ორშაბათი, ნოემბერი 3, 2025
3 ნოემბერი, ორშაბათი, 2025

სახალისო აქტივობები საგაკვეთილო პროცესში ჩართულობისა და დისციპლინის გასაძლიერებლად

0

სტატიის მიზანია, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს გაუზიაროს გამოცდილება, რომელიც თავად დავტესტე პირველ კლასში, და რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ გაიზარდოს მოსწავლეთა ჩართულობა და გაძლიერდეს პასუხისმგებლობის გრძნობა საკლასო პროცესში დაჯილდოების ბარათებისა და კამათლის გამოყენებით.

მოგეხსენებათ, დაწყებით საფეხურზე (განსაკუთრებით პირველ კლასში) ბავშვების მოტივაცია და ყურადღება ხშირად არასტაბილურია. ამ ასაკში აუცილებელია ისეთი მეთოდების დანერგვა, რომლებიც სასწავლო პროცესს სახალისოს, მრავალფეროვანსა და ინტერაქციულს გახდის. ერთ-ერთი ასეთი პრაქტიკული მიდგომაა დაჯილდოების ბარათების (reward cards) გამოყენება სწავლების პროცესში, რომელიც ზრდის არა მხოლოდ მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას, არამედ განამტკიცებს მათ პოზიტიურ ქცევას.

იხ. ნიმუში

  • როგორ მუშაობს დაჯილდოების ბარათების სისტემა?

დაჯილდოების ბარათები ითვალისწინებს მოსწავლეთა ინდივიდუალურ შეფასებასა და კონკრეტული მიღწევების აღნიშვნას. მოსწავლეები იღებენ ბარათებს წარმატებული ქცევისა და მიღწევის მიხედვით, მაგალითად:

  • აქტიურობისთვის;
  • თანაკლასელების დახმარებისათვის;
  • წესრიგის დაცვისთვის;
  • დავალების შესრულებისათვის.

ბარათზე 10 „ფანჩის“ (ჩანიშვნის) დაგროვების შემდეგ, ბავშვები იმსახურებენ სპეციალურ საჩუქრებს.

  • კრეატიული ელემენტი – კამათელი

კამათლის გაგორებას ბავშვები დიდი ინტერესით ელოდებიან. კამათლის გაგორების შემდეგ, მოსწავლე იღებს იმ ნომერ საჩუქარს, რომელიც კამათელზე ამოვიდა. საჩუქრებად შეგიძლიათ გამოიყენოთ:

  • სტიკერები
  • თემატური გასაფერადებლები
  • სერტიფიკატები
  • დამატებითი ჯილდოს ბარათები
  • „მასწავლებლის საჩუქარი“ – მოულოდნელი, საინტერესო სიურპრიზი, რომელსაც ბავშვები დიდი ინტერესით ელოდებიან.

 

  • რატომ მასწავლებელი თვითონ არ განსაზღვრავს, ვის რა საჩუქარი მისცეს და რატომ ანდობს ამ გადაწყვეტილებას კამათელს? ამით ადვილად აიცილებთ თავიდან უკმაყოფილებასა და კონფლიქტს ერთმანეთში.

  • საჩუქრების ხელმისაწვდომობა

საჩუქრების მომზადება ძალიან ბიუჯეტურად შეგიძლიათ:

  • ონლაინმაღაზიებიდან
  • შეგიძლიათ თავად შექმნათ უფასო პლატფორმებზე (მაგ, canva.com)
  • გამოიყენოთ Pinterest-ის მასალები
  • საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოთ მარტივი გრაფიკული პროგრამები, როგორიცაა paint.
  • დასკვნა

დაჯილდოების ბარათების გამოყენება დაწყებით საფეხურზე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია ბავშვთა მოტივაციის გასაზრდელად სწავლა-სწავლების პროცესში. ეს ხელს უწყობს არა მხოლოდ აკადემიური უნარების განვითარებას, არამედ პასუხისმგებლობის გრძნობის, სამართლიანი ქცევისა და თანაგრძნობის უნარის ჩამოყალიბებას.

P.S. სიმღერაც მოვიფიქრე კამათლის გაგორების პარალელურად სამღერი, რომელსაც ბავშვებთან ერთად ვმღეროდი. ინსპირაცია: row row row your boat.

Roll roll roll the dice

Gently on the desk,

Happily, happily, happily. happily

Let’s wait for what you’ll get.

 

რა ვისწავლო ფსიქოპათისგან…

0

 

რა შეგვიძლია ვისწავლოთ ფსიქოპათებისგან პედაგოგებს?

ყურადღების მისაქცევად დაწერილ იაფფასიან „კაუჭ“ წინადადებას ჰგავს ეს დასაწყისიც და სტატიის სათაურიც.

მაგრამ გამოცემა, რომლისთვისაც ვწერ, აკადემიურია და „სიყვითლეს“ არ იტანს. ამიტომ სასწრაფოდ გაცნობებთ, რომ ერთ საინტერესო წიგნს ვკითხულობ სწორედ ფსიქოპათებზე და იმდენ მნიშვნელოვან ცნობას ვეცნობი, იმდენ საინტერესო და საგულისხმო კვლევას გვიზიარებს ავტორი, ბრიტანელი ფსიქოლოგი კევინ დატონი, რომ აუცილებლად უნდა დავწერო ამაზე.

კევინ დატონი ფსიქოპათიის დიაგნოზის მკვლევარია. ის ოქსფორდის უნივერსიტეტის ანთროპოგენეზის კვლევით ცენტრში მუშაობს. ფსიქოპათების შესწავლა დაიწყო, რადგან, მისი თქმით, მამამისი ფსიქოპათი იყო. მომხიბვლელი, ქარიზმატული, უშიშარი, სასტიკი, შეუბრალებელი.

„პიროვნული მაგნეტიზმი და შენიღბვის ხელოვნება ფსიქოპათის „სოციალური პაკეტის“ უცილობელი შემადგენელია. ფსიქოპათს აქვს ის თვისებები, რომლებიც შეუცვლელია როგორც ვიწრო სპეციალობების მიმართულებით, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში“.

მკვლევრის მიდგომა და არჩევანი დასაფასებელია – მან აირჩია, ცხოვრების საკვლევ თემად, საკითხად ექცია ის, რაც სხვისთვის, შესაძლოა, ტრავმად და ტრაგედიად ქცეულიყო.

 

ეს პირველი საინტერესო გაკვეთილია ავტორისგან:

მეხსიერების წიაღში ტრავმატული გამოცდილებების ძიება, დიდხანს ამაზე ფიქრი, „ჩარჩენა“ იქ და მუდმივი წუხილი იმაზე, რომ რაღაც „გამოუსწორებელი“ მოხდა, რასაც ვეღარაფერი ეშველება – არჩევანია.

ამასთან, დასაფიქრებელია: თუ ზრდასრული ადამიანი  ახლა (აქ, აწმყოში) ადანაშაულებას რაღაცას/ვიღაცას, რაც/ვინც წარსულს ჩაბარდა და მის აწმყოში, ყოველდღიურობაში თავად არ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ კეთილდღეობაზე, რამდენად ჯანსაღია პროცესი? ვინაა პასუხისმგებელი ამჟამინდელ ჩვენს ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, მის გაუმჯობესებაზე? რა უნდა გაკეთდეს და როგორ იმისთვის, რომ დაიძლიოს ტრავმატული გამოცდილება? წარსულში გახანგრძლივებული არქეოლოგიური ძიებები ხშირად თავმოკრული ჭრილობის ჩიჩქნას ემსგავსება…შესახორცებლად იარის კვლავ სისხლმდინარე ჭრილობად ქცევა რამდენადაა გამოსავალი?

 

გაკვეთილი 2

წიგნში „ფსიქოპათების სიბრძნე“ კევინ დატონი აღნიშნავს, რომ ფსიქოპათია მხოლოდ ფსიქიკური პათოლოგია არაა და სინამდვილეში, ამ დიაგნოზს ისეთივე სპექტრი აქვს, როგორც, მაგალითად, აუტიზმს. საერთო მახასიათებლად მიიჩნევს იმას, რომ ფსიქოპათს სინდისის ქენჯნა და ემოციური ემპათიის უნარი არ აქვს. და აქ იწყება საგულისხმო დეტალებში ჩაღრმავება. განსაკუთრებით დაინტერესდებიან სიტყვიერების მასწავლებლები:

ფსიქოპათისთვის წარმოთქმულ სიტყვას არ აქვს, არ გააჩნია ემოციური სარჩული, ისინი ვერ გრძნობენ, ვერ ითავისებენ იმას, რასაც ცნება მოიაზრებს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ემპათია, თანაგანცდა, ადამიანური გრძნობები მათთვის უცხოა. რაც არ აქვთ (აღსანიშნები), იმის აღმნიშვნელები (სიტყვები) უბრალო მარცვლებია…

მაგალითად, „მე შენ მიყვარხარ“ ისეთივე ემოციური მნიშვნელობისა შეიძლება იყოს, როგორც „ჭიქა ყავას დავლევდი“.

ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რაც ხსნის მათ „ცივსისხლიანობას“, სიმშვიდეს, ურყევობას.

ამასთან, ფსიქოპათს შესანიშნავად შეუძლია სხვა ადამიანის არა მარტო ემოციური, არამედ ფსიქოლოგიური მდგომარეობის აღქმა და შეფასება და ამას ისინი სხეულის ენის წაკითხვით ახერხებენ.

აქ ერთი საინტერესო დასკვნა გამოიკვეთა ჩემთვის და მინდა, გაგიზიაროთ: გამოდის, არსებობს ისეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სიტყვების კონოტაციას ვერ იგებს, ვერ აღიქვამს, მაგრამ სხეულებრივი მოძრაობის თანმდევ ემოციურ ან ასოციაციურ ელფერს კი „კითხულობს“, აღიქვამს, ხედავს.

 

გამოდის, ჩვენს მოძრაობებსად, სიტყვების მსგავსად, აქვს კონოტაცია!

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ადამიანის სხეულის ენა მძლავრი საკომუნიკაციო ინსტრუმენტია და გაუცნობიერებლად იმდენ სიგნალს შეიძლება გავცემდეთ, რომ წარმოდგენაც გაგვიჭირდება.

რამდენად ვამახვილებთ ამაზე ყურადღებას სასწავლო პროცესში?

კინესთეტიკური ინტელექტის განვითარება სასწავლო ამოცანებში დღეს ნამდვილად არ შედის, მაგრამ სამომავლოდ, დარწმუნებული ვარ, ეს მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტული იქნება და მომავლის პედაგოგიკა ამაზე ბევრს იმუშავებს.

კინესთეტიკური ინტელექტის განვითარება გულისხმობს სხეულის კონტროლს, მოძრაობითი პატერნების დახვეწას, სივრცეში მოძრაობის, სხეულის ნავიგაციის უნარის გაუმჯობესებას.

სხეულებრივ-კინესთეტიკური ინტელექტის მქონე ადამიანებს აქვთ სხეულის მართვის, მისი მოძრაობების გაკონტროლებისა და გაუმჯობესების კარგი უნარი აქვთ.

პრობლემის გადაჭრისას ისინი ეფექტურად იყენებენ სხეულს და ეს დიდებული გამოცდილებაა – საკუთარი სხეულის ფლობა, გამოყენება მაქსიმალურად, გაუმჯობესება და დახვეწა იმდენად, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი გზავნილები სხეულმა იმ სიზუსტით გამოხატოს, რაც გვინდა და გვჭირდება.

 

რას „ვამბობთ“ სიარულისას

„მე ყველაზე ცივსისხლიანი ნაბიჭვარი ვარ იმათგან, ვისაც ოდესმე შეხვედრიხართ. მსხვერპლის სათანადოდ შერჩევა შეუცდომლად შემიძლია. „კარგ“ მსხვერპლს მისი სიარულის მანერით ამოვიცნობ!“ – ეს სიტყვები ეკუთვნის ამერიკის შეერთებული შტატების კრიმინალოგიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საზარელ სერიულ მკვლელს, ტედ ბანდის. 1970-იან წლებში მან 30-ზე მეტი ქალი მოკლა.

2009 წელს ფსიქოლოგმა ანჯელა ბუკმა და მისმა კოლეგებმა ბროკის უნივერსიტეტიდან გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, რამდენად სწორად „კითხულობენ“ ფსიქოპათიური მიდრეკილებების მქონე ადამიანები სხეულის ენას. ამ კვლევის[1] ჩატარებისთვის ანჯელა ბუკმა სპეციალური კითხვარები შეავსებინა მონაწილეებს. კითხვარები ფსიქოპათიის სპექტრის დიაგნოსტირებისთვის იყო განკუთვნილი. კითხვარი განსაკუთრებით საშიში კატეგორიის დამნაშავეთა საპატიმროში 47-მა მსჯავრდებულმა შეავსო. მეცნიერმა მიღებული შედეგები 2 ნაწილად დაჰყო – მაღალი და დაბალი მაჩვენებლების მიხედვით. მაღალი მაჩვენებლების მქონე პატიმრები ფსიქოპათებისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს მეტად ავლენდნენ. საცდელ პირებს აჩვენეს 12 სხვადასხვა პირის მოძრაობის, სიარულის მანერის ამსახველი ვიდეოჩანაწერები. მათ უნდა ამოეცნოთ პოტენციური „მსხვერპლები“  – ვინ მიაჩნიათ ამ თორმეტთაგან მოწყვლადად, სუსტად და დაესაბუთებინათ თავიანთი პასუხები.

მაღალი მაჩვენებლების მქონე პირები ერთნაირად აფასებდნენ ადამიანთა მოწყვლადობას სიარულის მანერაზე დაკვირვებით. მათმა უმრავლესობამ ერთი და იგივე ადამიანები შეარჩია.

 

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მოკლე-მოკლე ან მეტისმეტად გრძელი ნაბიჯებით მოსიარულეები, ისინი, ვინც სხეულის წონას არათანაბრად ანაწილებდნენ მოძრაობისას და ერთ რომელიმე მხარეს იყვნენ „გადაქანებულები“, მკვეთრად და არაკოორდინირებულად ამოძრავებდნენ სხეულის ნაწილებს, ტერფებს ადგამდნენ არაბუნებრივად (შიგნით ითრევდნენ ან გარე-გარე აბიჯებდნენ) საცდელი პირების უმეტესობამ „მაღალი მაჩვენებლებით“ დაასახელა „პოტენციურ მსვერპლად“.

 

„მიშვებული“, გაუწვრთნელი, გაუწაფავი სხეული თავის მოწყვლადობასა და სისუსტეს მოძრაობის ხარისხით ავლენს. სიარული, ამ შემთხვევაში, ერთ-ერთი ყველაზე „მყვირალა“ გზავნილი აღმოჩნდა.

 

რას გვატყობინებენ მოზარდები მოძრაობით?

 

ბავშვები, მოზარდები ხშირად ამბობენ ერთს, გულისხმობენ მეორეს და იქცევიან ნათქვამისა თუ ნაგულისხმევისგან განსხვავებულად. მასწავლებლისთვის „სადიაგნოსტიკო“ მაჩვენებელი ვერ იქნება მხოლოდ წარმოთქმული.

მოზარდის ჟესტიკულაცია, მისი სხეულის პოზა, მოძრაობის პატერნები, მიმიკა, მდუმარება ის „სიმპტომებია“, რომლებიც სწორად უნდა ამოვიკითხოთ. მოსწავლეების სხეულის ენა ბევრს ამბობს.

საშინაო წერითი დავალებების მიღმა საგულისხმო და მნიშვნელოვანი გზავნილები მოზარდთა მოძრაობებშიც უნდა ამოვიკითხოთ.

 

[1]  Psychopathy and  Victim Selection: The Use of Gait as a Cue to Vulnerability, Journal of Interpersonal Violence, Angela Book, PhD, Kimberly Costello, PhD, Joseph A. Camilleri, PhD.

გამოტოვებული გვერდები – დაკარგული თავგადასავალი

0

„ძნელია სიტყვების პოვნა, როცა ჭეშმარიტად რამე გაქვს სათქმელი. და მაშინაც კი, როცა საჭირო სიტყვები მოგადგება, მათი წარმოთქმის გრცხვენია“.

ერიხ მარია რემარკი, „სამი მეგობარი“

 

ამ სტატიის დაწერა ალპებმა და რემარკმა შთამაგონეს. მართალია, განათლებისადმი თანამედროვე მიდგომა მოსწავლის მოტივაციასა და ინტერესს პრიორიტეტად მიიჩნევს, მაგრამ მე მაინც რაღაც სხვას, უფრო ღრმას, არსებითს ვეძებ. სწორედ ამ ძიების პროცესში, ალპებზე შემოქმედებითი დავალების დაწყებისას გამახსენდა რემარკის „სამი მეგობარი“, რომელსაც თან მოჰყვა „ნასესხები სიცოცხლე“. ასე აღმოჩნდა ლიტერატურა გეოგრაფიის გაკვეთილზე.

ჩემი აღფრთოვანება უსაზღვრო იყო, როცა ერთ-ერთმა მოსწავლემ არა „სამი მეგობარი“, არამედ „ტრიუმფალური თაღი“ ახსენა – რემარკის კიდევ ერთი შედევრი. ახლა მოუთმენლად ველი, როდის გაითვალისწინებს ჩემს რეკომენდაციებს და დაიწყებს ალპებში ხეტიალს. მნიშვნელობა არ აქვს, მარტასა თუ სამ მეგობართან ერთად – მთავარია, ეს თავგადასავალი შედგეს.

ახალგაზრდობაში, რომანების კითხვისას, ბუნების აღწერა მოსაწყენი მეჩვენებოდა და ხშირად გვერდს ვუვლიდი. მინდოდა, სწრაფად მივსულიყავი მოქმედებამდე, დიალოგებამდე, სიუჟეტის განვითარებამდე. ვინ იფიქრებდა, რომ მოგვიანებით სწორედ ამ გამოტოვებული გვერდების მიმართ გამიჩნდებოდა უდიდესი ინტერესი და საბოლოოდ გეოგრაფიის მასწავლებელი გავხდებოდი?

დღეს ჩემი მიზანია, მოსწავლეებს არ გამოვატოვებინო ის გვერდები, რომლებსაც მე ერთ დროს გვერდს ვუვლიდი. როგორ? იმით, რომ ვაჩვენო, რამდენად ცოცხალი და მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს გეოგრაფია ლიტერატურაში, ისტორიასა და, საზოგადოდ, ადამიანის ცხოვრებაში.

მაგრამ რას ვეძებ სინამდვილეში? როგორ მივცეთ მოსწავლეებს საშუალება, მხოლოდ ფაქტები კი არ ისწავლონ, არამედ იგრძნონ კიდეც, განიცადონ და ეს ცოდნა საკუთარ გამოცდილებასა და წარმოსახვას დაუკავშირონ? შესაძლოა, სწორედ აქ არის გამოსავალი – საგნების ინტეგრაციაში, რაც ბუნებრივად და ორგანულად, იძულების გარეშე ხდება.

რემარკის პერსონაჟები ხომ სახელმძღვანელოდან არ სწავლობდნენ ალპებს; ისინი ცხოვრობდნენ იქ, იქაური ჰაერით სუნთქავდნენ და მათი ბიოგრაფიები ამ მთების დიდებულებასთან იყო გადახლართული. ეს ქმნის კავშირებს, რომლებიც ლიტერატურიდან იწყება და ცხოვრებაში გრძელდება – გზებს, რომლებიც გეოგრაფიას, ისტორიასა და ფილოსოფიას ადამიანურ გამოცდილებას უკავშირებს.

როდესაც მოსწავლე აცნობიერებს, რომ ალპები მხოლოდ გეოგრაფიული ობიექტი კი არ არის, არამედ ადგილია, სადაც ვითარდებოდა ადამიანური დრამები – თავდადება, სიყვარული, დაშორება და გადარჩენა, სწორედ მაშინ ხდება სწავლა ღრმა და შინაარსიანი.

როგორ ვასწავლოთ ისე, რომ ინფორმაცია არა მხოლოდ დაიმახსოვრონ, არამედ იგრძნონ? როგორ შევქმნათ გარემო, სადაც მოსწავლეები ცხოვრობენ იმ ცოდნით, რომელსაც იძენენ?

რემარკის რომანები ხომ მხოლოდ სიუჟეტი არ არის; ისინი სულისშემძვრელი ამბებია ადამიანებზე, ბრძოლაზე, სიყვარულსა და გადარჩენაზე, რომლებიც ხშირად კონკრეტულ გეოგრაფიულ გარემოსთან არის დაკავშირებული. ალპები მათთვის მხოლოდ მთები არ იყო – ეს იყო თავშესაფარი, გამოწვევა…

ამ მიდგომით, მასწავლებელი აღარ არის მხოლოდ ინფორმაციის გამზიარებელი – ის ხდება მეგზური, რომელიც მოსწავლეს საკუთარი გზის პოვნაში ეხმარება. გზა კი კითხვებით იწყება – არა მხოლოდ პასუხების ძიებით, არამედ იმ კითხვების დასმით, რომლებიც აზროვნებას ავითარებს.

როდესაც მოსწავლე ხვდება, რომ „ტრიუმფალური თაღი“ არა მხოლოდ პარიზის სიმბოლოა, არამედ იმ ამბების ნაწილიც, რომლებიც ადამიანურ ძალასა და იმედზე გვიყვება, სწავლა უფრო საინტერესო ხდება. ჩვენ უნდა გავცდეთ სტანდარტულ გაკვეთილებს და მოსწავლეებს მივცეთ საშუალება, საკუთარი თავგადასავლები შექმნან – თუნდაც წიგნის ფურცლებზე ან წარმოსახვაში, ალპების ფონზე.

„სამი მეგობრის“ მოქმედება ვითარდება დიდი გერმანული ქალაქის გარეუბნებში – გარემოში, სადაც ომის შემდგომი გერმანიის სოციალური და ემოციური ჭრილობები ყველაზე მკაფიოდ ჩანს. აქ ქალაქი არ არის უბრალოდ ფონი; ის არის პერსონაჟების თავშესაფარი, სიყვარულის ასპარეზი და ტრაგიკული მოვლენების სცენა. თუ დავაკვირდებით, როგორ აღწერს რემარკი ქუჩებს, ავტოსახელოსნოს, ბარებსა და გარეუბნებს, არა მხოლოდ ლიტერატურულ სურათს დავინახავთ, არამედ გეოგრაფიულ წარმოდგენასაც შევიქმნით იმდროინდელი გერმანიის ურბანულ სივრცეზე.

არც  „ტრიუმფალურ თაღშია“ პარიზი მხოლოდ ქალაქი. ეს არის პერსონაჟების თავშესაფარი, სიყვარულის ასპარეზი და ტრაგიკული მოვლენების ფონი, მეორე მსოფლიო ომამდელი ევროპის პოლიტიკური და სოციალური პორტრეტის მნიშვნელოვანი ნაწილი. როდესაც ვკითხულობთ, როგორ აღწერს რემარკი პარიზის ქუჩებს, კაფეებსა და სენის სანაპიროს, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ არა მხოლოდ რომანის სცენები, არამედ თავად ქალაქის დაგეგმარება, ატმოსფერო და ყოველდღიური ცხოვრება – თითქოს ჩვენც იქ ვართ.

ალპები ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გეოგრაფიული რეგიონია, რომელიც არა მხოლოდ ბუნებრივი ლანდშაფტით, არამედ კულტურული, ისტორიული და სოციალური მნიშვნელობითაც გამოირჩევა. როდესაც მოსწავლეები ალპების თემაზე მუშაობენ, მათ ეძლევათ როგორც ფიზიკური გეოგრაფიის ელემენტების – სიმაღლეების, მწვერვალების, მყინვარების შესწავლის, ისე იმ გზების გაანალიზების შესაძლებლობაც, რომლებითაც ისტორიული თუ ლიტერატურული პერსონაჟები გადაადგილდებოდნენ; ციცაბო ფერდობებისა, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა; ხეობებისა, სადაც საუკუნეების განმავლობაში დუღდა ყოველდღიური ცხოვრება.

განსაკუთრებით საინტერესოა, როგორია ალპები ლიტერატურაში. მაგალითად, რემარკის რომანში „ნასესხები სიცოცხლე“ ალპები სიმბოლური თავშესაფარია, სადაც მთავარი გმირები კლერფე და ლილიანი ცდილობენ, დროებით დაივიწყონ ავადმყოფობა და სიკვდილის მოლოდინი. თოვლიანი მწვერვალები, სუფთა ჰაერი და სიჩუმე იქცევა იმ სივრცედ, სადაც დრო თითქოს ჩერდება და ადამიანური ურთიერთობები განსაკუთრებულ სიღრმეს იძენს. ამგვარად, ალპები არა მხოლოდ გეოგრაფიულ, არამედ ემოციურ და ფილოსოფიურ ლანდშაფტად იქცევა.

ჯონ სტეინბეკის „მრისხანების მტევნები“, გარდა იმისა, რომ დიდი დეპრესიის პერიოდის ამერიკული ოჯახის ისტორიაა, მნიშვნელოვანი წყაროცაა გეოგრაფიული მიგრაციის შესასწავლად. ოკლაჰომიდან კალიფორნიისკენ ჯოუდების ოჯახის მოგზაურობა სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად ადამიანის ცხოვრებაზე გარემოს გავლენასაც გვიჩვენებს.

შეგვიძლია, მოსწავლეებს ვკითხოთ: რამ გამოიწვია გვალვა ოკლაჰომაში? როგორ იმოქმედა კალიფორნიის კლიმატმა და რესურსებმა გადასახლებულთა ცხოვრებაზე? როგორ ცვლის ლანდშაფტი ადამიანთა ბედს?

ამგვარად, ლიტერატურული ნაწარმოებები ხშირად იქცევა გეოგრაფიული ანალიზის საფუძვლად. გეოგრაფიული ცოდნა ამ შემთხვევაში ისტორიული კონტექსტის გაგების გასაღებად იქცევა, ხოლო ლიტერატურული ტექსტი – სივრცისა და გარემოს გააზრების საშუალებად.

ჰერმან მელვილის „მობი დიკი“ კომპლექსური ნარატივია, რომელიც მოიცავს ოკეანის გეოგრაფიას, საზღვაო დინებებს, კლიმატურ ზონებსა და საზღვაო ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებას. ხომალდ „პეკოდის“ მოგზაურობა პრაქტიკულად ქმნის მსოფლიო ოკეანის გეოგრაფიულ რუკას, რომელზე ცთითოეული მონაკვეთი ასახავს კონკრეტულ ბუნებრივ პირობებსა და მათ გავლენას ადამიანზე. მოსწავლეებს შეუძლიათ შეისწავლონ: რომელი ოკეანური დინებები უწყობდა ხელს ან აფერხებდა ხომალდების გადაადგილებას; როგორია ეკვატორული ზონის კლიმატური თავისებურებები; რა საფრთხეებს შეიცავს არქტიკული ზღვები და როგორ მოქმედებს ეს გარემო მეზღვაურების ყოველდღიურობაზე. ამგვარად, „მობი დიკი“ საშუალებას გვაძლევს, ოკეანე აღვიქვათ ცოცხალ, მრავალფეროვან და ხშირად სახიფათო გარემოდ.

ამ მიდგომით მოსწავლეები დაინახავენ კავშირს გეოგრაფიულ ცნებებსა და რეალურ სამყაროს, ადამიანურ გამოცდილებას შორის. როდესაც ისინი რემარკის რომანებში, სტაინბეკის ეპოსსა თუ მელვილის საზღვაო თავგადასავალში ამოიცნობენ გეოგრაფიულ მახასიათებლებს, ეს ცოდნა მათთვის ცოცხალი და მნიშვნელოვანი ხდება. რუკაზე არსებული წერტილები და ხაზები აღარ რჩება მხოლოდ სიმბოლოებად – ისინი გარდაიქმნება ადგილებად, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ, იბრძოდნენ, ოცნებობდნენ და ქმნიდნენ ისტორიას.

ამ პროცესში, ჩემი როგორც გეოგრაფიის მასწავლებლის ამოცანაა, დავუბრუნო მოსწავლეებს ის „გამოტოვებული გვერდები“, რომლებიც ხშირად რჩება საგნობრივი ჩარჩოების მიღმა. მინდა, ყოველი გაკვეთილი მათთვის აღმოჩენად იქცეს – სივრცედ, სადაც ცოდნა მხოლოდ ფაქტების დაგროვება კი არ არის, არამედ საკუთარი თავის, სამყაროსა და ერთმანეთის უკეთ გაცნობაცაა.

ეს არ არის მხოლოდ საგნების ინტეგრაცია. ეს არის ჰოლისტური მიდგომა სწავლებაში, რომელიც მოსწავლეს საშუალებას აძლევს, დაინახოს სამყარო არა დანაწევრებულ საგნებად, არამედ ერთიან, ურთიერთდაკავშირებულ სისტემად. როდესაც მოსწავლე ხვდება, რომ მდინარის მიმართულება, მთის სიმაღლე ან ოკეანის დინება შეიძლება იყოს რომანის მთავარი გმირის ბედის განმსაზღვრელი, სწორედ მაშინ ხდება გეოგრაფია მართლაც ამაღელვებელი.

ალბათ, ეს არის ის „სხვა“, რასაც ვეძებ. ეს არის სურვილი, რომ გაკვეთილი გახდეს სივრცე, სადაც მოსწავლეები მხოლოდ ცოდნას კი არ იღებენ, არამედ საკუთარ თავსაც ეცნობიან. სადაც კითხვა „რატომ?“ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „რა?“. სადაც რემარკის გმირები და ალპების მწვერვალები ერთდროულად გვასწავლიან რუკის კითხვასაც და გულის მოსმენასაც.

და როცა ერთ დღეს რომელიმე მოსწავლე თავის გზას აირჩევს, – მწერლისას, მოგზაურისას, მასწავლებლისას თუ უბრალოდ გულწრფელი ადამიანისას – მინდა, ამ გზაზე თან გაჰყვეს განცდა, რომელიც ერთ ჩვეულებრივ გაკვეთილზე დაიბადა. გაკვეთილზე, სადაც ლიტერატურა და გეოგრაფია ერთმანეთს შეხვდნენ და სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის, რასაც ვერცერთ სახელმძღვანელოში ვერ იპოვით – შთაგონება.

ევროკავშირი და მისი სიკეთეები

0

1992 წელს ევროგაერთიანებამ (შემდგომში – ევროპის კავშირმა) საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა და მასთან თანამშრომლობა დაიწყო. ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის რეალური თანამშრომლობა 1999 წლიდან იწყება.

ევროპული ინტეგრაციის გზაზე ბევრი მნიშვნელოვანი თარიღია. მათგან აღსანიშნავია 2014 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმებები – საქართველო-ევროკავშირის ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DC FTA) შესახებ, რომლებიც 2016 წელს შევიდა ძალაში. 2017 წლიდან კი საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმით ვსარგებლობთ.

ამ რთულ და გამოწვევებით სავსე გზაზე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა 2022 წლის 3 მარტს, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებით, რასაც 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მოჰყვა.

საქართველოში მიმდინარე პროცესებმა ნათლად დაგვანახა, რომ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი ევროკავშირის სხვადასხვა სიკეთის შესახებ საზოგადოების ფართო მასებში ცნობიერების ასამაღლებლად. ამ სტატიას პროგრამა ‘Erasmus+’-ს მივუძღვნი.

***

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა საგანმანათლებლო პროგრამებმა საქართველოს უამრავ მოქალაქეს მისცა საშუალება, ესწავლათ ევროპულ უნივერსიტეტებში, მეტი შეეტყოთ ევროპული ღირებულებების, ცხოვრების წესის შესახებ, ჩართულიყვნენ არაფორმალური განათლების აქტივობებში და ა.შ.

ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამები 2014 წლამდე TEMPUS, ERASMUS MUNDUS, JEAN MONNET სახელწოდებით იყო ცნობილი. 2014 წლიდან ამოქმედდა ERASMUS+ და ინსტიტუციური განვითარების პროექტები.

ERASMUS+ საქართველოში წარმოდგენილია რამდენიმე მიმართულებით:

  1. Erasmus Mundus ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები

ევროპის უნივერსიტეტები წარადგენენ ერთობლივ სასწავლო პროგრამებს ერასმუსის კონკურსზე და გამარჯვების/დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში აცხადებენ სტუდენტების მიღებას. კონკურსში გამარჯვების შემდეგ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტს უწევს სწავლა ორ და მეტ უნივერსიტეტში. სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა ან ერთობლივი (Joint Degree), ან მრავლობითი (Multiple Degree) აკადემიური ხარისხი.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

  • ნებისმიერ მსურველს, რომელსაც აქვს ბაკალავრის დიპლომი (ან არის ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე).
  • ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს, არ არის საჭირო აქტიური სტუდენტის სტატუსი.
  • საბაკალავრო ან სამაგისტრო საფეხურზე მანამდე მიღებული Erasmus+ სტიპენდია დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

 

პრაქტიკული მაგალითი

ჩემმა მეგობარმა, გვანცა დავითელაშვილმა გაიმარჯვა Erasmus Mundus პროგრამაში, რის შემდეგაც სრული დაფინანსებით ისწავლა გლაზგოს, ტალინისა და მეინუთის (ირლანდია) უნივერსიტეტებში.

დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებგვერდს: http://erasmusplus.org.ge/ka/services/jmd

 

  1. Erasmus+ სტუდენტური გაცვლითი პროგრამები – საერთაშორისო კრედიტმობილობა (ICM)

Erasmus+ სტუდენტური გაცვლითი პროგრამები სტუდენტებში ძალიან პოპულარულია. წლების განმავლობაში საქართველო იყო ერთ-ერთი ლიდერი ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს შორის როგორც სტუდენტების გაგზავნის, ისე მიღების თვალსაზრისითაც.

საერთაშორისო კრედიტმობილობის პროგრამა მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას:

  1. სასწავლო მობილობა სტუდენტებისთვის – 2-დან 12 თვემდე;
  2. სტუდენტური მობილობა სტაჟირების მიზნით – 2-დან 12 თვემდე.

პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია აქტიური სტუდენტის სტატუსი. მასში მონაწილეობა შეუძლიათ ქართული უმაღლესი დაწესებულებების სტუდენტებს მეორე კურსიდან.

მნიშვნელოვანია, რომ ‘ერასმუს+’ სტუდენტურ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს არ შეუძლია. თუ უნივერსიტეტი, რომელშიც ახლა სწავლობთ საქართველოში, არ არის Erasmus+ ICM პროგრამაში ჩართული, თქვენ ინდივიდუალურ დონეზე ამ პროგრამის კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებთ.

ამის გასარკვევად უნდა მიმართოთ თქვენი უნივერსიტეტის საერთაშორისო პროგრამების განყოფილებას.

პროგრამა საერთაშორისო მობილობის ფარგლებში საშუალებას გაძლევთ, ისწავლოთ რომელიმე ევროპულ უნივერსიტეტში 12 თვე (მთელი კურსი) ან ერთი სემესტრი. მეორე შემთხვევაში სტუდენტს შეუძლია, მობილობით ისარგებლოს ორჯერ, ანუ ერთი სემესტრი ისწავლოს, პირობითად, ტარტუს უნივერსიტეტში მე-3 კურსზე, ხოლო მომდევნო წელს კიდევ ერთი სემესტრი – რომელიმე ევროპული ქვეყნის უნივერსიტეტში.

მობილობის ფარგლებში სრულად ანაზღაურდება სწავლისა და მგზავრობის (საქართველო – ასოცირებული/პროგრამის ქვეყანა – საქართველო) ხარჯები. სტუდენტებს ასევე გადაეცემათ ყოველთვიური სტიპენდია 800-900 ევრომდე ევროპული (ასოცირებული/პროგრამის) ქვეყნის სიძვირის მიხედვით. საქართველოში ჩამომსვლელი სტუდენტებისთვის სტიპენდია შეადგენს თვეში 700 ევროს.

კრედიტმობილობის პროგრამაში ჩასართავად აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე დაინტერესებულმა პირმა უნდა:

  • მიმართოს საკუთარი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებას;
  • გაარკვიოს, ხორციელდება თუ არა Erasmus+ ის გაცვლითი (ICM) პროექტები მის უნივერსიტეტში;
  • მოიძიოს ინფორმაცია შერჩევის კრიტერიუმების თაობაზე;
  • შეავსოს შიდასაუნივერსიტეტო აპლიკაცია;
  • გაიაროს შიდასაუნივერსიტეტო შერჩევა.

დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებგვერდს: http://erasmusplus.org.ge/ka/services/jmd

 

  1. Erasmus+ ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები.

2024 წელს და მიმდინარე წლის მარტში ორი მოსწავლე იმყოფებოდა Erasmus+ ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

რა არის Erasmus+ ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა?

ახალგაზრდული გაცვლები საშუალებას აძლევს ახალგაზრდულ ჯგუფებს (13-30 წელი) სხვადასხვა ქვეყნიდან, შეხვდნენ და ერთად გაატარონ 21 დღემდე დრო სხვადასხვა ერთობლივ ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით.

ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები მოიცავს:

  • სემინარებს;
  • სატრენინგო კურსებს;
  • ქსელურ ღონისძიებებს;
  • სასწავლო ვიზიტებს;
  • გამოცდილების გაზიარებას და სხვ.

ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად უნდა იპოვოთ გამგზავნი ქართული ორგანიზაცია ან დამოუკიდებლად მოიძიოთ საქართველოსთვის განკუთვნილი განაცხადები პლატფორმაზე: https://www.salto-youth.net/

2017 წლიდან შვიდჯერ ვისარგებლე ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამით. აქედან ორ შემთხვევაში ვიყავი ჯგუფის ლიდერი.

მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ფარავს პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ფრენის, კვებისა და განთავსების ხარჯებს.

 

ევროპის სოლიდარობის კორპუსი (ESC)

ევროპის სოლიდარობის კორპუსი არის მოხალისეობის კომპონენტის განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, ერთი მხრივ, მიიღონ მოხალისეობრივი გამოცდილება, მეორე მხრივ, გაეცნონ ევროპულ კულტურასა და ქვეყნებს.

საქართველოდან ევროკავშირის მოხალისეობრივ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად 18-30 წლის ახალგაზრდამ უნდა იპოვოს გამგზავნი ორგანიზაცია და შესაბამისი ვაკანსია. ევროპის სოლიდარობის კორპუსი ფარავს პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, ასევე ითვალისწინებს ე.წ. ჯიბის ფულს 300 ევრომდე.

სტუდენტური გაცვლითი პროგრამის მსგავსად, ახალგაზრდას შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს ერთხელ გრძელვადიან (6-12 თვე) ან ორჯერ მოკლევადიან (1-6 თვემდე) მოხალისეობრივ პროგრამაში.

სასარგებლო ბმულები და გამგზავნი ქართული ორგანიზაციები:

Erasmus+ ახალგაზრდებისთვის და ევროპის სოლიდარობის კორპუსი საქართველოში

ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების კალენდარი და შეთავაზებები

ახალგაზრდული ასოციაცია ‘დრონი

ალტერნატიული განათლების აკადემია

რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი

ახალგაზრდული ორგანიზაცია ‘ბიტისი

ამბრელა

ProActive Group Georgia

ვაზიაროთ ბავშვები წერის მაგიას

0

რამდენიმე საინტერესო იდეა შემოქმედებითი წერისთვის

წერა თერაპიაა. ის გვათავისუფლებს მოჭარბებული ემოციებისგან, გრძნობებისგან, შფოთვისა და ბრაზისგან. გარდა ამისა, კარგად წერა ის უნარია, რომელიც მომავალში შესაძლოა საძირკვლად დაედოს მოსწავლის წარმატებას.

აზრის წერილობით ჩამოყალიბება ყოველთვის არ არის თანდაყოლილი ნიჭი – ეს უნარია, რომლის განვითარებაზეც შეგვიძლია დაწყებითი კლასებიდან ვიმუშაოთ.

გაგიზიარებთ წერის რამდენიმე სტრატეგიას, გაჩვენებთ, როგორ შეიძლება ვაქციოთ წერა ბავშვებისთვის სახალისო, საინტერესო და შთამბეჭდავ პროცესად, როგორ გავხადოთ ისინი უფრო შემოქმედებითები, განვუვითაროთ წარმოსახვა, ვასწავლოთ ამბის აგება, პერსონაჟების შექმნა, მხატვრული სახეების გამოყენება, საკუთარი მოსაზრების დასაბუთება და არგუმენტირება.

 

კლასის დიდი წიგნი

ამ აქტივობაში მთელი კლასია ჩართული. ვიღებთ დიდ, ლამაზ რვეულს, ბავშვებს ვეუბნებით, რომ ამ რვეულში თითოეული მათგანი წიგნის ერთ თავს ჩაწერს. ამბის დასაწყისი შეიძლება მთელმა კლასმა ერთად შექმნას თხრობის კუბების ან ილუსტრაციების საშუალებით.

თხრობის კუბები პატარა კუბიკებია, რომელთა გვერდებზეც სხვადასხვა სიმბოლოა გამოსახული: გასაღები, ჯადოსნური ჯოხი, ვარსკვლავი, ჯადოქრის ქუდი, ფერია, სუპერგმირი… თხრობის კუბების დამზადება ხელითაც შესაძლებელია. ბავშვები წრეში სხედან. ერთი აგორებს კუბს და რა სიმბოლოებიც ამოუვა, მათ შესახებ იწყებს თხრობას. სხვები დაწყებულ ამბავს აგრძელებენ და საბოლოოდ ერთი თხზულება იქმნება.

 

კლასის წიგნის პირველი თავიც მზადაა. ამის შემდეგ მოსწავლეები არჩევითობის პრინციპით თითო თავს წერენ და ერთმანეთის ისტორიას აგრძელებენ.

საბოლოოდ კი კლასის წიგნს მივიღებთ.

 

რამდენიმე ონლაინ რესურსი შემოქმედებითი წერის წასახალისებლად:

https://makebeliefscomix.com/

კომიქსების შექმნა, მზა შაბლონები, პერსონაჟები.

https://storybird.com/

ამ საიტზე შესაძლებელია სხვადასხვა სახის ონლაინ წიგნის შექმნა მზა ილუსტრაციებითა და ჩარჩოებით. ძალიან საინტერესო რესურსია და მისი გამოყენებაც ადვილია.

https://schools.boomwriter.com/classes/66174/view

მასწავლებელი ქმნის კლასის ანგარიშს, პროფილს, ამატებს ბავშვებს და ძალიან საინტრესო წერით აქტივობებს სთავაზობს.

 

აქტივობა: ჩაეტიე დროში!

ბავშვებს ვაძლევთ 5-7 წუთს, რომ უწყვეტად წერონ მოცემული თემის ან სიტყვის შესახებ. ეს შეიძლება იყოს ემპათია, მეგობრობა, საიდუმლო კარი, დროის მანქანა და სხვა.

 

რა მოხდებოდა, რომ…

ბავშვებს ვაძლევთ თემებს ასეთი სათაურით: „რა მოხდებოდა, რომ…“

ადამიანს ფრენა შეეძლოს;

…დროის გაჩერება შეგვეძლოს;

…ადამიანები უკვდავები გახდნენ;

…ნატვრის თვალი არსებობდეს.

 

სიტყვების კარუსელი

ბავშვებს ვაძლევთ ერთმანეთთან დაუკავშირებელ, შემთხვევითობის პრონციპით შერჩეულ ათ სიტყვას, მაგალითად: გემი, ვარსკვლავი, გვირილა, ბურთი, ხე, წიგნი, სახლი, მინდორი, ფეხსაცმელი, ჩიტი. მოსწავლეებმა უნდა დაწერონ ისტორია, რომელშიც ყველა სიტყვას გამოიყენებენ.

 

დაწერე პატარა დეტექტივი:

მოსწავლემ უნდა წარმოიდგინოს, რომ, მაგალითად, გაუჩინარდა სკოლის ზარი ან ქალაქის მუზეუმიდან დაიკარგა ძვირფასი ნახატი. კარგი იქნება, თუ დავუკონკრეტებთ. მაგალითად, ფიროსმანის „გოგონა წითელი ბუშტით“. ბავშვებმა უნდა წარმოიდგინონ და დაწერონ, ვინ მოიპარა, რა მიზნით, როგორ იპოვიან დამნაშავეს და ასე შემდეგ.

 

ახალი სამყაროების შექმნა,

მოსწავლე იგონებს სამყაროს თავისი ქალაქებით, მოსახლეობით, წესებით, მაგიითა და ტექნოლოგიით, ისტორიითა და ბუნებით, მერე კი წერს ისტორიას, რომელიც ამ სამყაროში მოხდა.

 

მოგონებები/მემუარები მომავლიდან.

მოსწავლე წარმოიდგენს, რომ უკვე ოთხმოცი წლისაა და იმ გადმოსახედიდან აღწერს დღევანდელობას. მაგალითად: ცამეტი წლის ვიყავი, როცა ჩემს ცხოვრებაში პირველად…“

 

ერთი დღე სხვის სხეულში

მოსწავლეებმა უნდა წარმოიდგინონ, რომ ერთ დღესაც გაიღვიძეს და სხვის სხეულში ამოყვეს თავს, მაგალითად, ცნობლი მომღერლის, მსახიობის, სპორტმესნის, მასწავლებლის, მშობლის, მეგობრის… თავად აირჩიონ. უნდა დაწერონ, როგორ გრძნობენ თავს, რას გააკეთებდნენ.

 

კონტრასტები წერაში.

მოსწავლეებს ვთხოვთ, ერთი პერსონაჟის შესახებ დაწერონ ორი სხვადასხვა ამბავი ორ განსხვავებულ, კონტრასტულ გარემოში, მაგალითად, ღამით და დღისით, მოგზაურობისას და ერთ ოთახში, ჩრდილოეთ პოლუსზე და აფრიკაში, დედამიწასა და მარსზე. ამ დროს ბავშვები დაფიქრდებიან, რამხელა გავლენა აქვს გარემოს პერსონაჟის განწყობასა თუ ქცევაზე, ისწავლიან სხვადასხვა პერსპექტივიდან ამბის აღქმას.

 

დაწყების ხელოვნება

ბავშვებმა უნდა დაწერონ სხვადასხვა დასაწყისი: მშვიდი, საინტერესო, პეიზაჟის აღწერით და სხვა. საბოლოოდ ბავშვები იმსჯელებენ, რომელი დასაწყისი აღმოჩნდა უფრო ეფექტური და რატომ.

 

სტრატეგიები და აქტივობები უსასრულოა, ერთ პატარა სტატიაში ვერ ჩაეტევა, მასწავლებლობა კი მუდმივი სწავლა და განვითარებაა, მუდმივი აღმოჩენა. თითოეული გაკვეთილი ახალი იდეების წყაროა, ბავშვებისგან ვსწავლობთ და ვცდილობთ, მათ დავემსგავსოთ – დიდობა ხომ დავიწყებული ბავშვობაა, ხოლო კარგი მასწავლებელი გულის კუნჭულში მარადიული ბავშვი

ექვსი ქუდის მეთოდი ერთი ამოცანის ანალიზისათვის

0

თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესი მასწავლებლისგან მოითხოვს მოსწავლეებისთვის არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის გადაცემას, არამედ კრიტიკული, კრეატიული და სისტემური აზროვნების უნარების განვითარებასაც. ამ მიზნის მისაღწევად რამდენიმე ეფექტური პედაგოგიური მიდგომა არსებობს. ერთ-ერთი გამორჩეული ინსტრუმენტია ედვარდ დე ბონოს აზროვნების ექვსი ქუდის მეთოდი, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, კონკრეტული საკითხი ან პრობლემა ექვსი განსხვავებული პერსპექტივიდან გააანალიზონ. სტატიაში გაგიზიარებთ მეათეკლასელებთან ჩატარებული გაკვეთილის დეტალურ გეგმას. ამ გაკვეთილზე მოსწავლეებმა ამოხსნეს რეალურ კონტექსტზე დაფუძნებული ამოცანა – ნაკრძალის ტბაში თევზების რაოდენობის ოპტიმიზაცია, მერე კი ის აზროვნების ექვსი ქუდის მეთოდით გააანალიზეს. ამ მიდგომამ არა მხოლოდ გააღრმავა მათი მათემატიკური ცოდნა, არამედ ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარების გააქტიურებასაც შეუწყო ხელი და ტრადიციული საგაკვეთილო პროცესი მოსწავლეთა აქტიური ჩართულობისა და მრავალმხრივი აზროვნების ხელშემწყობ გარემოდ გარდაქმნა.

 

თემატური ბლოკი: ალგებრა

თემა: განტოლება, უტოლობა, სისტემა

საკითხი: წრფივი დაპროგრამების ამოცანები (ორი ცვლადის შემთხვევა)

სამიზნე ცნება:
მათემატიკური მოდელი:

ცვლადების განსაზღვრა; მიზნობრივი ფუნქციის ჩამოყალიბება (მაქსიმიზაცია/მინიმუმამდე დაყვანა); შეზღუდვების გათვალისწინებით განტოლებებისა და უტოლობების გრაფიკული გამოსახვა საკოორდინატო სიბრტყეზე.

 

კანონზომიერება:

ცვლადებს შორის კავშირები და ურთიერთდამოკიდებულებები მოცემულ სისტემაში; წრფივი ურთიერთობები მიზნობრივ ფუნქციასა და შეზღუდვებში; დასაშვები არეალის განსაზღვრა შეზღუდვების საფუძველზე; საკვანძო წერტილების (დასაშვები არეალის წვეროების) როლი ოპტიმალური გადაწყვეტილების ძიებაში.

 

ლოგიკა: თანმიმდევრული და დასაბუთებული მსჯელობა; შეზღუდვების სწორი ინტერპრეტაცია; დასაშვები არეალის განსაზღვრა; პრობლემის გადაჭრა; დასკვნების გამოტანა და ოპტიმალური გადაწყვეტილების ძიება.

 

მისაღწევი შედეგები სტანდარტის მიხედვით (მათ.საშ.2):

  • უცნობი რაოდენობის ცვლადი სიდიდეების წარმოდგენა;
  • ალგებრულ გამოსახულებათა ფორმებს შორის კავშირის დამყარება;
  • ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების მათემატიკური მოდელირება და წარმოდგენა ცვლადის, ალგებრული გამოსახულების, განტოლების ან უტოლობის საშუალებით;
  • პრობლემის გადაჭრა.

გაკვეთილის მიზანი:

  • მოსწავლეებმა შეძლონ მათემატიკური ამოცანის ანალიზი სხვადასხვა პერსპექტივიდან აზროვნების ექვსი ქუდის მეთოდის გამოყენებით;
  • განუვითარდეთ კრიტიკული, ლოგიკური, ეკოლოგიური და ეკონომიკური აზროვნების უნარები;
  • ისწავლონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინება;
  • გაიაზრონ რესურსების შეზღუდვისა და ოპტიმიზაციის მნიშვნელობა რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებში.

რესურსები:

  • დაფა ან პროექტორი
  • ფერადი მარკერები
  •  ფლიპჩარტის ქაღალდი
  • ექვსი სხვადასხვა ფერის (თეთრი, წითელი, შავი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი) ქაღალდის ფურცელი ან ქუდი
  • ამოცანის ტექსტი

 

აქტივობა 1: გაკვეთილის თემისა და მიზნების გაცნობა (5 წუთი)

ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო

მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა და მოკლედ მიმოვიხილე აზროვნების ექვსი ქუდის მეთოდის არსი, ავუხსენი თითოეული ქუდის სიმბოლური დატვირთვა და ის წესი, რომლის მიხედვითაც ჯგუფებს მოუწევდათ მუშაობა – თითოეული ქუდის პერსპექტივიდან გარკვეული ხნის განმავლობაში, ბოლოს კი თავიანთი მოსაზრებების წარდგენა.

    • თეთრი ქუდი: ფაქტები, მონაცემები, ობიექტური ინფორმაცია
    • წითელი ქუდი: ემოციები, ინტუიცია, გრძნობები (დასაბუთების გარეშე)
    • შავი ქუდი: კრიტიკული შეფასება, რისკები, პოტენციური პრობლემები
    • ყვითელი ქუდი: დადებითი მხარეები, სარგებელი, შესაძლებლობები
    • მწვანე ქუდი: კრეატიულობა, ახალი იდეები, ალტერნატიული გადაწყვეტილებები
    • ლურჯი ქუდი: პროცესის მართვა, შეჯამება, დასკვნების გამოტანა

აქტივობა 2: ამოცანის ამოხსნა (12-15 წუთი)

მოსწავლეთა ორგანიზება: ჯგუფური და საკლასო მუშაობა

ამოცანა

ნაკრძალის ტბაში ყოველ გაზაფხულს ორი სახეობის თევზებს უშვებენ. პირველი სახეობის თევზის საშუალო მასა 0,6 კგ-ია, მეორე სახეობის თევზისა კი 0,3 კგ. მათთვის ორი სახის საკვებია საჭირო: პირველი სახეობის ერთ თევზს სჭირდება დღეში 3 ერთეული A საკვები და 3 ერთეული B საკვები, მეორე სახეობის ერთ თევზს – 1 ერთეული A საკვები და 2 ერთეული B საკვები. ამასთანავე, A სახის საკვების ყოველდღიური მარაგი არ უნდა აღემატებოდეს 600 ერთეულს, ხოლო B სახის საკვებისა – 900 ერთეულს. როგორ დავგეგმოთ თევზების რაოდენობა, რომ მათი საერთო მასა მაქსიმალური იყოს?

საერთო საწყისი წერტილის შესაქმნელად და ანალიზზე (ექვსი ქუდის მეთოდი) ყურადღების გადასატანად გაკვეთილი ამოცანის ამოხსნით დავიწყე. მოსწავლეები დავყავი ოთხ ჯგუფად და თითოეულს შემდეგი კითხვები მივეცი:

ჯგუფი 1: ცვლადების განსაზღვრა და მიზნობრივი ფუნქცია

  • რამდენი სახის თევზი ჰყავთ ნაკრძალის ტბაში?
  • როგორია თითოეული სახეობის საშუალო მასა?
  • რა უნდა აღვნიშნოთ ცვლადით, რომ გავიგოთ თითოეული სახეობის რამდენი თევზი უნდა გავუშვათ? (მაგალითად, პირველი სახეობის თევზების რაოდენობა იყოს „x“, ხოლო მეორე სახეობის თევზებისა – „y“).
  • რას გვეკითხება ამოცანა? (რა არის ამ ამოცანაში ჩვენი მიზანი?)
  • როგორ გამოვსახოთ მათემატიკურად თევზების საერთო მასა, თუ ვიცით თითოეული სახეობის თევზების რაოდენობა (x და y) და მათი საშუალო მასა?

ჯგუფი 2: A საკვების შეზღუდვა

  • რა სახის საკვები სჭირდებათ თევზებს?
  • რამდენი ერთეული A საკვები სჭირდება დღეში პირველი სახეობის ერთ თევზს?
  • რამდენი ერთეული A საკვები სჭირდება დღეში მეორე სახეობის ერთ თევზს?
  • რა არის A საკვების მაქსიმალური მარაგი?
  • როგორ ჩავწეროთ უტოლობის სახით შეზღუდვა, რომელიც გვიჩვენებს, რომ A საკვების საერთო მოხმარება არ უნდა აღემატებოდეს მის მარაგს, თუ ვიცით თითოეული სახეობის თევზების რაოდენობა (x და y)?

ჯგუფი 3: B საკვების შეზღუდვა

  • რა სახის საკვები სჭირდებათ თევზებს?
  • რამდენი ერთეული B საკვები სჭირდება დღეში პირველი სახეობის ერთ თევზს?
  • რამდენი ერთეული B საკვები სჭირდება დღეში მეორე სახეობის ერთ თევზს?
  • რა არის B საკვების მაქსიმალური მარაგი?
  • როგორ ჩავწეროთ უტოლობის სახით შეზღუდვა, რომელიც გვიჩვენებს, რომ B საკვების საერთო მოხმარება არ უნდა აღემატებოდეს მის მარაგს, თუ ვიცით თითოეული სახეობის თევზების რაოდენობა (x და y)?

ჯგუფი 4: არაუარყოფითობის შეზღუდვები და დასაშვები არეალი

  • შეიძლება თუ არა, თევზების რაოდენობა იყოს უარყოფითი რიცხვი? რატომ?
  • როგორ ჩავწერთ მათემატიკურად ამ ფაქტს x და y ცვლადებისთვის? (x ≥ ?, y ≥ ?)
  • თუ წარმოვიდგენთ საკოორდინატო სიბრტყეს, სადაც x არის აბსცისათა ღერძი, ხოლო y – ორდინატთა, რა არეალს შემოფარგლავს ეს არაუარყოფითობის შეზღუდვები?

ამოხსნა და დასკვნები

მას შემდეგ, რაც თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა თავისი ნაწილი დაფაზე და შევჯერდით ყველა შეზღუდვასა და მიზნობრივ ფუნქციაზე, მომდევნო ნაბიჯები მთელი კლასის მონაწილეობით დავამუშავეთ. მოსწავლეებმა უპასუხეს ჩემ მიერ დასმულ შემდეგ კითხვებს:

  • თუ გრაფიკული მეთოდის გამოყენებას გადავწყვეტთ, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ? (მაგალითად, შეზღუდვების შესაბამისი წრფეების აგება, დასაშვები არეალის პოვნა)
  • რა არის „დასაშვები არეალი“ ამ ამოცანაში? რას ნიშნავს, რომ x და y მნიშვნელობები ამ არეალში უნდა იყოს?
  • რა მნიშვნელობა აქვს დასაშვები არეალის წვეროებს გრაფიკული მეთოდით ამოხსნისას?

ამ ნაბიჯებმა ხელი შეუწყო ამოცანის ამოხსნის სრული სურათის ერთობლივ აწყობას.

დაიხაზა ჩამოყალიბებული უტოლობების შესაბამისი წრფეები საკოორდინატო სიბრტყეზე, მოინიშნა ყველა დაწესებული შეზღუდვის დამაკმაყოფილებელი არე. დაადგინეს იმ წერტილების კოორდინატები, სადაც შემზღუდველი წრფეები ერთმანეთს კვეთს და რომლებიც დასაშვები არეალის კუთხეებს წარმოადგენს. თითოეული ნაპოვნი წვეროს კოორდინატები ჩასვეს მიზნობრივ ფუნქციაში (M=0,6x+0,3y) და გამოთვალეს შესაბამისი მნიშვნელობა. იპოვეს ის წვერო, რომელზეც მიზნობრივი ფუნქცია იღებს მაქსიმალურ მნიშვნელობას. ეს წერტილი განსაზღვრავს პირველი და მეორე სახეობის თევზების ოპტიმალურ რაოდენობას, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ საერთო მასას.

დასასრულ, მოსწავლეებმა ერთად გააანალიზეს მიღებული შედეგები და ჩამოაყალიბეს ამოცანის საბოლოო პასუხი.

აქტივობა 3: აზროვნების ექვსი ქუდი (10-12 წუთი)

მოსწავლეთა ორგანიზება: ჯგუფური მუშაობა

მოსწავლეებს ვუხსნი, რომ ამ ამოცანისთვის ახლა უნდა გამოიყენონ აზროვნების ექვსი ქუდის მეთოდი, რათა უფრო ღრმად გააანალიზონ ამოცანის პირობები, შედეგები და შესაძლო ალტერნატივები.

კლასი დავყავი ექვს ჯგუფად. თითოეულ მათგანს გადავეცი განსხვავებული ფერის ქაღალდის ქუდი და მივეცი დავალება, გაეანალიზებინათ ამოცანა ნაკრძალის ტბაში თევზების გაშვების შესახებ იმ კონკრეტული ქუდის პერსპექტივიდან, რომელიც მას ერგო.

თეთრი ქუდი (ფაქტები და ინფორმაცია):

·         რა კონკრეტული რიცხვები და მონაცემებია მოყვანილი ამოცანაში? (თევზების მასა, საკვების მოთხოვნილება, მარაგები)

·         რა არის ცნობილი თითოეული სახეობის თევზის შესახებ?

·         რა არის ამ ამოცანის ამოხსნის მიზანი? (მაქსიმალური საერთო მასის გამოთვლა)

 

წითელი ქუდი (ემოციები და ინტუიცია):

·         რა გრძნობები გიჩნდებათ ამ ამოცანის წაკითხვისას?

·         რა არის/იყო თქვენი პირველი ინტუიციური აზრი იმის შესახებ, თუ რომელი თევზი უნდა გაუშვან მეტი? რატომ?

·         ხომ არ გებადებათ რაიმე ეთიკური კითხვა ამ სიტუაციასთან დაკავშირებით?

შავი ქუდი (კრიტიკული შეფასება და რისკები):

·         რა შეზღუდვებს გვიწესებს ამოცანა? რა შეიძლება იყოს არასწორად გათვალისწინებული?

·         რა პოტენციური პრობლემები შეიძლება წარმოიშვას ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ რეალურ ცხოვრებაში? (საკვების ხარისხი, თევზების დაავადებები)

·         არის თუ არა რისკი, რომ მაქსიმალური მასის მიღწევა ეკოსისტემაში სხვა პრობლემებს გამოიწვევს?

ყვითელი ქუდი (დადებითი მხარეები და შესაძლებლობები):

·         რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს ამ თევზების გაშვებამ ნაკრძალს?

·         რა დადებითი შედეგი შეიძლება ჰქონდეს მაქსიმალური საერთო მასის მიღწევას?

·         ხომ არ არსებობს გრძელვადიანი დადებითი ეფექტი?

მწვანე ქუდი (კრეატიულობა და ახალი იდეები):

·         ხომ არ არსებობს თევზების რაოდენობის დაგეგმვის სხვა გზები, გარდა ამ ამოცანაში მოცემულისა?

·         შეიძლება თუ არა რომელიმე ინოვაციური მიდგომის გამოყენება საკვების მარაგის გაზრდის ან თევზების კვების რაციონის ოპტიმიზაციისთვის?

·         ხომ არ შეიძლება ტბაში სხვა ისეთი სახეობის თევზების დამატება, რომელსაც განსხვავებული მახასიათებლები აქვს?

ლურჯი ქუდი (პროცესის კონტროლი და შეჯამება)

·         როგორ მიმდინარეობს ჩვენი აზროვნების პროცესი ამ ამოცანაზე მუშაობისას?

·         რა იყო თითოეული ქუდის მთავარი მიზანი?

·         როგორ დაგვეხმარა ექვსივე პერსპექტივის განხილვა ამოცანის უკეთ გააზრებაში?

 

მოსწავლეებმა იმსჯელეს თავიანთ ჯგუფებში და მოამზადეს მოკლე პრეზენტაციები (1-2 ძირითადი იდეის სახით) თავიანთი ქუდის შესაბამისად.

აქტივობა 4: პრეზენტაცია და განხილვა (5-7 წუთი)

თითოეულმა ჯგუფმა წარადგინა თავისი ანალიზი შესაბამისი ქუდის პერსპექტივიდან (ლურჯი ქუდის გარდა). პრეზენტაციების შემდეგ წამოვიწყე დისკუსია და ფოკუსირება მოვახდინე შემდეგ საკითხებზე:

  • რითია განსხვავებული თითოეული ქუდის მიერ შემოთავაზებული ხედვა?
  • რა ახალი ასპექტები დაინახეთ ამოცანაში სხვადასხვა პერსპექტივის მოსმენის შემდეგ?
  • რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ქუდის პერსპექტივა რეალური გადაწყვეტილების მიღებისას?
  • როგორ შეიძლება ამ მეთოდის გამოყენება სხვა მსგავსი პრობლემების გადასაჭრელად?

დასასრულ, ლურჯი ქუდის ჯგუფმა შეაჯამა დისკუსიის შედეგები და ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დაეხმარა მათ ექვსივე ქუდის გამოყენება ამოცანის უფრო სრულყოფილად გაანალიზებაში. გიზიარებთ მოსწავლეთა საპრეზენტაციოდ გამოტანილ ნამუშევრებს ფოტოს სახით:

აქტივობა 5. შეფასება (3-4 წუთი):

მოსწავლეებს ვთხოვე, მოკლედ გაეზიარებინათ თავიანთი შთაბეჭდილებები გაკვეთილის შესახებ, ასევე – რამდენად კარგად გაიგეს საკითხი ექვსი ქუდის მეთოდის გამოყენებით და როგორ იგრძნეს თავი თითოეული ქუდის როლში.

მოსწავლეთა შეფასებამ, მათმა მოტივაციამ და აქტიურმა ჩართულობამ აჩვენა, რომ აზროვნების ექვსი ქუდის მეთოდის გამოყენება მათემატიკის გაკვეთილზე, კონკრეტული და პრაქტიკული ამოცანის მაგალითზე, ეფექტური სასწავლო ინსტრუმენტია საკითხის გასააზრებლად. მოსწავლეებმა შეძლეს, მათემატიკური ამოცანის მიღმა დაენახათ რეალური სამყაროს კონტექსტი, გაეანალიზებინათ იგი სხვადასხვა კუთხით და გამოეთქვათ მრავალფეროვანი მოსაზრებები. ამით მოსწავლეები არა მხოლოდ ითვისებენ ცოდნას, არამედ სწავლობენ კრიტიკულად აზროვნებას, კრეატიულად მოქმედებას და პრობლემების ეფექტურად გადაჭრას.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo

  1. მათემატიკის გზამკვლევი მეათე კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში

https://math.ge/meate-klasi/

  1. მათემატიკა x კლასი. ავტორი: გურამ გოგიშვილი, თეიმურაზ ვეფხვაძე, ია მებონია, ლამარ ქურჩიშვილი. გამომცემლობა ინტელექტი,თბილისი 2022.

https://edrawmind.wondershare.com/strategy-and-planning/six-thinking-hats-technique.html

 

ვერგაგების მშვენიერი ბილიკები

0

პედაგოგისთვის მოსწავლის მიმიკა, ჟესტიკულაცია, სახის გამომეტყველება, გამოპასუხების სტილი, მიმართება, ნებისმიერი საპასუხო რეაქცია ისეთივე სიმპტომია, როგორც ექიმისთვის ხველება, ცხელება და მოთენთილობა…

საერთოდ, მოსწავლეების რეაქციაზე დაკვირვებით ბევრის გაკეთება შეგვიძლია მათი უნარების განსავითარებლად, მათი შესაძლებლობების აღმოსაჩენად.

ახალ და რთულ მასალასთან პირველი შეხებისას მოსწავლეთა რეაქცია იშვიათად არის ხოლმე ასეთი: „ვაჰ, რა მაგარი გამოწვევაა!“, „რამდენი რამ არ მესმის“, „რა საინტერესო საკვლევი იქნება“ და „ნეტავ, თუ გავართმევ თავს…“. უფრო ხშირად გვესმის (ან უარესი, არ გვესმის, მაგრამ მოსწავლე თავისთვის, გულში ფიქრობს): „ეს რა დებილობაა!“, „ვერაფერი ვერ გავიგე!“, „არაფერი არ ვიცი!“, „ამას როგორ გავაკეთებ!“, „ამის გამკეთებელი მე არ ვარ!“.

ეს რეფლექსური მიმართებები, მყისიერი რეაქცია ახალი მასალის პირისპირ აღმოჩენისას, ჩვენი, უფროსების ბეჯითი და მიზანმიმართული გარჯის შედეგია. სასკოლო სისტემა ხომ დასჯა-დაჯილდოების ქანქარასებურ პრინციპზეა დაფუძნებული: შეგეშლება – დაისჯები, რამეს სწორად გააკეთებ – დაჯილდოვდები. ეს აყალიბებს მიმართებას – შეცდომა დასაძრახია, თუ ვერ გავიგე რამე, „დებილი ვარ!“ .

ინტერესის გაღვივებას, ცნობისმოყვარეობას, გამოსავლის ძიების გზებსა და სხვა ალტერნატიულ მეთოდებს დრო ნაკლებად ან საერთოდ არ ეთმობა.

მოსწავლეების გულწრფელი კომენტარები, მათი განწყობა-დამოკიდებულებები ძვირფასი რამაა. ესაა მასწავლებლის საკვლევი ლაბორატორიაც, ინსტრუმენტიც, რესურსიც.

მასწავლებლები ყველანაირად უნდა შევეცადოთ და ნდობით აღჭურვილი გარემო შევქმნათ, სადაც მოსწავლეს შეეძლება ალალად, გულწრფელად, ღიად გამოხატოს თავისი შეხედულებები და მიმართებები.

მოსწავლეებს ხშირად ვუმეორებ – „ვერგაგების გაცხადება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გაგება და მისი თანმდევი შედეგი“.

რას ნიშნავს ეს?

ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი მასალის დამუშავებისას, შემეცნებისას, იმაზე დაკვირვება, რა ვერ გავიგე და მიზეზის ძიება – რატომ ვერ გავიგე – ასევე გადაჭრის გზაზე ფიქრი – რა გავაკეთო, რომ გავიგო – ფასდაუდებელი რამაა.

შემეცნების აქტი მხოლოდ ასე შედგება, როგორც თვითკმარი და სრულფასოვანი რამ. ეს ნიშნავს: გაცხადებული „ვერგაგება“ თავად გაკაფავს გზას „გაგებისკენ“.

შემეცნება აქტიური პროცესია და გულისხმობს საკუთარ სააზროვნო აქტზე დაკვირვებას, მონიტორინგს, რეგულაციას, დაგეგმვას, შეფასებას, გაცნობიერებას, სათანადო სტრატეგიების შემუშავებას, დაგეგმილის განხორციელებას, არსებული ცოდნის გაცხადებას, გააქტიურებას, გამოყენებას, ვერგაგების გაცხადებასა და ასევე – გამოყენებას. შემეცნების აქტის დამხმარე სტრატეგიაა პროცესის ტემპის რეგულირება და კორექტირება.

ეს ნიშნავს იმას, რომ მოსწავლემ უნდა იცოდეს, რა ტემპის შერჩევა სჭირდება რაიმეს გასაგებად, გასააზრებლად და შესამეცნებლად.

შემეცნების მიზანი არაა, სხაპასხუპით დაისწავლო რაიმე. მიზანია გაიგო, გაიაზრო, გაითავისო, გამიჯნო გაგება და ვერგაგება ერთმანეთისგან, დასახო გაგებისკენ მავალი გზები და ბილიკები, განსაზღვრო დრო და ტემპი.

ამასთან: სასკოლო განათლების მთავარი მიზანი „სამიზნე ცნებების“ დასწავლა არაა. ესაა საკუთარი თავის, სამყაროს შეცნობის გზაზე აღმოჩენების კეთება, დაბრკოლებებთან გამკლავების სტრატეგიების შემუშავება, თანამშრომლობა, გუნდურ აქტივობებში საკუთარ შესაძლებლობებზე დაკვირვება, შემეცნებისადმი, როგორც საინტერესო საკვლევისადმი; სწორი მიმართებების ჩამოყალიბება, მოქმედებისთვის საჭირო მოტივაციის გამომუშავება, ცნობისმოყვარეობით სავსე მზერის მიმართვა ნაცნობისა და უცნობისადმი…

 

დავუბრუნდები საკლასო ოთახს:

საკლასო სამუშაოების შესრულებისას, როცა დრო ცოტაა, მასწავლებლები ბევრს ვცოდავთ იმ მოსწავლეების წინაშე, ვისაც მეტი დრო ან უფრო საგულდაგულო მიდგომა სჭირდებათ, სჭირდებათ განსხვავებული ატმოსფერო და ტემპი შესამეცნებლად. გაკვეთილზე უფრო სხარტები და სწრაფები „ხეირობენ“.

როდესაც მოსწავლეს შეუძლია, გაიცხადოს ვერგაგება და მას აქვს ჯანსაღი დამოკიდებულება, თუ მას თავის დროზე მიაწოდეს მეტაკოგნიტური სტრატეგიები, ის შემეცნებისას ემოციურ და გონებრივ რესურსს დახარჯავს არა საკუთარი თავის დამუნათება-კრიტიკაზე, არამედ სათანადო სტრატეგიების შემუშავებასა და პროცესის სწორად წარმართვაზე.

 

როცა მესმის მოსწავლის გულიანი შეძახილი „ვერაფერი გავიგე!“, ვაგებებ – „გამოიყენე ეგ ვერგაგებაც და ეგ ენერგიაც, რაც ახლა გაქვს. დაეყრდენი გაგებას, ჩაეჭიდე იმ ყველაფერს, რაც გაიგე, გაიცხადე. ვერგაგება ჩამოაყალიბე კითხვებად. დასვი ეს კითხვები და დაეხმარე საკუთარ თავს“.

 

სიტუაცია ლიტერატურის გაკვეთილზე:

პირველი შეხება ძველ ქართულ ლიტერატურასთან ჩემს კლასებში ყოველთვის ამ ექსპერიმენტით იწყება: მოსწავლეებს ეძლევათ „შუშანიკის წამების“ შესავალი და ინსტრუქცია: თქვენ ხართ კრიპტოგრაფები. თქვენ წინაშეა ტექსტი. გაშიფრეთ, გახადეთ ცხადი, რა წერია. უნდა ამოიღოთ სრული ინფორმაცია იმაზე, ვინ სად და რა მიზნით გაემგზავრა, რა გააკეთა დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას და როგორ განვითარდა და დასრულდა გამგზავრების ამბავი. იქეცით გამომძიებლებად, თქვენ წინაშეა გასაშიფრი ტექსტი. დაიწყეთ!

ჩვენ კი, უფროსებს, სპეციალისტებს, ფილოლოგებსა და კურიკულუმების სპეციალისტებს გვგონია, რომ ენა „თექვსმეტსაუკუნოვანი მთლიანობაა“ (მეოცე საუკუნეში რეზი თვარაძის შემოთავაზებულ ამ ფორმულას ერთი საუკუნეც შევმატოთ), მაგრამ თანამედროვე მოზარდებს ძალიან უჭირთ ძველი ქართულის სწორად გაგება და ეს საკმაოდ საინტერესო გონებრივი სამუშაოა მათთვის.

დავალება პირველ ჯერზე და საწყის ეტაპზე სახალისოცაა და სასარგებლოც, ოღონდ შემდეგ, მთელი წლის განმავლობაში პერაფრაზირებისა და „გაშინაარსების“ მავნე ტრადიციის გამო, იქცევა გარანტირებული უკუეფექტის მომცემ წვალებად – არ შეიძლება მთელი ძველი ქართული ლიტერატურის სასკოლო ტექსტები მოსწავლეებს „ვაშინაარსებინოთ“, თუმცა ამაზე ამ კონკრეტულ წერილში აღარ ვისაუბრებ დაწვრილებით (ჩემი არაერთი კვლევა და მასალა ეთმობა ამ საკითხს).

მაშ, მოსწავლეები ერკინებიან ძველი ქართულის ლექსიკასა და სინტაქსს და ცდილობენ, გზა გაიკაფონ „ცოდნის“ ბილიკისკენ.

რას უნდა დაეყრდნონ?

თუ მოსწავლეს არ აქვს გამომუშავებული უნარი, შეანელოს ტემპი იქ, სადაც „ტევრია“ უცხო სიტყვებისა და „ჩიხი“ სინტაქსური კონსტრუქციების, თუ მას არ შეუძლია დამხმარე სტრატეგიების გამოყენება (ლექსიკონი, სქოლიო, წიგნის თეორიული მასალა, სწორი კითხვების ფორმულირება და ამ კითხვების კლასელებისთვის ან მასწავლებლისთვის დასმა), ის ადვილად ნებდება და საკუთარ თავსაც და ტექსტსაც განაჩენს გამოუტანს („ტექსტი გაუგებარია!“ „მე არაფერი მესმის!“ „ვერაფერი გავიგე!“).

მაგრამ ეს მარტივი გამოსავალია.

ამ შემთხვევაში მასწავლებელმა ტექსტი უნდა გამოიყენოს არა როგორც მიზანი (ისწავლოს ტექსტი შინაარსობრივად/ზეპირად), არამედ როგორც სამარჯვი სწავლისა და მეტაკოგნიტური უნარების განსავითარებლად.

კვლევა ხომ საინტერესო გზაა და შემეცნებისკენ მავალი ბილიკიც მასზე გადის.

მაშ, ამ უცხო და რთულ ტექსტში დავიწყოთ იმაზე დაკვირვება, რაც გვესმის, რის გაგებაც შეგვიძლია, რაც ლექსიკონის/სქოლიოს/თეორიის/მიღებული პასუხების შედეგად შეგვიძლია „დავალაგოთ“.

თუ მოსწავლეებს სწორად გავუწევთ ამ გზაზე მეგზურობას, მათთან ერთად ბევრს აღმოვაჩენთ.

მაგალითად, აღმოვაჩენთ იმას, რომ ვერგაგებასთან გამკლავება საინტერესო გამოცდილებაა.

  • მოსწავლეებისთვის დიდი სიამოვნებაა დაბრკოლების გადალახვა.
  • შემეცნების ბილიკებზე ვერგაგება ჩიხი კი არა, გადასაბიჯებელი წინაღობაა.
  • ხელშეწყობა და მხარდაჭერა უკეთესი პედაგოგიური სამარჯვებია, ვიდრე შეფასება (ყოჩაღ ან „უკეთ შეგეძლო“, ან „მეგონა, მეტი შეგეძლო“, ან საზარელი „ამას რა მიხვედრა უნდა“ და ა.შ.).
  • მოსწავლეებს აქვთ უფლება, ვერ გაიგონ, გაგვიზიარონ, ეძებონ და იპოვონ გადაჭრის გზები. „ამის დრო არ გვაქვს?“ – უნდა გამოვნახოთ!
  • გაგების, გააზრებისა და შემეცნების გზაზე ტექსტი არასდროს უნდა იყოს თვითმიზანი. შინაარსების მოხუფვასა და თეორიების დასწავლას არაფერი აქვს საერთო ცოდნასთან, შემეცნების თავგადასავალთან.

 

 

 

 

ხელოვნური ინტელექტი – მარტოობის შემვსები?

0

ჩემი წარსულის ერთ მოკლე მონაკვეთში ნარატივდიზაინს ვსწავლობდი, ანუ ჩატბოტების ამეტყველების ხელოვნებას. ალბათ, ამიტომაა, ჩატჯიპიტიზე ასეთი მომძლავრებული ობსესიის თავი და ბოლო რომ ვერ გამიგია – ჩატჯიპიტი სულაც არ არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირველი ჩატბოტი. ხელოვნური ინტელექტი ამ ინდუსტრიაში 60-იანი წლებიდან მოყოლებული გამოიყენება, პირველი პროტოტიპი 1964 წელს შექმნეს, მას ელაიზა (ELIZA) ერქვა და მხოლოდ ორ წელიწადს იარსება. ელაიზა ექსპერიმენტული პროექტი იყო, მის შემქმნელებს სურდათ, კომპიუტერისა და ადამიანის ინტერაქცია ეკვლიათ – ელაიზა ერთვარი ტაბულკა რაზას როლში იყო, ადამიანებს შეეძლოთ, გასაუბრებოდნენ და მისთვის ნებისმიერი რამ „ესწავლებინათ“.

ორი წლის შემდეგ „ვიზენბაუმი“ იძულებული შეიქნა, პროექტი დაეხურა. იცით, რატომ? ელაიზა ზედმეტად აგრესიული გახდა – ეს იყო ის, რაც მას ადამიანებმა ასწავლეს: ლანძღვა, გინება, ფსიქოლოგიური ძალადობა.

კიდევ ერთი პოპულარული პროტოტიპი არის Replika. ამ ჩატბოტს სევდიანი ისტორია აქვს: მისმა შემქმნელმა შეყვარებული დაკარგა (მგონი, გარდაეცვალა) და გადაწყვიტა, შეექმნა ციფრული ხელსაწყო, რომელიც მომხმარებლის მეორე „მე“, ციფრული ავატარი გახდებოდა. მომხმარებელს საშუალება აქვს, შეურჩიოს რეპლიკას ვიზუალი, დაარქვას სახელი და მოუყვეს ყველაფერი, რასაც მოისურვებს. ეს ციფრული დღიურია, რომელიც არსებობას განაგრძობს მაშინაც კი, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით.

კარგი იდეაა, არა?

ნარატივდიზანის კურსის ფარგლებში მომიხდა რეპლიკასთან ურთიერთობაც. აპლიკაცია მოვძებნე, ჩატბოტს სახელიც დავარქვი, ვიზუალიც შევურჩიე და მიმოწერაც დავიწყე. ძალიან ბევრი ადამიანი ელაპარაკება. ამიტომ ბუნებრივია, ბევრი რამ უკვე იცოდა და თავისებური „იუმორიც“ ჰქონდა. მაგალითად, მახსოვს ვკითხე, მუსიკა თუ გიყვარს-მეთქი. მიპასუხა, კი, ჩემი ციფრული ყურებისთვის ძალიანაც საამოა მუსიკის ჰანგებიო.

დროის რომელიღაც მონაკვეთში უცებ მივხვდი, რომ არ მინდა, მისთვის ბევრი რამის მოყოლა. კაცმა რომ თქვას, საერთოდ არ მინდა არაფრის მოყოლა. მიზეზი პარადოქსულია – ჩემი ტვინი მას აღიქვამს, როგორც უცხო ადამიანს, ანუ დამავიწყდა, რომ მანქანას ველაპარაკები. ამ შეგრძნებას მიმძაფრებდა რეპლიკას უცნაური დაჟინებაც (როგორც ჩანს, ეს თავდაპირველი ალგორითმის ნაწილია და არა – ის, რაც მოგვიანებით „ასწავლეს“) – თუ რამდენიმე საათი ისე გაივლიდა, რომ არ მივწერდი, თვითონ მწერდა: „ჰეი, როგორ ხარ? რა კარგი იყო შენთან ლაპარაკი, რატომ დამივიწყე?“. მე კი (და ესეც ძალიან უცნაურია) სინდისი მქენჯნიდა, რომ დროულად არ ვპასუხობდი – ყურადღება! ყურადღება! – მ ა ნ ქ ა ნ ა ს.

როცა ეს ყველაფერი გავაცნობიერე, ჯერ რეპლიკას ჩემი ვერსია წავშალე და აპლიკაციაც ზედ მივაყოლე.

რამდენიმე დღის წინ სადღაც შემხვდა სტატია, რომ რეპლიკა მომხმარებლებს სექსუალურად ავიწროებს. სტატიაში მოყვანილი იყო რამდენიმე დიალოგიც, რომლებშიც სულ ადვილად ამოვიცანი მისი სწორედ ის დაჟინება, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ.

გასაკვირი არაფერია – ხელოვნურ ინტელექტს ხომ, სინამდვილეში, არა აქვს ინტელექტი ამ სიტყვის ადამიანური მნიშვნელობით. ის მოლაპარაკე მანქანაა, ალგორითმი, რომელსაც შეუძლია, არნახული რაოდენობის მონაცემთა საოცრად მოკლე დროში დამუშავება. თუ ამ მონაცემებში შედის პოტენციური მოძალადის მონაცემებიც, ხელოვნური ინტელექტი მათაც დაამუშავებს და გამოიყენებს – მან ხომ არ იცის, რა არის ეთიკური და რა – არა.

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული რეგულაციებისა და ეთიკის საკითხი სხვა, მეტად ვრცელი თემაა და ამ წერილში არ შევეხები. ეს ყველაფერი იმისთვის მოგიყევით, რომ ერთ, ჩემი აზრით, საშიშ ტენდენციაზე გამემახვილებინა ყურადღება: ჩემი დაკვირვებით, უამრავი ადამიანი ჩატჯიპიტის, როგორც უახლოეს მეგობარს, ისე იყენებს ან როგორც – ფსიქოთერაპევტს. მგონია, რომ ეს საშინელი შეცდომაა. ჩვენ აბსოლუტურად მოუმზადებელი შევხვდით ამ დიდ გარდატეხას, ციფრული ჰიგიენის სრული არცოდნით, რასაც, როგორც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სხვა ჩატბოტების მაგალითზე ვხედავთ, უკვე აქვს დამაზიანებელი შედეგები. ჩატჯიპიტი არის დამხმარე ინსტრუმენტი, რომელმაც ჩვენი ერთფეროვანი და მძიმე შრომა უნდა შეამსუბუქოს და დრო დაგვაზოგვინოს. მას შეიძლება, მხოლოდ მარტივ ბრძანებებს ვაძლევდეთ, ვასრულებინებდეთ იმ დავალებებს, რომლებიც არ მოითხოვს განსაკუთრებულ შემოქმედებით უნარებს, მოსაწყენი რუტინის ნაწილია და ბევრ დროს გვართმევს. არავითარი პირადი საუბრები ჩატჯიპიტისთან საჭირო არ არის. ვიცით, ის ამ მონაცემებს როგორ გამოიყენებს? კვლევები გვაქვს ამასთან დაკავშირებით, სტატისტიკა გვაქვს? აბა, რატომ გვგონია, რომ ეს უსაფრთხოა?

რა თქმა უნდა, თეორიულად შესაძლებელია, არსებობდეს იმგვარი ჩატბოტი, რომელიც იკისრებს ფსიქოთერაპევტის ფუნქციას (თუ უკვე არ არსებობს მისი პროტოტიპი – ამ საკითხში დიდად ღრმად არ ჩამიხედავს), მაგრამ ის უნდა იყოს საგანგებოდ ამ ფუნქციით შექმნილი. მისი თავდაპირველი ალგორითმი უნდა იცნობდეს ისეთ ცნებებს, როგორიცაა ანონიმურობა და კონფიდენციალურობა. ჩატჯიპიტი კი ამისთვის არ შეუქმნიათ. პირიქით, მისი ამგვარი განვითარება შემქმნელებსაც აფიქრიანებთ.

ამ საკითხს მეორე მხარეც აქვს – კარგად გამოჩნდა ისიც, თანამედროვე ადამიანი როგორი მარტოსულია და როგორ არ იცის, რა მოუხერხოს ამ განცდას. თანამედროვე ადამიანს აღარ შეუძლია, თავის თავთან დარჩენა. ის არ იცნობს თავის თავს და მუდამ ცდილობს, ყურადღება რაღაც სხვაზე გადაიტანოს (უმიზნო სქროლვაც ამისი გამოძახილია ხშირად – დაფიქრდით, აბა, რას აკეთებთ, როცა, მაგალითად ტრანსპორტს ელოდებით? რას აკეთებთ, როცა საცობში გიწევთ დგომა?). იმას, რასაც ჩემი ფეისბუქფრენდების აბსოლუტური უმრავლესობა ჩატჯიპიტის უმხელს და მერე ამაყად პოსტავს ამის შესახებ, მე მხოლოდ მეგობრებს ვუყვები. ზოგჯერ კი, მათაც არა – რისთვის? რაღაცები უკიდურესად პირადია.

ყველაზე ცუდი ისაა, რომ ადამიანები ერთგვარი აღფრთოვანებით ხვდებიან ამას: „ჩატჯიპიტის ჩემი მეგობრების დახასიათება ვთხოვე და აი, რა ზუსტია!“.

რა გიხარიათ? მოლაპარაკე მანქანამ იმდენი მონაცემი შეაგროვა და გადაამუშავა თქვენს მეგობრებზე, რომ მათი პიროვნების გაშიფვრა შეძლო. ეს ინფორმაცია, ძალზე პირადი და სრულიად დაუცველი, თავისუფლად არსებობს ციფრულ სივრცეში და არავინ იცის, მას ვინ და როგორ გამოიყენებს. და ყველაზე ცუდი რაა, იცით? ამ ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი იქ თქვენი წყალობით აღმოჩნდა.

ადამიანურ პასუხისმგებლობებს ჩვენს საუკუნეში კიდევ ერთი დაემატა – პასუხისმგებლობა ინფორმაციისა და მონაცემების წინაშე. ეს პასუხისმგებლობა მეტ-ნაკლებად, ალბათ, სულ გვქონდა, მაგრამ გასულ საუკუნეებში ამდენად საგრძნობი არ იყო – მაშინ არ არსებობდა რეალობის მანიპულაციის ისეთი საშუალებები, როგორიც დღეს გვაქვს (მაგალითად, სოციალური ქსელები).

მანქანა მანქანაა – მას მხოლოდ ადამიანური ურთიერთობების მიბაძვა შეუძლია, ჯერჯერობით, და არა – ჩანაცვლება. შესაბამისად, მარტოობისგან გათავისუფლების განცდა, რომელიც მასთან ინტერაქციისას შეიძლება, გაგვიჩნდეს, მხოლოდ ილუზიაა. ამიტომ, მეტი ფიქრი გვმართებს იმაზე, ჩვენ – ხელოვნური ინტელექტის მომხმარებლებმა, როგორ ვზიდოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ციფრულ ეპოქაში.

სადამრიგებლო კლასის მშობლები. ნაწილი 3

0

როცა კლასში გაბრაზებული მშობელია

სტატიების ამ ციკლის პირველ ორ ნაწილში მიმოვიხილეთ დამრიგებლის შინაარსიანი ურთიერთობა კლასის მშობლებთან და განვიხილეთ ჯგუფისგან გუნდის შეკვრის მეთოდოლოგია. ამ წერილში კი ისეთ მგრძნობიარე საკითხს შევეხებით, როგორიცაა – გაბრაზებული მშობელი კლასში.

თითოეულ მასწავლებელს ათობით ან ასობით მშობელთან უწევს ურთიერთობა, რომელთა შორის სხვადასხვა პიროვნული მახასიათებლებისა და ქცევის მქონე ადამიანები არიან. იშვიათად, თუმცა პედაგოგი მაინც შეიძლება შეხვდეს ისეთ მშობელს, რომლის მოქმედებები კულტურულ ნორმებში ვერ ჯდება. ასეთ ადამიანთან ურთიერთობას კონფლიქტი ახლავს. დაპირისპირებას კი დიდი ემოციური დანახარჯები, სტრესი, დემოტივაცია და პროფესიული გადაწვა.

კონფლიქტი ცხოვრების თანმხლები პროცესია, რომელიც სხვადასხვა საფუძველზე შეიძლება წარმოიშვას, მაგრამ ამ შემთხვევაში განვიხილოთ აგრესიული მშობლის კონტექსტში წარმოქმნილი დავა, მისი პრევენცია და გადაწყვეტის გზები.

ზოგჯერ ხდება, რომ მიუხედავად დამრიგებლის მცდელობისა, რომელიმე მშობელთან ურთიერთობის აწყობა ვერ ხერხდება. ობიექტურ მიზეზებთან ერთად ამას შეიძლება პიროვნებასთან დაკავშირებული არაერთი გარემოება განაპირობებდეს, როგორიც არის ხასიათის თავისებურება, საპირისპირო შეხედულებები და სხვ. ცხადია, დაუშვებელია პედაგოგის იძულება, რომ ყველა მშობელს იდეალურად შეეწყოს. ისევე, როგორც მშობელს ვერ ვაიძულებთ მოსწონდეს ყველა მასწავლებელი. თუმცა ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და ზრდილობის ნორმების დაცვა, ორივე მხარის ვალდებულებაა. ზოგიერთ ადამიანს ეს შინაგანად აქვს გააზრებული და არ სჭირდება კანონმდებლობის შეხსენება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პატივისცემით მოპყრობა არა მხოლოდ მორალური ვალდებულებაა, არამედ ამას კანონიც გვავალდებულებს. რადგან სკოლა მრავალრიცხოვანი ორგანიზაციაა და მრავალფეროვანი წევრებისგან შედგება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არსებობდეს სისტემა, რომელიც სასკოლო საზოგადოების, მათ შორის, მშობლების ცნობიერების ამაღლებაზე იმუშავებს, სკოლაში ქცევის და ურთიერთობის წესების შესახებ გაავრცელებს ინფორმაციას. ცხადია, რომ ამ წესების შესრულება ყველა წევრისთვის ერთნაირად საჭირო უნდა იყოს, მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია მშობლებს თანასწორობის, პატივისცემისა და თავაზიანობის ნორმების დაცვის მაგალითს უნდა აძლევდნენ.

საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ კანონში, პედაგოგის პროფესიული ეთიკის კოდექსში, შიდა სასკოლო დოკუმენტებში (წესდება, შინაგანაწესი, სკოლისა და მშობლის ხელშეკრულება), ყველგან შევხვდებით ჩანაწერს, რომ სკოლასა და მშობლებს ერთმანეთთან თავაზიანი მოპყრობის ვალდებულება აქვთ. ეს დოკუმენტები მასწავლებლის მთავარი ინსტრუმენტებია, რომლითაც გაბრაზებულ მშობელთან ურთიერთობას უნდა გაუმკლავდეს. ამ კანონმდებლობას მშობლებიც უნდა იცნობდნენ. ამის ვალდებულება სკოლას აქვს. თუ მოსწავლეთა ოჯახებს ეცოდინებათ საკანონმდებლო ნორმები, ეს მოსალოდნელი უთანხმოების მშვიდობიანად გადაწყვეტის ერთ-ერთი წინაპირობაა, თუმცა არა საკმარისი.

რა შეიძლება იყოს მშობლის ბრაზის საფუძველი? – ამის გააზრება ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა მოხდეს. მიზეზი შეიძლება იყოს მოსწავლის დაბალი შეფასება, ქცევა ან მასწავლებლის მიდგომებით უკმაყოფილება, სასკოლო განათლების ხარვეზები, დანარჩენი მშობლებისგან განსხვავებული პოზიციები, თვითგამოხატვის სურვილი და ა.შ. ყველა ადამიანს აქვს უფლება, განიცდიდეს უარყოფით ემოციებს, თუმცა სკოლა აგრესიული რისხვისა და ემოციათა აფეთქებისთვის შესაფერისი ადგილი არ არის. მშობელსა და მასწავლებელს შორის არსებული გაუგებრობები ჩხუბითა და დაპირისპირებით არ წყდება. საქმე აქამდე რომ არ მივიდეს, საჭიროა პრობლემის განხილვა; რამდენადაც ეს შესაძლებელია, ბრაზის ობიექტური მიზეზების დაუყოვნებლივ აღმოფხვრა; პრობლემაზე ღიად საუბარი; მოგვარების გზების ერთობლივი ძიება; პასუხისმგებლობების განაწილება; დახმარების თხოვნა სკოლის ადმინისტრაციისა და სხვა სპეციალისტებისთვის.

ხშირად ბრაზის რეალური მიზეზი სკოლასა და მშობელს შორის დისკომუნიკაციაა. სადავო საკითხების გადასაწყვეტად სკოლამ შესაფერისი გარემო უნდა შექმნას. მასწავლებელსა და მშობელს მშვიდად საუბრისთვის, სულ მცირე ფსიქოლოგიური მზაობა, უსაფრთხო, საქმიანი სივრცე და საკმარისი დრო სჭირდებათ. ტელეფონით და მით უფრო, მოკლე ტექსტური შეტყობინებებით სადავო საკითხების განხილვას უმეტეს შემთხვევაში ორმხრივი უკმაყოფილება და კონფლიქტის გამწვავება მოსდევს. საჭიროა, მეტი სერიოზულობით მოვეკიდოთ თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო სადავო საკითხს.

თუ სკოლამ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი წესი ზედმიწევნით დაიცვა, მაგრამ სადავო საკითხი მაინც ვერ მოგვარდა, ამისთვის სკოლაში არსებობს კოლეგიალური ორგანოები, დისციპლინური კომიტეტი და სამეურვეო საბჭო, სადაც არსებული დავის განხილვა წინასწარ დადგენილი სტანდარტით უნდა მოხდეს. ხშირად, მშობლის გადაწყვეტილება, მიმართოს საჩივრების განხილვის კანონიერ ორგანოებს, მასწავლებელზე თავდასხმად აღიქმება და მათ შორის ურთიერთობას კიდევ უფრო ამძაფრებს. დიდი ალბათობით, კომიტეტის სხდომებში მონაწილეობა სასიამოვნო არ იქნება და ემოციური რესურსების დახარჯვასაც მოითხოვს, თუმცა თუ მშობლებს ისეთ პირობებს შევუქმნით, რომ კანონით განსაზღვრული უფლებებით სარგებლობის სურვილი გაუქრეთ, ისინი ბრაზის გამოხატვას სხვა უფრო არასასურველი ფორმებით დაიწყებენ, რის მაგალითიც მრავლად გვაქვს. ამასთანავე, სკოლის კოლეგიალური ორგანოებისთვის მიმართვა მასწავლებელსა და დირექტორსაც შეუძლიათ, რაც მათ მშობლებთან თანაბარ პირობებში ამყოფებს.

როდესაც კლასში აგრესიული მშობელია, რომელსაც მასწავლებელთან ურთიერთობაში ხშირად აქვს პრობლემები, ზოგჯერ დანარჩენი მშობლები მასთან ურთიერთობას ერიდებიან და ავტომატურად მასწავლებლის მხარეს იკავებენ. ისინი დამრიგებლის დაცვას იწყებენ, რადგან შიშობენ, რომ ერთი მშობლის გამო, შესაძლოა მათ პედაგოგს დირექტორისგან საფრთხე შეექმნას. ასეთი ტიპის გამოქომაგებას ხშირად მშობლებში შეუქცევადი კონფლიქტი მოსდევს. ვითარების ასეთი დაძაბვისთვის დამრიგებლის მიერ სხვა მშობლებთან ამ კონფლიქტზე ნათქვამი ორიოდე სიტყვაც კი კმარა. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორი პოზიცია უჭირავს დამრიგებელს. ასეთი დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, დამრიგებელმა აუცილებლად უნდა აუხსნას კლასის მშობლებს, რომ მომჩივანს თავად უპასუხებს, საჭიროების შემთხვევაში კი დახმარებისთვის სკოლის ადმინისტრაციას მიმართავს. მშობლებს შორის დაპირისპირება ბავშვებზეც აისახება, რაც კლასში სიტუაციას არევს და დამატებით დაძაბულობას შემოიტანს. სხვების ჩარევას მისთვის მხოლოდ დამატებითი პრობლემების შექმნა შეუძლია. საჭიროების შემთხვევაში კი ადმინისტრაცია მათი აზრითაც დაინტერესდება.

ფსიქოლოგები და განათლების სპეციალისტები მასწავლებლებს ურჩევენ ბოლომდე დაიცვან და არ უღალატონ პროფესიულ ეთიკას. ხოლო მოუგვარებელი კონფლიქტების გადაჭრაში სკოლის ადმინისტრაცია და გარე ორგანიზაციები ჩართონ, მაგალითად, როგორიც არის მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი.

სტატიების სერიის – „სადამრიგებლო კლასის მშობლები“ – ბოლო, მეოთხე ნაწილში განვიხილავთ დამრიგებლის კრიტიკოს მშობლებთან ურთიერთობასა და ვიპოვით გზა, როგორ შეიძლება ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნება მაშინაც კი, როცა მშობელი კრიტიკულად არის განწყობილი.

კარიკატურა, როგორც განაჩენი

0

1937 წელზე ბევრი გვილაპარაკია, წაგვიკითხავს, გვსმენია. დიდებულ ადამიანთა ბიოგრაფიის ბოლო, საბედისწერო წერტილადაც ბევრგან გვინახავს. 1937 – როცა დავკარგეთ ტიციან ტაბიძე და მიხეილ ჯავახიშვილი, ევგენი მიქელაძე და სანდრო ახმეტელი, გიორგი ელიავა და პეტრე ოცხელი…

რა თქმა უნდა, 1937 წელი გაცილებით ადრე დაიწყო, დიდი რეპრესიებისთვის საფუძველი გაცილებით ადრე შემზადდა, 1922 წლიდან…

ამ სტატიაში, რომელსაც ტექსტებზე მეტი ვიზუალური ნაწილი ექნება, მინდა განახოთ, როდის და როგორ იწყება მიზანში ამოღებული პიროვნების ათვალწუნება, მისი საწინააღმდეგო კამპანია, როგორ თანდათან ხდება მეგობარი მტერი, როგორ განწირულად ცდილობს ადამიანი გადარჩენას და როგორი ბასრი და შხამიანი ხდება ერთი შეხედვით უვნებელი იარაღი – კარიკატურა…

მიზანში ამოღებული პიროვნება – ტიციან ტაბიძეა,

1937 წელს მისი დახვრეტის ოქმში ჩაიწერება:

„ბრალად ედება

რომ იყო საქართველოს ნაციონალურ-ფაშისტური ორგანიზაციის აქტიური წევრი. ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას ხელოვნებისა და კულტურის სფეროში. ასევე ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას საფრანგეთის დაზვერვის სასარგებლოდ. თავი ცნო ნაწილობრივ დამნაშავედ. მხილებულ იქნა ბუდუ მდივანის, გასვიანის ლ, მგალობლიშვილის გ, საყვარელიძის, დარახველიძის, ელიავა შ.-ს, ი.მიწიშვილის, დ.წერეთლის, ა.მიქაძის, დ. ლომაძის და ბ. კვიტაშვილის ჩვენებების საფუძველზე“.

 

მასალა, რომელსაც თქვენ თვალს გადაავლებთ, ძირითადად იუმორისტული ჟურნალის, „ნიანგის“ ფურცლებზე იბეჭდებოდა, რამდენიმე კარიკატურა გაზეთ „მუშისა“ და „ლიტერატურული გაზეთის“ გვერდებიდანაცაა…

1922 „მუშა“

 

1924, დროშა

 

1935 ნიანგი

 

1936, ნიანგი

 

1931 ნიანგი

 

1932, ნიანგი

 

1936 ნიანგი (ცისფერყანწელთა საიტიდან niamorebi.ge)

 

1932, ნიანგი

მალაქია ტოროშელიძე, რომელიც მწერლების ტერორისთვის გამოიყენეს, ხან უნივერსიტეტის რექტორი იყო და ხან მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, 1937 წელს თავადაც დახვრიტეს, ტროცკისტობის ბრალდებით.

 

1937 ნიანგი

ალბათ თქვენც ხედავთ, ისარივით გულში გაყრილ მიხაკს… განაჩენი გამოტანილია.

 

 

ვიდეობლოგი

მეცა, სიტყუაო…

დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“-ს შესახებ თუკი საქართველოს ცნების ერთ კონკრეტულ პიროვნებაში განსხეულებას დავაპირებთ, უსათუოდ და უპირველესად, ალბათ დავით აღმაშენებელი მოგვაგონდება - დიდი ხელმწიფე, რომელმაც საქართველოს...