და ცხოვრებისეული ამოცანების წარმატებით გადაჭრა;
  • მიღებული ცოდნის საფუძველზე, საკუთარი მსოფლმხედველობის რეფლექსია;
  • შეძენილი ცოდნის, საკუთარი, საზოგადოებრივი თუ სახელმწიფოებრივი მიზნებისა და საჭიროებებისთვის გამოყენება.

სასწავლო შედეგი უპირველესად გულისხმობს საგნობრივ ცოდნას. ეროვნულ სასწავლო გეგმაში, გრძელვადიანი მიზნები ჩამოყალიბებულია საგნობრივი სამიზნე ცნებებისა და საფეხურის შედეგების სახით. ეროვნული სასწავლო გეგმის თითოეული შედეგი უკავშირდება საგნობრივ სამიზნე ცნებას. ყველა საგნისთვის განსაზღვრულია რამდენიმე სამიზნე ცნება. შედეგებთან ერთად მათი დაუფლება, წარმოადგენს საგნის სწავლა-სწავლების გრძელვადიან მიზანს. გრძელვადიან მიზნებს, შედეგებსა და სამიზნე ცნებებს აზუსტებს და უფრო მკაფიოს ხდის ცნებასთან დაკავშირებული ქვეცნებები, მკვიდრი წარმოდგენები და შესაბამისი დასასწავლი საკითხები.

 

გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად საჭიროა, სასწავლო პროცესი დაიყოს შუალედურ სასწავლო მიზნებად. გრძელვადიანი მიზნების საფუძველზე შუალედური მიზნების გამოსაყოფად, აუცილებელია სასწავლო თემის, როგორც სტრუქტურული ერთეულის მნიშვნელობის გააზრება. ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით, თემა წარმოადგენს კონტექსტს, რომლის ფარგლებშიც უნდა დამუშავდეს ეროვნული სასწავლო გეგმის ყველა შედეგი და სამიზნე ცნება. მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა სწორად დაინახოს, თემის ფარგლებში რა კონკრეტულ სახეს მიიღებს ეროვნული სასწავლო გეგმის გრძელვადიანი მიზნებიშედეგები და სამიზნე ცნებები.

სასწავლო პროცესში შუალედური სასწავლო მიზანი განისაზღვრება ისეთი დავალების სახით, რომელიც წარმოადგენს შემოქმედებით პროდუქტს და რომლის საშუალებითაც მოსწავლე საგნობრივ საკითხებთან მიმართებით, საკუთარ ცოდნას წარმოაჩენს. შედეგი მიღწეულად მიიჩნევა, როცა მოსწავლეს შეუძლია საგნობრივ საკითხთან დაკავშირებული ფაქტებისა და მოვლენების კრიტიკულად და ურთიერთდაკავშირებულად გააზრება, გაანალიზება და სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენება.

მკვიდრი წარმოდგენები შემოფარგლავს ცნების მოცულობას და განსაზღვრავს, რა უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული მოსწავლეს საფეხურის ბოლოს ამ ცნებასთან მიმართებით. მათი საშუალებით წარმოჩნდება განზოგადებები, რომლებამდეც მოზარდი უნდა მივიდეს ნებისმიერი თემის სწავლა-სწავლების პროცესში. მკვიდრი წარმოდგენები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ისინი განისაზღვრება სასკოლო კურიკულუმის, და არა ეროვნული სასწავლო გეგმის, დონეზე.

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით შუალედური მიზანი გულისხმობს სამ აუცილებელ კომპონენტს:

  • ძირითადი საკითხი, რომელსაც შეეხება სასწავლო აქტივობა;
  • პროდუქტი, რომელსაც ქმნის მოსწავლე (მაგ: კვლევითი ნაშრომი, მოდელი, ვირტუალური მოდელი, ინსტრუქცია, რჩევების კრებული და სხვა);
  • შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც მიემართება სამიზნე ცნების მკვიდრ წარმოდგენებს.

შუალედური სასწავლო მიზნების რაოდენობა და მოცულობა დამოკიდებულია კონკრეტული სკოლის, კლასის მოცემულობაზე. მაგალითად, შეიძლება ჩამოყალიბდეს:

  • შუალედური მიზანი, რომელიც ერთ საკითხს და ერთ სამიზნე ცნებას შეეხება;
  • შუალედური მიზანი, რომელიც ერთი საკითხის გამოყენებით 2-3 სამიზნე ცნების დამუშავებას გულისხმობს;
  • შუალედური მიზანი, რომლის საფუძველზეც თემის ფარგლებში ყველა სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული საკითხები ერთობლივად დამუშავდება.

ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგები გასაზომად, გვეხმარება შედეგების მიღწევის შეფასებისა და ფუნქციურ-კოგნიტიურ უნარებზე დაფუძნებული განმავითარებელი შეფასების რუბრიკები. მოსწავლის შეფასების მთავარი მიზანია სასწავლო პროცესის ხარისხის მართვა. შეფასება არის სწავლასწავლების განუყოფელი ნაწილი.

 მოსწავლის შეფასების პრინციპები, მიზნები და ამოცანები მდგომარეობს შემდეგში:

  • მოსწავლის მიღწევების დიაგნოსტირება მისი სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად;
  • მოსწავლის წინსვლის, სწავლის პროგრესის ამსახველი პროფილის შექმნა;
  • მონაცემების შექმნა მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი განმავითარებელი.

განმსაზღვრელი შეფასება ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებით. განმსაზღვრელი შეფასება უნდა ემსახურებოდეს მოსწავლის პოზიტიური თვითშეფასების ჩამოყალიბებას. განმსაზღვრელი შეფასების კომპონენტებს ადგენს თავად სკოლა.

 განმავითარებელი შეფასება:

  • აჩვენებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას, პროგრესს;
  • ქმნის მხარდაჭერის მექანიზმს მოსწავლის პიროვნული პოტენციალის რეალიზებისთვის. მოსწავლე განმავითარებელი შეფასების აქტიური მონაწილეა და ჩართულია შეფასებისთვის რელევანტური ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების პროცესში.

მოსწავლე შეიძლება შეფასდეს უშუალოდ სასწავლო პროცესში, სპეციალურად დანიშნული გამოკითხვებისა და საკონტროლო წერების გარეშე. განმავითარებელ შეფასებაში შემფასებელი შეიძლება იყოს როგორც მასწავლებელი, ასევე მოსწავლეც. სასურველია, მოსწავლეებს მიეცეთ საშუალება, თვითშეფასების მიზნით, გასცენ და მიიღონ უკუკავშირი თავიანთი თანაკლასელებისგან და ასევე აქტიურად გამოიყენონ მეტაკოგნიტიური და კოგნიტიური სტრატეგიები. სწავლის პროცესის შეფასებაში ამგვარი ჩართულობა, მოსწავლეს გამოუმუშავებს დამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევებს, დაეხმარება სწავლის სტრატეგიების ათვისებაში, საშუალებას მისცემს, გაცნობიერებულად შეუწყოს ხელი საკუთარ წინსვლასა და წარმატებას. მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს შემდეგი შინაარსის შეფასების რუბრიკები:

  • საშინაო წერითი დავალების შეფასება;
  • საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის შეფასება;
  • დამოუკიდებელი წერითი სამუშაოს შეფასება;
  • საპრეზენტაციო თემის და პრეზენტაციის პროცესის შეფასება;
  • ჯგუფური სამუშაოს შეფასება;
  • მოსწავლის მიერ კვლევითი სამუშაოს შეფასება;
  • სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული განმავითარებელი შეფასების სქემა.

სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ხელშესაწყობად უპირატესობა უნდა მიენიჭოს განმავითარებელ შეფასებას, რომელიც აფასებს მოსწავლეს თავის წინარე შედეგებთან მიმართებით, ზომავს ინდივიდუალურ წინსვლას და აძლევს მოსწავლეს ცოდნის ეტაპობრივად აგებისა და კონსტრუირების საშუალებას. განმავითარებელი შეფასებისას მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს განმავითარებელი შეფასების 5 სტრატეგია-ფაქტორი:

  • რომელ მიზანზეა (გრძელვადიანი/შუალედური) ორიენტირებული განმავითარებელი შეფასება;
  • რამდენად აძლევს სასწავლო პროცესში შესრულებული დავალებები მოსწავლეს ცოდნის, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას და რამდენად შეუწყო ხელი შემოქმედებით დავალებაზე მუშაობის პროცესმა მოსწავლის ფუნქციური უნარების განვითარებას?
  • რამდენად ეფექტურად გამოიყენება განმავითარებელი უკუკავშირი მოსწავლის წინსვლისა და განვითარების ხელშესაწყობად?
  • რამდენად იყენებენ მოსწავლეები ურთიერთშეფასების სტრატეგიებს?
  • რამდენად აქცევს მოსწავლე ყურადღებას მეტაკოგნიტიურ ასპექტებს?

განმავითარებელი შეფასების მნიშვნელოვანი ნაწილია მასწავლებლის თვითრეფლექსია; იმის გასაანალიზებლად, თუ რამდენად მოახდინა მასწავლებლის საქმიანობამ ზეგავლენა მოსწავლის მიღწევებზე; რა უნდა იქნას გათვალისწინებული შემდგომ პერიოდში სასწავლო პროცესის დაგეგმვისას.

განმავითარებელი შეფასების რუბრიკის გამოყენება შესაძლებელია საგაკვეთილო პროცესში, შემოქმედებითი  დავალებების შესრულებისა და პროექტებით სწავლებისას. სასწავლო პროცესი გულისხმობს მოკლევადიან და შუალედურ სასწავლო მიზნებზე მუშაობის შედეგად, გრძელვადიანი სასწავლო მიზნების მიღწევას. განმავითარებელი შეფასების რუბრიკის შედგენისას მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომელ სამიზნე ცნებაზე გადის აღნიშნული სასწავლო აქტივობა. მივუთითოთ ქვეცნებები და ის კონკრეტული საკითხები, რომლებსაც მოიცავს მოცემული სამუშაო. ამის შემდეგ კი შესაძლებელია მიღწევის დონე შეფასდეს – როგორც დაბალი, საშუალო და მაღალი.

საკითხის უკეთ გასააზრებლად, წარმოგიდგენთ სასწავლო კვლევითი პროექტის მოკლე გეგმის ნიმუშს ფიზიკაში და განმავითარებელი შეფასების შესაბამის რუბრიკას, რომელიც ფარავს სამიზნე ცნების, ქვეცნებისა და საკითხების ჩამონათვალს. იმავე ფორმატით შესაძლებელია ნებისმიერი საგნის განმავითარებელი შეფასების რუბრიკის შედგენა.

 

 

პროექტის სახელწოდება

 

 კულონის კანონი. მსოფლიო მიზიდულობის კანონი

პროექტში მონაწილეები  მე-10 კლასის მოსწავლეები;

ასაკობრივი ჯგუფი – 15-16 წელი

პრობლემის ანალიზი

 

მოსწავლეებს უჭირთ:

·          მსოფლიო მიზიდულობის კანონის სიღრმისეული გააზრება (მაგ. რატომ ეცემა ვაშლი დედამიწას და არა პირიქით, დედამიწა ვაშლს);

·          უხილავ (დამუხტულ) ნაწილაკებზე მსჯელობა, მათი კანონზომიერებების ფიზიკური შინაარსის გააზრება, ლოგიკური და ანალიტიკური მსჯელობა;

·          საკუთარი აზრის გამოთქმა, წარმოსახვა და შემოქმედებითად აზროვნება.

პროექტის მიზანი

 

მოსწავლეები:

·         გაიღრმავებენ ცოდნას ფიზიკაში. შეძლებენ დაადგინონ მსგავსება გრავიტაციულ და ელექტრულ ურთიერთქმედებებს შორის;

·         ვირტუალური ექსპერიმენტებით შეისწავლიან მსოფლიო მიზიდულობის და კულონის კანონებს. იმსჯელებენ მათ შორის მსგავსებასა და განსხვავებაზე.

მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეებს:

·         განუვითარდებათ დაკვირვების, აღწერის, ინფორმაციის მოძიების, პრობლემის დასმისა და მისი გადაჭრის, მონაცემთა ინტერპრეტაციის, ანალიზის, საკუთარი აზრის ჩამოყალიბებისა და გადაცემის უნარები;

·         გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში – ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაციის აწყობა და აუდიტორიის წინაშე წარდგენა;

·         აუმაღლდებათ წარმოსახვითი, შემოქმედებითი აზროვნების, ვარაუდის ფორმულირების, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევები;

·         გრძელვადიან პერსპექტივაში ხელი შეეწყობა წიგნიერების, რაოდენობრივი წიგნიერების, ციფრული წიგნიერების, სემიოტიკური წიგნიერების, სწავლის სწავლის, ცოდნის ტრანსფერული უნარების განვითარებას.

პროექტის ამოცანები

 

მოსწავლეები:

·         დაამუშავებენ პროექტით გათვალისწინებულ თეორიულ საკითხებს და ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით, ჩაატარებენ შესაბამის ექსპერიმენტებს;

·         განივითარებენ მოვლენათა და ფაქტების აღქმის სიღრმეს და მრავალმხრივობას.

სტანდარტთან კავშირი ·         ფიზ.საბ. 1.2.3.4.5.6.7.8.9.10.11

·         ფიზ.საშ. 1.2.3.4

კვლევა,

მოსწავლეები გააცნობიერებენ, რომ:

·         კვლევის მეთოდებია: ცდა (ექსპერიმენტი), ინფორმაციის მოძიება, მონაცემების დამუშავება (ანალიზურად, გრაფიკულად, დიაგრამებით), ვირტუალურ ლაბორატორიაში რეალური მოვლენის მოდელირება და სხვა;

·         რეალური მოვლენის მოდელირებისას შესაძლოა უგულებელყოფილ იქნას გარკვეული ფაქტორები, რის გამოც რეალობისაგან აცდენილ შედეგს მივიღებთ.

·         მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის აუცილებელია აღმოჩენები, ხოლო სხვადასხვა პროფესიის დაუფლებისთვის – მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიღწევების ცოდნა და კვლევითი უნარების ჩამოყალიბება.

ქვეცნება, საკითხები ძალები. გრავიტაციული და ელექტრული ურთიერთქმედება

·          მსოფლიო მიზიდულობის კანონი

·         მუხტი. სხეულთა დამუხტვა. მუხტების ურთიერთქმედება (კულონის კანონი)

მდგრადი განვითარების მიზნები ·         მიზანი 4 – ხარისხიანი განათლება
სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები მოსწავლემ უნდა შეძლოს:
მატერია -Ø  გრავიტაციული/ელექტრული/მაგნიტური ველის შემქმნელი ობიექტების მახასიათებელი ფიზიკური სიდიდეების (მასა და მუხტი) დაკავშირება მათ მიერ შექმნილ ველებთან; აღნიშნული ველების თვისებების ზოგადი აღწერა;

Ø  მატერიის სახეების ფიზიკური თვისებების ცოდნის მნიშვნელობის შესახებ საკუთარი მოსაზრებების დასაბუთება და ამ ცოდნის დაკავშირება თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან;

Ø  მატერიის სახეების ფიზიკური თვისებების გამოსაკვლევად შესაბამისი საკლასო/საშინაო ექსპერიმენტების ორგანიზება, მოსალოდნელი შედეგების წინასწარ განჭვრეტა და მისი შედარება ექსპერიმენტის შედეგებთან;

Ø  მატერიის სახეებისა და მათი თვისებების მახასიათებელ ფიზიკურ სიდიდეთა გამოყენებით შესაბამისი სიტუაციური, ცხოვრებისეული და პრობლემაზე ორიენტირებული ამოცანების ამოხსნა/გადაჭრა;

Ø  ელემენტარული მუხტისა და სხეულის მუხტის შესახებ მსჯელობა მუხტის შენახვის კანონის გასაანალიზებლად;

Ø  მსჯელობა მუხტებს შორის ელექტრული ურთიერთქმედების აღსაწერად (ანალოგია გრავიტაციული ველის მახასიათებლებთან);

ენერგია

Ø  სისტემის შიგნით ენერგიის გარდაქმნებისა და სისტემის სრული ენერგიის ცვლილების მოვლენების ახსნა გამომწვევი მიზეზების გათვალისწინებით;

Ø   ენერგიის სახეების (მექანიკური, ელექტრომაგნიტური) თვისობრივი და რაოდენობრივი დახასიათება. შესაბამისი მახასიათებლების მიხედვით ერთმანეთთან შედარება;

ძალა

Ø  ურთიერთქმედების სახეების (გრავიტაციული, ელექტრული) თვისობრივი და რაოდენობრივი დახასიათება; ბუნების მოვლენების მიმდინარეობაში ამ ურთიერთქმედებების როლის/მნიშვნელობის შესახებ საკუთარი მოსაზრებების დასაბუთება ადვილად დაკვირვებად მაგალითებზე დაყრდნობით;

Ø  ადვილად დაკვირვებადი ძალების თვისობრივი და რაოდენობრივი დახასიათება, შედარება მათი წარმოქმნის მექანიზმისა და მოქმედების ხასიათის მიხედვით;

Ø  ადვილად დაკვირვებადი ძალების გამოსაკვლევად შესაბამისი საკლასო/საშინაო ექსპერიმენტების ორგანიზება, მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირება და მისი შედარება ექსპერიმენტის შედეგებთან;

Ø  წერტილოვან მუხტებს შორის ურთიერთქმედების ძალის რაოდენობრივად დახასიათება (ანალოგია მსოფლიო მიზიდულობის კანონთან) და შესაბამისი მოცემულობების ახსნა პრობლემაზე ორიენტირებული ამოცანების გადასაჭრელად;

Ø  ჰიპოთეზის ჩამოყალიბება, ექსპერიმენტების დაგეგმვა და მისი უსაფრთხოდ ჩატარება დამუხტული სხეულების ურთიერთქმედების შესასწავლად.

ფიზიკური პროცესი

Ø  ფიზიკური მოვლენებისა და პროცესების (მაგ: მექანიკური, ელექტრული) თვისობრივი და რაოდენობრივი დახასიათება;

Ø  ფიზიკურ მოვლენათა/პროცესთა შედარება მათი მახასიათებლების მიხედვით;

Ø  ბუნების მოვლენების აღმწერი კანონების მნიშვნელობის შესახებ საკუთარი მოსაზრებების დასაბუთება და ამ კანონების გამოყენებით შესაბამისი სიტუაციური, ცხოვრებისეული და პრობლემაზე ორიენტირებული ამოცანების ამოხსნა/გადაჭრა;

Ø  სხვადასხვა ფიზიკური მოვლენისა და პროცესის სადემონსტრაციო საკლასო/საშინაო ექსპერიმენტების ორგანიზება, მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირება და მისი შედარება ექსპერიმენტის შედეგებთან;

Ø  ფიზიკური პროცესის გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების ერთმანეთთან დაკავშირება და ამ კავშირების განმაპირობებელი ფაქტორების ახსნა.

ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები აქტივობა 1. მასწავლებლის მიერ მოსწავლეებისთვის პროექტის იდეის გაცნობა.

აქტივობა 2. მოსწავლეებთან ერთად სამუშაო გეგმის შედგენა და დავალებების განაწილება.

პრეზენტაციების მომზადება შემდეგ საკითხებზე:

·         „მსოფლიო მიზიდულობის კანონი. გრავიტაციული მუდმივას რიცხვითი მნიშვნელობა“;

·         „დამუხტულ ნაწილაკთა ურთიერთქმედება. კულონის კანონი“;

·          ამოცანის განხილვა იმის გამოსაანგარიშებლად, რამდენჯერ მეტია ელექტრული ურთიერთქმედების ძალა, გრავიტაციული ურთიერთქმედების ძალაზე;

·         გრავიტაციული და ელექტრული ურთიერთქმედებების შესწავლა ვირტუალური ლაბორატორიის საშუალებით;

https://phet.colorado.edu/en/simulations/coulombs-law

https://phet.colorado.edu/en/simulations/gravity-force-lab-basics

·         ვენის დიაგრამის საშუალებით კულონის კანონსა და მსოფლიო მიზიდულობის კანონს შორის მსგავსება-განსხვავების დადგენა.

 

აქტივობა 3. მიცემული დავალებების მიხედვით სამუშაო შეხვედრების ჩატარება და მონიტორინგი;

აქტივობა 4. პროექტის პრეზენტაცია;

აქტივობა 5. პროექტის შეფასება შეფასების რუბრიკის საშუალებით.

 

 

 

სამიზნე ცნებებთან დაკავშირებული განმავითარებელი შეფასების რუბრიკა

 

თემა საკითხები,

საკითხი

სამიზნე ცნებასთან მიმართება  შეფასება

 

დაბალი მოსწავლეს განსახილველ საკითხთან მიმართებაში აქვს არასტრუქტუირებული წარმოდგენა.

მოიპოვებს მწირ ინფორმაციას.

ვერ ერთვება კვლევის პროცესში.

საშუალო მოსწავლეს განსახილველი საკითხის არსი ესმის საშუალო დონეზე. საკითხთან მიმართებაში ხედავს ურთიერთმიმართებებს.

მონაწილეობს კვლევაში და იაზრებს კვლევის შედეგებს.

უჭირს ცოდნის ტრანსფერი.

მაღალი მოსწავლეს საკითხის არსი გააზრებული აქვს სიღრმისეულად.

შეუძლია ცოდნის განზოგადება და სხვა მსგავს მაგალითებთან შედარება.

ატარებს კვლევას და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები.

ახდენს ცოდნის ტრანსფერს.

ძალები

 

 

 

 

 

ელექტროსტატიკა

 

 

 

 

 

 

 

მსოფლიო მიზიდულობის კანონი

 

 

 

ელექტრული მუხტი და ელემენტარული ნაწილაკები.

 

დამუხტული სხეულების ურთიერთქმედება.კულონის კანონი

მატერია მოსწავლეს უჭირს გააზრება: რომ ყველაფერი, რაც ბუნებაში არსებობს, არის მატერია. იგი ორი სახისაა: ნივთიერება და ველი;

რომ ყველა ნივთიერება შედგება უმცირესი ნაწილაკებისგან.

 

მოსწავლეს საშუალოდ ესმის: რომ ყველაფერი, რაც ბუნებაში არსებობს, არის მატერია. იგი ორი სახისაა: ნივთიერება და ველი;

რომ ყველა ნივთიერება შედგება უმცირესი ნაწილაკებისგან;

რომ ველის ფიზიკური თვისებები დამოკიდებულია – ველის შემქმნელი ობიექტების პარამეტრებზე (მასა, მუხტი) და ამ ობიექტების განლაგებაზე.

 

 

 

მოსწავლეს სიღრმისეულად ესმის: რომ ყველაფერი, რაც ბუნებაში არსებობს. არის მატერია. იგი ორი სახისაა: ნივთიერება და ველი;

რომ ყველა ნივთიერება შედგება უმცირესი ნაწილაკებისგან;

და ველის ფიზიკური თვისებები დამოკიდებულია – ველის შემქმნელი ობიექტების პარამეტრებზე (მასა, მუხტი) და ამ ობიექტების განლაგებაზე;

რომ მატერიის ფიზიკური თვისებები შეიძლება შეიცვალოს შიდა/გარე ფაქტორებით. ეს თვისებები და მათი ცვლილება ხასიათდება ფიზიკური სიდიდეებით, რომლებიც იზომება ექსპერიმენტულად.

ენერგია

 

 

მოსწავლეს უჭირს გააზრება: რომ სხეულთა (დამუხტულ ნაწილაკთა) ერთობლიობა ქმნის სისტემას.

რომ სხეულთა (დამუხტულ ნაწილაკთა) სისტემას, მასში შემავალი სხეულების (დამუხტული ნაწილაკების) მოძრაობის ან/და მათი ერთმანეთთან ურთიერთქმედების გამო აქვს ენერგია.

 

მოსწავლეს საშუალოდ ესმის: რომ სხეულთა (დამუხტულ ნაწილაკთა) ერთობლიობა ქმნის სისტემას;

რომ სხეულთა (დამუხტულ ნაწილაკთა) სისტემას, მასში შემავალი სხეულების (დამუხტული ნაწილაკების) მოძრაობის ან/და მათი ერთმანეთთან ურთიერთქმედების გამო აქვს ენერგია;

რომ ენერგია სისტემის მდგომარეობის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელია.

 

მოსწავლეს სიღრმისეულად ესმის:

რომ სხეულთა (დამუხტულ ნაწილაკთა) ერთობლიობა ქმნის სისტემას;

რომ სხეულთა (დამუხტულ ნაწილაკთა) სისტემას, მასში შემავალი სხეულების (დამუხტული ნაწილაკების) მოძრაობის ან/და მათი ერთმანეთთან ურთიერთქმედების გამო აქვს ენერგია;

რომ ენერგია სისტემის მდგომარეობის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელია;

რომ სისტემაში ენერგიის გარდაქმნა განპირობებულია შიდა ფაქტორებით, ხოლო სისტემის სრული ენერგიის ცვლილება – გარე ფაქტორებით.

 

ძალა

 

 

მოსწავლეს უჭირს გააზრება: რომ ბუნებაში მიმდინარე მოვლენების უმრავლესობა სხეულთა ურთიერთქმედებით ხორციელდება;

რომ სხეულებს შორის ურთიერთქმედება ხასიათდება ფიზიკური სიდიდით – ძალით;

და ძალის მოქმედების შედეგი დამოკიდებულია ძალის მოდულზე, მიმართულებასა და მოდების წერტილზე.

მოსწავლეს საშუალოდ ესმის: რომ ბუნებაში მიმდინარე მოვლენების უმრავლესობა სხეულთა ურთიერთქმედებით ხორციელდება;

რომ სხეულებს შორის ურთიერთქმედება ხასიათდება ფიზიკური სიდიდით – ძალით;

ძალის (მაგალითად, მსოფლიო მიზიდულობის ძალა, ელექტრული ძალა) მოქმედების შედეგი დამოკიდებულია ძალის მოდულზე, მიმართულებასა და მოდების წერტილზე;

წერტილოვან მუხტებს შორის ურთიერთქმედების ძალის რაოდენობრივად დახასიათება შესაძლებელია ანალოგიით მსოფლიო მიზიდულობის კანონთან.

 

მონაწილეობს ამოცანების ამოხსნის პროცესში.

 

მონაწილეობს ექსპერიმენტებში სხეულების (დამუხტული სხეულების) ურთიერთქმედების შესასწავლად.

მოსწავლეს სიღრმისეულად ესმის: რომ ბუნებაში მიმდინარე მოვლენების უმრავლესობა სხეულთა ურთიერთქმედებით ხორციელდება. სხეულებს შორის ურთიერთქმედება ხასიათდება ფიზიკური სიდიდით – ძალით;

ძალის (მაგალითად, მსოფლიო მიზიდულობის ძალა, ელექტრული ძალა) მოქმედება განსაზღვრავს სხეულის მოძრაობის ცვლილებას, შედეგი კი დამოკიდებულია ძალის მოდულზე, მიმართულებასა და მოდების წერტილზე;

წერტილოვან მუხტებს შორის ურთიერთქმედების ძალის რაოდენობრივად დახასიათება შესაძლებელია ანალოგით მსოფლიო მიზიდულობის კანონთან;

ხსნის შესაბამის პრობლემაზე ორიენტირებულ ამოცანებს;

შეუძლია ჰიპოთეზის ჩამოყალიბება, ექსპერიმენტების დაგეგმვა და მისი უსაფრთხოდ ჩატარება.

ფიზიკური

პროცესი

 

მოსწავლეს უჭირს გააზრება: რომ ბუნებაში ყოველდღიურად ვხვდებით უამრავ ცვლილებას, რომელთაც ბუნების მოვლენებს ვუწოდებთ;

და აღნიშნული მოვლენების დასახასიათებლად საჭიროა პროცესების თვისობრივი და რაოდენობრივი დახასიათება.

მოსწავლეს საშუალოდ ესმის: რომ ბუნებაში ყოველდღიურად ვხვდებით უამრავ ცვლილებას, რომელთაც ბუნების მოვლენებს ვუწოდებთ. აღნიშნული მოვლენების დასახასიათებლად საჭიროა შესაბამისი ფიზიკური პროცესის/პროცესების თვისობრივი და რაოდენობრივი დახასიათება;

და ყველა ფიზიკური მოვლენის დაკავშირება შესაძლებელია ბუნების კანონებთან.

მოსწავლეს სიღრმისეულად ესმის: რომ ბუნებაში ყოველდღიურად ვხვდებით უამრავ ცვლილებას, რომელთაც ბუნების მოვლენებს ვუწოდებთ;

აღნიშნული მოვლენების დასახასიათებლად საჭიროა შესაბამისი ფიზიკური პროცესის/პროცესების თვისობრივი და რაოდენობრივი დახასიათება;

ყველა ფიზიკურ მოვლენას/პროცესს (მაგალითად, სხეულთა (დამუხტულ ნაწილაკთა) ურთიერთქმედებას აქვს მიზეზი და მოჰყვება შედეგი, რომელთა დაკავშირებაც შესაძლებელია ბუნების კანონების გამოყენებით.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა
  2. „ფიზიკა, გზამკვლევი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით“ –

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი- 2022წ.

  1. საბაზო და საშუალო საფეხურის ფიზიკის სტანდარტი;
  2. ქ.ტატიშვილი, ფიზიკა, მე-9 კლასი, მასწავლებლის წიგნი
  3. ქ.ტატიშვილი, ფიზიკა, მე-10 კლასი, მასწავლებლის წიგნი

 

 

 

 

ექსკურსიების დროა – როგორი უნდა იყოს კარგი ექსკურსია

0

სასკოლო ექსკურსიები ბავშვების ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი მოვლენაა. ექსკურსია სცდება უბრალოდ გართობას და ბავშვებისთვის მნიშვნელოვან, ღირებულ საგანმანათლებლო და სოციალურ გამოცდილებას წარმოადგენს, რომელიც მათ განვითარებაში დიდ როლს თამაშობს. ზოგადად ექსკურსიები ბავშვებს უყვართ, რადგან ექსკურსიაზე წასვლა ასოცირდება სიახლესთან, განტვირთვასთან, მგზავრობასთან, გართობასთან, თამაშთან და თავგადასავლებთან. ექსკურსიაზე ბავშვებს არაჩვეულებრივი საშუალება აქვთ, ერთმანეთი ხელახლა აღმოაჩინონ, საკუთარი შესაძლებლობები უფრო თავისუფლად გამოხატონ, თუმცა მაისის შუა რიცხვებში მაინც მიწევს ჩემი ორი მოსწავლე შვილის დარწმუნება, რომ ექსკურსიაზე წასვლა კარგია და თავიანთ კლასელებთან ერთად იქ აუცილებლად უნდა წავიდნენ.

მარტის დასაწყისში მშობელთა სასაუბრო „ჩატები“ განსაკუთრებით ხმაურიანია – განუწყვეტელი წკაპუნი, ჩარიცხვების „სქრინების“ ჩაგდება, აზრთა გაცვლა-გამოცვლა… უფროსი შვილის კლასში ექსკურსიის მარშრუტი მალე დაიგეგმა, შევაგროვეთ საჭირო თანხა და დავჯავშნეთ ტრანსპორტი, რადგან თუ დაგვიანების შემთხვევაში, თავისუფალი ავტობუსების პოვნაც რთულდება და თითქმის შეუძლებელი ხდება.

რატომ არის ასე მნიშვნელოვანი სასკოლო ექსკურსია? ხომ არ დაფიქრებულხართ იმაზე, რამდენად ახლოსაა ჩვენი სასკოლო ექსკურსიები ექსკურსიის მთავარ მიზანთან? ან როგორ და საერთოდ ახერხებენ თუ არა მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფი ოჯახების ბავშვები მასში მონაწილეობას? ან იმაზეც ხომ არ დაფიქრებულხართ რატომ „ვერ“ ახერხებს ზოგიერთი ბავშვი ექსკურსიაზე წასვლას და ამით ხომ არ ირღვევა თანასწორობის პრინციპი?

როგორია ექსკურსიის შემოქმედებითი მხარე? ექსკურსიისთვის მზადება სასწავლო პროცესის ნაწილია, მოსწავლეს ნათელი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს იმაზე, თუ სად მიდის, რას ნახავს და რით არის გამორჩეული საექსკურსიო ადგილი. ასეთ შემთხვევაში ექსკურსიაც შთამბეჭდავი, შთამაგონებელი და სამახსოვრო გამოვა. თუმცა, ექსკურსიების უმეტესობა, სადაც ჩემს შვილებთან ერთად ვყოფილვარ, არ ყოფილა ისე დაგეგმილი, რომ ბავშვებისთვის სიახლე ყოფილიყო და რაიმე ახალი და ღირებული ცოდნა მიეღოთ. ბავშვები მოინახულებენ რომელიმე კულტურულ ძეგლს, დაანთებენ სანთელს და სულ ეს არის – შემდეგ კი იწყება მზადება მოსწავლეების დასაპურებლად. ერთ-ერთ ექსკურსიაზე, ერთ-ერთ მონასტერში ყოფნის დროს, ჩემი შვილის თანაკლასელი წუხდა, – „აღარ მინდა ამდენი „ძვლების“ დათვალიერებაო“. რთული მოსასმენი სიმართლე იყო. ბავშვების დაინტერესება რთულია, თუმცა ბავშვებს ზოგჯერ მოსაწყენი და მათთვის უინტერესო თემების გაგებაც შეუძლიათ, თუ მათ საინტერესო ფორმით მივაწვდით და ამაზე კარგად ვიმუშავებთ.

როგორი უნდა იყოს კარგი სასკოლო ექსკურსია?

კარგი სასკოლო ექსკურსია უნდა იყოს განათლებაზე და შემეცნებაზე ორიენტირებული, მაგრამ ამავდროულად უნდა იყოს ბავშვებისთვის საინტერესო და ინტერაქციული. კარგ ექსკურსიას უნდა ჰქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული მიზანი – მაგალითად, ისტორიული ძეგლების გაცნობა, ბუნებაზე დაკვირვება, მუზეუმში ვიზიტი ან კონკრეტული თემის პრაქტიკულად შესწავლა.

კარგ ექსკურსიაზე ბავშვებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, იყვნენ არა მხოლოდ მსმენელები, არამედ პროცესში ჩართული აქტიური მონაწილეებიც, – სვამდნენ კითხვებს, იღებდნენ მონაწილეობას აქტივობებში და აზროვნებდნენ კრიტიკულად.

როგორ უნდა იყოს მომზადებული ექსკურსია?

ექსკურსია უნდა იყოს სათანადოდ ორგანიზებული და უსაფრთხო – წინასწარ შეთანხმებული გეგმით, ტრანსპორტით, კვებითა და სამედიცინო მზაობით.

თუ ექსკურსიის შემოქმედებითი და ორგანიზაციული მხარე არ არის კარგად დაგეგმილი, ის შეიძლება ბავშვისთვის მოსაწყენი, უინტერესო და სახიფათოც კი გამოდგეს. მაგალითად, თუ საექსკურსიო ადგილი არ შეესაბამება ბავშვების ინტერესებს, მათი ასაკობრივი ჯგუფის გამოწვევებსა და საჭიროებებს, ან არ არსებობს გეგმა და ზედამხედველობა ბავშვების სახლებში უვნებლად დაბრუნებისთვის, მაშინ ექსკურსია კარგავს საგანმანათლებლო მნიშვნელობას და ბავშვების საერთო გამოცდილებაც შეიძლება დაზარალდეს.

ექსკურსიის დაგეგმვისას, უმნიშვნელოვანესია ვიხელმძღვანელოთ სოციალური თანასწორობის პრინციპით და დავფიქრდეთ იმაზეც, იქნება თუ არა საექსკურსიო ხარჯი ყველა ბავშვის ოჯახისთვის ხელმისაწვდომი. მნიშვნელოვანია, ექსკურსიაში მონაწილეობა შეძლოს ყველა ბავშვმა, რათა არ დაირღვეს სოციალური თანასწორობა, არ გახდეს ექსკურსია მშობლებისთვის ზედმეტი ფინანსური ტვირთი და არ გააღრმაოს სოციალური უთანასწორობა.

რა არის სასკოლო ექსკურსიის მიზანი?

სასკოლო ექსკურსიის ძირითადი მიზანი ბავშვების შემოქმედებითი განვითარება, პრაქტიკული ცოდნის მიღება და არაფორმალურ გარემოში სოციალური უნარების განმტკიცება და მუშაობაა. საკლასო ოთახის გარეთ ბავშვები უფრო მხიარული, ლაღი, კომუნიკაბელური ხდებიან და ცდილობენ, უფრო თავდაჯერებულად გამოხატონ საკუთარი თავი და შესაძლებლობები. არაფორმალურ გარემოში კლასთან, თანატოლებთან მოსწავლე ცდილობს, საკუთარი ინდივიდუალურობაც გამოხატოს და ასევე გაუჩნდეს მიკუთვნებულობის განცდა საკუთარ ჯგუფთან. ექსკურსიები ბავშვის ემოციურ განვითარებაზეც დადებითად მოქმედებს – ახალი მეგობრების გაჩენა, გუნდურობის განცდა, საკუთარი თავის აღმოჩენა – კარგ ექსკურსიაზე მოსწავლე აუცილებლად იპოვის მისთვის სასიხარულო მხარეს და კმაყოფილიც დაბრუნდება სახლში.

როგორ იგეგმება სასკოლო ექსკურსია?

სასკოლო ექსკურსიის დაგეგმვა რამდენიმე რგოლის მონაწილეობით ხორციელდება. მასწავლებელი, მშობელი და ადმინისტრაცია თანხმდებიან ექსკურსიის დაგეგმვაზე და ათანხმებენ ექსკურსიის ისეთ ასპექტებს, როგორებიცაა:

  • საგანმანათლებლო მიზნის განსაზღვრა – რა უნდა ისწავლონ ბავშვებმა ექსკურსიის დროს;
  • ადგილმდებარეობის სწორად შერჩევა – ასაკთან შესაბამისი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ადგილი;
  • ფინანსური საკითხების გათვალისწინება – ექსკურსია არ უნდა გამორიცხავდეს იმ ბავშვებს, ვისაც შესაძლოა ნაკლები ფინანსური რესურსი ჰქონდეთ. სკოლამ უნდა იზრუნოს თანასწორობაზე;
  • ლოჯისტიკა და უსაფრთხოება – ტრანსპორტი, კვება, სამედიცინო დახმარების შესაძლებლობა.

ყველას, ვინც ექსკურსიებს გეგმავს, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოს, რომ ექსკურსია არ იყოს პრივილეგირებული ღონისძიება მხოლოდ ფინანსურად უზრუნველყოფილი ოჯახებისთვის და კლასის თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა მონაწილეობისთვის, კვლევისთვის და სასიამოვნო შთაბეჭდილებებისთვის და თითოეულ ბავშვს ჰქონდეს განცდა, რომ ეს გამოცდილება მისთვისაც არის და ისიც იმსახურებს სასიამოვნო მოგონებებს.

ჩემთვის კარგი ექსკურსია ისეთია, სადაც ყველა მოსწავლეს შეუძლია წასვლა და ის არ უკავშირდება ისეთ ხარჯებს, სადაც შეიძლება რომელიმე ბავშვი ამის გამო გამოაკლდეს და დაიჩაგროს. ექსკურსია შეიძლება იყოს მცირე ბიუჯეტით ორგანიზებული, მაგრამ საინტერესოდ მოფიქრებული მარშრუტით, მკაფიო გეგმით და ისეთი მენიუთი, რომელიც შეიძლება ბავშვების ოჯახებისთვის არ იქცეს ტვირთად. არაერთხელ გვინახავს ექსკურსიაზე წაღებული საკვები როგორ რჩება აუთვისებელი მაშინ, როდესაც სკოლებში ბავშვების უმეტესობა პირდაპირი მნიშვნელობით მშიერია და ბევრ მოსწავლეს არ აქვს თანხა იმისთვის, რომ ბუფეტში საკვები შეიძინოს. რესტორნის დაჯავშნა, მწვადების შეწვა და ბუნებაში ქეიფი, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ბევრ ოჯახს ჩვენს ქვეყანაში დღეს ამის შესაძლებლობა არ აქვს. შეიძლება ვინმეს ჰქონდეს ამის საწინააღმდეგო არგუმენტი, რომ ჩვენი შვილების „ერთი დღისთვის ყველაფერი უნდა გავიმეტოთ“, თუმცა, თავიდანვე ვიტყვი მცდარი არგუმენტი იქნება, რადგან ბავშვებს არა ერთჯერადად და არა წელიწადში ერთხელ, არამედ ხანგრძლივად სჭირდებათ ზრუნვა, მრავალფეროვანი კვება და უსაფრთხოება.

ვფიქრობ, ამ საკითხებზე მასწავლებლებმაც და მშობლებმაც თანაბრად უნდა ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ, რადგან ყველა ბავშვი იმსახურებს თანასწორ გარემოში ცხოვრებას, თანაბარ შესაძლებლობებს და თანაბარ სიკეთეებს.

 

 

 

 

 

 

 

Tabula rasa – ანუ „სუფთა დაფა“

0

(ფილოსოფია ცნობიერებაზე და გიორგი ბაქანიძის „ორმოცი დღე და ორმოცი ღამე“)

ეს ლათინური სიტყვათშეთანხმება ინგლისელმა ფილოსოფოსმა, ჯონ ლოკმა, გამოიყენა, როცა მას ადამიანის ცნობიერება შეადარა, რომელზეც გარშემო მომდინარე მოვლენები აღიბეჭდება… რა არის ადამიანის ცნობიერება? ეს ის ფენომენია, რომლითაც ადამიანი განსხვავდება, გამოირჩევა და აღმატებულია სხვა ცოცხალი არსებებზე. ცნობიერებისგანაა შემეცნების უნარები და ცოდნის მოპოვება-დაგროვება. მხოლოდ ცნობიერებაა ცოდნის მატარებელი, თუ სხვა ფენომენებიც? მაგალითად, ქვეცნობიერის დღემდე ბოლომდე შეუსწავლელი სფერო. ქვეცნობიერი ძევს ცნობიერების სიღრმეში და ზემოქმედებს ამ უკანასკნელზე. არის ცოდნა და არის „ცოდნა“, ინტუიციური სიბრძნე. ცოდნა ყოველთვის ცხადი არა, ანუ „თვალწინ არ გვიდგას“. მაგალითად, ბავშვობის თავგადასავლები, წარსული ცხოვრების ყველა წუთი როდი გვახსოვს თვალნათლივ, თუმცა ეს „სადღაც“, ქვეცნობიერის „ყულაბაში“ გადანახული ამბები წამსვე ამოტივტივდება, როცა რაიმე წინაპირობა ან მაპროვოცირებელი მოხდება… ხოლო ინტუიციური „ცოდნა-კოდები“, ღვთსგანაა ჩადებული ჩვენში და ამის მიზეზი შეიძლება სულაც არ იყოს მაღალი ინტელექტი, — ბუნების ინტელექტიც კმარა – მაგალითად, ძროხა ყოველთვის უშეცდომოდ აგნებს თავისთვის სამკურნალო ბალახს, თუმცა მან არ იცის მედიცინა, მაგრამ „იცის“ საშველი თავისი წყლულებისა…

ჯონ ლოკისთვის ადამიანის ცნობიერება სუფთა, დაუწერელი დაფაა, რომელზეც აღიბეჭდება ინფორმაციები, ცნობიერების მიღმა რომ ხდება. ლოკის ეს თვალსაზრისი უპირისპირდება ე.წ. თანშობილი იდეების თეორიას, რომლის მიხედვითაც, ჩვენს ცნობიერებას თან დაჰყვება იდეები და ცოდნა, რომლებიც სხვა არაფერია, თუ არა მოგონება. ცოდნა, როგორც მოგონება, პირველად პლატონთან გვხვდება. პლატონი თვლიდა, რომ ადამიანის უკვდავ სულს თან ახლავს ცოდნა, რომელიც მიძინებულია და სათანადო ვარჯიშის შემდეგ მოგვაგონდება.

მოდი, ნუ ჩავუღრმავდებით იმის გარკვევას, რომელი ცდებოდა – პლატონი თუ ლოკი; ეს საკითხი შესწავლის საგანია, ცხადია. და როცა ცნობიერებაზე ვსაუბრობთ, მთავარი იმის გარკვევაა, რა გზებით იღებს ის (ცნობიერება) ცოდნას. ფილოსოფოსთა ერთი ნაწილის აზრით, ცოდნის მთავარი წყაროა ჩვენი შეგრძნებები (სმენა, გემო, მხედველობა, შეხება, ყნოსვა). ეს არისო შემეცნების (ცოდნის შეთვისების) პირველი საფეხური. ამ კონცეფციის გამზიარებლებს ემპირიკოსები ეწოდებოდათ, რადგან შეგრძნებებით მიღებული ცოდნა მოცემულია ემპირიულში, ცდაში. ფილოსოფოსთა მეორე ნაწილი ცოდნის მიღების მთავარ გზად გონებას მიიჩნევდა, ანუ ინტელექტს და მათ რაციონალისტები (რაციო – გონება) ეწოდებათ, ხოლო მათ გზას – რაციონალური საფეხური.

უპრიანი იქნება, ვთქვათ, ზემოთქმულიდან გამომდინარეც, რომ შემეცნების პროცესში ცოდნის დაუფლებისთვის სწორედ ამ ორი საფეხურის თანაფარდობაა მისაღები თუ საჭირო და არის კიდევ ერთი აზრი, რომელიც ყველაზე სწორი უნდა იყოს; – ცოდნის მოპოვება აზროვნების გარეშე შეუძლებელია. მოდი და ვთქვათ აზროვნებაზეც…

Cogito ergo sum! – ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ! ეს გამოთქმა პირველად დიდმა ფრანგმა სწავლულმა, ფილოსოფოსმა და მეცნიერმა, რენე დეკარტმა, იხმარა… ახლა კი გავარკვიოთ, რა არის აზროვნება. ეს უკანასკნელი აანალიზებს შეგრძნებების გზით მიღებულ მასალებს და მათში ადგენს ისეთ კავშირებს, რომლებიც უშუალოდ შეგრძნებებში არის მოცემული.

აზროვნების ამოცანაა არა მხოლოდ სინამდვილის შემეცნება, არამედ ჭეშმარიტების დადგენაც. როგორ მიიღწევა ეს? სწორი დასკვნისთვის ლოგიკური მსჯელობაა საჭირო; ხოლო სწორ დასკვნებს წარმოშობს სწორი აზროვნება. სწორ აზროვნებას კი ლოგიკა შეისწავლის. ლოგიკას, როგორც მეცნიერების დარგს, ანტიკური დროის ბერძენმა ფილოსოფოსმა, არისტოტელემ ჩაუყარა საფუძველი.

მოდი, ახლა ისევ პირველ და მთავარ სიტყვას დავუბრუნდეთ. რაში დასჭირდა დეკარტს Cogito ergo sum-ის შემოტანა? იყო ასეთი ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი ნეტარი ავგუსტინე, რომელმაც აზროვნების ისტორიაში პირველმა დააყენა საკითხი იმის შესახებ, რომ ყველაფერში შეიძლება შეიტანო ეჭვი, გარდა ერთისა – რომ ეჭვის შემტანი მართლა არსებობს. აქედან გამომდინარე, ავგუსტინეს აზრით, ვინც ეჭვობს, ის ფლობს კიდეც ჭეშმარიტებას და სწორედ ამის გამო ეჭვობს. დეკარტს რაც შეეხება, იგი თვლიდა, რომ ერთადერთი მეცნიერება მათემატიკაა, რომლის დებულებები საეჭვო არ არის; ფილოსოფიური დებულებებზე ამას ვერ ვიტყვით. ხოლო დებულება: „ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ!“ ჰგავს გეომეტრიულ აქსიომას, რომელშიც ეჭვს ვერ შეიტან და აქედან უნდა აიგოს ცოდნაც…

ფილოსოფიიდან ლიტერატურაზე გადმოვინაცვლოთ, რომელიც ისეთივე დამკვირვებელი და შემფასებელია ცხოვრებისა, როგორიც ფილოსოფია. ვნახოთ, აბა, რა დასკვნებს გვთავაზობს გიორგი ბაქანიძე ამასთან დაკავშირებით თავის რჩეულ მოთხრობაში „ორმოცი დღე და ორმოცი ღამე“, რომელიც პატარა ბიჭუნაზეა და იმაზე, როგორ იჭრება ცხოვრება, მთელი თავისი სიხისტით, მის „თოთო“, უმანკო, დაუბინძურებელ ცნობიერებაში, როგორ უყალიბებს და უუხეშებს აზროვნებას, ასვამს დაღს…

მოთხრობაში სიტყვების საკრალიზაციაცაა – ბიჭს იობის ჰქვია და მისი თავგადასავალიც აღძრავს ბიბლიური იობის ასოციაციას; და ციფრებისაც: 40 არაა ჩვეულებრივი ციფრი – მოსემ 40 წელი ატარა უდაბნოში ებრაელთა მოდგმა, სანამ ერში თავისუფალი სული, თაობა, დაიბადებოდა; ქრისტემ 40 დღე გაატარა უდაბნოში, როცა მას ეშმაკი ცდიდა; 40 დღის შემდეგ იმკვიდრებს ადგილს მიცვალებულის სული იმქვეყნად. მოთხრობაში იობის დედა ახალი გარდაცვლილია; ბიჭს არც მამა ჰყავს გვერდით, რადგან მშობლები გაყრილები იყვნენ და მამას ბათუმში სხვა ოჯახი ჰყავს. თავგზააბნეული, ბიძა-ბიცოლას მეურვეობის ქვეშ მყოფი, ბიჭიც, უმძიმესი ცხოვრებისეული გამოცდილების შემდეგ მამასთან გადაწყვეტს გაპარვას. სიუჟეტი, მოქმედება ორთქლმავალშიც მიმდინარეობს, რომელიც, სავარაუდოდ, წუთისოფლის სიმბოლოა. მაგრამ ეს დაუსრულებელი მგზავრობა არ მთავრდება კარგად და ბიჭის ქედზეც სიცოცხლის ტვირთი ძალიან, აუტანლად მძიმდება.

განზოგადება ბიბლიურ-ფილოსოფიურია, თუმცა სოციალური კონტექსტი და მძიმე საბჭოთა პერიოდი არ რჩება ყურადღების მიღმა, „დახუნძლული“ ადამიანი-მსხვერპლებით, რომლებსაც ბიჭიც ემატება. მიუხედავად ტროპული მეტყველების დიდი ოსტატურებით გადმოცემული სინამდვილისა („ჩაჟალტამებულ ველზე იწვა შუაღამე; მდოგვისფერ ცაზე ბრდღვიალებს ყვითლად გაშხეფილი მზე; გაყურსულიყო ღამენასვამი ველი;“), მკითხველს გულს უმძიმებს ბავშვის სიმარტოვე და მიუსაფრობა, მისი ასაკისთვის უჩვეულო პრობლემები.

ნაწარმოებში რეალობის გადმოცემის ერთ-ერთი მეთოდი „ცნობიერების ნაკადია“; და ასე, სიზმრის ამორფულობაში, ბიჭის შიშით აღგზნებულ გონებაში ამოტივტივებული მოგონებებით, შეგრძნებების ორიგინალურობით იქმნება ცხოვრების ისეთი ალოგიკური ლოგიკურობა, ობობას ქსელივით ერთმანეთთან დაუკავშირებელი მოვლენების ურთიერთობა, როგორიც სიურრეალისტურ ფილმებშია; მოთხრობაშიც ფილმის კადრებივითაა თუნდაც ჩქარი სიარულის ასოციაცია ბიჭის ერთ-ერთ მოგონებაში, ვაგონში ძილ-ღვიძილის დროს (როცა იობი ბებიამ პირველად წაიყვანა მამასთან): „ლაწალუწით გამორბოდა ხე… სხვა ხე მოვარდებოდა – ისევ წამოფრთხიალდებოდნენ ოქროსფერი ჩიტები, ისევ გადაიკარგებოდნენ… გუნდი და გუნდი ფრენდა ხიდან ხემდე, ხიდან ხემდე… მერე პალმებით გახასხასებულ ციცქნა ეზოში იყვნენ ყველანი“ (394).

ხან გრძნობს კაცი, რომ სამყარო იბზარება და ირღვევა, ხანაც ის ნამის ერთ წვეთში შეიკვრება მწერლის მადლიანი კალმით გადმოცემული თვალწარმტაცი მშვენიერებით: „ძირს, დაბინდული დაბლობის გულში, ცხროიანივით ცახცახებს დაყურულ ბალახზე მჯდომი ნამის ბურთულა, შეპყრობილივით შესციცინებს მთვარის მჩხიბავ თვალს…“ (397); – ეს ბურთულა ისეთივე დაუცველია, მყიფე, როგორც სული პატარა იობისა, რომელსაც ორთქლმავლის ვაგონში გუშაგი დაიჭერს („შეგვიკლა ამ ლაწირაკის დევნამ!“; „ჰმ…დედის რძე არ შეშრობია პირზე“); ავისმომაწავებელია ეს თავდაუზოგავი სწრაფვა ბათუმისკენ, მამის სამყოფელისკენ:

  • „იქ, რა, ფლავს არიგებენ?
  • მამაჩემი ცხოვრობს იქ.
  • დედა?…
  • მომიკვდა!
  • ჰო“ (400-401).

მიდის იობი ბათუმში. მლესაობა იცის ცემენტით, მაგრამ გაჯით უჭირს – პატარაა ჯერ. მიდის მამასთან, რომ სექტემბერში საღამოს სკოლაში შევიდეს. „დატუქსული ლეკვივით მოიკუნტა, თვალები აახამხამა“ – ეს შედარება შემთხვევითი არაა. ბიჭი, ფაქტობრივად, უპატრონოა, არავინაა მისი შემფარებელი. ერთ-ერთი მოგონება მისი ცნობიერების ნაკადში დედის დაკრძალვის დღეა: „ქვეყანამ დღეს მოიცალა იობისთვის, ყველა ეფერებოდა, ყველა ჰკვირობდა მის დიდბიჭობას, მის სილამაზეს. ახლა ყველა წასულა… წამოვარდა იობი, კარებს ეცა: ცარიელია მოთალხული ტახტი, არავინაა. აივანზე გაიჭრა: აღმართებს შესდგომია შავი ბრბო, გადახრილა მკბენარა მზეი, გადატრიალებულა ქვეყანა, კაციშვილი არ დარჩენილა იობის ღვიძლი, მისი მოყვასი, მისი მომფერებელი. აბღავლდა იობი, გაიჭრა…“ (408). ასე ამარგინალებს განსაცდელში მყოფ ადამიანს კაცთა მოდგმა, რომელსაც წარმატებულები, ძლიერები და „გაბრდღვიალებულები“ უყვარს და მოსწონს; და არა იობისნაირები.

მარტოსული, ერთ დროს პოეტი, იდეალისტი ბიჭის სულში ხან ღმერთი ენთება ლამაზი მიმოზის შემოგაზაფხულებად, ხანაც ჯოჯოხეთი ღვივდება; სატანაც, თითქოს, „ცა და მიწა დაიძრა, მოგდევს, ვიცი კლანჭებით ჩაგფრენია კისერში“.

ნაწარმოების ფინალი მძიმეა: „წავა მატარებელი (ცხოვრება – მ.ი.) და იობიც წაიღებს ამ ჩაბნელებულ ბაქანს, ამ ცას, ამ მიწას, ამ ღამეს…“. წუთისოფლის უმძიმეს ლოდად, რადგან ვერ იიობა, ვერ დაძლია ეშმაკი; სულში, ბავშვის სულში სინათლე ჩაქრა. არადა, იყო იქ იშვიათი ნათელი:

„ვინ გამაცოცხლა?“.

„მე!“ – დარეკა იობის გულმა.

ნაზი, ნათელი ხარება შემოადგა იობს ნელ-ნელა. ტკივილიანმა ნაღველმა მოუსალბუნა ამაოდ“ (405-406).

მაგრამ „ღრმა, ბნელი სამალავიდან ამოვიდა ეშმაკეული, უჩუმრად დადგა მის უკან… ჭაობის მწვანე სიცივე ააცოცდა იობს ბეჭებზე, ვიღაცამ ერთ წამში დაითვალა მისი კანის ყველა ბუსუსი, შეახო გაყინული ხელი…“ (406).

…და მე, ვინც ხარება დღეს ვწერ ამ წერილს, ვკითხულობ რიტორიკულად, პასუხგაუცემლად, „ხმად მღაღადებლისად“: რა ეშველება ამ ბიჭს? უამრავ ტვირთმძიმეს ამ ქვეყანაში? ადამიანია თუ ცხოველი, რომლებიც ჯავრისთვის, გვემისთვისა და დაუმსახურებელი უსამართლობების გამო ბალღამითა თუ ბრაზით ავსებული გულისთვის გაიმეტა სამყარომ? გაცოცხლდება, განა, მათი „მკვდარი“ გულები?

ყველას როდი შეუძლია ტრაგიზმით მხიარულება.

სიცოცხლის, ღვთის ნაღები სიხარული შემოსდგომოდეს, გაცოცხლებულიყოს, ენათოს ტანჯულთა გულებში, დიდია თუ პატარაა…

 

ციტატები წიგნიდან „მე-20 საუკუნის ქართული მოთხრობის ანთოლოგია“; გია ქარჩხაძის გამომცემლობა; 2007 წ.

 

 

 

ადამიანების სამყოფელი „ედემის აღმოსავლეთით“

0

დიდი ტექსტი დიდი სამყაროა. რომანი სიტყვებით ნაშენებ რეალობას ჰგავს და ავტორები იქ შეგვიძღვებიან ხოლმე, ამ თავიანთ სამყაროებში.

ჯონ სტაინბეკის „ედემის აღმოსავლეთით“ დიდი და დიდებული რომანია.

ქართულად თარგმნილი[1] 800 გვერდია და კითხვისას ფურცელ-ფურცელ, ნაბიჯ-ნაბიჯ ვეცნობით ადამიანს.

წიგნი ადამიანებზეა.

ადამიანთა შორის ურთიერთობაზე, ამბივალენტური გრძნობების გაშინაგანებაზე – როგორ შეიძლება იგრძნო ერთდროულად ორი ურთიერთსაპირისპირო განცდა. წიგნი ჩვენთვის ასე ნაცნობ განტოლებაზეც თავის პასუხს გვცემს – მარტო წვრთნა უშველის, თუ ბუნება, გენეტიკა, თანდაყოლილი და ჩაკირული სქემებია ადამიანი?

წიგნი სიკეთესა და ბოროტებაზე, გამარჯვებასა და დამარცხებაზე, სიცოცხლესა და სიკვდილზეცაა. სტაინბეკმა ყველა მთავარ საფიქრალს მოუყარა თითქოს თავი, შექმნა ტექსტის კალაპოტი და მდინარედ აქცია, სალინასივით დაუდგრომელ, ბობოქარ, მშვენიერ, თვალწარმტაც მდინარედ.

ამ წიგნში ვეცნობით მსოფლიო მონსტრებისა და ურჩხულების, არაადამიანებისა და უგულოების გალერეაში ერთ-ერთ გამოსაჩენ ადგილს რომ იკავებს, ისეთ ურჩხულს, ქეთი ეიმსს და ამავე წიგნშია მარადიული განთიადივით მშვენიერი ადამიანი, ვისი აზრებიც მერცხლებივით მსუბუქად და ლამაზად ფრენენ, ვინც აკეთილშობილებს ყველასა და ყველაფერს მის ირგვლივ.

საშუალო საფეხურზე ერთი ზაფხული ჯონ სტაინბეკის ზაფხულად შეიძლება გამოცხადდეს. მაგალითად, მე-11 კლასში თუ მოსწავლეები საზაფხულო არდადეგებს სტაინბეკის ქართულად ნათარგმნ (ან, თუ ენის ცოდნა ხელს აძლევთ, ორიგინალში, ინგლისურად) წიგნებს წაიკითხავენ, დაუგროვდებათ საფიქრალი, სათქმელი, უამრავი არაჩვეულებრივი პერსონაჟით, გმირით შეივსება მათი არსენალი, გული სითბოთი აევსებათ და თვალები, ზოგჯერ, ცრემლებით, მაგრამ სტაინბეკი ის ავტორია, რომელსაც კაცობრიობის სჯერა, სწამს, ადამიანს ხედავს და აღიარებს, იღებს მას ყველანაირ გამოვლინებაში და დარწმუნებულია სიკეთის გამარჯვებაში. ის მაწანწალების, ავაზაკების, ჩათლახების, სუტენიორების, ნაბიჭვრების, ყველანაირი ჯურის ხალხის ქომაგია. მისი მაწანწალები ყველაზე ღირსეული და ღვთისნიერი მაწანწალები არიან. სოციალურ ფსკერზე ბედისწერის განგებით გადასროლილ ადამიანებში ყოველთვის პოულობს ღირსებას, ადამიანურობას. ეს კი ისე ძალიან გვჭირდება ხოლმე სულის სალბუნად, მძიმე ჟამს იმავ სულის მოსათქმელად.

„ედემის აღმოსავლეთით“ ცოტა ხნით ჩასახლება ჩვენთვის, მასწავლებლებისთვის, აღმზრდელებისთვის ბევრის მომცემია. წიგნში ბავშვებსა და აღზრდაზე ბევრია ნათქვამი. ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟის, ჩინელი ლის აღზრდის პრინციპებით კი პედაგოგიკის ქრესტომათია შეიძლება შეიქმნას. 

ლის აღზრდის პრინციპები

  1. თავისუფლება კონტროლის ნაცვლად. ეს ნიშნავს, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს უფლება, დაუშვას შეცდომები. შეცდომების გათავისება, შედეგების წვნევა, დასკვნების დამოუკიდებლად გაკეთება მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გაკვეთილებია. მშობლის (აღმზრდელის) დიდაქტიკა და დიქტატი ამ გამოცდილების სიკეთეს ვერ ჩაანაცვლებს. ტრასკების ტყუპებს ის ამ პრინციპით ზრდის. ქეილისთან ურთიერთობისას ეს განსაკუთრებით ნათლად ვლინდება. ფულის დაწვის ეპიზოდში ქეილი ელის, რომ ლი მას ხელიდან წაგლეჯს ასანთს, ქოქოლას დააყრის, გაუბრაზდება, შეეცდება შეჩერებას ან ჭკუას ასწავლის. ლი „გააწბილებს“ მას და საბოლოოდ „იმარჯვებს“, რადგან ქეილის შინაგანი ხმა, მისი სინდისი და სინდისის ქენჯნა მეტს ასწავლის, ვიდრე ყველაზე ბრძენი ადამიანის დარიგებებს შეეძლო ესწავლებინა.
  2. მორალი არჩევითია და ადამიანს შესწევს უნარი, გააკეთოს სწორი არჩევანი, გარემო პირობების მიუხედავად. ამაში მას დახმარება სჭირდება. ლი დარწმუნებულია, რომ ადამიანი ყოველთვის სიმართლისა და სიკეთის მხარეს იქნება, თუკი მას ერთხელ მაინც დაანახვეს, რომ ენდობიან. არცერთ მოზარდს არ ანიჭებს ბედნიერებასა და სიამოვნებას დესტრუქცია, არ არსებობს ბავშვი, რომელიც „ტკბება ცუდი საქციელით“ და ილტვის რაც შეიძლება მკაცრი სასჯელის მისაღებად. უბრალოდ, სხვადასხვა მიზეზის გამო ადამიანს შეიძლება ჩამოუყალიბდეს დასწავლილი ქცევა, რომელიც დამანგრეველია მისთვისაც და გარშემომყოფებისთვისაც.
  • მე ის იმიტომ მძულს, რომ კარგად მესმის მისი, მას ჩემს თავში ვხედავ“ – ამბობს ქეილი დედამისზე, ქალზე, რომელსაც სტაინბეკიც კი ურჩხულს უწოდებს (არადა, ზევით ვთქვი, ამ მწერალს აქვს გამაოგნებელი უნარი, ეძებოს და იპოვოს სინათლე ყველა ადამიანში, ოღონდ არა ქეთი ეიმსში. მის შემოყვანამდე მწერალი მთელ წინასიტყვაობას სთავაზობს მკითხველს, შემდეგ კი იმასაც თვალსაჩინოდ აჩვენებს, რა შეცდომებს უშვებენ ქეთის აღზრდისას მშობლები და როგორ ყალიბდება ამ ურჩხულად უმშვენიერესი, ანგელოზისსახიანი გოგონა).
  • ახლავე გაჩუმდი! – წამოხტა ლი, – ასეთი სისულელეები აღარ გამაგონო, გესმის? რა თქმა უნდა, სრულიად შესაძლებელია, რომ შენშიც იყოს ცუდი, ყველა ადამიანშია უარყოფითი მხარეები. ასწიე თავი! თვალებში შემომხედე!…
  • …რა გინდა?
  • შენში კარგიც არის, გაიგე?! შემომხედე-მეთქი, რომ გელაპარაკები! ასე რომ არ იყოს, ახლა ასეთი დაღონებული არ იქნებოდი. არ გაბედო იოლი გზის არჩევა. ძალიან ადვილია ყველაფრის მემკვიდრეობისთვის გადაბრალება. აღარ გამაგონო ასეთი სისულელეები! ყურადღებით მისმინე: ყველაფერი, რასაც შენ გააკეთებ, შენი ბრალი იქნება და არა დედაშენის!
  • შენ ამის გჯერა?
  • მჯერა და გირჩევ, შენც დაიჯერო, თორემ ტყავს გაგაძრობ, იცოდე!

ქეილი რომ ოთახიდან გავიდა, ლი ისევ სავარძელში ჩაეშვა. „სად ჯანდაბაში წავიდა ჩემი აღმოსავლური თავშეკავება? – გაიფიქრა მან.

საინტერესოა, რომ აღმოსავლური თავშეკავება ლის მხოლოდ მაშინ „ღალატობს“ ხოლმე, როდესაც ბიჭები, მისი აღზრდილი ტყუპები, საკუთარ თავში დაურწმუნებელნი და დესტრუქციულნი ხდებიან. ამ დროს მასში უპირობო მხარდამჭერი, გზამკვლევი და აღმზრდელი იღვიძებს ხოლმე.

  1. აღმზრდელი ბავშვისთვის უფროსი მეგზურია, გზას უკვალავს ცხოვრების სავალ გზებზე, ის არაა დიქტატორი, მოკარნახე, იძულების მექანიზმი ახალგაზრდასთან არ ჭრის და მოთმინება და მოსმენა, საუბრები ყველაფერზე, გულახდილობა, გულწრფელობა ლის მთავარი სამარჯვებია. სხვა ყველა გზა ჩიხში მიდის. ულმობელი სიმართლე და შიშველი გულწრფელობა, როცა ადამიანი ამ სიმართლის მისაღებად მზადაა, უკეთესია, ვიდრე დაშაქრული ტყუილი, ილუზია.

– ნეტა შეიძლებოდეს, რომ ბიჭებს სიმართლე გაუმხილოთ.

– ჰო, მაგრამ არ მინდა, რომ დედაზე ცუდი იფიქრონ.

– სხვა საფრთხეზე არასდროს გიფიქრიათ?

– რას გულისხმობ?

– თვითონ რომ შეიტყონ ყველაფერი? შეიძლება ვინმემ უთხრას.

– რას იზამ? რომ გაიზრდებიან, შეიძლება უფრო ადვილი იყოს მათთვის.

– არა მგონია, – თქვა ლიმ. – თუმცა ეს არ არის ყველაზე მთავარი საფრთხე.

– ვერ ვხვდები, რაზე ლაპარაკობ.

– ტყუილი მაღელვებს ყველაზე მეტად. სიცრუე ყველაფერს აფუჭებს. თუ ისინი ოდესმე შეიტყობენ, რომ ატყუებდით, სიმართლე დაზარალდება. ისინი თქვენ აღარასდროს დაგიჯერებენ.

და მერე ლი ჰყვება თავისი მშობლების ამბავს, რაც დამზაფრავად მძიმე, ტრაგიკული, არაადამიანური ტკივილის დამტევია. ლი ჰყვება ბოლომდე, დაუფარავად და ამ ამბის ფინალი ყველაზე მოულოდნელი რამაა, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო. ლის მშობლების ამბავზე მეორე ვეებერთელა და დიდებული რომანი იწერება მკითხველის წარმოსახვაში და სამუდამოდ რჩება იქ.

სტაინბეკმა ამ რომანისთვის ნობელის პრემია მიიღო. ნობელის პრემიის გადაცემისას ფორმულირებებია ხოლმე ძალიან საინტერესო. სტაინბეკისთვის განკუთვნილი ჯილდო ასეა სიტყვებით გადმოცემული: „რეალისტური და ამავდროულად, გასაოცარი წარმოსახვითი ქმნილებებისთვის, რომლებიც თბილი იუმორითა და სოციალური გამჭრიახობითაა განმსჭვალული“.

პირადად ჩემგან კი სტაინბეკს სამუდამოდ ეკუთვნის მადლობა და ადგილი გულსა და გონებაში ადამიანისა და ადამიანობის ასე დაფასებისთვის, წარმოჩენისთვის, თითოეულ მკითხველში ადამიანის შეღვიძებისთვის.

 

[1] რამაზ ხატიაშვილის თარგმანი, სულაკაურის გამომცემლობა, 2023წ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...