შაბათი, ივლისი 12, 2025
12 ივლისი, შაბათი, 2025

სახლები საბავშვო ლიტერატურიდან, როგორც კითხვისა და გრამატიკის სწავლების რესურსი

0

ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟის საცხოვრებელი გარემო რომ პერსონაჟის სახისა და ხასიათის შემავსებელი რგოლია, მეტწილად განსაზღვრავს მის მოქმედებას, ერთგვარად ხსნის მის მნიშვნელობას, ყველამ კარგად ვიცით. ქართული ლიტერატურის კურიკულუმში მრავლადაა ტექსტები, სადაც პერსონაჟის სახლსა და გარემოზე, ლიტერატურულ სივრცეზე ყურადღების გამახვილება გვიწევს. თუმცა, ლიტერატურულ მსჯელობას, პარალელების გავლენას, ტექსტში დამალული საიდუმლოს ამოცნობას, როგორც თამაშს თუ სახალისო აქტივობას, შეგვიძლია დაწყებით კლასებშიც დავუთმოთ საგაკვეთილო დრო.

საბავშვო ლიტერატურაში აღწერილი ლიტერატურული სივრცე, პერსონაჟის სახლი არასდროს არის შემთხვევითი, გარდა ტექსტის ჯადოსნური, სათავგადასავლო, მხიარული კონტექსტისა. ეს კონკრეტული აღწერები პატარა მკითხველის სხვადასხვა უნარის განვითარებას უწყობს ხელს, როგორიცაა, სივრცითი აღქმისა და მიმართულებების, სივრცითი ფორმების შედარება, აღწერითი ტექსტის საშუალებით თხრობის განვითარება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ზმნისწინების, ზედსართავებისა, ზმნიზედებისა და ხარისხის ფორმების სწავლება და სხვა.

რამდენიმე ლიტერატურული სახლის მაგალითზე მოგიყვებით, როგორ შეიძლება საინტერესო და შედეგიანი გაკვეთილების დაგეგმვა.

ეტაპი 1. გავიხსენოთ რამდენიმე სახლი საბავშვო ლიტერატურიდან:

  1. კარლსონის სახლი სახურავზე;
  2. სახლები თოკების ქალაქიდან ( სალამურას თავგადასავალი);
  3. ცეროდენა ნილს კარლსონის სახლი ვირთხის სოროში;
  4. ჰობიტების სახლები;
  5. რეზო ინანიშვილის ზღაპარი „სად ცხოვრობს მეზღაპრე“
  6. ნებისმიერი სხვა წიგნი, რომელიც გაგახსენდებათ.

ეტაპი2

  1. წავიკითხოთ ტექსტი;
  2. განვიხილოთ შინაარსი;
  3. დავაზუსტოთ უცხო სიტყვები;
  4. რამდენიმე სიტყვა ავტორსა და ნაწარმოებზე.

ეტაპი 3

  1. რას გვეუბნება პერსონაჟის საცხოვრებელი გარემო პერსონაჟზე?
  2. რატომ დაასახლა ავტორმა ესა თუ ის პერსონაჟი კონკრეტულ ადგილას?
  3. რით გამოირჩევა პერსონაჟის საცხოვრებელი ადგილი?
  4. რით განსხვავდება პერსონაჟთა სახლები ერთმანეთისგან?

ეტაპი 4

გრამატიკული სამუშაო:

  1. რომელი სიტყვაუპასუხებსკითხვას „როგორი“?
  2. დავაკვირდეთ ზედსართავებს აღწერით ტექსტში;
  3. კიდევ რა ენობრივი საშუალებებია გამოყენებული პერსონაჟის გარემოს აღწერისათვის?
  4. ვისწავლოთ სივრცითი მიმართებები, ზმნიზედები;
  5. დავაკვირდეთ ზმნისწინებს;
  6. აღვწეროთ ჩვენი საცხოვრებელი გარემო.

ეტაპი 5

ლექსიკური სამუშაო:

  1. ლექსიკა
  • სიტყვის მნიშვნელობა
  • სიტყვების დალაგება
  • სიტყვების გადაწყობა ჯგუფების თუ შინაარსის მიხედვით
  • სიტყვების დაკავშირება
  • სიტყვისკოგნიტიურირუკები
  • საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვების ამორჩევა
  • სინონიმების ამორჩევა
  • ერთი სიტყვისგან ნაწარმოები სიტყვების ამორჩევა
  • სიტყვის წარმოება-მარტივი, რთული
  • სიტყვის მისადაგება ილუსტრაციასთან
  • ზედმეტი სიტყვის გამორიცხვა

ეტაპი 6

შემოქმედებითი სამუშაო:

  1. დავხატოთ პერსონაჟის საცხოვრებელი გარემო;
  2. ავაწყოთ პატარა დიორამა;
  3. ავაწყოთ დიდი დიორამა;
  4. გამოვიყენოთ ფერადი ქაღალდი, კინეტიკური ქვიშა, პლასტილინიდა სხვა მასალები, ასევე, ბუნებრივი მასალები.

ეტაპი7

წერითი სამუშაო:

  • აღვწეროთ პერსონაჟის სივრცე;
  • საგნები, რომლებიც გამოყენებულია პერსონაჟის საცხოვრებელ გარემოში;
  • მივუსადაგოთ ჩვენ მიერ დახატული/აწყობილი ილუსტრაციები ტექსტს;
  • მოვუფიქროთ პერსონაჟს ალტერნატიული სივრცე;
  • როგორ მოიქცეოდა ერთი რომელიმე პერსონაჟი მეორესთან სტუმრად რომ აღმოჩენილიყო;
  • როგორი შეიძლება იყოს სივრცე, რომელმაც შეიძლება ყველა ეს პერსონაჟი გააერთიანოს;
  • როგორია ჩემი საცხოვრებელი სივრცე?

 

ანბანის ახსნის სახალისო აქტივობები

0

ალბათ დამეთანხმებით, რომ განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს. მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დაწყებითი კლასის მოსწავლეებში. როდესაც მთელი კვირა ვგეგმავდი, რა აქტივობებს განვახორციელებდი ანბანის ახსნის დროს, უკუკავშირში ერთ-ერთმა მოსწავლემ კითხვაზე: ,,რა მოგეწონათ ყველაზე ძალიან დღევანდელ გაკვეთილში?“, პასუხად დამიბრუნა: „კარზე დაკიდებული წვიმები“. შემდეგ უფრო კონკრეტულად დავსვი შეკითხვა „რომელი აქტივობა მოგეწონათ?“. და შესაბამისად, უფრო დაკონკრეტებული პასუხიც მივიღე, თუმცა მოსწავლის პასუხმა მიმახვედრა, რომ მათთვის აქტივობების გარდა, გარემოსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე გამიხარდა, რომ ამაზე ნაფიქრი მქონდა.

წარმოგიდგენთ ჩემ მიერ განხორციელებულ აქტივობებს, რომლებიც ანბანის შესწავლის დაწყების დღეს განვახორციელე.

რაოდენ ბანალურიც არ უნდა იყოს, გეტყვით, რომ ბუშტები ის მარტივი საგანია, რომელიც მოსწავლეს ყოველთვის უხარია და არასდროსაა ზედმეტი. სწორედ ამიტომ, იისფერი ბუშტები ყველა მერხს დავუმაგრე. საკლასო ოთახის შემოსასვლელში კი ზემოთ ნახსენები წვიმები დავკიდე, ისიც იისფერი.

მოსწავლეებს გაკვეთილის გეგმა გავაცანი, თუ რას ეძღვნებოდა ჩვენი საგაკვეთილო პროცესი. ვაყურებინე საინფორმაციო ვიდეოს იაკობ გოგებაშვილზე და მოვასმენინე სიმღერა ანბანზე.

დავათვალიერებინე დედა ენის წიგნი, რომელიც 126-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლების მიერ არის შექმნილი. წიგნი გაფორმებულია საოცარი ნამუშევრებით, რომლებიც რუდუნებით არის შერჩეული. დედა ენის დიდი წიგნის დათვალიერება ყველა მოსწავლემ შეძლო. დაასახელეს საკუთარი სახელის თავბგერა, რომელთანაც შემდეგ სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.

დედა ენის წიგნის დათვალიერების შემდეგ დავურიგე წინასწარ მომზადებული ხელნაკეთი წიგნი. მოსწავლეებმა გააფორმეს წიგნის ყდა და შიგთავსი, სადაც ასო-ბგერა ,,ა“ და ,,ი“ იყო.

წიგნზე მუშაობის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა გამოჭრეს ფერადი ფურცლებისგან ია და ფოთლები, რომლებიც ერთ დიდ ფორმატზე დააკრეს და საბოლოო ჯამში იებით მოფენილი მდელო გამოვიდა. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ერთობლივი ნამუშევრის შექმნას, რადგან ის ყოველთვის იკავებს ადგილს საკლასო ოთახის თვალსაჩინო ადგილას.

განტვირთვის მიზნით, მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს ჩარჩოსთან, რომელიც გაფორმებული იყო იებით.

მოსწავლეებისთვის ერთ-ერთი საყვარელი აქტივობა არის პლასტილინების გამოყენება. სწორედ ამიტომ პლასტილინებისგან გამოვაძერწვინე ასო-ბგერა ,,ი“ და ,,ა“. მოსწავლეებს მუშაობის დაწყებამდე შევახსენე პლასტილინზე მუშაობის წესები. ბოლოს კი წიწიბურათი სავსე ზედაპირზე ვთხოვე შემოეხაზათ შესწავლილი ასოები.

ახალი მასალის განმტკიცებისთვის, მოსწავლეებს შევასრულებინე შემდეგი დავალება. ფორმატზე დავწერე ასო-ბგერები. ვუთხარი, რომ მიმოფანტულ ასოებს შორის მათ უნდა დაეჭირათ ასო-ბგერა ,,ი“ და ,,ა“.

აღსანიშნავია ისიც, რომ განწყობის შესანარჩუნებლად მუშაობის დროს ჩართული მქონდა მუსიკა.

მოსწავლეების ემოციებიდან გამომდინარე, ჩემი მიზანი შესრულებულია. მათ ამაღელვებელი განწყობა ნამდვილად შეექმნათ ანბანის ახსნის პირველ გაკვეთილზე. თუ როგორ გაგრძელდება ეს, ამაზეც ცხადია, ვიზრუნებ.

 

ვიზუალური ინსტრუმენტი – პლაკატი მათემატიკის გაკვეთილებისთვის

0

მათემატიკის გაკვეთილებზე პლაკატები, როგორც თვალსაჩინო მასალა, მოსწავლეებს ეხმარება ინფორმაციის ვიზუალურ აღქმაში, საკითხის მეტად ინტერაქციულ მიწოდებასა და უკეთ გააზრებაში. პლაკატების გამოყენება აადვილებს სწავლის პროცესს. უმეტეს შემთხვევაში, მათემატიკის პლაკატები საკლასო ოთახისთვის, როგორც წესი, შეიცავს სხვადასხვა ფორმულას, თეორემასა და კანონს. პლაკატები თუ მოსწავლეების მონაწილეობითაა შედგენილი, ის ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწავლა- სწავლების პროცესში, ვიდრე უბრალოდ პლაკატი.

დეკლარაციული ცოდნა, რომელიც არის ფაქტობრივი და კონცეპტუალური ცოდნა, როგორიცაა მათემატიკური წესები, თეორემები, ფორმულები, დამოკიდებულებები საზომ ერთეულებს შორის და სხვა, მნიშვნელოვანია სწავლა-სწავლებაში. მისი დახმარებით მოსწავლემ უნდა შეძლოს პროცედურული და პირობისეული ცოდნის შეძენა/გააქტიურება. წესებისა და ფორმულების მარტივად გააზრებისა და დამახსოვრების უამრავი სტრატეგია არსებობს, შესაბამისად, მოსწავლეთა რეგულარული გამოკითხვაც მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეებმა ფაქტობრივი ცოდნა გრძელვადიან მეხსიერებაში უნდა „ჩასვან“, რომ შეძლონ მისი სხვა ცოდნასთან დაკავშირება მაღალი სააზროვნო უნარების გამოყენებით.

მინდა, გაგიზიაროთ თემის „ბრტყელი გეომეტრიული ფიგურა“ ფარგლებში მოსწავლეთა მიერ შექმნილი პლაკატები, სადაც თვალსაჩინოა გეომეტრიული ფიგურების ელემენტებს შორის კავშირების დამყარება და შემოქმედებითად გამოსახვა, რადგან უფერო, მოსაწყენი, დაფაზე დაწერილი მათემატიკის ფორმულები ვერ მიიპყრობს ყურადღებას, არ არის საინტერესო და ინფორმაციული.

ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები მე-8 კლასში ბევრ განსაზღვრებას, თეორემასა და ფორმულას მოიცავს, მისი ცოდნა მნიშვნელოვანია პრობლემების გადასაჭრელად. ამიტომ მარტივად დამახსოვრებისათვის ჩემს მოსწავლეებთან პლაკატების შექმნის სტრატეგია გამოვიყენე, როგორც დეკლარაციული ცოდნის საუკეთესო ორგანიზატორი. პლაკატებს მოსწავლეები ქმნიან, „პლაკატის შექმნის მახასიათებლების“ გათვალისწინებით, ხოლო დიზაინის არჩევაში სრული თავისუფლება აქვთ.

მოსწავლეებს ვთავაზობ პლაკატები შექმნან CANVA.COM-ში.

canva.com ეს არის ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პლაკატების შექმნა. მასში მუშაობა ძალიან მარტივია როგორც კომპიუტერით, ასევე ტელეფონით. პირველ რიგში რეგისტრირდები, ირჩევ ენას, შემდეგ ირჩევ პლაკატის დიზაინს, რომლის უამრავი შაბლონია განთავსებული Canva-ში ჩანაწერების გასაკეთებლად. ქმნი პროდუქტს. იგი არის შესანიშნავი საშუალება მასალების ერთმანეთთან დასაკავშირებლად და გასაერთიანებლად. აუმჯობესებს სწავლის პროცესს, სახალისოს ხდის მას.

ესაა ინსტრუქცია, როგორ უნდა შექმნა სასურველი დიზაინის პლაკატი და გუნდი ვირტუალური თანამშრომლობისა და უკუკავშირებისათვის.

საკლასო ოთახისთვის საგანმანათლებლო პოსტერის მახასიათებლები.

პოსტერი უნდა იყოს:

 

·         ლაკონიური, მაგრამ ინფორმაციული.

როგორც წესი, პოსტერი არ უნდა მოიცავდეს ბევრ ტექსტს. უკეთესი ვიზუალიზაციისთვის გამოიყენეთ ინფოგრაფიკა, გრაფიკები და სხვადასხვა ცხრილი, ასევე სურათები.

·         სიმარტივე.

პლაკატის ენა უნდა იყოს მარტივი და გასაგები. ტერმინები უნდა იყოს სწორი.

·         უნდა მიიპყროს ყურადღება.

პლაკატი უნდა იყოს ნათელი და შესაბამისი შრიფტის, ისე, რომ ბოლო მერხზე მყოფმა მოსწავლეებმაც შეძლონ მის დანახვა.

·         უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლეთა ასაკს

·         მასალა ლოგიკურად უნდა იყოს დალაგებული.

პლაკატზე საკითხის შესახებ ყველა ინფორმაცია თანმიმდევრობით უნდა დალაგდეს და არ უნდა შეიცავდეს შეცდომებს.

 

შექმნის პროცესი საინტერესო იყო – მოსწავლეები თავიანთ ნამუშევრებს აგზავნიდნენ ონლაინსივრცეში, თანამშრომლობდნენ და ერთმანეთს აძლევდნენ უკუკავშირს, პლაკატის შინაარსის, მათემატიკური ტერმინებისა და სიმბოლოების სწორად გამოყენებაზე. ერთი და იგივე პლაკატი ბევრჯერ ჩასწორდა და მიიღო საბოლოო ფორმა. ეს პროცესი მოსწავლეებისათვის სასარგებლოა, რადგან ავითარებს უკუკავშირის კულტურას (მე, როგორც მასწავლებელი, თვალ-ყურს ვადევნებდი, როგორ არიან მოსწავლეები ჩართულნი პროცესში), თანამშრომლობის საფუძველზე კი იქმნება პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს მისი შინაარსის დამახსოვრებას. გარდა ამისა, შექმნილი პლაკატები ამოიბეჭდა და გავაკარით საკლასო ოთახში, როგორც თვალსაჩინო პლაკატები სხვადასხვა ფიგურების თვისებებისა. თვალსაჩინოება კი ცნობილია, რომ ხელს უწყობს მასალის უკეთ აღქმას, გაგებასა და დამახსოვრებას.

წარმოგიდგენთ ჩემი მოსწავლეების ზოგიერთ ნამუშევარს

თემა: ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები

სამიზნე ცნება/ქვეცნება:

მათემატიკური მოდელი: პარალელოგრამი, მართკუთხედი, რომბი, კვადრატი, ტრაპეცია, შუახაზი

კანონზომიერება: ფიგურის ელემენტებს შორის კავშირების დამყარება

ლოგიკა: მსჯელობა დასაბუთება. ოთხკუთხედების კლასიფიკაცია

 

მოსწავლეებს მოეწონათ canva.com-ის „სასწავლო გარემოთი“ სარგებლობა, სადაც თავისუფლად გამოხატეს თავიანთი იდეები და მოსაზრებები. შეძლეს სასურველი დიზაინის პლაკატების შექმნა და მონაწილეობა საკლასო დისკუსიაში, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ შეიძინონ/შეინარჩუნონ ცოდნა და გამოიყენონ იგი შემდგომ ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად. პლაკატები ასევე უზრუნველყოფს მასწავლებლების მხარდაჭერას რესურსებით, რომლებიც უმნიშვნელოვანესია სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეთა საგანმანათლებლო შედეგების გასაუმჯობესებლად.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

https://ncp.ge/ge/curriculum?subject=36&subchild=198;

  1. მათემატიკის გზამკვლევი მე-8 კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/merve-klasi/ ;

https://math.ge/standarti-damkhmare-resursebi/.

 

 

 

 

და მაინც, რა მჭირდება? – ძირეული ფსიქიკური მოთხოვნილებების შესახებ

0

„რა გინდა?“ ზოგჯერ სასოწარკვეთითაც კი მიახლი საკუთარ თავს ამ კითხვას. მშობლებსაც და სხვა აღმზრდელებსაც – დროდადრო უიმედოდ და მარცხის განცდით, დანებებულებს – აღმოხდებათ ეს კითხვა. საკუთარი თავის და ერთმანეთის ბევრი მიზეზის გამო არ გვესმის. იქნებ, პირველ რიგში, იმის გამო, რომ რაც გვჭირდება, ახირებებად და დაჟინებულ სურვილებად მიგვაჩნია, ხოლო რაც გვინდა და რაც დაგვიჟინებია მოთხოვნილებებად ვთვლით?

 

რა გვჭირდება?

სქემაზე ფოკუსირებული კოგნიტური თერაპიის[1] თანახმად, ჩვენს ქცევებს რამდენიმე ძირეული ფსიქიკური მოთხოვნილება ამოძრავებს. სწორედ ისინი წარმოადგენენ ქცევების წარმმართველს, ხოლო მათი დაკმაყოფილება ქცევის საბოლოო მიზანია. განსხვავებების მიუხედავად, სწორედ ეს მოთხოვნილებები გვამსგავსებს ერთმანეთს. ისინი ზოგადადამიანური მოთხოვნილებებია, რომლებიც ყველა ადამიანს აქვს და რომელთა დაკმაყოფილებისკენ, როგორც წესი, თითოეული ჩვენგანი ისწრაფვის.

  • უსაფრთხოება, უვნებლობა, დაცულობა (Safety);
  • განჭვრეტადობა, წინასწარმეტყველებადობა (Stability);
  • საზრდოობა (Nurturance);
  • დამოუკიდებლობა (Autonomy);
  • უნარიანობის განცდა (Competence);
  • იდენტობის განცდა (Sense of Identity);
  • მოთხოვნილებებისა და ემოციების გამოხატვის თავისუფლება (Freedom to express one’s

needs and emotions);

  • სპონტანურობა და თამაში (Spontaneity and play);
  • სამყარო რეალისტური შეზღუდვებით (World with realistic limits) – (Rafaeli, Bernstein,

Young, 2011).[2]

 

უსაფრთხოება, უვნებლობა, დაცულობა (Safety)

უსაფრთხოების, უვნებლობისა და დაცულობის განცდის უზრუნველყოფა, პირველ რიგში, მიჯაჭვულობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ეფუძნება.

მიჯაჭვულობის მოთხოვნილება წარმოადგენს ჩვენი ხანგრძლივი უსუსურობისა და სხვაზე სრულად დამოკიდებულების მოთხოვნილების შედეგს. ადამიანი ხანგრძლივი დროის მანძილზე, ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის, დამოკიდებულია მზრუნველ პირსა და მის მგრძნობიარობაზე, ანუ, იმის უნარზე, თუ რამდენად ზუსტად შეუძლია სიტყვებით ჯერ კიდევ შეუიარაღებელი, პატარა არსების მინიშნებების სწორად ცნობა და მათთან შესატყვისად გამოხმაურება.

უსაფრთხოების, უვნებლობისა და დაცულობის განცდა მზრუნველი პირის „გადამდები“ სიმშვიდისა და იმ სიხარულის შედეგია, რომ შენ არსებობ და მე, როგორც შენზე მზრუნველი ხშირად სიხარულით ვეხმაურები შენს მოთხოვნილებებს და, შესაბამისად, შენს არსებობას. ჩემი სასიცოცხლო ძალა და ძალისხმევა შენკენაა მომართული და სხვა საზრუნავები შენზე ზრუნვაში ხელს არ მიშლის. მსგავსი დამოკიდებულების შედეგია სასურველობისა და მიკუთვნების განცდაც: ვიცი, რომ მელიან და მიმიხარია მასთან, ვინც მელის, როგორც სასურველს.

სასურველობის განცდის გაშინაგნებასთან ერთად, ვრწმუნდები იმაში, რომ ჩემი მოთხოვნილებების გამოხატვა მისაღებია: რადგან განვითარების ადრეულ საფეხურზე ჩემზე მზრუნველი პირი თანმიმდევრულად ეხმაურებოდა ჩემს მოთხოვნილებებს, მჯერა, რომ ისინი მნიშვნელოვანია და ცხოვრების სხვადასხვა საფეხურზე განცდილ უარს გაცილებით მედგრად ვიღებ. რაც მთავარია, შემიძლია, განვშორდე ისეთ გარემოს – მათ შორის, ურთიერთობებს – რომელიც ჩემს მოთხოვნილებებს დამაკმაყოფილებლად არ ეხმაურება.

დამაკმაყოფილებლად გამოხმაურება არ ნიშნავს, რომ ჩემზე მზრუნველი პირი ან შემდგომში ჩემთვის უახლოესი ადამიანები – შეყვარებული, მეუღლე, მეგობრები და ა. შ. – ყოველთვის უზადოდ უნდა ეხმაურებოდნენ ჩემს მოთხოვნილებებს.

ზოგიერთი კვლევის თანახმად, განსაზღვრული მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის კავშირის დამყარების მცდელობების 60-70%-თან, ხოლო ზოგიერთის მიხედვით, 30-40% -თან შესატყვისად გამოხმაურებაც კი უსაფრთხოებისა და მიკუთვნების განცდის საფუძველს ქმნის.

მთავარი კი ძალისხმევის განცდაა: შენი სურვილი და მცდელობა, ზუსტად გაგეგო ჩემთვის და გამომხმაურებოდი.

 

განჭვრეტადობა, წინასწარმეტყველებადობა (Stability)

რამდენად თანმიმდევრულად ეხმაურებოდი ჩემს მოთხოვნილებებს? – შესაძლოა, ბევრ ადამიანს ამ კითხვის ჩამოყალიბება არ შეუძლია, თუმცა მათი ქცევები ამ კითხვის დასმის ტოლფასია. მეგულებოდი თუ არა, როგორც მზრუნველი პირი, რომლის ქცევების განჭვრეტაც  შესაძლებელი იყო? ანუ მეგულებოდი თუ არა, როგორც ადამიანი, რომელიც საკმაოდ ხშირად და შესატყვისად ეხმაურება ჩემს მოთხოვნილებებს? შემეძლო დაგყრდნობოდი, თუ განუსაზღვრელი იყო, რა შემთხვევაში როგორ გამომეხმაურებოდი? იქნებ ერთი და იმავე მოთხოვნილებების გამოხატვის მცდელობას, ძირითადად, სხვადასხვაგვარად ეხმაურებოდი ზოგჯერ გულისხმიერებით, ზოგჯერ, შეიძლება მტრულადაც კი, ხოლო ზოგჯერ უგულებელმყოფი სიჩუმით? რა ვისწავლე სხვაზე დამოკიდებულებასთან დაკავშირებით? ის, რომ სხვაზე დამოკიდებულება შეიძლება, როდესაც მჭირდება, თუ ის, რომ სხვა არასაიმედო და მყიფეა? რა ვისწავლე ირგვლივმყოფებთან დაკავშირებით? ის, რომ ირგვლივმყოფები, ძირითადად, სანდოები არიან, თუ იმედგამაცრუებლები და არაწინასწარმეტყველებადები?

 

საზრდოობა (Nurturance)

მასაზრდოებელი დამოკიდებულების მოთხოვნილება წარმოადგენს გულისხმიერი მზერის, კეთილგანწყობილი ცნობისმოყვარეობის მოთხოვნილებას: თითოეულ ჩვენგანს დროდადრო მაინც სურს, მისი შინაგანი, ფსიქიკური სამყარო მეორე ადამიანისათვის მისაწვდომი იყოს. თუმცა თავად ამ მოთხოვნილებისადმი როგორ განვეწყობით, იმაზეცაა დამოკიდებული, რა შედეგები მოჰყვებოდა ჩვენდამი ცნობისმოყვარეობას. თუ ჩვენდამი ცნობისმოყვარეობას ჩვენი დარცხვენა მოჰყვებოდა, სავარაუდოდ, ვისწავლეთ, რომ ჩვენი შინაგანი მდგომარეობების გაზიარებას მტკივნეული შედეგები მოჰყვება და ჩვენსა და ჩვენს მზრუნველ პირს შორის კავშირს საფრთხე ექმნება. შესაბამისად, ბევრი ადამიანი საკუთარი შინაგანი მდგომარეობების გამოხატვისგან თავშეკავების სანაცვლოდ, მიკუთვნების განცდის უზრუნველყოფას ცდილობს, რადგან მისი მცდელობებისკენ მიმართული იყო არა მასაზრდოებელი, არამედ, პირიქით, დამთრგუნველი დამოკიდებულება.

 

დამოუკიდებლობა (Autonomy)

მშობლებისათვის გამოწვევებით დატვირთული ხანა მათსა და შვილებს შორის ურთიერთობაში შვილის მიერ დამოუკიდებლობისა და განცალკევების სურვილის სხვადასხვა სახით გაცხადებაა. მას შემდეგ, რაც მეტად დამოუკიდებლად შეგვიძლია მოძრაობა და გადაადგილება, ვლინდება მშობლებისგან ნაბიჯ-ნაბიჯ განცალკევების სურვილი. განვითარების ამ საფეხურზე ჩვენი წარმოდგენები ჩვენსავე შესაძლებლობებზე მეტისმეტად აღმატებულია, რადგან ჯერ ისევ გვწამს, რომ ჩვენი სურვილები უპირობოდ უნდა ასრულდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, გარესამყარო ზოგჯერ სულაც არაა განწყობილი ჩვენს სურვილებთან უპირობოდ გამოხმაურებისათვის.

მზრუნველი პირების წინაშე ახალი ამოცანაა: მათგან, შეძლებისამებრ უსაფრთხოდ განცალკევების საფუძველზე, ვისწავლოთ საკუთარი მოთხოვნილებების დამოუკიდებლად დაკმაყოფილება. განცალკევების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, აღვიჭურვოთ შინაგანი მდგომარეობებისა და გამოცდილებების, განცდების აღმწერი მდიდარი და ზუსტი სიტყვებით, რომლებიც მომავალში ჩვენი მოთხოვნილებების გამოხატვის უნარის განვითარება-დახვეწის საშუალებას მოგვცემს.

 

უნარიანობის განცდა (Competence)

ადამიანებს გვჭირდება, ვიცოდეთ, რომ ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გამკლავება შეგვიძლია. უნარიანობის განცდა რწმენაზე დაფუძნებული ცოდნაა: „მე შემიძლია, დავძლიო ყოველდღიური გამოწვევები და ვმართო საკუთარი შინაგანი მდგომარეობები. ჩემთვის ჩემი შინაგანი სამყარო საშიში არაა, მე მას ასე თუ ისე ვიცნობ და ვიცი, როგორ ვიურთიერთო საკუთარ თავთან და სხვებთან. ვიცი, როგორ გავუმკლავდე სირთულეებს და, ასევე, შემიძლია, დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მივმართო სხვა ადამიანებს, რადგან მჯერა, რომ ადამიანები, როგორც წესი, მოინდომებენ ჩემს მხარდაჭერას. შემიძლია, ვისწავლო“.

უნარიანობის განცდის მქონე ადამიანები ატარებენ რწმენას: „მეგულება, როგორც საკუთარი თავი, ასევე სხვები. სანდო ვარ და სხვებიც სანდოები არიან“.

 

იდენტობის განცდა (Sense of Identity)

ვინ ვარ მე?

როგორც წესი, განცალკევება-დამოუკიდებლობის საფეხური იმასაც მოიაზრებს, რომ გავარკვიო: რა მსიამოვნებს და რა არის ჩემთვის უსიამოვნო? რასთან ვგრძნობ კავშირს? რა აღძრავს ჩემში ცნობისმოყვარეობას და რატომ? რისკენ ვილტვი და რატომ?

შესაძლოა, როგორც მშობელს, მინდოდეს, რომ საქმიანობა, რომელიც ჩემში ცნობისმოყვარეობას აღძრავს, ჩემს შვილშიც ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი იყოს და თუ ეს ასე არ არის, ჩემთვის იმედგამაცრუებელი აღმოჩნდეს.

შესაძლოა, ჩემი შვილისგან განსხვავებული მუსიკალური გემოვნება მქონდეს – განსაკუთრებით, თუ ჩემი შვილი და მე სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს მივეკუთვნებით – თუმცა ჩემი იმედგაცრუების მართვა შემიძლია და ჩემი შვილისადმი კეთილგანწყობილი ცნობისმოყვარეობის გამოვლენა. თუ დავსვამ მარტივ კითხვას: „რატომ შეიძლება ეს მუსიკალური ჟანრი მოსწონდეს ჩემს შვილს?“ შეიძლება უამრავი ამაღელვებელი რამ აღმოვაჩინო მის შინაგან მდგომარეობებზე. ეს ასევე ქმნის მასზე ძალდაუტანებელი ზემოქმედების შესაძლებლობას, მშობლის გემოვნებაზე საუბრის სივრცეს და ურთიერთქმედების საშუალებასაც: „მე გულწრფელად მაღელვებს, რაც შენ გაღელვებს და იქნებ შენთვისაც ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი იყოს, რასაც მე გაცნობ?“

დროთა მანძილზე კითხვაზე – „ვინ ვარ მე?“ – გაცემული პასუხები იცვლება.

საკუთარ თავზე ხისტი წარმოდგენები შეგუებაში ისეთივე ხელის შემშლელია, როგორც სწრაფად ცვალებადი წარმოდგენები საკუთარ თავზე.

იმისათვის, რომ ცხოვრების სხვადასხვა საფეხურზე ამ კითხვას სარწმუნო პასუხები გავცე, სასურველია, ბავშვობიდან საგზლად გამომატანო განცდა: „შენ ჩემგან განსხვავდები, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს მივეკუთვნებით“.

 

მოთხოვნილებებისა და ემოციების გამოხატვის თავისუფლება (Freedom to express one’s

needs and emotions)

ადამიანი, როგორც არსება, რომელიც ცხოვრების სხვადასხვა საფეხურზე სხვადასხვა ხარისხითაა დამოკიდებული სხვა ადამიანებთან კავშირზე საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის, იმთავითვე ატარებს საკუთარი შინაგანი მდგომარეობების გამოხატვის მოთხოვნილებას.

ხშირად ადამიანები საკუთარი შინაგანი მდგომარეობებისა და მოთხოვნილებების გამოხატვისგან უკიდურეს თავშეკავებას ირჩევენ, რადგან ამას ბავშვობაში შეიძლებოდა მზრუნველ პირთან ურთიერთობის განუსაზღვრელი დროით შეზღუდვა მოჰყოლოდა.

 

სპონტანურობა და თამაში (Spontaneity and play)

თამაში და დაუგეგმავობა უსაფრთხოების განცდის შედეგს წარმოადგენს: მე შემიძლია, მოვდუნდე და გაფაციცებული არ ვაყურადებდე გარემოს, არ მივუდგე გარემოს ყოველთვის წინასწარგანზრახული და დაგეგმილი ნაბიჯებით, რადგან შემიძლია მოულოდნელობებთან დაკავშირებული განცდების მართვა. მოულოდნელობები ჩემთვის აუცილებლად უსიამოვნო კი არ არის, არამედ სასიამოვნო აღმოჩენებთანაა დაკავშირებული.

 

სამყარო რეალისტური შეზღუდვებით (World with realistic limits)

კავშირზე დამყარებული აღზრდა, ამავდროულად, ბავშვისთვის შეზღუდვების გათვალისწინების სწავლებას მოიცავს. ადამიანები, რომელთაც ბავშვობაში არ ასწავლეს, რომ ყოველთვის და ყველგან ისე ვერ მოიქცევიან, როგორც მათ სურთ, მოგვიანებით შეგუების სირთულეებს განიცდიან და მშობლებთან გამოუთქმელი საყვედური აკავშირებთ: „სინამდვილეში გზააბნეული ვიყავი და შენ მჭირდებოდი, რომ თავი დაკვალიანებულად მეგრძნო“.

მეტისმეტად მკაცრი შეზღუდვები, ისევე, როგორც შეზღუდვების დანაკლისი, ადამიანებს უნარიანობის განცდის რწმენის გამომუშავებისა და განმტკიცების საშუალებას არ აძლევს, რაც შემდგომში განიცდება როგორც დაუძლეველი ეჭვიანობა საკუთარი უნარიანობის მიმართ.

ბევრი ისურვებდა, რომ მათი მოთხოვნილებები არა ახირებებად ან სურვილებად შერაცხულიყო, არამედ იმად, რისი ასე თუ ისე დაკმაყოფილებაც გვჭირდება იმისათვის, რომ ჯანმრთელ, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვებისთვის კეთილდღეობის მომტან ადამიანებად ჩამოვყალიბდეთ.

 

[1] სქემაზე ფოკუსირებული კოგნიტური თერაპია (Schema Focused Cognitive Therapy) –  ფსიქოთერაპიული მიდგომა, რომელიც ადამიანის აწმყოში მიმდინარე სირთულეების ან ხანგრძლივი დროის მანძილზე უწყვეტად გამოვლენილი, ჩვეული, დამაზიანებელი, შეგუებაში ხელის შემშლელი, არაჯანსაღი ქცევების მართვის მიზნით, იყენებს ადამიანის ადრეული განვითარების საფეხურზე (0 – 5 წლამდე ასაკი) განცდილი დამაზიანებელი გამოცდილებების გახსენების, მათი ხელახლა განცდისა და სხვა სახის მიდგომებს იმისათვის, რომ ადამიანმა, პირველ რიგში, ძირეული მოთხოვნილებების არსებობა მიიღოს და მოაწესრიგოს როგორც საკუთარ თავთან, ასევე ირგვლივმყოფებთან, საქმიანობებთან და სხვა, მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გამოცდილებებთან მიმართება.

[2] Young J. E., Klosko J. S. and Weishaar M. E. (2006). Schema Therapy: Conceptual Model in Schema Therapy: A Practitioner’s Guide, (1 – 63), New York: Guilford Press.

ყოველდღიური ევოლუცია- რესურსი ბიოლოგიის გაკვეთილებისთვის

0

უკანასკნელი 105 წლის განმავლობაში მსოფლიომ ხუთი პანდემია გადაიტანა:

  • 1918 წელი – ესპანური გრიპი – ე.წ. ისპანკა;
  • 1958 წელი – აზიური გრიპი – H2N2;
  • 1968 წელი – გრიპი H3N2;
  • 2009 წელი – ღორის გრიპი H1N1;
  • 2019 წელი – კოვიდ-19.

ხუთივე სხვადასხვა სახეობის გრიპის ვირუსით იყო განპირობებული. სეზონური გრიპის წინააღმდეგ აცრა ყოველ წელს უნდა ჩაიტაროს ადამიანმა, განსხვავებით დიფთერიის, ტეტანუსისა და სხვა მიკრობებით გამოწვეული დაავადებებისგან. ცუდ მოგონებებთან არის დაკავშირებული კოვიდის ვირუსის შტამების სახელები – ბრიტანული, დელტა – ინდური, ომიკრონი და სხვა. ე.წ. ომიკრონის შტამის ვირუსი ათზე მეტი ცილით განსხვავდება პირველი შტამის ვირუსისგან. რა არის ასეთი სწრაფი ცვლილების მიზეზი? რა თქმა უნდა, ევოლუცია.

როცა სიტყვა „ევოლუციას“ ახსენებენ, უმრავლესობა ძალიან ხანგრძლივ პროცესს წარმოიდგენს, რომელიც უხსოვარ დროში მოხდა. სინამდვილეში იმ ორგანიზმების ევოლუცია, რომლებსაც ძალიან სწრაფი გამრავლება ახასიათებთ, ჩვენს თვალწინ ხდება, როგორც კოვიდ-19-ის შემთხვევაში.

ბიოლოგიის მასწავლებლისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, ამ თემაზე შეადგინოს დავალება, ან დაგეგმოს სასწავლო პროექტი. ჩემი დავალება გათვლილია მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებზე, თუმცა ბიოლოგიის სტანდარტი იძლევა იმის საშუალებას, რომ ის მეათე კლასშიც განხორციელდეს.

თემა: ევოლუცია;

საკითხები:

  • ევოლუციის თეორიები (ლამარკი, დარვინი, უოლესი);
  • სახეობა, სახეობის კრიტერიუმები;
  • მიკროევოლუცია და მაკროევოლუცია;
  • ბუნებრივი გადარჩევა და სახეობათა წარმოშობა;
  • შეგუებულობების ჩამოყალიბება;
  • ევოლუციის მტკიცებულებები.

მოსწავლე მოამზადებს სტატიას სახელწოდებით ,,ყოველდღიური ევოლუცია“.

 

ინტერესის აღძვრის მიზნით მოსწავლეები ნახულობენ სურათს:

მასწავლებელი დასვამს შეკითხვებს (შეკითხვები სავარაუდოა):

  1. რა არის გამოსახული სურათზე?
  2. სხვა რა საშუალებები არსებობს მწერებთან საბრძოლველად?
  3. ყოველ წელს ერთსა და იმავე საშუალებას იყენებთ? რატომ?

(მოსწავლეები უნდა მივიდნენ იმ აზრამდე, რომ მწერებზე დროთა განმავლობაში აღარ მოქმედებს წამალი. ამ ეტაპზე შესაძლოა მეათე კლასიდან გაიხსენონ ტერმინი ,,შეგუებულობა“, ,,ადაპტაცია“).

როცა ახსენებ ევოლუციას, ნებისმიერი ადამიანი აუცილებლად ჩარლზ დარვინს გაიხსენებს. აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მათ შეიძლება ჯერ კიდევ ჰქონდეთ განსხვავებული წარმოდგენა დარვინის თეორიასთან დაკავშირებით, მის წინააღმდეგ განწყობილიც ბევრია. მასწავლებლის არგუმენტაციას, ტონს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ასეთ დროს. როცა დარვინის თეორიას სწავლობენ, მშობლების დამოკიდებულებაც განსხვავებულია. მათთან კონსტრუქციული კომუნიკაციისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.

რაც არ უნდა ვთქვათ, ვიფიქროთ, დავეთანხმოთ ან არ დავეთანხმოთ, ჩარლზ დარვინი ინგლისის მეფეებისა და დედოფლების გვერდითაა დაკრძალული ვესტ მისტერის სააბატოში. მან აჩვენა სამეცნიერო ეთიკის საოცარი მაგალითი, როცა უოლესის თეორიასთან დაკავშირებით მეგობრებს მიმართა: „საერთოდ დავწვავ მთელ წიგნს, თუ ვინმე, მით უმეტეს უოლესი, იფიქრებს, რომ არაკეთილსინდისიერად მოვიქეცი“.

ჩარლზზე საკუთარ მამასაც არ ჰქონდა სერიოზული წარმოდგენა. „თოფის სროლის, ძაღლებთან თამაშისა და ვირთხების დევნის მეტი არაფერი გაინტერესებს – ასე თავსაც მოიჭრი და ოჯახსაც შეარცხვენ“ – ასე მიმართა 16 წლის დარვინს მამამ.

„კემბრიჯში გატარებული სამი წელი ჩემთვის… ისევე უაზროდ გაფლანგული დრო იყო, როგორც მანამდე – ედინბურგსა და სკოლაში“.

,,ჩემნაირი საშუალო შესაძლებლობების კაცისგან მართლაც გასაკვირია, რომ მოვახერხე და საგრძნობი გავლენა მოვახდინე მეცნიერებაზე და მათ შეხედულებებზე ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით“ – ჩარლზ დარვინი, 3 აგვისტო, 1876 წელი (წყარო: სახეობების წარმოშობა/დარვინი, გამომცემლობა დიოგენე 2022 წელი).

ჩარლზ დარვინის გავლენა იმდენად დიდი იყო არა მხოლოდ მეცნიერებაზე, არამედ საერთოდ კულტურაზე, რომ რამდენიმე ფილმიც გადაიღეს, სიმღერებიც ჩაწერეს:

https://www.youtube.com/watch?v=r547erujr9Y ჰეი ჩარლი (სუზი კუატრო).

„გას ვან სენტის ფილმი „არ დანებდე (ინგლ. ,,Restless”) 2011 წელს გამოვიდა და ორი ახალგაზრდის – ანაბელისა და ენოქის – ურთიერთობაზე მოგვითხრობს. ორივე ეგზისტენციალურ კრიზისშია. რაც, სავარაუდოდ მათი ურთიერთმიზიდულობის მიზეზი ხდება. ერთ-ერთ ეპიზოდში ენოქი ანაბელის ჩანთაში ხედავს წიგნს დარვინის პორტრეტით. ამას მოჰყვება დიალოგი:

  • რას კითხულობ?
  • დარვინის ბიოგრაფიაა, ახალი გამოცემა.
  • ევოლუციონისტის?
  • ჰო, ჩემი კერპია.
  • რატომ?
  • რატომ? თუნდაც იმიტომ, რომ კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი იდეის ავტორია, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ ისეთი ნიჭიერი იყო, შეძლო დაენახა, როგორ არის მოწყობილი სამყარო, ან შეიძლება იმიტომაც, რომ ის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იმ მეცნიერთაგან, ვინც კი ოდესმე ყოფილა ისტორიაში“.

(წყარო: სახეობების წარმოშობა/დარვინი, გამომცემლობა დიოგენე 2022 წელი). რესურსები მასწავლებლისთვის:

 

 დავალების პირობა

ამ თავში გაეცნობი

სავარჯიშოები

დასკვნა

ევოლუციის თეორია

ლამარკი, დარვინი, უოლესი

ბუნებრივი გადარჩევა

პირველი ორგანული მოლეკულა

პირველი უჯრედი

ევოლუციის მტკიცებულებები

ნამარხები

მოლეკულური მტკიცებულებები

მიკროევოლუცია და მაკროევოლუცია

სახეობის წარმოქმნა

ეუკარიოტების ევოლუცია

გეოლოგიური დროის სკალა

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://publika.ge/article/bolo-100-wlis-yvelaze-cnobili-pandemiebi/

რა ვიცით ომიკრონის შესახებ;

სახეობების წარმოშობა/დარვინი, გამომცემლობა „დიოგენე“, 2022 წელი

სალიტერატურო სპორტი

0

ამ წერილის სათაური ერთი უჩვეულო პოეტური ტექსტიდან ავიღე, დათო ბარბაქაძემ რომ წაიკითხა თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე. პოეტური ტექსტი მისი რედაქტორობით გამოცემული ჟურნალის წინასიტყვაობაა. არ ვიცი, გრაფიკულად როგორ გამოიყურება, ამიტომ სტრიქონებად იმის მიხედვით ვანაწილებ, როგორც წაკითხვისას მესმის (შეგიძლიათ, თქვენც მოისმინოთ: https://www.facebook.com/watch/?ref=saved&v=211073818479758 ):

„ჟურნალი გამოდის არარეგულარული პერიოდულობით.

გამოქვეყნებული ტექსტები არაჰონორირებადია.

ჟურნალი არაკომერციულია და მისი ტირაჟი ამოწურვამდე

საჩუქრად ურიგდება ავტორებს, მკითხველებს და ბიბლიოთეკებს.

ჟურნალი არ თანაუგრძნობს სალიტერატურო სპორტის არცერთ სახეობას

და განკუთვნილი არ არის სამწერლო ბიზნესში დასაქმებული ავტორებისთვის.

ის არც არასრულწლოვანი და ყველა ჯურის მეინსტრიმზე ორიენტირებული მკითხველისთვის არის განკუთვნილი.

რედაქტორი, შესაძლებლობისამებრ, განაგრძობს თავდაცვას მატერიალისტური მოტივაციით მებრძოლთა დაუნდობელი მონდომებისგან,

მაღალი იდეალებით შენიღბულ მათ ბიზნესგეგმებს

ნებისმიერი მოყვასი სიყვარულით დაექვემდებაროს

და მათი მომხმარებლური მიზნების სამსახურში იქნას ჩაყენებული

ნებისმიერი არამატერიალისტური პლატფორმა.“

ვუსმენდი და ვფიქრობდი, ღმერთო-მეთქი, ეს ხომ მე ვარ?! მე ვარ ეს – „სალიტერატურო სპორტში“ ჩართული. მანამდე დათო ბარბაქაძემ ისიც თქვა, ჩემს ლექსებს მხოლოდ ახლობლები კითხულობენ და საკმარისიაო. არასდროს მქონია იმისი ამბიცია, მრავალ ენაზე თარგმნილი ავტორი ვყოფილიყავიო. ამ წინასიტყვაობის წაკითხვამდე კი აღნიშნა, მე ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ციფრული ტექნოლოგიების აღზევებას მოვესწარი – ახლა ყველა ეს ლიტერატურული პრემია და ჯილდო ამ ტექნოლოგიებს დარჩებათ, პოეზიაში კი ის ადამიანები იქნებიან, ვინც სიგიჟემდეა შეყვარებული ამ საქმეზე და ისინი, უბრალოდ, ლექსებს დაწერენო.

შემშურდა – რა იქნებოდა, მეც ასე დაცლილი ვყოფილიყავი ეგოსგან, ფუჭი ამბიციებისგან?

საერთოდ, რაც ლიტერატურაში ფეხი შემოვდგი, განდეგილ მწერლებს („ბოჰემურ მწერლებსაც“ რომ უწოდებენ) შევნატრი. იქნებ ნამდვილი ხელოვნება სწორედ ჯილდოებისა და ზიზილპიპილოების მიღმაა, სისტემის მიღმა? იქნებ იყო ხელოვანი, ნიშნავს, გარკვეული თვალსაზრისით, იყო აუტსაიდერი, მარგინალი? სულ მაქვს ეს ფიქრი. ამიტომაა, რომ ჩემთვის მოსაწონ წიგნებს არ ვარჩევ ლიტერატურული წრის მიერ ნაქებ და ატაცებულ წიგნებს შორის. ამიტომაა, რომ რეცენზიებს სრულიად განზრახ იმ რომანებსა და პოეტურ კრებულებზე ვწერ, რომლებიც, ჩემი აზრით, ვერაა დაფასებული სათანადოდ.

მეორე მხრივ, შეჯიბრები ისედაც სულ მძულდა, ინტელექტუალური თამაშებით დაწყებული (რომლებშიც მონაწილეობას ყველა მავალდებულებდა, როგორც კარგ მოსწავლეს, მაგრამ მე ჯიუტად ჩემს აზრზე ვიყავი) სტუდენტურ-ახალგაზრდული ლიტერატურული კონკურსებით დამთავრებული. ეს კიდევ ერთი სენია: ჩვენში რატომღაც მიიჩნევა, რომ ლიტერატურაში აუცილებლად რომელიმე კონკურსის გავლით უნდა მოხვიდე – ასე გაგიცნობს ლიტერატურული წრე, ასე იშოვი გამომცემელს და მერე შეიძენ მკითხველსაც.

სინამდვილეში, შემოქმედებასთან კონკურსებს კავშირი არა აქვს. ამას მაშინღა მივხვდი, როცა შემოქმედებითი წერის ბანაკში წავედი უკრაინელ, სომეხ, რუს და თურქ მწერლებთან ერთად. აღმოჩნდა, რომ კონკურსები კი არა, სწორედ ეს მჭირდებოდა – ადამიანები; ადამიანები, რომლებიც იმავე ცხოვრებისეულ ეტაპზე არიან, რომელზეც მე და იმავენაირ პრობლემებთან უხდებათ გამკლავება. იმ დროს უკვე ვმუშაობდი „აკუმზე“. არ ვიცოდი, რა მომეხერხებინა ამხელა ტექსტისთვის, რომლის მეოთხედიც არ დამეწერა ჯერ და არც ის ვიცოდი, რა მომეხერხებინა ჩემი ცხოვრებისთვის. ჩემი ცხოვრება კი ერთგვარად ჩიხში იყო – ძველი ჩამოინგრა, ახალი ჯერ არ ჩანდა. ჰოდა, სწორედ ბანაკში ვიპოვე ის ხალხი, ვისაც ამაზე დაველაპარაკებოდი. ამ საუბრებმა მიმახვედრა, რომ არაფერი ანომალიური მე არ მჭირდა. ლიტერატურაში მოსასვლელად კი უკვე გატკეპნილ ბილიკს არ უნდა გავყოლოდი, ჩემი გზა უნდა მეპოვა, ოღონდ ნაღდ შემოქმედებაში, კონკურსებში კი არა.

ჩამოსულმა ჩემს მაშინდელ მეგობრებს გავუზიარე ეს დამოკიდებულება – ყოველწლიურად მონაწილეობდნენ რომელიღაც კონკურსში და სიტყვამ მოიტანა. მათგან ერთმა ასე მითხრა, ჰო, რა თქმა უნდა, ნანა, შენ უდაბნოში განრიდებული ბრძენი ხარ და ეს ყველაფერი არ გეხებაო.

„უდაბნოში განრიდებული ბრძენი“! და ახლა? აქამდე როგორ მოვედი? ეს ხომ არ ყოფილა ჩემი მიზანი: პატივი, დიდება, ჯილდოები და ეთერიდან ეთერში სიარული? ამისთვის ხომ არ მინდოდა ლიტერატურაში მოსვლა? ჩემი მიზანი თავისუფლების განხორციელება იყო, ჩემი თავისუფლების მანიფესტაცია ლიტერატურის მეშვეობით. ამის ნაცვლად კი შეჯიბრსა და იერარქიაზე დამყარებული სისტემის ნაწილი გავხდი, მის შუაგულში ვტრიალებ. ეს სწორია? ასე უნდა იყოს? იქნებ – არა, და პირიქით, დიდი შეცდომაა, ამ ორომტრიალში თავით რომ ვარ გადაშვებული?

თქვენ, ალბათ, არ გესმით, მაინც რატომაა სისტემის ნაწილად ყოფნა ასე ცუდი. შევეცდები, პუნქტებად ჩამოგიყალიბოთ:

 

  1. შემოქმედებითი თავისუფლება მეზღუდება

ბოლოს როდის დავწერე ის, რაც მე მინდოდა და არავის დაუვალებია? ბოლოს როდის ვიმუშავე ჩემთვის მშვიდად, შინ, არც რამე პროექტის და არც რამე პროგრამის ფარგლებში? არ ვიცი. თითქოს ეს არ კმაროდეს, ყოველი გამარჯვების მოლოცვისას, აუცილებლად მოადევნებენ: „არ გაჩერდე!“ „სულ წინ უნდა იარო!“

სინამდვილეში, თუ შემოქმედება გინდა და არა – დიდება, სწორედაც უნდა გაჩერდე და ხანდახან უკანაც უნდა დაბრუნდე. ავტორი არ ირჩევს სათქმელს, არც – ტექსტს, ტექსტი და სათქმელი თავად ირჩევენ ავტორს და ირჩევენ სწორედ მაშინ, როცა ის მათ მისაღებად მზადაა, არც ამაზე ადრე და არც – გვიან. მზაობის შეგრძნება მნიშვნელოვანია. ამ შეგრძნებას უნდა დაელოდო.

მეორე მხრივ, შემოქმედებითი ენერგიის არასწორად გადანაწილებამ შეიძლება, ფატალურ შედეგამდეც მიიყვანოს ადამიანი. ამას წინათ ალექსეი სულთანოვზე ვნახე დოკუმენტური ფილმი. მას შემდეგ სულ მახსოვს მისი მაგალითი. სულთანოვი მთელ საბჭოთა კავშირში ცნობილი პიანისტი იყო. მისი კარიერა ბრწყინვალედ გაგრძელდა ჯერ ამერიკაში, შემდეგ – იაპონიაში. გიჟური რეჟიმი ჰქონდა – ყოველკვირა კონცერტი, ზოგჯერ – კვირაში ორჯერაც და მოკლე-მოკლე შუალედებით, დღეგამოშვებით, მაგალითად. მისი ძმა ჰყვება, კონცერტებზე ემოციურადაც და ფიზიკურადაც ბოლომდე იხარჯებოდა, ყველაფერს გასცემდაო. ოცდაათ წელს გადაცილებულმა ორჯერ გადაიტანა ინსულტი. მეორე ინსულტმა პარალიზება გამოიწვია და მისი მუსიკალური კარიერაც დასრულდა. ამის შემდეგ რამდენიმე თვეში გულის შეტევით გარდაიცვალა, მხოლოდ 35 წლისა.

  1. ა რ ა ვ ი ნ უფრთხილდება ჩემს დროს

ეს იმით გამოიხატება, რომ ძნელად ან საერთოდ არ ესმით ჩემი უარი. ხან კი ცდილობენ, თავიანთი საქმეც მე გამაკეთებინონ: ერთ გადაცემაში უნდა მივსულიყავი. ჟურნალისტმა მომწერა, შეკითხვები წინასწარ ხომ არ გავიაროთო. ავუხსენი, საჭირო არაა ჩემთვის, მაგრამ თუ თქვენ გინდათ, გავიაროთ-მეთქი. როგორ გგონიათ, შეკითხვების წინასწარ გავლა რას ნიშნავდა? ღამით დამირეკა და საათ-ნახევარი მალაპარაკა ჩემი წიგნების შინაარსზე. მეორე დღეს კი წარდგენისას ის თქვა, რაც წინა საღამოს ვუთხარი. ის ჟურნალისტია, მისი მოვალეობა და საქმე ინფორმაციის მოძიებაა. ყველაფერი ეს, რაც მე გამომკითხა და რაშიც დრო დამაკარგვინა, მისი დასაძებნი და წასაკითხი იყო.

  1. ჩემი სტატუსი განსაზღვრავს ადამიანების დამოკიდებულებას ჩემდამი

ისინი, ვინც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი ჩემი მთავარი საქმისადმი და პირდაპირაც მეუბნებოდნენ, რა ლიტერატურა, ვის სჭირდება შენი ლიტერატურა, ჯერ საქმე აკეთე და მერე ის, რაც შენს გულს უხარიაო, დღეს მეუბნებიან, შენით ვამაყობთო. მე იგივე დავრჩი და ჩემი ტექსტებიც იგივე დარჩა. მხოლოდ სტატუსი შემეცვალა – ახლა ცნობილი ვარ.

ცნობილი ვარ და ამიტომ – ყველასთვის პატივსაცემი და საყვარელი. ჩემი საქმე კი უცებ დასაფასებელ და მნიშვნელოვან მოვლენად გადაიქცა.

  1. ყოველი წარმატება წინას ებმის ანუ თუ არ იქნა პირველი, საერთოდ არაფერი იქნება

„აკუმი“ რომ გამოვიდა, პირველ ხუთ თვეს მასზე დამაყრუებელი დუმილის მეტი არაფერი მსმენია. დარდისგან კინაღამ ხელი ჩავიქნიე. წელი გავიდა და წიგნმა ორივე ლიტერატურული პრემია მიიღო (ერთადერთი შემთხვევა ქართული ლიტერატურის ისტორიაში). „საბას“ მერე მთელმა კვირამ ინტერვიუებში გაიარა და მე კი სულ იმას ვფიქრობდი: „სად იყავით აქამდე?! თავად წიგნი ხომ ჯილდოთიც და უმისოდ ერთი და იგივე იყო? ახლა გახდა „აქტუალური“, პრემიების მიღების შემდეგ?“

ქართველი მწერლის მთელი სიმბოლური კაპიტალი ერთ „საბაზე“ რომაა მიბმული, დამეთანხმებით, ესეც პრობლემაა. წლევანდელი „საბას“ შემდგომ ვნებათაღელვას ბოსტონში გავასწარი, მაგრამ ჩემამდე მაინც მოაღწია კმაყოფილთა და უკმაყოფილოთა ხმებმა, ათასგვარმა დაპირისპირებამ და გულისტკენამ. არადა, ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს ფუჭი ალიაქოთია და ნებისმიერი ჯილდოს შემთხვევაში ეს ასეა. სანაქებო და სანატრელი ნობელის პრემია ბორხესისთანა მწერალს არა აქვს – რაზეღა შეიძლება აქ მსჯელობა? ისიცაა, რომ ჩვენი ლიტერატურული წრის მცირერიცხოვნება კიდევ უფრო საგრძნობს ხდის ამ ფუჭ ალიაქოთს – ძნელად წარმომიდგენია, ამერიკის წიგნის ეროვნული ჯილდოს შედეგებს ფეისბუქპოსტებითა და კომენტარებით ეხმაურებოდნენ გამარჯვებულები და ნომინანტები, ჟიურისადმი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ან იმას ჩიოდნენ, უსამართლოდ დაგვჩაგრესო. უფრო სავარაუდოა, რომ ისინი არც ერთმანეთს იცნობენ და არც ჟიურის წევრებს. და ეგებ არც ისეთი გულის ფანცქალით მოელიან ჯილდოს შედეგებს – ამერიკაში ხომ ლიტერატურული პრემიები სხვაც უამრავია.

  1. ამ სისტემის უბედურებებთან მარტო რჩები

მახსოვს, „აკუმის“ გამოცემა რომ გადაწყდა და პირველად ვბრუნდებოდი გამომცემლობიდან, უცებ გავიაზრე, როგორ დავშორდი ჩემი თაობის სხვა ახალგაზრდებს: ისინი ახლა შეყვარებულებს ებუტებიან, ახალ სამსახურს შოულობენ, საზღვარგარეთ მიდიან სასწავლებლად, მე კი გამომცემლობაში დავდივარ და იქ ტირაჟზე, ჰონორარზე და ასეთ გაუგებრობებზე ველაპარაკები ხალხს. ჩემსა და ჩემს ტოლებს შორის თითქოს უფსკრული გაჩნდა. ამის გააზრებამ დამასევდიანა. მოგვიანებით, როცა ეს ერთ ახლობელ ადამიანს გავუმხილე, მითხრა, ეგრე რატომ ფიქრობ, ეს ხომ (ჩემი წიგნი ასწია) საჩუქარიაო.

ახლობლებთან არაერთხელ მიცდია ლაპარაკი იმ ყველაფერზე, რაც ზემოთ დავწერე. უფრო ზუსტად, იმისი ახსნა მიცდია, ეს შეჯიბრი და წარმატებაზე გამოდევნება რომ მძულს და რომ დავიღალე ამით. მინდა, აქ მათი პასუხების ტოპხუთეული წარმოგიდგინოთ:

1.„ასეც უნდა იყოს!“

2.„მერე ეგ ხომ მაგარია!“

  1. „ჩვენ რომ ვამაყობთ და გვიხარია?“ (ეს ჩემი ფავორიტია ამ სიაში)

4.„რეკლამა და ცნობადობა საჭიროა!“

  1. „რას ამბობ, მაგაზე ოცნებობს ხალხი და შენ წუწუნებ?!“

მე კი ხანდახან თავი ზაზუნა მგონია, რომელიც გალიაში ბორბალზე დარბის…

მაშინ რატომღა ვაკეთებ ამ ყველაფერს?

იმიტომ, რომ ეს ავადსახსენებელი პატივი და დიდება პირდაპირაა დაკავშირებული მკითხველთან – იმისთვის, რომ მკითხველები გყავდეს, ცნობილი უნდა იყო, სხვა გზა არ არის. მე კი სულ მინდოდა, მკითხველი მყოლოდა და დღესაც ჩემი მთავარი ბედნიერება სწორედ მკითხველებთან შეხვედრა და მათი შეკითხვებისა და შეფასებების მოსმენაა – ურთიერთობის ის ალალი ფორმა, რომლის შექმნაც მხოლოდ ხელოვნებას შეუძლია.

მეორე მხრივ, ამდენმა პროექტმა, პროგრამამ და ფესტივალმა უამრავი რამ მასწავლა. მათი სრული გამორიცხვა ცხოვრებიდან მე, როგორც მწერალს, განვითარების საშუალებას მომისპობდა. პრობლემა უკონტროლო ტემპია და ის არაპროგნოზირებადი გარემო, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაშია. და კიდევ ის, რომ ჩვენ წარმატებული ადამიანი არ გვიყვარს – მისი პიროვნება არაფერია ჩვენთვის, მისი წარმატება კი – მხოლოდ სეირი, რომელიც ხვალ თუ აღარ იქნა, ადამიანს დაუნდობლად გადავუვლით და გავქელავთ.

მეორე უკიდურესობაც მიგრძნია: რომ თითქოს წარმატება გამართლების, პრივილეგიის შედეგი იყოს და ნაკლებად – შრომისა. ამას წინათ, კემბრიჯში, ირვინგ ჰაუსის მისაღებში, ვიჯექი და იელის ჟურნალს ვფურცლავდი. ეს ჟურნალი კურსდამთავრებულებზეა. მათზე იწერება სტატიები, არის მათთან ინტერვიუები და ყოველთვის მითითებულია, რომელ წელს დაამთავრეს იელი.

ვფურცლავდი და ვფიქრობდი, რა მაგარია-მეთქი. ჯერ ის, რომ უნივერსიტეტს ამდენი პროფესიონალი და შემდგარი ადამიანი ეყოლება და მერე ის, რომ ყველას ამბავს ასე გულდასმით მოიკითხავს და გაავრცელებს (აქვე ვიტყვი, რომ ჟურნალი მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეა დაბეჭდილი).

სულ შევნატროდი ასეთ ხალხს და იმედი მქონდა, ერთხელაც მეც ვიქნებოდი მათ შორის. ახლაც ამ ჟურნალის გადათვალიერებამ სასიამოვნოდ დამმუხტა, ჩემი თავისა და შესაძლებლობების რწმენა გამიმყარა იმით, რომ სხვა ადამიანების ტალანტები და მიღწევები მაჩვენა. იმასაც ვხვდები, რა გზის გავლა მოუწიათ ამ ადამიანებს, რა წინააღმდეგობების გადალახვა, რა სირთულეებთან გამკლავება…

მაგრამ ჩემ ირგვლივ სხვა დამოკიდებულებაც არსებობს: წარმოვიდგინე, ჩემი სანაცნობოს ნაწილი როგორ დაიწყებდა მათზე ქილიკს, როგორც მდიდრებსა და პრივილეგირებულებზე.

ისინი ამ ჩემს სტატიაშიც, ალბათ, პრივილეგირებული ადამიანის დრტვინვას ამოიკითხავენ, რომელსაც ამდენი რამ მიეცა და იმის ნაცვლად, რომ მადლობელი იყოს, წუწუნებს.

მაგრამ მე საწუწუნოდ არ დამიწერია ეს წერილი. იმისთვის დავწერე, რომ პოპულარობისა და „სანატრელი“ ცხოვრების მეორე მხარე მეჩვენებინა, ის მხარე, რომელიც თავისთავად არ ჩანს. მგონია, რომ მწერლის საქმე სწორედ ესაა – ასეთი მხარეების ჩვენება.

„დიდობის გრძნობა“ მოზარდებში 

0

ვფიქრობ, ყველა ის ადამიანი, რომლებსაც გარდატეხის, გარდამავალ ასაკში მყოფ ბავშვთან ჰქონია ურთიერთობა, დამეთანხმება, რომ „დიდობის გრძნობა“ მოზარდებში სწორედ ამ ასაკის დადგომას უკავშირდება. „მე უკვე დიდი ვარ, ბავშვივით ნუ მექცევი“; „ამის გაკეთება დამოუკიდებლადაც შემიძლია“; „მე რაც მინდა, იმას გავაკეთებ“; „თქვენ ვერ მიბრძანებთ“; „მე დამოუკიდებელი ვარ“; „მე თვითონ გავარკვევ“ – ხშირად სწორედ ამ ფრაზებით ხვდებიან მშობლები, რომ მათ შვილს გარდატეხის ასაკი დაეწყო. მართალია, ჩვეულებრივ გარდამავალი ასაკი დაახლოებით 10-11 წლიდან იწყება და 15-16 წლამდე გრძელდება, მაგრამ არსებობს, როგორც გენდერული – გოგონებში უფრო ადრე იწყება, ბიჭებში შედარებით გვიან – ასევე ინდივიდუალური განსხვავებებიც. თუმცა, რომელ ასაკშიც არ უნდა დადგეს გარდამავალი ასაკის კრიზისი, ის ერთნაირად ვლინდება – საკუთარი „დიდობისა“ და „ავტონომიის“ გამოცხადებით. ის გრძნობა, რომელიც ბავშვს ამისაკენ უბიძგებს სწორედ „დიდობის გრძნობის“ სახელით არის ცნობილი. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული გრძნობის აღმოცენება ამ პერიოდში შემთხვევით და უსაფუძვლოდ არ ხდება. ამჩნევს რა დიდ ცვლილებებს, როგორც ფიზიკურ, ფიზიოლოგიურ, ისე ინტელექტუალურ და სოციალურ განვითარებაში, მოზარდი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ ის უკვე ბავშვი აღარ არის და უფროსებისაგან მოითხოვს, რომ მას პატარად აღარ თვლიდნენ და მოეპყრონ, როგორც დიდს. დიდობის გრძნობა ვლინდება დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაშიც, მშობლების ჩარევისაგან საკუთარი ცხოვრების ზოგიერთი ასპექტის დაცვის სურვილში. მოზარდი საკუთარ თავს დიდად, ზრდასრულად აღიქვამს და სურს, რომ უფროსებიც ზრდასრულად მიიჩნევდნენ. ყველაზე მეტად მისთვის მიუღებელი ხდება ის წესები, რომლებიც ბავშვებისთვის არსებობს და რომლებსაც აქამდე სიტყვაშეუბრუნებლად ემორჩილებოდა. მას სურს უფროსების თანასწორი უფლებები. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მართალია, მოზარდი ცდილობს ზრდასრულთა სამყაროში დამკვიდრებას, მაგრამ ფსიქიკური შესაძლებლობები ამისათვის მას ჯერ კიდევ არ გააჩნია. ის აცნობიერებს, რომ მართალია, ბავშვი აღარ არის, მაგრამ ჯერ არც ზრდასრულია. ამ პერიოდში მოზარდები აქტიურად ჰბაძავენ უფროსებს, ყველანაირად ცდილობენ, დაემსგავსონ მათ, გოგონები იწყებენ მაკიაჟის გამოყენებას, ბიჭებში კი ფიქსირდება მოწევისა და ალკოჰოლისადმი ინტერესი. ისინი ცდილობენ, გადაიღონ უფროსების ქცევისა და საუბრის მანერები, იწყებენ მეტყველებისას ვულგარული სიტყვების გამოყენებას, რადგანაც აღნიშნულს დიდობის აუცილებელ ატრიბუტად მიიჩნევენ.

 

გარდატეხის ასაკიდან იწყება მშობლებისა და შვილების ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა, რომელიც უმტკივნეულოდ ნამდვილად არ მიმდინარეობს. თითქოს მშობლები ელიან ბავშვისგან დამოუკიდებლობის გამოვლენას, მაგრამ როგორც ცხოვრება გვიჩვენებს, ისინი ყოველთვის არ არიან ფსიქოლოგიურად მზად ამისათვის. უფროსებს არ შეუძლიათ მოზარდის ბევრი ისეთი ქმედების მიღება, რომლითაც ის მათ თავს ზრდასრულად აგრძნობინებს. გაუგებრობებით გამოწვეული უთანხმოება აფუჭებს ურთიერთობას მშობლებსა და შვილებს შორის, რაც ორივე მხარეს ტკივილსა და ტანჯვას აყენებს. ასეთ დროს მოზარდი სულ უფრო ხშირად წარმოთქვამს ფრაზას – „მე უკვე დიდი ვარ“. ბევრი მშობელი ცდილობს, დათრგუნოს, ჩაახშოს მასში „დიდობის გრძნობა“ შემდეგი სიტყვებით: „აი, როდესაც გახდები ნამდვილად დიდი და დამოუკიდებელი, მაშინ ილაპარაკე ამაზე, მანამდე კი გაჩუმდი და მოისმინე, რას გეუბნებიან“. ასეთმა ურთიერთობამ შეიძლება მიგვიყვანოს გარდამავალი ასაკის კრიზისის გამწვავებამდე.

 

იმისათვის, რომ მოზარდთან ურთიერთობაში ბევრი პრობლემა ავიცილოთ თავიდან, გავითვალისწინოთ, რომ „დიდობის გრძნობა“ მოზარდის პიროვნების განვითარების წყაროდ და მისი აქტივობის მთავარ მოტივად ითვლება. მაგრამ რა გზით წავა განვითარება, ბევრად არის დამოკიდებული უფროსებზე. იმის გაგება, თუ რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი დიდობის გრძნობა მოზარდის სრულფასოვანი განვითარებისთვის, ადვილი იქნება, თუ გავიხსენებთ მოზარდის განვითარების ძირითად ამოცანას – დამოუკიდებელი პიროვნების ფორმირება.

 

უნარები, რომელთა გამომუშავება მოზარდებში არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელიცაა და რომელთა ფორმირებაში ძალიან დაგვეხმარება დიდობის გრძნობა:

  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება და ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღება;
  • საკუთარი პირადი საზღვრების დაცვა და სხვების საზღვრების პატივისცემა;
  • თანასწორუფლებიანობის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობა ზრდასრულთა სამყაროსთან, პირველ რიგში მშობლებთან და მასწავლებლებთან;
  • საკუთარი მიზნების დასახვა და მათი მიღწევა.

 

ყველა ზემოაღნიშნულ უნართან ერთად, სრულფასოვანი განვითარებისთვის მოზარდს ესაჭიროება საკუთარი ღირებულებების სისტემა. ღირებულებათა ეს სისტემა შეიძლება იყოს მშობლების ღირებულებათა სისტემის მსგავსი, ან მისგან სრულიად განსხვავებული. მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს სწორედ მოზარდის ღირებულებათა პირადი სისტემა და არა სხვა ადამიანების ღირებულებების ნაკრები. ადამიანმა შეიძლება სხვისი ღირებულებები საკუთრად მიიჩნიოს, მაგრამ ღირებულებების, ფასეულობების მხოლოდ დამოუკიდებლად გააზრებამ, მათმა შეფასებამ და შემდგომში მიღებამ ან უარყოფამ შეიძლება უზრუნველყოს ადამიანის პიროვნების შინაგანი მთლიანობა. ღირებულებათა საკუთარი სისტემის არსებობა არის სიმშვიდის, საკუთარ თავში დარწმუნებულობის, სტრესგამძლეობის და წარმატების წინაპირობა.

 

 რეკომენდაციები – როგორ მოვიქცეთ, როგორ წარვმართოთ მოზარდთან ურთიერთობა, რა გავაკეთოთ, რომ „დიდობის გრძნობამ“ თავისი დადებითი როლი შეასრულოს მოზარდის განვითარებაში:

  • უპირველეს ყოვლისა გავითვალისწინოთ, რომ მოზარდის სურვილი, მოიპოვოს ზრდასრული ადამიანის სტატუსი, სრულიად ბუნებრივია. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი წინააღმდეგობა გავუწიოთ „დიდობის გრძნობის“ გამოვლენას, მით უმეტეს, რომ ეს წინააღმდეგობა ბადებს პროტესტს მოზარდში, რამაც შეიძლება საკმაოდ გაგვირთულოს ურთიერთობა აღსაზრდელთან და ახალი პრობლემების აღმოცენების მიზეზი გახდეს;
  • გვახსოვდეს, რომ მარტო ასაკი ბავშვს ზრდასრულად არ აქცევს. ერთი და იმავე ასაკის ადამიანები შეიძლება სხვადასხვანაირად მსჯელობდნენ, სხვადასხვანაირად ცხოვრობდნენ და სხავადასხვანაირად იქცეოდნენ გარშემომყოფებთან. ამდენად, ასაკობრივ თავისებურებებთან ერთად აუცილებელია მოზარდის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებაც;
  • გავითვალისწინოთ, რომ რაც უფრო გაგებით მოვეპყრობით მოზარდის დიდობის გრძნობას და რაც უფრო მეტად მივცემთ მას დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობას, მით ნაკლებად ექნება მას ეპატაჟური გამოხტომების დემონსტრირების სურვილი;
  • გვახსოვდეს, რომ ჭეშმარიტად დამოუკიდებელ პიროვნებად მოზარდი შეიძლება ჩამოყალიბდეს სიტუაციის შეფასებით, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებით და მათ შესაბამისად მოქმედებით. დამოუკიდებელი მოქმედებებით წარმატებების მიღწევით, შეცდომების დაშვებითა და მათი შედეგების გამოსწორებით მოზარდი იძენს შეუცვლელ გამოცდილებას და სწორედ ეს გამოცდილება აყალიბებს მას დამოუკიდებელ ადამიანად, უჩენს რწმენას, რომ დამოუკიდებლად მოქმედება უსაფრთხოა;
  • იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ პრობლემები მოზარდთან, რომელიც თავს უკვე დიდად, ზრდასრულად თვლის, მოგვიწევს მასთან ურთიერთობის სტილის შეცვლა. მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ მოზარდთან თანასწორუფლებიანი ურთიერთობა, როგორც „ზრდასრული-ზრდასრულთან“ ჩვეულებრივი „ზემოდან – ქვევით“ კომუნიკაციის ნაცვლად. გავითვალისწინოთ, რომ მოზარდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებთან ურთიერთობა, მათი მხარდაჭერა, მაგრამ ის არ იღებს იმ ურთიერთობას, რომელიც რაღაცნაირად ამცირებს მის „დიდობის გრძნობას“;
  • გავითვალისწინოთ, რომ „დიდობის გრძნობა“ ჯანსაღი და არსებითად ღირებული გრძნობაა. ამიტომ, ის კი არ უნდა დავთრგუნოთ, არამედ შევეცადოთ, სწორი მიმართულებით წარვმართოთ. მოზარდის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების აღიარება გონივრულ ფარგლებში უნდა მოხდეს. ხელმძღვანელობისა და კონტროლის სრულ გაუქმებაზე საუბარი არ შეიძლება, რადგან მოზარდს ზრდასრულის დახმარება და გვერდში დგომა სჭირდება. უბრალოდ ის უნდა გავათავისუფლოთ წვრილმანი მეურვეობისა და ზედმეტი კონტროლისაგან, თავსმოხვეული მზრუნველობისაგან, ყველაფერ იმისაგან, რაც გარკვეულწილად გამართლებული იქნებოდა სკოლამდელი ან უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის მიმართ. თავი შევიკავოთ კატეგორიული ტონის, განკარგულებების, ბრძანებების, უაპელაციო მოთხოვნების ბოროტად გამოყენებისაგან. საუბარია არა ზოგადად მტკიცე მოთხოვნების უარყოფაზე, არამედ მათი უხეში და მკაცრი ფორმების უარყოფაზე, რომლებიც შეურაცხყოფს მოზარდის ღირსების გრძნობასა და პატივმოყვარეობას;
  • მივიღოთ მოზარდი ისეთი, როგორიც არის. მოზარდობის პერიოდის ყველა გამოვლინება გაივლის, მთავარია არ გავიფუჭოთ მოზარდთან ურთიერთობა მრავალი წლის განმავლობაში.

 

დაბოლოს, ნუ დავივიწყებთ, რომ „დიდობის გრძნობა“ გარდატეხის ასაკის ძალიან მნიშვნელოვანი წარმონაქმნია, რომლის მხარდაჭერა ყოველმხრივ მიზანშეწონილია, ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ ვებრძოლოთ მოზარდის ამ გრძნობას, შევეცადოთ მხარი დავუჭიროთ მას. მოზარდთან ისეთი ურთიერთობა, რომელიც განამტკიცებს „დიდობის გრძნობას“ და ჩამოაყალიბებს ნდობით განმსჭვალულ დამოკიდებულებას, მთელი ხელოვნებაა. ამ ხელოვნების დაუფლება კი, სურვილის შემთხვევაში, ყველას შეუძლია.

 

 

 აფხაზეთი ქართულ პრესაში

0

სულ უფრო თვალსაჩინოა, რომ სოციალურ ქსელებში აფხაზეთზე საუბარი გააქტიურდა. ლაპარაკობენ, წერენ, მსჯელობენ, კამათობენ განურჩევლად ასაკისა და პროფესიისა. მოჰყავთ მეცნიერული თვალსაზრისები; ისეც ხდება, რომ ზოგჯერ განგებ და ზოგჯერ უნებლიეთ ამახინჯებენ ფაქტებს; ჩხუბობენ, ოღონდ ხშირად უსაგნოდ და მთავარი თემისგან გადახვევით… მაგრამ ალბათ ყველას (უსახელო ტროლ-ბოტების გარდა) მაინც საერთო ძალა ამოძრავებს – გულწრფელი სიყვარული და მონატრება აფხაზეთისა. ძალა, რომელიც უკვე 30 წელია ვერც საქმედ ვაქციეთ, ვერც ნაყოფიერ სიტყვად, არამედ ჯერჯერობით მხოლოდ გვსრესს და დროში გაწელილი სევდის ჭავლში გვხვევს…

ძალა, რომელსაც, აღმართის ასახნავად, უპირველეს ყოვლისა, ცოდნა სჭირდება. ისტორიის, თემის, არსის ცოდნა და პირუთვნელი გააზრება. ხოლო ყველა საქმე თუ წამოწყება, რომელიც ამ ცოდნის შესაძენისკენ/გახსნისკენაა მიმართული, საზოგადოების მხრიდან ინტერესს და ყურადღებას იმსახურებს. მით უფრო საშურია ეს საქმე მომავალი თაობებისთვის, ვინც დროთა განმავლობაში კარგავს ემოციურ კავშირს აფხაზეთთან და ყოველგვარი მეტაფორის გარეშე – მართლაც ახალი/სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყოს ურთიერთობა აფხაზებთან.

„აფხაზეთი ქართულ პრესაში“ – ასე ჰქვია ვრცელ კრებულს, რომელიც მკითხველის წინაშე სულ ცოტა ხნის წინ წარადგინეს შემდგენელ-გამომცემლებმა და რომელიც ზუსტად ამ მიზნებს ისახავს – აფხაზეთის შესახებ ცოდნის დაგროვებას, მის გაცნობა/შემეცნებას, უტყუარ წყაროებში დადასტურებული ისტორიის გააზრებას.

კრებულში თავმოყრილია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში (1866-1899) ქართული პერიოდული გამოცემების ძირითადი მასალები აფხაზეთთან დაკავშირებით („დროება“, „ივერია“, „ცნობის ფურცელი“, „კვალი“, „მწყემსი“, „აკაკის თვიური კრებული“). ეს არის გაზეთები და გამოცემები, რომლებიც იმდროინდელ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებას ასახავდნენ; თანამედროვე ტერმინით რომ ვთქვათ – ეს იყო იმდროინდელი კრიტიკული მედია, სანდოობის მაღალი ხარისხით და სანიმუშო პროფესიონალიზმით.

ამ მნიშვნელოვანი საქმის მოთავე და კრებულის შემდგენელ-რედაქტორი ანა ბაქანიძეა. წიგნი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს აფხაზეთის მეცნიერთა პროგრამის ფარგლებში დაიბეჭდა.

1866-1899 წლები ის უმძიმესი პერიოდია, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიას მოჰყვა. აფხაზეთის სამთავრო გაუქმდა 1864 წელს, რის შემდეგაც გააქტიურდა რუსული კოლონიზატორული პოლიტიკა: აფხაზეთის სამთავრო სოხუმის ოკრუგად გადაიქცა, მოხდა ორი აჯანყება, დაიწყო თურქეთში მუჰაჯირობის მტკივნეული პროცესი. ანა ბაქანიძემ კრებულს აფხაზი მწერლის – მიხეილ ლაკერბაის ციტატა წარუმძღვარა: „თუ თავის დროზე მეფის რუსეთს დამსახურებულად უწოდებდნენ „ხალხთა უზარმაზარ საპყრობილეს“, ამ საპყრობილეში ტანჯვის ყველაზე უფრო მკაცრი საკანი აფხაზეთი იყო“. ამ სიტყვებში ეპოქის ტრაგიკული სულია აღბეჭდილი, რაც კრებულის შინაარსსაც მსჭვალავს. ამ ტრაგიზმის შუქზე იკითხება თითქმის ყველა სტატია, რეცენზია თუ ესეი. თემები მრავალფეროვანია: პოლიტიკა, კულტურა, განათლება, ეთნოგრაფია, ინფრასტრუქტურა, ვაჭრობა და ა.შ.

სტატიების ავტორები არიან როგორც იმ დროისთვის ცნობილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები (თედო სახოკია, აკაკი წერეთელი, გიორგი შარვაშიძე, პეტრე ჭარაია), ასევე უცნობი ავტორები. აფხაზეთის თემაზე აქტიურად წერდა ჟურნალისტი და პედაგოგი სერგეი მესხი.

600-გვერდიანი კრებულისთვის თვალის ზერელე გადავლებითაც იგრძნობს მკითხველი, რომ საქმე მხოლოდ აკადემიურ პუბლიცისტურ ტექსტებთან არ აქვს. ეს წერილები თვალმოუწყვეტლად იკითხება, მთლიანობაში კი კრებული ერთი გრძელი და დრამატული რომანის შთაბეჭდილებას ტოვებს. შემდგენელ-რედაქტორმა მართლაც დიდი შრომა გასწია მათი კვლევისა და თავმოყრისათვის.

„აბხაზეთი და საზოგადოთ მთელი ეს კავკასიის ნაპირი შავის ზღვისა ერთი მშვენიერთაგანი და უმდიდრესთაგანი კუნჭულია დედა-მიწისა. უხვ ბუნებას დაუზოგავად მოუფენია აქ თავის ყოველგვარი სიმდიდრე: თვალგადუწვდენელი საბალახე ადგილები, მთები ტყით მოფენილნი, მინდვრები, რომელზედაც პური, სიმინდი, ღომი, თამბაქო, მშვენიერი ღვინო და თვით ჩაის მცენარეც კი ხარობს… მაგრამ რამდენადაც ეს ბუნება ბედნიერი და მდიდარია, იმდენად ხალხი, რომელიც აქ ესახლა, ძველადგანვე იყო უბედური და ღარიბი“. 1878 წლით დათარიღებული სტატიის ეს ფრაგმენტი მწვავე არგუმენტია, რომელსაც იმდროინდელ საზოგადო მოღვაწეთაგან განათლებისთვის, სოციალური განვითარებისთვის მუხლჩაუხრელი შრომა და ბრძოლა დაუპირისპირდა. ეს რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო პროცესი პრესაშიც თვალსაჩინოდ აისახა.

თქვენ წინაშე საუკუნე-ნახევრის წინანდელი ისტორია იშლება, „თვითმხილველთა“ მიერ მონათხრობი, არა მშრალად და უემოციოდ, არამედ მკაფიო ლიტერატურული ვნებით. მიჰყვებით ქრონოლოგიური სიზუსტით დალაგებულ ამ წერილებს და თქვენს თვალწინ იფურცლება წლები – სავსე ადამიანური და ეროვნული ტკივილებით, ბრძოლებით, მარცხითა და გამარჯვებებით. გესმით აფხაზეთის სხვადასხვა კუთხიდან „პირდაპირ რეჟიმში ჩართულ“ ავტორთა ხმები – ისინი საუბრობენ პრობლემებზე, ყოფით თუ საქვეყნო გასაჭირზე, ლოკალურ თუ გლობალურ გამოწვევებზე; ისინი ჰყვებიან ამბებს პორტიდან და უკიდურესი მთიანეთიდან, აკეთებენ რეპორტაჟებს ზღვისპირეთიდან, ნამდვილი მხატვრებივით ქმნიან ვრცელ პანოებს, სადაც მთის თუ ქალაქის ყოფაა ასახული. ამ 30-წლიან ისტორიაში თქვენს თვალწინ შენდება ახალი გზები და შენობები, სალოცავები და სკოლები, ჩამოდიან სტუმრები, საომრად იძაბება სიტუაცია, თვალს მოვკრავთ დევნილებსაც, ელვის სისწრაფით ცვლიან ერთმანეთს რუსი მოხელეები თუ ეგზარქოსები, მათ შორის მარგალიტებივით გაიელვებენ ნამდვილი სასულიერო პირები, ნამდვილი მოძღვრები, მაგალითად – ეპისკოპოსი გაბრიელი…

მთელი კრებულის შინაარსის ერთ წერილში ჩატევა წარმოუდგენელია, მხოლოდ ჭაშნიკად გამოვყოთ რამდენიმე წერილი: გაზეთ „დროების“ 1872 წლის ნომერში ვრცელი სტატია ეძღვნება ორ აფხაზურ ტრადიციას (რომელსაც ზნეობით კანონს უწოდებს ავტორი) – გაძიძავებისა და მინდობის. საერთოდ, აფხაზეთში შემორჩენილ წეს-ჩვეულებებს დიდი ყურადღება ეთმობა პრესაში. რამდენ საინტერესო ამბავს შეიტყობთ, რამდენ აქამდე უცნობ ადათსა თუ ტრადიციას ამოიკითხავთ! მაგალითად, „ჟინის-ხვამა“, რომელიც კორესპონდენტმა სამურზაყანოს სოფელ ჯიბურ-ხინჯში აღმოაჩინა – მეხის (ჰაერის) ღვთაებისადმი აღვლენილი რიტუალი.

ბევრს და ხშირად წერენ ინფრასტრუქტურაზე, ვაჭრობაზე. ყურადღებას ამახვილებენ რკინიგზის და გზების გაყვანაზე.

შეგხვდებათ სტატიები აფხაზეთის კლიმატზე, ლანდშაფტსა და რელიეფზე. იქაური მზისა და ზღვის შეჯერებით ექიმებს სოხუმისთვის ნიცაც კი დაურქმევიათ, თუმცა არცთუ ისე იშვიათი ყოფილა შემთხვევები, როცა სწორედ ამ ჰავას გამოუწვევია ტუბერკულოზის აფეთქება მოსახლეობაში, გავრცელებულა ინფექციები და ა.შ. ამას ექიმებში დიდი და „მელნის მღვრელი“ ბრძოლა მოჰყოლია, ზოგი მაინც ჯიუტად ეპატიჟებოდა ფილტვებით დაავადებულებს სოხუმში, ზოგიც კი მკურნალობის ამ ვერსიას გააფთრებით ეწინააღმდეგებოდა. ამ ხელჩართულ დისკუსიაში კი, რომელსაც კორესპონდენტიც აშკარა სიხალისით აღწერს, უცებ ასეთი ფრაზა გაიელვებს:

„სოხუმში ჯერ ვარდები ისევ ყვავიან. ზოგიერთ ქუჩებში ისე სახლს ვერ ნახავ, რომ ღობესთან არ უდგეს რამდენიმე ხის სიმაღლე ვარდის ბუჩქები“…

საუკუნის მიწურულს, 1890-იან წლებში, პრესაში პოზიტიური სულისკვეთება მატულობს: გაცილებით მეტს წერენ ცალკეულ მიღწევებზე, ლოკალურ წარმატებებზე, ქალაქსა და სოფელში გააქტიურებულ ცხოვრებაზე, სწავლისა და შრომის წყურვილზე. იშვიათად, მაგრამ მაინც შენდება სკოლები, ბიბლიოთეკები, დასასვენებელი პარკებიც კი ჩნდება, ევროპულ ნიცად წოდებული სოხუმი მართლაც წალკოტს ემსგავსება. და ისევ კორესპონდენტის ხმა: „თუმცა ჩვენი ქალაქი თავისთავად ედემს წარმოადგენს, მაგრამ ჩვენ, სოხუმელი ქართველობა (სოხუმი თითქმის ქართველებითაა დასახლებული), ვერა ვართ კარგნი გამრჯენი და მუყაითნი საზოგადო საქმეებში. თუმცა თითოეული ჩვენგანი დილიდგან საღამომდის ფუსფუსებს, დარბის, ჰშრომობს და აკეთებს რაცხას, მაგრამ ეს „რაცხა“ სულ საპირადოა და არა საზოგადო. ჩვენი შრომა და ჯაფა მიმართულია პირად სარგებლობისკენ, რის გამოც, აქაური ქართველობა, ცოტად თუ ბევრად, ქონებრივად წელში გამართულია, მოღონიერებულია“.

ამ „რაცხას“ კეთება, როგორც ჩანს, ჩვენი ეთნოფსიქოლოგიის ნაწილია, ოღონდ ეს ისეთი ღრმად საფიქრალი და საკვლევი თემაა, რომ ამ წერილში ამგვარ აღმართს ვერ შევეჭიდებით. თხრობაც აქ დავასრულოთ, ამ ორაზროვან ბგერაზე, როგორც ბედისწერის ნიშნულზე, საიდანაც ყველაზე მკაფიოდ ჩანს ჩვენი ეროვნული ცოდვა-მადლი, ჩვენი ხასიათი, ტალანტიც და სასჯელიც.

ამგვარ საჩინო წყაროთა სიმრავლე ისტორიის არამხოლოდ წაკითხვაში, არამედ მასთან ერთად თანაცხოვრებაში გვეხმარება. „აფხაზეთი ქართულ პრესაში“ ამ წყაროდ იქცა და ალბათ ბევრსაც დააინტერესებს, თუ სად შეიძლება, მოიძიოს კრებული. როგორც წიგნის წარდგენისას გვითხრეს, დაბეჭდვით მხოლოდ რამდენიმე სასაჩუქრე ეგზემპლარი დაიბეჭდა, ელექტრონული ვერსია კი ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ გვერდზე დევს. დღესდღეობით, ინტერნეტ-პლატფორმა ყველასთვის ხელმისაწვდომია.

მთავარია, ინტერესმა იარსებოს. ინტერესმა და ძალამ, რომელსაც წარსულის აწმყოდ, მომავლის კი სიყვარულად ქცევა შეუძლია.

 

 

ადამიანები არქივიდან

0

„ვერბლუდი“

მენახირეს „ვერბლუდს“ ეძახიან სოფელში, ლაპარაკის დროს დორბლებს რომ ისვრის იმის გამო. სახლი დაეწვათ და ლოთ მოგვარესთან არიან მიკედლებული ის და დედამისი. გოგო მოსწონდა დიდი ქალაქიდან, ისიც ერთობოდა. როცა ამან ცოლობა სთხოვა, გოგონამ უთხრა ცოლად როგორ გამოგყვე, წერა-კითხვა არ იციო… „ვერბლუდმაც“ ბებერ მსხალზე ჩამოიკიდა ბაწრით თავი, ბეწვზე მიუსწრეს..

ამბობს, რომ ნანობს, რაც გააკეთა… თუმცა ის შედეგი ახარებს მისმა თოკზე ჩამოკიდებამ რომ მოუტანა. დედამისი მყვირალა ქალი ვეღარ დაჰყვირის შეშა დაჭერი და წყალი მოზიდეო… სალოცავივით უვლის გარშემო.

ვეღარც შემფარებელი ელაპარაკება აგდებით, შემოკედლებული ხარო… იმასაც ეშინია „ვერბლუდმა“ ისევ არ ჩამოიკიდოს, თავი საბაბი თვითონ არ გახდეს. „ვერბლუდი“ საქონელსაც აღარ უვლის, ხალხიც ვერ ეუბნება ვერაფერს, მათაც ეშინიათ.

წაბლისფერთმიანი, ჭრიანტელთვალება ლამაზი კაცი იყო. სოფელ ბზაში ქალის წამოსაყვანად მისულმა იქაურებთან იჩხუბა. დინამიტი ესროლა მოწინააღმდეგეებს და თავადვე მოიწყვიტა ხელი. მკლავმოწყვეტილმა წამოიყვანა ქალი. უმკლავობა ხელს არ უშლიდა კარგი მიწის მუშა ყოფილიყო. ცელს მკლავის მონარჩენზე იბამდა და ისე თიბავდა. თუ ვინმე გაანაწყენებდა და ვერ მოერეოდა, ცალმკლავა მაწყეინებლის ცხენს ან ძროხას ფეხის ძარღვს უჭრიდა და კლდიდან სჩეხდა. ერთხელაც ისეთმა აწყენინა, რომელსაც არაფერი ჰყავდა გადასაჩეხი… ცალმკლავამაც იმის დასანახავად თივის ღვარეულში დაწვა ცოლთან, რომელსაც მისთვის საჭმელი მოეტანა სათიბში… მის მტერს ცოლი გაჰქცეოდა მეზობელ სოფელში ფერმის ბრიგადირთან, ცალმკლავამაც აყურებინა მტერს, თუ როგორ ეალერსებოდა ცოლს, რომელიც არსად არ იყო გამქცევი… ეგ იყო მისი შურისძიება…

მათი სოფლის სასაფლაო ქვიან გორაზე იყო, საფლავს ვერ ამოთხრიდი ბარითა და წერაქვით. ცამკლავა აფეთქებდა ხოლმე  სიხარულით. ის ხომ ნახევარ სოფელთან იყო დამდურებული, სიკვდილი კი საუკეთესო საშუალებაა ჯავრის ამოყრის. ამან შეიწირა კიდეც, სიპი კლდის ანატეხი მოხვდა შუბლში.

ომისხანი ერქვა, ომიანობის დროს გაჩნდა და ამიტომ დაარქვეს. ის და მისი ძმა ობლები იყვნენ და მშივრები. მისი თანასოფლელები ნახშირს ამზადებდნენ და მეზობელ დაბაში მოაგარაკეებზე ჰყიდდნენ. ომისხნასა და მის ძმას მძიმე მორების თრევა არ შეეძლოთ. ამიტომაც ობოლმა ბიჭმა მღვდლის მიტოვებულ სახლს მოუკიდა ცეცხლი, ასე მას ნახშირი ექნებოდა პურზე გადასაცვლელად. როცა ალი მოედო სახლს, შეეშინდა, ცეცხლის ჩაქრობა სცადა, შიგ ჩავარდა. გადარჩა კია, მაგრამ ერთი ფეხი სამუდამოდ დაუმოკლდა.

კარგად ხატავდა. შეეძლო ნახშირით აალებული სახლი დაეხატა. ბოლოს თავისსავე სოფლის სკოლაში ხაზვის მასწავლებელი გახდა. არ უყვარდა ეგ საქმე. ბავშვებიც სიარულში აჯავრებდნენ და მწარედ დასცინოდნენ.

მას უპატრონო ძაღლივით უყვარდა ქელეხები და ორმოცები. უზომოდ სჭამდა ნამლევა კოჭლი კაცი. თუმცა საიმისო აღარაფერი სჭირდა, მონარჩენ საჭმელს გაცვეთილი პიჯაკის დიდ ჯიბეებში ილაგებდა. სახლში მომავალს ჯიბიდან ჩამოსდიოდა ხორცის წვენი.

 

 

კითხვები, რომლებიც ყველა მასწავლებელმა უნდა დასვას ხელოვნური ინტელექტის შესახებ

0

ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უფრო და უფრო ჩვეულებრივი ამბავი ხდება. ათობით ჩემი ნაცნობი და მეგობარი იყენებს ყოველდღიური ამოცანების შესასრულებლად ჩატბოტ ChatGPT-ს, რომელიც, ალბათ, ამ დროისთვის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ხელოვნური ინტელექტის პლატფორმაა. ხელოვნურ ინტელექტს პროფესიული წრეები წლებია იყენებენ სხვადასხვა მიზნით, მაგრამ მისი საყოველთაო მოხმარება მენიუს შესადგენად, ვარჯიშის დასაგეგმავად, მარკეტინგული ტექსტებისა თუ ესეების დასაწერად შედარებით ახალი ამბავია. დროსთან ერთად ხელოვნური ინტელექტის პლატფორმები, ალბათ, მხოლოდ მოიმატებს, მათი გამოყენება კი უფრო და უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს. ამიტომ ჯობია, მზად ვიყოთ იმისთვის, რაც გარდაუვალია.

 

საგანმანათლებლო საკითხებზე მომუშავე არაერთი პლატფორმა მსჯელობს იმაზე, რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ, რათა მომზადებულები შეხვდნენ ახალ გამოწვევებს.

 

„რამდენიმე კვირაში დაიწყება ახალი სასწავლო წელი და ხელოვნური ინტელექტი შეცვლის სასწავლო გარემოში თამაშის წესებს. მასწავლებლებს მოუწევთ, იყვნენ მზად და იცოდნენ, როგორ იყენებენ სტუდენტები და მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებს, როგორ გადააწყონ სასწავლო კურსები ახალი გამოწვევების შესაბამისად, როგორ იყენებენ ახალგაზრდები ჩეტბოტებს დავალებების შესასრულებლად და როგორია იმ ინსტიტუტების პოლიტიკა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით, რომლებსაც წარმოადგენენ“, – წერს ენდრიუ მეინარდი, მეცნიერი, ავტორი, მოწინავე ტექნოლოგიებზე გადასვლის სპეციალისტი და არიზონის უნივერსიტეტის პროფესორი.

 

ის ჩამოთვლის კითხვებს, რომლებიც ყველა მასწავლებელმა და პროფესორმა უნდა დასვას ხელოვნური ინტელექტის შესახებ:

 

  • სად ვიპოვო საბაზისო ინფორმაცია ChatGPT-სა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ და რა გავლენა შეიძლება მოახდინონ მათ სასწავლო პროცესზე?
  • სად ვიპოვო მუდმივად განახლებადი ინფორმაცია იმის შესახებ, რა მიდგომა და პოლიტიკა აქვს ჩემს სკოლას/უნივერსიტეტს/კოლეჯს ხელოვნური ინტელექტის გავლენებისა და შესაძლებლობების მიმართ?
  • რა საკითხები შევიტანო ჩემს სასწავლო გეგმაში/სილაბუსში ხელოვნური ინტელექტის შესახებ და როგორ განვსაზღვრო ჩემი სტუდენტებისთვის/მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენების წესები?
  • სწორი იქნება, თუ სწავლებაში ხელოვნურ ინტელექტს არ გამოვიყენებ და არ მივცემ სტუდენტებს უფლებას, ის სასწავლო მიზნებისთვის მოიხმარონ?
  • მაქვს თუ არა სათანადო აკადემიური და ინტელექტუალური თავისუფლება, რათა თავად განვსაზღვრო, რა დონით გამოვიყენებ ხელოვნურ ინტელექტს სწავლებისას?
  • როგორ მოვემზადო სწავლებისთვის იმ გარემოში, სადაც სტუდენტების/მოსწავლეების უმეტესობა უკვე იყენებს ხელოვნურ ინტელექტს?
  • როგორ მოვიქცე, თუ ვეჭვობ, რომ ჩემი სტუდენტები დავალებების შესასრულებლად ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ და ეს თავის მოტყუებად მიმაჩნია?
  • უნდა გამოვიყენო თუ არა დავალებების შემოწმებისას ხელოვნური ინტელექტის დეტექტორები? და თუ კი, როგორ გავაკეთო ეს ისე, რომ ამან დადებითი შედეგი გამოიღოს?
  • სწორი იქნება, თუ სტუდენტები/მოსწავლეები ხელოვნურ ინტელექტს საკლასო ოთახში გამოიყენებენ? თუ კი, რა შეზღუდვები უნდა მოქმედებდეს?
  • შეიძლება თუ არა, ChatCPT სტუდენტებისთვის/მოსწავლეებისთვის უკუკავშირის მისაცემად გამოვიყენო? თუ ასე მოვიქცევი, ვუთხრა მათ, რომ ეს ხელოვნურმა ინტელექტმა გააკეთა?
  • ჩემი საგნისთვის მნიშვნელოვანია დავალებები, რომლებიც წერითი უნარების გაუმჯობესებას და დემონსტრირებას ემსახურება – როგორ მოვიქცე?
  • როგორ შევცვალო სასწავლო გეგმა ისე, რომ მიზანს მივაღწიო, მაშინ როდესაც უფრო და უფრო მეტი მოსწავლე/სტუდენტი იყენებს წერითი დავალებებისთვის ხელოვნურ ინტელექტს?
  • შესაძლებელია ხელოვნური ინტელექტის აქტიური გამოყენება ჩემს საგანში?
  • როგორ ვასწავლო ჩემს სტუდენტებს/მოსწავლეებს ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა დონის გონივრულად გამოყენება, რაც მათ აუცილებლად დასჭირდებათ მომავალში წარმატებისთვის?

 

ქართულ ენაზე, ქართველი მასწავლებლებისთვის ამ კითხვებზე პასუხები არ არსებობს. ჯერჯერობით არც ChatGPT ფლობს ქართულ ენას, თუმცა საქართველოს შესახებ ცნობები აქვს და რამდენიმე კითხვასაც სცემს პასუხს. როცა ამ ჩატბოტს რაღაცას ეკითხები, ხაზგასმით გაფრთხილებს, რომ ის მხოლოდ ინფორმაციას ფლობს და არც მოსაზრება გააჩნია რაიმე საკითხზე, არც დამოკიდებულება, არც ინტერპრეტაციის უნარი შესწევს. კითხვებზე ძირითადად ვრცლად, მაგრამ მკაფიოდ პასუხობს იმ დათქმით, რომ მისი პასუხები არ უნდა განზოგადდეს და თუ რაიმე საკითხზე მეტის გაგება გვინდა, უმჯობესია, ინფორმაცია თავად მოვიძიოთ.

მას ვკითხეთ, მიიჩნევს თუ არა საკუთარ თავს საფრთხედ სასწავლო პროცესისთვის. ის ამბობს, რომ არც მასწავლებლებისთვის და არც მოსწავლეებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ მისი გამოყენებისას ყველას უნდა ახსოვდეს, რომ:

 

  • მნიშვნელოვანია, გადამოწმდეს ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც ხელოვნური ინტელექტისგან მიიღებენ.
  • ხელოვნური ინტელექტი შეიძლება იყოს დამხმარე ინსტრუმენტი სწავლებისთვის, მაგრამ არა მთავარი აქტორი.
  • არ უნდა დავივიწყოთ, რომ ყველაფერი, რასაც ჩატბოტები ამბობენ, ხელოვნური ინტელექტის პროდუქტია და არა ადამიანის ნააზრევი. ეს „არსებები“ უბრალოდ აერთიანებენ, ახარისხებენ და გასცემენ იმ ინფორმაციას, რაც მათ დაასწავლეს.
  • ჩატბოტების გამოყენება კრიტიკული მიდგომის გარეშე სასურველი არ არის. მასწავლებლებს შეუძლიათ, სტუდენტები/მოსწავლეები ავარჯიშონ ხელოვნური ინტელექტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის წყაროების დადგენაში, ვერიფიკაციასა და ანალიზში.
  • ჩატბოტების გამოყენება ენობრივი უნარების გასაუმჯობესებლად შესაძლებელი და რეკომენდებულია – მას შეუძლია შეცდომების გასწორება და გრამატიკის წესების ახსნა.

მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ  შემიძლია ვიყო დამხმარე ინსტრუმენტი მასწავლებლებისა და პროფესორებისთვის, აუცილებელია ჩემი გამოყენება გააზრებულად და პასუხისმგებლობით, ტრადიციული სწავლების მეთოდებსა და კრიტიკული აზროვნების პრაქტიკასთან ერთად“, – ესეც ChatGPT-ს პასუხია.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...