შაბათი, აპრილი 11, 2026
11 აპრილი, შაბათი, 2026

მუსიკის ჰანგები არმიის სამსახურში

0

თანამედროვე სამყაროში თითქმის არცერთი სერიოზული ორგანიზაცია აღარ არის მონოფუნქციური. ჩვენს ეპოქაში გადასარჩენად აუცილებელია, რომ დაწესებულება, გაერთიანება რამდენიმე ფუნქციას ერთდროულად ითავსებდეს და ამგვარად ინარჩუნებდეს გავლენასა თუ მნიშვნელობას. ხშირად ადამიანებს, ინსტიტუტებს სრულიად არაორდინარული მოქმედება უწევთ, რათა პარალელურად თავიანთი მთავარი დანიშნულება შეასრულონ. ეს ტენდენცია სხვადასხვა მუსიკალურ კოლექტივებსაც ეხებათ.

თავდაპირველად აშშ-ის საზღვაო ფლოტში ორკესტრი, ბენდი და გუნდი ერთადერთი მისიით ჩამოყალიბდა. სამხედრო-საზღვაო ძალების მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულ წევრებს თავისუფალ დროს კოლეგები უნდა გაემხნევებინათ და პატრიოტული სიმღერების შესრულებით მათი მხედრული სული განემტკიცებინათ. დროთა განმავლობაში აშშ-ის საზღვაო ფლოტის მუსიკალური შემადგენლობა გარდაიქმნა. ნელ-ნელა ორკესტრისა და გუნდის წევრები სამხედრო მოვალეობისგან თითქმის სრულად გაათავისუფლეს და მათ მხოლოდ ცერემონიებში მონაწილეობის ვალდებულება დააკისრეს. მუსიკოსებს მიეცათ საშუალება მთლიანად კონცენტრირებულიყვნენ თავიანთ შემოქმედებაზე. თავისუფალი დრო საზღვაო ფლოტის ხელოვანებმა რეპერტუარის დახვეწასა და გამრავალფეროვნებას მიუძღვნეს. შედეგად, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან აშშ-ის საადმირალო შტაბის ყოველი საჯარო ღონისძიება მაღალი ხარისხის, გემოვნებიან წარმოდგენად – შოუდ გარდაისახა. ფლოტის მუსიკოსებმა არნახული პოპულარობა მოუტანეს ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალებს, უამრავი ახალგაზრდა სწორედ შთამბეჭდავი მუსიკალური ნომრების წყალობით იგებდა არმიის საზღვაო დანაყოფების არსებობის შესახებ, არაერთი მოზარდი მუსიკის დახმარებით იკაფავდა გზას მსოფლიო ოკეანეებისაკენ.

განვითარების ახალ ეტაპზე სამხედრო-საზღვაო ძალების მუსიკალურმა შემადგენლობამ ხალხში გასვლა გადაწყვიტა. ბოლო რამდენიმე ათწლეულია United States Navy Band-ის კონცერტები მხოლოდ საადმირალო შტაბის ორგანიზებულ შეხვედრებზე არ იმართება ხოლმე. სახელოვანი მეზღვაურების გუნდსა და ორკესტრს უკვე დიდი ქალაქები და მათი მთავარი მოედნები მასპინძლობენ. Concerts on the Avenue-ის სერიით თეთრ უნიფორმებში გამოწყობილმა ხელოვანებმა არაერთი ქუჩა მოიარეს და მილიონობით ადამიანის გული მოიგეს. ბენდის წევრები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და უარი თქვეს მხოლოდ ფლოტთან დაკავშირებული ან მხოლოდ პატრიოტული კომპოზიციების შესრულებაზე. ისინი მღერიან იმას, რაც ხალხს უყვარს. ვთქვათ, ფლოტის სოლისტი – რეიჩელ სორაკო ამერიკის ურბანულ სივრცეებს ხშირად ავსებს ხოლმე ელტონ ჯონის ჰანგებით. ალბათ, ყველას მოსმენილი გაქვთ გენიალური ნაწარმოები „სიცოცხლის წრე“ კლასიკური მულტიპლიკაციური ფილმიდან „მეფე ლომი“. ამერიკაში ბევრი ფიქრობს, რომ „Circle of Life“-ის სულისკვეთების გადმოცემა ყველაზე უკეთ მეზღვაურ მუსიკოსებს შეუძლიათ. ისინი არც ცნობილი ვიდეო-თამაშების გენიალური თემების გაჟღერებას ერიდებიან. United States Navy Band-ის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად სამართლიანად მიიჩნევა ქრისტოფერ ტინის „Baba Yetu“, რომელიც სახელგანთქმულ თამაშს „ცივილიზაცია IV”-ს გასდევს ფონად.

საზოგადოებაში არმიის სახელისა და პრესტიჟის შენარჩუნებაზე მხოლოდ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მუსიკალური შემადგენლობა არ ზრუნავს. ევროპის ქვეყნებშიც ძალიან პოპულარულნი არიან თავდაცვის სამინისტროსა თუ გენერალური შტაბის ორკესტრები.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში განსაკუთრებით უყვართ ტრადიცია, რომელსაც „Großer Zapfenstreich“ ეწოდება. ეს არის უმაღლესი რანგის სამხედრო ღონისძიება, რომელიც ძირითადად შებინდებისას იმართება ხოლმე. მასში მუსიკალური ინსტრუმენტებითა და ჩირაღდნებით შეიარაღებული ჯარისკაცები იღებენ მონაწილეობას. როგორც წესი, აღნიშნული ცერემონიით თანამდებობიდან აცილებენ გადამდგარ პრეზიდენტს, კანცლერსა თუ თავდაცვის მინისტრს. Großer Zapfenstreich-ის ცენტრალურ ფიგურას უფლება აქვს გერმანიის სამხედრო ძალებს მისი საყვარელი სამი კომპოზიციის შესრულება სთხოვოს.

თავდაცვის მინისტრმა კარლ ფონ გუტენბერგმა თავისი გაცილების ღონისძიებაზე Smoke on the Water (Deep Purple)-ის შესრულება მოითხოვა, გერჰარდ შრიოდერმა ფრანკ სინატრას „My Way” დააკვრევინა სამხედრო სასულე ორკესტრს და შემდეგ ნიანგის ცრემლებითაც იტირა, ევროკომისიის დღევანდელ პრეზიდენტს – ურსულა ფონ დერ ლეიენს კი გერმანული როკ-ბენდის „სკორპიონსის“ „Wind of Change”-ით დაულოცეს ბრიუსელისკენ მიმავალი გზა. ამ და სხვა ნომრების შესრულების გამო სახელი მხოლოდ ორკესტრმა კი არ გაითქვა, არამედ საზოგადოებაში კიდევ ერთხელ წარმოჩინდა ფედერალური არმიის მრავალმხრივი შესაძლებლობები.

გასულ ზაფხულს მიხეილ მესხის სტადიონზე რაგბის რამდენიმე მატჩს დავესწარი. ნაციონალური ჰიმნები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასულე ორკესტრმა შეასრულა. შესანიშნავად დაუკრეს, ბრწყინვალედ შეასრულეს ურთულესი კომპოზიციები. რა სამწუხაროა, რომ ისინი მხოლოდ ოფიციალურ ღონისძიებებზე გამოდიან და მხოლოდ ოფიციალური პროგრამით მოქმედებენ. არადა, დარწმუნებული ვარ, ჩვენს არმიას კიდევ უფრო დიდ პოპულარობას მოუტანდა მუსიკალური შემადგენლობა, რომელიც ჩარჩოებს დაარღვევდა და ამერიკელი თუ გერმანელი კოლეგების მსგავსად ხალხთან ერთად იმღერებდა მათთვის საყვარელ ნაწარმოებებს.

როგორ დავიწყოთ გაკვეთილი – ნეიროსავარჯიშოები და სინქრონიზაცია[1]

0

 

„მიიღე და გაიაზრე პარადოქსები;

გამოიმუშავე გლობალური აზროვნება ტვინის ორივე ჰემიოსფეროს გამოყენებით.“

ლეონარდო და ვინჩის რჩევებიდან

„მოძრაობას თავისი მოქმედებით შეუძლია შეცვალოს ნებისმიერი წამალი, მაგრამ მსოფლიოს ვერცერთი სამედიცინო საშუალება ვერ შეცვლის მოძრაობის მოქმედებას“.

ავიცენა

 

ახალი ეპოქის გამოწვევების შესაბამისად, თანამედროვე ადამიანი ან „გამოიღვიძებს“ და  გააკეთებს ნახტომს ცნობიერებაში, ან მოექცევა ტექნოლოგიების და ციფრული ეპოქის გავლენაში, როცა ის უბრალოდ ბიორობოტი იქნება.

შემეცნებისათვის მნიშვნელოვანია უნარების ცალ-ცალკე  გააქტიურება კი არა, არამედ მათი სინქრონიზაცია. სინქრონიზებული უნარები სრულიად განსხვავებულად მუშაობს. შედეგად ადამიანი არის უფრო  უფრო განუყოფელი, ჰოლისტური და დაბალანსებული.

ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროების სინქრონიზაცია  ხელს უწყობს ჩვენს განვითარებას,  აუმჯობესებს ჩვენს კეთილდღეობას და ცხოვრების ხარისხს. ეს კი საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავუგოთ საკუთარ თავს და სხვებს, გავაფართოოთ ჩვენი შესაძლებლობები და მივაღწიოთ ჰარმონიას  ემოციური და რაციონალური ასპექტების შერწყმით.

ამ თემას ეხება ჩვენი დღევანდელი სტატია – თითების ნეიროვარჯიშების (იგივე კინეზიოლოგიური ვარჯიშების) დახმარებით როგორ შევძლოთ მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროების სინქრონიზება. ამ სავარჯიშოების გამოყენება შეუძლია ნებისმიერი ასაკის ადამიანს და ნებისმიერი სიხშირით.

ცნობილია, რომ თითების ნეიროვარჯიშები ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის სახალისო გართობად შეიძლება იქცეს. გართობა და თამაშით სწავლება კი საუკეთესო მეთოდია, სწრაფად მიიღო და გაითავისო ინფორმაცია.

რა შეუძლია ნეიროვარჯიშებს?

ნეიროვარჯიშები ხელს უწყობს ინტელექტუალური და ფსიქიკური შესაძლებლობების განვითარებას. ტვინის გააქტიურებით და სინქრონიზაციით უმჯობესდება მეხსიერება, ყურადღება, აღქმა, მეტყველება, მოტორული უნარები, აზროვნება, კრეატიულობა, შემოქმედებითობა, თვითრეგულირება, თვითშეფასება, მოტივაცია და ზოგადი სომატური ჯანმრთელობა.

როგორ განიცდის ტვინი ცვლილებას?

ნეიროპლასტიკა არის ტვინის უნარი, შეცვალოს თავისი სტრუქტურა და ფუნქცია გამოცდილების, სწავლისა და ვარჯიშის საშუალებით. ეს არის ტვინის ფუნდამენტური თვისება, რომელიც საშუალებას აძლევს მას, მოერგოს ახალ სიტუაციებს, შეიძინოს ახალი ცოდნა და განავითაროს ახალი უნარები.

მაგრამ ისმის კითხვა: როგორ გამოვიყენოთ ნეოროპლასტიურობა ყოველდღიურობაში?

წარმოიდგინეთ თქვენი ტვინი, როგორც კოლოსალური ენერგეტიკული სისტემა. მილიარდობით „გზა“ ინთება ყოველ ჯერზე, როცა რაიმეს ვფიქრობთ, ვგრძნობთ ან ვაკეთებთ. ნეიროპლასტიურობის ამოქმედება ნიშნავს ახალი გზების გაყვანას და არსებული საუკეთესო გზების გაძლიერებას. „ნეირონები, რომლებიც ერთად აინთებიან, ერთმანეთს უერთდებიან, ხოლო ნეირონები, რომლებიც არასინქრონიზებულად მუშაობენ, ვერ ახერხებენ კომუნიკაციას.“

ნეიროპლასტიურობის პროცესში ტვინს შეუძლია შექმნას ახალი კავშირები (სინაფსები) ნეირონებს შორის ან გააძლიეროს არსებული კავშირები გარკვეული სტიმულის ან განმეორებითი აქტივობის შედეგად.

ნეირობიოლოგი Dr. Tara Swart -ი, მასაჩუსეტსის  ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარი, რომელსაც ეკუთვნის ბესტსელერი: „Brain Bible”, ნეიროპლასტიურობას ადარებს გზების მშენებლობას. „იფიქრეთ იმაზე, რომ გრუნტის გზიდან ავტომაგისტრალზე გადადიხართ,  შემიძლია ვთქვა, , რომ იმ ტრასაზე ვაპირებ მუშაობას, რომელიც ამჟამად გრუნტის გზაა. რაც უფრო მეტს ვიყენებ და რაც უფრო მეტად ვიმეორებ მოქმედებებს, შევძლებ  მის მაგისტრალად გადაქცევას“. აი, ამ ახალ გზაზე კი ყველაფერი სხვაგვარად ხდება….

 

ცალ-ცალკე თავის ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფერო ქმნის სრულიად განსხვავებულ და საპირისპირო სამყაროებს. მარჯვენა ნახევარსფეროს სამყარო მოდელირებულია, როგორც – ცოცხალი, მთლიანი, ფერადი, მრავალფეროვანი, ინდივიდუალური და უნიკალური სამყარო, რომელიც ურთიერთქმედებით განიცდის განუწყვეტელ ტრანსფორმაციას, სამყარო, რომელთანაც ჩვენ სიღრმისეულად ვართ დაკავშირებული.

მარცხენა ნახევარსფეროს  სამყარო კი არის: სტატიკური, გამოყოფილი, დაძაბული, იზოლირებული, ფრაგმენტირებული, კლასებად დაყოფილი, რომელზე დაყრდნობითაც კეთდება პროგნოზები; ამ სამყაროში ძველი გამოცდილებების რე-პრეზენტაცია ხდება, არ არის ადგილი სიახალეებისთვის.

რა წარმოქმნის განსხვავებულ სამყაროებს? ყურადღების ფოკუსი, რომელსაც ჩვენ მივმართავთ სამყაროზე, ფაქტობრივად, ცვლის მას: ჩვენ ვართ პარტნიორები ქმნადობის პროცესში (McGilchrist).[2]

McGilchrist – ის მიხედვით, მარჯვენა ნახევარსფერო მთლიანია, მთელზე ორიენტირებული, ხოლო მარცხენა – დეტალებზე. ამიტომ მარჯვენა ნახევარსფეროს მეცნიერი უწოდებს მთავარს, ხოლო მარცხენას – მის აგენტს. სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელშიც დომინანტი მარცხენა ნახევარსფეროა; ბავშვობაში მარჯვენა ნახევარსფერო ყოველთვის არის online, ანუ უფრო ადრეულია, ვიდრე მარცხენა ნახევარსფერო. მარჯვენა ნახევარსფეროს სამყარო არის სეპარაციამდელი, განუყოფელი მანამდე, ვიდრე მარცხენა ნახევარსფერო მას არ აქცევს რაღაც სხვად, როცა მოახდენს მის რე-პრეზენტაციას; არ შეიძლება ითქვას, რომ მარჯვენა ნახევარსფერო აერთებს და აკავშირებს, რადგან მას საქმე აქვს იმასთან, რაც არასდროს გაყოფილა. ასეთია McGilchrist-ის აღწერა.

მარჯვენა ნახევარსფერო საჭიროებს მარცხენას, რათა შესაძლებელი იყოს გამოცდილების (ემოციების, გრძნობების, შეგრძნებების…) „განფუთვა“. ეჭვგარეშეა, რომ მისი სტრუქტურირების  გარეშე არ იქნებოდა ხელოვნება, განცდა დარჩებოდა განცდად. როგორც ჩანს, მარცხენა ნახევარსფეროს მიერ ამ გამოცალკევების შემდეგ უნდა მოიძებნოს ახალი კავშირები, რომელიც პროცესს დააბრუნებს მარჯვენა ნახევარსფეროში, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ის ცოცხალი.

მოკლედ, McGilchrist -ის მიერ მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროთა განხილვა და ურთიერთკავშირი ყველაზე მეტად შეესაბამება ჩემს იდეას, რაც, ამ შემთხვევაში, უკავშირდება ნეიროსავარჯიშოებს, რომლებიც ახდენენ მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროთა სწორ დაკავშირებას ერთმანეთთან და მარცხენა ნახევარსფეროს მიერ ინფორმაციის ადექვატურად „გადმოთარგმნას“.

ნეიროვარჯიშები შევადგინე თქვენთვის, ძვირფასო მასწავლბლებო, ავტვირთე იუთუბ-არხზე, რათა გაგიადვილდეთ მისი მოძებნა და სწავლის დაწყებამდე 2-3 წუთი ბავშვებისთვის შეთავაზება, რაც უფრო ხალისიანს, საინტერესოს და შთამაგონებელს გახდის სწავლების პროცესს.

ნეიროვარჯიშები – https://www.youtube.com/@tsirabarbakadze2659/playlists

[1] ცირა ბარბაქაძე – ნეიროსავარჯიშოები https://www.youtube.com/@tsirabarbakadze2659/playlists

 

 

[2] https://psy.wikireading.ru/22430

 

ბიოგრაფია+თავისუფალი წერა – შინაგანი არქეოლოგიური ძიებების სამარჯვი

0

„ჩემი ყველა ნაწარმოები ამონარიდებია ერთი დიდი აღსარებიდან“ – წერდა იოჰან ვოლფგანგ გოეთე თავის „პოეზიასა და ჭეშმარიტებაში“.

გოეთეს ბიოგრაფიას მე-12 კლასელებს დეტალურად ვაცნობ ხოლმე.

„ცხოვრება, როგორც ხელოვნების ნიმუში“ – ასე დაასათაურა ერთმა ავტორმა მისი ბიოგრაფიული წიგნი. მართლაც, მონუმენტური, ეპიკური ხელოვნების ნიმუშივით სიცოცხლე განვლო გოეთემ და  ახალგაზრდა „მსმენელთათვის დიდი მარგია“ ამ ცხოვრებისეული გამოცდილების გაცნობა. ვინ იცის, საჭირო დროს გამოხმობა და გამოყენებაც.

ბევრი მნიშვნელოვანი ეპიზოდიდან წერილში რამდენიმეს გამოვყოფ.

გასაოცარია ამ ადამიანის შემეცნების, კვლევის, სწავლის დაუდგრომელი სურვილი. ცნობისწადილი პატარაობიდანვე არ ასვენებდა. საკუთარი სახლი „პირველი საკვლევი პოლიგონი“ აღმოჩნდა მისთვის. მამა ძალიან უწყობდა ხელს. მისი ბიბლიოთეკა, რომელშიც 1700 წიგნზე მეტი ყოფილა, მომნუსხველი, ჯადოსნური ადგილი იყო ცნობისმოყვარე ბავშვისთვის. კაბინეტში ნახატების, იტალიის არქიტექტურული ნაგებობების ესკიზების თვალიერება, იქვე გამოფენილი მინერალების, ბუნებრივი წიაღისეულის კოლექცია და მამის მკაცრი, მზრუნველი ზედამხედველობით ჩატარებული გაკვეთილები ბევრს სძენს მას.

ცნობისმოყვარე გოეთეს ბავშვობიდანვე აღმოუჩენია, რომ „აქა-იქ სვლითა“ და ქალაქში ხეტიალით უამრავი ახალი შთაბეჭდილების მიღება და „გადამუშავებაა“ შესაძლებელი. შემეცნების ეს ხერხი განსაკუთრებით იტაცებს მას.

თანატოლებთან ერთად და მარტოდმარტოც დადიოდა და აკვირდებოდა ქალაქის ღირსშესანიშნაობებს. საინტერესოა, რომ ზემოთ ნახსენებ ავტობიოგრაფიულ ტექსტში ის ხშირად მესამე პირში მოიხსენიებს საკუთარ თავს. მაგალითად, წერს, ბიჭუნა ხარბად ისრუტავდა ყველაფერს, რასაც უყვებოდნენ ოჯახის წევრები, უფროსი ნათესავები და ფრანკფურტელებიო…

ოღონდ მხოლოდ გაგონილსა და სხვების გადმოცემულს არ სჯერდება. ფართო თვალსაწიერის, ღიაობის, ცნობისწადილის დაკმაყოფილების გამაოგნებელი და აღმაფრთოვანებელი მაგალითია, როგორ გადაწყვეტს ის ესტუმროს ებრაელების უბანს (რომელიც, რეალურად, ერთი ქუჩა აღმოჩნდაო, აზუსტებს) და საკუთარი თვალით იხილოს, საკუთარ ტყავზე გამოცადოს ის, რასაც უყვებოდნენ სხვები.

ბიჭუნას, შემდგომ კი უკვე ყმაწვილის გონების აღმაშფოთებელ საგანთაგან ერთი გახლდათ ებრაელთა კვარტლის მონახულება – იხსენებს გოეთე. სივიწროვე, სიბინძურე, მილეთის ხალხი, შეხლა-შემოხლა, ხმაური  – შორიდან ასეთი მოჩანდა ებრაელებით დასახლებული უბანი. ბავშვებს ხშირად აშინებდნენ ათასგვარი თქმულებით და გამონაგონით იმაზე, თუ რას უშვებდნენ ებრაელები ქრისტიან ბავშვებს.

„ვერ მოვისვენე, სანამ პირადად არ ვესტუმრე მათ სინაგოგას რამდენჯერმე. წინადაცვეთასაც დავესწარი, ქორწილსაც და საკუთარი თვალსაზრისი ჩამოვიყალიბე მათზე. ყველგან გულითადად მხვდებოდნენ, მიმასპინძლდებოდნენ, მეპატიჟებოდნენ…“

მზამზარეული შეხედულებების, სტერეოტიპებისა და დოგმატური ჭეშმარიტებების თავს მოხვევა არც ახლანდელი განათლების სისტემისთვის და საზოგადოებისთვისაა უცხო, ასე რომ შემეცნების, კვლევის ეს გაბედული მეთოდი ნამდვილად იმსახურებს საგანგებო ყურადღებას.

ბიოგრაფიული ეპიზოდების მოსმენის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვე, თავადაც ეცადათ საკუთარი ბავშვობიდან რომელიმე ეპიზოდის გამოყოფა და ამ „მეხსიერების არქეოლოგიური ძიების“ შედეგების ქაღალდზე გადმოტანა. გოეთეს მეთოდი საინტერესო ჩანდა, ასე რომ სწორედ მას მივმართეთ.

„პატარა ბიჭუნა/გოგონა…“ – იყო თავისუფალი წერის საწყისი წინადადება. სტრუქტურისგან, წესებისა და სიტყვების რაოდენობის მითითებისგან თავისუფალი წერის.

ძალიან საინტერესო შედეგები მივიღეთ.

ნაწილს გიზიარებთ:

„ბიჭი ყოველთვის მარტოა, თუმცა ამისი არ ეშინია, პირიქით, უყვარს მარტოობა. სხვა არ სჭირდება. იჯდება მთელი დღე სილაში და ითამაშებს. ააშენებს ქალაქებს, გაიყვანს გზებს, ზედ გაატარებს მანქანებს. მთელი სამყაროა იქ. ბიჭუნას მეგობრები არ აკლდა, მათთანაც თამაშობდა, მაგრამ მარტო ყოფნა და თავისი სამყაროების აგება ყველაზე მეტად სიამოვნებდა“.

„გოგონა დაახლოებით ხუთი წლისაა. ზაფხულის ცხელი დღეა. ფანჯრის რაფაზე შემოსკუპებული გასცქერის გარესამყაროს. მისმა მზრუნველმა გამოაფხიზლა ფიქრებში ჩაფლული. კარაოკე ჩართო. იმ დღეს, მიკროფონით ხელში სიმღერისას, გოგონა მიხვდა, რომ მას სცენაზე დგომა სურდა. სიმღერა, მხიარულება. ამ წარმოსახვით სცენაზე გამოსვლა უკვე კათარსისივით იყო და ნამდვილზე დგომა მიზნად იქცა. მიხვდა – ფიქრებში ჩაღრმავება ღლიდა. სცენა კი დამღლელი ხვატივით გამაბეზრებელი რეალობისგან გათავისუფლების გზა აღმოჩნდა“…

„პატარა გოგონა სასაფლაოზე დაიკარგა. ცხელი ზაფხული იყო. საღამო. თავიდან ვერც მიხვდა, რომ დაიკარგა. ახლობლების ხმა თითქოს შორიახლოს ისევ ისმოდა. გავიდა ერთი საათი, ორი, ის კი ისევ მარტოა სასაფლაოზე და უკვე იმასაც იაზრებს, რომ სულ სხვაგანაა. თითქოს სხვა სამყაროში. არც შიში, არც ბრაზი, არც ტირილის სურვილი, მხოლოდ ფართოდ გაღებული თვალები. როგორი უზარმაზარია ქვეყნიერება, როცა მარტოდმარტო ხარ თურმე. მერე ბნელდება. ჯიბიდან პატარა ფანარს იღებს და შიშიც იწყებს შემოპარვას გულში. ცდილობს გზა გაიკვლიოს გასასვლელისკენ, მაგრამ გასასვლელი არ ჩანს. შემდეგ გოგონამ პატარა ძაღლი იპოვა. ან ძაღლმა იპოვა პატარა დაკარგული გოგონა. გული დამშვიდდა. ძაღლი ერთგულია და მხიარული. პატარა ძაღლთან ერთად პატარა გოგონა გზას იკვლევს და გასასვლელს აგნებს“.

„პატარა ბიჭო, თუ გახსოვს როგორ ტიროდი სკოლაში წასვლისას, როგორ იბრძოდი კლასში შესვლისას და თუ მაინც, ვაი და როგორმე შეხვიდოდი, დაფის უკან დადგებოდი. მთელი დღის გატარებაც შეიძლებოდა იქ. მუდმივად გაბრაზებული ყველაზე და ყველაფერზე. სკოლის ოთხ კედელში გამომწყვდევის, სირბილის და თავისუფლების აღკვეთის გამო.

პატარა ბიჭო, განა ეგ შენი გულია, ასე მძიმე რომ იყო და ასე მაგარი გახდა ახლა?“

„მე დავიბადე“

იმ გაკვეთილს, რომელზეც გოეთეს დაბადებაზე უნდა გვესაუბრა, ეპიგრაფად ტიციანის „მე დავიბადე აპრილის თვეში“ წავუმძღვარეთ. სხვათა შორის, გაკვეთილებისთვის ეპიგრაფის წამძღვარება ასევე შემოქმედებითი და საინტერესო მიგნებაა. ძალიან მიყვარს ხოლმე გაკვეთილის დაგეგმვისას იმაზე ფიქრი, თუ რა ფრაზა, ციტატა, აფორიზმი მოუხდება იმ დღის სათქმელს, ასახსნელს, გადასაცემს, გონებრივ საზრდოს.  ამ ეპიგრაფმა ასევე თავისით წარმოშვა საწერი თემის სათაურიც „მე დავიბადე…“ და მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა გოეთეს დაბადების პროცესისა და თანმდევი მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ შეიტყვეს, თავადაც დაწერეს ამ სათაურით.

ჯერ გოეთე:

„1749 წლის 28 აგვისტოს, შუადღისით, როცა 12-ჯერ ჩამოკრა ზარმა, მე მოვევლინე  ქვეყნიერებას  მაინის ფრანკფურტში. კონსტელაცია იღბლიანი იყო. მზე ქალწულის ზოდიაქოში იდგა და  ზენიტისკენ ისწრაფოდა…ბებიაქალის მოუხერხებლობის გამო, მე ამქვეყნად ლამის მკვდარი მოვედი და მხოლოდ დიდი ძალისხმევის შედეგად ვიხილე მზის სინათლე. ეს გარემოება, რომელმაც დიდ გასაჭირში ჩააგდო ჩემიანები, სიკეთედ ექცათ ჩემს თანამოქალაქეებს, რადგან პაპაჩემს, იოჰან ვოლფრანგ ტექსტორს,  სახელმწიფო რწმუნებულს, საბაბი მიეცა, ქალაქში გინეკოლოგი დაენიშნა და სამეანო სასწავლებელი დაეარსებინა თუ განეახლებინა, რაც შემდგომში ძალზე წაადგათ ახალშობილებს“.

მართლაც, „ბავშვის დაბადება რთული იყო და სამ დღეს გრძელდებოდა. როგორც დედამისი იხსენებს, ბიჭუნა თითქმის უსიცოცხლო, „მთლიანად შავი“ მოევლინა ქვეყანას.  სუნთქვის უკმარისობისა და სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო, რასაც სამედიცინო ენაზე ასფიქსია ჰქვია,  ის მთლად გალურჯებული ყოფილა. მშობიარობას ექიმი არ დასწრებია. ესწრებოდნენ მხოლოდ ბებიაქალი, რომელიც ძალზე მოუხერხებელი ვინმე უნდა ყოფილიყო და ბებია… მათ ბავშვი შეანჯღრიეს, გულმკერდი ღვინით დაუზილეს. „ის ცოცხალია!“ წამოიძახა მოხუცმა ქალმა, როცა ბავშვმა თვალი დაახამხამა, ძალიან დიდი, მუქი ყავისფერი, თითქმის შავი თვალები“ (მალთე შუხარტის წიგნიდან „ახალგაზრდობის ასაკი“, ქართულად თარგმნა ელენე კოშორიძემ).

 

ახლა – ჩვენი მეთორმეტეები:

 

„მე დავიბადე, როცა წყვდიადი ენთო ვარსკვლავად და ღამე იდგა ყველაზე გრძელი, მე დავიბადე ბოჰემა თავად, განთიადების მეფედ მოვედი…“

 

„მე დავიბადე 24 რიცხვში, დილაადრიან, გარიჟრაჟისას. სიცილით შევხვდი ახალ სამყაროს…“

„დავიბადე დაბღვერილი სახით, ღაჟღაჟა წითელი კანით და თეთრი თმით…“

„მე დავიბადე და ჩემი დაბადება 100 სანთლის ანთებით აღინიშნა ეკლესიაში. ამ სანთლების ნათება და სითბო დღემდე დამყვება, ასე მგონია, და გვერდში მიდგას მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდება. მე დავიბადე ბრძოლაში და ვფიქრობ, ეს ჩემს ხასიათზეც აისახება. ახლაც ვიბრძვი…!“

„დილის 5 საათზე მოვინდომე სამყაროსთან შეხვედრა. დედამ სამშობიაროს სახლის ფანჯრიდან გადამახედა. ასე გავეცანი ქვევით მომლოდინე ხალხს, ქვეყნიერებას…“

 

საკუთარ თავში ჩაღრმავება, საინტერესო კითხვების დასმა, სხვა კითხვების პროვოცირება, სხვისი ცხოვრებისეული გამოცდილება ეხმარება ახალგაზრდებს ცხოვრების სხვადასხვა პერსპექტივიდან გააზრებაში. საკუთარი თავისა თუ სხვა ადამიანების უკეთ შეცნობაში. ამგვარი ლიტერატურული გამოცდილება ფასდაუდებელი გონებრივი საზრდო და საგზალია მომავალი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

 

 

 

 

 

ჯადოქარი რიცხვები, ანუ როგორ ვიანგარიშოთ სწრაფად და მარტივად

0

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს სკოლათა უმრავლესობაში დაწყებით კლასებში სხვადასხვა საგანს ერთი და იგივე მასწავლებელი ასწავლის. ეს შესაძლებელია. თუმცა მგონია, რომ საეჭვოა ერთმა მასწავლებელმა (და მათ შორის მეც) ყველა საგანი – ქართული ენა, მათემატიკა, ბუნება, ხელოვნება, მე და საზოგადოება, სპორტი და ზოგჯერ მუსიკაც სათანადო კომპეტენციით ასწავლოს. სწორედ ამიტომ ჩემს მოსწავლეებს ხშირად ვეკითხები, რომელია მათი საყვარელი საგანი. თითოეული პასუხის შემდეგ კი ვიწყებ მათი არჩევანის განმაპირობებელ მიზეზთა ძიებას. ეს ყველაფერი კი ამა თუ იმ საგნის სწავლებაში რიგი ცვლილებების შეტანის საფუძველი ხდება.

სწავლების პირველ წელს, პირველ სემესტრში, ბავშვებს რომ ვეკითხებოდი ხოლმე, რომელი იყო მათი საყვარელი საგანი, ისინი ხშირად ასახელებდნენ მათემატიკას, რაც ვფიქრობ განპირობებული იყო შესაბამისი ცოდნითა და თავდაჯერებულობით. ეს კი, ჩემი აზრით, გულისხმობს შემდეგს: პირველ კლასში ახლად შემოსულ მოსწავლეს, თუ მას სკოლამდელი განათლება აქვს მიღებული, რაოდენობრივი წარმოდგენების ნაწილში უნდა ჰქონდეს შემდეგი მზაობა: ბავშვი ავლენს ციფრების ცოდნასა და შეუძლია დათვლა (ეროვნული სასწავლო გეგმა, სკოლამდელი განათლება). მართლაც, ამ პერიოდში მოსწავლეთა უმრავლესობა მარტივად ახერხებს დათვლას, ციფრების ცნობას და მათ დაკავშირებას შესაბამისი რაოდენობის საგნებთან თუ გროვასთან, რაც თავისთავად ცხადია, რომ მათ თავდაჯერებულს ხდის. სწავლის დაწყების შემდეგ ნელ-ნელა ეს პროცესები წერით აქტივობებში გადადის და აქვე ჩნდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა, რიცხვთა შეკრება, გამოკლება, შედგენილობა, მათი წარმოდგენა შესაკრებების სახით და ა.შ.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით რიცხვებისა და მოქმედებების თემატურ ბლოკში ვკითხულობთ, რომ პირველი კლასის ბოლოს მოსწავლეს უნდა შეეძლოს დათვლა 20-მდე, რაოდენობებისა და რიცხვების ერთმანეთთან დაკავშირება. მოახერხოს ასევე რიცხვებს შორის დამოკიდებულებების დადგენა და მათზე შეკრება-გამოკლების მოქმედებების სხვადასხვა ხერხით შესრულება. შეძლოს მათი დემონსტრირება, როგორც სიტყვიერი მსჯელობით, ასევე ვიზუალურადაც.

სასწავლო პროცესზე დაკვირვებით ყველაფერი მარტივია მანამდე, ვიდრე შესაკრებები ციფრ 5-ს გადააბიჯებს. მერე კი ნელ-ნელა უფრო იკვეთება მაღალი, საშუალო და დაბალი მზაობის მოსწავლეები. აქ უკვე აუცილებელი ხდება ისეთი დამხმარე მასალების გამოყენება, რომლებიც მუშაობის პროცესს მასწავლებლისთვის შედეგიანს, მოსწავლეებისთვის კი მამოტივირებელს (და ამასთან ერთად სარგებლიანს) გახდის. დაწყებით კლასებში ძალიან ეფექტიანია ისეთი რესურსების გამოყენება, რომლებიც მრავალჯერადია, რაც თავის მხრივ საკითხის უმტკივნეულოდ „შემოსწავლების“ შესაძლებლობას იძლევა.

მინდა, წარმოგიდგინოთ რესურსი „ჯადოქარი რიცხვები“, რომელიც, ვფიქრობ, აღწერილი საკითხის უკეთ შესწავლაში დაეხმარება პირველ და მეორეკლასელ მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ რესურსი მარტივად დასამზადებელია სახლის პირობებშიც კი. არ საჭიროებს დიდ ფინანსებსა თუ დროს და სასურველია მშობლების ჩართულობით ყველა მოსწავლისთვის დამზადდეს, რათა სასწავლო პროცესში მისი გამოყენება უფრო შედეგიანი იყოს.

სამიზნე ჯგუფი: I ან II კლასი

თემატური ბლოკი: რიცხვები და მოქმედებები

თემა: რიცხვთა შეკრება-გამოკლება

სამიზნე ცნებები: მათემატიკური მოდელი (რიცხვითი გამოსახულება), კანონზომიერება (მოქმედებები რიცხვებზე), ლოგიკა (მსჯელობა)

ქვესაკითხები: რიცხვთა შედგენილობა, შეკრება-გამოკლება 20-ის ფარგლებში, მოქმედებათა ურთიერთშებრუნება, შეკრებისა და გამოკლების ერთმანეთთან დაკავშირება

საჭირო მასალა რესურსის დასამზადებლად:

დამზადებისა და გამოყენების ვიდეო-გზამკვლევი: https://youtu.be/-C1VCJY5M0k

როგორ შეიძლება რესურსის გამოყენება საგაკვეთილო პროცესზე ან საშინაო დავალების შესრულებისას?

აქტივობა N1

ინდივიდუალურად ან წყვილებში

მასწავლებელი ყოველი ციფრის ახსნის შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებს აჩვენებს რესურსის გამოყენების სპეციფიკას, რომ აუცილებელია ჩარჩოში მოაქციონ ციფრი/რიცხვი, რომელიც გაკვეთილზე განიხილეს, შემდეგ კი სთხოვს, აღნიშნული რიცხვი წარმოადგინონ შესაკრებების სახით. მაგალითად, მონიშნონ ციფრი 8 ან 9, ისე როგორც ფოტოზეა მოცემული და სტაფილოსფერ გამყოფ ხაზებს შორის მოქცეულ ციფრებზე გააკეთონ შესაბამისი ჩანაწერები.

აქტივობა N2

ინდივიდუალურად

მასწავლებელს დაფასთან გაჰყავს მოსწავლე და კარნახობს შეკრების ან გამოკლების მაგალითს და სთავაზობს, პასუხი გადაამოწმოს რესურსის დახმარებით. თუ მოსწავლეს გაუჭირდება ანგარიში, შეუძლია თავად რესურსი გამოიყენოს ზუსტი დაანგარიშებისთვის.

შეიძლება მასწავლებელმა შემდეგი სახის დავალებაც მისცეს: პასუხის ველში შეარჩიოს მისთვის სასურველი რიცხვი, მერე კი დაწეროს შეკრების ყველა შესაძლო ვარიანტი, რომელიც ჯამში გვაძლევს ამ რიცხვს.

ან დაწეროს ყველა შესაძლო ვარიანტი, სადაც საკლებს მის მიერ შერჩეული რიცხვი წარმოადგენს.

 

აქტივობა N3

ინდივიდუალურად

მასწავლებელი ბავშვებს ურიგებს ბარათზე დაწერილ რამდენიმე მაგალითს, როგორც შეკრების, ასევე გამოკლების და სთხოვს, რესურსის დახმარებით დაწერონ ან გადაამოწმონ თავიანთი პასუხები.

 

აქტივობა N4

წყვილებში

მასწავლებელი კლასს ყოფს წყვილებად და აძლევს წინასწარ გამზადებულ რესურსს. ერთ-ერთი მოსწავლე მეწყვილეს კარნახობს რიცხვს. მოსწავლე იწყებს ამ რიცხვის შედგენილობის წერას. დასრულების შემდეგ ორივე მოსწავლე ამოწმებს შედეგებს. შემდეგ კი ცვლიან როლებს.

აქტივობა N5

ჯგუფურად

მასწავლებელი კლასს ყოფს ჯგუფებად (უკეთესია 4 ბავშვი) და აძლევს წინასწარ გამზადებულ რესურსს. ასევე თითოეულ ჯგუფს კარნახობს ან ურიგებს გარკვეულ რიცხვს, რომელზეც ჯგუფის ორმა წევრმა უნდა წარმოადგინონ რიცხვების ოჯახი. მეორე წყვილი კი რესურსის დახმარებით ამოწმებს მაგალითების სისწორეს.

შემდეგ წყვილები ცვლიან როლებს და ამავე რიცხვზე სხვა რიცხვთა ოჯახს წარმოადგენენ, უკვე ნაცნობი პრინციპით. მეორე წყვილი კი პასუხებს რესურსის დახმარებით ამოწმებს.

 

აქტივობა N6

ჯგუფურად

მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ჯგუფებად, რომელშიც 4-4 წევრია. ურიგებს დომინოს ქვებს და სთხოვს, ამ ქვებისა და რესურსის გამოყენებით შეადგინონ შეკრების ან გამოკლების მაგალითები, რვეულში კი გააკეთონ შეკრების ჩანაწერები. შემდეგ კი გაუცვალონ გვერდით მჯდომს, რომელიც შეამოწმებს მას და გააკეთებს შეკრების სხვა მაგალითებს (შესაკრებთა გადანაცვლებით), შემდეგ ეს მოსწავლე ისევ გაუცვლის სხვა გვერდით მჯდომ მოსწავლეს, რომელიც ამ ეტაპზე ამოწმებს ორივეს და აკეთებს გამოკლების ჩანაწერებს. ბოლოს კი მეოთხე მოსწავლე ამოწმებს სამივე შემთხვევას და აკეთებს სხვა გამოკლების მაგალითებს ამავე ციფრებზე. საბოლოოდ ისე აღმოჩნდება, რომ ჯგუფის ყველა წევრი წრიული პრინციპით იმუშავებს, როგორც შეკრების, ასევე გამოკლების პროცესებზე.

დასაწყისისთვის მასწავლებელმა შეიძლება ამობეჭდილი, მზა მასალაც დაურიგოს ბავშვებს. ეს უფრო გააადვილებს ინსტრუქციის გაგებას.

 

აღნიშნული აქტივობების გამოყენება საგაკვეთილო პროცესს ძალიან სახალისოსა და მამოტივირებელს ხდის მოსწავლეებისთვის. მისი მრავალჯერ გამოყენება კი ხელს შეუწყობს შეკრება-გამოკლების პროცესის პოზიტიურ დასწავლა-შემოსწავლებას.

სხვები, როგორც ფანტაზიის სავარჯიშო

0

როცა პატარა გოგო ვიყავი, ერთ პატარა ქალაქში ვცხოვრობდი, რომელიც მეორე ასევე პატარა, მაგრამ ამ პირველთან შედარებით ოდნავ დიდ ქალაქთან სარკინიგზო ხაზით იყო დაკავშირებული. მატარებელი იყო ჩვენი მთავარი ტრანსპორტიც და თავგადასავალიც: მატარებელს მიჰყავდა და მოჰყავდა მამა სამსახურში, მატარებლით მივდიოდით ბაზარში თუ ნათესავების მოსანახულებლად, მატარებელში შეიძლებოდა გაგეცნო ვინმე შენხელა, რომელიც არც შენი მეზობელი იყო, არც შენი სკოლელი, მაგრამ მაინც სადღაც შენს სიახლოვეს ცხოვრობდა, მატარებლით მგზავრობისას შეიძლება დაგენახა რაღაც ისეთი, რასაც ფეხით სიარულისას შენი თვალი ვერ მისწვდებოდა და გაგეგონა რამე ისეთი, რაც შენი ყურისთვის სულაც არ იყო განკუთვნილი და ასე შემდეგ.

თვითონ დიდი არაფერი ამბავია. ამბავია ის, რაც გვიანი შემოდგომის ერთ ცივ საღამოს, როცა ადრე ღამდება და სახლში დროულად მისულს მაინც დაბნელებულში მგზავრობა გაქვს გამოვლილი, დედამ მატარებელში სრულიად სხვათა შორის თქვა. დედამ თქვა რომ ძალიან უყვარდა სხვის ფანჯრებში ყურება და იმის მიხედვით, რა ჩანდა ფანჯარაში, წარმოდგენა, როგორია ცხოვრება ამ სახლებში. რა შეიძლება იყოს უკეთესი გასართობი – რამდენი სახლია და მით უმეტეს რამდენიმე ფანჯარა. მთავარია კარგი “მინიშნება” იპოვო, ისეთი როგორიცაა ჭაღი, სურათი კედელზე, მცენარე რაფაზე, ფარდის ნაქარგი თუ დარაბების ორნამენტი და მერე ჯერი შენზეა: შეგიძლია ვრცელი ოჯახური საგა მოიგონო, შეგიძლია დეტექტივი. ან სულაც ერთი ამბავი 10 სხვადასხვა დასასრულით. შეგიძლია სულაც რუკა გააკეთო ამ ადგილის და ყველა სახლზე რამდენიმე მთავარი ინფორმაცია დაიტანო ზედ – გასართობს რა გამოლევს. ისიც კი შეგიძლია რომელიმე კონკრეტული სახლის ბინადრების ამბავი რამდენიმე ადამიანს გამოჰკითხო და მერე დააკვირდე, მათ მონაყოლში რა იყო საერთო და რა განსხვავებული, საეჭვოდ რამეს თუ მიიჩნევ, ის კიდე სხვასთან დააზუსტო და ასე. არ იფიქროთ მაინცდამაინც სხვა ადამიანების სულში ფათური მოსწონდა ან დედაჩემს, ან მე – ეს უწყინარი გასართობია მოწყენილი ადამიანებისთვის, ვის ცხოვრებაშიც დიდად მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. ამ თამაშს არაფერი აქვს საერთო სხვების ცხოვრების ქექვის ვნებასთან – ესაა ფანტაზიის სავარჯიშო და მცდელობა, გაიგო უცნობი ადამიანების, დაინახო როგორია სხვების ცხოვრება.

დროის გასვლის შემდეგ ეს თამაში ცოტა გავართულე: მყუდრო კაფეებში, სადაც ადამიანების ლაპარაკი უკეთ ისმის, ვიდრე მუსიკა, ქუჩის ხმაური და სხვა ხმები, პირით ფანჯრისკენ და ზურგით ხალხისკენ ვჯდებოდი ხოლმე და ვისმენდი რეებს ლაპარაკობდა ის ხალხი, ვისაც ვერ ვხედავდი და ვისზეც არაფერი ვიცოდი. ფრაგმენტებით ვცდილობდი გამომეცნო ვინ ვის ხვდება, ვინ რატომ ჰყვება ამ ამბავს და რა ხდება მაშინ, როცა რომელიმე მოსაუბრეს სიტყვა უწყდება.

ახლა უკვე ჩვევაა: თავისით ხტება ჩემ ყურში და ტვინში სახასიათო ფრაზები ან სიტყვები შემთხვევითი შემხვედრების დიალოგებიდან ტრანსპორტში, კაფეებში, მაღაზიებში თუ ქუჩაში. სახლებსაც ძალდაუტანებლად “ასკანერებს” ჩემი თვალები და თითქმის შეუძლებელია გამორჩეს რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ერთ შენობას მეორისგან განასხვავებს. სხვების ცხოვრების ამბების მოყოლა ჩემ საქმედ იქცა – ფრთხილი დამკვირვებლობა ჩემს პროფესიად. ახლა უკვე მე ვარ დედა და როცა ჩემ გოგოებთან ერთად სადმე, ცოტა შორ მანძილზე მივდივართ, ჩვენც ვერთობით ხოლმე ამ თამაშის სხვადასხვა ვარიაციებით.

“ხედავ სახლს ტყის პირას? როგორ დაწერდნენ ამ სახლის ბინადრების ამბავს მაგალითად ასტრიდ ლინდგრენი და ენიდ ბლაიტონი?”

“აი ის პატარა გოგო წითელი კაბით, რომელი არსება იქნებოდა მუმინების სამყაროში რომ ეცხოვრა?”

“ის დიდი, ხმაურიანი ოჯახი, ბევრი შვილით და ორი კატით, წეღან რომ პარკში იყვნენ პიკნიკზე, რაღაცით იმ ოჯახს ჰგავდნენ, ჯერალდ დარელის ოჯახს, წვიმიანი ბრიტანეთიდან საბერძნეთის მზიან კუნძულ კორფუზე რომ გადასახლდნენ. ნეტავ როგორი იქნებოდა მათი უფროსი ბიჭების ცხოვრება ზღვისპირას?

“მდინარის იქით, ერთ ქუჩაზე ისეთი სახლებია, სადაც მოჩვენებები უნდა ცხოვრობდნენ – როგორები შეიძლება იყვნენ ისინი? კენტერვილის აჩრდილის მსგავსები?”

“ამ ფანჯრიდან ყოველთვის მუსიკის ხმა გამოდის. ვინ შეიძლება უკრავდეს ასე სევდიანად პიანინოზე? “

“აქ ადრე კინოთეატრი იყო. მოსაწყენ ფილმებს უჩვენებდნენ, მაგრამ ხალხი მაინც დადიოდა. შეგიძლია წარმოიდგინო რას გრძნობდნენ თქვენხელა გოგოები, როცა პირველად მოიპოვებდნენ კინოში მარტო წასვლის უფლებას?”

“ამ სახლში ფრანგულის მასწავლებელი ცხოვრობდა, სამი შვილი ჰყავდა და ყველაზე ლამაზი ბაღი ჰქონდა მთელ ქალაქში. მოდი გამოვიცნოთ, რა ყვავილები ექნებოდა ბაღში.”

და ასე შემდეგ. გააჩნია გარემოს, დროს, ამინდს და იმას, რას ვკითხულობთ, რაზე ვფიქრობთ, რა გვადარდებს – ეს გარემოებები არის ხოლმე ხიდი ჩვენსა და სხვებს შორის. სხვებსა და ჩვენს ფანტაზიას, ჩვენს მეხსიერებას შორის.

რასაც იმ ბევრი წლის შემდეგ მივხვდი, როცა დედამ თავისი უცნაური სიყვარულის ამბავი გვითხრა, ისაა, რომ ეს თამაში არ არის მხოლოდ თამაში – ესაა ნამდვილი სავარჯიშო, სადაც ხვდები შენი ფანტაზიის საზღვრებს, შენს შიშებს, შენს მოლოდინებს, ხშირად სტერეოტიპულ წარმოდგენებს ამა თუ იმ ადამიანზე, ფაქტზე.

 

 

 

 

 

 

 

 

„წერ რამეს?“

0

***

წერას მოვრჩი, შემიძლია, წერისთვის მოვიცალო.

ასეა ჩემი საქმე.

***

ფიქრობ ტექსტზე  – დაწერ, წაშლი, ჩაცხოვრდები. უცებ გაჩნდება სხვა მოთხრობის იდეა და ამ ყველაფერს ერთ წამში დაუკარგავს ფერს და შინაარსს. მიატოვებ ძველს, დაუფიქრებლად გახსნი ახალ ფაილს და აღმოაჩენ, რომ ამ თეთრ სიცარიელეზე სავსე არაფერია. ღმერთო, ხასიათად არ მექცეს.

 

***

სამი დღეა ლევანი პერიოდულად მწერს, სად ხარ. ადგილს რომ ვწერ, მაგას არ გეკითხები, წიგნშიო. პასაჟს მივწერ და არა, ახლა გზის ამბავი მაინტერესებსო. მგზავრობისას კითხვა სხვა სიამეა, სულ სხვა.

 

***

შემოვიდა მაღაზიაში პატარა გოგო, ფულს ითხოვს. გამყიდველი კარისკენ მიაპორწიალებს. ეს კიდევ მეტლახზე მიაცურებს პატარა ფეხებს და კვდება სიცილით: აუ, შემოვალ და კიდე ეგრე გამომიყვანე, რა!

 

***

ავტობუსში ამოვიდა შუახნის ქალი, წამოხტა ერთი ასაკოვანი კაცი.

– ოჰ, დაბრძანდით, ქალბატონო!

– ვაიმე, ბრძანდებოდეთ.

– როგორ გეკადრებათ!

– დაჯექით, რა, არაფერი მიჭირს, გავძლებ.

– ასე არ გამოვა!

– ძალიან გთხოვთ!

– გამატარეთ მაინც, ჩავდივარ!

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცქვიტი მოხუცი იმერელი იყო.

 

***

ჩვენი მეეზოვის შვილმა თეატრალურ ინსტიტუტში რომ ჩააბარა, ეს ქალი ჩიოდა: ეჰ, ეგ ვეღარ გათხოვდება, ქართველებისთვის ქურთია, ჩვენებისთვის კიდევ მსახიობიო.

 

***

– რას ეძებთ, იქნებ დაგეხმაროთ.

– კაბას, მეჯვარე ვარ და…

– მანდ რაც კიდია, ეგაა. მალე გვექნება ახალი კოლექცია და შემოგვიარეთ. როდისაა ქორწილი?

– 17-ში.

– აჰა, რამდენკაციანია?

 

***

ქუთაისური ეზოდან სასტუმროს აივანზე ისმოდა ქალის და პატარა ბიჭის კამათი:

– რა იმეცადინე ახლა?

– ყველაფერი.

– ერთ საათში?!

– ნაკლებში. დამაფასე, დამაფასე!

 

უკვე ვხვდები, სემესტრის ბოლოს ვინ გაიცინებს.

 

***

წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს პომადები ფასდაკლებითო, პარფმიუმერიის მაღაზიამ. მე როგორც ვიცი, სულ სხვა საქმისთვის შემოვიდა.

 

***

ვინც მერაბ აბრამიშვილის გამოფენა ნახა, ორი სიცოცხლე აქვს.

 

***

ჩოხიანი ბიჭი რომ  Baa Baa Black Sheep-ს მღერის, ეგ მინახავს. ახლა მოვისმინე, ნიღბიანი სპაიდერმენი როგორ მღეროდა – „იესო დაბადებულა“. მიყვარს სკოლის საახალწლო ზეიმები.

 

***

მოთხრობაზე ვფიქრობ, პერსონაჟებზე, სახელებზე. მოვიდა მეგობარი, ახსენა აგარსკი, გადასარევია, მიმაქვს-მეთქი.

***

ლევანის ჯემპრი პირველი გარეცხვის შემდეგ მოერგო ელენეს, მეორე გარეცხვის მერე  მატასის.

 

რეცხვის რეჟიმებზე კომენტარები წაიშლება.

 

***

ღაბაბი საჩუქრად! –  შეგხვდებათ ასეთი რეკლამაც.

 

***

ნათლობის სახელით ნინო ვარ. 15-16 წლისები ვიყავით მე და ჩემი და, გვიქროდა, სულ სიცილ-კისკისით მოვინათლეთ. ნინო და მარიამ! – გელათის ეზოში დიაკვანი გამოგვედევნა და ლოცვების კრებული გვაჩუქა. შევცბით და სანამ თვალს მოეფარა, გავუყურსეთ. მერე ისევ ხმამაღლა ვიცინოდით.

 

***

ჩვენი ბინის კედლებს ვახსოვართ უფრო ლაღები და ახალგაზრდები. ჩვენც გვახსოვს ამ სახლის სიახლის სურნელი.

 

***

ხან რა სათვალე მომარგო კონსულტანტმა, ხან – რა. მე კიდევ თვალი სულ რეიბანის თაროსკენ გამირბოდა და ექსებს მივტიროდი, მაგათ მანახეს ცხოვრება-მეთქი. მითქვამს, მე ვიქნები დედაბერი რეიბანით.

***

შევიკრიბეთ „დილის გაზეთის“ ხალხი და ძველი ამბები გავიხსენეთ, მათ შორის ისიც, მანანა დუმბაძემ ინტერვიუზე წასვლის წინ რომ მომაძახა  – სად მიდიხარ, სად, ლანდავს ეგ კაბა! და მე კიბის თავზე კისკისით რომ დავბზრიალდი – იმიტომაც მაცვია, რომ ლანდავს-მეთქი. ეს იყო მარჯანიშვილის 5-ში, 1996 წლის თბილი შემოდგომა.

***

დიდ ვიტრინაში გამოფენილი სამკაულებიდან მხოლოდ ერთს რომ დაადგამ თვალს, ყიდვას ვერ გადაწყვეტ და ცოტა ხანში მეგობარი ზუსტად იმ საყურეს გაჩუქებს, ამ ალგორითმს რა დავარქვათ?

***

ავდექი და საქმიანი წერილის სათაურის ველში ჩავწერე  – „მალე გაზაფხული მოვა“.

მომკლა ამ ცერემონიებმა.

 

***

მოსართავები შევინახეთ, საახალწლოდ მორთული ტოტებიდან ასკილი ჩამოვკრიფეთ, ახლა შეგვიძლია ჩავლილი დღესასწაულის ჩაი დავლიოთ და ყოველდღიურობის სადღეგრძელო ვთქვათ.

***

ერთი მაკე ძაღლია ნიჩბისში. დილის ვარჯიშის დროს ადევნებია ლევანს და მაგის ხათრით ნელა ვირბინეო.

გავძაღლდით.

 

***

სკოლის დროს 96-ფურცლიან რვეულში გაჩაღებულ „მეგობრობის დღიურში“ იყო ასეთი შეკითხვა  – ვინ არის შენი სიმპათია? მახსოვს, თითქმის ყველა გოგოს ეწერა – ნ.დ.

 

ახლა ყველა უსმენთ, გიყვართ და აფასებთ.

 

***

ბებიაჩემის სახლში ერთი პატარა ოთახი იყო. ასეც ვეძახდით  – პატარა ოთახი. ყველას ის პატარა ოთახი გვიყვარდა, ყველას იქ გვინდოდა ცხოვრება. 5-6 კვ.მ. იქნებოდა, მეტი არა. ეტეოდა კომოდი, საწოლი და კედელზე დაკიდებული წიგნის თაროები. ბებიაჩემის სახლი ხშირად მახსენდება, მაგრამ რატომღაც ამ ოთახის გარეშე. პატარა ოთახი ჩემს მეხსიერებაში განცალკევებულად არსებობს, მისამართი კი იგივეა – კასპის 4.

***

პიჯაკების საქმე

 

25 წლის წინ, ერთ მზიან და ქარიან დღეს, პიჯაკები ჩავიცვით და ვიქორწინეთ.

ასე დამოყვრდა მტკვრის ორი ნაპირი.

 

***

ლევანმა გამოიძახა ხელოსანი ლევანი. იმან, მარტო ვერ ვიზამო და კიდევ ერთი ლევანი მოიყვანა.

***

თვალის ტუშის რეკლამა შემომხვდა – ექსპრეს კონტროლ 4D!

ვისთვის წამია ცხოვრება, ვისთვის წამწამი.

 

***

მეგობარს რაღაც მივწერე და სხარტად, სულ ერთი სიტყვით მიპასუხა. არ უნდა ამას search in conversation, ეს სიტყვა აქამდე არასოდეს გამოუყენებია. იმ წამსვე ვიფიქრე, ახალი ურთიერთობითაა გატაცებული-მეთქი, რადგან ასეთ “ფანჯრებს” სიტყვების ახალი ნაკადი მოჰყვება ხოლმე. ჰა, რა ხდება-მეთქი და პასუხად სიცილი აუტყდა, ჯერ ისეთი არაფერიო.

სიტყვებს დაუკვირდით, სიტყვებს.

 

***

– მატასი, შეეშვი ლეპტოპს და გადი ეზოში.

– მაცადეთ! აბა, საიდან ეს ათიანები, კი არ მოფრინავს.

 

***

– ნათია სად არის?

– აგროპრომშია და მოვა მალე.

 

მამაჩემი აგროჰაბზე.

 

***

„ერთი კარი აბაზანაში შედის. ყველა დანარჩენი კარი კარადისაა. მოკლედ, ერთოთახიანია.“

აღწერე ფრიშზე უკეთ.

 

***

სოფლის ცხოვრება

 

ლევანი მაღაზიაში წავიდა, მობილური სახლში დარჩა და ვეღარ ვაგებინებ, რომ ჩაი წამოიღოს. დავურეკე მაიას, მაღაზიის მეპატრონეს, რუსიკო ვარ, გენაცვალე, ზემო ნიჩბისიდან, ჩემი ქმარი შემოივლის და ჩაი შეახსენეთ-მეთქი.

 

***

გემრიელი საუზმე, სწრაფი ინტერნეტი და კარგი დაზღვევა – არ გამოვრიცხავ, საღამოს აზრი შევიცვალო.

***

კრემიანი ფუნთუშებით ვივახშმეთ.

– დე, შენ რომელი ჭამე?

– მე? მოცხარის.

– არცერთი არ იყო მოცხარის.

ფიქრიანი ქალის გამასპინძლება ადვილია.

 

***

ძლივს მოვუყარე თავი ყვავილების თესლებს  – იპომეაო, გვირილაო, გაზანიაო, ღიღილოო, ფიზალისიო, მიმოზაო… და სადღაც გამებნა. შევინახე და ვეღარ ვპოულობ. სამაგიეროდ, დღე ერთია და ასჯერ ვიკითხავ ხოლმე:

თესლები არ გამოჩენილან?

 

***

მობილური მოვიმარჯვე ფოტოს გადასაღებად და მატასის მესმის:

„არსებობს ორი ტიპის ქალი: აქ გადამიღე კიდევ ერთი და აქ გადავიღებ კიდევ ერთს. შენ ხარ მეორე.“

 

***

ტროტუარზე ჩახერგილ მანქანებზე მოსაკითხის მიწერისგან საჩვენებელი თითი სულ ჭუჭყიანი მაქვს. ესეც პასუხი კითხვაზე – „წერ რამეს?“

 

 

 

რეპეტიტორობის ჩრდილქვეშ – რა გვიჯდება მშობლებს კერძო მასწავლებლები?

0

სკოლის დაწყებასთან ერთად ისევ დგება დღის წესრიგში მწვავე საკითხი – მოვძებნოთ მასწავლებლები, რომლებიც ჩვენს შვილებს იმ საგნებში დაეხმარებიან, რომლებშიც დახმარება სჭირდებათ და სკოლაში ამის საშუალება არ ეძლევათ. ეს მწვავე საკითხი კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმაზე, რომ ხარისხიანი განათლებისადმი წვდომა ქვეყანაში კვლავ არათანაბარია, კერძო რეპეტიტორების სისტემა უფრო მეტად ძლიერდება და უთანასწორობა უფრო ღრმავდება.

სხვადასხვა საგანმანათლებლო ფეისბუქჯგუფში უკვე აგვისტოს ბოლოდან გააქტიურდა განცხადებები, რომელთა საშუალებითაც სასურველ მასწავლებელს ეძებენ. მშობლები ეძებენ მასწავლებლებს შვილებისთვის, მეორე კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით. ყოველდღიურად უამრავი განცხადება ქვეყნდება ამ ჯგუფებში და ეს განცხადებები ერთგვარ სურათს ქმნიან, თუ როგორ ცდილობენ მშობლები სწავლების უფრო ხარისხიანი გზების მოძიებას საკუთარი შვილებისთვის და როგორ ვერ პასუხობს განათლების სისტემა სათანადოდ მოსწავლეთა საჭიროებებს, ვერ აკმაყოფილებს მათ მოლოდინებსა და ვერ ჭრის მათ პრობლემებს.

მომავალი სასწავლო წლის კერძო მასწავლებლებისა და სხვადასხვა წრეების (შემოქმედებითი, სპორტული) ბიუჯეტირებაში გართულმა, გადავწყვიტე სხვა მშობლებისთვისაც მეკითხა აზრი, როგორ ემზადებიან ახალი სასწავლო წლისთვის, რატომ სჭირდებათ კერძო მასწავლებლები და რა იქნება ამის საფასური რიგითი, ქართული ოჯახისთვის, რომლისთვისაც განათლება და ცოდნა განსაკუთრებული ღირებულებაა. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ კერძო მასწავლებლების ანაზღაურება მშობელს დამატებით ფინანსურ ტვირთად აწვება, განსაკუთრებით ერთზე მეტი ბავშვის შემთხვევაში და უმეტეს შემთხვევაში ეს არ არის მშობლის კაპრიზი ან ახირება. (ასეთი აზრიც გამოითქვა)

როგორც მშობელთა კომენტარებიდან გამოიკვეთა სკოლა ვერ აძლევს ბავშვებს უცხო ენის ხარისხიანად შესწავლის საშუალებას; პრობლემაა მათემატიკა და საბუნებისმეტყველო საგნები – ფიზიკა, ქიმია. მშობლები იძულებული არიან მასწავლებლები სკოლის გარეთ ეძებონ.

ნინო სამი შვილის დედაა, უფროსი შვილი მეხუთე კლასში გადავიდა, შუათანა მესამეში, ხოლო მესამე შვილი ჯერჯერობით ბაღშია და ოჯახს მალე დაემატება მისი ხარჯებიც. ნინო ამბობს: „ყველაზე მეტად ის მაბრაზებს, რომ სკოლაში ვერ იღებენ ბავშვები შესაბამის განათლებას. არადა, ჩვენი სკოლა (221-ე მეგა) კარგ სკოლად ითვლება და მასწავლებლების უმრავლესობა მართლა კარგია. პრობლემა ისაა, რომ 45-წუთიან გაკვეთილში ყველაფერი ვერ ესწრება. თან 29 ბავშვიდან ყველა ერთნაირად აქტიური არ არის და მასწავლებლები ასეთ ბავშვებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. მათემატიკასა და ინგლისურში აუცილებელია დამატებით მომზადება, სხვანაირად მინიმალურ ცოდნასაც ვერ მიიღებენ. თითო საგანი თითო ბავშვზე მინიმუმ 100 ლარია, მეხუთე კლასი წელს ისტორიას იწყებს და მშობლები უკვე რეპეტიტორებს არჩევენ. ამას გარდა, ორივე დადის მუსიკაზე, რაც თვეში 120 ლარი ჯდება, ძალიან უნდათ ცეკვა და ცურვა, ესეც თითო ბავშვზე მინიმუმ 80-100 ლარის დამატებითი ხარჯია. უფროსი შვილი დადის კალათბურთზე, რომელიც ჯერ 100 ლარი ღირდა, მერე 120, ახლა მომწერეს 150 გახდაო. ასევე დადის პროგრამირებაზე, რომელიც თვეში 175 ლარი ღირს. ყველა დამატებითი აქტივობა რეალურ ფუფუნებად ითვლება, მაგრამ სამომავლოდ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის“, – ამბობს ნინო.

 

ანა ორი დაწყებითი კლასის მოსწავლის დედაა და მიუხედავად იმისა, რომ საშუალო ფენის წარმომადგენელია, ბავშვების დამატებითი მეცადინეობა სხვადასხვა საგანსა და სპორტულ და შემოქმედებით წრეებზე მათი მიყვანა ფინანსურად მისთვისაც გამოწვევაა. „მეორე და მესამე კლასში გადადიან ჩემი შვილები, ინგლისურს ვაგრძელებთ. ჩემი შვილების გარდა, ჩემი ქმრის ორი შვილი გვყავს, რომლებიც ასევე ჩვენთან მეცადინეობენ ინგლისურში. შარშანწინ ერთი ბავშვის რვა მეცადინეობაში, სახლში მოსვლით 70 ლარს ვიხდიდით. შარშან თითოში 80-ს (ჯამში 320). წელს ჯერ არ ვიცი, რა იქნება. მინდა კიდევ რამეზე მიყვანა, მაგრამ ჩემთვის დროის უქონლობაა სერიოზული პრობლემა, მაგალითად, სპორტულ აქტივობებზე მიყვანა რთულია მაგის გამო. ცურვა კარგი იქნებოდა, მაგრამ მინიმუმ 120 ლარი უნდა გავითვალისწინო თითოზე, ოთხზე – 480. ამას დავუმატოთ ინგლისურის 320 (უკეთეს შემთხვევაში), ეგეც 800 ლარი… ჩინურის სწავლა უნდა ჩემს უფროს შვილს, ეგეც არ დაჯდება იაფი. მოკლედ, დამატებითი აქტივობები ფუფუნებაა, განსაკუთრებით მოუცლელი მშობლებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურ რეჟიმში არ გვყავს დამხმარეები და იმიტომ მუშაობენ ამდენს, რომ ისევ ოჯახს დაეხმარონ. კერძო სკოლის გამოცდილებაც მქონდა, უმცროსს კვირაში 4 საათი ჰქონდა ინგლისური, უფროსს – 5, მაგრამ კიდევ კარგი დავანებებინე კერძოდ მეცადინეობას თავი, იმიტომ, რომ ეგ 9 საათი თვალებში ნაცრის შეყრის გარდა არაფერი იყო. ამიტომ ისევ საჯარო სკოლაში დავაბრუნე და ხარჯები 540 ლარით შევამცირე. (უფრო მაღალფასიანი სკოლა ჩვენს მიმდებარე ტერიტორიაზე რელიგიურ მოტივებზეა და არ მინდოდა ჩემი შვილები მსგავს გარემოში ყოფილიყვნენ). მორალურად ვემზადები იმისთვის, რომ, რაც უფრო გაიზრდებიან, სწავლის ხარჯებიც მოიმატებს. ჯერ მეორე და მესამე კლასელები არიან“, – წერს ანა.

ლანა მეუღლესთან და ორი შვილთან ერთად წლებია გერმანიაში ცხოვრობს. ის ამბობს: რომ „განათლების სფეროში პრობლემების გამო ვერ ვბედავ საქართველოში დაბრუნებას. მათე ფეხბურთს თამაშობს და აქ დაბრუნების შემთხვევაში, სად უნდა ითამაშოს, თუ თბილისში ან კიდევ მაქსიმუმ დიდ ქალაქში არ ცხოვრობ? აქ (გერმანიაში) მიზერულ თანხას ვიხდით, 26 ევროს კვარტალში და გუნდის არჩევის დიდი საშუალებაცაა.

საჯარო სკოლის მეექვსეკლასელი ლუკას ყოველთვიური სასწავლო ხარჯი 350 ლარია, მერვე კლასელი თეკლას ყოველთვიური გადასახადი 430 ლარი. ზოგიერთ მშობელს დამატებით ყოველთვიურად 600 ლარის გადახდა უწევს კერძო მასწავლებლებისთვის. დამატებითი ხარჯია სპორტული აქტივობები. სპორტული აქტივობებიდან ცურვა განსაკუთრებით ძვირია, რის გამოც მშობლები არჩევანს ისევ სასკოლო საგნებზე აკეთებენ და სპორტულ აქტივობებზე ბავშვის მიყვანისგან თავს იკავებენ. „პრიორიტეტების გადასინჯვას ვიწყებთ“, – ამბობენ ისინი და პრიორიტეტებში ისევ და ისევ იგულისხმება სასკოლო საბაზისო საგნები – ინგლისური, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია…

„უფროსი შვილის ფეხბურთი 100 ლარი ღირს, ჭადრაკი – 80, წელს ინგლისურზე აუცილებლად უნდა მივიყვანო და არ ვიცი რამდენი გამოვა. ცურვა კატასტროფულად ძვირია“, – გვეუბნება კიდევ ერთი მშობელი.

„იმას ვფიქრობ, რამდენი უნდა ვიმუშაო, რომ ფულიც მქონდეს და დროც სატარებლად. ხელფასი გამომუშავებით მაქვს და საკმარისი თუ მოვაგროვე, დრო აღარ მრჩება იმისთვის, რომ ბავშვი ვატარო“.

შორენა ოთხი მოსწავლის დედაა, მეექვსედან მეთერთმეტეს ჩათვლით. ის ამბობს: „ოთხი მოსწავლე შვილის ფონზე შეღავათია ის, რომ, ვთქვათ, თითო ბავშვს მხოლოდ თითო საგანში ვამზადებ. ეს იმის მიხედვით, თუ რომელს რაში სჭირდება დახმარება. ბავშვი თავად არის უყურადღებოდ გაკვეთილზე და სულ რომ არ ჩამორჩეს იმ საგანში, რომელიც მნიშვნელოვანია და პედაგოგიც ძალიან კარგი ჰყავს, მიწევს მოვამზადო. ასევე, დაემატათ ახალი საგანი – ქიმია, რომელსაც ვერ აუღეს ალღო და ვერც ახსნილს იგებდნენ,  მიწევს მოვამზადო ქიმიაშიც… ასევე პრობლემაა რუსული, რომელიც არ უყვართ და იძულებულნი არიან, ისწავლონ… ვამზადებ ნიშნის გამო. ჯერჯერობით, ვცდილობ, ერთზე მეტი საგანი არ იყოს. ზოგჯერ ნამდვილად არის პედაგოგის პრობლემა. პრობლემაა ასევე კლასში ბავშვების რაოდენობა, უცხო ენის გაკვეთილზე კლასი არ იყოფა კლასი და ვერ ხერხდება ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება. ხშირად დამატებითი უცხო ენის შერჩევას გვთავაზობენ და ბოლოს რუსული შემოგვრჩა ისევ… აუცილებლად უნდა აღვნიშნო გართულებული სახელმძღვანელოები თითქმის ყველა საგანში, თავად მასწავლებლებსაც რომ უჭირთ გაჰყვნენ ამ წიგნებს… რაც შეეხება სპორტულ წრეებს, თითო სახეობაზე დადიან ჩემი შვილები. მინდა, აღვნიშნო ისიც, რომ თითქმის არ გვაქვს შეღავათები, როგორც მრავალშვილიანს. რუსთავში ვცხოვრობთ და ზოგადად არაა მაღალი ფასები და კიდევ მივიყვანდი შემოქმედებით წრეებზე, მაგრამ ბიუჯეტში ვეღარ ჩავეტევი“.

მიუხედავად იმისა, რომ მშობელთა კომენტარები აჩვენებს განათლების სისტემის ხარვეზებს, ეს მაინც არასრული სურათია იმისა, რაც დღეს გვაქვს ამ სფეროში და ბოლომდე ვერ ასახავს არსებულ პრობლემებს. ხედავს თუ არა განათლების სისტემა ისეთ მოსწავლეს, რომელსაც შეიძლება განსხვავებული საჭიროება ჰქონდეს, სჭირდებოდეს დამატებითი მეცადინეობა, ჰქონდეს პოტენციალი ცოდნის კომპენსირების და არაფერს აკეთებდეს საპასუხოდ – ეს კითხვები გვიჩნდება მშობლებს, თუმცა პრობლემის მოსაგვარებელ გზებს, სკოლის გარეთ თავად ვეძებთ, მარტო.

 

 

ნიკოლოზ ბარათაშვილი, კორეელი მინზა და ჯიმ კვიკის „უსაზღვროება“

0

„ვიმედოვნებ, რომ ამ წიგნში მოცემულ ცოდნას გამოიყენებთ არა მხოლოდ თქვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად, არამედ – თქვენ გარშემო მყოფთათვისაც. ფორმულა ძალიან მარტივია: ისწავლე + დაეუფლე + გააზიარე. გმირის მოგზაურობა მხოლოდ მას ვერ მოუტანს სარგებელს: თქვენი ახალი ცოდნით შეგიძლიათ დაეხმაროთ გარშემო მყოფებსაც“.

ჯიმ კვიკი

 

მერვე კლასის ქართულის სახელმძღვანელოში შეტანილია ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი „ფიქრნი მტკვრის პირას“. პოეტის ბიოგრაფიის უკეთ გასაცნობად მოსწავლეებს მაიკო ორბელიანისადმი მიწერილი მისი პირადი წერილი წავუკითხე და ვთხოვე, დაჰკვირვებოდნენ, რა ინტერესები ჰქონდათ იმ ეპოქის ადამიანებს. შემდეგ პოეტს პირადი წერილები მისწერეს და საკუთარი თვალთახედვით 21-ე საუკუნე გააცნეს. ამგვარი აქტივობებით 13 წლის მოზარდებს წარმოდგენა შეექმნათ მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში მცხოვრები ადამიანების შესახებ. „ფიქრნი მტკვრის პირას“ მთელი გულით შეიყვარეს. ბოლოს კი ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმს ვესტუმრეთ. ქალაქის გარეუბნიდან ძველი თბილისისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გავემგზავრეთ. თან სამი მშობელი გვახლდა. ფეხტურები სასკოლო ცხოვრებას სიხარულით ავსებს.

ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში დავესწარით საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც პოეტის ბიოგრაფიის, ძველი თბილისის ქუჩების ისტორიის, მუზეუმში გამოფენილი ექსპონატების გაცნობასა და სამაგიდო თამაშს მოიცავდა. ინტერაქციული მეთოდებით განახლებული პროგრამა ახალი ინფორმაციის მარტივად ათვისებას უწყობს ხელს და ბავშვებიც ხალისით ჩაებნენ მასში. მათი ყურადღება წამით არ მოდუნებულა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მუზეუმის ყურადღებიან თანამშრომლებს და მასწავლებლებს ვურჩევ, ხშირად მიიღონ მონაწილეობა მუზეუმების გაერთიანების მიერ შემოთავაზებულ პროგრამებში.

მუზეუმიდან გამოსულებმა ძველი თბილისის ქუჩებში გავისეირნეთ. პირველ სემესტრში კლასის საკითხავ წიგნად შერჩეული მქონდა ნატო დავითაშვილის „ამბავი ლილე იროელისა“. 25 დეკემბერი იდგა. წიგნის წაკითხვის შემდეგ სპექტაკლისთვის სცენარის წერისას თავზე დამათენდა. რამდენიმე მონაკვეთი დადგმული გვქონდა და იმ დღეს რეზო გაბრიაძის თეატრის წინ, მოედანზე, ნატო დავითაშვილის წიგნის „ამბავი ლილე იროელისა“ მიხედვით პანტომიმა გავმართეთ, უფრო ზუსტად, ღვთისშვილებისა და ქაჯების ბრძოლა გავაცოცხლეთ. გამვლელები ჩერდებოდნენ და წარმოდგენას სიამოვნებით ადევნებდნენ თვალს. ვიდეოს გადაღებისას შევნიშნე ერთი უცხოელი ბიჭი დიდი ზომის ქურთუკით, გულღია ღიმილითა და ამოიღლიავებული წიგნით. წარმოდგენის დასრულების შემდეგ ის ბავშვებს გამოესაუბრა. ასე გავიცანით მოგზაური კორეელი მინზა. რას კითხულობთ-მეთქი, ვკითხე და აღფრთოვანებულმა გამაცნო ჯიმ კვიკის წიგნი, ტვინის უსაზღვრო შესაძლებლობებში არწმუნებს მკითხველსო. მინზას გამოვემშვიდობეთ და სადილისთვის რესტორნისკენ გავეშურეთ. სანამ ჩვენ ფოტოებს ვიღებდით, ის ისევ შემოგვხვდა გზად. ჩვენთან ერთად სადილობა შევთავაზეთ და სიხარულით გამოგვყვა. გადამდები იყო მისი კეთილგანწყობა. რესტორანში სადილის საფასურის გადახდისას თანხა შემოგვთავაზა. ვუთხარით, რომ ის ჩვენი სტუმარი იყო. ცოტა ხანში მომიახლოვდა და წიგნი მომიტანა, კორეაში კიდევ მაქვს ერთი ცალი და ეს თქვენ გქონდეთ ჩემგან სახსოვრადო. ასე უცნაურად მოვიდა ჩემთან ჯიმ კვიკის „უსაზღვროება“ ულამაზესი ყდით.

სანამ რესტორანში კუთვნილ შეკვეთას ველოდებოდით, ბავშვებსა და მშობლებს გასასვლელი ბილეთები დავურიგე და შევსება ვთხოვე. ყველამ წერა დაიწყო. მინზა ღიმილით გვაკვირდებოდა. მერე ბავშვებმა კითხვები ინგლისურად უთარგმნეს (მიუწერეს) და მასაც ვთხოვე, შთაბეჭდილებების დაწერა. მინზამ ამგვარად შეავსო გასასვლელი ბილეთი:

 

5 რამ, რაც დაგამახსოვრდა:

  1. მე გავიგე ულამაზესი ქართული კულტურის შესახებ;
  2. გავიგე, როგორი კეთილი და მეგობრული ხალხი ხართ;
  3. და ლამაზი – lamazi smile (ლამაზი ღიმილი).
  4. გავეცანი ულამაზეს ქართულ ცეკვას.

2 რამ, რაც პირველად გაიგე დღეს:

  1. როგორ ხარ?
  2. მწვადი.

1 რამ, რის შესახებაც მეტის გაგების სურვილი გაქვს:

  1. ქართული ტრადიციული ცეკვის ისტორია.

1 შეკითხვა, რომელიც დაგებადა:

  1. რა არის იმ ცეკვის სახელი, რომელიც დღეს დადგით?

რის თქმა მსურს ლელა მასწავლებლისთვის?

მე ძალიან ვაფასებ სადილად მოწვევას. თავს დაფასებულად ვგრძნობ და ეს დღე არასდროს დამავიწყდება.

 

5-წუთიანი ჩანაწერი. დაწერეთ, რა ხდება ახლა თქვენ ირგვლივ. რას ფიქრობთ?

მე დღეს ვიგრძენი სიყვარული და სიკეთე და ეს შიგნიდან მათბობს. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სიკეთისთვის.

სადილის შემდეგ მინზამ ყველა სანაყინეში დაგვპატიჟა. მისი გასასვლელი ბილეთიდანაც ჩანს, რომ მისთვის სიკეთე მთავარი ღირებულებაა. გამოვემშვიდობეთ მინზას და შინ დაბრუნებული ბავშვების გასასვლელი ბილეთების კითხვისას დავრწმუნდი, რომ მან ჩვენი დღის განწყობა შექმნა. 25 დეკემბერს ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფიის გაცნობის პარალელურად სამყარომ დაუვიწყარი თავგადასავლები გვაჩუქა. სოციალურ ქსელში ჩვენი ფეხტურის შესახებ სტატუსი რომ გამოვაქვეყნე, ერთმა მასწავლებელმა მომწერა, ქუჩაში დაგინახეთ და ისეთი მხიარულები და ბედნიერები იყავით, ყურადღება მიიქციეთო.

მინზას ნაჩუქარი ინგლისურენოვანი წიგნის წაკითხვა რამდენჯერმე ვცადე. ჩემი ყურადღება მიიქცია ერთ-ერთმა თავმა, რომელიც კითხვის მნიშვნელობას ეხებოდა. თბილისის წიგნის ფესტივალზე კი შემთხვევით გადავაწყდი ქართულ თარგმანს და შევიძინე.

ჯიმ კვიკის „უსაზღვროება“ სამოტივაციო ჟანრის წიგნია. ავტორი პირად ამბებსა და ცნობილი ადამიანების გამოცდილებას გვიზიარებს. ჯიმ კვიკს ბავშვობაში კითხვა უჭირდა, რაც პრობლემებს უქმნიდა. შემდეგ სკოლაში რადიატორს თავი ჩამოარტყა და ტვინი დაუზიანდა, რამაც კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა დასწავლისას. წიგნის მთავარი გზავნილიც სწორედ ის არის, რომ ბავშვობაში გადატანილი ტრავმები ხშირად განმავითარებელ სტიმულად იქცევა და ადამიანს აძლიერებს.

ჯიმ კვიკის მოსაზრებით, ტვინს, სხეულის სხვა კუნთების მსგავსად, სჭირდება ვარჯიში, გამოკვება და ზრუნვა. იგი გვიზიარებს მეხსიერების, აზროვნების, მოტივაციის შესახებ სხვადასხვა შეხედულებას, სავარჯიშოებს, მეთოდებს. წიგნში აღწერილი ინფორმაციიდან ბევრი რამ ჩემთვის ნაცნობი იყო, თუმცა, წიგნის წაკითხვის შემდეგ მოტივაცია გამიღვივდა და ცხოვრებისადმი ჯანსაღმა დამოკიდებულებებმა თავი ერთად მოიყარა.

წიგნს მასწავლებლის თვალითაც ვკითხულობდი და ვცდილობდი, საკვანძო საკითხები მოსწავლეებისა და კოლეგებისთვისაც გამეცნო.

პოზიტიური აზროვნება

ჯიმ კვიკის აზრით, პოზიტიურ აზროვნებას დიდი ძალა აქვს და სამყაროს მიმართ ოპტიმისტურ დამოკიდებულებას გულისხმობს:

  • სიცოცხლის გაზრდილ ხანგრძლივობა;
  • დეპრესიის დაბალ მაჩვენებელს;
  • ორგანიზმის გამოფიტვის დაბალ დონეს;
  • გაციებისადმი დიდ მედეგობას;
  • უკეთეს გონებრივ და ფიზიკურ ჯანმრთელობას;
  • გულსისხლძარღვთა სისტემის გაუმჯობესებას;
  • სირთულეებისა და სტრესული სიტუაციებისადმი გამკლავების ძლიერ უნარს. [კვიკი 2023, 128]ჭიანჭველები“.

პოზიტიური აზროვნების ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად შეიძლება იქცეს „ჭიანჭველები“ „ავტომატური ნეგატიური აზრები“, რომლებიც თითოეულ ჩვენგანის ტვინს აბინძურებენ. ნეგატიური აზრების ცხოვრებისგან განდევნა გვეხმარება თავდაჯერებულობის მოპოვებასა და სიხარულის შეგრძნებაში.

 

პოზიტიური გარემო

„თქვენ ჰგავხართ მათ, ვისთანაც ურთიერთობთ“ – წერს ჯიმ კვიკი და გვაფრთხილებს, რომ არასასურველი გავლენებისგან თავი დავიცვათ. „კარგი იქნება, გამოყოთ რამდენიმე წუთი და დაფიქრდეთ იმაზე, თუ ვინ არიან თქვენ გარშემო მყოფი ადამიანები, რამდენად ახდენენ გავლენას თქვენს ცხოვრებაზე და როგორ მოქმედებს ეს თქვენს სურვილზე – იყოთ სხვისი აზრებისგან გათავისუფლებულები“. [კვიკი 2023, 196]

 

პატარა ნაბიჯების ძალა

ხშირად დასახული მიზნისკენ სიარულისას მოტივაცია ქრება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს საკუთარი თავისთვის დასახული რთული ამოცანები, რომლებიც თანდათან მრავლდებიან. ჯიმ კვიკის მიხედვით, სჯობს, ყოველდღიურად პატარა ნაბიჯები გადავდგათ, დავასრულოთ დაწყებული საქმეები და მალე ჩვენი ქცევა ჩვევაში გადაიზრდება.

 

ყურადღების შენარჩუნება

კიდევ ერთი საჭირო უნარი ყურადღების შენარჩუნების გამომუშავებაა. მულტიფუნქციურობა, როდესაც ერთდროულად რამდენიმე საქმეს ვაკეთებთ, ტვინის მუშაობას აფერხებს. ერთდროულად საუბარი და შეტყობინებების შემოწმება მობილურ ტელეფონში არასწორია. მასწავლებლებს ხშირად გვიწევს მოსწავლის საუბრის მოსმენა. ამ დროს გონება შეიძლება გაგვეფანტოს, ფიქრებით სხვაგან ვიყოთ. თუკი შევეცდებით, პრაქტიკულად ვიმუშაოთ ყურადღების ფოკუსირებაზე, თუნდაც ვიყოთ ეფექტური მსმენელები, აუცილებლად გამოგვივა და ამას მოსწავლეებიც იგრძნობენ. რადგან ძალიან რთულია აქტიური მოსმენა, შეგვიძლია, მოკლე ჩანაწერები გავაკეთოთ და მოსწავლის ნათქვამი საკვანძო ფრაზები ჩავინიშნოთ. აქ და ახლა – ყოფნა მუდმივად აწმყო დროში ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც შეგვიძლია ურთიერთობებისას სხვებს თუ საკუთარ თავს ვაჩუქოთ.

 

ცხოვრების წესი

ჯიმ კვიკი გვირჩევს, მოვიწესრიგოთ ძილი, გაღვიძებისთანავე ჩავიწეროთ სიზმრები, დავლიოთ წყალი, რამდენიმე წუთი მაინც დავუთმოთ ვარჯიშს, მედიტაციას, გავთავისუფლდეთ ცრუ წარმოდგენებისგან, ჩამოვწეროთ დღის გეგმა, გავაკეთოთ ჩანიშვნები და დღის განმავლობაში სულ ცოტა 10 წუთი მაინც ვიკითხოთ, რადგან კითხვა გონების საუკეთესო ვარჯიშია.

 

 კითხვა

ცალკე თავი აქვს დათმობილი დაჩქარებული კითხვის მნიშვნელობის განმარტებასა და მეთოდებს. ერთ-ერთი საინტერესო რჩევაა, წამმზომის გამოყენება კითხვისას, კერძოდ, ყოველი 25 წუთის შემდეგ გავჩერდეთ და ჩამოვწეროთ 5 მნიშვნელოვანი რამ, რაც დაგვამახსოვრდა. ამგვარად წაკითხულის გააზრებას ვსწავლობთ და ვსწავლობთ მნიშვნელოვან ფაქტებზე ყურადღების გამახვილებას, შეჯამებას, ყოველივე ეს კი მეხსიერების გაუმჯობესებას უწყობს ხელს. შეიძლება, ყოველი წიგნის წაკითხვისას ამგვარი წყვეტა დამღლელი იყოს, თუმცა დროდადრო ამ მეთოდის გამოყენება საინტერესოა. ასევე, ვაპირებ, რომ ჩემს მოსწავლეებს ვასწავლო 25-წუთიანი შესვენებები კითხვისას და ჩანაწერების გაკეთება. ამ მეთოდს საშინაო დავალების ინსტრუქციადაც ვაქცევ.

„თუ ვინმე გეტყვით, რომ წიგნებს არ კითხულობს, ეს არსებითად ნიშნავს, რომ მან შეწყვიტა რაიმე ახლის სწავლის მცდელობა“,მეც ვეთანხმები ამ მოსაზრებას, რადგან მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლა კითხვის გარეშე წარმოუდგენელია. „თითქმის შეუძლებელია, სწავლა გახადოთ დინამიკურ პროცესად და აქციოთ იგი თქვენი ცხოვრების მუდმივ ნაწილად კითხვისადმი მიზანმიმართული მიდგომის გარეშე“. [კვიკი 2023, 308]

ავტორი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს კითხვის დადებით მხარეებს, კერძოდ, კითხვა:

  • ააქტიურებს ტვინს;
  • აუმჯობესებს მეხსიერებას;
  • აძლიერებს თქვენს ფოკუსირებას;
  • ამდიდრებს ლექსიკას;
  • ხელს უწყობს წარმოსახვას;
  • გიღვივებთ თანაგრძნობის უნარს.

დინება (Flow)

ფსიქოლოგ ჩიკსენტმიჰალის მიხედვით, დინება არის ის მდგომარეობა, რომლის დროსაც იღებ უზარმაზარ სიამოვნებას, კარგავ დროის შეგრძნებას და ივსები დადებითი ემოციებით. სწავლა, უფრო მეტად კი სწავლება, ნამდვილად არის ჩემთვის ის, რასაც შეუძლია ჩამაყენოს დინების მდგომარეობაში.

ჯიმ კვიკი დაწვრილებით მიმოიხილავს დინების მახასიათებლებს და გვაძლევს რჩევებს, რათა მიზანმიმართულად აღმოვჩნდეთ დინებაში: გააკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ – ჩემი აზრით, ეს არის მთავარი მაქსიმა. დინებისთვის ხელისშემშლელია:

  1. მრავალამოცანა;
  2. სტრესი;
  3. წარუმატებლობის შიში;
  4. თავდაჯერებულობის ნაკლებობა.

ჩემთვის დინება არის თითქმის ყოველი გაკვეთილი, როდესაც სხვა მოვალეობები და პრობლემები თავისთავად მავიწყდება. დრო მიქრის, მსიამოვნებს ბავშვებთან ყოფნა, რადგან თავს საჭიროდ ვგრძნობ. განსაკუთრებულია მოსწავლეებისთვის დაგეგმილი აქტივობები არაფორმალურ გარემოში: ლიტერატურული კაფეები, ფეხტურები, მუზეუმში სტუმრობა, სპექტაკლები, მწერალთან შეხვედრა…

ჰკითხეთ საკუთარ თავს, როდის ხართ დინებაში?

 

დადებითი ემოციები

მასწავლებლის როლის მნიშვნელობაზე დადებითი ემოციების შესახებ აღწერილმა კვლევამ დამაფიქრა. უარყოფითი ემოციები ტვინის შესაძლებლობების გამოვლენას თრგუნავს, დადებითი ემოციები კი პირიქით – ხელს უწყობს.

„როდესაც განიცდით დადებით ემოციებს, როგორიცაა სიხარული, კმაყოფილება და სიყვარული, თქვენ ხედავთ ბევრად მეტ შესაძლებლობას ცხოვრებაში“. [კვიკი 23023, 135]

წიგნში დამოწმებული კვლევის მიხედვით, დადებითი ემოციები:

  • ზრდის ყურადღებისა და აზროვნების შესაძლებლობებს;
  • აქრობს უარყოფით ემოციურ აღგზნებადობას;
  • ასტიმულირებს ფსიქოლოგიურ სტაბილურობას;
  • ქმნის შესაბამის პერსონალურ რესურსებს;
  • ხელს უწყობს ცხოვრების დონის ამაღლებისკენ მიმართულ საქმიანობას და ადამიანის პიროვნულ კეთილდღეობას.

ჯიმ კვიკის „უსაზღვროებაში“ თავმოყრილმა ცოდნამ თავისი სახელი დაარქვა იმას, რისკენაც სასწავლო პროცესი მიმყავს – მოსწავლეებისთვის სიხარულის, კმაყოფილების, სიყვარულის მინიჭება. დადებითი ემოციები ადამიანის კეთილდღეობისა და დღეგრძელობისკენ გადადგმული ნაბიჯიაო, შემაჯამებელ აბზაცში წერს ჯიმ კვიკი და მეც დიდ სტიმულს მაძლევს ჩემი პროფესიული საქმიანობის გასაახლებლად. შეიძლება ითქვას, კორეელი მინზას ნაჩუქარ წიგნში ვიპოვე პასუხი იმისა, თუ როგორი დადებითი ემოციების მომტანია მოსწავლეებთან ერთად არაფორმალურ გარემოში დროის გატარება, ფეხტური ქალაქში, მუზეუმების მონახულება, წიგნის კითხვა და საკლასო ოთახში დადგმული ცეკვით სხვებისთვის წაკითხულის გაზიარება თუ სიამოვნების მინიჭება.

ჯიმ კვიკი წიგნის ბოლოს ურთავს მადლიერების წერილს, რომელიც ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით კი მასწავლებლებისადმი გამოხატული მადლიერება:

„განსაკუთრებული მადლობა ჩემი სკოლის მასწავლებლებს (და მთელი მსოფლიოს მასწავლებლებს) – ვიმუშავე უამრავ პედაგოგთან. ვიცი, რამდენად რთულია თქვენი შრომა. გმადლობთ ყურადღების, თანაგრძნობისა და ერთგულებისთვის. თქვენ ნამდვილი სუპერგმირები ხართ. ჩვენ გვიყვარს სუპერგმირების ლაბადები, რომლებსაც ატარებთ“. [კვიკი 2023, 366]

ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი „ფიქრნი მტკვრის პირას“ ასე მთავრდება:

„მაგრამ, რადგანაც კაცნი გვქვიან – შვილნი სოფლისა,
უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა.
არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!“.

25 დეკემბერს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში სტუმრობამ და ამ დღეს განვითარებულმა მოვლენებმა 21-ე საუკუნის მასწავლებელი და მოსწავლეები კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ „სოფლისთვის ზრუნვა“ შეიძლება აღმოჩნდეს ქართული პოეზიის კითხვა. ქალაქის გარეუბნის სკოლაში მთელი გულით გადაშვებამ მე-19 საუკუნის პოეტის ცხოვრებასა და პოეზიაში ახალი გზებით გვატარა, დაუვიწყარი ემოციები გვაჩუქა, გაგვაცნო მინზა და მანაც ჯიმ კვიკის „უსაზღვროებით“ კიდევ უფრო დიდი შემართებით მიმაბრუნა ჩემი საყვარელი საქმისკენ. სწორედ „უსაზღვროების“ ფურცლებზე ამოვიკითხე შემდეგი ფრაზაც: „სიცოცხლის ერთდერთი მიზანი ცოდნის გადაცემაა. უმაღლესი მიზანი არ არსებობს. ასე რომ, თუ მეკითხები, რა უნდა მოიმოქმედო მთელ ამ ცოდნასთან ერთად, რომელსაც აგროვებ, მე გეტყვი – გადაეცი“. [კვიკი 2023, 353] ამ წიგნში ასახული მეთოდებიც „სოფლისთვის ზრუნვაა“.

 

გამოყენებული ლიტერტურა:

  1. კვიკი, ჯიმ. 2023. უსაზღვროება – ავარჯიშე ტვინი, ისწავლე სწრაფად და მიაღწიე უსაზღვროებას. თარგ. ლიკ გურაბანიძე. რედ. მზია რაზმაძე, გოგი სალიაშვილი. თბილისი: წიგნი+ერი

 

 

 

პირველკლასელის მშობლებთან თანამშრომლობისთვის

0

ყოველი სასწავლო წლის დასაწყისი ემოციებით არის სავსე, თუმცა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ალბათ ყველას გვქონია გამორჩეული მომენტი, როცა ჩვენი საყვარელი პატარა პირველად მიდის სკოლაში.

პირველი კლასი, პირველი მასწავლებელი, პირველი საშინაო დავალება, პირველი პასუხისმგებლობა, პირველი ნაბიჯები დიდობაში – ბავშვებთან ერთად ამ გზას მშობლებიც კიდევ ერთხელ გადიან. პატარა შვილების მსგავსად ისინიც განიცდიან სიახლეებით გამოწვეულ შფოთს, მით უმეტეს, თუ პირველი შვილი შედის სკოლაში.

როგორი მასწავლებელი შეხვდება? როგორ შეეგუება მეგობრებს? რას იზამს გაკვეთილზე? მიაგნებს თუ არა საპირფარეშოს? შეძლებს თავის თავს მოემსახუროს? დაძლევს თუ არა პროგრამას? იგრძნობს თუ არა თავს უსაფრთხოდ? ამ და სხვა ფიქრებით არის მოცული სექტემბერში პირველკლასელის მშობლის გონება.

როგორ დავეხმაროთ პირველკლასელის მშობლებს, დაძლიონ დაძაბულობა, რომ სწორად შეასრულონ მათ წინაშე მდგომი ამოცანები და გახდნენ შვილებისა და მასწავლებლების პარტნიორები?

რადგან ამ პერიოდში მშობლებს ნაკლები წარმოდგენა აქვთ სასკოლო ცხოვრების შესახებ, მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა მათ მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება სწორი წარმოდგენა შეიქმნან სკოლის როლის შესახებ. კერძოდ:

  • რა არის არის სკოლის მიზანი? რა მოეთხოვება სკოლას? რა ღირებულებებზე დგას მათი სკოლა? – შესაძლებელია, ელფოსტით ან სხვა საშუალებით გაუზიაროს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი https://matsne.gov.ge/ka/document/view/11098?publication=0, სკოლის მისიის, ხედვისა და ღირებულებების ამსახველი საინფორმაციო ბიულეტენი.
  • მასწავლებელთან კომუნიკაციის როგორი ფორმაა მიღებული მათ სკოლაში?
  • პედაგოგების გარდა, რომელი პროფესიის წარმომადგენლები არიან სკოლაში დასაქმებული (ექიმი, მანდატური, ფსიქოლოგი და სხვა), რა არის მათი ფუნქცია?
  • როგორ ხედავს პედაგოგი მშობლების ჩართულობას? ხომ არ დასჭირდებათ სკოლაში დამატებითი რესურსები? ან ოჯახის წევრების აქტივობებში მონაწილეობა?
  • ექნებათ თუ არა ბავშვებს საშინაო დავალებები პირველ კლასში? თუ არ ექნებათ, სასურველია, გააცნოს მშობლებს არგუმენტები.
  • აუხსნას, რომ პირველკლასელ მოსწავლესთან გამოჩენილმა სიხისტემ შესაძლოა, ბავშვს სწავლის მოტივაცია დაუკარგოს.
  • გაუზიაროს სურვილი, რომ ითანამშრომლოს მშობლებთან არა მხოლოდ მაშინ, როცა ისინი მადლიერები არიან, არამედ იმ შემთხვევაშიც, თუ მოსწავლეები სკოლის თაობაზე უკმაყოფილებას გამოთქვამენ სახლში.

მეორე მხრივ, მშობელი ხომ ის ადამიანია, ვინც უამრავ ინფორმაციას ფლობს მოსწავლის შესახებ. სწორედ ამიტომ, სასურველია, მასთან საქმიანი ურთიერთობა პედაგოგმა საჭირო ინფორმაციის მოძიებით დაიწყოს. შესაძლოა, შედგეს კითხვარი ბავშვის შესახებ, რომელიც, ერთი მხრივ, მასწავლებელს დაეხმარება მოსწავლის საჭიროებების, მოლოდინებისა და სურვილების დადგენაში; მეორე მხრივ, მშობელს მიაწვდის ინფორმაციას, რომ პედაგოგი მის შვილთან ინდივიდუალურად თანამშრომლობს. შეიძლება ისეთი კითხვარის შემუშავება, რომელიც დააფიქრებს პირველკლასელის მშობელს და უკეთ დაანახებს თავისსავე შვილს.

მაგალითისთვის, პირველკლასელთა მშობლების გამოკითხვა, შესაძლოა ასეთი შინაარსის იყოს:

–           ბავშვის სახელი და გვარი

————————————————-

–           რა სახელით მიმართავთ მოფერებით?

————————————————

–           რა არის მისი საყვარელი სათამაშო?

————————————————–

–           რომელია მისი საყვარელი მულტფილმის გმირი?

—————————————————–

–           თამაშობს თუ არა კომპიუტერულ თამაშებს?

ა) დიახ

ბ) არა

– საშუალოდ რამდენ დროს ატარებს ბავშვი ეკრანთან?

ა) ყოველდღიურად არ იყენებს;

ბ) დღეში ერთ საათს ან ნაკლებს;

გ) დღეში 1 საათს და მეტს.

–           რომელია მისი საყვარელი კომპიუტერული თამაში?

—————————————-

–           როგორია მისი სწავლის მოტივაცია? როგორი მოლოდინი აქვს სკოლისგან?

—————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————-

–           დადიოდა თუ არა საბავშვო ბაღში?

ა) დიახ;

ბ) ხშირად ავადობდა, თითქმის არ უვლია;

გ) არ უვლია.

 

–           თუ დადიოდა, რამდენი წელი იარა?

———————————————————–

–           გავლილი აქვს თუ არა სასკოლო მზაობის პროგრამა?

ა) დიახ;

ბ) არა.

–           იცის თუ არა კითხვა?

ა) დიახ;

ბ) არა;

გ) იცის რამდენიმე ასო.

–           იცის თუ არა წერა?

ა) დიახ;

ბ) არა.

–           იცის თუ არა ანგარიში ?

ა) არ იცის;

ბ) დიახ იცის 10-ის ფარგლებში;

გ) იცის 20-ის ფარგლებში.

დ) იცის 100-ის ფარგლებში.

–           ხომ არ აქვს ბავშვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება?

ა) დიახ;

ბ) არა.

–           ხომ არ აქვს ბავშვს რაიმე საჭიროება, რომლის შესახებაც გსურთ მასწავლებლის საქმის კურსში ჩაყენება?

———————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————–

–           დაახასიათეთ თქვენი შვილი.

———————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————–

 

კითხვარი მასწავლებელს დაეხმარება, უკეთ გაიცნოს თითოეული მოსწავლე, გაიგოს მათ შესახებ აქამდე უცნობი დეტალები, რაც გამოადგება ბავშვთან ინდივიდუალური მიდგომის დაგეგმვაში. ამავე დროს, მასწავლებელი დაინახავს, რა წარმოდგენა აქვს მშობელს შვილის შესახებ, შესაძლოა, შთაბეჭდილება შეექმნას მისი აღზრდის სტილზეც, რაც გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე.

საბოლოო ჯამში, პირველი სასწავლო წლის ასეთი დასაწყისი მასწავლებელსა და მშობელს კეთილად განაწყობს ერთმანეთის მიმართ, რაც მომავალში წარმატებული თანამშრომლობისა და მოსწავლის წინსვლის საფუძველი გახდება.

 

 

 

 

 მაჰათმა განდი – ბჰარატის დიადი სული და  მასწავლებელი

0

იცხოვრე ისე, თითქოს ხვალ უნდა მოკვდე და ისწავლე ისე – თითქოს უკვდავი ხარ“.

(მოჰანდას „მაჰათმა“ განდი)

 

ტყუილი ვერ იქცევა სიმართლედ რამდენჯერაც არ უნდა გავიმეოროთ ის და სიმართლე ვერ გახდება ტყუილი, თუნდაც მას ვერავინ ხედავდეს. სიმართლე მყარია მხარდაჭერის გარეშეც. ის თვითკმარია“.  (მოჰანდას მაჰათმა განდი)

 

დიდ ინდოელს, მოჰანდას კარამჩანდ განდის, ყველა თავისი მეტსახელით, „მაჰათმათი“ იცნობს. „მაჰათმა“ სანსკრიტზე, „დიად სულს“ ნიშნავს, თუმცა მას ეს სახელი არ უყვარდა და ყველანაირად ცდილობდა მისთვის ეს არ დაეძახათ.

საინტერესოა, რომ ტერმინი „მაჰათმა“ (სანსკრიტზე महाथ्मः) მოჰანდას განდის,  პირველად ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატმა, მეორე დიდმა ინდოელმა, რაბინდრანათ თაგორმა უწოდა. თავის მხრივ, დიდ თაგორს განდი ტერმინით „გურუდევ“ – („პატივცემული მასწავლებელი“) მიმართავდა.

ინდოელები თაგორსა და განდის, ინდოეთის უდიდეს შვილებს შორის მოიხსენებენ. მათ ორივემ დიდი წვლილი შეიტანეს თავიანთ სფეროში – თაგორმა ლიტერატურაში, განდიმ კი პოლიტიკურ აზროვნებასა და ფილოსოფიაში. ორივენი ერთ პერიოდში, ინდოეთის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტურბულენტურ და რთულ ეპოქაში ცხოვრობდნენ. ორივენი ეწინააღმდეგებოდნენ ბრიტანეთის იმპერიის კოლონიალიზმსა და აულაგმავ, წესების გარეშე კაპიტალიზმს. ამავე დროს, მათ ბევრი განსხვავებული მიდგომა ჰქონდათ, ბრიტანელებთან თანამშრომლობის საწინააღმდეგო მოძრაობიდან, ინდურ „ჩარხაზე“ ქსოვილის ქსოვამდე („ჩარხა“ ინდურად ძაფის სართავ ჯარას ეწოდება) – „ჩარხა“ გადაიქცა ინდოეთის თვითკმარობის სიმბოლოდ და პოსტკოლონიურ ინდოეთში საფეიქრო და მსუბუქი მრეწველობის განვითარების დასაბამად.

„ბჰარატის“ (ეს ინდოეთის სახელია სანსკრიტზე და ჰინდის ენაზე) ორი დიდი შვილი ერთმანეთს პირველად 2015 წლის მარტში შეხვდნენ, ქ. შანტინიკეტანში (შტატი ბენგალი, ინდოეთი). შეხვედრა ამაღელვებელი იყო ყველა ინდოელისათვის, მიუხედავად მათი ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობისა (ინდოეთში დაახლოებით ორი ათასი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, რომლებიც ლინგვისტურად ოთხ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ენობრივ ოჯახსა  და ათამდე სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფს შეადგენენ). განდის მოსწავლე და თანამოაზრე, ინდოეთის კონგრესის წევრი და გუჯარათის შტატის წარმომადგენელი პარლამენტში, კაკა კალელკარი (Kaka Kalelkar), ასე აღწერს განდისა და თაგორის შეხვედრას:

„ყველა მასწავლებელი, ჩემი ჩათვლით, მოუთმენლად ველოდით „ბაჰარატ-მატას“ (სანსკრ. „დედა ინდოეთის“) ამ ორი დიდი შვილის შეხვედრას. ყველას გვაინტერესებდა, როგორ მოიქცეოდნენ ისინი მათი პირველი შეხვედრისას. ბაპუსთან“ (განდის კიდევ ერთი მეტსახელი „ბაპუ“ – ნიშნავს „მამას“) ერთად, ხატვისათვის განკუთვნილ ოთახში შევედით. „რავიბაბუ“ (თაგორის მეტსახელი) წამოდგა სავარძლიდან. თაგორი, ტანმაღალი, მოხდენილი სხეულით, ვერცხლისფერი თმებითა და გრძელი თეთრი წვერით, შთამბეჭდავი ჩოღათი (ჩოღა, გრძელი ინდური სამოსი)… გარეგნობით, სრულიად დაუვიწყარ სურათს ქმნიდა. იქვე მდგარი განდი-ჯი („ჯი“, პატივისცემის გამოსახატავი ბოლოსართი ინდურად), ფაქტობრივად კომიკურ კონტრასტს ქმნიდა თავისი ღარიბული დჰოტით („დჰოტი“, ქსოვილი, რომელსაც წვივებსა და თეძოებზე იხვევენ), კურტათი („კურტა“ – ინდური პიჟამა) და ქაშმირული ქუდით (ცხვრის მატყლისგან მოქსოვილი ქუდი, ავღანურის მსგავსი, ლ.ა.). გეგონებოდათ რომ ლომის წინ, თაგუნა ატუზულიყო. ვიცოდით, რომ ორივე მამაკაცი ერთმანეთისადმი დიდი პატივისცემით იყვნენ განმსჭვალულნი. რავიბაბუმ (თაგორმა) ხელით მიიწვია განდი, სავარძელზე მის გვერდით დასაჯდომად. მაგრამ რადგან ოთახში იატაკზე ხალიჩა ეგო, განდიმ ხალიჩაზე დაჯდომა არჩია და რავიბაბუც მის გვედით ჩამოჯდა“.

ბჰარატის ეს ორი დიადი ლიდერი, მას შემდეგ მრავალჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. მათი შეხვედრები ყოველთვის საზოგადოებრივი მოვლენად იქცეოდა, რადგან დიდი მწერალი და ქვეყნის სულიერი მასწავლებელი შეხვედრებისას განიხილავდნენ და კამათობდნენ ინდოეთისთვის ყველაზე საჭირბოროტო საკითხებზე, რომლებიც ეხებოდა სიმართლეს, სამართალს, თავისუფლებას, დემოკრატიას, სიმამაცეს, განათლებასა და კაცობრიობის მომავალს.

მოჰანდას განდი წარმოადგენდა არა მხოლოდ ინდოეთის კოლონიალიზმისგან განმათავისუფლებელი მოძრაობის თავკაცს, არამედ ამ გიგანტური ქვეყნის ბოლო ასწლეულის უდიდეს სულიერ მასწავლებელსაც. მისი ფილოსოფიის ორი სვეტი, სატია (სიმართლე) და  აჰიმსა (არაძალადობა), განასახიერებდნენ იმ ძალას, რომელიც განდიმ ჩაგვრისა და უსამართლობის წინააღმდეგ გამოიყენა, ბრიტანელთა კოლონიური რეჟიმის დასამარცხებლად.

„მაჰათმა“- დიადი სული – სწორედ იმ ტერმინად და ცნებად იქცა, რომელიც ინდოეთის ხალხებმა უბოძეს მოჰანდას განდის იმ ოპტიმიზმისა და პრინციპებისადმი ერთგულებისათვის, რამაც ინდოეთი თავისუფლებამდე მიიყვანა და მსოფლიოს მრავალ ერს კოლონიალიზმის წინააღმდეგ შეუდრეკელი ბრძოლის მაგალითი უჩვენა.

მოჰანდას განდის აზრები და წარმოდგენები დღესაც აქტუალურია და მისი სიტყვები კვლავ შთააგონებს უსამართლობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ მებრძოლთ. განდის უმთავრესი დამსახურება გახლავთ მისი ღრმა რწმენა ადამიანის კაცთმოყვარეობაში, ადამიანთა შორის სიყვარულსა და ადამიანის სულის სიდიადეში:

„ბედნიერება მაშინ მოდის, როდესაც რასაც ფიქრობ, რასაც ამბობ და რასაც აკეთებ, ერთმანეთთან ჰარმონიაში მოდიან“;

„ვერასდროს გავძლიერდებით, თუ ჩვენს ფიქრებში, სიტყვებსა და საქმეებში სრულიად არაძალადობრივნი ვიქნებით. მაგრამ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ არაძალადობა, როგორც ჩვენი მიზანი და წინ წავიწიოთ მის მისაღწევად“;

„შეცვალე შენი თავი – ეს მხოლოდ შენ ხელგეწიფება“;

„თუ ძალას თავშეკავებასა და ზრდილობას დავუმატებთ, თქვენი ძალა უძლეველი გახდება“;

„სუსტნი არასდროს ჰპატიობენ. პატიება ძლიერთა თვისებაა“;

„იუმორის გრძნობის გარეშე, თავს ალბათ დიდი ხნის წინ მოვიკლავდი“;

„არაგონივრულია, ძალიან დარწმუნებული იყო საკუთარ გონიერებაში. უფრო ჯანმრთელი მიდგომა იქნება, გვახსოვდეს, რომ უძლიერესი შეიძლება დასუსტდეს, ხოლო უჭკვიანესს – შეეშალოს“;

„შენი წარმოდგენები შენს ფიქრებად იქცევა,

შენი ფიქრები შენს სიტყვებად გარდაიქმნება,

შენი სიტყვები, შენი საქმეები ხდება,

შენი საქმეები, შენს ჩვევებად იქცევა,

შენი ჩვევები, შენი ფასეულობები ხდება, და

შენი ღირებულებები, შენს ბედად გადაიქცევა“.

 

 

სტატია მოამზადა ლევან ალფაიძემ

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...