ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

აქტივობები წიგნიდან „სიყვარულით, ელლი“

გიფიქრიათ, საით მივყავართ წიგნის გმირებს? როგორ შეიძლება, უფროსი მკითხველები მოსწავლეებსა და შვილებთან ერთად დავემგზავროთ მათ და სიზმარ-ცხადში აღმოვჩნდეთ?

მხატვრული ლიტერატურის კარნახით შექმნილი შემეცნებითი თამაშები და აქტივობები ტექსტის უკეთ გააზრებას უწყობს ხელს. ამ გზით მიღებული შთაბეჭდილებები ხანგრძლივად ასაზრდოებს მოზარდის ფანტაზიას და ძლიერ გავლენას ახდენს მის ცნობიერებაზე. წიგნის განხილვისას ავტორის მინიშნებები ახალგაზრდა მკითხველისთვის ინსპირაციად რომ იქცეს, ზოგჯერ ჩვენი, უფროსების თანამკითხველობაა საჭირო.

სწორედ ამ მიზნით შევქმენი აქტივობის ბარათები ერთი წიგნის მიხედვით, რომელიც, მიუხედავად არცთუ დიდი მოცულობისა, ბევრ საფიქრალს იტევს.

კატო ჯავახიშვილის პირველ საბავშვო ნაწარმოებს საოცრად ლამაზი ყდა აქვს. გაზაფხულის ფერებიდან ამოზრდილი ორი პატარა გოგონა ერთმანეთის პირისპირ დგას და უთვალოდ შეჰყურებს ერთმანეთს. წიგნს „სიყვარულით, ელლი“ ჰქვია.

ავტორი მზის მოსახელე ლილეზე გვიყვება. გოგონას მამა „მოწყენილობის კომიტეტში“ მუშაობს და ადრინდელივით ვეღარ იცლის შვილისთვის. ლილეს ძველი დრო და დედა ენატრება, დედა კი „მივლინებაშია“ და არა და არ ბრუნდება.

ბავშვები, რომლებსაც არ უსმენენ, არ ენდობიან, არ ამჩნევენ და ხშირად ატყუებენ კიდეც, კარგავენ სამყაროსადმი ნდობას და მარტოსულები ხდებიან. სწორედ ამ სირთულეების პირისპირ იდგა წიგნის მთავარი პერსონაჟი, როდესაც მის ცხოვრებაში არაჩვეულებრივი ელლი გამოჩნდა. ის ლილეს ნახატიდან გადმოვიდა და გოგონას გულთმისანი გახდა.

წიგნი ისე წავიკითხე, არც ღიმილი მომცილებია სახიდან და არც ცრემლი თვალებიდან. ეს ამბავი ჩემი შვილებისა და მოსწავლეებისთვის აუცილებლად უნდა გამეზიარებინა.

სტატიაში გიამბობთ იმ აქტივობებზე, რომელთა განხორციელების სურვილიც გამიჩნდა ნაწარმოების კითხვისას. ვფიქრობ, თქვენც შეიძლება გამოგადგეთ.

 

1-ელი ბარათი – „გახდი ავტორი“

წერა შემოქმედებითი პროცესია. ბავშვებს კი საკუთარი აზრების, წარმოდგენების გასიტყვება ხშირად ურთულესი რამ ჰგონიათ და დასაწყისშივე ნებდებიან. ასეთ დროს წინასწარ შედგენილი კითხვარი მათ უადვილებთ, თავი მოუყარონ სათქმელს და წერილობით გადმოსცენ. შედეგად თვითშეფასება უმაღლდებათ და მომდევნო მითითებებს უფრო ხალისით ასრულებენ.

წიგნის მთავარი გმირიც თავად იგონებს პერსონაჟს: არქმევს სახელს, წარმოიდგენს მის გარეგნობას, ხასიათს, სამოსს, საქმიანობასაც კი. ასე ჩნდება ლილეს ცხოვრებაში საოცარი გოგონა ცეცხლისფერი თმით, უზარმაზარპომპონიანი ქუდითა და ჯადოსნური კალმით, სახელად ელლი. კითხვის დროს შეგვიძლია, წიგნის გმირებს კვალდაკვალ მივყვეთ და ეს გზა მოსწავლეებთან და შვილებთან ერთად გავიაროთ.

დავალების მიხედვით, მოსწავლეები ქმნიან ახალ ტექსტს, წარმოიდგენენ პერსონაჟებს, უღრმავდებიან საკუთარ ფიქრებს, კითხვების დახმარებით კი თანმიმდევრულად და მარტივად გამოხატავენ სათქმელს.

ამბის შედგენის შემდეგ ტექსტის გაფორმების დრო დგება. ბავშვებს უყვართ ხატვა, ზოგს ამბის თხრობა ფერებით უკეთ გამოსდის. ამიტომ, მომდევნო აქტივობა სწორედ ილუსტრაციის შექმნას გულისხმობს.

 

მე-2 ბარათი – „გახდი ილუსტრატორი“

პატარა მკითხველზე, ნაწარმოების შინაარსთან ერთად, დიდ შთაბეჭდილებას ახდენს წიგნის ილუსტრაციებიც. ილუსტრატორს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია – სიტყვას ფერი და ფორმა უნდა მისცეს. ეს რომ შეძლოს, კარგად უნდა იცნობდეს ტექსტს და ხვდებოდეს ავტორის ჩანაფიქრს.

მწერალი მარტივი წინადადებებით აღწერს გარემოს, პერსონაჟებს, მაგრამ ისე ცხადად, რომ მკითხველი ადვილად წარმოიდგენს ჯადოსნურ სოფელს, პატარა სახლს, სადაც შუქი ანთია, კედელზე ბებიას გაკეთებული ჩირის აცმები კიდია, ფანჯრასთან კი ბიჭუნა დგას და გაჰყურებს, როგორ თოვს „ირიბად და ალმაცერად“.

ეს დავალება წყვილურ მუშაობას მოითხოვს. მოსწავლეები ცდილობენ, გონებაში წარმოქმნილი სურათ-ხატები ზედმიწევნით აღწერონ, შეარჩიონ ეპითეტები, რომლებითაც სათქმელს უკეთ გამოხატავენ. გაზიარებული შთაბეჭდილების საფუძველზე კი მეწყვილემ შესაბამისი ილუსტრაცია უნდა შექმნას. ამ აქტივობით ბავშვები გაიაზრებენ, რამხელა მნიშვნელობა აქვს დეტალებს, საგნების ფორმას, მათ დინამიკას და მეტაფორულ გარდასახვას.

 

მე-3 ბარათი – „იისფერი თოვლი“

ლილე ელლისთან ერთად დაუჯერებელ თავგადასავალში შეაბიჯებს. მისი სიზმრები ახალ პერსონაჟებთან შეხვედრის ჯადოსნური ისტორიებია. ამ პერსონაჟებს ქართველი მკითხველი კარგად იცნობს. საგულისხმო ის გახლავთ, რომ მწერალი ზოგიერთ მათგანს ლილესა და ელლის თანატოლად გვაცნობს, თითქოს ამით მათ მოზარდებისთვის უფრო ახლობელს ხდის. ყველა ეს შეხვედრა წიგნის მთავარ გმირზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს.

ლილე ჯერ პატარა ბიჭუნას გაიცნობს, რომელსაც ჯიუტად სჯერა, რომ თოვლი არა თეთრი, არამედ იისფერია. უფროსი თაობის მკითხველი მალევე მიხვდება, რომ ეს ბიჭუნა მომავალი პოეტი გალაკტიონ ტაბიძეა. ამ ზღაპარში ლილე ირწმუნებს, რომ „მთავარია დაკვირვება ისწავლო, რასაც ვერ ხედავ, ის რომ იგრძნო“.

ამ აქტივობით მოსწავლეები წიგნის გმირებთან ერთად პოეზიის სამყაროში აღმოჩნდებიან. უფროს თანამკითხველებს კი ისღა დაგვრჩენია, ერთი რუტინული სასწავლო დღე პოეზიის საღამოდ ვაქციოთ: წავიკითხოთ გალაკტიონის ლექსები, შევქმნათ ილუსტრაციები, ვითამაშოთ ლექსობანა და ვინძლო კლასშიც აღმოვაჩინოთ ისეთი მოსწავლე, ჯიუტად რომ სჯერა მოვლენების ალოგიკურობა.

 

მე-4 ბარათი – „ჟირაფების ქვეყანაში“

მომავალ პოეტთან შეხვედრის შემდეგ გოგონები ჟირაფების ქვეყანაში მოხვდებიან. ამ თავგადასავალში ისინი პატარა ჟირაფ ბოჟის გადაარჩენენ და შინ დააბრუნებენ. ელლი და ლილე ამას ვერ შეძლებდნენ კეთილი და გულადი ბიჭის დახმარების გარეშე, რომელიც მომავალში დიდი მხატვარი გახდება და ადამიანისთვალებიან ცხოველებს დახატავს. ამჯერად ავტორი პატარა მკითხველებს ნიკო ფიროსმანზე მიანიშნებს.

მასწავლებლებმა ვიცით, რომ გარდა სასკოლო სივრცეში განხორციელებული აქტივობებისა, სასწავლო მიზნებს ეხმიანება სკოლის ფარგლებს გარეთ დაგეგმილი ღონისძიებებიც. წიგნის ეს მონაკვეთი არაფორმალური განათლების საჭიროებასა და აქტუალურობას კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ ესტუმრებით ეროვნულ გალერეას, სადაც ქართველი მხატვრების შემოქმედებას გაეცნობით. სასიამოვნო იქნება მოსწავლეების გულწრფელი ემოციების ხილვა, როდესაც ფიროსმანის ნახატების თვალიერებისას წიგნთან გაავლებთ პარალელს. ამჯერად მოსწავლეები არა სიტყვის, არამედ ფერის ძალმოსილებაზე დაფიქრდებიან.

ნაწარმოების ეს მონაკვეთი ბევრ სასაუბრო თემას მოიცავს: როგორ უნდა ვიზრუნოთ ცხოველებზე, რას ნიშნავს თავისუფლება და როგორ იქცევიან ნამდვილი მეგობრები რთული არჩევანის წინაშე.

ამ მოგზაურობისას ლილე მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას ეზიარება – რომ „ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის“ და თავისუფლება ნიშნავს იმას, „როცა ლომივით გშია, მაგრამ ჟირაფს წასვლის ნებას მისცემ“.

საინტერესოა, როგორ ესმის ამ ეპოქის მოზარდს თავისუფლების ცნება?

 

მე-5 ბარათი – „ჯადოსნური ჰანგები“

მომდევნო აქტივობას ჯადოსნურ ჰანგებთან მივყავართ. წიგნის მთავარი გმირები ამჯერად შეხვდებიან ბიჭუნას, რომელმაც ჯერ არ იცის, რომ მომაჯადოებელი ხმა აქვს. მერცხლებს შურდულით დადევნებული, მას შემდეგ ისწავლის გალობას, რაც გაიაზრებს, რომ ფრინველებსაც შეიძლება სტკიოდეთ, რომ სამყარო ადამიანამდელ გამოცდილებას ინახავს და ამ ცოდნას მოფრთხილება სჭირდება.

გალაკტიონისა და ფიროსმანის შემოქმედების გაცნობის შემდეგ მოსწავლეები ჰამლეტ გონაშვილის ტკბილხმოვანებასაც თუ მოისმენენ, ლილესავით მიხვდებიან, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე გულს უნდა მოუსმინო, რადგან ასე შეიძლება, სამყარო უკეთესობისკენ შეცვალო.

 

მე-6 ბარათი – „სტუმრად ბარბარესთან“

მეოთხე პერსონაჟი, რომელსაც გოგონები ესტუმრებიან, არც მეტი, არც ნაკლები, თავადის ქალი ბარბარე ჯორჯაძეა. სწორედ ის ბარბარე, რომლის წიგნიც ჩვენი დედებისა და ბებიების სამზარეულოს შეუცვლელი ატრიბუტი გახლდათ. 1914 წელს გამოცემული რეცეპტების სრული კრებული აქტუალობას დღესაც არ კარგავს და ტრადიციული ქართული გემოს ალმანახია.

ლილე ბარბარესთან სტუმრობისას აღმოაჩენს, რომ ტყუილს – მჟავე, მონატრებას – მლაშე, დარდს – მწარე, სიყვარულს კი თაფლივით ტკბილი გემო აქვს. კარგმა მზარეულმა იცის, რომ გემრიელი კერძის მოსამზადებლად ყველა გემო მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ჩვენ კი მათი სწორად გამოყენების ხელოვნებას უნდა დავეუფლოთ.

„გემოების გამოცნობა“ მხოლოდ გემრიელი აქტივობა არ გეგონოთ, ის სასარგებლო და „საჯამრთელო“ თამაშია. შეგიძლიათ, მოსწავლეებსა და შვილებს დააგემოვნებინოთ სხვადასხვა ხილი, ბოსტნეული თუ მზა კერძი. გჯეროდეთ, ყველაზე ჭირვეული დეგუსტატორის გულსაც მოიგებთ.

 

მე-7 ბარათი – „მარიამ დემურიას სახელობის თეატრი“

მოგზაურობის დასასრულს ლილე და ელლი, ბარბარეს რჩევით, თეატრის ჯადოსნურ კარს შეაღებენ და მკითხველთან ერთად პირდაპირ სცენაზე აღმოჩნდებიან. აქ გოგონებს საინტერესო მასპინძელი დახვდებათ.

როლური თამაშებით ტექსტზე მუშაობა მოსწავლეებისთვის ნაცადი და საყვარელი მეთოდია. რა მოხდება, თუ წაკითხული ნაწარმოებების სიუჟეტებს მინისპექტაკლებად გავათამაშებთ და დროდადრო კლასს „მარიამ დემურიას სახელობის თეატრად“ გადავაქცევთ?

უფროს თანამკითხველებზეა დამოკიდებული, დაინტერესდებიან თუ არა მოზარდები, მოისურვებენ თუ არა, მეტი შეიტყონ იმაზე, როგორ იქცა რუსეთის ცარისტული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ საგანმანათლებლო კერად მარიამ დემურიას მიერ დაარსებული სახალხო თეატრი – „ავჭალის აუდიტორია“, სადაც უფასოდ იდგმებოდა სპექტაკლები და ისმოდა მივიწყების პირას მისული ქართული ენა. მომავალში კი, მისი ხელმძღვანელობით, საგანმანათლებლო ჟურნალი „ნაკადულიც“ დაარსდა.

ახალგაზრდა თაობისთვის მარიამ დემურიას სახელი, ისევე, როგორც ბარბარე ჯორჯაძისა, ნაკლებად ცნობილია. მოსწავლეების უმეტესობას თითქმის არაფერი სმენია მე-19 საუკუნის ამ ორ ქალ მოღვაწეზე, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებდნენ, რათა გარუსების პირას მყოფი თანამოქალაქეებისთვის თვალები აეხილათ.

ყველა ეს მოგზაურობა წიგნის მთავარი პერსონაჟისთვის მაკურნებელ ძალად იქცა. თუ როგორ, ამას ნაწარმოებიდან შეიტყობთ. ჩემი მიზანი კი შვილებსა და მოსწავლეებთან ერთად ლიტერატურული პერსონაჟების „ადევნება“ გახლდათ.

მხატვრულ ლიტერატურაში ახალი ავტორების აღმოჩენა სარკმლების გაღებას ჰგავს – რაც უფრო მეტ სარკმელს ვაღებთ, მით მეტ სინათლეს ვუშვებთ მოსწავლეების სამყაროში.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი