პარასკევი, აპრილი 10, 2026
10 აპრილი, პარასკევი, 2026

გრიშაშვილი

0

როცა მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართული პოეზიის რეფორმაზე ვსაუბრობთ, როგორც წესი, გალაკტიონს და ცისფერყანწელებს ვახსენებთ ხოლმე, რომლებმაც ეს საქმე ათიან წლებში განახორციელეს. სინამდვილეში ყველაფერი, ცხადია, შედარებით მოკრძალებული მასშტაბით, უფრო ადრე დაიწყო – ცხრაასიან წლებში (სანდრო შანშიაშვილი, ალექსანდრე აბაშელი…), თუმცა ეს უფრო თემატური-კონცეპტუალური რეფორმა იყო, ვიდრე – ფორმობრივ-ვერსიფიკაციული.

იოსებ გრიშაშვილმაც წერა ცხრაასიან წლებში დაიწყო გიორგი სკანდარნოვას (იყო ასეთი აშუღი) მიბაძვით, თუმცა მალე საკუთარ ხმას მიაგნო, ათიანი წლების დასაწყისიდან ის უკვე მკვეთრად ინდივიდუალური ხმის პოეტია. გრიშაშვილს რაიმე სახის ვერსიფიკაციული სიახლე არ დაუნერგავს ქართულ პოეზიაში, არსებული და ერთგვარად მიძინებული ძველი საზომების რეპრეზენტირება-რეგენერაციას მიმართავს, თუმცა მან მთავარი შეძლო – ამ საზომებს შესძინა ინდივიდუალური ინტონაციური აკუსტიკა. თემატურად ამ, მისი შემოქმედების მთავარი, პერიოდის ლექსები მკვეთრად მონოქრომულია, რადგან ძირითადად სატრფიალო ლირიკას მოიცავს, საცნაურია აღმოსავლური სამიჯნურო პოეზიისთვის ნიშანდობლივი კლიშეებისა და გაცვეთილი სახეების სიჭარბე, თუმცა ეს ყველაფერი ნაკლებად გამაღიზიანებელი ჩანს, რადგან ინდივიდუალური იდიოლექტითა და სინტაქსით არის შეფუთული. მისი უმსუბუქესი, ნაივური ლირიკა გალაკტიონის და ცისფერყანწელების ჰერმეტულობის და სიმბოლიზმის მკვეთრ ანტიპოდს წარმოადგენს. მისი პოეზია იმდენად პოპულარული იყო, რომ აკაკისთან და ვაჟა-ფშაველასთან ერთად საღამოებზეც კი გამოდიოდა (ზოგიერთი, როგორც პოეტს, მათ გვერდითაც კი აყენებდა). ვაჟაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ აკაკის მისი პოეზია ნამდვილად მოსწონდა, ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ თავისი ხელით ჩაუწერია ბლოკნოტში მისი ერთ-ერთი ლექსი.

სწორედ ამ უსაზღვრო პოპულარობით უნდა აიხსნა ის აბსურდული მითი, თითქოს თავიდან გალაკტიონიც კი გრიშაშვილს ჰბაძავდა. გალაკტიონის ადრეულ ლირიკაში აკაკის ინტონაციურ გავლენასთან ერთად, რამდენიმე რუსი პოეტის კონცეპტუალური გავლენა უდავოდ იგრძნობა, მაგრამ გრიშაშვილის კვალი არსად ჩანს. მოგვიანებით თვითონ გალაკტიონიც გამოეხმაურა ამ ამბავს:

„ამ სიტყვით ვამთავრებ
ამ ამბავს, ამ იგავს,
ან ლექსი, ან სახე
სოსოსას რა მიგავს!”.

ამ ქრონოსკოპული დისტანციიდან, გრიშაშვილის სატრფიალო ლირიკა, ალაგ-ალაგ ღიმილის მომგვრელი პათეტიკის მიუხედავად, უდავოდ ახალი ეტაპია ქართულ პოეზიაში. თუმცა ათიანი წლების ბოლოსკენ გრიშაშვილი უკვე თვითეპიგონიზმში იყო გადავარდნილი და წინა პერიოდის სიცოცხლით სავსე ლექსების ერზაცებსღა წერდა. ამას ტიციან ტაბიძეც შენიშნავს ერთ თავის წერილში, სადაც დაახლოებით ასეთ რამეს ამბობს: გრიშაშვილმა თავის პოეზიაში რამე თუ არ შეცვალა, დააჭკნება თავზე ეგ დაფნის გვირგვინებიო (ბარემ, აქვე: ოცდაათიანი წლების დასაწყისში მწერალთა კავშირის სხდომაზე ტიციანმა და გრიშაშვილმა ერთმანეთს ხელი გაარტყეს, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია გრიშაშვილისთვის, რეპრესიების შემდეგ, ტიციანისა და სხვა რეპრესირებული მწერლების ავტოგრაფიანი წიგნები კასრში ჩაეწყო და ეზოში დაემარხა, ასე გადაარჩინა ეს წიგნები).

საბჭოთა რეჟიმის წნეხთან ერთად გრიშაშვილი პოეზიას თითქმის ჩამოშორდა, სამეცნიერო კვლევებზე გადაერთო, ცოტას წერდა, თემატურადაც თითქოს უფრო პოლიქრომული გახდა, მაგრამ მთელი იმ ათწლეულების განმავლობაში პირველი პერიოდის ლირიკის დარი ვერც ვერაფერი დაწერა. გრიშაშვილის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით 1989 წელს გამოცემული მისი რჩეული ლექსების კრებული მაქვს, რომლის მოცულობის დაახლოებით ოთხმოცდახუთი პროცენტი სწორედ ათიან წლებში დაწერილ ლექსებს უკავია. ბლოგს დავასრულებ, ბუკინისტებში ნაყიდი, აღნიშნული კრებულის პირველ გვერდზე ფანქრით გაკეთებული წარწერით:

„იცოდეთ, არ დამიკარგოთ, თორემ გრიშაშვილის შემოქმედებაზე ამის მეტი არაფერი მაბადია! მათემატიკა გულზე არ გეხატებათ და იქნებ პოეზიამ მოგარჯულოთ.

ლალი

/ნაწერი საშლელით წაშალე/”

 

ფოტო: https://www.vangogen.com.ge/2019/07/grishashvili-kaliaevis-agmarti.html

ამერიკული საბავშვო ბაღები

0

ისტორიულად შეერთებული შტატები ის ქვეყანა, სადაც ჯერ კიდევ ცოცხალია დიდი ოჯახის კულტი. ამერიკელებისთვის იდეალური ოჯახის სურათი ასეთია: დიდი სახლი, სულ ცოტა სამი შვილი და ძაღლი. ყველა ბავშვს თავისი ოთახი აქვს, დედა დიდ დროს ატარებს სახლში, მამა კი გვიან ბრუნდება სამსახურიდან. აშშ-ში ფაქტობრივად დეკრეტული შვებულება არ არსებობს. იქ არც საჯარო საბავშვო ბაღებია და თუ ერთზე მეტი შვილი გყავს, მაშინ საბავშვო ბაღი უბრალოდ წამგებიანი სიამოვნებაა, რადგან ძალიან ძვირი ჯდება. ბევრად უფრო ადვილია ძიძის აყვანა, ვიდრე ორი-სამი ბავშვის საბავშვო ბაღში ტარება.

შეერთებულ შტატებში ყველა ბაღი კერძოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაღში მოხვედრა არცთუ რთულია. თუმცა რეგისტრაციის გავლა უმჯობესია ერთი წლით ადრე, განსაკუთრებით მაშინ, თუ რაიონი, სადაც ოჯახი ცხოვრობს, მჭიდროდ არის დასახლებული და ბაღიც პრესტიჟულია (ტიპური საოჯახო). ამ შემთხვევაში თქვენი ბავშვი ბაღის გარეშე ნამდვილად არ დარჩება.

საბავშვო ბაღების ფასები შტატების მიხედვით განსხვავებულია. თვეში 800 დოლარზე ნაკლები პრაქტიკულად არცერთი ბაღი არ ღირს. საშუალოდ ის 1000-1500 დოლარი ჯდება. თუ მშობელს საბავშვო ბაღი ბავშვის დაბადებიდან სჭირდება, მაშინ ფასი კიდევ უფრო მაღალია.

უმეტესწილად, ბაღები გათვალისწინებულია 3-5 წლის ბავშვებზე. ხუთი წლის შემდეგ უკვე იწყება kindergarten, ანუ სრულფასოვანი დაწყებითი სკოლა. ნებისმიერ საბავშვო ბაღს აქ pre-school-ს, ანუ სკოლამდელს უწოდებენ.

აშშ-ში თითოეული ბაღი ცალკე სახელმწიფოა, რომელსაც თავისი კანონები აქვს. ყველას აქვს თავისი წესები და რეჟიმი. თითქმის შეუძლებელია ორი იდენტური ბაღის პოვნა, თუ ეს რაიმე სახის ქსელს არ წარმოადგენს.

მაგრამ არის რაღაც, რაც აშშ-ში საბავშვო ბაღებს აერთიანებს. ყველა ბაღი საღამოს 5 საათამდე მუშაობს. ბაღის პოვნა, რომელიც საღამოს 6-7 საათამდეა ღია, რთულია. ხშირად, მომუშავე მშობლები იძულებული არიან, იქირაონ ძიძა, რომელიც ბავშვს ბაღიდან გამოიყვანს.

ზოგადად, აშშ-ში საბავშვო ბაღები ორ კატეგორიად იყოფა: პირველი სრულ განაკვეთზე (დღის ბაღში) მუშაობს, მეორე დღეში 3-4 საათს, კვირაში 4 დღე.

საბავშვო ბაღები აშშ-ში განიხილება არა როგორც ბავშვის მეთვალყურეობის ქვეშ მიბარების შესაძლებლობა, სანამ დედა სამსახურშია, არამედ როგორც სოციალიზაციის, სკოლისთვის მომზადების ვარიანტი. ამასთან, თავად საბავშვო ბაღებს სკოლებთან საერთო არაფერი აქვთ. საბავშვო ბაღში ბავშვმა ანბანიც რომ ისწავლოს, kindergarten-ში ყველაფრის სწავლა მაინც პირველი ასოდან მოუწევს.

ასევე არსებობს pre-K კ-მდე სახელმწიფო კლასი – ეს არის განათლების პირველი საფეხური, რომელიც უკვე სკოლად მიიჩნევა. აქ ბავშვებს 4 წლის ასაკიდან იღებენ. მაგრამ ამავე დროს ეს საფეხური არჩევითია.

ჩვენს წარმოდგენაში, ყველა საბავშვო ბაღს აქვს სათამაშო ოთახი და საძინებელი შუადღის ძილისთვის, ასევე დარბაზი ფიზიკური აღზრდისა და მუსიკის გაკვეთილებისთვის. აშშ-ში განსხვავებული მიდგომებიც გვხვდება: ყველაფერი ერთ ოთახშია თავმოყრილი, მაგრამ გამოყოფილია ფუნქციური ზონები.

არის ზოგიერთი  ბაღი, სადაც ბავშვებს თუ მოისურვებენ ფეხსაცმლითაც კი შეიძლება ეძინოთ. ეს დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან. იმ შემთხვევაში, თუ ბაღში ხანძარი გაჩნდა ან თუ რაიმე მიზეზით საჭირო გახდა შენობის დატოვება, ბავშვს, რა თქმა უნდა, არ ექნება დრო, რომ ფეხსაცმელი ჩაიცვას. ითვლება, რომ ჩაცმული ფეხსაცმელი ბევრ რისკს ამცირებს.

ზოგიერთ ბაღს  დაავადებებისადმიც  განსხვავებული მიდგომა აქვს. ხველა, ცხვირიდან გამონადენი – არ გახლავთ საბავშვო ბაღის გაცდენის მიზეზი. გაცდენის მიზეზი მხოლოდ მაღალი ტემპერატურა შეიძლება იყოს. ყველა მშობელი, საბავშვო ბაღთან ხელშეკრულების გაფორმებისას, ხელს აწერს უამრავ ქაღალდს, მათ შორის, რა სამედიცინო მანიპულაციები შეიძლება ჩაუტარდეს ბაღში მის შვილს: დაუმუშავდეს თუ არა ნატკენი ანტისეპტიკით, შეუხვიონ თუ არა ჭრილობა. რაც არ უნდა შეემთხვეს ბავშვს, მშობლებს აუცილებლად ატყობინებენ. ბაღში არ არის ჯანდაცვის მუშაკი, სამედიცინო გამოკვლევას და აცრებს ბაღში არ ატარებენ.

რას უმზადებენ ბავშვებს – საუზმეზე ფაფას თუ ლანჩზე წვნიანს? ბავშვებს აქ ამით არ აწამებენ. ყველა საბავშვო ბაღი თავად ადგენს მენიუს. თუ ბავშვი ბაღში დღეში მხოლოდ 3-4 საათია, მაშინ მხოლოდ ის ეკუთვნის, რასაც მშობელი ლანჩ ყუთით ჩაუდებს. თუ ბავშვი მთელი დღეა საბავშვო ბაღში, მაშინ როგორც გაუმართლებს. შეიძლება მშობელს სთხოვონ, რომ საკვები მოუმზადოს.

თუ ბავშვს საჭმელი ბაღში ეძლევა, ეს არის ლანჩი (ჩვენებური სადილი) და შუადღის კვება. ლანჩი, როგორც წესი, მაკარონი და ყველია, პიცა, შემწვარი ქათმის ხორცი, ზოგჯერ პომიდორი ან კიტრი, იშვიათად ხილი. ჩვეულებრივ, ხილის ნაცვლად ბავშვებს აჭმევენ ცომიანს, ტკბილს და ცხიმიან რამეს, რაც ძალიან უყვართ და რაც ძნელად ემთხვევა მშობლების წარმოდგენას ჯანსაღ და სწორ კვებაზე. აქ ვერ ნახავთ ჩაშუშულ კომბოსტოს და ორთქლზე მომზადებულ თევზს, ზოგჯერ შეიძლება შემოგთავაზონ ბროკოლი ან ყვავილოვანი კომბოსტო, ისიც იშვიათად.

სამაგიეროდ, საბავშვო ბაღებში არის კარგად ორგანიზებული სათამაშო სივრცე, სადაც ძიძები ბავშვზე ზრუნვასა და მეთვალყურეობას უზრუნველყოფენ. ბავშვები აქ ხატავენ, აფერადებენ, ძერწავენ, ამზადებენ ხელნაკეთობებს, თამაშობენ მოედანზე და მღერიან სიმღერებს ანბანსა და რიცხვებზე, ეცნობიან ფერებსა და ფორმებს. როგორც წესი, წლის ბოლოს, ყველა ამ სიმღერის წყალობით, ბავშვებმა ანბანი და 10-მდე რიცხვები იციან. სულ ესაა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს საერთაშორისო ბაღების მსხვილი ქსელი, რომელიც დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში ბავშვის ცურვაზე, ჩოგბურთსა და ფრანგულზე ტარების შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ეს ძალიან ძვირია და ამ ბაღებში მოხვედრაც რთულია.

ბაღებში მასწავლებლები ბავშვებს ყოველთვის ღიმილით ხვდებიან. მათ არავინ უყვირის და ლანძღავს. მასწავლებლებს ეშინიათ სამსახურის დაკარგვის. არავის უნდა, რომ ბავშვმა მშობელთან უჩივლოს.

pre-K-ში უკვე სწავლის მაგვარი იწყება. ბავშვები სწავლობენ საკუთარი სახელის წერას. პერიოდულად აწყობენ თემატურ დღეებს: „პიჟამას დღეები“ ან „წაღმა-უკუღმა დღე“, როცა შეგიძლია სხვადასხვა წინდით, ფეხსაცმლით, ან უკუღმა ჩაცმული ტანსაცმლით მოხვიდე და ა.შ. ტარდება მადლიერების დღე ლანჩით, სადაც მშობლებისთვის შოუც არის წარმოდგენილი. აქვთ საშობაო სპექტაკლი საკლასო ოთახში.

 

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

ციფრული რესურსები და მათი მნიშვნელობა სასწავლო პროცესში

0

ციფრული საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება გაკვეთილზე, მისი სხვადასხვა მეთოდითა და ინსტრუმენტით გაჯერება არის სასწავლო პროცესის სრულყოფისა და ოპტიმიზაციის უმნიშვნელოვანესი ასპექტი, რაც მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის სწავლა-სწავლების პროცესს.

ზემოაღნიშნულის განხორციელების აუცილებელი პირობა ტრადიციული სწავლების მეთოდების თანამედროვე ტექნოლოგიებთან ჰარმონიული თანხვედრაა. ამ საქმეში საგანმანათლებლო ციფრული ტექნოლოგიები გვიხსნიან ახალ შესაძლებლობებს.

სწავლა-სწავლების თეორიებიდან დღეს ძალიან აქტუალურია კონსტრუქტივიზმი, რომელიც სწავლას განსაზღვრავს, როგორც გამოცდილებიდან ცოდნის აგებას. კონსტრუქტივიზმის  პარადიგმის თანახმად, მოსწავლე ცოდნის მშენებელი და სწავლების აქტიური მონაწილეა; მოსწავლე არ არის ცოდნის პასიური მიმღები და დამგროვებელი. კონსტრუქტივიზმის არსი მოიცავს ხუთი საგანმანათლებლო პრინციპის რეალიზაციას:

  • მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას,
  • ახალი ცოდნის აგებას წინარე ცოდნაზე დაყრდნობით,
  • ცოდნის სამივე კატეგორიას: –
  1. დეკლარაციული/კონცეპტუალური ცოდნა (პასუხობს კითხვას: რა ვიცი?)
  2. პროცედურული/დინამიკური ცოდნა (პასუხობს კითხვას: როგორ გავაკეთო?
  3. ფუნქციური/პირობისეული/ტრანსფერული ცოდნა (პასუხობს კითხვას: როდის და რატომ გამოვიყენო მიღებული ცოდნა?);
  • მიღებულ ცოდნათა ურთიერთდაკავშირებასა და ორგანიზებას;
  • სწავლის სწავლას ანუ სწავლის სტრატეგიების დაუფლებას.

კონსტრუქტივიზმს სხვანაირად უწოდებენ სწავლას კეთებით. მოსწავლის მიერ კონსტრუქტივიზმის არსის რეალიზებისა და  თავად ახალი ცოდნის აგების მიზნით, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროცესის აგება სწავლების ინტერაქტიურ ფორმებზე. ამ დროს მოსწავლე თავადაა მთავარი მოქმედი ფიგურა და თავად ხსნის გზას ცოდნის ათვისებისკენ. მასწავლებელი აქტიური დამხმარეა და მისი უმთავრესი ფუნქცია სასწავლო პროცესის ორგანიზება და სტიმულირებაა.

სასწავლო პროცესში მულტიმედიური საშუალებების გამოყენება საშუალებას გვაძლევს:

  • მოვახდინოთ განათლების ჰუმანიზაცია;
  • გავზარდოთ სასწავლო პროცესის ეფექტურობა;
  • განვავითაროთ მოსწავლეთა პიროვნული თვისებები;
  • გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ინდივიდუალური და ასაკობრივი თავისებურებები, მათი საჭიროებები;
  • დავეხმაროთ მოსწავლეებს დამოუკიდებელ სასწავლო საქმიანობაში, რაც მიზნად ისახავს მათ თვითორგანიზებულ და თვითგანვითარებულ პიროვნებებად ჩამოყალიბებას;
  • გაკვეთილები ვაქციოთ ემოციურად და დასამახსოვრებლად;
  • შევცვალოთ მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის ხარისხი;
  • ობიექტურად შევაფასოთ მოსწავლის ცოდნა.

რომელი ციფრული რესურსები შეგვიძლია აქტიურად გამოვიყენოთ სასწავლო პროცესში?

v  https://learningapps.org – შექმნილია სწავლა-სწავლების მხარდასაჭერად მცირე, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინტერაქტიური სავარჯიშოების საშუალებით, რომლებიც იქმნება ონლაინ და შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასწავლო პროცესში. სავარჯიშოების შესაქმნელად საიტი გვთავაზობს რამდენიმე შაბლონს (სავარჯიშოები კლასიფიკაციაზე, ტესტები მრავალფეროვანი არჩევანით და ა. შ.)

https://learningapps.org/display?v=pnfba04nk23

  • https://com – ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური პლატფორმა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევაგროვოთ, გავაზიაროთ და ორგანიზაციული სახე მივცეთ ყველა მულტიმედიურ რესურს, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, დაამატოს მრავალი შინაარსის ელემენტი. კოლექციები შეიძლება შეიქმნას ინდივიდუალურად და კოლექტიურად. პლატფორმის მოქნილობა საშუალებას გვაძლევს, ავირჩიოთ, როგორ ვიმუშაოთ.

https://wakelet.com/wake/Nqut81r8DA6zdGlh90ff1

  • https://genially.ly – პლატფორმა ინტერაქტიური კონტენტის შესაქმნელად. ერთიანი ინსტრუმენტი დიდაქტიკური რესურსებისთვის, პრეზენტაციებისთვის, თამაშებისთვის, ინტერაქტიური სურათებისთვის, რუკებისთვის, ილუსტრირებული პროცესებისთვის, რეზიუმეებისთვის და ა. შ.

https://view.genial.ly/6285d62da3ae520011f46c77/interactive-content-leksika-grammatika

  • https://wordwall.net – შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ინტერაქტიური, ისე ბეჭდური მასალების შესაქმნელად, რისთვისაც საიტი გვთავაზობს მრავალფეროვან შაბლონებს. შაბლონები მოიცავს: კროსვორდებს, ვიქტორინებს, არკადულ თამაშებს, როგორიცაა დევნა ლაბირინთში, თვითმფრინავი, აგრეთვე, კლასის მართვის ინსტრუმენტებს, მაგალითად, განლაგების გეგმა და ა. შ.

https://wordwall.net/resource/32630618

  • https://jigsawplanet.com – მილიონი უფასო ფაზლი, რომლებიც შეგვიძლია თავად შექმნათ სურათისა ან/და კოლაჟის ატვირთვით, შაბლონის გამოყენებით და შემდეგ მოსწავლეებმა ითამაშონ, თავსატეხი ამოხსნან, გაუზიარონ ან გამართონ კონკურსი სხვა მომხმარებლებთან.
  • https://kahoot.com/ – პოპულარული სასწავლო პლატფორმა ვიქტორინების, ტესტების შექმნისა და საგანმანათლებლო თამაშებისთვის.

https://create.kahoot.it/details/db908ed3-b06e-497f-b4cc-2bf80dcd6c3c

  • https://quizizz.com – კიდევ ერთი საინტერესო და მოსახერხებელი პროგრამა ონლაინ ტესტირებისთვის, ვიქტორინების, დიდაქტიკური თამაშებისა და ტესტების შესაქმნელად.

https://quizizz.com/admin/quiz/63ac1e51a0aeae001d84dfa0?source=quiz_share

  • https://www.gimkit.com – ახალი, თამაშზე დაფუძნებული განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი, რომელშიც მოსწავლეები იყენებენ მრავალ სტრატეგიას ვიქტორინის კითხვაზე პასუხის გასაცემად. დავალების ტიპები: კითხვები რამდენიმე სავარაუდო პასუხით, ტექსტის სტრიქონის შეყვანა, აუდიო დავალება.

https://www.gimkit.com/view/63a998d728fd0f0021994dd5

  • https://www.playpos.it – ინტერაქტიური ვიდეოს შექმნის პლატფორმა. ვიდეო შეგვიძლია თავად შევქმნათ, გადმოვწეროთ ან მივუთითოთ ბმული. რის შემდეგაც კლიპი მზადაა რედაქტირებისთვის და ის შეგვიძლია გარდავქმნათ საგანმანათლებლო ინტერაქტიურ მასალად. ინტერაქტივი მოიცავს: ყურებამდე ან მის შემდეგ კითხვების დასმას, განხილვას, ღია და დახურულ კითხვებს. შეიძლება სუბტიტრების მითითება, შესრულებული სამუშაოს რედაქტირება, შექმნილი ვიდეოს არასასურველი ეპიზოდის მოჭრა.

https://app.playpos.it/go/share/1694373/1624257/0/0/-234—

შეგვიძლია თამამად დავასკვნათ, რომ ციფრული რესურსები არის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ორგანიზაციის ერთ-ერთი ეფექტური ხერხი და მათი სწორი, გონივრული და შემოქმედებითი გამოყენება ეფექტური საშუალებაა საგანმანათლებლო პროცესში დასახული მიზნების მისაღწევად.

 

 

შემოქმედებითი აზროვნების განვითარება მათემატიკის სწავლების პროცესში

0

შემოქმედებითი აზროვნება არის მოვლენათა ახლებურად ხედვის და პრობლემათა გადაჭრის ორიგინალური, მანამდე არარსებული გზის პოვნის უნარი. შემოქმედებითი აზროვნების განმასხვავებელ ნიშნად ითვლება იდეათა ახლებური კავშირებისა და შეხამებების პოვნა. მაშასადამე, შემოქმედებითი აზროვნება არის რთული სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომელიც პრობლემის გადაჭრისას არასტანდარტული პასუხების მიგნების შესაძლებლობას იძლევა. ეს არის რაიმეს ახალი გზით კეთება ან დანახვა, რომელიც ხასიათდება იდეების სიმრავლით, მრავალფეროვნებით(მოქნილობა, საკითხის სხვადასხვა კუთხით დანახვა), სიახლით(ორიგინალობით) და გარდაქმნის უნარით(ძველი იდეების საფუძველზე ახლის შექმნა).

როგორც შემოქმედებითი აზროვნების ერთ-ერთი გამოჩენილი მკვლევარი ედუარდ დე ბონო მიიჩნევს, არ არის აუცილებელი, შემოქმედებითი პროცესი კოლექტიურ შრომად გადავაქციოთ. „შესაბამისი გარემოს შექმნითა და კარგად შერჩეული მეთოდების გამოყენებით ინდივიდი შეიძლება ბევრად უფრო ეფექტიან შემოქმედებით ნატურად ვაქციოთ, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოავლენს ამ უნარს“ (ე. ბონო, 2005:245). ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მეცნიერთა დიდი ნაწილი აზროვნებას ინდივიდის პიროვნულ თვისებად თვლიდა და მის გაუმჯობესებას შეუძლებლად მიიჩნევდა. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ შესაძლებელია კრეატიულობის განვითარება, გაძლიერება და ხელშეწყობა ერთი ადამიანის ან ჯგუფების გარემოს საშუალებით.

შემოქმედებითი აზროვნების კვლევისას ითვალისწინებენ არა მხოლოდ აზროვნების პროცესს და პროდუქტს, არამედ თავად პიროვნებას, რადგან სწორედ ის ახორციელებს შემოქმედებით აქტს და ქმნის ახალს. შემოქმედებითი აზროვნებისას ადამიანი აზროვნებას ერთი კონკრეტული საკითხით იწყებს, მაგრამ კვლევა-ძიების პროცესში სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება, რის შედეგადაც წარმოიშობა მრავალფეროვანი, ფართო, საინტერესო არჩევანი. ეს არის რაიმეს ახალი გზით კეთება ან დანახვა, რომელიც ხასიათდება იდეების სიმრავლით, მრავალფეროვნებით, სიახლითა და გარდაქმნის უნარით.

კვლევების მიხედვით, მათემატიკის გაკვეთილზე შემოქმედებითი აზროვნების განვითარების შემაფერხებელი ფაქტორებია:

  • აქცენტი კეთდება ცოდნის დაგროვებაზე და არა მის გაგება-გააზრებაზე;
  • მოსწავლეებს ნაკლებად ეძლევათ არჩევანის გაკეთების საშუალება;
  • არ ხდება გონივრული რისკების სწორი შეფასებები, წახალისებები, რომელიც დაეხმარება მათ შეცდომების მიმართ შიშის დაძლევაში;
  • აქცენტი არ კეთდება აქტივობებზე, რომელიც ხელს შეუწყობს იდეების წარმოშობას;
  • ნაკლებად ხდება პრობლემის სხვადასხვა კუთხით განხილვა და მისი ორიგინალური გადაწყვეტა;
  • სჭირდებათ გარემო, სადაც აქვთ თავისუფლება გამოხატონ საკუთარი აზრი, რომელიც ჩარჩოში არ არის მოქცეული და გახსნილია ახალი იდეებისთვის;

აქცენტი გადატანილია შედეგზე და არა შექმნის პროცესზე.

მინდა გაგიზიაროთ ჩემ მიერ გამოყენებული რამდენიმე აქტივობა პრობლემის გადასაწყვეტად.

გონებრივი იერიში(Brain storming)

მიზანი: შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების განვითარება.

აქტივობის დასაწყისში, ელექტრონული რესურსის გამოყენებით, მოსწავლეებს გავაცანი მეთოდის ფუძემდებლის, ოსბორნის მიერ შემუშავებული რამდენიმე ძირითადი კანონი, რომლებიც კრეატიული იდეების შეგროვების აუცილებელი გარანტია.  პროცესის მოდერატორი იყო ერთ-ერთი მოსწავლე, რომელმაც მკაფიოდ ჩამოაყალიბა  საკითხი, კონკრეტული კითხვების დასმით.

ამოცანა:  გამოიყენეთ სხვადასხვა ხერხი და დაასაბუთეთ, რომ ტრაპეციის ფერდების შემცველი წრფეების გადაკვეთის წერტილი და ფუძეების შუა წერტილები ერთ წრფეს ეკუთვნის.

ჯგუფიდან წამოსული ყველა იდეა(დასაბუთების ხერხები) კრიტიკის გარეშე, მოდერატორმა დააფიქსირა ფლიპჩარტზე. აქტივობის ამ  ეტაპზე, რომელსაც 10 წუთი დაეთმო, მონაწილეებმა გამოამჟღავნეს მაღალი სააზროვნო უნარები. შემდეგ დაიწყო იდეების გაცხრილვა, იმ წინადადებების უარყოფა, რომლებიც ხელს ვერ შეუწყობენ პრობლემის მოგვარებას. აღსანიშნავია, რომ მოდერატორი არ გამოხატავდა არც ერთი იდეისადმი თავის დამოკიდებულებას. ბოლოს, დაძაბული შემოქმედებითი მუშაობის შემდეგ, ერთმანეთთან შეთანხმების საფუძველზე, საკლასო დისკუსიის გზით, წარმოადგინეს პრობლემის მოგვარების ყველა შესაძლო გზა, ამომწურავად იყო პასუხი გაცემული ყველა კითხვაზე.

ერთ-ერთმა  ჯგუფმა ოთხი სხვადასხვა ხერხით შეძლო დასაბუთება-სამკუთხედების მსგავსებით, ვექტორების გამოყენებით, ფართობების ფორმულებით, კოორდინატების მეთოდით, დანარჩენმა ჯგუფებმა-ორი ან სამი ხერხით. ბოლოს გაიმართა დისკუსია, სადაც გამოყენებული გზების შესახებ იყო მსჯელობა. დაიწყო შედარება, შეფასება. უმრავლესობამ ყველაზე ორიგინალურ გადაწყვეტილებად ჩათვალა  სამკუთხედების მსგავსების ნიშნების გამოყენება. შესაბამისი არგუმენტების მოყვანით დაასაბუთეს ამ ხერხის უპირატესობა.

გამოყენებული დავალება, მოითხოვდა პრობლემის რამდენიმე გზით  გადაწყვეტას, იდეების ძიებას. მოსწავლეები თამამად გამოთქვამდნენ მოსაზრებებს, რომლებიც არავის გაუკრიტიკებია. მოხდა იდეების ერთობლივი განხილვა ყველაზე პრაქტიკული გადაწყვეტილების მიღებამდე.  მოსწავლეები აღნიშნავდნენ, რომ შესაძლებელია ერთსა და იმავე ამოცანას ამოხსნის სხვადასხვა გზა ჰქონდეს და თითოეული მათგანი სწორი და შედეგიანი იყოს. აქტივობის ბოლოს, ერთმა მოსწავლემ გამოთქვა სურვილი შეექმნათ  განხილული ამოცანის ანიმაცია(https://9bklasi52.blogspot.com/), მას მალე გამოუჩნდა თანამოაზრეები, მომდენო გაკვეთილზე დემონსტრირება გავუკეთეთ მათი შემოქმედების შედეგს. იდეა კრეატიული იყო, მიმართული იყო შედეგის გაუმჯობესებისკენ და მისთვის ხელი არ შემიშლია.  თუმცა, შევახსენე მათ, რომ ყველანაირ გადაწყვეტილებას აქვს მიზანი, რომელიც აუცილებელია წინასწარ განსაზღვრო. შედეგზე მეტად,  შექმნის პროცესზე  გავამახვილე ყურადღება, მაინტერესებდა ის წინააღმდეგობები, რაც შეხვდებოდათ და როგორ შეძლებდნენ მათ გადალახვას. ბლოგზე მუშაობის პროცესს ყურადღებით ვადევნებდი თვალყურს.

მეთოდს, თითქმის ყოველთვის ვიყენებ გაკვეთილის ნებისმიერ ფაზაზე, მოსწავლეთა წინასწარი მომზადების გარეშე და მეხმარება საკითხის სხვადასხვა კუთხით განხილვაში, მაგალითად, „წერტილთა გეომეტრიული ადგილის“ პოვნის პრობლემის გადაჭრის დროს (კოორდინატთა მეთოდი, პითაგორას თეორემა), განმტკიცების ეტაპზე, სადაც მოსწავლეები საინტერესო მოსაზრებებს წარმოადგენენ და შემდეგ ამ ხერხებს ადარებენ ერთმანეთს, საუკეთესო ვარიანტის შესარჩევად. ეფექტიანია მისი გამოყენება საწყის ეტაპზეც, ახალი თემის შესწავლისას. თუმცა, ამჯერად  დავგეგმე გაკვეთილი, რომელიც ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარების გაძლიერებას ემსახურება, მოსწავლეებს  კიდევ ერთხელ, უფრო ვრცლად ვაჩვენე, რომ ერთსა და იმავე ამოცანას შეიძლება გადაწყვეტის რამდენიმე გზა მოვუძებნოთ და თითოეული მათგანი იყოს სწორი და  შედეგიანი.

დისნეის „აზროვნების სამი სკამი“.

მიზანი: გეომეტრიული გარდაქმნების პრაქტიკულ-საპროექტო ამოცანებში გამოყენების გაცნობით მოსწავლემ გაიფართოოს თვალსაწიერი, წარმოდგენა იქონიოს და თავად გახდეს შემოქმედი გეომეტრიული გარდაქმნების კვლევისას.

მოსწავლეებს ვესაუბრე ანიმაციური ფილმების ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და პროდიუსერის უოლტ დისნეის   ცხოვრების შესახებ – როგორ დაიწყო საქმიანობა პატარა, უცნობმა მწარმოებელმა და როგორ გაითქვა მთელ მსოფლიოში  სახელი თავისი შემოქმედებითი და წარმოსახვითი აზროვნებით. გავაცანი მათ დისნეის სასწავლო მეთოდი, რომლის სტრატეგიის არსი ასეთია: პრობლემის ხედვა სამ სხვადასხვა პერსპექტივაში და მოიცავს ინტუიციურ-კრეატიულ ელემენტებს.

მეოცნებეების, რეალისტების და კრიტიკოსების ჯგუფებმა ფუნქციების განაწილების შემდეგ, როლები მოირგეს. თავიდან მივეცი სრული თავისუფლება ფანტაზიის გამოვლენისთვის, საინტერესო და  მრავალფეროვან თემებს შორის, მეოცნებეების ჯგუფმა, ბოლოს  „დროის მანქანის“ შექმნის იდეა წარმოადგინა, ისაუბრეს  მისი  აუცილებლობის  შესახებ, გაიხსენეს ფილმები, სადაც აღწერილია მისი გამოყენებით დროში მოგზაურობა, თუმცა რეალისტებმა აღნიშნეს, რომ  იდეის პრაქტიკულად განხორციელების შანსი ნაკლებად არსებობს, ისაუბრეს მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, ხოლო კრიტიკოსებმა შეაფასეს საკითხი, აღნიშნეს ხელის შემშლელი ფაქტორები.  თამაშმა ძალიან დადებითი ემოცია და განწყობა გამოიწვია, რომელიც აზროვნების მნიშვნელოვანი ნაწილია. შემდეგ მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა და მიზანი, დაიწყო პრობლემის  გადაწყვეტის პროცესი : ორი დასახლებული პუნქტი გზის ერთ მხარესაა. რა ადგილას უნდა შევარჩიოთ გზაზე ავტობუსის  გაჩერება, რომ დასახლებული პუნქტები  ამ გაჩერების გავლით ერთმანეთს  უმოკლესი გზით დაუკავშირდეს?  მათემატიკის გამოყენება ამ პრაქტიკული ამოცანის ამოხსნისას სხვადასხვა დაშვებას მოითხოვს. მეოცნებეების ჯგუფმა მრავალფეროვანი იდეებით ფანტაზიის უსაზღვრო ნიჭი გამოავლინა, ამ ეტაპზე ყველა აზრი მისაღებია, დაფაზე  ყველა მათგანი ჩამოვწერე, შემდეგ რეალისტების ჯგუფმა პრობლემა პრაგმატულად გაანალიზა, იმსჯელეს, მიზნის შესაბამისი იყო თუ არა დასახელებული რამდენიმე იდეა,  შეესაბამება ეს იდეები მიზანს? იქნება თუ არა ეს გზა უმოკლესი? ვთქვათ, დასახლებული პუნქტები A და  B წერტილებია, ვეძებთ წრფეზე იმ C წერტილს, რომლისთვისაც AC+CB უმცირესია. მესამე-ჯგუფმა დასვა კითხვები, როგორ ვიპოვოთ მანძილი? არის თუ არა ეს გზა უმცირესი სიგრძის სხვა მარშრუტთან შედარებით? რა შეიძლება გაუმჯობესდეს, ისაუბრეს იდეის რისკებზე, იმაზე, თუ რა გამორჩათ მხედველობიდან?

ბოლოს მოხდა მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება და პრობლემის გადაჭრა.

მეთოდის გამოყენებამ საშუალება მომცა წამომეჭრა პრობლემა, რასაც მოჰყვა   მოსწავლეების ჩართვა მისი გადაწყვეტის გზების ძიებაში.  ეს მეთოდი ხელს უწყობს სტერეოტიპების მსხვრევას, სრულიად ახალი, თამამი იდეების გენერირებას.

მეთოდის გამოყენება პოზიტიური აღმოჩნდა თემის „გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენების“ შესწავლის დროს, ვინაიდან ეს საკითხი, ჩემი დაკვირვებით, მოსწავლეებში ყოველთვის ნაკლებად საინტერესო იყო და ბევრჯერ მიფიქრია, რა მეთოდებით მიმეწოდებინა იგი მათთვის. შემოქმედებითმა მიდგომამ პრობლემის გადაწყვეტას შეუწყო ხელი.

ბონოს „აზროვნების ექვსი ქუდი“.

მიზანი:  ცოდნის და გამოცდილების გამოყენება ექვსი მიმართულებით.

მოსწავლეებს გავაცანი „აზროვნების ექვსი ქუდის“ მეთოდის გამოყენების პრინციპები და წესები. ექვსი სხვადასხვა ფერის ქუდი-თეთრი, შავი, წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი  ასახავს აზროვნების ძირითად ტიპებს.  ამ ქუდების დახურვით მოსწავლე ააქტიურებს იმ აზროვნებას, რომელიც შესაბამის ფერთან ასოცირდება. ამ აზროვნების ერთობლივი გამოყენება „გვაძლევს სრულყოფილ აზროვნულ შედეგს“. ვთქვათ, ხართ 100000 ლარის მფლობელი და გსურთ ამ თანხის სარფიანი გამოყენება. სად და როგორ დააბანდებდით ამ თანხას?

ჯგუფებმა აირჩიეს ლიდერები,  მათ მივეცი „ქუდების“  არჩევანის საშუალება. შეხვედრის ხელმძღვანელმა (ლურჯი ქუდი), მოკლედ გააცნო ჯგუფებს ქუდების კონცეფცია და ძირითადი პრობლემა. გეგმა:

ლურჯი ქუდი: განსაზღვრეთ რა არის მიზანი?

თეთრი ქუდი:  რა ვიცით, რა ინფორმაციას ვფლობთ, რა უნდა ვიცოდეთ ამოცანაში დასმული პრობლემის გადასაწყვეტად?

მწვანე ქუდი:  რა იდეები, გადაწყვეტილებები და გზები შესაძლებელია მოვიფიქროთ პრობლემის გადასაწყვეტად?

წითელი ქუდი:  რომელი იდეა გამოიყურება საინტერესოდ?

შავი ქუდი: დაუკვირდი, რა შესაძლო უარყოფითი შედეგი მოჰყვება გადაწყვეტილებას?

ყვითელი ქუდი: დაასაბუთეთ, რომ წარმოდგენილი იდეის განხორციელება იქნება უპირატესი და წარმატებული.

მრავალფეროვან იდეებს შორის ყველაზე საინტერესო, რაზეც შეთანხმდნენ, იყო თანხის დაბანდება სადაზღვევო კომპანიის დაარსებაში, რომელიც მხოლოდ ავტომანქანებს დააზღვევდა. ყველა ჯგუფმა თავისი ქუდის შესაბამისი პოზიციიდან განიხილა ეს იდეა.

პროცესის შედეგები შეაფასა ლურჯმა ქუდმა, ჯგუფმა ის სტრატეგიები დაასახელა, რომლებიც საჭიროა პრობლემის გადასაწყვეტად. გაკვეთილის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

იმისათვის, რომ გასაქანი მიმეცა მოსწავლეების ფანტაზიისთვის, წარმოსახვისთვის, გამოვიყენე როლური თამაშის  მოდელი, რომლითაც მათ საშუალება მიეცემათ პრაქტიკაში გამოიყენონ შეძენილი ცოდნა, სხვა ადამიანის როლის თამაშით მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, ერთსა და იმავე პრობლემას რამდენიმე განსხვავებული კუთხით შეხედონ, რაც მათ თვალსაწიერსა და მაღალ სააზროვნო უნარებს განუვითარებს. რეალური სიტუაციის სიმულაცია ძალიან სახალისო პროცესია, მაღალია მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია.

ეფექტური გადაწყვეტილების მიღების ეს ფსიქოლოგიური თამაში როლებით, გამოვიყენე არასტანდარტულ სიტუაციაში პრობლემის გადაწყვეტის მიზნით.  პრაქტიკული ამოცანა, რომელიც მოსწავლეებს განსახილველად მივეცი, ექვსი სხვადასხვა მიმართულებით უნდა შეესწავლათ. წარმოსახვის საოცარი უნარი და ფანტაზია გამოამჟღავნეს. ჩემთვის მოულოდნელი იყო, მრავალფეროვან იდეებს შორის, სადაზღვევო კომპანიის დაარსებაზე არჩევანის შეჩერება. ყველამ თავისი „ქუდიდან“ ისაუბრა იდეის შესახებ.  აქტივობამ იმდენად მაღალი დადებითი ემოცია გამოიწვია,  რომ  მეთოდი  შემდეგ ძალიან ბევრჯერ გამოვიყენე გაკვეთილებზე. მაგალითად, თუ მოსწავლეებს გაუჩნდათ კითხვა რომელიმე  თემიდან, დავსვამ პრობლემას, ვწერ დაფაზე ან ფლიპჩარტზე და „ექვსი ქუდის“მეთოდით იწყებენ მის განხილვას აზროვნების  სხვადასხვა მიმართულებით, რომლის დახმარებითაც ნებისმიერი საკითხი ადვილად ასათვისებელი და გამოსაყენებელი ხდება. მოსწავლეებს მოსწონთ, რომ შეუძლიათ დაასახელონ იდეები, შემდეგ შეაფასონ, მათ შორის გააკეთონ არჩევანი.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. გორგოძე ს., მ. ბოჭორიშვილი, ნ.ჭიაბრიშვილი, ქ.ჭიაბრიშვილი, გ.გახელაძე „ვისწავლოთ და ვასწავლოთ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, წარმოსახვითი განათლება“,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, თბილისი, 2010წელი;
  2. ბრუნერი ჯერომ, „აქტიური პრაქტიკული გამოცდილების როლი სწავლის პროცესში“ https://mastsavlebeli.ge/?p=1852;
  3. როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი,2007წელი.

 

 

 

წყვილებსა და ჯგუფებში მუშაობის ეფექტიანობა მოსწავლეთა თავდაჯერებულობის ამაღლებასა და ჩართულობაში

0

მეცხრე წელია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ვასწავლი ინგლისურ ენას.  მათთან ურთიერთობა ყოველდღიურად მიწევს. ხშირად ვფიქრობ, როგორ დავგეგმო გაკვეთილი ისე, რომ საბოლოო შედეგი არა მოსწავლეების მიერ ფაქტობრივი ინფორმაციის დამახსოვრება, არამედ მაღალ სააზროვნო უნარებზე გასვლა, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება და მათი მრავალმხრივი განვითარება იყოს, რათა მოსწავლეებმა შეძლონ ცოდნის ტრანსფერი რეალურ ცხოვრებაში. ვფიქრობ, ვგეგმავ და მივდივარ დასკვნამდე, რომ მცირე ჯგუფებსა და წყვილებში მუშაობა არსებითად მნიშვნელოვანია პედაგოგიურ მოღვაწეობაში.

პატარა ჯგუფებსა და წყვილებში მუშაობა დიდ როლს ასრულებს არატრადიციული, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების დროს. კვლევები გვიჩვენებს, რომ მსგავსი მიდგომებით სწავლებისას მოსწავლეებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ ,ისაუბრონ უცხოურ ენაზე, ვიდრე ტრადიციული,  მასწავლებელზე ორიენტირებული სწავლებისას. (Long and Porter, 1985).  თეორიული პერსპექტივიდან, პატარა ჯგუფებსა და წყვილებში მუშაობა ენის სწავლების ორ მთავარ თეორიას ეყრდნობა: ინტერაქციის ფსიქოლინგვისტური თეორია (Long-ის თეორიებზე დაყრდნობით (1983; 1996)) და სოციოკულტურული თეორია (ვიგოტსკის თეორიებზე დაყრდნობით (1978)). ორივე თეორია ორიენტირებულია ინტერაქციული სწავლების მნიშვნელობაზე.  ხოლო, როგორც ჰარმერი (2001: 207) განმარტავს „წყვილებსა და ჯგუფებში მოსწავლეთა მუშაობა არის ენის გამოყენების მყარი ინსტრუმენტი, რაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა აქტივობებისთვის, იქნება ეს მეტყველება (speaking), წერა (writing), კითხვა (reading) თუ სხვა.“

ვთანხმდებით იმაზე, რომ წყვილებსა და ჯგუფებში მუშაობა გადამწყვეტ როლს ასრულებს თანამედროვე სწავლებაში. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, მაშინ როცა ჩვენი სკოლის, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლისა და Global Partner-ის წარმომადგენელ ამერიკელ სპეციალისტებთან ხელშეკრულების საფუძველზე, ამერიკელი სპეციალისტები: – ლანეტ დელინგერი, რუთ დერიქი და მარა ჯონსონი – ჩამოვიდნენ ბათუმში. Global Partners-ს ჰყავს გამოცდილი, მაღალკვალიფიციური პედაგოგების ჯგუფი, რომლებიც ზრუნავენ მსოფლიო მასშტაბით მასწავლებლებისა და მოსწავლეების ინგლისური ენის გაღრმავებაზე. ისინი გვესწრებოდნენ გაკვეთილებზე, გვიბრუნებდნენ უკუკავშირებს, გვიზიარებდნენ  გამოცდილებას, გვაძლევდნენ რეკომენდაციებს და გვიტარებდნენ ტრენინგებს. ტრენინგებს უძღვებოდნენ გამოცდილი ამერიკელი პედაგოგები : ლანეტ დელინგერ – Global Partners-ის დირექტორი, რუთ დერიქ – Global Partners-ის დირექტორის მოადგილე, მარა ჯონსონ – Global Partners-ის. ტრენინგებზე გვაცნობდნენ სხვადასხვა წყვილში და ჯგუფებში მუშაობის ტექნიკებსა და აქტივობებს.

შემოგთავაზებთ ამერიკელი სპეციალისტების მიერ გაზიარებულ წყვილებსა  და ჯგუფებში მუშაობის აქტივობებს. შესაძლოა, თქვენ უკვე იცნობთ და იყენებთ კიდეც აღნიშნულ აქტივობებს, მაგრამ ვიღაცისთვის  ეს მეთოდი ახალი იყოს. (შემოთავაზებულია მხოლოდ აქტივობების აღწერა და არა მათი მიზნები, ცნებები და ესგ-სთან შესაბამისობა).  ესენია:

  1. “Interview your partner”– მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში და მასწავლებლის მიერ წინასწარ შემუშავებული საკვანძო სიტყვებითა და სამიზნე გრამატიკული სტრუქტურის მქონე შეკითხვების გამოყენებით თავიან მეწყვილეებს ინტერვიუს ართმევენ, პასუხებს ინიშნავენ და კლასის წინაშე წარადგენენ.
  2. “Tell me more”- მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში, მათ ურიგდებათ სხვადასხვა ინფორმაციის შემცველი საკითხავი მასალა. მოსწავლეების დავალებაა ერთმანეთზე შეკითხვების დასმით გაცვალონ ინფორმაცია, მიღებული ინფორმაცია ჩაინიშნონ და წარადგინონ კლასის წინაშე.
  3. “A spy in a group“ _ მოსწავლეები მუშაობენ წინასწარ დაყოფილ ჯგუფებში. პრობლემატური საკითხის ირგვლივ მსჯელობენ, მოჰყავთ პირადი მაგალითები და ქმნიან იდეების ნუსხას. მასწავლებელი ორივე ჯგუფის  მოსწავლეებს ურიგებს პატარა ფურცლებს. ყველა ფურცელი ცარიელია ერთის გარდა, რომელზეც წერია სიტყვა Spy-ჯაშუში. მოსწავლე, რომელსაც შეხვდება Spy ფურცელი გადადის მეორე ჯგუფში, მეორე ჯგუფის Spy კი პირველ ჯგუფში. ჯაშუშების დავალებაა  ჯგუფის ახალ წევრებს მოახსენონ  ჯგუფებში გაჟღერებული აზრები, იდეები და პირადი მაგალითები.
  4. “Pictionary” – მოსწავლეები მუშაობენ მცირე ჯგუფებში. ერთი მოსწავლე თითოეული ჯგუფიდან გადის დაფასთან და ხატავს თემასთან დაკავშირებულ კონცეპტს განსაზღვრულ დროში. ჯგუფების დანარჩენმა წევრებმა უნდა გამოიცნონ, თუ რას ხატავს მათი ჯგუფის წევრი. აქტივობა მანამ გრძელდება, სანამ ყველა მოსწავლეს არ მიეცემა დახატვის შანსნი.
  5. “Scattergories”– მასწავლებელი დაფაზე ხაზავს სხვადასხვა კატეგორიების შემცველ ცხრილს. მაგალითად:
Rivers Fruits Animals Cities
A
B
C
D

 

კატეგორიების შეცვლა  შესაძლებელია კლასის დონისა და თემის მიხედვით. შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ ასო-ბგერაზე წყვილებმა ან ჯგუფებმა უნდა შეავსონ ცხრილი კატეგორიების მიხედვით.

  1. “Information gap”- წყვილებს ეძლევათ თითქმის ერთნაირი ფოტოები მცირე განსხვავებებით. წყვილებმა ერთმანეთს ფოტოები არ უნდა აჩვენონ და შეეცადონ, აღუწერონ ფოტო ყველა დეტალის გათვალისწინებით. მოსწავლეები ერთმანეთს უსმენენ, ფოტოების ჩვენების გარეშე ადგენენ განსხვავებებს მათ შორის. ეს აქტივობა განსაკუთრებით ეფექტურია დაწყებით საფეხურზე There is/There are, ფერების, ცხოველების, სხვადასხვა ლექსიკური ერთეულებისა და ადგილის წინდებულების სწავლებისას.
  2. “Telephone conversation” – მოსწავლეები ერთმანეთთან ზურგით სხედან და შესწავლილი სატელეფონო საუბრისთვის სახასიათო ფრაზების გამოყენებით წარმართავენ დიალოგს. ერთმანეთს უსმენენ და პასუხობენ შეკითხვებზე. ეს აქტივობა მათში აღძრავს ინტერესს და ამავდროულად, მოსმენის უნარის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.
  3. “Divide and Conquer”– მასწავლებელი ჯგუფებად დაყოფილ მოსწავლეებს ავალებს წაიკითხონ წიგნის ან მოთხრობის რამდენიმე თავი/პარაგრაფი. ჯგუფის წევრებმა უნდა გადაინაწილონ თავები/პარაგრაფები, შეთანხმდნენ, ვინ რომელ თავს/პარაგრაფს წაიკითხავს. წაკითხვისთვის განკუთვნილი გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ თითოეული თავის/პარაგრაფის მთავარ სათქმელს/მოკლე შინაარს, რის შემდეგაც ხდება ნაწარმოების შეფასება.
  4. “Jigsaw”-ეს ბევრისთვის ცნობილი სტრატეგია მიზნად ისახავს, მოსწავლეები „ექსპერტები“ გახდნენ კონკრეტულ საკითხში, შემდეგ კი თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ  სხვებს. მასწავლებელი სამიზნე თემას/დასამუშავებელ ტექსტს ყოფს რამდენიმე შემადგენელ ნაწილად (“puzzle pieces”), აყალიბებს 3-5 კაციან ჯგუფებს და თითოეულ მათგანს ავალებს მათთვის განკუთვნილი სამიზნე ტექსტის დამუშავებას, მნიშვნელოვანი და მეორეხარისხოვანი საკითხების გამოყოფას, ტექსტის შეფასებას. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები, ტექსტის მათთვის განკუთვნილი ნაწილის, „ექსპერტები“ გახდებიან, მასწავლებელი ჯგუფის წევრებს სხვადასხვა ჯგუფებში გადასვამს, ისე რომ ჯგუფებში გადანაწილდეს ტექსტის  შემადგენელი სხვადასხვა ნაწილის „ექსპერტი“. მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ საწყის ჯგუფებში მიღებულ გამოცდილებას, რის მეშვეობითაც ქმნიან ცოდნის დასრულებულ სახეს.
  5. “ThinkPair-Share”– დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე. ამ ტიპის უმარტივესი წყვილში მუშაობა, მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, ჯერ თავად დაფიქრდნენ კონკრეტულ საკითხზე, იმუშაონ მეწყვილესთან ერთად და ბოლოს წარმოადგინონ საერთო პასუხი კლასის წინაშე. მასწავლებელი წინასწარ მომზადებულ შეკითხვებს კითხულობს ან დაფაზე წერს. მოსწავლეები მუშაობენ დამოუკიდებლად, ფიქრობენ კონკრეტულ შეკითხვებზე, აკეთებენ ჩანაწერებს. გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, თავიანთ მოსაზრებებს მეწყვილეებს უზიარებენ, ერთმანეთს უსმენენ, ერთად მსჯელობენ და მიდიან საბოლოო პასუხამდე, რის შემდეგაც თავიანთ მოსაზრებებს კლასის წინაშე აჟღერებენ.

ამერიკელ პედაგოგებთან თანამშრომლობის გარდა, ჩემმა სკოლამ მომცა შესანიშნავი შესაძლებლობა, მემუშავა ნორვეგიელ ინგლისური ენის პედაგოგთან, პაბლო რევისთან ერთად. მე და ბატონი პაბლო ერთად ვგეგმავდით და ვატარებდით ინტერაქციულ  გაკვეთილებს. ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს გამოცდილებებს და ვცდილობდით,  ერთად მოგვეგვარებინა კლასში წამოჭრილი ესა თუ ის სირთულე.  დავგეგმეთ და განვახორციელეთ არაერთი წყვილში და ჯგუფებში მუშაობის აქტივობები, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამ მიდგომით სწავლების ეფექტიანობაში, ვინაიდან მოსწავლეები მეტად თავდაჯერებულნი გახდნენ, განუვითარდათ კოლაბორაციის, თანამშრომლობისა და სოციალური უნარები.

ჩვენ, მასწავლებლებმა უნდა დავძლიოთ ჯგუფური მუშაობით გამოწვეული შესაძლო პრობლემების შიში. ცხადია, თავდაპირველად გაგვიჭირდება, მაგრამ რაც უფრო ხშირად მივმართავთ ამ სტრატეგიას, მით უფრო დავიხვეწებით ჩვენც და ჩვენთან ერთად მოსწავლეებიც შეეჩვევიან გუნდურ მუშაობას.

წყვილებსა და ჯგუფებში მუშაობის ეფექტიანობა მოსწავლეთა თავდაჯერებულობის ამაღლებასა და ჩართულობაში

 

მადონა ფუტკარაძე

მეცხრე წელია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ვასწავლი ინგლისურ ენას.  მათთან ურთიერთობა ყოველდღიურად მიწევს. ხშირად ვფიქრობ, როგორ დავგეგმო გაკვეთილი ისე, რომ საბოლოო შედეგი არა მოსწავლეების მიერ ფაქტობრივი ინფორმაციის დამახსოვრება, არამედ მაღალ სააზროვნო უნარებზე გასვლა, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება და მათი მრავალმხრივი განვითარება იყოს, რათა მოსწავლეებმა შეძლონ ცოდნის ტრანსფერი რეალურ ცხოვრებაში. ვფიქრობ, ვგეგმავ და მივდივარ დასკვნამდე, რომ მცირე ჯგუფებსა და წყვილებში მუშაობა არსებითად მნიშვნელოვანია პედაგოგიურ მოღვაწეობაში.

პატარა ჯგუფებსა და წყვილებში მუშაობა დიდ როლს ასრულებს არატრადიციული, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების დროს. კვლევები გვიჩვენებს, რომ მსგავსი მიდგომებით სწავლებისას მოსწავლეებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ ,ისაუბრონ უცხოურ ენაზე, ვიდრე ტრადიციული,  მასწავლებელზე ორიენტირებული სწავლებისას. (Long and Porter, 1985).  თეორიული პერსპექტივიდან, პატარა ჯგუფებსა და წყვილებში მუშაობა ენის სწავლების ორ მთავარ თეორიას ეყრდნობა: ინტერაქციის ფსიქოლინგვისტური თეორია (Long-ის თეორიებზე დაყრდნობით (1983; 1996)) და სოციოკულტურული თეორია (ვიგოტსკის თეორიებზე დაყრდნობით (1978)). ორივე თეორია ორიენტირებულია ინტერაქციული სწავლების მნიშვნელობაზე.  ხოლო, როგორც ჰარმერი (2001: 207) განმარტავს „წყვილებსა და ჯგუფებში მოსწავლეთა მუშაობა არის ენის გამოყენების მყარი ინსტრუმენტი, რაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა აქტივობებისთვის, იქნება ეს მეტყველება (speaking), წერა (writing), კითხვა (reading) თუ სხვა.“

ვთანხმდებით იმაზე, რომ წყვილებსა და ჯგუფებში მუშაობა გადამწყვეტ როლს ასრულებს თანამედროვე სწავლებაში. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, მაშინ როცა ჩვენი სკოლის, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლისა და Global Partner-ის წარმომადგენელ ამერიკელ სპეციალისტებთან ხელშეკრულების საფუძველზე, ამერიკელი სპეციალისტები: – ლანეტ დელინგერი, რუთ დერიქი და მარა ჯონსონი – ჩამოვიდნენ ბათუმში. Global Partners-ს ჰყავს გამოცდილი, მაღალკვალიფიციური პედაგოგების ჯგუფი, რომლებიც ზრუნავენ მსოფლიო მასშტაბით მასწავლებლებისა და მოსწავლეების ინგლისური ენის გაღრმავებაზე. ისინი გვესწრებოდნენ გაკვეთილებზე, გვიბრუნებდნენ უკუკავშირებს, გვიზიარებდნენ  გამოცდილებას, გვაძლევდნენ რეკომენდაციებს და გვიტარებდნენ ტრენინგებს. ტრენინგებს უძღვებოდნენ გამოცდილი ამერიკელი პედაგოგები : ლანეტ დელინგერ – Global Partners-ის დირექტორი, რუთ დერიქ – Global Partners-ის დირექტორის მოადგილე, მარა ჯონსონ – Global Partners-ის. ტრენინგებზე გვაცნობდნენ სხვადასხვა წყვილში და ჯგუფებში მუშაობის ტექნიკებსა და აქტივობებს.

შემოგთავაზებთ ამერიკელი სპეციალისტების მიერ გაზიარებულ წყვილებსა  და ჯგუფებში მუშაობის აქტივობებს. შესაძლოა, თქვენ უკვე იცნობთ და იყენებთ კიდეც აღნიშნულ აქტივობებს, მაგრამ ვიღაცისთვის  ეს მეთოდი ახალი იყოს. (შემოთავაზებულია მხოლოდ აქტივობების აღწერა და არა მათი მიზნები, ცნებები და ესგ-სთან შესაბამისობა).  ესენია:

  1. “Interview your partner”– მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში და მასწავლებლის მიერ წინასწარ შემუშავებული საკვანძო სიტყვებითა და სამიზნე გრამატიკული სტრუქტურის მქონე შეკითხვების გამოყენებით თავიან მეწყვილეებს ინტერვიუს ართმევენ, პასუხებს ინიშნავენ და კლასის წინაშე წარადგენენ.
  2. “Tell me more”- მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში, მათ ურიგდებათ სხვადასხვა ინფორმაციის შემცველი საკითხავი მასალა. მოსწავლეების დავალებაა ერთმანეთზე შეკითხვების დასმით გაცვალონ ინფორმაცია, მიღებული ინფორმაცია ჩაინიშნონ და წარადგინონ კლასის წინაშე.
  3. “A spy in a group“ _ მოსწავლეები მუშაობენ წინასწარ დაყოფილ ჯგუფებში. პრობლემატური საკითხის ირგვლივ მსჯელობენ, მოჰყავთ პირადი მაგალითები და ქმნიან იდეების ნუსხას. მასწავლებელი ორივე ჯგუფის  მოსწავლეებს ურიგებს პატარა ფურცლებს. ყველა ფურცელი ცარიელია ერთის გარდა, რომელზეც წერია სიტყვა Spy-ჯაშუში. მოსწავლე, რომელსაც შეხვდება Spy ფურცელი გადადის მეორე ჯგუფში, მეორე ჯგუფის Spy კი პირველ ჯგუფში. ჯაშუშების დავალებაა  ჯგუფის ახალ წევრებს მოახსენონ  ჯგუფებში გაჟღერებული აზრები, იდეები და პირადი მაგალითები.
  4. “Pictionary” – მოსწავლეები მუშაობენ მცირე ჯგუფებში. ერთი მოსწავლე თითოეული ჯგუფიდან გადის დაფასთან და ხატავს თემასთან დაკავშირებულ კონცეპტს განსაზღვრულ დროში. ჯგუფების დანარჩენმა წევრებმა უნდა გამოიცნონ, თუ რას ხატავს მათი ჯგუფის წევრი. აქტივობა მანამ გრძელდება, სანამ ყველა მოსწავლეს არ მიეცემა დახატვის შანსნი.
  5. “Scattergories”– მასწავლებელი დაფაზე ხაზავს სხვადასხვა კატეგორიების შემცველ ცხრილს. მაგალითად:
Rivers Fruits Animals Cities
A
B
C
D

 

კატეგორიების შეცვლა  შესაძლებელია კლასის დონისა და თემის მიხედვით. შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ ასო-ბგერაზე წყვილებმა ან ჯგუფებმა უნდა შეავსონ ცხრილი კატეგორიების მიხედვით.

  1. “Information gap”- წყვილებს ეძლევათ თითქმის ერთნაირი ფოტოები მცირე განსხვავებებით. წყვილებმა ერთმანეთს ფოტოები არ უნდა აჩვენონ და შეეცადონ, აღუწერონ ფოტო ყველა დეტალის გათვალისწინებით. მოსწავლეები ერთმანეთს უსმენენ, ფოტოების ჩვენების გარეშე ადგენენ განსხვავებებს მათ შორის. ეს აქტივობა განსაკუთრებით ეფექტურია დაწყებით საფეხურზე There is/There are, ფერების, ცხოველების, სხვადასხვა ლექსიკური ერთეულებისა და ადგილის წინდებულების სწავლებისას.
  2. “Telephone conversation” – მოსწავლეები ერთმანეთთან ზურგით სხედან და შესწავლილი სატელეფონო საუბრისთვის სახასიათო ფრაზების გამოყენებით წარმართავენ დიალოგს. ერთმანეთს უსმენენ და პასუხობენ შეკითხვებზე. ეს აქტივობა მათში აღძრავს ინტერესს და ამავდროულად, მოსმენის უნარის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.
  3. “Divide and Conquer”– მასწავლებელი ჯგუფებად დაყოფილ მოსწავლეებს ავალებს წაიკითხონ წიგნის ან მოთხრობის რამდენიმე თავი/პარაგრაფი. ჯგუფის წევრებმა უნდა გადაინაწილონ თავები/პარაგრაფები, შეთანხმდნენ, ვინ რომელ თავს/პარაგრაფს წაიკითხავს. წაკითხვისთვის განკუთვნილი გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ თითოეული თავის/პარაგრაფის მთავარ სათქმელს/მოკლე შინაარს, რის შემდეგაც ხდება ნაწარმოების შეფასება.
  4. “Jigsaw”-ეს ბევრისთვის ცნობილი სტრატეგია მიზნად ისახავს, მოსწავლეები „ექსპერტები“ გახდნენ კონკრეტულ საკითხში, შემდეგ კი თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ  სხვებს. მასწავლებელი სამიზნე თემას/დასამუშავებელ ტექსტს ყოფს რამდენიმე შემადგენელ ნაწილად (“puzzle pieces”), აყალიბებს 3-5 კაციან ჯგუფებს და თითოეულ მათგანს ავალებს მათთვის განკუთვნილი სამიზნე ტექსტის დამუშავებას, მნიშვნელოვანი და მეორეხარისხოვანი საკითხების გამოყოფას, ტექსტის შეფასებას. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები, ტექსტის მათთვის განკუთვნილი ნაწილის, „ექსპერტები“ გახდებიან, მასწავლებელი ჯგუფის წევრებს სხვადასხვა ჯგუფებში გადასვამს, ისე რომ ჯგუფებში გადანაწილდეს ტექსტის  შემადგენელი სხვადასხვა ნაწილის „ექსპერტი“. მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ საწყის ჯგუფებში მიღებულ გამოცდილებას, რის მეშვეობითაც ქმნიან ცოდნის დასრულებულ სახეს.
  5. “ThinkPair-Share”– დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე. ამ ტიპის უმარტივესი წყვილში მუშაობა, მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, ჯერ თავად დაფიქრდნენ კონკრეტულ საკითხზე, იმუშაონ მეწყვილესთან ერთად და ბოლოს წარმოადგინონ საერთო პასუხი კლასის წინაშე. მასწავლებელი წინასწარ მომზადებულ შეკითხვებს კითხულობს ან დაფაზე წერს. მოსწავლეები მუშაობენ დამოუკიდებლად, ფიქრობენ კონკრეტულ შეკითხვებზე, აკეთებენ ჩანაწერებს. გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, თავიანთ მოსაზრებებს მეწყვილეებს უზიარებენ, ერთმანეთს უსმენენ, ერთად მსჯელობენ და მიდიან საბოლოო პასუხამდე, რის შემდეგაც თავიანთ მოსაზრებებს კლასის წინაშე აჟღერებენ.

ამერიკელ პედაგოგებთან თანამშრომლობის გარდა, ჩემმა სკოლამ მომცა შესანიშნავი შესაძლებლობა, მემუშავა ნორვეგიელ ინგლისური ენის პედაგოგთან, პაბლო რევისთან ერთად. მე და ბატონი პაბლო ერთად ვგეგმავდით და ვატარებდით ინტერაქციულ  გაკვეთილებს. ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს გამოცდილებებს და ვცდილობდით,  ერთად მოგვეგვარებინა კლასში წამოჭრილი ესა თუ ის სირთულე.  დავგეგმეთ და განვახორციელეთ არაერთი წყვილში და ჯგუფებში მუშაობის აქტივობები, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამ მიდგომით სწავლების ეფექტიანობაში, ვინაიდან მოსწავლეები მეტად თავდაჯერებულნი გახდნენ, განუვითარდათ კოლაბორაციის, თანამშრომლობისა და სოციალური უნარები.

ჩვენ, მასწავლებლებმა უნდა დავძლიოთ ჯგუფური მუშაობით გამოწვეული შესაძლო პრობლემების შიში. ცხადია, თავდაპირველად გაგვიჭირდება, მაგრამ რაც უფრო ხშირად მივმართავთ ამ სტრატეგიას, მით უფრო დავიხვეწებით ჩვენც და ჩვენთან ერთად მოსწავლეებიც შეეჩვევიან გუნდურ მუშაობას.

 

 

 

 

 

ჩვენ ვსწავლობთ თამაშით

0
child kid colorful education toys cubes with numbers math pattern background on the bright background. Flat lay. Childhood infancy children babies concept.

თამაშით სწავლება მეტად მნიშვნელოვანი სტრატეგიაა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის და არაერთი ფსიქოლოგი უწევს რეკომენდაციას ამ მეთოდს. თამაშით სწავლება დადებით გავლენას ახდენს მოზარდებზე, უადვილდებათ საკითხის შესწავლა და დამახსოვრება.

წინამდებარე სტატიაში წარმოგიდგენთ  მეხუთე კლასში ჩემ მიერ გამოყენებულ აქტივობებს –   საკითხის თამაშის დახმარებით შესწავლაზე.  ვიმედოვნებ ,ბევრი თქვენგანი გამოიყენებს პრაქტიკაში.

მიმართულება: რიცხვები და მოქმედებები

თემა: წილადები

საკითხი : ტოლი წილადები

თემის ფარგლებში შედეგების მიღწევის ინდიკატორები სამიზნე ცნებების მიხედვითმოსწავლემ უნდა შეძლოს – შეადაროს ორი წილადი, მათ შორის წილადის ძირითადი თვისების გამოყენებით;

მათ. V.2. მოსწავლეს შეუძლია წილადების წაკითხვა, გამოსახვა, შეფასება, შედარება და დალაგება.

აქტივობა 1.   წინარე ცოდნის გააქტიურება. ვიხსენებთ წილადის  ძირითად თვისებას, მოსწავლეები იმეორებენ, რომ ტოლი წილადის მიღება შეიძლება როგორც წილადების მრიცხველისა და მნიშვნელის ნატურალურ რიცხვზე გამრავლებით, ისე გაყოფით. ვურიგებ ინდივიდუალურ ბარათებს, რომელზეც გამოსახულია წილადი და მოსწავლემ უნდა მიუწეროს მისი ტოლი წილადი. ამის შემდეგ 2-3 მოსავლის ბარათს ვარჩევთ და ვემზადებით შემდეგი ეტაპისთვის.

აქტივობა 2. ვაცნობ მოსწავლეებს თამაშის წესებს:

თქვენ უნდა დააწყვილოთ ბარათები ტოლი წილადებით ( ბარათებზე ამობეჭდილია წინასწარ შერჩეული სხვადასხვა ფერად-ფერადი წილადი)

 

 

 

აქტივობა 3. თამაშის დაწყება

წინასწარ, სკოლის ეზოში, შენობის კედლებზე არეულად მაქვს გაკრული  100 მდე(ან მეტი) წყვილი ტოლი წილადების აღმნიშვნელი ბარათები. მოსწავლეებმა უნდა დააწყვილონ ტოლი წილადების  მქონე ბარათები.

ისინი მირბიან კედელთან, ხსნიან ბარათს და მერე ეძებენ მის ტოლ წილადს. როცა იპოვიან წილადის მეწყვილეს,  ბარათი მიაქვთ მასწავლებელთან.

გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელიც ყველაზე ბევრ წყვილს დააგროვებს.

მასწავლებელი ინიშნავს მოტანილი წყვილი ბარათების სისწორეს და მოსწავლის გვარს.

ჩემ მიერ V  კლასში ჩატარებულმა ამ გაკვეთილმა ისეთი მოსწავლეებიც გააქტიურა, რომლებიც  სტანდარტულ გაკვეთილზე არ გამოირჩეოდნენ მაღალი აკადემიური მოსწრებით. ასეთი აქტიურობისთვის მათ სიგელები დაიმსახურეს.

გაკვეთილის ბოლოს ყველა  მოსწავლეს გადაეცა სიგელი.

ძალიან სახალისოდ და ნაყოფიერად წარიმართა ეს გაკვეთილი.

მიზნის მიღწევა ასეთი სახალისო აქტივობით  უფრო მარტივადაა შესაძლებელი.

თამაშით სწავლება ხელს უწყობს:

  • შემოქმედებით უნარის განვითარებას
  • გუნდური მუშაობის უნარის განვითარებას
  • ლოგიკური ავშირის დამყარებას
  • უკეთ დამახსოვრებას
  • ყურადღების განვითარება

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

https://ncp.ge/ge/curriculum?subject=36&subchild=198;

  1. მათემატიკის გზამკვლევი დაწყებითი საფეხურის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების
    დეპარტამენტი.

 

 

თანატოლთგანმანათლებლობა-ბავშვებს შორის კონფლიქტების მოგვარების ეფექტური საშუალება

0

სოციალური დასწავლის თეორიის მიხედვით, ადამიანები სწავლობენ სხვა ადამიანებზე, ანუ მოდელებზე დაკვირვების საშუალებით. სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ასეთი მოდელები  ხშირად მათი უფროსი თანატოლები არიან. ზოგჯერ ბავშვებს თავისი ასაკობრივ ჯგუფის წევრებთან ურთიერთობა უფრო ნაკლებად გამოსდით, ვიდრე უფროსებთან. ეს არცაა გასაკვირი, რადგან  მე-9-მე-10 კლასის მოსწავლეები მათთვის უფრო კომპეტენტურ და მისაბაძ პიროვნებებად აღიქმებიან, ვიდრე მათი თანატოლები. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია მოზარდობის ხანის დასაწყისში, რომელსაც ფსიქოლოგები ,,ემოციური შფოთვის ასაკს უწოდებენ“. ეს ხანა ინტენსიური დადებითი და უარყოფითი ემოციებით ხასიათდება, იკლებს სწავლის ხარისხი, აკადემიური მაჩვენებლები, იზრდება კონფლიქტები. ამიტომ უფროსებისგან მათთვის მორალურ მხარდაჭერას, გვერდში დგომას ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

თანამედროვე ახალგაზრდებსაც სჭირდებათ საკუთარი თავის წარმოჩენის სფერო. უფროსი თაობის ადამიანები  მათ  ხშირად უარყოფითად ახასიათებენ, როგორც შფოთისთავებს, აგრესიულად მართულებს, მრავალი სოციალური პრობლემების შემქმნელებს და თუკი ბავშვებს მივცემთ უმცროსი თანატოლების   განათლების საშუალებას,  ჩავრთავთ სხვადასხვა აქტივობებში, მათ აუცილებლად გაუძლიერდებათ საკუთარი ვალდებულების, რეალიზებისა და ერთგულების შეგრძნება.

თანატოლთა ურთიერთგანათლების აქტივობები ორივე მხარისთვის სასარგებლოა: ,,მასწავლებლების“ როლის მორგება ახალგაზრდას უძლიერებს საკუთარი კომპეტენტურობის შეგრძნებას, ხოლო მოსწავლეს-უღვიძებს პასუხისმგებლობის გრძნობას და უბიძგებს, ყველას დაანახოს საკუთარი ღირსებები, სიყოჩაღე. ასეთი სწავლება განსხვავდება სწავლების ტრადიციული ფორმისგან, სიახლეა ბავშვებისთვის და ეს მათ მოტივაციას უმაღლებს.

სოციალური თუ თანატოლთა ურთიერთგანათლების ჯგუფები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ახალგაზრდების საზოგადოებაში ჰარმონიულად ცხოვრების შესაძლებლობაში, კონფლიქტების მოგვარებაში, ძალადობის პრევენციაში. ჯ. რუტი თავის პედაგოგიურ კვლევაში აღნიშნავს, რომ გარდატეხის პერიოდში თანატოლთა ჯგუფები ძლიერ გავლენას ახდენენ ახალგაზრდა ადამიანის ჩამოყალიბებაზე, რადგან ბავშვი უფრო მეტ დროს თანატოლებთან ატარებს, ვიდრე თავის მშობლებთან.

ჩემმა, თითქმის 22 წლიანმა პედაგოგიურმა გამოცდილებამ, დამარწმუნა, რომ თანატოლთა ურთიერთგანათლება აუმჯობესებს მოსწავლეთა შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ხარისხს და  კონფლიქტების თავიდან აცილების პრევენციაც ხდება. სწავლა-სწავლების პროცესში  ამ სტრატეგიის აქტიურმა გამოყენებამ მიმიყვანა სასურველ შედეგამდე: გაუმჯობესდა სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი, ურთიერთდამოკიდებულება,  გაიზარდა ნდობა, ჩრდილში მდგომი მოსწავლეები დაარწმუნა საკუთარ ძალებში და გადაალახვინა აუდიტორიის წინაშე წარდგენისა და საკუთარი აზრის გამოხატვის სიმორცხვე, შეამცირა კონფლიქტები და დაპირისპირება როგორც კლასის შიგნით, ისე სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებს შორის.

ურთიერთგანათლებაში იგულისხმება როგორც ერთი ასაკის ბავშვების  სწავლაში ურთიერთდახმარება, ასევე უფროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეების აქტიური ჩართვა უმცროსი თანატოლების სწავლისა და სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვის პროცესში. ეს  პრაქტიკა დანერგილი და გამოცდილი მაქვს სხვადასხვა სკოლებში.

კოვიდპანდემიის გამო ბავშვებს პირისპირ გვიან შევხვდი, გვიან გავიცანი ისინი,  რადგან სწავლა დავიწყეთ დისტანციურ რეჟიმში და როცა სკოლაში დავბრუნდით,  შევამჩნიე, რომ მოსწავლეები, რომლებიც ერთად მოდიოდნენ პირველი კლასიდან, ერთმანეთისადმი გაუცხოებულები იყვნენ, მცირე რამეზე კამათობდნენ, ვერბალური და ზოგჯერ ფიზიკური დაპირისპირებაც არ იყო უცხო.

რა საშუალებას აღარ მივმართე კონფლიქტების  მოგვარების, დაძლევისა და აღმოფხვრისთვის: ბავშვებთან ინდივიდუალური საუბარი, მათი აქტიური მოსმენა, თანამშრომლობა მშობლებთან, დირექციასთან, თუმცა ეს  დაძაბულობას მხოლოდ დროებით ანეიტრალებდა. ამ დროს ჩემს მშველელებად იქცნენ მეათეკლასელები, რომლებსაც სამოქალაქო განათლებას ვასწავლიდი. მათ ავუხსენი მდგომარეობა და ვთხოვე დახმარება.

ჩვენ ერთად დავგეგმეთ სხვადასხვა სახალისო აქტივობა: პრეზენტაციები, ვიქტორინები, რომლის ავტორებიცა და განმახორციელებლებიც მეათეკლასელები იყვნენ ჩემი სადამრიგებლო კლასის ბავშვების აქტიური ჩართულობით.

ამ თანამშრომლობამ თანატოლთგანმანათლებლობის ფარგლებში, უდავოდ, დადებითი როლი ითამაშა  ბავშვებს შორის კონფლიქტის მოგვარება-პრევენციის კუთხით. ადამიანის უფლებებზე ჩატარებულმა მინი-ლექციებმა, დისკუსიებმა, ფილმების ჩვენებამ, კონფლიქტებზე სიტუაციური ამოცანების განხილვამ და მძიმე სიტუაციებიდან გამოსავლის ერთობლივმა ძიებამ მოსწავლეებს  აუმაღლა ცნობიერება ძალადობის სხვადასხვა ფორმებზე. შეიძლება ზოგჯერ ხუმრობად მონათლული ქცევა  ბულინგის ერთ-ერთი სახეობა იყოს და მათ უნდა იმოქმედონ დევიზით: ,,სხვას მოექეცი ისე, როგორც შენ გინდა მოგექცნენ“.

წლის ბოლოს ჩვენი ურთიერთობის დამამთავრებელი აკორდი იყო მეათეკლასელების მიერ  მეექვსეკლასელებისთვის მოწყობილი ,,ბოლო ზარი“ (იგი მივუძღვენით დაწყებითი საფეხურის დამთავრებასა და საბაზო საფეხურზე გადასვლას), რომელიც მოიცავდა სახალისო ვიქტორინას,  პერანგებზე წარწერების გაკეთებას.

ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ თანატოლთა განათლების აქტივობებს მეშვიდე კლასშიც. კონფლიქტი, როგორც ,,მარადიული თემა“ კვლავ გვახსენებს თავს, თუმცა შესამჩნევად გაუმჯობესდა მოსწავლეთა შორის ურთიერთობის, ურთიერთნდობის ხარისხი და ახლა ჩემი მოსწავლეები ირგებენ უმცროსი თანატოლების ,,განმანათლებლის“ მანტიას. ისინი ერთვებიან სკოლაში ინიციირებულ სხვადასხვა აქტივობებში და საკუთარ გამოცდილებას სხვებსაც უზიარებენ.

თანატოლთგანმანათლებლობა სასარგებლოა, როგორც მოსწავლეთა  შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობითი ურთიერთობის გაუმჯობესებისათვის, ისე მოსწავლესა და მასწავლებელს, მშობელსა და შვილს შორის პოზიტიური, პატივისცემაზე დამყარებული  ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის. სამხრეთ ამერიკელმა პედაგოგმა, პაულო ფრეირემ ამ საკითხს დიდი ყურადღება მიაქცია და აღნიშნა, რომ ,,მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის წინააღმდეგობა“ აბრკოლებს სწავლისა და განვითარების პროცესს,  სწორი დაგეგმვისა და სათანადო რესურსების არსებობის შემთხვევაში თანატოლთა ურთიერთგანათლების პრინციპს, ფორმალურ თუ არაფორმალურ გარემოში, შეუძლია ძალიან დადებითი გავლენა მოახდინოს ახალგაზრდის განწყობასა და ქცევაზე. იგი დიდ როლს თამაშობს მოზარდის ემოციური კომპეტენციის ჩამოყალიბების პროცესში.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1.განვითარებისა და სწავლების თეორიები, ავტ. ნათია ჯანაშია, ნათელა იმედაძე, სოფიო გორგოძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2010.

2.დომინო, სახელმძღვანელო, როგორ გამოვიყენოთ თანატოლთა ურთიერთგანათლება როგორც რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება, ავტ. პატ ბრანდერი, რუი გომესი, მარკ ტეილორი, იანვარი 2004.

 

 

ლიტერატურული პროექტი „აირჩიე ჩემი წიგნი“

0

თანამედროვე სამყაროში მხატვრული ლიტერატურის კითხვა უფრო და უფრო ნაკლებად პოპულარული ხდება. გვესმის გამუდმებული ჩივილი, რომ ბავშვებს კითხვა არ უყვართ, გაჯეტებს ვერ სწყდებიან, უწიგნურები არიან და სხვა მრავალი. მდგომარეობას ისიც ამწვავებს, რომ კითხვა ხშირად დასჯის საშუალება უფროა, ვიდრე წახალისების. წინამდებარე სტატიის მიზანს ბავშვებისთვის კითხვის შეყვარების ერთი უცნაური და „უვალი“ გზის გაზიარება წარმოადგენს, რომელიც მოსწავლეებზე დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინე. მისი დაწერის ინსპირაციად ჩემი კოლეგისა და მეგობრის, ნინა ინაიშვილის, ძალიან საინტერესო ლიტერატურული პროექტი იქცა (https://mastsavlebeli.ge/?p=36201&fbclid=IwAR0Cwwyv5WmcX4plCKEFg5XbnDeUsvqNvscqz4rRWHZu5Z3uwc6wWSyz-ls ). ხსენებულ პროექტში პარალელური კლასის მოწაფეები წყვილებად ნაწილდებიან და კითხულობენ შერჩეულ წიგნებს, პროცესში კი კომენტარებს ტოვებენ მეწყვილისათვის. შედეგად, ერთი შეხედვით თითქოს ჩვეულებრივი მოვლენა (წიგნის კითხვა) ნამდვილ ჯადოსნობად იქცევა და უამრავ სასარგებლო ჩვევასა და გამოცდილებას სძენს მონაწილეებს. ჩემი პროექტიც წიგნის კითხვის წასახალისებლადაა მოფიქრებული, თუმცა ცოტა განსხვავებული სახე აქვს.

ალბათ, დაჰკვირვებიხართ, სანამ მოსწავლეებს არდადეგებზე გავუშვებდეთ, მშობლები გამუდმებით გვთხოვენ წასაკითხი წიგნების ჩამონათვალს (განსაკუთრებით, მხედველობაში მყავს, დაწყებითი კლასები). რას აკეთებენ ამ დროს ბავშვები? საწყალი გამომეტყველებით დგანან და ყოველი ახალი ნაწარმოების დასახელებისას გული ელევათ. რადგან, რაც უფრო ვრცელია წასაკითხი წიგნების სია, მით მოკლეა გართობისა და დასვენების დრო. ამიტომ კითხვაზე, „რას გვაძლევთ არდადეგებზე წასაკითხად?“ ყოველთვის ერთი პასუხი მაქვს: „არაფერს! მე _ არაფერს“. თუმცა სემესტრის გაცილების ტექსტში სასხვათაშორისოდ აუცილებლად ვახსენებ: „ბედნიერად დაისვენეთ, ბევრი იცელქეთ, ბევრი ითამაშეთ და წიგნის თაროებს უტრიალეთ ახლო-მახლო“. უკვე ყველამ იცის, ეს რასაც ნიშნავს. რომ დაბრუნდება – ველოდებით მეც და კლასიც. რაღაც საინტერესო აქვს მოსატანი. ოღონდ ჩემი დავალებული და შერჩეული კი არა, არამედ თვითონ რომ აუარ-ჩაუარა, რომ მოეწონა, რომ გადაშალა, რომ დაინტერესდა, რომ იმოგზაურა, იცინა, იტირა, ისიამოვნა და ახლა სხვებს უნდა „წააკითხოს“. უფრო გასაგებად რომ აგიხსნათ, აქტივობის შინაარსი ასე ჩამოყალიბდება:

არდადეგებზე ბავშვები ირჩევენ წაკითხული წიგნებიდან საუკეთესო ნაწარმოებსა და პერსონაჟს. სკოლაში დაბრუნების შემდეგ გამოეწყობიან  თავიანთი ფავორიტი პერსონაჟის ფორმაში და აკეთებენ წიგნის რეკლამას. თითოეული მონაწილე გამოდის კლასის წინაშე, ხელში უჭირავს საყვარელი წიგნი და ცდილობს ისე მოაწონოს თანაკლასელებს, რომ რაც შეიძლება მეტი მკითხველი მოაგროვოს, უფრო ზუსტად, კონკრეტული წიგნის წაკითხვის მსურველი. რეკლამა-პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ეს ჩვენი პერსონაჟის ფორმაში გამოწყობილი გმირი ირჩევს სასურველ თანაკლასელს და მას გადასცემს წიგნს. დროზეც თავად თანხმდებიან, რა დროში დაასრულებს კითხვას ახალი დროებითი მფლობელი. პროექტი სკოლაში დაბრუნებიდან ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება. რაც გვეხმარება, რომ სწავლის პროცესი სახელმძღვანელოში შემავალი პირველი ტექსტით კი არ დავიწყოთ, არამედ ცოდნის შეძენის, ახალი თავგადასავლების ძიების, საინტერესო ამბების მოლოდინი შეექმნათ მოსწავლეებს. კვირეული გამოდის ძალიან ფერადი, ძალიან ხალისიანი და შინაარსიანი. თითოეული მონაწილე შეუზღუდავად ირჩევს წიგნის წარდგენის ფორმატს. მათ შეუძლიათ power point-ის პრეზენტაცია გააკეთონ, შეუძლიათ კედლის გაზეთი შექმნან, შეუძლიათ სპექტაკლიც კი დადგან. შთაბეჭდილების შესაქმნელად გთავაზობთ აქტივობის ამსახველ ფოტომასალას:

პროექტის განხორციელების შედეგად გავდივართ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სწავლა-სწავლების მიზნებზე, კონკრეტულად კი, ისეთი გამჭოლი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებაზე, როგორებიცაა:

კომუნიკაცია – განცდილის, ნააზრევის მიტანა მსმენელამდე/მკითხველამდე, მათზე შთაბეჭდილების მოხდენა; ინფორმაციის გაზიარება საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი ვერბალური და არავერბალური საშუალებების გამოყენებით; სხვისი მოსმენისა და გაგების უნარი;

წიგნიერება  – ზეპირი და წერითი მეტყველების გზით ინფორმაციის მიღების, დამუშავების, გააზრების, სისტემაში მოყვანის, გაანალიზება-ინტერპრეტირებისა და წარდგენა-გაზიარების უნარი.

შეიძლება ითქვას, რომ ჩემ მიერ გაზიარებული ლიტერატურული პროექტი კიდევ ერთი მცდელობაა მოსწავლის წიგნთან დაახლოებისა. იმედი მაქვს, ეს სტატია შთაგონების წყარო გახდება იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც მუდმივად ახალ-ახალი, „უვალი“ გზების ძიებაში არიან.

 ინტელის პროექტი ფიზიკაში  „ატრაქციონის ფიზიკა“

0

 21-ე საუკუნის მოსწავლისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცოდნის დაგროვება, არამედ იმ უნარ-ჩვევების დაუფლება და განვითარება, რომლებიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში კონკურენტუნარიანსა და წარმატებულს გახდის.  სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებითაა საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტებით სწავლება.

შეიძლება დამაჯერებლად ვთქვათ, რომ ეს არის ერთ-ერთი აქტივობა იმ აქტივობებს შორის, რომელიც პიროვნების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის საკმაოდ ღირებულ ადგილს იკავებს.

დიმიტრი უზნაძე ამბობდა: სწავლაში ძირითადი მნიშვნელობა იმ პროდუქტს კი არ აქვს, რომელსაც კონკრეტული ჩვევის ან კონკრეტული შინაარსის მქონე ცოდნის სახით გვაძლევენ, არამედ – განსაზღვრული მიმართულებით მოსწავლის ძალების განვითარებას

ყველა ის უნარი, რომელსაც პროექტებით სწავლება ავიარებს, გამოვყოფდი კრიტიკული აზროვნების, პრობლემის იდენტიფიცირება და მოგვარების, შემოქმედებითი, კრეატიული  აზროვნების, მიზნობრივი კითხვების ფორმულირებისა და დასმის, ურთიერთთანამშრომლობით გადაწყვეტილების მიღების,  საერთო მიზნის მისაღწევად კომპრომისისათვის მზადყოფნისა და დემონსტრირების უნარს.მათი ჩამოყალიბება, განვითარება და დახვეწა სწავლებაში პროექტების გამოყენების დროს ხდება.

საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების მიზანია:

აზიაროს მოსწავლე საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს კვლევის უნარჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს, შეიცნოს და გაითავისოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ .

ფიზიკის სწავლება გულისხმობს მოსწავლის აღჭურვას იმ ცოდნითა და უნარებით, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, ალღო აუღონ კაცობრიობის სწრაფ პროგრესს, გამოიყენოს თანამედროვე მეცნიერებების მიღწევები, გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.  ცოდნის პასიური მიმღებიდან მოსწავლე უნდა ჩამოყალიბდეს აქტიურ მომხმარებლამდე, რომელიც შეძლებს მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები გამოიყენოს როგორც პროფესიული წინსვლისა და წარმატების, ასევე საზოგადოების სასიკეთოდ და სასარგებლოდ, ამიტომ გადავწყვიტეთ სასწავლო პროცესში შემოგვეტანა ინტელის პროექტი ,,ატრაქციონის ფიზიკა’’. როცა მოსწავლეებს აქვთ გარკვეული გამოცდილება, ვაძლევ არჩევანის თავისუფლებას თავად ჩამოაყალიბონ იდეა, დაგეგმონ, განახორციელონ, გააანალიზონ პროექტი და მისი შედეგი, მე ვარ გვერდში მდგომი – ფასილიტატორი.  გარკვეული პერიოდულობით ვხვდები მოსწავლეებს მონიტორინგისა და შეფასების მიზნით.

სანამ პროექტზე მუშაობას დავიწყებდით, ვფიქრობდით,  რა შედეგზე გავიდოდით განხორციელების შემდეგ − ვინ იქნებიან შემსრულებლები, გვეყოფა ჩვენი რესურსი თუ დაგვჭირდება დახმარება?

 

ისევე როგორც სხვა პროექტები ჩვენი სასწავლო პროექტიც ძირითადად ოთხ ეტაპს მოიცავდა:

  1. პროექტის დაგეგმვა;
  2. მომზადება;
  3. განხორციელება;
  4. შედეგების წარდგენა.

მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს ამ პროექტის მიმართ, მათ სურდათ ფიზიკის გაკვეთილზე მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გადაეტანათ და შეექმნათ საბოლოო პროდუქტი, რომელსაც თავიანთ თანატოლებს სიამოვნებით გაუზიარებდნენ. დასაწყისში მოსწავლეებმა გადაწყვიტეს პროექტის განხორციელებისათვის გამოსაყენებელი პროგრამა შეეცვალათ მათთვის უფრო  საინტერესო აპლიკაციით, რომელიც მათ მიერ შექმნილ პროდუქტს უფრო მოერგებოდა. Ultimate Coaster 2-ის გამოყენებით მათ შექმნეს ძალიან საინტერესო ანიმაციები და ,,ამერიკული მთებით“ გვამოგზაურეს ვირტუალურ სამყაროში.

ურთიერთთანამშრომლობა, საკუთარი გამოცდილების გაზიარება, სასწავლო პროცესის მეტად მნიშვნელოვანი ეტაპია.გადავწყვიტეთ ჩვენი შექმნილი პროექტის შესახებ მეგობარ სკოლისათვის  მოგვეყოლა, გაგვეზიარებინა საკუთარი გამოცდილება, მიგვეღო უკუკავშირი და შემდგომი მუშაობისას გაგვეთვალისწინებინა.

სასწავლო პროექტის გეგმ

სასწავლო პროექტის ავტორი:   მაია ხმიადაშვილი

პროექტის დასახელება:   ატრაქციონის ფიზიკა

პროექტის შინაარსი:    მოსწავლეები  ქმნიან  სასწავლო  პროექტს,  რომლის  მიზანია,  თემატურად  ნასწავლი მასალის  გამოყენებით  შექმნან,  სასურველი  პროგრამის  დახმარებით,  ატრაქციონის მოდელი  და  მიღებული  ცოდნა  დააკავშირონ  პრაქტიკულ  გამოყენებასთან,  რათა ყოველთვის შეძლონ არსებული ცოდნის რეალიზება.

საგანი: ფიზიკა

საფეხური/კლასი: საბაზო, მეცხრე კლასი

საგნობრივი სტანდარტი:

მიმართულება:  მეცნიერული კვლევა-ძიება. ფიზიკური მოვლენები. მოსწავლემ უნდა შეძლოს:

ფიზ.საბ.1. მატერიის დახასიათება მისი ფიზიკური თვისებების მიხედვით;

ფიზ. საბ.2. სხეულთა ურთიერთქმედებაზე და ურთიერთქმედების შედეგებზე არგუმენტირებული მსჯელობა;

ფიზ. საბ.3. ენერგიის სახეების დახასიათება და მათ ურთიერთგარდაქმნაზე არგუმენტირებული მსჯელობა.

ფიზიკური მოვლენების შესწავლის მიზნით კვლევის (ცდა, ექსპერიმენტი) დაგეგმვა (ჰიპოთეზების შემუშავება, დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადების განსაზღვრა, კვლევის პროცედურის, მონაცემების აღრიცხვის ფორმების განსაზღვრა, სათანადო რესურსების შერჩევა);

 

სასწავლო მიზნები

  • G-ძალის და ენერგიის კონსერვაციის გამოყენება ატრაქციონებში;
  • ატრაქციონის დიზაინის მხარდაჭერა მონაცემებისა და გრაფიკების გამოყენებით.

სწავლის შედეგები

 

  • შევიმუშავეთ უსაფრთხო  და  საინტერესო  ატრაქციონი  თემატური პარკისთვის ატრაქციონის დატესტვის შედეგებისა და გრაფიკების ანალიზით;
  • დაასაბუთეთ ატრაქციონის  დიზაინი  G-ძალის  (გრავიტაციული  ძალა)  და კინეტიკური/პოტენციური ენერგიის გამოყენებით.

რეალურ  სამყაროში გამოყენება

  • G-Force და  კინეტიკური/პოტენციური  ენერგიის  ცვლილებების  გაგება აუცილებელია მანქანებისა და ფრენისთვის გამოცდილების შესაქმნელად;
  • მიზნობრივი კითხვების  ფორმულირება  და  დასმა  სხვადასხვა  მოსაზრების გასაცნობად  და  უკეთესი  გადაწყვეტილების  მისაღებად.

 

  1. რა ხდის ატრაქციონს ამაღელვებელს?
  2. ოდესმე ყოფილხართ ატრაქციონზე?

 

  • იდეებისა და  აზრის  ნათლად  და  ეფექტურად  გამოხატვა  წერილობითი  თუ სიტყვიერი ფორმით.
  • ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება.
  • ტექნოლოგიების გამოყენება,  როგორც  ინფორმაციის  კვლევის,  ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალება.

პროექტის დასრულების საბოლოო პროდუქტი:

პრეზენტაცია, ვიდეო ანიმაციის შექმნა

 

 

პროექტის გეგმის შედგენის საშუალებით დავსახე მოსწავლეთა მიზნები და შემდგომი ნაბიჯები. შევაფასე, როგორ ახდენენ ისინი ორგანიზებასა და დროის მართვას.

მოსწავლეები  წარადგენენ  დამაჯერებელ,  შთამაგონებელ  გამოსვლას,  ვიდეო  ანიმაციის სახით გვიჩვენებენ პროექტის ანალიზს და დასკვნით ცნობებს.

მოსწავლის მიერ შესრულებული სამუშაოები და დავალებების შეფასება.

მოსწავლეები პროექტის დაწყებამდე ფლობდნენ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს, რომლებიც  მოსწავლეთა შემდგომ წარმატებას განაპირობებდა მუშაობის პროცესში.

 

სასწავლო პროცედურები

I  ეტაპი

ვარკვევ, თუ რა იციან მოსწავლეებმა ატრაქციონ ,,ამერიკული მთების’’ შესახებ, პირველ ეტაპზე  მოიძიეს  ინფორმაცია.  მას  შემდეგ,  რაც  მოსწავლეებს  წარმოდგენა შეექმნათ, როგორ მოძრაობს ვაგონეტები, რომელზეც ადამიანები სხდებიან, ვაწვდი  შესაბამის  ინსტრუქციას,  როგორ  გამოიყენონ  პროგრამა.  როგორ  გახსნან  ახალი გვერდები, როგორ ჩასვან სურათები.

II  ეტაპი

მოსწავლეებს  ვუქმნი  ყველა  პირობას  იმისათვის,  რომ  დამაჯერებლად  და ამომწურავად გაუზიარონ სხვა ჯგუფის წევრებს საკუთარი მოსაზრება და ინფორმაცია ამ პროგრამით ატრაქციონის მოდელის შექმნის შესახებ (სად მდებარეობს, რა ფართობია, როგორი  გასართობი  პროგრამა  აქვთ,  რა  მინი-ატრაქციონებია,  წარმოდგენილი  აქვთ სხვადასხვა ფასიანი მენიუ).

III   ეტაპი

მოსწავლეები  უზიარებენ  ერთმანეთს  ინფორმაციას  შემოქმედებითი  უნარების შესახებ, იზიარებენ ერთმანეთის აზრებს, რაც ხელს უწყობს მათ ურთიერთთანამშრომლობითი უნარების ჩამოყალიბებას

IVეტაპი

დასკვნით ეტაპზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ვიდეოები, რომელზეც, ტიტრებთან  ერთად,  დატანილი  იყო  აუდიო  ინფორმაცია,  რომელიც  გათვლილი  იყო სხვადასხვა შესაძლებლობის მოსწავლეზე.

 

ურთიერთთანამშრომლობა, საკუთარი გამოცდილების გაზიარება, სასწავლო პროცესის მეტად მნიშვნელოვანი ეტაპია. გადავწყვიტეთ ჩვენი შექმნილი პროექტის შესახებ მეგობარი სკოლისათვის  მოგვეყოლა, გაგვეზიარებინა საკუთარი გამოცდილება, მიგვეღო უკუკავშირი და შემდგომი მუშაობისას გაგვეთვალისწინებინა.

 

გამოყენებული  ლიტერატურა:

  1. https://ncp.ge/– ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი;
  2. ჟურნალი ,,მასწავლებელი“ N2, 2010 წელი;
  3. ჟურნალი ,,მასწავლებელი“ სპეციალური გამოშვება, 2014 წელი;
  4. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება (სატრენინგო მასალა), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.tpdc.ge , 2014 წელი.

 

 

სოციო-ემოციური უნარები და მათი აქტუალურობა ციფრულ ეპოქაში

0

21-ე საუკუნეს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების ეპოქა. ყველა ვთანხმდებით, რომ ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად სქესისა თუ ასაკისა მიჯაჭვულია გაჯეტებსა თუ სხვადასხვა ელექტრონულ მოწყობილობებზე, რამაც მოსწავლეებში ემოციების დეფიციტი გამოიწვია. ჩვენ ირგვლივ ყველა, და მათ შორის მოსწავლეებიც, სამწუხაროდ,  ხდებიან უფრო და უფრო “რობოტულები” და მართულნი სხვა ფასეულობებითა თუ ღირებულებებით.

სწორედ თანამედროვე სამყაროს კომპლექსურობამ და ტექნოლოგიურმა მიღწევებმა ცალსახად დაგვანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მოსწავლეთა სოციო-ემოციური უნარების განვითარება, რომელიც თითოეული მასწავლებლის ამოცანად უნდა იქცეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი ჩვენგან დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს.

თანამედროვე სტანდარტების მიხედვით სოციალური და ემოციური უნარების განვითარებას დღეს ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სწავლა-სწავლების პროცესში, რადგან იგი პირდაპირ უკავშირდება მოსწავლეების აკადემიურ მიღწევებს.

დავიწყოთ იმით, რომ სოციო-ემოციური სწავლების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი თვითშემეცნებაა. იგი გულისხმობს საკუთარი ემოციების, პირადი მიზნებისა და ღირებულებების გაცნობიერებას, საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების გააზრებას, პოზიტიურ აზროვნებას, ემოციებისა და ქცევების რეგულირებას, სტრესისა და კმაყოფილების მართვას, საკუთარი იმპულსებისა და ნებისყოფის კონტროლს, ასევე, ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებას, კომუნიკაციას, მოსმენას და თანამშრომლობას.

მე, როგორც მკვლევარი მასწავლებელი, ვაანალიზებ, რამდენად აუცილებელია დღეს ამ მიმართულებით საქმიანობა და სხვადასხვა საკლასო თუ სასკოლო აქტივობების განხორციელება. ამიტომ გადავწყვიტე, სოციო-ემოციურ უნარებზე მუშაობა ჩემს ყოველდღიურ საზრუნავად გამეხადა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სოციო-ემოციური უნარების დაქვეითება მოსწავლეებში განაპირობა 2019-2020 სასწავლო წლებმა, როცა ყოველი მოქალაქე, განსაკუთრებით კი მასწავლებლები დავდექით უდიდესი გამოწვევის წინაშე, რაც საგაკვეთილო პროცესების ონლაინ ეფექტურ მართვას გულისხმობდა.

სწორედ ონლაინ სწავლების დროს დავინახე ჩემს მოსწავლეებში ემოციის, ემპათიის, თანაგრძნობის დეფიციტი და დავიწყე ამ პრობლემის გადაჭრის გზების ძიება. მოსწავლეების მიდრეკილება ჩაკეტილობასა და სიმარტოვისკენ ნათელი იყო. ისინი  თავს არიდებდნენ კომუნიკაციას, როგორც მასწავლებლებთან, ისე თანატოლებთან.

შევიმუშავე კითხვარი, რომლის ანალიზმა კიდევ უფრო გაამყარა და აშკარა გახადა ჩემ მიერ დანახული პრობლემა. მოსწავლეთა 80% უპირატესობას სიმარტოვეს ანიჭებდა. კითხვარის ანალიზის შემდეგ მიზნად დავისახე, რომ ფიზიკურ გარემოში დაბრუნებისთანავე მეზრუნა სოციო-ემოციურ სწავლებაზე.

ჩემ მიერ განხორციელებული შემდეგი ინტერვენცია გულისხმობდა სალექციო ტიპის გაკვეთილების ჩატარებას, სადაც მოსწავლეებს ვესაუბრებოდი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თანაგრძნობა, ემპათია და ემოციების რეგულირება იმისათვის, რომ სრულფასოვანი ადგილი დაიკავო თანამედროვე საზოგადოებაში.

სწორედ ამ წელს გაჩნდა იდეა, რომელსაც დღესაც აქტიურად ვახორციელებ. მე და ჩემი მოსწავლეები წელიწადში ერთხელ ოფიციალაურად უარს ვეუბნებით ტექნოლოგიებს, ინტერნეტს, გუგლის საძიებო სისტემიდან  კოპირებულ წინადადებებს, ფაქტებსა თუ ცნებებს და აქცენტებს ვაკეთებთ მხოლოდ ადამიანის ემოციურ ფაქტორებზე.

ვმართავთ ღონისძიებას, სახელწოდებით „ერთი ემოციური დღე ჩემი ცხოვრებიდან“, სადაც მოსწავლეები ღიად საუბრობენ მათი ცხოვრებიდან ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეზე, როცა ყველაზე დიდი გამარჯვება თუ მარცხი, წარმატება თუ წარუმატებლობა, სიხარული თუ უბედურება განიცადეს. სწორედ ამ დღეს ყველა ერთად, მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც  ვმოგზაურობთ წარსულში და გულწრფელად ვიზიარებთ ერთმანეთის განცდებსა თუ ემოციებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი  აღწერილი აქტივობა? ცალსახაა, რომ მსგავსი ღონისძიება მოსწავლეებში ავითარებს სხვისი აზრის მოსმენის, გაზიარების, თანაგრძნობისა და ემპათიის უნარებს, მოსწავლეები ითავისებენ თანატოლების ემოციებსა და შეხედულებებს.

დასკვნის სახით მინდა შევაჯამო, რომ სოციო-ემოციური სწავლა დღეს მოსწავლეთა წარმატების საკვანძო ინდიკატორად მიიჩნევა. სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი სისტემური მიდგომები, რაშიც ყველა ჩვენგანმა საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ როგორც საკუთარი, ასევე სხვების ემოციების ამოცნობა, გრძნობების გამოხატვა კონტექსტის შესაბამისი ფორმებითა და გზებით.

თანამედროვე მკვლევრები კი სწორედ სკოლას აკისრებენ ამ პასუხისმგებლობას, რადგან სკოლა უნდა იქცეს იმ ადგილად, სადაც მოსწავლეები შეძლებენ სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებას, იქნება ეს საგაკვეთილო პროცესსა თუ  სასკოლო გარემოში.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...