სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

„დიდობის გრძნობა“ მოზარდებში 

ვფიქრობ, ყველა ის ადამიანი, რომლებსაც გარდატეხის, გარდამავალ ასაკში მყოფ ბავშვთან ჰქონია ურთიერთობა, დამეთანხმება, რომ „დიდობის გრძნობა“ მოზარდებში სწორედ ამ ასაკის დადგომას უკავშირდება. „მე უკვე დიდი ვარ, ბავშვივით ნუ მექცევი“; „ამის გაკეთება დამოუკიდებლადაც შემიძლია“; „მე რაც მინდა, იმას გავაკეთებ“; „თქვენ ვერ მიბრძანებთ“; „მე დამოუკიდებელი ვარ“; „მე თვითონ გავარკვევ“ – ხშირად სწორედ ამ ფრაზებით ხვდებიან მშობლები, რომ მათ შვილს გარდატეხის ასაკი დაეწყო. მართალია, ჩვეულებრივ გარდამავალი ასაკი დაახლოებით 10-11 წლიდან იწყება და 15-16 წლამდე გრძელდება, მაგრამ არსებობს, როგორც გენდერული – გოგონებში უფრო ადრე იწყება, ბიჭებში შედარებით გვიან – ასევე ინდივიდუალური განსხვავებებიც. თუმცა, რომელ ასაკშიც არ უნდა დადგეს გარდამავალი ასაკის კრიზისი, ის ერთნაირად ვლინდება – საკუთარი „დიდობისა“ და „ავტონომიის“ გამოცხადებით. ის გრძნობა, რომელიც ბავშვს ამისაკენ უბიძგებს სწორედ „დიდობის გრძნობის“ სახელით არის ცნობილი. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული გრძნობის აღმოცენება ამ პერიოდში შემთხვევით და უსაფუძვლოდ არ ხდება. ამჩნევს რა დიდ ცვლილებებს, როგორც ფიზიკურ, ფიზიოლოგიურ, ისე ინტელექტუალურ და სოციალურ განვითარებაში, მოზარდი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ ის უკვე ბავშვი აღარ არის და უფროსებისაგან მოითხოვს, რომ მას პატარად აღარ თვლიდნენ და მოეპყრონ, როგორც დიდს. დიდობის გრძნობა ვლინდება დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაშიც, მშობლების ჩარევისაგან საკუთარი ცხოვრების ზოგიერთი ასპექტის დაცვის სურვილში. მოზარდი საკუთარ თავს დიდად, ზრდასრულად აღიქვამს და სურს, რომ უფროსებიც ზრდასრულად მიიჩნევდნენ. ყველაზე მეტად მისთვის მიუღებელი ხდება ის წესები, რომლებიც ბავშვებისთვის არსებობს და რომლებსაც აქამდე სიტყვაშეუბრუნებლად ემორჩილებოდა. მას სურს უფროსების თანასწორი უფლებები. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მართალია, მოზარდი ცდილობს ზრდასრულთა სამყაროში დამკვიდრებას, მაგრამ ფსიქიკური შესაძლებლობები ამისათვის მას ჯერ კიდევ არ გააჩნია. ის აცნობიერებს, რომ მართალია, ბავშვი აღარ არის, მაგრამ ჯერ არც ზრდასრულია. ამ პერიოდში მოზარდები აქტიურად ჰბაძავენ უფროსებს, ყველანაირად ცდილობენ, დაემსგავსონ მათ, გოგონები იწყებენ მაკიაჟის გამოყენებას, ბიჭებში კი ფიქსირდება მოწევისა და ალკოჰოლისადმი ინტერესი. ისინი ცდილობენ, გადაიღონ უფროსების ქცევისა და საუბრის მანერები, იწყებენ მეტყველებისას ვულგარული სიტყვების გამოყენებას, რადგანაც აღნიშნულს დიდობის აუცილებელ ატრიბუტად მიიჩნევენ.

 

გარდატეხის ასაკიდან იწყება მშობლებისა და შვილების ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა, რომელიც უმტკივნეულოდ ნამდვილად არ მიმდინარეობს. თითქოს მშობლები ელიან ბავშვისგან დამოუკიდებლობის გამოვლენას, მაგრამ როგორც ცხოვრება გვიჩვენებს, ისინი ყოველთვის არ არიან ფსიქოლოგიურად მზად ამისათვის. უფროსებს არ შეუძლიათ მოზარდის ბევრი ისეთი ქმედების მიღება, რომლითაც ის მათ თავს ზრდასრულად აგრძნობინებს. გაუგებრობებით გამოწვეული უთანხმოება აფუჭებს ურთიერთობას მშობლებსა და შვილებს შორის, რაც ორივე მხარეს ტკივილსა და ტანჯვას აყენებს. ასეთ დროს მოზარდი სულ უფრო ხშირად წარმოთქვამს ფრაზას – „მე უკვე დიდი ვარ“. ბევრი მშობელი ცდილობს, დათრგუნოს, ჩაახშოს მასში „დიდობის გრძნობა“ შემდეგი სიტყვებით: „აი, როდესაც გახდები ნამდვილად დიდი და დამოუკიდებელი, მაშინ ილაპარაკე ამაზე, მანამდე კი გაჩუმდი და მოისმინე, რას გეუბნებიან“. ასეთმა ურთიერთობამ შეიძლება მიგვიყვანოს გარდამავალი ასაკის კრიზისის გამწვავებამდე.

 

იმისათვის, რომ მოზარდთან ურთიერთობაში ბევრი პრობლემა ავიცილოთ თავიდან, გავითვალისწინოთ, რომ „დიდობის გრძნობა“ მოზარდის პიროვნების განვითარების წყაროდ და მისი აქტივობის მთავარ მოტივად ითვლება. მაგრამ რა გზით წავა განვითარება, ბევრად არის დამოკიდებული უფროსებზე. იმის გაგება, თუ რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი დიდობის გრძნობა მოზარდის სრულფასოვანი განვითარებისთვის, ადვილი იქნება, თუ გავიხსენებთ მოზარდის განვითარების ძირითად ამოცანას – დამოუკიდებელი პიროვნების ფორმირება.

 

უნარები, რომელთა გამომუშავება მოზარდებში არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელიცაა და რომელთა ფორმირებაში ძალიან დაგვეხმარება დიდობის გრძნობა:

  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება და ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღება;
  • საკუთარი პირადი საზღვრების დაცვა და სხვების საზღვრების პატივისცემა;
  • თანასწორუფლებიანობის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობა ზრდასრულთა სამყაროსთან, პირველ რიგში მშობლებთან და მასწავლებლებთან;
  • საკუთარი მიზნების დასახვა და მათი მიღწევა.

 

ყველა ზემოაღნიშნულ უნართან ერთად, სრულფასოვანი განვითარებისთვის მოზარდს ესაჭიროება საკუთარი ღირებულებების სისტემა. ღირებულებათა ეს სისტემა შეიძლება იყოს მშობლების ღირებულებათა სისტემის მსგავსი, ან მისგან სრულიად განსხვავებული. მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს სწორედ მოზარდის ღირებულებათა პირადი სისტემა და არა სხვა ადამიანების ღირებულებების ნაკრები. ადამიანმა შეიძლება სხვისი ღირებულებები საკუთრად მიიჩნიოს, მაგრამ ღირებულებების, ფასეულობების მხოლოდ დამოუკიდებლად გააზრებამ, მათმა შეფასებამ და შემდგომში მიღებამ ან უარყოფამ შეიძლება უზრუნველყოს ადამიანის პიროვნების შინაგანი მთლიანობა. ღირებულებათა საკუთარი სისტემის არსებობა არის სიმშვიდის, საკუთარ თავში დარწმუნებულობის, სტრესგამძლეობის და წარმატების წინაპირობა.

 

 რეკომენდაციები – როგორ მოვიქცეთ, როგორ წარვმართოთ მოზარდთან ურთიერთობა, რა გავაკეთოთ, რომ „დიდობის გრძნობამ“ თავისი დადებითი როლი შეასრულოს მოზარდის განვითარებაში:

  • უპირველეს ყოვლისა გავითვალისწინოთ, რომ მოზარდის სურვილი, მოიპოვოს ზრდასრული ადამიანის სტატუსი, სრულიად ბუნებრივია. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი წინააღმდეგობა გავუწიოთ „დიდობის გრძნობის“ გამოვლენას, მით უმეტეს, რომ ეს წინააღმდეგობა ბადებს პროტესტს მოზარდში, რამაც შეიძლება საკმაოდ გაგვირთულოს ურთიერთობა აღსაზრდელთან და ახალი პრობლემების აღმოცენების მიზეზი გახდეს;
  • გვახსოვდეს, რომ მარტო ასაკი ბავშვს ზრდასრულად არ აქცევს. ერთი და იმავე ასაკის ადამიანები შეიძლება სხვადასხვანაირად მსჯელობდნენ, სხვადასხვანაირად ცხოვრობდნენ და სხავადასხვანაირად იქცეოდნენ გარშემომყოფებთან. ამდენად, ასაკობრივ თავისებურებებთან ერთად აუცილებელია მოზარდის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებაც;
  • გავითვალისწინოთ, რომ რაც უფრო გაგებით მოვეპყრობით მოზარდის დიდობის გრძნობას და რაც უფრო მეტად მივცემთ მას დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობას, მით ნაკლებად ექნება მას ეპატაჟური გამოხტომების დემონსტრირების სურვილი;
  • გვახსოვდეს, რომ ჭეშმარიტად დამოუკიდებელ პიროვნებად მოზარდი შეიძლება ჩამოყალიბდეს სიტუაციის შეფასებით, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებით და მათ შესაბამისად მოქმედებით. დამოუკიდებელი მოქმედებებით წარმატებების მიღწევით, შეცდომების დაშვებითა და მათი შედეგების გამოსწორებით მოზარდი იძენს შეუცვლელ გამოცდილებას და სწორედ ეს გამოცდილება აყალიბებს მას დამოუკიდებელ ადამიანად, უჩენს რწმენას, რომ დამოუკიდებლად მოქმედება უსაფრთხოა;
  • იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ პრობლემები მოზარდთან, რომელიც თავს უკვე დიდად, ზრდასრულად თვლის, მოგვიწევს მასთან ურთიერთობის სტილის შეცვლა. მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ მოზარდთან თანასწორუფლებიანი ურთიერთობა, როგორც „ზრდასრული-ზრდასრულთან“ ჩვეულებრივი „ზემოდან – ქვევით“ კომუნიკაციის ნაცვლად. გავითვალისწინოთ, რომ მოზარდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებთან ურთიერთობა, მათი მხარდაჭერა, მაგრამ ის არ იღებს იმ ურთიერთობას, რომელიც რაღაცნაირად ამცირებს მის „დიდობის გრძნობას“;
  • გავითვალისწინოთ, რომ „დიდობის გრძნობა“ ჯანსაღი და არსებითად ღირებული გრძნობაა. ამიტომ, ის კი არ უნდა დავთრგუნოთ, არამედ შევეცადოთ, სწორი მიმართულებით წარვმართოთ. მოზარდის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების აღიარება გონივრულ ფარგლებში უნდა მოხდეს. ხელმძღვანელობისა და კონტროლის სრულ გაუქმებაზე საუბარი არ შეიძლება, რადგან მოზარდს ზრდასრულის დახმარება და გვერდში დგომა სჭირდება. უბრალოდ ის უნდა გავათავისუფლოთ წვრილმანი მეურვეობისა და ზედმეტი კონტროლისაგან, თავსმოხვეული მზრუნველობისაგან, ყველაფერ იმისაგან, რაც გარკვეულწილად გამართლებული იქნებოდა სკოლამდელი ან უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის მიმართ. თავი შევიკავოთ კატეგორიული ტონის, განკარგულებების, ბრძანებების, უაპელაციო მოთხოვნების ბოროტად გამოყენებისაგან. საუბარია არა ზოგადად მტკიცე მოთხოვნების უარყოფაზე, არამედ მათი უხეში და მკაცრი ფორმების უარყოფაზე, რომლებიც შეურაცხყოფს მოზარდის ღირსების გრძნობასა და პატივმოყვარეობას;
  • მივიღოთ მოზარდი ისეთი, როგორიც არის. მოზარდობის პერიოდის ყველა გამოვლინება გაივლის, მთავარია არ გავიფუჭოთ მოზარდთან ურთიერთობა მრავალი წლის განმავლობაში.

 

დაბოლოს, ნუ დავივიწყებთ, რომ „დიდობის გრძნობა“ გარდატეხის ასაკის ძალიან მნიშვნელოვანი წარმონაქმნია, რომლის მხარდაჭერა ყოველმხრივ მიზანშეწონილია, ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ ვებრძოლოთ მოზარდის ამ გრძნობას, შევეცადოთ მხარი დავუჭიროთ მას. მოზარდთან ისეთი ურთიერთობა, რომელიც განამტკიცებს „დიდობის გრძნობას“ და ჩამოაყალიბებს ნდობით განმსჭვალულ დამოკიდებულებას, მთელი ხელოვნებაა. ამ ხელოვნების დაუფლება კი, სურვილის შემთხვევაში, ყველას შეუძლია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“