კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

სალიტერატურო სპორტი

ამ წერილის სათაური ერთი უჩვეულო პოეტური ტექსტიდან ავიღე, დათო ბარბაქაძემ რომ წაიკითხა თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე. პოეტური ტექსტი მისი რედაქტორობით გამოცემული ჟურნალის წინასიტყვაობაა. არ ვიცი, გრაფიკულად როგორ გამოიყურება, ამიტომ სტრიქონებად იმის მიხედვით ვანაწილებ, როგორც წაკითხვისას მესმის (შეგიძლიათ, თქვენც მოისმინოთ: https://www.facebook.com/watch/?ref=saved&v=211073818479758 ):

„ჟურნალი გამოდის არარეგულარული პერიოდულობით.

გამოქვეყნებული ტექსტები არაჰონორირებადია.

ჟურნალი არაკომერციულია და მისი ტირაჟი ამოწურვამდე

საჩუქრად ურიგდება ავტორებს, მკითხველებს და ბიბლიოთეკებს.

ჟურნალი არ თანაუგრძნობს სალიტერატურო სპორტის არცერთ სახეობას

და განკუთვნილი არ არის სამწერლო ბიზნესში დასაქმებული ავტორებისთვის.

ის არც არასრულწლოვანი და ყველა ჯურის მეინსტრიმზე ორიენტირებული მკითხველისთვის არის განკუთვნილი.

რედაქტორი, შესაძლებლობისამებრ, განაგრძობს თავდაცვას მატერიალისტური მოტივაციით მებრძოლთა დაუნდობელი მონდომებისგან,

მაღალი იდეალებით შენიღბულ მათ ბიზნესგეგმებს

ნებისმიერი მოყვასი სიყვარულით დაექვემდებაროს

და მათი მომხმარებლური მიზნების სამსახურში იქნას ჩაყენებული

ნებისმიერი არამატერიალისტური პლატფორმა.“

ვუსმენდი და ვფიქრობდი, ღმერთო-მეთქი, ეს ხომ მე ვარ?! მე ვარ ეს – „სალიტერატურო სპორტში“ ჩართული. მანამდე დათო ბარბაქაძემ ისიც თქვა, ჩემს ლექსებს მხოლოდ ახლობლები კითხულობენ და საკმარისიაო. არასდროს მქონია იმისი ამბიცია, მრავალ ენაზე თარგმნილი ავტორი ვყოფილიყავიო. ამ წინასიტყვაობის წაკითხვამდე კი აღნიშნა, მე ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ციფრული ტექნოლოგიების აღზევებას მოვესწარი – ახლა ყველა ეს ლიტერატურული პრემია და ჯილდო ამ ტექნოლოგიებს დარჩებათ, პოეზიაში კი ის ადამიანები იქნებიან, ვინც სიგიჟემდეა შეყვარებული ამ საქმეზე და ისინი, უბრალოდ, ლექსებს დაწერენო.

შემშურდა – რა იქნებოდა, მეც ასე დაცლილი ვყოფილიყავი ეგოსგან, ფუჭი ამბიციებისგან?

საერთოდ, რაც ლიტერატურაში ფეხი შემოვდგი, განდეგილ მწერლებს („ბოჰემურ მწერლებსაც“ რომ უწოდებენ) შევნატრი. იქნებ ნამდვილი ხელოვნება სწორედ ჯილდოებისა და ზიზილპიპილოების მიღმაა, სისტემის მიღმა? იქნებ იყო ხელოვანი, ნიშნავს, გარკვეული თვალსაზრისით, იყო აუტსაიდერი, მარგინალი? სულ მაქვს ეს ფიქრი. ამიტომაა, რომ ჩემთვის მოსაწონ წიგნებს არ ვარჩევ ლიტერატურული წრის მიერ ნაქებ და ატაცებულ წიგნებს შორის. ამიტომაა, რომ რეცენზიებს სრულიად განზრახ იმ რომანებსა და პოეტურ კრებულებზე ვწერ, რომლებიც, ჩემი აზრით, ვერაა დაფასებული სათანადოდ.

მეორე მხრივ, შეჯიბრები ისედაც სულ მძულდა, ინტელექტუალური თამაშებით დაწყებული (რომლებშიც მონაწილეობას ყველა მავალდებულებდა, როგორც კარგ მოსწავლეს, მაგრამ მე ჯიუტად ჩემს აზრზე ვიყავი) სტუდენტურ-ახალგაზრდული ლიტერატურული კონკურსებით დამთავრებული. ეს კიდევ ერთი სენია: ჩვენში რატომღაც მიიჩნევა, რომ ლიტერატურაში აუცილებლად რომელიმე კონკურსის გავლით უნდა მოხვიდე – ასე გაგიცნობს ლიტერატურული წრე, ასე იშოვი გამომცემელს და მერე შეიძენ მკითხველსაც.

სინამდვილეში, შემოქმედებასთან კონკურსებს კავშირი არა აქვს. ამას მაშინღა მივხვდი, როცა შემოქმედებითი წერის ბანაკში წავედი უკრაინელ, სომეხ, რუს და თურქ მწერლებთან ერთად. აღმოჩნდა, რომ კონკურსები კი არა, სწორედ ეს მჭირდებოდა – ადამიანები; ადამიანები, რომლებიც იმავე ცხოვრებისეულ ეტაპზე არიან, რომელზეც მე და იმავენაირ პრობლემებთან უხდებათ გამკლავება. იმ დროს უკვე ვმუშაობდი „აკუმზე“. არ ვიცოდი, რა მომეხერხებინა ამხელა ტექსტისთვის, რომლის მეოთხედიც არ დამეწერა ჯერ და არც ის ვიცოდი, რა მომეხერხებინა ჩემი ცხოვრებისთვის. ჩემი ცხოვრება კი ერთგვარად ჩიხში იყო – ძველი ჩამოინგრა, ახალი ჯერ არ ჩანდა. ჰოდა, სწორედ ბანაკში ვიპოვე ის ხალხი, ვისაც ამაზე დაველაპარაკებოდი. ამ საუბრებმა მიმახვედრა, რომ არაფერი ანომალიური მე არ მჭირდა. ლიტერატურაში მოსასვლელად კი უკვე გატკეპნილ ბილიკს არ უნდა გავყოლოდი, ჩემი გზა უნდა მეპოვა, ოღონდ ნაღდ შემოქმედებაში, კონკურსებში კი არა.

ჩამოსულმა ჩემს მაშინდელ მეგობრებს გავუზიარე ეს დამოკიდებულება – ყოველწლიურად მონაწილეობდნენ რომელიღაც კონკურსში და სიტყვამ მოიტანა. მათგან ერთმა ასე მითხრა, ჰო, რა თქმა უნდა, ნანა, შენ უდაბნოში განრიდებული ბრძენი ხარ და ეს ყველაფერი არ გეხებაო.

„უდაბნოში განრიდებული ბრძენი“! და ახლა? აქამდე როგორ მოვედი? ეს ხომ არ ყოფილა ჩემი მიზანი: პატივი, დიდება, ჯილდოები და ეთერიდან ეთერში სიარული? ამისთვის ხომ არ მინდოდა ლიტერატურაში მოსვლა? ჩემი მიზანი თავისუფლების განხორციელება იყო, ჩემი თავისუფლების მანიფესტაცია ლიტერატურის მეშვეობით. ამის ნაცვლად კი შეჯიბრსა და იერარქიაზე დამყარებული სისტემის ნაწილი გავხდი, მის შუაგულში ვტრიალებ. ეს სწორია? ასე უნდა იყოს? იქნებ – არა, და პირიქით, დიდი შეცდომაა, ამ ორომტრიალში თავით რომ ვარ გადაშვებული?

თქვენ, ალბათ, არ გესმით, მაინც რატომაა სისტემის ნაწილად ყოფნა ასე ცუდი. შევეცდები, პუნქტებად ჩამოგიყალიბოთ:

 

  1. შემოქმედებითი თავისუფლება მეზღუდება

ბოლოს როდის დავწერე ის, რაც მე მინდოდა და არავის დაუვალებია? ბოლოს როდის ვიმუშავე ჩემთვის მშვიდად, შინ, არც რამე პროექტის და არც რამე პროგრამის ფარგლებში? არ ვიცი. თითქოს ეს არ კმაროდეს, ყოველი გამარჯვების მოლოცვისას, აუცილებლად მოადევნებენ: „არ გაჩერდე!“ „სულ წინ უნდა იარო!“

სინამდვილეში, თუ შემოქმედება გინდა და არა – დიდება, სწორედაც უნდა გაჩერდე და ხანდახან უკანაც უნდა დაბრუნდე. ავტორი არ ირჩევს სათქმელს, არც – ტექსტს, ტექსტი და სათქმელი თავად ირჩევენ ავტორს და ირჩევენ სწორედ მაშინ, როცა ის მათ მისაღებად მზადაა, არც ამაზე ადრე და არც – გვიან. მზაობის შეგრძნება მნიშვნელოვანია. ამ შეგრძნებას უნდა დაელოდო.

მეორე მხრივ, შემოქმედებითი ენერგიის არასწორად გადანაწილებამ შეიძლება, ფატალურ შედეგამდეც მიიყვანოს ადამიანი. ამას წინათ ალექსეი სულთანოვზე ვნახე დოკუმენტური ფილმი. მას შემდეგ სულ მახსოვს მისი მაგალითი. სულთანოვი მთელ საბჭოთა კავშირში ცნობილი პიანისტი იყო. მისი კარიერა ბრწყინვალედ გაგრძელდა ჯერ ამერიკაში, შემდეგ – იაპონიაში. გიჟური რეჟიმი ჰქონდა – ყოველკვირა კონცერტი, ზოგჯერ – კვირაში ორჯერაც და მოკლე-მოკლე შუალედებით, დღეგამოშვებით, მაგალითად. მისი ძმა ჰყვება, კონცერტებზე ემოციურადაც და ფიზიკურადაც ბოლომდე იხარჯებოდა, ყველაფერს გასცემდაო. ოცდაათ წელს გადაცილებულმა ორჯერ გადაიტანა ინსულტი. მეორე ინსულტმა პარალიზება გამოიწვია და მისი მუსიკალური კარიერაც დასრულდა. ამის შემდეგ რამდენიმე თვეში გულის შეტევით გარდაიცვალა, მხოლოდ 35 წლისა.

  1. ა რ ა ვ ი ნ უფრთხილდება ჩემს დროს

ეს იმით გამოიხატება, რომ ძნელად ან საერთოდ არ ესმით ჩემი უარი. ხან კი ცდილობენ, თავიანთი საქმეც მე გამაკეთებინონ: ერთ გადაცემაში უნდა მივსულიყავი. ჟურნალისტმა მომწერა, შეკითხვები წინასწარ ხომ არ გავიაროთო. ავუხსენი, საჭირო არაა ჩემთვის, მაგრამ თუ თქვენ გინდათ, გავიაროთ-მეთქი. როგორ გგონიათ, შეკითხვების წინასწარ გავლა რას ნიშნავდა? ღამით დამირეკა და საათ-ნახევარი მალაპარაკა ჩემი წიგნების შინაარსზე. მეორე დღეს კი წარდგენისას ის თქვა, რაც წინა საღამოს ვუთხარი. ის ჟურნალისტია, მისი მოვალეობა და საქმე ინფორმაციის მოძიებაა. ყველაფერი ეს, რაც მე გამომკითხა და რაშიც დრო დამაკარგვინა, მისი დასაძებნი და წასაკითხი იყო.

  1. ჩემი სტატუსი განსაზღვრავს ადამიანების დამოკიდებულებას ჩემდამი

ისინი, ვინც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი ჩემი მთავარი საქმისადმი და პირდაპირაც მეუბნებოდნენ, რა ლიტერატურა, ვის სჭირდება შენი ლიტერატურა, ჯერ საქმე აკეთე და მერე ის, რაც შენს გულს უხარიაო, დღეს მეუბნებიან, შენით ვამაყობთო. მე იგივე დავრჩი და ჩემი ტექსტებიც იგივე დარჩა. მხოლოდ სტატუსი შემეცვალა – ახლა ცნობილი ვარ.

ცნობილი ვარ და ამიტომ – ყველასთვის პატივსაცემი და საყვარელი. ჩემი საქმე კი უცებ დასაფასებელ და მნიშვნელოვან მოვლენად გადაიქცა.

  1. ყოველი წარმატება წინას ებმის ანუ თუ არ იქნა პირველი, საერთოდ არაფერი იქნება

„აკუმი“ რომ გამოვიდა, პირველ ხუთ თვეს მასზე დამაყრუებელი დუმილის მეტი არაფერი მსმენია. დარდისგან კინაღამ ხელი ჩავიქნიე. წელი გავიდა და წიგნმა ორივე ლიტერატურული პრემია მიიღო (ერთადერთი შემთხვევა ქართული ლიტერატურის ისტორიაში). „საბას“ მერე მთელმა კვირამ ინტერვიუებში გაიარა და მე კი სულ იმას ვფიქრობდი: „სად იყავით აქამდე?! თავად წიგნი ხომ ჯილდოთიც და უმისოდ ერთი და იგივე იყო? ახლა გახდა „აქტუალური“, პრემიების მიღების შემდეგ?“

ქართველი მწერლის მთელი სიმბოლური კაპიტალი ერთ „საბაზე“ რომაა მიბმული, დამეთანხმებით, ესეც პრობლემაა. წლევანდელი „საბას“ შემდგომ ვნებათაღელვას ბოსტონში გავასწარი, მაგრამ ჩემამდე მაინც მოაღწია კმაყოფილთა და უკმაყოფილოთა ხმებმა, ათასგვარმა დაპირისპირებამ და გულისტკენამ. არადა, ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს ფუჭი ალიაქოთია და ნებისმიერი ჯილდოს შემთხვევაში ეს ასეა. სანაქებო და სანატრელი ნობელის პრემია ბორხესისთანა მწერალს არა აქვს – რაზეღა შეიძლება აქ მსჯელობა? ისიცაა, რომ ჩვენი ლიტერატურული წრის მცირერიცხოვნება კიდევ უფრო საგრძნობს ხდის ამ ფუჭ ალიაქოთს – ძნელად წარმომიდგენია, ამერიკის წიგნის ეროვნული ჯილდოს შედეგებს ფეისბუქპოსტებითა და კომენტარებით ეხმაურებოდნენ გამარჯვებულები და ნომინანტები, ჟიურისადმი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ან იმას ჩიოდნენ, უსამართლოდ დაგვჩაგრესო. უფრო სავარაუდოა, რომ ისინი არც ერთმანეთს იცნობენ და არც ჟიურის წევრებს. და ეგებ არც ისეთი გულის ფანცქალით მოელიან ჯილდოს შედეგებს – ამერიკაში ხომ ლიტერატურული პრემიები სხვაც უამრავია.

  1. ამ სისტემის უბედურებებთან მარტო რჩები

მახსოვს, „აკუმის“ გამოცემა რომ გადაწყდა და პირველად ვბრუნდებოდი გამომცემლობიდან, უცებ გავიაზრე, როგორ დავშორდი ჩემი თაობის სხვა ახალგაზრდებს: ისინი ახლა შეყვარებულებს ებუტებიან, ახალ სამსახურს შოულობენ, საზღვარგარეთ მიდიან სასწავლებლად, მე კი გამომცემლობაში დავდივარ და იქ ტირაჟზე, ჰონორარზე და ასეთ გაუგებრობებზე ველაპარაკები ხალხს. ჩემსა და ჩემს ტოლებს შორის თითქოს უფსკრული გაჩნდა. ამის გააზრებამ დამასევდიანა. მოგვიანებით, როცა ეს ერთ ახლობელ ადამიანს გავუმხილე, მითხრა, ეგრე რატომ ფიქრობ, ეს ხომ (ჩემი წიგნი ასწია) საჩუქარიაო.

ახლობლებთან არაერთხელ მიცდია ლაპარაკი იმ ყველაფერზე, რაც ზემოთ დავწერე. უფრო ზუსტად, იმისი ახსნა მიცდია, ეს შეჯიბრი და წარმატებაზე გამოდევნება რომ მძულს და რომ დავიღალე ამით. მინდა, აქ მათი პასუხების ტოპხუთეული წარმოგიდგინოთ:

1.„ასეც უნდა იყოს!“

2.„მერე ეგ ხომ მაგარია!“

  1. „ჩვენ რომ ვამაყობთ და გვიხარია?“ (ეს ჩემი ფავორიტია ამ სიაში)

4.„რეკლამა და ცნობადობა საჭიროა!“

  1. „რას ამბობ, მაგაზე ოცნებობს ხალხი და შენ წუწუნებ?!“

მე კი ხანდახან თავი ზაზუნა მგონია, რომელიც გალიაში ბორბალზე დარბის…

მაშინ რატომღა ვაკეთებ ამ ყველაფერს?

იმიტომ, რომ ეს ავადსახსენებელი პატივი და დიდება პირდაპირაა დაკავშირებული მკითხველთან – იმისთვის, რომ მკითხველები გყავდეს, ცნობილი უნდა იყო, სხვა გზა არ არის. მე კი სულ მინდოდა, მკითხველი მყოლოდა და დღესაც ჩემი მთავარი ბედნიერება სწორედ მკითხველებთან შეხვედრა და მათი შეკითხვებისა და შეფასებების მოსმენაა – ურთიერთობის ის ალალი ფორმა, რომლის შექმნაც მხოლოდ ხელოვნებას შეუძლია.

მეორე მხრივ, ამდენმა პროექტმა, პროგრამამ და ფესტივალმა უამრავი რამ მასწავლა. მათი სრული გამორიცხვა ცხოვრებიდან მე, როგორც მწერალს, განვითარების საშუალებას მომისპობდა. პრობლემა უკონტროლო ტემპია და ის არაპროგნოზირებადი გარემო, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაშია. და კიდევ ის, რომ ჩვენ წარმატებული ადამიანი არ გვიყვარს – მისი პიროვნება არაფერია ჩვენთვის, მისი წარმატება კი – მხოლოდ სეირი, რომელიც ხვალ თუ აღარ იქნა, ადამიანს დაუნდობლად გადავუვლით და გავქელავთ.

მეორე უკიდურესობაც მიგრძნია: რომ თითქოს წარმატება გამართლების, პრივილეგიის შედეგი იყოს და ნაკლებად – შრომისა. ამას წინათ, კემბრიჯში, ირვინგ ჰაუსის მისაღებში, ვიჯექი და იელის ჟურნალს ვფურცლავდი. ეს ჟურნალი კურსდამთავრებულებზეა. მათზე იწერება სტატიები, არის მათთან ინტერვიუები და ყოველთვის მითითებულია, რომელ წელს დაამთავრეს იელი.

ვფურცლავდი და ვფიქრობდი, რა მაგარია-მეთქი. ჯერ ის, რომ უნივერსიტეტს ამდენი პროფესიონალი და შემდგარი ადამიანი ეყოლება და მერე ის, რომ ყველას ამბავს ასე გულდასმით მოიკითხავს და გაავრცელებს (აქვე ვიტყვი, რომ ჟურნალი მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეა დაბეჭდილი).

სულ შევნატროდი ასეთ ხალხს და იმედი მქონდა, ერთხელაც მეც ვიქნებოდი მათ შორის. ახლაც ამ ჟურნალის გადათვალიერებამ სასიამოვნოდ დამმუხტა, ჩემი თავისა და შესაძლებლობების რწმენა გამიმყარა იმით, რომ სხვა ადამიანების ტალანტები და მიღწევები მაჩვენა. იმასაც ვხვდები, რა გზის გავლა მოუწიათ ამ ადამიანებს, რა წინააღმდეგობების გადალახვა, რა სირთულეებთან გამკლავება…

მაგრამ ჩემ ირგვლივ სხვა დამოკიდებულებაც არსებობს: წარმოვიდგინე, ჩემი სანაცნობოს ნაწილი როგორ დაიწყებდა მათზე ქილიკს, როგორც მდიდრებსა და პრივილეგირებულებზე.

ისინი ამ ჩემს სტატიაშიც, ალბათ, პრივილეგირებული ადამიანის დრტვინვას ამოიკითხავენ, რომელსაც ამდენი რამ მიეცა და იმის ნაცვლად, რომ მადლობელი იყოს, წუწუნებს.

მაგრამ მე საწუწუნოდ არ დამიწერია ეს წერილი. იმისთვის დავწერე, რომ პოპულარობისა და „სანატრელი“ ცხოვრების მეორე მხარე მეჩვენებინა, ის მხარე, რომელიც თავისთავად არ ჩანს. მგონია, რომ მწერლის საქმე სწორედ ესაა – ასეთი მხარეების ჩვენება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“