*
გუშინ გალაკტიონის დაბადების დღე იყო. ფეისბუქზე არ შემიხედავს (იშვიათად შევდივარ), მაგრამ დარწმუნებული ვარ, გადაიჭედებოდა ფეისბუქი მისი ლექსებით. უბრალო თუ ბრალიან მკითხველთა აბსოლუტურ უმეტესობას ყურმოკვრით თუ გაუგია, რომ გალაკტიონი ლექსის რეფორმატორია და ა. შ., სიღრმისეულად კი თითზე ჩამოსათვლელმა პროფესიონალებმა თუ იციან, რას ნიშნავს ეს. ქართული პოეზია სულ ოთხ პოეტურ რეფორმას იცნობს:
- რუსთაველისეული რეფორმა. რუსთაველმა პანტორითმებით დახუნძლულ-შებოჭილი შავთელური და ჩახრუხაული ლექსი მთლიანად უარყო, უარყო ასევე საერო პოეზიისთვის ნიშანდობლივი არქაული და მძიმე პოეტური მეტყველება, აიღო მანამდე, ცხადია, არსებული დაბალი და მაღალი შაირი და მათი შემთხვევითი მოდულაციებით გენიალური ბინარული სიმფონია შემოგვთავაზა, პარალელურად განახორციელა ენობრივი რეფორმა – მოახდინა პოეტური მეტყველების მაქსიმალური დემოკრატიზაცია. დიაქრონიული ლოგიკით შემდგომი საუკუნეების პოეტების შემოქმედება გაცილებით მარტივად გასაგები უნდა იყოს, მაგრამ პირიქითაა – მაგალითად, კლასიცისტი პოეტების (თუნდაც – ანტონ კათალიკოსის სკოლის) არქაული ენა სულისშემხუთველია, ხუთასი და ექვსასი წლით უფრო ადრინდელი რუსთველური ენა და სინტაქსი კი – გაცილებით უფრო გასაგები;
- გურამიშვილის რეფორმა. გურამიშვილმა ბოლო მოუღო რამდენიმესაუკუნოვან განუკითხავ დომინაციას რუსთაველისას, თვით რუსთველური შაირი შიდა რიტმული ვარიაციებით გაამდიდრა და თავისი ინტონაცია შესძინა, და მთავარი: თავისი უფროსი თანამოკალმეების (მამუკა ბარათაშვილის, ვახტანგ მეექვსის… ) ვერსიფიკაციული გამოცდილებით აღჭურვილმა, უამრავი ახალი საზომი შემოიტანა ქართულ პოეზიაში;
- ბარათაშვილის რეფორმა. ნიკოლოზ ბარათაშვილმა მანამდე უცხო (ჩვენში) ლირიკული ინტროსპექციის ფორმობრივი პროექცია-რეალიზაციისთვის რამდენიმე რეფორმატორული შტრიხი შეიტანა ქართულ ლექსში: რკალური რითმები, ანჟამბემანი და სტროფული ჰეტერომეტრია;
- გალაკტიონის რეფორმა. გალაკტიონი მიუბრუნდა კლასიცისტურ და, პირველ რიგში – გურამიშვილის, ვერსიფიკაციულ გამოცდილებას (იდეალურად იცნობდა კლასიცისტების პოეზიას), აითვისა და ათეულობით საკუთარი საზომით გადაახალისა გაუვალ ვერსიფიკაციულ ჩიხში შესული ქართული პოეზია.
*
ლექსმცოდნეობაში მიღებული შეხედულების თანახმად, დიდი პოეტები ორ ჯგუფად იყოფიან: რეფორმატორებად და ნოვატორებად. რეფორმატორი ის პოეტია, რომელიც ლექსწყობის რეფორმას ახორციელებს, რეფორმატორმა პოეტმა აპრიორი რაღაც სიახლე უნდა შესძინოს ლექსის მეტრულ-მატერიალურ მხარეს, სხვანაირად მისი რეფორმატორობა ნონსენსია. ხოლო, ნოვატორი პოეტი არის ის დიდი პოეტი, რომელიც ძველი, სხვების შემოტანილი მეტრული ინვენტარითა და ხერხებით ოპერირებს, თუმცა ეს საზომები საკუთარი ინტონაციური აკუსტიკით აქვს გამდიდრებული. ერთ თავის მონუმენტურ მონოგრაფიაში აკაკი ხინთიბიძეს რეფორმატორი და დიდი პოეტების მაგალითებად გურამიშვილი და ვაჟა მოჰყავს.
*
როგორც ვხედავთ, საქართველოს სულ ოთხი რეფორმატორი პოეტი ჰყავდა, ნოვატორი კი – არაერთი, ზოგი მათგანი დღესაც ცოცხალია. დიდი პოეტი თავისთავად ნიშნავს ნოვატორს, მაგრამ არა – რეფორმატორს. ეს დეტალიზაცია იმის სათქმელად დამჭირდა, რომ, რაღაცნაირად, უხერხულად მხვდება ხოლმე თვალში, როცა გალაკტიონს სხვა დიდი (ნოვატორი) პოეტების სიაში გარევენ ისე, ვითომდა არაფერი. მაგალითად, ტერენტი გრანელს, ჭეშმარიტად დიდ ნოვატორ პოეტს, ჩემზე დიდი მოყვარული (გალაკტიონზე ხშირადაც ვკითხულობ) მეეჭვება, ჰყავდეს, თუმცა გრანელის და გალაკტიონის შედარება, უბრალოდ (რბილად რომ ვთქვათ), არარელევანტურია. გალაკტიონის დამსახურება სერიოზულ რევიზირება-რედუცირებას მოითხოვს (ყალბი პარადიგმებით გაბრუებულნი ბევრ ისეთ რამეს მიაწერენ, რაშიც მას არანაირი „ბრალი“ არ მიუძღვის, და ეს რევიზირება ახალი თაობის ლექსმცოდნეების საქმეა), თუმცა რეალური, არაუტრირებული მასშტაბითაც, ცხადია, მეოცე საუკუნის სხვა ნებისმიერი პოეტის მასთან გათანაბრება, უბრალოდ, მკრეხელობაა.
*
საშუალო დონის ან, უბრალოდ, კარგმა ცალკეულმა პოეტმა შეიძლება, შემთხვევით ან გააზრებულად, რამდენიმე ახალი ფორმაც შემოიტანოს, მაგრამ პოეტურ რეფორმას სისტემურობა სჭირდება. ხშირად მსმენია: „ლექსი მარტო ფორმა ხომ არაა“. ან – „მე ფორმა სულ არ მაინტერესებს“ და ა. შ. (ამას ის ავტორები ამბობენ ხოლმე, რომელთა ფორმობრივი ლაბორატორია ინტონაციურ ინდივიდუალიზმს მოკლებული ერთიოდე ყბადაღებული მეტრით ან რიტმული სქემით შემოიფარგლება). არა, ლექსი მარტო ფორმა არაა, მაგრამ ლექსი პირველ რიგში ლექსწყობაა (ისევე, როგორც პროზაა – პროზაული წყობა, კინოა – გამოსახულება და ა. შ.), თორემ პოეზია შეიძლება, პროზაშიც იყოს და ზიდანის მიერ მკერდით ჩამოღებულ ბურთშიც. ლექსის რეფორმა პირველ რიგში ფორმობრივი რეფორმაა, რომელიც თავისთავად თემატურ რეფორმასაც (და ძველი და მარადახალი თემების ახლებურ გადამუშავებებს) გულისხმობს. არ არსებობს პრეცედენტი მსოფლიო პოეზიაში, რომ დიდმა პოეტმა ვერსიფიკაციული რეფორმა განახორციელა და ეს, აპრიორი, სააზროვნო-თემატურ რეფორმასაც არ გულისხმობდა, ორივე სრულიად გააზრებული, სიმულტანური პროცესია.


