შაბათი, მაისი 30, 2026
30 მაისი, შაბათი, 2026

არ დაწვა ფოთოლი

0

ბავშვობიდან ბევრი ტკბილი მოგონება მომყვება. ერთადერთი, რაც დღემდე ცუდად მახსენდება, შემოდგომის საღამოებია. მეზობლის ეზოდან ამოსული კვამლი, რომელიც სუდარასავით ეფარებოდა ატმოსფეროს ქვედა ფენას და დაუკითხავად იჭრებოდა ჩვენს სასუნთქ ორგანოებში. ის უსიამოვნო სუნი დღემდე მახსოვს…

 

***

შემოდგომა წელიწადის ულამაზესი დროა. ფოთოლცვენა, ფერები… ბუნებრივი იქნება, მოსწავლეებს ვკითხოთ, სად მიაქვთ ეზოებში, ქუჩებში, ბაღებში მოგროვილი ფოთლები, მუშავდება თუ არა ორგანული ნარჩენები?

მათი ნაწილი ბუნებრივი ლპობის სახით უკან, ბუნებაშივე ბრუნდება, ნაწილი, სხვა ნარჩენებთან ერთად, ნაგავსაყრელებზე ხვდება. გავრცელებულია კიდევ ერთი, გაცილებით საზიანო პრაქტიკა – ფოთლების დაწვა. ფოთლების წვის შედეგად ჰაერში მავნე ნივთიერებები გამოიყოფა, რომლებიც საშიშია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. იმავდროულად, იზრდება ხანძრის გავრცელების საშიშროება. ფოთლების დაწვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება და ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. ნარჩენების კოდექსის მიხედვით, ქუჩაში, ეზოსა თუ ბაღში ფოთლების დაწვის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უფლებამოსილია, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი და კანონდამრღვევს დააკისროს 500 ლარის ოდენობის ჯარიმა.

დამეთანხმებით, რომ სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს. მთავარია მოტივაცია, ხელშეწყობა და დრო. ამაზე ბევრს ვსაუბრობთ მასწავლებლები. მოდი, ერთად ვიკითხოთ: მაინც რისი გაკეთებაა შესაძლებელი სკოლის პირობებში?

ხშირად სკოლაში არსებულ თუნდაც მწირ რესურსს ეფექტურად ვერ ვიყენებთ. შეგიძლიათ, საკლუბო თუ საგაკვეთილო ფორმატში მოიწვიოთ ბიოლოგიის მასწავლებელი, რომელიც ისაუბრებს ფოთლების დაწვის შედეგად გამოყოფილი კვამლის მავნებლობაზე. შემდეგ უკვე მოქალაქეობის მასწავლებელი ან სამოქალაქო კლუბის მეურვე გაშლის ნარჩენების კოდექსით გათვალისწინებული სანქციების თემას. სასურველია, ასეთ გაკვეთილს მოჰყვეს რაიმე შეთანხმება – მაგალითად, კომპოსტის წარმოების დაწყება.

 

ჩვენი გამოცდილება

ყველა სკოლას აქვს ჩამოწერილი ან დაზიანებული მერხები. მათი გამოყენებით შესაძლებელია კომპოსტის მარტივი ყუთის დამზადება. ამის უამრავი თვითმასწავლებელი არსებობს ინტერნეტში.

ქალაქ მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში 2021 წლიდან მოქმედებს კომპოსტის ყუთი. შარშან მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე მოგროვებული ფოთლების კომპოსტირება შევძელით. ჩვენ მიერ წარმოებული ნიადაგი უკვე გამოვცადეთ. ყოველგვარი დანამატების გარეშე, განათლების ბაღში, სადაც ნაყოფიერი ნიადაგი არ არის და მხოლოდ ბეტონია, ვეებერთელა მცენარეები გავახარეთ.

 

კომპოსტის ყუთი სკოლაში ჩამოწერილი ნივთებისგან, გატეხილი მერხებისგან დავამზადეთ. 2022-2023 სასწავლო წლის დაწყების შემდეგ კიდევ ერთი ყუთი შევმატეთ ბაღს.

სამოქალაქო კლუბში ვმსჯელობდით მისი ავსების შესაძლო ვარიანტებზე. ერთ-ერთ მოსწავლეს მოუვიდა იდეა, დაგვეწყო ფართომასშტაბიანი კამპანია „არ დაწვა ფოთოლი – მოიტანე სკოლაში“. სამოქალაქო კლუბთან ერთად პროექტში აქტიურად ჩაერთო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა. მან კლასებში გაავრცელა ინფორმაცია, სამოქალაქო კლუბმა კი დაწყებითი საფეხურის კლასის დამრიგებლებთან ითანამშრომლა.

ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყო ფოთლების შემოდინება. იმავდროულად, დაწყებითი საფეხურის ოთხ კლასში განვათავსეთ დამატებითი ნაგვის ურნები ორგანული ნარჩენებისთვის. ყოველი დღის ბოლოს ერთი მოსწავლე და ერთი სამოქალაქო კლუბის წევრი აგროვებდნენ ორგანულ ნარჩენებს და კომპოსტის ყუთში ყრიდნენ.

ფოთლების და სხვა ორგანული ნარჩენების კომპოსტირება შეგიძლიათ დაუკავშიროთ მდგრადი განვითარების მე-11 და მე-13 მიზნებს. მსგავსი მიდგომით ვასწავლით, რომ ლოკალურ ნაბიჯებს (ქმედებებს) გლობალური შედეგი მოჰყვება. სწორედ ამას გულისხმობს მდგრადი განვითარების მიზნების პრაქტიკაში განხორციელება. ასეთი მიდგომა განსაკუთრებით ეფექტურია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან. ისინი თავიდან ბოლომდე არიან ჩართულნი პროცესში. უყურებენ სრულ სურათს, ფოთლებისა თუ სხვა ორგანული ნარჩენების მობილიზებით დაწყებული, კომპოსტის ყუთებში მათი განთავსებით გაგრძელებული. შემდეგ შეგიძლიათ, სხვადასხვა ინტერვალით მიიწვიოთ მასწავლებელთან ერთად და აჩვენოთ, როგორ იქცევა ნელ-ნელა ორგანული ნარჩენები ნაყოფიერ ნიადაგად.

დამეთანხმებით, ეს შთაბეჭდილება სიცოცხლის ბოლომდე ემახსოვრებათ.

ამგვარად შევძლებთ, ავამაღლოთ მოსწავლეთა ცნობიერება ამ კუთხით, ვასწავლოთ, როგორ გაუფრთხილდნენ ატმოსფეროს, გარემოს დაბინძურების ნაცვლად როგორ გაამდიდრონ ნიადაგი სასარგებლო ნივთიერებებით და გაახარონ მცენარეები.

გამოყენებული მასალა:

https://sustainability.ge/burning-leaves/ – ფოთლების დაწვის მავნებელი პრაქტიკა

https://www.sustainability.ge/sdgs/ – მდგრადი განვითარების მიზნები

გავლენის აპოლოგია – ვაჟა-ფშაველა, ანდრე ჟიდი და უმბერტო ეკო

0

ვაჟა-ფშაველა, ანდრე ჟიდი და და უმბერტო ეკო მსოფლიო ლიტერატურის გამორჩეული ფიგურები არიან. საერთო კონტექსტში ისინი ერთი მნიშვნელოვანი და ყოველთვის აქტუალური თემის გამო მოვაქციეთ – ეს არის გავლენა. სამივეს საგულისხმო წერილი აქვს დაწერილი ამ პრობლემაზე. ესენია: ვაჟა-ფშაველას „Pro domo sua“, ანდრე ჟიდის „ლიტერატურული გავლენის გამო“ და უმბერტო ეკოს „გავლენის რაობაზე: ეკო და ბორხესი“.

ვაჟა-ფშაველას სიცოცხლეშივე ხშირად საუბრობდნენ და წერდნენ კიდეც იმის შესახებ, ვისი გავლენა ეტყობოდა მის შემოქმედებას, ასახელებდნენ უმთავრესად რაფიელ ერისთავს და ხალხურ პოეზიას. ვაჟამ გადაწყვიტა, ნათელი მოეფინა ამ საკითხისთვის და საგანგებოდ დაწერა „Pro domo sua“ (ლათინური გამოთქმაა და ნიშნავს: ჩემ შესახებ, ჩემი ინტერესებისთვის), რომელშიც რამდენიმე საგულისხმო საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.

ვაჟას საკუთარ პიროვნებაზე საუბარი საჩოთიროდ მიაჩნია, მაგრამ სხვა გზა არ აქვს. მას უნდა, რომ მომავალში „ლიტერატურის ისტორიკოსი“ შეცდომისგან დააზღვიოს, ამიტომ საჭიროდ მიიჩნევს, გამოეხმაუროს გრიგოლ ყიფშიძეს და დააზუსტოს მისი შეხედულებანი (ყიფშიძემ „მოამბესა“ და „ნოვოე ობოზრენიეში“ დაბეჭდა წერილები):

  1. ვაჟას სალიტერატურო ასპარეზზე გამოსვლა;
  2. რაფიელ ერისთავის პოეზიის გავლენა ლუკა და ბაჩანა რაზიკაშვილებზე.

ვაჟამ გრიგოლ ყიფშიძის მოსაზრება სალიტერატურო ასპარეზზე მის გამოსვლასთან დაკავშირებით ჩაასწორა და ზუსტად მიუთითა იმ ჟურნალ-გაზეთების ნომრები, რომლებშიც მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა.

უფრო მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, გავლენის საკითხი იყო. ვაჟა, პირველ რიგში, არ ეთანხმება საყოველთაოდ გავრცელებულ თვალსაზრისს, რომ მწერალზე სხვისი გავლენა სათაკილო და დამამცირებელია. თავად მას ეს „წესიერ, საღ, ნორმალურ და აუცილებელ მოვლენად“ მიაჩნია. იგი ახსენებს „თანდათანობის კანონს“, რომელიც მწერლობაში მოქმედებს და მწერლის განვითარებას განსაზღვრავს. იგი, როგორც სჩვევია, იმოწმებს ავტორიტეტებს და მაგალითებით ამდიდრებს წერილს, რათა თვალსაჩინო გახადოს საკუთარი შეხედულება. ის მაგალითად მოიხმობს სამოციანელთა შორის პოპულარული რუსი კრიტიკოსის, ბელინსკის, თვალსაზრისს: „დერჟავინი რომ არ ყოფილიყო, პუშკინიც არ იქნებოდაო“. ვაჟას აზრით, გენიოსი პოეტები შემოქმედების დასაწყისში ხშირად უნიჭო პოეტებს ბაძავდნენ, მაგრამ ეს მათ არ აკნინებდა და არც ვნებდა. პირიქით, „ზემოქმედება მწერალზე აუცილებლად საჭიროა, უამისოდ მწერალი ცარიელი, უშინაარსო არსება იქნებოდა, თუ, ამასთანავე, იგი ცოცხლად გამომსახავი არ იყოს შთაბეჭდილებათა. რამ უნდა ააჟღეროს მისი ჩანგი, თუ ან ამბავი არ გაიგონა, ან ლექსი, ან საქმე, გარემოება ცხოველებისა არა ნახა ამაღელვებელი, ან ბუნების მოვლენათ მიუყრუა ყური? აი, ეს გარეგანი ფაქტორებია, ხოლო შინაგანი გული გახლავთ, რომელიც ამათ ითავისებს, ყალიბში ასხამს“. მსჯელობას კი ასეთი მოსწრებული და ღრმააზროვანი მეტაფორით აჯამებს: „ზღვაში ბევრი წყალი ერევა, მაგრამ ზღვას მაინც ზღვა ჰქვია და ზღვაც იმიტომ არის, რომ ყველა იმ მდინარეთ იტევს, ისისხლხორცებს და საკუთარს დიდებულს სახელს არა კარგავს“.

ვაჟა ზოგადად საუბრობს იმაზე, რომ ხელოვნების ნიმუშებს ხშირად მოუგვრია მისთვის აღტაცება. განსაკუთრებით გამოყოფს რაფიელ ერისთავის შემოქმედებას: „თ. რაფიელის ლექსებმა, როგორც საერო კილოთი ნაწერმა და ისიც ჩვენებურ მთის კილოთი, სხვანაირად ააჩქროლა ჩემი გული, სხვანაირად შეძრა იგი. ამასთანავე, ნუ დავივიწყებთ იმასაც, რომ თუმც მაშინ შეგირდი გახლდით, მაგრამ ხალხური, ფშაური, ხევსურული ლექსები ბევრი ვიცოდი; ეს კილო მიყვარდა, ჩემს გულში განსაკუთრებული კუთხე ეჭირა“.

ვაჟა ფოლკლორს მოიხსენიებს როგორც „საერო კილოს“, რომელიც იზიდავდა, მაგრამ ამ კილოზე წერას ვერ ბედავდა: „ჯერ დღესაც სჭირს ამ ფშაურს კილოზე ნაწერის ლექსების საზოგადოებისაგან ყურის დაგდება და მაშინ ხომ უფრო საძნელო იქნებოდა“. რაფიელ ერისთავი პირველი იყო, ვინც თამამად გამოიყენა ეს კილო, „ჟურნალმა „ივერიამ“ გზა დაუთმო, მეც გაბედულება მომემატა“.

აქ ერთი მნიშვნელოვანი ამბავიც არის, რომელიც ვაჟას პირველი ნაწერების გამოქვეყნებას შეეხება. დღეს შესაძლოა დაუჯერებელიც კი მოგვეჩვენოს – როგორ შეიძლება, ლიტერატორს ვერ შეემჩნია ვაჟას ნიჭი. სწორედ ეს სიბრმავე და სიყრუე დაემართა „ნობათის“ რედაქტორს ანდ. ღულაძეს, რომელსაც ვაჟამ 1883 წელს ამავე წელს დაწერილი „შვლის ნუკრის ნაამბობი“ და „მოხუცის ნათქვამი“ მიუტანა დასაბეჭდად. რედაქტორმა „შვლის ნუკრის ნაამბობს“, ისიც მხოლოდ ნახევარს, მესამე წელს აღირსა დაბეჭდვა, „მოხუცის ნათქვამი” კი საერთოდ არ დაუბეჭდავს: „ეს პოემა სამი თუ ოთხი წელი უქმად იდვა „ნობათის“ რედაქციაში და მე სოფლიდამ გულის ფანცქალით თვალყურს ვადევნებდი, როდის ვნახავდი იმას დაბეჭდილს“. ვაჟამ პოემა სწორედ იმ ხანებში გაზეთად გადაკეთებულ „ივერიაში“ მიიტანა. ილიამ „ნობათის“ რედაქტორის დაწუნებული პოემა არათუ აღტაცებით მიიღო და დაბეჭდა, არამედ დაეხმარა და გზა გაუკვალა ახალგაზრდა ნიჭიერ შემოქმედს.

ვაჟა მკითხველს უმხელს, რამ შთააგონა ეს პოემა: „უნდა გატეხილი მოგახსენოთ, რომ თუმც არავითარი მსგავსება არ არსებობს, და იქნება ვერცა ვის შეენიშნოს, „მოხუცის ნათქვამსა“ და თ. ილია ჭავჭავაძის „დიმიტრი თავდადებულს“ შორის, მაგრამ ამ პოემის წერის დროს „დიმიტრი თავდადებულს“ ჰქონდა ჩემზე გავლენა, ვიდრე სხვა რომელიმე მშობელ ლიტერატურის ნაწარმოებს, უფრო კი მის ფორმას“.

ვაჟას ასეთი გავლენები „წერის საიდუმლოებად“ მიაჩნია. მას მოჰყავს ლევ ტოლსტოის ჩანაწერი: „მთელ ჩემს სიცოცხლეში მხოლოდ ორს რუსის მოაზრე კაცს ჰქონდა დიდი ზნეობრივი გავლენა, გამიფართოვეს აზრი და ნათლად დამიხატეს ჩემი შეხედულება ქვეყანაზე. ეს კაცები არ იყვნენ არც რუსის პოეტები, არც სწავლულები, მქადაგებელნი; ეს კაცები იყვნენ და დღესაც ცოცხალნი არიან, მიწის მუშა გლეხკაცნი: სიუტაევი და ბონდარევი, რომლებიც მთელ სიცოცხლეს მიწის მუშაობას ალევენ“. ამის კომენტირებისას ვაჟა ირონიულად აღნიშნავს: „ვინ იქნება ისეთი თავხედი და გაუგებარი, რომ აქაო და სიუტაევს და ბონდარევს ჰქონდათ გავლენა ტოლსტოიზე, ამიტომ ყველა ტოლსტოის ნაწერები მისი კი არა, გლეხთა, სიუტაევისა და ბონდარევის, გონების ნაწარმოებიაო“. მკითხველი უფრო მეტად რომ დააჯეროს თავის თვალსაზრისში, ვაჟა კიდევ არაერთ მაგალითს იმოწმებს. მაგალითად: „პუშკინი ეუბნება ერთს გამოჩენილს საერო ნაწარმოებთა მკრებელს, როცა იგი მოვიდა მასთან: იცით, მე თქვენს ლექსებს ვიპარავო. ჩვენებმა რომ ეს გაიგონონ, დაიძახებენ: „ბიჭოს! პუშკინი ქურდი ყოფილა, ხალხისათვის უპარნია ლექსებიო!“ დიაღ, პუშკინის შემოქმედებაზე საერო ნაწარმოებთა, ვინც კი იცნობს რუსეთის საერო ლიტერატურას, დამეთანხმება, რომ დიდი ზემოქმედება ჰქონდა. იმან შეისისხლხორცა ერის სულიერი სალარო და ამაშია კიდეც მისი დიდებულება, ამას ნაკლად კი არა, უდიდეს ღირსებად უთვლიან ჭკუათმყოფელნი“.

ვაჟა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მასზე დიდი გავლენა აქვს ხალხურ თქმულებებს: „უმეტესი ჩემი პოემებისა ხალხში გაგონილ ორ-სამ სიტყვაზეა აშენებული. იქნება ეს ჭირიც იყოს? რა ვქნათ, ასე კია და… ნათქვამია: კაცმა ჭირი მალა, ჭირმა თავი არ დამალაო“.

ვაჟა-ფშაველა კიდევ ორ პოეტს ასახელებს, შოთა რუსთაველსა და დავით გურამიშვილს, რომელთა კეთილისმყოფელ გავლენაზეც საუბრობს წერილში „ენა“. ამ თემის გაგრძელებას ვხვდებით წერილში „კრიტიკა ბ. იპ. ვართაგავასი“, რომელშიც მწერალი კონკრეტულად ასახელებს იმ ხალხურ გადმოცემებს, რომლებიც საფუძვლად დაედო მის პოემებს: „ალუდა ქეთელაური“, „სტუმარ-მასპინძელი“, „ბახტრიონი“, „გოგოთურ და აფშინა“, „გველისმჭამელი“. ამავე წერილში ვაჟა ახსენებს გოეთესა და შექსპირს, რომლებმაც გამოიყენეს მანამდე დაწერილი ნაწარმოებები, თქმულებები და გადმოცემები.

 

1900 წლის 30 მარტს ანდრე ჟიდმა ბრიუსელის „ლიბრ ესთეტიკაში“  წაიკითხა მოხსენება სახელწოდებით „ლიტერატურული გავლენის გამო“. მწერალმა გამოსვლა იმით დაიწყო, რომ მსმენელებს უთხრა, გავლენის აპოლოგიას ვაპირებო. გაიხსენა გოეთეს ნათქვამიც: „ხარბად ვშთანთქავდი ყველაფერს, რასაც ჰერდერი მასწავლიდაო“.

როგორც ჩანს, მეოცე საუკუნის დასაწყისში საფრანგეთში მწერალთა ნაწილს გავლენა ინდივიდუალურობის შელახვად მიაჩნდა. ანდრე ჟიდი ვრცლად მსჯელობს ინდივიდუალურობის განმსაზღვრელ ნიშნებზე და სასაცილოდ მიაჩნია გავლენის აღიარების შიში. იგი ყურადღებას ამახვილებს ყოველგვარ გავლენაზე, მაგალითად, იმაზე, როგორ განაპირობებს გეოგრაფიული გარემო ხალხის ზნე-ჩვეულებებს. იხსენებს გოეთეს, რომელსაც რომში ჩასვლისას უთქვამს: „როგორც იქნა, მეღირსა დაბადება. იტალიაში რომ შევდგი ფეხი, ჩემს სიცოცხლეში პირველად შევიცანი საკუთარი თავი და არსებობაო“. ანდრე ჟიდი წერს: „დელაკრუა იმისთვის კი არ მიდიოდა მაროკოში, რომ აღმოსავლეთმცოდნე გამხდარიყო, არამედ იმისთვის, რომ იცოდა, უფრო ცოცხალ, ნატიფ და დახვეწილ ჰარმონიებთან სჭირდებოდა ზიარება, რათა სრულყოფილად შეეცნო საკუთარ თავში ფერმწერი“. ჟიდი ლესინგის ცნობილ ფრაზასაც მოიხმობს, რომელიც გოეთემ რომან „შერჩევით ნათესაობაში“ ჩართო: „პალმების ჩრდილში ამაოდ არავის უსეირნია“, „ჩრდილიდან გამოსული ისეთი აღარა ხარ, როგორიც მანამდე იყავი“. იგი ხუმრობით იხსენებს იმ რამდენიმე ახალგაზრდას, რომლებიც ამბობდნენ, არ წავიკითხავთ იბსენს, გოეთეს და სხვა კლასიკოსებს, რათა ჩვენზე გავლენა არ მოახდინონო. ადამიანი, რომელიც გავლენას უფრთხის, ანდრე ჟიდისთვის სულიერად ღატაკია. მისი თქმით, ტალანტებს არ ეშინიათ გავლენისა. იგი იხსენებს მონტენს, რომელიც ხშირად მიმართავდა ანტიკურ მწერლებს და საკუთარ თავს ფუტკარს ადარებდა, რომელიც ყვავილიდან ყვავილზე გადაინაცვლებს, მისი ნადავლისგან გაკეთებული თაფლი კი ეს აღარც ქონდარია და აღარც მაიორანი – „მთლიანად საკუთარი ქმნილებაა“ (ეს წერილი ფრანგულიდან თარგმნეს სოფიკო ბენდიაშვილმა და ნინო ქაჯაიამ).

 

უმბერტო ეკოს წერილში (რომელიც მან მოხსენებად წაიკითხა ერთ-ერთ კონფერენციაზე) „გავლენის რაობაზე: ეკო და ბორხესი“ საკითხი უფრო სისტემატიზებულია. ეკო გავლენას საკმაოდ მნიშვნელოვან ცნებად მიიჩნევს კრიტიკის, ლიტერატურის ისტორიისა და ნარატოლოგიისთვის, თუმცა, ამასთანავე, საკმაოდ „საშიშ კონცეპტადაც“ მიაჩნია. ის ფიქრობს, რომ „შესაძლებელია გავლენების ფსიქოანალიზის შემუშავებაც“. „მაგალითად, – წერს ის, – ჩემს შემოქმედებაში შემჩნეულია ისეთი გავლენები, რომელთა შესახებაც მშვენივრად ვიცოდი, ისეთებიც, რომლებსაც გავლენა ვერ ეწოდება, რადგან მათი წყარო ჩემთვის ცნობილი არ იყო და ისეთებიც, რომელთა არსებობამ გამაკვირვა“. მისი აზრით, მწერლის წარმოსახვაში ბევრი რამ ილექება, შეიძლება, ბავშვობაში წაკითხულმა შემდეგ რომელიმე ნაწერში გაუცნობიერებლად ამოყვინთოს. ეკოს აზრით, „წიგნებს ერთმანეთთან საუბრის უნარი აქვთ“. ის ქმნის ზოგად სქემას იმისთვის, რომ მკითხველმა კარგად წარმოიდგინოს, რა ვარიანტები იგულისხმება, როდესაც „ორ ავტორს – A-სა და B-ს შორის გავლენაზე ვსაუბრობთ“:

  1. „A და B ერთ პერიოდში წერდნენ. შეგვიძლია, მაგალითად, ვიდავოთ, იყო თუ არა ურთიერთგავლენა პრუსტსა და ჯოისს შორის. რეალურად, არ იყო. მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ და ერთმანეთზე მეტ-ნაკლებად ამგვარი მოსაზრებისა იყვნენ: ,,არ მომწონს იგი, მის შემოქმედებასაც ძალიან ცუდად ვიცნობ“.
  2. „A ქრონოლოგიურად წინ უსწრებს B-ს, შესაბამისად, საუბარია მხოლოდ A-ს გავლენაზე B-ზე“.

უმბერტო ეკოს მსჯელობაში შემოაქვს X-იც, რომელსაც „ენციკლოპედიის სამყაროს“ უწოდებს. ეკოს ეს X აუცილებლად მიაჩნია ბორხესის შემთხვევაში, რომელიც, „ჯოისის მსგავსად, (თუმც კი განსხვავებული ხერხით) უნივერსალურ კულტურას თამაშის ინსტრუმენტად გამოიყენებდა“. ეკო საინტერესოდ, ღრმააზროვნად განიხილავს, როგორ წარმოჩნდა ბორხესის გავლენა მის შემოქმედებაში. ის იხსენებს, როგორ იპოვა უჯრაში 1942 წელს დაწერილი თავისი მოთხრობა „კალენდარი“, რომელიც საკმაოდ ბორხესისეულია, თუმცა აშკარაა, რომ 10 წლის ასაკში მას ბორხესი წაკითხული ვერ ექნებოდა (მით უმეტეს, უცხო ენაზე). იგი ფიქრობს, რომ „ადრინდელი წაკითხული უცნაურ ქიმიურ რეაქციებს იწვევს წარმოსახვაში“. ეკოს მიაჩნია, რომ რადგან თემები სინამდვილიდან მოდის, ისინი შეიძლება სხვადასხვა მწერალთან „გამეორდეს“. მან 16 წლის ასაკში (დაახლოებით, 1948 წელს) დაწერა „კოსმოკომიქსის“ მსგავსი მოთხრობა პლანეტებზე: მთავარი მოქმედი გმირები არიან დედამიწა, მთვარე, ვენერა, რომელსაც მზე უყვარდება და ა.შ. მერე კი კალვინომაც დაწერა მსგავსი რამ. ამაზე ასე ხუმრობს ეკო: „როგორ მოახერხა კალვინომ წლების შემდეგ ჩემი სახლის დაყაჩაღება და ამ მოთხრობის ერთადერთი ეგზემპლარის აღმოჩენა“. იგი იხსენებს, რამდენ რამეს დაუკავშირეს კრიტიკოსებმა მისი „ვარდის სახელი“: „ამ წიგნთა უმრავლესობა კი წაკითხულიც არ მქონდა“.

ეკო განიხილავს ბორხესთან ურთიერთობის სამ ტიპს: 1. როცა გააზრებული ჰქონდა ბორხესის გავლენა; 2. როცა გააზრებული არ ჰქონდა, მაგრამ მკითხველებმა აიძულეს, ეღიარებინა, რომ ქვეცნობიერად ბორხესის გავლენის ქვეშ იყო; 3. ორივე საზრდოობდა საერთო წყაროთი: კულტურით. სამივე ტიპთან დაკავშირებით ის ძალიან ვრცელ და კონკრეტულ მასალას მოიხმობს. მისი აზრით, „ბორხესი ის ავტორია, რომელმაც თავისი შემოქმედებით ყველაფერი მოიცვა. კულტურის ისტორიაში ვერ ნახავთ ისეთ საკითხს, ბორხესს გაკვრით მაინც რომ არ ჰქონდეს ნახსენები“.

დასარულ, უმბერტო ეკო ჩვეული ირონიით აღნიშნავს: „თუმცა, იმედი მაქვს, ჩემი სიკვდილის შემდეგ მაინც გამოჩნდება ვინმე ჩემზე სულელი, რომლის წინამორბედადაც ჩამთვლიანო“ (ეს წერილი იტალიურიდან თარგმნა ნათია აბრამიშვილმა და ჟურნალ „არილშია“ დაბეჭდილი).

ამგვარად, ვაჟა-ფშაველა, ანდრე ჟიდი და უმბერტო ეკო ერთმანეთს ეხმიანებიან იმაში, რომ:

  1. არ არსებობს კარგი მწერალი, რომელზეც გავლენა ვინმეს (რაიმეს) არ მოუხდენია;
  2. ნამდვილი მწერალი აღიარებს იმ გავლენებს, რომლებიც გაცნობიერებული აქვს და იმ გავლენებსაც, რომლებზეც არ უფიქრია (კრიტიკოსები მიუთითებენ, აღმოაჩენენ);
  3. გავლენა კი არ აკნინებს ინდივიდუალურობას, არამედ გამოკვეთს;
  4. გავლენა ამდიდრებს მწერალს. რაც უფრო ნიჭიერია მწერალი, მით უფრო მეტ გავლენას იყენებს წარმატებით საკუთარი ორიგინალური ხელწერისა და ესთეტიკის შესაქმნელ წყაროდ.

როგორ მოქმედებს ოჯახური სცენარი ბავშვის ცხოვრებაზე

0

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ შვილები ხშირად მშობლების ბედს იმეორებენ. ბევრი მათგანი კი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მშობლის ბედი არ გაიზიაროს, მათნაირად არ იცხოვროს, არამედ გახდეს მათი უკეთესი „ვერსია“.

პირველად ცხოვრებისეული, კერძოდ, ოჯახური სცენარი ფსიქოლოგმა და ტრანზაქციული ანალიზის დამფუძნებელმა, ერიკ ბერნმა ახსენა. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ბავშვები გაუცნობიერებლად კოპირებენ მშობელთა ქცევის მოდელს, რადგან ისტორიულად სწორედ ეს არის გადარჩენისა და ადაპტაციის გზა ამ რთულ სამყაროში – ანუ მოიქეცი ისე, როგორც უფროსები/შენი მშობლები იქცევიან, უფრო დაცული იქნები და არაფერი შეგემთხვევა.

თუმცა ახლა გადარჩენისთვის ბრძოლა ნაკლებადაა საჭირო და ადამიანი სასარგებლო უნარ-ჩვევეზე მეტად (მაგალითად, როგორიცაა ნადირობა, მტრისგან დამალვა, მიწის დამუშავება, სახლის შენება), სწავლობს სოციალურ დამოკიდებულებებს. ისინი კი უმეტესად არაუნივერსალური და უფრო სუბიექტურია.

ერიკ ბერნის განმარტებით, ოჯახური სცენარი ქცევების ერთობლიობაა, რომელსაც ბავშვები ოჯახში აკვირდებიან, ითავისებენ და შემდეგ დამოუკიდებელ ცხოვრებაში იყენებენ. ქცევების ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ დედისა და მამის ქმედებების, არამედ ბავშვისთვის მნიშვნელოვანი სხვა მოზრდილების ქცევაც: ბიძის, დეიდის, ბებია-ბაბუის და სხვ. სცენარი აყალიბებს ბავშვის გარე სამყაროსთან ურთიერთობის გზებს და იდეებს იმის შესახებ, თუ რა შეუძლია და რისი გაკეთება არ შეუძლია ადამიანს. პარტნიორთა შერჩევა, ბავშვების აღზრდა, სამსახურისადმი და საქმისადმი დამოკიდებულება და ცხოვრებაში სხვა უამრავი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ოჯახურ სცენარებთან, დამოკიდებულებებთან, რომლებიც ჩვენ ხშირად მემკვიდრეობით გვერგება. ამ დამოკიდებულებებს შეუძლიათ დაგვეხმარონ საზოგადოებაში ადაპტაციაში, ან პირიქით, მოგვაქციონ გარკვეულ ჩარჩოებში.

კარგია თუ ცუდი ოჯახური სცენარით ცხოვრება? ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ მშობლების ნებისმიერი დამოკიდებულება ხელს უშლის ბავშვს საკუთარი ცხოვრების აშენებაში. თუმცა, ასე როდია. ოჯახურ სცენარებს შეუძლიათ არა მხოლოდ ზიანი მიაყენონ, არამედ დაეხმარონ კიდეც ბავშვს. სამყაროს შესახებ ცოდნის უმეტეს ნაწილს ბავშვი ხომ ოჯახიდან იძენს. ოჯახური სცენარები ეხმარება ბავშვს, მიხვდეს, რა არის კარგი და რა არის ცუდი.

სცენარები განსაზღვრავენ ღირებულებათა სისტემას. მათი წყალობით ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, ვიყოთ წესიერი, მოვექცეთ საყვარელ ადამიანებს სიყვარულით, პატივი ვცეთ სხვა ადამიანების უფლებებს, ხარისხიანად ვაკეთოთ ჩვენი საქმე, მუდმივად განვვითარდეთ და სხვა.

ზოგჯერ საოჯახო სცენარი უბრალოდ ძველდება. თანამედროვე საზოგადოება სწრაფად ცვალებადია. მაგალითად, თუკი შევადარებთ თანამედროვე ახალგაზრდების ცხოვრებას მათი ბებია-ბაბუის ცხოვრებას, ორ სრულიად განსხვავებულ რეალობას მივიღებთ. ოჯახის იმიჯი, ქალისა და მამაკაცის როლები, ბავშვების აღზრდის პრინციპები, შრომისადმი დამოკიდებულება – ყველაფერი იცვლება. ამიტომ, ძველი სცენარი შეიძლება ახალ პირობებს ვერ მოერგოს და არაეფექტიანი იყოს.

მაგალითად, ვთქვათ, ოჯახში სამი თაობის ექიმები ცხოვრობენ. როცა ბავშვი ასეთ ოჯახში იზრდება, ისიც ამ სპეციალობას ირჩევს, რადგან მისთვის ექიმობა ბავშვობიდანვე ახლობელი და საინტერესოა. ამ შემთხვევაში ოჯახის სცენარი ემთხვევა პიროვნების მიზნებს.

მაგრამ, მაგალითად, სხვა ოჯახში მიაჩნიათ, რომ ქალი მხოლოდ დიასახლისი უნდა იყოს და ბავშვების აღმზრდელი. როგორც წესი, ამ ქალის ქალიშვილიც იზრდება პრინციპით, რომ მისი მთავარი ამოცანა იღბლიანად გათხოვება უნდა იყოს. ამავდროულად, შეიძლება მას ამის შინაგანი მოთხოვნილება არ ჰქონდეს. შესაძლოა, მას ძალიან სურდეს სწავლა, მოგზაურობა, მარტო ცხოვრება, მაგრამ მისი ოჯახური სცენარის მიხედვით, მას არ შეუძლია თავისი სურვილის მიხედვით მოქმედება. ამ შემთხვევაში ოჯახური სცენარი ეწინააღმდეგება ამ გოგონას საჭიროებებსა და ოცნებებს.

ცხოვრების რომელ სფეროებზე მოქმედებს ოჯახური სცენარი? მაგალითად, ის მოქმედებს მშობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობაზე. ზოგიერთ ოჯახში მიღებულია ყველა შორეულ და ახლო ნათესავთან კონტაქტის შენარჩუნება, ტრადიციულად ოჯახურ შეხვედრებზე მოსვლა. ასეთი ოჯახში გაზრდილი ბავშვი უფრო მეტად ინარჩუნებს კავშირს ყველა ნათესავთან. ოჯახებში, სადაც არ არის მიღებული ასეთი ტიპის კომუნიკაცია, გაზრდილ ბავშვებს თავისუფლად შეუძლიათ ცალკე ცხოვრება.

ხშირად მშობლები ისე ზრდიან თავიანთ შვილებს, როგორც მათ ზრდიდნენ და რა დამოკიდებულებასაც კარნახობდნენ თავიანთი მშობლები, ისინიც მასვე კარნახობენ შვილს. მაგალითად, „შვილები ბედნიერებაა და ცხოვრების მიზანი“, ანდა „ჩვენ მშობლები მკაცრად გვექცეოდნენ, მაგრამ ნორმალურ ადამიანებად გავიზარდეთ. თქვენც (შვილებს) მკაცრად უნდა მოგექცეთ“. ხშირად ახალბედა დედები სწორედ თავიანთი მშობლების სცენარებს მისდევენ. მათთვის სამაგალითო ხდება მათი ან მეუღლის მშობლის განვლილი გზა და გამოცდილება.

განვიხილოთ ფულთან დამოკიდებულება. არსებობს ასეთი სცენარები: „ჩვენს ოჯახში ფული არავის გვიჩერდებოდა“, „ფულს ყოველთვის იოლად ვშოულობთ“ ან „ყველანი ბევრს ვშრომობთ, მაგრამ ცოტა ფულს გვიხდიან“. ამავდროულად, მშობლების სცენარები შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს რეალობას. თუ დედ-მამა სულ უყვება ბავშვს, რომ მათ ოჯახს ფული ყოველთვის აკლდა, მაშინ დამოუკიდებელ ცხოვრებაში ბავშვს შეუძლია ეს ამბები მთავარ ხაზად აქციოს – კარგი განათლებაც მიიღოს, თავის პროფესიაშიც რეალიზდეს, მაგრამ ფული იოლად დახარჯოს და ვერ მიხვდეს, რატომ ვერ ახერხებს დიდი თანხის დაგროვებას.

ავიღოთ მუშაობისადმი დამოკიდებულება. მშობლებს შეუძლიათ თქვან: „მუშაობა ძალიან დამღლელი რამაა“, „შრომამ უნდა მოიტანოს ფული და არა სიამოვნება“. ეს უკანასკნელი სცენარი ხშირად გვხვდება 90-იანი წლების ბავშვების თაობაში. მათი მშობლები უმეტეს დროს სამსახურში ატარებდნენ და მცირე ხელფასს იღებდნენ. ეს რწმენა, რომ სამუშაო რთულია, უინტერესო და ცუდად ანაზღაურებადი, შეიძლება მომავალ თაობას გადაეცეს. ბავშვი სამომავლოდ არც იფიქრებს, რომ მისთვის საინტერესო სამუშაო მოიძიოს. პირველ რიგში ის აირჩევს სპეციალობას, რომელიც მხოლოდ სტაბილურ შემოსავალს მოუტანს.

როგორ გავიგოთ: ვცხოვრობ ისე, როგორც მინდა, თუ მივყვები ჩემი მშობლის სცენარს?

ჩვენ ფაქტობრივად ვისისხლხორცებთ მშობლების სცენარებს. ასეთი სცენარის მიმდევარი ადამიანი მშობლების, ბებია-ბაბუის, ზოგჯერ კი მისი წინაპრების სცენარებსაც კი ითავისებს.

არის შემთხვევები, როცა ადამიანი მშობლების სცენარის საპირისპიროდ იქცევა და ამას შეგნებულად აკეთებს. ეს მისი პირადი არჩევანია ან ერთგვარი პროტესტი. უმეტესად ამ დროს პიროვნება რაღაც შეზღუდვების წინააღმდეგ ილაშქრებს. ამ შემთხვევაში პიროვნებამ მეტ-ნაკლებად იცის, რომ მის ოჯახში ყველა ერთსა და იმავე გზას მიჰყვება და მთელი ძალით ცდილობს, თავიდან აიცილოს ეს ბედი, დინების საწინააღმდეგოდ გაცუროს. თუ მისი მშობლები იურისტები არიან, ის სამსახიობოზე აბარებს. თუ ოჯახს ბევრი შვილი ჰყავს, ის გვიან ქორწინდება და ერთი შვილით შემოიფარგლება. თუ მკაცრ ოჯახში იზრდებოდა, ის უფრო რბილ და ლიბერალურ მეთოდებს იყენებს.

თუ გაგიჭირდათ იმის დადგენა, სად მთავრდება თქვენი სურვილები და იწყება ნათესავების სურვილები ან პროტესტის გამო ქმედებები, შეეცადეთ, დააკვირდეთ საკუთარ თავს. ყურადღება მიაქციეთ, რას აკეთებთ, რატომ, რა მიზანი და მისწრაფება გაქვთ. დაუსვით საკუთარ თავს კითხვები, როგორიცაა: „მართლა მსიამოვნებს კლასიკური მუსიკის კონცერტებზე სიარული? იმიტომ, ხომ არ მივდივარ იქ, რომ მშობლებმა მითხრეს, რომ მხოლოდ ასე გავხდები განვითარებული პიროვნება?“.

შესაძლებელია თუ არა ბავშვის აღზრდა ისე, რომ თავს არ მოვახვიოთ ოჯახური სცენარი?

მაშინაც კი, როცა ძალიან ვცდილობთ, ეს არ გავაკეთოთ, მაინც შევქმნით რაიმე სახის სცენარს. იმის შესაბამისად, თუ როგორ ვამყარებთ ურთიერთობას მშობლებთან, პარტნიორთან, მეგობრებთან, როგორ დავდივართ სამსახურში, ყალიბდება გარკვეული ნიმუშები. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ესაუბროთ ბავშვს ამაზე: „დიახ, ჩვენ გვაქვს ფულთან ურთიერთობის, ერთმანეთთან ურთიერთობის ასეთი გამოცდილება. თუ დაგჭირდა, გამოიყენე ეს გამოცდილება, მაგრამ ამის გაკეთება შენ სხვაგვარადაც შეგიძლია. ამით შენ რაღაც ახალს შემატებ ჩვენს ოჯახს“.

რა უნდა გააკეთოს ბავშვმა, თუ ნათესავებს არ ესმით მისი, მას კი არ სურს იცხოვროს ოჯახის სცენარის მიხედვით? შეგიძლიათ სცადოთ მშვიდად ახსნათ თქვენი შეხედულებები, ისაუბროთ თქვენს გრძნობებზე, არავინ დაადანაშაულოთ. მიიღება თუ არა თქვენი განმარტებები, ეს თქვენს ნათესავებზეა დამოკიდებული და არა თქვენზე. ოჯახმა შეიძლება მოგისმინოს ან არ მოგისმინოს.

თუ ოჯახი მხარს არ გიჭერთ იმაში, რომ არ გინდათ მეხუთე თაობის ექიმი გახდეთ, დროს ნუ დაკარგავთ, იმიტომ, რომ დაკარგული დრო შეიძლება მთელ ცხოვრებას უდრიდეს. თქვენ კი შეიძლება მაინც ვერ მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ. ჩვენ არ შეგვიძლია, ვაიძულოთ სხვა ადამიანები იფიქრონ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. მთავარია, თქვენ შემოხაზოთ პირადი საზღვრები და გადაწყვიტოთ, სად დახარჯავთ თქვენს დროსა და ენერგიას.

 

 

 

რა არის და როგორ შევქმნათ ლეპბუკი?

0

ლეპბუკი ინფორმაციის გადმოცემის და ორგანიზების ძალიან ორიგინალური და ინოვაციური საშუალებაა, ამავე დროს ლამაზიცაა და სასარგებლოც.  მისი პოპულარობა სულ უფრო და უფრო იზრდება, როგორც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ასევე მშობლებს შორისაც.  წიგნების მაღაზიებში სხვადასხვა სახის ლეპბუკის შეძენა    შესაძლებელია, თუმცა მისი შექმნა  მოსწავლეს საკუთარი ხელითაც შეუძლია.

ლეპბუკის იდეის  ავტორად  ამერიკელი ტემი დიუბი ითვლება. მან  არც თუ ისე დიდი ზომის  საქაღალდეზე  პატარა ჯიბეები დაამაგრა, თითოეულ „ჯიბეს“ სახელი დაარქვა  და მათში ის სურათები, ლექსები, პატარა კომიქსები და სხვ. რესურსები თუ ინფორმაციის წყაროები შეინახა, რომელსაც თავის შვილებთან იყენებდა ანუ  „ჯიბეებიანი“  საქაღალდე  დახარისხებული ინფორმაციის  შესანახად გამოიყენა.

დღეს ლეპბუკები  სასწავლო პროცესში ინოვაციურ ტექნოლოგიად მიიჩნევა, რომელსაც ძალიან ბევრი ღირსება აქვს. ლეპბუკი ანუ როგორც მას ხშირად უწოდებენ  ინტერაქტიური  თემატური საქაღალდე –  ხელნაკეთი ქაღალდის  ჯიბეებიანი, ფანჯრებიანი, კარებიანი , სხვადასხვა მოძრავი დეტალებით  შექმნილი წიგნია.  ბავშვს მისი გამოყენებისას შეუძლია  ამ  განყოფილებებში  ჩალაგებული ინფორმაციის ამოღება, გადატანა, თავისი შეხუდულებისამებრ გადალაგება და  ჩალაგება.  ლეპბუკში თავმოყრილია მასალა ერთი რომელიმე კონკრეტული თემის  შესახებ. ამასთან, ლეპბუკი ესაა მოსწავლის დამოუკიდებელი  კვლევითი მუშაობის დასკვნითი ეტაპი, რომელიც მან მოცემული საკითხის/თემის შესწავლისა და კვლევის ფარგლებში გაიარა. ამ საქაღალდის შესავსებად მოსწავლემ სხვადასხვა დავალება უნდა შეასრულოს, აწარმოოს დაკვირვება, ჩაატაროს ცდა, სხვადასხვა წყაროდან დეტალურად შეისწავლოს  საკითხი,  აღრიცხოს დაკვირვების შედეგები,  დაახარისხოს ინფორმაცია და სხვ.

ლეპბუკის შექმნა მოსწავლეს შესასწავლი საკითხის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში, სისტემატიზაციაში დაეხმარება.  შემდგომში კი,  ამ საქღალდეების  გადახედვისას    იგი ადვილად  გაიხსენებს  გავლილ საკითხს/თემას და მარტივად მოიძიებს მისთვის იმ დროისთვის საჭირო და მნიშვნელოვან კონკრეტულ  მასალას.

სიტყვა ლეპბუკი  (lapbook)   ინგლისურიდან ითარგმნება,  როგორც  „დასაკეცი წიგნი“,  „მუხლების წიგნი“, ამასთან ორივე ვარიანტი  მისაღებია, რადგან ლეპბუკი დიდი ზომის არააა. იგი დაკეცილი А4 ფორმატის ზომისაა და გამოყენებისას მოსწავლესთვის მოსახერხებელია მისი კალთაში ჩადება.  გარდა ამისა ეს საოცარი წიგნები სავსეა  საიდუმლოებებითა და გამოცანებით. ისინი იშლება და აქვთ მრავალი ჯიბე, ჩანართი, ბლოკნოტი, რომლებიც თავის მხრივ  მოიცავს თემატურ ინფორმაციას, რაც ძალიან მოსწონთ და  იზიდავს  პატარა გამომძიებლებსა და საიდუმლოებების მოყვარულთ.

ლეპბუკის ნიმუშები


ლეპბუკს ორი მკვეთრად გამოხატული უპირატესობა გააჩნია:

  • ინტერაქტიურობა – მოსწავლე არა მხოლდო ათვალიერებს  მას,  არმედ ურთიერთობს  კიდეც  საქაღალდესთან. ბავშვის ეფექტური მონაწილეობა მნიშვნელოვნად ზრდის მის  ინტერესს ამ დამხმარე სასწავლო რესურსის მიმართ.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი დამოკიდებულება  კინესთეტიკური სწავლის სტილის მქონე მოსწავლეებისთვის, რადგან ყველასთვის ცნობილია თუ რაოდენ დიდი როლი აკისრია თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესში  როგორც ვიზუალური რესურსების (ილუსტრაციების, ვიდეოების, სლაიდების  და სხვ. დემონსტრირება), ასევე მუსიკისა და აუდიოჩანაწერების გამოყენებას.
  • თემატურობა – მცირე საქაღალდეში სხვადასხვა თემების შესახებ ინფორმაციის შეგროვება არც თუ ისე მარტივია. დაწყებით საფეხურზე, პირველ და მეორე კლასებში, ბავშვებისთვის რთული იქნება მისი ასიმილაცია და გაგება, ამიტომ ლაპბუკები ჩვეულებრივ ერთ რომელიმე კონკრეტულ თემას ეძღვნება, მაგალითად, დაწყებით საფეხურზე ეს შეიძლება იყოს ისეთი თემები, როგორიცაა  “შემოდგომა”, “ფრინველები”, “ოჯახი”, „სოკოები“, „კოსმოსი“, „ამინდი“, და სხვ.  უფრო მაღალ კლასებში (3-6 კალსები), როცა მოსწავლეები  თემებს  შედარებით სიღრმისეულად სწავლობენ, შესაძლებელია ლეპბუკში უფრო კონკრეტული ქვეტექსტების გაშუქება, მაგალითად,  “შემოდგომის ნობათი”, “გადამფრენი ფრინველები”, “ოჯახური დღესასწაულები”, „მზის სისტემის პლანეტები“, „ამინდის ცვლილება“ სხვ.

 

ასევე განსხვავებული ლეპბუკების გამოყენების მიზნებიც.  ესაა როგორც  პროექტის განხორციელების პროცესში  შესწავლილი მასალის განმტკიცება, ასევე ინფორმაციის შეგროვებისა და სისტემატიზირების შესწავლა, შემოქმედებითობისა და კრეატიულობის  განვითარება,  პროდუქტის მიმართ მზრუნველობითი დამოკიდებულება,  ჯგუფური მუშაობისას კომუნიკაციური უნარების განვითარება და სხვისი შრომის პატივისცემა. ასევე მეტად მნიშვნელოვანია, რომ ლეპბუკების საშუალებით ხდება მოსწავლეებში შემოქმედებითი აქტიურობის სტიმულაცია, მოტივაციის ამაღლება და სწრაფვა ახლის გაგებისა   და შემეცნებისკენ.

მოსწავლეებმა  ლეპბუკები შეიძლება გამოიყენონ  კომპლექსურ დავალებაზე  მუშაობისას, როგორც დამხმარე რესურსი (მაგალითად, ლეპბუკის თითოეულ უჯრაში  შეინახონ ერთი რომელიმე  შეფასების ინდიკატორის შესატყვისი მასალა) ან შექმნან, როგორც კომპლექსური დავალების საბოლოო პროდუქტი

ლეპბუკები დანიშნულების მიხედვით  შეიძლება იყოს   გასართობი (სათამაშო), სასწავლო, მისალოცი, ბიოგრაფიული და სხვ.

გასართობი (სათამაშო) ლეპბუკი გამიზნულია  ჯგუფური ან დამოუკიდებელი თამაშისთვის, ამიტომ ძირითადი აქცენტი მასში  გადატანილი უნდა იქნეს გართობაზე, ინფორმაციის ადვილად აღქმაზე. ამ ტიპის ლეპბუკში მოძრავი სათამაშო ელემენტების (ფანჯრები, წრეები, გასაწევი ჯიბეები) გარდა,  შესაძლებელია დავამატოთ ბარათები ისეთი ლოგიკური თამაშებსითვის, როგორიცაა „გამოიცანი ვინ ვარ?“, „რა ჩავიფიქრე“ და სხვ.

სასწავლო ლეპბუკი არაჩვეულებრივი საშუალებაა ორგანიზებული  სასწავლო საქმიანობისთვის და  ინდივიდუალური მუშაობისთვის. ამ ტიპის ლეპბუკში შეიძლება  მოთავსდეს არა მხოლოდ  სასწავლო თამაშები, ინფორმაციული ბარათები, ანდაზები,  სტატისტიკური  მასალები, თემატური ფოტოები და რუკები, არამედ ასევე სხვა საინტერესო ფაქტებიც,  კითხვები და სხვ.

გეოგრაფიული შინაარსის   ლეპბუკები

ამრიგად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლეპბუკი წარმოადგენს თემატურ ინტერაქტიურ საქაღალდეს (წიგნს), რომელიც სისტემატიზირებულ და მრავალფეროვან ინფორმაციას მოიცავს.

 

ეროვნული მთლიანობის იდეა

0

 

 („გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“)

 დრონი მეფობენო და სასულიერი მწერლობის მისტიკურ-ასკეტური მსოფლმხედველობა ხანდახან არარეალური გვგონია ჩვენი თანამედროვეობისთვის. ვიწრო თვალთახედვა ყოველთვის დამღუპველია, მითუმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ ქრიტიანობაა საფუძველთა-საფუძველი ერთიანი და ძლიერი საქართველოსი, როგორც ისტორიულ, ისე სამომავლო მოცემულობაც.

დროის ფარდობითობაზეც ვიტყვი – გიორგი მერჩულეს რაც შეეხება, რომელ თანამედროვე ქართველ მწერალს არ შეშურდება თუნდაც მისი მიერ აღწერილი ბუნება, რომელიც „სუნთქავს“ ან თითქოს პატარა, დამოუკიდებელ ნოველებად ჩართული რომანული ეპიზოდები „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“? რა იყო მწერლის ჩანაფიქრი მისი წერისას? ნუ, გრიგოლის ღვაწლი, თავისთავად, საუკუნეებიდან გამონაშუქი. მაგრამ ავტორს, აშკარაა, მეტის თქმა სურს.

დავიწყოთ ისტორიული ექსკურსით იმ დროისა. საქართველო არაბთა უღელქვეშ, თბილისში ამირა, დასავლეთ საქართველო კი ბიზანტიის იურისდიქციაშია, ჩრდილოეთიდან კი ხაზარების თავდასხმების მოლოდინი. ისევ სხვადასხვა მხარეს იქნევს ქართველი ხმალს. ხალხში უკმაყოფილება მწიფდება (ნერსეს პატიმრობა, ანტიარაბული ბრძოლები პერიფერიებში, ასევე ბიზანტიის წინააღმდეგ ბრძოლაც, რომელიც კულტურულ ჰეგემონიას ესწრაფვიან ჩვენს ქვეყანაში). ამ კონტექსტის გათვალისწინებით, მე-9 საუკუნის დასაწყისში საქართველოს მიწა-წყალზე თანდათან ჩამოყალიბდა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი რამდენიმე ქართული სამთავრო – სახელწიფო სახელწიფოში. პირველი იყო ე.წ. აფხაზთა სამეფო (დედაქალაქით ქუთაისი), სწორედ ის შეიქმნა ბიზანტიასთან ბრძოლის ვითარებაში. აფხაზეთი ბიზანტიის ვასალი იყო და თანდათან ძლიერდებოდა, რადგან ასე თუ ისე დაცული იყო არაბთა ექსპანსიისგან. ბიზანტიას მისი გაძლეირება ხელს აძლევდა არაბებთან დასაპირისპირებლად. მე-8 საუკუნის ბოლოს მთავარმა ლეონმა ისარგებლა ბიზანტიის იმპერიაში არეულობით და ვასალობისგან გათავისუფლდა, აფხაზთა მეფის ტიტულიც მოიპოვა.

მეორე ახლადჩამოყალიბებული დამუკიდებელი სახელმწიფო ერთეული იყო კახთა სამთავრო (დედაქალაქი უჯარმა), რომლის მთავარი ქორეპისკოპოსად იწოდებოდა. ამ სამეფომ ხანგრძლივი და რთული ბრძოლების შედეგად მოიპოვა ერთიანობა მე-8 საუკუნის დასასრულისთვის. რაც შეეხება ჰერთა სამეფოს (დედაქალაქი შაქი), რომელიც აღმოსავლეთიდან ესაზღვრებოდა კახეთს, რომელშიც ბაგრატიონთა დინასტია იყო, მისი გათავსუფლება და გაერთიანება კახეთთან შედარებით უფრო რთულად მოხდა.

მესამე დამუკიდებელი ერთეული შეიქმნა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში (მე-9 საუკუნის ბოლო წლებიდან უკვე იწოდებოდა სამეფოდ), იგივე ტაო-კრაჯეთი (დედაქალაქი არტანუჯი). ამ მხარეს დაღი დაასვა არაბთა ლაშქრობებმა. მე-9 საუკუნის დასაწყისში ქართლის ერისმთავარმა, აშოტმა, პირველმა ბაგრატიონმა და შემდგომ პირველმა კურაპალატმა, რომელსაც უთანხმოება მოუვიდა ამირასთან, დატოვა ქართლი და ოჯახითა და ამალით სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, „ბაგრატიონთა დომენში“ გადავიდა. აქ დაიწყო სწორედ მისი ხელისუფლების გავრცელება. ასე აშენებდა აშოტი „მტერთა შემოსევებისაგან და ეპიდემიებისაგან გაპარტახებულ ნაოხარს“ და მას ზურგს ბიზანტიის იმპერია უმაგრებდა. აშოტს კურაპალატობის სტატუსიც უბოძეს, სანაცვლოდ კი ის ბიზანტიის ვასალი გახდა.

რაც შეეხება ქართლს, ერთ დროს საქართველოს პოლიტიკურ-კულტურულ ცენტს, იქ არაბები ისხდნენ. მე-8 საუკუნის ბოლოს მათ მფლობელობას მხოლოდ შიდა და ქვემო ქართლი ემორჩილებოდა.

ამ დამოუკიდებელ ქართულ სამთავროთა შორის მე9, მე-10 საუკუნეებში დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა „ქართლსა ზედა“, როგორც მაშინდელი ისტორიული წყაროები გვაუწყებენ. ისინი შიდა ქართლს, რომელიც იყო გული, ცენტრი საქართველოსი, სადაც აღმოცენდა ქართლის მეფეთა ხელისფლება, ეცილებოდნენ ერთმანეთს. რატომ იღვრებოდა ამდენი სისხლი? ეს არ იყო მარტო ერთი სამთავროს მიერ რელიგიურ-ეკონომიკური ცენტრის ხელში ჩაგდებით საკუთარი საზღვრების გაფართოების წყურვილი. დაქუცმაცებულ, ნაწილ-ნაწილ მტრის საჯიჯგნად მიგდებულ ქვეყანას ძალა და გადარჩენა სჭირდებოდა. ძალა კი მხოლოდ ერთობაშია. მოკლედ, მოსულიყო ზუსტი დრო საქართველოს გასაერთიანებლად. მე-9, მე-10 საუკუნეებში საქართველოში არ არსებობდა სამოქალაქო ხელისფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთიანი სასულიერო ხელისუფლება კი იყო ქართლის კათალიკოსის მეთაურობით, შესაბამისად, საერო და სასულიერო ხელისუფალთა შორის ძალაუფლებისთვის ჭიდილი მიმდინარეობდა. სასულერო წოდება ძლიერი იყო მაშინ და ზენიტში საკუთარი ავტორიტეტით (თუმცა საქართველოს ყველა ნაწილში არ იყო ეს ვითარება. მაგალითად, აფხაზეთში საერო-სამოქალაქო ხელისუფლება უფრო ძლიერი და ცენტრალიზებული იყო. აფხაზთა მეფემ გრიგოლს ქრისტეფორესა და თეოდორეს იქ ყოფნა შეგნებულად, ერთობ თამამად დაუმალა. სხვა მეფე, თუნდაც კურაპალატი, ასეთს ვერაფერს შეჰბედავდა გრიგოლ ხანძთელს. ამ ეპიზოდში აშკარად იგრძნობა ნაჩვევი უპირატესი ტონი სასულიერო ხელისფლებაზე). ეკლესია ზნეობივ ჰეგემონიასაც ფლობდა (გრიგოლისა და „დედაკაცი სიძვისაჲს“ ეპიზოდი თუნდაც).

დადგა საქართველოს ისტორიაში დრო, როცა ორივე წოდებას: საეროსა და სასულიეროს საკუთარი დამოკიდებულება უნდა გამოევლინა ქვეყნის მომავლისადმი. ქართული ეკლესია გაერთიანების მომხრედ გამოვიდა, დაუჭირა რა მხარი სამეფო ხელისუფლების გაძლიერებას და ქართველ მეფეთა ერთ-ერთ უმთავრეს დასაყრდენად იქცა ქვეყნის გაერთიანებისთვის ბრძოლაში. საგარეო საფრთხემ ხალხში ეროვნული თვითშეგნება გაზარდა: „ერთიანი ქართველი ხალხის ჩამოყალიბების ხანგრძლივი ისტორიული პროცესი, რომლის საწყისები ძველი წელთაღიცხვის მე-2 ათასწლეულის შუა ხანებს უკავშირდება, საბოლოოდ ამ ხანაში გასრულდა და ჩამოყალიბდა ერთიანი ქართველი ხალხი ერთი სამწერლობო-სალიტერატურო, საეკლესიო ქართული ენითა და ქართული ეროვნული თვითშეგნებით“(მ. ლორთქიფანიძე).

საქართველოს გაერთიანებისკენ სწრაფვა ქვეყნის კულტურულმა ერთიანობამაც განაპირობა. ქართული ხუროთმოძღვრება ყველაზე კარგად გამოხატავს შუასაუკუნოვანი ქართული ხელოვნების ეროვნულ ხასიათს, აშკარად ავლენს ქართული კულტურის ძირების სიღრმესა და ერთიანობას.

საეკლესიო დამოუკიდებლობის მოპოვება ბევრად ძნელი იყო, ვიდრე პოლიტიკურისა. ბერძნული ეკლესია თავისი ენითა და კულტურით იმდენად იყო შემოჭრილი, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში (აღმოსავლეთში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ წირვა-ლოცვა, ღვთისმსახურება ქართულად ხდებოდა, დასავლეში _ ბერძნულად). ამიტომ მთავარი მიზანი ეკლესიის კონსტანტინოპოლის სამწყსოდან გამოყოფა და მცხეთის საკათალიკოსოს შემადგენლობაში შესვლა იყო. ვინ იყვნენ აფხაზთა მეფეები წარმოშობით, ეს ძნელი დასადგენია, რადგან ისტორიული წყაროები ვერაფერ სახარბიელოს გვაწვდიან ამ მხრივ: ზოგი ბერძნებად, ზოგი აფხაზებად და ზოგიც ქართველებად თვლის მათ, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი თავიანთ სამეფოში ქართული პოლიტიკურ-კულტურულ კურსს ატარებდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ ბიზანტიური პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლებას. მათ ბევრი ბერძნული საეპისკოპოსო მოშალეს და მათ მაგივრად ქართული კათედრები დააარსეს. აი, რატომ დასთანხდა გრიგოლ ხანძთელი აფხაზთა მეფის, დემეტრეს, გულწრფელ თხოვნას ეკლესიის აშენებაზე და მიუხედავად მონაზვნობისთვის არახესაყრელი პირობებისა, მაინც დააარსა უბის მონასტერი. ეს ქართული ეკლსიის შესვლა იყო დასავლეთ საქართველოში.

ამიტომ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, მირონს ქართლში აკურთხებდნენ თუ სადღაც იერუსალიმში; რომ ქართველი კაცი „კჳირიელეჲსონის“ მაგივრად იტყოდა: „უფალო, შეგჳიწყალენ“. „ქართლად ფრიადი ქუეყანა აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ აღესრულების.“– აი, ასე გამოხატა გიორგი მერჩულემ ეს დიდი იდეა საქართველოს ეროვნული მთლიანობისა. სულ მალე კი პოლიტიკურად  მთელი ქვეყანა გაერთიანდა (მე-10 საუკუნის პირველ ნახევარში პოლიტიკურად დამოუკიდებელი აფხაზთა სამეფო ეკლესიურად ქართლის კათალიკოსს დაექვემდებარა).

ეს დიდი ბრძოლა გაერთიანებისთვის ეკლესიის წიაღში, გრიგოლა ხანძთელმა დაიწყო. და როცა გრიგოლი, თეოდორე და ქრისტეფორე, ერთ სულად გაერთიანებულნი, მიდიან გზაზე, „რომელი არა უწყოდეს“, მათ საკუთარი სულიერი მისია სრულიად გაცნობიერებული აქვთ. ამიტომაა ეს გზა დიადი, ხოლო მას შემდგარი ადამიანები ღვაწლმოსილნი ერის წინაშე (…და არა მარტო ეს გზა. ნაწარმოებში არის სხვა გზებიც, რომლებიც ერთმანეთს ჰგავს, მიზნის ერთგვარობიდან გამომდინარე).

საინტერესოა, წინასწარ ჰქონდა გრიგოლს თავისი ეს დიდი ეროვნული მისია გააზრებული თუ ეს მოვლენათა განვითარებამ განაპირობა? თუ გრიგოლი უბრალო ბერობას აპირებდა ტაო-კლარჯეთში, გამოდის, კურაპალატებს უნდა განეხორციელებინათ მთელი ის ძალისხმევა, გრიგოლმა რომ გაიღო „აღთქულ ქვეყანაში“ მისვლისას. ეს ძნელი დასაჯერებელია, რადგან ასეთ თამამ ქმედებებს არაბობა არაფრით დაუშვებდა და მათთან დიდი სიფრხილე და ჭკვიანური ხერხები იყო საჭირო. არაფრით უნდა გამჟღვანებულიყო, რომ ტაო-კლარჯეთში დიდ, საერთო ეროვნულ საქმეში აქტიურად მოქმედნი იყვნენ კურაპალატები. ეკლესია იყო უფრო თავისუფალიც და, შესაბამისად, უფლებამოსილიც ამისა. არაბთა ხალიფატთან აშკარა დაპირიპირება, როცა მსოფლიო შიშით შეჰყურებდა მას, სილულელე იყო, როგორც აშკარა სიკვდილზე წასვლა. ჯერჯერობით კი ეს იყო „ჟამი უკანდახევისა, მშენებლობისა და პრინციპთა შინაგანი შენარჩუნებისა“ (რ. სირაძე). ამიტომ ხანძთის ცნობილი სავანის შექმნა იყო დასაწყისი დიადი გზისა, რომელსაც უნდა მიეყვანა ისინი საქართველოს ხსნამდე. ეს გზა სულიერი განათლებით უნდა წარმართულიყო. ეკლესია-მონასტრების მშენებლობას ხომ კულტურული აღმავლობა მოჰყვებოდა: „ასეთ მრავალმხრივ კულტურულ-ისტორიულ ამოცანებს ისახავდა გარეგნულად, თითქოსდა, „მეუდაბნოეთა“ მოძრაობა. გიორგი მერჩულის სახისმეტყველების უმთავრესი ნიშანია მრავალპლანიანობა, რომლის გაუთვალისწინებლად სრულიად გაუგებარი იქნება მისი ლიტერატურულ-ესთეტიკური თვალთახედვა. გრიგოლ ხანძთელი უდაბნოთა მშენებელია. ამის მიღმა იგულისხმება „ახალი ქართლის“ შექმნა, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს „მარადიული საქართველოკენ“ მობრუნებას, რომელიც ამჟამად ტყვედპყრობილია“ (რ. სირაძე).

აგიოგრაფია მთავარ გმირს წარმოგვიდგენს არა ისეთად, როგორც ის სინამდვილეშია, არამედ ისეთად, როგორც უნდა იყოს იდეის სიმაღლეზე. „ხილვითა დიდ, ხორცითა თხელ, ჰასაკითა სრულ, ყოვლად კეთილ, სრულიად გუამითა მრთელ და სულითა უბიწო“ – ამ პირობითი სახე-ხატის მიღმა სინამდვილე ანუ უდიდესი პიროვნული ღვაწლი მოიაზრება, რომელმაც დავით აღმაშენებლამდე მიიყვანა საქართველო. ეს ჩვენი აგიოგრაფიის სრულიად განსხვავებული რეალისტურობაა. „გრიგოლი მიჩნეული იყო ტაო-კლარჯეთის ქართველთა სამეფოს ისეთ მამამთავრად, რომელიც მთელი საქართველოს მომავალს ამზადებდა. სხვას ვერავის ხელეწიფებოდა მაშინ ამგვარ მამამთავრად ყოფნა, ვერც კურაპალატს, ვერც დასავლეთ საქართველოს მეფეს, ვერც კათალიკოსს“ – და გრიგოლ ხანძთელმა ეს პატივი დაიმსახურა, ამიტომ იწოდებოდა „უდაბნოთა ვარსკვლავად“, ერის სულიერი მამა იყო, ბრძენკაცი, საქართველოს მომავალი რომ განჭვრიტა და შექმნა, ამიტომ იყო იგი „ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი“, ერიც „რაჲთამცა ერთ დაბადებად აქებდა უფალსა ხსენებითა მისითა“, ამბობს გიორგი მერჩულე…

მართლაც, „მრავალჟამიერ მათი სიცოცხლე“ თაობიდან თაობაში!…

 

 

 

სიუჟეტიანი სურათებით სწავლების აქტივობა

0

მეტყველება ვერბალური კომუნიკაციის პროცესია, რომლის მეშვეობითაც მიმდინარეობს ინფორმაციის გაზიარება და აზრთა გაცვლა ადამიანებს შორის. ბავშვი, სწორი მეტყველების ფორმირებამდე გარკვეულ საფეხურებს გადის, თანდათან ეუფლება დედაენის გრამატიკულ სტრუქტურას, ზრდის ლექსიკურ მარაგს და წარმოთქმული წინადადებების სირთულეს.

 კარგად განვითარებული მეტყველების უნარის გამომუშავება საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია.   შეზღუდული ლექსიკური მარაგი წაკითხული ტექსტის გააზრების ძირითადი დამაბრკოლებელი ფაქტორია.  ლექსიკური მარაგის გამდიდრება გულისხმობს არა მხოლოდ სიტყვების გარკვეული რაოდენობის მეხსიერებაში შენახვას, არამედ საკითხავი და სალაპარაკო ენობრივი მარაგისთვის ყოველდღიურად  ახალი სიტყვების მიმატებას, იმის გაგება-გააზრებას, თუ რას ნიშნავს ესა თუ ის სიტყვა განსხვავებულ კონტექსტში.

ვიზუალური მასალის გამოყენებით სწავლის დაწყება ყველაზე მარტივი და ეფექტური ხერხია. სიუჟეტიანი  სურათებით ამბის შედგენის აქტივობა, მოსწავლეს უვითარებს ზეპირი და წერითი მეტყველების, ფანტაზიის უნარებს, ეხმარება ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში.

სიუჟეტიანი სურათების შერჩევისას, მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ გამოსახულება ბავშვისთვის იყოს გასაგები, აღძრავდეს გარკვეულ ემოციას ან მოგონებას მისი პირადი გამოცდილებიდან და ამავე დროს, სასურველია შეიცავდეს სიახლის ელემენტებსაც.

გთავაზობთ ჩემ მიერ,პირველ კლასში ჩატარებული გაკვეთილის გეგამს.

თემა:  სიუჟეტიანი სურათის აღწერა

გაკვეთილის მიზანი – სიუჟეტიან სურათებზე დაყრდნობით ტექსტის შექმნა. ფანტაზიის უნარის განვითარება, ფონოლოგიური უნარების განმტკიცება

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან :

მოსწავლე:

·       სწორად რეაგირებს ნაცნობ სამეტყველო სიტუაციაში;

·       გასაგებად გამოხატავს სათქმელს;

·       გადმოსცემს ფაქტება;

·       მკაფიოდ გამოთქვამს ბგერებს / მარცვლებს სიტყვაში;

·       განარჩევს მსგავსი ჟრერადობის მარცვლებს სიტყვაში;

·       პაუზით გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისგან;

·       წინადადების დასრულებას გამოხატავს პაუზით და სათანადო ინტონაციით.

·       მიზნის შესაბამისად იყენებს საყრდენებს (მაგ. მიმიშნებებს, ილუსტრაციებს,შეთავაზებულ მარტივ სქემას, ინსტრუქციებს და ა.შ.)

·       ილუსტრაციაზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს რაზე /ვისზე შეიძლება იყოს ნაწარმოები;

·       საჭიროებისამებრ იყენებს საყრდენებს / მინიშნებებს (ილუსტრაციებს, მარტივ გეგმას და სხვა).

 

 

გაკვეთილის მსვლელობა:

1.მოსწავლეებს გავაცანი თემა, მიზანი და შეფასების რუბრიკა; გავიხსენეთ კლასში ქცევის წესები.

  1. წინარე ცოდნის გააქტიურება .

ვთხოვე,გაიხსენონ მოთხრობა „ახალი მეგობარი“(ქართული ენის სახელმძღვანელო qar_1-1.pdf – Google Drive )

 

– ვინ იყვნენ მოთხრობის გმირები? (ლეკვი რიჩი და პატარა კნუტი)

– რატომ გაბრაზდა რიჩი? (კატები არ უყვარდა)

 -ვინ შეარიგა რიჩი და პატარა კნუტი? (იამ)

  1. დავსვი სამოტივაციო შეკითხვა – როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია კატის და თაგვის მეგობრობა?
  2. გასეირნება გალერეაში –

ვთხოვ მოსწავლეებს დააკვირდნენ დაფაზე გაკრულ სიუჟეტურ სურათებს.

დავსი დამხმარე შეკითხვები:

  1. რას ვხედავთ პირველ სურათზე?
  2. როგორ გამოიყურება კატა? როგორ განწყობაზეა?
  3. მეორე სურათზე რას აკეთებს კატა?
  4. როგორ ფიქრობთ, რატომ მოიქცა ასე?
  5. რას ვხედავთ მესამე სურათზე, ვინ იჭყიტება სოროდან?
  6. რა გააკეთა კატამ?
  7. შემდეგ როგორ მოიქცა?
  8. რატომ მიიპატიჟა კატამ თაგვი სუფრასთან?

 

5.იმისთვის, რომ შეძლებოდათ ნაფიქრისა და დაწერილის დაკავშირება  ტექსტის ძირითადი მახასიათებლების გააზრება, გამოვიყენე აქტივობა  მასწავლებელი კალამი.

 

განვუმარტე ბავშვებს, რომ დღეს ჩვენ ვიქნებით მწერლები და სურათების მიხედვით მოვიგონებთ ამბავს. თქვენ მოიფიქრებთ წინადადებებს, რომ შევადგინოთ მოთხრობა და მე ვიქნები კალამი…  რასაც მიკარნახებთ, დავწერ.

 

მოვიფიქრეთ სათაური, პირველი წინადადება, დავაზუსტეთ პირველი წინადადების პირველი ასო რომელია, საიდან ვიწყებ წერას და ა. შ.

 

ფლიფჩარტზე დავწერე მათ  მიერ ნაკარნახევი  წინადადებები.  შეიქმნა მარტივი  ტექსტი.

 

  1. გამოვიყენე გამომეტყველებითი და ერთობლივი კითხვის მეთოდები- მოსწავლეების მიერ შექმნილი ტექსტი ჯერ მე წავიკითხე გამომეტყველებით, შემდეგ მოსწავლეებთან ერთად განვაგრძე კითხვა.
  2. შეჯამების ეტაპზე ვთხოვე გამოეთქვათ აზრი- როგორი გამოვიდა ჩვენი შექმნილი ამბავი?

რა მოეწონათ? რა არ მოეწონათ?

მოსწავლეებმა შეავსეს გასასვლელი ბარათები

შეფასება :

 

შეფასების კრიტერიუმები

 

 

 

 

წარმატებით ასრულებს

 

მცირე ხარვეზებით ასრულებს

 

უშვებს შეცდომებს

საუბრობს მკაფიოდ და გასაგებად ”პარაზიტი” ჩანართების გარეშე      
იყენებს ადეკვატურ ენობრივ ლექსიკას,

თხრობისას იცავს ლოგიკურ თანმიმდევრობას.

     
ავლენს ფანტაზიის უნარს

 

 

     

 

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა შეძლეს:

  • სიუჟეტიან სურათებზე დაყრდნობით წინადადებების ჩამოყალიბება და ამბის შედგენა;
  • გამოავლინეს ფანტაზია;
  • თანმიმდევრობით გადმოსცეს ამბავი;
  • წაიკითხეს ტექსტი.

 

სიუჟეტური სურათებით ამბის შედგენა ეხმარება მოსწავლეს საკუთარი აზრების, ემოციების,განცდების,გრძნობების გამოხატვაში, უვითარებს ზეპირი და წერითი მეტყველების უნარს,უმდიდრებს ლექსიკურ მარაგს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა;
  2. Usaid G-pride საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი
  3. კითხვის და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე ( I-VI კლასები)

რა გავლენას ახდენს სკოლა ბავშვზე

0

ალბათ ნებისმიერ ადამიანს უნახავს სასკოლო ასაკს მიღწეული ბავშვისთვის სკოლის შერჩევისას საგონებელში მყოფი მშობლები. ვფიქრობ, მშობლების ასეთი მდგომარეობა სრულიად გასაგები უნდა იყოს. ისინი ხომ მათთვის ყველაზე ძვირფასი არსების მომავალი განვითარების გზას ირჩევენ. ფიქრობენ იმაზე, რამდენად მომზადებული აღმოჩნდება მათი შვილი სკოლის დასრულების შემდეგ ცხოვრებისეულ პრობლემებთან გასამკლავებლად. სასურველი სკოლის ძიების პროცესში ზოგიერთი მშობელი ბავშვისთვის სკოლების მუდმივ მონაცვლეობაშია. თუმცა, მას შემდეგ, რაც დაინახავს, რომ მათ შორის ძირეული განსხვავება არ არის, ნებდება და ბედს ემორჩილება.

სკოლის წლებს უწოდებენ ყველაზე ბედნიერ ხანას ადამიანის ცხოვრებაში. თუმცა, სწორედ ამ „უდარდელ“ პერიოდში განისაზღვრება ბავშვის მომავალი და, სამწუხაროდ ბავშვების უმრავლესობა სკოლის შემდეგ სრულიად მოუმზადებელია ცხოვრებისთვის – მიღებული ცოდნა უსარგებლოა რეალობაში, რეალურ ცხოვრებაში გამოსაყენებლად, მნიშვნელოვანი და საჭირო უნარები კი – განუვითარებელი.

სასკოლო პერიოდი ყველაზე ხანგრძლივი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. სკოლა გავლენას ახდენს მოზარდის პიროვნებაზე. სწორედ სასკოლო წლებში მიმდინარეობს პიროვნების ჩამოყალიბების პროცესი და იმ უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომელთა გამოყენება მომავალში მოუწევს მოზარდს.

უნარ-ჩვევები, რომელთა გამომუშავებაზე აქტიურად უნდა მუშაობდეს სკოლა, თუმცა, ხშირ შემთხვევაში გამომუშავების ნაცვლად შეიძლება მათი განვითარების, ჩამოყალიბების ხელისშემშლელიც კი აღმოჩნდეს:

  • კრიტიკული აზროვნება – სკოლაში ბავშვებს მიეწოდებათ მზა და საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია თითოეული საგნის მიხედვით – მათემატიკური ფორმულები და კანონები, ისტორიული თარიღები და მრავალრიცხოვანი წესები. ბავშვი ვალდებულია ეს ინფორმაცია დაიმახსოვროს და დაისწავლოს. ინფორმაციის დამახსოვრების აუცილებლობა გავლენას ახდენს კრიტიკულ აზროვნებაზე. ასეთი მიდგომის გამო ბავშვი საერთოდ არ სწავლობს მიღებულ მონაცემებთან მუშაობას, დამოუკიდებლად მათ ინტერპრეტირებას და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვას. ნაცვლად იმისა, რომ გაფილტროს მნიშვნელოვანი მეორეხარისხოვანისაგან და გააკეთოს დასკვნები, მოსწავლე იზუთხავს სასწავლო მასალას არსის გააზრების გარეშე, იმისათვის, რომ მიიღოს სასურველი შეფასება, ან ჩააბაროს გამოცდა და დააგროვოს ქულების საჭირო რაოდენობა. ამის შემდეგ კი დასწავლილიდან ბავშვი ბევრ რამეს ივიწყებს;
  • კრეატიულობა – არასტანდარტულად აზროვნების უნარი საჭიროა არა მხოლოდ შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის, ის ასევე აუცილებელია ბიზნესმენებისთვის, ხელმძღვანელებისთვის, გამომგონებლებისთვის და მეცნიერების ნებისმიერ დარგში მომუშავე ადამიანებისთვის. სამწუხაროდ, ბავშვების კრეატიულ აზრებსა და იდეებს არცთუ იშვიათად თრგუნავენ არა მხოლოდ მასწავლებლები, არამედ თანატოლები და მშობლებიც კი. ისინი ყველანაირად ცდილობენ, ბავშვის აზროვნება „მოარგონ“ ზოგად ნორმებს. ამიტომ მოზარდი იწყებს სტერეოტიპულად, შაბლონურად ფიქრს, აზროვნებას. მოსწავლეების კრეატიულ გადაწყვეტილებებს მასწავლებლები ხშირად უარყოფენ, რადგანაც ასეთი ბავშვი მათთვის, როგორც წესი, „ზედმეტი თავის ტკივილია“ და არც საზოგადოებაა მზად მომავალში მათ მისაღებად;
  • სწავლის სურვილი – ცოდნის დონის შესამოწმებლად სკოლებში, როგორც წესი, ყველაზე ხშირად ტარდება ტესტირება, შემაჯამებელი წერა, გამოცდები. სწორი პასუხებისათვის ბავშვი იღებს დადებით შეფასებებს, მცდარისთვის – უარყოფითს. მაშინაც კი, როცა მოზარდი სწორი პასუხების ძიების პროცესში ცდილობს, მოსინჯოს ამოხსნის სხვადასხვა ვარიანტი, მაგრამ იღებს არასწორ საბოლოო შედეგს, მისი ძალისხმევა გაუფასურებულია და ნამუშევარი პედაგოგის მხრიდან მისთვის არასასურველ შეფასებას იმსახურებს. ასეთი მიდგომა თრგუნავს სწავლის მოტივაციას, მასალაში ჩაღრმავებისა და მასში გარკვევის სურვილს. მოსწავლეს ამოძრავებს მხოლოდ ცუდი ნიშნის მიღების შიში, მასწავლებლისგან შენიშვნების მოსმენა და მშობლების უკმაყოფილებასთან შეჯახება. შედეგად ვიღებთ ფსიქოლოგიურად ტრავმირებულ მოზარდს, რომელთანაც შემდგომში დამატებითი მუშაობა იქნება საჭირო პრობლემის დასაძლევად;
  • სტრესგამძლეობა – სკოლის წლებში ბავშვი ეჯახება სტრესის გამომწვევ უამრავ ფაქტორს: ცუდი ნიშნები, გამოცდები, საყვედურები, დასჯა, კონფლიქტები თანაკლასელებთან და მასწავლებლებთან. მას სერიოზული გამოცდის ჩაბარება უწევს ემოციურ სიმტკიცეზე. ბევრი ბავშვი ვერ უძლებს ნეგატივის აღნიშნულ ნაკადს. შედეგად სტრესული სიტუაციები კი არ აკაჟებს და აძლიერებს მათ ფსიქიკას, არამედ პირიქით – აზიანებს მას. ბავშვობაში განცდილი ეს ყოველივე მოგვიანებით, ზრდასრულობის ასაკში გაურკვევლობის და სტრესის პირობებში მუშაობისა და ცხოვრების უუნარობას იწვევს;
  • ინდივიდუალურობა – ინდივიდუალურობის განადგურება ბავშვში და მისი სტანდარტიზაცია საყოველთაოდ მიღებულ შაბლონებთან იწყება სასკოლო ფორმის ტარების იძულებიდან და გრძელდება ლიტერატურის, მუსიკის და პოლიტიკური პოზიციის თავსმოხვევამდეც კი. სასკოლო სისტემა ცდილობს, დათრგუნოს ბავშვი მის გატაცებებთან და მოსაზრებებთან ერთად. სკოლის ზეწოლით შეიძლება გაიზარდოს უზომოდ მორჩილი და „კარგი“ ბიჭი, რომელიც ცდილობს, ყველას ასიამოვნოს, ან სასოწარკვეთილი მეამბოხე, რომლისთვისაც არ არსებობს ალტერნატიული შეხედულებები. თვითშეფასებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება კი მოგვიანებით ფსიქოლოგს მოუწევს. როგორც წესი, სკოლა არ არის ალტერნატიული შეხედულებების ადგილი. ბევრი სკოლა და პედაგოგი ბოლო წლებში აქტიურად ცდილობს, დანერგოს სწავლების ახალი მიდგომები თავის საქმიანობაში, მაგრამ რეალურ სასწავლო გარემოში არსებული, მათგან დამოუკიდებელი უამრავი პრობლემის გამო მათი მცდელობა და ძალისხმევა სასურველ შედეგებს ვერ იძლევა.

განუზომლად დიდია სკოლისა და თანატოლების გავლენა ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე. სასკოლო სწავლას მოზარდის ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია, რადგანაც თავისი დროის დიდ ნაწილს ის სკოლაში ატარებს. სკოლა წარმოადგენს ბავშვის პიროვნების განვითარების ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალას. აქ ბავშვის პიროვნების ფორმირება ხორციელდება სწავლებისა და აღზრდის პროცესში. სკოლა არის არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ სააღმზრდელო დაწესებულებაც. უფროსებზე, პედაგოგებსა და მშობლებზე არანაკლები მნიშვნელობა აქვს თანატოლების გავლენას ბავშვის პიროვნების ფორმირებაზე. იმაზე, თუ როგორ გრძნობს ბავშვი თავს თანატოლთა წრეში და რა ადგილი უკავია, ბევრად არის დამოკიდებული მომავალში მისი ურთიერთობა საზოგადოებასთან.

სკოლის მიზანი უნდა იყოს უამრავ სხვა უნარ-ჩვევასთან ერთად ბავშვს გამოუმუშაოს სწავლის უნარი – ასწავლოს როგორ ისწავლოს, რათა მომავალში მან უკვე დამოუკიდებლად გააგრძელოს ეს საქმიანობა. სკოლა ეფექტიანი და წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ გამოუმუშავებს თავის აღსაზრდელებს იმ უნარ-ჩვევებს და გადასცემს იმ ცოდნას, რომლებიც მათ მომავალში ცხოვრებასა და საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარება.

ვენეციური ამბავი

0

ვენეციაში „კვნესის ხიდია“.  ხიდი ერთმანეთთან ორ შენობას აკავშირებს.   დახურულია და გარედან და შიგნიდან ტყვიის ფირფიტებით არის ამოფენილი.  აქ მე-15-17 საუკუნეებში ყველაზე საშიში დამნაშავეები მოყავდათ და გადახურულ ოთახ-ხიდში დედიშობილებს უშვებდნენ. ეს მათი ბოლო ოთახი იყო, სადაც იდგებოდნენ, დაწვებოდნენ, თუ დაჯდებოდნენ ტყვიასთან ექნებოდათ შეხება. ზამთარში იყინებოდნენ, ზაფხულში სიცხისგან იწვებოდნენ. მით უმეტეს, აქ ვენეციაში, სადაც მაღალი ტენიანობის გამო მწველი სიცხეები იცის.

დღეს, ეს ხიდი ტურისტებისთვის ე.წ. „აუცილებელი სანახავი“ ადგილია და მეც სწორედ აქ ვდგავარ, მის პირისპირ, რომ სტუდენტებისთვის ათასჯერ მოთხრობილი საკუთარი თვალით ვიხილო.

ჩემი ვენეციაში სტუმრობა უფრო სამეცნიერო საქმიანობას უკავშირდება, ვიდრე ტურისტულს. თუმცა, თავისუფალ დროს სეირნობას ნეტა ვინ დამიშლის?

ვენეციური ამბავი ასე დაიწყო.

დილაუთენია სტამბულში გადავფრინდით. იქ ოთხი საათი ლოდინის  შემდეგ ახალი ფრენა დავიწყეთ და მილანში ჩავედით. მილანის აეროპორტიდან მთელი საათი და ორმოცი წუთი დაგვჭირდა, რომ მატარებლების სადგურამდე მივსულიყავით. იქ კი საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა დავიძარით. მილანიდან ვენეციამდე სრული ოთხი საათია. ათასნაირი ქალაქი მოვიტოვეთ უკან, მათ შორის ჯულიეტას ვერონაც და როგორც იქნა ვენეციაში ჩავედით.

გამოდიხარ სადგურიდან და შენს წინაშე  წყალში მდგარი ზღაპრული სცენაა გადაშლილი. ფეხით მხოლოდ ნაპირის გასწვრივ და შიდა ნაწილში  მოძრაობ. სხვა შემთხვევაში წყლის ავტობუსი ან ტაქსი გჭირდება. ჩვენთვის შეკვეთილი ტაქსი უკვე გველოდა და ჩაბარგების შემდეგ სასტუმროსკენ ავიღეთ გეზი.

ჰოდა, ახლა მთავარი შეხვედრების, გაკეთებული პრეზენტაციების, მიცემული ინტერვიუების და ტრენინგების შემდეგ, როგორც იქნა სეირნობისთვისაც დარჩა დრო და აქვე,  სან-მარკოს მოედნის გვერდზე,  „კვნესის ხიდთან“ ვდგავარ. ოდნავ იქეთ, მოპირდაპირე მხარეს ლიდოს კუნძულია, აქეთ კი ჩვენი სამეცნიერო პროექტის ფარგლებში დამონტაჟებული ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის  სენსორებიდან ერთ-ერთი, რომელიც სწორედ ამ ხმაურიან ადგილას ჰაერის ხარისხს ამოწმებს.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება დღევანდელი კაცობრიობის ერთ-ერთი უმთავრესი გარემოსდაცვითი გამოწვევაა. ატმოსფერული ჰაერი ანთროპოგენური და ბუნებრივი წყაროებიდან გაფრქვეული მავნე ნივთიერებებით ბინძურდება.

დაბინძურების ძირითადი წყაროებია: ტრანსპორტის, ენერგეტიკის, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სექტორები. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის  მონაცემებით მსოფლიოს მოსახლეობის 91% ცხოვრობს გარემოში, სადაც ჰაერის ხარისხი ვერ აკმაყოფილებს ჯანმოს მიერ დაწესებულ ნორმებს.

ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობის მრავალ დარღვევასთან, მათ შორის ფილტვების, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებებთან. ჯანმრთელობაზე ზემოქმედების ეფექტი ინდივიდუალურია. მაღალი რისკის ჯგუფები, როგორებიც არიან ხანდაზმულები, ბავშვები, ორსული ქალები და გულისა და ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები უფრო მგრძნობიარენი არიან ჰაერის დაბინძურების მიმართ. ბავშვებში, განსაკუთრებით მაღალია დაავადების რისკი, მათი ეზოში (სახლის გარეთ) აქტივობის და ფილტვების განვითარების პროცესის გამო.

ჰაერის დაბინძურებამ ადამიანის ჯანმრთელობაზე შეიძლება იქონიოს მწვავე ან ქრონიკული ეფექტი. როგორც წესი, მწვავე ეფექტი ვლინდება მაშინვე და ხშირ შემთხვევაში შექცევადი პროცესია, მას შემდეგ, რაც დამაბინძურებლის მოქმედება შეწყდება. ქრონიკული ეფექტი მაშინვე არ ვლინდება და ხშირად დამაბინძურებლების ზემოქმედების დასრულების შემდეგ უფრო იჩენს თავს და მწვავდება.

დამაბინძურებელი აგენტები ძირითადად აეროზოლების სახით ვრცელდება. აეროზოლი ჰაერში ატაცებული ნაწილაკების ერთობლიობას წარმოადგენს და მისი წყარო ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგ. ზღვის და ოკეანის მიმდებარე ტერიტორიაზე ძირითადად გაზობრივი აეროზოლები შეინიშნება, რომელიც ბუნებრივი წარმოშობისაა. ანთროპოგენური  პორტებთან შეიძლება იყოს, საზღვაო ტრანსპორტის გამონაბოლქვის გამო.

დიდ ქალაქებში კი უფრო მტვრის ნაწილაკებისგან წარმოქმნილი აეროზოლები ჭარბობს, რომლის ინგლისური აბრევიატურა, ანუ შემოკლებული აღნიშვნაა PM ნაწილაკები. ასეთი ნაწილაკები ქარის ან თუნდაც ნიავის მიერ 7-9 კმ-ზე შეიძლება იყოს გადატანილი.

მაგალითად, თბილისში, ცენტრალურ ნაწილში დიდი მშენებლობაა. თუ არ ვცდები სადღაც 2015-დან მაინც აშენებენ. თარიღს იმიტომ ვასახელებ, რომ სწორედ ამ წლის გაზაფხულზე  „ეკოლოგიური ქიმიის“ კურსი დავიწყე და განსაკუთრებით ღია ფანჯრის დროს (არადა, ცხელოდა) სულ მათი ღრიტინ-რიხინის ფონზე მიწევდა საუბარი. მერე, სოციალურ ქსელში ვიდეო რგოლი გავრცელდა, რომელიც იქვე ახლო კორპუსიდან მოქალაქის გადაღებულია და გვაჩვენებს, თუ როგორ ასწორებენ კედლებს ყოველგვარი ბადის გარეშე. მთელი მტვერი კი ჰაერში იფანტება და სწორედ თქვენი და ჩემი ფილტვების ალვეოლებში ილექება. აი, ეს არის PM ნაწილაკები.  სრული ინგლისური სახელია Particular Matter. ზომების მიხედვით არჩევენ  PM10, PM2,5, PM1, UFP (Ultra fine PM with aerodynamic diameter < nano-meter). ზომა, რაც უფრო მცირეა, მით უფრო საფრთხის შემცველია, რადგან ფილტვის ალვეოლებში იოლად შეაღწევს და უფრო დიდხანს დარჩება.  ქვემოთ, სურათზე მტვრის გაბნევით წარმოქმნილი ამ ნაწილაკების სავარაუდო შემადგენლობაა მოცემული. ფაქტიურად მთელი პერიოდული სისტემა აქ არის, არ მეთანხმებით? და ეს მხოლოდ პირველადი დამაბინძურებლებია, რომლებიც სხვა აეროზოლებთან ურთიერთქმედებით მეორად დამაბინძურებლებს წარმოქმნის.

ცალკე თემაა, ე.წ. წვის პროდუქტები. მათ შორის წიაღისეულის  წვაც, სახლის ღუმელებიც, კოცონებიც და ბუხრებიც. ასევე ცემენტის ქარხნები. ბუნებრივ წყაროებს მიეკუთვნება ტყეები, ტყის ხანძრები და აქტიური ვულკანები. კიდევ გავიხსენოთ, რომ ასეთი მცირე ზომის ნაწილაკები განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან ისინი უფრო იოლად შეაღწევენ ფილტვების ალვეოლებში. ამავე დროს, მათთან იოლად შეკავშირდება მომწამლავი მძიმე მეტალების და დარიშხანის იონები.

თხევადი ტიპის მასალაში  წვიმის წვეთებიცაა, ასევე ნისლი და გოგირდმჟავას კვამლი. ზოგიერთი ნაწილაკი ბიოლოგიური წარმომავლობისაა. მათ მიეკუთვნება ვირუსები, ბაქტერიები, ბაქტერიების და სოკოების სპორები, მტვერი. მასალა შეიძლება იყოს ორგანული ან არაორგანული, ორივე მათგანი ატმოსფეროს სერიოზულ დამაბინძურებელს წარმოადგენს.

წვის შედეგად ფერფლი წარმოიქმნება. ფერფლის მიერ ფორმირებულ აეროზოლს თავისი ქიმიური შედგენილობა აქვს: Si, Al, Fe, Ca, K, S, Mg, Na, Ti,P,  Zn, V, Cr, Pb, As, Cd.

ვენეციაში ერთი ბიჭი ცხოვრობდა, მარკო პოლო ერქვა. სახელი ვაჭრობით და მოგზაურობით გაითქვა. კიდევ წიგნი დაწერა და „საიდუმლოებათა დიადი წიგნი“ დაარქვა. სათაურს ეტყობა მეშვიდე საუკუნის ალქიმიკოს ალ-რაზის დაესესხა… რა ვიცი, იმ ბიჭის წიგნსაც მსგავსი სათაური აქვს. მარკოზე მეცნიერების ისტორიკოსები დაობენ, ჩინეთში არ ყოფილაო, მხოლოდ კონსტანტინეპოლში ჩავიდა, იქ ჩინეთიდან მომავალ ვაჭრებს გაეცნო, მათი საუბრები ისმინა და ნანახად გაასაღაო. კიდევ ამბობენ, მარკომ წიგნი ვინმე რუსტიკელოს დააწერინა, ვენეციის  ციხეში ერთად ისხდნენ, მარკო უყვებოდა, რუსტიკელო წერდაო…

ჩვენ რაში გვაინტერესებს წიგნი ვინ დაწერა. ჩვენთვის საინტერესო აქ ერთი აღწერილი ფაქტია. მეთორმეტე საუკუნეში ჩინეთის ერთმა იმპერატორმა ქალაქ იან ჯოუდან გამავალ გზაზე ორი ათასი ხე დაარგვევინა. დიდი მოძრაობაა და ჰაერი ბინძურდებაო.

გესმით ხალხოო? მეთორმეტე საუკუნეში…ჩინეთის იმპერატორი ჰაერის სისუფთავეზე წუხდა.

ჩვენ?….21-ე საუკუნეში?….რას ვაკეთებთ?

არც არაფერს, უსახურ შენობებს ვაშენებთ და სიცილადაც არ გვყოფნის!…

ორი „კივილი ჯონგა ხარისა“

0

ოდითგანვე ტანჯავს კაცობრიობას წარმავლობის სევდაო, მთელი ადამის მოდგმის გულისნადები ამოთქვა კონსტანტინე კაპანელმა. მანამდეც ბევრს უთქვამს. კიდევაც იტყვიან… ამ სევდაზე არაერთი ლექსი თუ მოთხრობა დაუწერიათ, ტილო დაუხატავთ თუ ჰანგი აუჟღერებიათ. ზოგი თვალის დახამხამებას ადარებს ჩვენს ამქვეყნიურ სადგომს, საწუთრო, წუთისოფელი რომ შევარქვით: „ესე ასეთი სოფელი არვისგან მისანდობელი, წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი!“ ან „წუთია წუთისოფელი, დახამხამება თვალისაო“; ზოგი – ჩამავალ მზეს: „ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდებაო“… ირაკლი გოგოლაური კი ამბობს „- რაა სიცოცხლე? – ფიქრი, ტკივილი, ერთი კივილი ჯონგა ხარისა!“ განა მართლა ასე არ არის? სიცოცხლე ვისთვის ნაბიჯებით იზომება, ვისთვის კი – ნათქვამი სიტყვით, ჩადენილი საქმით…

მეცნიერებაში ყველაზე დიდ ნათქვამად ნობელის პრემიის სადარი სიტყვები მიიჩნევა. ნობელის პრემია სხვა კონკურსებისგან იმით განსხვავდება, რომ მისთვის წინასწარ არავინ ემზადება. ფიქრობ, გეგმავ, მუშაობ, იგონებ რაღაც ახალს და სასარგებლოს, წერ, აქვეყნებ. მერე ისევ თავიდან იწყებ: ფიქრობ, გეგმავ, აქვეყნებ… და ასე გრძელდება, სანამ სული გიდგას. მოკლედ, სიზიფეს ჯაფას ეწევი. თუმცა ეს არ არის საკმარისი ნობელის პრემიის მისაღებად; სხვამ უნდა დაინახოს შენი ნატარები ტვირთი, სხვამ უნდა შეაფასოს მისი ავკარგიანობა და სხვამვე უნდა მიმართოს ნობელის ფონდს, რომ პრემია მოგანიჭონ.

პრემია 1901 წლიდან გაიცემა ხუთ დისციპლინაში. საუკუნეზე მეტია გასული მისი დაარსებიდან და, ცხადია, რამდენიმე ასეულ მეცნიერს აქვს მიღებული, თუმცა მხოლოდ ოთხ მათგანს მიანიჭეს ორჯერ.

პირველი მარია კიური იყო, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერი და პირველი ნობელიანტი ქალი მეცნიერთა შორის. პირველი ორგზის ნობელიანტიც. პირველი ნობელი 1903 წელს მიანიჭეს ფიზიკაში მეუღლე პიერ კიურისა და ჰენრი ბეკერელთან ერთად რადიაციის მოვლენის აღმოჩენისთვის, ხოლო მეორე – 1911 წელს, უკვე ქიმიაში, მნიშვნელოვანი ელემენტების – რადიუმისა და პოლონიუმის აღმოჩენის, რადიუმის გამოყოფის, მისი ბუნებისა და ნაერთების შესწავლისთვის.

მეორე გახლდათ ინჟინერი ჯონ ბარდეენი, რომელმაც პირველად ტრანზისტორის აღმოჩენით მოიგო ნობელის კომიტეტის გული, ხოლო მეორედ – კონვენციური სუპერგამტარობის თეორიით.

კიდევ ერთი ორგზის ნობელიანტი ფრედერიკ სანგერია, ბრიტანელი ბიოქიმიკოსი, რომელსაც ორივე პრემია ქიმიის დარგში გადაეცა. პირველ დიდ დამსახურებად ცილების შესწავლა ჩაუთვალეს, მეორედ – ნუკლეინმჟავების ბიოქიმიური თვისებების, განსაკუთრებით – რეკომბინირებული დნმ-ს, თავისებურებათა შესასწავლად შესრულებული ფუნდამენტური გამოკვლევები.

დაბოლოს, მეოთხე ორგზის ნობელიანტია ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეცნიერი, ამერიკელი ლაინუს პოლინგი. პირველი პრემია 1954 წელს მიიღო ქიმიური ბმის ბუნების შესწავლისთვის, რამაც მძლავრი ბიძგი მისცა ქიმიის განვითარებას. დიდ მეცნიერთან ერთად პოლინგი დიდი ჰუმანისტიც იყო – საჯაროდ ილაშქრებდა ბირთვული შეიარაღებისა და ატომური ომის წინააღმდეგ. მისი სამოქალაქო თავდადება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ საზოგადოებას და ნობელის კომიტეტს და 1962 წელს კიდევ ერთი ნობელის პრემია მიანიჭეს, ამჯერად – მშვიდობის დარგში.

ისევ ირაკლი გოგოლაურის ლექსს რომ დავუბრუნდეთ, სიცოცხლე, მართალია, „ერთი გაფრენაა ცაში შევარდნის, ერთი გადავლაა მთაზე ქარისა“, მაგრამ მუდმივად მაძიებელი სულისთვის „სულ მოლოდინით თენებ-ღამება, გულში იმედი მუდამ ხვალისაც“ არის. იკვლევ და არ იცი, „ეშმაკს ეკუთვნი თუ ანგელოზმა დაგითავისა!“

…კაცთმოძულეობამ იმდენი ქნა, რომ კიურის დიადი აღმოჩენის შემდეგ იძულებული გავხდით, პოლინგისთვის მშვიდობის დარგში მიგვენიჭებინა პრემია.

საგნის შიგნით ინტეგრაციის პრაქტიკული მაგალითები

0

ინტეგრირებული სწავლება სასწავლო პროცესის ნაწილია, რომელსაც ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

ინტეგრაცია მანამდე არსებული განსხვავებული ნაწილების გაერთიანებასა და გამთლიანებს გულისხმობს, რომლის არსი არსებული ცოდნის ხარისხობრივი გარდაქმნაა. სასწავლო პროცესში ინტეგრაცია ხასიათდება სპირალური სტრუქტურით, რომელიც თითოეულ ეტაპზე ახალ-ახალი მონაცემებით ივსება, თანაც ისე, რომ მთავარი პრობლემა (მისaღწევი შედეგები) მუდმივად ყურადღების ცენტრშია.

სიღრმისეული სწავლებისა და საგნობრივი ცოდნა/უნარების სრულყოფისთვის აქტიურად მიმართავენ საგნის შიგნით ინტეგრაციას. საგნის შიგნით ინტეგრაციის გამოყენება ნებსმიერ გაკვეთილზე შეუძლია მასწავლებელს, მაგრამ განმეორების გაკვეთილი, რომლის მიზანიც განვლილი, უკვე შესწავლილი მასალის გამეორება, ძირითადი ცნებების გაანალიზება, ლოგიკური კავშირების დამყარება და თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნის ხარისხობრივად სრულყოფა/გარდაქმნაა, საგნის შიგნით ინტეგრაციისთვის ყველაზე მოხერხებულია. ასეთ გაკვეთილებზე მასწავლებელი მიზნის მისაღწევად იყენებს მრავალფეროვან მიდგომებს – თამაშს, შემეცნებით დავალებებს, რუკაზე, ისტორიულ წყაროებსა და დოკუმენტებზე მუშაობას და სხვ. (ანუ მუშაობისას ეტაპობრივად, თანაც რაოდენობრივად და ხარისხობრივად იცვლება ის შინაარსი და აქტივობები, რომლებშიც მოსწავლეა ჩართული). ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, სპირალურად მიყავს მასწავლებელს მოსწავლეები დასახულ მიზნამდე და ეფექტიან შედეგებამდე.

განვიხილოთ მაგალითი ისტორიის სწავლების კურსიდან:

  • ისტორია, VII კლასი
  • თემა – ძველი აღმოსავლეთი
  • შედეგების ინდიკატორები – ისტ. საბ. 1,2,3,4,5,6, 7,8, 9,10,11,12.
  • თემის მკვიდრი წარმოდგენები: პირველი სახელმწიფოები და დამწერლობის სისტემები ერთდროულად წარმოიშვა. პირველი სახელმწიფოები დიდი მდინარეების გასწვრივ ჩამოყალიბდა. უძველესი ცივილიზაციების ჩამოყალიბება ძველი აღმოსავლეთის ხალხებს (შუმერები, ხეთები, ასურელები, ბაბილონელები) უკავშირდება. ისინი ძირითადად ლურსმულ დამწერლობას იყენებდნენ. ძველაღმოსავლურ ცივილიზაციებს მომთაბარე ტომების შემოსევები დიდ საფრთხეს უქმნიდა. საქართველოს ტერიტორია როგორც ბრინჯაოს, ისე რკინის წარმოების თვალსაზრისით იმდროინდელი მსოფლიოს მოწინავე რეგიონი იყო. ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის დამახასიათებელია მონუმენტური არქიტექტურა. ბრინჯაოს ხანაში საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი მმართველებს ყორღანებში მარხავდა. ძველაღმოსავლურ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფოებრივ გაერთიანებებს (დიაოხი, კოლხა და სხვა) ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდათ ძველი მსოფლიოს მოწინავე ხალხებთან.
  • რესურსები: მოსწავლის შეფასების ფურცელი; სახელმძღვანელო (ისტორია, VII, გამომცემლობა „დიოგენე“, 2019); ისტორიული რუკა; ისტორიული დოკუმენტი, ისტორიული პერსონალიებისა და რელიგიური სიმბოლიკების ვიზუალური გამოსახულებები..

 

I დავალება – „ისტორიულ ბიბლიოთეკაში“

წარმოიდგინეთ, რომ „ისტორიულ ბიბლიოთეკაში“ მოხვდით და მისი დალაგება დაგავალეს. შეავსეთ „ძველი აღმოსავლეთის ისტორიის თაროები“ იმ ცნებებით, რომლებიც ძველი აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიას შეესაბამება.
ეგვიპტე
შუმერი
ასურეთი
ბაბილონი
ხეთები
ურარტუ
ირანი
…..

 

II დავალება – „სად რა დავდოთ?

„ისტორიულ ბიბლიოთეკაში“ ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი უამრავი არტეფაქტია მიმობნეული: პაპირუსები, წარწერებიანი თიხის ფირფიტები, აგურისა და ქვის ფილები, ურმის თვლები, ლომისთავიანი ქვის ფიგურები – სფინქსები, ნავები, მეფეთა ბრძანებებისა და კანონების ნაწყვეტები, რელიგიური ტექსტები ქურუმებისთვის, გადასახადების აღრიცხვები, მამის მიერ შვილის დარიგების შემცველი ტექსტები, ზიკურატის მოდელები, პერსეპოლისის მაკეტები, ფულის /საფასის ერთეულები – დარიკები და ტალანტები, აკინაკები, სამხედრო ეტლის მოდელები…

განათავსეთ ისინი „ძველი აღმოსავლეთის ქვეყნების“ შესაბამის თაროებზე.

 

ეგვიპტე
შუმერი
ასურეთი
ბაბილონი
ხეთები
…..

 

III დავალება – „კითხვებზე პასუხი“

უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ კითხვებს:
ძველი აღმოსავლეთის რომელ ხალხს შეხვდით „თაროებზე“?
როგორ ამოიცანით ისინი?
სად, რომელ გეოგრაფიული არეალში ცხოვრობდნენ ისინი?
კონკრეტულად რომელი ისტორიული პირები იცანით? როგორ?
რომელ ისტორიულ წყაროებში იპოვეთ ინფორმაცია მათ შესახებ? როგორ ამოიკითხეთ ეს ინფორმაცია, როგორ შეძელით მათი წაკითხვა?
კითხვებზე პასუხის შემდეგ გადაამოწმეთ, რამდენად სწორად დაალაგეთ „ძველი აღმოსავლეთის თაროები“, რამდენად სწორად გამოიყენეთ ცნებები, ხომ არაფერი დაგავიწყდათ.  

 

 

……

 

IV დავალება „ჭეშმარიტია თუ მცდარი?“

განსაზღვრე, „ჭეშმარიტია“ თუ „მცდარი“. ახსენი, რატომ ფიქრობ ასე.
პირველად სახელმწიფო, ქალაქები, დამწერლობა ძველ აღმოსავლეთში შექმნეს შუმერებმა და ეგვიპტელებმა, ამიტომ ცივილიზაციის ისტორიაც მათგან იწყება.
 ე.წ.„კოლხური ცული“ თრიალეთის ყორღანებში იპოვეს.
ძვ.წ. III ათასწლეულში ბრინჯაოს ეპოქა დასრულდა.
ასურეთი „სამდინარო სახელმწიფო“ იყო.
დიაოხელები ასურელებს და ურარტუელებს ახლოს იცნობდნენ.
მტკვარ-არაქსის კულტურა, შუმერი, ეგვიპტე და ბაბილონი ერთმანეთს რომც შევადაროთ, მაინც ვერ ვიპოვით პასუხს კითხვაზე – „რატომ ვერ ჩამოყალიბდა მტკვარ-არაქსის ნაპირებზე მათი მსგავსი სახელმწიფო“.
დამწერლობის შემოღება სახელმწიფოების შექმნის შემდეგ გახდა აუცილებელი.
ფარაონი გასცემდა ბრძანებებს საომარი ვითარების შესახებ. სხვა დარგებს (მიწათმოქმედება, მშენებლობა, გადასახადები და ა.შ.) ფარაონის კარის მოხელეები განაგებდნენ.
არგონავტების მოგზაურობა ნამდვილი ამბავია.
მომთაბარე ხალხები მაღალგანვითარებული სახელმწიფოების განადგურებას/დასუსტებას ადვილად ახერხებდნენ.
……

 

V დავალება – თამაში „ვინ უფრო სწრაფად?“

თამაშის წესი: კლასი იყოფა ორ ჯგუფად. მოცემულთაგან პირველ კითხვას სვამს მასწავლებელი. რომელი ჯგუფიც უპასუხებს, მომდევნო სამ კითხვას ის დაუსვამს მეორე ჯგუფს, შემდეგ ისევ მასწავლებლის ჯერია და ა.შ.
რატომ აღმერთებდნენ ხეთები ღვათება ხალდის?
სად ჩაეყარა საფუძველი პირველ მსოფლიო რელიგიას?
ყორღანების გათხრისას არქეოლოგებმა სამი ტიპის სამარხები აღმოაჩინეს: 1) მდიდრული ნივთებით; 2) მხოლოდ პირადი ნივთებით; 3) ნივთების გარეშე. მხოლოდ ამ ფაქტებზე დაყრდნობით დაახასიათეთ ამ ყორღანების მაშენებელი საზოგადოება.
ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში არექოლოგიური გათხრებისას ნაპოვნია ბრინჯაოს ხმლები და გუთნები, მარცვლეულის შესანახი თიხის ჭურჭელი, ქალაქური ტიპის დასახლებები, წარწერები ქვებზე, სტელებზე, თიხის ფირფიტებზე, საკურთხევლის ქვები, თხრილები, ზომა-წონის ერთეულები, ნავებისა და გემების ნაშთები. მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოიტანეთ სამი დასკვნა.

1 —

2 —

3 —

თქვენ რომ ძველი ეგვიპტის საზოგადოების წევრი ყოფილიყავით, სად შეხვდებოდით ნიღბიან დიდებულებს?
რომელია ზედმეტი სიტყვა: „ქალაქი“, „მომთაბარე“, „მიწათმოქმედება“, „სარწყავი მეურნეობა“…
სპილენძი, რკინა, კალა, ბრინჯაო. რომელი მასალა აკლია ამ სიას, რომელსაც ფართოდ იყენებდნენ უძველეს დროში?
ჩამოთვალეთ ყველა საწერი მასალა, რომლითაც ძველ აღმოსავლეთში წერდნენ.
რა კავშირი აქვს ანბანის გამოგონებას ვაჭრობასთან?
……

 

VI დავალება – „მე როგორც ისტორიკოსი“

წაიკითხე ტექსტი და როგორც ისტორიკოსმა, გამოთქვი ვარაუდი
„საქართველოს ტერიტორიაზე, შულავერში (ქვემო ქართლი), შემაღლებულ ადგილას უძველესი დასახლება აღმოაჩინეს. სახლები თიხის აგურითაა ნაგები. თიხითაა ამოლესილი ორმოები და თიხისაა დიდი ჭურჭელიც. 2,5-მეტრიან ნაგებობას ერთი ვიწრო შესასვლელი ჰქონდა და, უეჭველია, სარკმლებიც ექნებოდა. ვარაუდობენ, რომ ეს სარკმელი გუმბათში კერიის თავზე უნდა ყოფილიყო დატანებული, საიდანაც კვამლი გავიდოდა და შუქიც შემოვიდოდა. აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი უხეშადაა ხელით გამოძერწილი. ზედაპირი მორთულია ორნამენტით და გაპრიალებული არ არის. აქვეა ნაპოვნია ქვის, ძვლისა და ობსიდიანის იარაღები – ნამგლის პირები, ცულები, თოხისებური იარაღი, ქვასანაყები. აქვე აღმოჩნდა ხორბლის, ქერის, ფეტვის მარცვლები. მრავლად იყო ასევე შინაური ცხოველების ძვლები, თევზის ფხები. ერთ-ერთ ჭურჭელში ვაზის კულტურული სახეობის ყურძნის წიპწებიც აღმოჩნდა. შულავერის დასახლებას არქეოლოგები ძვ.წ. V-IV ათასწლეულებით ათარიღებენ. რატომ?“

 

……………………………………………………………………………………………………………………………

 

VII დავალება – „დაწერე ისტორია“

მოცემული სიიდან ამოარჩიე ისტორიული პირი და დაწერე მასზე 5 წინადადება: რამზეს II; დარიოს I; ტიგლათფილასარ I; სიენი; ხამურაბი; სარდურ II; კიროს II; გილგამეში.

 

——————————————————————————————

 

VIII დავალება„ისტორიული რუკის დაცვა“

მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად. თითოეული ჯგუფი პლასტილინისგან ამზადებს ისტორიულ რუკას და დააკრავს მუყაოზე, რომელზეც შესაბამისი ფერის პლასტილინით დატანილია მდინარეები, ქვეყნების საზღვრები, მთები, უძველესი ქალაქები/მათი სიმბოლოები, სავაჭრო გზები, კონკრეტული გეოგრაფიული სივრცისთვის დამახასიათებელი ცხოველები, მცენარეები, მონუმენტური ნაგებობები…

თითოეული ჯგუფი წარმოადგენს საკუთარ რუკას და კლასის წინაშე დაიცავს ნამუშევარს.

§  ……..

§  ……..

მაგ., პლასტილინის გლობუსი

 

IX დავალებადაწერეთ ესე: „ისტორია ძველი აღმოსავლეთიდან იწყება“.

რეფლექსია : გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეები შეავსებენ ბარათებს „გაკვეთილის შთაბეჭდილებები“ და კიდევ ერთხელ დაფიქრდებიან თავიანთ ცოდნასა და უნარებზე.

საგნის შიგნით ინტეგრაცია ამდიდრებს და ეფექტიანს ხდის სასწავლო პროცესს, ხალისსა და ინტერესს მატებს საგნის შესწავლას და აქტიურად გამოიყენება სწავლებაში.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...