სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მედიაწიგნიერება ისტორიის გაკვეთილზე – სასწავლო  რესურსი 

„ჩვენ უნდა მოვამზადოთ ახალგაზრდა თაობა მკვეთრი გამოსახულებების, ხმამაღალი სიტყვებისა და ჟღერადი ბგერების სამყაროში ცხოვრებისათვის“. (იუნესკო, 1992 წელი).

რთულია ინფორმაციის გაფილტვრა კრიტიკული აზროვნების უნარის გარეშე; ახალი ინფორმაციის შექმნასაც კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება სჭირდება.

შემოგთავაზებთ სასწავლო რესურსს, რომელიც დაეხმარება მასწავლებელს, გაკვეთილზე გამოიყენოს მასალა ან მეთოდი, რომელიც ხელს შეუწყობს მედიაწიგნიერების უნარის განვითარებას.

რესურსის ტიპი – ბეჭდური რესურსი (მეთოდური მასალა) (მედიაწიგნიერების უნარების გასავითარებლად)

გაკვეთილის გეგმა

საგანი – ისტორია

გაკვეთილის თემა – საქართველო და გარე სამყარო მსოფლიო ომებისა და ცივი ომის პერიოდში

საკითხი – ცივი ომის კონფლიქტები – ვიეტნამის ომი  

სკოლა – სსიპ ქ.თელავის N6 საჯარო სკოლა

კლასი – IX (საფეხური II)

დრო – 2 გაკვეთილი

გაკვეთილის მიზანი:

მოსწავლეებმა გააცნობიერონ საერთაშორისო ვითარება ვიეტნამის ომის დროს, იმსჯელონ ომის დაწყებისა და დასრულების მიზეზებზე, შეაფასონ აშშ-სა და სსრკ-ს მიზნები  ვიეტნამის ომში.

მოსწავლეებს განუვითარდეთ კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის უნარ-ჩვევები, სოციალური უნარები.

მედიაწიგნიერების მიზნები:

  • მედიარესურსის კრიტიკული ანალიზი და სინამდვილის რეპრეზენტაციის შეფასება;
  • სიტყვების ძალის გაცნობიერება მედიაპროდუქტში;
  • გამოყენებული ვიზუალური სურათ- ხატების აუდიტორიაზე ზეგავლენის შეფასება.

 

შესაბამისობა ესგ-სთან:

ცნება:   წყარო/ინტერპრეტაცია (შედეგი: ისტ.საბ.1,2,5,6);

ახალ დროსთან დაკავშირებული ფაქტების/მოვლენების/პროცესების შესწავლა-ინტერპრეტირება სხვადასხვა ტიპის წყაროთა მონაცემებზე დაყრდნობით; შესაბამისი პერიოდის წყაროებისა და მათი ინტერპრეტაციის საფუძველზე გამოთქმული მოსაზრებების სანდოობის გაანალიზება (ისტ.საბ.1,2,5,6);

წინარე ცოდნა: მოსწავლეებს შეუძლიათ წყაროების ანალიზი, შედარება.

 

საგანმანათლებლო  რესურსები:

სახელმძღვანელო:   ისტორია – 9  –  ნატა ახმეტელი, ბესიკ ლორთქიფანიძე; გამომცემლობა „დიოგენე“, 2021 (გვ.350-352)

დამხმარე რესურსი:

სახელმძღვანელო: ისტორია – 12  – ნატა ახმეტელი, გვანცა აბდალაძე; გამომცელობა „დიოგენე“, 2012

მასწავლებლის საკითხავი (დანართი  №1)

მასწავლებლის მიერ მომზადებული პრეზენტაცია Power Point-ში (დანართი №2)

მოსწავლის საკითხავი (დანართი №3) (შენიშვნა: უმჯობესია, მოსწავლე ტექსტს გაეცნოს გაკვეთილამდე. ასევე, მასწავლებელს შეუძლია  მოსწავლის საკითხავი მასალის  გამოყენება).

მულტიმედია რესურსები:

კარიკატურები  კითხვებით (დანართი 4)

https://www.youtube.com/watch?v=3j-3Xi5BcKs ფილმის „ვიეტნამის ომი“  შესახებ

https://www.youtube.com/watch?v=lxuVRyA4O0Y ომის საწინააღმდეგო სიმღერის შესახებ

www.youtube.com/watch?v=5v1KHHre-8g მუსიკა, რომელიც ვიეტნამის ომს მიეძღვნა (4:58-6:53  წთ.).

უცხო სიტყვათა ლექსიკონი:

  • დემილიტარიზებული ზონა – ხელშეკრულებით ან შეთანხმებით დადგენილი ტერიტორიის ზოლი ორი სახელმწიფოს საზღვრის გასწვრივ; ამ ზონაში აკრძალულია სიმაგრეების აგება, სამხედრო ძალების ყოლა და სხვა.

 

  • ვიეტმინი – ვიეტნამის დამოუკიდებლობის ლიგა ჰო ში მინის მეთაურობით.

 

  • „დომინოს თეორია“ – ერთიმეორის მიყოლებით წაქცეული დომინოს ქვებისა და სახელმწიფოების მეტაფორული ანალოგია, რომელიც აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში XX საუკუნის 50-იან და 60-იან წლებში გახდა პოპულარული. ამ თეორიის მიხედვით, დომინოების, სახელმწიფოების, წაქცევის მიზეზი საერთაშორისო კომუნიზმი იყო, რომელიც საზღვრების მიუხედავად ფართოვდებოდა. ამიტომაც დაუშვებელი იყო რომელიმე სახელმწიფოში კომუნიზმის გამარჯვება. დომინოს თეორიის მომხრეები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ვიეტნამისა და ინდოჩინეთის კომუნიზმისგან დაცვას. დომინოს თეორიას კომუნიზმის როლის გაზვიადებისა და სახელმწიფოთა შიდა პოლიტიკის სხვა ფაქტორების იგნორირების გამო აკრიტიკებენ. „თუ კომუნისტებს ახლა დავუთმობთ სამხრეთ ვიეტნამს, მაშინ ისინი მეზობელ ქვეყნებშიც გაბატონდებიან“.

 

  • ვიეტკონგი – სამხრეთ ვიეტნამის გათავისუფლების ეროვნული ფრონტი. „ვიეტნამელი კომუნისტების“ შემოკლებული ფორმა. ასე უწოდა „ეროვნული გათავისუფლების ფრონტს“ სამხრეთ ვიეტნამელმა დიქტატორმა დიემმა.

 

  • ინტერნაციონალიზაცია – ინტერნაციონალურად ქცევა; ყველა სახელმწიფოსათვის თანაბარი უფლებების მინიჭება რაიმე ტერიტორიით, ნავსადგურით, მდინარით სარგებლობის საქმეში.

 

  • სამხედრო ესკალაცია – აღმასვლა, სამხედრო ძალის გაზრდა, უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა. სამხედრო კონფლიქტის გამწვავება, როდესაც ორი მხარე ერთმანეთის მიმართ სულ უფრო ინტენსიურ საპასუხო დარტყმებს ახორციელებს. ესკალაცია ნებისმიერი შეიარაღებული კონფლიქტის ტოტალურ ანუ აბსოლუტურ ომად გადაქცევას უწყობს ხელს.

 

  • „ასიმეტრიული ომი“ომი, რომელშიც ერთი მხარის სამხედრო ძალის უპირატესობას უპირისპირდება და ხშირად, ფაქტობრივად, ამარცხებს კიდეც მეორე, სუსტი მხარის ამტანობა და ნებისყოფა.

შენიშვნა: გაკვეთილის ჩასატარებლად სასურველია, მასწავლებელი წინასწარ გაეცნოს დამატებით მასალას ცივი ომის ცხელი წერტილის – ვიეტნამის ომის შესახებ. (დანართი №1. მასწავლებლის საკითხავი მასალა: მოკლედაა აღწერილი ვიეტნამის ომის  წარმოშობის/დაწყების მიზეზებისა და მსვლელობის შესახებ;  სასურველია, ასევე, მოსწავლის საკითხავის წინასწარ გაცნობა. დანართი #3).

წინარე ცოდნა: მოსწავლეებმა იციან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ  ცივი ომის წარმოშობისა და მსოფლიოს ორ დაპირისპირებულ  მხარედ გაყოფის შესახებ (ორპოლუსიანი მსოფლიო – როგორც ისტორიაშია ცნობილი); იციან „ნატოს“ და „ვარშავის პაქტის“ შექმნის შესახებ; იციან, ასევე, „ცივი ომის“ ერთ-ერთი ცხელი წერტილის – „კორეის ომის“ შესახებ.

გაკვეთილის მსვლელობა:

აქტივობა 1. წინარე ცოდნის გააქტიურება:

(მასწავლებელი წინარე ცოდნის გასააქტიურებლად სვამს კითხვებს)

კითხვები პასუხები
გაიხსენეთ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მოკავშირეთა ბანაკის რომელ სახელმწიფოებს შორის დაიწყო დაპირისპირება?

 

სსრკ, აშშ,  დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი
როგორ დასრულდა ეს დაპირისპირება? „ცივი ომით“ / „რკინის ფარდა“ ჩამოეშვა ბალტიის ზღვიდან ადრიატიკის ზღვამდე / მსოფლიო ორ დაპირისპირებულ მხარედ გაიყო – დასავლურ და აღმოსავლურ ბანაკებად

 

რომელი სახელმწიფოები გამოიკვეთა დაპირისპირებულ მხარეთა სათავეში?

 

აშშ, სსრკ
რა სახელწოდებით არის ცნობილი დაპირისპირებული სახელმწიფოების მიერ შქმნილი ბლოკები? „ნატო“/ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი,

„ვარშავის პაქტი“

თუ გახსოვთ ცივი ომის პირველი პერიოდის კონფლიქტების შესახებ?

 

კორეის ომი/გერმანიის კრიზისი
როგორ დასრულდა დაპირისპირება კორეაში? კორეა ორ ნაწილად გაიყო 38-ე პარალელზე; ჩრდილოეთის მხარეს აკონტროლებდა სსრკ, სამხრეთისას – აშშ

 

აქტივობა 2. მინილექცია

(მასწავლებელი აწვდის მოსწავლეებს ინფორმაციას ვიეტნამის ომის შესახებ, წინასწარ მომზადებულს Power Point-ის გამოყენებით)

(პრეზენტაციაში განხილულია ინდოჩინეთის პირველი ომი, ომის შემდგომ ვიეტნამის გაყოფა მე-17 პარალელზე. განხილულია ინდოჩინეთის მეორე ომი – ვიეტნამის ომი. პრეზენტაციაში არის სურათები  და ინფორმაცია ვიეტნამის ომის შესახებ და მთავარი მიზეზი თუ რატომ გადაწყვიტა აშშ-მა ომის დასრულება და „ძალის უძლურების დემონსტრირება“)

(იხ. დანართი №2)

https://drive.google.com/file/d/0B2LhRvtT3ZdiUzRkV0N5cVZZTE1GMDZCLWZlZk1lQUh0dno0/view?usp=sharing

აქტივობა 3.  ვიზუალური წყაროს ანალიზი    (მუშაობა ჯგუფებში) (იხ. დანართი #4; #5)

ინსტრუქცია: დააკვირდით ვიზუალურ წყაროებს და უპასუხეთ კითხვებს:

(მოსწავლეები დააკვირდებიან ილუსტრაციებს და უპასუხებენ წინასწარ შედგენილ კითხვებს მედიაწიგნიერების კითხვების გამოყენებით)

 ჯგუფი 1

 

კითხვები პასუხები
რომელი მოვლენის დროს შეიქმნა მოცემული ილუსტრაციები? ვიეტნამის ომის
საიდან გააკეთეთ დასკვნა? ილუსტრაციაზე გამოსახულია ვიეტნამის რუკა // ილუსტრაციაზე გამოსახულია რიჩარდ ნიქსონი, რომელიც აწარმოებდა ამ ომს
რა თანამდებობა ეკავა ამ მოვლენის დროს პირველ ილუსტრაციაზე გამოსახულ პირს?

 

იგი იყო აშშ-ს პრეზიდენტი
რა იყო აღნიშნული ილუსტრაციის შექმნის მიზანი? უამრავი ამერიკელი კვდებოდა ბრძოლაში  და ასე აღარ უნდა გაგრძელებულიყო; ნიქსონს დროულად უნდა დაესრულებინა ომი
რისი გადმოცემა უნდოდა ამ  გზავნილის ავტორს? ჰქონოდათ არჩევნების იმედი, რომ  ნიქსონი ომს  მალე  დაასრულებდა
რას გამოხატავს მეორე ილუსტრაცია? ვიეტნამში გარდაცვლილთა საფლავს, რომელზეც აწერია, რომ 1968 წელს უკვე 20000 გარდაცვლილია ამერიკიდან/ საფლავის მნახველი ერთი ამერიკელი მეორეს ემოციურად ატყობინებს ომის შედეგს (1968 წლისთვის).
ვინ იყო გზავნილის ადრესატი? ამერიკელი ხალხი

 

ჯგუფი 2.

კითხვები პასუხები
რომელი კონკრეტული ისტორიული მოვლენის დროს შეიქმნა წარმოდგენილი ილუსტრაციები? ვიეტნამის ომის
მასზე არსებულ რა  ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთეთ დასკვნა? პირველ ილუსტრაციაზე ამერიკელი ჯარისკაცები დაბომბილი ვიეტნამური სოფლისკენ მიემართებიან, მეორე ილუსტრაცია კი ვიეტნამის ომის წინააღდეგაა მიმართული
რომელ ისტორიულ პერიოდში მიმდინარეობდა ეს მოვლენა? ცივი ომის
რომელ სახელმწიფოში შეიქმნა  ილუსტრაცია?

 

საბჭოთა კავშირში
საიდან გააკეთეთ ეს დასკვნა? გაზეთის წარწერა და სათაური რუსულ ენაზეა და ვიეტნამელების  დახმარებისკენაა მიმართული, ამავე დროს, ინგლისურენოვანი წარწერა აშშ-ის საწინააღდეგოა.
რისი გადმოცემა სურდა ამ გზავნილის ავტორს? დაენახებინა საბჭოთა მოსახლეობისთვის და ვიეტნამელებისთვის ამერიკელთა „ბოროტი ზრახვები“ და თავისი „კეთილგანწყობა“
ვინ არიან გზავნილის ადრესატები?

 

ვიეტნამელები/ჩრდილოვიეტნამელები

 

აქტივობა 4. სიუჟეტის განხილვა

(სიუჟეტის მოკლე აღწერა: ფილმის შემქმნელები საუბრობენ: “საუბედუროდ, ჩვენ არასდროს წავსულვართ ამ ამბისაგან; ჩვენ არასდროს გამოვჯანმრთელებულვართ ამისგან. სხვა გზა არ იყო. ჩვენ თავს ვერ ავარიდებდით ამბის მოყოლას. ომი იყო ექსტრაორდინარულად შემაძრწუნებელი. ყველაზე უარესი პიროვნებებიც კი ერთმანეთისთვის საუკეთესოებად გადაიქცნენ.

ბევრი რამ არის ამის შესახებ: წიგნები, დოკუმენტური ფილმები,  სპეციფიკური ფილმები, თრილერები. ის დარჩა დაუსრულებელ საქმედ ამერიკის ისტორიაში.

დრო გავიდა  და ახლა მნიშვნელოვანია, დაბრუნდე უკან და შეაფასო ნამდვილი გმირები; დაიხოცნენ  ბავშვები, რომლებიც ერთმანეთს პატრონობდნენ,  მათი თავგანწირვა ცეცხლის ქვეშ.

ჩვენ აღმოვაჩინეთ და შენ გიჩნდება სურვილი შეეკითხო საკუთარ თავს, როგორი იყო ამერიკა…

თქვენ გსურთ მიიღოთ სხვა ხალხი, გსურთ მიიღოთ სხვა ადგილი. გსურთ გაატაროთ დრო…

ვიეტნამი იყო ნამდვილი გამოწვევა, იყო დაკარგული მხარე…

მე ვფიქრობ, ქვეყანა მზადაა  საუბრისთვის, რაზეც არასდროს გვისაუბრია აქამდე“).

 

https://www.youtube.com/watch?v=3j-3Xi5BcKs

 

კითხვები პასუხები
რის შესახებ არის ვიდეოსიუჟეტი? ფილმის „ვიეტნამის ომი“ შესახებ

 

ვისთვის შეიქმნა ეს გზავნილი? რა მიზანი აქვს ამ სიუჟეტის შექმნას?

 

ეს ფილმი შეიქმნა საზოგადოებისთვის, რათა იგი უფრო უკეთ იყოს  ინფორმირებული ამერიკელებისთვის მეტად მტკივნეულ თემაზე.
ვინ შეიძლება ისარგებლოს ამ ფილმით? დაინტერესებულმა პირებმა/ვიეტნამის ომით დაინტერესებულმა პირებმა/ ისტორიით დაინტერესებულმა პირებმა
თქვენ უკვე გაეცანით ტექსტს ვიეტნამის ომის შესახებ. ვიდეოსიუჟეტის ყურებისას, როდესაც ფილმის შემქმნელები ომის შესახებ ყვებიან, თუ აღმოაჩინეთ მსგავსება ტექსტსა და ვიდეოში მონათხრობს შორის? გამახსენდა ტექსტში აღწერილი მოვლენები

 

 

 

  • ინსტრუქცია მე-5 და მე-6 აქტივობისთვის. ყურადღებით უყურეთ სიუჟეტს, მოუსმინეთ მუსიკას და გადმოეცით თქვენი დამოკიდებულება. უპასუხეთ კითხვებს:

 აქტივობა 5.

www.youtube.com/watch?v=5v1KHHre-8g მუსიკა, რომელიც ვიეტნამის ომს მიეძღვნა (4:58-6:53 წთ.).

 

აქტივობა 6.

www.youtube.com/watch?v=5v1KHHre-8g მუსიკა, რომელიც ვიეტნამის ომს მიეძღვნა (4:58-6:53 წთ.).

 

რა მიზანი ჰქონდა მუსიკის შექმნას?

ვის და რის წინააღმდეგ იყო მუსიკა მიმართული?

რა არის ამ სიუჟეტის ქვეტექსტი?

 

აქტივობა 7.

შეჯამება-მსჯელობა

როგორ შეაფასებთ აშშ-სა და სსრკ-ს მიზნებს ვიეტნამის ომში?

მოსწავლეები დაასახელებენ სხვადასხვა მოსაზრებას შესაფასებლად. მაგალითად: აშშ-სთვის და დასავლეთ ევროპისთვის  სსრკ იყო საფრთხე; სსრკ და აშშ სხვადასხვა უარყოფითი მეთოდით ცდილობდნენ გავლენის გავრცელებას მსოფლიოზე; ამერიკა და სსრკ ერთმანეთს ეცილებოდნენ მსოფლიოს გაყოფაში; მათ  ერთნაირი ზრახვები ჰქონდათ; სსრკ გააწითლებდა ირგვლივ სახელმწიფოებს; აშშ და სსრკ ქმნიდნენ პროპაგანდისტულ კარიკატურებსა და ილუსტრაციებს, რითაც საზოგადოებას ამცნობდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ; სსრკ-ს და აშშ-ს მტრული დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ და სხვა სახელმწიფოებსაც თავს ახვევდნენ ამ განწყობას და ა.შ.

 

აქტივობა 8. საშინაო დავალება

დაწერეთ ესსე:

ვიეტნამის ომში აშშ-ს წარუმატებლობის შესახებ ამბობენ: ეს იყო „ძალის უძლურების“ დემონსტრირება. წერილობით გადმოეცით თქვენი აზრი – ეთანხმებით თუ არა ამ შეფასებას.

აქტივობა  9. შეფასება ზეპირი განმავითარებელი/განმსაზღვრელი

მეთოდური მასალის შეფასების რუბრიკები

 

ჰოლისტური შეფასების სქემა

 

კრიტერიუმები სრულად

10-9

ნაწილობრივ

8-7

მცირედ

6-5

ვერ ახერხებს

4-3-2

 მსჯელობს კარიკატურაზე ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე        
საკუთარი შეხედულების დასასაბუთებლად იყენებს ტექსტს ვიეტნამის ომის შესახებ

 

       
 მსჯელობს სსრკ-სა და აშშ-ს მიზნებზე

 

       
  ასაბუთებს საკუთარ აზრს

 

       
 შეუძლია მედიის ძირითადი გზავნილის ამოცნობა და შეფასება        
შეუძლია მედიარესურსით გადმოცემული ინფორმაციით გაიხსენოს სინამდვილე და შეაფასოს ის        

 

ესსეს შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები სრულად

10-9

ნაწილობრივ

8-7

მცირედ

6-5

ვერ ახერხებს

4-3-2

დავალების პირობის ადეკვატური გაგება და გააზრება        
ნაშრომის აგება/სტრუქტურა        
მსჯელობის დასაბუთება        
დამოუკიდებელი აზროვნება        
ლექსიკა და სტილი        
შემოქმედებითობა        

 

 

დანართი №1

მასალა მასწავლებლისთვის

ვიეტნამის ომი

ვიეტნამის ომი იყო ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება მე-20 საუკუნეში. თავდაპირველად, კონფლიქტი დაიწო სამხრეთ ვიეტნამში სამოქალაქო ომით, რომელშიც სსრკ, აშშ და ჩინეთი ჩაერთნენ; ომის მიზეზი დამოუკიდებლობის მოპოვება იყო. ჟენევის შეთანხმებით, ვიეტნამი გაიყო ორ ნაწილად მე-17 პარალელზე – ჩრდილო და სამხრეთ ნაწილებად; ჩრდილო ნაწილში სიმპათიები საბჭოთა კავშირისკენ იყო მიმართული, სამხრეთში კი – აშშ-სკენ და ცენტრალური ევროპისკენ. ამერიკა თვლიდა, რომ არ უნდა დაეკარგა ვიეტნამის სახელმწიფო და არ უნდა ჩაებარებინა რუსეთისთვის, ამიტომ ამერიკამ დაიწყო სამხრეთ ვიეტნამის დახმარება.

ამერიკის პრეზიდენტი დუაით ეიზენჰაუერი აქტიურ პოლიტიკას ატარებდა ვიეტნამში. 1964 წელს ტონკინის ყურეში ამერიკის ხომალდ “მედოკს” თავს დაესხნენ ვიეტნამელი აჯანყებულები; ამან აშშ-ს მთავრობაში დიდი აგრესია გამოიწვია და 1965 წლის 7 თებერვალს ამერიკამ ჯარი შეიყვანა ვიეტნამში, რასაც კიდევ უფრო დიდი განხეთქილება და დაპირისპირება მოჰყვა ვიეტნამსა და აშშ-ს შორის. სამხრეთ ვიეტნამი ამერიკის მხარდამხარ იბრძოდა და მათი მეთაური დინ ზემი ძალიან ეხმარებოდა ამერიკის ჯარს. ომში დაიღუპა დაახლოებით 300 ათასი ადამიანი – მათი ნაწილი ვიეტნამელი იყო,  უმეტესობა კი – ამერიკელი.

რაც შეეხება ჩრდილოეთ ნაწილს, აქ ომს 1 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ანუ საბჭოთა კავშირის დანაკლისი ძალიან მცირე იყო; თავიდან ის   აქტიურად ჩაება ომში, თუმცა ფრონტის ხაზზე მხოლოდ ვიეტნამელები იბრძოდნენ.

საბოლოოდ ამერიკამ უაზროდ ჩათვალა ომის გაგრძელება (აშშ-ს მოსახლეობა აპროტესტებდა ომის გაგრძელებას და ახალგაზრდების ხოცვას. ამერიკელები ვიეტნამის ომის კადრებს ტელევიზიით ნახულობდნენ. მოსახლეობამ  კონგრესს ომის შეწყვეტა მოსთხოვა და  კონგრესმა აღარ დააფინანსა ნიქსონის წინადადება ომის გაგრძელების შესახებ) და 1973 წლიდან ჯარმა ვიეტნამის ტერიტორიის დატოვება დაიწყო. ყველაზე უცნაური ის არის, რომ ამ ომის დამწყებად არც ამერიკა მიიჩნევა და არც საბჭოთა კავშირი, რადგან მათ ერთმანეთისთვის ომი არ გამოუცხადებიათ. ომის შედეგად  მილიონობით ადამიანი დაიღუპა და დაზარალდა.

ომი 1975 წელს დასრულდა. ვიეტნამი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა – ქვეყანა პრაქტიკულად დანგრეული იყო. დიდი იყო მხარეთა დანაკარგიც: ამერიკელთა მხრიდან დაიღუპა 58 000 ჯარისკაცი, დაიჭრა – 303 000, ბევრმა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სამხრეთ ვიეტნამმა დაკარგა 250 000 ჯარისკაცი, დაიჭრა – 1 მილიონზე მეტი. ოფიციალური მონაცემებით, მთლიანად ომში დაიღუპა 1.1 მილიონი ჯარისკაცი, ხოლო მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლმა ორივე მხრიდან 2 მილიონს გადააჭარბა.   

ამერიკელი სამხედროები ვიეტნამის ომის დროს, 1968 წელს, აპირებდნენ ბირთვული იარაღის გამოყენებას. ამას მოწმობს გამოქვეყნებული საიდუმლო საარქივო მასალები, რომლებსაც გაზეთი The New York Times-ი ავრცელებს.

დოკუმენტების თანახმად, ვიეტნამში ამერიკული არმიის გენერალი უილიამ უესტმორლენდი დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა საიდუმლო ოპერაციას კოდური სახელწოდებით Fracture Jaw („ყბის მოტეხილობა“). ის გულისხმობდა სამხრეთ ვიეტნამში ბირთვული იარაღის გადატანას, რომელიც შესაძლოა გამოეყენებინათ ჩრდილოვიეტნამელებთან შეტაკების დროს.

როგორც გაზეთი აღნიშნავს, უესტმორლენდის გეგმის შესახებ გაიგო უსაფრთხოების საკითხში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა უოლტ როსტოუმ, რომელმაც უმალვე აცნობა ამერიკის მაშინდელ ლიდერს ლინდონ ჯონსონს. ამერიკის პრეზიდენტი განარისხა ინფორმაციამ ამ ოპერაციის შესახებ და მან პროგრამის დაუყოვნებლივი დახურვა მოითხოვა.

„ჯონსონი ბოლომდე არასდროს ენდობოდა თავის გენერლებს. ის პატივს სცემდა გენერალ უესტმორლენდს, მაგრამ არ სურდა, რომ ომი მას წარემართა“  – ამბობს ჯონსონის მდივანი.

წყარო: https://imedinews.ge/ge/msoflio/80235/vietnamis-omis-dros-ashshis-generali-birtvuli-iaragis-gamokenebas-gegmavda

დანართი #2

https://drive.google.com/file/d/0B2LhRvtT3ZdiUzRkV0N5cVZZTE1GMDZCLWZlZk1lQUh0dno0/view?usp=sharing

 დანართი # 3

მასალა მოსწავლისთვის

                                                                      ვიეტნამის ომი

  1. 1. 1940 წელს ფაშისტური გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციამ სათავე დაუდო ფრანგული კოლონიალიზმის რღვევას. იაპონია ჩასაფრებული ელოდა ინდოჩინეთში საფრანგეთის პოზიციების შესუსტებას და 1945 წელს იაპონიამ ვიეტნამი, ძველი სამეფო დინასტიის წარმომადგენლის – იმპერატორ ბაო დაის ხელმძღვანელობით, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნო.

ვიეტნამში კარგად ესმოდათ იაპონიის ნამდვილი მიზნები. იმჟამად იაპონიას არ ჰქონდა საკმარისი ძალა ახალი ტერიტორიების ანექსიისთვის და ვიეტნამზე გავლენის დამყარებას ისახავდა მიზნად. ვიეტნამელმა ნაციონალისტება დაიწყეს ბრძოლა რეალური დამოუკიდებლობისთვის.

ვიეტნამის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას სათავეში ედგნენ ზომიერი კომუნისტები ხო ში მინის მეთურობით. იგი პოპულარული პიროვნება იყო სამშობლოში. მისი მთავარი ლოზუნგები იყო მიწის რეფორმა და სიღარიბის დაძლევა.

ხო ში მინმა დაიწყო პარტიზანული რაზმების შეგროვება და ელოდა II მსოფლიო ომში იაპონიის დამარცხებას, რათა ძალაუფლება აეღო ხელში. 1945 წლის სექტემბერში მან გამოაცხადა ვიეტნამის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. საფრანგეთს სურდა ვიეტნამზე კონტროლის დაბრუნება. მართლაც, ქალაქებსა და პორტებში საფრანგეთმა აღადგინა თავისი ხელისუფლება, მაგრამ აგრარულ რეგიონებში, განსაკუთრებით კი ჩრდილეთ ვიეტნამში, ვითარებას  „ვიეტმინი“ – ვიეტნამის დამოუკიდებლობის ლიგა ფლობდა.

დაიწყო მოლაპარაკებები საფრანგეთსა და ვიეტმინს შორის. 1946 წლის მარტში ჰანოიში, წინასწარი შეთანხმებით, საფრანგეთმა ცნო ვიეტნამის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც შევიდოდა საფრანგეთის კავშირში. ფრანგების მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ვიეტნამში ფრანგები იღებდნენ ვალდებულებას, დამორჩილებოდნენ რეფერენდუმის შედეგებს. თავის მხრივ, ვიეტნამის მთავრობა დროებით შეუშვებდა საფრანგეთის არმიას ჩრდილოეთ ვიეტნამში, იქ მყოფი ჩან კაი შის ჯარების ჩასანაცვლებლად.

ჩრდილოეთ ვიეტნამში შესვლისთანავე საფრანგეთმა დაიწყო ვიეტნამის საშინაო საქმეებში ჩარევა. საფრანგეთის მიზანი იყო, ჩრდილოეთ ვიეტნამი მოეწყვიტა სამხრეთ ვიეტნამისაგან და იქ დაეარსებინა კოხინხინის ავტონომიური რესპუბლიკა. ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის მოთხოვნით, 1946 წლის სექტემბერში პარიზში ხელი მოეწერა დროებით კონვენციას საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. აშშ-ს მოთხოვნით, ეს კონვენცია დაირღვა და 1946 წლის დეკემბერში საფრანგეთმა ომი გამოუცხადა ვიეტნამს.

საფრანგეთის არმიამ დაიკავა ჩრდილოეთ ვიეტნამის სტრატეგიული ობიექტები, რითაც ვიეტნამის არმია რესურსების გარეშე დატოვა. ვიეტნამი გადავიდა პარტიზანულ ომზე. საბოლოოდ, ომის ბედი გადაწყვიტა 1953 წლის ნოემბრის შეტაკებამ დიენ ბიენ ფუს დაბლობზე.  საფრანგეთის არმია დამარცხდა.  1954 წლის 7 მაისს დაეცა საფრანგეთის არმიის სამხედრო შტაბიც.

წყარო 1.

საფრანგეთის 1946 წლის კონსტიტუციის მიხედვით, „საფრანგეთის კავშირი“ იყო მართვის ფორმა იმ კოლონიებისათვის, რომლებსაც უკვე მოპოვებული ჰქონდათ გარკვეული დამოუკიდებლობა საშინაო საკითხების გადაწყვეტისას, მაგრამ ექვემდებარებოდნენ კოლონიური პოლიტიკის ძირითად სისტემას. 1958 წლიდან კავშირი გადაიქცა ფრანგულ თანამეგობრობად.                                                                  (რობერტ შულცინგერი).

 

  1. 1954 წლის 7 მაისს ჟენევაში დაიწყო და ივლისამდე მიმდინარეობდა თათბირი, რომელიც განიხილავდა ინდოჩინეთის პირველი ომის (1946-1954) შედეგებს. ჟენევის თათბირში მონაწილეობდნენ: სამხრეთ ვიეტნამელი კომუნისტები და მათი განმათავისუფლებელი ძალები, ფრანგული კოლონიური ხელისუფლება, აშშ, დიდი ბრიტანეთი, სსრკ, ჩინეთი, ლაოსი, კამბოჯა, სამხრეთ ვიეტნამის მონარქი ბაო დაი და „ვიეტმინის“ მთავრობა ჰო ში მინის მეთაურობით. 21 ივლისს მიიღეს შეთანხმება.

აშშ-მა ჟენევის გადაწყვეტილება  კომუნისტების გამარჯვებად ჩათვალა და პროტესტის ნიშნად ხელი არ მოაწერა შეთანხმებას. აშშ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სამხრეთ ვიეტნამს რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით.  „დომინოს თეორიიდან“ გამომდინარე, თუ სამხრეთ ვიეტნამი გახდებოდა კომუნისტური, მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაც გაწითლდებოდა.

სამხრეთ ვიეტნამის პრემიერ-მინისტრი გახდა ნგო დინ დიმი, რომელიც სარგებლობდა აშშ-ს მხარდაჭერით. მან ჩაატარა რეფერენდუმი, რომლის საფუძველზეც, 1955 წლის 26 ოქტომბერს ბაო დაის მონარქისტული  რეჟიმი შეიცვალა რესპუბლიკით, თავად ნგო დინ დიმი კი პრეზიდენტი გახდა.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნგო დინ დიმმა დესპოტური და კორუფციული რეჟიმი ჩამოაყალიბა. ამერიკისგან მიიღო დახმარება,  მაგრამ უარი თქვა ამერიკულ რეკომენდაციებზე,  გაეტარებინა რეფორმები. მოსახლეობისათვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო მიწის რეფორმის არგანხორციელება და ნგოს ანტიბუდისტური განცხადებები.

ოპოზიციის მოთმინების ფიალა აივსო.  1956 წელს,  როდესაც ნგომ უარი თქვა ქვეყნის გაერთიანების  შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე, ნაციონალისტებმა და კომუნისტებმა წააქეზეს გლეხობა, რომელმაც იარაღს მოკიდა ხელი და აჯანყდა.  აჯანყებულებს 1960 წლიდან ხელმძღვანელობდა „ვიეტკონგი“სამხრეთ ვიეტნამის გათავისუფლების ეროვნული ფრონტი. ვიეტკონგთან აქტიურად თანამშრომლობდა ხო ში მინის მთავრობაც.

1963 წლის 2 ნოემბერს ნგო დინ დიმი მოკლეს. შეიქმნა ვიეტნამის მეორე რესპუბლიკა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ნგუენ ვან თჰი.

1964 წლის 4 აგვისტოს ტონკინის ყურეში, აშშ-ს საპატრულო ხომალდ „მედოქსს“ თავს დაესხნენ ჩრდილოეთ ვიეტნამის ტორპედოიანი კატერები. პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალებს საპასუხო დარტყმის მიყენება უბრძანა. ამან გამოიწვია ვიეტნამის საკითხის ინტერნაციონალიზაცია.

1964 წლის 7 აგვისტოს აშშ-ს კონგრესმა მიიღო ტონკინის რეზოლუცია, რომლის თანახმად, პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონს მიეცა შეიარაღებული ძალების გამოყენების უფლება. კორეის ომის გამოცდილებიდან გამომდინარე, აშშ-ს არ სურდა დამოუკიდებლად ომის წამოწყება, მაგრამ ევროპა არ გამოეხმაურა მის მოწოდებას ანტივიეტნამური კოალიციის შექმნის შესახებ.

წყარო 2. ჟენევის თათბირის გადაწყვეტილებები:

  1.  საფრანგეთის არმია დატოვებს ინდოჩინეთს;
  1. თათბირის მონაწილე ქვეყნებმა ცნეს ვიეტნამის, ლაოსისა და კამბოჯის დამოუკიდებლობა;
  1. 1946 წლის შეთანხმებაზე დაყრდნობით, მე-17 პარალელზე გაივლება სადემარკაციო ხაზი და გამოცხადდება დემილიტარიზებული ზონა.
  2. ვიეტნამს, ლაოსსა და კამბოჯას ეკრძალებათ თავის ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოთა სამხედრო ბაზების განლაგება და რომელიმე სამხედრო ბლოკში გაწევრიანება.
  3. ვიეტნამში, ლაოსსა და კამბოჯაში ჩატარდება თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები.
  4. ინდოეთის, პოლონეთისა და კანადის მონაწილეობით შეიქმნება საერთაშორისო საკონტროლო კომისია, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ამ გადაწყვეტილებების აღსრულებას.

 

წყარო 3. ვიეტკონგი

სამხრეთ ვიეტნამის გათავისუფლების ეროვნულ ფრონტს ამერიკელმა მებრძოლებმა უწოდეს „ვიეტ კონგ“. სახელი მომდინარეობს ვიეტნამური წინადადებიდან „ვიეტ ნამ კონგ სან“ („ვიეტნამელი კომუნისტი“). თავად ვიეტნამელი კომუნისტები თავიანთ თავს ამ სახელს არასდროს უწოდებდნენ. აქედან გამომდინარე, სახელი „ვიეტ კონგი“ გავრცელდა მხოლოდ აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში. იმ პერიოდში „ვიეტ კონგის“ მისამართით საყოველთაოდ გავრცელებული სალანძღავი სიტყვა იყო „გუკი“ (ინგლ.: “Gook”). დღეს ამ სიტყვას აშშ-ში ხმარობენ ზოგადად ვიეტნამელებთან მიმართებით.

1965 წლის მარტში აშშ-ის საჰაერო ძალებმა დაბომბეს ჩრდილოეთ ვიეტნამი. ივლისში ჯონსონმა ოფიციალურად გამოაცხადა ომის დაწყების შესახებ. აშშ-ს ომის სწრაფად დასრულება სურდა, მაგრამ ის ძალიან გაჭიანურდა. 1965 წლის აგვისტოში ომში 125 000 ამერიკელი მონაწილეობდა; ერთ წელიწადში მათი რაოდენობა 400 000-მდე გაიზარდა.

აშშ-ის სახმელეთო ჯარებს ომის წარმოება ძლიერ უჭირდათ. ადამიანური რესურსების სიჭარბე და პარტიზანული ომის მეთოდები უპირატესობას აძლევდა ვიეტნამელებს. პარტიზანები ხშირად მშვიდობიან მოსახლეობაში ერეოდნენ და მათი პოვნა რთულდებოდა. სამხრეთ ვიეტნამის მოსახლეობა, განსაკუთრებით გლეხობა, ყველანაირად უჭერდა მხარს ჩრდილოელებს.

ჩრდილოეთ ვიეტნამში სახმელეთო შეჭრა ამერიკელებმა ბოლომდე ვერ გაბედეს, ომში ჩინეთის შესაძლო ჩაბმის შიშით. 1967 წელს ვიეტნამის ომი ჩიხში შევიდა. 1968 წლიდან „ვიეტ კონგმა“ დაიწყო თავდასხმები სტრატეგიულ ობიექტებზე; მაგალითად, თავს დაესხნენ აშშ-ის საელჩოს საიგონში.

1968 წელს რიჩარდ ნიქსონმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიეტნამის ომის სწრაფად დამთავრების ლოზუნგით გაიმარჯვა. ნიქსონის „საიდუმლო გეგმა“ მიზნად ისახავდა ომში გამარჯვებას არა უშუალოდ ფრონტზე, არამედ მოსკოვსა და პეკინთან ურთიერთობების გაუმჯობესებით, კერძოდ, ჩინეთისთვის გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრის სტატუსის აღდგენით;  ნიქსონი იმედოვნებდა, რომ, სანაცვლოდ, ჩინეთი აიძულებდა ხო ში მინს, მისჯდომოდა მოლაპარაკების მაგიდას და დათანხმებულიყო სამხრეთ ვიეტნამში დამოუკიდებელი ნეიტრალური რესპუბლიკის შექმნას.

ნიქსონმა ვერ გაითვალისწინა, რომ კომუნისტური სამყარო არ იყო ერთიანი და მოსკოვს თუ პეკინს ვიეტნამზე ზემოქმედების არცთუ ბევრი ბერკეტი ჰქონდა. მოლაპარაკებებიც, ომის მსგავსად, ჩიხში შევიდა. 1969 წლის მარტში ნიქსონმა მიიღო სარისკო გადაწყვეტილება: ამერიკულმა ბომბდამშენებმა დაბომბეს კამბოჯის საზღვართან ახლოს მდებარე ჩრდილოეთ ვიეტნამის სამხედრო ბაზები.

საპასუხოდ, ჩრდილოეთ ვიეტნამელები კამბოჯაში შეიჭრნენ, დაიწყო ქაოსი, გაჩნდნენ ლტოლვილები.  ამან ხელი  შეუწყო კამბოჯაში მემარცხენე ტერორისტული ორგანიზაციის „წითელი ქხმერების“ მოსვლას ხელისუფლებაში და ინდოჩინეთში ძალადობის კიდევ ერთი ეპიცენტრი გაჩნდა.

1972  წლის მარტში დაიწყო სრულმასშტაბიანი შეტევა მე-17 პარალელის გასწვრივ. ამერიკელებმა კამბოჯის მოვლენებს  ჰანოის დაბომბვით უპასუხეს. 1972 წლის ოქტომბერში პარიზის მოლაპარაკებებზე მიიღეს შეთანხმების წინასწარი ვარიანტი, რომელსაც არ დაეთანხმა ნგუენ ვან თჰი. აშშ-ის  კონგრესმა უარი უთხრა  პრეზიდენტ ნიქსონს ვიეტნამის ომისთვის საბიუჯეტო სახსრების გამოყოფაზე.  ასეთ ვითარებაში ნიქსონმა ურჩია ნგუენ ვან თჰის დათანხმებოდა პარიზის შეთანხმებას.

პარიზის შეთანხმების თანახმად, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვეს სამხრეთ ვიეტნამი.

1975 წლის დასაწყისში ჩრდილოეთ ვიეტნამის ჯარებმა აიღეს საიგონი. ვიეტნამი გაერთიანდა; პროდასავლურმა ხელისუფლებამ დატოვა ლაოსი და კამბოჯა. მუხედავად იმისა, რომ დაიღუპა მილიონობით ადამიანი და დაიხარჯა მილიარდობით დოლარი, მთელი ინდოჩინეთი კომუნისტური მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა.

ეს იყო აშშ-ის ყველაზე დიდი მარცხი ცივი  ომის პერიოდში.

წყარო 4.

ვიეტნამის ომში ერთ მხარეს იბრძოდა აშშ-ის,  სამხრეთ ვიეტნამის, ავსტრალიისა და სამხრეთ კორეის სამხედრო კავშირი.  მეორეზე კი – ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი (ვიეტკონგი). სსრკ და ჩინეთი ჩრდილოეთ ვიეტნამს სამხედრო დახმარებას უწევდნენ, თუმცა კონფლიქტში აშკარა ჩარევისაგან თავი შეიკავეს.

წყარო 5.

წითელი ქხმერები – კამბოჯის დემოკრატიული რესპუბლიკის კომუნისტური მიმართულების მმართველი პარტია 1975-1979 წლებში. „წითელი ქხმერების“ რეჟიმი ითვლება XX საუკუნის ყველაზე სასტიკ  და მკვლელ რეჟიმად. მათი მმართველობის დროს  კამბოჯაში  2 მილიონამდე ადამიანი ანუ  მთელი მოსახლეობის მეოთხედი დაიღუპა. პოლიტიკური ტერორის, შიმშილობისა და მონური შრომის გამო, ქხმერების ლიდერმა პოლ ჰოტმა, რომელიც მაო ძედუნის მსგავსად თვლიდა, რომ პროლეტარიატის მთავარი დასაყრდენი აგრარული სივრცე იყო, შემოიღო აგრარული კომუნიზმის რადიკალური ფორმა. მთელ მოსახლეობას  კოლექტიურად უნდა ემუშავა სხვადასხვა იძულებით  პროექტზე. „ქხმერების  რეჟიმი“ 1979 წელს დაემხო, ვიეტნამის თავდასხმის შედეგად. „წითელი ქხმერები“, როგორც პოლიტიკური მოძრაობა, არსებობდა 1996 წლამდე.

წყარო 6.

ვიეტნამის საკითხზე მოლაპარაკებები 1968 წლიდან მიმდინარეობდა პარიზში და საბოლოოდ დასრულდა 1973 წლის იანვარში  ხელშეკრულებაზე ხელმოწერით. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის, სამხრეთ ვიეტნამის რესპუბლიკის, აშშ-ის, საბჭოთა კავშირის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის, პოლონეთის, უნგრეთის, კანადის, ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

მასალაში მოხსენიებული არიან აშშ-ის პრეზიდენტები:

34-ე პრეზიდენტი – დუაიტ ეიზენჰაუერი (1953-1961) (რესპუბლიკური პარტიიდან)

36-ე პრეზიდენტი  – ლინდონ ჯონსონი (1963-1969) (დემოკრატიული პარტიიდან)

37-ე პრეზიდენტი – რიჩარდ ნიქსონი (1969-1974) (რესპუბლიკური პარტიიდან)

(გამოყენებული მასალა: აბდალაძე გ.,  კვიტაიშვილი ნ., კუპატაძე ბ., ჯანუაშვილი ქ., უახლესი ისტორია, XII, ვიეტნამის ომი, გვ.232-236, გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“.)

 

დანართი #4                                               ვიზუალური წყაროს ანალიზი (ჯგუფი 1)

კითხვები პასუხები    
რომელი მოვლენის დროს შეიქმნა მოცემული ილუსტრაციები?

 

 

 

 

საიდან გააკეთეთ დასკვნა?

 

 

 

რა თანამდებობა ეკავა ამ მოვლენის დროს პირველ ილუსტრაციაზე გამოსახულ პირს?

 

 

 

 

 

რა იყო აღნიშნული ილუსტრაციის შქმნის

მიზანი?

 
რისი გადმოცემა უნდოდა ამ  გზავნილის ავტორს?  

 

რას გამოხატავს მეორე ილუსტრაცია?

 

 

 

ვინ იყო გზავნილის ადრესატი?  

 

დანართი #5

ვიზუალური წყაროს ანალიზი (ჯგუფი 2)

კითხვები პასუხები
რომელი კონკრეტული ისტორიული მოვლენის დროს შეიქმნა წარმოდგენილი ილუსტრაციები?  
მასზე არსებულ რა  ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთეთ დასკვნა?  

 

 

რომელ ისტორიულ პერიოდში მიმდინარეობდა ეს მოვლენა?  
რომელ სახელმწიფოში შეიქმნა ილუსტრაცია?

 

 
საიდან გააკეთეთ ეს დასკვნა?  
რისი გადმოცემა უნდოდა ამ გზავნილის ავტორს?  

 

 

სასწავლო  რესურსის ინსტრუქცია და რეფლექსია

რესურსის ტიპი – ბეჭდური რესურსი (მეთოდური მასალა)

ჩემ მიერ მომზადებული სასწავლო რესურსი არის მეთოდური მასალა ისტორიაში; თემაა –   „ცივი ომის კონფლიქტები – ვიეტნამის ომი“. მეთოდური მასალა განკუთვნილია მე-9  კლასისათვის.

შესაბამისობა ესგ-სთან:

ცნება:   წყარო/ინტერპრეტაცია (შედეგი : ისტ.საბ.1,2,5,6);

ახალ დროსთან დაკავშირებული ფაქტების/მოვლენების/პროცესების სხვადასხვა ტიპის წყაროთა მონაცემებზე დაყრდნობით შესწავლა-ინტერპრეტირება; შესაბამისი პერიოდის წყაროებისა და მათი ინტერპრეტაციის საფუძველზე გამოთქმული მოსაზრებების სანდოობის გაანალიზება (ისტ.საბ.1,2,5,6);

მეთოდური რესურსის გამოყენება  შეიძლება მე-12 კლასში (მოდიფიცირებული სახით), შესაბამისი თემის შესწავლისას.

საგანმანათლებლო მეთოდური მასალა შექმნილია მოსწავლეთა მედიაწიგნიერების  გამჭოლი კომპეტენციის ხელშესაწყობად.

მეთოდური მასალა მოიცავს გაკვეთილის გეგმას, გამოსაყენებელ რესურსებს ბმულებით (ვიდეო მასალა, პრეზენტაციის ბმული)  და დანართებით: მასწავლებლის საკითხავს, პრეზენტაციას მასწავლებლისთვის გაკვეთილის ასახსნელად, მოსწავლის საკითხავს წყაროებითურთ, ჯგუფური სამუშაოს დავალებებს…

გაკვეთილის გეგმით გათვალისწინებულ თითოეულ აქტივობას ახლავს ინსტრუქცია,  რომელშიც ნათლად არის ახსნილი, როგორ უნდა განხორციელდეს ეს კონკრეტული აქტივობა. ასევე, დავალებებს ახლავს სავარაუდო პასუხები, რომლებსაც დაინტერესებული მასწავლებელი გამოიყენებს.

მოცემული რესურსის/მეთოდური მასალის შექმნა განაპირობა მედიაწიგნიერების გამჭოლი კომპეტენციის ხელშესაწყობად დაგეგმილმა აქტივობებმა.

ჩემ მიერ შექმნილი რესურსი/მეთოდური მასალა შეესაბამება ესგ-ს სტანდარტით მისაღწევ შედეგს. მისი სასწავლო  მიზანია, რესურსების გამოყენებით,  მოსწავლეებმა გააცნობიერონ ვიეტნამის ომის დროს არსებული საერთაშორისო ვითარება, იმსჯელონ ომის დაწყებისა და დასრულების მიზეზებზე, შეაფასონ (მასალა/წყაროები) საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის მიზნები  ვიეტნამის ომში.

მისი გამოყენება შეუძლია როგორც ისტორიის, ასევე გეოგრაფიისა (ვიეტნამისა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების შესწავლის დროს) და სამოქალაქო განათლების (ცივი ომის კონფლიქტების შესწავლის დროს) მასწავლებელს. მედიაწიგნიერების კითხვები დაეხმარება მოსწავლეს წყაროს გაანალიზებაში (რესურსში მოცემულია სხვადასხვა ტიპის წყაროები: დოკუმენტური წყარო, ვიზუალური წყარო, ვიდეო რესურსი). ასეთი ტიპის რესურსების გამოყენება ხელს შეუწყობს მოსწავლეთა სააზროვნო უნარების განვითარებას; ისინი შეძლებენ ტრანსფერის გაკეთებას სხვადასხვა საგანში. გაკვეთილზე შეძენილი უნარები მოსწავლეებს გამოადგებათ ცხოვრებაში.

სასწავლო მეთოდური რესურსი ხელს უწყობს ახალი ცოდნის აგებას და წინარე ცოდნის გააქტიურებას, საკითხის ცოდნის სამ კატეგორიაში გააზრებას.

ბიბლიოგრაფია:

https://medialiteracy.ge/ge/page/id/7/ra-aris-mediawigniereba

https://www.living-democracy.com/ge/textbooks/volume-4/part-3/unit-9/

სახელმძღვანელო: ისტორია – 9 – ნატა ახმეტელი, ბესიკ ლორთქიფანიძე, გამომცემლობა „დიოგენე“, 2021 (გვ.350-352);

სახელმძღვანელო: ისტორია-12 – ნატა ახმეტელი, გვანცა აბდალაძე, ნიკო მურღულია, გამომცელობა „დიოგენე“.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“