სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ზოგი ჭირი მარგებელიაო?…

გასულ წელს ვენეციაში მომიწია წასვლა. პროექტის ფარგლებში ტრენინგი ტარდებოდა, თუმცა, საქმესთან ერთად, ქალაქის ვიწრო ქუჩებში სასიარულოდ საკმაო დრო იყო გამოყოფილი. შთაბეჭდილება როგორი დამრჩა? თეატრივით ქალაქია, ულამაზესი და საინტერესო, თუმცა, აქ ცხოვრებას არ ვისურვებდი. არც დიდი ხნით დარჩენას. იდეალური იქნებოდა, პერიოდულად საქმეზე ჩასვლა და თან სეირნობა. ან მხოლოდ სეირნობა და გარემოთი ტკბობა.

 

აქ წყალს სუნი თუ აქვს? დიახ, აქვს. მე ოქტომბერში ვიყავი, ამბობენ ზაფხულის პაპანაქებაში სუნიც უფრო იგრძნობა და ისეთი ტენიანობაა, რომ სახლების პირველ სართულზე ცხოვრება უბრალოდ შეუძლებელიაო. ადგილობრივები, ვისაც ფული აქვს ან კუნძულ ლიდოზე სახლდებიან, ან ვენეციის იმ ნაწილში, სადაც ჩვეულებრივი გზებია და მანქანა-ავტობუსებიც სხვა ქალაქებივით დადიან. დიახ, ასეთი ადგილიც არის და უნივერსიტეტის თანამედროვე კორპუსებიც სწორედ იქ მდებარეობს.

 

მოსახლეობა როგორია? პირდაპირ გეტყვით, რომ თავიანთ ქუჩებში ამდენი უცხო ადამიანის ბოდიალით ცოტა შეწუხებულები არიან. ვეღარაფერი უთქვამთ, რადგან ეს მოსეირნე ადამიანები მათ ქუჩებში ფულს ხარჯავენ, თორემ ისე, აშკარად, ხელი ეშლებათ. ერთ ასეთ ადგილობრივს მეც გადავეყარე, როცა რომელიღაც ვიწრო ქუჩაზე აღტაცებული ზეცას „ვუჭვრიტინებდი“, იმას კიდევ ეჩქარებოდა და ფეხებში „გავებლანდე“. იტალიურად რაღაცაც მომაძახა – „სენიორა…“ და მერე ვეღარ გავიგე. პასუხი კი გავეცი – ოქ, ოქ, იუ თუუ-მეთქი.

 

ჰო, რა იყო, შეიძლება სულაც მითხრა – სენიორა, ბევრ და ლამაზ სეირნობას გისურვებთო და ასევე, შენი ჭირიმე-მეთქი, უპასუხე.

 

რაღაცნაირი ენა გვაქვს, ისეთ სიტყვასაც კი, როგორიც „ჭირია“, კეთილგანწყობის გამოსახატავად ვიყენებთ.

 

  • შენი ჭირიმე, ჭირიმე შენი… მზად ვართ, მოსაუბრის ჭირი საკუთარ თავზე ავიღოთ და ჩვენივე ჭირ-ვარამს დავუმატოთ. თუმცა, გვესმის, რომ ჭირი ცუდია, ამიტომ ზღაპრებს სულ ისე ვამთავრებთ, რომ ჭირი „იქეთ “ გავგზავნოთ და თავად „ლხინი“ დავიტოვოთ.

 

ზოგჯერ თავსაც ვიმხნევებთ და ვამბობთ, ჰო, რა მოხდა მერე…

 

  • ზოგი ჭირი მარგებელიაო. ანუ, რაღაც ჭირში კი გავები, მაგრამ მომავალში მეცოდინება, რომ მსგავსი შეცდომა არ უნდა დავუშვა და ფრთხილად ვიყოო. ამ ერთმა ჭირმა შეიძლება მეორე აგარიდოს. ასე, მაგ. 2008 წელს ავტობუსის საფეხურიდან გადმოვვარდი (არ შევხედე, არ დავუკვირდი) და ერთი ფეხი კოჭში გადავიმტვრიე, მეორე ვიღრძე. ჭირი და ჯანდაბა! სამაგიეროდ, 45 დღე სახლში დავხანხალებდი და იმ კიბით ვეღარ ვსარგებლობდი, სადაც ვიღაც მანიაკმა ხალხი დააზარალა. მოხდა იმ წელს მსგავსი შემთხვევა და რადგან იმ კიბით მეც ვსარგებლობდი, იმ ხალხთან ერთად შესაძლოა მეც ვყოფილიყავი. კიდევ ის ვისწავლე, რომ ნებისმიერი ტრანსპორტიდან ჩამოსვლისას ყურადღებით უნდა ვიყო.

 

ზოგი ჭირი მარგებელია!

 

ვიწრო ქუჩაზე ვენეციელ ბატონთან გამოცნაურების შემდეგ, გონდოლით მოპირდაპირე ქუჩაზე გადავედი და ერთი უცნაური ფიგურა დავინახე. ადამიანის სიმაღლის შავლაბადიანი ფიტული გახლდათ. თავზე შავი კაპიუშონი წამოედო და რაღაც ძველი პერიოდის მტაცებელი ფრინველის ნისკარტი ჰქონდა. ისე მომინდა მასთან სურათის გადაღება… აი, თქვენც განახებთ.

 

დიახ, მართალი ხართ შუა საუკუნეების „შავი ჭირის“ ექიმია. ნიღაბიც იმიტომ უკეთია, რომ ჭირის ეპიდემიის დროს, თავადაც არ დასნებოვნდეს. ისე, ეს რა ჭირი და დოზანაა. ჭირი, რომ გაქვს ადამიანს და მკურნალად კიდევ ეს გამოგეცხადება…. თუმცა, ოდნავ ვრცლად მოვყვეთ.

 

გობის უდაბნოში მეთოთხმეტე საუკუნეში გაჩენილმა ჭირმა ჯერ ჩინეთი (კაცო, რა სულ ჩინელებს ემართებათ ყველაფერი?) და ინდოეთი მოიცვა, შემდეგ კი, ევროპაში პირველად მე-14-ე საუკუნეში მონღოლეთიდან სიცილიის პორტის გავლით შეაღწია. მთელ ევროპაში გავრცელდა და მაშინ მხოლოდ ლონდონში 30 ათასი ადამიანი დაიღუპა. თუმცა ორი საუკუნის შემდეგ ლონდონში ჭირი კვლავ დაბრუნდა და 1665 წელი სახიფათო აღმოჩნდა. ამჯერად, 100 ათასი ადამიანის სიცოცხლე წაიღო. ესეც, ბუნებრივია მიახლოებითი რაოდენობა გახლავთ, რადგან იმ პერიოდში მოსახლეობის აღწერა არ მიმდინარეობდა. ასეთ ხიფათიან წელს ლონდონელები ელოდნენ კიდეც. 1664 წელს ევროპის და ლონდონის თავზეც კომეტას ჩაუქროლია და ეს ცუდის ნიშნად მიუღიათ. ისე ყველაფერი კარგი აგიცხადდეს და ჭირიც დაბრუნებულა. არადა, რა კომეტის ბრალია, თუ იმის, რომ ლონდონს, ამხელა ქალაქს, კანალიზაცია საერთოდ არ ჰქონდა… მხოლოდ მე-19-ე საუკუნის შუა პერიოდში გააკეთეს კანალიზაცია, რომლითაც ქალაქი დღემდე სარგებლობს (არემონტებენ შიგადაშიგ). წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ჭირი გამოწვეულია თვალით უხილავი ბაქტერიით, რომელიც მხოლოდ მე-19-ე საუკუნის ბოლოს აღმოაჩინეს. მანამდე, ჭირს ღმერთების სასჯელად მიიჩნევდნენ და არც ეჭვობდნენ, რომ მას იწვევდა რწყილი, რომლის სტუმარიც ის ბაქტერია გახლდათ. რწყილი კბენდა მღრღნელებს, შემდეგ ისინი ადამიანებს, ან, შესაძლოა რწყილს ეკბინა პირდაპირ ადამიანისთვის და ბაქტერია უკვე ახალი მასპინძლის ორგანიზმში გადაინაცვლებდა. მასპინძლის ორგანიზმში ბაქტერია ინტენსიურ გამრავლებას იწყებდა და სიმპტომები შესაძლოა, უკვე რამდენიმე საათში გამოვლენილიყო. ყველაფერი ადამიანის იმუნურ სისტემაზე იყო დამოკიდებული. ორგანიზმში მოხვედრილი ბაქტერიები სისხლის მიმოქცევით, კარგი ატრაქციონივით, ერთი ორგანოდან მეორისკენ გადაინაცვლებდნენ. საბოლოოდ, ლიმფურ სისტემაში ხვდებოდნენ და აქედან იწყებოდა სწორედ მისი ნგრევა. ლიმფური ჯირკვლები ზომაში იმატებდა და იბურცებოდა. სწორედ ამიტომ, მეორენაირად „ბუბონური“ ჭირი დაარქვეს. საბრალოებს ეწყებოდათ ოფლიანობა, ციებ-ცხელება, კანკალი, ძლიერი ტკივილები და რაც მთავარია, სხეულზე, ლიმფურ ჯირკვლებთან ჩირქმდენი წყლულები ჩნდებოდა. სწორედ მათ უწოდებდნენ ბუბონებს. თავდაპირველად გამონაყარი ვარდისფერი იყო, შემდეგ შავდებოდა, ამიტომ მეორე სახელი „შავი ჭირი“ გახლდათ. მესამე სახელიც ჰქონდა, „ფილტვის ჭირი“, რადგან დაავადება ისე მოძლიერდა და სახე იცვალა, რომ რწყილი საჭირო აღარ იყო, ერთი დაცემინებაც კმაროდა მის გასავრცელებლად.

 

ადამიანები მალავდნენ, თუ მათ სახლში ვინმე ჭირით გარდაიცვლებოდა. თუ სახლში ვინმე ჭირით მოკვდებოდა, ეს ოჯახი 40 დღე კარანტინში (კარანტინი იტალიური სიტყვაა და ნიშნავს „ქუარანტა ჯორნი“, ანუ 40 დღეს) უნდა მჯდარიყო. დაქირავებული აღმასრულებლები პირდაპირ კარებს უჭედავდნენ და ზედ წითელ ჯვარს ხატავდნენ. ხვდებით ალბათ, რომ მეჩვიდმეტე საუკუნის ლონდონში აპარტამენტებში არავინ იცხოვრებდა. არც „გლოვოსა“ და „ვოლტის“ სერვისი იქნებოდა. ბარაკებში გამომწყვდეული ადამიანები ასევე ჭირით და შიმშილით იხოცებოდნენ.

 

ავადმყოფებთან ექიმები ზოგჯერ მაინც მიდიოდნენ. სწორედ ისეთი სამოსით, ზედა სურათებში, რომ ხედავთ. ეს კოსტიუმი მეთექვსმეტე საუკუნეში ფრანგმა ექიმმა შარლ დე ლერმა გამოიგონა. ფრინველის ნისკარტის შიგნით საკმარისი ადგილი იყო სხვადასხვა სამკურნალო ბალახისთვის. ასე ექიმი თავს იცავდა. შავი მოსასხამი ცვილით იყო გაჟღენთილი, რათა ზედ ზედმეტი ბაქტერია არ/ვერ დარჩენილიყო. ნიღაბში თვალების ადგილი წითელი მინისგან მზადდებოდა. წითელი ვითომ შავ სულებს აფრთხობდა. ხელში გრძელი ჯოხი ეჭირათ, რომლითაც ავადმყოფს სინჯავდნენ და ამავე დროს დისტანციას იჭერდნენ მისგან. ჰოდა, ჭირი, რომ გაქვს, განწირული ხარ და ეს ნისკარტ/ლაბადიან/ჯოხოსანი მოგაკითხავს, არ მგონია, კარგ გუნებაზე დარჩე.

 

მაშინ ნისკარტ/ლაბადიან/ჯოხოსანმა ექიმებმა არ იცოდნენ, რომ ლიმფურ სისტემასთან ერთად ყველაზე მეტად ღვიძლის ბარიერული ფუნქცია ითრგუნებოდა.

 

ღვიძლში მოხვედრილი ეგზოგენური და ენდოგენური ყველა სახის ნივთიერება გარდაიქმნება ნაკლებ ტოქსიკურ ნაერთად. ეს ხდება დაჟანგვის, აღდგენის, მეთილირების, აცეტილირების ან ამა თუ იმ ნივთიერებასთან კონიუგაციის გზით. ღვიძლში აღნიშნული პროცესები მიკროსომული ფერმენტების გავლენით მიმდინარეობს. ღვიძლის უჯრედები ჰეპატოციტები შედგებიან სპეციალური დამჟანგველი ორგანელებისგან, რომელთაც პეროქსისომები ეწოდება. სწორედ ისინი შეიცავენ ძირითად ფერმენტებს. ღვიძლში მიმდინარეობს ე.წ. „დამცველობითი“ სინთეზის რეაქციები. მაგ. შარდოვანას სინთეზი, რითაც ამიაკის გაუვნებელყოფა ხდება. ნაწლავებში ლპობითი მიკრობების მოქმედების შედეგად ხდება ამინმჟავებიდან წარმოქმნილი ტოქსიკური ნივთიერებების (ფენოლი, კრეზოლი, ინდოლი, სკატოლი) გაუვნებელყოფა. ამისთვის ისინი ღვიძლში უერთდებიან გლუკორონის ან გოგირდმჟავას ნაშთებს და წყვილად ნაერთებს წარმოქმნიან. ეს უკანასკნელნი შარდთან ერთად გამოიყოფა.

 

გლუკორონის მჟავა სხვა ტოქსიკური ნაერთების გაუვნებელყოფაშიც მონაწილეობს. მაგ. თავისუფალი ანუ არაპირდაპირი ბილირუბინი, რომელიც ტოქსიკურია, ღვიძლში გლუკორონის მჟავას უერთდება და წარმოქმნის ბილირუბინის დი ან მონოგლუკორონიდს. ბენზოლის ბირთვის შემცველი ნაერთები ღვიძლში უერთდებიან ამინმჟავა გილიცინს და წარმოქმნიან წყვილად ნაერთს-ჰიპურის მჟავას. ამ მჟავის სინთეზი ადამიანებში მხოლოდ ღვიძლში ხდება.

 

ჭირის პროგრესირებისას ღვიძლში (და არა მხოლოდ) მიმდინარე ყველა ბიოქიმიური პროცესი ითრგუნებოდა და ადამიანები არანორმალური ტანჯვით კვდებოდნენ.

 

 

1966 წლის 2 სექტემბერს ლონდონში ცნობილი დიდი ხანძარი იყო. ცეცხლმა ღამით იფეთქა და ოთხი დღე მძვინვარებდა. ღამის ორ საათზე თომას ფერინორის საცხობში (თომა ეტყობა ჯანმრთელად იყო და საცხობს ამუშავებდა) გაჩენილი ცეცხლი მალევე მოედო მიმდებარე სახლებს და მეზობელ უბნებს, რადგან სახლები მაშინ ჩალით იყო გადახურული. ცეცხლმა 13.500 სახლი გაანადგურა. ხანძარს შეეწირა 87 ეკლესია.

 

ცეცხლთან ერთად ჭირიც თითქოს ოდნავ შენელდა, უკან დაიხია. არა, რა თქმა უნდა, ისევ იყო, თუმცა არა უწინდებური სიმძლავრით. ხანძარმა ჩალით გადახურულ ბარაკებთან ერთად ლონდონის ქუჩებში მოსეირნე უთვალავი ვირთხა გაანადგურა და ალბათ – ჭირის მიკრობების გარკვეული რაოდენობაც.

 

ჰმ… ზოგი ჭირი მარგებელიაო?!…

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“