შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მასწავლებლის პროფესია ციფრულ საუკუნეში

სჭირდება თუ არა მოსწავლეს მასწავლებელი ინტერნეტის საუკუნეში?

დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ ამაზე არაერთხელ გიფიქრიათ და პასუხიც ერთმნიშვნელოვნად სწორი გაგიციათ: რა თქმა უნდა, მასწავლებლები საჭირონი არიან! ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ვერცერთი რობოტი ვერ გაუზიარებს ჩვენს შვილებს საჭირო ადამიანურ სითბოს, სიყვარულს, ვერ გამოუცხადებს მხარდაჭერას. მეორე მხრივ, მასწავლებლებმა თავადაც კარგად იციან, რომ დღეს ახალი დროის გამოწვევის წინაშე დგანან. ისინი აცნობიერებენ ბავშვების აღზრდასა და განათლებაზე პასუხისმგებლობის სრულ სპექტრს და ცდილობენ, საკუთარ თავში განივითარონ ისეთი უნარები, როგორიც აქამდე არ დასჭირვებიათ. როგორ იცვლება მასწავლებლის როლი თანამედროვე განათლებაში? რომელ ახალ უნარებს უნდა დაეუფლონ ისინი და რა დაეხმარებათ ამაში?

მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ სამყარო იცვლება და ბავშვებიც იცვლებიან.

უფროსებს თითქმის ყოველდღე გვიწევს ახალ ტექნოლოგიებთან შერკინება. ჩვენ ვხედავთ, რომ გაჯეტები და სხვა ტექნიკური მოწყობილობები მანამდე იცვლება, ვიდრე ჩვენ მათთან შეჩვევას მოვასწრებთ. ვიდრე ჩვენ ვეჩვევით, ბავშვები ახალ რეალობას უფრო სწრაფად ერგებიან, ისინი ფაქტობრივად იბადებიან ამ რეალობაში. ფსიქოლოგების აზრით, ბავშვები არა მხოლოდ იდეალურად ადაპტირდებიან ახალ გარემოსთან, არამედ განსხვავებულად აზროვნებენ და იმისათვის, რომ მათ გავუგოთ, ჩვენ თვითონ უნდა მოვახდინოთ ჩვენი აზროვნების რესტრუქტურიზაცია.

ჩვენ შვილებს დაბადებიდან ვუყურებთ და, სხვათა შორის, სწორედ ჩვენ ვუქმნით ამ ახალ რეალობაში კომფორტულად ყოფნის შესაძლებლობას. როგორ? ძალიან მარტივად! როცა დრო არ გვაქვს, ბავშვს კომპიუტერით მულტფილმებს ვურთავთ ან სათამაშოდ ტელეფონს ვაჩეჩებთ. შედეგიც არ აყოვნებს: მასწავლებელი პირველ კლასში იღებს ისეთ ბავშვს, რომელსაც განსხვავებული მიდგომა სჭირდება. ასეთ ბავშვს შეუძლია თავად ასწავლოს მასწავლებელს გაჯეტებთან ურთიერთობა.

და მაინც, როგორ შეუძლია სკოლას, მიიზიდოს ბავშვი? რა თქმა უნდა, სკოლაში მასწავლებელი ბავშვს შეასწავლის წერა-კითხვას, აძლევს მას საჭირო მინიმალურ ცოდნას. შემდეგ კი თვითონაც დაიწყებს ათობით მრავალფეროვან საგანმანათლებლო პლატფორმასთან, ბლოგთან, ვებსაიტთან მუშაობას: ამას ახალი დრო მოითხოვს და ვერსად გაექცევი. თუმცა, ჩვენდა საბედნიეროდ, მასწავლებელი მაინც დარჩება ცოცხალ ადამიანად, რომელსაც უყვარს ჩვენი შვილი. და ის, ფაქტობრივად, თანამედროვე სკოლის ერთადერთი ნამდვილად ღირებული რესურსია.

როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, თანამედროვე განათლება შემეცნებითი განათლებაა და არა დაზეპირების. არავის აინტერესებს და სჭირდება, რამდენ სახელმძღვანელოს გადაიკითხავ და დაიმახსოვრებ. მთავარია, ვისწავლოთ მოვლენების დაკავშირება, ლოგიკური ჯაჭვების აგება, რითაც განვითარდება შემოქმედებითი აზროვნება.

ამიტომ მასწავლებელს ახლა სულ უფრო ნაკლებად მოეთხოვება, რომ სხვებზე ბევრი რამ იცოდეს საუკეთესოდ. ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ მოაზროვნე და შემოქმედებით მასწავლებლებზე მოდის.

როგორიც არ უნდა იყოს თანამედროვე სკოლის მოსწავლე, მისთვის მაინც მნიშვნელოვანია ცოცხალი ადამიანური კომუნიკაცია მასწავლებელთან.

ანუ მასწავლებლის მთავარი ამოცანა მაინც აღზრდაა, ცხადია, განათლებაც. მაგრამ აღმზრდელობითი ფუნქცია უფრო მნიშვნელოვანი და რთულია. სწორედ მასწავლებელმა უნდა გადასცეს ბავშვს ის, რაც დაეხმარება მოსწავლეს ნავიგაციასა და ამ სამყაროში გადაადგილებაში. მაგრამ კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა ისეთი, რომ მოსწავლემ ეს შეძლოს?

მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ასწავლოს:

  • სწრაფად ცვალებად სამყაროში სწრაფად ადაპტირება;
  • ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმება;
  • არ შეუშინდნენ ცვლილებებს;
  • იყვნენ ბედნიერი – ახლაც და მერეც, ზრდასრულ ასაკში.

რა თვისებები სჭირდებათ თანამედროვე მასწავლებლებს? უპირველეს ყოვლისა, მოთმინება. მოთმინება მთავარია! მასწავლებელი მზად უნდა იყოს მუდმივი ექსტრემალური პირობებისთვის. რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ სწავლება შრომატევადი საქმეა, პირველ რიგში, ემოციურად. მასწავლებელი არის ადამიანი, რომელსაც კარგად აქვს განვითარებული ემპათია, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლია სხვისი პრობლემებისა და ყველაფრის, რაც სკოლაში ხდება, გულთან მიტანა. ეს კი ხშირად იწვევს პროფესიულ გადაწვას. ამის თავიდან ასაცილებლად, უნდა შეძლოთ ხანდახან შეჩერდეთ და დაისვენოთ. ზოგიერთი მასწავლებელი დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართავს, ზოგი დამოუკიდებლად უმკლავდება ამას, რადგან საკუთარი ფსიქოლოგიური თავდაცვის საშუალებები აქვს გამომუშავებული.

მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია მუშაობისადმი კრეატიული მიდგომა. ამის გარეშე ფონს ვერ გავა! ამიტომ თავადაც არ უნდა შეჩერდეს განვითარებაში, მან უნდა გაიკაფოს ბავშვებთან მუშაობისა და კომუნიკაციის საკუთარ გზები.

არანაკლებ მნიშვნელოვანია მასწავლებელი იყოს ლიდერი თავისი მოსწავლეებისთვის. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სკოლები აქტიურად ავითარებენ საპროექტო და კვლევით საქმიანობას, მასწავლებლის როლი ჯგუფურ მუშაობაში გარკვეულწილად შეიცვალა. ახლა მხოლოდ ლიდერობა აღარ კმარა – ასეთივე მნიშვნელოვანია მოსწავლეების გაგება და მათი მოსმენა.

მასწავლებელს უნდა შეეძლოს ახალი საგანმანათლებლო ტექნოლოგიების აღიარება და მიღება. ციფრული ტექნოლოგიების გარეშე თანამედროვე განათლება წარმოუდგენელია. ბოლო პერიოდში ამ სფეროში მიღწევები უფრო იზრდება და სწავლებაში მეტად გამოიყენება.

თანამედროვე მასწავლებლისთვის ძალიან დიდ როლს თამაშობს სოციალურ ქსელებში შექმნილი იმიჯი, იმის გავითვალისწინებთ, რომ ამავე ქსელებში მყოფი მოსწავლეები მის ყველა სიტყვას „იჭერენ“ და იმახსოვრებენ.

დაბოლოს: მასწავლებელს უნდა შეეძლოს საუკეთესო საგანმანათლებლო რესურსების მოზიდვა. კარგი მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია ბავშვების შემოქმედებითად დაინტერესება თავისი საგნით. ის დიდ დროს ხარჯავს ახალი პროფესიული და საგანმანათლებლო რესურსების საძიებლად (პლატფორმების, აპლიკაციების, ვებინარების), მაგრამ ეს ამად ღირს, რადგან ასეთ ძიებას ხშირად ახალი იდეები და შთაგონება მოაქვს.

„როდესაც ასწავლი, თვითონაც ისწავლე!“ – ამ პრინციპს ბევრი თანამედროვე მასწავლებელი მისდევს. იმისთვის, რომ მასწავლებელი მუდმივად აღიჭურვოს ახალი ცოდნით, ეცნობა პროფესიულ ლიტერატურას, ესწრება სასწავლო კურსებს, ეუფლება ონლაინპროგრამებს, დაინტერესებულია მასტერკლასებით, სემინარებითა და პროფესიული კონფერენციებით.

 

 

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი