შაბათი, ივლისი 12, 2025
12 ივლისი, შაბათი, 2025

განათლება მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წახალისებისათვის – ინტერვიუ გიორგი ლაზარაშვილთან

0
Soccer tactics

ჟურნალში ჩემი ბოლო სტატიის გამოქვეყნებიდან, რომელიც ჯუმბერ ლეჟავას წიგნს შეეხებოდა, 5 თვის შემდეგ მოვახერხე და გთავაზობთ ახალ და, ვფიქრობ, საინტერესო ინტერვიუს. მანამდე კი უნდა ვთქვა, რომ, საბედნიეროდ, ჯუმბერ ლეჟავას ბიოგრაფიული წიგნი „მოგზაურის ჩანაწერები“ ერთი თვეა, რაც გამოიცა და წიგნის ბოლო ფესტივალზე ბესტსელერადაც კი იქცა. იმედი მაქვს, მოკლე დროში ეს წიგნი სხვა ენებზეც ითარგმნება და საერთაშორისო მკითხველიც გაიცნობს მას.

რაც შეეხება დღევანდელ სტატიას, მსურს, გავაგრძელო ინტერვიუების სერია, რომლებიც ასევე დაკავშირებულია სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებასთან, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. ვფიქრობ, ეს მკითხველისთვის საინტერესო საკითხავი იქნება.

 

მოკლედ, წარმოგიდგენთ გიორგი ლაზარაშვილს, 24 წლის ფეხბურთის ქართველ მწვრთნელს, რომელიც ლონდონში საქმიანობს და იუვენტუსის აკადემიის 14 წლამდელთა გუნდს წვრთნის.

გიორგი ჭანტურია: გიორგი, პირველ რიგში, მოკლედ რომ წარუდგინო თავი მკითხველს – შენი ბიოგრაფია, როგორ გახდი მწვრთნელი და სხვა საინტერესო ამბები.

 

გიორგი ლაზარაშვილი: როგორც მწვრთნელების უმრავლესობა, ჩემი საფეხბურთო კარიერა მეც ფეხბურთის თამაშით დავიწყე. ვთამაშობდი საქართველოში. შემდეგ ბრიტანეთში მომიწია წამოსვლა, სადაც არსენალის მოსამზადებელ ცენტრში მოვხვდი. თან ვთამაშობდი სკოლის გუნდში. სკოლის გუნდიდან მოვეწონე ტოტენჰემის სკაუტებს, რის შემდეგაც მათ აკადემიაში დავიწყე თამაში. იქ დაახლოებით 3 წელი ვიყავი. სხვათა შორის, მათ დამიფინანსეს სპორტის მეცნიერებების სასწავლო კურსის პროგრამა.

 

სამწუხაროდ, ზუსტად ამ პერიოდში საკმაოდ მძიმე ტრავმა მივიღე და ფეხბურთის თამაში ვეღარ გავაგრძელე. ყოველთვის მინდოდა მწვრთნელობა, რის საშუალებაც ამ ტრავმამ ადრეული ასაკიდანვე მომცა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 19 წლის ვიყავი, ვისწავლე და ავიღე სამწვრთნელო ლიცენზია, ასევე, ჩავაბარე უნივერსიტეტში და ვისწავლე სპორტის ქოუჩინგი. ეს ყველაფერი კოვიდის დროს ხდებოდა. კოვიდის შემდეგ, პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად დავბრუნდი ისევ არსენალში და ვმუშაობდი, როგორც მოხალისე მწვრთნელი.

 

არსენალის შემდეგ უკვე დამიკავშირდნენ იუვენტუსის აკადემიიდან და მთხოვეს მათი სასკოლო პროგრამისათვის მეხელმძღვანელა. მთხოვეს 8-9 წლამდელთა ასაკში მეცადა ჩემი თავი, რადგან ძალიან მოეწონათ ჩემი სპორტული განათლება და ენთუზიაზმი. საბოლოოდ, ამან ძალიან გაამართლა და 9 წლამდელებში ჩემპიონატი მოვიგეთ, რის შემდეგაც ბევრი ბავშვი წაიყვანეს სხვადასხვა პროფესიონალურ აკადემიაში.

 

ამის შემდეგ იყო 12 წლამდელთა გუნდი. ამჟამად ვმუშაობ 14 წლამდელთა გუნდში. სულ რამდენიმე ხნის წინ მოვიგეთ თასი, ჩემპიონატი და იტალიაში ტურნირზე ნახევარფინალში გავედით.

 

გიორგი ჭანტურია: საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფია გაქვს და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი მიღწევა გელოდება წინ. რადგან ჟურნალის მკითხველები უფრო მასწავლებლები და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები არიან, იქნებ უფრო მეტი ვთქვათ სასკოლო პროგრამის შესახებ, რომელიც საუბრისას ახსენე. რას გულისხმობდა ეს პროგრამა?

 

გიორგი ლაზარაშვილი: ჩვენ ვმუშაობდით 3 სკოლასთან. ამ 3 სკოლაში ვასწავლიდით როგორც თეორიას, ასევე პრაქტიკას. ყველა სკოლას არჩეული ჰქონდა სხვადასხვა სახეობა, მაგ. კალათბურთი, მძლეოსნობა და ფეხბურთი. შესაბამისად, ამ სამ სპორტში ჩვენ დროს ვუთმობდით როგორც თეორიულ მხარეს, ასევე – პრაქტიკულს.

 

გიორგი ჭანტურია: ძალიან საინტერესოა. გამოდის, რომ ვინც სკოლაში ფიზკულტურას ასწავლის, საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება ფიზიკური განვითარების კუთხით და ევალება სპორტის სხვადასხვა სახეობის ცოდნაც.

 

ამ კითხვას კიდევ დავუბრუნდები. მანამდე ისევ შენს თავზე რომ გვითხრა. როგორც დასაწყისში ჰყვებოდი, ყოველ შენს ახალ გამოცდილებას თან სდევდა გარკვეული წარმატებები, გამარჯვებები. ბანალურად ჟღერს, მაგრამ რა ფორმულა გაქვს ასეთი?

 

გიორგი ლაზარაშვილი: ერთხელ, როდესაც იტალიიდან ჩამოვიდნენ შემოწმებაზე, ჩემმა მენეჯერმა უთხრა ჩემზე – ეს ლეგენდარული მწვრთნელიაო. როცა ვკითხე მიზეზი, რატომ ვიყავი ლეგენდარული მწვრთნელი, მითხრა – სწორი მიდგომა გაქვსო. მე ვფიქრობ, ამაში გარკვეულწილად ქართული ხასიათიც მეხმარება.

 

ინგლისში, მაგალითად, ყველა ცდილობს, რომ მაქსიმალურად წაახალისონ ბავშვი თამაშის დროს. ჩემს შემთხვევაში ეს 50-50-ზეა. არის მომენტები, როცა ბავშვს უნდა მიუთითო, რომ მან შეცდომა დაუშვა და უნდა ისწავლოს შეცდომაზე. არის სიტუაციები, როცა ხედავ, რომ ბავშვი მაქსიმალურად ცდილობს, მაგრამ ძალიან უჭირს. ამ შემთხვევაში მას ნამდვილად წახალისება სჭირდება. ანუ მთავარი ფორმულაა – ბავშვთან ინდივიდუალური მიდგომა. არ არსებობს უნივერსალური მიდგომა.

 

მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია შედეგი, რადგან, როცა ბავშვები ხედავენ, რომ ამა თუ იმ მიდგომით გარკვეულ შედეგს, გარკვეულ წარმატებას აღწევენ, დროთა განმავლობაში უკვე გენდობიან და მაქსიმალურად მოგყვებიან. ჩემს შემთხვევაში, მათ იციან, რომ თუნდაც საყვედურისა და უხეშობის დროს, ამის უკან დიდი უკუკავშირი დგას და ტყუილუბრალოდ არ ვეუბნები.

 

გიორგი ჭანტურია: აბსოლუტურად გეთანხმები. ამ ყველაფრის ფონზე, როგორ ფიქრობ, რა როლი აქვს თავად ფიზკულტურას და ამ მასწავლებლების მომზადებას, როგორც სპორტის ასევე ქვეყნის განვითარებისთვის? გარკვეულ ასაკამდე საქართველოში სწავლობდი და გეცოდინება, რომ არსებობს, ეგრეთ წოდებული, მეორეხარისხოვანი საგნები, რომელთა შორისაა ფიზკულტურა და სამოქალაქო განათლება, რომელსაც მეც ვასწავლიდი.

 

გიორგი ლაზარაშვილი: პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ფიზკულტურის გაკვეთილები უნდა იყოს სახალისო. როცა ბავშვები რაღაც აკადემიურს სწავლობენ, როგორი თანამედროვეც არ უნდა იყოს ის, მაინც დამღლელია. შესაბამისად, სპორტის გაკვეთილები გარკვეულწილად განტვირთვის ფუნქციასაც უნდა ასრულებდეს. ცხადია, ამ ყველაფრის ორგანიზება და მომზადება მასწავლებლის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც შესაბამისი გარემო. სადაც მე ვმუშაობდი, გვქონდა 6-კვირიანი კურსები, რომლის ფარგლებშიც ვასწავლიდით ორ სპორტს, მაგალითად, ბადმინტონი და კალათბურთი ან ფეხბურთი. სხვათა შორის, ბადმინტონი ძალიან საინტერესო სპორტია და ბევრი მიმართულებით უწყობს ხელს ბავშვების განვითარებას. მისი სწავლებისას ჩვენ, მაგალითად, ხანდახან 1 კვირის განმავლობაში მხოლოდ ჩოგნის დაჭერასა და სწორად დარტყმაში ვავარჯიშებდით ბავშვებს. თითქოს მარტივი ან უმნიშვნელოა, მაგრამ დამიჯერეთ, ეს უნარები შემდეგ როგორც სხვა სპორტში, ისე ზოგადად ცხოვრებაშიც ადგებათ ადამიანებს.

სამწუხაროდ, საქართველოში მხოლოდ რამდენიმე სპორტია პოპულარული. არადა, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს სპორტის სხვადასხვა სახეობა გავაცნოთ და დავაინტერესოთ. შესაძლოა, ამ სხვა მიმართულებებით ჩვენ ბევრი სპორტსმენი დავკარგეთ.

 

რაც შეეხება მასწავლებლების მომზადებას, ჩემი პირადი აზრია, რომ ფიზკულტურის მასწავლებლებმა უნდა მიიღონ უმაღლესი განათლება სპორტულ მეცნიერებაში. ამასთან, მათ უნდა იცოდნენ ბავშვის განვითარების თავისებურებები, კარგად უნდა ესმოდეთ ფსიქოლოგია, კლასის მართვის ნიუანსები და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები, რის გარეშეც უბრალოდ გაუჭირდებათ სპორტის ხარისხიანი გაკვეთილების ჩატარება.

 

გიორგი ჭანტურია: როგორ ფიქრობ, რა მნიშვნელობა აქვს ზოგად განათლებას სპორტსმენისათვის?

 

გიორგი ლაზარაშვილი: ძალიან კარგი შეკითხვაა და მოკლედ რომ ვუპასუხო – მე ვფიქრობ, განათლებას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ფიზიკურ მომზადებას. არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ხარ, დაბალი ხარ, ძლიერი, სუსტი. მთავარია, გესმოდეს თამაშის პრინციპი. ამისათვის უნდა იცოდე მათემატიკა, უნდა იცოდე ფიზიკა. არავინ გთხოვს უმაღლეს დონეს, მაგრამ საბაზისო დონეზე მაინც. ფეხბურთში, მაგალითად, არის სულ ნახაზები – სად, როგორ და რატომ უნდა იდგე. იქ უბრალოდ დგომით რამდენ ადამიანს უხსნი გზას და ა.შ. ამ ყველაფერში მათემატიკა გეხმარება და გივარჯიშებს ტვინს. შესაბამისად, როცა მწვრთნელი გიხსნის და გელაპარაკება, შენი ტვინი უკვე გავარჯიშებულია და უფრო მარტივად აღიქვამს ყველაფერს. შემდეგ უკვე მარტივად გადაგაქვს ეს ყველაფერი მოედანზე. ძალიან კარგი მაგალითია სერხიო ბუსკეტსი, რომელსაც არც სისწრაფე აქვს, მით უმეტეს როცა ბურთითაა, ფიზიკურად არ არის თითქოს ძლიერი, მაგრამ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, იმიტომ, რომ იცის და ესმის, რასაც აკეთებს.

 

მეორე მხრივ, სკოლებში ფიზიკური განათლება მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წახალისებისათვის. ცნობილია, რომ ფიზიკური განათლების განვითარება ახალგაზრდებში ამცირებს მიდრეკილებას ალკოჰოლზე, სიგარეტზე, კომპიუტერულ თამაშებსა თუ სხვა საშუალებებზე. რაც უფრო ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობ, სწორად იკვებები და იცი, როგორ მიხედო საკუთარ თავს, მით მეტი შანსია, გქონდეს უკეთესი კარიერა. თუ ძირითადად სწრაფი კვების ობიექტებში, ე.წ. „ჯანდფუდით“ იკვებები, შენი ორგანიზმი უფრო მეტად იღლება. მაკდონალდსიდან გამოსული თუ გამოცდაზე მიდიხარ, მეტი შანსია, ორგანიზმი გადაიღალოს და დაკარგო ენთუზიაზმი.

 

ცხადია, ყველა სპორტსმენი ვერ იქნება, მაგრამ თუ ამ გზას ირჩევ, ე.ი. ირჩევ ჯანსაღი ცხოვრების წესს. ამ შემთხვევაში კი, ტვინი უფრო სწორად მუშაობს.

 

გიორგი ჭანტურია: ბოლოსკენ რომ წავიყვანოთ ჩვენი საუბარი, რატომ ხდება ისე, რომ მიუხედავად ამხელა სიყვარულისა, საქართველოში ფეხბურთი ნაკლებ განვითარებულია? მაგალითად, საქართველოს ჩემპიონატს რომ ვუყურებ, ხანდახან მგონია სხვა სპორტია. ცხადია, სოციო-ეკონომიკური ფაქტორები და ბევრი რამ განაპირობებს, მაგრამ თქვენ რას იტყოდით, რა არის ამის მიზეზი და რა შეიძლება გავაკეთოთ ამის გასაუმჯობესებლად?

 

გიორგი ლაზარაშვილი: საკმაოდ რთულ თემას შევეხეთ. ბუნებრივია, არის სისტემური პრობლემები, მაგრამ ინდივიდუალურ დონეზე მე ფეხბურთელების მიდგომაზეც ვიტყოდი ორ სიტყვას. როგორც ახსენე, ჩვენი ჩემპიონატი რომ შევადაროთ პრემიერლიგას (ინგლისი), ტემპი ძალიან დაბალია, 20 წუთის შემდეგ თითქმის „მკვდარი“ თამაშებია. ეგ კი არა, იმ თამაშებშიც კი, რომლებიც ინტენსიურია, დროის დიდი ნაწილის განმავლობაში თითქმის არაფერი ხდება. სამწუხაროდ, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ქართველ ფეხბურთელებს არ აქვთ ნამუშევარი საკუთარ თავზე. ასევე, ზოგადი განათლების მნიშვნელოვანი დეფიციტია. ცხადია, შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, უბრალოდ, პრობლემას ვასახელებ. ჩვენც გვყავს ძალიან განათლებული ფეხბურთელები, როგორიცაა, მაგალითად, გურამ კაშია. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ მისნაირი ბევრი რომ გვყოლოდა, ძალიან ბევრს მივაღწევდით.

 

უნდა ვიცოდეთ, რომ განათლებას დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლის ასაკიდანვე. სპორტსმენმა უნდა იცოდეს, რომ მათემატიკა იქნება, ფიზიკა, ბიოლოგია თუ სხვა, მინიმალურ დონეზე მაინც უნდა იცოდნენ. ფიზიკურ განვითარებას რაც შეეხება, თუ სკოლა ვერ გაძლევს ამ ყველაფერს, ალტერნატიული ვარიანტები უნდა სცადო და ბევრგანაც შეგიძლია ამის მიღება.

 

ცხადია, ყველა პროფესიონალი სპორტსმენი ვერ იქნება, აქ უბრალოდ ლაპარაკია განვითარებაზე, მათ შორის – ნიჭის განვითარებაზე, რასაც ძალიან დიდი შრომა სჭირდება. სამწუხაროდ, ნიჭი და ფიზიკური მონაცემები ამოწურვადია. შესაბამისად, სულ უნდა ამუშაო ტვინი. ამის კარგი მაგალითია ბრაზილიელი ფეხბურთელები, რომელთა უმრავლესობაც ძალიან ნიჭიერი არიან, მაგრამ 28 წლის შემდგომ უჭირთ თამაში. მეორე მხრივ, მახსენდება ლუკა მოდრიჩი, რომელიც 38 წლისაა და მისი ტვინი ისე მუშაობს და ისეთ რაღაცებს აკეთებს მოედანზე, რომ ერთი გადაცემით შეუძლია მთელი გუნდი „გაჭრას“.

 

მოკლედ, ესეც უდიდესი პრობლემაა, რომ სამწუხაროდ, ახალგაზრდებს ამას კარგად ვერ ვუხსნით და ვერ ვაგებინებთ, რომ ნიჭს თავისი ლიმიტირებული დრო აქვს და მნიშვნელოვანია მუდმივი მუშაობა.

ჟანგვა აღდგენითი რეაქციები და კულინარია

0

სამზარეულო ქიმიის კაბინეტია. თანამედროვე კაფეებსა და ბარებშიც ხშირად შეგხვდებათ ჭიქების ნაცვლად მრავალი სახის ქიმიური ჭურჭელი. მზარეული „ქიმიკოსია“, რომელმაც შეიძლება არც კი იცის ქიმია, თუმცა არაჩვეულებრივ ექსპერიმენტებს ატარებს.

კულინარების შეუცვლელი იარაღი ელექტროსასწორია, გრამების მეათედის სიზუსტით ზომავენ ინგრედიენტების მასას. სამზარეულოში ქიმიური ნაერთებიც მრავლადაა, ძმარი (ძმარმჟავა), სოდა, ლიმონის წვენი, ლიმონმჟავა, პროპანი (ელექტროსანთებელაში) და უამრავი სხვა. მეთანის წვით დაწყებული, ღვინის დაძმარებით დამთავრებული უამრავი ჟანგვა-აღდგენის რეაქცია მიმდინარეობს ჩვენს სახლში. ამ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე ჟანგვა-აღდგენის რეაქცია განვიხილოთ.

მჟავა პროტონის დონორია, ტუტე კი აქცეპტორი. წყალბადის კატიონი დადებითად დამუხტული უმცირესი სუბატომური ნაწილაკია. ელექტრონი უარყოფითად დამუხტული სუბატომური ნაწილაკია. ელექტრონის გადასვლას ერთი მოლეკულიდან მეორეზე ჟანგვა ეწოდება. როცა რამეზე ვამბობთ, რომ იჟანგება, თვალწინ დაჟანგული რკინა წარმოგვიდგება. შესაძლოა, ნივთიერების ფერი არც შეიცვალოს, მაგრამ მოხდეს ელექტრონების გაცემა, ე.ი. ჟანგვა. აღდგენის დროს კი ელექტრონების შეძენა მიმდინარეობს. შესაძლოა პირიქითაც გვეთქვა, მაგრამ ასეთია ისტორიული შეთანხმება. ბენჟამენ ფრანკლინმა აირჩია სახელები დადებითი და უარყოფითი მუხტებისთვისაც, ჯერ კიდევ ვიდრე ელექტრონს აღმოაჩენდნენ. რადგან ელექტრონი უარყოფითად არის დამუხტული, მისი მიერთება ამცირებს ჟანგვის ხარისხს. პროტონის დონორი მჟავაა. ელექტრონის დონორს აღმდგენი ეწოდება, ელექტრონის მიმღებს კი აქცეპტორი.

როცა სანთელი ანათებს, მჟანგავი აგენტი ჰაერის ჟანგბადია, რომელიც ,,იპარავს“ სანთლის ნახშირბადიდან ელექტრონებს. ნახშირბადის დაჟანგვით ნახშირორჟანგი მიიღება. საკვების გაზზე მომზადებისას ამაზე მეტი ქიმია საჭირო არ არის, მაგრამ გაცილებით უფრო რთული ჟანგვის პროცესები მიმდინარეობს სამზარეულოში და თან ძალიან ნელა. რკინის დაჟანგვა, ვაშლისა და სხვა ხილის ჟანგვა, ზეთისა და მყარი ცხიმის ჟანგვა, ღვინის დაძმარება, საჭმლის მონელება, ფოტოსინთეზი, წვა და კიდევ უამრავი პროცესი ჟანგვა – აღდგენითი რეაქციების საფუძველზე მიმდინარეობს.

ვაშლი, ავოკადო და ლიმონის წვენი

მცენარეები გამოიმუშავებენ ფერმენტს, პოლიფენოლ ოქსიდაზას. ,,ოქსოდაზა“ ნიშნავს მჟანგავს. ამ შემთხვევაში იჟანგება პოლიფენოლი. პოლიფენოლების კლასში უამრავი ნივთიერებაა გაერთიანებული – ვანილინი, ტანინები, ანტოციანინები, პოლიფენოლები ღვინიდან და სხვა. ჩამოთვლილი ნაერთები ანტიოქსიდანტებს მიეკუთვნება, ანტიოქსიდანტები ადვილად უერთდებიან არასასურველ მჟანგავებს.

ვაშლი შეიცავს უფერო პოლიფენოლებს. ასევე მისი უჯრედები გამოიმუშავებენ პოლიფენოლოქსიდაზას. ეს ორი მოლეკულა მეზობელ უჯრედებში ერთდროულად არსებობენ, როგორც კი უჯრედების მთლიანობა დაირღვევა ურთიერთქმედებენ. ხდება პოლიფენოლის ჟანგვა. მიიღება ქინონები, რომელთა პოლიმერიზაციის შედეგად წარმოიქმნება მუქი ფერის პიგმენტი მელანინი.

 

ვიდეო ვაშლის ჟანგვას ასახავს.

ვაშლის ერთ-ერთი პოლიფენოლია ქლოროგენის მჟავა. მელანინები სხვადასხვა ფერის ჩამოყალიბებაზეა პასუხისმგებელი. გარუჯვის დროს ყავისფერი მელანინი წარმოიქმნება ადამიანის კანის უჯრედებში, სხვადასხვა ფერის მელანინია აღმოჩენილი კალმარებისა და რვაფეხების უჯრედებში, ამის გამო უამრავი შეფერილობის მიღება შეუძლიათ ამ ცხოველებს.

ენზიმები ცილებია და შესაძლოა დენატურირდნენ. შედეგად ვეღარ ასრულებენ ფუნქციას. უფერო ხილის მდუღარე წყალში ჩაყრისას, ფერის ცვლილება იწყება. მიზეზი ფერმენტების დენატურაციაა. ფერმენტები მოქმედებენ გარკვეულ არეში. ვაშლის მჟავე და ტკბილი გემო განაპირობებს ფერმენტის აქტივობას. მცირე რაოდენობით ლიმონის წვენის დასხურებით ვაშლის ნაჭერზე, ფერმენტის აქტივობა ითრგუნება და ვაშლი აღარ იჟანგება. ფერმენტი შესაძლოა შეფერხებით მუშაობდეს. ფერმენტის აქტივობა დამოკიდებულია ტემპერატურაზე. ამიტომ მაცივარში ან საყინულეში ხილის შენახვაც აფერხებს მის მუშაობას და შესაბამისად, ხილის ჟანგვას. სხვა ფერმენტების მსგავსად პოლიფენოლოქსიდაზას ფუნქციონირებისთვის სჭირდება წყალი. დეჰიდრატაციის, ანუ გამოშრობის შემთხვევაში ფერმენტი ინაქტივირდება, შედეგად ხილი ყავისფერდება. ჟანგვის თავიდან ასაცილებლად რამდენიმე გზა არსებობს:

  1. უჰაეროდ, ვაკუუმში შენახვა;
  2. გაყინული ნაჭრების შენახვა.

ფერმენტის დენატურაცია X სხივებით ან ელექტრონული სხივებითაც არის შესაძლებელი. დენატურაცია მაღალ წნევაზე ხდება.

ჟანგბადის მოცილება სარეაქციო არიდან შესაძლებელია უფრო ძლიერი აღმდგენით, ვიდრე პოლიფენოლია. ასეთი ნივთიერებაა ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი). ასკორბინის მჟავას დასხურებით დაჭრილ ხილზე ხელს შევუშლით ჟანგვის პროცესს, რადგან ვიტამინი შეუერთდება არეში არსებულ ჟანგბადს, და პოლიფენოლის დაჟანგვა შეუძლებელი გახდება. ვიტამინის გამოყენებისას ერთი მხრივ ფერხდება ჟანგვა და ამავე დროს პროდუქტი მდიდრდება ვიტამინით. მსგავსი მიზნით გამოიყენება სულფატები, რომლებსაც ხშირად ამატებენ დაჭრილ ხილს მზეზე გაშრობამდე.

ღვინიდან ძმრამდე

ძმარი ღვინის ჰაერზე დატოვებისას მიიღება. ღვინოში არსებული ეთანოლი იჟანგება ძმარმჟავამდე. თუმცა პროცესი ასეთი მარტივიც არ არის, მასში ფერმენტები მონაწილეობენ, რომლებსაც ძმარმჟავა დუღილის ბაქტერიები წარმოქმნის. ბაქტერია მრავალი სხვა ორგანიზმის მსგავსად შეგუებულია გარემო პირობებს. ის კარგად ვითარდება 270C-290C ტემპერატურაზე, როცა ალკოჰოლის რაოდენობა არ აღემატება 15%-ს. მისთვის ყველაზე ოპტიმალურია 9-12% ეთანოლი გარემოში. საფუარისგან განსხვავებით მასაც სჭირდება ჟანგბადი. საფუარი ღვინის წარმოების დროს ეთანოლს წარმოქმნის გლუკოზის სპირტული დუღილისას. როცა ბაქტერიები მრავლდებიან წარმოქმნიან ცელულოზის ბადეს და სხვა პოლისაქარიდებთან ერთად ილექება ჭურჭლის ფსკერზე. ამ ნალექს ,,ძმრის დედას“ უწოდებენ, რადგან ღვინოზე მისი დამატებით ძმარი მიიღება. ძმარი შესაძლოა დამზადდეს ნებისმიერი ფერმენტული ალკოჰოლური სასმლისგან. ალაოს ძმარი მიიღება ალაოსგან ან ლუდისგან.

თავისუფალი რადიკალები და ანტიოქსიდანტები

როცა ჟანგბადის ატომებს შორის მხოლოდ ერთი ბმაა, თითოეულ ატომს აქვს ერთი გაუწყვილებელი ელექტრონი. ასეთ ნაწილაკებს რადიკალები, ანუ თავისუფალი რადიკალები ეწოდება. ისინი ძალიან აქტიურები არიან, ვიდრე ამ ელექტრონებს არ გაიწყვილებენ. თუ ჟანგბადს მოლეკულაში ორი გაუწყვილებელი ელექტრონია, მას დირადიკალი ეწოდება. ცხიმების ჟანგვა რადიკალურ-ჯაჭვური პროცესია. რეაქციას სინათლის ფოტონი იწყებს, წყდება ბმა ნახშირბადსა და წყალბადს შორის, მიიღება რადიკალი, რომელიც ახალ პროცესს იწყებს, რადგან გაუწყვილებელი ელექტრონი აქვს. გაუწყვილებელი ელექტრონი უკავშირდება ჟანგბადის მოლეკულას, ამ უკანასკნელში ორმაგი ბმა წყდება და მიიღება პეროქსიდის რადიკალი. პეროქსიდის რადიკალი ლინოლენში წყვეტს ახალ ბმას, ისევ რადიკალი მიიღება. პროცესი ასე გრძელდება. ბევრი არასასურველი რადიკალი წარმოიქმნება. ბოლოს ერთი რადიკალი ხვდება მეორეს და მიიღება „მშვიდი“ მოლეკულა. პროცესიც ჩერდება. ცხიმების ჟანგვის თავიდან ასაცილებლად ის სინათლის ფოტონებისგან დაცულ ბნელ ადგილზე უნდა ინახებოდეს. ასევე შესაძლებელია მაცივარში, რადგან დაბალი ტემპერატურა ამცირებს რეაქციის სიჩქარეს. მესამე გზა ანტიოქსიდანტების დამატებაა.

გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ზოგიერთი დაავადების ჩამოყალიბების მიზეზი დაცვის უნარის მქონე ნივთიერებების დეფიციტით არის გამოწვეული. ამ დამცავ ნივთიერებებს ანტიოქსიდანტები ეწოდება (ანტი – საწინააღმდეგო, ოქსიდაცია – დაჟანგვა).

მხოლოდ ანტიოქსიდანტებს შეუძლიათ ჟანგბადის აქტიური ფორმებით მიმდინარე რადიკალურ-ჯაჭვური რეაქციების გაწყვეტა. უჯრედებში არის ორგანოიდი პეროქსისომა, რომელშიც ფერმენტი კატალაზა თავისუფალი რადიკალების განეიტრალებას ახდენს.

ანტიოქსიდანტების სისტემა მოიცავს დაბალმოლეკულურ ანტიოქსიდანტებსა და ანტიოქსიდანტურ ფერმენტებს. დაბალმოლეკულური ანტიოქსიდანტებია C და E ვიტამინები, კაროტინები, შარდის მჟავა, ბილირუბინი და გლუტათიონი. ანტიოქსიდანტური ფერენტია კატალაზა, რომელიც თითქმის ყველა ორგანოიდში მოქმედებს. ანტიოქსიდანტურ ნივთიერებებს შეიცავს მრავალი ხილი და ბოსტნეული. წყალბადის ზეჟანგის დიდი რაოდენობით დაგროვების შემთხვევაში მისი განეიტრალება ფერმენტ კატალაზას მოქმედებით, პეროქსისომებში მიმდინარეობს პეროქსისომა, ყველა ეუკარიოტულ უჯრედში გვხვდება.

 

Გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Რა არის ჟანგვა? Რა არის აღდგენა
  2. ალკოტესტი

სიყვარულის ექოები – მაკა ჯოხაძის “ჩაძირული დღესასწაული”

0

როგორ შეიძლება ჩანაწერთა ვიწრო ჩარჩოებში სამყაროს ფერადოვანი უსაზღვროება მოიხელთო? როგორ შეიძლება აგრძნობინო მკითხველს დრო-სივრცეში არსებობის აუტანელი ტკივილი და თან ამ ტანჯვის განუმეორებელი მშვენიერება? როგორ შეიძლება იცხოვრო სიცარიელის წყვდიადში და არ დაკარგო იმედი გადარჩენისა, რწმენა-სიყვარულისა? როგორ შეიძლება სიტყვებად აქციო მზის პირდაპირ ცქერისას თვალებში გაჩენილი კაშკაშა სილურჯე? როგორ?

მაკა ჯოხაძის ჩანაწერების წიგნში, მეტაფორული სათაურით, „ჩაძირული დღესასწაული“, ამ კითხვებზე პასუხები ძვირფასი თვლებივითაა მიმობნეული, მაგრამ იბადება ახალი პასუხგაუცემელი კითხვა: როგორ შეიძლება მკითხველმა გამოხატო ის უცნაურად ჟრუანტელის მომგვრელი განცდა, ამ ჩანაწერთა კითხვისას რომ ჩნდება. „მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობის გამოთქმა“ – იტყვის ბარათაშვილი, მცველი ქართული სიტყვის საუნჯისა. სწორედ სიყვარულია ფიქრის ის მთავარი ნაკადი, რომელიც ამ ჩანაწერთა დრო-სივრცის სულის ჩამდგმელია, სიტყვისთვის ძალ-ღონის მიმცემია, მოყვასისა თუ მტრისთვის სითბოსა და სიხარულის უშურველად გამცემია. მაკა ჯოხაძეც სიტყვის მცველია. ეს ჩანაწერები მისი სულის გამომხატველი შემოქმედების ერთი საგულისხმო ნაკადია, ჰუმანისტური იდეალების, უნივერსალური ადამიანური ღირებულებების წარმოჩენით. ეს გამორჩეული ჩანაწერები ნაწილია თანამედროვე ქართული მწერლობისა. აქ თითქოს თავიდან იბადებიან ნაცნობი, გაცვეთილი, დამჭკნარი სიტყვები, დაცარიელებული გულის უდაბნოში მნიშვნელობადაკარგულნი. მის ხელში სიტყვები „ნედლდებიან“ როგორც რობაქიძე იტყოდა და მკითხველიც სამოთხისეული უშუალობით შეიგრძნობს იდუმალსა და მიუწვდომელს. ყოველი ჩანაწერი პოეტური პროზაა, ძალიან ხშირად – თავისუფალი ლექსია, მეტაფორული, დახვეწილი სტილით, სიტყვათა ენერგიით, არტისტულობით, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გამოთქმის არისტოკრატიულობით. მწერალი ცხოვრების ჭრელი მოზაიკის ცალკეული ნატეხის ფაქიზ და შეუმჩნეველ ხაზებს ისეთი სიყვარულით გვაცნობს, კითხვისას გეუფლება განცდა სრულიად უცხო და მშვენიერი შეგრძნებების აღმოჩენისა, აღტაცებისა.

ყოვლისმომცველია ამ ჩანაწერების სულიერი დრო-სივრცე, რომელიც საოცარი სისავსით ირეკლავს მაკა ჯოხაძის, როგორც გამორჩეული თანამედროვე მწერლის, პიროვნულ ტკივილს, ერის ჭირ-ვარამსა და კაცობრიულ სატკივარს. ფიქრის ნაკადები ისე ნატიფადაა გადაწნული ერთმანეთთან, რომ ბუნებრივად გადაედინება პიროვნული განცდა ზეპიროვნულში. მაკა ჯოხაძე მთელი თავისი არსებით, ფიქრებით, შემოქმედებით განსახიერებაა მარადქალურობისა, რომელიც გულისხმობს დაუღალავ მზრუნველობას ადამიანური სულისას, რომ არ ჩაქრეს სამყაროში სიცოცხლის კოცონი, ღვთის მიერ დანთებული და ადამიანებს მინდობილი. ის გვაგონებს უძველესი დროის განდობილს, სიცოცხლის ტაძრის მცველ ქურუმ ქალს, რომელიც ფლობს უზენაეს საიდუმლოს – როგორ აქციო ქვა ოქროდ, როგორ გაალღო გაქვავებული გული, როგორ ახარო სიყვარულისა და სიკეთის ყვავილები. ეს საიდუმლო მის ჩანაწერებში უშურველადაა გამხელილი და მის მისაგნებად თუ ამოსაცნობად ერთადერთი რამაა საჭირო, როგორც თვითონვე იტყოდა, „მოაზროვნე გული“. ამ ჩანაწერთა ფიქრთა მდინარის ერთი ძლიერი ტალღა სამშობლოა. ერთგან იგი აღნიშნავს, რომ დღეს ამ პროცესებისა და ტრაგედიების შემხედველს, გაუძლიერდა აზრი: „საქართველო უთარგმნელი ლექსია“. იშვიათია ქართულ პოეზიაში ამგვარი განცდა სამშობლოსი. ამგვარივე შთამბეჭდაობით გამოირჩევა სიტყვიერ ქსოვილში მოხელთებული განცდა: „სამშობლოში შეიძლება გენატრებოდეს სამშობლო“. პოეტური, ფერადოვანი, მუსიკალური და ფერწერულია მის მიერ აღქმული სამყარო. მისთვის ლექსი „ოცნებაა თავისუფლებაზე“, რომელიც, მისივე განმარტებით, „სიყვარულს ნიშნავს და იმგვარ პატივისცემას მოყვასისას, როცა ადამიანს შეუძლია იყოს ის, რაც არის და არა ის, რადაც ჩვენ გვსურს რომ ვიხილოთ იგი“. მისი დაკვირვებით, „ჭეშმარიტება და სამშობლო იმ სხივთა განუყოფლობაა, რომელთა გადაკვეთაც ჯვარს ქმნის. მათი ცალკე წარმოდგენა ისევე აბსურდულია, როგორც დაცილება ჯვრის შემადგენელი, ცისა და მიწისაკენ, ღვთისა და მოყვასისაკენ მიმართული ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზებისა. „მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის…“ – მისთვის, ილიას „ამ ლექსის სემანტიკური მნიშვნელობაც გრაფიკულად სწორედ ჯვრის ფორმით შეიძლება გამოისახოს“.

წიგნის ბოლო ჩანაწერი „ჩაძირული დღესასწაული“ წამებული სამშობლოს თავზე დანახული შარავანდედიანი ეკლის გვირგვინივითაა, რომელიც მკითხველს ღვთის ყველაზე დიდი საჩუქრის, თავისუფლების, ეროვნული სულისკვეთების მოფრთხილებას შთააგონებს: „თბილისი ჩამოგდებული ხოხობივით ჩაეშვა ცოდვის მდუღარე ჭაობში. იმ წლების საქართველოს ჩაძირული დღესასწაულივით შეინახავს დღესდღეობით ყველაზე დიდი „კონტრაბანდა – ხსოვნა“. ამ ჩანაწერებში მდიდარი მასალაა საბჭოთა ეპოქის ხელოვანთა ბედის კვლევისთვის. მაგალითად, როგორ არ უბეჭდავდნენ პირველ წიგნს, მოთხრობების კრებულს „გურამ-გურამ“, მხოლოდ იმის გამო, რომ მის ერთ მეორეხარისხოვან უარყოფით პერსონაჟს რუსული სახელი-დუსია – ერქვა. როგორ აქცევდა საბჭოთა რეჟიმი რომელიმე ლიტერატორს ცენზორად. ამ ჩანაწერებში არის მახვილგონივრული და ხატოვანი ახსნა, როგორ გარდაქმნიდა ნამდვილი ხელოვანი რეალობას მეტაფორად, რათა სიმართლე ეთქვა: „რაც უფრო ჭკვიანი და გამჭრიახი იყო ცენზორი, მით უფრო ლავირებული და შენიღბული ხდებოდა მეტაფორაც“. ჩანაწერებში – „პერესტროიკის“ ფრაგმენტები – არაჩვეულებრივადაა წარმოჩენილი დროის მაჯისცემა, ხელოვანის გულსა, სულსა და გონებაში აღბეჭდილი. უახლესი ისტორია.

მაკა ჯოხაძე შეუცდომლად იგზნებს ნამდვილ ლიტერატურას. ამ ჩანაწერებში, როგორც, საზოგადოდ, მის ლიტერატურულ წერილებში, იგი წარმოგვიდგება ოსკარ უაილდისეულ კრიტიკოს ხელოვანად. აქ იხატება მისი თვალსაზრისი ნამდვილ ხელოვანსა და ხელოვნებაზე, რომელიც „ყოველთვის იყო და რჩება ღვთის მაძიებლად“. შესანიშნავადაა წარმოჩენილი არსი თანამედროვე ხელოვნებისა, რომელმაც „მოიხსნა სრული მორალური პასუხისმგებლობა ადამიანის ბედისა და სამყაროს წინაშე. აღვირახსნილობის ენერგიით რეტდასხმული შეუდგა ნგრევას, რღვევას, გაპარტახებას“. იგი წუხს, რომ „კოსმოსი ყველას აინტერესებს, ადამიანი – აღარავის. აი, სნობიზმის პიკი. ესეც XXI საუკუნის კიდევ ერთი ესთეტიკური აბსურდი“. მაკა ჯოხაძის ჩანაწერები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მწერალი საუკეთესო შემფასებელია სიტყვისა. მას შეუძლია ორიოდე შტრიხით შექმნას სულიერ-ხორციელი პორტრეტი ადამიანისა. მაგალითად, დაუვიწყარი სახეებია დახატული ჩვენთვის ცნობილ მწერალთა, ხელოვანთა, სასულიერო პირთა: რეზო ინანიშვილისა, ოთარ ჩხეიძისა, როსტომ ჩხეიძისა, ოთარ ჭილაძისა, დავით წერედიანისა, რობერტ სტურუასი, მღვდელმონაზონ ანდრიასი, პატრიარქისა, ბორენა ჯაჭვლიანისა, არჩილ და გიგი სულაკაურებისა, ესმა ონიანისა, ზვიად გამსახურდიასი, ირაკლი ჩარკვიანისა, მამა არჩილისა (მინდიაშვილისა), მერაბ ელიოზიშვილისა და სხვა ცნობილ თუ უცნობ კეთილშობილ ადამიანთა, რომელთაც კვალი დაუტოვებიათ მის სულზე.

ანა კალანდაძე განსაკუთრებული სიყვარულით წარმოჩნდება პორტრეტთა ამ მრავალფეროვან გალერეაში. მასთან მეგობრობა ამხელს მაკა ჯოხაძის საოცარ სიფაქიზეს. ანა კალანდაძე ამ ჩანაწერების მიხედვით სრულიად სხვაგვარი უშუალობით წარმოგვიდგება და უფრო გასაგები ხდება მისი პოეზიის ღვთაებრიობა.

ყურადღებას იქცევს მისი ჩანაწერები გურამ რჩეულიშვილზე: „როგორ შეიძლება მისი ნაწერები არ მიაწოდო დღევანდელ ახალგაზრდობას, როგორც ჟანგბადი“. ორიგინალური და ღრმააზროვანია მზია და ბათარეკა ჭინჭარაულების ხასიათების ახსნა: „ნაკადულები აუმღვრევლად მხოლოდ სიმღერებში კვდებიან. „მზია, ბათარეკას ასული“ სიმღერაა. სიმღერას ვერ დაიჭერ, ვერ გასრეს, ვერ მოიხელთებ, როგორც ჰაერს, როგორც ძახილიდან წამოფრენილ ექოს თარეშს მთებში“. ეს ჩანაწერები ხშირად ლიტერატურული ესეებია. საგულისხმოა ფიქრი გრიგოლ რობაქიძეზე. მწერალი ერთ ისეთ სიტყვას მიაგნებს მის შემოქმედებაში, რომელიც მასაც და ჩვენც საუკეთესოდ დაგვანახვებს მთავარს: „ყველაზე დიდი ინტენსიურობით სიტყვა „უბიწოება“ გამოანათებს. თავისი დიდი წინაპარივით მან ყველაზე ღრმად იცოდა ამ უბიწობის ფასი, მაგრამ ფიროსმანისგან განსხვავებით, რომელიც „მეთევზის“ ბავშვური უშუალობით ფეხშიშველა იდგა უბიწობაში, გრიგოლ რობაქიძეს გაცნობიერებულად, ინტელექტუალურად ჰქონდა ეს მიზანი დასახული – რადაც არ უნდა დაუჯდეს, წინ – ფესვებისაკენ, საკუთარი მიწისაკენ, საკუთარი წიაღისაკენ, საკუთარი მამისაკენ უძღები შვილივით მიაბრუნოს ადამიანი“.

ნიკოლოზ გაბაონის „აივნიანი ქალაქზე“ ჩანაწერში ვკითხულობთ: „ამ რომანში „დუღს და გადმოდუღს“ არა მხოლოდ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის თბილისის, სრულიად საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის დამუხტული, სისხლსავსე ცხოვრება. უფრო მეტიც, ევროპული ქალაქების სალონებით, ევროპელ ინტელექტუალთა თუ ქართველ ემიგრანტთა მიზნებითა და ინტერესებით, დიპლომატებით, ელჩებით, ჩინოვნიკებით ხელისგულზე დევს მაშინდელი მსოფლიოს მაჯისცემა“. ლიტერატურაზე ამ მრავალფეროვანსა და საგულისხმო ჩანაწერებში გამოირჩევა 1985 წლის ერთი ჩანაწერი, რომელშიც არაჩვეულებრივადაა წარმოჩენილი და შეფასებული მისი თაობის, სამოცდაათიანელების, ბედისწერა: „ჩემი თაობა არც დელაკრუას წითელი ფერით კივის და ვერც იმპრესიონისტების ჩახჩახა, მზიანი პეიზაჟებით ზეიმობს“… „იქნებ პროფესიონალიზმის თვალსაზრისით, ისიც მთავარია, იმ ღვინის ფერი უჩვენო, ფიროსმანის ყანწში რომ ესხა ოდესღაც, მაგრამ უმთავრესი მაინც იმის ჩვენებაა, ძველებური სათნო, ლაღი გულუბრყვილობით რატომ ვეღარ ქეიფობენ ჩვენი კაცები“.

გასაოცრად ზუსტი და ორიგინალურია თანამედროვე მწერლობის მისეული შეფასებები: „დღევანდელები ვირტუალური სამყაროს თუ სამყაროს ვირტუალური მწერლები პრომეთეს კარიკატურები არიან“, რადგან მათ არ შეუძლიათ მკითხველთათვის ცეცხლის, იგივე, ნუგეშის, სიყვარულის მოტანა. იგი იზიარებს სერაფიმ როუზის განმარტებას, რომ ისინი „საკუთარი თავის თაყვანისცემის რელიგიას აღიარებენ“. თანამედროვე ხელოვნებაზე დაკვირვებას ის მიჰყავს მნიშვნელოვან და ყოვლისმომცველ დასკვნამდე, რომ მან დაკარგა ღვთაებრიობის განცდა, რომ ყოველივე ახსნილია, დამიწებულია. არაჩვეულებრივია ჩანაწერები ჰარუკი მურაკამის რომანზე „ნადირობა ცხვარზე“. ჩინგიზ აითმატოვის „საჯალათო კუნძზე“, იაპონურ პოეზიაზე, ახლად ნათარგმნ ფრანგულ რომანებზე. ლიტერატურაზე მსჯელობისას ერთგან დაიმოწმებს ალენ ნადლოს დაკვირვებას: „ლიტერატურა თავისთავად საფრთხეში არ არის, საფრთხეშია ეს საზოგადოება, რომელსაც არ აქვს უნარი, ჩასწვდეს ლიტერატურის მიზნებს და მნიშვნელობას“.

ჩემი ანა, ჩემი დავით კლდიაშვილი, – წერს მაკა ჯოხაძე და ამ თითქოს „ეგოისტური ჩემით“ კი არ ზღუდავს და შემოსაზღვრავს ამ შემოქმედთა ნააზრევს, არამედ, პირიქით, საოცრად გაშლის საზღვრებს ისე, რომ მთელი სამყაროს სასიცოცხლო ძალების გამომხატველებად წარმოაჩენს. ყურადღებას იქცევს პარიზული დღიურები, რომლებშიც უცხოელ მწერალ ქალთა პორტრეტებია წარმოჩენილი, მათ შორის კი გამოირჩევა სიყვარულით დახატული სახე პოეტ ვიზმა ბელშევიცასი. ამ ჩანაწერებში მოჩანს მისი ოჯახი: აკაკი და ანუკი მინდიაშვილები, ისინი თითქოს ნოველების პერსონაჟები არიან: „კაკუჩა და ანუკი დაბრუნდებიან, აბა, რას იზამენ“. მათი გამოჩენისას კი ქრება შემხუთველი შიში და ამის გაცნობიერება მწერალს სამყაროს კანონზომიერებას კიდევ ერთხელ აღმოაჩენინებს: „არაფერიც არ ქრება, ყველაფერი დროებით იმალება, იძირება, ილექება, თვით ღმერთიც კი ხანდახან თვალს ხუჭავს ჩვენი შემხედველი და ჩნდება ილუზია, რომ იგი გაქრა, წავიდა აღარ არის“. ვფიქრობ, ეს ხატი „თვალდახუჭული უფლისა“ ჩვენი დროების მრავლისმეტყველი სიმბოლოა. ღმერთს ხანდახან თვალს ახელინებენ ბავშვები, მათ შორის, მწერლის შვილიშვილი სანდრო, რომელიც როგორც ყველა ბავშვი, გასაოცარი სიბრძნით შეიგრძნობს სიცოცხლის საიდუმლოს, შემოქმედს და ამგვარად გამოხატავს მისკენ სწრაფვას:

„ღმერთო! მე შენთან მოვდივარ,

მე შენს პურს ვჭამ,

ღმერთო! მე შენთან მოვდივარ,

შენს ეკლესიაში,

მე შენს ღვინოს ვსვამ,

მადლობელი ვარ, ღმერთო!“.

ამ წიგნის ერთ გამორჩეულ ჩანაწერში „შეკითხვები – სისხლიანი ყვავილები“ ვკითხულობთ: „ბავშვმა იცის, რომ ცა არის ცისფერი. მზე არის მზისფერი, სისხლი სისხლისფერი და ადამიანი – ადამიანისფერი. ეს მერე იწყება შეფერადება, გაფერადება, მერე ხდება მზე მკვდრისა, სისხლი – ცისფერი, ადამიანი – შავკანიანი, თეთრკანიანი, ყვითელკანიანი“. ამიტომაც არის მისთვის მხოლოდ ბავშვობაში „კოსმოპოლიტიზმი სუფთა და უანგარო“. ბავშვებზე ფიქრი მას თანამედროვე ხელოვნების არსს აღმოაჩენინებს: „მეოცე საუკუნის ხელოვნება, ესაა ბრძოლა, სამყაროს კი არ გამოსტაცო და აღბეჭდო სიცოცხლის წამი და ზეიმი, როგორც ამას იმპრესიონისტები ჩადიოდნენ, არამედ ბრძოლა, რომ საკუთარ თავს დაუბრუნდე, დაიბრუნო თავდაპირველი, ღვთაებრივი იერი და სამყაროს აღქმის ბავშვური უნარი“.

ეს ჩანაწერები, გარდა ფილოსოფიური სიღრმისა, გამოხატვის სილამაზითაც გხიბლავენ და სამუდამოდ აღიბეჭდებიან მეხსიერებაში, როგორც ფერწერული ხატები: „არსებობს მარადიული ბავშვური შეკითხვები, რომელთა გამოჩენასაც წინ არ უსწრებს კვირტად ქცევის ხალისიანი მზადება, სიცოცხლით სავსე ჩუმი ხმაური. ეს შეკითხვები პირდაპირ სისხლიან ნაკადულებად ამოსკდებიან დროის უსასრულო უდაბნოში და ამ ე.წ. ცივილიზებული პროგრესის უამრავ აღმოჩენასა და მიღწევას ერთბაშად ანგრევენ და აუფასურებენ“. ამგვარი ფიქრები მას მწერლის ბუნებასაც სხვაგვარად დაანახვებენ: „იქნებ მწერალიც ბავშვია და მწერლობაც დიდი ანგარიშით დამალობანას თამაშია“. როცა დროის მაჯისცემა უნდა გამოხატოს, გალაკტიონივით („მე თვითონ დაჭრილი ვნახე, ალუჩა, შვიდი წლის ბავშვი“)…, მასაც ბავშვი წარმოუდგება უპირველესად: 90-იანი წლები, ქუჩებში გახშირებული ორმხრივი უაზრო სროლა. „1993 წლის 5 აგვისტო… გოგონას, რომელსაც ფეხში მოხვდა ტყვია, ოპერაცია გაუკეთეს და ფეხი მოკვეთეს. სამი წლის ფეხმოკვეთილი გოგონა, სამი წლის ფეხმოკვეთილი, სარეცელს მიჯაჭვული ანგელოზი – დღევანდელი საქართველოს ხატი, რომელიც დღევანდელ საქართველოში დაიწერა“.

გასაოცრად გულწრფელი და პოეტური კითხვა-პასუხია: „რატომაა ახალშობილთა თვალის ფერი უმეტესწილად ცისფერი? იქნებ იმიტომ, რომ ეს-ესაა გადმოსახლდნენ ციდან“. ჩანაწერებში წარმოჩენილი ოჯახური სითბოს თაფლივით ტკბილი სიმყუდროვიდან, როგორც მღვიმის უჩინარი სიშორიდან, გამოიკვეთება მშობლების სახეები და მათ მიმართ „უმწვერვალესი“ სიყვარული, როგორც ნიკო ლორთქიფანიძე იტყოდა. „რა უნდა დავწერო დედაზე ისეთი“… _ …წუხდა რეზო ინანიშვილი და ქმნიდა სრულიად განსხვავებულ პორტრეტს მშობლისას. ეტყობა, რამდენი შვილიცაა, იმდენგვარი განსხვავებული აღქმაა დედაშვილობისა თუ მამაშვილობისა, მთავარია, როგორმე შეძლო სიტყვიერ ქსოვილში შენეული განცდის მოხელთება და ამას გულშიჩამწვდომი სიწრფელით ახერხებს მაკა ჯოხაძე. გრძნობ, როგორ გამოთქვამს შენს შეგრძნებებსაც. ამ ჩანაწერებში არის დედა-შვილის ინტიმური ურთიერთობის გამომხატველი დეტალები და ამ ყოველივეს ფილოსოფიური განზოგადებანი:. „დედა დროის განუყოფლობაა. მისი წარსულიც, აწმყოც და მომავალიც ერთი მთლიანობაა. დედა სამივე დროში შენია, გიხარია და გეამაყება“.

როცა თვითონაა დედა, ცდილობს სრულიად ახალ შეგრძნებებს სიღრმემდე ჩაჰყვეს და გააანალიზოს ქვეცნობიერში ჩაკარგული ფესვების რაობა. ძიების ამ გზაზე უღალატო მეგობარი ეხმარება. მაგალითად, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს შეიგრძნო შვილის თითქოს ჩვეულებრივი, ბუნებრივი სიყვარული და დაიბნა, ძვირფასმა მეუღლემ დაამშვიდა: „სწორედ ამგვარად უნდა აგზავნიდეს ჟამიდან ჟამზე ამ განცდებსა და აღმოჩენებს ღმერთი ჩვენთვის, თორემ ამგვარ დაძაბულ და გამუდმებულ შეგრძნებას სიყვარულისას, ამ მაღალ ძაბვას ადამიანი ვერ გაუძლებდა, გადაიწვებოდა, მოკვდებოდა“. მისი მშობლები თითქოს მარადიულ წინაპრებად იქცევიან: „მთავარი ხომ მაინც ისაა, ცხოვრებაში რას უყურებდნენ, რას იმახსოვრებდნენ, რას ისმენდნენ, რა რჩებოდა რომელი ხმაური და ჩქამი სამარადჟამოდ მათი ყურის ნიჟარებში, ამ ღვთაებრივ პაწია მღვიმეებში“.

თუ როგორ ღრმად აზროვნებს იგი, ეს კარგად ჩანს ქართული და რუსული ხასიათების ანალიზისას. იშვიათია ამგვარი ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური წვდომა ისეთი რთული ფენომენისა, როგორიც ერია, ამას იშვიათნი ახერხებენ და მათ შორისაა მაკა ჯოხაძე. მისი აზრით, „იქნებ სწორედ სივრცის ძალადობაა, ამოდენა სტეპებისა და ტრამალების ერთფეროვანი ძალადობაა ის, რომ ჩრდილოელს (რუსს) არ ყოფნის უნარი (ენერგია) გაუძალიანდეს თვალუწვდენელი ტრამალების ერთფეროვან შემოტევებს, თავისი სივრცე, სასიცოცხლო სივრცე შექმნას და შემოზღუდოს. გამუდმებით ამ სივრციდან გაღწევას ცდილობს. გამუდმებით სხვათა სივრცეებისა და სხვათა ტერიტორიების დაპყრობისკენ უჭირავს თვალი. ეს კი ყველანაირად არღვევს ღვთიურ კანონზომიერებაზე აკინძულ სამყაროს რუკას. სხვათა მიწებისაკენ, ტერიტორიებისაკენ ეს გამუდმებული, ქრონიკული ლტოლვა საბედისწერო ბუმერანგივით უბრუნდება მის ხასიათს, მის თვისებებს“.

მისი აზრით „ქართული სივრცე ლოკალურია, შეზღუდულია. ეს სივრცე, როგორც სურათი, ვთქვათ, ალაზნის ველისა, ანდა ჯავახეთის ზეგნისა, ისე ჰკიდია საქართველოს ტერიტორიის კედლებს, ცისკენ მიილტვის და მზე, როგორც მარჯვენა ხელი, მისი მოუწყენელი და შეჩვეული მეტაფორაა… აქ სივრცე შემოფარგლულია მთებით, კლდეებით, გეოგრაფიული გარემო (რელიეფი) გამაშტერებლად ცვალებადია“. საქართველოს პეიზაჟები მარადიულ ღირებულებებზე ფიქრისკენ უბიძგებენ მნახველს. ამ ჩანაწერებში ბუნებრივად ჩნდება ფიქრი ხალხისა და ბრბოს რაობაზე, ეროვნულ ფასეულობებზე, რწმენაზე. ამ თემებზე მსჯელობისას ხშირად იმოწმებს წმინდა მამათა ნააზრევს, რათა თვალნათლივ წარმოაჩინოს მარადიულისა და წარმავლის ჭიდილი. და ამ მრავალფეროვან გალერეაში მოჩანს მისი პორტრეტიც, მისი ბუნება: „რომანტიკოსს პლუს ეგზისტენციალისტი, საშიში ნაჯვარია, უფრო ზუსტად, საშინელი – მთელი სამყარო რომ გიყვარს და მაინც მარტოობა გენატრება, რადგან მხოლოდ დიდ მარტოობაში შეგიძლია პირუთვნელად, უანგაროდ ამტკიცო და აჩვენო, როგორ გიყვარს, როგორ იცი და როგორ გენანება ადამიანი, თუმცა ცოდნაც ეფემერაა და სინანულიც სადღაც მიმავალი. მხოლოდ სიყვარულია მკვიდრი, მარადიული და რეალური“. სიყვარული, ერთგან ამგვარად გამხელილი: „მე ვნახე შენი სიზმრები“.

იგი საოცრად მართალია საკუთარი თავის, ახლობლებისა და სამყაროს წინაშე: „არც ერთი წამით, არცერთი წუთით არ მიზრუნია საავტორო მითების შესაქმნელად…. იმდენად სავსე, რთული და მძიმე ინტენსიური სულიერი ცხოვრებით ვცხოვრობ, რომ ფასადზე ზრუნვისთვის არც დრო და არც სურვილი აღარ მრჩება“. გიგი სულაკაურთან ერთ საღამოს ცხარე კამათი კარგად ამხელს მის პრინციპულობას, შეურიგებლობას უსამართლობასთან: „ვიცავ სიმართლეს, სამართლიანობას, ყველგან, ყველა სიტუაციაში, ხშირად მარტოობის ფასად“. მეოცე საუკუნის 90-იანი წლების სამხედრო გადატრიალებისთვის სხვებივით არასოდეს უწოდებია სამოქალაქო ომი, არ უღიარებია ყალბი დემოკრატია, ფეხქვეშ არ გაგებია არცერთ მთავრობას, არ უზრუნია მწერალთა კავშირის მდივნობასა თუ თავმჯდომარეობაზე. მხოლოდ ის აწუხებს, რომ პიესა არ დაწერა და არ ამხილა მამათელი პოლიტიკოსისაგან გაცურებული პოეტები, რეჟისორები. წერა მისთვის იგივე ფრენაა თბილი ქვეყნებისაკენ: „ყველაზე ლაღად, ბუნებრივად, შეუზღუდავად სწორედ წერის დროს გამოვიხატები“. მისი ეს გამბედაობა კარგად წარმოჩნდა ჩანაწერში „მოციმციმე არითმია“, როცა დატოვა დარბაზი, როცა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ასტაფიევის ცნობილ თხზულებას არაფერი აქვს საერთო მხატვრულ ლიტერატურასთან. სხვისი გამბედაობაც ხიბლავს, ამიტომაც ხატავს ანა ჭავჭავაძის პორტრეტს სხვანაირი აღტაცებით.

გულისამაჩუყებელია ის ეპიზოდი, როცა სვანი ქალი დიდთოვლობისას მთაში უცხოელის დაღუპვას მოთქვამს და მაკა ჯოხაძეს უხსნის: „ფინეთის ომში დაღუპული ჩემი ძმა გამახსენდა, იქნება ისიც დაიტირა ვინმე უცხო ქალმა ჩემსავით“ და გახსენდება „უცხო კაცის მოზარე აღაზა“, ქართული სულიერების უზადო გამომხატველი. სვანეთი, ამ ჩანაწერების მიხედვით, მისთვის პირველქმნილი სამყაროს ხატია, სადაც სიცოცხლისთვის გაფხიზლებენ „სვანეთის ძახილის ნიშნები – კოშკები!“. ამიტომაცაა, რომ სხვანაირი ჟინით და გატაცებით წერს. აქ გრძნობს „ცხოვრება აგერაა, ამ გზის გადაღმა, მდინარის გადაღმა თავისი ვნებით, სიცოცხლით, შეცდომებით, დარდით და აღმაფრენებით. გზა და მდინარე კი მეტაფორებია. როცა მინდა, მაშინ შევხედავ და მოვისმენ ცხოვრების ხმებს, ოღონდ ისე, რომ ვერ ჩამითრევს ამაო ფუსფუსში“.

არაჩვეულებრივია მისი ჩანაწერები მხატვართა ტილოებზე, მაგალითად, როგორ აღიქვამს ფიროსმანის, იმპრესიონისტებისა და სხვათა ნახატებს. აი, რას წერს სალვადორ დალის ცნობილ სურათზე „დროის სიჯიუტე“: „ეს სრულიად განსხვავებული ახსნაა დროისა და ადამიანის დამოკიდებულებისა: „მკვდარი, გაცრეცილი, განძარცული ნახევარუდაბნოა წარმოდგენილი, როგორც გაცამტვერებული ქვეყნიერების სიმბოლო… დრო უაღრესად გულგრილია ჩვენი მიწიერი ვნებებისა და ინტერესებისადმი. მისთვის არ არსებობს ამგვარი ფასეულობები და ხშირად დროისთვის არსებული რეალობა ისეთივე ნაცრისფერი და უმნიშვნელო ფონია, როგორიც ამ საათებისთვის სურათზე წარმოჩენილი სამყარო. დრო კი არა, თვით ადამიანი არ უფრთხილდება დროს, ე.ი. თავის თავს“. ამ ჩანაწერებში წარმოჩნდება, როგორ განიცდის მწერალი საქმეებში დანთქმული ადამიანების უსულგულობას: „ჩემს ქალაქში პირდაპირ ბედისწერას უყურებ თვალებში და ტკივილთან ერთად სირცხვილითაც იწვი“. თითქოს ყველას მაგივრად ცდილობს ცოდვის გამოსყიდვას, როცა მტანჯველი სინდისის ქენჯნისაგან თავდაღწევის სურვილით ქუჩაში ამაოდ დაეძებს მათხოვარს, რომელიც უცებ გაუჩინარდა ადამიანებით სავსე ქალაქის უდაბნოში: „პატარა მხეცივით წრიალებდა ჩემს არსებაში სინდისი. სინდისი, რომელსაც სხვაგვარად ღვთის ხმა ჰქვია ადამიანში“. პოლ ვალერის ერთი ჩანაწერი გაგვახსენა ამ ამბავმა: „დროდადრო მთელი ჩემი სხეული ნათდება… მე ანაზდეულად ვხედავ ჩემს თავს შიგნიდან… მე ვარჩევ ჩემი სხეულის შრეების სიღრმეს, მე ვგრძნობ ტკივილის სარტყლებს – ტკივილის რგოლებს, წერტილებს, კონებს“. ამ ჩანაწერების ყოველი ფრაზა ხან შიშის, ხან სიცარიელის, ხან სიკეთის, ხან სიყვარულის და ხან აღტაცების შეგრძნებებითაა დამუხტული, ყოველი ფიქრი გულიდანაა გამოტანილი. თითქოს ხედავ კიდეც ფიქრის კვალს, გრძნობ, რა სიღრმეებში იძირება, როგორ მიიკვლევს გზას ტვინის ხვეულებში და მერე როგორ გამოაღწევს იქიდან სრულიად განსხვავებული ემოციისა და შინაარსის თანხლებით. ამ ჩანაწერებში კიდევ მრავალ აქტუალურ თემაზეა დაფიქრება, მათ შორის, საგულისხმო დაკვირვებებია მასმედიის ავკარგიან გავლენაზე საზოგადოების ცნობიერებაზე, წარმოჩენილია ტელევიზიის როლი თანამედროვე ცხოვრებაში: „ტელევიზიამ, მართლაც, ახალი სახის ადამიანი შექმნა – „ჰომო­მედიუმი“. ადამიანი, გამოფიტული განუწყვეტელი სანახაობით“.

„მწერლობა ორმხრივი სიყვარულია“, – ასე ერქვა გაზ. „წილკანში“ გამოქვეყნებულ მის წერილს, მწერალთა თუ უბრალო მკითხველთა აღტაცება რომ გამოიწვია. ამგვარ აღტაცებას ხშირად იწვევს მისი ნაწერები, რადგან ყოველთვის გულწრფელია და სჯერა: „ამ გაპარტახებულ, გაუდაბნოებულ ქალაქში ჯერ ისევ სუნთქავს თანალმობის, თანადგომის, სიყვარულისა და ამ სიყვარულის გამოხატვის უნარი“. მაკა ჯოხაძის ფიქრების უკიდეგანო და ჰარმონიული დრო-სივრცე მკითხველს წარმავლობასა და მარადიულობაზე დააფიქრებს, ახალ ხმებს, შეგრძნებებს, ფერებს აღმოაჩენინებს, რეჰანისფერი თუ უნაბისფერი საღამოების გრილ სიმყუდროვეს აზიარებს და სამყაროს სიყვარულით აღავსებს. ამ წიგნის („ჩაძირული დღესასწაული“, გამომცემლობა „ინტელექტი“) ყოველი ჩანაწერი თითქოს ასოციაციებს „აფეთქებს“ შენში და დაუსრულებელი ფიქრისთვის განგაწყობს. ეს ჩანაწერები თითქოს ერთგვარი კომენტარებია მაკა ჯოხაძის გამორჩეული შემოქმედებისა. მკითხველს ჰაერივით სჭირდება ასეთი წიგნები, რომლებიც გაჯერებენ, რომ შეიძლება „სულში ჟასმინებმა გაიხარონ“.

 

აქტივობები წიგნიდან „სიყვარულით, ელლი“

0

გიფიქრიათ, საით მივყავართ წიგნის გმირებს? როგორ შეიძლება, უფროსი მკითხველები მოსწავლეებსა და შვილებთან ერთად დავემგზავროთ მათ და სიზმარ-ცხადში აღმოვჩნდეთ?

მხატვრული ლიტერატურის კარნახით შექმნილი შემეცნებითი თამაშები და აქტივობები ტექსტის უკეთ გააზრებას უწყობს ხელს. ამ გზით მიღებული შთაბეჭდილებები ხანგრძლივად ასაზრდოებს მოზარდის ფანტაზიას და ძლიერ გავლენას ახდენს მის ცნობიერებაზე. წიგნის განხილვისას ავტორის მინიშნებები ახალგაზრდა მკითხველისთვის ინსპირაციად რომ იქცეს, ზოგჯერ ჩვენი, უფროსების თანამკითხველობაა საჭირო.

სწორედ ამ მიზნით შევქმენი აქტივობის ბარათები ერთი წიგნის მიხედვით, რომელიც, მიუხედავად არცთუ დიდი მოცულობისა, ბევრ საფიქრალს იტევს.

კატო ჯავახიშვილის პირველ საბავშვო ნაწარმოებს საოცრად ლამაზი ყდა აქვს. გაზაფხულის ფერებიდან ამოზრდილი ორი პატარა გოგონა ერთმანეთის პირისპირ დგას და უთვალოდ შეჰყურებს ერთმანეთს. წიგნს „სიყვარულით, ელლი“ ჰქვია.

ავტორი მზის მოსახელე ლილეზე გვიყვება. გოგონას მამა „მოწყენილობის კომიტეტში“ მუშაობს და ადრინდელივით ვეღარ იცლის შვილისთვის. ლილეს ძველი დრო და დედა ენატრება, დედა კი „მივლინებაშია“ და არა და არ ბრუნდება.

ბავშვები, რომლებსაც არ უსმენენ, არ ენდობიან, არ ამჩნევენ და ხშირად ატყუებენ კიდეც, კარგავენ სამყაროსადმი ნდობას და მარტოსულები ხდებიან. სწორედ ამ სირთულეების პირისპირ იდგა წიგნის მთავარი პერსონაჟი, როდესაც მის ცხოვრებაში არაჩვეულებრივი ელლი გამოჩნდა. ის ლილეს ნახატიდან გადმოვიდა და გოგონას გულთმისანი გახდა.

წიგნი ისე წავიკითხე, არც ღიმილი მომცილებია სახიდან და არც ცრემლი თვალებიდან. ეს ამბავი ჩემი შვილებისა და მოსწავლეებისთვის აუცილებლად უნდა გამეზიარებინა.

სტატიაში გიამბობთ იმ აქტივობებზე, რომელთა განხორციელების სურვილიც გამიჩნდა ნაწარმოების კითხვისას. ვფიქრობ, თქვენც შეიძლება გამოგადგეთ.

 

1-ელი ბარათი – „გახდი ავტორი“

წერა შემოქმედებითი პროცესია. ბავშვებს კი საკუთარი აზრების, წარმოდგენების გასიტყვება ხშირად ურთულესი რამ ჰგონიათ და დასაწყისშივე ნებდებიან. ასეთ დროს წინასწარ შედგენილი კითხვარი მათ უადვილებთ, თავი მოუყარონ სათქმელს და წერილობით გადმოსცენ. შედეგად თვითშეფასება უმაღლდებათ და მომდევნო მითითებებს უფრო ხალისით ასრულებენ.

წიგნის მთავარი გმირიც თავად იგონებს პერსონაჟს: არქმევს სახელს, წარმოიდგენს მის გარეგნობას, ხასიათს, სამოსს, საქმიანობასაც კი. ასე ჩნდება ლილეს ცხოვრებაში საოცარი გოგონა ცეცხლისფერი თმით, უზარმაზარპომპონიანი ქუდითა და ჯადოსნური კალმით, სახელად ელლი. კითხვის დროს შეგვიძლია, წიგნის გმირებს კვალდაკვალ მივყვეთ და ეს გზა მოსწავლეებთან და შვილებთან ერთად გავიაროთ.

დავალების მიხედვით, მოსწავლეები ქმნიან ახალ ტექსტს, წარმოიდგენენ პერსონაჟებს, უღრმავდებიან საკუთარ ფიქრებს, კითხვების დახმარებით კი თანმიმდევრულად და მარტივად გამოხატავენ სათქმელს.

ამბის შედგენის შემდეგ ტექსტის გაფორმების დრო დგება. ბავშვებს უყვართ ხატვა, ზოგს ამბის თხრობა ფერებით უკეთ გამოსდის. ამიტომ, მომდევნო აქტივობა სწორედ ილუსტრაციის შექმნას გულისხმობს.

 

მე-2 ბარათი – „გახდი ილუსტრატორი“

პატარა მკითხველზე, ნაწარმოების შინაარსთან ერთად, დიდ შთაბეჭდილებას ახდენს წიგნის ილუსტრაციებიც. ილუსტრატორს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია – სიტყვას ფერი და ფორმა უნდა მისცეს. ეს რომ შეძლოს, კარგად უნდა იცნობდეს ტექსტს და ხვდებოდეს ავტორის ჩანაფიქრს.

მწერალი მარტივი წინადადებებით აღწერს გარემოს, პერსონაჟებს, მაგრამ ისე ცხადად, რომ მკითხველი ადვილად წარმოიდგენს ჯადოსნურ სოფელს, პატარა სახლს, სადაც შუქი ანთია, კედელზე ბებიას გაკეთებული ჩირის აცმები კიდია, ფანჯრასთან კი ბიჭუნა დგას და გაჰყურებს, როგორ თოვს „ირიბად და ალმაცერად“.

ეს დავალება წყვილურ მუშაობას მოითხოვს. მოსწავლეები ცდილობენ, გონებაში წარმოქმნილი სურათ-ხატები ზედმიწევნით აღწერონ, შეარჩიონ ეპითეტები, რომლებითაც სათქმელს უკეთ გამოხატავენ. გაზიარებული შთაბეჭდილების საფუძველზე კი მეწყვილემ შესაბამისი ილუსტრაცია უნდა შექმნას. ამ აქტივობით ბავშვები გაიაზრებენ, რამხელა მნიშვნელობა აქვს დეტალებს, საგნების ფორმას, მათ დინამიკას და მეტაფორულ გარდასახვას.

 

მე-3 ბარათი – „იისფერი თოვლი“

ლილე ელლისთან ერთად დაუჯერებელ თავგადასავალში შეაბიჯებს. მისი სიზმრები ახალ პერსონაჟებთან შეხვედრის ჯადოსნური ისტორიებია. ამ პერსონაჟებს ქართველი მკითხველი კარგად იცნობს. საგულისხმო ის გახლავთ, რომ მწერალი ზოგიერთ მათგანს ლილესა და ელლის თანატოლად გვაცნობს, თითქოს ამით მათ მოზარდებისთვის უფრო ახლობელს ხდის. ყველა ეს შეხვედრა წიგნის მთავარ გმირზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს.

ლილე ჯერ პატარა ბიჭუნას გაიცნობს, რომელსაც ჯიუტად სჯერა, რომ თოვლი არა თეთრი, არამედ იისფერია. უფროსი თაობის მკითხველი მალევე მიხვდება, რომ ეს ბიჭუნა მომავალი პოეტი გალაკტიონ ტაბიძეა. ამ ზღაპარში ლილე ირწმუნებს, რომ „მთავარია დაკვირვება ისწავლო, რასაც ვერ ხედავ, ის რომ იგრძნო“.

ამ აქტივობით მოსწავლეები წიგნის გმირებთან ერთად პოეზიის სამყაროში აღმოჩნდებიან. უფროს თანამკითხველებს კი ისღა დაგვრჩენია, ერთი რუტინული სასწავლო დღე პოეზიის საღამოდ ვაქციოთ: წავიკითხოთ გალაკტიონის ლექსები, შევქმნათ ილუსტრაციები, ვითამაშოთ ლექსობანა და ვინძლო კლასშიც აღმოვაჩინოთ ისეთი მოსწავლე, ჯიუტად რომ სჯერა მოვლენების ალოგიკურობა.

 

მე-4 ბარათი – „ჟირაფების ქვეყანაში“

მომავალ პოეტთან შეხვედრის შემდეგ გოგონები ჟირაფების ქვეყანაში მოხვდებიან. ამ თავგადასავალში ისინი პატარა ჟირაფ ბოჟის გადაარჩენენ და შინ დააბრუნებენ. ელლი და ლილე ამას ვერ შეძლებდნენ კეთილი და გულადი ბიჭის დახმარების გარეშე, რომელიც მომავალში დიდი მხატვარი გახდება და ადამიანისთვალებიან ცხოველებს დახატავს. ამჯერად ავტორი პატარა მკითხველებს ნიკო ფიროსმანზე მიანიშნებს.

მასწავლებლებმა ვიცით, რომ გარდა სასკოლო სივრცეში განხორციელებული აქტივობებისა, სასწავლო მიზნებს ეხმიანება სკოლის ფარგლებს გარეთ დაგეგმილი ღონისძიებებიც. წიგნის ეს მონაკვეთი არაფორმალური განათლების საჭიროებასა და აქტუალურობას კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ ესტუმრებით ეროვნულ გალერეას, სადაც ქართველი მხატვრების შემოქმედებას გაეცნობით. სასიამოვნო იქნება მოსწავლეების გულწრფელი ემოციების ხილვა, როდესაც ფიროსმანის ნახატების თვალიერებისას წიგნთან გაავლებთ პარალელს. ამჯერად მოსწავლეები არა სიტყვის, არამედ ფერის ძალმოსილებაზე დაფიქრდებიან.

ნაწარმოების ეს მონაკვეთი ბევრ სასაუბრო თემას მოიცავს: როგორ უნდა ვიზრუნოთ ცხოველებზე, რას ნიშნავს თავისუფლება და როგორ იქცევიან ნამდვილი მეგობრები რთული არჩევანის წინაშე.

ამ მოგზაურობისას ლილე მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას ეზიარება – რომ „ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის“ და თავისუფლება ნიშნავს იმას, „როცა ლომივით გშია, მაგრამ ჟირაფს წასვლის ნებას მისცემ“.

საინტერესოა, როგორ ესმის ამ ეპოქის მოზარდს თავისუფლების ცნება?

 

მე-5 ბარათი – „ჯადოსნური ჰანგები“

მომდევნო აქტივობას ჯადოსნურ ჰანგებთან მივყავართ. წიგნის მთავარი გმირები ამჯერად შეხვდებიან ბიჭუნას, რომელმაც ჯერ არ იცის, რომ მომაჯადოებელი ხმა აქვს. მერცხლებს შურდულით დადევნებული, მას შემდეგ ისწავლის გალობას, რაც გაიაზრებს, რომ ფრინველებსაც შეიძლება სტკიოდეთ, რომ სამყარო ადამიანამდელ გამოცდილებას ინახავს და ამ ცოდნას მოფრთხილება სჭირდება.

გალაკტიონისა და ფიროსმანის შემოქმედების გაცნობის შემდეგ მოსწავლეები ჰამლეტ გონაშვილის ტკბილხმოვანებასაც თუ მოისმენენ, ლილესავით მიხვდებიან, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე გულს უნდა მოუსმინო, რადგან ასე შეიძლება, სამყარო უკეთესობისკენ შეცვალო.

 

მე-6 ბარათი – „სტუმრად ბარბარესთან“

მეოთხე პერსონაჟი, რომელსაც გოგონები ესტუმრებიან, არც მეტი, არც ნაკლები, თავადის ქალი ბარბარე ჯორჯაძეა. სწორედ ის ბარბარე, რომლის წიგნიც ჩვენი დედებისა და ბებიების სამზარეულოს შეუცვლელი ატრიბუტი გახლდათ. 1914 წელს გამოცემული რეცეპტების სრული კრებული აქტუალობას დღესაც არ კარგავს და ტრადიციული ქართული გემოს ალმანახია.

ლილე ბარბარესთან სტუმრობისას აღმოაჩენს, რომ ტყუილს – მჟავე, მონატრებას – მლაშე, დარდს – მწარე, სიყვარულს კი თაფლივით ტკბილი გემო აქვს. კარგმა მზარეულმა იცის, რომ გემრიელი კერძის მოსამზადებლად ყველა გემო მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ჩვენ კი მათი სწორად გამოყენების ხელოვნებას უნდა დავეუფლოთ.

„გემოების გამოცნობა“ მხოლოდ გემრიელი აქტივობა არ გეგონოთ, ის სასარგებლო და „საჯამრთელო“ თამაშია. შეგიძლიათ, მოსწავლეებსა და შვილებს დააგემოვნებინოთ სხვადასხვა ხილი, ბოსტნეული თუ მზა კერძი. გჯეროდეთ, ყველაზე ჭირვეული დეგუსტატორის გულსაც მოიგებთ.

 

მე-7 ბარათი – „მარიამ დემურიას სახელობის თეატრი“

მოგზაურობის დასასრულს ლილე და ელლი, ბარბარეს რჩევით, თეატრის ჯადოსნურ კარს შეაღებენ და მკითხველთან ერთად პირდაპირ სცენაზე აღმოჩნდებიან. აქ გოგონებს საინტერესო მასპინძელი დახვდებათ.

როლური თამაშებით ტექსტზე მუშაობა მოსწავლეებისთვის ნაცადი და საყვარელი მეთოდია. რა მოხდება, თუ წაკითხული ნაწარმოებების სიუჟეტებს მინისპექტაკლებად გავათამაშებთ და დროდადრო კლასს „მარიამ დემურიას სახელობის თეატრად“ გადავაქცევთ?

უფროს თანამკითხველებზეა დამოკიდებული, დაინტერესდებიან თუ არა მოზარდები, მოისურვებენ თუ არა, მეტი შეიტყონ იმაზე, როგორ იქცა რუსეთის ცარისტული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ საგანმანათლებლო კერად მარიამ დემურიას მიერ დაარსებული სახალხო თეატრი – „ავჭალის აუდიტორია“, სადაც უფასოდ იდგმებოდა სპექტაკლები და ისმოდა მივიწყების პირას მისული ქართული ენა. მომავალში კი, მისი ხელმძღვანელობით, საგანმანათლებლო ჟურნალი „ნაკადულიც“ დაარსდა.

ახალგაზრდა თაობისთვის მარიამ დემურიას სახელი, ისევე, როგორც ბარბარე ჯორჯაძისა, ნაკლებად ცნობილია. მოსწავლეების უმეტესობას თითქმის არაფერი სმენია მე-19 საუკუნის ამ ორ ქალ მოღვაწეზე, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებდნენ, რათა გარუსების პირას მყოფი თანამოქალაქეებისთვის თვალები აეხილათ.

ყველა ეს მოგზაურობა წიგნის მთავარი პერსონაჟისთვის მაკურნებელ ძალად იქცა. თუ როგორ, ამას ნაწარმოებიდან შეიტყობთ. ჩემი მიზანი კი შვილებსა და მოსწავლეებთან ერთად ლიტერატურული პერსონაჟების „ადევნება“ გახლდათ.

მხატვრულ ლიტერატურაში ახალი ავტორების აღმოჩენა სარკმლების გაღებას ჰგავს – რაც უფრო მეტ სარკმელს ვაღებთ, მით მეტ სინათლეს ვუშვებთ მოსწავლეების სამყაროში.

 

 

 

ხიდი ცაში

0

ავსტრიელმა თაღლითმა, ვიქტორ ლუსტიგმა სახელი იმით გაითქვა, რომ ეიფელის კოშკი ორჯერ გაყიდა. 1925 წელს პარიზის ერთ-ერთი ფირმის წარმომადგენლებს სრულიად საიდუმლოდ გაანდო, რომ მერია კოშკის დაშლასა და ჯართად გაყიდვას გეგმავდა, რადგან ქალაქისთვის ეს უზარმაზარი რკინის მონსტრი უკვე ძალიან შემაწუხებელი იყო. ჰო, დამავიწყდა, მეთქვა, რომ ეს ფირმა, ვისაც ლუსტიგმა საიდუმლო გაუმჟღავნა, სწორედ ჯართის გადამუშავებით იყო დაკავებული. ამიტომ მეპატრონე ისე აღტყინდა, რომ წინასწარ გადაიხადა როგორც კოშკის სავარაუდო საფასური, ისევე ლუსტიგის საკომისიო, რომ კოშკი სწორედ მისთვის მიეცათ. ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ჯართის ფირმის მეპატრონე ჯართად დაშლილ ეიფელის კოშკს დაელოდა, ლუსტიგი კი 100 ათასი ფრანკით ავსტრიაში გაიქცა. იქიდან ინტერესით დაელოდა მოვლენების განვითარებას.

როდესაც ჯართის ფირმის მეპატრონე მიხვდა, როგორ გააცურეს, იმდენად შერცხვა საკუთარი სიბრიყვის, რომ ხმა აღარ ამოიღო. არც პოლიციას უთხრა რამე და არც კერძო დეტექტივები დაიქირავა თაღლითის მოსაძებნად.

შერჩა ლუსტიგს ფული და ეგაა.

ადგა და გარკვეული დროის შემდეგ, კვლავ პარიზში ჩავიდა, რათა ეიფელის კოშკი მეორედ გაეყიდა.

დღეს წარმოუდგენელია, იმის გაფიქრება, რომ შეიძლება ვინმე ისეთი გულუბრყვილო იყოს, დაიჯეროს თითქოს ეიფელს დაშლიან და ჯართად გაყიდიან. თუმცა, მისი აგებისას, ის პარიზის სიმბოლო სულაც არ ყოფილა. დროებითი კონსტრუქცია გახლდათ. პარიზს ასე რომ შემორჩა, ალბათ მისი ავტორის გუსტავ ეიფელის დამსახურებაა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა კოშკის გადასარჩენად.

1889 წელი ფრანგებისთვის მნიშვნელოვანი წელი დადგა, რადგან ზუსტად ასი წლის წინ ბასტილია აიღეს. დაიწყო საფრანგეთის დიდი რევოლუცია. ჩამოაგდეს ბურბონები, ფრანგებმა მოქალაქეობრივი უფლებები მიიღეს. თუმცა, მერე მთელი მეცხრამეტე საუკუნე ერთს მოვლენას მეორე ენაცვლებოდა. ამიტომ, საზოგადოების ერთ ნაწილს სურდა ამ თარიღის აღნიშვნა, მეორე კი სკეპტიკურად იყო განწყობილი. გარდა ამისა, 1882 წელს მოხდა ფინანსური კრიზისი და ქვეყანას ჯერ კიდევ უჭირდა. ჰოდა, რა დროს ბასტილიის აღების აღნიშვნა იყო? ამიტომ, მესამე რესპუბლიკის მთავრობამ გადაწყვიტა, ამ თარიღისთვის ეროვნული გამოფენა მიეძღვნა. თან იაფადაც გამოვიდოდნენ. ასეთი გამოფენა წინა წლებში უკვე ორჯერ ჰქონდათ ჩატარებული და მეორე ჯერზე მოგებაც კი ნახეს. თანაც, მშვენიერი საშუალება იყო ყველასთვის ეჩვენებინათ, როგორი ტექნოლოგიური მიღწევები ჰქონდა საფრანგეთს.

1884 წელს პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ პარიზი ხუთი წლის შემდეგ კვლავ ჩაატარებდა გამოფენას. ამავე დროს, პარიზის მერია დააფინანსებდა საგამოფენო ექსპონატის მშენებლობასაც. ეს უნდა ყოფილიყო გიგანტური კოშკი, რომელიც საფრანგეთის პროგრესის სიმბოლო იქნებოდა. წინასწარ ისიც გააჟღერეს, რომ კოშკის სიმაღლე 300 მეტრი უნდა ყოფილიყო. ღია კონკურსი გამოაცხადეს და ვისაც არ დაეზარა, ყველამ განაცხადი შეიტანა. მათ შორის იყო გუსტავ ეიფელიც, რომელმაც ფაქტობრივად ჟიურის ცისკენ მიმავალი ოთხ ფეხზე შესკუპებული რკინის ხიდი შესთავაზა. თავიდან, ეს იდეა აბსურდულად მოეჩვენათ, თუმცა მრავალი უფრო აბსურდული იდეის განხილვის შემდეგ დაასკვნეს, რომ ეიფელს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება ჰქონდა. ამიტომ, ეს ფოლადის კონსტრუქცია არ დაიშლებოდა და რომელიმე კვარტალს არ მოიყოლებდა ქვეშ.

ასე იყო თუ ისე, მშენებლობა დაიწყეს და მიუხედავად მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი უამრავი სირთულისა, პარიზელების კრიტიკისა და დაცინვისა, ეიფელის კოშკმა თავისი შემქმნელი მულტიმილიონერად აქცია, რადგან კონტრაქტის თანახმად მომდევნო ოცი წლის განმავლობაში კოშკიდან მიღებული მოგების საკმაოდ დიდი წილი ეიფელს ეკუთვნოდა.

ეიფელი ბრწყინვალე ინჟინერი იყო, ამასთანავე თურმე მეტალურგიაშიც კარგად ერკვეოდა.

მადნებიდან მეტალებისა და სხვადასხვა თვისების მქონე მრავალი შენადნობის მიღების ხერხებს სწორედ მეტალურგია სწავლობს.

რკინის ეპოქიდან დღემდე რკინას მისი მადნებიდან იღებენ. მადანში რკინა ოქსიდების სახითაა. მადანი ასევე შეიცავს სპილენძს, ტყვიას, თუთიას, მანგანუმს, ფოსფორს, სილიციუმს და ზოგიერთი მათგანი ე.წ. „შლეიფის“, იგივე „კვალის“ ელემენტს წარმოადგენს (რკინის მოპოვებისას კვალის სახით გარემოში განიბნევა).

სულ ადრეულ წლებში თიხაში ამოვლებულ მადანს ხის ნახშირთან ერთად ღუმელში დებდნენ. ღუმელს ერთ მხარეს ღრმული ჰქონდა, საიდანაც ხელით ჰაერს უბერავდნენ. საბოლოოდ, რკინის ოქსიდიდან რკინა მიიღებოდა. ცარიელი ქანი კი ქვევით რჩებოდა. რკინის მარცვლები ფხვიერ მასასთან იყო შერეული. ამ მასას იღებდნენ, ცალკე აცხელებდნენ, შლაკებს აცილებდნენ და ახურებდნენ. ფსკერზე კვერის მსგავსი ფორმის რკინა რჩებოდა.

ფხვიერი მასა – რკინა/ნახშირბადის შენადნობი იყო, რომელშიც ნახშირბადის პროცენტული რაოდენობა ჭარბობდა.

დღეისათვის მადნიდან რკინის მიღება ხდება ბრძმედში, იგივე დომნაში. დომნა 30მ.-ის სიმაღლის რთული ნაგებობაა, რომელიც შიგნიდან ცეცხლგამძლე აგურით, ხოლო გარედან ფოლადის ფურცლებით არის შეკრული. ბრძმედის ზედა ნაწილიდან ხდება გამოსავალი ნივთიერების და დამხმარე მასალების ჩატვირთვა. ქვემოდან კი – ჰაერის მოწოდება, რომელიც კოქსის წვისთვისაა საჭირო.

ამ დროს მიმდინარე ძირითადი ქიმიური პროცესები შემდეგია:

1.გავარვარებულ კოქსზე ჰაერის მოქმედებით ხდება კოქსის ინტენსიური წვა:

C+O2=CO2+Q;

  1. წარმოქმნილი ნახშირორჟანგი კოქსის ნახშირბადის მოქმედებით, ნახშირბადის (II) ოქსიდად გარდაიქმნება:

CO2+ C =2 CO-Q;

  1. ნახშირბადის (II) ოქსიდი რკინის ოქსიდებს თავისუფალ მეტაამდე აღადგენს:

3Fe2O3+CO=2Fe3O4+CO2

Fe3O4+CO=3 FeO+CO2

FeO+CO=Fe+CO2.

მადანი შეიცავს მინარევებს, ამიტომ ბრძმედში რკინასთან ერთად სხვა ნივთიერებებიც აღდგება – მანგანუმი, სილიციუმი, ფოსფორი.

მაღალი ტემპერატურის გამო ბრძმედში აღდგენილი რკინა ლღვება, მასში იხსნება კოქსი (C) და მიიღება არა სუფთა რკინა, არამედ მისი შენადნობი – თუჯი. თუჯი მყიფეა, არ იჭედება, მისგან მილებს, მანქანის ძრავებს, ხიდის მოაჯირებს ამზადებენ. ასევე, წინა თაობის გათბობის რადიატორები თუჯისგან მზადდებოდა.

თუჯის შემადგენლობაა: რკინა – 93%; ნახშირბადი – 2-4,5%; სილიციუმი – 2-5%; მანგანუმი – 1-3%; ფოსფორი – 0,02-2%; გოგირდი – 0,005-0,08%.

არსებობს ორი სახის თუჯი-თეთრი და რუხი.

სულ იოლად შეიძლება ერთი ექსპერიმენტის ჩატარება. მთავარია, სადმე თუჯის ნატეხი ვიპოვოთ და შემდეგ ჭიქაში მოვათავსოთ. დავამატოთ კონცენტრირებული მარილმჟავა. რეაქციის დასაჩქარებლად სარეაქციო არე გავაცხელოთ. რკინა მჟავასთან ენერგიულად მოქმედებს წყალბადის გამოყოფით. ხსნარში კი ნახშირის შავი ნაწილაკები წარმოიქმნება, რომელთა რაოდენობა დაყოვნებისას მატულობს.

თუჯის გადამუშავებით შესაძლებელია მისი შემადგენლობის შეცვლა. მიიღება ფოლადი.

ამ დროს მიმდინარეობს ქიმიური პროცესები:

  1. დაჟანგვის გზით თხევადი თუჯის შემადგენლობაში არსებული ელემენტების მოცილება:

2C+O2=2CO

4P+5O2=2P2O5

S+O2=SO2

Si+O2=SiO2

2Mn+O2=2MnO

Fe+O2=2FeO

  1. წარმოქმნილი FeO-ც მონაწილეობს მინარევების დაჟანგვაში:

C+ FeO=Fe+CO

2P+5 FeO=5Fe+P2O5

Si+2 FeO=2Fe+ SiO2

Mn+ FeO =Fe+MnO

 

ფოლადი ადვილად იჭედება. სწრაფი გაციებისას მაგარი ხდება, ნელი გაციებისას – რბილი. მაგარი ფოლადისგან ინსტრუმენტებსა და სხვადასხვა კონსტრუქციებს ამზადებენ. რბილი ფოლადისგან ლურსმნებს, მავთულებს, მანქანის ნაწილებს. ასეთ რკინას ჭედადი ეწოდება.

 

თქვენი აზრით, რომელი ფოლადია გამოყენებული ეიფელის „ცაში აზიდულ ხიდში“?

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პროფესია – მასწავლებელი

0

ალბათ ყველა მასწავლებელს ერთხელ მაინც სმენია ფრაზა: „თქვენ მთელი ზაფხული ისვენებთ“. ალბათ ისიც უთქვამთ, თქვენი სამუშაო დღე მალე მთავრდებაო. ცოტა თუ ფიქრობს იმაზე, რომ ეს პროფესია გაცილებით მეტია, ვიდრე გაკვეთილზე მოსწავლეებთან ერთად გატარებული 45 წუთი დღეში მაქსიმუმ ექვსჯერ.

მასწავლებლები სკოლაში ადრე მიდიან ან შინ გვიან ბრუნდებიან; ხშირად ორივე ერთადაა, რადგან გაკვეთილებს დაგეგმვა სჭირდება, რესურსებს – მოპოვება, სამუშაო ფურცლებს – დაქსეროქსება, დახარისხება და აკინძვა, დავალებებს და ტესტებს კი – გასწორება. ხშირად მასწავლებლებს ტესტები და რვეულები სახლში დააქვთ, რომ მაშინაც კი იმუშაონ, როცა მათი სამუშაო დღე დიდი ხნის დასრულებულია. გინახავთ ის ცნობილი ნახატი? – ღამით ჩაბნელებული კორპუსია გამოსახული, ყველას სძინავს და მხოლოდ ერთი ფანჯრიდან გამოდის სინათლე. ამ ფანჯარას ხშირად აწერია ხოლმე: მხატვარი, მთარგმნელი, მწერალი… არასდროს – მასწავლებელი. თუმცა ცოტა თუ ხვდება, რომ ფანჯრის უკან სწორედ მასწავლებელი ზის და ტესტებს ასწორებს, ან რვეულებს, ან გაკვეთილს გეგმავს და რესურსებს ახარისხებს. რადგან მისი „მოკლე“ სამუშაო დღე არასდროსაა საკმარისი ყველა იმ პასუხისმგებლობისა და საქმისთვის, რაც ჩაბარებული აქვს.

მასწავლებლები ზოგჯერ ღამის თერთმეტ საათზეც კი პასუხობენ მშობლების ზარს. ეს ზარი კი მათ მომდევნო დღისთვის მოსამზადებელ რუტინას აწყვეტინებთ, რომელიც აგრეთვე სამუშაო დღესთანაა დაკავშირებული. სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, სიმართლე კი ერთია: მასწავლებლის მოკლე სამუშაო დღე სინამდვილეში ძალიან გრძელი და აუნაზღაურებელია, რადგან, როგორც წესი, მასწავლებლის ანაზღაურება მოსწავლეებთან გაკვეთილზე გატარებული 45 წუთის სიმრავლით განისაზღვრება. ამის შემდეგ რაც ხდება, ის ე.წ ოვერთაიმია, რაზე უარის თქმაც მასწავლებელს არ შეუძლია, რადგან შუაში მოსწავლე დგას, მოსწავლე კი მასწავლებლისთვის პირველია და ამ ყველაფერში ბრალი არ მიუძღვის. მას ვერ გაემიჯნები, ვერ გაიფიცები. ყოველთვის, როცა მასწავლებელი საკლასო ოთახის კართან დგას, ყველა წყენას, ბრაზს და იმედგაცრუებას კართანვე ტოვებს. ვინც კარს იქით ხვდება, მუდამ ღიმილიანს ხედავს და ზოგჯერ ვერც წარმოუდგენია, რომ შეიძლება, მასწავლებელს რამე აწუხებდეს. ერთი მხრივ, ეს აუცილებელიცაა, თუმცა მეორე მხრივ…

მასწავლებლები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ცხოვრება სკოლის კედლების გარეთაც აქვთ, რისი გააზრებაც მშობლებს ხშირად მოსწავლეებზე არანაკლებ უჭირთ. როგორც ყველა ადამიანს, მასწავლებლებსაც ხშირად უწევთ პირად პრობლემებთან გამკლავება. თუმცა, პროფესიის ბუნებიდან გამომდინარე, ამის დამალვა უხდებათ. ადამიანების უმეტესობას ჩვევად აქვს, გაღიზიანება სხვა ადამიანებზე გადაიტანოს. წარმოიდგინეთ, რამდენი შინაგანი ძალის მობილიზებაა საჭირო, რომ ეს დათრგუნო და არ შეგეშალოს, არ გაღიზიანდე მეასედ დასმულ ერთსა და იმავე შეკითხვაზე, ხმაურზე, დაუმორჩილებლობაზე, არსაიდან მოსულ უკმაყოფილებაზე და ა.შ. რადგან თუ გაღიზიანდი, მერე შენვე ინანებ, მომდევნო კვირებს იმაზე ფიქრში გაატარებ, რომ ბავშვებს (შენგან განსხვავებით, – შენ ხომ ზრდასრული ხარ) თავიანთი ემოციებისა და საქციელის კონტროლი ხშირად არ შეუძლიათ და ამის გამო ტკივილი არ უნდა მიაყენო, თუნდაც სულ მცირე. იქნებ რა უჭირდათ მაშინ, როცა შენიშვნა მიეცი, იქნებ რა უჭირდათ მაშინ, როცა მათ ვერ ხედავდი, იქნებ რა უჭირთ მაშინ, როცა სკოლიდან მიდიან, იქნებ რა უჭირთ მაშინ, როცა სკოლას აცდენენ… და ასე გადადის მასწავლებლის განცდები უკანა პლანზე.

მასწავლებელი მუდამ თავის თავს ადანაშაულებს, თუმცა მისთვის მაინც გულდასაწყვეტია, როცა მედიაც და მედიის გავლენით ხალხიც პრობლემას ყოველთვის მასწავლებელში ხედავს. შუქდება ნეგატიური ამბები იმის შესახებ, რომ ერთეულებს რაღაც შეეშალათ, რაღაცას თავი ვერ გაართვეს… რატომ არ ჰყვებიან მათზე, ვინც წლების განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობს, დადის წრეზე, რომელიც მოსწავლის ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე მიყვანას გულისხმობს? ამ თავდაუზოგავი შრომის პარალელურად ყველა თითს გიქნევს, რომ საკმარისად კარგი არ ხარ და ბევრს არ აკეთებ, რომ თან, აი, ეს უნდა ქნა, კიდევ, აი, ეს და, აი, ესეც. მოსწავლეების უმეტესობაც ხომ, სამწუხაროდ, ძალიან გვიან ხვდება, თურმე რამდენს აკეთებდა ესა თუ ის მასწავლებელი მისთვის.

ამიტომ ყველანი ფრთხილად უნდა ვიყოთ მასწავლებლის პროფესიის შეფასებისას. მათ ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ ბრძოლა საკუთარ განცდებსა თუ ემოციებთან. მათ მუდამ უწევთ, რაღაცები წერონ სამუშაო საათების შემდეგ, ზოგჯერ ისეთი რამეებიც კი, რაც სწავლებასთან არაფერ კავშირშია. მათ მუდამ უწევთ, ისეთ ადამიანებს უსმინონ (სამუშაო საათების შემდეგაც) და თავი უქნიონ, ვინც კლასში ერთხელაც კი არ შესულა გაკვეთილის ჩასატარებლად. მათ მუდამ უწევთ, განვითარებაზე იზრუნონ და მაინც უპერსპექტივობას აწყდებოდნენ.

რაღაც გაგებით, კარგი მასწავლებელი კარგი მსახიობია. უოცნებია თუ არა ამაზე ბავშვობაში, მაინც მოუწია, რომ სცენაზე იდგეს. ოღონდ ეს სცენა სხვანაირი დეკორაციებითაა, შენ წინ ფარდაა არ არის, ის არასდროს დაიხურება, რომ ამოისუნთქო. ყველა გამომცდელი თვალით გაკვირდება, ისიც კი, ვინც ყოველდღიურ მაყურებლებს შორის არ ზის. მასწავლებლობა ინტროვერტების პროფესია ნამდვილად არ არის, თუმცა დროთა განმავლობაში ინტროვერტები წარმატებით ვითვისებთ ექსტრავერტების სოციალურ უნარებს და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ყოველდღიურად მართლა სცენაზე ვდგავართ.

ერთი დამღლელი დღის ბოლოს ჩემმა მეგობარმა, რომელიც ფარმაცევტია, მკითხა, რომელი პროფესია უფრო რთულიაო. მე ვუთხარი: შენი, რადგან აფთიაქში შემოსული მომხმარებელი ხშირად გეჩხუბება, მე კი დაღლას და გადაწვას მოსწავლეების მიერ უკან დაბრუნებული სიყვარული მიწონის-მეთქი. დღემდე ასე ვფიქრობ. თუმცა მაინც ნურასდროს ეტყვით მასწავლებელს, შენ რა გენაღვლებაო – ხშირად ისინიც ისხამენ დასამშვიდებლად სახეზე ცივ წყალს გაკვეთილზე შესვლის წინ, თუ, რა თქმა უნდა, საპირფარეშოში შესვლა მოსწრეს და დღის ბოლოს არ გაახსენდათ, რომ დღეს ეს არც კი გახსენებიათ.

ყავა კი მუდამ მაგიდაზე დევს და ცივდება.

ჩამოჯექი, მასწავლებელო.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომელმაც გადაიტანა მძიმე სტრესი

0

სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ მოზარდებთან სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციებში, გვაძლევენ რჩევებს, როგორ შეუძლიათ მშობლებსა და ნათესავებს, დაეხმარონ ბავშვს, რომელმაც განიცადა ძლიერი სტრესი და მწუხარება.

  1. მნიშვნელოვანია, იპოვოთ ან მოაწყოთ სპეციალური ადგილი, სადაც ბავშვი მაქსიმალურად დაცულად იგრძნობს თავს. ჩვეულებრივი საყვარელი ადგილების გარდა, ეს შეიძლება იყოს ბაღში სხვათა თვალთა ხედვიდან დაფარული სკამი, ორ სკამს შორის გადაჭიმული საბანი, აბაზანა და ა.შ. მთავარია, ბავშვი იქ მშვიდად და მარტო იყოს ან შეძლოს იქ მისთვის სასურველი ადამიანების მოპატიჟება.
  2. უმცროსი ბავშვები მშვიდდებიან შეხებისგან. შეგიძლიათ შესთავაზოთ ჩახუტება, ზურგზე მოფერება, თავზე ხელის გადასმა. ასეთ დროს ისინი უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. ამ შემთხვევაში, ბავშვი იგრძნობს მხარდაჭერას. ამ პერიოდში ყველაზე ანჩხლ თინეიჯერებსაც კი იზიდავთ ფიზიკურ კონტაქტი, ნუ შეგეშინდებათ მათი უფრო ხშირად ჩახუტება. მაგრამ თუ ბავშვი ან მოზარდი თავიდან გიშორებთ და არ სურს ფიზიკური კონტაქტი, მაშინ უმჯობესია ეს არ მოვთხოვოთ. დროდადრო გაუწოდეთ ხელი, ერთად მიუჯექით ტელევიზორს, შესთავაზეთ გვერდით დაწოლა. დროთა განმავლობაში ბავშვი მიგანიშნებთ, როცა ამისათვის მზად იქნება.

ზრდასრულმა, რომელიც ურთიერთობს ან თუნდაც მუშაობს ბავშვებთან, არ უნდა განიხილოს მათთან ემოციურად საკუთარი საზრუნავი, შფოთვა და ტრავმები. ეს აშინებს ბავშვებს და მათ არ სურთ, შეაწუხონ და გაანაწყენონ საყვარელი ადამიანები, ამიტომ შეუძლიათ საკუთარ თავში ჩაიკეტონ და არ იცხოვრონ თავიანთი ტრავმული გამოცდილებით. კრიზისში მყოფი ბავშვებისთვის ყველა ზრდასრული უნდა ეცადოს, გახდეს ნდობის კუნძული, რომელიც ახლა სჭირდება ბავშვს. დროთა განმავლობაში, როდესაც ბავშვი მზად იქნება, თქვენ, რა თქმა უნდა, უამბობთ, რამდენად შეშინებული იყავით და როგორ გრძნობდით თავს. მაგრამ ახლა, გამონახეთ რესურსი და მხარდაჭერა და შესთავაზეთ ბავშვს ან მოზარდს სივრცე თავისი განცდებისთვის.

მნიშვნელოვანია, შეეცადოთ აღადგინოთ ყოველდღიური რუტინა, რომელსაც ბავშვი მიეჩვია. მაშინაც კი, თუ ბავშვი ან მოზარდი არ დადის სკოლაში და არ ეწევა რაიმე რეგულარულ საქმიანობას, შეეცადეთ უზრუნველყოთ, რომ ის იძინებდეს ერთსა და იმავე დროს, ჭამდეს თუნდაც მცირე ულუფებით, იყოს ჰაერზე და თანდათან დაუბრუნდეს თავის ჩვეულ დღის წესრიგს. ბავშვისთვის გადამწყვეტია სტაბილურობის შენარჩუნება. ამიტომ, მშვიდი ყოველდღიური რუტინა ეხმარება ბავშვებს დარწმუნდეს, რომ ცხოვრება კვლავ გრძელდება.

ბავშვები სხვადასხვაგვარად განიცდიან მწუხარებას, სხვადასხვანაირად რეაგირებენ სტრესზე. ასე რომ, თუ ბავშვი მშვიდი ჩანს, ან თამაშობს სხვა ადამიანებთან, ან როგორღაც ყურადღების ცენტრშია, მნიშვნელოვანია ამის მხარდაჭერა. ნუ ეცდებით ბავშვის ყურადღების გადატანას, მიეცით მას გარკვეული დრო.

  1. თუ ბავშვი ან მოზარდი მზად არის ისაუბროს იმაზე, რაც ხდება, მნიშვნელოვანია, ესაუბროთ ამის შესახებ, გაარკვიოთ დეტალები და გააკეთოთ კომენტარი, გამოეხმაუროთ. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ ბავშვი არ არის დამნაშავე იმაში, რაც ხდება და მიეცით საშუალება, გამოავლინოს გრძნობა. მოუსმინეთ. შეეცადეთ გრძლად არ ესაუბროთ, რადგან ეს რთულად ასათვისებელია ბავშვებისთვის, განსაკუთრებით ტრავმულ სიტუაციაში.

თუ ბავშვი, პირიქით, იხურება და არ სურს არაფერზე ლაპარაკი, ესეც მისი უფლებაა, არ მოახდინოთ მასზე ზეწოლა. თუ ის მზად არ არის ინფორმაციის აღსაქმელად, სჯობს ჩუმად ისხდეთ ჩახუტებულები და მისცეთ აზრზე მოსვლის შესაძლებლობა.

მეგობრებთან სოციალიზაცია ხელს შეუწყობს მის რეაბილიტაციას, მაგრამ თუ ბავშვს ან მოზარდს ამჟამად მარტო ყოფნა ურჩევნია, მიეცით ეს შესაძლებლობა. ფრთხილად შესთავაზეთ ვარიანტები, მაგრამ ნუ აიძულებთ კომუნიკაციას.

ნუ გადატვირთავთ ინფორმაციით. ტრაგედიის შესახებ ახალი ამბების ყურება და კითხვა, ვიდეოებისა და პოსტების ნახვა ინტერნეტში არ უწყობს ხელს მის რეაბილიტაციას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი უნდა აუკრძალოთ, არ წაართვათ ბავშვს გაჯეტები, მაგრამ ისაუბრეთ იმაზე, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, იზრუნოს საკუთარ თავზე.

ცალკე ყურადღება მიაქციეთ ადგილს, სადაც მოხდა ტრაგედია, სად იმალებოდა ბავშვი, სად იმყოფებოდა მომხდარის დროს. თუ სკოლაზე ვსაუბრობთ, უმჯობესია, თავიდან ბავშვმა მოძებნოს ალტერნატიული გზები, რომლებზეც წინასწარ ისაუბრებთ. და ცოტა მოგვიანებით, დაეხმარეთ ბავშვს ან დარწმუნდით, რომ სკოლის მასწავლებლები ან ასისტენტები დაეხმარებიან მას ამ ადგილების მონახულებაში – დარჩით იქ ბავშვებთან, იმსჯელეთ. ეს ძალიან რთულია და შეიძლება გამოიწვიოს პანიკის შეტევები, ფსიქოსომატური რეაქციის შეტევები, ცრემლები, ბრაზი და სხვა ემოციები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვიც და მოზარდიც მარტო არ დარჩნენ თავიანთ განცდებთან.

იტარეთ ბავშვი ბავშვთა ან მოზარდთა კრიზისულ ფსიქოლოგთან. განსაკუთრებით თუ ხედავთ მის მწვავე რეაქციებს – ტანჯვას, თვითდაზიანებას, კოშმარებს, ჭამაზე უარს – და მოზარდებში ფსიქოტროპული ნივთიერებების, ალკოჰოლის მიღებას, სუიციდურ აზრებს მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ დრო გავიდა და ბავშვი მშვიდია. ეს შეიძლება სულაც არ იყოს ასე. ტრავმის გადახარშვა განსხვავებულად ხდება და ის შეიძლება მას დიდი ხნის განმავლობაში თავს სხვადასხვა გზით ახსენებდეს. როგორი მზრუნველი მშობლებიც არ უნდა იყოთ, უმჯობესია დახმარებისთვის მიმართოთ სპეციალისტს. ბავშვები და განსაკუთრებით მოზარდები ყოველთვის მზად არ არიან მშობლებთან ისაუბრონ იმაზე, რაც მოხდა, მაგრამ ფსიქოლოგის დახმარებით ისინი უფრო ადვილად მოინელებენ ამ მტკივნეულ გამოცდილებას.

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

 

რესურსები არაძალადობრივ ქმედებებსა და მშვიდობის სწავლებაზე

0

 

 პროტესტის მშვიდობიანი ფორმები დასაბამს უძველესი დროიდან იღებს. ძველ რომში ძვ. წ. 494 წელს დაიწყო დაბალი სოციალური ფენის, პლებეების, გამოსვლები, რომლებიც რომის სამეფოს მაშინდელ სოციალურ სტრუქტურას აპროტესტებდნენ. როგორც ცნობილია, პროტესტი 287 წლამდე გაგრძელდა და სისტემის ცვლილებით დასრულდა.

სუფრაჟისტები, როზა პარკსი, მარტინ ლუთერ კინგის ისტორიული სიტყვა და მარში ვაშინგტონისკენ, მაჰათმა განდი და მისი მშვიდობიანი ბრძოლა ბრიტანეთის იმპერიისგან თავის დასაღწევად – ეს ყველაფერი ჩვენი მოსწავლეებისთვის შთაგონების წყაროა.

სასკოლო განათლების (ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები) ერთ-ერთი მიზანია, აღზარდოს მოქალაქე, რომელსაც შეუძლია საკუთარი და სხვათა უფლებების დაცვა ყველა კანონიერი საშუალებით. ამდენად, არაძალადობრივი საპროტესტო ქმედებების შესახებ ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით – საქართველოში, რომელიც ჯერ კიდევ დემოკრატიზაციის პროცესშია და სადაც მყარი ინსტიტუტების მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა.

სტატიაში მიმოვიხილავ რამდენიმე ვებგვერდს, რომლებზეც თავმოყრილია მრავალფეროვანი რესურსები პროტესტის არაძალადობრივ ფორმებსა და მშვიდობის მშენებლობაზე. მასწავლებლების მიერ მათი დამუშავება, აღსაზრდელთა საჭიროებებზე მორგება და მოსწავლეებამდე მიტანა ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას წინააღმდეგობის სხვადასხვა ფორმის შესახებ.

მასწავლებლები ყოველთვის განვიცდით ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი რესურსების სიმწირეს. არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრი (ICNC) გვთავაზობს ქართულად თარგმნილ მულტიმედია რესურსებს. ორგანიზაციის რესურსებიდან აღსანიშნავია დოკუმენტური ფილმი „დიქტატორის ჩამოგდება“ და საკითხავი მასალა „სამოქალაქო წინააღმდეგობის სამი ძირითადი პრინციპი: ერთიანობა, დაგეგმვა, დისციპლინა“.

ვებგვერდზე ასევე ხელმისაწვდომია დოკუმენტური ფილმი „ყველა იარაღზე უფრო ძლიერი“ (ქართული სუბტიტრებით). ფილმის პირველ ეპიზოდებში მოთხრობილია მაჰათმა განდის განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორია, მეთოდები და წარმატების საიდუმლო. ასევე ნაჩვენებია, როგორ გამოიყენეს განდის მეთოდები ფერადკანიანთა კოლეჯის სტუდენტებმა 1960 წელს აშშ-ის ქალაქ ნეშვილში დისკრიმინაციისა და რასობრივი ჩაგვრის წინააღმდეგ. მეორე ეპიზოდი ეთმობა 1980 წელს პოლონეთში კომუნისტური რეჟიმის და 1983 წელს ჩილეში სამხედრო დიქტატურის  წინააღმდეგ დაწყებულ არაძალადობრივ საპროტესტო მოძრაობებს. შედეგად, პოლონელმა ერმა თავი დააღწია კომუნისტურ პარტიას და საბჭოთა კავშირისგან ხელდასხმულ მთავრობას, ხოლო ჩილემ – აუგუსტო პინოჩეტის დიქტატურას.

ქართული რეალობიდან აღსანიშნავია გუდიაშვილის მოედნის გადასარჩენად დაწყებული მრავალწლიანი ბრძოლა, რომელსაც სათავეში „ტფილისის ჰამქარი“ ედგა. ორგანიზატორებმა პროტესტის მშვიდობიანი ფორმების გამოყენებით, კარგად დაგეგმილი მედიაკამპანიით შემოიკრიბეს თანამოაზრეთა დიდი არმია და დანგრევას გადაარჩინეს თბილისის ერთ-ერთი უძველესი მოედანი. ის გარდაიქმნა საჯარო სივრცედ, სადაც იგეგმება და ხორციელდება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები: პრეზენტაციები, კონცერტები, ფესტივალები და ა.შ.

ვრცლად იხილეთ: https://shorturl.at/hxFIY

ქართულ რეალობაში კიდევ ერთი წარმატებული კამპანიაა მშვიდობიანი მოძრაობა ვაკის პარკის გადასარჩენად. მისი წარმატება განაპირობა სწორად წამოყენებულმა მოთხოვნებმა, პროტესტის მშვიდობიანი ფორმების (პეტიცია, აქციები, კარვების გაშლა და ა.შ.) გამოყენებამ, საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებამ და ა.შ.

ვრცლად იხილეთ: https://shorturl.at/hjp27

ფასეული რესურსების კიდევ ერთი საბადოა გლობალური მოძრაობა „მსოფლიო ომის მიღმა – World BEYOND War“. მის ვებგვერდზე განთავსებულია ყველა სახის ინგლისურენოვანი მულტიმედია რესურსი.

 

ორგანიზაცია გვთავაზობს ფილმების, ვიდეოების, სტატიების ფართო არჩევანს, რომლებშიც ნაჩვენებია ომის სისასტიკე, გავლენა საზოგადოებაზე, ცალკეულ ადამიანებზე და, საზოგადოდ, მსოფლიოზე. შესაძლებელია სამოქალაქო განათლების/გეოგრაფიის/ისტორიის ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება ინგლისური ენის მასწავლებელთან ერთად.

იმედი მაქვს, შემოთავაზებულ რესურსებს სასარგებლოდ მიიჩნევთ და გამოიყენებთ. ჩვენი როლი განსაკუთრებულია წინააღმდეგობის სწორი ფორმებისა და მიდგომების შესახებ მომავალი თაობებისთვის ინფორმირებაში.

 

 

დღის ჩანაწერი წერის სწავლებისთვის

0

წერის სწავლება რთული პროცესია, თუმცა, ჩემს პედაგოგიურ გამოცდილებაზე დაკვირვებით, არ მყოლია მოსწავლე, რომელსაც აზრის წერილობით ჩამოყალიბება არ შესძლებოდეს. ეს იმედით მავსებს და გამუდმებით ვცდილობ, დაწყებითი საფეხურიდანვე  მრავალფეროვანი ინსტრუქციები შევთავაზო ბავშვებს.  ერთ-ერთი წერითი დავალება, რომელიც მათ მთელი გულით შეიყვარეს, დღის ჩანაწერებია.

ნებისმიერი ფორმის წერილობითი აქტივობის შესრულებისას თანმიმდევრულად ვიმეორებ რამდენიმე ეტაპს, კერძოდ:

  1. ინსტრუქციის მკაფიო განმარტება;
  2. მოდელირება – ინსტრუქციის მიხედვით მათ თვალწინ, ზოგჯერ კი წინასწარ, თავად ვწერ დავალებას და ხმამაღლა ვუკითხავ;
  3. შემდეგ თავად წერენ და საკუთარ ნაშრომს კლასის წინაშე კითხულობენ;
  4. ყურადღებიან მოსმენაში მოკლე ჩანაწერები მეხმარება – დღიურში ვინიშნავ საკვანძო სიტყვებს, რომელთა შესახებ განმავითარებელ კომენტარს ხმამაღლა ვამბობ და სახალისო ვიქტორინასაც ვთავაზობ;
  5. თითოეული მოსწავლის ნაშრომში ყოველთვის მოიძებნება ისეთი აზრი, წინადადება ან სიტყვა, რომელიც აღნიშვნასა და წახალისებას იმსახურებს;
  6. რედაქტირება – ორთოგრაფიასა და პუნქტუაციაზე მუშაობაც სახალისო და შედეგიანია, თუ ის ზემოთ აღწერილი პროცესის ნაწილად იქცევა;
  7. კლასში მუშაობის შემდეგ საშინაო დავალების შესრულების – ინსტრუქციისთვის დამოუკიდებლად თავის გართმევის – დრო დგება;
  8. საშინაო დავალებას ზოგჯერ ხმამაღლა კითხულობენ კლასში, ზოგჯერ კი მათ რვეულებს ვაგროვებ და ნაშრომის ქვეშ განმავითარებელ კომენტარებს ვუტოვებ. ამგვარი წერილობითი თუ სიტყვიერი მიმოცვლის უწყვეტი პროცესით წერის სწავლების ახალ ეტაპზე გადავდივართ. ხშირად ჩემ მიერ დაწერილი განმავითარებელი კომენტარები დღის ჩანაწერებად გადაიქცევა ხოლმე.
  9. დროდადრო მოსწავლეების წერილობით ნამუშევრებს ბლოგზე ვაქვეყნებ, რაც მათ მოტივაციას მატებს. ბოლო დროს კი უფროსკლასელებსა და უმცროსკლასელებს ერთმანეთის საშინაო დავალებების წაკითხვისა და კომენტარების დაწერის საშუალებას ვაძლევ.

ყოველდღიური მუშაობა გარკვეული ხნის შემდეგ შესანიშნავ შედეგს იძლევა. ინსტრუქციის გაგება-შესრულებაშიც იწაფებიან და თავადაც უჩნდებათ კლასელებისთვის წერილობითი დავალებების მოფიქრების სურვილი.

დღის ჩანაწერის დადებითი მხარეები

ბავშვებისთვის სასიამოვნოა საკუთარ გამოცდილებაზე, ემოციებსა და დაკვირვებებზე წერა. ამგვარად მასწავლებლებს მათი შინაგანი სამყაროსა და ფიქრების გაცნობა შეგვიძლია. ხშირად ისეთ დეტალებს ტოვებენ წინადადებებს მიღმა, რომლებიც გვაფხიზლებს, ქმედებისკენ გვიბიძგებს. მათ სამყაროს კიდევ უფრო ვუახლოვდებით. დღის ჩანაწერთან ერთად იზრდებიან და ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა დაკვირვებისთვის, მაგალითად, თანდათან იყენებენ მხატვრულ ხერხებს, პარალელებს ავლებენ წიგნებსა და ფილმებთან. დღის ჩანაწერით სამყაროზე დაკვირვებას ეჩვევიან და ესთეტიკური აღქმაც უფაქიზდებათ.

ინსტრუქცია

პირველ ხანებში ხშირად ამბობენ, რა დავწეროთ, არ ვიცითო, ამიტომ ინსტრუქციას ვაძლევ, მაგალითად:

  1. რას ვხედავ?
  2. რას ვგრძნობ?
  3. რა მესმის?
  4. რას ვფიქრობ?
  5. გაიხსენე დღის ერთი ამბავი.
  6. დასვი ერთი კითხვა.

თავდაპირველად დღის ჩანაწერს ამ ქარგის მიხედვით ვწერთ, მერე და მერე კი დაწვრილებითი მითითებები აღარ სჭირდებათ. თუკი ქარგას დავაკვირდებით, ადვილი ამოსაცნობია ჩემი მასწავლებლური ჩანაფიქრი, კერძოდ, ხედვა, შეგრძნება, სმენა, ფიქრი – ამ ყველაფერზე წერა მათ საკუთარი სივრცის აღქმას ასწავლის.

დღის ამბის გამოკვეთაც, ერთი შეხედვით, მარტივია, მაგრამ თავდაპირველად ძალიან უჭირთ. ამბობენ, რომ არაფერი მომხდარა. არადა, ყოველდღიურობა, ჩვეულებრივ დღეებს რომ ვეძახით, სავსეა ამბებით.

კითხვის დასმა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია. დღის ჩანაწერში ეს პუნქტი წიგნ „გედის საყვირის“ გამო გაჩნდა. სემ ბივერი, მთავარი პერსონაჟი ბიჭი, დღიურს წერს და ყოველი ჩანაწერის ბოლოს კითხვებს სვამს. კითხვის დასმით ბავშვის ცნობისმოყვარეობას გავააქტიურებთ და სააზროვნო უნარების განვითარებაში დავეხმარებით.

მეტი სიცხადისთვის დავიმოწმებ ერთ-ერთ გაკვეთილზე მოდელირებისთვის დაწერილ ჩემს დღის ჩანაწერს:

„ცაზე ვარსკვლავებია, ჰაერში – სუსხი. ზამთრის პირმა მოატანა. აცივდა. დღეს ჩემი ძმის საყვარელ მუსიკას ვუსმენდი. ზუსტად იმ დროს, როცა მე ზურაზე ვფიქრობდი, ფანჯარასთან თეთრი მტრედი მოფრინდა. ვიფიქრე, რომ ზურა მოვიდა. ამ ბოლო დროს ვფიქრობ, ადამიანების სულები პეპლებად და ჩიტებად ხომ არ გვევლინებიან.

ვგრძნობ, რომ მისმენთ და მიხარია. ვხედავ კომპიუტერის ეკრანზე აფერადებულ ფარდას, რომელსაც მე და ჩემი შვილები რაჭაში ნაჭრის საღებავებით წელიწად-ნახევარი ვხატავდით. ასე რომ, ჩემ უკან ამბავი კიდია. ამბავს ვხედავ.

რატომ არის ფიფქი მსუბუქი?“

შესაძლოა, დღის ჩანაწერის ქარგა პერიოდულად განახლდეს, მაგალითად, დავწეროთ, როგორი ამინდია, რა გაგვიხარდა ყველაზე მეტად, რა გვეწყინა, ვინ გვენატრება, რას ვკითხულობთ და ვუყურებთ…

მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ავუხსნათ, რომ აუცილებელი არ არის, ყველა კითხვას უპასუხონ ან თანმიმდევრობა დაიცვან. დღის ჩანაწერის ქარგა წერის დროს ჩვენი ფიქრების მამოძრავებელ ძალად უნდა იქცეს. მან არ უნდა შეგვაფერხოს. ასევე, ზოგჯერ ვწერთ პერსონაჟის დღის ჩანაწერებს, რაც სიუჟეტის გააზრებასა თუ პერსონაჟის ხასიათზე საკუთარი მოსაზრების გამოთქმაში გვეხმარება. ისტორიული გმირების დღის ჩანაწერებიც დაგვიწერია, მაგალითად, მეოთხეკლასელებმა სამასი არაგველის დღის ჩანაწერები დაწერეს.

გიზიარებთ ბლოგზე გამოქვეყნებულ დღის ჩანაწერებს, რომელთა ავტორებიც მეოთხეკლასელები არიან.

https://comreadspress.wordpress.com/2023/03/12/%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a9%e1%83%90/

ეს დავალება ჩემთვისაც დაუვიწყარი აღმოჩნდა. მახსოვს, თითოეულის ჩანაწერიდან სახალისო ვიქტორინისთვის რა ჩავინიშნე. 10 წლის გოგო-ბიჭებმა  ყოველდღიურობა გულწრფელად და მრავალფეროვნად წარმოაჩინეს. ტყუპების – დათოსა და თაკოს – სახლში დედა ნამცხვარს აცხობს; ნიკოლოზი პატარა ძმას ეთამაშება და სიხარულისგან გავგიჟდიო, წერს; ცოტნე გამათბობელზე ჩამოსკუპებულ ღუნღულა მტრედს აკვირდება; ბარბარე ლიტერატურულ კაფესა და დაბადების დღეს ელოდება; დათუნა მამას საშაურმეში მიჰყავს; გაბრიელი მეგობრის შესახებ წერს, ისეთი თვალებით მიყურებს, ვიცი, მატყუებსო; ანდრია „ჰარი პოტერს“ კითხულობს და თვითმფრინავის გრძელ კვამლს ხედავს; თვითმფრინავი კიდევ ერთი ნიკოლოზის ჩანაწერშიც გაიელვებს; სოფო წიქარას წიგნზე ოცნებობს; სალომე რაღაცას ძერწავს, ჯერ არ გეტყვით, ხვალ გაჩვენებთო, და დაფაზე ახლაც გვაქვს გაკრული მისი გამოძერწილი ლოკოკინა, რომელსაც იაკობ გოგებაშვილის საინფორმაციო ტექსტში ორაგულები შავ ზღვაში თქვლეფენ; ნუცა მუსლიტერატურის მასწავლებელს მოწიწებით უსმენს; დაჩი ხაშურში მიდის და საღამოს ძაღლთან ერთად მთვარეს უყურებს; დემეტრე ცხრა ძმის მონუმენტის სანახავად მარაბდაში მიჰყავთ; ლიზის მამა და დაიკო ოლიმპიადაზე საუბრობენ; გოგა სალიტაზე დარდობს, რატომ არ დადის სკოლაშიო; თამარი უფროს ძმებზე წერს, ბრდღვიალა თვალებით მიყურებენო; საბა აზრებს ემშვიდობება; მეორე საბას დავალება არ აქვს და სანამ სხვები კითხულობენ, კლასის ამბებს დღის ჩანაწერში აღწერს.

ამგვარად, დღის ჩანაწერი წერის სწავლების ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდად იქცა და ბავშვები უფრო ვრცელი წერილობითი ტექსტების წერისკენ სიხარულით მიჰყავს.

სასკოლო განათლება – გამოწვევები და პერსპექტივები

0

საქართველოს ზოგადი განათლების სისტემა, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების სისტემები, მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, თუმცა არსებობს საერთო პრობლემები, რომლებიც ეხება ყველას და არასასურველი შედეგები მოაქვს როგორც ლოკალური, ისე გლობალური თვალსაზრისითაც. კოვიდპანდემია სწორედ ასეთი გამოწვევაა და ზიანი, რომელიც მან მოიტანა, მსოფლიოს ქვეყნებისთვის პრობლემების სათავეში მოექცა მიგრაციასთან, სიღარიბესა და სოციალურ უთანასწორობასთან ერთად.

2020 წლის აპრილში, პანდემიის დასაწყისში, გაეროს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა წევრ ქვეყნებს, ბიუჯეტის დაგეგმვისას კოვიდით გამოწვეული საგანმანათლებლო კრიზისის დასაძლევად აუცილებელი რესურსებიც გაეთვალისწინებინათ. გაეროს, UNICEF-ისა და სხვა ორგანიზაციების მიერ შეგროვებული ფინანსური დახმარება, ათეულობით მილიონი ევრო, კონფლიქტებით დაზარალებული ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემებზე გადანაწილდა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი აღიარება პანდემიით გამოწვეული საგანმანათლებლო დანაკარგებისა და მსოფლიოსთვის იმის შეხსენება, რომ 1990 წლის შემდეგ განათლებაში კრიზისულმა სიტუაციებმა გლობალური მასშტაბით მკვეთრად იმატა. კონფლიქტებისგან დაზარალებული ქვეყნები, განათლების გარეშე დარჩენილი ბავშვების მზარდი რაოდენობა, სიღარიბე, პანდემია… აღსანიშნავია, რომ ამ საფრთხეებზე არა მხოლოდ ევროპული, არამედ აზიური და ამერიკული ორგანიზაციებიც რეაგირებენ და პრობლემებს გლობალურ კონტექსტში განიხილავენ.

განათლების სისტემებზე პანდემიის ნეგატიური გავლენის შესამცირებლად საერთაშორისო ორგანიზაციების სწრაფი და ერთობლივი რეაქციები პრობლემის მასშტაბურობაზე მიუთითებს. პრობლემების ანალიზის დროს კვლევები ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ აკადემიურ და სოციალურ-ემოციურ უნარებზე – დანაკარგებს შორის მოიაზრება ჯანსაღ საკვებსა და სუფთა წყალზე/სუფთა გარემოზე წვდომის შემცირებაც, რაც მოსწავლეების ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება.

ახლაც კი, როდესაც გვგონია, რომ პანდემია დასრულდა, მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოსწავლეები არ დაბრუნებულან სკოლაში. 2022 წლის ბოლოს UNICEF-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლიდანაც ვიგებთ, რომ, მიუხედავად პანდემიის დასასრულის მოახლოებისა, 23 ქვეყანაში, სადაც 400 მილიონზე მეტი მოსწავლე ცხოვრობს, სკოლები სრულად არ გახსნილა. მაგალითად, ჩინეთში.

პანდემიის დროს სასწავლო პროცესის შეწყვეტა აისახა მილიარდ-ნახევარზე მეტ ბავშვზე, რაც კარგად არის აღწერილი „პანდემიით გამოწვეული სასკოლო დანაკარგების შეფასების კვლევაში“ (ქადაგიძე, 2021). ანგარიშში აღნიშნულია, რომ განათლების ეკონომიკის მკვლევართა შეფასებით, სასწავლო პროცესის ხანმოკლე შეწყვეტაც კი მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას ახდენს მოსწავლეების მიღწევებზე (Alban Conto et al., 2020). მსოფლიო ბანკის თანახმად, სკოლების ხუთი თვით საყოველთაო დახურვამ შესაძლოა გამოიწვიოს სასწავლო დანაკარგები, რომელთა ამჟამინდელი ღირებულება 10 ტრილიონ აშშ დოლარს აღემატება (Azevedo et al., 2020) (ციტირებულია ქადაგიძე, 2021).

საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო კვლევების შედეგები პანდემიით გამოწვეულ სასწავლო დანაკარგებს უკავშირდება. ხელმისაწვდომი კვლევები საფუძველს იძლევა, ვივარაუდოთ, რომ, მიუხედავად სწავლების დისტანციური ფორმის გამოყენებისა, მოსწავლეებს სასწავლო დანაკარგები მაინც ექნებათ. ცალკეული კვლევები პანდემიის პირობებში წიგნიერებაში მოსწავლეთა მიღწევების დაახლოებით 70%-ს, ხოლო მათემატიკაში 50%-ს პროგნოზირებს (ქადაგიძე, 2021).

PISA-ს 2018 წლის ანგარიშის თანახმად, კითხვაში მოსწავლეთა საშუალო მაჩვენებლით საქართველო PISA 2018-ში მონაწილე 784–იდან იმ 49 ქვეყანას შორისაა, რომლებშიც მოსწავლეთა მიღწევების საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება OECD-ის 37 წევრი ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს. სამი კომპონენტის შეფასების შედეგებიდან ირკვევა, რომ საქართველოში მოსწავლეებს პირველი კომპონენტის დავალებები განსაკუთრებით უჭირთ. ინფორმაციის მოძიების კომპონენტში ესოდენ მოკრძალებული შედეგი პარალელური და დაბრუნებითი ძიების უნარების განუვითარებლობაზე მეტყველებს.

როგორც მათემატიკაში, ისე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებშიც მოსწავლეთა საშუალო მაჩვენებლით საქართველო PISA 2018-ში მონაწილე 79 ქვეყნიდან იმ 46–ს შორის მოხვდა, რომლებშიც მოსწავლეთა მიღწევების საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება OECD-ის წევრი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს.

ირკვევა, რომ საქართველოში მოსწავლეებს უკვე ჰქონდათ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა წიგნიერებაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში OECD-ის წევრ ქვეყნებს შორის. კვლევათა შედეგების შეჯამებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მონაცემები კიდევ უფრო გაუარესდება, ხოლო პანდემიით გამოწვეული დანაკარგები რა სირთულეებს შექმნის სამომავლო პერსპექტივაში, სათანადოდ ჯერ კიდევ არ არის აღქმული სისტემის მიერ.

საერთაშორისო კვლევები ასევე განიხილავს იმ დაშვებას, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ სკოლაში შეიძლება უფრო ნაკლებმა მოსწავლემ იაროს, ვიდრე მანამდე. გლობალური მასშტაბით პრობლემა უფრო მეტად შეეხება ღარიბ ოჯახებს, სადაც ბავშვის შრომა დოვლათის შექმნის მექანიზმად და/ან ოჯახის რჩენის საშუალებად არის მიჩნეული.

2021 წლის OECD-ის ანგარიშში, რომელიც სკოლების დახურვის შესაძლო საფრთხეებსა და ეფექტებზე საუბრობს, ნათქვამია, რომ პანდემიამ კიდევ უფრო გააღრმავა სოციალური უთანასწორობა და სასწავლო შედეგების მიხედვით მოსწავლეთა მიღწევებს შორის მანძილი გაზარდა. მაგალითად, მაღალშემოსავლიან ოჯახებს, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ, მხარდაჭერა გაეწიათ შვილებისთვის არაფორმალური აქტივობებით, სასწავლო დანაკარგების ნაწილი განსხვავებულად შეეხო, ვიდრე ღარიბ ოჯახებს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2021 წლის ანგარიში გვთავაზობს რეკომენდაციებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ ქვეყნებმა საგანმანათლებლო სისტემების პოსტკოვიდური გამოწვევების დროს. მთავარ რეკომენდაციებს შორისაა საგანმანათლებლო სივრცეების ადაპტირება (ტრადიციული საგაკვეთილო სივრცის მოდერნიზაცია), ტექნოლოგიებზე იაფი და უფასო წვდომა (მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის), სასწავლო გეგმების სამეცნიერო ცოდნით გამდიდრება, განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა, მასწავლებელთა პროფესიული კავშირების წახალისება და ზოგადი განათლების დაფინანსების ზრდა.

საქართველოს კონტექსტში პანდემიის შემდგომ დანაკარგებთან გამკლავების საშუალებად რემედიაციის პროგრამების გაძლიერება სახელდება, რომლების მიზანს, ერთი მხრივ, პანდემიით გამოწვეული დანაკარგების აღმოფხვრა და, მეორე მხრივ, სისტემის გაძლიერებისა და კრიზისების ეფექტური დაძლევისათვის ლოკალური და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინება უნდა წარმოადგენდეს (ქადაგიძე, 2021). ამ რეკომენდაციებს შორისაა დაფინანსების გაზრდა (არათუ შემცირება), სოციალურ კონტექსტზე მორგებული პროგრამების შემუშავება, ეთნიკურ უმცირესობებზე ფოკუსირებული პროგრამები, ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...