შაბათი, მაისი 30, 2026
30 მაისი, შაბათი, 2026

ანდრეა პირლო – ვაზროვნებ, მაშასადამე ვთამაშობ (სადამრიგებლო საათისთვის)

0

 

„მე ფიქრი შემიძლია. არ მინდა ვინმემ შემომხედოს და ის ცნობილი, ბანალური ფრაზა გაიმეოროს: „ფეხბურთელს უნაოჭო ტვინი აქვს“. ციტატა იტალიელ ფეხბურთელის, ანდრეა პირლოს ავტობიოგრაფიული წიგნიდანაა – „ვაზროვნებ, მაშასადამე ვთამაშობ“, რომელიც ფეხბურთელმა ალესანდრო ანჩელოტის თანაავტორობით დაწერა. გამომცემლობა „არტანუჯმა“ 2013 წელს გამოსცა (საგამომცემლო პროექტის ავტორია ზვიად კვარაცხელია, იტალიურიდან თარგმნა ნანა ზარდიაშვილმა).

ანდრეა პირლოს ავტობიოგრაფიული ჩანაწერები გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთის ისტორიები. ეს არის სახელმძღვანელო თვითშემეცნების, ნიჭის ტვირთის, შურთან გამკლავებისა და მდუმარე ლიდერობის შესახებ. პირლოს გამოცდილება პირდაპირ თანხვედრაშია მოზარდების ყოველდღიურ გამოწვევებთან: გარიყულობა, სოციალური წნეხი და საკუთარი ადგილის პოვნის სირთულე. დამრიგებლებისთვის კი საინტერესო რესურსია სადამრიგებლო საათისთვის.

ამ ტექსტის განხილვა სადამრიგებლო საათზე მოსწავლეებს საშუალებას მისცემს:

  1. დაუკავშირონ სპორტი ფილოსოფიას: შეისწავლონ სათაურის ფილოსოფიური კავშირი დეკარტის „Cogito, ergo sum“-სთან („ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“), რაც ხაზს გაუსვამს აზროვნების მნიშვნელობას ნებისმიერ საქმიანობაში.
  2. გამოიმუშაონ ემოციური გამძლეობა: გაიაზრონ, რომ ცრემლები და დაუცველობა სისუსტე კი არა, პიროვნების ჭეშმარიტი გამოხატულებაა.
  3. განივითარონ სტრატეგიული აზროვნება: გააანალიზონ პირლოს, როგორც ფეხბურთის არქიტექტორის როლი, რომელიც თამაშს განსხვავებული კუთხიდან ხედავს.

ქვემოთ რამდენიმე სავარაუდო აქტივობაა განხილული.

  1. აქტივობები ემოციური ინტელექტისა და ნიჭის ტვირთის შესახებ:

ა) ემოციები, როგორც სიმართლე:

  • მიზანი: ემოციური გამძლეობის განხილვა და სტიგმის მოხსნა.
  • ფოკუსი: ციტატები: „ტირილი ბევრ რამეს შველის. ცრემლები იმის ხილული გამოხატულებაა, თუ ვინ ხარ.“ და მამის გაქცევა ტრიბუნიდან შურიანი კომენტარების გამო.
  • მეთოდი: დიახ/არა/შუალედური პოზიცია (მთელი კლასი).

კითხვა: არის თუ არა ემოციების (განსაკუთრებით ცრემლების ან ბრაზის) საჯაროდ გამოხატვა მოზარდისთვის სისუსტის ნიშანი?

მოსწავლეები დგებიან ოთახის ერთ მხარეს (დიახ), მეორე მხარეს (არა) ან ცენტრში (შუალედური პოზიცია) და ასაბუთებენ თავიანთ არჩევანს. (იატაკზე ლენტით ან სხვაგვარად მოინიშნოს სპექტრის ხაზი, რათა პოზიციების არჩევა ფიზიკურ აქტივობასთან იყოს დაკავშირებული).

ბ) ნიჭი შურის წინააღმდეგ

  • მიზანი: შურისა და გარიყულობის მექანიზმის გაგება.
  • ფოკუსი: მშობლების რიტორიკული კითხვა: ამას თავი ვინ ჰგონია, მარადონა?“ და თანაგუნდელების გარიყულობა („კეთროვანივით მივლიდნენ გვერდს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათზე ძლიერი ვიყავი“). „ერთი ლაწირაკის წინააღმდეგ იბრძოდნენ მშობლები. ეს იყო ბრძოლა, რომელიც მხოლოდ თავდაცვის უნარს მიძლიერდება. იმავეს ვაკეთებდი, რაშიც ბრალს მდებდნენ. თავს უდანაშაულო დამნაშავედ ვგრძნობდი“.
  • მეთოდი: რატომ გაერთიანდნენ ჩემს წინააღმდეგ?“ (წყვილებში).

სთხოვეთ წყვილებს, განიხილონ, რა იყო ბრეშაში თანაგუნდელების ქცევის მიზეზი (შური, შიში, საკუთარი არასრულფასოვნების განცდა) და რა ჰქვია მსგავს ქცევას სოციალურ კონტექსტში (ბულინგი).

დისკუსიის გასაღრმავებლად გამოიყენეთ ბულინგის/შურის ციკლის სქემა, სადაც ნაჩვენებია, როგორ იწვევს უნიკალურობა გარიყულობას.

  1. აქტივობები აზროვნებისა და ლიდერობის შესახებ

ა) „ვაზროვნებ, მაშასადამე ვთამაშობ“ – ფილოსოფია მოედანზე

  • მიზანი: სტრატეგიული აზროვნების, როგორც ნიჭის განუყოფელი ნაწილის, გააზრება.
  • ფოკუსი: ციტატები: გონებაში იხვეწებოდა გადაცემაგანსაკუთრებით მაშინ, როცა ვფიქრობდი“. დაჩემი საიდუმლო ისაა, რომ თამაშს სხვაგვარად ვუყურებეს გეომეტრია უფროა, ვიდრე ტაქტიკა“.
  • მეთოდი: გეომეტრია VS ტაქტიკა (მცირე ჯგუფებში).

ჯგუფი ქმნის განსხვავებული ხედვის მოდელს:

  • ტაქტიკა: როგორ უნდა მოვიქცე? (სტანდარტული მიდგომა).
  • გეომეტრია (პირლოს მიდგომა): როგორ გამოიყენო სივრცე და დრო სხვებზე ეფექტურად?

დავალება: გამოიყენონ ეს მოდელი სასკოლო გამოწვევაზე (მაგალითად, პროექტის წარდგენა ან დროის მენეჯმენტი). როგორ ხედავს პრობლემას „კლასიკური მოთამაშე“ პრობლემას და როგორ ხედავს მას მოაზროვნე არქიტექტორი?

ჯგუფურ მუშაობას დაეხმარება სქემატური ნახაზი (შეიძლება ფეხბურთის მოედნის მსგავსი გრაფიკა), სადაც ნაჩვენებია „კლასიკური“ და „გეომეტრიული“ ხედვის სხვაობა.

ბ) რას ნიშნავს მდუმარე ლიდერი

  • მიზანი: ლიდერობის სხვადასხვა ფორმის გააზრება.
  • ფოკუსი: „მდუმარე ლიდერი“, რომელიც „სიმშვიდის სანაცვლოდ ყველაფერს იღებს“. მირჩა ლუჩესკუს მიდგომა: ბურთი პირლოს გადააწოდეთ, მან იცის, როგორ მოექცეს ამ ბურთს“.
  • მეთოდი: ლიდერობის სპექტრი (მთელი კლასი).
    • შექმენით ლიდერობის უწყვეტი ხაზი ოთახში: ერთ ბოლოში მოლაპარაკე/აქტიური ლიდერი (რომელიც მითითებებს იძლევა), მეორე ბოლოში მდუმარე/მაგალითის მიმცემი ლიდერი (რომელიც ქმედებით ხელმძღვანელობს).
    • მოსწავლეები ირჩევენ თავიანთ ადგილს სპექტრზე და ასაბუთებენ, რატომ არის მათთვის ეს პოზიცია ყველაზე ბუნებრივი და ეფექტური.

გ) წერილი საკუთარ თავს

  • მიზანი: თვითდამრიგებლობის უნარის განვითარება.
  • ფოკუსი: პირლოს შინაგანი დიალოგი ტრავმული მატჩის შემდეგ: „ნიჭი ტვირთად არ უნდა დაგაწვესგაიღიმე. ბედნიერი იყავი“.
  • მეთოდი: წერილის წერა.
    • სთხოვეთ მოსწავლეებს, დაწერონ მოკლე (3-5 წინადადებიანი) შინაგანი მონოლოგი, რომელიც მათ შეუძლიათ გამოიყენონ სტრესის, გარიყულობის ან წარუმატებლობის მომენტში.
    • წერილში უნდა იყოს ჩართული პირლოს ორი მთავარი გაკვეთილი:
      1. უნიკალურობის მიღება („შენ ბევრ სხვა მოზარდზე ძლიერი ხარ, ამით უნდა იამაყო“).
      2. აზროვნებისა და მოქმედების ერთიანობა (პერსონალური ფრაზა, როგორიცაა: ვაზროვნებ, მაშასადამე თამაშობ“).

დაურიგეთ მოსწავლეებს ნაწილებად დაყოფილი „შინაგანი მონოლოგის ჩარჩო“ (სირთულის იდენტიფიცირება, გაკვეთილი, მოწოდება . . .).

ანდრეა პირლო გვაჩვენებს, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმშვიდეშია, ხოლო განსაკუთრებულობა არ არის მიზეზი ქედმაღლობისთვის, არამედ პასუხისმგებლობა, რომელიც ყოველდღიურად უნდა დაამტკიცო.

ჩამოთვლილი აქტივობების გამოყენებით, თქვენი მოსწავლეები არა მხოლოდ გაიცნობენ დიდ ფეხბურთელს, არამედ ისწავლიან, როგორ აქციონ შური და სირთულეები საკუთარი განვითარების საწვავად.

სადამრიგებლო საათისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიდეოები, რომლებიც მოცემულია ბმულებზე:

ამონარიდები ანდრია პირლოს ავტობიოგრაფიული წიგნიდან;

https://www.youtube.com/watch?v=ZsZhEqAp6ec დამშვიდობება ფეხბურთთან;

https://www.youtube.com/watch?v=4JgZeps2TGI როცა ფეხბურთი ხელოვნება ხდება;

https://www.youtube.com/watch?v=eUg9Sx28MlA ანდრეა პირლო – ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი;

https://www.youtube.com/watch?v=rfaYKFdIVQ8 საუკეთესო მომენტები ანდრეა პირლოს თამაშებიდან;

https://www.youtube.com/watch?v=hD_skibZCdc ანდრეა პირლო გენიოსი.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

„ვაზროვნებ, მაშასადამე ვთამაშობ“ – ანდრეა პირლო ალესანდრო ანჩელოტის თანაავტორობით – გამომცემლობა არტანუჯი, 2023 წელი.

თავკერძა გოლიათი და შემოქმედებითი აქტივობები ჩვენი ბავშვებისთვის

0

ხიდი – ბოროტებიდან სიკეთისკენ

იცვლებიან თუ არა ადამიანები? შეიძლება თუ არა რომ ბოროტი კეთილი გახდეს? შეიძლება თუ არა გაყინული გულის მოლბობა?

რა მიზეზები აქვს ბოროტებას? რა იწვევს გულის გაციებასა და სიძულვილს?

ანდერსენის „თოვლის დედოფალში“ ბიჭუნას გული ბოროტებით შექმნილმა სარკის ნამსხვრევმა გაუყინა. სარკე მაგიური ნივთია, განსაკუთრებით ზღაპრებში მას ჯადოსნური დანიშნულება აქვს. სარკე თითქოს სხვა სამყაროების კარია, პორტალია, ანარეკლების სამფლობელოა. ჯადოსნური პერსონაჟები სარკეში გადადიან და უცნაურ სამყაროებში ხვდებიან, ხოლო ბოროტი დედოფლები სარკეს რჩევებს ეკითხებიან – „სარკევ, სარკევ, ვინ არის ყველაზე ლამაზიო?“. ჯადოქრები კი მასში მომავალს ხედავენ. წიქარა სარკეს აგდებს და უზარმაზარი ზღვა ჩნდება.

ძველად გაბატონებული წესების მიხედვით კი მიცვალებულთან არ შეიძლებოდა სარკეები ღია ყოფილიყო, მათ ფარავდნენ და ზეწრებს აფარებდნენ. ფიქრობდნენ, რომ მიცვალებულის სული შესაძლოა სარკეში გამომწყვდეულიყო.

ჰოდა, თუ ბოროტებით შექმნილი სარკე დაიმსხვრევა და ეს ნამსხვრევები ვინმეს მოხვდება, მისი გულიც ბოროტებით აივსება, რადგან ნამსხვრევები თან უამრავ ბოროტ სულსაც მოიყოლებს. კეთილი, სათნო ბიჭუნა გადაიქცევა გულქვა ბავშვად, რომელიც გაციებულია, სიძულვილითაა მოცული.

რა ამარცხებს ბოროტებას? რა თქმა უნდა, სიკეთე. რა ანათებს ღამეს? რა თქმა უნდა, მზე.

ჰოდა, კაისაც გერტას ერთი ჩახუტება გაულღობს გაყინულ გულს. გოგონას თავგანწირვა და მეგობრობა ყველაზე გაციებულ გულსაც კი გააკეთილშობილებს.

როგორ ფიქრობთ – შესაძლოა ადამიანი ბოროტად დაიბადოს? თუ გარემო და ცხოვრების დინება აბოროტებს? ძალიან საინტერესო სამსჯელო თემაა ბავშვებისთვის.

ძალიან კარგი იქნება ამ თემაზე ფიქრის გვირაბის მოწყობა. ბავშვები დგანან ორ მხარეს, ერთ მხარეს სჯერა რომ შესაძლოა ადამიანი ბოროტად დაიბადოს; მეორე მხარე კი ფიქრობს, რომ ადამიანს ცხოვრება აბოროტებს. შუაში მასწავლებელი გადის და ორივე მხრიდან ისმენს არგუმენტებს, კონტრარგუმენტებს.

ამ თემის მშვენიერი გაგრძელებაა ოსკარ უაილდის „თავკერძა გოლიათი“. სადაც ბოროტი, ბავშვთმოძულე გოლიათი ძალიან კეთილი ხდება და მზადაა მთელი თავისი ბაღი ბავშვებს დაუთმოს სათამაშოდ.

გასაოცარი რამ ხდება – გოლიათი, რომელიც კაციჭამიებს ემეგობრება და თავადაც არანაკლებ საშიშია, უცებ კეთილ მოხუცად იქცევა.

რა მოხდა? რამ აუხილა თვალები გოლიათს? აქ ძალიან სათუთად და ძალიან ფაქიზად იესო ქრისტე შემოდის, ოღონდ არა სტერეოტიპულად, ოღონდ არა მძიმედ, არა სახელის ხსენებით – ბავშვი, რომელსაც ხელებზე და ფეხებზე ლურსმნებისგან იარები ჰქონდა, ვინ არის თუ არა იესო.

ერთი ჩახუტება, ერთი კოცნა – ალღობს გოლიათის გულსაც, და იფანტება წლობით დაგროვილი ბოროტება. ეს შესანიშნავი ნოველა პირდაპირ პასუხობს ქრისტიანულ მორალს, და ქრისტიანობის მთავარ საყრდენს, მიტევებას. უფალი მიმტევებელია. მერე რა, რომ გოლიათი ბოროტი იყო მრავალი წლის მანძილზე; მერე რა, რომ მისი გული მხოლოდ მოხუცებულობაში იხსნება სიკეთისთვის. გოლიათი სამოთხეში ხვდება, ის მიიღეს, მიიღეს განსაკუთრებულად – ბავშვებისთვის ნაჩუქარი ბაღის სანაცვლოდ სიკვდილის შემდეგ თავის სამოთხეს პოულობს.

ძალიან ღრმა ტექსტია, სიმბოლოებით დატვირთული. ღობე როგორც – ჩაკეტილობა, როგორც ზღუდე, ეგოიზმი; თოვლი და ყინვა – ცივ გულს გამოხატავს; ყვავილები, აყვავებული ხეები – სიკეთისა და მშვენიერების სიმბოლოა.

ამიტომ მნიშვნელოვანია, სანამ ბავშვები ამ ტექსტს წაიკითხავენ, წინასწარ დავაფიქროთ ამ საკითხებზე. წარვუდგინოთ ასეთი სიმბოლოები: ❄️ და ვკითხოთ თითოეული მათგანი რის ასოციაციას იწვევს მათში? რა ახსენდებათ? რას ფიქრობენ ამ სიმბოლოებზე.

კითხვის პროცესი ინტერაქციული უნდა იყოს. გოლიათის დაბრუნებისა და ბაღში ბავშვების შესვლის აკრძალვის მომენტის შემდეგ, კითხვას ვწყვეტთ და ვთხოვთ – ბავშვებმა დახატონ ნაცრისფერი ბალახი, მიაწერონ – რას იგრძნობდნენ ისინი აქ? რა ემოციები გაუჩნდებოდათ?

მუდმივი ზამთრის ეპიზოდის წაკითხვის შემდეგ ბავშვებს ვთხოვთ რამდენიმე წინადადებით დაწერონ: „მე, ზამთარი, გოლიათს ვეუბნები რომ….“. ეს იქნება ზამთრის ხმა.

გოლიათის შეცვლის შემდეგ ბავშვები ავსებენ წინასწარ მომზადებულ დიაგრამას: გოლიათი მოთხრობის დასაწყისში და გოლიათი მოთხრობის ბოლოს, რა შეიცვალა? რა თვისებები იქცა საპირისპირო თვისებებად? ამ საკითხებზე მსჯელობა ძალიან საინტერესო და საჭიროა.

ფინალს ვკითხულობთ ნელა, ემოციურად, ვაკეთებთ პაუზებს. ბოლოს ვსვამთ კითხვას: რას მიხვდა გოლიათი ბოლოს?

ამის შემდეგ ვგეგმავთ რამდენიმე შემოქმედებით აქტივობას.

პოსტერი

ბავშვები იყოფიან ჯგუფებად, თითოეული მათგანი ერთ რომელიმე პოსტერზე მუშაობს:

  1. თავკერძა გოლიათის ბაღი;
  2. ბავშვების დაბრუნება;
  3. გოლიათის ცვლილება;
  4. შეცვლილი ბაღი.

ბავშვები ხატავენ, წერენ ფრაზებს, ამატებენ სიმბოლოებს. შემდეგ კი თითოეული ჯგუფი წარმოადგენს და აცოცხლებს თავის პოსტერს,

 

„დახურული კარის ექსპერიმენტი“

კლასში ერთ კუთხეს „გოლიათის ბაღად“ მოვნიშნავთ და სიმბოლურად „კარს“ ვხურავთ (სკამი, ლენტი, ხაზი იატაკზე).

ინსტრუქცია ბავშვებს:

  • ბავშვების ნაწილი გარეთ არიან;
  • ნაწილი კი ბაღის შიგნით.

გარეთ მყოფები წერენ/ამბობენ: რას გრძნობენ, როცა შიგნით არ უშვებენ.

შიგნით მყოფები წერენ/ამბობენ: რატომ არ უშვებენ.

შემდეგ როლებს ცვლიან. ბავშვები საკუთარ თავზე გამოცდიან გარიყულებისა და ძალაუფლების მქონეთა ემოციებს.

 

ბაღის ხმები

ბავშვებს ვთხოვთ:

  • დახუჭონ თვალები;
  • წარმოიდგინონ ბაღი მანამდე და შემდეგ.

ჩვენ ვკითხულობთ ტექსტს და ბავშვები ხმებით აცოცხლებენ, გამოსცემენ ხმებს:

  • ქარი;
  • ბავშვების სიცილი;
  • გაყინული ტოტის ჩამოტეხა.
  • ნაბიჯები თოვლში.

გოლიათის შინაგანი მონოლოგი

ბავშვებს ვაძლევთ ერთ წინადადებას დასაწყისად:

„მე დიდი ვარ, მაგრამ მაინც მეშინია…“

„მე პატარა ვარ, მაგრამ არ მეშინია…“

ბავშვები წინადადებებს აგრძელებენ და აყალიბებენ, რომ სიდიდე არ ნიშნავს სიძლიერეს და სიპატარავე სისუსტეს.

 

ემოციების თერმომეტრი

დაფაზე ან ფურცელზე დავხატავთ დიდ თერმომეტრს.

მოვნიშნავთ ეტაპებს:

  • მარტოობა
  • ბრაზი
  • შიში
  • სინანული
  • სიხარული


ბავშვებმა ტექსტიდან ეპიზოდები უნდა მიამაგრონ შესაბამისტემპერატურაზე“.

საგნის თვალთახედვა

აირჩიეთ ერთი ობიექტი/ საგანი ბაღიდან:

  • ხე
  • კედელი
  • თოვლი
  • ყვავილი

ბავშვებმა უნდა დაწერონ ისტორია ამ საგნის თვალით:

„მე კედელი ვარ და მგონია, რომ…“

 

თავკერძა გოლიათის მუზეუმი

კლასში ვქმნით „მუზეუმს“.

ყოველ ექსპონატს აქვს სახელი:

  • „დაკეტილი კარი“
  • „მუდმივი ზამთარი“
  • „დაგვიანებული ბოდიში“

თითოეული „ექსპონატი“ ბავშვების ფანტაზიას მივანდოთ და თავად როგორც წარმოუდგენიათ ვიზუალურად ისე გამოსახონ: შეუძლიათ დახატონ, დაწერონ დიდ ფორმატზე.

თითოეული ბავშვი გიდის როლს მოირგებს და შეეცდება სხვა ბავშვებს მუზეუმი დაათვალიერებინოს, ექსპონატების ისტორია მოუყვეს და აუხსნას.

 

ერთი წინადადება, რომელმაც შეიძლება ყველაფერი შეცვალოს

ბავშვებმა უნდა დაწერონ ერთი წინადადება, რომელიც: გოლიათს ადრე რომ გაეგონა, ბაღი არ გაიყინებოდა.

წერილი მომავალ გოლიათს

ბავშვები წერენ წერილს:

„თუ ოდესმე ისევ მოგინდება კედლის აშენება, გახსოვდეს…“

ეს წერილები შეგვიძლია „კლასის დროის კაფსულში“ შევინახოთ.

 

 

 

პანდემიის მატიანე – სასწავლო პროექტი

0

პანდემია თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გლობალურ გამოწვევად იქცა, რომელმაც შეცვალა არა მხოლოდ ყოველდღიური ცხოვრება, არამედ სახელმწიფოთა მართვის, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისა და მოქალაქეობრივი ქცევის მოდელები. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სკოლის სივრცეში მოსწავლეებმა არა მხოლოდ ფაქტობრივი ინფორმაცია მიიღონ, არამედ გააანალიზონ პანდემიის გამოცდილება როგორც ცოცხალი სოციალური პროცესი. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა IX კლასში განხორციელებული სამოქალაქო განათლების პროექტი – პანდემიის მატიანე“.

პროექტის მიზანი

პროექტის მთავარი მიზანი იყო, პანდემიის თვითმხილველ მოსწავლეებს შეექმნათ ერთგვარი მატიანე მომავალი თაობებისთვის და გაეაზრებინათ, როგორ რეაგირებდა საზოგადოება გლობალურ გამოწვევაზე. მოსწავლეები სწავლობდნენ, როგორც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, სახელმწიფო მართვისა და საზოგადოებრივი სოლიდარობის გამოცდას.

პროექტის განხორციელების ეტაპები

პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა შეისწავლეს, თუ როგორ მუშაობდნენ პანდემიის პერიოდში ხელისუფლების სხვადასხვა  სტრუქტურები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შემდეგ საკითხებს:

  •  მიღებული გადაწყვეტილებები;
  • მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები;
  • მონიტორინგის, სანქციებისა და კომენდანტის საათის პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში;
  • მოქალაქეთა ქცევები და საზოგადოებრივი რეაქციები კრიზისის პირობებში.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან, გაანალიზეს მოვლენები და იმსჯელეს პასუხისმგებლობისა და უფლებების ბალანსზე საგანგებო მდგომარეობის დროს.

პრაქტიკული და სიმულაციური აქტივობები

პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი იყო პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება. მოსწავლეებმა შექმნეს თემატური ნახატები და მონაწილეობდნენ სიმულაციურ აქტივობებში, რომლებიც პანდემიის რეალურ სცენარებს ასახავდა.

აქტივობა 1. „პანდემიის ერთი დღე“ – მოქალაქის ქრონიკა

მოსწავლეებმა შექმნეს „პანდემიის ერთი დღის ნარატივი“. თითოეულმა მათგანმა აღწერა საკუთარი ან ოჯახის წევრის ყოველდღიური გამოცდილება: გადაადგილების შეზღუდვა, ონლაინსწავლა, კომენდანტის საათი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება და უსაფრთხოების წესების დაცვა. ეს მოკლე ამბები გაერთიანდა საერთო დოკუმენტად, რომელიც წარმოაჩენდა პანდემიის ყოველდღიურ რეალობას მოქალაქის თვალით და მატიანის პერსონალურ ფენას ქმნიდა.

აქტივობა 2. სიმულაცია „გადაწყვეტილება კრიზისში“

მოსწავლეები როლებში გადანაწილდნენ  – ექიმი, პოლიციელი, მაშველი და სამხედრო მოსამსახურე. სიმულაციის ფარგლებში მათ უნდა მიეღოთ გადაწყვეტილებები პანდემიის პირობებში: მოქალაქის გადაადგილების კონტროლი, უსაფრთხოების ზომების დაცვა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა. გამოყენებული ეკიპირება და სამედიცინო რეკვიზიტები (პირბადე, დეზობარიერი, სატურაციის საზომი და სხვა) ქმნიდა რეალისტურ გარემოს. აქტივობამ მოსწავლეებს დაანახვა, როგორ იწერება მატიანე მიღებული გადაწყვეტილებებით.

აქტივობა 3. „საზოგადოების რეაქციის რუკა“

მოსწავლეებმა ჯგუფურად შექმნეს ვიზუალური რუკა, სადაც ასახეს საზოგადოების სხვადასხვა რეაქცია პანდემიის დროს – სოლიდარობა, შიში, დაუმორჩილებლობა, დახმარება, ინფორმაციის დეფიციტი. თითოეულ რეაქციას ერთვოდა რეალური მაგალითი ან მედიის მასალა. ეს რუკა იქცა მატიანის ანალიტიკურ ნაწილად, სადაც პანდემია წარმოდგენილი იყო არა მხოლოდ როგორც სამედიცინო, არამედ როგორც სოციალური ფენომენი.

პროექტის შედეგები

პროექტის შედეგად მოსწავლეებში მნიშვნელოვნად განვითარდა:

  • კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • ინფორმაციის მოძიებისა და ანალიზის კომპეტენცია;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სამოქალაქო ცნობიერება და სოციალური სოლიდარობის განცდა.

მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ პანდემია ისტორიული მატიანეა და მისი მართვა მხოლოდ სახელმწიფოს ან ჯანდაცვის სისტემის პასუხისმგებლობა არ არის, არამედ თითოეული მოქალაქის ქცევაზეა დამოკიდებული.

შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან

პროექტი სრულად შეესაბამება IX კლასის სამოქალაქო განათლების მოსალოდნელ შედეგებს. იგი ხელს უწყობდა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გააზრებას, საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობისა და თანამშრომლობის უნარების განვითარებას. პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებულმა სწავლებამ მოსწავლეებს დაეხმარა როგორც ცოდნის მიღებაში, ისე მის გაზიარებასა და რეალურ კონტექსტში გამოყენებაში.

დასკვნა

პროექტი – „პანდემიის მატიანე” აჩვენებს თუ როგორ შეიძლება სამოქალაქო განათლება იქცეს  გამოცდილებაზე დაფუძნებულ პროცესად. მსგავსი პროექტები მოსწავლეებს არა მხოლოდ ისტორიული მოვლენის გააზრებაში ეხმარება, არამედ აყალიბებს მათ პასუხისმგებელ მოქალაქეებად, რომლებიც მზად არიან გააანალიზონ, შეაფასონ და მომავალში უფრო  გაცნობიერებულად უპასუხონ საზოგადოებრივ გამოწვევებს.

 

მოგზაურობა და ციფრული კვალი

0

წამი, რომელიც ორ სამყაროს აკავშირებს – მოსწავლე რომის კოლიზეუმის ფონზე იღებს სელფს და 3 წამში აზიარებს Instagram-ზე. გეოლოკაცია ჩართულია, ჰეშთეგები დამატებული, ემოჯი – იდეალური. ამ მარტივ მოქმედებას ფიზიკური გეოგრაფია უწოდებს “ლოკაციას”, ციფრული სამყარო კი – “მონაცემს”.

მაგრამ დავსვათ კითხვა: სად მთავრდება ეს მოგზაურობა?

რუკაზე – რომში. ციფრულ სივრცეში – არსად. ის გრძელდება, ვრცელდება, ინახება და ზიარდება. სწორედ ამ ორ სამყაროს შორის ხიდის გადება გახდა ჩემი, როგორც გეოგრაფიის მასწავლებლის, მთავარი გამოწვევა და პრივილეგია.

გეოგრაფია – ერთადერთი საგანია, რომელიც  აერთიანებს ფიზიკურ სივრცესა და ციფრულ რეალობას. საგნის ფარგლებში ვასწავლით სივრცეს, რუკებს, გზებს, გადაადგილებას, ქალაქებსა და ადამიანთა ურთიერთობას გარემოსთან. მაგრამ დღეს ეს გარემო მხოლოდ ფიზიკური აღარ არის.

ყოველი მოგზაურობა -იქნება ეს ქალაქში გასვლა, ქვეყნის შიგნით გადაადგილება თუ უცხო ქვეყანაში ვიზიტი – პარალელურად ქმნის ციფრულ კვალს.

რუკაზე მონიშნული გზა ერთდროულად გადაიქცევა მონაცემებად:

  • ფოტოებად (ხშირად ლოკაციით),
  • ძიებებად და ნავიგაციის ისტორიად,
  • პოსტებად და სთორებად,
  • კომენტარებად და შეფასებებად,
  • ალგორითმების მიერ შექმნილ პროფილად.

სწორედ ამ  მიზეზების გამო დაიბადა პროექტი ჩემი მოგზაურობა და ციფრული კვალი”.

რეალობაა, მოსწავლეები ყოველდღიურად ტოვებენ ციფრულ კვალს, თუმცა იშვიათად ფიქრობენ მის მნიშვნელობაზე. ისინი აზიარებენ ინფორმაციას სწრაფად, სპონტანურად და დაუფიქრებლად.

რატომ ხდება ეს?

ციტატა ერთ-ერთი მოსწავლისგან (15 წლის, რომის მოგზაურობის პროექტიდან):

“ვიფიქრე, რომ ფოტო მხოლოდ მეხსიერებაა. არ მესმოდა, რომ ის ასევე მონაცემია.”

გეოგრაფია მაძლევს საშუალებას, ეს საკითხი არა დიდაქტიკური  შეგონებით, არამედ სივრცითი ლოგიკით განვიხილო:

სად ვიყავიროგორ ვიმოძრავერა დარჩა ამის შემდეგ ციფრულ სივრცეში?

იტალიური სკოლის კონტექსტში, სადაც მოსწავლეები ხშირად მოგზაურობენ, ეს თემა განსაკუთრებით ცოცხალი და ახლობელია მათთვის.

პროექტის იდეა და მიზნები

იდეა – მოსწავლე აღწერს საკუთარ რეალურ ან წარმოსახვით მოგზაურობას და პარალელურად აანალიზებს, რა ციფრულ კვალს ტოვებს ეს მოგზაურობა და როგორ შეიძლება ამ კვალის გააზრებული მართვა.

ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მოსწავლეებს დაენახათ, რომ ციფრული კვალი ისეთივე “გეოგრაფიული რეალობაა”, როგორც გზა, ქალაქი ან მარშრუტი.

მთავარი მიზანი:
მოსწავლემ გააცნობიეროს კავშირი ფიზიკურ სივრცესა და ციფრულ ქცევას შორის.

კონკრეტული ამოცანები:

  1. მარშრუტისა და ლოკაციების განსაზღვრა რუკაზე,
  2. ციფრული რუკის შექმნა და წაკითხვა,
  3. ციფრული კვალის სახეობების იდენტიფიცირება,
  4. საკუთარი ონლაინ ქცევის ანალიზი,
  5. პასუხისმგებლიანი ციფრული მოქალაქეობის განვითარება.

პროექტის განხორციელება: ნაბიჯ-ნაბიჯ

I ეტაპი – მოგზაურობის არჩევა (1 გაკვეთილი)

მოსწავლეებს შევთავაზე აერჩიათ მოგზაურობა, რომელიც მათთვის ემოციურად მნიშვნელოვანია.

რატომ ემოციური კავშირი?
პროექტი უნდა იყოს პირადი, არა აბსტრაქტული. როდესაც მოსწავლე საკუთარ გამოცდილებას აანალიზებს, რეფლექსია უფრო ღრმაა.

არჩევანი ხშირად ჩერდებოდა რომზე – ქალაქზე, რომელიც თითქმის ყველა მოსწავლის გამოცდილებაში არსებობს (სასწავლო და  ოჯახური მოგზაურობები).

თავისუფლება არჩევანში:
ზოგმა აირჩია ფანტაზიური მოგზაურობა (მაგ., იაპონია), ზოგმა — უბრალო მარშრუტი სახლიდან სკოლამდე. ორივე ვარიანტი მისაღები იყო.

II ეტაპი – რუკაზე მუშაობა (1 გაკვეთილი)

მოსწავლეებმა მონიშნეს:

  • საწყისი და საბოლოო პუნქტი
  • გაჩერებები და საინტერესო ობიექტები
  • მანძილი (კილომეტრებში)
  • სავარაუდო დრო (საათებში)
  • ტრანსპორტის სახეობა

ამ ეტაპზე აქტიურდება კლასიკური გეოგრაფიული უნარები: რუკის წაკითხვა, მასშტაბის გააზრება, მარშრუტის დაგეგმვა.

გამოყენებული ინსტრუმენტები:

  • Google Maps / OpenStreetMap
  •  რუკები (კლასში)
  • კალკულატორი მანძილისა და დროის გასათვლელად

III ეტაპი – ციფრული კვალის გააზრება (1 გაკვეთილი)

ეს არის პროექტის მთავარი ეტაპი.

შემდეგ დავუსვი მთავარი კითხვა:
მოგზაურობა რომ დასრულდა, რა დარჩა მის შემდეგ ინტერნეტში?”

პირველი რეაქცია ხშირად იყო დაბნეულობა. შემდეგ – აღმოჩენა.

მოსწავლეებმა გამოყვეს შემდეგი კატეგორიები:

  1. ვიზუალური კვალი:
  • ფოტოები (ხშირად გეოლოკაციით),
  • ვიდეოები და სთორები,
  • ფოტოების მეტამონაცემები (EXIF: ადგილი, დრო, მოწყობილობა),
  1. ტექსტური კვალი:
  • სოციალური ქსელის პოსტები
  • კომენტარები
  • ჰეშთეგები და მონიშვნები
  1. ნავიგაციური კვალი:
  • Google Maps ისტორია
  • ძიების ისტორია
  • ლოკაციის ჩანაწერები
  1. ქცევითი კვალი:
  • რესტორნების/მუზეუმების შეფასებები
  • ონლაინ შეკვეთები
  • WiFi კავშირების ისტორია

IV ეტაპი – პრეზენტაცია და დისკუსია (1 გაკვეთილი)

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნამუშევრები ციფრული პრეზენტაციის, პოსტერის ან ვიდეოს სახით.

პრეზენტაციის სტრუქტურა:

  1. მოგზაურობის აღწერა (სად, როდის, რატომ)
  2. ფიზიკური რუკა (მარშრუტი)
  3. ციფრული კვალი (რა დარჩა)
  4. პირადი რეფლექსია (რას შევცვლიდი)

დისკუსიის თემები:

  • რა გამიკვირდა?
  • რა შეიძლება იყოს საშიში?
  • როგორ დავიცვათ თავი?

პრაქტიკული ქეისები: ორი ისტორია კლასიდან

ქეისი 1 – “ერთი დღე რომში: სად მთავრდება მოგზაურობა?”

კონტექსტი:
მოსწავლეთა ჯგუფმა აღადგინა ერთდღიანი მარშრუტი რომში (კოლიზეუმი → ფონტანა დი ტრევი → ვატიკანი).

დისკუსის მონაკვეთი:
ერთმა მოსწავლემ, სახელად მარიკომ, აღნიშნა:

“მოგზაურობა დასრულდა 6 საათზე, მაგრამ ინტერნეტში ის ისევ გრძელდება. ჩემი ფოტო ისევ იქ არის.  ვინმე  შეიძლება ახლაც  კი ხედავდეს, აზიარებდეს, აკომენტარებდეს.”

შედეგი:
ამ ფრაზამ კლასში გამოიწვია სიჩუმე. შემდეგ კი გაგრძელდა  დისკუსია იმაზე, თუ როდის “სრულდება” ციფრული მოგზაურობა. პასუხი: არასდროს, თუ ჩვენ თავად არ გადავწყვეტთ.

გამოყენებული მაგალითი:
15 მოსწავლიდან 12-მ აღმოაჩინა, რომ მათ Google Maps-ში შენახული იყო სრული ლოკაციების ისტორია ბოლო თვეების  განმავლობაში.

ქეისი 2 – “ვირტუალური რომი და უხილავი კვალი”

კონტექსტი:
ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა დაეგეგმა მოგზაურობა მხოლოდ ინტერნეტით – რუკებით, ვიდეოებით, ვირტუალური ტურებით. მოსწავლეებმა აღმოაჩინეს, რომ ფიზიკური გადაადგილების გარეშეც ვტოვებთ ციფრულ კვალს:

  • 47 ძიება Google-ში
  • 23 ვიდეო YouTube-ზე
  • 8 შენახული ადგილი Maps-ში
  • 15 cookies სხვადასხვა საიტიდან

მოსწავლის ციტატა (სოფია, 14 წლის):

“ვიფიქრე, რომ ციფრული კვალი მხოლოდ მაშინ რჩება, როცა რაღაცას ვაზიარებ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემი ძიებებიც კვალია.”

გამოწვევები და გადაწყვეტილებები

გამოწვევა 1: “მასწავლებელო, მე არ მინდა ჩემი ფოტოების წაშლა”

რეაქცია:
პროექტის მიზანი არ არის ციფრული კვალის სრული წაშლა, არამედ გააზრებული არჩევანი.

გადაწყვეტა:
შევთავაზე კონცეფცია: “პირადი vs საჯარო კვალი”. მოსწავლეებმა შეისწავლეს, თუ როგორ შეიძლება ფოტოების შენახვა ისე, რომ მათზე წვდომა მხოლოდ მათ ჰქონდეთ (კერძო ალბომები, cloud storage).

გამოწვევა 2: მშობლების ეჭვები

ზოგიერთმა მშობელმა შეიძლება გამოთქვას შეშფოთება: “ხომ არ ასწავლით ბავშვებს, რომ ინტერნეტი საშიშია?”

გადაწყვეტა:
გამართეთ საინფორმაციო შეხვედრა მშობლებთან და ავუხსენით: პროექტი  ასწავლის თქვენს შვილებს დატოვონ უსაფრთხო ციფრული კვალი.

გამოწვევა 3: ტექნიკური უზრუნველყოფა

ყველა მოსწავლეს შეიძლება არ ჰქონდა წვდომა პერსონალურ მოწყობილობაზე.

გადაწყვეტა:

  • ჯგუფური მუშაობა
  • სკოლის კომპიუტერული კლასის გამოყენება
  • ქაღალდის ვერსიების მომზადება (რუკები ხელით)

შეფასება: SOLO ტაქსონომიის მიხედვით

SOLO დონე აღწერა მაგალითი მოსწავლის პასუხიდან
პრესტრუქტურული ვერ აკავშირებს მოგზაურობას ციფრულ კვალთან “ვიმოგზაურე რომში და ვნახე კოლიზეუმი” (სხვა არაფერი)
ერთსტრუქტურული ასახელებს ერთ ელემენტს “ვიმოგზაურე და გადავიღე ფოტოები”
მულტირუქტურული ასახელებს რამდენიმე ელემენტს ანალიზის გარეშე “გავაკეთე ფოტო, დავდე Instagram-ზე და გამომიყვა მეგობრებმა”
მიმართებითი აკავშირებს სივრცეს, ქცევასა და შედეგებს “ვიმოგზაურე, გავაზიარე ფოტოები გეოლოკაციით და შემდეგ მივხვდი, რომ ყველამ გაიგო სად ვიყავი”
გაფართოებული აბსტრაქტული აკეთებს ზოგად დასკვნებს და სთავაზობს სტრატეგიებს “ყოველი მოგზაურობა ტოვებს ციფრულ კვალს. მომავალში გავითვალისწინებ, რას გავაზიარებ და როგორ დავიცავ ჩემს კვალს”

ბოლო დავალება: რეფლექსია

თემა: “რას შევცვლიდი ჩემი მოგზაურობით ციფრულ კვალში?”

მოსწავლე პასუხობს შემდეგ კითხვებზე:

  1. რა გავიგე ჩემი ციფრული კვალის შესახებ?
  2. რა გამიკვირდა ან რამ შემაშფოთა?
  3. რას გავაზიარებდი სხვაგვაირად მომავალში?
  4. როგორ დავიცავ ჩემს ციფრულ სივრცეს?
  5. რა ვისწავლე როგორც ციფრულმა მოქალაქემ?

რეფლექსიის ნიმუში (ანა, 14 წლის):

“ვიფიქრე, რომ ციფრული კვალი -ეს არის რაღაც აბსტრაქტული. მაგრამ როცა დავინახე, რომ Google-მ იცოდა ჩემი ყოველი ნაბიჯი ბოლო 3 თვის განმავლობაში, ეს უკვე კონკრეტული გახდა. მომავალში გამოვრთავ ლოკაციას, როცა ეს საჭირო არ არის.”

გეოგრაფიის პრივილეგია ჩემთვის სწორედ ეს არის: შევასწავლო მოსწავლეებს არა მხოლოდ “სად”, არამედ “როგორ” არსებობენ ისინი თანამედროვე სამყაროში.

პროექტი “ჩემი მოგზაურობა და ციფრული კვალი” აერთიანებს რუკას, ეკრანსა და პასუხისმგებლობას –  ეს  გეოგრაფიას აქცევს ცოცხალ, თანამედროვე და ცხოვრებისეულ საგნად.

დასკვნითი აზრი მოსწავლისგან (ლუკა, 14 წლის):

“ახლა ვხედავ რუკას სხვანაირად. ის არ არის მხოლოდ ხაზები ქაღალდზე. ის არის ჩემი ამბავი – ფიზიკური და ციფრული.”

თუ ხართ გეოგრაფიის, ინფორმატიკის, სოციალური მეცნიერებების მასწავლებელი –მოგიწოდებთ, სცადოთ ეს პროექტი. მოსწავლეები ცხოვრობენ ორ სამყაროში ერთდროულად. ჩვენი მოვალეობაა, ვასწავლოთ მათ ორივეში ცნობიერად მოძრაობა. რუკა და ეკრანი – ერთმანეთისგან განუყოფელია. დროა, ეს საკლასო ოთახშიც ავაშკაროთ.

დანართი –  სამუშაო ფურცელი მოსწავლეებისთვის

სექცია 1: ჩემი მოგზაურობა

  • საიდან → საით?
  • რა ტრანსპორტით?
  • რამდენი კილომეტრი/დრო?
  • რატომ ავირჩიე ეს მოგზაურობა?

სექცია 2:  რუკა

  • მონიშნე მარშრუტი რუკაზე
  • აღნიშნე მთავარი გაჩერებები
  • დააფიქსირე საინტერესო ადგილები

სექცია 3: ციფრული კვალი

  • რა ფოტოები გადავიღე?
  • სად გავაზიარე?
  • რა ძიებები გავაკეთე?
  • რა ინფორმაცია დარჩა ონლაინ?

სექცია 4: რეფლექსია

  • რა გამიკვირდა?
  • რას შევცვლიდი?
  • როგორ დავიცავ თავს მომავალში?

სასწავლო პროექტი „წყლის ყაირათიანი ხარჯვა“

0

(წყლის გადასახადის დარიცხვის წესის მათემატიკური შეფასება და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება  წყლის რესურსების მოფრთხილების შესახებ)

  1. საკითხის აქტუალობა

მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში ყველა საგანმა თავისი წილი წვლილი უნდა შეიტანოს. ამისათვის საჭიროა მაღალი სააზროვნო უნარების გამომუშავება, შემოქმედებითი და ინტერაქტიული მეთოდებით მუშაობა, როგორიც არის, მაგალითად,  „პროექტი“.

პროექტზე მუშაობისას, მოსწავლე, პრობლემის გადაჭრის პროცესში, ითვისებს ახალ მასალას  და ცნებებს, სწავლობს დაგეგმვას და რეალობის გააზრებას, იძენს და ივითარებს მოვლენების მრავალმხრივი აღქმისა და უფრო ღრმა პერსპექტივების დანახვის უნარ-ჩვევებს.

თანამედროვე განათლება მოითხოვს მათემატიკის სწავლების რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებას, რათა მოსწავლეებმა მათემატიკური ცნებები არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც გაიაზრონ. წრფივი დამოკიდებულება ერთ-ერთი ფუნდამენტური თემაა VIII კლასში, თუმცა მისი აბსტრაქტული სწავლება ხშირად ამცირებს მოსწავლეთა მოტივაციას.

საგანი: მათემატიკა
კლასი: VIII
თემა: ალგებრა და მათემატიკური მოდელები

სამიზნე ცნებები და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები: შესაბამისობა, ასახვა, ფორმულა, წრფე, სხივი, წრფივი დამოკიდებულება.
(აქტივობა: რიცხვების გამოყენება მდგრადი განვითარების პრინციპების სწავლებისას.)

პროექტის ხანგრძლივობა: 1 კვირა

აღნიშნული პროექტი აერთიანებს მათემატიკურ ანალიზს, ეკოლოგიურ ცნობიერებასა და კვლევით მიდგომას, რაც ხელს უწყობს როგორც საგნობრივი, ასევე ტრანსფერული კომპეტენციების განვითარებას. კვლევაზე დაფუძნებული სწავლება და ავთენტური მონაცემების გამოყენება ქმნის შესაძლებლობას, რომ მოსწავლემ მათემატიკური მოდელები არა მხოლოდ ფორმულებად, არამედ ცხოვრებისეული პროცესების აღწერის საშუალებად აღიქვას.

  1. პროექტის მიზანი

პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა რეალური მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის საფუძველზე:

  • გაიაზრონ- შესაბამისობის, ასახვის, წრფივი დამოკიდებულების არსი;
  • შეძლონ –  დამოკიდებულების ცხრილური, გრაფიკული და ალგებრული წარმოდგენა;
  • განივითარონ  – კვლევითი, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარები.
  1. საგანთა ინტეგრაცია
საგანი ინტეგრაციის მიმართულება
მათემატიკა წრფივი ფუნქცია, ცვლადები, გრაფიკი, ფორმულა
ბუნებისმეტყველება წყლის რესურსების მოხმარება
სამოქალაქო განათლება პასუხისმგებლობა გარემოს მიმართ
საინფორმაციო ტექნოლოგიები ცხრილები, დიაგრამები, გრაფიკული ვიზუალიზაცია

 

  1. ესგ-სთან და მდგრადი განვითარების მიზნებთან შესაბამისობა

პროექტი შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ შედეგებს, მათ შორის:

  • მოსწავლე აგროვებს, ამუშავებს და აანალიზებს მონაცემებს;
  • აღწერს კავშირებს, კანონზომიერებებს, დამოკიდებულებას ცვლადებს შორის;
  • ქმნის ცხრილებს, გრაფიკებს, დიაგრამებს;
  • იყენებს ალგებრულ ჩანაწერს რეალური პროცესის აღსაწერად;
  • გამოკვეთავს, დაყოფს ეტაპებად და ჭრის პრობლემას;
  • აკეთებს დასკვნებს მონაცემებზე დაყრდნობით;
  • აანალიზებს და აფასებს კრიტიკულად მიღებულ შედეგებს;
  • წარმოადგენს საკითხებს ვიზუალურად, კომპიუტერული ტექნოლოგიების საშუალებით.

შეფასების ინდიკატორები: (მათ. საბ. 1,2.3,4,5,6,7,8,9,10,11).

კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან

პროექტი ეხმიანება  მდგრადი განვითარების მიზნებს.

მიზანი პროექტში გამოვლინება ქცევითი შედეგი
SDG 6 – სუფთა წყალი მოხმარების ანალიზი დაზოგვის გააზრება
SDG 4 – ხარისხიანი განათლება კვლევითი სწავლება კომპეტენციის განვითარება
SDG 12 – პასუხისმგებლიანი მოხმარება რაოდენობრივი შეფასება ქცევის კორექტირება
SDG 13 – კლიმატის მოქმედება რესურსების შეზღუდულობის გააზრება ეკოლოგიური პასუხისმგებლობა

 

  1. სასწავლო ამოცანები

პროექტის ფარგლებში მოსწავლე:

  • მოიძიებს წყლის გადასახადის დარიცხვის წესს, რომელიც მოქმედებს თბილისში/მცხეთაში;
  • გადახდის წესის მიხედვით, დაადგენს დამოკიდებულებას დახარჯულ წყლის მოცულობასა და დარიცხულ თანხას შორის;
  • ჩამოაყალიბებს წრფივი დამოკიდებულების ზოგად მოდელს y=kx+l და, დარიცხვის წესის მიხედვით, განიხილავს წრფივი დამოკიდებულების კერძო შემთხვევებს;
  • ააგებს ამ დამოკიდებულებების შესაბამის გრაფიკებს  (სურვილისამებრ);
  • შეაგროვებს 2024 და 2025 წლის მონაცემებს სკოლის მიერ მოხმარებული წყლის რაოდენობისა და დარიცხული თანხის შესახებ, თვეების მიხედვით (სურვილისამებრ);
  • შეაგროვებს 2025 წლის მონაცემებს, საკუთარ ბინაში მოხმარებული წყლის რაოდენობის შესახებ, თვეების მიხედვით (სურვილისამებრ);
  • ჩაატარებს კვლევას, თანაკლასელთა შორის, წყლის რაციონალურად მოხმარებაზე (სურვილისამებრ);
  • შექმნის შეგროვებულ მონაცემთა ცხრილს/დიაგრამას (სურვილისამებრ);
  • გააანალიზებს შედეგებს და დააკავშირებს რეალურ ცხოვრებასთან;
  • შეაფასებს წყლის გადასახადის გადახდის არსებულ წესს.
  1. პროექტის განხორციელების გზები
ეტაპი ეტაპის აქტივობის აღწერა 1 2 3 4 5
I ეტაპი –                     მონაცემთა შეგროვება/დამუშავება მოსწავლეები იძიებენ ინფორმაციას დარიცხვის წესის შესახებ. ატარებენ გამოკითხვებს წყლის მოხმარებასთან დაკავშირებით. აჯამებენ მოძიებულ მონაცემებს.          
II ეტაპი – მათემატიკური მოდელი მოსწავლეები ადგენენ წრფივი დამოკიდებულების ზოგად  და კერძო ფორმებს. აგებენ ცხრილებს, გრაფიკებს, დიაგრამებს.          
III ეტაპი –     რეფლექსია მოსწავლეები მსჯელობენ; ანალიზის (შედარებების) შედეგად აკეთებენ დასკვნებს; კრიტიკულად აფასებენ არსებულ პრობლემებს.          

 

  1. მიღებული შედეგები

პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები:

  • უკეთ იაზრებენ წრფივი დამოკიდებულების არსს;
  • ივითარებენ კვლევით და ანალიტიკურ აზროვნებას;
  • სწავლობენ მონაცემებზე დაფუძნებულ მსჯელობას;
  • აცნობიერებენ წყლის რესურსების დაზოგვის მნიშვნელობას;
  • ზრდიან სწავლისადმი მოტივაციას.
  1. შედეგების წარმოდგენა

შედეგები წარმოდგენილია:

  • მონაცემთა ცხრილის სახით;
  • დიაგრამებით;
  • გრაფიკული ვიზუალიზაციით;
  • მოკლე წერილობითი დასკვნით;
  • ზეპირი პრეზენტაციით საკლასო სივრცეში.
  1. პროექტის შეფასება

შეფასება ხორციელდება კრიტერიუმებზე დაფუძნებით:

კრიტერიუმი აღწერა
მონაცემების სიზუსტე რეალური ინფორმაციის მოძიება
გრაფიკის/დიაგრამის სიზუსტე ღერძების სწორად მონიშვნა, მასშტაბი
მათემატიკური მოდელი ფორმულის კორექტულობა
ანალიზი დასკვნების ლოგიკურობა
პრეზენტაცია აზრის მკაფიო გადმოცემა

შეფასების რუბრიკა — SOLO დონეები

SOLO-ზე დაფუძნებული შეფასება საშუალებას იძლევა, შეფასდეს არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტი, არამედ მოსწავლის აზროვნების სიღრმე და პროგრესი

კრიტერიუმი პრესტრუქტურული

 

უნისტრუქტურული

 

მულტისტრუქტურული

 

მიმართებითი

 

აბსტრაქტული
მონაცემების შეგროვება მონაცემები არასწორია ან არასრული მონაცემები შეგროვებულია ნაწილობრივ მონაცემები შეგროვებულია სრულად მონაცემები რეგულარული და ზუსტია მონაცემები გაანალიზებულია და შედარებულია
ცხრილის/დიაგრამის შედგენა ცხრილი/დიაგრამა არ არის ან ქაოსურია ცხრილი/დიაგრამა მარტივია ცხრილი/დიაგრამა სრულყოფილია ცხრილი/დიაგრამა ლოგიკურად ორგანიზებულია ცხრილი/დიაგრამა გამოყენებულია ანალიზისთვის
გრაფიკის აგება გრაფიკი არ შეესაბამება მონაცემებს ნაწილობრივ სწორია სწორად აგებული გრაფიკი გრაფიკი ასახავს წრფივ ტენდენციას გრაფიკი გამოყენებულია პროგნოზისთვის
წრფივი დამოკიდებულების გააზრება ვერ განსაზღვრავს დამოკიდებულებას ასახელებს წრფივ დამოკიდებულებას ხსნის, რომ ცვლილება თანაბარია აკავშირებს მონაცემებსა და გრაფიკს განიხილავს ცვლილებებს სხვადასხვა პირობებში
მათემატიკური მოდელი (y=ax+b) ფორმულა არასწორია ფორმულა ჩამოყალიბებულია ნაწილობრივ სწორად დაწერილი ფორმულა განმარტავს a და b-ს მნიშვნელობას იყენებს მოდელს პროგნოზისთვის
ანალიზი და დასკვნა დასკვნა არ არის მარტივი დასკვნა დასკვნა მონაცემებზე დაყრდნობით არგუმენტირებული დასკვნა აკავშირებს გარემოსდაცვით კონტექსტთან
პრეზენტაცია აზრი გაურკვეველია ინფორმაციის გადმოცემა სუსტი სტრუქტურირებული პრეზენტაცია მკაფიო და ლოგიკური გადმოცემა კრიტიკული და შემოქმედებითი წარდგენა

 საკლასო პროექტი „წყლის ყაირათიანი ხარჯვა (წყლის გადასახადის დარიცხვის წესის შეფასება და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება წყლის რესურსების მოფრთხილების შესახებ) წარმოადგენს ეფექტურ მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება აბსტრაქტული მათემატიკური ცნებების სწავლება რეალურ, მოსწავლეებისთვის ნაცნობ კონტექსტში. პროექტი ეფუძნება კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას და ავთენტური მონაცემების გამოყენებას, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობასა და სწავლისადმი მოტივაციის ზრდას.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გადიან სრულ კვლევით ციკლს – მონაცემების შეგროვებიდან მათ ანალიზამდე, გრაფიკული ვიზუალიზაციიდან ალგებრულ მოდელირებამდე. აღნიშნული პროცესი აძლიერებს მათემატიკური აზროვნების სიღრმეს და მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, გააცნობიერონ, რომ მათემატიკა არ არის მხოლოდ ფორმულათა ერთობლიობა, არამედ ეფექტური ინსტრუმენტია რეალური პროცესების აღწერისა და პროგნოზირებისთვის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროექტში შეფასების SOLO ტაქსონომიაზე დაფუძნებული მოდელის გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა ცოდნის ხარისხობრივ შეფასებას. SOLO რუბრიკა არა მხოლოდ აფასებს საბოლოო პროდუქტს, არამედ აჩვენებს მოსწავლის აზროვნების განვითარების დინამიკას, რაც ხელს უწყობს მეტაკოგნიტური უნარების ჩამოყალიბებას და თვითრეფლექსიის კულტურის განვითარებას.

პროექტი ასევე ხელს უწყობს საგანთა ინტეგრაციას და ტრანსფერული კომპეტენციების განვითარებას. მათემატიკური ანალიზის პარალელურად, მოსწავლეები ეცნობიან წყლის რესურსების რაციონალური გამოყენების საკითხს და აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას გარემოს მიმართ. ამგვარი ინტეგრირებული მიდგომა ზრდის სწავლების სოციალურ მნიშვნელობას და ამყარებს კავშირს სკოლასა და ყოველდღიურ ცხოვრებას შორის.

ინტეგრაციის დონე პროექტში გამოვლინება
საგნობრივი წრფივი დამოკიდებულების მოდელირება (y = ax + b), მონაცემთა ანალიზი, გრაფიკული წარმოდგენა
ინტერდისციპლინური მათემატიკა + ბუნებისმეტყველება + სამოქალაქო განათლება + საინფორმაციო ტექნოლოგიები
კომპეტენციაზე ორიენტირებული მონაცემთა შეგროვება → ანალიზი → დასკვნა → კრიტიკული შეფასება
ქცევითი შედეგი ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაძლიერება და რესურსების დაზოგვის გააზრებული გადაწყვეტილება

აღნიშნული პროექტი გამოირჩევა ადაპტირების მაღალი პოტენციალით. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც სხვა მათემატიკური თემების სწავლებისას (მაგალითად, ფუნქციები, პროპორციული დამოკიდებულებები, სტატისტიკა), ისე სხვა საგნებთან ინტეგრირებული პროექტების დაგეგმვის პროცესში. შედეგად, პროექტი ქმნის მდგრადი, აზრობრივი და პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების წინაპირობას, რაც სრულად შეესაბამება თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებსა და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.

მოზარდები სოციალური მედიის კაუჭზე

0

პიროვნებად ჩამოყალიბების გზაზე მოზარდისთვის ერთ-ერთი უპირველესი გარემო ოჯახია, თუმცა ის ამ პროცესში, უამრავ პირდაპირ თუ არაპირდაპირ გავლენას აირეკლავს. ეს არის საზოგადოების, სკოლის, თანაკლასელების, მეგობრების, განსაკუთრებით კი – სოციალური მედიის გავლენას, რომელიც ჩვენს ეპოქაში ადამიანებზე ზემოქმედების ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ საშუალებად იქცა.

 

თანამედროვე მოზარდი სოციალური მედიის აქტიური მომხმარებელია და ხშირად მას ციფრული სამყაროს „აბორიგენსაც“ უწოდებენ. ის აქტიურად იყენებს აპლიკაციებს, ეცნობა უამრავ ციფრულ პლატფორმას, არ აქვს ენობრივი და ტექნიკური ბარიერები და სოციალური მედია მისი ყოველდღიურობის ორგანული ნაწილია.

 

მოზარდებისთვის სოციალური მედია ერთდროულად არის გართობის, კომუნიკაციის, ინფორმაციის მიღებისა და თვითგამოხატვის სივრცე. ამის მიუხედავად, ის მაინც იქცევა დროის ფლანგვისა და ემოციური გადაღლის წყაროდ. განუწყვეტელი „სქროლვა“, ვიზუალური სტიმულები, სწრაფად ცვალებადი კონტენტი – ეს ყველაფერი თანდათან ზღუდავს მოზარდის კონცენტრაციის უნარს, ამცირებს სწავლის ხარისხს და პირდაპირ აისახება მის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, რასაც სპეციალისტები განსაკუთრებით აღნიშნავენ.

 

სოციალური მედიის მაცდურ ძალასთან გამკლავება უფროსებსაც გვიჭირს, მოზარდები კი უფრო მეტად მოწყვლადნი ხდებიან მისი ზეგავლენის წინაშე. მათ ჯერ კიდევ არ აქვთ ჩამოყალიბებული სოციალური მედიისთვის საჭირო კრიტიკული ფილტრი, რის გამოც მისგან მოწოდებულ ტენდენციებს ხშირად უპირობოდ ენდობიან. ისინი იმეორებენ ტრენდებს, ირგებენ ქცევის მზა ფორმებს; ცდილობენ, მიემსგავსონ იმ ცნობილ და გავლენიან ციფრულ სახეებს – ინფლუენსერებს, რომელთაც დღის განმავლობაში უყურებენ…

 

დღევანდელი სამყარო ციფრული მარკეტინგის პრინციპებით იმართება. ინფლუენსერები ყოველდღიურად ქმნიან კომერციულ კონტენტს, რომელიც შეფუთულია სხვადასხვა სახელით: „ცხოვრების სტილი“, „პირადი გამოცდილების გაზიარება“ ან „მოტივაციის ამაღლება“. სინამდვილეში მათი რეალური მიზანი მომხმარებელში სურვილის გამოწვევაა. პარფიუმერია, სამოსი, აქსესუარები, ბიჟუტერია, სუნამოები, წიგნები, დღიურები, სასწავლო კურსები, სხვადასხვა სასარგებლო და უსარგებლო ნივთები – აპლიკაციის ერთი „ჩასქროლვაც“ კი დაგარწმუნებთ იმაში, რომ რასაც ხედავთ, ყველაფერი იყიდება. სურვილის გაჩენა კი ძალიან მარტივია, განსაკუთრებით მოზარდებში.

 

მოზარდობის პერიოდში თვითშეფასება განსაკუთრებით მყიფეა. ეს პერიოდი მოლიპულ ნიადაგზე გზის გაკვალვას ჰგავს, როდესაც თავდაჯერების მოსაპოვებლად მოზარდს სჭირდება ნამდვილი, ღირებული განმამტკიცებელი – მიღწევების, ძალისხმევის გამოჩენის, უნარების გაცნობიერების, გამბედაობის მოპოვებისა და განათლების სახით. თუმცა ხშირად თავდაჯერებულობის მოპოვებას ის ცრუ განმამტკიცებლებით ცდილობს: ძვირადღირებული ნივთებით, ბრენდებით, ვიზუალური ეფექტებით, რომელიც მოზარდს უჩენს იმის ილუზიას, რომ მათი შეძენით უფრო მშვენიერი, უფრო სასურველი და მისაღები გამოჩნდება თანატოლებს შორის.

 

სოციალური მედია ხშირად გვთავაზობს იდეალიზებული ცხოვრების სურათებსაც. ინსტაგრამისა და ტიკ-ტოკის გახსნაც საკმარისია, უმალ შემოგანათებს სწრაფი, ეფექტურად დამუშავებული „კონტენტი“ – ფილტრებით გალამაზებული სახეები, იდეალური, ნათელი და ლამაზი სახლები, ერთი სიტყვით უდარდელი ცხოვრება… მოზარდიც იწყებს შედარებას ციფრულ პერსონებთან, მასაც სურს, ჰქონდეს ეს ყველაფერი – ასეთი ლამაზი სხეული, ასეთი ნათელი სახლი მშვენიერი ხედებით, ასეთი ლამაზი ცხოვრება სავსე ათასი მშვენიერი ნივთითა და სამოსით. ეს შედარება ყოველ წამს ხდება, რა დროსაც მოზარდი გახსნის აპლიკაციას, მისი თვითშეფასება ეცემა, ხდება დეპრესიული, უკმაყოფილოა საკუთარი ცხოვრებით, ოჯახით, ახლობლებით, მიღწევებით, რადგან მისი ცხოვრება არ არის ისეთი ლამაზი კინო, ისეთი ლამაზი კადრებით სავსე, რომლებიც ცოტა ხნის წინ ნახა – ეს პირდაპირ იმედგაცრუებაა მისთვის.

 

სოციალური მედიის კიდევ ერთი ძლიერი კაუჭი სწრაფი წარმატებისა და იოლი ფულის შოვნის ილუზიაა. მოზარდებისთვის განსაკუთრებით მომხიბლავია იდეა, რომ შეიძლება არც კი ისწავლო და ძალიან სწრაფად გამდიდრდე, გახდე ცნობილი და წარმატებული მინიმალური ძალისხმევით – გამდიდრდე იმ იუთუბერივით, რომელსაც უყურებ და რომელმაც შენს თვალწინ აიშენა დიდი და ლამაზი სახლი ქალაქგარეთ. შემდეგ წამოიწყო ახალი წარმატებული ბიზნესი, შემდეგ კიდევ სხვა ბიზნესი და ა.შ. რეალური პროფესიული მიზნები, მისწრაფებები და სურვილები ამის ფონზე ხშირად უფასურდება და უფრო მეტად ბუნდოვანი ხდება. სოციალური მედიის ძალიან მღვრიე და მღელვარე წყლებში ტივტივისას მოზარდი კარგავს რეალურისა და არარეალურის გამიჯვნის უნარს, იმ კრიტიკულ ფილტრს, რომელიც მოვლენების რაციონალურად გადააზრების საშუალებას გვაძლევს.

 

სოციალური მედიის ტრენდები ქმნიან ღირებულებით ჩარჩოებს, ქცევის მოდელებსა და თვითაღქმის ფორმებს ყველასთვის, მათ შორის მოზარდებისთვისაც. მკაცრი, კრიტიკული ფილტრის გარეშე მათი მიღება ძალიან სერიოზულ რისკფაქტორად შეიძლება იქცეს ადამიანის მენტალური ჯანმრთელობისთვის. მოზარდისთვის სოციალური მედიის გამოყენება, სახიფათო და საშიში მოგზაურობის დასაწყისია, სადაც გონივრული აკრძალვისა და მკაცრი საზღვრების დაწესებაა საჭირო. თუმცა, შეგვიძლია ვიპოვოთ ეს ზღვარი?

 

და მაინც – სამყარო უფრო ღრმა და მრავალფეროვანია, ვიდრე ის, რასაც აპლიკაციების ალგორითმები გვიჩვენებენ. ჩვენც ყოველ ჯერზე მოზარდებთან ერთად უნდა ვისწავლოთ, როგორ დავინახოთ, მოვუსმინოთ, აღმოვაჩინოთ და დრო დავუთმოთ რეალურ სამყაროს, რომელიც გაცილებით საინტერესო, ემოციებით დატვირთული და შთამბეჭდავია.

 

 

ჩანაწერებიდან

0

 

*

ისევე, როგორც ხელოვნების ყველა ჟანრში, ლიტერატურაშიც და, მათ შორის, მედიტაციურ-ინტროსპექციურ ლირიკაში – ძველეგვიპტური და შუამდინარული ლირიკის, შემდეგ უკვე შორეული აღმოსავლეთის ლირიკის გავლით დღემდე – არსებობს უნივერსალური, ძველი და მარადახალი მოტივები. ამ ერთგვარად გაცვეთილი, მოტივების პოეტური რეპრეზენტაცია მაშინ იძენს მნიშვნელობას, როცა – ღრმად ინდივიდუალისტური ინტონაციურ-იდიოლექტური ძველი ფორმებით, ან, საერთოდაც, სრულიად ახალი ფორმობრივი ქსოვილით არის შემოსილი, სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივი ბანალიზმია. ინტერნალური რყევები და განცდები ძველი და ახალი დროის პოეტებში თითქმის იდენტურია. როცა პოეზიაში თემატურ სიახლეებზე ვსაუბრობთ, ეს, ძირითადად, ექსტერნალურ მოტივებს ეხება – მოტივებს, რომლებიც ტექნიკურ-ცივილიზაციურმა პროგრესმა და თანამედროვე საზოგადოებრივ-სოციალურმა პარადიგმებმა მოიტანა.

*
ჰეტერომეტრი (ორი ან მეტი მეტრული ერთეულის კანონზომიერი მონაცვლეობით კონსტრუირებული საზომი) იმითაც არის უნიკალური, რომ მეტრული ერთეულების თანმიმდევრობის შეცვლით სრულიად სხვადასხვა ევფონიის მქონე საზომს ვიღებთ, საქმეში ჩაუხედავი უბრალო მკითხველი ვერც კი მიხვდება, რომ ერთი და იგივე მეტრული ერთეულების სხვადასხვა თანმიმდევრობის მოდულაციებთან გვაქვს საქმე. მაგალითად ავიღოთ კოტე მაყაშვილის მიერ შემოტანილი, ერთი და იგივე მეტრული ერთეულებით შედგენილი, ორი ჰეტერომეტრი –

პირველი (3/3/1 – 3/3/2):

 

„მარადი ცეცხლი ვარ მე, –

ქართლოსის მხურვალე თესლი!

აზიის გულიდან, იქ,

სადაცა ღმერთები იშვნენ,

სადაცა ადამის ტომს

პირველი აკვანი ედგა –

იქიდან მოვდივარ და

სავალი ბევრი მაქვს კიდევ!“.

და მეორე – ამ მეტრული ერთეულების შებრუნებული ვარიანტი (3/3/2 – 3/3/1):

„ტრფობითა ნარნარით, ჩვილით

მემზევა კაეშნის წამს.

ერთმანეთს შევხვდით ჩვენ დილით,

განვშორდით მწუხრისა ჟამს…

ფითრდება ღამეცა ბნელი,

ამოდის მეუღლე ცის.

იმავე ადგილზე ველი

ამაოდ!.. არ მოვა ის!..“.

ამ ორი მაგალითით (პირველი ლექსი გაურითმავია, მაგრამ გარითმულიც რომ იყოს, ცხადია, ევფონიური აკუსტიკა იგივე იქნებოდა) ჩანს, უმარტივესი მანიპულაციით (მეტრული ინვერსიით) როგორ არის შესაძლებელი ვერსიფიკაციული ჯადოსნობის მიღწევა. სწორედ ამაშია ჰეტერომეტრის ხიბლი.

ზოგადად, კოტე მაყაშვილი იყო თავის თაობაში პირველი პოეტი, რომელმაც რეალური ნაბიჯები გადადგა აკაკის და ვაჟას მაღალ-დაბალი შაირის აბსოლუტური დომინაციისგან ქართული პოეზიის დასახსნელად – ე.წ. დემოკრატიული სკოლის პოეტების (ი. ევდოშვილი, ნ ჩხიკვაძე, ვ. რუხაძე და სხვანი) საპირისპიროდ, რომლებიც ილია-აკაკი-ვაჟას ეპიგონისტურ რადიუსში ოპერირებდნენ, რამდენიმე ახალი პოეტური საზომი დაამკვიდრა და საფუძველი მოუმზადა გალაკტიონისეულ და ცისფერყანწელებისეულ ლექსის რეფორმას, რომელმაც ვერსიფიკაციული ერთფეროვნება-მონოფონიურობის ჩიხში შესული ქართული პოეზია ახალ გზაზე გაიყვანა.

ზემოთ მაგალითებად მოყვანილი ორი ჰეტერომეტრი ამის დასტურია, უნიკალური პროსოდიული სმენის პოეტმა მანამდე უკვე არსებულ დაქტილურ დიმეტრს (3/3) ერთმარცვლედი და ქორე (ორმარცვლედი) დაუმატა კადენციებში და მათი კანონზომიერი მოდულაციით სრულიად უნიკალური და ჟღერადი ჰეტერომეტრები მიიღო.

*

ფეისბუქზე იშვიათად შევდივარ, არც საინფორმაციოებს ვუყურებ (არ მაქვს საუკეთესო პერიოდი ფსიქოლოგიურად და სულიერად), ჰოდა, პაატა შამუგია ისე დაუჭერიათ და გამოუშვიათ, არც კი გამიგია. ფეისბუქზე მორიგ ჯერზე შესვლისას რაღაც ლიტგვერდი ამომიგდო, სადაც უშვერად ლანძღავენ პაატას და მის ლექსებს ენდემური ჯიშის კონფორმისტები (არ მინდა, ნორმატიული ლექსიკის საზღვრებიდან გავიდე), მათ შორის – ისეთი პოეტებიც, რომლებიც სამოცდაათი (და უფრო მეტი) წლის წინანდელი (და ისიც – სხვების) პოეტური ესთეტიკით წერენ და საკუთარი არაფერი გააჩნიათ. პაატა არც ძმაკაცია ჩემი და არც – მეგობარი, კარგი ნაცნობები უფრო გვეთქმის. სულ რამდენჯერმე მყავს ნანახი (ერთხელ, წლების წინ, წინა ცხოვრებაში, ერთად დაგვილევია კიდეც). მის ადამიანურ კეთილშობილებას თავი რომ დავანებოთ, როგორც პოეტი, ის არის ერთ-ერთი საუკეთესო არამარტო თანამედროვე ქართულ პოეზიაში, არამედ – ზოგადად ქართულ პოეზიაში (რომელიც, რა დასამალია და, არც ერთი ქვეყნის პოეტურ კულტურას არ ჩამოუვარდება მსოფლიოში). ქართველ „სამოციანელთა“ ერთი ნაკადის (ე.წ. „ირონიულ-პაროდიული“ ხაზის) წარმომადგენელთა, „ოთხმოცდაათიანელ“ ქართველ ავანგარდისტთა და ანგლო-ამერიკელ პოეტთა პოეტურ გამოცდილებებზე დაყრდნობით (შეიძლება ითქვას – სინკრეტიზაციით) მან შექმნა სრულიად უნიკალური პოეტური ხმა, თავისი პოეტიკა (ისეთ თემებზე ზუმირებით, რომლებიც კონფორმისტი წამკითხველის თვალში პოეტური ინტერესის მიღმა უნდა იყოს) და მისი პოეტიკის კვალს არცთუ იშვიათად შეხვდები უმცროსი თაობის პოეტების შემოქმედებაში. ერთი სიტყვით, როგორც ამ ხელობის მცოდნემ, თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ, ძალიან ბევრისგან განსხვავებით, პაატა შამუგია იმ მცირეთაგან ერთ-ერთია, რომელსაც ათწლეულების მერეც დიდი ინტერესით წაიკითხავენ, როგორც შოთა ჩანტლაძეს კითხულობენ დღეს.

*

ერთი უცნაურობა მჭირს: ჩემ მიერ დამუშავებულ-შემოტანილ (ეს მხოლოდ მათზე ვრცელდება) პოეტურ საზომებს – იზოსილაბურსაც და ჰეტერომეტრულსაც – ქრომატულად აღვიქვამ, ანუ თითოეულ მათგანს ჩემს წარმოსახვაში აქვს ფერი. ეს ქრომატული რანჟირება ხუთ ფერს მოიცავს – სალათისფერს, ცისფერს, აგურისფერს, თეთრს და ნაცრისფერს. ჩემი ყველა საზომი, რომლებიც უკვე გამოვიყენე და რომლებიც თავში მაქვს (და მომავალ კრებულებში რეალიზდება), ამ ხუთ ფერში ერთიანდება. ვიცი, რომ ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ, ალბათ, ოდესმე ვეცდები, გამოვცე კრებული, სადაც თითოეულ გვერდს ლექსის შესაბამისი ფერი ექნება.

საშობაო საჩუქარი

0

მწერლობა თორმეტი წლისამ გადავწყვიტე, როცა საშობაოდ პატარა საბეჭდი მანქანა მაჩუქესო, წერს რეი ბრედბერი ერთ ესეიში, რომლის ქართულ თარგმანსაც ცოტა ხნის წინ გამოსულ კრებულში წაიკითხავთ. წიგნს „ძენი და წერის ხელოვნება“ ჰქვია და ისეთი საკითხავია, სწორედ სიყმაწვილეში რომ უნდა გადაეყარო – როცა ფეხი პირველ საფეხურზეც კი არ დაგიდგამს და ყოყმანობ, გაბედო თუ არა.

რჩევას რჩევა მოჰყვება, მაგრამ ისე, რომ მცირედაც არაფერი გაღიზიანებს. დაიმახსოვრებ და გამოიყენებ, ხომ კარგი, თუ არა და, მრავალია გზა და გზაჯვარედინი – მისაგნებს თავად მიაგენი.

ყველაზე ღირებულით დავიწყებ – იმით, რასაც „მარსის ქრონიკებისა“ და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში დაწერილი მოთხრობების ავტორისგან ნაკლებად ელი: „არ იფიქრო!“, ისე წერე, შენს ამოცანაზე, მთავარ მიზანზე, საბოლოოდ მისაღწევ შედეგზე ფიქრში დრო არ დაკარგოო. შემოქმედებითი წერის მასწავლებლები – სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში – ხომ სულ საპირისპიროს ამტკიცებენ – წინასწარ უნდა ააგო მყარი კონსტრუქცია, გადასადგმელი ნაბიჯების რაოდენობაც უნდა განსაზღვრო და ისიც, მკითხველისთვის გულის აჩუყების დრო როდის უნდა დადგესო. რეი ბრედბერი კი წერს: „გახსოვდეთ: სიუჟეტი სხვა არაფერია, თუ არა თოვლზე დატოვებული ნაფეხურები, მას შემდეგ, რაც თქვენმა პერსონაჟებმა იქ გაირბინეს და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდნენ“. ცოტა ბუნდოვანია? აი, ზუსტი ნათქვამიც: „გადექით გვერდზე, დაივიწყეთ სამიზნე და მიეცით საშუალება თქვენს პერსონაჟებს, თითებს, სხეულს, სისხლსა და გულს, თავიანთი საქმე აკეთონ“.

ხელმა იცის, რა უნდა დაწეროს.

თითებმა იციან, როგორ უნდა ქარგონ.

კიდევ ერთი ფასდაუდებელი რჩევა – ცხადია, მხოლოდ მათთვის არა, ვინც წერის სურვილს შეუპყრია: „იკითხეთ პოეზია ყოველდღე. პოეზია იმ კუნთებს ავარჯიშებს, რომელთაც საკმარისად ხშირად არ იყენებთ. […] მეტაფორები შეიძლება იაპონური ქაღალდის ყვავილებივით გიგანტურ ფორმებად გაიშალოს“. რომელიმე თავბრუდამხვევი მეტაფორიდან მთელი მოთხრობა შეიძლება დაიბადოსო, გვარწმუნებს ავტორი, რომელიც ახალბედობისას თავს გადახდენილ ამბებზე, წლიდან წლამდე დაგროვილ გამოცდილებაზეც გვიყვება.

ბევრი იარა თუ ცოტა, ბევრი ქაღალდი გახარჯა თუ ცოტა, ერთ გზაჯვარედინზე აი, ეს სიმართლე შეიტყო: „გავიგე, რომ პერსონაჟები ჩემს საქმეს გააკეთებდნენ, თუ ნებაზე მივუშვებდი, აზროვნების უნარს მივცემდი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ ფანტაზიასა და შიშებს გზას თუ გავუხსნიდი“. ამიტომაც ურჩევს დამწყებ ავტორებს, საბეჭდ მანქანას მიუსხედით, სხვადასხვაგვარი პერსონაჟები შეარჩიეთ და ნება მიეცით, ერთმანეთს შეასკდნენო. მოსახდენი თავისთავად მოხდება, თუ ხელს არ შეუშლითო. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ახალგაზრდებს გამაყრუებელი ხმაურისკენ, მტვრის ბუღის დაყენებისკენ მოუწოდებს – მკითხველზე შთაბეჭდილების მოსახდენად. მაგრამ არა, მხოლოდ ეს არ არის: „მშვიდმა ისტორიამ შესაძლებელია იმგვარადვე შეგძრათ, როგორც ნებისმიერმა სხვამ. ვენერა მილოსელის მშვიდი სილამაზე ძალიან ამაღელვებელია“.

გზის ნაწილი მაინც ბრმად გასავლელია – როგორი კარგი მრჩეველიც უნდა გყავდეს და როგორი მონდომებითაც უნდა ცდილობდე, რომ სხვის შეცდომებზე ისწავლო. რეი ბრედბერი გვარწმუნებს, რომ წერის ძველ და საუკეთესო ხერხებს ექსპერიმენტების მეშვეობით მიაგნო, ბევრი ეძება, ბევრჯერ შეაბიჯა იმ სიბნელეში, ბავშვობისას შემზარავი არსებებით გამოვსებული რომ წარმოედგინა. მრავალი ჩემნაირი ადამიანი დაიღუპება, თუ არ დაწერსო, ამასაც გვიმხელს და ჩვენც რა დაგვრჩენია – საშობაო თუ საახალწლო საჩუქრების სია მეტი ყურადღებით უნდა შევადგინოთ, მით უფრო მაშინ, თუ გვერდით წიგნებისკენ ყურადღებით მომზირალი მოზარდები გვეგულება.

 

კბილების სამყარო

0

 

ცოტა ხნის წინ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში საბავშვო მიუზიკლი იყო. „კარიუსი და ბაქტუსი“, ასე ქვია სპექტაკლს და მოქმედება ადამიანის პირის ღრუში, კბილების სამყაროში ვითარდება. მთავარი აზრი კი კბილების მოვლა და მიხედვაა.

 

ჩვენი კბილები საკმაოდ მტკიცე დენტინისგან შედგება. სიმტკიცეს კალციუმის მარილები აძლევს. დენტინის თითოეული კვადრატული მილიმეტრი 60კგ. დატვირთვას უძლებს. ზემოდან დენტინს კბილის ემალი ფარავს. მისი სიმაგრე 397,6 კგ/მმ2-ია. ემალის შემადგენლობა ასეთია: კალციუმის კარბონატი, მაგნიუმის კარბონატი, დანარჩენ ნაწილს კი აპატიტების ჯგუფის კრისტალები შეადგენენ. ქსოვილების ცილოვანი მატრიქსი კოლაგენისგან და პროტეოგლიკანებისგან (გლიკოზამინოგლიკანები-ჰეტეროგენული ნახშირწყლები) შედგება.

 

კარიესს მიკროორგანიზმები იწვევენ, რომლებიც კბილის ემალზე არიან მოკალათებული და თავიანთ სასიცოცხლო ციკლს ანაერობული გლიკოლიზით აწარმოებენ. შედეგად, ორგანულ მჟავებს გამოყოფენ (რძემჟავა, პროპიონმჟავა, ძმარმჟავა, ერბომჟავა), რომლებიც ემალიდან კალციუმის იონებს გამორეცხავს. ბაქტერიული შაქრის მეტაბოლიზმის კიდევ ერთი პროდუქტია დექსტრანები, უხსნადი პოლისაქარიდები. ისინი ბაქტერიებს იცავენ. ბაქტერიები დექსტრანებთან ერთად კბილის ქვის ძირითად მასას წარმოქმნიან.

 

ემალის მთავარი მტერი მჟავას მიერ გამოწვეული დემინერალიზაციაა. ტკბილი ნუგბარის მირთმევისას ბაქტერიები ზეიმობენ. ეს ბაქტერიები შეიძლება სტრეპტოკოკების ოჯახიდან იყვნენ. ჰოდა, ისინი შაქარს რძემჟავად, ძმარმჟავად და სხვა მჟავებად გადაამუშავებენ. ამიტომ, პირის ღრუში მჟავიანობის დონე იმატებს. ასეთ PH-ზე კი კარბონატჩანაცვლებული ჰიდროქსოაპატიტი იშლება, რაც ემალის დაშლასაც იწვევს.

 

ემალს თავისი დაცვის სისტემა აქვს, რაც ემალის ბოლომდე დაშლას ეწინააღმდეგება, მას რემინერალიზაცია ეწოდება. თუ მჟავები ბუნებრივი გზით მოშორებული იქნება პირის ღრუდან, მაშინ PH მჟავა გარემოდან კვლავ ნორმალურ ტუტე გარემოს დაუბრუნდება. ნერწყვში არსებული მინერალები კი დაზიანებული ემალის აღდგენას დაიწყებენ. თუმცა, ნერწყვი ორგანულ ნივთიერებებსაც შეიცავს, ამილაზას, ლიპაზას, ცილამუცინებს. ეს ნივთიერებები საჭმლის მონელებისთვის გვჭირდება. თუმცა, ისინი ადვილად ილექებიან ემალის ზედაპირზე და წარმოქმნიან ფენას, რომელსაც ბიოფენა ეწოდება. ამ ფენას ნადებსაც უწოდებენ. აქ თავს იყრიან ბაქტერიები, ასევე სხვადასხვა იონებიც. მაგ. ბიოფენაში კალციუმის და ფოსფატ იონები გროვდებიან, ილექებიან და კბილის ზედაპირზე კალციუმის უხსნად ფოსფატს წარმოქმნიან. ეს კბილის ქვა გახლავთ. ამ ქვაში შეიძლება მჟავას მოლეკულა „ჩაიჭედოს“ და ადგილობრივად კონკრეტული კბილის ემალის დაშლას შეუწყოს ხელი.

 

ასევე, ასეთი პროცესების გამო, კბილი ყვითლდება. კბილის ფერზე პოლიფენოლების კლასის წარმომადგენელი ქრომოგენებიც ახდენენ გავლენას. ესენი ჩაიში, ყავაში, წითელ ღვინოში, სიგარეტში მოიპოვება. ბიოფენაში იჭედებიან, იჟანგებიან, კონდენსირდებიან და უხსნადი ორგანული პიგმენტების გრძელ ჯაჭვებს აყალიბებენ.

 

გამოსავალი კბილების მოვლაა, ხეხვა-გამოვლებით.

 

თანამედროვე კბილის პასტების შეფუთვაზე უამრავ გაუგებარ სიტყვასა და ციფრს ამოიკითხავთ. თუ ვხედავთ ციფრებს 1000-დან 1500-მდე, შემდეგ კი PPM F-, ეს ერთ მემილიონედ ნაწილში ფთორის რაოდენობაა. ეს იონები შეიძლება იყოს ნატრიუმის ფთორიდიდან, ან ფთოროფოსფატ ნატრიუმიდან Na2PO3F. ფთორის იონები რემინერალიზაციაში მონაწილეობენ, ჰიდროქსიდ იონებს ჩაანაცვლებენ და ფთორაპატიტებს წარმოქმნიან. ფთორაპატიტი გაცილებით მდგრადია მჟავების ზემოქმედების მიმართ. ასევე, ფთორის იონები, პირდაპირ ემალის ზედაპირზე კალციუმის ფთორიდს წარმოქმნიან და ილექებიან. ეს ე.წ. დროებითი დეპოა, რომელიც ფთორს ინახავს. თუ მჟავიანობა მოიმატებს, სწორედ აქედან ფთორის იონები ნერწყვში გამოთავისუფლდება.

 

ასევე კარგია, თუ კბილის პასტის შედგენილობაში თუთიის ოქსიდი ან მარილია. თუთიის იონებს შეუძლიათ ბაქტერიების ფერმენტებს დაუკავშირდნენ და დაბლოკონ. ანუ, ინჰიბიტორებად გვევლინებიან. თუ ბაქტერიები არ იქნება პირის ღრუში, ბიონადებიც ნელა წარმოიქმნება. ასევე, თუთია უკავშირდება გოგირდშემცველ ნაერთებს, რომლებსაც იგივე ბაქტერიები გამოყოფენ. გოგირდშემცველი ნაერთები ან თიოლებია ან მერკაპტიდები. ესენი არასასიამოვნო სურნელსაც იწვევენ. თუთია კი მათ უკავშირდება და სურნელიც ქრება.

 

პასტაში ნახავთ ასევე პიროფოსფატებს და პოლიფოსფატებს. ესენი ქვების წარმოქმნას უშლიან ხელს. „იჭერენ“ ფოსფორის ზედმეტ რაოდენობას, რომელიც წინააღმდეგ შემთხვევაში კალციუმის ფოსფატს წარმოქმნიდა და ბიოფენაში „გაიჭედებოდა“.

 

თუ კბილის პასტის შემადგენლობაში არის ხსნადი ფოსფატები ან კარბონატები, მაგ. კალიუმის დიჰიდროფოსფატი, ან ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნიშნავს, რომ პასტა ბუფერს შეიცავს. ეს მარილები ნერწყვში მოხვედრისას ორ პროცესს ექვემდებარება: დისოციაციასა და ჰიდროლიზს. ეს ორი პროცესი ერთმანეთის კონკურენტულად მიმდინარეობს, შედეგი კი ის არის, რომ პირის ღრუში გარკვეული PH ნარჩუნდება.

 

HCO3↔H++ CO3

HCO3+H2O↔H2CO3+OH

 

H2PO4↔ H++ HPO4-2

H2PO4+H2O↔ H3PO4+OH

 

კბილების მგრძნობელობის შესამცირებლად იყენებენ კალციუმის კარბონატთან დაკავშირებულ ამინმჟავა არგინინს. არგინინი ამინმჟავაა, რომელიც ნერწყვში მოხვედრისას პროტონირდება და დადებითად იმუხტება. ამის გამო, ის ელექტროსტატიკური ძალებით მიიზიდება უარყოფითად დამუხტულ კარბონატ იონებთან. ეს მათ გარშემო დადებითად დამუხტულ ფენას წარმოქმნის, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროსტატიკურ განზიდვას უარყოფითი ფოსფატ იონებისა უარყოფითი კარბონატ იონებიდან. ფოსფატჯგუფები ნერწყვიდან გამოიყოფა. ჰოდა, თუ კალციუმის ფოსფატი წარმოიქმნება, მთელ ემალს მოედება და მგრძნობელობას შეამცირებს. სხვათა შორის, ამავე მიზნით სტრონციუმსაც იყენებენ, კერძოდ, მის ქლორიდს ან აცეტატს.

 

ზოგიერთი კბილის პასტის შედგენილობაში ვხვდებით ჰიდროპერიტს. ეს ნივთიერება კბილების გახეხვის დროს იშლება შარდოვანას და წყალბადის პეროქსიდის წარმოქმნით. გაზრდილი PH პირობებში პეროქსიდი გადადის პერჰიდროქსიდ იონში.

 

H2O2+OH=HO2-+H2O

 

პერჰიდროქსიდ იონი ორგანულ პიგმენტებში ბმებს შლის, ანუ ბიონადების ფორმირებას უშლის ხელს და კბილებს ათეთრებს.

 

თუ პასტის შეფუთვაზე მითითებულია CPP-ACP, ბეტა-TCP, ან ჰიდროქსოაპატიტი, ეს ნიშნავს, რომ პასტაში კაციუმფოსფატური სისტემაა. მათი გამოყენების შემთხვევაში, ნერწყვი გაჯერდება იმ ნივთიერებებით, რომლებიც ემალის წარმოქმნას ემსახურებიან. მიზანიც ეგ არის, ემალის დაცვა და აღდგენა.

 

თუმცა, ბოლო დროს ისეთი პასტებიც გამოჩნდა, რომელთა შემადგენლობაში მთლად კარგი კომპონენტები ვერაა დამატებული. ეს ვისი ბრალია, არ ვიცი. თუმცა, ჩვენ მაინც ვიცოდეთ და მივაქციოთ ყურადღება.

 

მაშ ასე, თუ კბილის პასტის შედგენილობაში, მჟავებია დამატებული, მაგ ვაშლის ან ლიმონის, მაშინ ასეთი პასტა ან არ გამოიყენოთ, ან ძალიან შეამცირეთ მასთან შეხება. როგორც წესი, ეს ხილის მჟავების ესენციებია და პასტისთვის რაღაც სპეციფიკურად გემრიელი გემოს მისაცემად იყენებენ. მჟავა ემალს რომ შლის, ეს ჩვენ უკვე ვიცით.

 

ასევე, პასტებში გახეხვის ეფექტის გასაძლიერებლად, მყარ ნაწილაკებს ამატებენ, მაგ. სილიციუმის ოქსიდს, კალციუმის კარბონატს. ასეთ ნაწილაკებს აბრაზივები ეწოდებათ და მათი სიძლიერე RDA(Relative Dentin Abrasion)-ში გამოისახება და მითითებულია შეფუთვაზე. RDA>250 არ უნდა გამოვიყენოთ მუდმივად, რადგან ემალს დააზიანებს.

 

ეს არის სულ მცირე ინფორმაცია კბილის სამყაროს სიმშვიდის შესანარჩუნებლად გამოსაყენებელი პასტების ქიმიური შიგთავსის შესახებ.

 

ჩვენ კი კბილის ტკივილის დროს შეგვიძლია რობერტ ბერნსს მივბაძოთ და ექიმთან წასვლის ნაცვლად ლექსები ვწეროთ (ან ვიკითხოთ):

 

„წყეულიმც იყავ ოხერ-ტიალო,

ღრძილებს მიშანთავ, ვკვნესი, ვღრიალობ,

ყურებს მიბურღავ, ტვინში ტრიალობ“

 

ან… კბილებს მოვუაროთ და მათი ტკივილით (რობერტ ბერნსივით) სამშობლოს მტრებს დავემუქროთ (სტროფში „შოტლანდიის მტრებს“ შეცვლილია საქართველოს მტრებით):

 

„…საქართველოს მტრებს, სულო ძლიერო,

გვედრებ კივილით,

გადაუხადე სამაგიერო

კბილის ტკივილით!“.

 

ქმედებაზე დაფუძნებული სასწავლო პროექტი

0

(ფორმალური და არაფორმალური გარემოსდაცვითი  განათლების ინტეგრირებული მოდელი)

როგორ ვასწავლოთ პასუხისმგებლობა ისე, რომ ის  იქცეს ქცევად? როგორ გადავაქციოთ გეოგრაფიის თემა რეალურ სამოქალაქო გამოცდილებად? როგორ დავუკავშიროთ ეროვნული სასწავლო გეგმა გლობალურ მიზნებს ისე, რომ მოსწავლემ საკუთარი როლი დაინახოს?

ჩვენს სკოლაში განხორციელებული პროექტი „ნარჩენების გონივრული მართვა“ სწორედ ამ კითხვებზე გაცემული პრაქტიკული პასუხია.  ეს არ ყოფილა ერთჯერადი აქცია. ეს იყო 6-კვირიანი, სტრუქტურირებული, სტანდარტებზე დაფუძნებული და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო ციკლი, რომელმაც სწავლება რეალურ გარემოს დაუკავშირა.

თემის აქტუალობა: რატომ სწორედ ახლა?

ნარჩენების მართვა აღარ არის მხოლოდ ეკოლოგიური საკითხი. ეს არის ეკონომიკური, სოციალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობის თემა.

პროექტი განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან:

  • აყალიბებს გლობალური მოქალაქეობის ცნობიერებას;
  • ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას კვლევის გზით;
  • აერთიანებს ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას;
  • ქმნის ხილვად ინფრასტრუქტურულ ცვლილებას სკოლაში;
  • უზრუნველყოფს პროცესზე ორიენტირებულ, გამჭვირვალე შეფასებას.

პროექტის არქიტექტურა: იდეიდან ქმედებამდე

პროექტი სამი ფაზის ლოგიკით განხორციელდა – არაფორმალური → ფორმალური → არაფორმალური

I ფაზა – კვლევა და ცნობიერება

მოსწავლეები გაეცნენ ნარჩენების მართვის გლობალურ და ადგილობრივ გამოწვევებს. გაიმართა ვებინარი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენელთან.

შემდეგი ნაბიჯი იყო სოციალური კვლევა: Google Forms-ის საშუალებით მოსწავლეებმა შეისწავლეს სკოლისა და თემის დამოკიდებულება ნარჩენების სეპარირების მიმართ.  horms.gle/ESwaAeT4RTNnVdFV9   – კვლევის კითხვარი .

მონაცემები გაანალიზდა, აიგო დიაგრამები, გაკეთდა დასკვნები. ამ ეტაპზე მოსწავლეები უკვე აღარ იყვნენ ინფორმაციის მომხმარებლები — ისინი მკვლევრები გახდნენ.

II ფაზა – ცოდნის სისტემატიზაცია და პროდუქტის შექმნა

მოპოვებული მონაცემების საფუძველზე შეიქმნა:

  • პრეზენტაციები (PowerPoint)
  • საინფორმაციო ბროშურები (Canva)
  • გეიმიფიცირებული „მწვანე ამოცანები“ (LearningApps)

მნიშვნელოვანია, რომ აქ შეფასება ეფუძნებოდა კომპლექსურ რუბრიკას, სადაც ფასდებოდა: კვლევის სიზუსტე; არგუმენტაციის ხარისხი; მონაცემთა ანალიზი; ჯგუფური თანამშრომლობა; პრობლემის გადაჭრის სტრატეგია.

შეფასება არ იყო მხოლოდ პროდუქტის — შეფასდა აზროვნების პროცესი.

III ფაზა – პრაქტიკული რეალიზაცია

პროექტის ყველაზე ძლიერი ნაწილი სწორედ აქტივობების ეტაპი იყო:

  • მოსწავლეებმა მეორადი მუყაოს ყუთებისგან დაამზადეს  სხვადასხვა ურნები;
  • ურნები განთავსდა სკოლის ეზოში;
  • შეგროვებული ნარჩენი ჩაბარდა კომპანია „ტენეში“;
  • მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს ეკო-USB კაბელები გადამუშავებული პლასტმასისგან;
  • გაიმართა საჯარო პრეზენტაცია მშობლებისა და სტუმრების მონაწილეობით. აქ მოხდა მთავარი გარდაქმნა – ცოდნა გადაიქცა გამოცდილებად.

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან (ესგ)

პროექტი სრულ შესაბამისობაშია მე-9–მე-12 კლასების გეოგრაფიის სტანდარტებთან.

 გეოგრაფიული კვლევა და ანალიზი – მონაცემთა შეგროვება, სტატისტიკური დამუშავება და ინტერპრეტაცია — კომპლექსური კვლევითი დავალება.

 მდგრადი განვითარება და რესურსების რაციონალური გამოყენება – მოსწავლეებმა არა მხოლოდ ისაუბრეს, არამედ რეალურად დანერგეს დახარისხების პრაქტიკა.

 ციფრული წიგნიერება – Canva, PowerPoint, Google Forms — ტექნოლოგია გამოყენებულია არა ფორმალურად, არამედ პედაგოგიურად ინტეგრირებულად.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG)

პროექტი უკავშირდება შემდეგ მიზნებს:

მიზანი 4 – ხარისხიანი განათლება

მიზანი 11 – მდგრადი ქალაქები და დასახლებები

მიზანი 12 – გონივრული მოხმარება და წარმოება

მიზანი 13 – კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო  პრაქტიკული ციკლი: ნარჩენი → სეპარირება → ჩაბარება → გადამუშავება → ახალი პროდუქტი.

მოსწავლემ ნახა სრული ეკოლოგიური ჯაჭვი:

პროექტი დაიწყო მარტივი დაკვირვებით – რა რაოდენობის და როგორი ტიპის ნარჩენი გროვდება ყოველდღიურად სკოლაში. ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები აკვირდებოდნენ საკლასო ოთახებსა და ეზოს, აღრიცხავდნენ პლასტმასის, ქაღალდისა და სხვა ნარჩენებს და ხედავდნენ, რომ უმეტესობა ერთმანეთში იყო შერეული. სწორედ ამ ეტაპზე ნარჩენი გახდა ხილული პრობლემა და არა ჩვეულებრივი ფონი.

შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებმა თავად შექმნეს დახარისხების სისტემა: მეორადი მუყაოს ყუთებისგან დაამზადეს სეპარირების ურნები, მიუთითეს შესაბამისი ნიშნები და დაიწყეს საინფორმაციო კამპანია კლასებში. ისინი ხსნიდნენ თანატოლებს, რატომ არის მნიშვნელოვანი ნარჩენების სწორად დაყოფა და როგორ უნდა მოხდეს ეს პრაქტიკაში. ასე გაჩნდა სკოლაში რეალური ქცევითი ცვლილება.

ჩაბარება – დახარისხებული ნარჩენი შეგროვდა და გადაეცა გადამამუშავებელ კომპანიას, სადაც მოსწავლეები ადგილზე გაეცნენ მიღებისა და დამუშავებისთვის მომზადების პროცესს. მათ საკუთარი თვალით ნახეს, რომ ყოველდღიური, თითქოს უმნიშვნელო ქმედება რეალურ ეკოლოგიურ ჯაჭვს უკავშირდება.

კომპანიაში ვიზიტისას მოსწავლეები გაეცნენ გადამუშავების ტექნოლოგიურ ციკლს – როგორ იშლება, იწმინდება და ნედლეულად გარდაიქმნება პლასტმასი. მათთვის ეს იყო მნიშვნელოვანი აღმოჩენა: „ნაგავი“ შეიძლება რესურსად იქცეს, თუ მას სწორად ვმართავთ.

პროექტის კულმინაცია იყო გადამუშავებული მასალისგან ეკო-USB კაბელების დამზადებაში მონაწილეობა. მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს ახალი პროდუქტი და ამით დახურეს სრული ციკლი – ნარჩენიდან ღირებულებამდე. სკოლაში დარჩა არა მხოლოდ დახარისხების ურნები, არამედ ახალი კულტურა: გარემოზე ზრუნვა, როგორც ყოველდღიური პასუხისმგებლობა.

პროექტის   კვალი სკოლაში

პროექტი ფორმალურად დასრულდა, მაგრამ მისი გავლენა სკოლის სივრცეში დღემდე იგრძნობა. ყველაზე თვალსაჩინო კვალი ინფრასტრუქტურულ ცვლილებაში გამოიხატა – მოსწავლეების მიერ დამზადებული დახარისხების ურნები სკოლის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა. ისინი აღარ არის მხოლოდ პროექტის ატრიბუტი; ისინი ყოველდღიურად ახსენებენ თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს, რომ გარემოზე ზრუნვა არჩევანია, რომელსაც ქცევა სჭირდება.

ცვლილება მხოლოდ ფიზიკურ გარემოში არ დარჩენილა. სოციალური კვლევის ჩატარებამ და მოსწავლეების მიერ შექმნილმა ბროშურებმა გავლენა იქონია მთელ სასკოლო თემზე. თემა გასცდა ერთი კლასის ფარგლებს და მოიცვა სხვა კლასები, მშობლები და პედაგოგები. ცნობიერების ტრანსფორმაცია სწორედ მაშინ ხდება, როდესაც ინფორმაცია დიალოგად იქცევა, ხოლო დიალოგი – ყოველდღიურ პრაქტიკად.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვითეფექტურობის ზრდა. გადამუშავებული მასალისგან დამზადებული ეკო-USB კაბელი მოსწავლეებისთვის სიმბოლური კი არა, რეალური მტკიცებულებაა იმისა, რომ მათი გადაწყვეტილება და შრომა კონკრეტულ შედეგს იძლევა. ისინი ხედავენ საკუთარ გავლენას პროცესზე – ეს კი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის საფუძველია.

პროექტმა ასევე დანერგა შეფასების ინოვაციური მოდელი, სადაც ყურადღება გამახვილებულია არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტზე, არამედ პროცესზე: როგორ დაისვა კითხვა, როგორ ჩატარდა კვლევა, როგორ გაანალიზდა მონაცემები, როგორ განხორციელდა ქმედება და როგორ მოხდა საჯარო რეფლექსია.

პროექტის  ინიციატივა ნათლად აჩვენებს, რომ სკოლა შეიძლება იქცეს მოქალაქეობის ლაბორატორიად. როდესაც სწავლება აგებულია ციკლზე – დაინტერესება → კვლევა → ცოდნის სისტემატიზაცია → პრაქტიკული ქმედება → საჯარო რეფლექსია – მოსწავლე სწავლობს არა მხოლოდ საგანს, არამედ პასუხისმგებლიან ცხოვრებას.

მოსწავლე ასეთ პროცესში მხოლოდ ცოდნას არ იძენს – ის შინაგანად გარდაიქმნება. გარემოსდაცვითი საკითხი მისთვის აღარ არის თემატური პარაგრაფი ან შეფასებისთვის შესრულებული დავალება; ის ხდება პირადი პასუხისმგებლობის ნაწილი. როდესაც ქცევა მოდის არა გარედან დაკისრებული მოთხოვნიდან, არამედ შინაგანი გააზრებიდან, იქ იბადება ნამდვილი სწავლა.

და სწორედ იმ მომენტში, როცა მოსწავლე გარემოზე ზრუნვას იწყებს საკუთარი არჩევანის საფუძველზე  – არა ქულის, არა შეფასების, არამედ ღირებულების გამო – განათლება აღწევს თავის უმაღლეს დანიშნულებას. ასეთ პროექტებში ყალიბდება არა მხოლოდ კომპეტენცია, არამედ მოქალაქეობა. სწორედ აქ იწყება მომავლის პასუხისმგებლიანი საზოგადოების ფორმირება.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...