სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

სასკოლო განათლება – გამოწვევები და პერსპექტივები

საქართველოს ზოგადი განათლების სისტემა, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების სისტემები, მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, თუმცა არსებობს საერთო პრობლემები, რომლებიც ეხება ყველას და არასასურველი შედეგები მოაქვს როგორც ლოკალური, ისე გლობალური თვალსაზრისითაც. კოვიდპანდემია სწორედ ასეთი გამოწვევაა და ზიანი, რომელიც მან მოიტანა, მსოფლიოს ქვეყნებისთვის პრობლემების სათავეში მოექცა მიგრაციასთან, სიღარიბესა და სოციალურ უთანასწორობასთან ერთად.

2020 წლის აპრილში, პანდემიის დასაწყისში, გაეროს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა წევრ ქვეყნებს, ბიუჯეტის დაგეგმვისას კოვიდით გამოწვეული საგანმანათლებლო კრიზისის დასაძლევად აუცილებელი რესურსებიც გაეთვალისწინებინათ. გაეროს, UNICEF-ისა და სხვა ორგანიზაციების მიერ შეგროვებული ფინანსური დახმარება, ათეულობით მილიონი ევრო, კონფლიქტებით დაზარალებული ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემებზე გადანაწილდა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი აღიარება პანდემიით გამოწვეული საგანმანათლებლო დანაკარგებისა და მსოფლიოსთვის იმის შეხსენება, რომ 1990 წლის შემდეგ განათლებაში კრიზისულმა სიტუაციებმა გლობალური მასშტაბით მკვეთრად იმატა. კონფლიქტებისგან დაზარალებული ქვეყნები, განათლების გარეშე დარჩენილი ბავშვების მზარდი რაოდენობა, სიღარიბე, პანდემია… აღსანიშნავია, რომ ამ საფრთხეებზე არა მხოლოდ ევროპული, არამედ აზიური და ამერიკული ორგანიზაციებიც რეაგირებენ და პრობლემებს გლობალურ კონტექსტში განიხილავენ.

განათლების სისტემებზე პანდემიის ნეგატიური გავლენის შესამცირებლად საერთაშორისო ორგანიზაციების სწრაფი და ერთობლივი რეაქციები პრობლემის მასშტაბურობაზე მიუთითებს. პრობლემების ანალიზის დროს კვლევები ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ აკადემიურ და სოციალურ-ემოციურ უნარებზე – დანაკარგებს შორის მოიაზრება ჯანსაღ საკვებსა და სუფთა წყალზე/სუფთა გარემოზე წვდომის შემცირებაც, რაც მოსწავლეების ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება.

ახლაც კი, როდესაც გვგონია, რომ პანდემია დასრულდა, მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოსწავლეები არ დაბრუნებულან სკოლაში. 2022 წლის ბოლოს UNICEF-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლიდანაც ვიგებთ, რომ, მიუხედავად პანდემიის დასასრულის მოახლოებისა, 23 ქვეყანაში, სადაც 400 მილიონზე მეტი მოსწავლე ცხოვრობს, სკოლები სრულად არ გახსნილა. მაგალითად, ჩინეთში.

პანდემიის დროს სასწავლო პროცესის შეწყვეტა აისახა მილიარდ-ნახევარზე მეტ ბავშვზე, რაც კარგად არის აღწერილი „პანდემიით გამოწვეული სასკოლო დანაკარგების შეფასების კვლევაში“ (ქადაგიძე, 2021). ანგარიშში აღნიშნულია, რომ განათლების ეკონომიკის მკვლევართა შეფასებით, სასწავლო პროცესის ხანმოკლე შეწყვეტაც კი მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას ახდენს მოსწავლეების მიღწევებზე (Alban Conto et al., 2020). მსოფლიო ბანკის თანახმად, სკოლების ხუთი თვით საყოველთაო დახურვამ შესაძლოა გამოიწვიოს სასწავლო დანაკარგები, რომელთა ამჟამინდელი ღირებულება 10 ტრილიონ აშშ დოლარს აღემატება (Azevedo et al., 2020) (ციტირებულია ქადაგიძე, 2021).

საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო კვლევების შედეგები პანდემიით გამოწვეულ სასწავლო დანაკარგებს უკავშირდება. ხელმისაწვდომი კვლევები საფუძველს იძლევა, ვივარაუდოთ, რომ, მიუხედავად სწავლების დისტანციური ფორმის გამოყენებისა, მოსწავლეებს სასწავლო დანაკარგები მაინც ექნებათ. ცალკეული კვლევები პანდემიის პირობებში წიგნიერებაში მოსწავლეთა მიღწევების დაახლოებით 70%-ს, ხოლო მათემატიკაში 50%-ს პროგნოზირებს (ქადაგიძე, 2021).

PISA-ს 2018 წლის ანგარიშის თანახმად, კითხვაში მოსწავლეთა საშუალო მაჩვენებლით საქართველო PISA 2018-ში მონაწილე 784–იდან იმ 49 ქვეყანას შორისაა, რომლებშიც მოსწავლეთა მიღწევების საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება OECD-ის 37 წევრი ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს. სამი კომპონენტის შეფასების შედეგებიდან ირკვევა, რომ საქართველოში მოსწავლეებს პირველი კომპონენტის დავალებები განსაკუთრებით უჭირთ. ინფორმაციის მოძიების კომპონენტში ესოდენ მოკრძალებული შედეგი პარალელური და დაბრუნებითი ძიების უნარების განუვითარებლობაზე მეტყველებს.

როგორც მათემატიკაში, ისე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებშიც მოსწავლეთა საშუალო მაჩვენებლით საქართველო PISA 2018-ში მონაწილე 79 ქვეყნიდან იმ 46–ს შორის მოხვდა, რომლებშიც მოსწავლეთა მიღწევების საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება OECD-ის წევრი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს.

ირკვევა, რომ საქართველოში მოსწავლეებს უკვე ჰქონდათ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა წიგნიერებაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში OECD-ის წევრ ქვეყნებს შორის. კვლევათა შედეგების შეჯამებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მონაცემები კიდევ უფრო გაუარესდება, ხოლო პანდემიით გამოწვეული დანაკარგები რა სირთულეებს შექმნის სამომავლო პერსპექტივაში, სათანადოდ ჯერ კიდევ არ არის აღქმული სისტემის მიერ.

საერთაშორისო კვლევები ასევე განიხილავს იმ დაშვებას, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ სკოლაში შეიძლება უფრო ნაკლებმა მოსწავლემ იაროს, ვიდრე მანამდე. გლობალური მასშტაბით პრობლემა უფრო მეტად შეეხება ღარიბ ოჯახებს, სადაც ბავშვის შრომა დოვლათის შექმნის მექანიზმად და/ან ოჯახის რჩენის საშუალებად არის მიჩნეული.

2021 წლის OECD-ის ანგარიშში, რომელიც სკოლების დახურვის შესაძლო საფრთხეებსა და ეფექტებზე საუბრობს, ნათქვამია, რომ პანდემიამ კიდევ უფრო გააღრმავა სოციალური უთანასწორობა და სასწავლო შედეგების მიხედვით მოსწავლეთა მიღწევებს შორის მანძილი გაზარდა. მაგალითად, მაღალშემოსავლიან ოჯახებს, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ, მხარდაჭერა გაეწიათ შვილებისთვის არაფორმალური აქტივობებით, სასწავლო დანაკარგების ნაწილი განსხვავებულად შეეხო, ვიდრე ღარიბ ოჯახებს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2021 წლის ანგარიში გვთავაზობს რეკომენდაციებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ ქვეყნებმა საგანმანათლებლო სისტემების პოსტკოვიდური გამოწვევების დროს. მთავარ რეკომენდაციებს შორისაა საგანმანათლებლო სივრცეების ადაპტირება (ტრადიციული საგაკვეთილო სივრცის მოდერნიზაცია), ტექნოლოგიებზე იაფი და უფასო წვდომა (მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის), სასწავლო გეგმების სამეცნიერო ცოდნით გამდიდრება, განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა, მასწავლებელთა პროფესიული კავშირების წახალისება და ზოგადი განათლების დაფინანსების ზრდა.

საქართველოს კონტექსტში პანდემიის შემდგომ დანაკარგებთან გამკლავების საშუალებად რემედიაციის პროგრამების გაძლიერება სახელდება, რომლების მიზანს, ერთი მხრივ, პანდემიით გამოწვეული დანაკარგების აღმოფხვრა და, მეორე მხრივ, სისტემის გაძლიერებისა და კრიზისების ეფექტური დაძლევისათვის ლოკალური და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინება უნდა წარმოადგენდეს (ქადაგიძე, 2021). ამ რეკომენდაციებს შორისაა დაფინანსების გაზრდა (არათუ შემცირება), სოციალურ კონტექსტზე მორგებული პროგრამების შემუშავება, ეთნიკურ უმცირესობებზე ფოკუსირებული პროგრამები, ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი