ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

რას ნიშნავს, როცა ბავშვს რაღაცის სწავლა არ უნდა

ინტუიცია ჯერ კიდევ ბავშვობაში მეუბნებოდა, რომ როცა რაღაცას ვერ ვსწავლობდი, ეს ყოველთვის იმას არ ნიშნავდა, რომ ამ რაღაცის სწავლა არ მინდოდა, მაგრამ ახლა, ჩემი შვილებისა და მათი მეგობრების შემყურეს, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ როცა ბავშვი რაღაცის სწავლაზე ან კეთებაზე უარს ამბობს, ეს თითქმის ყოველთვის უფროსების ბრალია – ჩვენ ვერ ვუხსნით მათ საკმარისად მკაფიოდ, რა საჭიროა ესა თუ ის ინფორმაცია, დისციპლინა და უნარები, ჩვენ ვერ ვპოულობთ მათთვის გასაგებ ენას ცოდნის გადასაცემად.  არცთუ იშვიათად შეცდომაც მოგვდის და ბავშვებს ვკიდებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რის სწავლასაც ვერ ახერხებენ, ვარწმუნებთ, რომ ეს მათ არ შეუძლიათ, ეს მათთვის არ არის და თითქმის არასოდეს ვმსჯელობთ იმაზე, რას ვერ ვახერხებთ ჩვენ, უფროსები, რა არ გამოგვივიდა ბავშვებთან ურთიერთობაში.

 

მაგალითი #1: დიდხანს ვერ გადამეწყვიტა, მიმეყვანა თუ არა მუსიკალურ სკოლაში ჩემი უფროსი შვილი, რომელიც ხაზგასმით მუსიკალური ადამიანია. ჩემთვის მუსიკის გაკვეთილებზე გატარებული დრო დაკარგული აღმოჩნდა და არ მქონდა იმედი, რომ ამ ოც წელიწადში ან სწავლების მეთოდები, ან მუსიკალური სკოლების აურა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ბოლოს გადავწყვიტე, რომ ჩემი ცუდი გამოცდილება სხვა ადამიანის ბედის განმსაზღვრელი არ უნდა ყოფილიყო, მივიყვანე და ყველა ის შიში ამიხდა, რაც იმ შენობაში მისვლამდე მქონდა. ძველი ინსტუმენტები, Школа Игры სახელმძღვანელოდ და სოლფეჯიოს ძალიან, ძალიან მოხუცი და დაღლილი მასწავლებელი. როცა ჩემმა შვილმა მითხრა, რომ მუსიკაზე აღარ ივლიდა, მისი გადარწმუნება არ მიცდია, თუმცა გული დამწყდა, რომ ისევ ვერ შეასრულა სახელოვნებო სკოლამ თავისი ფუნქცია.

მუსიკალური სკოლიდან გამოსვლის შემდეგ, რამდენიმე თვეში, ჩემმა შვილმა ინტერნეტში მოძებნა თავისი საყვარელი ფილმების საუნდტრეკების ნოტები, პიანინოს კლავიშები მარკერებით დანომრა და ახლა მარტო და დაუღალავად ცდილობს ისწავლოს იმის დაკვრა, რაც მოსწონს და უყვარს.

ძნელი სათქმელია, რატომ არ არის მუსიკალური სასწავლებები საინტერესო თანამედროვე ბავშვებისთვის ან რამ განაპირობა ჩვენი ასეთი გამოცდილება. იქნებ ჩემმა შიშებმა და წინასწარმა განწყობამ, ან მასწავლებლების დაბალმა ხელფასმა და მოტივაციამ? შესაძლოა იმან, რომ ამ სივრცეებში არასოდეს არავის უფიქრია იმაზე, რა აინტერესებთ თანამედროვე ბავშვებს, როგორ მუსიკას უსმენენ და როგორ ამუშავებენ ინფორმაციას, ან სულაც იმან, რომ სწავლების მეთოდები მეტისმეტად მწირია და მუსიკის კომპლექსურად აღქმა და შესწავლა ამ პროგრამების მიზანი არ არის. გააზრებული გვაქვს, რომ მუსიკა არც მხოლოდ ლამაზი მელოდიაა და არც მხოლოდ კარგი საშემსრულებლო ტექნიკა? რომ ეს კომუნიკაციის ფორმაა, სათქმელის გამოხატვის ფორმა, და ამ ენის ასათვისებლად მოსმენის უნარი, ნათელი გონება და დაუღალავად მუშაობის პრაქტიკაა საჭირო?

 

მაგალითი #2: ჩემი შვილები გაცილებით ნაკლებ წიგნს კითხულობენ, ვიდრე მე ვკითხულობდი მათ ასაკში და რომ ვთქვა, ეს არ მაღელვებს-მეთქი, მართალი არ ვიქნები. წიგნებთან მეგობრული ურთიერთობის შესანარჩუნებლად რამდენიმე რიტუალი გვაქვს: ძილის წინ მე ვუკითხავ, დროდადრო აუდიოწიგნებს უსმენენ, სკოლაში კითხვის საათი აქვთ, მაგრამ ის სურათი, რასაც ვისურვებდი დამენახა: წიგნში მთელი არსებით ჩაფლული ბავშვი, – არ ჩნდებოდა, სანამ მანგებს აღმოაჩენდნენ. მანგა კომიქსის იაპონური შესატყვისია და ის ამბებიც, რომლებსაც სულმოუთქმელად ნთქავენ, უმთავრესად იაპონელი ავტორების ინგლისურენოვანი ისტორიებია, რომლებიც ჩემგან დამოუკიდებლად იპოვეს ანიმეებით და იუთუბზე ამ სუბკულტურის გარშემო გაერთიანებული კომუნის განხილვების მოსმენით. ჩვენს ცხოვრებაში მანგას შემოჭრის შემდეგ მივხვდი, რომ უბრალოდ კარგი ამბავი საკმარისი აღარ არის, ამბების გამავრცელებელი კარგი ამბების ბევრ მედიუმში გადატანის ხელოვნებას უნდა ფლობდეს, რომ ბავშვების გული მოიგოს.

სკოლაც, ოჯახიც და ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაც უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ ნაბეჭდი წიგნი თანამედროვე ბავშვებისთვის მხოლოდ ერთი მედიუმია, რომლის პარალელურადაც უნდა არსებობდეს ფორმალური თუ არაფორმალური საგანმანათლებლო მასალები ვიდეოთამაშების, აუდიოწიგნების, კომიქსების, იქსფლეინერების, სერიალების სახით – საბოლოოდ ალბათ ის ამბები შეინარჩუნებს სიცოცხლეს და ის ისტორიები იქნება ცნობილი ამ ბავშვებისთვის, რომლებიც ბევრ სხვადასხვა ფორმატში გადაკონვერტირდება.

 

მაგალითი #3. რამდენიმე კვირის წინ ერთი შესანიშნავი გოგო გავიცანი, 16 წლის დამოუკიდებელი, სხარტი, ყოჩაღი ადამიანი ნათელი გონებით და თვალებში ნაპერწკლებით. ამ კარგმა გოგომ სკოლას მეცხრე კლასიდან დაანება თავი და მუშაობა დაიწყო იმით იმედგაცრუებულმა, რომ როდესაც სკოლაში კარგად შესრულებული დავალებები მიჰქონდა, მასწავლებლები არასოდეს უჯერებდნენ, რომ ეს ნამდვილად მან შეასრულა, არასოდეს ეკითხებოდნენ, ჰქონდა თუ არა ნასწავლი გაკვეთილი და იმასაც „გაგებით ეკიდებოდნენ“, ბოლო მერხზე რომ იჯდა ყურსასმენებით, სასწავლო პროცესს დემონსტრაციულად გამოთიშული. როცა სკოლის ამბებს მიყვებოდა, ვერაფრით ვიპოვე საკუთარ თავში ძალა იმის სათქმელად, რომ იქნებ მაინც ღირდა, სკოლა არ მიეტოვებინა – ასეთ სკოლაში სიარული თავის მოტყუებაა და ცოტა შეურაცხყოფაც, მაგრამ ფიქრობენ კი იმავეს ის მასწავლებლები, რომლებმაც ამ გოგოსაც და ალბათ სხვა ბავშვებსაც წაართვეს შესაძლებლობა, სკოლაში კარგი განათლება მიეღოთ, თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ეგრძნოთ და თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოყენებინათ?

 

მაგალითი #4. სწავლას მოტივაცია სჭირდება და რწმენა იმისა, რომ ეს უკეთესი ცხოვრების, სამყაროს შეცნობის, ადამიანებთან საერთო ენის გამონახვის, ოცნებების ახდენის გზაა. როცა ბავშვებს ვასწავლით, რომ „თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი, ისეთი წესრიგი გვჭირდება არგუმენტად, სადაც მთავარი კაპიტალი განათლება, გამოცდილება, კეთილსინდისიერება და სიმართლეა, შესაბამისად, პროტექციონიზმი, ნეპოტიზმი და კონფორმიზმი სამარცხვინოდ ითვლება. ყველგან, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება, ეს უნდა ახსოვდეთ; ყველას, ვინც ბავშვებთან დაიჭერს საქმეს, უნდა სწამდეს თანასწორობის იდეის და იმის, რომ ადამიანი მხოლოდ მისი გაკეთებული საქმეებით ფასდება.

 

ეს წერილი მხოლოდ პირადი მაგალითების კრებულად რომ არ დარჩეს, აქვე გთავაზობთ სპეციალისტების მოსაზრებებს იმაზე, რა უნდა ვქნათ, როცა ბავშვს რაღაცის სწავლა არ უნდა:

  • გაითვალისწინეთ ბავშვის ინტერესები და უნარები, ამბები და მოვლენები მისთვის საინტერესო კუთხით მიაწოდეთ.
  • სწავლა არ უნდა იწვევდეს სტრესს – ყველას სურს, მისი შვილი ან მოსწავლე საუკეთესო იყოს, მაგრამ ეს სურვილი ბავშვს ტვირთად არ უნდა ექცეს.
  • გაუღვიძეთ ცნობისმოყვარეობა. ყველაფერი, რაც არ გაინტერესებს, ადრე თუ გვიან გავიწყდება. რამის სწავლებაზე მნიშვნელოვანი ხშირად იმის ახსნაა, რატომ არის ამ რაღაცის სწავლა საინტერესო, რაში გამოიყენებს ამ ცოდნას, როგორ გაერთობა ამ პროცესით.
  • იყავით მისი პარტნიორი და მეგობარი, თუ შეძლებთ, როლური მოდელიც. არცერთ ბავშვს არ სჯერა გაუნათლებელი უფროსის, რომელიც სწავლის მნიშვნელობაზე ელაპარაკება ან მშობლის, რომელიც აიძულებს, არდადეგებზე 15 წიგნი წაიკითხოს, მაშინ როდესაც თვითონ წლებია წიგნი არ გადაუშლია. აჩვენეთ ბავშვებს, რომ თქვენც მუდმივად ზრუნავთ თვითგანვითარებაზე, თქვენც გაქვთ ინტერესები, თქვენც ბევრი რამ არ იცით და ყოველთვის მზად ხართ ახალი ცოდნის მისაღებად. რატომაც არა, ზოგჯერ ეს ერთადაც შეგიძლიათ გააკეთოთ.
  • არ გამოგეპაროთ მომენტი, როცა შეიძლება, პროფესიონალის დახმარება იყოს საჭირო: ზოგჯერ არსწავლის მიზეზი განვითარების განსხვავებული დინამიკა ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებია და ამასთან მარტოს გამკლავება გაგიჭირდებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი