ორშაბათი, ივნისი 1, 2026
1 ივნისი, ორშაბათი, 2026

ხმაური ჩვენს სკოლებში

0

And then is heard no more: it is a tale
Told by an idiot, full of sound and fury,
Signifying nothing
“.

(„არაფერი ისმის:

ეს იდიოტის მოთხრობილი ამბავია,

ხმაურითა და მძვინვარებით აღსავსე,

უშინაარსო“.)

შექსპირი. „მაკბეტი“

 

ხმაურის შემაძრწუნებელ შედეგებს საუკუნეთა შემდეგაც ვიმკით. მნიშვნელობა არ აქვს, შიგნიდან მოდის ის თუ გარედან. ხომ ასე იყო, ბენ? ხომ ასეა, ბიძია უილ?

თქვენი თავი სულ მახსოვს, მაგრამ ბოლო დროს საქართველოს კერძო თუ საჯარო სკოლებში არსებულმა ვითარებამ, უფრო კი მათ სპორტულ დარბაზებში ხმაურის დონემ კიდევ ერთხელ გამახსენა. იქ უჭირთ ბავშვებს, უჭირთ და ცუდად ესმით მასწავლებლებს!

დღესდღეობით აკუსტიკური დაბინძურება ადამიანის ფსიქიკისა და ჯანმრთელობისთვის ყველაზე მავნე დაბინძურებად განიხილება, რადგან ხმაურის ხანგრძლივი და ინტენსიური ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმში გარკვეულ ცვლილებებს იწვევს: ზიანდება სმენის ფუნქცია, დროებით ან სამუდამოდ იკარგება სმენითი მგრძნობელობა და სმენა, ქვეითდება ყურადღება, ირღვევა ძილის რეჟიმი, იმატებს დაქანცულობა და გაღიზიანებადობა, თავს იჩენს ვესტიბულაციის პრობლემები და სხვა.

აკუსტიკური ხმაური განიმარტება როგორც ყოველგვარი სახის განგრძობადი ხასიათის არასასიამოვნო, ხელის შემშლელი ბგერები, რხევები და ტალღები ჰაერში, რომლებიც წარმოიშობა ფიზიკური ან იურიდიული პირის ქმედების შედეგად და იწვევს დისკომფორტს.

ხმაური რამდენიმე სახისაა:

  • ტონალური – ბგერა, რომლის სპექტრში გამოკვეთილი ტონებია. სპექტრის ერთ ზოლში ბგერის დონე მეზობელ ზოლთან შედარებით არანაკლებ 10 დბ-ით მეტია;
  • იმპულსური – ბგერა ერთი ან რამდენიმე ბგერითი სიგნალით, თითოეული – 1 წმ-ზე ნაკლები ხანგრძლივობით. ამასთან, ბგერის დონეები განსხვავდება ერთმანეთისგან არანაკლებ 7 დბ-ით;
  • მუდმივი – ბგერა, გაზომილი ხმაურმზომის დროითი მახასიათებლით „ნელა“, იცვლება დროში არა უმეტეს 5 დბA-ით;
  • არამუდმივი (ცვლადი) – ბგერა, გაზომილი ხმაურმზომის დროითი მახასიათებლით „ნელა“, იცვლება დროში 5 დბA-ზე მეტი სიდიდით;
  • ფონური – ყველა სიგნალის ჯამური დონე, გარდა საკვლევი წყაროს მიერ გენერირებულისა.

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტი[1] ადგენს აკუსტიკური ხმაურის დასაშვებ ნორმებს საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და განაშენიანების ტერიტორიაზე ხმაურის არახელსაყრელი ზემოქმედებისგან ადამიანების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.

ხმაურის დასაშვები დონე არის  ბგერის ისეთი სიდიდე, რომელიც არ ახდენს ადამიანზე პირდაპირ ან ირიბ უარყოფით ზემოქმედებას, არ აქვეითებს მის შრომისუნარიანობას, უარყოფითად არ მოქმედებს მის თვითშეგრძნებასა და განწყობაზე, არ იწვევს მის მიმართ მგრძნობიარე სისტემის არსებით ფუნქციურ ცვლილებას.

თითოეული ხმაური ერთმანეთისგან დეციბელების სიდიდითა და ხანგრძლივობით განსხვავდება. მუნიციპალურ ინსპექციას ხმაურის გადაჭარბების კონტროლისა და შესაბამის ფაქტებზე სამართალდამრღვევის დაჯარიმების უფლება აქვს.

ხმაურის გამო, პირველ რიგში, ცენტრალური ნერვული სისტემა ზიანდება. გამომუშავდება ჰორმონი კორტიზოლი, ადამიანი იოლად ღიზიანდება, მუდამ ძილის დანაკლისს განიცდის და ეს ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზეც აისახება. ინდივიდზე ის გარკვეულ ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს. ცენტრალურ ნერვულ სისტემას, იმავე თავის ტვინს, ტკბილი უყვარს. ჰოდა, სტატისტიკის მიხედვით, ხმაურით დაზარალებული ადამიანები, სტრესის მოსახსნელად, ტკბილს ეტანებიან[2]. ეს კი მრავალი სხვა დაავადების წყაროდ განიხილება.

გამოყოფენ ორი სახის ხმაურს. ერთი მასშტაბით ჰაერისა და წყლის დაბინძურებასთანაა გაიგივებული და გარემოში რაღაც პერიოდით არსებობს.  მხოლოდ ბოლო დროს მიაქციეს ყურადღება მეორე ტიპის ხმაურს, ე.წ. ენერგიის ნარჩენს მაღალი ტემპერატურის წარმოების პროცესებიდან, რომლებიც თერმული დაბინძურების წყაროა. ხმის ტალღებში არსებული ენერგია წარმოქმნის სპეციფიკური  ტიპის ბგერით ტალღებს და ხმაურის დონეც სხვადასხვაა. ქალაქის ტიპის დასახლებაში  გარემოს ხმაური 30 დბ-ზე დაბალიც შეიძლება იყოს. ქალაქში (აქ საზოგადოებრივი და ინდუსტრიული ხმაურიცაა) ან მის ახლოს მდებარე საცხოვრებელ ადგილებში კი ეს დონე იშვიათად ნარჩუნდება და უმეტესად 70 დბ-საც კი აჭარბებს. გზასთან ახლოს სახლებში 90 და 100 დბ-იც შეინიშნება[3].

ხმაურის მზომი დეციბელების შესახებ ჩვენ მიერ დასახელებული ავტორი თავის წერილებში გარკვევით ლაპარაკობს და ეჭვგარეშეა, რომ ხმაურის შესახებ არსებული ცოდნა განათლების სისტემამ  უფრო ეფექტურად უნდა გამოიყენოს სკოლებისთვის, რადგან ვერცერთი სისტემა ვერ იქნება ეფექტური და წარმატების მომტანი, თუ სივრცე, სადაც საგანმანათლებლო პროცესები უნდა წარიმართოს, არ არის კომფორტული აკუსტიკური თვალსაზრისით.

ზემოთ დასახელებული საკანონმდებლო დოკუმენტის თანახმად, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები საჯარო  და სხვ. დაწესებულებეში  შემდეგია:

სურ.1

მაშასადამე, სასწავლო დაწესებულებებსა და სამკითხველოებში 35 დეციბელია დღისით თუ ღამით, ხოლო სპორტდარბაზებსა და საცურაო აუზებში – 55 დეციბელი დღისით თუ ღამით. ჩვენს სკოლებსა თუ სპორტდარბაზებში რაც ხდება, აუცილებლად იმსახურებს ყურადღებას.

რატომ?

სურ. 2,

ხედავთ, რომ 50 დეციბალი ნორმალურ საუბარს ახასიათებს? შეუფუთავ, ჭერის გარეშე, მხოლოდ გადახურვის ამარა არსებულ სპორტდარბაზებში კი რამდენიმე ბურთის ერთდროული დაცემა რატომ 90-120, შესაძლოა 140 დეციბალის ფარგლებშიც არ მერყეობს!

ხმაურიან საკლასო ოთახში/დარბაზში მიმდინარეობს შემდეგი არასასურველი პროცესები:

  • ძნელად არჩევენ სიტყვებს. მოსწავლეებს სჭირდებათ მეტი ძალისხმევა, რათა პედაგოგის ნათქვამი გაიგონონ.
  • ხმაურიანი გარემო ართულებს მოსმენილის დამახსოვრებას. ქვეითდება მოკლევადიანი მეხსიერება.
  • გაძნელებულია კონცენტრაცია და იმატებს დაღლა.
  • სასწავლო პროცესი არაჯანსაღია და რთულდება დისციპლინის კონტროლი.
  • მასალის ათვისების ხარისხი უარესდება და საგანმანათლებლო პროგრესი ნელა მიდის.

აკუსტიკური ტექნოლოგიებით მოპირკეთებულ ოთახში გაცილებით კომფორტული გარემოა:

✅ საუბრის გარჩევადობა მაღალია, შესაბამისად, მაღალია კონცენტრაციის დონეც. უმჯობესდება მოკლევადიანი მეხსიერება.
✅ სტრესი და დაღლილობა გაცილებით ნაკლებია. მყუდრო გარემო დადებითად მოქმედებს დისციპლინაზე.
✅ სასწავლო პროცესი ჯანსაღია. პროგრესი სწრაფი ტემპით მიდის.
✅ განათლების ხარისხი მაღალია და დანერგილი მეთოდოლოგიები თუ ტექნოლოგიები ეფექტურია.

მიჩნეულია, რომ აკუსტიკური გადაწყვეტები ტიპურია თითქმის ყოველგვარი ტიპის საკლასო ოთახისთვის და მოიცავს, პირველ რიგში, ჭერის მოპირკეთებას A კლასის აკუსტიკური მასალებით, რათა შემცირდეს რევერბერაციის დრო (ექოები), ხოლო დამატებით კედლების აკუსტიკური მოპირკეთება აუმჯობესებს საუბრის გარჩევადობას.

ხმაურით არა მარტო მოსწავლეები ზარალდებიან, არამედ მასწავლებლებიც. ხმაურის დონის მატებასთან ერთად ხშირდება გულისცემაც. სურათზე მოცემული გრაფიკი სწორედ ამ კავშირს ასახავს.  ჩატარებული კვლევების თანახმად, არააკუსტიკურად მოწყობილ სკოლებში ხმაურის დონე 65 დეციბელს აღწევს, ეს კი აღემატება ნორმით გათვალისწინებულ ზღვარს (45 დეციბელს) და განგრძობით პერიოდში იმატებს მიოკარდიული ინფარქტის რისკი.

სკოლამდელი დაწესებულებები, სკოლის შემდგომი ცენტრები და საბავშვო ბაღები ის ადგილებია, სადაც ყოველთვის ხმაურიანი გარემოა. აქ სწავლების დინამიკა მერყეობს მშვიდი კითხვიდან ხმაურიან თამაშებამდე. ხმაურის მაღალი დონე ბავშვებს უბიძგებს, კიდევ უფრო ხმამაღლა ილაპარაკონ და ითამაშონ. ასეთ სივრცეებში აკუსტიკური კორექცია მნიშვნელოვანია, რადგან ხმაურიანი გარემო უარყოფითად მოქმედებს ბავშვებისა და პერსონალის ჯანმრთელობასა და ფსიქიკაზე, მათ უსაფრთხოებაზე. ასეთი გარემოდან ბავშვები მშობლებს უფრო აგრესიულები უბრუნდებიან.

✅ აკუსტიკური მასალებით მოპირკეთების შემთხვევაში ვიღებთ ჯანსაღ და მშვიდ გარემოს, რომელიც დადებითად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკასა და ჯანმრთელობაზე. ასეთ სივრცეში ბავშვი უსაფრთხოდ გრძნობს თავს, უყალიბდება შემოქმედებითი აზროვნება, ნაკლებად ყვირის და ხმაურობს, შედეგად აღარც აღმზრდელები უწევენ ხმას ბავშვების დასაწყნარებლად, ბავშვებთან კომუნიკაციაც უფრო თბილია. ასეთ გარემოში პედაგოგების დაღლა მინიმალურია, ხოლო მათი საქმიანობა – მაქსიმალურად ეფექტიანი[4].

მეტი თვალსაჩინოებისთვის ბმულზე მოცემულია სიმულირებული ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=2XpA1HotkBI

ჩვენს საკანონმდებლო დოკუმენტშიც ხომ შავით რუხზე წერია: „ხმაურის საწინააღმდეგო საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებებია: ბგერის იზოლაცია, შენობების აკუსტიკურად რაციონალური მოცულობით-გეგმარებითი გადაწყვეტა, ჰაერის ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემებში ჩამხშობების დამონტაჟება და სხვ.“

გალაკტიონისა არ იყოს, „ყველაფერი არის ძლიერ კარგად, ყველაფერი ძლიერ ცუდად არის“. ვისაც არ გჯერათ, ის მაინც დაიჯერეთ, რომ ეს იდიოტის მოთხრობილი ამბავია.

გამოყენებული ლიტერატურა:

[1] https://matsne.gov.ge/ka/document/view/3779710

[2] ქეთევან კუპატაძე, ხმაურზე, შაქარზე და. ა. შ. , 2018. https://mastsavlebeli.ge/?p=18767

[3] ქეთევან კუპატაძე, ხმაური (ნაწილი I), 2018 https://mastsavlebeli.ge/?p=18106

[4]  https://akustiko.ge/ka/why-akustiko/ganatleba/2

ლიმა – „მეფეთა ქალაქი“

0

პერუს დედაქალაქი ლიმა 500 წლის წინ – 1535 წლის 15 იანვარს დაარსდა. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერ დაზიანდა მიწისძვრებით, ეს „მეფეთა ქალაქი“ მე-18 საუკუნის შუა პერიოდამდე ესპანეთის სამფლობელოების დედაქალაქი და სამხრეთ ამერიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი იყო. ლიმის ისტორიული ცენტრი, რომელიც მოიცავს ლიმისა და რიმაკის რაიონებს, 1988 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

მას შემდეგ, რაც 1532 წელს ესპანელებმა და მათმა მკვიდრმა მოკავშირეებმა (ინკების მიერ დამორჩილებული ეთნიკური ჯგუფებიდან) ფრანცისკო პისაროს მეთაურობით მონარქი ატაჰუალპა ტყვედ აიყვანეს, ესპანელებმა დაიპყრეს მათი იმპერია. ესპანეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების გუბერნატორი პისარო გახდა. პისარომ გადაწყვიტა დაეარსებინა დედაქალაქი მდინარე რიმაკის ხეობაში, მიუხედავად იმისა, რომ იგი ამ ადგილს უკიდურესად არასტუმართმოყვარედ თვლიდა, რადგან ლიმის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მახასიათებელია უდაბნო, რომელიც მას ყველა მხრიდან აკრავს. აგრეთვე, კლდის ეროზია, მიწისძვრები და წყალდიდობები მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს. პისარომ მიიჩნია, რომ ლიმას სტრატეგიულად ხელსაყრელი მდებარეობა ჰქონდა პორტის მშენებლობისთვის – სანაპიროსთან ახლოს, მაგრამ ამავე დროს სანაპიროდან მოშორებული იყო, რაც თავიდან ააცილებდა მეკობრეების თავდასხმებს. პისაროს ჯარისკაცებს კი ეს ადგილი მოეწონათ, რადგანაც ადგილობრივი მოსახლეობის აჯანყების შემთხვევაში შესაძლებელი იყო აქედან ზღვასთან სწრაფად მისვლა და გემზე ასვლა.

პისარომ ნიკოლას დე რიბერას, დიეგო დე აგუეროსა და ფრანსისკო კვინტეროსთან ერთად ააშენა ვიცე-სამეფო სასახლე, დღევანდელი პერუს მთავრობის სასახლე (კაზა დე პისარო) და საკათედრო ტაძარი, რომლის პირველი ქვა პისარომ საკუთარი ხელით დადო.

ამრიგად, 1535 წლის 18 იანვარს ლიმა დაარსდა სახელწოდებით „მეფეთა ქალაქი“ (Ciudad de los Reyes), თუმცა ეს სახელი მალევე დაკარგა და ქალაქს სახელად ლიმა შეურჩიეს. პერუს ძველ ესპანურ რუკებზე შესაძლებელია ორივე სახელის – ლიმასა და სიუდად-დე-ლოს-რეიესის ერთდროული ხილვა.

5 წლის შემდეგ, ლიმა ახლად ჩამოყალიბებული პერუს ვიცე-სამეფოს დედაქალაქი გახდა. მომდევნო საუკუნის განმავლობაში, იგი უმსხვილესი სავაჭრო კვანძი ხდება, საიდანაც ვიცე-სამეფო კონტაქტებს ამყარებს ამერიკის სხვა ვიცე-სამეფოებთან, ევროპასა და შორეულ აღმოსავლეთთან.

ის მდებარეობს პერუს სანაპირო ზოლის ვაკეზე მდინარეების ჩილონის, რიმაკისა და ლურინის ხეობებში და გადაჰყურებს წყნარ ოკეანეს. ზღვისპირა ქალაქ კალაოსთან ერთად, იგი ქმნის ურბანულ არეალს, რომელიც ცნობილია როგორც ლიმას მეტროპოლია.

ქალაქის ცენტრი მდებარეობს მდინარე რიმაკის ნაპირებზე, რომელიც, თავის მხრივ, ლიმას სასიცოცხლო რესურსს წარმოადგენს – უზრუნველყოფს მოსახლეობას სასმელი წყლით, ხოლო მასზე აგებული ჰიდროელექტრო დამბები – ელექტროენერგიით. ქალაქი წარმოადგენს ლიმის მეტროპოლიური არეალის გულს, რომელიც ერთ-ერთია ამერიკის კონტინენტის ათი უდიდესი მეტროპოლიიდან. ლიმა მსოფლიოს მეორე უდიდესი ქალაქია, რომელიც უდაბნოში მდებარეობს, ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს შემდეგ.

ქალაქი ლიმა პერუს პოლიტიკურ, კულტურულ, ფინანსურ და კომერციულ ცენტრად ითვლება. აქ არის უმაღლესი განათლების ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტი: სან მარკოსის ეროვნული უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა 1551 წლის 12 მაისს და არის პირველი ოფიციალურად დაარსებული და უძველესი მუდმივად მოქმედი უნივერსიტეტი ახალ სამყაროში. ის ასევე არის მსოფლიოში ოცდაათი ყველაზე დასახლებული ურბანული აგლომერაციიდან ერთ-ერთი. გეოსტრატეგიული მნიშვნელობის გამო, გლობალიზაციისა და მსოფლიო ქალაქების კვლევის ქსელმა იგი „ბეტა“ დონის ქალაქად დაასახელა.

ლიმას არქიტექტურა, რომელზეც ქალაქის ისტორიაა ასახული, სხვადასხვა დროის ელემენტებით ხასიათდება. ადრეული კოლონიური არქიტექტურის მაგალითებია სან-ფრანსისკოს მონასტერი, ლიმის კათედრალი და ტორე-ტაგლეს სასახლე. ეს კონსტრუქციები ნაგებია ესპანური ბაროკოს, ნეოკლასიციზმისადა ესპანური კოლონიალური სტილის არქიტექტურით.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, თანდათანობით ფრანგული არქიტექტურული სტილის გავლენა დამკვიდრდა. ბევრი სამთავრობო შენობა, ისევე როგორც მთავარი კულტურული ინსტიტუციები, სწორედ ამ არქიტექტურულ პერიოდს მიეკუთვნება. 1960-იან წლებში იყენებდნენ ბრუტალურ სტილს, XXI საუკუნეში გამოჩნდა ცათამბჯენები, განსაკუთრებით ქალაქის საფინანსო რაიონში.

ძველი ლიმის ნაწილებმა რეკონსტრუქცია განიცადეს. საცხოვრებლებმა ადგილი დაუთმეს ბანკებს, სადაზღვევო ოფისებს, იურიდიულ ფირმებსა და მთავრობის ოფისებს.

ლიმის უდიდესი პარკები განლაგებულია ქალაქის ისტორიული ცენტრის სიახლოვეს, რომელთა შორისაა ნაკრძალის პარკი, გამოფენის პარკი, კამპო-დე-მარტე და საუნივერსიტეტო პარკი. ნაკრძალის პარკში მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი შადრევნის კომპლექსი, რომელსაც ჯადოსნურად მბრუნავ წყალს უწოდებენ. მსხვილი პარკების გარკვეული ნაწილი ქალაქის ცენტრის გარეთ მდებარეობს, მათ შორისაა რედუქტოს პარკი, პანტანოს-დე-ვილია, ელ-გოლფი, ლას-ლეიენდასის პარკი (ლიმის ზოოპარკი), ელ-მელეკონ-დე-მირაფლორესი და გოლფ-ლოს-ინკასი. ქალაქის ქუჩები ყველა მიმართულებით მიემართება მოედნებიდან, რომლებიც წრიული გზაჯვარედინების ფუნქციას ასრულებენ. ამავე დროს, ამ მოედნების ერთ-ერთი დამატებითი ფუნქცია ისაა, რომ ისინი მოიცავენ ქალაქის ძირითად მწვანე არეალს, სხვადასხვა არქიტექტურული სტილის მონუმენტებსა და სტატუეტებს, ასევე შადრევნებს.

საკათედრო ტაძარი, Plaza de Arma

ლიმას ტურიზმის მნიშვნელოვანი ინდუსტრია გააჩნია, რომელიც ხასიათდება მისი ისტორიული ცენტრით, არქეოლოგიური ძეგლებით, ღამის ცხოვრებით, მუზეუმებით, ხელოვნების გალერეებით, ფესტივალებითა და პოპულარული ტრადიციებით.

ლიმას აქვს პრივილეგია იყოს ერთადერთი დედაქალაქი სამხრეთ ამერიკაში, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი აქვს.

შუა საუკუნეების ესპანური ციხე-სიმაგრეების შესანიშნავი ნიმუშები გამოიყენებოდა ქალაქის დასაცავად მეკობრეებისა და კორსარების თავდასხმებისგან.

ლიმის ისტორიული ცენტრი დაცულია ქვეყნის სამართლებრივი რეგულაციებით: სახელმწიფო პოლიტიკური კონსტიტუცია; ლიმის ისტორიული ცენტრის საზღვრები, მისი მაქსიმალური დაცვით და ბუფერული ტერიტორიებით, მკაფიოდ არის განსაზღვრული 1994 წლიდან მუნიციპალური განკარგულებით, რომელიც გამოცემულია ლიმის მეტროპოლიტენის მუნიციპალიტეტის მიერ. კულტურულ მემკვიდრეობაში ჩარევას არეგულირებს მუნიციპალიტეტი და სამშენებლო ეროვნული დებულება (თავი IV).

კოლონიური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი აივნები

ლიმის მეტროპოლიტენის მუნიციპალიტეტი ისტორიული ცენტრის მართვაზე პასუხისმგებლობას იღებს რიმაკის რაიონის მუნიციპალიტეტთან ერთად. კულტურის სამინისტრო არის სპეციალიზებული სამთავრობო უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ერის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე და აღნიშნულ უწყებებთან ერთად ის კოორდინაციას უწევს კულტურული ფასეულობების შენარჩუნების საკითხებს.

ლიმის მეტროპოლიტენ მუნიციპალიტეტს აქვს ურბანული კონტროლის ოფისი და ლიმის უძრავი ქონების მუნიციპალური ორგანო (EMILIMA), რომელიც პასუხისმგებელია ინტერვენციული პროექტების დაგეგმვაზე. მან შეიმუშავა: მეტროპოლიტენისა და ლიმის ისტორიული ცენტრის განვითარების გეგმა, რომელიც ადგენს ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს, ინტერვენციებსა და პროექტებს, რომლებიც დაკავშირებულია ურბანულ სტრუქტურასთან, გარემოსთან, მიწათსარგებლობასთან, სატრანსპორტო სისტემასთან და ქალაქის მცხოვრებლებთან.

ასეთია ყველაზე სასტიკი კონკისტადორის მიერ დაარსებული „მეფეთა ქალაქი“.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://www.nationalgeographic.com/travel/destination/lima;

https://www.britannica.com/place/Lima ; https://whc.unesco.org/en/list/500.

 

 

ზოგი ჭირი მარგებელიაო?…

0

გასულ წელს ვენეციაში მომიწია წასვლა. პროექტის ფარგლებში ტრენინგი ტარდებოდა, თუმცა, საქმესთან ერთად, ქალაქის ვიწრო ქუჩებში სასიარულოდ საკმაო დრო იყო გამოყოფილი. შთაბეჭდილება როგორი დამრჩა? თეატრივით ქალაქია, ულამაზესი და საინტერესო, თუმცა, აქ ცხოვრებას არ ვისურვებდი. არც დიდი ხნით დარჩენას. იდეალური იქნებოდა, პერიოდულად საქმეზე ჩასვლა და თან სეირნობა. ან მხოლოდ სეირნობა და გარემოთი ტკბობა.

 

აქ წყალს სუნი თუ აქვს? დიახ, აქვს. მე ოქტომბერში ვიყავი, ამბობენ ზაფხულის პაპანაქებაში სუნიც უფრო იგრძნობა და ისეთი ტენიანობაა, რომ სახლების პირველ სართულზე ცხოვრება უბრალოდ შეუძლებელიაო. ადგილობრივები, ვისაც ფული აქვს ან კუნძულ ლიდოზე სახლდებიან, ან ვენეციის იმ ნაწილში, სადაც ჩვეულებრივი გზებია და მანქანა-ავტობუსებიც სხვა ქალაქებივით დადიან. დიახ, ასეთი ადგილიც არის და უნივერსიტეტის თანამედროვე კორპუსებიც სწორედ იქ მდებარეობს.

 

მოსახლეობა როგორია? პირდაპირ გეტყვით, რომ თავიანთ ქუჩებში ამდენი უცხო ადამიანის ბოდიალით ცოტა შეწუხებულები არიან. ვეღარაფერი უთქვამთ, რადგან ეს მოსეირნე ადამიანები მათ ქუჩებში ფულს ხარჯავენ, თორემ ისე, აშკარად, ხელი ეშლებათ. ერთ ასეთ ადგილობრივს მეც გადავეყარე, როცა რომელიღაც ვიწრო ქუჩაზე აღტაცებული ზეცას „ვუჭვრიტინებდი“, იმას კიდევ ეჩქარებოდა და ფეხებში „გავებლანდე“. იტალიურად რაღაცაც მომაძახა – „სენიორა…“ და მერე ვეღარ გავიგე. პასუხი კი გავეცი – ოქ, ოქ, იუ თუუ-მეთქი.

 

ჰო, რა იყო, შეიძლება სულაც მითხრა – სენიორა, ბევრ და ლამაზ სეირნობას გისურვებთო და ასევე, შენი ჭირიმე-მეთქი, უპასუხე.

 

რაღაცნაირი ენა გვაქვს, ისეთ სიტყვასაც კი, როგორიც „ჭირია“, კეთილგანწყობის გამოსახატავად ვიყენებთ.

 

  • შენი ჭირიმე, ჭირიმე შენი… მზად ვართ, მოსაუბრის ჭირი საკუთარ თავზე ავიღოთ და ჩვენივე ჭირ-ვარამს დავუმატოთ. თუმცა, გვესმის, რომ ჭირი ცუდია, ამიტომ ზღაპრებს სულ ისე ვამთავრებთ, რომ ჭირი „იქეთ “ გავგზავნოთ და თავად „ლხინი“ დავიტოვოთ.

 

ზოგჯერ თავსაც ვიმხნევებთ და ვამბობთ, ჰო, რა მოხდა მერე…

 

  • ზოგი ჭირი მარგებელიაო. ანუ, რაღაც ჭირში კი გავები, მაგრამ მომავალში მეცოდინება, რომ მსგავსი შეცდომა არ უნდა დავუშვა და ფრთხილად ვიყოო. ამ ერთმა ჭირმა შეიძლება მეორე აგარიდოს. ასე, მაგ. 2008 წელს ავტობუსის საფეხურიდან გადმოვვარდი (არ შევხედე, არ დავუკვირდი) და ერთი ფეხი კოჭში გადავიმტვრიე, მეორე ვიღრძე. ჭირი და ჯანდაბა! სამაგიეროდ, 45 დღე სახლში დავხანხალებდი და იმ კიბით ვეღარ ვსარგებლობდი, სადაც ვიღაც მანიაკმა ხალხი დააზარალა. მოხდა იმ წელს მსგავსი შემთხვევა და რადგან იმ კიბით მეც ვსარგებლობდი, იმ ხალხთან ერთად შესაძლოა მეც ვყოფილიყავი. კიდევ ის ვისწავლე, რომ ნებისმიერი ტრანსპორტიდან ჩამოსვლისას ყურადღებით უნდა ვიყო.

 

ზოგი ჭირი მარგებელია!

 

ვიწრო ქუჩაზე ვენეციელ ბატონთან გამოცნაურების შემდეგ, გონდოლით მოპირდაპირე ქუჩაზე გადავედი და ერთი უცნაური ფიგურა დავინახე. ადამიანის სიმაღლის შავლაბადიანი ფიტული გახლდათ. თავზე შავი კაპიუშონი წამოედო და რაღაც ძველი პერიოდის მტაცებელი ფრინველის ნისკარტი ჰქონდა. ისე მომინდა მასთან სურათის გადაღება… აი, თქვენც განახებთ.

 

დიახ, მართალი ხართ შუა საუკუნეების „შავი ჭირის“ ექიმია. ნიღაბიც იმიტომ უკეთია, რომ ჭირის ეპიდემიის დროს, თავადაც არ დასნებოვნდეს. ისე, ეს რა ჭირი და დოზანაა. ჭირი, რომ გაქვს ადამიანს და მკურნალად კიდევ ეს გამოგეცხადება…. თუმცა, ოდნავ ვრცლად მოვყვეთ.

 

გობის უდაბნოში მეთოთხმეტე საუკუნეში გაჩენილმა ჭირმა ჯერ ჩინეთი (კაცო, რა სულ ჩინელებს ემართებათ ყველაფერი?) და ინდოეთი მოიცვა, შემდეგ კი, ევროპაში პირველად მე-14-ე საუკუნეში მონღოლეთიდან სიცილიის პორტის გავლით შეაღწია. მთელ ევროპაში გავრცელდა და მაშინ მხოლოდ ლონდონში 30 ათასი ადამიანი დაიღუპა. თუმცა ორი საუკუნის შემდეგ ლონდონში ჭირი კვლავ დაბრუნდა და 1665 წელი სახიფათო აღმოჩნდა. ამჯერად, 100 ათასი ადამიანის სიცოცხლე წაიღო. ესეც, ბუნებრივია მიახლოებითი რაოდენობა გახლავთ, რადგან იმ პერიოდში მოსახლეობის აღწერა არ მიმდინარეობდა. ასეთ ხიფათიან წელს ლონდონელები ელოდნენ კიდეც. 1664 წელს ევროპის და ლონდონის თავზეც კომეტას ჩაუქროლია და ეს ცუდის ნიშნად მიუღიათ. ისე ყველაფერი კარგი აგიცხადდეს და ჭირიც დაბრუნებულა. არადა, რა კომეტის ბრალია, თუ იმის, რომ ლონდონს, ამხელა ქალაქს, კანალიზაცია საერთოდ არ ჰქონდა… მხოლოდ მე-19-ე საუკუნის შუა პერიოდში გააკეთეს კანალიზაცია, რომლითაც ქალაქი დღემდე სარგებლობს (არემონტებენ შიგადაშიგ). წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ჭირი გამოწვეულია თვალით უხილავი ბაქტერიით, რომელიც მხოლოდ მე-19-ე საუკუნის ბოლოს აღმოაჩინეს. მანამდე, ჭირს ღმერთების სასჯელად მიიჩნევდნენ და არც ეჭვობდნენ, რომ მას იწვევდა რწყილი, რომლის სტუმარიც ის ბაქტერია გახლდათ. რწყილი კბენდა მღრღნელებს, შემდეგ ისინი ადამიანებს, ან, შესაძლოა რწყილს ეკბინა პირდაპირ ადამიანისთვის და ბაქტერია უკვე ახალი მასპინძლის ორგანიზმში გადაინაცვლებდა. მასპინძლის ორგანიზმში ბაქტერია ინტენსიურ გამრავლებას იწყებდა და სიმპტომები შესაძლოა, უკვე რამდენიმე საათში გამოვლენილიყო. ყველაფერი ადამიანის იმუნურ სისტემაზე იყო დამოკიდებული. ორგანიზმში მოხვედრილი ბაქტერიები სისხლის მიმოქცევით, კარგი ატრაქციონივით, ერთი ორგანოდან მეორისკენ გადაინაცვლებდნენ. საბოლოოდ, ლიმფურ სისტემაში ხვდებოდნენ და აქედან იწყებოდა სწორედ მისი ნგრევა. ლიმფური ჯირკვლები ზომაში იმატებდა და იბურცებოდა. სწორედ ამიტომ, მეორენაირად „ბუბონური“ ჭირი დაარქვეს. საბრალოებს ეწყებოდათ ოფლიანობა, ციებ-ცხელება, კანკალი, ძლიერი ტკივილები და რაც მთავარია, სხეულზე, ლიმფურ ჯირკვლებთან ჩირქმდენი წყლულები ჩნდებოდა. სწორედ მათ უწოდებდნენ ბუბონებს. თავდაპირველად გამონაყარი ვარდისფერი იყო, შემდეგ შავდებოდა, ამიტომ მეორე სახელი „შავი ჭირი“ გახლდათ. მესამე სახელიც ჰქონდა, „ფილტვის ჭირი“, რადგან დაავადება ისე მოძლიერდა და სახე იცვალა, რომ რწყილი საჭირო აღარ იყო, ერთი დაცემინებაც კმაროდა მის გასავრცელებლად.

 

ადამიანები მალავდნენ, თუ მათ სახლში ვინმე ჭირით გარდაიცვლებოდა. თუ სახლში ვინმე ჭირით მოკვდებოდა, ეს ოჯახი 40 დღე კარანტინში (კარანტინი იტალიური სიტყვაა და ნიშნავს „ქუარანტა ჯორნი“, ანუ 40 დღეს) უნდა მჯდარიყო. დაქირავებული აღმასრულებლები პირდაპირ კარებს უჭედავდნენ და ზედ წითელ ჯვარს ხატავდნენ. ხვდებით ალბათ, რომ მეჩვიდმეტე საუკუნის ლონდონში აპარტამენტებში არავინ იცხოვრებდა. არც „გლოვოსა“ და „ვოლტის“ სერვისი იქნებოდა. ბარაკებში გამომწყვდეული ადამიანები ასევე ჭირით და შიმშილით იხოცებოდნენ.

 

ავადმყოფებთან ექიმები ზოგჯერ მაინც მიდიოდნენ. სწორედ ისეთი სამოსით, ზედა სურათებში, რომ ხედავთ. ეს კოსტიუმი მეთექვსმეტე საუკუნეში ფრანგმა ექიმმა შარლ დე ლერმა გამოიგონა. ფრინველის ნისკარტის შიგნით საკმარისი ადგილი იყო სხვადასხვა სამკურნალო ბალახისთვის. ასე ექიმი თავს იცავდა. შავი მოსასხამი ცვილით იყო გაჟღენთილი, რათა ზედ ზედმეტი ბაქტერია არ/ვერ დარჩენილიყო. ნიღაბში თვალების ადგილი წითელი მინისგან მზადდებოდა. წითელი ვითომ შავ სულებს აფრთხობდა. ხელში გრძელი ჯოხი ეჭირათ, რომლითაც ავადმყოფს სინჯავდნენ და ამავე დროს დისტანციას იჭერდნენ მისგან. ჰოდა, ჭირი, რომ გაქვს, განწირული ხარ და ეს ნისკარტ/ლაბადიან/ჯოხოსანი მოგაკითხავს, არ მგონია, კარგ გუნებაზე დარჩე.

 

მაშინ ნისკარტ/ლაბადიან/ჯოხოსანმა ექიმებმა არ იცოდნენ, რომ ლიმფურ სისტემასთან ერთად ყველაზე მეტად ღვიძლის ბარიერული ფუნქცია ითრგუნებოდა.

 

ღვიძლში მოხვედრილი ეგზოგენური და ენდოგენური ყველა სახის ნივთიერება გარდაიქმნება ნაკლებ ტოქსიკურ ნაერთად. ეს ხდება დაჟანგვის, აღდგენის, მეთილირების, აცეტილირების ან ამა თუ იმ ნივთიერებასთან კონიუგაციის გზით. ღვიძლში აღნიშნული პროცესები მიკროსომული ფერმენტების გავლენით მიმდინარეობს. ღვიძლის უჯრედები ჰეპატოციტები შედგებიან სპეციალური დამჟანგველი ორგანელებისგან, რომელთაც პეროქსისომები ეწოდება. სწორედ ისინი შეიცავენ ძირითად ფერმენტებს. ღვიძლში მიმდინარეობს ე.წ. „დამცველობითი“ სინთეზის რეაქციები. მაგ. შარდოვანას სინთეზი, რითაც ამიაკის გაუვნებელყოფა ხდება. ნაწლავებში ლპობითი მიკრობების მოქმედების შედეგად ხდება ამინმჟავებიდან წარმოქმნილი ტოქსიკური ნივთიერებების (ფენოლი, კრეზოლი, ინდოლი, სკატოლი) გაუვნებელყოფა. ამისთვის ისინი ღვიძლში უერთდებიან გლუკორონის ან გოგირდმჟავას ნაშთებს და წყვილად ნაერთებს წარმოქმნიან. ეს უკანასკნელნი შარდთან ერთად გამოიყოფა.

 

გლუკორონის მჟავა სხვა ტოქსიკური ნაერთების გაუვნებელყოფაშიც მონაწილეობს. მაგ. თავისუფალი ანუ არაპირდაპირი ბილირუბინი, რომელიც ტოქსიკურია, ღვიძლში გლუკორონის მჟავას უერთდება და წარმოქმნის ბილირუბინის დი ან მონოგლუკორონიდს. ბენზოლის ბირთვის შემცველი ნაერთები ღვიძლში უერთდებიან ამინმჟავა გილიცინს და წარმოქმნიან წყვილად ნაერთს-ჰიპურის მჟავას. ამ მჟავის სინთეზი ადამიანებში მხოლოდ ღვიძლში ხდება.

 

ჭირის პროგრესირებისას ღვიძლში (და არა მხოლოდ) მიმდინარე ყველა ბიოქიმიური პროცესი ითრგუნებოდა და ადამიანები არანორმალური ტანჯვით კვდებოდნენ.

 

 

1966 წლის 2 სექტემბერს ლონდონში ცნობილი დიდი ხანძარი იყო. ცეცხლმა ღამით იფეთქა და ოთხი დღე მძვინვარებდა. ღამის ორ საათზე თომას ფერინორის საცხობში (თომა ეტყობა ჯანმრთელად იყო და საცხობს ამუშავებდა) გაჩენილი ცეცხლი მალევე მოედო მიმდებარე სახლებს და მეზობელ უბნებს, რადგან სახლები მაშინ ჩალით იყო გადახურული. ცეცხლმა 13.500 სახლი გაანადგურა. ხანძარს შეეწირა 87 ეკლესია.

 

ცეცხლთან ერთად ჭირიც თითქოს ოდნავ შენელდა, უკან დაიხია. არა, რა თქმა უნდა, ისევ იყო, თუმცა არა უწინდებური სიმძლავრით. ხანძარმა ჩალით გადახურულ ბარაკებთან ერთად ლონდონის ქუჩებში მოსეირნე უთვალავი ვირთხა გაანადგურა და ალბათ – ჭირის მიკრობების გარკვეული რაოდენობაც.

 

ჰმ… ზოგი ჭირი მარგებელიაო?!…

 

უნო, სამაგიდო თამაში მათემატიკის სახალისოდ სწავლებისთვის

0

თავისდაუნებურად მასწავლებლები  ირგვლივ მყოფ საგნებში, მოვლენებსა თუ თავგადასავლებში  ყოველთვის ეძებენ ისეთ რაღაცას, რასაც სკოლას, გაკვეთილსა და ამა თუ იმ სასწავლო საკითხს დაუკავშირებს.  პედაგოგმა ზაფხულის არდადეგებზე შეიძლება თავს უფლება მისცე და ამ ფიქრებისგან განთავისუფლდე. თუმცა ეს ყველაფერი იმდენად შინაგანი და ღრმაა, რომ თავს ვერ აღწევ.

 ჰოდა, ერთ ზაფხულს, როდესაც შვილებთან ერთად სამაგიდო თამაშს ვთამაშობდი, აღმოვაჩინე შესანიშნავი  რესურსი მათემატიკის უკეთ და სახალისოდ სწავლებისთვის. ეს გახლავთ სამაგიდო თამაში – უნო, რომელიც ბანქოს ძალიან ჰგავს და შედგება 98 დასტისგან. მათგან 0-დან 9-მდე ციფრებით წარმოდგენილია 8-8 დასტა, სულ ოთხი ფერით – ყვითელი, წითელი, მწვანე და ლურჯი. ხოლო დანარჩენი დასტა მიუთითებს სხვადასხვა სვლებს თამაშში. თავად თამაშის პრინციპი ძალიან სახალისოა, თუმცა ამ ეტაპზე მას მე როგორც მათემატიკის სწავლებისთვის საჭირო რესურსს, ისე აღვწერ.

გთავაზობთ 10 საინტერესო აქტივობას, რომლისთვისაც უნოს დასტები მიზანშეწონილია:

  1. ციფრების დახარისხება – არეული დასტებიდან ვთხოვთ მოსწავლეებს, რომ ამოარჩიონ და  დაალაგონ ერთნაირი ციფრები. აქვე შეიძლება გავართულოთ დავალება. დაფაზე დავუწეროთ ფერთა თანმიმდევრობა (მაგალითად ყვითელი, მწვანე, წითელი, ლურჯი) და ვთხოვოთ დაალაგონ ფერების მიხედვით. ან კიდევ უფრო გავურთულოთ და ვთხოვოთ დასტიდან ამოარჩიონ კონკრეტული ციფრები და დაალაგონ ნაკარნახევის მიხედვით.

  1. ციფრების დალაგება – აქ შეიძლება მოსწავლეებს ვთხოვოთ, რომ  ციფრები დაალაგონ თვლით 0-დან 10-მდე ან უკუთვლით 10-დან 0-მდე.

  1. ზრდა და კლება – დავურიგოთ მოსწავლეებს გარკვეული რაოდენობის დასტები შერეული ციფრებით და ვთხოვოთ დაალაგონ ზრდის ან კლების მიხედვით.

  1. მიმდევრობა – მოსწავლეებს დასტებით ვაჩვენებ გარკვეულ მიმდევრობას (შეიძლება ეს იყოს ორწევრიანი, სამწევრიანი, ოთხწევრიანი და ა.შ. პერიოდით) და ვთხოვ გააგრძელონ. დამისახელონ წესი რომლის მიხედვითაც გააგრძელეს ის. ან შეიძლება ცოტა გავართულოთ და მოსწავლეებს ვკითხოთ თუ რა იქნება მიმდევრობაში მე-13 წევრი, ამ მე-20 წევრი და ა.შ. აქვე შეიძლება მიმდევრობაში გამოვტოვოთ რამდენიმე წევრი და მოსწავლეებს ვთხოვოთ სწორად აღადგინონ ის.

  1. უტოლობა – მოსწავლეები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მერხზე აწყობენ ციფრთა ორ სვეტს, ჩვენ კი მათ ვთხოვთ განსაზღვრონ თითოეული სვეტის ციფრებიდან რომელია მეტი ან რომელი ნაკლები, უტოლობის ნიშნები დაწერონ წებოვანა ფურცლებზე და მოათავსონ ციფრთა შორის. ან შეიძლება ინსტრუქციაში შევიტანოთ ცვლილება და თავად ვუკარნახოთ ციფრები, რომლებსაც ამოარჩევენ დასტიდან, მერე კი ვთხოვოთ მეტია-ნაკლებიას განსაზღვრა.

  1. შეკრება-გამოკლება – ისევე როგორც უტოლობაზე მუშაობის პრინციპით, აქაც მოსწავლეებს ვთხოვ ციფრთა დასტები დაალაგონ ორ სვეტად, მათ შორის მოათავსონ მოქმედების ნიშნები და პასუხის მისაღებად შეასრულონ მოქმედებები. აქ დავალების გართულება შესაძლებელია მესამე და მეოთხე სვეტების დამატებითაც, რაც თავისთავად ზრდის მოქმედებათა რაოდენობას. გასათვალისწინებელია და აუცილებელია ბავშვებს ავუხსნათ, რომ გამოკლების შემთხვევაში პირველი სვეტი მეორე სვეტისგან განსხვავებით ყოველთვის დიდი ან ტოლი  რიცხვებით უნდა განისაზღვრებოდეს, რადგან საკლები ყოველთვის დიდია/ტოლია მაკლებზე.

   

  1. გამრავლება-გაყოფა – მასწავლებელი აქაც იგივე ინსტრუქციას აძლევს მოსწავლეებს, როგორც შეკრება-გამოკლების დროს, იმ განსხვავებით, რომ მათ გამრავლებისა და გაყოფის მოქმედების ნიშნები ანაცვლებს.

  1. ლუწი-კენტი – აქ მოსწავლეებს შეიძლება ვთხოვოთ დასტიდან ამოარჩიონ ყველა ლუწი რიცხვი და დაალაგონ ზრდით ან კლებით. ან პირიქით, ამოარჩიონ ყველა კენტი ციფრი და დაალაგონ იგივე პრინციპით.

  1. უცნობი წევრი ან განტოლება – აქ მასწავლებელმა შეიძლება უკარნახოს შემდეგი სახის ჩანაწერი, მაგალითად „ჩავიფიქრე რიცხვი, მივუმატე 5 და მივიღე 12. რა რიცხვი ჩავიფიქრე?“ მოსწავლის დავალება ასეთ დროს მდგომარეობს იმაში, რომ უნოს დასტებით უნდა შექმნას განტოლება, მერე კი მიიღოს სწორი პასუხი.

  1. ორნიშნა და სამნიშნა რიცხვები, თანრიგები – მასწავლებელს უნოს დასტები ასევე შეუძლია გამოიყენოს ორნიშნა და სამნიშნა რიცხვების კარნახით წარმოსადგენად, ან პირიქით სთხოვს მოსწავლეს წარმოადგინოს სასურველი რიცხვი უნოს დასტებით, მერე კი გაახმოვანოს მისი სახელი. დაადგინოს მასში თანრიგების რაოდენობა და ზეპირად ან წერილობით წარმოადგინოს ერთეულების, ათეულების ან ასეულების ჯამის სახით.

აქვე შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული აქტივობები მარტივად შეიძლება  აქციოთ წყვილურ ან ჯგუფურ თამაშებად. ეს უფრო სახალისოსა და საინტერესოს გახდის საგაკვეთილო პროცესს. წარმატებებს გისურვებთ!

„ღმერთო, სად მიმყავხარ!“ -რეზო თაბუკაშვილის მოთხრობები

0

ძალიან გავიხარე, როცა რეზო თაბუკაშვილის პროზაში ნამდვილი  ლიტერატურა დავინახე და ნამდვილი მწერალი შევიცანი, საკუთარი საშური გენეტიკის ღირსეული, ნიჭიერად გამგრძელებელი. თავს არ შეგაწყენთ და პირდაპირ მის მოთხრობებზე ვისაუბრებ, რომლებიც თითქოს ცხოვრების „შარადებია“ და მათშივეა ახსნა-პასუხი-დასკვნები…ჰოდა, მივყვეთ მხატვრული სინამდვილის გადადინებას უკვე მკითხველის სასიამოვნო ცხოვრებისეულ გამოცდილებაში.

დავიწყოთ მოთხრობით „გემების ჩრდილქვეშ“, რომლის მთავარი გმირებიც არიან კუკა და კოკა, ასევე შავი კატა, ფრიად ოდიოზური სახელითა და ცხოვრების წესით – ბაზი-ბაზი. მეტაფორა-შედარებებიც თითქოს შეფარვით მიგვანიშნებს ამ გმირების ცხოვრების საკმაოდ მძიმე თავგადასავალზე, განწყობაზე: „წყალში ჩავარდნილი ღრუბელი“ (ზღვაში ხედავს) ან „ამოტეხილ ყინულებში მოქცეული წყალივით მელნისფერი“. უკვე ჩნდება მოლოდინი ცხოვრების ზოგადი საიდუმლოს პერსონაჟთა კონკრეტულ მაგალითებში ამოცნობისა. „რამდენჯერმე ისინიც დაბრუნდნენ დანაჩარტყმულები თავიანთ ფიცრებშემოლეწილ, ყოფილ სათევზაო გემზე, რომელიც სახლის მაგივრობას უწევდათ, მაგრამ უფრო ხშირად დოკებში ძირს დაყრილ, სისხლით მოთხვრილ თეთრუნიფორმიან მეზღვაურებს ტოვებდნენ“ (4) – რას ვიზამთ, მარტო მთავარი გმირებისა კი არა, ბევრის ცხოვრებაა შორს ჰარმონიისგან. „ტუჩს ნუ უბზუებთ წვრილმანს…ნუ დაივიწყებთ, რა უდიდესი მნიშვნელობა აქვს წვრილმანს…“ ამბობდა ჰერმან ჰესე და ცხოვრების საბედისწერო შემთხვევითობებს გულისხმობდა. რეზო თაბუკაშვილისთვისაც არაა წვრილმანი „ხელწამოსაკრავი“ – „წვრილმანებს ვერ ჰკიდებდა კაუჭს, უსხლტებოდნენ, არადა, ისინი არიან მთავრამდე მიმყვანები ან თვითონ არიან მთავრები“ (8).

სიუჟეტი, თავისთავად, საინტერესოა რეზო თაბუკაშვილის ყველა მოთხრობაში, დამაინტრიგებელიც და შემდეგ უსწრაფესი სიმსუბუქითა და მოულოდნელობით გახსნილი „კვანძებით“, მაგრამ სათქმელი მაინც მათ მიღმა იკითხება, მათზე, ამბავზე ამაღლებულად. ეს მოთხრობა ღვთისკენ სავალ გზებზეა, რომლებსაც, უნდა-არ უნდა, მიუყვება თითოეული ჩვენგანი, მორწმუნე თუ ათეისტი. ამ წერილის სათაური ხსენებული მოთხრობის ერთი ძალიან უცნაური, მომნუსხველი პერსონაჟის ფრაზაა. გოგო, მოკლედშეჭრილი თმითა და კეფაზე ბუმერანგის ფორმის ჭაღარით, კედლებზე რომ ხატავს მზიან სივრცეში მფრინავ კაცებს, ქალებს, ვეშაპებსა და მწვანე ბოთლებს. იგი ღმერთს უფრთხილდება თუ აფრთხილებს, სანამ ვენებს გადაიჭრიდეს, ან ორივე ერთად („ვიცი, რასაც აპირებდა“); აქვეა განსახილველი ანეტაც, თავისი ცხოვრებისეული პატარა თუ არცთუ ისე პატარა სიბრძნეებით, სიცოცხლის აღქმის სპეციფიკით: მაგალითად, ქალი მისთვის ინტუიციაა, კაცი კი ინტელექტუალური ძალა: „ქალი შიშებთან ამყარებს კონტაქტს, კაცი კი ებრძვის და მოუგებელ ომში ეხვევა“ (16). ჰოდა, ეს ანეტა ამბობს: „მე ღმერთი ვარ!“; მოდი, ჯაბაზეც ვთქვათ, რომლის წინაშე ღმერთი „მუდამ დამნაშავეა. რა? მეტის ღირსი არ არის ჯაბა, უფრო იღბლიანი, შეძლებული და ნაკლებ ნატანჯი რომ იყოს?“(17), ამიტომ ჯაბა, ღმერთი თუ არ დაეხმარება (პლატონ სამანიშვილისეული „გარიგებაა“ არსთა გამრიგესთან თუ  მ ი ს ი დამუნათება), „თვითონ აიღებს ასაღებს, როგორც აკეთებს ბავშვობიდან მოყოლებული“.

 

დრო და სივრცე განზოგადებულია რეზო თაბუკაშვილის ამ და სხვა მოთხრობებშიც, უფრო ლიტერატურული, ვიდრე რეალურ-ისტორიული. ამიტომ დასკვნებიც „გასაშლელია“, ყოველი ჩვენგანის გულამდე მოსვლამდე. დასკვნა ამ მოთხრობაში ასეთი გამოვიტანე: ღმერთი ის არაა ხშირად, რასაც ეძებ. და ხანდახან სწორედ დაცემით მიდიხარ მასთან ამაღლებამდე…

 

სიუჟეტურადაც ორიგინალურია „მკვლელობა სადგურზე“. საუბრობს მოკლულიც და მკვლელიც ანუ სრულიად სხვადასხვა რაკურსითაა დანახული ერთი მოვლენა (ეს შთამბეჭდავი ლიტერატურული ხერხი ორჰან ფამუქთანაცაა „მე წითელი მქვია“). რაღაცნაირად ფანტასმაგორიაში გადავყავართ მწერალს (ეს განცდა სხვაგანაცაა), როცა მთავარი პერსონაჟი წინასწარმეტყველებს საკუთარ სიკვდილს: იგია ავტორიცა და მისი გამოძერწილი გმირიც, ერთსა და იმავე დროს – „არავითარი ნიშანი არ შემიმჩნევია თურმე ჩემი ბოლო ჟამისა“ (10). ეს არის, ერთი შეხედვით, გასაოცარი, შემზარავი გულგრილობა პერსონაჟის თხრობისა თუ განცდა სიცოცხლეში შოკური ბუნებრიობით შემოსული სიკვდილისა, რომელიც, მგონი, ამ მოთხრობის მთავარი გმირიცაა. მაგრამ ეს ერთი შეხედვით, რადგან ეს გრძნობითი, აკადემიური წონასწორობაა, მშვიდი თეატრალურობა – გგონია, ანტიკურ ტრაგედიას ან კაბუკის მსახიობის იდუმალ, ფლეგმატურ მანევრებს უყურებ ცხოვრების „სცენაზე“, შუქ-ჩრდილთა ხშირად კაცთათვის აუხსნელი გადანაწილებით. ეს სიმშვიდეც ამაოებაა, რასაკვირველია…

 

ირონიულ-იუმორისტული ფილოსოფიურობა მსუბუქად მიგიძღვის აზრთა სიღრმეებისკენ: „ინტუიციასთან ჯიგრული ურთიერთობა“ ან „მატარებელი-ცხოვრება“, მაგრამ ცხოვრებისგან განსხვავებით, „მატარებელი არ გადაგაგდებს.“ – აქაც კონკრეტულის განზოგადებისკენაა სავალი, სამყაროს უკეთ ჭვრეტისთვის.

 

ჩვენ წინაშეა ნაღდი მწერლური სტილი, გაუბზარავი, მართალი, პატიოსანი გულიდან წამოსული და როგორც ყველაფერი სერიოზული, ბოლოს ადამიანურ მისიამდე, არსებობის აზრის ძიებამდე მიმყვანი. არის ესეც –„ხშირად ვყოფილვარ სხვებისთვის დროებითი ნავსაყუდელი“ და არის „თავისიმედა“ (მწერლის სიტყვაა) ადამიანიც, მწარე გამოცდილებითა და დაკარგული ნდობით. ამ მოთხრობის ცხოვრებისეული დასკვნაც აქედან გამომდინარეა: ადამიანი, ეძებს ის საკუთარ თავს თუ ჭრიჭინასავით უზრუნველად ცხოვრობს, დაბადებიდან სიკვდილთან შეხვედრის „მომლოდინეა“. იქნებ სიკვდილის „სიბრმავე“ სიცოცხლის აბსურდის შესანიღბადაა? ყველა ადამიანური წიაღსვლა რომ გააცამტვეროს, თუ, პირიქით –უკვე  ლოგიკა დაგანახვოს საკუთარ სამანს მიღმა? ვინ იცის…

 

მოთხრობაში „გოგო, რომელიც შენ გგავს“ სამყაროს ძირეულ აღქმას გვთავაზობს მწერალი, ჭიანჭველადან ხის ტოტებში გახლართულ მთვარემდე. ეს კოსმოსის შეგრძნებაა, მიკრო და მაკრო სამყაროთა ურთიერთმიმართების კანონზომიერებები.

 

საინტერესოა, როგორ „საუბრობენ“ პერსონაჟის „მეები“ ერთმანეთთან, კამათობენ, აუწონ-დაწონიან ერთმანეთს ნათქვამს, უბრაზდებიან („…თუმცა შენ თვითონაც ვერ გარკვეულხარ“; „გადი ახლა აქედან!“) – ეს მწერლის ცნობიერებს ნაკადია, თავგადასავლები – ნამდვილშიც რომაა გამონაგონი და გამონაგონი, ყველა ნამდვილზე ნამდვილი რომაა…ნაწერი ნამდვილობის შთაბეჭდილებითაა და არაა „ტვინისჭყლეტა“, ნაყალბევი, გამოგონილ-ნასესხები ემოციებითა თუ განცდებით – ახალგაცნობილი ქალი, რომელიც ძალიან გგავს, როგორც „მშვენიერი კოშმარი“ და ბავშვობაში, ღამით, ტყეში, ცეცხლის გარშემო მსხდომების საშიში ამბების მოსმენით, თან უსაფრთხოების სინქრონით მოგვრილი სიამოვნების შეგრძნება…მოთხრობის დასკვნა (ჩემეული, რასაკვირველია და იქნებ მწერლურთან თანხვედრილიც) – ცხოვრების ფრაგმენტი, როგორც სიგარეტის „მსუყე“ ნაფაზი, გოგოს სიცილში გადასული თითქოს უმიზეზო ტირილი და „დეჟავუ“: თითქოს ეს სადღაც სხვაგანაც მომხდარა, გადახდენია თავს შენც და სხვა ადამიანსაც, რომელსაც „თეთრი თმა და ლურჯი თვალები აქვს და სახიფათოდ გგავს შენ“ (44).

 

„ავტობიოგრაფია პროფილში“ – დრო და ეპოქა განზოგადებულია, თხრობა კი სიზმარს ჰგავს და ზემოხსენებული ფანტასმაგორიულობითაც მომნუსხველია, – „კაფეში დასახიჩრებული ადამიანები შემოდიოდნენ: ზოგს ორი თავი ჰქონდა, ზოგს ხმალივით ალესილი ხელი, ზოგიც უკეფო იყო. დახლთან მისულები, მხოლოდ თვალებისა და გაბანჯგვლული წარბების მქონე ბარმენს დასალევს უკვეთავდნენ“ (93). ეს გმირის ე. წ. „ზაპოის“ პახმელიით შემმუსვრელი აპოკალიფსური ხილვებია, სამყაროსეული სევდით გაჟღენთილი, ტკივილების კონიაკის „ბინდიან ტალღებში“ ჩახშობის მოსურნე…რატომ სვამდა თუნდაც გალაკტიონი? ალბათ იმიტომ, რომ სინამდვილეს „არ ემდუროდა, არ ყოფილა თითქმის“; ალბათ იმიტომ, რომ მისი რეალობა ის გაიშვიათებული ჰარმონიის განზომილება იყო, რომელშიც „ცხოვრების გზა სიზმარია და შორეული ცის სილაჟვარდე“, ადამიანი კი „…ნაწვიმარ სილაში ვარდი“. მაგრამ პრობლემა ამ სინამდვილიდან „ჩამოლაბორანტების“ ინერციაში წონასწორობის, ტონუსის შენარჩუნებაა, რომ ისე მტკივნეულად არ „დაეცე“, როგორც ეს ბოლოს გალაკტიონს დაემართა…

 

ქართული სინამდვილე და ომის გარეშე?! ან თანამედროვე ქართველი მწერალი თუნდაც აფხაზეთის სისხლშეყინული განცდების მიღმა?! „ჩემი ბარჯის ბორტს სუსტად ეხეთქებოდა წამოქაფებული ლურჯი ტალღები, რომლებიც ზღვაზე გატარებულ ბავშვობას მახსენებდა. ლიძავის ფიჭვნარს, „შლოპანცებში“ შემომძვრალ წიწვებს, გამჭვირვალე წყლისქვეშ ყვინთაობას. „კიდევ ერთხელ“, რომ ვთხოვდი მშობლებს „ოქროს ტახტით“ ზღვის ფსკერიდან ამოხტომას. მათ ბეჭებზე დაყრდნობილი რომ ვცდილობდი წონასწორობის შენარჩუნებას…“(100). მაგრამ დგება დროც მშობელთა უძლურებისა, როგორც თუნდაც „სახის ოვალი ღამისგან ჩალურჯებულ ფანჯარაში“, – ომის ამ უზარმაზარი ტკივილის დამტევი მეტაფორა. სოხუმის დაცემის თემატიკა – მთავარი პერსონაჟი ირა ამ საბედისწერო დღეს, ზღვაში მუხლამდე ჩასული, გამოსამშვიდობებლად დახრილი: „შე უსინდისო, ის ბოზები უნდა მიიღო და აბანაო? მთელი ბავშვობა შენთან გავატარე და ახლა აუღელვებლად ტოკავ და მემშვიდობები…“, სახეს წყალში ჩაყოფს, მარილიან ქვებს კოცნის, – „მე დავბრუნდები“(113).

 

მაგრამ უძლურება არ ნიშნავს, რომ ბრძოლაზე უარს ამბობ („მივყვებით ცხოვრებას და არ, ვერ, ვერაფრით ვმარცხდებით…არც გამარჯვება ვიცით, რადგან არც ერთი არ არსებობს და არც მეორე“ (127). ადამიანი არ უნდა დაემსგავსოს რეზინის ნახვრეტებიან იხვუშკას, თორემ წყლით აივსება და ჩაიძირება. ასეთი „მებრძოლი“ პერსონაჟია უცნაური თინაც, ირას და, უფრო სწორად – ნოველა-პერსონაჟი: „ერთხელ, იმ დღეს, როდესაც განათლების სამინისტროდან შემოწმება უნდა მოსულიყო, საგანგებოდ ოპერიდან არენდით გამოტანილ ღვინისფერ კაბაში გამოწყობილი და თმაგადახოტრილი გამოცხადდა. ძალიან უხდებოდა“; ბიჭებთან, რომელთაგან ბევრს უყვარს, გულგრილია, არავის უპასუხებს გრძნობებზე და დამცინავიც კია თაყვანისმცემლებისადმი. სკოლიდან გამოსული კი იქვე, კართან უკიდებს სიგარეტს და ასე წევა-წევით მოჰყვება ბარნოვის ქუჩას. კვირაობით აცდენს სკოლას, სამაგიეროდ, ვაკის პარკის მიყრუებულ ადგილას გადაკარგული, თავისი საყვარელი ვიოლინოს ჰანგების „მოწმეობით“ ღვრის ცრემლებს თინა, რომლის ტირილი მშობლებსაც კი არ ახსოვთ. ძმას, მასზე არანაკლებ უცნაურს, „ვოინს“ ეძახის ხასიათის გამო.

 

მაგრამ არის მომენტები, როცა ეს ბრძოლაც, სულის „დაჭრილი ლურჯი ფრინველის“ გადასარჩენად, აზრს კარგავს, სევდა აღარაა გულწრფელი და „უმიზეზო ბოღმაში, შავ ნაღველში გადადის“, მწერალი იწყებს მეხსიერების ლაბირინთში მიკარგული კეთილი ნაფლეთების შეკოწიწებას, რომ ასე „აირეკლოს“ მძიმე სოციუმის აგრესია, რომელიც ყველა მხრიდან ჟონავს და დახრჩობით გემუქრება – „უცხო სამოთხეებისა“  და სიმწვანეში ლალიგულასის ყვავილის ბროწუელის ფერად დაღვრებით, სინათლით გამორჩეული დღეების კოლექციის შეგროვებით და „დუელიანტ“ ცხოვრებასთან ბოლოს სრულიად მარტოდ შებრძოლების ჟინითა თუ ჩვევით…კი, არის, რაც არაა წარმავალი, რაც არ უნდა კვდებოდეს ანუ ცხოვრების „მუდმივები“ –„ამ არამყარ, „წარმავალ და დაუდგრომელ“ სამყაროში ერთ-ერთი იშვიათი მუდმივი, უსასრულოდ მუდმივი რამ ირინასთან კავშირი ეგონა“ გეგას, მთავარ გმირს და, სავარაუდოდ, ავტორის ალტერ ეგოს. ისიც ნაომარია, როგორც ყველა ნამდვილი ქართველი და იცის ომში განწირული, „სიკვდილის მცოდნე“ სახეების ამოცნობა, როგორც თუნდაც ირამ ანუ მათი საბედისწერო იერი, ვისაც „შენობითი“ ურთიერთობა აქვს უკვე სიკვდილთან, როგორც ავტორი ამბობს – „..უცბად ხდება ეგ…უნახავს, დაძაბული, ტკივილისაგან ნაღრიალები სახეები როგორ მშვიდდებიან, ქვავდებიან და ბეჭზე გადმოვარდნილი მზერა მიწის სიღრმეში ხვრეტს, მის მიღმა, სადღაც შორს, რამდენიმე წამში ქარისგან შებერილი ნაცარივით იბნევა ჰაერში და რჩება მხოლოდ თვალები, უპატრონო თვალები…“(166). კვდება ირაც და მისი დასაფლავების შემდეგ თინა ნაჭრებჩამოგლეჯილი სარკის წინ სამხედრო კოლტით იკლავს თავს…

 

„გონგი. რინგის შუაში ვხვდებით. „ბოქს!“ …შეტევაზე ვიჭერ და რამდენიმე დარტყმა კარგად გამომდის; …ვგრძნობ მისი სახის სიმძიმეს, უკან გადავარდნილ კისერს, მარცხენით მზის წნულში ვარტყამ და მოკლე ამოხრიალება სასიამოვნოდ ჩამესმის. მაგრამ სანამ მე ჩემი „სერიით“ ვტკბები, ისევ შეტევაზე გადმოდის“ – რინგზე ცხოვრებაა, რომელთანაც პერსონაჟი ბოლოს მარტო იბრძვის, როგორც სჩვევია…დასკვნა ასეთია: ასე ვცვლით იმას, რისი შეცვლაც შეიძლება ჩვენში თუ ჩვენ გარეთ, ხოლო იმის წინაშე, რისი შეცვლაც არ შეიძლება, ყოველთვის „ვმარცხდებით“ ბარათაშვილისებურად. მაგრამ ვინც ამ უცვლელთან განაგრძობს ბრძოლას, ამ დამარცხებით ყოველთვის გამარჯვებულია, მეტიც – თანამოძმეთ „სიძნელეს გზისას უადვილებს“…

 

ომის თემატიკის გაგრძელებაა მოთხრობებში „არგაქცევა“ და „სოხუმის დაცემა“ და ეს ბრძოლის მოტივადაც შეიძლება ჩავთვალოთ რეზო თაბუკაშვილის შემოქმედებაში. ომი და მისეული „გადანაწილება“ საგანთა თუ მოვლენათა, უმოწყალო „შამათით“ რომ გემუქრება.

 

„შვილი დამეკარგა!“

 

„რა დროს ბარგია, ჯერ ბავშვები ავიყვანოთ!“

 

„დაღუპული ძმების აჩრდილები და სულში გამჯდარი ზღვის სურნელი…“

 

ომი არა ფრონტის ხაზზე, არამედ ბალახსა და მიწაში თავჩარგული ცამეტი-თოთხმეტი წლის ბიჭის გულში, თვალებში – ავტომატით დახვრეტილი ბიჭი, საკუთარი თავისა და ცოლ-შვილის სიცოცხლის სასწორზე შემგდები კაცი და სრულიად ჩვეულებრივი, ცისფერი ცა, რომელიც სულაც არ აპირებს ჩამოქცევას…თხრობა მინიმალისტურია, დინჯი, „გაყინული“ თუ შეკავებული ემოციით, დიდმა მწუხარებამ რომ იცის – „თეთრ კედელთან ჩამჯდარ ბიჭს ავტომატი ეჭირა ხელში. ბიჭმა გაიღიმა და „Прорвемся“-ო – უთხრა…“ – მრავალჯერ განმეორებადი, აკვიატებული სიზმარივითაა, ისე, რომ აღარც იცი, ამით დამთავრდა თუ…ამით დაიწყო ყველაფერი…(„Прорвемся“)

 

„დადგება დრო“ – ეს მოთხრობა ბოლოსთვის შემოვიტოვე, განსაკუთრებული ემოციების გამო. „გამახურებელი ინტონაცია“ – ესაა წერის მანერა მთავარი გმირისა, უკომპრომისობაც და ბრძოლებიც სწორედაც რომ უნაკლო ალტერ ეგოზე პრეტენზიისგან თავის დაღწევის მიზნით „შემართული კალმით“. მას წერაზე უკეთ არაფერი გამოსდის და ამით მოიპოვებს „პურსაც არსობისა“. ვბრაზობ, ე.ი. ვცოცხლობ – ასეცაა ხანდახან („უბოროტო ბრაზი არის ჩემი ცხოვრების ძლიერი იმპულსი, ბიძგი, საყრდენი წერტილი“ – 171).

 

რეზო თაბუკაშვილის მწერლობაში არის ცხოვრების დიდი და ფარული ცოდნა. ესაა ძალიან საინტერესო, ბუნებრივი და არა ხელოვნური, ყალბად „მჟღერი“ გმირებისა და ფანტაზიების სამყარო, რომელშიც ცხოვრობ შენც, სრული სისავსით, რაც მხოლოდ ნამდვილ შემოქმედებას ახასიათებს – გვავიწყებს, რომ წიგნში ხარ, გამხატვრულებულ სამყაროში, – არა, ნამდვილი მოგზაური ხარ, თავგადასავლებს იზიარებ და შეიგრძნობ მწერალთან ერთად; გინდა „წრუპო“ ეს ღვთაებრივი „სითხე“, გასპარას კაფე-ბარის შემონახული ვისკისავით, რომელშიც, როგორც ამ მოთხრობაში, „სიბრძნის პატარა ხომალდები დაცურავენ“. ოღონდ ეს არაა გაპრანჭული, ათასჯერ „გაშალაშინებული“ ფრაზებით გადმოცემული, არამედ ცხოვრების, გრძნობათა, ქმედებათა მდინარებით, ნაკადით, ასე ზუსტი მოდელი რომაა რეზო თაბუკაშვილისეული წუთისოფლისა (არა ასლი, არამედ გამხატვრულებული ვერსია) და ჭკუასაც ხანდახან ტკივილით ან სულის ჭრილობით გასწავლის, ზუსტად ისე, როგორც ნამდვილი ცხოვრება. იშვიათია ლიტერატურით, სინამდვილის გადმოცემის ამ რაფინირებული, მაღალმხატვრული „ნიშით“ ასე ზუსტად შეიგრძნო სხვისი სიცოცხლე, ისე, რომ საკუთარი თავიც დაინახო თანამონაწილედ მოვლენებისა და როგორც მკითხველიც, მომართული იყო სწორედ მრუმე რეალობაზე ამაღლებისკენ…

 

დრო ზოგადია ისევ („დროსთან ერთად ამ დროის განცდაც ხომ კვდება?“), ადგილიც, თუმცა მწერალი-მთავარი პერსონაჟი უცხოელია („პროვანსში, მამაპაპისეულ სახლში, მაისის მზიან დღეს გაჩენილი…“) და ისე ბუნებრივია ავტორისეული თხრობა ფრანგულ სინამდვილეზე, რომ ძალაუნებურად ფიქრობ: ადამიანი ყველგან ადამიანია…ეს მართლა ჰგავს, როგორც რეზო ამბობს, „მწერლის ცეკვას“ (უბრჭყალებოდაც მოიაზრება ამ მოთხრობაში), რომელიც სრულდება მარტოობასა და სიბნელეში, რომელიც ძალიან ჰგავს ინდიელი მეომრის ცეკვას და ერთ-ერთი სპირტიანი სასმლის მიღების შემდეგ უკეთ სრულდება…

 

კიტი, ერთი ქალი-პერსონაჟი (რომლის საშუალებითაც გვეუბნება ამ მოთხრობის იდეაზე ანუ ჩემეულ „დასკვნაზე“ მწერალი) ამ მოთხრობისა, მიუხედავად უცხოელობისა, მშობლიური ხდება, თანაგრძნობით, სიმპათიით იმსჭვალები მის მიმართ: „ისე, მოგზაურობა, ბევრი ადგილის ნახვა და შეყვარებაც მოვასწარი, ეხლა კი არ ვიცი, მე ვუღალატე მათ თუ მათ მიღალატეს. არსად მიმიწევს გული. ბანალურ რამეს ვამბობ, მაგრამ ყველგან სტუმრად ვგრძნობ თავს. არადა, მაგრად მიყვარს ეს პლანეტა! პარიზივით და სულ განცდა მაქვს, რომ თანაგრძნობას ითხოვს…მაგრამ არ არის სახლი“(181). ესაა მსოფლიო გაუცხოება და მიუსაფრობა გმირისა, რომელიც დიდი მარტოობის მცოდნეა, ამით თავისუფალი და ძლიერი, ფრანგ მაწანწალებთან-კლოშარებთან შვების მაძებარი.

 

„დადგება დრო, წამი, ჟამი და მოვისვრი სხეულს ერთგულად ნამსახურევი დაფლეთილი ჯინსივით: სასაცილოდ გამოპრეხილ მარცხენა ყურს, არცთუ ისე შეუხედავ სიფათს, ნაიარევ მაჯასა და წარბს, წყლულიან კუჭს, ორ ადგილას ძვლებდამსხვრეულ თხელ თითებს, ასიათასობით ფილტრიანი თუ უფილტრო სიგარეტის ამთვისებელ სმოგიან ფულტვებს, საიმედო მეგობრებს — თვალებს. არაერთხელ მკერდის განგრევამდე მიყვანილ, ქაოსურ რიტმში მობაგუნე გულს. და არ ვიცი, დამწყდება, ჩამწყდება თუ მეტკინება ამისგან ეს გული.“ – ეს კიტის წერილი-გამომშვიდობებაა სიცოცხლესთან. ესაა დასკვნაც – ეს ყველას მოგვიწევს: სიკვდილი ხომ ასეთი შემზარავი, მაგრამ გარდაუვალი (აუცილებელიც!) მოცემულობაა, ლამაზიც კი და კონტრასტული, როგორც თუნდაც სითბო თოვაში…მანამდე კი დატკბით ცხოვრების ლიტერატურაში ასე წარმატებულად გადატანით, გადანაცვლებით, როგორც ეს რეზო თაბუკაშვილის შემოქმედებაშია. რეზოს მწერლური „კალეიდოსკოპი“, ერთიანი სიჭრელით, არა რომელიმე ფერისა თუ ორნამენტის დომინირებით, ცხოვრების ორსახოვან მთლიანობას გვაგრძნობინებს, რომლის ჭვრეტა, განცდა და მერე ასე ნიჭიერად გადმოცემა რჩეულთა ხვედრია; მათი, ვისაც სრულად უგრძნია სიცოცხლე, სიბრძნეებითა და საშიში სიღრმეების წვდომით, ამ უკანასკნელთა სხვადასხვა თვალთახედვით, კუთხით, შუქ-ჩრდილებით სრულყოფილთან მიახლოებული აღქმით რომაა შესაძლებელი…ამას მწერლური ხედვის „შემოდგომას“ დავარქმევდი, როცა ცნობიერება „მწიფობაშია“ შესული, ასაკით დაუსაზღვრავად…

 

ციტატები წიგნიდან – რეზო თაბუკაშვილი „გემების ჩრდილქვეშ“, გამომცემლობა „პალიტრა L“,  2012 წელი

 

 

 

 

 

 

 

 

ლიტერატურული კონკურსის –  „ვწერ მასწავლებლისთვის“, საუკეთესო ათეული ცნობილია

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსების, ჟურნალ „მასწავლებლის“ და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ს ,  ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით,   მწერლებისთვის   გამოცხადებული  ლიტერატურული კონკურსის  –  „ვწერ მასწავლებლისთვის“,   საუკეთესო ათეული ცნობილია:

ლიტერატურული კონკურსის  „ვწერ მასწავლებლისთვის“  2023 წლის ჟიურის მიერ შერჩეული ათი საუკეთესო მოთხრობა:

  1. სოფიო კუბლაშვილი- მესამე მე
  2. მიშა ბახსოლიანი- ხეზე ასვლა
  3. თამთა დოლიძე- ამ ომში არავინ დაბერდება
  4. დიანა ანფიმიადი- მფარველი ანგელოზი
  5. ნათია როსტიაშვილი- ფუტკარი ბარამბოს ტოტზე
  6. ნინო ქადაგიძე- ანიკო მასწავლებელი
  7. შორენა ძამუკაშვილი- ნეტავი ისევ გვყავდეს დამსწრე
  8. ნათია გოგიჩაიშვილი- ხი თუ არა
  9. მაკა ცხვედიანი- დაჯექი, ალბერტ!
  10. თამარ ესიტაშვილი- მზის სხივები ღრუბლის უკან

გამარჯვებული მოთხრობა გამოვლინდება 4  ოქტომბერს, საზეიმო  დაჯილდოებაზე.

კონკურსის მიზანი მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერაა. საუკეთესო მოთხრობა უნდა ემსახურებოდეს სწორი ღირებულებების დამკვიდრებას სასკოლო გარემოში, აღწერდეს თანამედროვე სასკოლო ცხოვრებას, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის სირთულეებს და ასახავდეს   მათი დაძლევის გზებს.

კონკურსის პარტნიორებია: გამომცემლობა „ინტელექტი“, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“,   “თბილისის მუზეუმების გაერთიანება” , „საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია“.

გრიგოლ ორბელიანი

0

სკოლაში, ქართველ “რომანტიკოსებს” შორის, ყველაზე მეტად გრიგოლ ორბელიანის ლექსების დაზეპირება მესიკვდილებოდა. რუსული ვაჟური, ერთმარცვლიანი რითმის და სხვა პოეტური კომპონენტების უხეირო აკულტურაციული გავლენით ქართველ “რომანტიკოსებში” ტექნიკური მხარე ისედაც ვერ ბრწყინავს, რითმის სიზუსტე და ხარისხი მკვეთრად რედუცირებული და უკიდურესად ნომინალურია. გრიგოლ ორბელიანი, ამ საერთო კომპონენტების ფონზეც, ყველაზე “გაურანდავი” ქართველი “რომანტიკოსია”, მისთვის აზრის ფიქსაციაა მთავარი, ხოლო ის, თუ ამ აზრს როგორ გადმოსცემს, ნაკლებად მნიშვნელოვანია, თავს არ იწუხებს ტაეპის ოპტიმალური არქიტექტონიკური დალაგებით – უკეთესი რეზულტატისთვის ლექსიკურ ერთეულთა ინვერსიით და ა. შ. , ამიტომაც კითხვისას ხშირად ბორძიკებს მკითხველი, მეტიც, ზოგჯერ მკითხველი აწყდება ბიმეტრულ გაორებას, როცა კონკრეტული ტაეპიდან ორი პოეტური საზომი “ისმის” და ცეზურები ისეთ ადგილებში მოდის, რომ ის საზომი, რომლითაც ლექსია დაწერილი, ირღვევა სხვა საზომით. მკითხველს დიდი ძალისხმევა სჭირდება, რომ ასეთი ბიმეტრული ტაეპი ლექსის მეტრს “გაუსწოროს”. არადა, ამის პრევენციისთვის შეიძლება, სულ მცირე მანიპულაციაც იყოს საკმარისი, მაგრამ პოეტს ეს ნაკლებად ანაღვლებს.

 

ერთი სიტყვით, ქართველ “რომანტიკოსებს” შორის, ორბელიანთან ყველაზე მეტად საცნაურია აზრის, კონცეპტის პრიმატი, ამან იგი ქართული პოეზიისთვის უჩვეულო ფორმამდე – ვერბლანამდე მიიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ორბელიანს აქვს პირობითი რითმა-კონვენციურობით გაწყობილი რამდენიმე შედევრი, მისმა პოეტურმა გაქანებამ სწორედ ვერბლანში მიაღწია უმაღლეს ხარისხს, თერთმეტმარცვლიანი ე. წ. “წყობილით” (4/4/3) დაწერილი მისი თეთრი ლექსები: “მუშა ბოქულაძე” და “დიმიტრი ონიკაშვილის დარდები” ის შედევრებია, რომლითაც გრიგოლ ორბელიანმა ინტერაქციული კავშირი გააბა კონვენციურობისგან თავისუფალ პოეტურ მომავალთან. შეიძლება, ითქვას, რომ ხსენებული ორი ლექსიდან უფრო ადრინდელი – “დიმიტრი ონიკაშვილის დარდები” – ფორმით ის ფუტურისტული ლექსია, რომელმაც შექმნა ნიადაგი მაჩაბლისეული და ილიასეული შექსპირისთვის და, ზოგადად, ქართულ პოეზიაში ვერბლანის კულტივაციისთვის. მართალია, ვერბლანი ქართულ პოეზიაში წამყვანი ფორმა ვერ გახდა, მაგრამ ტრანზიციული ფუნქცია უდავოდ შეასრულა კონვენციური ლექსიდან თავისუფალი ლექსისკენ გზაზე.

 

გრიგოლ ორბელიანი პიროვნულად მეტად კონტროვერსიული ფიგურა იყო – ორთოდოქსი ფეოდალი, რომელსაც შეუძლია, დაბალი სოციალური ფენების ხალხთან იქეიფოს, ლექსებიც უძღვნას, ემპათია გაითამაშოს (იქნებ, გულწრფელიცაა), მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, წამსვე სძალავს ფეოდალური აროგანტულობა და სამსახურებრივი ვალდებულებები და დაუფიქრებლად გასრესს მათ ჭიანჭველასავით. სწორედ ამ პიროვნული კონტროვერსიულობითაა ნაკვები ის ჰიპოთეზა, რომ ის ბარათაშვილის პოეტურ ტალანტს სპეციალურად “არ იმჩნევდა”, რაც მცდარია. მან, უბრალოდ, ბარათაშვილში ბარათაშვილი ვერ დაინახა და ის გულწრფელად საშუალო დონის მელექსე ეგონა, ესეც არ იყოს, პოეზია მისთვის მეორადი საქმიანობა იყო და, ალბათ, ამიტომაც დიდად არც მიუქცევია ყურადღება ბარათაშვილის პოეტური ვნებებისთვის. წერილებში ბარათაშვილი ორბელიანს ხან “ძიათი” მიმართავს, ხან კი – “ძმაოთი”, ხან მოწიწებით წერს, ხამ კი – ფამილიარულად, ისინი ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ესეც არ იყოს, გრიგოლ ორბელიანმა თავის დას, ბარათაშვილის დედას, ეფემიას, ისეთი ლექსი უძღვნა, ამ ლექსის წამკითხველი ნაკლებად იფიქრებს, რომ ლექსის ადრესატის ღვიძლი შვილის გენიალურობაზე თვალს დახუჭავდა, რომ შეემჩნია.

 

*

გრიგოლ ორბელიანი შემდგომში არაერთი პოეტის შთაგონების წყარო ყოფილა, ოღონდ – როგორც იკონური პერსონა. არაერთი ლექსი მიუძღვნიათ მისთვის. მეტიც, ადრე დაღუპული შესანიშნავი კრიტიკოსი ფილიპე ბერიძე მუხრან მაჭავარიანზე დაწერილ გადასარევ წერილში წერს, რომ მუხრანთან, ალაგ-ალაგ, სხვა პოეტებთან ერთად, გრიგოლ ორბელიანიც “ისმის”. ოღონდ, კრიტიკოსი ამას ნეგატიურ კონტექსტში არ ამბობს. მართლაც საინტერესო იქნება გრიგოლ ორბელიანის ინტონაციური ვიბრაციების უფრო ღრმა კვლევა მუხრანთან და სხვა დიდ ქართველ პოეტებთან.

საუკეთესო   ექსკურსიისთვის

0

შეიძლება მრავალ საქმეში თავდაჯერებულობა მაკლია, მაგრამ სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს კუთხეებს კარგად ვიცნობ. ხშირად მიწევს მივლინებაში ყოფნა, მოგზაურობა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალური ცენტრი მოვინახულე, ორასზე მეტ სოფელში დავდგი ფეხი. შესაბამისად, თავისუფლად შემიძლია გავცე რჩევები მასწავლებლებისთვის, რომელთაც თავიანთი მოსწავლეებისათვის დასამახსოვრებელი და გამორჩეული ექსკურსიის მოწყობა განუზრახავთ.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საუკეთესო საზაფხულო ექსკურსიისათვის?

ჩემი აზრით, ექსკურსიის დაგეგმვისას უმთავრესია ორიგინალური მიმართულების შერჩევა. კახეთის ცნობილი ტაძრები, გერგეთის სამება, მცხეთა და გელათი თითქმის ყველას ნანახი აქვს. რა თქმა უნდა, გონიერი მოგზაური გენიალური ძეგლების ყოველი მონახულებისას ახალი შთაბეჭდილებებით მდიდრდება, მაგრამ ამ შესანიშნავმა გრძნობამ უარი არ უნდა გვათქმევინოს უცნობი მიწების დაპყრობაზე.

ბევრი ჩვენი თანამოქალაქისათვის სრულიად უცნობი მიწა გახლავთ ქვემო იმერეთში განლაგებული უმშვენიერესი ქალაქი ვანი და მისი შემოგარენი. ვანი არც ცენტრალურ მაგისტრალზე მდებარეობს, არც სარკინიგზო კვანძს წარმოადგენს, ამიტომ უმრავლესობას ჩიხში მომწყვდეული პატარა რაიონის აღმოჩენა უჭირს. სამწუხაროდ, ათიდან ცხრა უბრალოდ გვერდს უვლის კოლხეთის დაბლობისა და მცირე კავკასიონის გზაშესაყარზე გადაჭიმულ მუნიციპალიტეტს. არადა, ვანში თითქმის ყველაფერია, რაც შეიძლება თანამედროვე მოგზაურს აინტერესებდეს.

თავდაპირველად, თავად ქალაქზე მოგითხრობთ. შეიძლება მომეჩვენა, მაგრამ ვანის ქუჩები ძალიან სუფთაა. პატარა იმერული დასახლება სისუფთავის თვალსაზრისით წარმატებით გაუწევდა კონკურენციას აღმოსავლეთ ევროპის ნებისმიერ მსგავს ქალაქს. ერთი კვირის განმავლობაში ძირს დაგდებული ნამწვის პოვნაც გამიჭირდა. მუნიციპალიტეტის ცენტრს კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცეების სიმრავლეც გამოარჩევს – შეგიძლიათ ეწვიოთ მაღალ ბორცვზე, მშვიდობის გორაზე შეფენილ გივი ყიფიანის სახელობის სკვერს, რომლის შუაგულშიც პატარა კოშკურაა აღმართული. კოშკურის თავზე მოწყობილი აივნიდან მთელი იმერეთი ჩანს, პატარა ბინოკლით კი დასავლეთ საქართველოს ყველა კუთხეს მიაწვდენთ თვალს. თუ მაღლა ასვლა გეზარებათ დაბლობზე მოსწავლე-ახალგაზრდობის მშვენიერი, ფართო აივნიანი შენობის ირგვლივ არის გაშენებული ნაძვნარი, რომელიც ადგილობრივ ნესტსაც დაგავიწყებთ ცოტა ხნით.

მოყვარული ურბანისტებისა თუ უბრალოდ ექსტროვერტებისთვის საუკეთესო ატრაქციონად, ალბათ, ვანის ბაზარი უნდა მივიჩნიოთ, სადაც ასევე უჩვეულო სისუფთავე სუფევს. დახლები რიონის ნაპირებზე მოყვანილი ბოსტნეულით, საზამთროთი და ნესვით, კვახით არის დახუნძლული. თუმცა, ბაზრის სავიზიტო ბარათი მაინც ადგილობრივი ყველი და სიმინდის ფქვილია. ყველის სექციაში ერთი საერთო სასწორი დგას, ნებისმიერი ვაჭრის სინდისი და ნამუსი ამ სასწორზე შეგიძლიათ გადაამოწმოთ. არაერთხელ მინახავს კადრები ნიუ-იორიკისა და ფრანკფურტის საფონდო ბირჟებიდან. ცოტა ხნით თვალი მიმიდევნებია, თუ როგორ აკვირდებიან ერთად თავმოყრილი, აღელვებული და დაძაბული ბროკერები ბირჟის ეკრანზე გამოტანილ ციფრებს. ეკრანზე მათი აქციების ფასის ზრდის შემთხვევაში, გაბედნიერებულებს სიხარულის ყიჟინა აღმოხდებათ ხოლმე. ზუსტად ასეთ სურათს გადააწყდებით საკონტროლო სასწორთან … თუ რიგითი გამყიდველისა და მთავარი სასწორის მონაცემები ერთმანეთს ემთხვევა უამრავი ადამიანი ხარობს კოლეგის პატიოსნების დადასტურების გამო. უბრალოდ, ვანის ბაზარში ფრანკფურტის ბირჟისგან განსხვავებით ჰალსტუხი არავის უკეთია. სასწორის ეკრანს მიჩერებულ ადამიანებს შავი თავსაფრები, ჭრელი სარაფნები, სამუშაო ხალათები ჰმოსავთ. ერთს ილიკო ჩიგოგიძის მსგავსად ტყავის ნაგლეჯიც ჰქონდა თვალზე აფარებული.

ქალაქის ქსოვილის რამდენიმე კვანძის გაცნობის შემდეგ, უკვე ყველაზე მნიშვნელოვანზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ვანის მთავარი ღირსება არქეოლოგიური მუზეუმია. 1980-იან წლებში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურეს, რომ ანტიკურ ხანაში ვანში უმდიდრესი და მაღალგანვითარებული კულტურული ცენტრი არსებობდა. ორი წლის წინ აშენებულ, სრულიად თანამედროვე შენობაში დახვეწილი გემოვნებით მოწყობილი ექსპოზიცია შეგიძლიათ დაათვალიეროთ, რომელიც აერთიანებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ ათასწლეულში შექმნილ ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობებს, ბრინჯაოს ქანდაკებებს, ნუმიზმატიკის ნიმუშებს და ა.შ. გასულ წელს ერთ-ერთ ევროპულ სამუზეუმო ფესტივალზე ვანის მუზეუმმა სრულიად დამსახურებულად მოიპოვა მთავარი ჯილდო. ახლად აშენებული ოთხსართულიანი საგამოფენო სივრცის გვერდით ვანის ნაქალაქარის კედლებისა და ტერასების, ანტიკური სამლოცველოს ნანგრევებისა და მისი მრავალსაფეხურიანი საკურთხევლის დაკვირვებაა შესაძლებელი. ცხადია, ვანის ნებისმიერი მკვიდრი მოგიყვებათ სწორუპოვარი ოთარ ლორთქიფანიძის შესახებ, რომელმაც თავისი არქეოლოგიური ძიებების წყალობით საქართველო ოქრომრავალ ქვეყნად, უძველესი ცივილიზაციის ნაწილად წარმოაჩინა მსოფლიო მეცნიერთა შორის.

სანამ ქალაქის ფარგლებს გაცდებით ორი რელიგიური ძეგლის მონახულებაც შეგიძლიათ შეიტანოთ თქვენს მარშრუტში. მუნიციპალიტეტის ცენტრში შესანიშნავად მოხატული საკათედრო ტაძარი დგას, ბევრს უჭირს მთავარი ეკლესიის სახელის დამახსოვრება. თუ არ ვცდები ლურჯსახურავიანი სამლოცველო წმინდა ნინოს მშობლების – ზაბულონისა და სოსანას სახელს ატარებს.

1990-იან წლებამდე ქვემო იმერეთში მრავალი ებრაელი ცხოვრობდა. ბევრს სმენია კულაშელი ებრაელების შესახებ, მაგრამ უმრავლესობას ავიწყდება, რომ ქართველ იუდეველთა ერთი მყუდრო, მშვიდი უბანი ვანის რაიონსაც ამშვენებდა. ქალაქის ცენტრში დღემდეა შემორჩენილი მეცხრამეტე საუკუნეში აგებული სინაგოგა და ებრაული სასაფლაოს ნაშთები. საქართველოს ყველა პროვინციულ ქალაქში ისე მკვეთრად არ იგრძნობა კულტურული მრავალფეროვნების კვალი, როგორც მდინარე სულორის სანაპიროებზე.

მრავალი მარგალიტი ვანის მიმდებარე სოფლებშია მიმობნეულია. თავდაპირველად, ქვემო იმერეთის ამ კუთხეში დაბადებულ დიდ ადამიანთა სახლ-მუზეუმები გეცემათ თვალში.

ალბათ ბევრმა თქვენგანს ახსოვს შოთა ნიშნიანიძის სიტყვები:

„იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,

თურმე, იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი.“

სოფელი ჭყვიში ქართული პოეზიის დედაქალაქია, რადგან მან ჩვენს ლიტერატურას ორი ტაბიძე, გალაკტიონი და ტიციანი აჩუქა. ბიძაშვილთა სახლები ერთმანეთის გვერდიგვერდ დგას. უფროსი ტაბიძის სარკმლის წინ დღესაც იასამნებია დარგული, რომელსაც ხანდახან კვლავ არხევს და ატოკებს ჭალებიდან წამოსული სიო.

გალაკტიონისა და ტიციანის გარდა ვანელები განსაკუთრებით იწონებენ თავს მდინარე ყუმურის ხეობაში დაბადებული ორი დიდი მოღვაწის სახელით. სოფელ ტობანიერის ცენტრს თუ გვერდს აუვლით და აკაციის ტევრით დაფარულ მთისწინებს მიუახლოვდებით აუცილებლად შეამჩნევთ ულამაზეს, ვრცელ ეზოს, რომლის შუაგულშიც წითელი ხისგან აშენებული ოდა დგას. ოთახში შესვლისას კი პატრიარქის შესამოსელში გამოწყობილი კაცის პორტრეტი შეგეგებებათ. ტობანიერი კათალიკოს კალისტრატე ცინცაძის მშობლიური სოფელია. ცინცაძე 1932-52 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკლესიას და მის თავზე ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, თორემ სხვა ყველანაირი განსაცდელი გამოიარა – მებრძოლ უღმერთოთა კავშირის თავდასხმებით დაწყებული, გერმანელი მეუღლის გამო ნაციზმის აგენტად დადანაშაულებით გაგრძელებული და საეკლესიო ქონების ჩამორთმევის შედეგად გამოწვეული სიღარიბით დასრულებული.

ტობანიერის შემდეგ სოფელი მიქელეფონი მოდის, სადაც დაიბადა თბილისის უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მესაძირკვლე, ქართული ლიტერატურის ისტორიისა და ხელნაწერების დიდი მკვლევარი კორნელი კეკელიძე. ადგილობრივები ბევრს მოგიყვებიან იმის შესახებ, თუ როგორ იქცა საქართველოს ეკლესიის დეკანოზი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანად.

სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ არ გამოგვიმუშავებია უნარი იმისა, რომ მუზეუმები და ისტორიული ძეგლები საინტერესოდ, მომნუსხველად წარვუდგინოთ დამთვალიერებელს. ამიტომ ზოგიერთს შეიძლება მოწყინდეს მუზეუმებში ხეტიალი. ასეთი სტუმრებს ვანის ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები შეგვიძლია ვაჩვენოთ. თავდაპირველად, უნდა აღინიშნოს, რომ რაიონი მდიდარია სხვადასხვა ტიპის მინერალური და თერმული წყლებით. სოფელ დიხაშხოს ველზე წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ეწვიოთ გოგირდის გეიზერებსა და მათ ბუნებრივ აუზს, წყალის ტემპერატურა ყველაზე ცივ ამინდშიც კი არ ჩამოდის ხოლმე 37 გრადუსის ქვემოთ.

თუ დიხაშხოში აუზებს ველურ ბუნებაში ვხვდებით, სოფელ სულორში საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული მოქმედებს სანატორიუმი, რომელსაც წყალტუბოს ტყუპისცალს უწოდებენ. მაღალმთიან დასახლებაში რამდენიმე კეთილმოწყობილი კაბინაა მომზადებული, სადაც ბალნეოლოგიური პროცედურების ჩატარება უიაფესად არის ხელმისაწვდომი.

სოფელ ბზვანში მოხვედრის შემთხვევაში შეიძლება ერთი ლეგენდის შესახებ მოისმინოთ. უხსოვარ დროს ბზვანში ვარსკვლავი ჩამოვარდნილა და მიწაში დიდი ნაპრალი გაუჩენია, ნაპრალის ადგილზე კი ჯადოსნური მღვიმე წარმოქმნილა, რომელსაც დღესაც „ნავარსკვლავებს“ უწოდებენ. მოკლედ, ბზვანში კარსტულ მღვიმეშიც შეგიძლიათ შეიხედოთ და მის საოცარ ხმას მოუსმინოთ.

მე ვერ ვერკვევი მევენახეობისა და მეღვინეობის საკითხებში, მაგრამ მსმენია, რომ იმერეთის კვალობაზე ვანში კარგ და ბევრ ღვინოს აყენებენ. რაიონის ყველა კუთხეში შესაძლებელია რამდენიმე კეთილმოწყობილი მარნის აღმოჩენა, სადაც ამ უძველესი მეურნეობის ადგილობრივ ტრადიციას გაგაცნობენ.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ვანი უსამართლოდ დავიწუყებული კუთხეა, სადაც ყველაფერია სხვადასხვა ტიპის შემეცნებითი ექსკურსიის დასაგეგმად. მუნიციპალიტეტში ნებისმიერი გემოვნების მოსწავლისთვის გამონახავთ სასურველ ადგილსა და სივრცეს. შესაბამისად, თუ გონება გადაგეღალათ და აღარ იცით რა სიახლე შესთავაზოთ თქვენს მოსწავლეებს, წაიყვანეთ ისინი ვანში.

ლიტერატურული კონკურსის “ვწერ მასწავლებლისთვის” ათეულის გამოცხადების შესახებ

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსების, ჟურნალ „მასწავლებლის“ და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“,-ს,  ლიბერთი ბანკის  მხარდაჭერით გამოცხადებული   ლიტერატურული კონკურსის  – „ვწერ მასწავლებლისთვის“, სპეციალური ჟიურის მიერ შერჩეული ათი საუკეთესო მოთხრობა და მათი ავტორები,  გამოცხადდება  26 სექტემბერს, პირველი არხის https://1tv.ge   დილის ეთერში, 09:25 საათზე.

გამარჯვებული მოთხრობების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ინტერნეტგაზეთ “mastsavlebeli.ge-ს ვებგვერდზეც.

ბავშვები, ვიდეოთამაშები და მშობლები

0

„ჩვენ გარშემო არსებული სამყარო ბავშვებისთვის ერთი დიდი სათამაშო მოედანია. პატარებს სურთ, გაარკვიონ, რა და როგორ არის მოწყობილი და თანაც ახალი თავგადასავლების ძიება მოსწონთ. ასაკის მატებასთან ერთად ადამიანებს ცნობისმოყვარეობა თანდათან უმცირდებათ. მათ ისე ძლიერ აღარ აინტერესებთ სამყაროს ცვლილებები, არც მოულოდნელი და შეუცნობელი მოვლენები იტაცებთ. ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა“ – მიაჩნიათ Koen Schobbers და Deirdre Enthoven.

ძვირფასო მკითხველო, განვაგრძობთ ჰოლანდიელი ავტორების წიგნიდან: „ჩემი შვილი გეიმერია. ყველაფერი, რაც უნდა იცოდნენ მშობლებმა“ მცირე ფრაგმენტების გაცნობას. მაშ ასე, Koen Schobbers – ყოფილი კიბერ სპორტსმენი, რომელიც ატარებს ლექციებს ვიდეოთამაშების შესახებ, მას ხშირად აქვს შეხება ისეთ მშობლებთან, რომლებიც შვილების გატაცებების წინააღმდეგ იბრძვიან. და Deirdre Enthoven – თანაავტორი, ის არის ფსიქოლოგი. ამჟამად მუშაობს ჟურნალისტად და წერს სტატიებს ფსიქოლოგიის შესახებ. პარალელურად ქალბატონი   არის კოპირაიტერი და WWWS-We Write Your Story სააგენტოს თანამფლობელი.

ნაშრომი, რომლის შინაარსი ძირითადად მშობლებისთვის ვიდეოთამაშების არსს, ბავშვების მხრიდან მათით უზომო დაინტერესების არსს და სხვა აქტუალურ თემებს ეხება. ავტორები ასევე ცდილობენ უფროსებს გეიმინგის გარშემო არსებული მითების გაბათილებაში დაეხმარონ, მათ შესახებ უფრო სიღრმისეული ახსნა-განმარტებები მიაწოდონ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი „მითია“: ვიდეოთამაშები ბავშვებში და მოზარდებში აგრესიულ ქცევებს განაპირობებენ. მეცნიერები ამ საკითხზე საერთო მოსაზრებამდე ჯერ არ მისულან. ზოგადად, შესაძლებელია დარწმუნებით ითქვას, რომ ზოგიერთი ბავშვი მართლაც უფრო აგრესიულია,როდესაც ვიდეოთამაშს თამაშობს. მაგრამ ეს გარემოება არ იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ სწორედ თამაში იწვევს აგრესიას და ამის გამო ბავშვები მთლიანობაში უფრო მეტად აგრესიულები ხდებიან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ პატარები ხანგრძლივი დროის მანძილზე თამაშობენ იმგვარ თამაშებს, რომლებიც დიდი რაოდენობით ძალადობას შეიცავენ, შესაძლებელია, მათ ემპათიის უნარი დაუქვეითდეთ. იგივე შეიძლება ითქვას ბავშვებსა და მოზარდებზე, რომლებიც ძალიან დიდ დროს უთმობენ სოციალურ ქსელებს.

ვიდეოთამაშები, რომლებიც ძარცვის, სროლის, დევნის, მკვლელობის იმიტაციის ეპიზოდებზეა აგებული, უდავოდ გამოიწვევს მოთამაშეში აგრესიას. სისასტიკის გამოვლენას მოზარდებსა და ახალგაზრდებში ადვილად უკავშირებენ აგრესიული ვიდეოთამაშების სიყვარულს. 2018 წელს ფლორიდის შტატის ქალაქ პორტლენდში ცხრამეტი წლის ახალგაზრდამ ჩვიდმეტი სკოლის მოსწავლე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დახოცა. მკვლელს სერიოზული ქცევითი პრობლემები ჰქონდა. ის სოციალურ ქსელებში სიძულვილის გამაღვივებელ სტატუსებს აქვეყნებდა და ამასთან ერთად ვიდეო თამაშებითაც უზომოდ იყო გატაცებული. 2011 წელს ექვსი ადამიანის მკვლელობის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა კიდევ ერთმა ვიდეოთამაშებით გატაცებულმა ახალგაზრდამ. ბოლო დროის ყველაზე დიდი მსხვერპლით დასრულებული ტერაქტის დამგეგმავი და შემსრულებელი ნორვეგიელი ანდრეს ბრეევიკიც (მან 2011 წელს საერთო ჯამში 77 ადამიანი შეიწირა.) აღიარებდა, რომ თამაშობდა ვიდეო თამაშებს და სროლის უნარებიც ერთ-ერთი ვიდეო თამაშის პროცესში „გაიუმჯობესა“. მართლაც, ამ და კიდევ სხვა დამნაშავე ახალგაზრდებს ფანატიკურად უყვარდათ აგრესიული ვიდეოთამაშები, მაგრამ სხვა უამრავ მოზარდსაც აქვს მსგავსი გატაცება, რომელიც არც მათ და არც გარშემო მყოფ ადამიანებს არ აზიანებს. ვიდეო თამაშები ამერიკის შეერთებულ შტატებში 1980 -იანი წლებიდან გამოჩნდა და 2018 წლის ჩათვლით 33 ტრაგიკული შემთხვევა დაფიქსირდა მინიმუმ ერთზე მეტი დაღუპულით. აქედან, მხოლოდ ოთხი ტერორისტი იყო ვიდეო თამაშებით ფანატიკურად გატაცებული.

აქვე უნდა აღვნიშნოთ – განმარტავენ ავტორები – ამერიკის სკოლებზე შეიარაღებული თავდასხმების ისტორიები უდავოდ გადაჭარბებული შედარებაა. იმედია, მშობლები არ იფიქრებენ, რომ მათ გეიმერ შვილებსაც შესაძლოა გაუჩნდეთ სისასტიკის ჩადენის სურვილი. სამაგიეროდ, მშობლები ფიქრობენ იმაზე, არის თუ არა კავშირი სასტიკი ვიდეოთამაშებით უკონტროლო გატაცებასა და აგრესიულ ქცევებს შორის, ანუ მაინც რის გამო ხდებიან მათი შვილები აგრესიულები? უფროსებმა უნდა შეძლონ გაარჩიონ ერთმანეთისგან შვილების აგრესიული რეაქცია, თამაშის მომენტში ან ზოგადად აგრესიულობის ჩამოყალიბება (რაც უფრო მეტად არასასურველია). Koen Schobbers – როგორც ყოფილი კიბერსპორტსმენი, ფიქრობს, რომ არანაირი ფუნდამენტური კავშირი არ არის აგრესიული ქცევის ჩამოყალიბებასა და ვიდეო თამაშებით გატაცებას შორის. მისი გამოცდილებით, ვიდეო თამაშებს შეუძლიათ მთელი დღის მანძილზე დაგროვილი აგრესიული ემოციებისგან ადამიანის განტვირთვა.

მშობლებისთვის საინტერესო იქნება იმის ცოდნა, რომ არსებობს მკვლევრების მინიმუმ ორი ჯგუფი, რომლებიც ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნებს აქვეყნებენ. 2015 წლის კვლევების მიხედვით: ვიდეოთამაშებსა და აგრესიულ ქცევებს შორის არ არის კავშირი. მაგრამ 2017 წელს ასეთი კავშირი მაინც დაადასტურეს. და ეს ყველაფერი მშობლებს რას ეუბნება? წიგნის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი ინფორმაციები უნდა დაეხმაროთ მშობლებს, არასდროს დაუჯერონ ცალმხრივ, ერთმნიშვნელოვან კვლევებს, რომლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ შედეგებს აჩვენებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ერთი მხრივ, არიან მკვლევრები, რომლებიც სათამაშო ინდუსტრიისგან იღებენ დაფინანსებას და, მეორე მხრივ, მეცნიერები დაფინანსებულები პრობლემით შეწუხებული მხარის მიერ. ადვილი მისახვედრია, რომ ორივე მხარეს საკუთარი ინტერესი ამოძრავებს, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს კვლევების შედეგებზე. აგრესიული თამაშების გავლენა ადამიანის ქცევაზე ექსპერიმენტულად ძნელი საკვლევია, რადგან არაეთიკურია, ცდის მონაწილეს ნება დართოს მკვლევარმა, ძალადობრივი ქცევები განახორციელოს და რეალურ სროლებში ჩაერთოს. აგრესიული ფიქრების და გრძნობების გაჩენა სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანი აუცილებლად აგრესიულად მოიქცევა. და თუ კვლევები აჩვენებენ. რომ ძალადობის შემცველი ვიდეოთამაშების მოყვარულები დროთა განმავლობაში აგრესიულები ხდებიან, არ ნიშნავს, რომ აგრესიის მიზეზი აუცილებლად თამაშებია. იქნებ ადამიანს წინასწარგანწყობა აქვს აგრესიისადმი და ზუსტად ამიტომ ირჩევს დაუნდობელი თამაშებით გართობას? მოკლედ, ეს ყველაფერი საყოველთაოდ ცნობილ დილემას ჰგავს: „ქათამი უფრო ადრე გაჩნდა თუ კვერცხი?“

აუცილებელია ითქვას, რომ არსებობს შედარებით უფრო საიმედო კვლევები, რომელთა მიხედვითაც აგრესიის განვითარების ალბათობა უფრო დაბალია იმ ბავშვებში, რომლებიც სტაბილურ, „კეთილსაიმედო“ ოჯახებში აღიზარდნენ. მაგრამ აქაც არის ერთგვარი გაფრთხილება, რომ ეს ბავშვებიც არ არიან  დაცული გადაჭარბებული გეიმინგის უარყოფითი გავლენებისგან. აქვე ერთგვარი შეჯამების სახით  დასძენენ – Koen Schobbers და Deirdre Enthoven – სასტიკ, დაუნდობელ ვიდეოთამაშებს შეუძლიათ ბავშვის განვითარებაზე გავლენა მოახდინონ, მაგრამ აგრესიული ქცევების ჩამოყალიბებაში ეს ფაქტორი გადამწყვეტი ვერ იქნება.

ამ სტატიის დასასრულს მცირე რეკომენდაციები მშობლებისთვის:

          თვალყური ადევნეთ შვილს თამაშის დროს. შესაძლოა მის ქცევებს კორექტირება დასჭირდეს. აუცილებლად ჩაერიეთ, თუ ბავშვი აგრესიას ავლენს (ისვრის ნივთებს ან ზედმეტად გაღიზიანებულია), მოსთხოვეთ შვილს, შეაჩეროს თამაში. გახსოვდეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, მშობლებმა დააწესონ მკაცრი საზღვრები;

          აცადეთ ბავშვს დამშვიდება. შემდეგ შეგიძლიათ დაელაპარაკოთ მას. ისაუბრეთ შვილთან გულწრფელად, ყოველგვარი წინასწარშემუშავებული განწყობების გარეშე. არ დაგავიწყდეთ, რომ აგრესიული ქცევების მიზეზი შესაძლოა ნებისმიერი განსხვავებული ფაქტორი გახდეს. არ დაიხიოთ უკან, დასვით პირდაპირი შეკითხვები. იქნებ ბავშვს სკოლაში ავიწროებენ? ან სულაც თქვენს ოჯახში ხდება რაღაც ისეთი, რაც მას არ მოსწონს? საუბარი ისე წარმართეთ, რომ მზად იყოთ ნებისმიერი მოულოდნელობის მოსასმენად და მისი დასრულების მომენტისთვის მოახერხოთ გარკვეული შეთანხმების მიღწევა.

          ასწავლეთ შვილს, რომ როდესაც ის ხვდება, რომ ღიზიანდება და სიბრაზე იპყრობს, შეჩერდეს თუნდაც ხუთი წუთით, რათა მოახერხოს დამშვიდება. შემდეგ, კვლავ გააგრძელოს თამაში. ამით, ბავშვს ეუბნებით, რომ თამაშს კი არ უკრძალავთ, არამედ ასწავლით მართოს საკუთარი ნეგატიური ემოციები;

          თუ მშობელმა იცის, რომ მისი შვილი იმპულსურია და ადვილად ღიზიანდება, ბრაზდება, მაშინ აუცილებელია მოახერხოს და აუხსნას მას, რომ არსებობს უფრო მშვიდი თამაშები, თუნდაც ფანტასტიკური სიუჟეტის მქონე და იქნებ მათი თამაში სცადოს;

          გეიმერების აგრესიული ქცევები ყოველთვის ვიდეოთამაშებით არ არის განპირობებული. იქნებ ბავშვი გრძნობს, რომ მას განიკითხავენ ვიდეოთამაშებით გატაცების გამო. და იქნებ აგრესიას მის ქცევაში იწვევს არა თავად თამაში, არამედ უფროსების კომენტარები? და თუ მართლაც ასეა, შეეცადეთ შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება შვილის ვიდეოთამაშით გატაცებაზე. თუ ამას მოახერხებთ, ნახავთ, რომ დაძაბულობა შემცირდება და თქვენ შორის ურთიერთობები აღარ გართულდება.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...